თინეიჯერული ლიტერატურა
მერისა მეიერის „სინდერი“ არის კლასიკური ზღაპრის „რითელინგი“, სადაც მოქმედება მომავალში ხდება, ადამიანები და კიბორგები გვერდიგვერდ ცხოვრობენ, მაგრამ _ არა მხოლოდ კიბორგები, თურმე ადამიანებს თავიანთი საცხოვრებელი გაუფართოვებიათ და მთვარეზეც კი დასახლებულან. მალე მთვარის კოლონიასა და დედამიწას შორის ომი დაიწყება, ამ აურზაურის ეპიცენტრში კი ერთი კიბორგი მექანიკოსი _ სინდერი _ მოჰყვება. მან არაფერი იცის თავისი წარსულის შესახებ, რომელიც შეიძლება კაცობრიობის ხნად იქცეს, ან _ პირიქით.
გიო, 16წლის
ამ წიგნმა, პირველ რიგში, თავისი ორიგინალური შინაარსით მიმიზიდა. დარწმუნებული ვარ, კლასიკური ზღაპარი _ „კონკია“ _ ყველასთვის ნაცნობია. „სინდერშიც“ თითქოსდა კლასიკური სიუჟეტი მეორდება: ობოლი გოგონა, რომელსაც დედინაცვალი ჩაგრავს, თუმცა, წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა კონკიას სამყაროს რომ მთვარის ბოროტი დედოფალი დაპატრონებოდა? ანდა კონკია კიბორგი ყოფილიყო, რომელიც იმაზე დიდ საიდუმლოს მალავს, ვიდრე მასკარადზე უნებართვოდ წასვლაა? მერისა მეიერის ულამაზესი წერის სტილი, ორიგინალური სიუჟეტი და შოკის მომგვრელი დასასრული არც ერთ თინეიჯერს არ დატოვებს გულგრილს.
ნანუკა, 17 წლის
ეს წიგნი შეგაყვარებთ ზღაპრებს, ის შეუდარებელია. ერთი შეხედვით, ეს უბრალო, „კონკიას“ მსგავსი ამბავია, მაგრამ ჩვენ აქ სრულებით სხვანაირ კონკიას ვნახავთ _ ის კიბორგია. წინ ულტრათანამედროვე კონკიას თავბრუდამხვევი თავგადასავალი გელოდებათ, რომელიც უდაოდ თქვენი ფავორიტი გახდება.
დათა, 16 წლის
„სინდერი“ _ ეს ის შემთხვევაა, როდესაც პირველი შთაბეჭდილება შემაცდენელია. წიგნის სათაურისა და ანოტაციის წაკითხვის შემდეგ გავიფიქრე: „კიდევ ერთი ბანალური ისტორია“, მაგრამ, ჩემდა გასაოცრად, ამ წიგნს შეუსვენებლად ვკითხულობდი მთელი ღამის განმავლობაში. მერისა მეიერი დაუვიწყარ მოგზაურობას გვთავაზობს ძველი ზღაპრების ახალ ინტერპრეტაციებში.
ანა, 14 წლის