გზაჯვარედინი
გზაჯვარედინი
თავი 1: Carpe Noctem
გადამდებმა გამთენიისას გაიღვიძა.
ერთხანს პირაღმა იწვა და ბზარებით დასერილ ჭერს უნიათოდ აჰყურებდა. შემდგომ ადგა, ფანჯარასთან მივიდა და მძიმე, გაცვეთილი ფარდები გადაწია. ამომავალი მზის სხივები კუთხეებში დაკიდებულ აბლაბუდებს დასწვდა; თხელი ქსელი ვერცხლისფრად აელვარდა.
გვერდითა ოთახიდან ოხვრა და ტახტის ჭრაჭუნი მოესმა. მიხვდა, უნდა ეჩქარა.
იატაკზე მიგდებული ტანსაცმლისკენ დაიხარა, სწრაფად ჩაიცვა და დერეფანში გასხლტა. საპირფარეშოს კარმა შემზარავად დაიკვნესა. სახელურზე ხელმოჭერილი წამიერად გაშეშდა. პასუხად რომ მხოლოდ საიჩუმე მიიღო, მოდუნდა. სააბაზანოს სიმყუდროვეში ჩვეული ღიმილი მოირგო: სარკის წინ მდგომმა ტუჩის კიდეები ოდნავ ასწია, მერე ჩამწკრივებული თეთრი კბილებიც გამოაჩინა. შედეგით კმაყოფილი დარჩა. იცოდა ღიმილი საოცრად რომ უხდებოდა.
„რა დებილივით იკრიჭები, შე ნაბოზარო?“ გაახსენდა ვირთაგვას მთვრალი ყვირილი და ჩუმად ჩაეცინა. მუდმივ ნაბახუსევზე მყოფი, იაფიანი არყის სუნით გაჟღენთილი ისტერიული ვირთაგვა, იგივე ვართაგავა, სამეზობლოში არავის უყვარდა და არც მისი უეცარი სიკვდილი სწყენია მაინცდამაინც ვინმეს. ალკოჰოლიკი სასმელს რომ ემსხვერპლება ბუნების კანონია. აღარავის უკვირს, აღარავის ეცოდება. რამდენიმე დღეს იქოთქოთებენ, პანაშვიდზე მოვლენ; თუ კარგი ამინდი დაიჭირა, სასაფლაომდეც მიაცილებენ და დაივიწყებენ. არც იმას გაიხსენებდნენ, ბოლო რამდენიმე თვე მის ხელში ბოთლი რომ არავის უნახავს და არც კაპიკიანი არყის ადგილას სასწაულებრივად გაჩენილი 3-ვარსკვლავიანი კონიაკს ამბავს იკითხავდა ვინმე. საეჭვო არაფერი შეუნიშნავთ: მოკვდა და მოკვდა, ერთი მაგისიც.
საზღვარი არ აქვს ადამიანის გულგრილობას. ნაგავსა და უიმედობაში მოარსებე ვირთაგვაც ამ გულგრილობას ემსხვერპლა.
კარზე მიუკაკუნეს. ყურადღება არ მიუქცევია. აბაზანის კიდეზე ჩამოჯდა. მოგონებებს შეეპყრო: კვლავ ხედავდა ვირთაგვას ბედნიერებისგან დაელამებულ თვალებს. „მადლობა, ბიძიკო, მადლობა, შენ გაიხარე, შენ გაეზარდე დედაშენს... “-ბუტბუტებდა რელიგიურ ექსტაზში ჩავარდნილი მლოცველივით და ნაჩუქარ ბოთლს გამხმარ მკერდზე ისე იხუტებდა, გეგონება ეშინოდა წაართმევდნენ.
„არაფრის, ბიძია, თქვენ უფრო გჭიდებათ,“-უთხრა და გზა განაგრძო. სახეზე ტრიუმფის ცივი ღიმილი დასთამაშებდა. მეორე დღეს მეზობელი ქალების წივილ-კივილმა და პოლიციისა და სასწრაფოს სირენების ერთიანმა ღმუილმა რომ გამოაღვიძა, არც გაჰკვირვებია. ფანჯარა მიხურა და კვლავ ძილს მისცა თავი.
ან რატომ არ უნდა სძინებოდა? ვირთაგვასთვის არჩევნის უფლება არავის წაურთმევია- საკუთარი გააზრებული ქმედების შედეგად აღესრულა. აღესრულა კი არა ჩაძაღლდა, მაგრამ ამას ვინ უყურებს?
ისევ ჩაეცინა. კარზე კაკუნი ბრახუნით შეიცვალა, რომელსაც თან გაბმული ზმუილი და გინებების კორიანტელი მოჰყვა. ხმაზე ანდრო ამოიცნო, რომელსაც გუშინ ტარტაროზასთან ერთად დაელია და დილაადრიან აშკარად შარდის ბუშტის სავსეობას წამოეგდო. წარმოიდგინა აწითლებული, საცვლის ამარა ფეხიდან ფეხზე როგორ გადადიოდა და გუნება უცებ გამოუკეთდა. წამოდგა, გრძელი ქერა თმა უკან გადაიწია, საკუთარ ანარეკლს მზერა უკანასკნელად გაუსწორა და სახელური გამოსწია.
-ტაი, გამოეთრიე ეხლა, თორემ თავით მაგ...-ანდრომ მუქარა შუა წინადადებაში გაწყვიტა. აწეული მუშტი ჰაერში გაუკრთა.
-აა, შენ იყავი?
-მე ვიყავი.-დაუდასტურა, თან უჩუმრად შეათვალიერა: სმით დასიებული გაუპარსავი სიფათი, დაწინწკლული შორტების ქამრიდან გამობზეკილი ღიპი და ჩახსნილი პერანგიდან აჩეჩილი ბანჯგვლები.
ანდრომ მისი მზერა იგრძნო, შეკრთა.
-მერე ვერ თქვი, შეჩემა? კაცო, ღმერთი არა გწამს? ჩავიფსი.-შესცინა ყალბი ლაღი ტონით. გადამდებმა ქვედა ტუჩზე იკბინა. აიმრიზა, მაგრამ გარეგნულად არ შეიმჩნია. თავს გაღიმება აიძულა.
„რა დებილივით იკრიჭები, შე ნაბოზარო?“
-გეტყობა კარგად რომ იგრიალეთ გუშინ შენ და ტარტაროზამ.-თქვა.
ანდრო გაფითრდა.
-გითხრა უკვე?
-მივხვდი. იმედია კანონის ფარგლებს არ გასცდენილხართ, ხომ იცი, პრობლემები არ მინდა აქ.
-არა, როგორ გეკადრება!-შეიცხადა ანდრომ, მაგრამ მზერა აარიდა, გადამდებს ეს არ გამოპარებია.
-ტყუილად გენდობი ხომ? -ხმაში სუსხი გამოურია.
-დედას გეფიცები, არაფერი დაგვირღვევია!- ანდრომ თვალების აქეთ-იქით ცეცება დაიწყო.
-წინაზეც ასე ამბობდი. დაგავიწყდა, ლამაზო? მერედა ვინ იყო შუაღამისას პაკეტი პლანი რომ მოათრია და სფეის-ქეიქის გამოცხობა დააპირა?
-მაშინ სხვა იყო. -აბლუყუნდა ანდრო. -პახოდუ მაგარი მთვრალი ვიყავი და მერე იმ აჩკიანმა ტიპმა საიდანღაც ანაშა გააჩინა...ნუ ხომ გესმის. მოწევას არც ვაპირებდი, პროსტა კაი რეცეპტი მითხრა და ტაის ხო შოკოლადზე მოზგი ეკეტება, ჰოდა...რა მოხდა ბოლოსდაბოლოს მთელი ამსტერდამი მაგას ჩალიჩობს და...
-არ მაინტერესებს. -შეაწყვეტინა. -კიდევ ერთხელ ვნახავ პლანს სახლში და იცოდე ორივეს გაგაჯმეინებთ. გინდა ამსტერდამში წასულხართ და გინდა ჯანდაბაში ასეთი იდიოტები თუ ხართ.
-მომისმინე...
-არ მაინტერესებს-მეთქი.-საპირფარეშოს კარი ფართოდ გამოაღო.-ჰა, შედი ახლა.-მოწყალედ დართო ნება.
-შენ გაიხარე! -ანდრო საპირფარეშოში შევარდა და კარი ისე მიაჯახუნა, ლოჯში მძინარე ტარტაროზას კი არა, მოსაზღვრე საბურთალოს სასაფლაოს მკვდრებსაც გააღვიძებდა. გადამდებმა თავი გადააქნია. საკიდზე ჩამოკიდებული ტყავის შავი ქურთუკისკენ წაიწია, მაგრამ მის დანახვისთანავე წუხელ ნანახი სიზმარი გაახსენდა...
...უზარმაზარი ბროლის ჭაღით განათებული დარბაზი ადამიანებითაა სავსე. ავეჯი კედლისაკენ გაუწევიათ და ოთახის შუაგულში მხოლოდ დიდი მაგიდაა დარჩენილი, რომელსაც გარს ხალხის მჭიდრო წრე აკრავს. თვალს არ აშორებენ ზედ მოცეკვავე აჩრდილს. სიზმარში თავადაც იქით მიიწევს, მუჯლუგუნებით გზას იკაფავს. გული გიჟივით უცემს. იცის როგორ არ იცის, რასაც დაინახავს, მაგრამ მაინც მიდის, ადამიანების ზღვაში იხრჩობა, ის კი მოსეს ბიბლიური ზღვასავით უცებ შუაზე იყოფა, იყოფა და ხედავს...
როგორც ყოველთვის ყურადღების ცენტრშია.
მუსიკის რიტმში ირწევა ნეტარებისგან თვალებმინაბული. ყავისფერი თმა დაცვარულ შუბლზე ეკვრის და დაშვებული წამწამების ჩრდილი გავარდისფრებულ ლოყებზე ეფინება, ტუჩებზე უდარდელი ღიმილი დასთამაშებს. მაყურებელთა ჟინით წაქეზებული, ცეკვაშივე შავ, ტყავის ქურთუკს გაიხდის და განზე, პირდაპირ გადამდების ხელში, მოისვრის...
ხელებში ჯერაც ტყავის სასიამოვნო სიმძიმესა და სითბოს გრძნობს, თვალწინ კი მოცეკვავე ვაჟის სილუეტი უდგას. ისიც, თითქოს იგრძნოო, მის მზერას იჭერს და მწვანე თვალები ეშმაკურად უბრწყინდება. ხელის აქნევით რაღაცას ანიშნებს და კვლავ განზე ტრიალდება. მაგიდის კიდესთან მდგომ ლამაზ წითელთმიან ქალიშვილს გამომწვევ ღიმილს ესვრის.
მთელი დარბაზი მას მისჩერებია მონუსხულივით. ზოგი ტაშს უკრავს, სხვები წამოძახილებით ამხნევებენ. ერთიც, გადახოტრილთავიანი სვირინგებიანი ტიპი მკლავებს შლის და მისკენ მიემართება გადასახვევად, მას მეორე უერთდება, მეორეს მესამე...
ჭაღის სინათლეში რაღაც წამიერად იელვებს და მაშინვე ჩაქრება.
გადამდები ქურთუკს ათვალიერებს, შემხმარი ღვინის ლაქას შეამჩნევს და მის მოწმენდას შეეცდება, მაგრამ ის გაქრობის ნაცვლად, უფრო და უფრო დიდდება, ალისფერი ხდება. დაზაფრული ამოიხედავს და ისევ იმ მწვანე თვალებს აწყდება: გაფითრებულ სახეზე ღიმილი შემზარავად შეჰყინებია, თეთრი პერანგიდან კი თქრიალით სისხლი ჩამოსდის...
„მოდი და შემხედე.“
სისხლის შხეფები ხელებზე ცრემლებივით ეცემა, წითელთმიანი გოგოს კივილი დარბაზს აყრუებს, ვაჟი კი კვლავ მხარგაშლილი დგას და მას გაშეშებულ, სისხლჩამგდარ თვალებს არ აცილებს.
„მოდი და მნახე“... ტორტმანდება, წონასწორობას კარგავს, წუთიც და...
გადამდებს დაცემამდე ეღვიძება.
ქურთუკს ხელი უშვა და საკიდიდან ტარტაროზას საყვარელი პალტო ჩამოხსნა. არაუშავს, არაფერი დააკლდება მაგ პიჟონს.
გარეთ გავიდა.
კვირა დღე თენდებოდა და ეზოში ადამიანის ჭაჭანება არ იყო. სადარბაზოსთან მარტო მეზობლის ნაგაზი დაუხვდა- ყეფით მიესალმა, ერთი-ორჯერ კუდი დაუქიცინა და მეზობელი მაკრინეს ყვავილებში მოსასაქმებლად გაიჭრა. გადამდებმა თვალი სევდიანად გააყოლა. საღამოს ეზოს კვლავ მაკრინეს ყვირილი, ნაგაზის საწყალობრივი ყმუილი და მისი პატრონის საპასუხო ლანძღვა-გინება შეძრავდა. აწ უკვე ტრადიციად ქცეული „მიხედე მაგ შენს უჯიშო ძაღლს სანამ პატრული გამომიძახია!“ და „ენა ჩაიგდე, ქალო, უჯიშო შენ თვითონ ხარ!“, გაღიზიანების მეტს არაფერს იწვევდა. ოპერამ თავისი თავშესაქცეობა კარგა ხანია დაკარგა.
ძაღლს სუფთა სისხლის ნაგაზობისა მართლაც ცოტა რამ ეტყობოდა, რაც ,სავარაუდოდ, მისი პატრონის გულგრილობის მიზეზი უნდა ყოფილიყო, თუმცა ცხოველი რა შუაში იყო? მიუსაფარივით ზამთარ-ზაფხულ ეზოში დაწანწალებდა და ანდროს მოწყალე გული რომ არა, დიდი ხანია შიმშილით მოკვდებოდა.
-საჭმელსაც კი არ უყრის ეგ პიდარასტი. -ბუზღუნებდა და ძაღლს ბეწვიდან გამხმარ ფოთლებს აცლიდა. –ჭამით არ აჭმევს, დაბანით არ აბანავებს, მოფერებაზე ხომ ვაბშე აღარ ვამბობ. აი, რა ჩემს ფეხებად უნდოდა?
გადამდებმა მაჯის საათზე დაიხედა და თავი უკმაყოფილოდ გადააქნია. ამ დილაადრიან რა უნდა ეკეთებინა? ხელი მექნიკურად პალტოს ჯიბისკენ წაიღო სადაც დაკუჭულ ოცლარიანთან ერთად, ზიპოს სანთებელა და სასწაულით შემორჩენილი „კენტის“ ორი ღერი აღმოაჩინა.
ძალიან კარგი.
სიგარეტს მოუკიდა, ნაფაზი დაარტყა და განზე მოისროლა. დამოკიდებულება სისუსტე იყო, სისუსტეებს კი არავის პატიობდა, ყველაზე ნაკლებად- საკუთარ თავს.
საკუთარ თავს ვერც ის სიზმარი აპატია.
***
რუსთაველზე თერთმეტი საათისთვის ჩავიდა. ქუჩას ჩაფიქრებული მიუყვებოდა და ნაბიჯებს ყურსასმენებში მოლივლივე მუსიკას უწყობდა. მანამდე ანდროსთვის დაერეკა და გუშინდელი ამბების მისი ენაბორძიკი მონაყოლის მერე გუნება კიდევ უფრო წაუხდა. ‘ჯანდაბამდისაც გზა გქონიათ ყველას’-ერთი კი გაიფიქრა და შუა თავის მართლებაში გაუთიშა ზარი. უკვე შეეჩვია ადამიანთა უმეტესობა იდიოტები რომ იყვნენ, მაგრამ ზოგჯერ ამ იდიოტობის უსაზღვრობის მაინც უკვირდა.
ნამდვილ იდიოტებს ისევ გამოგონილები ერჩივნა.
34-ე ნომრის თაღი გამოიარა, მაღაზიაში შეაბიჯა, მოლარე გოგონას ხმადაბლა მიესალმა და იგრძნო ტანში ნაცნობმა სითბომ როგორ დაუარა. ნესტოებში ახლადდაფქული ყავისა და ქაღალდის მოტკბო სურნელი ეცა და სიამოვნებისგან გაიტრუნა.
ახალი წიგნებისკენ არც გაუხედავს-ჯიბეში ოცი ლარის მეტი არ ჰქონდა -„16 ლარის“, შეუსწორა თავს. 4 გზად სენდვიჩში დაეხარჯა და ამ საქციელს უკვე ნანობდა- პირდაპირ Used Books-ის აბრით მონიშნული თაროებისკენ გაეშურა. არჩევანს გულგრილად გადახედა.
დიდი არაფერი.
იაფფასიანი ფანტასტიკისა თუ ფენტეზის ნიმუშები გვერდს დაფლეთილ დეტექტივებს, ერთჯერადად წასაკითხ თრილერებსა და ჯაშუშურ რომანებს უმშვენებდა. ისეთებს, უცხო ქვეყნის აეროპორტში რეისის წინ იმპულსიურად რომ იყიდი, თვითმფრინავსა ან სასტუმროს ნომერში რამდენიმე საათში ჩაამთავრებ, შემდეგ ჩემოდანში შეაგდებ და დაივიწყებ კიდეც სანამ სახლში მშვიდობით დაბრუნებულს ბარგის ამოლაგებისას ხელში ე.წ „მასმარკეტის“ გაღუნული კიდე არ მოგხვდება. ასეთი წიგნები ცხოვრებას საუკეთესო შემთხვევებში მივიწყებულ თაროზე, უარესში კი ნაგავსაყრელზე ან, ცივილიზებულ ქვეყანაში, მაკულატურის გადამამუშავებელ ქარხანაში დაასრულებენ და ვირთაგვასი არ იყოს, დამტირებელი არც ამათ ეყოლებათ.
დამტირებელი. წიგნებს.
ისევ წიგნებს ჩაუყვა. არჩევანი მრავალფეროვნებით ვერ დაიკვეხნიდა: რამდენიმე იერდაკარგული სასიყვარულო რომანი, რომელთა ლაპლაპა ყდებზე მონებივრე ფაშფაშაკაბიან მანდილოსნებსა და მკერდაგადაღეღილ მამაკაცებს მტვერი დასდებოდათ... გასულ წლებში პოპულარული თინეიჯერული სერიის ნაკლული ტომები, რომლებიც ვინმე მოზარდობის ასაკიდან ახლადგამოსულ პატრონს მიეტანა... კლასიკის ადაპტირებული ვერსიები... იქვე ფსიქოლოგიის და ნოუ ჰაუ ბესტსელერები მყვირალა სათაურებით სინამდვილეში მხოლოდ თავიანთ ავტორებს რომ ამდიდრებენ, თუმცაღა გულუბრყვილო მკითხველს უდიეტოდ გახდომას, ჩინური გრამატიკის უცაბედ დაუფლებას, სწრაფ გამდიდრებასა და რამე სხვა მსგავს სასწაულს პირდებიან, საბოლოოდ კი კვლავაც მეორად წიგნებში ადენენ ტყაპანს.
რეკლამური ინტერვიუებისა და ეგზალტირებული ინსტაგრამ-ბლოგერების პოსტების მიღმა არასოდეს ენახა წიგნს ადამიანს ცხოვრება მართლა შეეცვალა.
ზედა თაროს კუთხეში ე.ლ ჯეიმზის „50 ელფერი გრეი“ შენიშნა და სიცილი ვერ შეიკავა. რამდენჯერაც არ უნდა მისულიყო, იმდენჯერ ამ წიგნის ეგზემპლიარს გადააწყდებოდა. თამაშად ექცია უკვე მისი გამოძებნა: წინაზე დამახსოვრებული წიგნი შემდეგი სტუმრობისას აღარ ხვდებოდა, თუმცა მის ადგილს უმალ სხვა იკავებდა. ზედაპირი: პრიალა თუ გლუვი, მდგომარეობა: გადაუშლელი თუ სახედაკარგული, მაგარ თუ რბილ ყდაში ჩასმული ანდა საერთოდაც უყდო „50 ელფერი“ მაღაზიის მუდმივი მკვიდრის სტატუსს ინარჩუნებდა: ყიდულობდნენ და უკან მოჰქონდათ, უკან მოჰქონდათ და ყიდულობდენ ისევ და ამ მეცნიერებით აუხსნელ წრებრუნვას ღობე-საზღვარი არ უჩანდა.
თავად არ წაუკითხავს. არც აპირებდა.
თვალი მის გვერდით შეყუჟულმა მცირე ტომმა მოსტაცა. თხელ ყდაზე გამოსახული ყორნის სილუეტს გახუნებული ვერცხლის ასოებით ამოტვიფრული Edgar Allan Poe: Selected Poems ჰორიზონტალურად კვეთდა- „ედგარ ალან პო: რჩეული პოემები“. ფასს დახედა, მოეწონა. წიგნი ხელისგულზე დაიდო, გადაშალა და გაღიზიანება დაეუფლა- სატიტულო გვერდზე შავი კალმით რაღაც მიეჯღაპნათ. ის-ის იყო უნდა დაეხურა და თაროზე დაებრუნებინა, რომ ფურცლის კიდეში მიწერილმა ფრაზამ შეაყოვნა:
‘დღისით არ დაგწვავს მზე და წყვდიადში არაფერს გავნებს მთვარე... შესვლიდან გამოსვლამდე, უკუნით უკუნისამდე, მარადიულად.’
სიყვარულით,
ჰ.
შეცბუნებულმა გადაიკითხა...შემდგომ კიდევ და კიდევ. სარჩევის ქვეშ იდუმალ ‘ჰ’-ს საკუთარი ელფოსტის მისამართიც დაეტოვებინა: CarpeNoctem13@mail.com
„ჯეკპოტი“-გაახსენდა ტარტაროზას საყვარელი წამოძახილი და საამური მოლოდინისგან გასცრა.
ნუთუ...
კეფაზე მოლარე გოგონას მზერა იგრძნო და უცებ გამოერკვა. წიგნი დახლზე დაუდო, ტკბილად გაუღიმა და თავი მოაჩვენა თითქოს საპასუხო კეკლუცური ღიმილი, აწითლებული ლოყები და შეღებილი წამწამების ქვეშიდან ნასროლი მზერა არც შეუმჩნევია. მაღაზიიდან გასვლისას გოგონას თვალებში გამოკრთული იმედგაცრუების დანახვამაც კი ჩვეული კმაყოფილება არ მიანიჭა-უფრო საინტერესო საქმე გამოუჩნდა. დარჩენილი ათლარიანი მოსინჯა. სადილზე თავისუფლად ეყოფოდა და აი ხვალ რას იზამდა, უკვე საკითხავი იყო... ან ტარტაროზას რაღას ეტყოდა, თუმცა ასეთ წვრილმანებზე ფიქრით თავს ნაკლებად იწუხებდა.
პირველივე სკამზე მოიკალათა და სარჩევს ჩაუყვა, მაგრამ ლექსების სათაურები მისი ყურადღების მიღმა რჩებოდა. მზერა ისევ წარწერისკენ გაურბოდა. ტალღებივით უსწორმასწორო ასოები თვალებს უწვავდა.
ასეთი ხელწერა მსოფლიოში ერთადერთ ადამიანს ჰქონდა. ადამიანს, რომელიც ასე უაზროდ დაკარგა და რომლის მეილიც ახლა ხელში ეჭირა.
-Carpe Noctem-ლათინური სიტყვები ენაზე მოსინჯა და უმალვე თარგმნა. -დაიჭირე ღამე.
რა იგულისხმა ამ მოწოდებაში? ან რატომ აირჩია საკუთარი ელფოსტის მისამართად? უპასუხო კითხვებზე პასუხების მოძიებას ცხოვრებაში ცოტა რამ თუ ერჩივნა.