წიგნი
მურმანის სევდა
ფასი : 5.99 ლარი
ფორმატი : 12.5/17
ISBN : 978-9941-24-013-3
აღწერა :

გიორგი კეკელიძეს ერთი კარგი თვისება აქვს — და ეს ჯერ კიდევ ბესტსელერად ქცეულ „გურულ დღიურებშიც“ გამოჩნდა — შეუძლია, გურული ამბავი ისე მოყვეს, რომ კახურიც გამოვიდეს, ქართლურიც, აჭარულიც, მეგრულიც და ასე უსასრულოდ, თუნდაც გაფიქრებინოს, ახლა კატმანდუს რომელიმე მივიწყებულ კუთხეში, რომელიმე ბავშვიც შეიძლება ამას გრძნობდესო. ყოველთვის ზუსტად პოულობს იმ განცდებს, ბავშვობის დროინდელ იმ მოგონებებს, რომლებიც ამქვეყნად ყველასთვის საერთოა, მიუხედავად იმისა, თუ რა ფონზე ხდება, შეგრძნებებს, რომლებიც ყველას გამოუვლია და ესეც რად ღირს, რომ „დაუთმე და პატარაა და მოდი, ამჯერად ეს ავტომატი ამას მივცეთ“, საერთოა და ყველას გამოგვიცდია, ქალსაც და კაცსაც, გურიაშიც და კახეთშიც და სხვაგანაც, რა თქმა უნდა. და ასე გითრევს ავტორი ამბავში და ვეღარ წყდები და გინდა, არ გინდა, გეკიდება ფიქრი: „ღმერთო ჩემო, ჩემს ბავშვობაში რაღა იყო ისეთი, რომელიც ამდენი წლის შემდეგ გაისვრის?“ იქნებ ცოტა შიშიც შეგაპაროს გულში, მაგრამ, აბა, რა გასაკვირია. რამდენი საერთო გქონია მურმანთან, იმის ჩათვლით, რომ საკუთარ ქალაქში სულაც არ ცხოვრობ და შენს ბავშვობასთან, დროსთან ერთად, მანძილიც გაშორებს.

ტორესა მოსი
გიორგი კეკელიძის მინირომანი, რომელიც ცნობიერების ნაკადის მაგვარი ხერხით აფაზიურ დისკურსს მოგვაგონებს, პოსტმოდერნისტული ბრიკოლაჟით ერთმანეთთან აწყვილებს „მობი დიკის“ ისმაელსა თუ დანტეს კატაბაზისს, აკა მორჩილაძის დეტექტივებსა თუ საკუთარ „გურულ დღიურებს“ და მოულოდნელი ფინალით აკუტაგავასეული ტაკეჰიროს მონოლოგს, ხანაც სემ მენდესისეული ლესთერ ბარნემის ისტორიასთან ასოციაციას გვიქმნის. და ამ მსგავსებებისა თუ ციტირებების მიუხედავად, როგორც ქვესათაურში აცხადებს ავტორი, ეს მაინც ახალი პროდუქტია, „სხვა დეტექტივია“.

გაგა ლომიძე

ნაწყვეტი წიგნიდან

Email