თინეიჯერული ლიტერატურა
იშვიათია, წიგნმა ასე მომნუსხოს და დამატყვევოს. როგორც კი ბოლო ფურცელი ჩავიკითხე, იმწამსვე მივხვდი, რომ სასწრაფოდ მჭირდებოდა მეორე ნაწილი, რადგან ძალიან მიჭირდა სელენასა და დორიანთან განშორება. არ მინდოდა იმ სამყაროს მოვწყვეტოდი, რომელიც სარა ჯ. მაასმა ასე რეალურად დაგვიხატა: ყოველი აბზაცის კითხვისას ცხადად ვგრძნობდი, რომ სელენასთან ერთად მეც ვიწრთობოდი სამეფო ასასინად. ეს არის წიგნი, რომლის კითხვისასაც მის მარწუხებში მოქცეულს, გიჭირს წიგნის დახურვა და გვერდზე გადადება.
ვახო სალთხუციშვილი, 15 წლის
ეს წიგნი არის გოგონას შესახებ, რომელსაც მიუსაჯეს მარილის საბადოში სიკვდილი. ერთი წლის შემდეგ მას შესაძლებლობა მიეცა, მიეღო მონაწილეობა შეჯიბრებაში და გამხდარიყო მეფის პირადი მცველი, გამარჯვების შემთხვევაში ის უნდა ქცეულიყო დაქირავებულ მკვლელად იმ იმპერიისათვის, რომელიც სძუილდა. წიგნში გვხვდება მისტიკა, მაგია, იუმორი და რომანტიკაც. თუ გატაცებული ხართ ფანტასტიკით, გირჩევთ, წაიკითხოთ "შუშის ტახტი".
ირაკლი შალამბერიძე, 14 წლის
დღეს ძნელია, გააოცო მკითხველი და შესთავაზო ისტორია, რომელიც მის მეხსიერებასა და ცხოვრებაზე გავლენას მოახდენს. სარა ჯ. მაასმა ეს მოახერხა. მისტიკისა და სათავგადასავლო ჟანრის გაერთიანება, გამდიდრებული დეტექტიური ელემენტებით, ამ ყველაფერს კი ფონად გასდევს დამაინტრიგებელი დრამა. "შუშის ტახტი" მხოლოდ წინასიტყვაობაა სარას საოცარ ფანტასტიკურ სამყაროში შესასვლელად.
სალომე ბაბლიძე, 19 წლის