თინეიჯერული ლიტერატურა
გიკი გოგოს  ასეთი წარმატების მიზეზი, საინტერესო ისტორიასთან ერთად, ავტორის წერის სტილია, რომელიც გამორჩეულია თავისი სხარტი, მოქნილი ხასიათით და მთავარი გმირის ისტორიას საოცრად ბუნებრივად და დამაჯერებლად გადმოსცემს. წიგნი თინეიჯერი გოგონას თავბრუდამხვევ, ცხოვრებისეულ ამბავს მოგვითხრობს, რაც სულაც არ ნიშნავს იმას, რომ წიგნი მხოლოდ გოგონებს დააინტერესებთ. ვფიქრობ, ეს ის შემთხვევაა, როცა მთავარი გმირის სქესს მეათეხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს და წიგნში მოთხრობილი ამბავი ერთნაირად საინტერესოა როგორც გოგონებისთვის, ისე ბიჭებისათვის.

შაკო, 17 წლის.
მიყვარს გემრიელად~ საკითხავი წიგნები, აი, ისეთი წიგნები, მალე რომ დაამთავრებ და შემდეგ დარდობ, არ გინდოდა ასე მალე მორჩენა. ამ სიას ეკუთვნის `გიკი გოგო~, რომელიც სავსეა გიჟური, თინეიჯერული, სახალისო ეპიზოდებით, რომლის წაკითხვის შემდეგ აუცილებლად იტყვით, რომ კარგა ხანია არაფერს გავუხალისებივარ ისე, როგორც ეს ჰოლი სმეილმა და მისმა პერსონაჟებმა შეძლესო.
გოგა, 14 წლის
ძირითადი მიზეზი ეს წიგნი რატომაც მომეწონა, ისაა რომ ჰარიეტთან ძალიან ბევრი მსგავსება ვიპოვე საკუთარ თავში. ასევე, ბევრს წარმოუდგენია, რომ წიგნის მოყვარული გოგოები აუცილებლად დიდ სათვალიანები და მომაბეზრებლები არიან, ჰოდა მშვენიერი წასაკითხია, როგორ არღვევს ეს დიდ სათვალიანი გოგონა საყოველთაოდ მიღებულ სტერეოტიპებს და ხდება ვინ? ის, ვისაც წესით მასთან საერთო არაფერი აქვს - ერთ-ერთი წამყვანი სააგენტოს მოდელი!

ნანუკა, 16 წლის
მიუხედავად იმისა, რომ თავიდან წიგნი ჩემი ასაკისთვის ნაკლებ საინტერესოდ მეჩვენა, დასასრულს სრულიად შემეცვალა განწყობა. სასაცილო დიალოგები, კარგი სიუჟეტი და საინტერესო პერსონაჟები წიგნს ნებისმიერი ასაკის მკითხველისთვის კიდევ უფრო მომხიბვლელს ხდის.

სოფო, 21 წლის