მეორე ტური (2020)
ხმა
მარიამ გურგენიშვილი 55
ბიოგრაფია


ჩემი სახელია მარიამი, როგორც ოთხმოცდაათიანებში დაბადებული ყოველი მეორე გოგოსი. ოთხმოცდაათიანებში დაბადებული ყოველი მეორე გოგოსავით, მეც ვწერდი „სიყვარულის დღიურებს“ სკოლაში და კიდევ რომანებს რვა წლიდან, რომლებიც ნაწილობრივ კოლუმბიური სერიალების სასიყვარულო სამკუთხედებით გახლდათ შთაგონებული, ნაწილობრივ - ჰანს კრისტიან ანდერსენის ზღაპრებით. მერე, ჯონ სმიტებზე და ბრიჯეტ უატსონებზე დავიწყე წერა, რომლებიც დაშაქრულ ანანასს და ჯინტონიკს შეექცეოდნენ და ერთმანეთს „ძვირფასოს“ და „საყვარელოს“ ეძახდნენ, რაც მე ასე ძალიან მაკვირვებდა და აღმაფრთოვანებდა. მერე, მეც წავედი 17 წლის ასაკში ამერიკაში სასწავლებლად, გავიცანი კიდეც სმიტები და უატსონები ასე ძალიან რომ მაინტერესებდა ყოველთვის, მეც მეძახდნენ „საყვარელოს“ და „ძვირფასოს“, მაგრამ ახლა რომ ვუკვირდები, ყველაზე ღრმა შთაბეჭდილება ჩემზე მაინც იმ ადამიანებმა დატოვეს, რომლებთან ერთადაც გავიზარდე და რომლებმაც გამზარდეს. ბოლოს მივხვდი, რომ ზუსტად ამ ადამიანებზე, მათ სახასიათო ქცევებზე და გულში ღრმადფესვგამდგარ რწმენა-ტრადიციებზე უნდა დამეწერა, კიდევ იმ გოგოებზე ჩემს ირგვლივ, რომლებსაც ოჯახმა, სამეზობლომ, თუ სანათესაომ, ხმა და ოცნებები დღითიდღე წაართვა და ბოლოს ლამაზ ნივთებად აქცია,და კიდევ იმ გოგოებზე, რომელთა ხმებიც გარშემო მთებსაც ფოთლებივით არხევდა და არხევს, და იმაზე, რომ ყველას შეგვიძლია გავხდეთ ასეთი გოგოები, თუკი მოვინდომებთ.



აქამდე ჩემს ნაწერებს მხოლოდ ჩემი საწერი მაგიდის დამტვერილი უჯრები ინახავდნენ, ახლა გავიზარდე და მივხვდი, დროა, მეც ხმა ამოვიღო.

სინოპსისი


ამ რომანის წერა ალბათ მაინც დედაჩემის მოყოლილმა ისტორიებმა გადამაწყვეტინა ოთხმოცდაათიან წლებზე. თან თითქოს ცოტა არ მჯეროდა კიდეც, რადგან ჩვენს ოჯახში ყველა გოგოს მდიდარი ფანტაზია გვაქვს და ამბების გაზვიადება ვიცით, მაგრამ, ასეა თუ ისე, ქალის მოტაცებებისა და გარიგებით ქორწინების ამბები რომ მართალია და რეგულარულად ხდებოდა, თუნდაც ჩემი ოჯახის, სამეზობლოს და სანათესაოს შემხედვარემაც შემიძლია,თავისუფლად დავასკვნა, სადაც თითქმის ყველა ქალი ან მოიტაცეს ან მშობლებმა გაათხოვეს. რომანიც სწორედ ამ ნავთის ლამპებით განათებულ და მაინც ბნელ დროზეა, სადაც ბევრი გოგოს ბედი ისე გადაწყდა, ნავთის ლამპაზე მეტი არჩევანი და ხმა არც მათ ჰქონიათ. ამიტომ გადავწყვიტე დამერქვა ამ ნაწარმოებისთვის „ხმა“, რადგან ხმის დიდ ძალას და მნიშვნელობას ჯერ კიდევ ბავშვობაში მივხვდი ზღაპრებიდან. აი, მაგალითად, როგორი დამღუპველი შეიძლება ყოფილიყო სირინოზების ხმა მეზღვაურებისთვის და რამხელა ძალაუფლებას აძლევდათ თავად სირინოზებს ეს ხმა, კიდევ როგორ რიგრიგობით ერთმეოდათ ხმები ლამაზ პრინცესებს სხვადასხვა ზღაპრებში და როგორ თავად მეზღაპრეებსაც კი ამაზე მძიმე სატანჯველი ვერ მოეგონებინათ მათთვის.  ყველაზე მეტად ალბათ მაინც ის მაბრაზებდა, პატარა ქალთევზამ ბიჭის გამო საკუთარი ნებით რომ დათმო თავისი ხმა და დღემდე ვდარდობ, რამდენი გოგო აკეთებდა იმავეს ამ ზღაპრის დაწერის დროს, ახლაც და ამ ეპოქებს შორისაც.




რომანი „ხმა“ ორ სკოლის მოსწავლე დაზე და მათ ბიძაშვილზეა, რომლებსაც, სხვა დანარჩენი გოგოებივით, უნდათ ლამაზები იყვნენ, ცოტ-ცოტა ბიჭებსაც მოსწონდნენ და თან ცოტ-ცოტა სხვა ოცნებებიც აუსრულდეთ. აქედან ერთი გარემო ფაქტორებიდან გამომდინარე კარგავს ხმას, მეორე საკუთარი ნებით თმობს, და მესამე ყველაფერს დათმობს, მაგის გარდა.




ნაწარმოებში,სკოლის მოსწავლე გოგოების წვრილ-წვრილი დრამებისა და ოცნებების გარდა, ასახულია ქართული ტრადიციები და ხასიათი, აგრეთვე, ზემოხსენებული მახინჯი ინსტიტუტები, როგორიცაა მოტაცება და გარიგება, საკმაოდ ჩვეულებრივ ამბად რომ მიაჩნდათ მაშინ, და კიდევ ქართული ოჯახები, რომლებშიც ბევრმა შეიძლება საკუთარი მეზობლები, ნათესავები ან თუნდაც ოჯახის წევრები ამოიცნონ.

55
FB კომენტარები
გააკეთეთ კომენტარი