თინეიჯერული ლიტერატურა
„ელინორი & პარკი“ _ წიგნი ორი განსხვავებული თინეიჯერის შესახებ, რომელიც არა მარტო შინაარსით, თავისებური თხრობითაც გამოირჩევა. გულწრფელი გრძნობები, საინტერესო პერსონაჟები, რეალური პრობლემები. „ელინორი & პარკი“ სწორედ ისეთი ნაწარმოებია, რომლის წაკითხვისთანავე მიხვდებით, თუ რატომ არის ჩემი და ჩემი თანატოლების საყვარელი წიგნი.
თეკლა, 18 წლის
დიდხანს შორიდან ვუყურებდი ამ წიგნს, რამდენჯერმე ხელშიც ავიღე, მაგრამ მაინც ჯიუტად ჩემს თაროზე შემოვდე, ალბათ მეშინოდა, რომ ამდენი ქება-დიდების შემდეგ არ მომეწონებოდა. ერთ დღეს, როდესაც „ელინორი & პარკის“ გარდა თაროზე აღარაფერი დამრჩა, მისი კითხვა დავიწყე და თან იმ დღეებს ვწყევლიდი, ასე უდიერად რომ ვექცეოდი ამ წიგნს. სავარძელში კარგად მოკალათდით, რადგან წინ ემოციების კორიანტელი გელოდებათ.
გოგა, 16 წლის
დიდი ხანია არ მიტირია და არ მიცინია ისე, როგორც „ელინორი & პარკის“ კითხვისას. შეუძლებელია, გულგრილად შეხვდეთ ამ ორ უფროსკლასელს და მათ ჭეშმარიტ სიყვარულს. ისინი სრულიად უცნაურ სიტუაციაში ხვდებიან ერთმანეთს, მათი ისტორია, ერთი შეხედვით, შეიძლება, ბანალურ რომანად მოგეჩვენოთ, თუმცა, თუ ჩავუღრმავდებით, მიხვდებით, რომ ბევრის მთქმელია.
ხატია, 17 წლის
თითქმის შეუძლებელია, სიტყვებით გადმოსცე ის გრძნობები, რომლებიც „ელინორი & პარკის“ კითხვის დროს გეუფლება. უსაზღვრო სითბო, სიყვარული და სევდა _ ეს ემოციები ერთ წიგნშია თავმოყრილი. იგი ორი თინეიჯერის სიყვარულზეა, რომელთაც იციან, რომ პირველი სიყვარული სამუდამოდ არ გრძელდება, მაგრამ საკმარისად მამაცები არიან იმისთვის, რომ სცადონ. წიგნის წაკითხვის შემდეგ პარკი ჩემი ოცნების ბიჭი, ხოლო ელინორი მისაბაძი გახდა.
თათია, 17 წლის