პირველი ტური (2020)
სიყვარულის სუსპენზია
ხატია თელიაშვილი 2214

ბიოგრაფია

საკუთარ თავზე არ მიყვარს საუბარი, თუმცა ვეცდები მოკლედ მიმოვიხილო ჩემი ბიოგრაფიის ძირითადი საკითხები.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ ცხრამეტი წლის ვარ, ვფიქრობ, მაინც საკმაოდ მრავალფეროვანი სიუჟეტებით გაჟღენთილ წლებს ითვლის იგივე ცხრამეტი წელი. დავიბადე ქ. ვალეში (ახალციხესთან ახლოს), მესხების ოჯახში. უბედური შემთხვევის გამო, სამწუხაროდ, ადრეულ ასაკში დავკარგე დედა, ვიზრდებოდი ბებიასთან, მამასთან მამიდასთან და ჩემს უფროს დასთან. ასაკისდა პროპორციულად შემიყვანეს ქ. ვალის N1 საჯარო სკოლაში, რომელიც თორმეტი წლის შემდეგ დავამთავრე ოქროს მედალზე. გარდა სასკოლო ცხოვრებისა, აქტიურად ვიყავი ჩართული კლასგარეშე ღონისძიებებში, მაგალითად, ფრიადზე დავამთავრე მუსიკალური სკოლის ექვსწლედი, ვმღეროდი გუნდში, შევისწავლე ქართულ-ხალხურ საკრავებზე დაკვრა, უმეტესწილად, ფანდურზე, შვიდი წელი ვცეკვავდი ქართულ ნაციონალურ ცეკვებს და საგასტროლე მოგზაურობით მოვინახულე ევროპის რვა ქვეყანა და დიდი ბრიტანეთი. ასევე ვცეკვავდი ლათინო-ამერიკულ ცეკვებს, თუმცა ეს ჰობის დონეზე ან ცოტა უფრო ქვემოთ დარჩა.  გარდა ამისა, ვეწეოდი მოხალისეობრივ საქმიანობას არასამთავრობო ორგანიზაციების პატრონაჟით, არაერთი საკონფერენციო თემის კონკურსის მონაწილე და საპრიზო ადგილის მფლობელმა ბავშვობიდანვე შევიყვარე წერა. ზოგადად, ხელოვნება ჩემში იმდენად შემოიხიზნა, რომ შეუძლებელი იყო მისი ამოსუნთქვა. ვწერდი პირადი ესთეტიკისთვის, ჩემთვის წერა ყველაზე უფრო სასიამოვნო ექსპრესიის გზაა. ამ მიზნით, ჩავერთე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ორგანიზებით გამართულ არაერთ პროზაულ/პოეზიურ კონკურსში, სადაც მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწიე. სკოლის დამთავრების შემდეგ ჯერი უნივერსიტეტზე მიდგა. ყველას ეგონა, რომ ჰუმანიტარული კუთხით წავიდოდი ჩემი მისწრაფებებიდან გამომდინარე, ეროვნულ გამოცდებზე აღებულმა ქართული ენისა და ლიტერატურის ქულამ (76) მეც დამაფიქრა ზემოხსენებულზე, თუმცა ბედის სასწორი სხვა მხარეს გადაიხარა. 2018 წელს ას პროცენტიანი დაფინანსებით ჩავირიცხე სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმია-ბიოქიმიის ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე. არაჩვეულებრივი სტუდენტური ცხოვრების, მაღალი აკადემიური მოსწრებისა და კარგი გარემოს მიუხედავად, ბედმა მაინც იქით გადამტყორცნა, საითკენაც ალბათ თავიდანვე უნდა ამეღო გეზი. მივხვდი, რომ ქიმია ვერ შევიყვარე, ან ქიმიამ ვერ შემიყვარა და შემოდგომის სემესტრის დახურვისთანავე მობილობით გადავედი ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში, ჰუმანიტარული მეცნიერებების ფაკულტეტზე. ახლა ბევრად უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს, კარგია, როცა გსიამოვნებს იმის კეთება, რაც შენს მომავალ პროფესიად უნდა ფორმირდეს მომავალში. ცხრამეტი წლის ექსკურსს კიდევ მრავალი წელი დაეშენება და ვიქნები ასმაგად ბედნიერი თუ ხალხი გაიცნობს იმას, რაც ჩემი სულის ამოძახილია.

  • ჩემი ჩანახატი გამოქვეყნდა სტუდენტურ კრებულში ‘’დებიუტი’’
  • რამდენიმე ლექსი დაბეჭდილია ახალციხის მერიის მიერ გამოცემულ კრებულში, სახელწოდებით- ‘’ნორჩი პოეტები’’.

სინოპსისი

სიყვარული ბედნიერების ჰიპოსტაზია უსამართლო ქვეყნიერებაში, ამ იდეით შთაგონებული ნიკო და ელი ‘’სიყვარულის სუსპენზიაში’’ იხიზნებიან. ნაწარმოები მოგვითხრობს ორი სრულიად განსხვავებული პერსონაჟის უცნაური სიყვარულის ისტორიაზე. რატომ უცნაური? აქ პერსონაჟები არ გვევლინებიან ცალკეული ადამიანების სახით, ისინი შეხიზნული არიან გაზაფხულისა და ზამთრის სახეებში და ყველა სხვა გარემოება, მათ შორის თავად პერსონაჟების ბუნებაც კი, ეწინააღმდეგება წყვილისეულ თანაარსებობას. აქ ვერ შეხვდებით დიდი რომანტიკით გაჟღენთილ ამბებს, აქ თითქოს ყველაფერი ისეც გადაწყვეტილია. ნაწარმოების მოტორს წარმოადგენს იდეა, რომ გაზაფხული და ზამთარი ერთად არასდროს დგება. გაზაფხულის სახე ტექსტში დახატულია მშვენიერი ელის სახით, ზამთრის სიგოროზე კი ნიკო ლეჟავას პროტოტიპშია შესახლებული. ტექსტში დახატული რეალობა, ყოველგვარი გამონაგონი ამბის გარეშე , გამოგზაურებთ თინეიჯერულ ცხოვრებაში, შეგახედებთ დღევანდელი ახალგაზრდობის რუტინაში, გაგრძნობინებთ ერთობ სიყვარულსაც და ტკივილსაც. მაგრამ როგორ მოხდება ეს ყველაფერი ორი ანტაგონისტური პერსონაჟის გუნებით? როგორ შეიძლება ამ ორმა წელიწადის დრომ, ნიკოსა და ელის სახით, ერთად იარსებოს? თუ ეძებთ თავგადასავლებს და გაინტერესებთ პასუხები ზემოხსენებულ კითხვებზე, უბრალოდ წაიკითხეთ ‘’სიყვარულის სუსპენზია’’.

2214
FB კომენტარები
გააკეთეთ კომენტარი