თინეიჯერული ლიტერატურა
აი, რა იცის სემმა: იყვნენ წვეულებაზე, იჩხუბეს, მეორე დილით კი საუკეთესო მეგობარი გარდაცვლილი ნახა. მას მეგობრისგან დარჩა მეხსიერების ბარათზე საგანგებოდ მისთვის ჩაწერილი სიმღერები და წერილი: "მოუსმინე და ყველაფერს მიხვდები". მოკლედ - დიდი საიდუმლო, რაც სემმა უნდა ამოხსნას.
იმისთვის, რომ გაიგოს, რა მოხდა, სემი მხოლოდ მოგონებებსა და ჰეიდენის დატოვებულ Playlist-ს ენდობა. ამასობაში, გამოჩნდება ვიღაც, ვინც ღამღამობით, ჰეიდენის სახელით, უცნაურ შეტყობინებებს უგზავნის. გადაწყვეტილება მიღებულია: უნდა გაარკვიოს, ვინ არის დამნაშავე ჰეიდენის სიკვდილში. ეჭვმიტანილი ბევრია, დაწყებული ჰეიდენის მშობლებიდან, ძმიდან თუ "შარიანი სამეულიდან", დამთავრებული ახალგაცნობილი უცნაური გოგონათი და რაც მთავარია, თავად სემით! რაც მეტს იგებს, მით  უფრო ბუნდოვანდება სურათი. უკან დახევა კი შეუძლებელია - უნდა შეაკოწიწოს და აღადგინოს ის ამბავი, მის მეგობარს რომ გადახდა თავს. იქნებ ამ გზით საკუთარი ცხოვრებაც შეცვალოს.
ვერასოდეს მიხვდები, თუ არ მოუსმენ!