თინეიჯერული ლიტერატურა
ყველამ კარგად ვიცით, რა ბიჭიც იყო ბატონი რეიმონდი დიდი სათვალე, თეთრი თმა და ოდნავ მარცხნივ გადახრილი ღიმილი. ეს წიგნიც ასე უნდა წავიკითხოთ: ვიშოვოთ უზარმაზარი სათვალე და მანამდე არ მოვიშოროთ ბრედბერის ღიმილი, სანამ წიგნის ბოლოს არ მივადგებით.
ლუკა ქირია, 17 წლის
ცნობილი ფანტასტის, რეი ბრედბერის, ამ წიგნში სწორედ ისეთი ამბავია მოთხრობილი, როგორსაც გვიან ღამით, კოცონის გარშემო შემომსხდარნი შესაშინებლად ჰყვებიან ხოლმე. შავბნელი კარნავალი ახლოვდება და მთელი ქალაქი ორი ბიჭისა და ერთი შუახნის კაცის იმედად რჩება. თქვენ მოგიწევთ, მთავარ პერსონაჟებთან ერთად იმოგზაუროთ მისტიციზმის სამყაროში და შეიცნოთ სიკეთისა და ბოროტების არსი. რეი ბრედბერის უჩვეულო წერის სტილი წიგნის პირველივე გვერდებიდან გაგხვევთ იდუმალ, საშიშ გარემოში და მკითხველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს.
მარია ენუქიძე, 17 წლის
ბნელი კარნავალის მოახლოებასთან ერთად ახლოვდება ამოუცნობი სამყაროც... თქვენ და გმირები იმოგზაურებთ ამ ამოუცნობ სამყაროში, შეეცდებით, ამოხსნათ ავტორის შემოთავაზებული საიდუმლო. იმისათვის, რომ ეს პროცესი თქვენთვის უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი იყოს, შეეცადეთ, მიჰყვეთ მთავარი გმირების თითოეულ ნაბიჯს, გახდეთ მათი ფიქრისა და განცდების თანამოზიარე.
კონსტანტინე მაღალაშვილი, 18 წლის