image
ჯეკ ლონდონი
წლები: 12 იანვარი 1876 - 22 ნოემბერი 1916
აღწერა:
ჯეკ ლონდონის დედა, ფლორა უელმანი, შეძლებული ამერიკელის შვილი იყო, მამა - მოხეტიალე ირლანდიელი, "ასტროლოგიის პროფესორი" ჩანი. მამამ დაბადებამდე მიატოვა და არც შემდგომში, როდესაც ჯეკი წამოიზარდა არ უცვნია შვილად. ჯეკი აღზარდა დაქვრივებულმა ჯონ ლონდონმა, რომელსაც ორი მცირეწლოვანი ქალიშვილი ყავდა მიბარებული ობოლთა თავშესაფარში, როცა ცოლად შეირთო ჯეკის დედა. მამინაცვალი კეთილი და გულისხმიერი ადამიანი აღმოჩნდა, მაგრამ მისი შრომისმოყვარეობის მიუხედავად, ოჯახი ძალიან ხელმოკლედ ცხოვრობდა.

პატარა ჯეკი დაწყებით კლასში რომ დადიოდა, თან გაზეთებს ყიდდა მეცადინეობის დაწყებამდე და სკოლის შემდეგ. ბევრს კითხულობდა, მაგრამ მხოლოდ სამკითხველოში, რადგან წიგნების შეძენა არ შეეძლო. ერთხანს კონსერვის ქარხანაში მუშაობდა, შემდეგ "ხამანწკების დამჭერი მეკობრე" გახდა და გაეცნო იმ ველურ და გაბედულ ცხოვრებას, რომელსაც ადრე მხოლოდ წიგნებით იცნობდა. მეზღვაური კვლავ ქარხნის მუშად იქცა და სწორედ ამ დროს დაწერა თავისი პირველი მოთხრობა სან-ფრანცისკოს გაზეთ "კოლის" მიერ გამოცხადებული კონკურსისათვის. ეს იყო "ტაიფუნი იაპონიის ნაპირთან", რომელმაც პირველი ჯილდო მიიღო, რამაც ავტორი დიდად წააქეზა. მაგრამ გაზეთმა მისი შემდეგი მოთხრობა აღარ მიიღო და ჯეკ ლონდონის ლიტერატურული მოღვაწეობა დროებით შეფერხდა.

1894 წლის გაზაფხულზე წამოჭრილმა ეკონომიურმა კრიზისმა ჯეკ ლონდონი უმუშევარი გახადა. მალე ის უბრალო მაწანწალა გახდა და ამ ხეტიალში ბევრი რამ განიცადა. მცირე ხნით ციხეც კი იწვნია. ყოველივე ამან ჯეკ ლონდონი სოციალისტად აქცია. 1896 წელს შევიდა სოციალისტურ პარტიაში და პოლიტიკური ეკონომიის, ფილოსოფიისა და პოლიტიკის შესწავლას შეუდგა. ის კვლავ ოცნებობდა მწერალი გამხდარიყო, მაგრამ ამ საქმეში ხელმოცარულად ჩათვალა თავი და წავიდა ალასკაში ოქროსმაძიებლად. იქ ერთი წელიწადი დაჰყო. მართალია, უკან ისევ ღატაკი დაბრუნდა, მაგრამ ცხოვრების მდიდარი გამოცდილება შეიძინა. "კლონდაიკში მე ვპოვე ჩემი თავი,-ამბობდა ის შემდეგში,-იქ ყველა სდუმს. ყველა ფიქრობს. იქ თქვენ გიმუშავდებათ სწორი თვალსაზრისი ცხოვრებაზე. იქ გაფორმდა ჩემი მსოფლმხედველობაც."
Email
ავტორის წიგნები