პირველი ტური (2019)
რექვიემი (სული ობოლი)
ლადო გელაური 3
ბიოგრაფია

მე გახლავართ ლადო გელაური, სამოცდაცხრა წლის. დავიბადე ქიზიყში,  გავიზარდე თბილისში. იმ კოშმარული ოთხმოცდაათიანი წლების შემდეგ ვცხოვრობ კატალონიაში. პროფესიით ინჟინერი ვარ, ვმუშაობდი სხვადასხვა სპეციალობაზე სხვადასხვა ქვეყანაში, რიგით მექანიკოსადაც და საპასუხისმგებლო თანამდებობაზეც. ვწერდი ჩემთვის, პატარპატარა მოთხრობებს, მაგრამ მხოლოდ ჩემთვის. არაფერი გამომიქვეყნებია და არც მცდელობა მქონია.


მონაწილეობას ვღებულობდი წრიულ საავტომობილო რბოლებში. დღესაც სისხლი მაწვება საფეთქლებში როცა სპორტული ავტომანქანის მძლავრი გულისცემა და მაყუჩის გამაყრუებელი ბრდღვინმა მესმის.


მიყვარს კარავით და ზურგჩანთით მოგზაურობა საყვარელ ადამიანებთან ერთად. აგრეთვე ჩემი მსუბუქი პლანშეტი, სადაც კლასიკოსი პოეტების ლექსები მაქვს ჩაწერილი.


მოხარული ვიქნები თუ ჩემი გმირის მოკლე ისტორია თქვენთვის საინტერესო იქნება.

სინოპსისი

მთავარი გმირი ერთი ჩვეულებრივი თბილისელი ბიჭია, მხიარული და ხალისიანი, მშრომელი, პერსპექტიული ინჟინერი. ოთხმოცდაათიანი წლების ქაოსმა მასაც მიაყენა ტკივილი, ფიზიკურიც და სულიერიც, როცა ადამიანებმა იარაღი აიღეს ხელში და უგუნური პოლიტიკანების ამბიციებს აყოლილებმა სამკვდრო-სასიცოცხლო ომი გააჩაღეს შუა ქალაქში, ტყვია დაუშინეს ერთმანეთს  მეზობლებმა, მაგობრებმა, ახლობლებმა... ისარგებლეს ქაოსით და სვავებივით დაეძგერნენ ქვეყნის მატერიალურ სიმდიდრეს,  გაანადგურეს, დაიტაცეს, ერთმანეთი დაკორტნეს და დახოცეს უფრო მსუყე ნაჭრების დასათრევად.


ჩვენი გმირი ქვეყნიდან გარბის, გაურბის სამოქალაქო ომს, ქუჩებში მოზუზუნე ბრმა ტყვიებს, უსამართლობას, განუკითხაობას, დამცირებას,


ცხადია არც ევროპა ხვდება წითელი ხალიჩით და ფიანდაზებით. ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს წინ. სტაბილურობას აღწევს, სამსახურში უკვე ანგარიშს უწევენ, აფასებენ, მის აზრს ითვალისწინებენ, მეგობრებიც ჰყავს, მატერიალურადაც მყარად დგას უკვე ფეხზე, ოჯახიც აქვს, მაგრამ მაინც ობლად გრძნობს თავს, მარტოდ, ეულად, ყველასგან მიტოვებულად. ეროვნულ ტრადიციებზე აღზრდილს, უჭირს შეეგუოს რეალობას, ადამიანების ზღვარგადასულ „თავისუფლებას“, ეგოიზმს, ღირებულებების ფეხქვეშ გათელვას. სამშობლო დაკარგა, ვერც ახალი შეიძინა.


ევროპის კარი ღიაა დახვდა მაგრამ ვერ შეითვისა როგორც ახალი სამშობლო. მძიმეა მისი ხვედრი, გაუსაძლისი მისი სევდა,


თითქოს აზრი დაკარგა მისმა არსებობამ, მომაბეზრებლად ეჩვენება ყოველდღიური უშინაარსო რუტინა. სიხარულის შეგრძნებაც კი გაუქრა თვალსა და ხელს შუა. აღარ ახარებს განთიადი, არც დაფიონის ცქერა, არც ნაწვიმარ ქუჩებში ხეტიალი, აღარც ანდორის მთებში, გაუკვალავ, ფაფუკ თოვლში სირბილი. სამშობლოში უნდა დაბრუნება, მაგრამ აქ კი სჭირდება ვინმეს განა? ელოდება კი ვინმე?


 

3
FB კომენტარები
გააკეთეთ კომენტარი