თოვლის გუნდა
თოვლის გუნდა
08 აპრილი, 2016 წ.
თოვლის გუნდას და მის ლეგენდარულ სიმღერას ყველა მოზრდილი იცნობს, ეს ჩვენი ბავშვობის საყვარელი გმირია, მაგრამ თანამედროვე პატარებში ამ მულტფილმის ცნობადობა შედარებით დაბალია, არადა, ეს მშვენიერი, მხიარული და ქუთქუთა არსება უსაყვარლესია."გამომცემლობა პალიტრა L-მა" ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ თოვლის გუნდა სათამაშო აჩუქა ქართველ პატარებს, 2015 წელს კი "გუდა-გუდა" წიგნის გმირადაც იქცა. 8 აპრილიდან ჟურნალ "საბავშვო კარუსელთან" ერთად "გუდა-გუდას" ახალ თავგადასავლებსაც გაეცნობით.
ეს ცნობილი ქართული მულტპერსონაჟის, თოვლის გუნდას ამბების კრებულია, რომელიც პირველ ეტაპზე 6 წიგნად გამოვა. თითოეულ წიგნს 32 ცალი სტიკერი მოყვება. რით არის ეს წიგნები გამორჩეული?ეს პირველი მცდელობაა ქართული მულტპერსონაჟის კადრსმიღმა ისტორიის გაგრძელებისა. ეკრანული გმირის ამბები ხომ პატარებს ყოველთვის ინტერესს აღუძრავს. წიგნის შეყვარება კი ინტერესის გარეშე წარმოუდგენელია. თოვლის გუნდას მულტზღაპარი თითქმის 30 წლისაა.რეჟისორმა დავით თოფურიამ გუდას სახით კეთილი და მეგობრული პერსონაჟი შეუქმნა ბავშვებს. არაერთი მშობლის სურვილია, რომ პატარები არამარტო უცხოურ, ქართულ პერსონაჟებთანაც "მეგობრობდნენ". გუდა კი საამისოდ იდეალური გმირია - კეთილი, საყვარელი, ზრდილობიანი და ცნობისმოყვარე... ანუ ისეთი, რომელიც ბავშვზე სასიკეთო გავლენას მოახდენს. მისი ამბები პატარებისთვის საინტერესოცაა და დადებითი ემოციების მომგვრელიც.

ელფოსტაბეჭდვა