ცურავენ სირინოზები შავ ზღვაში?
ცურავენ სირინოზები შავ ზღვაში?
ცურავენ სირინოზები შავ ზღვაში?
23 ივნისი, 2020 წ.

***

ჭიშკართან შეყოვნება მომიწია. რამდენიმე წუთი შესვენება აშკარად მჭირდებოდა. კუთხეში მიფარულ სკამზე წამოვჯექი. თაიგული ჩანთის უკან დავმალე. მართლაც ლამაზი იყო. იასამნისფერ ფოთლებს კმაყოფილი ვათვალიერებდი.

რთული ყოფილა საყვარელი ადამიანისათვის შესაფერისი ყვავილის არჩევა.

ბატონი ზაზა ჯერ არსად ჩანდა. ვნერვიულობდი, თუმცა ვერ დავიჩემებ, რომ ამ შეგრძნების უკმაყოფილო ვიყავი. საბოლოოდ შევეგუე, რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაც ახალი დაწყებულიყო. წარმოდგენაც არ მქონდა, თუ რას მომიტანდა ეს ყველაფერი. დილა გამახსენდა. კვლავ ციცინათელებით განათებული მდელო წარმოვიდგინე. ნეტავ, იქამდე აისი როგორ არასდროს მენახა? - ჩემს თავს რამდენჯერმე ხმამაღლა გაკვირვებულმა ვკითხე.  უძილობამ სკამს მიმყინა. ალბათ ბოქლომის ხმა რომ არა, ტკბილად დამეძინებოდა. ბატონი ზაზასკენ მივირბინე. ჩემმა დანახვამ გააკვირვა, თუმცა არაფერი უკითხავს. ეს მისი საუკეთესო თვისება იყო. მეგობრულად მომესალმა და გზა დამითმო. არ ვიცი თაიგული შეამჩნია თუ არა. იმ დროს ამაზე საფიქრალად არ მეცალა.

ჩემი გამოთვლებით, ბავშვები ასე ათიოდე წუთში მოვიდოდნენ. გაკვეთილის დაწყებამდე დრო დიდი იყო. ყველაფერს ბუნებრივად უნდა ჩაევლო - თაიგულს მაგიდაზე დავტოვებდი და უკან გავბრუნდებოდი. თუკი, ბატონი ზაზა რაიმეს მკითხავდა საფულის დარჩენას მოვიმიზეზებდი. ტყუილიც არ გამომივიდოდა. შემდეგ მოსახვევთან მივირბენდი და ლევანს ჩვეულ ადგილას დაველოდებოდი. თითქოს არაფერი, საკლასო ოთახში გაკვეთილის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე შემოვიდოდით და ელენეს გახარებულ სახესაც ვნახავდი.

„ყველაფერი კარგად ჩაივლის“- თითქოს ამ სიტყვების სინამდვილეში დარწმუნებული ვიყავი, მაგრამ ერთი რამ მაინც მაწუხებდა. საქმე ისაა, რომ მაინც ვერ გადამეწყვიტა - გამემხილა თუ არა ლევანისათვის ჩემი ამბავი?

მოვიფიქრე ამაზე გზაში მეფიქრა.

„ყველაფერი გენიალურადაა!“ - გასვლამდე ყვავილები კიდევ ერთხელ შევათვალიერე. თავი შევიქე და მოსახვევისკენ გავეშურე.

ბატონი ზაზა აღარ შემხვედრია. ლევანსაც მისვლა მივასწარი. ერთმანეთს  ჩვეულად მივესალმეთ. ცოტა მეწყინა კიდევ, რომ ვერაფერი შენიშნა. ასე გადავწყვიტე, რომ ლევანისთვის ჯერ არაფერი გამემხილა. სამაგიეროდ, მისი წუწუნის მოსმენა კი არ ამცდა. არ მახსოვს რით იყო უკმაყოფილო.

იქნებ, მართლა მე ვიყავი ცუდი მეგობარი და ყველაფერმა მომხდარმა იმდენად ჩამითრია, რომ სულ გადამავიწყა ლევანისთვისაც მეკითხა რას განიცდიდა? ეს აზრი წლების განმავლობაში ჩემი თავის ტკივილის საბაბი მრავალჯერ გამხდარა, რაც მოსალოდნელიც იყო რიგი მიზეზების გამო. ლევანი ერთადერთი ცოცხალი იყო, რომელიც საკუთარი არსებობით ძველ ცხოვრებასთან მაკავშირებდა. კი, ბევრ ადამიანს გავსწორებივარ სასტიკად ისე, რომ საკუთარი მოქმედების სიმართლე ეჭვ ქვეშ წამითაც არ დამიყენებია, თუმცა როგორი გაბოროტებულიც არ უნდა ვიყო ახლა, როდესაც მასზე ვფიქრობ, თითქოს, კვლავ ბავშვი ვხვდები.

სწორს ამბობენ - ბავშვობის მეგობრის ყოლას სხვა ხიბლი აქვს.

„ჰო, და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თუ  ეს მეგობრობა უბრალო მოგონება ხდება“ - მაინც პოულობს ბატონი ხმა მიზეზს, რომ თავი შემახსენოს. მეცინება კიდეც. სათქმელი ჩვეულზე სწრაფად წარმოთქვა. აი, ისე, მასწავლებელი რომ კითხვას დასვამს და ბავშვი ხელის აწევის გარეშე პირდაპირ პასუხს სცემს. მგონი, მართლა ეშინია საქმის გარეშე არ დარჩეს.

მოკლედ, ეს ავბედითი აზრი, რამდენჯერმე გადავსინჯე და საბოლოო დასკვნაც გავაკეთე, თუმცა ამის გახსენების ,ალბათ, აღარც დრო მომეცემა და აღარც შესაძლებლობა, ამიტომ მოკლედ მოგახსენებთ  - მე ჩემი დანაშაული მიმიძღვის, რომელსაც ვნანობ, თუმცა ლევანმა უპატიებელი ჩაიდინა - მეგობარი გასაჭირში მიატოვა. ამგვარი რაღაცები ,ჩემნაირი უგულოსთვისაც კი, მიუღებელია.

ასე, რომ განაჩენი გამოტანილია - ელია ბოლქვაძე გამართლებულია! საქმის აპელაცია დაუშვებელი. მოსამართლე კმაყოფილი.

ამბავი განვაგრძოთ :

ჩემი ძალიან მარტივი გეგმა უკვე კარგად წარმოდგენილ ფინალს ნელ-ნელა უახლოვდებოდა და ის-ის იყო უნდა დამეჯერებინა, რომ ყველაფერი გენიალური მარტივია, საკლასო ოთახის კარი შევაღე და სახე ალეწილი მივაშტერდი ლალი ჩხაიძეს, რომელიც ჩემი ნაჩუქარი თაიგულით თავს იწონებდა. ელენე თავის მერხთან იჯდა და გაკვეთილისათვის ემზადებოდა.

იმდენად ღრმად ჩავისუნთქე, შეშინებულმა ლევანმა ზურგი გამიმაგრა. მისთვის არაფერი მითქვამს, არც ლალისთვის, არც ელენესთვის.  დღის ბოლომდე ხმა არავისთვის გამიცია. ყველას, ვინც მეკითხებოდა უხასიათობის მიზეზს, ღამე ცუდად მეძინა-თქო სხაპასხუპით ვპასუხობდი. ყველა მოტყუვდა, მათ შორის ლევანიც. სხვათაშორის, ეს ფაქტი, ჩემს წარმოსახვაში გათამაშებულ .ზემოთ ხსენებულ, პროცესზე ლევანის საწინააღმდეგოდ მნიშვნელოვან მტკიცებულად გამომადგა.

„ნეტავ, ოდესმე საკუთარი თავიც გაგესამართლა“

მეხუმრები? მაშ, ყველაფერი არ გცოდნია, ჩემო კარგო. მე  ჩემს გონებაში მრავალჯერ წარვდგენივარ მოსარჩლის სახით. მაგრამ, სამწუხაროდ ყოველთვის ვპოულობდი მტკიცებულებებს ბრალის შესამსუბუქებლად.

„სამწუხაროდ თუ სასიხარულოდ?“

ბოლოს და ბოლოს, ჩამოყალიბდი რაში მადანაშაულებ ცუდ ადამიანობასა თუ კარგ პროფესიონალიზმში?

„ერთი მეორეს არ გამორიცხავს და ნუ ცდილობ თავი ამარიდო!“

აი, კიდევ ერთხელ შეცდი. მე არ ვცდილობ თავი აგარიდო. წარმოიდგინე და  მადლიერიც კი ვარ შენი. აბა წამით დაფიქრდი - შეგიძლია გაიაზრო, თუ რა საშინელ მარტოობას განვიცდი? იმ დღეს, როდესაც საკლასო ოთახში ვიჯექი, ვუყურებდი როგორ ტრაბახობდა ლალი ჩემი ელენესთვის ნაყიდი თაიგულით, მეგონა ზიზღს ვგრძნობდი და მართალიც ვიყავი, თუმცაღა ის კი გამომრჩა, რომ ჩემს სხეულში შეიკრა რაღაც უფრო ძლიერი, რომლის სახელსაც ვერ ვპოულობდი. ზიზღი აშკარაა, აი, ის კი ვერაგი! ეს მარტოობა იყო. მე ჩემი სევდის მიზეზს ვერავის ვუზიარებდი, უახლოეს მეგობარსაც კი.

უკეთ რომ გამიგო, მოდი ერთსაც გეტყვი. არ გაინტერესებს რატომ არასდროს არ მომიყოლია ჩემი ამბავი საკუთარი შვილისთვის? განა ის მე არ მიყვარს ან არ მინდოდა ბოლომდე შევეცანი? წყეულიმც იყავ, არა! ღმერთმა უწყის, რამდენჯერ წარმომიდგენია, თუ რას მეტყოდა ლენა ჩემი ამბავის მოსმენის შემდეგ. სათანადოდ ვერ მაფასებ! მე ისიც ძალიან კარგად ვიცოდი, რომ ოდესღაც ამ შედეგამდე მივიდოდი. არჩევანი უნდა გამეკეთებინა -  ან უნდა მომეთხრო ყველაფერი და საკუთარი შვილის სიბრალული ამეტანა ან უნდა გამეგრძელებინა სიჩუმეში ცხოვრება და მის ზიზღს შევგუებოდი. მე მეორე ავირჩიე, ამიტომაც არ მაოცებს შედეგი.

შენ კი რაც შეგეხება - ჩემი პირველი მსმენელი ხარ და როგორი აუტანელიც არ უნდა იყო, შენი მოსვლა მახარებს. შენ რაღაც სიცარიელეს მივსებ და იმასაც კი შევეგუე, რომ არ ვიცი საიდან ან რა მიზნით ხარ მოსული.

„ჩემი გულის მოგებას ცდილობ?“

სხვათაშორის,  საერთოდ არ მჭირდება შენი კეთილგანწყობა. მეც და შენც ვიცით, რომ არსად არ ხარ წამსვლელი.

„კეთილი, ეს გასაგებია, მაგრამ თუ ნებას დამრთავთ ერთი კითხვა მაწუხებს - რატომ ვერ გაბედე სიმართლის თქმა? ლალისთვის ყვავილების წართმევა და ყველას დასანახად მისი ელენესთვის გადაცემა?“

იმიტომ რომ მშიშარა ვარ! ბედნიერი ხარ?! შემეშინდა! საჭირო დროს უმოქმედობა ვარჩიე, ხოლო შემდეგ ვეღარაფერი ვთქვი, რადგან არ მინდოდა ელენეს მხდალად ჩავეთვალე. შენც არ მომიკვდე, შენი აზრით, პირდაპირ ამის თქმას მოერიდებოდა? რა თქმა უნდა, არა!

მას  ყვავილები შემდეგაც ვაჩუქე. იცი როდის? მისი დასაფლავების დღეს. თაიგული მამაჩემს გავატანე. რადგან მე არ მეყო ძალა მის დასაფლავებას დავსწრებოდი.

მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში თაიგული სულ ორი ქალისათვის მიყიდია. რა თქმა უნდა, იმათ არჩათვლით სკოლის პირველ დღეს ლენას მასწავლებლებისათვის რომ ვატანდი. ერთს დედაჩემის ხსოვნას ვუძღვნიდი, მეორეს ელენესას. ტრაკიგულია არა?  ისინი არავის უნახავს. მათ არაფერი შეუგრძვნიათ საფლავის ქვის სიცივის გარდა.

ხოდა, ბევრი, რომ აღარ გავაგრძელო ელენემ ვერასდროს გაიგო, რომ ის თაიგული მისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ რატომღაც ყოველთვის მჯეროდა, რომ გულის სიღრმეში ყველაფერი იცოდა. ის ყვავილები ხომ საგანგებოდ მისთვის იყვნენ შერჩეულნი? არა მგონია მას ეს ვერ შეემჩნია.

იმის მიუხედავად, რომ ჩემი რომანტიკული დებიუტი ისე არ წარიმართა, როგორც მინდოდა განვითარებულმა მოვლენებმა სასიამოვნოდ გამაოცეს. დღის ბოლოს ძალა მოვიკრიბე და ელენე სახლამდე მივაცილე.

გზაში ბევრი ვიხალისეთ. მიკვირდა - აქამდე ვერ შემემჩნია, რომ საკმაოდ კარგი იუმორის გრძნობა ჰქონდა. ასე გაგრძელდა სადღაც ორი კვირა. ჩვენ სკოლიდან სახლში ერთად ვბრუნდებოდით. შაბათ-კვირას, სანაპიროზე ვსეირნობდით. ვასილის ცნობილ ლობიანს ვიზიარებდით. რამდენჯერმე ერთადაც გავცურეთ. უფრო სწორად, მე გავცურე, ელენე კი ნაპირას დარჩა - სიღრმის ეშინოდა.  ერთი სიტყვით, შემდეგი ორი კვირა ისე ვიქცეოდით, როგორც შეყვარებულ წყვილებს სჩვევიათ და მე ძალიან ბედნიერი ვიყავი.

„სანამ?“

სანამ ჩამოკრა მწუხრის ზარმა! ეჰ, როგორ ამაღლებულად ჟღერს არა?

„გირჩევნია მოეშვა პათეტიკას.“

შენ კი გირჩევნია მოკალათდე - ამბავი მხოლოდ ახლა იწყება.

***

დროა მეორე შემთხვევა გავიხსენო, როდესაც ელენე ატირებული ვნახე. მისი ცრემლების მიზეზი ამჯერად არც სიხარული ყოფილა და არც უწყინარი შური.

რა ვქნა, ისევ ბედზე მომიწევს საუბარი. აბა, ბედი რომ არა იმ დღეს ხომ ჩვეულად ან მაღვიძარა დარეკავდა ან ვასილი გამაღვიძებდა და არც სკოლაში დავაგვიანებდი?

რომ გავიღვიძე, პირველი გაკვეთილი უკვე დაწყებული იყო. სწრაფად ჩავიცვი და სკოლისაკენ სირბილით გავეშურე. მოძრაობა მიჭირდა. მუცლის არეში რაღაც უცნაურს ვგრძნობდი. არა ტკივილს, უფრო დისკომფორტს. შიმშილს გადავაბრალე. საიდან უნდა მცოდნოდა, რომ ეს წინათგრძნობა იყო?

ჭიშკარი ჩაკეტილი დამხვდა. სკოლაში ასეთი წესი გვქონდა - ბატონი ზაზა ჭიშკარს ბოქლომს მხოლოდ დასვენებებსა და საკლასო დღის დასასრულს ხსნიდა. ეს ჩემნაირი მძინარა ბავშვებისათვის ერთგვარი სასჯელი იყო.

რაღა გაეწყობოდა, საათს დავხედე, ზარის დარეკვამდე ოც წუთზე მეტი იყო დარჩენილი. მეც გასეირნება გადავწყვიტე. შენობას წრეს ვარტყამდი, თავს დასჯილად სულაც არ ვგრძნობდი, პირიქით, კარგად გამოძინებული ენერგიით სავსე ვიყავი.

მართალი იყო ვასილი, როდესაც მეუბნებოდა, რომ ძილის გამო კაცს გავყიდდი.

ჩემი კმაყოფილება ქუჩის ბოლოს, ერთ-ერთი დანგრეული კორპუსის სადარბაზოდან გამომავლმა გმინვამ დაარღვია. ეს ხმა მეცნო, მაგრამ თან მეუცხოვა. საშინელი აზრი დამებადა.  თავი გავაქნიე - არა, ეს ელენე ვერ იქნებოდა. ის გაკვეთილზე იყო და მასწავლებელს უსმენდა. მზერას ჩემი მერხისაკენ აპარებდა და ნერვიულობდა - ჩემი არყოფნის მიზეზზე ფიქრობდა.

თავის გამხნევება ხმამაღლა დავიწყე :

-ყოველთვის ცუდზე ნუ ფიქრობდ ელია! -  იქნებ ეს გმინვა სულაც არ არის და სიამოვნების კვნესაა. შენ ხომ იცი, რომ გოგო-ბიჭები გაკვეთილებიდან სწორედ ამ „პადიეზდებში“ იპარებიან?

დავიბენი, არ მინდოდა თავი უხერხულ მდგომარეობაში ამომეყო, მაგრამ თან გუმანი მაიძულებდა ნაბიჯი წინ გადამედგა. მგონი აქამდე არ მიხსენებია - მსგავს გარემოებებში გადაწყვეტილების მისაღებად  ჩემეული ხრიკი მქონდა- წარმოვიდგენდი, თუ რას იზამდა ვასილი. ამ შემთხვევაში საფიქრალი არაფერი იყო, რადგანაც დარწმუნებული ვიყავი, რომ თუკი ოდესმე იარსებებდა სულ მცირე ალბათობა მაინც იმისა, რომ ვინმეს შეიძლებოდა დახმარება დასჭირვებოდა - ვასილი უკან არაფრის გულისათვის დაიხევდა.  ამ აზრით დამშვიდებული სმენად ვიქეცი და სუსტ ხმას გავყევი.

კარი ძალიან ფრთხილად გავაღე. არ მინდოდა ზედმეტი ყურადღების მიპყრობა. შიგნით, რაც არ უნდა დამხვედროდა, ვინმეს შეშინება ან დაფრთხობა საქმეს არ წაადგებოდა.

სილუეტი დავლანდე და ყველა ეჭვი, საღად აზროვნების უნართან ერთად სადღაც გაიფანტა. ვერ ვიხსენებ რა ვიფიქრე ან რა ვიგრძენი. მხოლოდ ის მახსოვს, რომ ნაბიჯი წინ ძალიან მძიმედ გადავდგი, წონასწორობა დავკარგე და ძლივს მოვახერხე დამეყვირა :

-ელენე!

გუმანს არ უღალატია. ხელთ ელენე აბაშიძე შემრჩა. ჩემმა დანახვამ შეაშფოთა. იმ წამს ვინმეს რომ ეკითხა, თუ რა ფერის თვალები ჰქონდა, პასუხის გაცემა გამიჭირდებოდა. მათში ვერაფერს ვხედავდი საკუთარი დაბნეული ანარეკლის გარდა.

რომ დამინახა თავის ხელში აყვანა სცადა. არ გამოუვიდა. ვერ შეძლო მოზღვავებული გრძნობების დამორჩილება და ცრემლებთან ერთად დაიღვარა. მიყრუებულ „პადიეზდში“ ის, ,სულაც აღარ ჰგავდა, წყნარ, უძრავ ტბას არამედ აღელვებულ ზღვას, რომელიც მზად იყო საკუთარ ტალღებში ჩავეხჩე.

ელენე შეაშინა იმან, რომ მის სულს ზედმეტად მივუახლოვდი. მე კი... არ ვიცი შესაფერის სიტყვას დღემდე ვერ ვპოულობ. ვერ დავიჩემებ, რომ მხოლოდ მღელვარებას განვიცდიდი, რადგან, რაღაც მასზე ძლიერი, რაღაც მასზე მძიმე ჩამომეკიდა. მე ის შიშს მივამგვანე, თუმცა ბოლომდე დარწმუნებული ამაშიც არ ვარ.

სუსტი სინათლის მიუხედავად,  მაინც შევძელი გამერჩია მის მკლავებზე დაღად დასმული სილურჯე. თვალები ტირილისგან ამოშავებოდა. სხეულს ვერ იმორჩილებდა. თრთოდა.  არა ტკივილისგან, არამედ შეურაცხყოფისგან.  ბრაზი ახრჩობდა. მე ის ასეთი არასდროს უნდა მენახა. მისი საიდუმლო არ უნდა გამეგო. ის არასდროს მომცემდა უფლებას შემეტყო რამდენად დაუცველი იყო სინამდვილეში.

-ელია... არა, არ მოხვიდე!

-რა მოხდა?

-აქ რას აკეთებ?

-რა მნიშვნელობა აქვს. რა ხდება? წამოდი,დახმარება გჭირდება.

-არ მომეკარო! ახლავე წადი. მარტო დამტოვე.

-ნაცემი ხარ.

-შენს საქმეს მიხედე.

-ელენე, ან შენი ნებით გამომყვები ან გეფიცები ახლავე დახმარებას...

-არც იფიქრო! ვინ ხარ? როგორ ბედავ, რომ ჩემს მაგივრად გადაწყვეტილებას იღებ?

-მინდა დაგეხმარო. დაგიცვა.

-გინდა დამიცვა? მოგწონს ეს ყველაფერი, არა? რა თქმა უნდა, მოგწონს. შენ ხო პატარა ბიჭი ხარ, რომელსაც ზღაპრები უყვარს. მე გმირულად უნდა დამიცვა და შემდეგ ერთად ვიცხოვროთ დიდხანს და ბედნიერად, არა?

-რეებს როშავ?

-სიმართლეს, ელია. ოდესმე ვიღაცამ ხომ უნდა გითხრას, რომ ცხოვრება ზღაპარი არ არის. იცი მაინც ვისგან აპირებ ჩემს დაცვას? საკუთარი მამისაგან! ახლა წარმოიდგინე - რა ჯანდაბა გინდა, რომ დასახმარებლად მოსულებს ან გამომძიებლებს ვუთხრა? რომ სახლში მისვლის მეშინია იმიტომ, რომ იქ მელოდება კაცი, რომელიც მთელი დღე ძალადობას გმობს, მაგრამ როგორც კი სვამს საკუთარ შვილს დაუნდობლად უსწორდება იმიტომ, რომ წარუმატებელ ქორწინებას ახსენებს? თუ ის, რომ, როდესაც გონების დაკარგვის პირას მივდივარ და ყვირილიც აღარ შემიძლია - მუხლებზე ეცემა, თავზე ხელს მისვამს, ტირილით პატიებას მთხოვს და ჭრილობებს ცივი წყლით მბანს? არა, ამას იმიტომ არ აკეთებს, რომ ღელავს ან მართლა ნანობს. უბრალოდ ეშინია, მეორე დღეს ვინმემ არ შეამჩნიოს. იცის, რომ მე ვერავის ვერაფერს ვეტყვი და ამით სარგებლობს.

„მამა, მაპატიე ძალიან გთხოვ. მძიმე დროა. ყველაფერს გამოვასწორებთ“ უკვე ვეღარც ვითვლი, რამდენჯერ მაქვს ეს წინადადება მოსმენილი. ერთი და იგივე. მუდამ, დაუსრულებლად. მაგრამ ყველაზე ცუდი იცი რა არის? თავიდან ამის მართლა მჯეროდა. მეგონა, რომ ეს დროებითი იყო და სულ მალე  ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. ისე, როგორ ყოველთვის წარმომედგინა. ახლა, ამის პასუხად აღარაფერს აღარ ვამბობ. უბრალოდ ბოლო, დარჩენილ ძალებს ვიკრებ და ვიღიმი.

ვნადგურები.

აბა, ახლა კარგად დაფიქრდი და ისე მიპასუხე -  თვლი, რომ ვინმეს დასახმარებლად უნდა დაუძახო?

-მე არ ვიცოდი.

-არ გაბედო! აღარ გინდა არაფრის თქმა ან ზედმეტი კითხვის დასმა. შენ საიდან უნდა იცოდე? როგორ უნდა გაიგო  როგორია, როდესაც არასასურველი ხარ?! მე ოჯახი არასდროს მყოლია, ელია, და იმის მიუხედავად, რომ დედაშენი მკვდარია მისი ხსოვნა უფრო ნამდვილია, ვიდრე ყველაფერი, რაც აბაშიძეების ოჯახს ოდესმე გვქონია. იმაზე აღარაფერს ვამბობ, თუ როგორ უყვარხარ მამაშენს. ღმერთო, რას არ მივცემდი, რომ მეც განმეცადა, თუ რა იყო მშობლის სიყვარული.

ელენე გაჩუდა. მის თვალებს ძველი ფერი დაუბრუნდათ. ზიზღი სინანულმა გადაფარა. ხმას ვერ ვიღებდი. ყოველი სიტყვა ყელში მეჩხირებოდა. ცრემლებს ვერ ვიკავებდი. ლოყებზე სისველეს ვგრძნობდი. ისინი მწვავდნენ.

გავაცნობიერე, რატომ ატირდა ელენე, როდესაც მამაჩემის თავგადასავლებს ვუყვებოდი და თავი უკანასკნელ ნაბიჭვრად ვიგრძენი. მე მართლა მინდოდა მისი დაცვა, მაგრამ ვერაფერი გავაკეთე. პირიქით, ყველაფერი გავაუარესე.

ახლაც მახსოვს, თუ როგორ მტკიოდა. ჩემს გარშემო ყველაფერი დაიმსხვა და ყველა ნამსხვრევი ღრმად ჩამერჭო სხეულში.

ხმა, ვიცი, რომ შენ  საზიზღარ ადამიანად მთვლი და ამ მოსაზრებას ისიც გაგიმყარებს, რომ ამ ამბის, სადაც ელენე ერთადერთი მსხვერპლია, მოყოლის დროსაც კი, ხაზს პირველ რიგში ჩემს გრძნობებს ვუსვამ, მაგრამ გეფიცები ამჯერად არ ვპირფერობ.

აბა, ჰკითხე რომელიმე ჩემს კლიენტს - არც ერთი გეტყვის, რომ მე უგრძნობი ვარ. ორივემ ვიცით, რომ ეს ტყუილია. იცი რატომ ფიქრობენ ასე? იმიტომ, რომ მე ყოველთვის გამოვხატავ იმას, რასაც ჩემგან ელიან. როდესაც ჩემს კალთაზე ტირიან, მე იმას ვამბობ, რისი მოსმენაც მათ უნდათ. თანავუგრძნობ, ვცდილობ დავამშვიდო, მაგრამ ვერაფერს ვგრძნობ. ვთამაშობ. იმიტომ, რომ საქმეს ასე სჭირდება.

ახლა გულწრფელი ვარ.

მაშინ გულწრფელი ვიყავი.

მეც არანაკლებ მტკიოდა.

მეც არანაკლებ ვიტანჯებოდა.

სისხლისგან ელენესთან ერთად ვიცლებოდი.

აზრების დალაგებას ვცდილობდი, ის კი მიყურებდა და ვებრალებოდი, მაგრამ თან ვეზიზღებოდი. ვეზიზღებოდი, რადგან მეც კაცი ვიყავი, ვეზიზღებოდი, რადგან  ის ასეთი ვნახე. მას იმ წამს თავისი თავიც ეზიზღებოდა, უფრო სწორად, ეზიზღებოდა ის ფაქტი, რომ მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდა. მან ისიც იცოდა, რომ მე მის წინაშე ბრალი არ მიმიძღვოდა, მაგრამ მაინც  არ მინდობდა. განზრახ მეუბნებოდა იმას, რაც დამამსხვრევდა.

ნაბიჯი მისკენ გადავდი.

დავმშვიდდი, მაგრამ ცრემლები ჯერ კიდევ მომდიოდა.

თვალებში ჩავხედე :

-ელენე, ძალიან ვწუხვარ. ბოდიშს გიხდი.

პასუხად არაფერი უთქვამს. მეტი მეც არაფერი მითქვამს. ვერაფერს ვეღარ ვიტყოდი. მხოლოდ შემეძლო დაუსრულებლად გამეგრძელებინა პატიების თხოვნა. ამის ნაცვლად, ორივემ სიჩუმე ვარჩიეთ მანამ, სანამ  საჭირო სიტყვებს ვიპოვნიდით.

აბა, ხმა რას იტყვი? იმედია, უპასუხოდ ახლა მაინც არ დამტოვებ.

„მეც ვერაფერს გეტყვი. გითანაგრძნობ. ვწუხვარ, რომ ამ ყველაფრის გამოვლა მოგიწიათ.“

 

 

***

სახლისაკენ გავიქეცი.

დარწმუნებული ვარ ელენე სკოლაში მიბრუნდა. ის ძლიერი იყო, წარმოუდგენლად ძლიერი, მე კი  სუსტი, ლაჩარი. ალბათ, ჯერ ღრმად ამოისუნთქავდა, შემდეგ კი ნერწყვთან ერთად ყველა ტკივილს გადაყლაპავდა. რაღა ალბათ .დარწმუნებული ვარ ასე მოიქცეოდა - წამში მეც დამივიწყებდა, ჩვენს საუბარსაც, მამამისაც და სისხლჩაქცევებსაც. ყველასაგან შეუმჩნევლად თვალებს დახუჭავდა, ქუთუთოებს მაგრად დააწვებოდა, გაახელდა და გაკვეთილში ჩვეული მონდომებით ჩაერთვებოდა.

მე? მე რა შემეძლო? მივრბოდი და ყველგან ელენეს სახეს ვხედავდი. ჯერ მისი ხმა ჩამესმოდა. არა ქვითინი, არამედ მისი ჩვეული ქედმაღალი ტემბრი, რომელიც მსაყვედურობდა. თავი რამდენჯერმე გავაქნიე -  მისი ხმა სადღაც დაიკარგა, მაგრამ ახალი სურათი დაიხატა -  ჩემს გარშემო ყოველი მხრიდან საჩვენებელი თითი იყო მომართული. მხოლოდ ხელებს ვხედავდი, მაგრამ მათი ხარხარი მესმოდა. ისინი დამცინოდნენ და ვეზიზღებოდი, მაგრამ მათ ვერ გავამტყუნებდი, რადგანაც მეც მეზიზღებოდა საკუთარი თავი.

რატომ?

იმიტომ, რომ მეც კაცი ვიყავი.

კარს შმაგივით ვეცი. შინ შევედი. არა! შევვარდი.არავინ დამხვდა. ხარხარიც კარს უკან, სადღაც შორს დარჩა. შინ თავს დაცულად ვგრძნობდი.

შეუჩერებელი ხველა ამიტყდა. თითქოს ჩემი სხეული შხამით იყო გაჟღენთილი და მის ამოღებას ვერაფრის დიდებით ვახერხებდი. სპაზმებს ვებრძოდი. გულის არევა მინდოდა - უშედეგოდ. ბლანტი ნერწყვისა და სითხის მეტი ხელთ არაფერი შემრჩა. ბოლოს დავნებდი, სახეზე წყალი შევისხი. საკუთარ ანარეკლს მივაშტერდი.

თვალები დავხუჭე და მეც ამოვისუნთქე, მაგრამ არა ისე, როგორც ჩემს წარმოსახვაში ელენემ. მის გახსენებაზე, ყბა ამიკანკალდა, მაგრამ თავის ხელში აყვანა მოვახერხე.

ჩაწყვეტილი ხმით, შეძლებისდაგვარად, გარკვევით , ძალიან ნელა,   წარმოვთქვი :

-ღმერთო, ასეთი უსამართლობა როგორ დაუშვი?

არა, ეს ეპიზოდი ზედმეტად დრამატული მეჩვენება. კარგი, ჰო, რა თქმა უნდა, შეიძლება ამდენი წლის შემდეგ ყველაფერი ზუსტად აღარ მახსოვს. ალბათ, რაღაცებს ვაზვიადებ კიდეც, მაგრამ ასე უფრო შეიგრძნობ, ჩემო ძვირფასო, ხმავ მთელი ამ ამბის სიმძაფრეს.

„ხმავ“ - ეს მიმართვა აღარ მომწონს. სახელი უნდა შეგირჩიო. რაიმე საინტერესო აზრს თუ შემომთავაზებ მადლობელი დაგრჩები. მაგალითად, რას იტყვი რასკოლნიკოვი რომ დაგიძახო?

ჰოდა, ჩემო რასკოლვნიკოვ... არა, ეს სახელი საერთოდაც არ გიხდება, თან რასკოლნიკოვის როლი მე უფრო შემეფერება. სანამ რაიმეს მოგიფიქრებ მეგობარს დაგიძახებ.

ჰოდა, მეგობარო აქედანვე უნდა შეგამზადო - ეს ჯერ კიდევ არაფერია. ეს მხოლოდ ერთ-ერთია იმ გარდამტეხი მოვლენების ჩამონათვალიდან, რომლებმაც მე დღემდე მომიყვანეს.

აი, უსამართლობას კი რაც შეეხება -  წასახალისებლად, ჩემს პროფესიულ დაკვირვებაზე გიამბობ. ეს ძალიან ბევრი კოლეგისაგან მსმენია და მეც დარწმუნებულიც ვარ, რომ, უნივერსიტეტის დამთავრებას შემდეგ ყველა იურისტს  დიადი მიზნები ამოძრავებენ - ვისაც გინდა ჰკითხე, ერთ პასუხს მიიღებ - გეტყვიან, რომ ეს საქმე იმიტომ აირჩიეს, რომ სუსტი დაიცვან და სამართლის სამსახურში იყონ. რა თქმა უნდა, ერთი-ორი ისეთებიც გამოიძებნებიან, რომლებიც მხოლოდ ფინანსურ მოგებაზე ფიქრობენ, თუმცა გულის სიღმეში სამართლიანობის იმედი მათაცც აქვთ. აი, შემდეგ თუ გაუმართლებთ და უმუშევარ დიპლომიანთა რიგებში არ შეაბიჯებენ, პრაქტიკას დაიწყებენ და პირველი თუ არა მეორე საქმე, რომელიც მათ ხელთ აღმოჩნდება, აუცილებლად მოახერხებს, რომ ეს რწმენა ნამსხვრევებად აქციოს.

რატომ გეუბნები ამას? არ ვიცი. მგონი ავირიე. უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ იმ დროს მე ჯერ კიდევ მჯეროდა  სამართლიანობის და შეიძლება ახლაც მჯერა.

ბოლოს და ბოლოს, ისიც ხომ შეიძლება ვთქვათ, რომ ბათუმში ახლა სწორედ სამართლის აღსასრულებლად მივეშურები?

სამართლიანობა და უსამართლობა.

ამ ორზე ჩემს აზრს მოგვიანებით უფრო დაწვრილებით მოგახსენებ.

მოკლედ, ჩემს სასოწარკვეთას დავუბრუნდეთ :

გინდ დაიჯერე, გინდ არა - ჩემი ანარეკლი აიმღვრა და მე ვგრძნობდი როგორ ვიშლებოდი, როგორ მყლაპავდა სივრცე. ამ მდგომარეობას წამით შევეჩვიე. მასში ჩავიძირე. იქნებ, მინდოდა კიდეც უკვალოდ გავმქრალიყავი? ვის არ მოუნდებოდა ჩემს ადგილას?  განა, ასე უფრო მარტივი არ იქნებოდა? არა, გაუჩინარება არ არის გამოსავალი. კი, მას შეუძლია შვება მოგგვაროს. ყველაზე ფაფუკ ქსოვილად შემოგეხვევა გარშემო და მანამ ისრიალებს შენს კანზე, სანამ დრო არ მოვა და როდესაც დრო მოვა, სწორედ ეს ფაფუკი ქსოვილი დახარჩობს.

თვალებიც ამიცრემლიანდა. ნეტავ, ელენე უნდა დამეტირა თუ საკუთარი თავი? ჯანდაბა! ამგვარი კითხვების დასმა საკუთარ თავს მაზიზღებს. რა და როგორც არ უნდა ყოფილიყო, მთავარი სულ სხვაა -  ის ის იყო უნდა მეტირა, რომ კვლავ ჩემს ანარეკლს შევხედე. ახლაც თვალწინ მიდგას, წარმოიდგინე, მეგობარო - თვალებაწითლებული, გაფითრებული ჯერ კიდევ მოუმწიფებელი ელია. არ ვიცი შენ რას იფიქრებდი მისი დანახვისას, მაგრამ  მე ის შემზიზღდა, მისმა საცოდაობამ თანაგრძნობის ნაცვლად სიძულვილი გამიჩინა. თითქოს ჩემი თავი ელენეს თვალებით დამენახა.

იმ წამს გავიგე მისი და სულაც აღარ ვბრაზობდი მის წამოსროლილ სიტყვებზე, მაგრამ საშინლად ვბრაზობდი ჩემს თავზე,

საკუთარ თავს თვალებში ჩავხედე.

ტირილი ავუკრძალე!

რა უფლება მქონდა მეტირა? ან როგორ უნდა დამემტკიცებინა ელენესათვის, რომ მისი დახმარება შემეძლო თუ აბაზანაში ტირილის მეტს არაფერს გავაკეთებდი? - ამას ყველაფერს ხმამაღლა ვამბობდი. ვიმეორებდი.საკუთარ თავს მათ სიმართლეში ვარწმუნებდი.

მინდოდა მთელი ძალით მეღრიალა, მაგრამ მეზობლების წამოძახილების მოსმენის გუნებაზე არ ვიყავი.

-ელია, სახლში ხარ?

პასუხი არ გამიცია. სახეზე წყალი შევისხი. უცებ შევიმშრალე და საკუთარი ანარეკლთან საქმის გარჩევას შევეშვი.

გაკვირვებულ მამაჩემს  აბაზანის კართან გადავეყარე.

ჩემმა დანახვამ დააბნია :

-რა დაგმართნია, ბიჭო?

თითქოს ხუმრობით მკითხა, მაგრამ მე მის შიშს ვგრძნობდი. დავიბენი. არ ვიცოდი რა მეპასუხა. ძალიან მინდოდა გადავხვეოდი.მისი მხარდაჭერა მეგრძნო, ყველაფერი მეამბო და  რჩევა-დარიგება მიმეღო.

ახლა ზუსტად ვიცი რას და როგორ ვეტყოდი, მაგრამ ნეტავ მოზარდი ელია როგორ გადმოსცემდა ამ ამბავს? დამენძრა, მამა! - ალბათ რაიმე ამის მსგავსს იტყოდა. ერთი შეხედვით სასაცილოა, მაგრამ ,ისე, რომ დაუფიქრდე მართლა მაგარი დანძრეული მქონდა, უბრალოდ მაშინ ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებდი რამდენად.

სიჩუმე გაიწელა. უკვე გადაწყვეტილი მქონდა ენისათვის კბილის დამეჭირა, მაგრამ ბოლომდე სურვილსაც ვერ ვძლიე. ვასილის გადავეხვიე. რა თქმა უნდა, ეს ხმამაღლა არ მითქვამს, მაგრამ იმ წამს მამაჩემს მადლობა გადავუხადე.

მადლობელი ვიყავი, იმიტომ რომ ის ასეთი იყო და იმიტომ, რომ მთავარი შეძლო - ჩემთვის სრულყოფილი ოჯახი ეჩუქებინა.

ამისთვის ახლაც მადლობელი ვარ, მამი.

ვაი, რომ ერთი ძალიან ცუდი ჩვევა მახასიათებს  - ბავშვობაში მსაყვედურობდნენ, რომ ზედმეტად პირდაპირი ვიყავი, ამიტომ რაც უფრო ვიზრდებოდი, მით უფრო იშვიათად ვამბობდი ხმამაღლა, თუ რას ვგრძნობ. ეს იმასაც ნიშნავდა, რომ მადლობასაც იშვიათად ვიხდიდი; თუმცა უმადური არასდროს ვყოფილვარ და მადლიერების გამოხატვასაც ჩემებურად ყოველთვის ვცდილობდი.

ნეტავ, ლენამ თუ იცის როგორ მიყვარს?

ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ იცის. ის ხომ ძალიან მგავს - იქნებ, გავიდეს დრო და მანაც ინანოს, რომ ჩემთვის არასდროს უთქვამს, თუ როგორ ძალიან ვუყვარდი.

ვასილისთან მოწამვლა მოვიმიზეზე. მამამ პასუხად გამიღიმა და ოთახამდე მიმაცალა. ერთმანეთს ასე დავშორდით.

მე ის მოვატყუე ,უფრო სწორად, სიმართლე დავუმალე. რატომ?  იმიტომ არა, რომ ვერ გამიგებდა. პირიქით, ვასილისთვის რომ დახმარება მეთხოვა, შეიძლებოდა ყველაფერი სულ სხვანაირად დასრულებულიყო.

დღემდე ხშირად ვფიქრობ იმაზე, თუ რა მოხდებოდა თავის დროზე ვინმესათვის დახმარების თხოვნა რომ გამებედა. სულაც არ იყო აუცილებელი ეს ვასილი ყოფილიყო, მაგრამ მე ვფიქრობდი, რომ ამ საიდუმლოს შენახვით, ელენეს პატივს ვცემდი, მისი გათქმით კი მას გავანადგურებდი.

გამოსავალი ცხვირ წინ იყო, ძალიან ახლოს. მე კი მას ვერ ვხედავდი. ამიტომაც ვგრძონ თავს დამნაშავედ მის სიკვდილში.

ამის უთქმელობა არ გამოვა და დარწმუნებული ვარ, მეგობარო, ამაში შენც დამეთანხმები :

მაგარი ყლე ვიყავი.

***

ლევანს ჩვეულ ადგილას შევხვდი. გაცდენის მიზეზი მკითხა. „მოვიწამლე“- დაუფიქრებლად ვუპახუხე. „დღეს უკეთ ვარ“- მოვალეობის მოხდის მიზნით ესეც დავაყოლე.

ძალიან უსინდისო ადამიანი ვიქნებოდი ლევანისათვის ცუდი ადამიანობა რომ დამებრალებინა. ის ყოველთვის ღელავდა ჩემზე, ჩემი სიხარულიც ახარებდა და ჩემი ცუდიც სწყინდა.  წუხილს თავისებურად გამოხატავდა - დალევას, მოწევას ან ერთ-ერთ მიყრუებულ ბორდელში ვინმე ვიკას მონახულებას მთავაზობდა. პირველ ორზე სისტემატიურ უარს იღებდა. აი, მესამეს კი ხშირად ვთანმხდებოდი. თან მაინც ლევანი იხდიდა - აბა, ჩემი რაღა მიდიოდა?

ახლა არც ვიკა მინდა და არც სიგარეტი. მაგრამ რას არ ვიზავდი ერთი ბოთლი ღვინისთვის!

მერე რა, რომ ლევანი იმაზე გულგრილი იყო, ვიდრე მე ვიყავი ან მე მინდოდა რომ ყოფილიყო. ის ხომ ცდილობდა ჩემს გვერდით მდგარიყო? ჰო, თავისებურად ცდილობდა და ეს ჩემთვის არასაკმარისი იყო, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ მას რაიმე ცუდი განზრახვა ჰქონდა ან არ უნდოდა ჩემი დახმარება.

ეგებ, ზედმეტად სასტიკად მოვიქეცი?

ყველაფერს მეორე მხრიდან რომ შეხედო, ჩვენს შორის შეცდომა მე დავუშვი. მე ვატყუებდი ჩემს მეგობარს, ერთადერთ მეგობარს. მისთვის არც ელენეს ამბავი მითქვამს და არც სირინოზების. მგონი უკვე კარგ მატყუარადაც ვიყავი ჩამოყალიბებული და სულ ტყუილად ვიბრალებ დღემდე, რომ ტყული არ მიყვარს.

ხანდახან, ართქმაც ტყუილია, მით უმეტეს, თუ მაშინ არ ამბობ, როდესაც თქმა აუცილებელია.

მოკლედ, ყველაფერი ძალიან ჩახლართულია!

„რაღაც, ვეღარ გცნობ. ნუთუ, საკუთარ ბრალს აღიარებ?“

ბრალს ვაღიარებ? მე კი მგონია, რომ ვცდილობ საკუთარი თავი რაღაცაში დავარწმუნო. არა იმაში, რომ ლევანი იყო დამნაშავე ან მე ვიყავი დამნაშავე. საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა ჩემთვის ვინ იყო დამნაშავე. აღარ აქვს. შედეგებს ვერაფერი ვეღარ შეცვლის. უბრალოდ მინდა დავიჯერო, რომ ჩვენი მეგობრობა ნამდვილი იყო, წყენა დავივიწყო და მომხდარი მისი თვალით გავიაზრო. კი, ბევრ გასამართლებელ მიზეზს ვუპოვი - ამაში უკვე გავიწაფე, მაგრამ ტკივილი არ ქრება და ის დღითი დღე უფროდაუფრო მღლის.

„ამბავს უხვევ!“

ხოდა, ზედმეტს ნუღარ მეძიები!

ელენეს თვალი ეზოში შესვლისთანავე მოვკარი. მანაც დამინახა. თავი ამარიდა. რა გაეწყობოდა? ზედმეტად მისი შეწუხება არ მინდოდა. ლევანმაც შეამჩნია, რომ გაკვეთილებზე ელენეს ზურგს გამოშტერებული ვუყურებდი. ალბათ, ისიც დაასკვნა, რომ მის მიმართ გულგრილი არ ვიყავი, მაგრამ ჩემთვის არაფერი უთქვამს. ეტყობა გადაწყვიტა პატივი ეცა ჩემი სიჩუმესთვის, ისევე, როგორც მე ვცემდი პატივს ელენეს სიჩუმეს.

რა გამოვიდა?  - ყველაფერში დამნაშავე ურთიერთპატივისცემა ყოფილა?

ელენესთან საუბარი გაკვეთილების დასრულების შემდეგ ვცადე. სახლამდე გაცილება შევთავაზე.  ცივი  უარი მივიღე - არაფერი უთქვამს. პასუხი თავის მოძრაობით მანიშნა. მისმა მზერამ ადგილზე გამყინა. ეტყობა, იმის ღირსიც არ ვიყავი, რომ ჩემთვის ძვირფასი სიტყვები დაეხარჯა.

ელენე სიტყვების ადამიანი არ იყო, უფრო მოქმედების. მე კი - პირიქით.

სახლისკენ გაეშურა, მე კვლავ მის ზურგს ვუყურებდი. ამასაც უკვე შეჩვეული ვიყავი.

იგივე განმეორდა შემდეგ დღესაც.

იმის შემდეგ დღეს კი აშკარა უკეთესობა შევნიშნე - უარი სიტყვიერად მითხრა, სხვა მხრივ არაფერი - ის თავის გზას დაადგა, მე ჩემსას. ჭიშკართან ლევანი შემხვდა. თურმე მელოდებოდა. ყველანაირი წინაპირობისა და მორიდების გარეშე - „ელენე გიყვარს?“ - პირში მომახალა. არ ვიცოდი რა მეპასუხა. ჩემი სიჩუმე თანხმობად ჩათვალა. შემდეგ გრძელზე გრძელ ჭკუა-დარიგებას მოჰყვა. მამშვიდებდა. „ცხვირი ნუ ჩამოგტირის“ „რა გჭირს“ „გოგოა თავს იფასებს“ „ცოტაც მოიცა და გატყდება“ და კიდევ ათასი ამდაგვარი რჩევა მივიღე. ეს ყველაფერი შეიძლება გამოსადექი ყოფილიყო ელენე რომ ვინმე სხვა ყოფილიყო, მაგრამ ის ელენე იყო.

მოკლედ, ჩემი მეგობრის რჩევების მოსმენას აზრი არ ჰქონდა, თუმცა ვერ დავუკარგავ - გუნება გამომიკეთა.

შემდეგი დღეებშიც არაფერი შეცვლილა:

გაკვეთილი გაკვეთილს მიჰყვებოდა, საათი საათს. ლევანის ერთი რჩევა, მეორეს. დღის ბოლოს ელენეს სახლამდე გაყოლას ვთავაზობდი. კვლავ უარს ვიღებდი. სახლში უხალისოდ ვბრუნდებოდი. გული მტკიოდა. დავალებებს ვასრულებდი. ვასილისთან ერთად ვსაუზმობდი. ბევრს არ ვლაპარაკობდით. თავიდან ვბრაზდებოდი რომ არაფერს მეკითხებოდა, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ არ უნდოდა ჩემს საქმეში უხეშად ჩარეულიყო ან რა აზრი ჰქონდა რაიმეს კითხვას. მაინც არაფერს ვეტყოდი.

დაძინება მიჭირდა. ვწვებოდი და ვფიქრობდი, ხანაც ვლოცულობდი, ხანაც წარმოსახვაში ვიძირებოდი. დილით კი იმ იმედით ვიღვიძებდი, რომ საღამოს ელენეს სახლამდე გავაცილებდი. ერთი სიტყვით, რუტინას მივყვებოდი.

ასე მიიწურა კვირა.

შემდეგ ან ღმერთმა გადმომხედა ან ბოლოს და ბოლოს ჭკუა გამეხსნა :

ორშაბათს გადავწყვიტე, რომ საწყალ, უიმედო ელიად ყოფნა მომბეზრდა! დღის ბოლოს ელენესთან უნდა მელაპარაკა. ძალიან სწორი სიტყვები უნდა შემერჩია. ყველა წინადადებას წინასწარ ვწონიდი. მისი პასუხების გათვლას ვცდილობდი და ამ ყველაფერში ისე გავერთე, რომ ვერ შევნიჩნე როგორ დაიწყო პირველი გაკვეთილი. მასწავლებელმა სიის კითხვა დაიწყო. ყველა ადგილზე იყო ელენს გარდა.

რა უნდა მეფიქრა? წამოვხტი. გული მერევა-მეთქი დავიყვირე და საკლასო ოთახიდან გავვარდი. მასწავლებელი ლევანის იმედად დავტოვე. იმედი მქონდა რაიმე დამაჯერებელ ტყუილს მოიფიქრებდა, მაგრამ გინდ ასე არ ყოფილიყო, საერთოდ არ მანაღვლებდა მასწავლებელი რას იფიქრებდა.

ეზოში ძებნას აზრსმოკლებულად მომეჩვენა. გამიმართლა, რომ ჯერ ბატონ ზაზას ჭიშკარი არ ჩაერაზა და გასვლა მოვახერხე. საით  უნდა წავსულიყავი? გზააბნეული აქეთ-იქით დავრბოდი. ხან ერთ სადარბაზოს ვაწყდებოდი, ხან- მეორეს. ელენე არსად ჩანდა. ყველგან მისი გმინვა მელანდებოდა. საშინელებებს წარმოვიდგენდი. გული ისე მიფეთქავდა, მეგონა სადაც იყო წავიქცეოდი. ძალიან დავიღალე. ისევ სპაზმებმა შემომიტიეს. არა, ამის დრო არ იყო! არ უნდა მიმეცა საშუალება მღელვარებას ჩემთვის თავ-გზა აერია. სადღაც იყო ელენე და მას ჩემი დახმარება სჭირდებოდა, მაგრამ რა ჯანდაბის გაკეთება შემეძლო? ღმერთია მოწმე, მზად ვიყავი ბათუმის ყველა სადარბაზოში მომეძებნა, მაგრამ რომ დამეგვიანა?

ბოლოს სკოლაში დაბრუნება გადავწყვიტე. მის მისამართს გავიგებდი და პირდაპირ სახლთან მივაკითხავდი. მაგრად კი გამომლანძღავდა, მაგრამ იმათ მაინც ღირდა, რომ ჩემი ეჭვებისგან განვთავისუფლებულიყავო.

ჰოი საოცრებავ, თურმე სულ ტყუილად ვშფოთავდი. უკან მიბრუნებულს ჩაკეტილ ჭიშკართან საღ-სალამათი ელენე აბაშიძე დამხვდა.

შვებით ამოვისუნთქე.

-რატომ დაიგვიანე?- მისალმებისა და ყოველი ფორმალობის გარეშე უხეშად ვკითხე.

-შენ გაკვეთილზე რატომ არ ხარ?

-იმიტომ, რომ გეძებდი.

-ერთი შემახსენე - როდის გთხოვე ჩემი ძიძა ყოფილიყავი?

ეს ნეიტრალური ტემბრი ჭკუიდან მშლიდა. კვლავ თავს მესხმოდა. იმის მიუხედავად, რომ ზუსტად იცოდა, თუ რატომ ვეძებდი. მას ჩემი პასუხების მოსმენა უნდოდა.  იმ მცირე დროში მის ჩვევებს საკმაოდ კარგად გავეცანი. ამიტომაც სიტყვა მშვიდად განვაგრძე. შეძლებისდაგვარად მშვიდად :

-ჩემთვის ძიძობა არ გითხოვია, მაგრამ იმ წამიდან, როდესაც შენი ამბავი მომიყევი, გარკვეული პასუხისმგებლობა დამაკისრე.

არ შემაწყვეტინო! ახლა შენ მომისმინე!

ვიცი. დარწმუნებული ხარ, რომ ვერ გავიგებ, თუ რას განიცდი და მართალიც ხარ - რა თქმა უნდა, ვერ გაგიგებ. მე იგივე არ გამომივლია. ღმერთო, მე შენს ადგილას თავის წარმოდგენაც კი მაშინებს! შენი გამძლეობით აღტაცებული ვარ. არა იმიტომ, რომ ქალი ხარ - იმიტომ, რომ წარმოუდგენლად ძლიერი ადამიანი ხარ!

გაიგე, რომ შენი ტანჯვის მისაკუთრებას არ ვცდილობ და საერთოდაც არ მგონია, რომ  ის, რაც ხდება ამაღელვებელი ზღაპარია! არც მე ვარ გმირი. საამისო თვისებები საერთოდაც არ გამაჩნია. შენი ნებაა მომცემ თუ არა უფლებას, რომ მეც ვიყო არა ამ ამბის, არამედ შენი ცხოვრების ნაწილი. მაგრამ გინდ ეს არ გინდოდეს, უბრალოდ მომეცი საშუალება დაგეხმარო. ხომ ხედავ როგორ ძალიან მინდა გვერდში დაგიდგე.

ხმა გამიწყდა. ყველა წინადადება, რომელიც დილით დავალაგე სადღაც გაიფანტა. არადა, კიდევ ბევრი რაღაცის თქმა მინდოდა.

პატარა შეჯამების გაკეთება მაინც მოვახერხე  :

-უბრალოდ დაინახე, რომ შენსკენ ვარ.

ბოლოს უნდა მეთქვა, რომ მიყვარდა, მაგრამ საჭიროდ აღარ ჩავთვალე.

ძალა გამომეცალა, მაგრამ გინდ ასე არ ყოფილიყო ზარი უკვე დარეკილიყო; ბატონი ზაზაც ჭიშკრის გასაღებად მოემართებოდა.

ჩვეულ მდგომარეობას დავუბრუნდით. ისევ რუტინა - გაკვეთილები, უხერხული შეგრძნებები. არ ვიცოდი მეტი რა მომემოქმედა რომ ელენეს ჩემი ხმა გაეგონა.  აღარაფრის იმედი აღარ მქონდა.

დამარცხება ვაღიარე.

ყველაფერი უნდა დამევიწყებინა და ძველ ერთფეროვნებას დავბრუნებოდი.

სწორედ ამ განწყობით დავტოვე სკოლის ეზო დღის დასასრულს, მაგრამ ელენე დამეწია :

-ელია, სახლამდე არ გამაცილებ?

-უარი რომ გითხრა?

-არ მეტყვი.

-და უკეთესი რომ შემოგთავაზო?

-გისმენ.

-სანაპიროზე ხომ არ გაგვესეირნა?

-ცივა.

-მით უკეთესი - ხალხი არ იქნება.

-კარგი. წინ გამიძეხი.

-არ ჩამომრჩე.

სანაპირომდე ორასამდე ნაბიჯიც არ იყო გასავლელი. ერთ-ერთი მიზეზი , რის გამოც, ჩემი სკოლა მიყვარდა.

გზას ჩუმად გავუყებით. ხან მე ვაპარებდი თვალს ელენესკენ, ხან ის ჩემკენ. თუკი რომელიმე ამას შევამჩნევდით, ერთამენთს ღიმილით ვახვედრებდით, რომ ყველაფერი კარგად იყო.

მართლაც ციოდა. წინა დღით ეწვიმა. ქვიანი სანაპირო მორუხო-მოლურჯოდ ელავდა. ფეხზე გავიხადეთ და შედარებით მზიანი ადგილი მოვნახეთ. არ შევმცდარვარ - არავინ იყო.  ტალღები ერთმანეთს ეხეთქებოდნენ. ჩვენ გვერდიგვერდ მოვკალათდით.  მათ ხმას ვუყურადებდით.  განვლილი დღეების შემდეგ პირველად ვიგრძენი თავი მშვიდად.

დიდი სიამოვნებით, დავიჯერებდი, რომ მუდამ ასე გაგრძელდებოდა.

ხმის ამოღება პირველმა  მაინც მე გადავყწვიტე:

-ელენე, უნდა დავილაპარაკოთ.

-ვიცი. მაგრამ ძნელია, ელია. ამდენი წელი ამ ამბავს ჩემთვის ვინახავდი. ახლა ალაპარაკება იმაზე რთულია, ვიდრე მეგონა.

-წარმომიდგენია.

-მაგრამ იცი რა არის ლაპარაკზე რთული? სწორი მსმენლის შერჩევა. მე არ შევხვედრივარ მას, ვინც ჩემს ამბავს მოუსმენდა, სწორად აღიქვამდა და ათასი უაზრო კითხვის მაგივრად, უბრალოდ საკუთარ თანადგომას გამოხატავდა.

შენმა სიტყვებმა დამაფიქრეს. ხო, შეიძლება მართლა ვცდები და არ გაძლევ საშუალებას დამეხმარო. ძალიან გთხოვ ნუ გამამტყუნებ. ნურც იმას მეტყვი, რომ ადამიანებში კარგის უნდა მჯეროდეს. ეგ დრო  უკან დარჩა.

შენ ფიქრობ მე მეზიზღები იმის გამო, რომ ზღაპრების არსებობის გჯერა? პირიქით, ძალიან მშურს შენი. სწორედ, ამიტომ, როდესაც შენი ამბების მოსმენისას შენს მიამიტ მზერას ვუყურებ, მახსენდება, რომ მე ეს ყველაფერი დავკარგე - ბავშვობა, გულუბრყვილო, უაზრო სიხარული.

ღრმარდ ამოისუნთქა. ლაპარაკი უჭირდა :

-ჩვენ ყველაფერს სხვადასხვანაირად ვხედავთ - ჩემთვის რეალობა მძიმეა. შენ კი თითქოს ფრთები გაქვს, რომლითაც  ცაში დაფრინავ.

მეშინია, რომ ერთხელაც გაფრინდები, მაგრამ მე ვერ გამოგყვები. იმიტომ, რომ ერთ დღეს გავიღვიძე და ფრთები მომაჭრეს.

ერთამენთს არ ვუყურებდით. თითქოს ელენე ტალღებს ესაუბრებოდა, მე კი მათ ვუსმენდი. აღელვებულს ჩვენი გულის გამოძახილს ვატანდით და მათაც მიჰქონდათ ის სადღაც ღრმად. იქ, სადაც ცურავდნენ სირინოზები.

სიჩუმე ამჯერად ელენემ დაარღვია :

-ვიცი, რომ შენ ძალიან კარგი ბიჭი ხარ. ეს პირველივე დღეს შევამჩნიე. კეთილი გული გაქვს, ალალი გამოხედვა. ყველასთვის კარგი გინდა.

გაეცინა.

-დამიჯერე ძალიან მინდა ჩემს შესახებ ყველაფერი გიამბო. შენზე შესაფერის ადამიანზე ვერ ვიოცნებებდი.

-მაშინ რაღატომ...

-იმიტომ, რომ მეშინია - არ ვიცი ამ ყველაფერს თუ გაუძლებ. არ მინდა ზედმეტი ტვირთად დაგაწვე.

-თუ ასე ფიქრობ - ყველაფერი მიამბე. იმ დღეს ხომ მითხარი, რომ შენს მაგივრად გადაწყვეტილება არ უნდა მიმეღო? ნურც შენ მიიღებ ჩემს ნაცვლად

-კარგად დაგიმახსოვრებია.

-учусь у лучших

-იცოდე, მე გაგაფრთხილე.

-მეც გავფრთილდი.

-კარგი. რისი გაგება გინდა?

-ყველაფრის  ცოდნა მინდა შენს შესახებ, ელენე.  მაგრამ გეხვეწები ,პირველ რიგში, გამაგებინე - რატომ არ ეუბნები არავის იმის შესახებ, რომ მოძალადე მამა გყავს? დახმარებას რატომ არავის თხოვ?

-მამაჩემი და დედაჩემი მაშინ განქორწინდნენ, როდესაც თოთხმეტი წლის ვიყავი. მათი განშორება რთულად არ გადამიტანია. ჩემთვის აბაშიძეების ოჯახს უკვე დიდი ხანი ერქვა დანგრეული. რაღა მნიშვნელობა ჰქონდა ერთად ვიცხოვრებდით თუ არა? მუდმივი ყვირილის, მსხვრევისა და გინების მოსმენა მაინც აღარ მომიწევდა. თავიდან სცადეს, ყველაფერი მშვიდობით მოეგვარებინათ, მაგრამ ქონების გაყოფაზე ვერ შეთანხმდნენ. დაიწყო პროცესები. სასამართლო დარბაზებში გაწელილი საათები. ბოლოს, როდესაც მნიშვნელოვანი, ანუ მანქანის, სახლის და აგარაკის, საკითხები ამოწურეს,  იმისთვისაც მოიცალეს, რომ ჩემი მეურვეობა განეხილათ.

მზერა გამისწორა. მის ჩასისხლიანებულ თვალებში ჩავიძირე.

-იცი რა გავაკეთე? სასამართლო დარბაზში წამოვდექი და ყველას თანდასწრებით განვაცხადე, რომ მე დედასთან არ ვიცხოვრებდი და თუ მამასთან ცხოვრების ნებას არ დამრთავდნენ, სადმე გავიქცეოდი!

დავიბენი, მაგრამ რაღაც აუცილებლად უნდა მეთქვა. მოვლენები უცებ ავწონ-დავწონე :

-როგორც ვხვდები, განქორწინების შემდეგ დაიწყო მამაშენმა სმა?

-არა, მანამდეც არ აკლებდა. უბრალოდ მანამდე ჯავრს დედაჩემზე იყრიდა, შემდეგ, როდესაც დედამ თავი დააღწია ჩემი ჯერი დადგა. ისე მართლა, დედაჩემს - ირინე ქვია, მამაჩემს ერეკლე. არ მიყვარს, როდესაც დედასა და მამას ვეძახი. თან ხომ გინდა, რომ ბოლომდე გულწრფელი ვიყო, არა?

-ვერ ვხვდები თუ იცოდი როგორი იყო მამაშენი, მასთან ცხოვრება რატომღა მოინდომე?

-იმიტომ, რომ ირინეზე ნაწყენი ვიყავი. ძალიან ნაწყენი და თუ დამიჯერებ ყველა ის სისხლჩაქცევა, ტკივილი და შეურაცხყოფა ბევრად იოლი გადასატანია, ვიდრე ის, რაც მან გამიკეთა.

ბრაზი მოერია.

ერთ მუჭა კენჭებს ზღვაში გადაუძახა.

-პირველად, ირინემ მაგრძნობინა, რომ ჩემი თავის გარდა სხვა არავის იმედი არ უნდა მქონოდა. პირველად მან დამანახა, რომ მე ხმა არ მქონდა ან მქონდა და მის გასაგებად ყურს არავინ დაიფერთხავდა.

ერეკლე შეიძლება მცემს, მაგრამ ვერ ახერხებს, რომ მატკინოს. ვეღარ ახერხებს. ირინესთან ჩემი საუბრების  გახსენება კი ნაწილებად მშლის.

ის იგავ-არაკი როგორ არის? აი, დათვი და ვიღაც კაცი რომ დაძმაკაცდებიან. გამახსენდა-  ენით დაკოდილი! დაახლოებით იგივეს თქმას ვცდილობ.

-თუ არ გინდა. შეგიძლია არ მომიყვე.

-არა, ეს ყველაფერი თუ არ გეცოდინება ვერასდროს გამიცნობ. შენ არ მითხარი დახმარება მინდაო?

-კი. გითხარი.

-ჰოდა ამ ამბების ცოდნის გარეშე სრულ სურათს ვერ წარმოიდგენ და ვერც ვერაფერს გაიგებ. ასე, რომ გილოცავ - ეს ბედნიერება შენთავს მიუსაჯე.

-ყურადღებით გისმენ.

ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა.

ასეთი უსუსური გამომტეყველება მაშინაც კი არ ჰქონია, როდესაც სადარბაზოში ვნახე.

რისთვის უნდა ვყოფილიყავი მზად? ვცდილობდი არ შემემჩნია, მაგრამ დავიძაბე.

-ირინეს ჩემთვის არაფერი დაუშავებია. აი, ირინეს ძმას კი, ბიძაჩემ გრიგოლს, ჩემთან თამაში უყვარდა. ხშირად მტოვებდნენ მასთან. მისი ინიციატივით, რა თქმა უნდა. ჩემს მშობლებსაც ახარებდათ ბიძის ყურადღება. ერჩივნათ ოჯახის წევრების გარემოცვაში გავზრდილიყავი და არა ძიძასთან.

აბა, რა იცოდნენ, რომ გრიგოლის პატარა გოგოები უყვარდა. არც მე აღმოვჩნდი გამონაკლისი.  ვინ იცის მერამდენე ვიყავი? ახლა რომ ვუფიქრდები ფაქტია, რომ უკვე ამ საქმეში გაწაფული იყო. ძალიან სწორ სიტყვებს არჩევდა. მეც დებილივით მის ჭკუაზე დავდიოდი. ხან ვიხდიდი, ხან მას ვხდიდი.

გაგიჟებული წამოვხტი. ვფიცავ, სულ ცოტა მაკლდა, რომ სიბრაზისგან ტალღებში არ შევვარდნილიყავი.

-ნაბოზარი!

ელენე ყურადღებას არ მაქცევდა. ამბავს ისე განაგრძობდა თითქოს მე სულაც არ მიყვებოდა :

-ნეტა, რამდენი წლის ვიყავი პირველად - ათის თუ თერთმეტის? მაშინ ვერ ვაცნობიერებდი რას ვაკთებედი. ვერ ვაცნობიერებდი რა მიზანი ჰქონდა ამ თამაშს ან რატომ მთხოვდა მის შესახებ არავისთვის მომეყოლა.

-სექსი გქონდათ? - ჩემდაუნებურად დავიყვირე.

შესწორება : თუ ოდესმე მსგავს ამბავს გაიგებთ, ეს კითხვა არასდროს დასვათ!

-ხმას დაუწიე!

-როგორ შეგიძლია ახლა სიწყნარე მომთხოვო?

ელენეც წამოდგა. თვალებში ჩამხედა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემთვის გარტყმა უნდოდა.  მე თავს არ შევიკავებდი და მის ადგილას ჩემს თავს მაგრად ვუთავაზებდი!

-არა!  დამშვიდდი?! შეგიძლია ამიხსნა სექსი რა არის? პენეტრაცია?! არა, არ გვქონია.  ამას როგორ მეკითხები?  თუ  საქმე ბოლომდე არ მიუყვანია და ყველაფერი შეხებასა და მასტურბაციას არ გასცდენია, ესე იგი, ნაკლებად დამნაშავეა? თუ ნაკლებად შეურაცხყოფილად უნდა ვგრძნობდე თავს? მიპასუხე!

ძალიან შემრცხვა. თავჩაღუნულმა ვკითხე:

-დედაშენს მოუყევი?

-კი, ელია. იცი საპასუხოდ რა მივიღე? არაფერი! - „ეგ მეორედ აღარ გაიმეორო“- მიღრიალა და სახეში გამარტყდა. შენი აზრით, რას იზამდა? საკუთარ ძმას დაუჯერებდა თუ ცამეტი წლის ლაწირაკს? ირინეს შესახებ საკმარისი არ მოგიყევი? მისთვის მთავარი ოჯახის სურათი იყო. მას იმდენად ანაღვლებდა ვინ რას იფიქრებდა და რას იტყოდა, რომ მზად იყო თავისი ერთადერთი ქალიშვილი ამ ტკივილისთვის გაემეტებინა.

-ელენე...

-მაგრამ სხვა რისი იმედი უნდა მქონოდა? ისიც ხომ უსიტყვოდ იტანდა მამაჩემის დარტყმებს. ეტყობა სისხლში მაქვს ეს ყველაფერი. აბა,  ახლა გამამტყუნე, რომ არავის არაფერს ვეუბნები ერეკლეზე!  რომ აღარ მაქვს იმედი ვინმეს დახმარების. ნეტა, წარმოდგენა მაინც თუ გაქვს სად ვცხოვრობთ.

შემომხედე!

იცი ჩემს ალაპარაკებას შედეგად რა მოჰყვება? წარმოიდგინე სტატიები სათაურით - „თავად პარლამენტარ, ერეკლე აბაშიძეს, შვილის ძალადობაში ბრალს დებენ“. წლის პოლიტიკური სკანდალი! ათასი გულშემატკივარი გამომიჩნდება. ყველა იტყვის - საწყალი გოგო. ეს რამდენი გადაუტანიაო“. მაგრამ ეს კიდე არაფერი - ბევრი ყველაფერს მე დამაბრელებს. იფიქრებენ, რომ ეს ყველაფერი გამოვიგონე და დამიჯერე არც იმის თქმა მოერიდებათ, რომ ამის ღირსი ვიყავი!

ის ის იყო, პირი გავაღე რაიმეს სათქმელად, რომ მანიშნა გავჩუმებულიყავი.

-არაფერი არ მითხრა.

ხმას დაუწია :

-უბრალოდ გთხოვ. იმედი არ გამიცრუო.

-რას გულისხმობ?

-პირველი ადამიანი ხარ, ვისაც ეს ყველაფერი მოვუყევი. ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.

-დამიჯერე, ჩემთვისაც.

-ჰოდა, გთხოვ, იმედი არ გამიცრუო.

ნეტავ, რამდენჯერ მითქვამს ერთი და იგივე - რამდენჯერ მომიხდია ბოდიში შენს საფლავთან, ელენე. არც შვებას ვგრძნობ და არც გამეორებით ვიღლები :

მაპატიე, შენც კი იმედი გაგიცრუე.

არა, რა -  ჩემი თავისთვის ტირილი არ უნდა ამეკრძალა.

”ერთი კითხვა მეც მაქვს,ელია“

დროულია, მეგობარო. გისმენ.

„როგორც მივხვდი, ელენე სულ ფიქრობდა, რომ თქვენ ორნი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულები იყავი, არა?“

-კი ეგრე იყო.

„ელია, თუ მართლაც ასეთი განსხვავებულები იყავით,  ელენესი და შენი საუბარი ასე ძალიან ჩემსას და შენსას რატომ მაგონებს?“

***

თავი ძალიან ამტკივდა.

მეგობარო, სად ხარ?

არა რა, ოღონდ ახლა მარტო ნუ დამტოვებ!

გეგონება, ვინმეს ჩემს თავში გაფუჭებული რადიო ჩაეგდო. რაც უფრო ვცდილობ თავს ძალა დავატანო და არეული სიხშირე დავალაგო, მით უფრო საშინელ შედეგამდე მივდივარ. აუტანელი ხრიწინის მეტი არაფერი მესმის.

როგორ დამღალა ამ ყველაფერმა!

დაბეჩავებულხარ, ელია - რამდენიც არ უნდა უარყო, ამ წლებს უკვალოდ შენთვის არ ჩაუვლიათ.

სუნთქვა მიჭირს.

თითქოს ყელი ჩირქით მქონდეს სავსე.

ვიხრჩობი.

კიდევ კარგი, სადგურში ბოთლი წყლის ყიდვა მაინც მომაფიქრდა. თავას ძალას ვატან და წყალთან ერთად ყელში გაჩხერილ ბურთსაც ვყლაპავ

ეს შეგძნება წლების წინ მაბრუნებს.  ჩემსა და ჩემს წარსულს შორის ჩამოწოლილ ფარდას ნაწილებად ფხრეწს. მის მეორე მხარეს სიბნელეა. თვალი ნელ-ნელა ეჩვევა და არჩევს მძინარე ბიჭს. ის ღრიალით იღვიძებს. ნახევრად შიშველი სამზარეულოში გარბის. ცივ წყალს პოულობს. ღია მაცივრის წინ მუხლებზე ვარდება  და სუნთქვის მოთქმას ცდილობს.

რა თქმა უნდა, ეს ბიჭი მე ვარ. უფრო სწორად ვიყავი. ძალიან ადრე - მაშინ,  როდესაც საშინელი სიზმრებს ვხედავდი და მათ რეალობისაგან ვეღარ ვარჩევდი.

ახლა  ჩემი სიზმრების დაწვრილებით გახსენება არ ღირს. არაფერი საინტერესო. ყველა ერთამენთს ჰგავდა. უბრალოდ მოქმედების ადგილი იცვლებოდა. მათში საკუთარ თავს ვერ ვხდევადი, ვერც ვერავინ მხედავდა, შეიძლება სულაც არ ვარსებობდი.

საკუთარ სიზმრის დაუპატიჟებელი სტუმარი ვიყავი.

ე, არადა, რა  კარგად ჟღერს!

მოკლედ, ისე იყო თუ ასე, ყოველ სიზმარში ელენეს უკან მივყვებოდი. მოგეხსენებათ, უკვე ჩვევად მქონდა მისი ზურგის ცქერა. ხან ხმისამოუღებლად მივყვებოდი, ხანაც ვეძახდი, ვემუდარებოდი გაჩერებულიყო.

მას ჩემთვის არასდროს უპასუხია. მიაბიჯებდა წინ - მანამ, სანამ ყველა ქუჩას უკან არ ჩამოიტოვებდა და სიცარიელეში არ შეაბიჯებდა. იქ კი ის ელოდა. მას სახე არ ჰქონდა, მაგრამ მისი შიშველი, ტლანქი სხეულის წარმოდგენა ახლაც გულს მირევს.

მე  რამდენიმე ნაბიჯით უკან ვრჩებოდი.

გამოღვიძებას ვნატრობდი.

ვერ ვმოძრაობდი.

თვალებსაც კი ვერ ვახამხამებდი.

უბრალოდ ვუყურებდი :

როგორ ხდიდა.

როგორ ეხებოდა.

როგორ იპყრობდა.

საბედნიეროდ, ნელ-ნელა ორივეს სიბნელე ედებოდა და მე მარტო ვრჩებოდი - სიცარიელეში მოლივლივე და მხოლოდ მაშინ ვიღვიძებდი, როდესაც ტალღადქცეულ კაცის ნასიამოვნებ ოხვრას ვეჯახებოდი.

მაშინ სულ რაღაც ჩვიდმეტი წლის ვიყავი და რაღა თქმა უნდა, რომ ეს ყველაფერი ჩემზე საუკეთესოდ არ ასახულა. საკუთარი სხეული შემზიზღდა. გულის გადაყოლება სხვადასხვა „ვიკასთან“  რამდენჯემე ვცადე, თუმცა ყოველ ჯერზე მეც გულდაწყვეტილი ვრჩებოდი და ისინიც.

ეჰ, სატრაბახოდ ნამდვილად არ მქონდა საქმე!  საკმარისი იყო ქალის შიშველი სხეული დამენახა ან უბრალოდ წარმომედგინა, რომ იქვე გამოჩენას არ დააყოვნებდა ჩემი ტლანქი „ძმაკაცი“, რომელიც ერთი ფალოსის მოსმით ჩემს პოტენციასთან ერთად გაუჩინარდებოდა და დამტოვებდა მარტოს ელენე აბაშიძის ზმანებასთან ერთად.

ვაი, რომ გულის სიღრმეში ვიცი, თუ რას ნიშნავს ეს ხრიწინი. უბრალოდ მისი მოსმენა არ მინდა.

ეს აზრიც ძველი დროიდან იღებს საწყისს და დღემდე ერთგულად მომყვება. ჰო, ჩემი ტანჯვის ერთადერთი მიზეზი მხოლოდ სიზმრები არ ყოფილან. არც დღისით ვგრძნობდი თავს უკეთესად, რადგან ჩემი გონება ყოველ წამს, დაუსრულებლად ერთსა და იმავეს იმეორებდა :

„რაიმე უნდა მოიქმოდო“

მოგონებებს ვერსად გაექცევი, თუმცა უნდა ვაღიარო მათთან ბრძოლის საკმაოდ მოსახერხებელ ხერხს მივაგენი. დაილოცონ, ჩემი კლიენტები, რომლებიც მადლიებერას ძვირიანი არყით, ღვინითა თუ სხვადასხვა სასმლით გამოხატავდნენ!

მაგრამ მანამ, სანამ ალკოჰოლს გემოს გავუგებდი, უძილობამ და მუდმივმა შფოთვამ კვალი სახეზეც დამამჩნია, თუმცა ჩაშავებული, ჩასისხლიანებული თვალებსა და ჩაცვენილი ლოყებს თუ არ ჩავთვლით, ამ ყველაფერს  დადებითი  მხარეც ჰქონდა - წონაში საგრძნობლად დავიკელი!

ბევრს რომ აღარ მივედ-მოვედო, მოკლედ ვიტყვი - მე ვიცვლებოდი და თანაც არა უკეთესობისაკენ.

რა თქმა უნდა, ეს ცვლილება ვასილისაც არ დარჩენია შეუმჩნეველი. მამა ზედმეტ კითხვებს არ მისვამდა, თუმცა მის მზერაში აშკარა გაურკვევლობას ვხედავდი, რაც უნდა ვაღიარო მაბრაზებდა.

არა, „მაბრაზებდა“ შეუფერებელი სიტყვაა -  ალბათ, უფრო გული მწყდებოდა. ხო, გული მწყდებოდა, რადგან, მჯეროდა, რომ რაღაც მაგიურ ხერხს მონახავდა ყველაფრის გასარკვევად.

როგორ ბავშვურადაც არ უნდა ჟღერდეს - ვასილი ჩემი გმირი იყო.

ე, ხმა სადღაც რომ არ გადაკარგულიყო, ალბათ - „რატომ იყო?“ - რაღაც ამდაგვარს აუცილებლად მკითხავდი და მართალიც იქნებოდა - არ იყო. შევასწორებ - ვასილი ჩემი გმირი არის.

ღმერთო ჩემო, ელია! -  როგორი უსამართლო იყავი! დროში უკან დაბრუნება, რომ შემეძლოს ჩემს თავს სახეში მუშტს ვუთავაზებდი.

სადღაც წამიკითხავს - ხშირად გვავიწყდება, რომ მშობლებიც ადამიანები არიანო.  არ ვიცი, სამწუხაროა თუ საბედნიერო,  მაგრამ ამ სიტყვების სიმართლეც მაქვს საკუთარ ტყავზე შეგრძნებული.

ცხოვრებამ მწარედ დამცინა, როდესაც  ეს გაუგებრობა საკუთარ თავზე გამომაცდევინა. ადრე, წლების წინ, მაშინ, როდესაც ლენას ჯერ კიდევ ჩემი იმედი ჰქონდა, როდესაც ჩემგან რჩევას ელოდა და ჩემს სიტყვას მისთვის ფასი ჰქონდათ. მე ვხედავდი, რომ მას აშკარად სჭირდებოდა მამა, რომელიც უბრალოდ გვერდში დგომას აგრძნობინებდა, ამბავს გამოჰკითხავდა, მოუსმენდა და ჭკუას დაარიგებდა.

მე რა გავაკეთე? არ ვიცოდი რა მექნა, ამიტომ გვერდზე გავდექი. ჩემი ქალიშვილი ყველაფერს მარტო გაუმკლავდებოდა!  აი, სამაგალითო, ღირსეული მამის საქციელი!

მგონი,  ჯობდა თავის დროზე, ნიტას მაგივრად, მე დამეკარგა მეურვეობა.

ნეტავ, ლენას თუ უღიარებია ოდესმე ვინმესთან ან საკუთარ თავთან, რომ მამამ იმედები არა ერთხელ გაუცრუა? - თუ, შესაძლებლობა მომეცემა, ამას აუცილებლად ვკითხავ.

დაიცა ეს ყველაფერი რას მოვაყოლე?

სიტყვა გამიგრძელდა.

ჩემმა შედარებამ არ შეგაცდინოთ, ვასილის მსგავსი შეცდომა არასდროს დაუშვია - მარტო არასდროს მივუტოვებივარ. მერე რა, რომ არ იცოდა რა მაწუხებდა? რამდენჯერაც დაინახავდა, რომ უხასიათოდ ვიყავი, სამზარეულოში მიხმობდა - ხუმრობდა, ჩემს საყვარელ კერძებს მიმზადებდა, ახალგაზრდობაში გადახდენილ სხვადასხვა ამბავს მიამბობდა - ერთი სიტყვით, ძალას არ იშურებდა, რომ ჩემთვის განწყობა გამოეკეთებინა.

მეც რაღა დამრჩენოდა? თავს ძალას ვატანდი - მის ხუმრობებზე ვიცინოდი, მის ამბებს შეძლებისდაგვარად ინტერესით ვუსმენდი, ხოლო მის მომზადებულ კერძებს ძალით  ბოლომდე ვჭამდი.

არ მინდოდა მეგრძნობინებინა, რომ მის მცდელობას ვერ ვხედავდი ან რომ ეს ყველაფერი აზრსმოკლებული იყო -  თანაც მე ხომ უკვე გამოცდილი მქონდა, თუ რას ნიშნავდა მთელი არსებით შეგეგრძნო საკუთარი უუნარობა. არა, მე ამ ტკივილის ვასილისთვის ვერ გავიმეტებდი.

ვასილი  სამი წლის წინ გარდაიცვალა. მარტო. ჩვენს სახლში. მეეჭვება ასეთი სიკვდილი ესურვა ან შეიძლება სულაც ასეთ სიკვდილზე ოცნებობდა. დანამდვილებით ვერ ვიტყვი.

ბოლო წლების განმავლობაში იშვიათად ვსაუბრობდით. ჩამოსვლაზე  ხომ საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი. თუ ჩამოდიოდა ისიც მხოლოდ ლენას სანახავად.

ლენას ძალიან უყვარდა ვასილი და ,რა თქმა უნდა, მისი მომზადებული ლობიანიც. - მათი შეხმატკბილებული ურთიერთობა მახარებდა, მაგრამ ამავდროულად მასევდიანებდა. ვასილი ლენას ისე უყურებდა, როგორც მე მიყურებდა ოდესღაც, ხოლო ლენა ვასილის ისე, როგორც ჩემთვის არასდროს შემოუხედავს.

„ძალიან გგავს!“ - ამას ისე მეუბნებოდა, კაცი იფიქრებდა ვინმე ახლობლის გარდაცვალება შეატყობინაო. ისე აგიხდათ ყველაფერი! სწორედ ასეთი ხმით შემატყობინა ჩვენმა მეზობელმა ვასილის გარდაცვალება სამი წლის წინ.

ვერ ვიტირე.

ძალიან ვცადე, მაგრამ ამაოდ.

მამისთვის ერთი ცრემლიც ვერ გავიმეტე.

სამაგიეროდ, ლენამ იტირა ძალიან ბევრი.

ვასილი, დედის გვერდით დავასაფლავეთ - მარტის მიწურულს. გაზაფხულს, როდესაც ბუნება იღვიძებს. სასაფლაოდან გამომავალი ნუშის ხეებზე ახლადამოსულ  ყლორტებს ვუყურებდი.

იმ დღის შემდეგ ბათუმში აღარ ვყოფილვარ.

უკვე მოხუცებულს ხშირად ვთხოვდი თბილისში გადმოსვლას, მაგრამ უშედეგოდ. ბათუმს არაფირს დიდებით ელეოდა. თბილისი ადამიანებს ცვლისო - იცოდა ხოლმე თქმა. შემდეგ გამომცდელი მზერით თვალს-თვალში გამიყრიდა და მანამ არ მეშვებოდა, სანამ სიჩუმე უაზროდ არ გაიწელებოდა.

ნეტავ, რის თქმას ელოდა ჩემგან?

კი, მამა ვიცი, რომ ჩემი ცხოვრება არ მოგწონს, არც ჩემი საქმე და ,ალბათ, აღარც ის მოგწონს, რომ შენი შვილი ვარ. შენი პატარა, საამაყო ელია. ისიც, ვიცი, რომ გცხვენია, როდესაც ჩემს ამბავს გეკითხებიან. შენს თვალებში დაგუბებულ იმედგაცრუებას ვხედავ - ერთი შვილი გყავს და ისიც ჩემნაირი. განა, მე ეს ყველაფერი არ ვიცი? ეგებ, ერთხელ ისიც გეკითხა  ვარ თუ არა მე კმაყოფილი ჩემი ცხოვრებით? მაგრამ მე შევეგუე და შენც უნდა შეეგუო!

კაკუნი ლაპარაკს მაწყვეტინებს. ალბათ, გაუცნობიერებლად ყვირილი დავიწყე.

„ყველაფერი კარგადაა“- ვიძახი და კვლავ სიჩუმე წვება.

ჭკუიდან ვიშლები - ვის უყვირიხარ ან საერთოდ ვის ელაპარაკები, ელია? ალბათ, ისევ ელიას. ოღონდ იმ ელიას, არა, რომლის სახითაც ხმა მოგევლინა. ის ელია გაქრა, ბათუმში ზღვის ტალღებში ჩარჩა. სამაგიეროდ, არსებობ შენ - ელია, რომლის არსებობაც არავის უნდა  - ამას ეუბნება ელია ელიას. კარგი გასართობია, არა?

ნეტავ, ხმა მაინც არ დაკარგულიყო. ე, თურმე, რამდენად სჭირდება ადამიანს მსმენელი! რა გაეწყობა - მაინც ბოლომდე უნდა მივიყვანო დაწყებული თხრობა.

ხმა, თუ ჩემი გესმის გთხოვ პასუხი გამეცი.

***

ერთხელ, დილით, როდესაც მამამ გამაღვიძა, ვთხოვე - „თავი მტკივა, დღეს სახლში დავრჩები - მეთქი. უსიტყვოდ დამთანხმდა და სამსახურისაკენ გაეშურა. დავრჩი მარტო საძინებელში, სადაც ყოველი კუთხე ჩემს... შიშებს? არა, შიშებსაც ვერ დავარქმევდი. დღემდე არ ვიცი რა დავარქვა ამ თხევად მატერიას, რომელშიც ვიხრჩობოდი : „შფოთვა“, „ზმანება“, „მღელვარება“ -  . კაი ერთი,  რა მნიშვნელობა აქვს?

მოკლედ, საძინებელში მარტო დავრჩი.

სახეზე საბანი გადავიფარე.

სადღაც ერთი საათი იქნებოდა გასული, როდესაც კარის ხმამ შემაწუხა. თავიდან მეგონა, რომ მეჩვენებოდა. შემდეგ, გადავწყვიტე ყურადღება არ მიმექცია, მაგრამ კაკუნი ნელ-ნელა ბრაგუნში გადაიზარდა და მეც იძულებული გავხდი წამოვმდგარიყავი.

შემოსასვლელისკენ მთქნარებით გავეშურე. გულში უეჭველად უმისამართოდ ვიგინებოდი. გასაღებს დავწვდი. კარი ისე გავაღე, არც მიკითხავს ვინ იყო. შემოსულმა სინათლემ თვალი მომჭრა.  ზღურბლის იქით ელენე დამხვდა.

-სკოლაში რატომ არ მოხვედი?

-შენ რატომ არ ხარ გაკვეთილზე?

-კითხვას ნუ მიბრუნებ!

-ვერ ვარ რაღაც კარგად.

-ჩაიცვი და გამომყევი.

-ე, შემეშვი რა! არ მაქვს გაკვეთილებზე ჯდომის თავი.

-გაკვეთილზე არც გეპატიჟები.

-აბა?

-დროზე ჩაიცვი!

-ვაჰ, ბიჭო!

ოთახისაკენ ბუზღუნით გავეშურე. სარკეში ჩავიხედე - ღიმილს ვერ ვიკავებდი, ამის გამო საკუთარ თავს ვსაყვედურობდი. რა აზრი ჰქონდა უარყოფას? ელენეს დანახვამ ძალიან გამახარა. ჩვენი უკანასკნელი საუბრის შემდეგ ერთმანეთს თითქოს გავურბოდით. არა ის არა, მე გავურბოდი. მისთვის თვალებში ყურება მრცხვენოდა - მრცხვენოდა ჩემი სიზმრების გამო, იმის გამო, რომ რამდენჯერაც კლასში შემოდიოდა, მის სხეულზე ახალ სისხლჩაქცევებსა თუ ჩასიებებს ვეძებდი და რა თქმა უნდა, იმის გამო, რომ რამდენჯერაც ვხედავდი, ვაცნობიერებდი, თუ რამდენად საბრალო ვიყავი. საკუთარი სისუსტის გაცნობიერება არავის უყვარს, მაგრამ ამ ამბავში ყველაზე გულისამრევი იყო, ის რომ ამ სისუსტეს ძალიან კარგად ვიფერებდი.ეს ჩემი თავისათვის დღემდე არ მიპატიებია.

ერთ დროს, სტუდენტობისას, თეატრით ვიყავი გატაცებული და სწორედ მაშინ შევიტყვე, რომ თურმე ტრაგედიისათვის ფატალურობის გარდა დამახასიათებელი ყოფილა ორი გრძნობა - სიბრალული და შიში. მაშინ დავფიქრდი - საკუთარი თავის მიმართ სიბრალული განა არ გამორიცხავს ბედის ფატალურობას? განვმარტავ - თუ  ადამიანი საკუთარი ცხოვრებისაგან მაშინ ქმნის ტრაგედიას, როდესაც საკუთარ საცოდაობას აღიარებს, მას ეგუება და იმის მაგივრად, რომ რაიმე შეცვალოს, საკუთარ თავს იცოდებს, ესე იგი, ტრაგედია არჩევანი ყოფილა, არა? ანუ დამნაშავე არის ის, ვინც მას ირჩევს და არა ბედი?ამ აზრს თუ გავყვებით, ყველაფერში დამნაშავე  მე გამოვდივარ.

კარგი, მოვეშვათ ზედმეტ ფილოსოფიას. ხმა მაინც არსად არის, რომ მცდელობა შემიფასოს.

ჩემი საყვარელი მწვანე პულოვერი გადავიცვი და კარის ზღურბლთან დავბრუნდი.

-მზად ხარ?

-სად მივდივართ?

-სანაპიროზე.

-გაკვეთილებს აცდენ?

-არა, ვესწრები! სისულელეებს რატომ მეკითხები ელია?

-თუ ჩხუბის ხასიათზე ხარ უკან გავრბუნდები.

-კარგი. გპირდები დღეს ჩვეულზე კეთილი გოგო ვიქნები.

-გატაცებას ხომ არ მიპირებ?

-ვერ მოესწრები.

-აბა, რა გაქვს ჩაფიქრებული?

-ამ ბოლო დროს რაღაც აღარ მომწონხარ, იცი? აშკარად გახალისება გჭირდება.

-ვერ ვხვდები რას გულისხმობ.

-კარგი რა, დებილი ხომ არ გგონივარ? ყველაფერი სახეზე გაწერია.

-ანუ რა გამოდის?  მხსნელად მომევლინე?

-ეგრე გამოდის, ჩვენ ორს შორის ვიღაცას ხომ მაინც უნდა შეეთავსა მხსნლის როლი...

-აი, მსაყვედურობ.

-არა, ელია. მაპატიე. ჩათვალე, რომ არაფერი მითქვამს. დაივიწყე კარგი?

-როგორი უცნაური ხარ. რას ამბობდი რა ქვია ამასო?

-ფარსი, ჩემო საყვარელო, ფარსი.

ისე, მგონი მართებული იქნება, თუ  ერთ-ორ სიტყვას ელენეს საუბრის მანერაზეც ვიტყვი, რადგან ის ძალიან გასხვავდებოდა ჩემისაგან და ზოგადად ყველა ნორმალური მოზარდისასაგან.

მგონი  უკვე აღვნიშნე, რომ თავად აბაშიძეს ასაკზე უფროსის შეხედულება ჰქონდა. ამ აზრის განმტკიცებას მისი მდიდარი და დახვეწილი ლექსიკონიც უწყობდა ხელს.  იმის მიუხედავად, რომ საშინლად ფეთქებადი იყო - სიტყვის გაზომვა არასდროს ავიწყდებოდა. მისგან ვერასდროს გაიგებდით - „დაიკიდე“, „იტოკში“ ან რაიმე მსგავსს. სამაგიეროდ, მასთან ურთიერთობა მრავალ უცხო სიტყვას გასწავლიდათ როგორებიცაა - „პათოსი“;“ეროსი“, „გროტესკი“- აი, ასეთი შემეცნებითი ურთიერთობა გვქონდა!

ზუსტად ვერ ვიგონებ რომელ თვეს ხდებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ მახსოვს რომ ჯერ კიდევ ციოდა. სანაპიროზე ჩვენს გარდა სულ ხუთი-ექვი ადამიანი იქნებოდა. ძირითადად მაწანწალა ლოთები ან აღგზნებული ახალგაზრდები - მაგარ გარემოცვაში ამოვყავით თავი.

დასასხდომად შედარებით მოფარებული ადგილი ვიპოვეთ.

დღე ჩვეულზე ნაცრისფერი იყო. გვერდი-გვერ ვისხედით. უცხოებივით. თითქოს ერთმანეთს ვერ ვხედავდით ან მზის მსგავსად სქელ ღრუბლებში ვყოფილიყავით გახვეულნი.

ელენემ რამდენჯერმე გამომხედა, მაგრამ არაფერი უთქვამს. მეც ვითომ არაფერი შემიმჩნევია ცას მივაშტერდი. „რამე თქვი“ - გაუჩერებლივ ვუმეორებდი საკუთარ თავს. ბოლოს, როდესაც სიჩუმე უსაშველო გრძელი მეჩვენა, როგორც იქნა, ხმის ამოღებას თავი მოვაბი :

-მალე გაწვიმდება.

-ძალიანაც კარგი.

-არ ვიცოდი წვიმა თუ გიყვარდა.

-ხანდახან, განწყობას უხდება.

-წვიმა მეც მიყვარს, ბნელი დღეები მძულს.

-ელია, მინდა ერთი რაღაც გითხრა და გპირდები მეტჯერ  ჩემს ამბებს აღარ შეგახსენებ.

-ეგ არ მიგულისხმია.

-ვიცი. მომისმინე - გახსოვს გითხარი სულ მგონია, რომ ფრთები გაქვს-მეთქი? ჰოდა, ამ ბოლო დროს რაღაც ზედმეტად დამძიმდი და რატომღაც მგონია, რომ სულ რომ მოინდომო ვერსადაც ვეღარ გაფრინდები. იმედი მაქვს, მეტაფორის აზრს ხვდები, არა?

-დაახლოებით.

-ელია, მაპატიე.

-რა უნდა გაპატიო?

-უსამართლოდ მოგექეცი. არ ვიცი მგონია, რომ... ძალიან გამიჭირდება აგიხსნა რატომ, მაგრამ თავს შენს წინაშე დამნაშავედ ვთვლი.

-დანაშაულის შეგრძნებაც როგორი უცნაური გქონია.

-არ მიყვარს, როდესაც თავს დამნაშავედ ვგრძნობ. პრინციპში, დიდად არც ბოდიშების მოხდა მეხალისება. მოდი, მეტი აღარ გვინდა ამაზე ლაპარაკი. შევთანხმდით?

-შევთანხმდით.

-აბა, შენი ჯერია.

-მეც ბოდიში მოგიხადო?

-არა, მე ჩემი საიდუმლო გაგანდე, ახლა შენსას ველოდები.

-მე რომ საიდუმლო არ მაქვს?

-არ მჯერა. რაღაც აუცილებლად იქნება ისეთი, რაც არავისთვის გითქვამს.

-მოიცა დავფიქრდები. მართალი ხარ არის რაღაც,  მაგრამ სანამ მოგიყვები ერთი რამ უნდა გკითხო. ოღონდ არ დამცინო.

-მკითხე.

-სირინოზების არსებობის გჯერა?

-სერიოზულად მეკითხები? - გაეცინა.

-ჰო, რავიცი.

-მოგატყუებ რომ გითხრა, მაგაზე ბევრი მიფიქრია-მეთქი.

-ერთხელ პატარა რომ ვიყავი ზღვაში სირინოზების მოძებნა გადავწყვიტე. ტივტივამდე გავცურე, მაგრამ სუნთქვა აღარ მეყო და გონება დავკარგე. მაშველები დროზე რომ არ გამოჩენილიყვნენ...

-როგორ გამიმართლა, რომ გადაგარჩინეს.

-პირველი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ. ცურვაში ვარჯიში დავიწყე.

-რაღაც არ გეტყობა.

-არა, მართლა! ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი. ლევანიც ასე გავიცანი.

-ანუ, ლევანმაც იცის შენი გატაცების შესახებ?

-არა, ხომ გითხარი ამის შესახებ არავისთვის მითქვამს - თქო. უფრო სწორად, არავისთვის მითქვამს რომ ზღვაში სირინოზებს ვეძებდი.

-ახლაც გჯერა?

-მგონი კი.

-და ეს არის შენი საიდუმლო?

-რაიმე უფრო განსაკუთრებულს ელოდი, არა?

-მეხუმრები? ამაზე განსაკუთრებული ჯერ არავისგან არაფერი მომისმენია.

-ისევ დამცინი.

-როგორ გეკადრება. რატომ იღიმი?

-ბავშვობა გამახსენდა.

-შეგრჩა! - წამოხტა.

-რა?

-ხო მოგენეტრა ბავშვობა? ხოდა დამიჭირე.

ელენე გაიქცა, მე გავეკიდე. შემდეგ გაწვიმდა. ძალიან გაწვიმდა. ჩვენ კი დავრბოდით - წინ და უკან. აი, ბანძ მელოდრამებში  რომ სცენებია - წვიმაში შეყვარებული წყვილი ცეკვავს - რაღაც მსგავს მდგომარეობაში აღმოვჩნდით.

გარშემო - სილურჯე, რუხი ღრუბლები, ღარიბი სანაპირო, აღელვებული ზღვა.

საკმაოდ დავსველდი, მაგრამ არ ვჩერდებოდი. არც ელენე აპირებდა დანებებას. ხან ზღვისკენ მივიწევდით, ხან მის საპირისპიროდ. წავიდა წინ, ამოვიდა უკან. ხან მარჯვნივ- ხან მარცხნივ. ერთმანეთს დავსდევდით - მეორე კლასელებივით და ისევ და ისევ -ასე ვმხიარულობდით წვიმაში.

შემდეგ ყველაფერი თავის ადგილას დაბრუნდა. გაკვეთილებზე ერთმანეთს ჩვეულებრივად ვნახულობდით. თავისუფალ დროს ვსეირნობდით - ვიცინოდით, დაუსრულებლად ვსაუბრობდით. უცნობ ქუჩებში ვიკარგებოდით. რაც უფრო მეტს ვიგებდი მის შესახებ, მით უფრო აღტაცებული ვიყავი მისით. იმაზეც კი დავითანხმე, რომ რამდენჯერმე ჩემთან ერთად გაეცურა. მართალია სულ რამდენიმე მეტრზე, მაგრამ ესეც ხომ დიდი მიღწევაა არა?

სკოლაშიც  უკლებრივ ყველამასწავლებელმა თუ მოსწავლემ გაიგო ჩვენი ამბავი. მითქმა-მოთქმა, საბოლოოდ  ლევანის საყვედურებმა დააგვირგვინეს - „ბიჭო, შენ მაგ გოგოს სულ გადაყევი“ „ბავშვობის ძმაკაცი აღარ გინდა, არა?“ - მისი ეჭვიანობდა ძალიან მახალისებდა.

არა, ტყუილს ნამდვილად ვერ ვიტყვი - მის გვერდით  ძალიან ბედნიერი ვიყავი. თუ დამიჯერებთ, ელენეც ბედნიერი იყო. ასეთ რაღაცებს ხომ გრძნობ, არა? მისი ღიმილი ყალბი არასდროს ყოფილა და საკმარისი იყო წამით მაინც გაეღიმა, რომ ყოველი ზმანება თუ საშინელი აზრი სადღაც იკარგებოდა.  რაღა მოსატანი იყო ნებისმიერი შიში ანდაც სიზმრების გამო გათენებული ღამეები, იმ შეგრძნებასთან, რომელსაც მასთან ყოფნისას განვიცდიდი?

აბა ასე როგორ შეიძლება? ადამიანი თავს დამნაშავედ იმის გამო გრძნობდეს, რომ ბედნიერი იყო, სად გაგონილა?

***

მნიშვნელოვანი ამოცანის პირისპირ აღმოვჩნდი, როდესაც ერთ აპრილის დღეს კალენდრის ყურებისას გავაცნობიერე, რომ რამდენიმე დღეში ელენეს მეჩვიდმეტე დაბადების დღე ახლოვდებოდა. ჩემთვის ნათქვამი ჰქონდა, რომ საკუთარი დღეობის აღნიშვნა დიდად არ უყვარდა, მაგრამ ,ვინაიდან და რადგანაც, წლევანდელი წელი განსაკუთრებული იყო, თავს უფლება მივეცი და მისთვის  პატარა დღესასწაულის მოწყობა განვიზრახე.

ძალიან მინდოდა ეს დღე დასამახსოვრებელი გამოსულიყო და სწორედ ეს მაშინებდა. შეიძლება მართლაც ბევრი რაღაცის კეთება გამომდიოდა კარგად, მაგრამ, ვაი რომ, მსგავსი ღონისძიებების დაგეგმვა ჩემი ძლიერი მხარე არ ყოფილა - ბოლოს და ბოლოს, საკუთარ შვილსაც კი ვერც ერთხელ ვერ გადავუხადე დაბადების დღე ისე, რომ რაიმე არ გამეფუჭებინა.

რა საკვირველია, ეს ჩემი გადამეტებული ნერვიულობის გამო ხდებოდა და ძირითადად, ჩემს ჩავარდნებს შემდეგ კურიოზებად ვიგონებდით, მაგრამ, ამ შემთხვევაში საქმე ელენეს დაბადების დღეს ეხებოდა - შეცდომის დაშვების უფლება არ მქონდა.

უეჭველი იყო - ვინმესთვის დასახმარებლად უნდა მიმემართა.

პირველ რიგში, რჩევისთვის ვასილის მივაკითხე. შემომთავაზა ელენე და რამდენიმე ბავშვი ჩვენთან დამეპატიჟა. მამაჩემს უყვარდა, როდესაც ბოლქვაძეების სახლიდან ჟრიამული გადიოდა.  ეს აზრი მეც მომეწონა - ჩვენი კლასის რამდენიმე გოგოს ვთხოვდი სამზარეულოს ლამაზად მორთვას, გემრიელ ნამცხვარსს ვიყიდდი, ვასილიც ღვინოს შემომაშველებდა და ყველაფერი მშვენივრად ჩაივლადა.

რა თქმა უნდა, ლალი  ჩხაიძის დაპატიჟება არც მიფიქრია. ლევანსა და რამდენიმე ჩვენს თანაკლასელს მოვიწვევდი. მხოლოდ მათ, ვინც ელენეს თავის „შავ სიაში“ ჯერ არ ჩაეწერა - ექვსი სტუმარი დავთვალე.

მეორე დღეს  გაკვეთილის დაწყებამდე ბავშვები შევყარე.  ჩურჩულით ჩემი განზრახვა გავანდე.  ლევანი წუწუნებდა - ამხელა ალიაქოთი რა საჭიროაო. არადა, სინამდვილეში   უბრალოდ ეჭვიანობდა - ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე შეგუებული იმ აზრთან, რომ ჩემს ცხოვრებაში  გოგო გამოჩენილიყო. საბოლოოდ, თავის დაფასებას მოეშვა და დახმარებაც თვითონ შემომთავაზა.

ნეტავ, ხანდახან მაინც თუ მიხსენებს ლევანი?

სხვა ყველა ჩემს წამოწყებას სიხარულით შეხვდა. გოგოები კისკისს მოჰყვნენ - „რა საყვარელი ხარ, ელია“ „ჩვენს ელიას, შეყვარებული ჰყავს“.

„შეყვარებული“ - მეუცხოვა ამ სიტყვის  გაგონება, თუმცა არაფერი მითქვამს. გულის სიღრმეში მესიამოვნა.

თათბირს ელენეს კლასში შემოსვლისთანავე შევეშვით. ჩვენ-ჩვენ ადგილებს დავუბრუნდით. გეგმა ასეთი იყო - პარასკევს, გაკვეთილების დასრულების შემდეგ მე იუბილარს სასეირნოდ გავიტყუებდი. მანამდე, ყველა ჩემთან მივიდოდა - სამზარეულოსა და მისაღებს ფერადი ხარახურებით მორთავდნენ და ზუსტად ერთ საათში ანთებული სანთლებითა და სიმღერით დაგვხვდებოდნენ

ერთი შეხედვით ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ამ მზადებ-მზადებაში მთავარი დამავიწყდა  - საჩუქარი!

ვის არ ვკითხე, თუმცა სახეირო ვერავინ ვერაფერი მოიფიქრა. გაიჟღერეს ბანალურმა შემოთავაზებებმა - „ვარდები“, „სუნამო“- რა მარტივად უყურებდნენ ჩემს გასაჭირს! არა, წარმოიდგინეთ, ელენე აბაშიძისათვის შესაფერისი საჩუქრის შერჩევა მარტივი საქმე ნამდვილად არ უნდა ყოფილიყო, არა?

მოკლედ, ისევ ჩემი თავის იმედადღა დავრჩი.

შემდეგმა დღეებმა ჩვეულად ჩაიარეს - თითქოს ყველაფერი უკვე მოგვარებული იყო, მაგრამ რაც უფრო ახლოვდებოდა პარასკევი, მით უფრო ვღელავდი - თან საკუთარ თავზე ვბრაზობდი - როგორ შეიძლებოდა საყვარელი ადამიანისათვის საჩუქრად ვერაფერი მომეფიქრებინა?

თქვენც არ მომიკვდეთ, ჩემი ბუზღუნით შეწუხებული კლასელები ჩემზე მეტს წვალობდნენ, მაგრამ მე ბავშვივით მქონდა აკვიატებული, რომ რაღაც განსაკუთრებულისათვის უნდა მიმეგნო და ყველა შემოთავაზებას ხაზს დაუფიქრებლად ვუსვამდი. მეტიც, ბოლოს ელენეს საჩუქარზე საუბარი ყველას ავუკრძალე.

რას გაიგებ, ეგება, ვგრძნობდი, რომ ეს პირველი და უკანასკნელი საჩუქარი იქნებოდა, რომელსაც ელენესათვის ჩუქებას მოვასწრებდი.

ხუთშაბათს საღამოს სანაპიროს მარტო გავუყევი. ყველანაირი იმედი გადაწურული მქონდა. ვიცოდი, რომ არც არაფერი დაშავდებოდა უბრალოდ ყვავილები რომ მეყიდა. არასწორად არ გაიგოთ, მე საჩუქარს მოვალეობის მოხდის მიზნით არ ვეძებდი და ისიც ზუსტად ვიცოდი, რომ არც ელენე იყო ისეთი წუნია, როგორადაც მას ყველა თვლიდა. აუხსნელი მიზეზის გამო მინდოდა რაღაც ისეთი მეჩუქნა, რაც არასდროს დაავიწყდებოდა  და ალბათ, სწორედ, ამიტომ გამიღიმა ბედმა.

ჰო, კიდევ ერთხელ ვიგრძენი ბედის წყალობა. ალბათ, იმიტომ, რომ მაშინ მჯეროდა, - თუკი გულით რაიმეს მოინდომებ, რაღაც ხელს აუცილებლად მოგიმართავს. აბა სხვა რით შემიძლია ავხსნა ის, რომ ჩაფიქრებული ჩვეულზე შორს წავედი და სადღაც ჩიხში მოხუც გამყიდველს გადავეყარე?

სწორს ამბობენ - რწმენა ქვას გააპობსო. მთავარია გჯერორდეს. აი, როდესაც უკვე ბედ-იღბლის აღარ გჯერა, მისგან პასუხსაც აღარც უნდა ელოდო. მგონი ამიტომაც აღარ მიღიმის ბედი.

...მაგრამ ჩემს უბედობას შევეშვათ.

როგორც უკვე მოგახსენეთ ჩაფიქრებული უმისამართოდ დავიარებოდი, როდესაც გაშლილ ჭრელ პლედზე გაბნეული, სხვადასხვა ზომისა და ფორმის, გასაყიდად გამოტანილი სამკაულები შევნიშნე. ფერად-ფერადი ქვები მზეზე ელავდნენ. სწორედ ამ ნათებამ მომჭრა თვალი. შემდეგღა გავარჩიე შავ თავშალში დამალული ჭაღარა, მოხუცი ქალის დანაოჭებული, სახე. მანაც შემამჩნია და მარჯვენა ხელით მანიშნა მივახლოვებოდი :

-დღე მშვიდობის! ახლაგაზრდა, რაიმეს ხომ არ ეძებ?

-კი, სიმართლე გითხრათ საჩუქარს.

-განსაკუთრებული ადამიანისათვის?

-სწორედ მიმხვდარხართ.

-ზღვა ჩემი ერთგული მეგობარია. შენნაირი დახატული ბიჭები ჩემამდე ხშირად მოჰყავს.

-ძალიან ლამაზი ნამუშევრებია.

-მადლობა, შვილო. ძალიან მიხარია, როდესაც გამვლელების ყურადღებას იმსახურებენ. დაათვალიერე, თუ რომელიმე მოგეწონება და შენს გულს გაუხარდება, შეიძენე. მადლიერი დაგრჩები.

-ეს ქვები რაიმეს აღნიშნავენ?

-ეს უბრალო სამკაულები არ გეგონოს - შეხედე ყველა განსაკუთრებულია. ამას გემა ჰქვია - ქვებზე სხვადასხვა წარწერა ან ორნამენტია ამოკაწრული. შვილებს გეფიცები, ყველა ჩემი ბებერი ხელებითაა გაკეთებული.

-ბევრი გიშრომიათ.

-რას ვიზამ - მძიმე დროა, შვილო, ძალიან მძიმე. მაგრამ დროს რას ვუჩივი, მე დავბერდი. ახლა, ერთადერთი ამათი კეთებაღა მახალისებს.

-ჰოდა, გადაწყვეტილია. მეტს საჩუქარზე აღარ ვიფიქრებ.

-გაგახარებს ღმერთი! შერჩევაში ხომ არ დაგეხმარო?

ერთ-ერთი თავიდანვე შევათვალიერე, მაგრამ დახმარება არ მიუარია. მოხუციც გახალისდა - საკუთარ ნამუშევრებზე ისეთი ენთუზიაზმით ალაპარაკდა, რომ თავის მოჩვენებაც აღარ დამჭირდა თითქოს მაინტერესებდა. რამდენიმე წუთის განმავლობაში ის ყელსაბამებსა და სამაჯურებს მიწოდებდა. ამოკაწრული ორნამენტებისაკენ მიმითითებდა და სხვადასხვა აღმნიშვნელს განმიმარტავდა. გიჟი დამიძახეთ, მაგრამ წამით მომეჩვენა, რომ ჩემს თვალწინ მოხუცი გაახალგაზრდავებულიყო.

ე, ყველა რაღაცის შექმნისაკენ მიისწრაფვის - გინდ ეს რაღაც იყოს ძალიან მცირე, ძალიან უბრალო - მას მაინც შეუძლია გრძნობა შეინახოს, ამბავი გადმოსცეს. სხვის ყურამდე თუ ვერ მიიტანს, ავტორის გულს მაინც გაახარებს.

ახლა დავფიქრდი და მგონი ვერაფერიც ვერ შემიქმნია ამ ჩემი ვითომ განსაკუთრებული ცხოვრების განმავლობაში ისეთი, რომ გული გამიხაროს. ასე, რომ მე კი არ უნდა შემებრალა ის მოხუცი ქალი - პირიქით, მას უნდა შევებრალე მე. მაგრამ აბა მაშინ ან მე ან მან  რა ვიცოდით, როგორ პირუტყვად გავიზრდებოდი?

არა! მაინც ფიქრებს გავყევი.

მოგონებებს დავუბრუნდეთ :

მხოლოდ მას შემდეგ ვუპასუხე, რაც დავრწმუნდი, რომ  საუბარი დაასრულა.

-რთული ასარჩევია, თუმცა გული ყველაზე მეტად ამისაკენ მიმიწევს.

საჩვენებელი თითით წვრილ, ოქროსფერ ჯაჭვზე ჩამოკიდებულ მწვანე ოვალური ფორმის  თვალისაკენ ვანიშნე. ამ ქვას მალაქიტი ჰქვიაო - სიტყვა შემომაშველა. მის შუაში ოსტატურად ტალღის კონტური იყო გამოსახული. თავს დავდებ, რომ ეს სწორედ ის ფერი იყო, რომელსაც მე ელენეს თვალებში ვხედავდი. თანაც ტალღა. ზღვა - ამაზე სრულყოფილ საჩუქარი როგორღა შეიძლებოდა მენატრა?

-კარგი არჩევანია, შვილო.

-დარწმუნებული ვარ მოეწონება.

-როგორც შენ გადაწყვეტ.  ვაი, მომიკვდა თავი - სასაჩუქრე შეფუთვა რომ აღარა მაქვს?

-რას ბრძანებთ - ეგ არაფერი.

მოხუცმა ყელსაბამი გამომიწოდა, მე თანხა გადავუხადე. სამკაული მიზერული ფასი ღირდა. ვთხოვე ხურდა დაეტოვებინა, მაგრამ არაფრის დიდებით არ დამთანხმდა. მეც აღარ გავუძალიანდი - არ მინდოდა თავი უხერხულად ეგრძნო ან ეფიქრა, რომ მისი ნახელავი მხოლოდ სიბრალულის გამო შევიძინე.

-დამიჯერე, ეს ყელსაბამი პატრონს ბედნიერებას აუცილებლად მოუტანს.

-ეჭვიც არ მეპარება. დროებით, ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი.

-ღმერთმა ასი წელი გახარებული გატაროს!

ერთმანეთს ღიმილით დავშორდით. სახლისაკენ კმაყოფილი გავეშურე - უკან აღარ მიმიხედავს, თუმცაღა  მოცუხის მადლიერ მზერას ვგრძნობდი. მწვანე ქვას ხან ერთ, ხანაც მეორე ხელში ვათამაშებდი.

„ეს ყელსაბამი პატრონს ბედნიერებას აუცილებლად მოუტანს“- გულში მოხუცი გამყიდველის ნათქვამს ვიმეორებდი. მისგან მომავალნი ეს სიტყვები ისეთი გულწრფელნი იყვნენ! ავგაროზებისა და თილისმების დიდად არასდროს მწამდა, მაგრამ ეს სულ დამვიწყებოდა - მეც დავიჯერე,  რომ ჩემი საჩუქარი ელენეს ბედნიერებას მოუტანდა. სულელი ბავშვი! თავის დასაცავად ვიტყვი, რომ  შეუძლებელი იყო მოხუცის ტკბილი ხმისათვის მოგესმინა და იმედით არ ავსილიყავი.

ამ გახსენებაზე, კიდევ გაბრაზებული ბრძანდებით ჩემზე, ძვირფასო ხმა?

დადგა ნანატრი პარასკევიც. რადგანაც მოვახერხე და ელენესათვის  საჩუქარს მივაკვლიე, დამშვიდებული ვიყავი. მართალია, ჩემმა თანაკლასელებმა არჩევანი დამიწუნეს, მაგრამ ამას არც გავუკვირვებივარ - ისინი ხომ ვერ ჩაწვდებოდნენ იმ განსაკუთრებულ სიმბოლიზმს, რომელსაც ეს ყელსაბამი ატარებდა.

გაკვეთილების შემდეგ უკვე კარგად ნაცნობ ქუჩებში სეირნობას შევყევით. დრო გამეპარა და ლამის საერთოდაც გადამავიწყდა, რომ  სტუმრები გველოდნენ. ჩვენი ძვირფასი იუბილარი ძლივს დავიყოლიე ჩემთან წამოსვლაზე, თუმცა მაინც მოვახერხე და  დათქმულ დროს უკვე სახლის კართან ვიყავით.

სამჯერ დავაკაკუნე - ეს ნიშანი იყო, რომ სანთლები აენთოთ. კარი გავაღე და ელენეს წინ შევასწარი. არ მინდოდა მისი გამომეტყველება ვერ დამენახა. გაუკვირდა, მაგრამ, როდესაც სიმღერა დაიწყო და სიბნელე ანთებულმა სანთლებმა დაარღვიეს, ყველაფერს მიხვდა.

არასდროს დამავიწყდება მისი სახე - გაოცებისაგან ლოყები შეეკუმშა, წარბები ჯერ მაღლა ასწია, შემდეგ დაბლა ჩამოსწია. როგორ ცდილობდა სიხარული დაემალა! დაბნეული თვალებს აქეთ-იქით ამოძრავებდა. რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ არ თქვა. ნაცხვარს მიუახლოვდა. მისმა მზერამ ცეცხლი აირეკლა. დარწმუნებული ვარ გულში ბრაზობდა - მე ხომ მის ნაცვლად მივიღე გადაწყვეტილება, მაგრამ საბოლოოდ გაიღიმა, თვალები დახუჭა, სურვილი ჩაიფიქრა და სანთლები ჩააქრო.

როგორ ამბობენ? დანარჩენი უკვე ისტორიაა.

„თითქმის გული ამიჩუყდა“

ე, კეთილი იყოს შენი დაბრუნება ჩემო ძვირფასო.  იმედი უკვე გადაწურული მქონდა.

„ძალიან ხომ არ გაგიტკბა უჩემობა?“

პირიქით, რაღა დაგიმალო და საკმაოდ მარტოდაც ვიგრძენი თავი. მაინც რამ გაგანაწყენა ან რამ გამხადა კვლავ ღირსი შენთან საუბრის?

„არაფერს არ გავუნაწყენებივარ, ელია და შეეშვი ამ პათეტიკას - უბრალოდ შენმა მოყოლილმა ჩამაფიქრა“

მერე  რამე ხომ არ მოგიფიქირებია?

„სიმართლე გითხრა - არაფერი. მაგრამ გაფრთხილებ - ჯერ კიდევ არ გადამიწყვეტია მომწონხარ თუ არა“

ზედმეტად რთულ საკითხს შეჭიდებიხარ, მეგობარო - ეგ ამდენი წლის განმავლობაში მეც კი ვერ გამირკვევია. თუმცა ამაზე შემდეგ ვისაუბროთ - რაც მთავარია დაბრუნდი.

მოდი, გაგრძელებისათვის შეგამზადებ :

ელენეს დაბადების დღე არა მხოლოდ ჩემი ყველაზე სახალისო მოგონებაა, არამედ ბოლო მოგონებაცაა, რომელიც შემიძლია სიხარულით გავიხსენო.

რატომ? ორი კვირაც არ იყო   გასული, რომ ელენე აბაშიძე გარდაიცვალა.

ყურადღებით მისმინე და გპირდები - შენს კითხვას პასუხს ძალიან მალე გასცემ.

***

ოთხშაბათი. თერთმეტი მაისი. გაზაფხული.

რამდენი წელია გასული? ოცდახუთი? ზუსტად აღარ მახსოვს.

საკლასო ოთახი. ჩემი მერხი. დაჯღაპნილი რვეული.

არ მინდა თვალები გავახილო.

ლიანდაგების ხმაური რომ არა, ალბათ, სადღაც შორიდან მომავალი ქალბატონი თამარის ხმასაც გავიგონებდი :

-აბაკელია.

-გახლავართ  მასწავლებელო.

-აბაშიძე.

-არ არის მასწავლებელო.

ელენეს არყოფნა ცუდად არ მნიშნებია. ერთი ის იყო, რომ მთელ დღეს მისი დარიგებებისა და წამოძახილების გარეშე გავატარებდი - ამ ყველაფერს  შეჩვეული ვიყავი. მეტსაც გეტყვით - ვერც კი წარმომედგინა როგორ შეიძლებოდა დღეს ისე ჩაევლო, რომ ჩემი ძვირფასი კლასელისგან შენიშვნა არ მიმეღო.

არა, თქვენც არ მომიკდეთ - როგორც არ უნდა მოვქცეულიყავი, ბოლომდე ჩემით კმაყოფილი არასდროს იყო. აი, კომუნისტი დედები რომ იყვნენ ხომ იცით? პატარებს სახაზავებითა და წკეპლით რომ დასდევდნენ? დაზუსტებით შემიძლია წარმოვიდგინო მათი შვილები რასაც გრძნობდნენ - ამას ხუმრობით ხშირად ვამბობდი.

ე, ალბათ, როგორი სასაცილო სანახავი ვიქნებოდი ელენეს წინ თავდახრილი ახსნა-განმარტებებს ჩაბარებას დატუქსული ბავშვივით რომ მივყვებოდი. თან ერთი თავით მაინც ვიყავი მასზე მაღალი. როგორი სურათია?

სხვა გზა არ იყო და მართალია, ეს ძირითადად ჭრიდა ხოლმე, მაგრამ, თუკი, ელენე ცუდ გუნებაზე გაიღვიძებდა, მის საყვედურებს ბოლო არ უჩანდათ. წუწუნით  გულს რომ იჯერებდა, გამიღიმებდა. ამით მადლობას გადამიხდიდა მოთმინებისათვის და მეც გუნებას გამომიკეთებდა - ასეთი საოცარი გოგო გალხდათ ელენე აბაშიძე.

მახსოვს, როგორ მოვიწყინე - ელენეს არყოფნა ხომ იმასაც ნიშნავდა, რომ  სანაპიროს  გაკვეთილების შემდეგ ვერ გავუყვებოდით.

რას აღარ ვიგონებდით! არც ერთი საღამო, მეორეს არ ჰგავდა, არადა, ერთი შეხედვით, თითქოს,სულ  ერთსა და იმავეს ვიმეორებდით.

სახლისაკენ წასვლა მანამ არ მოგვდიოდა აზრად, სანამ მზის სხივები ტალღებში არ დაიკარგებოდნენ. ვინ დათვლის რამდენჯერ მინახავს მზის ჩასვლა და მითქვამს -  „არაფერი განსაკუთრებული“. თურმე  მრავალჯერ ნანახსაც შეიძლება სულ სხვა თვალით შეხედო. მთავარია სწორი მეგზური შეარჩიო და  მისცე მას უფლება სიახლის აღმოჩენისაკენ გიბიძგოს.

არა რა,  მაინც ცოდოა მარტოობისათვის ადამიანი.

ხშირად, მეუბნებოდა ელენე ჩამავალი მზე უფრო ლამაზიაო. მეც თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევდი, მაგრამ საერთოდაც ვერ ვხედავდი განსხვავებას ჩამავალ და ამომავალ მზეებს შორის. სამაგიეროდ, ზუსტად ვიცოდი, რომ ყველაზე იღბლიანი ბიჭი ვიყავი, რადგან ჩამავალ მზეს  ელენეს გვერდით ვუცქერდი.

ჩაფიქრებული გაკვეთილს ვეღარ ვუსმენდი და ,ალბათ, კიდევ დიდხანს გავერთობოდი მოგონებებით ღია ფანჯრიდან შემოფრენილ ბუზს გონს რომ არ  დავებრუნებინე. შეწუხებულმა ხელი რამდენჯერე დავუქნიე - ბუზს ვერა, მაგრამ ლევანს კინაღამ ცხვირში გავარტყვი.

უკმაყოფილო უეჭველად ჩხუბს დამიწყებდა, კარის გაღების ხმას რომ დაეცალა. თქვენი ჭირიმე,  ვისღა ახსოვდა, ბუზის ბზუილი - საკლასო ოთახში დირექტორმა, ბატონმა ვანომ, ჩვეული სერიოზული გამომეტყველებით შემოაბიჯა. ფეხზე წამოვდექით. მან ჯერ ჩვენ გვანიშნა დავმსხდარიყავით, შემდეკ კი ქალბატონ თამარს დერეფანში გაჰყოლოდა.

მასწავლებლის გასვლას მითქმა-მოთქმა მოჰყვა - კლასის ერთი ნაწილი ხუმრობდა რა კარგ დროს შემოვიდა გაკვეთილის ჩაბარება აღარ მოგვიწევსო, მეორე ნაწილი კი დაძაბული ელოდებოდა ქალბატონი თამარის დაბნრუნებას იმ იმედით, რომ თან რაღაც სიახლეს შემოიტანდა.

...თუმცა სინამდვილემ მოლოდინს გადააჭარბა - სახეწაშლილი ქალბატონი თამარი გამომძიებლების თანხლებით დაბრუნდა. ყურადღება დავძაბე - კარგი ამბავი ვერ უნდა ყოფილიყო.

გამომძიებლები ქალბატონ თამარს მისჩერებოდნენ. აშკარად ელოდნენ, როდის განგვიმარტავდა მათ გამოჩენას - ის კი ვერაფრით აბამდა თავს საუბრის წამოწყებას. ჩვენს გაკვირვებულ სახეებს უყურებდა, მზერას აქეთ-იქით აცეცებდა და შიგადაშიგ დანანებით თავს აქნევდა.

ბოლოს, როგორც იქნა, ღრმად ამოისუნთქა.

ყველანი სმენად ვიყავით ქცეულნი.

ხმა უკანკალებდა :

-სამწუხარო ამბავი მაქვს, ბავშვებო. დღეს დილით,  თქვენი კლასელი, ელენე  გარდაცვლილი იპოვეს. სანაპიროზე მისი გვა... სხეული ზღვამ გამორეკა. ვარაუდობენ, რომ სწორედ ზღვავე არის საწყალის გარდაცვალების მიზეზი.

წინადადების დასრულება იყო საჭირო, რომ ვიგრძენი -  ყველა მე მომჩერებოდა. მეც გარშემო მიმოვიხედე, მაგრამ მათ მზერებში საკუთარი თავი ვერ დავინახე.

გამჭვირვალე გავხდი.

დავპატარავდი.

ლევანმა  მაჯაზე ხელი ჩამავლო.

„არა, შეუძლებელია“ - გაგონილისთვის ვერ დამეჯერებინა - როგორ წარმომედგინა, რომ ელენე აღარ იყო?

ვუყურებდი ქალბატონ თამარს, რომელიც საუბარს აგრძელებდა, თუმცა ამას მხოლოდ მისი პირის მოძრაობით ვხვდებოდი. ლევანიც რაღაცის თქმას ცდილობდა. ვერც ერთ სიტყვას  ვარჩევდი.

ბუზი გარშემო წრეებს მირტყამდა, მინდოდა თვალი გამეყოლებინა, მაგრამ ვერ ვეწეოდი - არაფერი მესმოდა მისი ბზუილის გარდა. გარშემო სიბნელე ჩამოწვა - თითქოს ღრუბლებიდან შავ მზეს გამოენათა ანდა სიბნელეს ხორცი შეესხა.

ჩრდილში იძირებოდა ყველაფერი ჩემსა და ამ წყეული ბუზის გარდა.

პირველად ვიყავი ისე ცუდად, რომ ადგილიდან ვერ ვიძროდი. სივრცე დამძიმებულიყო. ვთროდი. თვალებში მიბნელდებოდა. მინდოდა გავუჩინარებულიყავი. სუნთქვა მიჭირდა. არ ვიცი საიდან შემოიჭრა ჩემში ეს ტკივილი, მაგრამ ბოლომდე რომ ჩამყლაპა  ორი აზრი არ არსებობდა.

მუცლის სიღრმეში დაბუდებულიყო. ხან მაღლა ამოდიოდა და ყელში მეჩხირებოდა, ხანაც დაბლა ეშვებოდა და ფეხის თითებამდე ჩაღწეული ისევ უკან ბრუნდებოდა - ასე მეთამაშებოდა. ბოლოს არ მიღებდა, მაგრამ არც მეშვებოდა.

ვიღაცამ წყალი მომაწოდა. შეგრძნებები დამიბრუნდნენ. განურჩევლად ყველას თავი ჩემი მერხის გარშემო მოეყარა. რაღაც გაურკვევლად ვანიშნე ქალბატონ თამარს  და წამოვდექი. წონასწორობის შენარჩუნება გამიჭირდა. უსიამოვნო სიზმრიდან ახალგამოფხიზლებულს ვგავდი. ბარბაცით გასასვლელისაკენ გავეშურე. თავიდან ჩემი შეკავება სცადეს. მანუგეშებდნენ.

მე სული მეხუთებოდა.

რაც არ უნდა ყოფილიყო, იმ ოთახში ვეღარ გავჩერდებოდი.

ლევანმაც რაღაც უთხრა მასწავლებელს და კუდში ამედევნა. დასაფასებელია - უადგილო გამხნევება-დამშვიდებით თავს არ მაბეზრებდა, რამდენიმე ნაბიჯის დაშორებით  ჩუმად მომყვებოდა. მაცლიდა ჩემს გასაჭირს თვითონ გავმკლავებოდი. ვერაფრით მეხმარებოდა, მაგრამ არაფერი შეეძლო და მეტი რა ექნა?

სკოლის ჭიშკართან შევდექი - შინისაკენ მიმავალ გზას მივაჩერდი. ნაბიჯი წინ ვერ გადავდგი. ლევანი, როგორც იქნა, დამეწია - ალბათ, იფიქრა რომ მას ველოდი და გულის გადაშლა მინდოდა -  არადა, უბრალოდ ფეხებს ვერ ვიმორჩილებდი.

სახლში წასვლას აზრი არ ჰქონდა. არავისთან ლაპარაკის  გუნებაზე არ ვიყავი, მაგრამ რაღაც უნდა მექნა, თორემ საბოლოოდ ნაწილებად დავიშლებოდი. მე კი უფლება არ მქონდა გავნადგურებულიყავი.

ვისთვის მიმეკითხა? - ვერც ვასილი, ვერც ლევანი, ვერავინ გაიგებდა ჩემს გულის ძახილს  - ამის გააზრებამ უფრო დამანაღვლიანა, მაგრამ, როგორც კი ცრემლშემშრალ ღაწვებზე მარილიან ბრიზი მომხვდა, მაშინვე გამახსენდა ჩემი ერთი ძველი მეგობარი, რომელსაც წლების წინ დახმარებისათვის ხშირად ვაკითხავდი.

ნაბიჯს ავუჩქარე.

სანაპიროსაკენ გავიქეცი.

ღმერთო, ზღვა! - უფრო ადრე როგორ ვერ მოვიფიქრე.

ზურგჩანთა ქვებში მივაგდე, ფეხსაცმელები გავიძრე და წყალში ტანსაცმლის გაუხდელად შევვარდი. ლევანი სირბილით დამედევნა, მაგრამ რადგანაც ცურვა არ იცოდა, იძულებული გახდა ნაპირას დარჩენილიყო. მიყვიროდა - მაგრამ მაშინ განა რომელიმე ძალას შეეძლო უკან დავებრუნებინე?

წელიწადზე მეტი იქნებოდა გასული, რაც ღრმად ზღვაში აღარ შემეცურა. სიმძიმე უკან მხევდა, მაგრამ საოცარ თავისუფლებას ვგრძნობდი. არც სიცივე მაფრთხობდა და ვერც ტალღები მხევდნენ უკან - საერთოდ არაფერი მაინტერესებდა.

ჯანდაბას! გინდ მეც ზღვას წავეღე!

ელენე მიწა იყო და მიწადვე იქცა.

აი, მე კი წყალი ვიყავი და წყლად ქცევაზე სულაც არ ვიტყოდი უარს.

ვცურავდი და ტივტივას ვუყურებდი.

ნეტავ,  რა დაშავდებოდა,  რომ ვერ მიმეცურა?

ახლაც ვერაფრით ამიხსნია ეს შეუკავებელ სწრაფვა, მაგრამ ზუსტად მახსოვს, რომ, მაშინ  ერთადერთ ხსნას მასში ვხედავდი. გეგონება, ტივტივას შეეძლო, რომ ჩემს გონებაში აბურდული სიტყვები წინადადებებათ დაელაგებინა.

არა, არაფერიც არ შეეძლო - უბრალოდ მე მჭირდებოდა რაღაც, რაც დაამტკიცებდა, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ვიყავი.

ტივტივამდეც გავცურე და უკანაც გამოვცურე - მაგრამ გაგიკვირდებათ და თავი უკეთესად საერთოდაც არ მიგრძვნია.

ნაპირს დაბრუნებული მუხლებზე დავვარდი.

შეძლებისდაგვარად ღრმად ჩავისუნთქე და მთელი დარჩენილი ძალით დავიღრიალე.

სანაპირო ცარიელი იყო ან არ ვიცი, შეიძლება მე ვერ ვამჩნევდი ვერავის.

როდესაც ღრიალით გული ვიჯერე, ცაში ავიხედე.

უმისამართოდ ჩავიბუტბუტე, ის, რაც ერთხელ ელენესაგან გავიგონე :

-მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი მიწა.

მაშინ ჩემს თავს შევფიცე, რომ მხოლოდ ელენე მეყვარებოდა. მხოლოდ მას ვიტირებდი და არასოდეს დავივიწყებდი.

ხედავ, ხმა? -სხვა თუ ვერა, ეს ერთი პირობა ხომ მაინც შევასრულე?

 

***

არ გაინტერესებს რას მოაქვს ყველაზე დიდი უბედურება?

ფიქრს, მეგობარო.

მე კიდევ ელენეს გარდაცვლების შემდეგ ძალიან ბევრს ვფიქრობდი - რაც თავისთავად იმას არ ნიშნავს, რომ ძალიან უბედური ვიყავი?

სახლს არ ვტოვებდი, მაგრამ მთელი უბედურებაც ეგ იყო - სახლი სახლს აღარ ჰგავდა. პირველად ბოლქვაძეების ოჯახში სამზარეულოს ფანჯარას სქელი ფარდა ჩამოეფარა. ვერც ზღვის ხმას ვიტანდი. სანაპიროს წარმოდგენა კი ნაწილებად მშლიდა. ვასილი გაგებით მოეკიდა ჩემსა და ზღვის შორის არსებულ უთანხმოებას. ალბათ, ფიქრობდა, რომ ელენეს სიკვდილში ბათუმის წყლებს ვადანაშაულებდი.

არადა, სწორედ ზღვა და სანაპირო მახსენებდნენ იმ საოცარ წამებს, რომლებიც ელენესთან ერთად გავატარე. მტკივნეული იყო გაცნობიერება იმისა, რომ ეს დღეები მოგონებებად იქცნენ. ბედნიერ მოგონებებად, რომლებიც ისევ და ისევ ჩემს დანაკარგს მაგონებდნენ.

ლევანი მაკითხავდა - ყოველ დღე. სკოლის ამბებს მიყვებოდა. მიმეორებდა, რომ მასწავლებლები ელოდნენ ჩემს დაბრუნებას, კლასელები კი ღელავდნენ და მოკითხვას მითვლიდნენ - თავისი ჭკუით ამით მეხმარებოდა, მაგრამ მე ვასილის დანახვაც კი მაღიზიანებდა და ხომ წარმოგიდგენიათ ლევანის შემყურე რა დღეში ჩავვარდებოდი? თავიდან ვცდილობდი მისთვის მხარი ამება, მაგრამ ერთი-ორჯერ თავი ვეღარ შევიკავე და  მწარედ შევეპასუხე.

ტყუილს ვერ ვიტყვი - ჩემი გლოვა ღირსეულად აიტანა.

ე, არასდროს ჩამვარდნია ხელში შემთხვევა, რომ  ლევანისათვის ეს ყველაფერი მეთქვა  - მადლობა გადამეხადა ან ბოდიში მომეხადა.

რთულია აღვწერო ჩემი ცხოვრება ელენე აბაშიძის სიკვდილის შემდეგ. არა, ცხოვრება არა, „ყოფა“ - უფრო შესაფერისი სიტყვაა.

ჰოდა, მოდი აღვწეროთ ჩემი ყოფა :

სხეული დამმძიმებოდა.

ადგილიდან ვერ ვიძროდი.

გეგონება ქვეყნად არსებულ ყველა სევდას ერთ პატარა ადამიანში მოეყარა თავი.

საოცრად ამაღელვებლად ჟღერს, არა?

არადა, არც ისე შორს არის სიმართლისაგან.

წუხილი იზრდებოდა.

სივდებოდა.

საკუთარი სხეულიდან მდევნიდა.

მანადგურებდა.

დროის შეგრძნებაზე აღარაფერს ვამბობ - საერთოდაც ვერ ვგრძნობდი ან თუ გადიოდა ან არ გადიოდა დრო. ერთადერთი, მზის ამოსვლა და ჩასვლა მანიშნებდნენ მორიგი დღის დასასრულსა თუ დასაწყისს.

მე ბათუმის მიწას აღარ ვეკუთვნოდი ან საერთოდ ამ მიწას. სადღაც არარსებულ სივრცეში ვიყავი მოხვედრილი და გასასვლელს ვერ ვპოულობდი. არადა, გეფიცები - ზუსტად ვიცოდი სად იყო გასასვლელი, მაგრამ მის საპირისპირო მიმართულებას დავდგომოდი.

რატომ? რას გაიგებ - ეგებ, სულაც არ მინდოდა რეალობას  დავბრუნებოდი?

...მაგრამ ეს კიდევ არაფერია - ყველაზე მეტად რა მაწუხებდა, იცი?  წამდაუწუმ უკმაყოფილო ელენეს ხმა ჩამესმოდა. ჩვეულად ცივი. გაწონასწორებელი. მეც თვალებს ვხუჭავდი. სმენას ვძაბავდი და წარმოვიდგენდი ჩემს გარდაცვლილ კლასელს, რომელიც  ერთსა და იმავეს მიმეორებდა - რომ ასეთი არ მოვწონდი.

ნეტავ, ახლა თუ მხედავ ან მოგწონვარ, ელენე?

ისე სიმართლე რომ ითქვას, ჩემო ხმავ - მაშინ არც მე მომწონდა საკუთარი თავი. სწორედ ამიტომ, ყოველ ღამე, დაძინებამდე პირობას ვდებდი, რომ მეორე დღეს რაღაც საოცარ გამბედაობას მოვუხმობდი, საძინებლის კარს გამოვაღებდი და სიმართლეს თვალს გავუსწორებდი.

საცოდაობა.

„ზედმეტად მკაცრი ხარ შენი თავის მიმართ, ელია“

-არა, მხოლოდ ჩემი თავის, მაგრამ ეს სხვა ამბავია.

ძალიან გთხოვ, ნუ მომიწოდებ ლმობიერებისკენ. თამამად გეტყვი - ამის ღირსი არა ვარ.

შენ არ იცი როგორია კაცის გული. თანაგრძნობა ოხერია. შეჩვევა იცის. აი, მას რომ მიეჩვევი შემდეგ უსასრულოდ ვარდები. ეშვები სადღაც ქვევით, შავბნელ უფსკურლში. ოცნებობ ფრთებზე, მაგრამ სამძიმრის სიტყვები სიმძიმედ გეკიდებიან და გაცნობიერებასაც ვერ მოასწრებ ისე აღმოჩნდები იქ, სადაც მზის სხივები აღარ აღწევენ მრავალ უთქმელ სიტყვასთან და დამუნჯებულ ბგერასთან ერთად - ასე გადის დრო, რომელსაც უკან ვეღარაფრით დაიბრუნებ.

გამიგონე, ხმა - ვიცი რასაც ვამბობ:

მე ყველა მითანაგრძნობდა, მისამძიმრებდა. ჩემს გლოვაში ამოლპობას მაცლიდა. სწორედ ამიტომ როგორც კი ღამე ჩაივლიდა და მზე გამოანათებდა ყველანაირი სურვილი წინ ნაბიჯის გადადგმისა მიქრებოდა. და ისევ ასე - მთელი დღე საკუთარ თავს ვარწმუნებდი, რომ შემდეგი დღე  სხვანაირი იქნებოდა, ამ ჭაობს თავს დავაღწევდი და რამის გამოსწორებას მოვახერხებდი - ასე გრძლედებოდა პირველი დღეები.

ამასობაში თურმე ელენეც დაუსაფლავებიათ. წვიმიან დღეს. ბევრი ხალხი არ შეკრებილა - მშობლები,  ახლობლები და რამოდენიმე ახალგაზრდა. არადა, აბაშიძეების დიდგვაროვანი ოჯახი ყველას უყვარდა. ყოველ შემთხვევაში, ყველა ასე ამბობდა.

რა გასაკვირია, რომ მრავალმა თავი შეიკავა? რამდენი ჭორი დადიოდა! მიუხედევად გამომძიებლების თხოვნისა, მათ არავინ დაელოდა და არაერთი საინტერესო ნაადრევი დასკვნაც გაკეთდა. ყველას საკუთარი ახსნა ჰქონდა ელენეს სიკვდილისა, თუმცა მხოლოდ რამოდენიმე არ მოიხსეინებდა მას, როგორც „გათავხედებულ ლაწირაკს“ ან „დაუნახავ შვილს“.

ბრბოს საკუთარ სიმართლეში ვინ გადაარწმუნებს?

გული მიკვდებოდა და შეუკავებელი სურვილი მეუფლებოდა სასტიკად გავსწორებოდი ყველას, ვინც  იმეორებდა - „ასეთი ოჯახის შვილს სადარდებელი რა ჰქონდა?“

მოკლედ - დასაფლავების რიტუალმა ჩემს გარეშე ჩაიარა. ასე, რომ  ეს ყველაფერი გადმოცემით ვასილისა და ლევანისგან ვიცი. თურმე, ჩემს არმისვლას მთელი კლასის აღშფოთება გამოუწვევია. არადა, შემიძლია თავი დავდო, რომ მათი დასწრება ქალბატონი თამარისა და ბატონი ვანოს წყალობა იყო. ალბათ, წინა ღამით თითოეულ მშობელს დაურეკეს და სთხოვეს ბავშვების წაყვანა, რათა პატივი მიეგოთ საცოდავი გოგოს ხსოვნისათვის. ერთ-ორ სიტყვასაც დაუმატებდნენ იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვებში ამ ასკშივე თანაგრძნობის ჩანერგვა და ყველა უსიტყვოდ დათანმდებოდა.

იცი, რაზე ვფიქრობ ხშირად?  დღემდე არ ვიცი საფლავის ქვაზე სურათი თუ გამოსახეს...

„არ ნანობ?“

ვნანობ, მაგრამ რა ვიღონო? არ შემეძლო ელენეს საფლავისათვის თვალი გამესწორებინა.

„ელია, მეეჭვება ვინმეს იმაზე დაბალი წარმოდგენა ჰქონდეს შენზე, ვიდრე მე მაქვს. მაგრამ  ვერ დამარწმუნებ, რომ შენი არწასვლის მიზეზი მხოლოდ ეგ იყო“

-როდის მოასწარი ჩემი ასე კარგად გაცნობა? კი, ხმა ვიტყუები. მაპატიე - მე  გულწფელობას დაგპირდი.

სინამდვილეში დასაფლავებაზე იმიტომ არ მივსულვარ, რომ ლაჩარი ვიყავი. ამის მოსმენა გინდოდა? ოღონდ არაფერი შეგეშალოს - მე სასაფლაო სულაც არ მაფრთხობდა. მას პატარაობიდანვე შევეჩვიე. აი, ელენეს მშობლების დანახვა კი ჭკუიდან შემშლიდა.

ვერ ვუყურებდი მშვიდად, როგორ „იგლოვებდნენ“ ერთადერთი, საყვარელი ქალიშვილის გარდაცვალებას და ვერც იმ ხალხის ხმას ავიტანდი, რომლებიც მიუსამძიმრებდნენ და კიდევ ერთხელ შეახსენებდნენ, რომ შვილის დაკარგვა ყველაზე დიდი ტკივილია.

ამაყად შეხვდებოდა ჭირისუფალს ქალბატონი ირინე. რამდენიმე ცრემლს გადმოაგდებდა და მრავალს გაიხსენებდა ელენეს ბავშვობის შესახებ. ენაცვალოს დედა. ასე ყველა დარწმუნებოდა მათი დედა-შვილობის სიწმინდეში. იმას კი ვერავინ გაიგებდა, რომ ელენე პირველად სწორედ დედამისმა მოკლა - მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ ბავშვი იყო და საკუთარი სისუსტე შთააგონა.

ე, ბატონი ერეკლეც როგორი სევდიანი იქნებოდა! ალბათ, მდუმარედ სტუმრებს  თავს დაუკრავდა, ხელს ჩამოსართმევად გაუწოდებდა და სევდანარევი ხმით მოსვლისათვის მადლობას გადაუხდიდა. მიმსვლელებიც გაოცებულები დარჩებოდნენ ამ კაცის კულტურითა და თავდაჭერილობით და არც ერთს არ მოუვიდოდა აზრად, რომ სწორედ ეს ხელი იყო დასვრილი ელენეს სისხლით.

რა თქმა უნდა, ვერავის წარმოედგინა სინამდვილეში რა მოხდა - მე კი ვიცოდი სიმართლე და ეს სულაც არ მაბედნიერებდა.

ელენეს სიკვდილში ხელი არც ტალღებს ერიათ და არც აღელვებულ ზღვას.

ელენე მამამისმა მოკლა ან შეიძლება შემოაკვდა.

როგორი სათქმელია?

ღმერთო ჩემო! რა სულელი ვიყავი! ამდენ დროსა და ძალისხმევას ჩემს ღამის შფოთვებთან ბრძოლაში ვხარჯავდი. ისინი არ უნდა მედევნა. მათთვის უნდა მომესმინა. ეს გაფრთხილება იყო. მინიშნება, რომ ელენეს სახლამდე უნდა გავყოლოდი, რომ ყველაფერი უნდა მეღონა ოღონდ ელენე მამამისის პირსპირ მარტო არ დარჩენილიყო. მთავარი დამნაშავე ამ ყველაფერში მე ვარ, ჩემი დანაშაული კი იყოს ის, რომ ძალიან გვიან მივხვდი.

სჯობს გვიან ვიდრე არასდროს, არა, ხმა?

ჩემს დღეში ამაზე დიდი სისულელე არაფერი გამიგია.

 

***

აჭარაში ერთი სოფელია.

ერთი რა, ჩემი სოფელი.

მერისი.

მიყრუებული და მთებში დაკარგული.

ალბათ, სულ ოციოდე ადამიანიღა ცხოვრობს. მათ შორის  სურია - დედის დედა, ჩემი ფილოლოგი ბებო.

მიყვარდა, როდესაც ზაფხული იწყებოდა და მერისში მივდიოდი და არ მიყვარდა, როდესაც ზაფხული მთავრდებოდა და მერისიდან მოვდიოდი.

ჩემი ეზოს დატოვება ხომ არდადეგების დასასრულსა და შემოდგომის ჩამოწოლას  ნიშნავდა. როგორც კი ჭიშკარს გავცდებოდი, გუნება მიფუჭდებოდა.  არ ჰქონდა მნიშვნელობა - გინდ,  მცოდნოდა, რომ ორ დღეში უკან დავრბუნდებოდი, ვერაფერს ვუხერხებდი ამ შეგრძნებას. იქ დრო არ გადიოდა ან შეიძლება გადიოდა და მე ვერ ვგრძნობდი. აი, ყველა ზღაპარში რომ არის შორეული სამეფო, სადღაც ცხრა მთას იქით - საოცარი ბუნებითა და არაამქვეყნიური სიმშვიდით.

ჰო, შეიძლება ვაზვიადებ, მაგრამ როგორც არ უნდა ყოფილიყო, შემიძლია დავიფიცო, რომ ჭიშკრის მეორე მხარეს სულ სხვა სიმძიმით აღვიქვამდი სივრცესა და დროს.

ყველაფერი ერთმანეთში ავურიე.

მოკლედ, იმის თქმა მინდოდა, რომ ძალიან ბედნიერია ყველა, ვინც პოულობს იმ ერთ ადგილს, რომელსაც ქვეყნიერებისაგან გამოყოფს.

ქუთუთოებს ვძაბავ. ვცდილობ წარმოვიდგინო :

ფართო მწვანე ეზო. აგურისფერი სახლი. ხის საქანელა.

თითქოს სადღაც შორიდან ჩემსკენ ბახულაც ყეფით მორბის.

დედის დაბადებიდან ორიოდე  თვეც არ იქნებოდა გასული, როდესაც ბაბუა დაიკარგა. აი, ასე - ერთ დილას წავიდა სანადიროდ და აღარ დაბრუნებულა. სად აღარ ეძებეს, მაგრამ მის ასავალ-დასავალას ვერსად მიაგნეს. რამოდენიმე დღეში ხეობის წყევლას შეაწერეს ბაბუაჩემის სხეული და  ძველ ცხოვრებას დაუბრუნდნენ. ალბათ, მაშინ გასაკვირი იქნებოდა ოჯახში მხოლოდ ერთი შვილის ყოლა, მაგრამ მარტო ბებიაჩემი რაღას გახდებოდა? სურია ბაბუის გაუჩინარების შემდეგ აღარ დაოჯახებულა და დარჩა მარტო სოფელში ბეწვგაჭაღარავებულ, კოჭლ ბახულასთან ერთად. არადა, თვითონ კი ამბობს, რომ მრავალი მთხოვნელი ჰყავდა ოჯახისქალობით სახელგანთქმულს. მაგრამ აბა სადღა ეცალა თაყვანისმცემლებისათვის პედაგოგს, რომელსაც ევალა ხუთიოდე ბავშვისათვის ქართული ესწავლებინა?

ჰოდა, რამ გამახსენა ახლა ჩემი სოფელი :

ერთ დღეს ოთახის კარზე სურია ბებომ დამიკაკუნა. თურმე, ვასილი ელოდა ჩემს გამოკეთებას, ელოდა და, როდესაც მიხვდა, რომ დრო გადიოდა მე კი ,მეტი რომ არ შეიძლება ისე, კარგად ვირგებდი ოთახში ამძორებას, დახმარება ითხოვა . შორეულმა მთებმა პასუხი კი გააგონეს, მაგრამ, ვაი, რომ მათგან წამოსულმა ნიაღვარმა ჩემს უძრაობას წერტილი დაუსვა.

ჯერ ძილბურანიდან გამომაფხიზლა. არანაირი - „შენ მოგიკვდა შენი ბებო“ ან „ შენ შემოგევლე ჩემო მონატრებულო შვილიშვილო“. შემოვარდა და ფარდები გადასწია. რამოდენიმე დღე იყო, რაც არ მეგრძნო კანზე მზის შეხება. დიდად არც მესიამოვნა, მაგრამ აბა, გამებედა მქუხარე სურიასთან დაწუწუნება! ჯერ ბოლომდე არ ვიყავი საწოლიდან წამომდგარი, რომ უკვე თეთრეულს ცვლიდა.

-დროზე ჩაიცვი. ჭამე და სკოლისაკენ. აბა, მიდი!

საძინებელი მორჩილად დავტოვე. სურიამ ორ წუთში მოახერხა ის, რაც ვასილიმ კვირის განმავლობაში ვერ შეძლო. მამას სამზარეულოსთან გადავეყარე. კმაყოფილმა გამომხედა და ჩურჩულით ბოდიში მომიხადა.

ერთად ვისაუზმეთ. მე და ვასილი ვჭამდით.  ბებო სოფლის ისტორიებს ჰყვებოდა. თურმე, ჩვენი მეზობლის ძროხამ ხბო მოიგო, ხოლო თითისტოლა  გულო გაბოზებულა და ვიღაც კახელთან ერთად გადახვეწილა. რას არ გაიგებს კაცი!

რა თქმა უნდა, ბებიაჩემმა ყველაფერი იცოდა აბაშიძეების ოჯახს დამტყდარი უბედურების შესახებ. სწორედ, ამიტომ ჩამოვიდა.  ამ ამბებით კი, რომელიც ,თავს დავდებ, თვითონაც არ აინტერესებდა, ცდილობდა შინაურული გარემოს შექმნასა და ყურადღების გადატანას. ეს მისეული გზა იყო მხარდაჭერის გამოხატვისა და ,თუ დამიჯერებთ, სწორედ ეს გვჭირდებოდა ბოლქვაძეებს.

საუზმის შემდეგ დამიბარა, რომ სკოლაში დარეკავდა და მანამ დარჩებოდა ჩვენთან, სანამ გამოტოვებული მასალის ათვისებაში არ დამეხმარებოდა. ესე იგი, ჩემზე იყო დამოკიდებული სურიას ყოფნა-არ ყოფნა. ძალიან უნდა მომენდომებინა. გამზადებული ზურგჩანთა გამომიწოდა და სახლიდან თითქმის ძალით გამაგდო. სამაგიეროდ, დამპირდა, რომ საღამოს ვახშმად სინორს  დამახვედრებდა.

აი, ასე აღმოჩნდა სურია ერთადერთი, ვინც ჩემი სახლიდან გაშვება და ცხოვრებას დაბრუნება მოახერხა. როგორ გაცვეთილადაც არ უნდა ჟღერდეს „რკინის ქალი“ - რამდენჯერაც ეს სიტყვები მესმის, იმდენჯერ მიდგება თვალწინ სურია ბებო - საოცრად თბილი თვალებითა და საოცრად მწარე ხელით.

ცა ნაცრისფერი იყო, ჰაერი- ჩახუთული.

გზა ისე გავიარე, სანაპიროსაკენ არც გამიხედავს.

სკოლის ეზოში შესვლისთანავე რაღაც უცნაური სუნი ვიგრძენი. თავბრუ დამეხვა. ლევანმა დამინახა. გაოცება ვერ დამალა.გულწრფელად გაუხარდა. ბიჭებს მოშორდა და ჩემსკენ  გამოექანა. ისეთი სიფრთხილით მომესალმა გეგონება საავადმყოფოდან ახალი გამოსული ვყოფილიყავი. ცოდვა გამხელილი სჯობს - მივხვდი რომ საერთოდ არ მომნატრებია. ამის აღიარებამ გამაბრაზა.

მთელი დღე გვერდიდან არ მშორდებოდა. ხან რას მიედმოედებოდა, ხან რას. იცოდა, რომ არ მიყავრდა ჩემს განცდებზე საუბარი, ამიტომ კლასის  ამბებითა და ჭორებით მტვირთავდა, მე კი ვუსმენდი, უფრო სწორად თავს ვაჩვენებდი, რომ ვუსვენდი. სინამდვილეში კი საკუთარ თავს ერთ კითხვას ვუსვამდი - გული რამ აგიცრუა?

მაშინ ამ კითხვას პასუხი ვერ გავეცი, რადგან მაშინ ლევანს არაფერი დაეშავებინა, მაგრამ ჩემს გუმანს რას გამოაპარებ?   მაგის დროც დადგა - როდესაც მე და ჩემი ძმადნაფიცი ერთამენთს, უკანასკნელად შევხვდით სიმართლე ვუამბე. მან არ დამიჯერა, უფრო სწორედ, ელენეს არ დაუჯერა და გამომიტყდა, რომ ყოველთვის ხვდებოდა, რომ „ეგ გოგო ბოლომდე დალაგებული ვერ იყო“. კი, გული მეტკინა, მაგრამ ის ხომ მაინც დავადგინე, რომ ჩემმა წინათგრძნობამ გაამართლა?  ბოლოსდაბოლოს, მიზეზიც მომეცა, რომ საკუთარი დამოკიდებულება განმემარტა. მეტი რაღა მინდოდა?

სიმართლე ითქვას იმ დღის ბევრი არც არაფერი მახსოვს. ყველამ ამბავი მკითხა. ვერ დაუკარგავ, მართლა წუხდნენ ჩემი კლასელები, მაგრამ მე მათ ვერ ვუსმენდი. ისე გავიდა დღე, რომ ელენეს ცარიელ მერხს თვალი ვერ მოვაშორე. რაღაც უსიამოვნო შეგრძნება უკან დამყვებოდა. გული მერეოდა. რამდენჯერმე საპირფარეშოშიც გავედი იმ იმედით, რომ ამოვიღებდი - ვახველებდი, ვიხრჩობოდი, მაგრამ ვერაფერი.

ვცდილობდი აღარ შემემჩნია, რომ თავს ცუდად ვგრძნობდი. მეც ყელში ამომივიდა ყველას სიბრალული და ძალდატანილი მოკითხვა.

არა, მახსოვს! თანაც ძალიან კარგად.

სწორედ იმ დღეს მოხდა ის, რის დავიწყებასაც მთელი გულით ვისურვებდი.

გაკვეთილების დასრულების შემდეგ კლასში შევყოვნდი. ბავშვების წასვლას დაველოდე.  ქალბატონმა თამარმა მთხოვა ერთი-ერთზე დავლაპარაკებოდი.

-ელია, რომ იცოდე როგორ გამახარა შენმა დაბრუნებამ!

-თამარ მას, ბევრი გამომიტოვებია...

-არ იდარდო.  ყველაფერს უცებ აითვისებ, თუმცა ეგ ახლა მეორე ხარისხოვანია. მასალაზე სასაუბროდ არ მინდოდა შენი დამარტოხელება. თავს როგორ გრძნობ?

-უკეთესადაც შეიძლებოდა.

-დაიტანჯებოდი, შვილო - თუ ვინმესთან საუბარი დაგჭირდა იცოდე, რომ შენს გვერდით ვარ.

-ვიცი, მას დიდი მადლობა. დარწმუნებული ვარ თქვენც ძალიან განიცდიდით ელენეს ამბავს.

-აბა რა, ელია! საწყალი გოგო. ვერ დამიჯერებია. ასე, როგორ ან ვინ გაიმეტა!

სიტყვები ყელში გამეჩხირნენ. პირს ვაღებდი, მაგრამ ბგერებს ვერ გამოვცემდი. თურმე, რამდენად რთული ყოფილა, ამის თქმა! მე კიდევ ელენეს ვუჩიჩინებდი, რომ სიმართლის დამალვა აღარ შეიძლებოდა.

მაინც მოვახერხე წამომეყვირა :

-მამამისმა!

ქალბატონი თამარი შეცბა. გამომცდელად შემათვალიერა. მარჯვენა ხელით მერხს დაეყრდნო. გაკვრივებული ჩანდა. მეც თანაგრძნობით ვუცქერდი. საიდან უნდა მცოდნოდა, რომ ის ერეკლეს დანაშაულისგამოაშკარავებამ კი არა, იმან გააკვირვა, რომ მე ვიცოდი მის შესახებ?

-ესე იგი, შენც იცოდი, ელია?

-რას ამბობთ, თამარ მას?

-რამდენჯერმე შევნიშნე იარები ელენეს მკლავებზე. ჭორები ისედაც დადიოდა, მაგრამ ვფიქრობდი; იმედი მქონდა, რომ ხალხის ბოროტებასა და შურს საზღვარი არ ჰქონდათ და იმ უბედურ კაცსაც უგონებდნენ ლოთობას. რას ვიფიქრებდი, რომ ასეთ უსაშველო მდგომარეობაში იყო ის უბედური გოგო? ..

-ძალიან ცუდი გაგიკეთებით!

-მე არაფერი შემეძლო.

-მომისმინეთ - წამი არ გასულა იმ წყეული დღის შემდეგ, რომ ჩემი თავის არ მრცხვენოდეს ან არ მეზიზებოდეს ან არ მებრალებოდეს. მეზიზღება იმიტომ, რომ მეც დამნაშავე  ვარ.ელენეს წინაშე ყოველი ჩვენგანი დამნაშავეა.  მრცხვენია იმიტომ, რომ ვერაფერო მოვიფიქრე, რომ  ადამიანი, რომელიც ასე ძალიან მიყვარდა, ამ უბედურებისაგან დამეხსნა და მებრალება, იმიტომ, რომ გავაცნობიერე რამდენად სუსტი და არაფრისმაქნისი ვყოფილვარ. მაგრამ მე მოზარდი ვარ. რაღაც გამართლება მაინც მომეძებნება.

მე კი არა, თქვენ უნდა გეზიზღებოდეთ საკუთარი თავი. ღამეები არ უნდა გეძინოთ. ელენეს სახე მოსვენებას უნდა გიკარგავდეთ, მისი სახელის გაგონება გულს გიკაწრავდეთ.

ეს როგორ დაუშვით?

-ელია, ძალიან გთხოვ დამშვიდდი.

-რა უბედურებაა! ყველანი დამძახით - დამშვიდდი ელია, დამშვიდდი. როგორ დავმშვიდდე, როდესაც ყოველ დღე ერთი მეორეზე უარესს ვიგებ.

-ეგრეა, შვილო. ვერაფერს გააწყობ. ოჯახის საქმეა - მე ვერ ჩავერეოდი.

მართალიც იყო ქალბატონი თამარი. რას გააწყობდა? ძალადობა ოჯახის საქმეა! მერე, რა რომ ბავშვებს ბავშვობა ემსხვრევათ ან ახალგაზრდა გოგო-ბიჭები იხოცებიან.

ოჯახი წმინდაა.

ხელშეუხებელი.

ე, ხმა! საოცარ სამყაროში გვიცხოვრია.

***

ალბათ, ქალბატონ თამართან საუბარს უნდა ვუმადლოდეკიდეც - იმ დღის შემდეგ  ჩემი სხეული ხომ მწუხარებისაგან ერთიანად დაიცალა. თითქოს შავი სამოსი გამეხადა ანდა დიდი ხნის შემდეგ მრუდე სარკეში საკუთარი  ანარეკლი მეპოვნა. ვგავდი კი ისევ საკუთარ თავს? ერთი შეხედვით - კი. სინამდვილეში კი საერთოდაც არა. სამწუხაროდ, ამას ვერ ვაცნობიერებდი.

...მაგრამ, აბა რას მოვითხოვ? მაშინ  ჯერ ხომ იმასაც კი ვერ ვაცნობიერებდი, რომ ამ წუხილს კვალად სიცარიელე არ დაეტოვებინა. როგორ შემეძლო მეფიქრა მაინც, რომ ამხელა განცდა ,თითქოს არაფერი, დროის განმავლობაში ჩაცხრებოდა? არამცდაარამც - მან რაღაც უარესს, უფრო ძლიერს, ლეტალურს  დაუთმო ადგილი.

ე, თურმე წუხილი არაფერი ყოფილა. აი, მრისხანება კი განაჩენი. ფატალური, უვადო განაჩენი.

გული მერეოდა, როდესაც ჩემი თანაკლასელები, უფროსები ან გინდ მამაჩემი მოდიოდნენ და მეკითხებოდა როგორ ვიყავი. ვინ გამკიცხავს იმისათვის, რომ მათ შეკითხვებს მოკლე პასუხებითა ან სულაც გაუგებარი ჟესტებით ვიგერიებდი?

ხმა, მიდი რა, შეგიძლია შემეკამათე! მითხარი, რომ მავანთან საუბრის სურვილი კვლავ უნდა მქონოდა ანდა ჯერ კიდევ შემეძლო მეპოვნა ის, ვინც ჩემთან ერთად სამართლიანობისათვის იბრძოლებდა.

„სამართლიანობისათვის ბრძოლა“ - როგორ დიდებულად ჟღერს არა? მიმიფურთხებია ასეთი სამართლისათვის.

მგონი არ მითქვამს, ჩემო მეგობარო და მეეჭვება ამის შესაძლებლობა კვლავ მომეცეს, ამიტომ კიდევ ერთ რაღაცას გაგიმხელ ჩემი სტუდენტური ახირებების შესახებ :

როდესაც უნივერსიტეტში სწავლა დავიწყე ერთმა გამონათქვამმა დამაფიქრა - jus est ars boni aequi - სამართალი სიქველისა და სამართლიანობის ხელოვნებაა. როგორ შეიძლება ამ აზრით არ მოიხიბლო? ნეტავ, მართლაც ასე იყოს და სიქველე და სამართლიანობა განსაზღვრავდეს ადამიანთა ყოფას. ყველაფერი  ბევრად უკეთესად არ იქნებოდა?

გაგიმხელ და წამით ამის კინაღამ დავიჯერე და ერთი ხელის მოსმით დავივიწყე შორს, უკან ჩამოტოვებული მოგონებები.

ლამის ისიც კი გადამავიწყდა, როგორ ვუყურებდი, რომ გადიოდნენ დღეები. გამომძიებლები კი სწორ კვალს დადგომას არ ჩქარობდნენ ანდა ის დღე, როდესაც გავიღვიძე და პირველი ამბავი, რომელიც გავიგე იყო იმის შესახებ, რომ ელენე აბაშიძე, ერეკლე აბაშიძის ასული, უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა და გარე პირის ჩარევის არანაირი კვალი არ ჩანდა.

არა, რა თქმა უნდა, მათი გაგებაც შეიძლება! ვინ გაბედავდა ბატონ ერეკლე აბაშიძესთან დაპირისპირებას?

არ მეთანხმები, ხმა? ძალაუფლება ჯოჯოხეთს ანათებს.

მოდი, წამით წარმოიდგინე ჩვიდმეტი წლის მოზარდი, ელია, რომელიც ადანაშაულებს დიად პიროვნებასა და დამსახურებულ მოღვაწეს საკუთარი ქალიშვილის მკვლელობაში.

სასაცილოდ ვის ეყოფოდა?

ასე გავაცნობიერე, რომ ჩემს გარშემო არავის შეეძლო ჩემი გაგება ან რაიმე სახარბიელოს შემოთავაზება. ამიტომ, დახმარების ძებნასხვაგან დავიწყე.

აბა თუ გამოიცნობ სად მიდიან ადამიანები, როდესაც იმედები უცრუვდებათ და ვეღარავის პოულობენ გასამხნევებლად?

ჩემი სახლიდან ორიოდე უბინს მოშორებით პატარა, კეთილმოწყობილი ეკლესია მეგულებოდა. როდესაც ხეებით გარშემორტყმულ ტაძარს ვუცქერდი, თავს განსაკუთრებული რაღაცის ნაწილად ვგრძნობდი. თითქოს სინათლე მეფინებოდა, ხოლო არემარე თავშესაფარი ხდებოდა.

პატარაობისას მწუხრსაც ხშირად ვესწრებოდი და არც ზიარების საიდუმლოს ვაკლდებოდი ჩემს მოძღვართან, მამა გიორგისთანაც, მიყვარდა საუბარი. მეტი რომ არ შეიძლება ისე - ასე რომ, მასთან რჩევა-დარიგებისათვის მისვლა სულაც არ მეთაკილებოდა.

აი, ასეთია ცხოვრება - როდესაც ბედნიერი ხარ, გავიწყდება მადლიერების გამოხატვა. სამაგიეროდ, როდესაც ყველაფერი გამოუსწორებლად განადგურებულია, მაშინ არ გერიდება ეკლესიაში მისვლა და შველის თხოვნა.

ალბათ, ღმერთი მართლაც ძალიან კეთილია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანების უმადურობას როგორ აიტანდა?

მოდი, ერთ განმარტებასაც გავაკეთებ -  ტყუილი იქნება იმის თქმა, რომ მე ღმერთის რწმენა დავკარგე. უფრო ადამიანების. ამაზე ძალიან ბევრს ვფიქრობდი და შემდეგი დასკვნა გავაკეთე - ხომ ნათქვამია  ღმერთმა ადამიანი საკუთარი თავის ხატად შექმნაო? შესაბამისად, განა, ადამიანების რწმენის დაკარგა, რაღაც მხრივ ღმერთის რწმენის დაკარგვასაც არ ნიშნავს?

არა, ამაზე საუბარი რომ დავიწყო, ალბათ, კიდევ რამდენიმე ღამის მატარებელში გატარება მომიწევს. უმჯობესია კვლავ ამბავს დავუბრუნდეთ :

კვირა დღეს ეკლესიაში მისვლა წირვის დაწყებამდე გადავწყვიტე. პირველად ძალიან დიდი ხნის განმავლობაში საოცარი სიმშვიდე ვიგრძენი. ტაძარს რამდენიმე წრე დავარტყი და შესასვლელის ოდნავ მოშორებით წამოვჯექი.

ჩემთვის რაღაცებს ვბუტბუტებდი. ზეციერს ელენეს სულის შენდობას ვთხოვდი, თან ძალიან მრცხვენოდა. პირჯვარსაც კი მორიდებით  ვიწერდი თავს იმდენად უმადურ პორუტყვთან ვგრძნობდი.

მეც ხომ მხოლოდ მაშინ გამახსენდა ჩემი მოძღვარი, როდესაც თავს უბედურება დამატყდა?

გარშემო ჯერ არავინ ჩანდა. მოგონებებში ჩავიძირე. ვცადე აღმედგინა ყველა აღსარება, რომელიც ამ ტაძარში ჩამიბარებია. მახსოვს როგორ მიჭირდა ხმამაღლა ჩემი ცოდვების ჩამოთვლა - ამიტომ წირვის დასრულებამდე პატარა ფურცელზე ვწერდი. მამა გიორგი ყურადღებით კითხულობდა  შემდეგ კი ხევდა, ნაკუწებს უკან მიწვდიდა და მაბარებდა, რომ სახლში მისულს დამეწვა.

ზუსტად მახსოვს, რამხელა სიამოვნებას ვგრძნობდი, როდესაც ვუყურებდი, თუ როგორ იფერფლებოდნენ ჩემი ცოდვები ცეცხლში - მართლაც ასეთი მარტივი რომ იყოს ცხოვრებაში ყველა მომხდარის დაფერფვლა, რა დაშავდებოდა?

მოგონებებიდან ჩემსკენ მომავალმა მამა გიორგიმ გამომარკვია. ხალისიანი ჩანდა. ჩვეულად ალერსიანი გამოხედვითა და ღიმილით მომიახლოვდა.

-დამლოცეთ, მამაო.

-ელია, ჩემო კარგო, რამხელა გაზრდილხარ!

-თქვენ საერთოდ არ შეცვლილხართ.

-ამხელა კაცს, რას მაშაყირებ! რამდენი წელია არ შევხვედრილვართ?

-ერთ წელზე მეტი იქნება, მამაო.

-უნდა გისაყვედურო! ტაძარი დაგივიწყებია.

-მართალი ბრძანდებით. თავს ვერ გავიმართლებ.

-მთავარია დღეს მოხვედი. მამა ხომ კარგად, არის?

-არაფერს უჩივის.

-ჩემგან გულითადი მოკითხვა გადაეცი.

-აუცილებლად მამაო.

-შვილო, რაიმე ხომ არ გაწუხებს.

-კი, მამაო. სამწუხაროდ, არ ვარ კარგი ამბით მოსული.

-ასეც ვიფიქრე.

-ძალიან მჭირდება თქვენთან საუბარი.

-რა თქმა უნდა, ელია. თუ რამით შემიძლია დაგეხმარო, შენ გვერდით მიგულე.

-დაკავებული ხომ არ ხართ? შემიძლია მოგვიანებით დავბრუნდე.

-რას ამბობ! ძველი მეგობრებისათვის დროს ყოველთვის გამოვნახავ.

მამა გიორგიმ მანიშნა გავყოლოდი. სატრაპეზოში შემიძღვა. მარჯვენა ხელით სკამისაკენ მიმითითა. მეც ჩამოვჯექი. საუბრის წამოწყებას ვერ ვახერხებდი, თუმცა უნდა ვაღიარო - ამბის მოყოლაზე იმდენად არ ვღელავდი, რამდენადაც სწორი სიტყვების შერჩევაზე. ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ არ იყო ქალბატონი თამარი, არამედ ჩემი მოძღვარი ან ,როგორც თვითონ იტყოდა ხოლმე - ჩემი ძველი მეგობარი.

თავს უფლება მივეცი მოვდუნებულიყავი. ღრმად ამოვისუნთქე და თხრობა დავიწყე. მამა გიორგი ყურადღებით მისმენდა. არაფერს მპასუხობდა. გაგონილ წინადადებებს წონიდა და ფიქრობდა.

ჯერ ელენეს გაცნობის შესახებ ვუამდე, შემდეგ ჩვენი პატარა სასიყვარულო თავგადასავლის. შიგადაშიგ ვსლუკუნებდი. გრძნობებს ვერ ვერეოდი, ამიტომ სენტიმენტალური ნაწილი გამოვტოვე და პირდაპირ მთავარს მივადექი - გავუმხილე სიმართლე მისი გარდაცვალების შესახებ და მაშინ, როდესაც ველოდებოდი, რომ ჩემი მოძღვარი მკითხავდა დარწმუნებული ვიყავი თუ არა ჩემს ეჭვებში, მან ამოიოხრა და მის მზერაში ამოვიკითხე - ელენეს ამბავს მთელი გულით წუხდა.

მამა გიორგი პირველი იყო ვისაც ეჭვი არ შეუტანია ჩემში - ეს ძალიან დავაფასე.

სკოლაში მომხდარსაც მივადექი. ჩემსა და ქალბატონი თამარის საუბრის ყველა დეტალის აღდგენას ვცდილობდი. ბრაზი მერეოდა, მაგრამ მისი სახელი არ გამიმხელია. ისიც ხომ ამ ტაძრის მრევლის ნაწილი იყიო. თავი ვალდებულად ჩავთვალე არ „ჩამეშვა“.

შეწუხებული მოძღვარი ბოლთის ცემას მიყვა :

-დიდ განსაცდელში ყოფილხარ, ელია. ვისურვებდი, რომ ჩემთან უფრო ადრე მოსულიყავი და ყველაფერი მოგეყოლა. იქნებ ამ ამბის თავიდან არიდება მოგვეხერხებინა.

-ვიცი, რომ შევცდი, მამაო. ამას გულწრფელად ვამბობ. ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს. დღე არ გავა, რომ სინდისის ქეჯნა არ ვიგრძნო. ყოველი ქუჩა, ყოველი მოსახვევი, მთელი ქალაქი ერთხმად რაღაც გაურკვეველს მიყვირის.  ელენემ თავისი საიდუმლო მხოლოდ მე გამანდო მე რა გავაკეთე? ვერაფრით დავეხმარე. მას ჰქონდა გადაწყვეტილი სიჩუმეში ეცხოვდა და მეც, დებილი, ვფიქრობდი, რომ პატივი უნდა მეცა მისი არჩევანისათვის.

-შეცდომა ყველას მოსდის, ელია. თავს ნუ იდანაშაულებ. შენ პატარა და გამოუცდელი ხარ. ზედმეტად დიდ ამოცანას იყავი შეჭიდებული. მიტევება უნდა შეძლო. უნდა მიუტევო ყველას. პირველ რიგში საკუთარ თავს.

-არ შემიძლია. მივუტევო ადამიანებს, რომლებმაც ჩვიდმეტი წლის გოგოს ჯერ ბავშვობა წაართვეს, შემდეგ კი მოსაკლავად გაიმეტეს.

-ალბათ, ასეთი იყო უზენაესის ნება.

ამ სიტყვებმა გამაბრაზეს. შევეცადე არაფერი შემემჩნია, თუმცა მამაოს მახვის თვალს ჩემი უკმაყოფილება არ გამოპარვია :

-იმას ვგულისხმობ, ელია, რომ ღვთის განგებას ვერავინ გაექცევა. დამნაშავეებს პასუხი აუცილებლად მოეთხოვებათ.

-კი, მაგრამ, რადგანაც ყველაფერი ისე აეწყო, რომ მხოლოდ მე შევიტყვე სიმართლე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაც წვლილი დამნაშავეთა დასჯაში მეც უნდა შევიტანო?

-შენ შენი სულის ხსნაზე უნდა იფიქრო.

-მგონია, რომ მალე ზიზღი მაჯობებს. მახრჩობს იმდენჯერ, რამდენჯერაც ვიაზრებ, რომ  ელენე მიწაშია, მკვლელი თავისუფალი, კანონი კი უმაქნისი.

-შეიძლება დამნაშავე კანონს გაექცეს, მაგრამ ,როგორც უკვე გითხარი, ღვთიურ სამართალს  ვერსად წაუვლენ. „მიეცით კეისარსა, რაც კეისრისაა და ღმერთსა, რაც ღვთისაა“ - ასეა გამიჯნული ერთმანეთისაგან საერო და სასულიერო ცხოვრება. ძალიან გთხოვ - იმედი არ დაკარგო. არ მისცე ამ განსაცდელს უფლება საღი განსჯის უნარი წაგართვას.

-უკვე მიჭირს მაგის დაჯერება.

-ძალიან დიდი მოთმინება გმართებს, შვილო და გამოგიტყდები, მე უფრო სხვა რამ მაფიქრებს. ამ მოვლენებმა ცოდვის ჩადენისკენ არ გიბიძგოს. ელია, ძალიან გაგიჭირდება ასე ცხოვრება - რამდენი წლით ვარ შენზე უფროსი... მეც კი ვერ გეტყვი დანამდვილებით შენს ადგილას როგორ მოვიქცეოდი.

-ესე იგი მთავაზობთ, რომ გულხელდაკრეფილი ვიჯდე?

- მე გთავაზობ, რომ გადარჩე. დღეიდან შენი ერთადერთი მიზანი უნდა იყოს ბათუმიდან წსვლა -  გესმის? შენს ცხოვრებას უნდა მიხედო და შეეცადო მომხდარი დაივიწყო. მიანდე ღმერთს ის, რასაც მის გარდა ვერავინ გამოასწორებს.

-გაქცევას მთავაზობთ?

-სამწუხაროდ, სხვა გზას ვერ ვხედავ. შეიძლება არ მოგწონდეს ის, რასაც გეუბნები, მაგრამ იქნებ, მაინც გაითვალისწინო ჩემი ნათქვამი.

-ამის მოსმენას არ ველოდი.

-ვიცი, შვილო, მაგრამ სხვას ვერაფერს გირჩევ - ეკლესია უძლურია მსგავს საკითხებში.

თავი ვეღარ შევიკავე წამოვხტი. ხმას ავუმაღლე.

-მგონი კარგად ვერ გამიგეთ. ვგრძნობ ცოცხლად ვიხრწნები.  თქვენ კი მეუბნებით, რომ ბათუმიდან წავიდე?  ახალი ცხოვრება როგორ დავიწყო, როდესაც მეცოდინება, რომ ვცხოვრობ იქ სადაც მკვლელები დაუსჯელები რჩებიან, მოძალადეებს პასუხი არ მოეთხოვებათ, ხალხი კი თავს იბრმავებს, მსხვერპლს ზურგს აქცევს და ისე ცხოვრობს თითქოს არავის   სიცოცხლეს გარშემო ფასი არ ჰქონდეს. და დღეს, თქვენ ამ ყველაფრის გამგონი მირჩევთ, რომ დღედაღამ ვილოცო და მოთმინება მოვიკრიფო, მე კი იმის მეშინია, რომ საერთოდ ყველაფრის რწმენა არ დავკარგო.

იმ დღეს სატრაპეზოში მეც დამიდგა ის წამი, როდესაც ჩემი თავი უცხოს თვალით დავინახე - ხმა ჩამიწყდა. მამა გიორგი ჩემმა სიტყვებმა შეაშინეს. თვალებში აღარ მიყურებდა. ჰაერი არ მყოფნიდა.

-დაგტოვებთ, მამაო.

-აუცილებლად ვილოცებ შენთვის. თუ დროს გამონახავ ჩემი კარი მუდამ ღიაა.

აღარ მიპასუხია. მდუმარედ კარისაკენ გავეშურე და ის ის, იყო სატრაპეზო უნდა დამეტოვებინა, რომ მოძღვრის სიტყვები დამეწივნენ.

-ელია, არასდროს დაივიწყო რას ამბობს უფალი - „ჩემია შურისგება და მე მივაგებ“

შეჩვენებული, ბრძენი მოხუცი. ალბათ, წინდაწინვე განჭვრიტა ჩემი მომავალი. იმ დღის შემდეგ ერთმანეთს აღარც შევხვედრივართ.

„ჩემია შურისგება და მე მივაგებ“ - მე ხომ ახლა ბათუმში შურის საძიებლად ვბრუნდები? ერეკლე უნდა მოვკლა. ქალიშვილის მკვლელობისათვის პასუხი ვაგებინო. ჰოდა, იცი რაზე დავფიქრდი? ნეტავ, როდესაც ღვთის წინაშე წარვსდგები რის გამო უფრო სასტიკად დავისჯები -  ადამიანის სიცოცხლე რომ შევიწირე, თუ თავი ღმერთს რომ გავუტოლე და შურისძიების გზას დავადექი?

აბა, რას იტყვი,  ხმა ,ჯოჯოხეთში მოვხვდები?

ანდა, დაივიწყე - პასუხი საჭირო არ არის.

***

ქობულეთი.

შემდეგი სადგური - ბათუმი.

ჩემი საათი გაჩერებულა.

ძალიან მეშინოდა, რომ ვერ მოვასწრებდი თხრობის ბოლომდე  მიყვანას. არ ვიცი, რამდენად კარგად მოვახერხე ერთამენთში აზელილი მოგონებების გადმოცემა და ვერც იმას   დავიბრალებ, რომ რაღაც განსაკუთრებულად საინტერესო ამბავი მოვყევი - მაგრამ  რაღაც ამბავი კია - ესე იგი, მოსაყოლადაც ღირდა.

მეღიმება - დარწმუნებული ვიყავი, რომ  ამ წლების მანძილზე შევჩვეოდი ჩაჟანგული კლიტის ჟრიალს. არადა, სწორედ ამ ჩარაზული მოგონებებით ვიყავი დატბორილი.

რა ვიღონო? ვერ ვხვდებოდი.

თურმე, ჩემს სხეულსაც ჟანგის სქელ ფენად დასწოლოდნენ.

მოძრაობის უნარი დამაკარგვინეს.

წინ არ გამიშვეს.

გეგონება, ჩემი ცხოვრება ბათუმიდან წამოსვლის შემდეგ, გაშლილი ველი ყოფილიყოს, სადაც უმისამართოდ დავრბოდი. ისინი კი იყვნენ გაშმაგებული მტაცებლები, რომლებიც უკან დამსდევდნენ. ხან აღმა, ხანაც-დაღმა. მზის ამოსვლიდან, ჩასვლამდე. დაუსრულებელი, გაშმაგებული დევნა იყო ჩემი არსებობა.

„ბოლოს და ბოლოს, მირბოდი თუ გარბოდი?“

კაი, გაფიცებ, ახლა რაღა მნიშვნელობა აქვს?

სადგურს ვათვარიელებ - ხალხი გადი-გამოდის. ნეტავ, ვის რა მიზეზი აქვს, რომ წავიდეს ან დაბრუნდეს? აი, შეხედავ ახალგაზრდა ბიჭს - დაცვის ძაღლს ეფერება ან ამ მოხუც ქალს, რომელიც ტელეფონზე საუბრობს და მთელი ძალისხმევით ვიღაცას წყევლის. შეიძლება ვერც წარმოიდგინო, ისეთ ამბებს მალავდნენ, ისეთს ფიქრობდნენ ან განიცდიდნენ.

ჩემზე უკეთ ვინ შეიძლება იცოდეს, თუ რამდენს იტევს ადამიანის გული? მინდა ვაგონიდან ჩავიდე - სადგურში ღამე გავათენო და ყოველ გამვლელს ამბავი გამოვკითხო. ძალიან დიდი ბარგის თრევა შესძლებია ადამიანს.ზედმეტად დიდის.  არადა, უფრო მარტივი არ არის ამ ბარგის ზიდვა, როდესაც მავანი დახმარების ხელს გიწვდის?

ე, აბა მე  რა უფლება მაქვს სხვა განვსაჯო? ჩემთვისაც ხომ მრავალს უცდია დახმარების ხელის გამოწოდება? მე  ისინი უარვყავი. თავიდან მოვიშორე. ძალიან დიდი გამბედაობაა აღიარება, იმისა, რომ რაღაც გიჭირს - ან თუნდაც შველის მიღება ისე, რომ ღირსება არ შეგელახოს.

სიამაყე თუ ღირსება?

ერთი „ჩორტია“.

მე სხვანაირად არ  შემეძლო, იმიტომ, რომ ერთ დღეს საკუთარ თავს შევპირდი - მუდამ ძლიერი ვყოფილიყავი. ამის გამო კი არა მარტო მაღიზიანებდნენ ის ადამიანები, რომლებიც ჩემთვის კარგის გაკეთებას ლამობდნენ, არამედ მეზიზღებოდნენ კიდეც. პარადოქსიაო იტყოდა ვინმე.

„პარადოქსი“ - ეს სიტყვაც ელენემ განმიმარტა პირველად.

მინდა გითხრა, ხმავ, რომ არც ისეთი პარადოქსულია ეს ყველაფერი, როგორადაც შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. მოდი, ერთად დავფიქრდეთ - ყველა, ვინც დახმარებას მთავაზობდა განა საკუთარ უპირატესობასა და ჩემს სისუსტეს არ უსვამდა ხაზს?  მე კი მოგეხსენება როგორ ვერ ვიტან, როდესაც თავს დაბეჩავებულად ვგრძნობ.

დაე, ჩამქოლე - მე ასეთი ვარ და უკვე ვეღარაფერი შემცვლის.

შეიძლება მოგეჩვენოს, რომ ამას ახლა სინანულით ვამბობ. არამცდაარამც!  მე ჩემი არჩევნით ძალიან კმაყოფილი ვარ - მეტი რომ არ შეიძლება, იმდენად კმაყოფილი. კი, როგორ არ მინატრია, ღამე მარტოდარჩენილს გვერდით ვინმეს ყოლა ან ღმერთო, რადენი საათი დამილევია სიბერეზე ფიქრში! - მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, რადგან ზუსტად ვიცი, რომ გავა ღამე, გავიღვიძებ, სარკეში ჩავიხედები, სახეზე წყალს შევისხავ,  ბრტყელ ზედაპირზე გამომწყვდეულ უცხო ელიას თვალებში ჩავხედავ და  გავუმეორებ, რომ ძლიერია და არ არსებობს ფასი, რომლის გადახდაც ამ სიძლიერესათვის არ ღირდა.

როლებში შევიჭერი.

ისე, გაგიმხელ და მაინტერესებს როგორი იქნებოდა ჩემს ცხოვრებაზე ვინმე დრამატურგს პიესის  დადგმა რომ გადაეწყვიტა - ალბათ, ვიჯდებოდი ამაღლებულ მოედნის შუაგულში. ხის, ძველებურ სკამზე. სცენაზე გამოირბენდა ახალგაზრდა გოგო. მას დაედევნებოდა ორი მსუქანი,  ტლანქი მამაკაცი. წრეებს დამარტყავდნენ. მე არ გავინძრეოდი. ერთი ჩამორჩებოდა, მაგრამ მეორე დაიჭერდა. გოგონა თვალს მიეფარებოდა ეს ორი კი აჩრდილად გარდიქცეოდა და თავს დამადგებოდა. შემდეგ გამოცვივდებოდნენ მსახიობები. ფუსფუსი ატყდებოდა. მე დავიკარგებოდი ბრბოში.

აი, მესმის ეპილოგი.

ეჰ, წარმოვიდგინე და არც ისეთი ამაღელვებელი სანახაობა გამოვიდოდა - მოქმედება იქნებოდა დაცლილი ყოველი მიზეზისაგან, არსისაგან და მაყურებელი ყურადღებას მომაქცევდა მხოლოდ მე - მუდამ ერთ ადგილას მჯდომს, რომელიც შეიცვლებოდა, მაგრამ ამ ცვლილების მიზეზს ვერც ვერავინ გაიგებდა და  ყველაფერი ისევ ამ საწყალი დროის სვლას დაბრალდებოდა.

ჰო, ჩემი საათი გაჩერებულია, მაგრამ დრომ სულ სხვა მნიშვნელობა შეიძინა. უფრო სწორად, წლების შემდეგ დრომ მნიშვნელობა პირველად შეიძინა.

მატარებელი იძვრის.

სილუეტები იტალღებიან და ქობულეთის სადგურს რჩებიან.

ისევ გვირაბი - სიბნელე.

სადღაც ნახევარ საათში დანიშნულების ადგილს მივალთ.

ბათუმში ვბრუნდები.

რატომ ჟღერს ახლა უფრო დაუჯერებელად?

ისე, წაძინებასაც კი მოვასწრებდი, მაგრამ არა - ჯერ კიდევ დამრჩა ერთი საქმე მოუგვარებელი.

-ხმა, მიდი რა  - თვალებს დავხუჭავ სამამდე დავითვლი და ერთხელაც გამოჩნდი.

ერთი.

ორი.

სამი.

-საოცრად გამოიყურები, მეგობარო.

„ჰო, დიდი დრო გავიდა ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდეგ.“

-მოწოდების სიმაღლეს არ კარგავ.

„მე არა, მაგრამ შენ რაღაც ვეღარ გცნობ. სულ სხვანაირად მიყურებ. ამრეზისაგან დაიცალე. ჰა, ბიჭო - ნუთუ ამ ხუთ საათში ასე შეგიყვარდი?“

-თავს ვერ დავდებ, რომ მზე და მთვარე ამომდის შენს გაგონებაზე, მაგრამ შეჩვევით კი შემოგეჩვიე. შენდა სამწუხაროდ, ახლა არც შენთვის ხოტბის შესასხმელად მცხელა და არც ძმობის ფიცის დასადებათ. სხვა მიზეზით გაწუხებ - ჩვენი გზები უნდა გაიყაროს. მატარებელი გაჩერდება. მე გადავალ. შენ  აქ უნდა დარჩე.

„დარწმუნებული ხარ? ვერ შეგპირდები, რომ უფრო კეთილი გავხდები, მაგრამ შემიძლია ვცადო ნერვები ნაკლებად მოგიშალო.“

-არა, მეგობარო შენ ისედაც კეთილი გამოდექი. შეიძლება ზედმეტადაც კეთილი. სწორედ ამიტომაც მინდა, რომ აქ დარჩე. სამუდამოდ, ამ მატარებელში დასახლდე. ჩემგან შორს იქნები და გულიც დამწყდება. მერე რა?

„თავგანწირვისათვის მადლობაც ხომ არ  გადაგიხადო?“

-შეეშვი ამ ირონიას და გამიგონე - ერთადერთი, ხარ, ვინც ჩემი ამბავი იცის და იმის მიუხედავად, რომ ჯერ კიდევ ვერ გამირკვევია წარმოდგენა ხარ თუ სიგიჟის პირველი კვალი, შენ მაინც იმაზე უფრო ცოცხალი ხარ, ვიდრე სხვა ყველაფერი ჩემს ცხვორებაში. ამიტომ მინდა აქ დარჩე და გზა განაგრძო - მინდა იარსებო.

„ესე იგი, ესაა ჩვენი ურთიერთობის დასასრული? ალბათ, მიხვდებოდი გრძელი გამომშვიდობება არ მიყვარს“

-მივხვდი და დიდხანს აღარც მოგაცდენ. უბრალოდ ერთს გეტყვი - სახელი შეგირჩიე.

„ყურადღებით გისმენ.“

-რა აღარ ვიფიქრე, ვინ აღარ გავიხსენე და საბოლოოდ მივხვდი - შენ არც ჩემს გონების კუნჭულში მიმწყვდეულ დედაჩემს ეკუთვნი  და არც რასკოლნიკოვი ხარ. შენც ელია ხარ. ელია ბოლქვაძე. სხვა სახელი არ შეგშვენის. ოღონდ შენ არ ხარ მე და არც მე ვარ შენ. შეიძლება ერთ დროს ვიყავით ერთნი და არ ვიცი შენ დამკარგე მე თუ მე დაგკარგე შენ, მაგრამ ერთმანეთი კი დაგვიკარგავს.

„ზედმეტად დიდი დრო დაგჭირდა ამის გასაცნობიერებლად“

-სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.

„აკი, მაგაზე დიდი სისულელე ცხოვრებაში არაფერი გამიგიაო?“

-წყეულო, მაინც გამაცინე.

„მშვოდობით, ელია“

სამი.

ორი.

ერთი.

ხმის ხმა აღარ მესმის.

მატარებლის თანამშრომელი მაღვიძებს.

ბათუმში ჩამოვედით.

 

 

 

ელფოსტაბეჭდვა