პირველი ტური (2019)
კონსორციუმი
მიხაილ ედიშერაშვილი 655
ბიოგრაფია

ედიშერაშვილი მიხაილი, 18 წლის, რუსთავი.


ვწერ წლებია და, საკუთარი მოუსვენარი ბუნებისდა გამო, მოვახერხე ისიც, რომ ბეჭდურ თუ ინტერნეტ სივრცეში მოხვედრილიყო ჩემი ნაწარმოებები - ძირითადად, ნოველები და მოთხრობები. 2017 წლის ოქტომბრის თვეში დაიბეჭდა - ან, თუ უფრო სწორად ვიტყვი, ,,დავბეჭდე“ - ჩემი პირველი წიგნი, პროზაული კრებული ,,დიდი ფუგა“. ქალაქ რუსთავის ნოვატორული გაზეთის - ,,ტელეგრაფის“ - მცირეხნიანი არსებობის მანძილზე აქაც იბეჭდებოდა ჩემი ნაწარმოებები. ჩემი ნოველები ახლაც პერიოდულად ქვეყნდება ისეთ საიტებზე, როგორებიცაა, მაგალითად, sitkvebiblog.wordpress.com, saturnlyrik.de.

სინოპსისი


იმ დღეს, როცა თხრობა იწყება, დემეტრე სიმონიშვილს ამოჩემებული აქვს, ფსიქოლოგი ვარო და, როგორც თვითონ ამბობს, ,,როცა ოთახში ლამაზი ქალი შემოდის, ჭეშმარიტი ფსიქოლოგი ქალს კი არა, ოთახში შეკრებილი საზოგადოების რეაქციას აკვირდება“. თუმცა ამ აზრის გაჩენისთანავე მასში ბრძოლა იწყება, და დემეტრე ცდილობს, ვიღაცა თავისზე უკეთესი ფსიქოლოგი აღმოაჩინოს, რომ თვითონ დაჩაგრული იყოს. სიმონიშვილის ჩაგვრა და ტანჯვა მთელი ნაწარმოების განმავლობაში გრძელდება, თუმცა ვინ ჩაგრავს პერსონაჟს - თვინიერი ცოლი, რომელიც მასზე გიჟდება? იქნებ, მისი სამსახურის - ბანკის - ერთ-ერთი უფროსი? არ გაგიკვირდეთ, ,,ერთ-ერთი“ რომ ვახსენე, რადგან თავად დემეტრე ახსენებს ხშირად, რამდენიმე უფროსი მყავდაო. ეგებ, საკუთარი თავია ის, ვინც მთავარი მჩაგვრელი და მთავარი ჩაგრული ერთდროულადაა? თუ არის კიდევ ვიღაც სხვა, ვიღაც მის მიღმა ან, თუნდაც, გვერდით, წინ, უკან... რა მნიშვნელობა აქვს!..


თხრობის სტილი, თხრობის ხასიათი ნაწარმოებში მუდმივად იცვლება - თითქმის იმ სიხშირით, რა სიხშირითაც თავად პერსონაჟის ქცევები. ზოგჯერ დემეტრე იმდენად თავბრუდამხვევია, რომ გულისრევაც კი შეიძლება მასზე, თუმცა იგი არაპროგნოზირებადი ქცევითა და დაბნეულობით ცდილობს, პასუხი გასცეს მთავარ შეკითხვას: რომელი უფრო ძლიერია - სიყვარული თუ სიმართლე? და, როცა ისინი ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდებიან, რომლის მხარე დაიჭიროს?

655
FB კომენტარები
გააკეთეთ კომენტარი