ჩემი თვალით დანახული ცხოვრება
ჩემი თვალით დანახული ცხოვრება
ჩემი თვალით დანახული ცხოვრება
23 ივნისი, 2020 წ.

ადამიანი სანამ სინანულს განიცდის მას კიდევ აქვს შერჩენილი ღირსება, ან ღირსების ნაპერწკალი მაინც, ხოლო თუ საერთოდ არ განიცდის მას მაშინ რთულად გვაქვს საქმე. შემდეგ იწყება ადამიანის დეგრადირება, სულიერი სიღარიბის განცდა. ნაკლებს ფიქრობ საკუთარი საქციელის სისწორის, მორალისა და ღირებულებების შესახებ. რადგან აღარაფერი გაქვს შერჩენილი ისეთი რაც შეგაჩერებს და დაგაფიქრებს. სინდის დაკარგული ადამიანი ცხოველს ემსგავსება, რადგან აღარც მას მოეთხოვება პასუხი ისე როგორც ამ უკანასკნელს. პირუტყვზე საშიშიც კი ხდება ის. წმინდა სინდისი ბედნიერების გარანტია.

_და როგორ ფიქრობ ადამიანი საკუთარი სინდისის წინაშე, საკუთარი თავის წინაშე უნდა იყოს მართალი?

- უპირველეს ყოვლისა კი. საკუთარი თავის წინაშე, მაგრამ რად გინდა მხოლოდ საკუთარი თავის წინაშე მართლად ყოფნა თუ ის შენს საყვარელ ადამიანს არ ესმის ან გულს ტკენ ამით.

იცი ბევრ რამეს ვნანობ. უქმად დაკარგულ დროს, ადამიანებისათვის გაცრუებულ იმედს, ვნანობ ვერ დაფასებულ წუთებს, ზოგიერთი ადამიანისთვის გამოცხადებულ ნდობას,  ზოგიერთი ადამიანის გვიან აღმოჩენასა და გაცნობას, დედისთვის არ შემსუბუქებულ დაღლას და კიდევ უამრავ წვრილმანს.

და სინანული ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობაა?

სანამ პასუხს გამცემდა ჩაფიქრდა, თითქოს მთელმა ცხოვრებამ თვალწინ გადაურბინა, სევდანარევი ღიმილით თვალი-თვალში გამიყარა და თავდაჯერებულმა მიპასუხა:

ვფიქრობ, თავდაპირველად კი. თუმცა როდესაც ადამიანი თავის ღირსებას დაკარგავს შემდეგ უკვე არა, რადგან თავისთავად ქრება სინანულის შეგრძნებაც.

სინანული და მისი მონანიება ისეთი რამ არის რაც შინაგანად უნდა იგრძნო!..

როდესაც სულის კივილს გრძნობ და შეძლებ საკუთარი სულის კივილის გაკონტროლებას და შეფუთვას მაშინ ხარ ჭეშმარიტად ძლიერი ადამიანი.

ჰო, სინანული, შეცდომები, სიყვარული ყველაფერი ეს ცხოვრების ყველაზე რთული დეტალებია. ალბათ გაინტერესებს, მოხუცი ქალის ისტორია, რომელიც ამდენს გესაუბრება ცხოვრების თანმდევ მოვლენებზე.

- თუ სურვილი გაქვთ სიამოვნებით მოვისმენდი თქვენს სიყვარულის ისტორიას - მივუგე მე

 

და მანაც საუბარი წამოიწყო, საოცრად გრძნობააშლილმა, ცოტათი გაბრუებულმა, ოღონდ მე ვერ გამეგო ეს ღვინისგან გამოწვეული გაბრუება იყო თუ ამ მოულოდნელი და საინტერესო საუბრის შედეგი. მის თვალებში ტკივილი იკითხებოდა, ტკივილი უსაზღვრო მონატრებისა. ვიგძენი, რომ მასზე საუბრის წამოწყების დროს მოულოდნელად გამოცოცხლა, ღიმილი გაუკრთა სახეზე, თითქოს ცხადად წარმოიდგინა ის და გაახსენდა ძველი გრძნობები, ალბათ ის პატარა გოგო, რომელიც ყურებამდე იყო შეყვარებული ახლა კი მხოლოდ მოგონებებიღა შემორჩენოდა, მხოლოდ მოგონებები ასულდგმულებდა. სახეზე გრძნობები მიყოლებით ენაცვლებოდა ერთმანეთს, ხან სევდიანად ეჭმუხნებოდა ბაგეების კუთხეები, ხანაც ღიმილი შეეპარებოდა მის გამომეტყველებას, ხან კიდევ ჩაფიქრებული შორს გაჰყურებდა ერთ წერტილს.

ყველაფერი ბობოქარი სიყვარულით დაიწყო, - განაგრძო საუბარი ცოტახანში. მოულოდნელად ყურებამდე შეყვარებული აღმოვჩნდი, მალევე დავვოჯახდით, ორი წლის განმავლობაში ყველაფერი იდიალურად მიდიოდა. თავიდან ბევრს ვჩხუბობდით, ვკამათობდით, მაგრამ ამ ჩხუბსაც თავისი ხიბლი ჰქონდა. ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა.  - ბოლო დროს აღარც ვკამათობდით, ყველაფერი მდორედ და მშვიდად წარიმართა. წყნარ, გაწონასწორებულ ურთიერთობას თურმე ბევრად სჯობს ჩხუბითა და კამათით გაჟღენთილი ურთიერთობა, რომელიც წყვილის კავშირს რაღაც დოზით აცოცხლებს და ჩხუბის შემდეგ ყოველ ჩახუტებას უფრო ტკბილს ხდის. მეგონა ყველაფერი კარგად იყო, ყოველთვის ბევრ პირად თავისუფლებას ვაძლევდი, როგორც ჩანს აქაც შევცდი. ზედმეტი ნამდვილად არაფერი ვარგა. ერთ დღეს, სრულიად მოულოდნელად მისი ღალატის შესახებ გავიგე. დიდხანს არაფერი იმალება, ესეც გახსოვდეს.

და ისევ ორი მკვირცხლი ცრემლი მის ლოყებზე…

ისევ დამალვის მცდელობა…

ისევ სიამაყე...

არ დავიწყებ იმის აღწერას, რაც იმ მომენტში ვიგრძენი. არ მინდოდა პანიკების გამართვა და ისტერიული ქალივით მოქცევა. მთელი დღე უხმოდ გავატარე ფიქრში. ვფიქრობდი სად დავუშვი შეცდომა, რა გავაკეთე ცუდად, რატომ მოიქცა ასე. იმდენად მიყვარდა, რომ მსგავს სიტუაციაშიც კი საკუთარ თავში ვეძებდი შეცდომას. შეცდომას, რომელსაც უამრავი ფიქრის შემდეგაც ვერ მივაკვლიე და მითუმეტეს გამართლება ვერ მოვუძებნე. შევძელი და საკუთარ თავს არ მივეცი აფექტის მდგომარეობაში მოქმედების უფლება. უბრალოდ გადაწყვეტილება მაშინვე მივიღე.  მეორე დღესვე ჩვენ საყვარელ ადგილზე წავედით, სადაც ბევრ დროს ვატარებდით საუბარსა და ვარსკვლავების ცქერაში. ახლაც თითოეული სიტყვა მახსოვს, მწარედ მახსოვს, თითქოს ყველა ტკივილს და ბედნიერებას აერთიანებდა, მახსოვს როგორ ვეუბნებოდი ბოლო სიტყვებს, ხელისკანკალით სახეზე ვეფერებოდი, თვალებიდან ცრემლებს ვიწმენდი, ვაძალებდი საკუთარ თავს ბგერები სიტყვებად გადამექცია და საბოლოოდ შევძელი და ვუთხარი ჩემი გადაწყვეტილება, არ ვიცი ვნანობ თუ პირიქით მიხარია, მაგრამ ის სიტყვები დღესაც მახსოვს.

ბოდიშს გიხდით, არ მინდოდა თქვენთვის ამდენად ემოციური ისტორია თავიდან გამეხსენებინა

არა ჩემო კარგო, ზოგჯერ კარგიც კი არის მოგონებების გახსენება, განვლილ ცხოვრებაზე გადახედვა. ახალა კი იმ ისტორიას გიყვები, რომელიც არასდროს მომიყოლია და არავისთვის გამინდია. ერთად გატარებული უკანასკნელი დღე მინდოდა რომ ტკბილად გამხსენებოდა, ყოველგვარი ყვირილისა და ჩხუბის გარეშე.

ჩემ ბოლო სიტყვებს გეტყვი, მძიმედ ამოისუნთქა და განაგრძო:

ვიცი, რომ სიგიჟეა, მაგრამ, როდესაც ერთად აღარ ვიქნებით მინდა გვქონდეს გასახსენებლად რაღაც ისეთი რაც სხეულში სითბოს ჩამიღვრის და გამახსენებს თუ როგორი კარგი იყავი ერთ დროს. არვიცი გული უნდა მწყდებოდეს თუ მიხაროდეს, მაგრამ ვიცი, რომ ძალიან მომენატრები, ყოველთვის მომენატრები. მე ეს არჩევანი უნდა გავაკეთო. ეს ჩვენი ვერ შემდგარი ურთიერთობაა. ურთიერთობა, რომელმაც მხოლოდ ორი წელი გასტანა, რომელიც ნამდვილი, წრფელი მეგონა, მაგრამ გუშინ გავიგე, რომ თურმე მწარედ ვცდებოდი.  მივხვდი, რომ პატიებას აზრი არ აქვს და ისიც კარგად გავაცნობიერე, რომ არ მინდა მთელი ცხოვრება ვიღაცის შენარჩუნებასა და მისი დაკარგვის შიშში გავატარო. ეს ორივემ კარგად ვიცით, თავს ვერ მოვიტყუებთ, აზრი არ აქვს. ის ღამე ერთად გავატარეთ, მთვარის შუქზე, ვილაპარაკეთ ძალიან ბევრ რამეზე. აღუწერელი სინანული გამოხატვოდა სახეზე. შესაძლოა ჩემმა ქმედებამ, მშვიდმა ტონმა და ასეთმა გულახდილობამ მეტად აღუძრა სინანულის გრძნობა. ეტყობოდა რომ მისი სინანული გულწრფელი იყო. არ უნდოდა დავეკარგე და მთელი სიმძაფრით მიკრავდა გულში, თითქოს ცდილობდა იმდენად მივეკარი, რომ წასვლა აღარ შემძლებოდა. მევედრებოდა, მპირდებოდა, ნანობდა, ათას რამეს მთავაზობდა, მაგრამ ჩემი გადაწყვეტილება იმდენად მყარი იყო როგორც ქვა. ვიცოდი, რომ მეტკინებოდა, ცრემლებად დავიღვრებოდი და ბოლომდე ვერასოდეს დავივიწყებდი, მაგრამ ყოველთვის ვფიქრობდი, რომ არ ღირს იმ ადამიანთან გაჩერება, რომელმაც ვერ დაგაფასა და მხოლოდ მაშინ ცდილობს ჩაგებღაუჭოს, როცა ხედავს რომ გკარგავს. ვფიქრობდი, რომ ადამიანი, რომელიც ერთხელ დაუშვებს სერიოზულ შეცდომას ის სადღაც იგივეს მაინც გაიმეორებს. სჯობდა თავიდანვე მტკენოდა გული და მიმეტოვებინა, ვიდრე მთელი ცხოვრება ნერვიულობასა და დაძაბულობაში გამეტარებინა, ან შემდეგ ისევ გამეორებულიყო იგივე. და ასე წამოვედი...

სიამაყემ შეძლო შევეჩერებინე და მისი შერიგების არც ერთ მცდელობას არ წამოვეგე, მაგრამ გულმა? გულმა ვერ შეძლო მისი დავიწყება და ამ ბოლო დროს უფრო ხშირად ვხედავ სიზმრებში. მოსვენება დავკარგე. არვიცი სიძულვილმა როგორ ვერ შეძლო სიყვარულის ჩანაცვლება, როდესაც ესოდენ გულისტკივილი და დამცირება გამაცდევინა ერთ დროს უახლოესმა და უსაყვარლესმა ადამიანმა, თუმცა ჩემდა სამწუხაროს სიძულვილმა ვერა და ვერ იძალა და მეც ვერ შევძელი შინაგანი სიმშვიდის მოპოვება.

ჩვენი დაშორებიდან ოთხი წლის შემდეგ გარდაიცვალა. ამან უფრო დიდი დაღი დამასვა, მაგრამ ვფიქრობდი იქნებ სწორედ ამიტომ მივიღე თავის დროზე მსგავსი გადაწყვეტილება? ღმერთს არ უნდოდა დავექვრივებინე და შემდეგ უფრო მეტად გავტანჯულიყავი - მეთქი. არვიცი, მაგრამ ერთი კი ვიცი, რომ არც ერთი ჩვენი გადაწყვეტილება სრული შემთხვევითობა არ არის. კარგად მახსოვს ის დღე, მთელი ღამე მისი ცივი სხეულის გვერდით გავატარე. რას აღარ ვფიქრობდი, ცხადად წარმოვიდგენდი თუ როგორ ვისხედით ოთხი წლის წინ მინდორზე, მესაუბრებოდა თავის გეგმებზე, მპირდებოდა შეცვლას და ათას რამეს თუ მის გვერდით დავრჩებოდი. სწორედ ამ ფიქრებში გამახსენდა მისივე ნათქვამი - თუ დამტოვებ, იცოდე რომ დიდხანს არ ვიცოცხლებ. დანაშაულის გრძნობა? შებრალება? სინანული? იქნებ შინაგანი ბედნიერებაც კი რადგან ქვრივი არ გავხდი? მაგრამ სისულელეა - არც განშორების შემდეგ ვიყავი უკეთეს მდგომარეობაში, ხოლო ხალხის მიერ მოწებებული იარლიყი ჩემთვის ყოველთვის უმნიშვნელო იყო. არვიცი - მაგრამ ის ვიცი, რომ მასზე საშინლად ცივი ღამე იყო ჩემთვის. ვიცი ბანალური და უბრალო მძიმე ისტორიაა, არც არაფრით განსაკუთრებული, უბრალოდ ჭკუის სასწავლებელი. სიმართლე გითხრა, რომ შემეძლოს წარსულში დაბრუნება იგივეს გავაკეთებდი, რადგან შემიძლია დარწმუნებით გითხრა, რომ მატყუარები და მოღალატეები არ იცვლებიან.

- სულშეხუთული ვუსმენდი, ათასი ფიქრი და კითხვა მიტრიალებდა თავში, მაგრამ გონებაში ფრთხილად ვარჩევდი, არ მინდოდა ძლიერად შევხებოდი სუსტ ადგილზე და კიდევ უფრო მეტად გამეღვიძებინა მასში მიძინებული სევდა.

სწორედ ღალატის მეშინოდა ყველაზე მეტად, რადგან ეს იყო ის რასაც ვერასდროს ვაპატიებდი საყვარელ ადამიანს. ტყუილების გამოც კი არა ერთი უახლოესი მეგობარი დამიკარგავს. იცი უფრო რთულია პატიება, როდესაც არ იმსახურებ და უმიზეზოდ გტკენენ გულს, როცა მის ქმედებას გამართლებას ვერ უძებნი. აღარ ღირს გაგრძელება, მგონი სათანადოდ დაგღალე ჩემი სევდიანი ისტორიებით.

- არა, რას ამბობთ. ძალიან ვისიამოვნე თქვენთან საუბრით, ბევრი კარგი რჩევა მივიღე და ბევრ რამეზე დამაფიქრეთ. მადლობა პირიქით.

გავუღიმე, სიტყვებს ვერ ვპოულობდი რომ კიდევ რამე მეთქვა, გადავეხვიე მხურვალედ და კარისკენ წავედი.

იმუშავე საკუთარ თავზე!. - ისევ თუ გამომივლი გამიხარდება.

წამოვედი ფიქრებში ღრმად დამძიმებული. განა შეიძლება ასეთ საყვარელ მოხუცს არ გავუარო. უკვე ვიცოდი, რომ როგორც კი საშუალება მექნებოდა უახლოეს პერიოდში ჩამოვიდოდი მის სანახავად. მიუხედავად იმისა, რომ შემდეგი ჩემი წასვლის სხვა არეალი უკვე შერჩეული მქონდა.

იმუშავე საკუთარ თავთან! იმუშავე საკუთარ თავზე!

ეს ფრაზა სულ თავს დამტრიალებდა. ძალზე დამაფიქრა ამ ფრიად სასიამოვნო ადამიანმა. სულიერად რამდენად ძლიერი პიროვნება უნდა იყო, რომ ასე ცხოვრება შეძლო, გაუძლო ყველაფერს, იპოვო საკუთარ თავში ძალა და განაგრძო ცხოვრება. გაანალიზო ყველაფერი, აღიარო შენი თითოეული შეცდომა და მიჰყვე ცხოვრებას. ცხოვრების ახალი სტილი აირჩიო, მოძებნო გზა, რომლის საშუალებითაც შეძლებ უკეთ იგრძნო თავი, სულიერი სიმშვიდე შეინარჩუნო. ამ მოხუცმა კი ეს ბუნებაში მარტო, მშვიდად ცხოვრებით შეძლო. ბევრი ადამიანისთვის სამწუხაროდ ეს უნარი შეუმჩნეველი აღმოჩნდება და სიცოცხლეს გაწამებულად ან სულაც სიკვდილით ასრულებენ. მეამაყებოდა ეს ქალბატონი. ამ ერთი საათის განმავლობაში ბევრი რამ შემმატა და ბევრი ისეთი რამ გავიაზრე, რაზეც არასოდეს დავფიქრებულვარ, სიყვარულმა კი კიდევ უფრო შემაშინა ნიტას შემდეგ.

ყოველთვის მაინტერესებდა თუ რას გრძნობენ ადამიანები ღალატის შემდეგ, როდესაც ისევ მასთან ბრუნდებიან ვისაც ასე ძალიან უყვარს, ვინც მისი საკუთარი გული აჩუქა და ღრმა ნდობა გამოუცხადა. ნუთუ არ გრძნობენ სინანულს, სირცხვილს მის წინაშე ან დანაშაულს მაინც, ნუთუ საერთოდ არ აწუხებთ სინდისი, როდესაც კარებს სიხარულითა და მზრუნველობით უღებს ცოლი, იქვე კი ბავშვები შემოეგებებიან. ცოლის, შეყვარებულის რა მნიშვნელობა აქვს, სიყვარულის ობიექტის წინაშე ნუთუ არაფერს არ გრძნობენ?! ალბათ, ასეთებს ადამიანებს ვერ უწოდებ, უფრო პირუტყვები, რომლებიც ადამიანური ღირებულებებისა და სიყვარულის შთაგონებისგან ძალიან შორს არიან. საერთოდაც ვფიქრობ, რომ არ იმსახურებენ ოჯახს, იმ წმინდა გრძნობას, რასაც სიყვარულს ვეძახით. ღმერთო, როგორ მეზიზღებიან ასეთი ადამიანები. ძალიან ხშირად მიჩნდება სურვილი, რომ მივიდე და პირში მივახალო ის ყველაფერი რასაც მათზე ვფიქრობ. მაფიქრებს ვერონიკას პრინციპულობა, სიძლიერე, როგორ მშვიდად, (მართალია მოჩვენებითი სიმშვიდით, მაგრამ მაინც) პრინციპულად მიიღო გადაწყვეტილება და როგორ უჩვეულოდ დაემშვიდობა მას ყოველგვარი პანიკებისა და ჩხუბის გარეშე, მაგრამ ალბათ მიხვდა, რომ პანიკას და ჩხუბს აზრი არ ჰქონდა, რადგან წარსულს მაინც ვერ შეცვლიდა, ვერც იმ ადამიანს გამოცვლიდა ჩხუბითა და ყვირილით. ასე ღირსეულად შეხვდა გულისტკივილს და მიიღო გადაწყვეტილება. სიმართლე გითხრათ წარმოუდგენლად მეჩვენებოდა მსგავსი რამ. სიბრაზის მართვის საოცარი უნარი უნდა ჰქონდეს ადამიანს რომ ეს შეძლოს, რაც ვერონიკას ნამდვილად აღმოაჩნდა. როგორი რთულია საკუთარი თავის მართვა. ვფიქრობ თუ ეს შეგიძლია, შეგწევს ნებისყოფა და უნარი იმისა, რომ ნებისმიერ მომენტში სწორად იმოქმედო და შეძლო თითოეული ქცევისა და სიტყვის კონტროლი, როცა შინაგანად ქარიშხალი ბობოქრობს შენში და გინდა ყველაფერი დალეწო, მაშინ სამყაროს გადატრიალებასაც კი შეძლებ. ნამდვილად აღმაფრენაში მოვყავდი ამ მოხუცს. ჩემს ისედაც გზა აბნეულ აზრებს კი კიდევ უფრო გზა აბნეულსა და ქაოტურს ხდიდად მასზე ყოველი ჩაფიქრება. ჰო, მართლა ის რისთვისაც მასთან აღმოვჩნდი დამავიწყდა რომ მეკითხა ლამაზი ადგილებისა და ღირსშესანიშნაობების შესახებ.

 

 

********

 

მცირეხნიანი თავგადასავლების შემდეგ სახლს დავუბრუნდი, სულ რაღაც ხუთი დღე ვიყავი წასული და უკან საკმაო სიახლეებითა და ემოციებით დატვირთული დავბრუნდი. ვერონიკა, ჯეიკობი, შემთხვევით გაცნობილი სამეგობრო, გზაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევა მგონი ხუთი დღისთვის ნამდვილად ბევრია.

უნდა ვაღიარო რომ სახლი მომნატრებია, რაც ოთახში შებიჯებისთანავე ვიგრძენი. საკუთარ საძინებელს მაინც ვერაფერი შეედრება. რამდენადაც არ უნდა გიყვარდეს შენი საცხოვრებელი ადგილი, საკუთარი სახლი მაინც გიყვარს, თავისი კომფორტითა და მასში მცხოვრები საყვარელი ადამიანებით. მე კი ყველაზე მეტად საკუთარი საძინებელი მიყვარს, სადაც ყველაზე დიდ დროს ვატარებ, წიგნების კითხვაში, ნიტასთან ჩატაობაში, წერაში, ფიქრში, ფილმების ყურებასა და სხვა ჩემებურ გასართობებში.

გიფიქრიათ რაოდენ დიდი ისტორიის მატარებელია თითოეული სახლი? რამდენ წელს ითვლის, რამდენ განსხვავებულ ისტორიას, რამდენ პრობლემას, დარდს, სევდას მალავს, რამდენი ავადმყოფობა გადაუტანია, რამდენი ადამიანი გაუცილებია უხილავ სამყაროში. რამდენი სიხარულის, ბედნიერების გამზიარებელი ყოფილა ის. ვფიქრობ საკუთარი სახლი ასე ძალიან ყველას იმიტომ უყვარს, რომ ყველაზე ტკბილ პერიოდთან ასოცირდება ის, ტკბილ ბავშვობასთან, როდესაც უდარდელად დარბიხარ ოთახიდან ოთახში. ეზოში ფოთლებისა და ტალახისაგან მონდომებით ამზადებ სადილს, ზამთარში ციგით დარბიხარ ბედნიერი, ითვლი ფანტელებს, მონდომებით აშენებ თოვლის ბაბუას, ათასი კითხვებით ღლი ბებოს, რომელიც არ იმჩნევს და მზრუნველად აკმაყოფილებს შენს ყოველ ახალ ინტერესს. იცინი ლაღად და გიხარია რომ არსებობ.

სამწუხაროდ, იზრდები და სახლში სულ უფრო ნაკლები დროის გატარება გიწევს, მოუცლელობა - სკოლა, რეპეტიტორები, სამსახური, საქმიანი შეხვედრები და სხვა მრავალი ეტაპობრივად ერთიერთმანეთს ცვლიან. სამწუხაროდ, ბევრისთვის სახლი მხოლოდ პრობლემების განსახილველ დაწესებულებად გადაიქცევა. მაგრამ როგორაც არ უნდა იყოს ის ყოველთვის განსაკუთრებული ადგილია შენთვის, თუნდაც მხოლოდ იმიტომ რომ იქ დედა გეგულება. და კიდევ როგორი განმსაზღვრელია მთელი შენი პიროვნულობისა ოჯახი, სადაც გაიზარდე, ჩამოყალიბდი, განივითარე შენი ფსიქოფიზიკური უნარები, იდეალები და მსოფლმხედველობა. შენს წარმატებას პირდაპირპროპორციულად განსაზღვრავს ოჯახი. სწორად ფორმირება, ნიჭის აღმოჩნა, განვითარება, მოტივირება, პიროვნული ზრდის მნიშვნელობა, სიტყვა - "კარიერის" არსი, ვფიქრობ, ახსნა-განმარტებით ბავშვის ცნობიერებამდე უნდა დავიყვანოთ თუ რატომ არის მნიშვნელოვანი სწავლა, და არა მექანიკურად მოვთხოვოთ მეცადინეობა, კარგად სწავლის სამიზნეს „აიფონი“ ან რომელიმე რეალურად, უმნიშვნელო საგანი კი არ უნდა წარმოადგენდეს, არამედ მოტივი უნდა იყოს საკუთარი თავის მაქსიმალური რეალიზება, რასაც სწორედ ოჯახი უნდა უნერგავდეს, თუმცა ვფიქრობ იშვიათად ხდება ასე.

სამწუხაროდ მეც საკმაოდ გვიან, დიდ ასაკში გავიაზრე ცოდნის ძალა, პიროვნების რეალიზების მნიშვნელობა, თუ როგორი თავდაჯერებული ხდები და როგორ ივსებ ადამიანის შინაგანი მოთხოვნილების წყაროს, მეტი ინფორმაციის მიღებისას. ახლა სწორედ მოხუცი ქალის სიტყვები გამახსენდა, რომელიც მეუბნებოდა:

- ყველაზე მთავარი საკუთარი თავის რეალიზებაა, როდესაც შენ მიაღწევ მას უნდა იცოდე, რომ სიცოცხლის არსის ნახევარს მიაღწიე და იმდენად უმნიშვნელოდ არ ჩაივლის შენი ცხოვრება, როგორც ხდება ათეულობით ადამიანის შემთხვევაში. იმ ადამიანების შემთხვევაში, რომლებიც ვერც კი იაზრებენ რა სურთ, როგორ სჯობს მათი ცხოვრების წარმართვა, რომელ სფეროში იგრძნობენ თავს უკეთ, რომლებმაც ვერ მიაგნეს საკუთარ დანიშნულებას შენ თუ ამას ამოიცნობ და მასზე სწორად ფოკუსირდები ჩათვალე, რომ საკუთარი თავის შეცნობა მოახერხე. იპოვე და აღმოაჩინე ის, რაც ძალზე მნიშვნელოვანია.

სრულიად ვეთანხმები ჩემი მოხუცი მეგობრის, ვერონიკას მოსაზრებას. იცით რა მიმაჩნია კიდევ ერთ დიდ პრობლემად? ის რომ მშობლები ძალიან ცოტას კონტაქტობენ შვილებთან, საერთოდ არაფერს არ აძლევენ გამოცდილების კუთხით. არ უყვებიან თავიანთი გამოცდილებების შესახებ, არ უხსნიან და საერთოდ არ ამზადებენ რთული ცხოვრებისთვის. შემდეგ კი გამოუცდელ ადამიანს უჭირს ცხოვრების წინაღობებთან მარტოდ გამკლავება და ერთადგილზე ციბრუტივით ტრიალებს. სკოლისა და ისევ მშობლების პრობლემად მიმაჩნია ის, რომ ბავშვს საერთოდ არ მოუწოდებენ ამბიციისკენ. რა თქმა უნდა, დიდი რაოდენობით ამბიცია ცუდია, მაგრამ ცოტა აუცილებელიც კია. საჭიროა ადამიანს ჩაუნერგო, რომ მას ყველაფერი შეუძლია, შეუძლია მიაღწიოს ბევრს, იყოს პირველი, იბრძოლოს და იმუშაოს საკუთარი მიზნების განსახორციელებლად. მე საერთოდ უამბიციო ბავშვი ვიყავი და ახლა ძალიან მწყინს. იქნებ პატარაობიდან რომ ეს თვისება მქონოდა და საკუთარი შესაძლებლობების რწმენა ღრმად ჩაესახათ ჩემში დღეს ბევრად მეტისთვის მიმეღწია? იქნებ, ნეტავ, ასე რომ ყოფილიყო, ეს ის სიტყვებია, რომლებიც ჩემი "საზიზღარი"  ტერმინების ჩამონათვალში შედის. საბრალო არაფრის მომცემი ფრაზებია, რომლებიც ვეღარაფერს შეცვლის. ვცდილობ ყოველთვის ნაკლებად გამოვიყენო ისინი, მაგრამ გულწრფელად მაინტერესებს "ნეტავ" ახლა როგორი ვიქნებოდი მსგავსი თვისებებით თავის დროზე რომ ვყოფილიყავი დაჯილდოვებული?! ვფიქრობ, მინიმუმ ერთი ნაბიჯით წინ მაინც...

და მაინც ბედნიერია ადამიანი, რომელსაც თავისი შინაგანი სამყარო მოდუნების საშუალებას არ აძლევს!

 

რაჭიდან იმაზე მალე წამოვედი ვიდრე ვგეგმავდი. ცოტათი იმედგაცრუებული, რადგან საერთოდ ვერაფრის წერა ვერ შევძელი. ის კი არა, აზრები კიდევ უფრო ქაოტური გახდა და ყველაფერი იმდენად აბსურდული, რომ მივხვდი წამოსვლა სჯობდა და ისევ ხალხში გარევა. ჩემი პატარა მოგზაურობა, სხვა თუ არაფერი მხოლოდ მოხუცის გასაცნობად ღირდა. ნუ, ხო  ჩემი "მგზავრის" გასაცნობადაც, ვაღიარებ , მაგრამ... ამ უკანასკნელმა საერთოდ ამირია გონება, უფრო სწორად მე ავირიე საკუთარი თავი, როცა პატარა პრანჭია გოგოსავით არაფერი ვუთხარი. კარგი ხო აზრი აღარ აქვს, ტყუილად ვწუწუნებ...

ასე იცის საკუთარი სურვილის საწინააღმდეგო მოქმედებამ.

 

*****

 

რაჭიდან დავაბრუნდი თუ არა ჩემი მონოტონური ცხოვრებაც მაშინვე დამიბრუნდა, მე და ნიტამ კი ჩვეულ მდგომარეობაში ჩვენი დაუსრულებელი დიალოგები განვაახლეთ

აბა რა გადაწყვიტე? მიდიხარ თუ არა გერმანიაში? ვეკითხები ნიტას, რომელიც ბიბლიოთეკაში წიგნს გამწარებით ეძებს და მგონია, რომ არც კი მისმენს. ვცდები, თურმე მისმენს.

- ჰო, მივდივარ. მაინც სულ ერთია სად ვიქნები, და წავალ არასასურველ ხალხს მაინც აღარ შევეჩეხები ქუჩაში, სხვა თუ არაფერი - მპასუხობს ინდიფერენტულად

- კარგია, პრინციპში ვიცოდი რომ ასე გადაწყვეტდი, დარჩენის საშუალებას მაინც არ მოგცემდი, ვეუბნები სიცილით. ნამდვილად მიხარია, მაგრამ სადღაც გული მაინც მწყდება, მომენატრება.

ის ჩემი ბავშვობის ერთადერთი მეგობარია, რომელიც შემომრჩა. თუმცა, ყოველთვის ასე ხდება, თანდათან ის ადამიანები, რომლებიც ჩვენი მეგობრები გვეგონა პანტაპუნტით შემოგვეცლებიან ხოლმე, ისე რომ გააზრებასაც ვერ ვასწრებთ. სამწუხაროა არა?! როდესაც ისეთ ადამიანს კარგავ, რომელიც ოდესღაც შენთვის მნიშვნელოვანი პიროვნება იყო. ყველაფერი თავისთავად იცვლება, თუნდაც იმიტომ, რომ წლების მატებასთან ერთად ჩვენც ვიცვლებით და შესაძლოა ვერ ვეგუებით ამ ცვლილებებს. ასაკის მატებასთან ერთად, საკმაოდ შეცვლილი პიროვნებები შევეჩეხებით ხოლმე საბოლოოდ ერთმანეთს, შესაძლოა ამის ბრალია ეს ყოველივე. მოკლედ, როგორც ავღნიშნე დღესდღეობით მხოლოდ ნიტა შემომრჩა, რომელიც ნამდვილად მთელ სამყაროს მირჩევნია. ახლა კი, როცა ჩემგან შორს მიემგზავრებოდა დიდ გულისწყვეტას ვგრძნობდი, მაგრამ ვიცი რომ მისთვის ასე სჯობს. სულ რაღაც ხუთ დღეში...

 

 

 

******

ზუსტად ახლა აეროპორტიდან დავბრუნდი, დავემშვიდობე ნიტას და სევდა მომეძალა. თავი მარტოსულ ადამიანად ვიგრძენი, არა, კი არ ვიგრძენი ასეა, მარტოსული მქვია, ამაზე აქამდე არასდროს დავფიქრებულვარ. უკვე აღარავინ მეგულება ჩემს ირგვლივ ისეთი, ვისაც კარს შევუღებ და ჩემს ექსპრონტ იდეებს შევთავაზებ, ისიც დაუფიქრებლად ჩემთან ერთად მის განხორციელებას შეუდგება. საკმაოდ მოსაწყენია. სურვილიც არ მაქვს ვინმესთან დამეგობრების, ჩემი უნივერსიტეტიდან თვალში დიდად არავინ მომდის, ყველა ერთმანეთს ისეთი სახეებით უყურებს, ერთმანეთის ცხოვრებაში მქექავ მატლებს გვანან. ასე რომ... ზოგჯერ მგონია, რომ კაცთმოძულე ვარ. ამ დროს ძალიან მაშინებს საკუთარი თავი.

როდესაც შენთვის უცნობ ადგილზე აღმოჩნდები სწორედ მაშინ ხვდები თუ რამდენს ნიშნავს შენთვის საყვარელი ადამიანების გარემოცვა. ადამიანების, რომლებთანაც შეგიძლია ზუსტად ის იყო რაც ხარ, თქვა ნებისმიერი სიდებილე, იხუმრო, იკივლო, ნებისმიერი იდიოტობა ჩაიდინო და წამითაც კი არ შეგრცხვეს. აი, როგორი გარემო და ადამიანები მიყვარს, მაგრამ მის ნაკლებობას აშკარად განვიცდი, ალბათ ესეც ჩემი ერთ-ერთი ნაკლია.

 

 

 

 

******

არვიცი როგორი ცხოვრება სჯობს, რეალობას გაუსწორო თვალი თუ სასიამოვნო ილუზია შექმნა შენს ირგვლივ და თითქოსდა ბედნიერად იცხოვრო. და მაინც რაშია ბედნიერება? სად იმალება ის? რატომ არის რომ ადამიანებმა თითქოსდა ვიპოვეთ ის და შემდეგ უცებ გაგვისხლტება ხელიდან ან სულაც არ გაგვისხლტება, მაგრამ აღარ გვაბედნიერებს. ალბათ იმიტომ, რომ ადამიანი საბოლოოდ ყველაფერს ეჩვევა, ყველაფერი ერთფეროვნებაში გადადის და რთულია რომ ერთი და იგივე რამ გამუდმებით გაბედნიერებდეს. გამუდმებით მხოლოდ ერთი რამ თუ გაგაბედნიერებს. სიყვარული - ჭეშმარიტი, რეალური, გულწრფელი, ღრმა გრძნობა. მგონია, რომ ადამიანს მართლაც ყველაფერი ბეზრდება, ამ უკანასკნელის გარდა. მაგრამ რამდენი ზრუნვა სჭირდება მასაც, რომ გამუდმებით გაბედნიერებდეს და არ გაუფერმკრთალდეს. ძალიან ბევრი. ო ღმერთო, თითქოს არაფერს, მაგრამ რეალურად რამდენს ითხოვს ცხოვრება ჩვენგან. - საკმაოდ ბევრს. თითოეულ გაზომილ სიტყვას, სწორად შერჩეულ ღიმილს, ადამიანებს, უშეცდომო ნაბიჯებს, სწორ დროს, სწორ ადგილს და რამდენად რთულია ეს ყოველივე გულუბრყვილო, გამოუცდელი ადამიანისთვის, რამდენად რთულია სწორად გაზომოს და შეაფასოს სოციუმი. რამდენად რთულია მოიპოვო ადამიანის ნდობა და კიდევ პირიქით, მან მოიპოვოს შენში ღრმა ნდობა. როდესაც მსგავს ფიქრებში გადავდივარ სამყარო თავდაყირა დგება ჩემთვის და მახსენდება თითოეული ბინძური ადამიანის სული, რომელიც შემხვედრია. რა მარტივად შეიძლება ძნელად მოპოვებული ნდობის დანგრევა ? თუმცა მგონია, რომ ადამიანები აქაც ვუშვებთ შეცდომებს. ხშირად გვიჭირს მოცემული სიტუაციის სწორად შეფასება, არ ვიცი ეს ძლიერი გაბრაზების და აფექტური მდგომარეობის ბრალია თუ უბრალოდ ჭკუასუსტობის. ხშირად ერთი დაუკვირვებელი შეცდომით ვანგრევთ ყველაფერს. მაგრამ სწორედ ეს დაუკვირვებელი შეცდომები არ ეპატიება ჩვენთვის საყვარელ ადამიანს.

ისევ ჩიხში შევდივარ…

ოხ, ეს პასუხგაუცემელი კითხვები!

კითხვები, რომლების მუდამ თავს დაგტრიალებენ, გონებაში დაუკითხავად იჭრებიან, ფიქრს გაიძულებენ, მაგრამ პასუხს არა და არ გაწვდიან. თითქოს სპეციალურად ღრმად ფუთავს მას.

 

 

 

*******

 

უკვე აშკარად ვგრძნობ რომ ჩემი ცხოვრება ზედმეტად სიმეტრიული და მოსაწყენია. ბანალური დღეები ყოველდღიურად ცვლიან ერთმანეთს და მეც ვერ ვახერხებ დღეების გახსენებას ან მათი ცვლილების აღქმას, რადგან ყველა დღე სიმეტრიული მსგავსებით მიედინება. ცვლილელებები, სიახლეები, აღმოჩენები. საინტერესოა, მაგრამ ბოლოს როდის მქონდა მნიშვნელოვანი ცვლილება აღარც კი მახსოვს. ისიც კი აღარ მახსოვს ბოლოს გულწრფელად როდის ვიცინე, აი ისეთი სიცილით, როცა აშკარად გულიდან მოდის და მთელი სხეულით იცინი, რაღაც საოცარი შეგრძებით გაბედნიერებს. იმის გააზრების შედეგად, რომ ზედმეტად მდორედ და უმოძრაოდ ვცხოვრობ ვფიქრობ ფიტნესზე ხომ არ შევიდე. დროის გაყვანისა და ჯანსაღი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. მგონი უკვე წერაც მიჭირს, საინტერესო საერთოდ არაფერი ხდება, ჩემი "ღრმად ფილოსოფიური აზრებიც" თითქოს ჩიხში ექცევა და აღარ გამომდის საინტერესოდ ფიქრი ცხოვრების მიმდინარე მოვლენებზე. არა - აშკარად რაღაც მჭირდება, მუხტი ან რაღაც ისეთი რაც გამომაცოცხლებს. ნიტა ისევ ისე არის, რაც ჩემზეც ძალიან მოქმედებს. დროა ხალხში გავერიო, არა მხოლოდ საჭიროებებიდან გამომდინარე, არამედ ჩემი სურვილით.

 

 

*******

 

ზოგჯერ იმდენად იღლები ყველაფრით რომ გაქცევა გინდება ამ სამყაროდან, არც კი იცი სად ან რატომ, თუმცა მიზეზი მარტივია, უბრალოდ დაიღალე ირგვლივ არსებული სიტუაციით. ადამიანები, რომლებიც მხოლოდ ცუდისკენ გიბიძგებენ, რომლებიც მუდამ გაკრიტიკებენ, გეპირფერებიან,მუდმივად გატყუილებენ, გჭორავენ, რომლებიც თითქოს ელოდებიან წარმატების ან ბედნიერებისკენ მიმავალ გზაზე ფეხი რაიმეს წამოკრა, მხოლოდ იმიტომ, რომ წამოდგომაში არავინ დაგეხმაროს, ცდილობენ გამოგიყენონ თავიანთ სასარგებლოდ და შენს ხარჯზე უკეთესები გამოჩნდნენ.სწორედ, რომ დამღლელია და სუნთქვა გიჭირს იმ გარემოში, სადაც გრძნობ რომ მარტო ხარ, იმდენად მარტო, რომ ფიქრებით უსასრულობის მორევში ეშვები.

 

 

 

 

 

*******

 

დღეს ხუთშაბათია, მე ისევ ცუდ გუნებაზე ვარ, თუმცა მგონი ეს ახლა უამინდობის ბრალია. საშინლად სევდიანი ამინდია, რაც ჩემს გუნება-განწყობას აშკარად გადაედო. ჰო, მართლა სპორტ დარბაზში ვიყავი, ძალიან კარგი ტრენერი მყავს, ბევრს ვხალისობთ ვარჯიშთან ერთად, მაგრამ ახლა მთელი სხეული იმდენად მტკივა ზომბივით გადავადგილდები. ისე კი მართლა საჭიროა დატვირთული გრაფიკის ქონა, როდესაც მუდამ ტონუსში და მოძრაობაში ხარ. ასე ნაკლები დროც გრჩება აბსურდული და ერთი შეხედვით არაფრის მომცემი ქაოსური ფიქრებისათვის. მოწყენილობისთვისაც ნაკლებად გცალია, კომუნიკაცია ჯანსაღ ადამიანებთან დადებითად გმუხტავს და ყველაფრისადმი მოტივაცია იღვიძებს შენში.

 

 

********

 

ცხოვრების რა ეტაპზეც არ უნდა იმყოფებოდეთ იცოდეთ, რომ წლების წინანდელი თქვენი თავი ყოველთვის მოგენატრებათ. ადრინდელი ცხოვრების წესი და ყველაფერი ის რაც თქვენ გიკავშირდებათ, თუნდაც მოსაწყენი დღეების რაღაც ფრაგმენტი შესაძლოა მთელი არსებით მოგენატროთ. ცხოვრება ძალიან უცნაური და საინტერესო რამ არის. ჩემთვის მასთან ყოველთვის ასოცირდებოდა ზღვა. ზღვაც ისეთივე იდუმალი და ბობოქარია, როგორც მთელი ჩვენი არსებობა. ცხოვრება მრავალმხრივი ასპექტისგან შედგება, რომელიც ხშირია უკვე ხსენებული ზღვის ბობოქრობითა და იშვიათი მზის გამონათებებით. ერთხელ, როდესაც პატარა ვიყავი ჩემმა უფროსმა მეგობარმა მითხრა - გახსოვდეს, ცხოვრებაში უსაყვარლესი დედიკოსა და მამიკოს მიუხედავად მაინც მარტო ხარ. მაშინ საკმაოდ პატარა ვიყავი ამ სიტყვების გასააზრებლად, მაგრამ ახლა, როდესაც გავიაზრე მოცემული სიტყვების სიზუსტეში ვრწმუნდები. ასეა, უამრავი მზრუნველი ადამიანის მიუხედავად ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს თავად ვიღებთ, უამრავი პასუხისმგებლობებით ვიტვირთებით, სადაც უკვე ნაწილობრივ მარტო აღმოვჩნდებით სამყაროს წინაშე, - შენ და სამყარო, თითქოს საპირისპირო მხარეს აღმოჩნდებით და აი სწორედ მაშინ უნდა გახსოვდეს, რომ ცხოვრება ბრძოლაა და ყოველთვის მზად უნდა იყო წინააღმდეგობის გასაწევად. არასდროს არ მესმოდა იმ ადამიანების, რომლებიც ცხოვრების დინებას ჩვეულებრივ მიუყვებიან და არანაირი პრეტენზია გააჩნიათ, არვიცი ალბათ ასეთი ადამიანები განვითარების დაბალ საფეხურზე იმყოფებიან, ან თუნდაც ძალა არ შესწევთ საბრძოლველად, სულაც შესაძლოა მათში პესიმიზმი და შიში იმდენად წინა პლანზეა მოქცეული, რომ შინაგანი მდგომარეობა არ აძლევს მოქმედების საშუალებას. ცხოვრება თითქოსდა ერთი დიდი ასოციაციათა ჯაჭვია. ყველაფერი ასოციაციას აღძრავს ჩვენში. პერიოდის ნებისმიერი დრო რაღაც ღირებულს გვახსენებს, თვე, რიცხვი ყველაფერი გარკვეულ ემოციას იწვევს. მელოდია, რომელიც ბევრის მთქმელია ჩვენი ცხოვრების კონკრეტული ეტაპის. სუნამოს სუნიც კი უდიდეს გავლენას ახდენს ჩვენზე და შესაძლოა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ადამიანი გაგვახსენოს მან, ან სულაც ადამიანი წარსულიდან, რომელიც დიდ ტკივილთან და იმედგაცრუებასთან ასოცირდება. დღეს პირველად დავფიქრდი და გავიაზრე, რომ მთელი ჩვენი ცხოვრება უზარმაზარი ასოციაციათა ჯაჭვია, როდესაც სრულიად უმნიშვნელოდ, მარტოსულად ამოსულმა იის ერთადერთმა ყვავილმა  გამახსენა მთელი ჩემი ბავშვობა, მთელი თავისი სიღრმით. გამახსენდა თუ როგორ ვკრეფდი მას ყოველ გაზაფხულზე და გაბრწყინებული თვალებითა და სიყვარულით სავსე გულით მივურბენინებდი მოფუსფუსე დედას. ნამდვილად საინტერესო რამ არის ცხოვრება, მთელი თავისი ბობოქრობით, იდუმალებითა და ზოგჯერ მისტიკურობითაც კი.

 

 

*******

 

არც ერთი ჩვენი გადაწყვეტილება სრული შემთხვევითობა არ არის. რაშიც კიდევ ერთხელ დავრწმუნდი გუშინ, როცა ნაცნობმა ხმამ მომმართა - შემართებით ვარჯოშობ, თუმცა ხელი სწორ მდგომარეობაში უნდა დაიჭირო. მივიხედე და ჩემდა გასაოცრად ჩემი ყოფილი "მგზავრი" ჯეიკობი აღმოჩნდა ჩემს ზურგს უკან. საკმაოდ ავფორიაქდი, არვიცი რატომ გამოვყავარ ასე ძალიან ჩვეულებრივი, ნორმალური მდგომარეობიდან. ვცადე ჩემი აღელვების დამალვა.

- რაჭა, ჰო აი საიდან მეცნობი. ვითომ ძლივს გავიხსენე ისეთი შთაბეჭდილებით მივმართე. ნუ ვეცადე მაინც ასე ეფიქრა.

- ჰო, მე კი მაშინვე გიცანი და ძალიან გამახარა შენმა დანახვამ. ლიზა ხომ?

- ახლა კი დავიბენი, როგორ უნდა მეთქვა რომ სახელი მოვატყუე? ან რატომ მოგატყუე მეთქი რა მეთქვა? აშკარად იდიოტი გამოვჩნდებოდი, ვერაფერი მოვიფიქრე და დავეთანხმე, ჰო ლიზა. შენ კი ჯეიკობი? ისევ შეცდომა დავუშვი. ჯერ ვითომ ძლივს გავიხსენე ახლა კი სახელიც კი მახსოვდა, ცოტათი დამაბნეველია. ყოველთვის ისე რატომ გვემართება რომ ჯერ ვამბობთ და შემდეგ ვიაზრებთ ისე როგორც საჭიროა?

- კი, ჯეიკობი. კარგია რომ გახსოვს ჩემი სახელი. ისიც კარგია, რომ ჯანსაღ ცხოვრებას მისდევ და ის კიდევ უფრო კარგი რომ ამდენი ხნის შემდეგ ისევ შეგხვდი. ალბათ კიდევ შევხვდებით აქ ერთმანეთს. გამიღიმა და წავიდა.

მე კი დავრჩი აღელვებული, დაბნეული, დაშტერებული, რაღა დაგიმალოთ და გახარებულიც კი. აშკარად მომწონს ეს ბიჭი, გამოვუტყდი საკუთარ თავს ამდენი ხნის შემდეგ. ცოტა გავბრაზდი ახლა რომ ეკითხა ჩემს საკონტაქტო ნომერზე ხომ შეიძლებოდა- მეთქი. თავს სასიამოვნოდ ვგრძნობდი. ასეთი დადებითი ემოციებით მოხუცთან საუბრის შემდეგ აღარც კი დავმუხტულვარ. ვარჯიშის გაგრძელება აღარ შემეძლო, აუზში გავეშურე ცოტა აზრზე მოსასვლელად, თანაც ცურვა ჩემთვის საუკეთესო ჰობი, სპორტი განტვირთვის საშუალებაა.

 

 

*****

დილით ბედნიერების შეგრძნებით გავიღვიძე, კარგ განწყობაზე, რაც ძალიან უცხოა ჩემთვის.  მხოლოდ სპორტ დარბაზში წასვლაზე ვფიქრობდი და იმაზე თუ როდის მოვიდოდა საღამო. აღარც ლექციების, პრეზენტაციებისა და ტრენინგების ინტერესი მქონდა, რომელშიც როგორც წესი აქტიურად ჩართული ვიყავი ხოლმე. ჩემს გონებაში მხოლოს ფიტნესი და მასთან დაკავშირებული ჯეიკობი ტრიალებდა. მგონი უფრო სწორი იქნებოდა მეთქვა ჩემს გონებაში ჯეიკობი და მასთან დაკავშირებული ფიტნესი ტრიალებდა-მეთქი. ღმერთო უცნაურად ბედნიერი ვარ, მაგრამ რატომ არც კი ვიცი. იმედია ნიტას მსგავსად არ განმეორდება ჩემს შემთხვევაში. ამ აზრის გაელვებამ კი საკმაოდ შემაშინა, მაგრამ ჩემს კარგ განწყობასა და ენთუზიაზმს ვერაფერი დააკლო. ვფიქრობ წერაც ნაკლებად გამომდის, აქ კი ბუკოვსკის გამონათქვამი მახსენდება: " მწერლები სასოწარკვეთილი ადამიანები არიან, როცა მათ გაუჩნდებათ იმედი ისინი წერას წყვეტენ." მაგრამ მე მაინც ვაპირებ განვაგრძო ყველაფრის თხრობა ჩემებურად, მარტივად, ბუნდოვნად, ქაოსურად, რთულად თუ როგორც არის.

 

 

 

******

 

სპორტდარბაზში წარმოუდგენლად ბედნიერების შეგრძნებით წავედი. შეძლებისდაგვარად კარგ ფორმაში. ახალი სპორტული შარვალი ვიყიდე, თმებიც რაც შემეძლო კარგად გავიკეთე და ამაყად შევაბიჯე იმ იმედით რომ ჯეიკობს ვნახავდი, მაგრამ ჩემი მთელი იმედები მალევე გაქრა.

იცით რა არის ყველაზე ცუდი? - როდესაც მთელი დღე მთელი გულით ელოდებით რაღაც კარგს დღის ბოლოს კი ერთიანად გიცრუვდებათ იმედი.

 

 

******

 

ისევ ცუდ ხასიათზე ვარ. თავს საკმაოდ იდიოტად მივიჩნევ, რატომ მივეცი საკუთარ თავს უფლება, რომ ასე ავღელვებულიყავი მასზე? ან საერთოდაც რატომ ვამყარებ შინაგან იმედებს, იმედებს რომელბსაც საკუთარ თავსაც კი ვერ ვუმხელ ნორმალურად, რომ თითქოსდა მასაც მოვწონვარ ან მოვეწონები? რატომ ვიქმნი წინასწარ უსაფუძვლო ილუზიებს? ნუთუ მინდა რომ გული მეტკინოს და ჩემი ისედაც საკმაოდ მოსაწყენი ცხოვრება კიდევ უფრო შავ-თეთრი გახდეს? კიდევ უფრო მოქუფრული და ნისლიანი? მსგავსი ფიქრების დროს ისევ ნიტა და ის საშინელი წყვილები მახსენდებიან, რომლებიც ჩემს ირგვლივ არა ერთი არიან.

გადავწყვიტე საკუთარ ფიქრებსა და საკუთარ აზრებს შევეწინააღმდეგო ჯეიკობთან დაკავშირებულ ნებისმიერ ჩემს წარმოსახვასა და იმედს.

და მაინც რა უცებ ვიცვლით ადამიანები აზრებს, შეხედულებებს, წარმოსახვებს. ერთი უბრალო, უმნიშვნელო იმედგაცრუება და ყველაფერი გამქრალია. უკვე ორი კვირაა აღარც სპორტ დარბაზში წავსულვარ, რადგან მეშინია ისევ რომ არ დამხვდეს, იმისიც მეშინია, რომ არ შემიყვარდეს და უფრო სერიოზულ გატაცებად არ იქცეს ის. შიში - როგორი ცუდი და დამღუპველი რამ არის. სისუსტის უპირველესი გამოხატულება. შიშს შეუძლია ადამიანი თვითგანადგურებამდეც კი მიიყვანოს! არადა მე ის ვიგრძენი მის მიმარ, სრულიად უმიზეზოდ, უცხო, უცნაური და სასიამოვნო რამ, ზუსტად ისე როგორც ჩემს წარმოსახვაში ყოველთვის წარმომედგინა, თუმცა ღიად არასდროს ვსაუბრობდი მასზე. ვიგრძენი ისე ღვთაებრივად, როგორც ვფიქრობ ყველა უნდა გრძნობდეს სიყვარულის დასაწყისს.

ამ ხნის განმავლობაში საერთოდ მის არსებობაზე ფიქრს ვუკრძალავდი საკუთარ თავს, მაგრამ მაშინ რატომ, რატომ შემხვდა ისევ, ისე მოულოდნელად სრულიად შემთხვევით? თანაც მაშინ, როცა მასზე ფიქრები ღრმად მივაძინე გონებაში და ქვეცნობიერსაც აღარ ვაძლევდი მასზე ფიქრის საშუალებას. ყოველთვის ვფიქრობ, რომ ადამიანი რომელიც შენი სიყვარულის ობიექტად იქცევა უნდა იგრძნო შინაგანად, თავიდანვე უეცრად, მოულოდნელად. ვერ ვიტან როდესაც ადამიანზე ამბობენ შევეჩვიე და შემიყვარდაო. ეს ჩემთვის სიყვარული არ არის. არამედ პირიქით უნდა იყოს, შეგიყვარდეს და შემდეგ შეეჩვიო. თავიდანვე უნდა იგრძნო რაღაც განსხვავებული, რაღაც აღმაფრთოვანებელი რაც მას გამოარჩევს ყველა სხვისგან და შენც ხვდები, რომ ეს ისაა ვინც გჭირდებოდა. მიჩვევით ხომ ყველას შეიძლება მიეჩვიო დროთა განმავლობაში? მაგრამ რაღაც საოცარს, განსხვავებულს, დიადს მხოლოდ ასე წამიერად გრძნობ. მგონია რომ სიყვარული თავიდანვე უნდა იგრძნო!..

 

 

 

******

ნიტა გამუდმებით მწერს, მისი ყოველი ტექსტი უსაზღვრო სევდითაა განმსჭვალული, მისი თითოეული ფრაზიდან იმხელა ფრუსტრაცია, სკეპტიციზმი და უსაზღვრო აპათია გამოსჭვივის, რომ უკვე მაშინებს. იმდენად პოეტურად გამოხატავს ამ ყველაფერს, მის მთელ შინაგან მდგომარეობას, რომ კითხვის დროს მთელი არსებით შევიგრძნობ თითოეულ განცდას, მისი აშკარა მონაწილე ვხდები. უკვე არა ერთხელ ვურჩიე წერა დაიწყოს, მგონი ჩემზე უკეთაც გამოსდის, მაგრამ არ მიჯერებს. აი ნიტას წერილებიც:

 

 

02/11/2017

 

ცხოვრება საშიში რამაა. ის ნაღმს გავს, რომელიც არც კი იცი როდის აფეთქდება და თან წაგლეკავს. არიან ადამიანები, რომლებიც მთელი ცხოვრებას ისე ატარებენ ერთხელაც კი არ უფეთქდებათ ის. იღბალი თან სდევთ და მარტივად გადიან ნაპირს. ნაღმიც ყველასთვის განსხვავებულია, ჩემთვის ნაღმი უიმედო, ყალბი, მტანჯველი სიყვარული აღმოჩნდა. და იცი რა არის ყველაზე მტანჯველი? როცა იაზრებ, რომ არ ღირს მის გამო ცრემლების დაღვრა, ვიცი რომ ნამდვილი არამზადაა, მაგრამ საკუთარ თავს მაინც ვერ ვერევი და ეს მაგიჟებს. დღის განმავლობაში ათას სიანსს ვუტარებ საკუთარ თავს, საკუთარ თავთან ყოველ საუბარზე ვთანხმდები, რომ მის გამო თავს არ უნდა ვიტანჯავდე, მაგრამ რამდენიმე წამში ისევ ისეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდები. აღარ ვიცი რით ვუშველო სულში შემოჭრილ უიმედობას, სევდის ტალღებს, რომელსაც ჩემი წალეკვა და განადგურება უნდა, მაგრამ ერთი ვიცი, ადამიანი ყველაზე უსუსრი არსებაა სიყვარულის წინაშე.

 

17/11/2017

 

დღესაც ისევ, დღესაც ისევ ჩვეულად წვიმს. თითქოს ამინდი რაღაცას სტირისო, თანაც დაუღალავად. დღესაც ისე წვიმს, დღესაც წვიმის წვეთების თქეში სულში ჩამკივის. სულს მიფორიაქებს, გრძნობებს აღმირევს, მასევდიანებს, ხანაც კი მალამოსავით ედება ჩემს სულს. ალბათ თანაგრძნობას მიცხადებს. კარგია, ვიღაც ან რაღაც მაინც რომ თანაგიგრძნობს.

ვინმეს რომ ეკითხა რა არის ცხოვრება ალბათ სრულიად დაუფიქრებლად ვუპასუხებდი რომ: " ცხოვრება ეს არის ყოველდღიური იმედგაცრუება".

 

 

22/11/2017

 

ნდობის გაცრუება მეხის დაცემას ჰგავს. გრძნობ როგორ ისრისები მის ქვეშ, სუნთქვა გიძნელდება და თითქოს კვდები. მთელი სხეული გტკივა, გეწვის, საშველი კი არსაიდან ჩანს.

ჩემი სული კივის, მე კი ვცდილობ მოჩვენებითი სიმშვიდე შევინარჩუნო.

 

 

05/12/2017

დეკემბერშიც შემომიღო დეპრესიამ კარი!

ყოველთვის მეცინებოდა სიტყვა დეპრესიაზე, ყოველთვის არასერიოზულად აღვიქვამდი, როცა ამბობდნენ დეპრესიაში ვარ. მაგრამ უკვე ასე აღარ აღვიქვამ. პირველი დეპრესია განვიცადე ოცდაორი წლის ასაკში, აგვისტოს დასაწყისში. მას შემდეგ დეპრესია დამჩემდა, ერთმა მიძინებულმა სევდამ ჩემში ბევრი რამ გააღვიძა, ბევრი სხვა მიძინებული სევდა, ჩამკვდარი ტკივილები. მაშინ კი ყველაფერმა ერთად ამოფეთქა, ამოფეთქა და ეს ამოფეთქვა იმდენად ღრმა აღმოჩნდა, რომ ბოლომდე ვერა და ვერ დაილექა.

დეპრესია მქონდა აგვისტოში, დეპრესია კიდევ უფრო გამიძლიერდა სექტემბერში. დეპრესიას შედარებით თავი დავაღწიე ნოემბერში. მაგრამ დეპრესიამ არ დამივიწყა. საბედნიეროდ თუ საუბეროდ ყველას და ყველაფერს არ ვავიწყდებით ამ წყეულ ცხოვრებაში, ჰო და დეკემბრის შუა რიცხვებისთვის დეპრესია ისევ მესტუმრა. მესტუმრა და ახლა ორივე ერთად  სიგარეტით ხელში, გულის გამხეთქავი ყავით (რომელიც ახლა რატომღაც მწარე ცხოვრებასთან ასოცირდება ჩემთვის)  წყნარი მელოდიით, ცივ, საშინლად ცივ ოთახში ვსხედვართ და ჩვენს ამორალურ და ამაზრზენ აზრებს ვაფრქვევთ.  ხან დეპრესია მაწოდებს თავის აზრს, ხანაც პირიქით - მე ვეუბნები ჩემსას და ასე ვავსებთ ერთმანეთს.

მე და დეპრესია.

მე და დეპრესია.

სარკეში ჩახედვისას ხშირად ვაწყდები დასიებულ თვალებს, ყელშიც ხშირად მეჩხირება ბურთი, რომელიც მგონია რომ სადაცაა დამახრჩობს, სევდისაგან დამძიმებული გული კი თითქოსდა აფეთქებას აპირებს მაშინ, როდესაც ანაალიზებს რომ ყველაფერი ამაოა .

 

 

19/12/2018

 

როცა სასოწარკვეთილებიდან ნელ-ნელა წინ სვლას იწყებ და თითქოს ამარცხებ დეპრესიას საბოლოო ნაბიჯის გადადგმის დროს შენ სხვანაირი ხარ. ანუ შენში გაიარა ათასმა ცვლილებამ, ათასმა ახლებურმა აზრმა და დროთა განმავლობაში შენც იცვლები.

 

 

 

******

ნიტას შემყურემ გადავწყვიტე არავინ, არასდროს შევიყვარო. ნამდვილად არ მეგონა ნიტა ასე ძლიერ შეყვარებული თუ იყო, არც ის მეგონა ასე თუ გაუჭირდებოდა ამის გადატანა. დეპრესიამ იმდენად ღრმად ჩაითრია, რომ უკვე მაშინებს, აღარც კი ვიცი როგორ ვანუგეშო ან რით დავამშვიდო. მაგრამ ბევრი არაფერი შემიძლია, გარდა ლიტონი სიტყვებისა, რომლებიც დროებით მაინც თუ მოუტანს მოჩვენებით სიმშვიდეს. ალბათ დრო თავისას იზამს. დრო, დრო..  ყველაფერს დროს ვაწერთ, დროს ვაბრალებთ, დროით ვიმშვიდებთ თავს. დაავიწყებს? პრინციპში არამგონია, ალბათ უბრალოდ შეაჩვევს... თუ დაავიწყა ესე იგი ნამდვილი არ იყო, ხოლო ნიტას ეს მდგომარეობა შეუძლებელია ნამდვილი არ იყოს...

უბრალოდ შეჩვევა,

შეჩვევა,

წყეული შეჩვევა...

როდესაც სხვა ალტერნატივა არ გაქვს, გინდა თუ არ გინდა ეჩვევი. ( ეს სიტყვაც ჩემს "საზიზღარ" ტერმინოლოგიას მიეკუთვნება)

 

 

*****

ისევ ახალი გასართობი მჭირდება, ახალი რამ. ვფიქრობ სამოგზაუროდ ხომ არ წავიდე?! მგონი კარგი იდეაა. შესაძლოა გერმანიაში წავიდე და ჩემს მონატრებულ ნიტასაც ვნახავ, ერთად კარგ დროსაც გავატარებდით, დავფიქრდები ამ საკითხთან დაკავშირებით. დღეს ფისო მოვიყვანე, ლინი დავარქვი. ისეთი საყვარელია, მარტოობასა და მოსაწყენ დღეებს სასიამოვნოდ მატარებინებს.

 

 

*****

ამასობაში ერთი თვეც გავიდა რაც სპორტდარბაზში აღარ ვყოფილვარ, საინტერესოც არაფერი მომხდარა, გარდა დღეების ჩვეული მიმდინარეობისა. მაგრამ გადავწყვიტე ისევ წავიდე. რატომ უნდა ვთქვა უარი ჩემს სურვილზე ერთი კონკრეტული ადამიანის გამო? რომ დავფიქრდი საკმაოდ გავბრაზდი საკუთარ თავზე, თითქოს პროტესტის გრძნობა გამიჩნდა ჩემი გადაწყვეტილების გამო.

დღეს საღამოს აუცილებლად წავალ.

 

 

******

 

ფიტნესზე ვიყავი, ჯეიკობი არ იყო. რაღაცნაირად თან მესიამოვნა თან არა. უფრო ზუსტად რომ ვთქვა ჩემს ერთ მეს რომელსაც უნდა თავს უფლება არ მივცე მისი შეყვარების ესიამოვნა, მაგრამ მეორე მეს, რომელსაც აშკრადა მოსწონს გული საკმაოდ დაწყდა. მისი სიარულის დღეები მაინც ვიცოდე. შემიძლია ფიტნეს ინსტუქტორს ვკითხო, მაგრამ რომ გაიგოს არ მინდა. ასე, რომ სჯობს ისევ მოვლენებს მივენდო. არადა ძალიან არ მიყვარს, როდესაც ადამიანები ასე ამბობენ და ცხოვრობენ, როცა მოვლენებს მიჰყვებიან, მაგრამ მგონი ამ შემთხვევაში ასე სჯობს.

 

 

 

*****

ვიცი, უკვე მხოლოდ ფიტნესზე ვსაუბრობ და სხვა არაფერზე, რაც ვფიქრობ საკმაოდ მოსაწყენია ჩემი მკითხველითვის. მაგრამ სხვა უფრო მნიშვნელოვანი არც არაფერი ხდება, გარდა ლექციებისა და მსგავსი ჩვეული დღეების მიმდინარეობისა.

 

 

*****

ისევ ემოციები, ისევ აფორიაქება, ისევ თვითკონტროლის დაკარგვა, ისევ სიხარულის შეგრძნება, აღმაფრენა, რაღაცნაირად სასიამოვნო დაბნეულობა - ანუ ისევ ჯეიკობის გამოჩენა!

ჯეიკობი დღეს ისევ ვნახე. ფიტნესზე იყო. მკითხა თუ რატომ არ ვიყავი ამ დროის განმავლობაში. მე კი მოვატყუე თითქოს ავად ვიყავი, ისევ უაზრო ტყუილი, მაგრამ მესიამოვნა, ანუ შეამჩნია რომ არ ვიყავი და თვალებით მეძებდა.

- ისევ ივლი ხომ? - მეკითხება ის.

- კი ისევ განვაგრძობ სიარულს, ვპასუხობ აფორიაქებული და უცნაურად ისევ გახარებული მე.

- ძალიან კარგი, რაღაცნაირად თვალში დამაკლდი

- ამ მოულოდნელ პასუხზე თავში სისხლი მატულობს და პულსი ჩქარდება, რომელსაც იმედია ვერ ამჩნევს. ვითომ? - ვეუბნები თითქოსდა არაფერი, მაგრამ ვიმედოვნებ ასე ჩანს.

- კი, ნამდვილად. ნაკლებად არიან შენნაირი საყვარელი გოგონები ჩვენს ირგვლივ.

ეს პასუხი კიდევ უფრო მაბნევს და თითქოს ენა მებმება, მაგრამ ვცდილობ ისევ არ შევიმჩნიო.

- შესაძლოა, ვპასუხობ უჩვეულოდ ამაყად და უცნაურად მომღიმარი სახით, როდესაც ინტერესდება თუ რომელ დღეებში დავდივარ. ამის შემდეგ ვეცდები მეც მაგ კონკრეტულ დღეებში ვიარო. მპასუხობს ის და ისევ ისეთივე რაღაცნაირად ეშმაკური გამომეტყველებითა და ღიმილით მშორდება. მე ისევ ისე ვარ, იგივე მეორდება, ვგრძნობ რომ ისევ წყალი მჭირდება, ისევ აზრზე მოსვლა, ისევ აუზი, ისევ გამოფხიზლება.

 

 

******

 

დილით უკეთესი განწყობა, კვლავ ახალი იდუმალი იმედი, რომელსაც შინაგანად აშკარად ვგრძნობ. ვხვდები, რომ საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში ყოფნას აზრი არ აქვს, რადგან შინაგანი განცდები მოსვენებას მაინც არ მოგცემს, ასე რომ უმჯობესია საკუთარ თავთან შეთანხმდე შენივე ფიქრებისა და განცდების შესახებ. თავს ბევრად კარგად ვგრძნობ, გადავწყვიტე, რომ მოვლენებს მივყვე და არ ვუარყო ჯეიკობის ინიციატივები თუ კი მას გამოიჩენს ჩემს მიმართ, თუმცა ფაქტია, რომ მეთამაშება.

 

 

*******

ახალი თავგადასავლები თითქოსდა ცხოვრების ახალ გზას გიხსნის. შენში ახალი სტიმული, განახლებული მისწრაფებები და მიზანდასახულობა იბუდებს. ახალ ადამიანთან შეხვედრა გაცნობა და აზრების გაცვლა ახალი წიგნის კითხვას ჰგავს. ბევრ საინტერესოს აღმოაჩენ, ადამიანის ისეთ ბუნებას, რომელიც მანამდე შეუმჩნეველი იყო შენთვის. ბევრი რამ, ბევრი უცნაური სხვადასხვაობა დიდ ინტერეს ჰბადებს შენში და მისი სწორად წაკითხვა და შეფასება უდიდეს სურვილს აღძრავს. ძალიან რთულია პიროვნების სწორად ამოცნობა. ეს ერთგვარი ხელოვნებაც კია. მითუმეტეს მაშინ, როცა თითოეული სიტყვა დიდ გაააზრებას მოითხოვს, რათა ყოველი სიტყვა თუ ფრაზა სწორად იყოს გაგებული, ისეთივე ინტერპრეტაციით როგორი მიზნითაც იქნა წარმოთქმული. ეს კი ყველას არ შეუძლია. უფრო სწორი იქნებოდა თუ ვიტყოდი, რომ ერთეულებს შეუძლია. ამიტომ მნიშვნელოვანია შეგვეძლოს ნათქვამის სწორად გაგება, გაააზრება და შესაბამისად ადამიანის სწორად ამოცნობა.

ვფიქრობ, არანაკლებ მნიშვნელოვანია იცოდე როგორ წარმოაჩინო საკუთარი თავი. პირველ რიგში მნიშვნელოვანი საკუთარი თავის დამოუკიდებელ ინდივიდად აღქმაა. როდესაც შენ გრძნობ თავს სრულფასოვან და დამოუკიდებელ ინდივიდად შემდეგ უკვე იწყებ საკუთარი თავის როგორც დამოუკიდებელი ადამიანის რეალიზებას. ამ ყოველივესთვის შესაფერისი დრო, სიტუაცია და ასაკია საჭირო. ადამიანი, რომელიც სხვას ეფარება და სხვისი მეშვეობით ცდილობს წარმოჩენას ან სხვისი მფარველობის ქვეშ ყოფნას საბრალოა.

პირველად, როდესაც სრულიად მარტო აღვიქვი თავი ეს იყო თერთმეტი წლის ასაკში, როცა უცხო გარემოში აღმოვჩნდი. ეს იყო სასიამოვნო მარტოობის განცდა, როდესაც სრულიად მარტო იწყებ უამრავი ადამიანის გაცნობას, დაახლოებას და კონტაქტს. აი სწორედ მაშინ გავაანალიზე ყველაზე უკეთ რომ მე ცალკე, დამოუკიდებელი ინდივიდი ვიყავი და მთავარი იყო ჩემი ვინაობის სწორად წარმოჩენა. ეს იყო ერთ-ერთი სასიამოვნო განცდა ჩემს ცხოვრებაში. სწორედ ასეა ახალი თავგადასავლები, ვითარებები და გარემოებები გვზრდიან, გვასწავლიან და გვასაზრდოებენ პიროვნულად, ისევე როგორც ახალი ადამიანის გაცნობა ახალ მისწრაფებებს აღვიძებს ჩვენში. ცხოვრებაში ყველაფერი გვასწავლის და გვაუმჯობესებს, გვაძლევს შანს სიახლის დასანახად და შესასწავლად.

 

 

 

*******

 

თვალები, აი რა მიყვარს...

არა მწვანე, ლურჯი, მუქი შავი ან ღია ცისფერი, არამედ, მეტყველი თვალები, მოციმციმე, სიცოცხლით აღსავსე თვალები მიყვარს. მისი ექსპრესიულობა, ელვარება, მიზანმიმართული გამომეტყველება. თვალები, რომელშიც უსასრულოდ იძირები. სწორედ ასეთი თვალები, ასეთი გამომეტყველება აქვს ჯეიკობს, რომელიც მისი ერთი შემოხედვით წარმოუდგენლად გაბნევს.

მიყვარს რადგან, თვალები ერთადერთია, რომელიც ტყუილს ეწინააღმდეგება და თითქოს ცდილობს გაყიდოს, სააშკარაოზე გამოიტანოს სიცრუე.

სევდანარევი, ტკივილჩამდგარი თვალები კისულის გამომსახველი, სულის მოლაპარაკე ნაწილია, რომელიც ღრმად მეტყველებს პიროვნების მთელ შინაგან სამყაროზე.

თუ ადამიანს კარგად დააკვირდებით თვალებში, აუცილებლად მიხვდებით დაახლოებით როგორი ტიპის ადამიანთან გაქვთ საქმე.  მგონი ეს ერთადერთი რამ არის რაც კარგად გამომდის, ადამიანების გამოცნობა…

 

 

******

 

სპორტდარბაზიდან დავბრუნდი და სასწრაფო წესით მინდა დავწერო, რომ ემოციები ვინმეს ან რამეს, (ასე უფრო სწორი ნათქვამი იქნებოდა ამ შემთხვევაში) გავუზიარო. სასაცილოა, მაგრამ სპორტდარბაზი ჩემთვის რომანტიულ ადგილად იქცა, საიდანაც დაღლილობის ნაცვლად ემოციებით აღსავსე და ბედნიერების შეგრძნებით ვბრუნდები. ალბათ, უკვე უთქმელადაც მიხვდით რომ ჯეიკობი ვნახე. რაღა თქმა უნდა, დღესაც ისევ გამოველაპარაკეთ ერთმანეთს, ჩემი ტელეფონის ნომერი მთხოვა, მითხრა რომ მანქანით დადიოდა და თუ სურვილი მექნებოდა გამომივლიდა ხოლმე. თავიდან თითქოს თავშეკავება გამოვიჩინე, მაგრამ ისე კი დიდი სიამოვნებით ჩავაწერინე საკონტაქტო ნომერი.

უკვე ერთი სული მაქვს როდის მოვა შაბათი და როდის გამომივლის ჯეიკობი.

 

 

*******

 

ჯეიკობს არ გამოუვლია, მთელი დღე ტელეფონის ყურებაში გავატარე იმ იმედით, რომ დამირეკავდა, მაგრამ შევცდი. არ მინდა დრო ტყუილად ვკარგო ისევ მასზე საუბარში. ხვალ ჰელოუინია, რომელსაც უნივერსიტეტიც აწყობს. გადავწყვიტე წავიდე და ერთი კარგი საღამო ვაჩუქო საკუთარ თავს.

 

 

*******

 

ჰელოუინზე წავედი, თავიდან საკმაოდ მოსაწყენი მომეჩვენა, მაგრამ საბოლოოდ კარგი აღმოჩნდა. ნაცნობები ვერავინ შევნიშნე და თითქმის მთელი საღამო გარემოს თვალყურისდევნაში გავატარე, რაც მართლაც საკმაოდ მოსაწყენი იყო. ნაცნობების გარჩევას ჰელოვინისთვის შერჩეული ფორმები და ნიღბები საკმაოდ მირთულებდა. ალბათ ჩემი ამოცნობაც არ იყო მარტივი, რადგან საბოლოოდ უამრავი ვერსიის განხილვის შემდეგ ქალი კატას ფორმა გადავწყვიტე, შესაბამისად ნახევარი სახე დაფარული მქონდა.

ასე რომ მოცემულ გარემოში ისევ მარტომ განვაგრძე თვალყურის დევნება, სანამ ერთი ბიჭი არ მომიახლოვდა და მასთან ცეკვა არ შემომთავაზა. მეც დავთანხმდი, უარი არ მითქვამს და საცეკვაოდ გავყევი.

 

-          კარგად ცეკვავ - მითხრა მან

-          ჰო ცეკვა ძალიან მიყვარს, ის მძიმე ემოციებისგან მათავისუფლებს - მივუგე მე და გავუღიმე.

-          კარგი პასუხია, ჰო მართლა ღიმილიც კარგად გამოგდის

-          ო, რა თქმა უნდა, ირონიულად და ცბიერად მივუგე

-          საინტერესოა, რა პასუხს მივიღებ პაემანზე დაპატიჟება რომ შემოგთავაზო

-          რა სასაცილოა, სულ რაღაც თხუთმეტი წუთის წინ გაცნობილი ბიჭი პაემანზე მეპატიჟება, რომლის სახელიც კი არ ვიცი

-          მართალია, მაგრამ ბიჭისთვის ხუთი წუთიც კი საკმარისია შეაფასოს გოგონა თავისი სილამაზით

-          აბსურდულად ჟღერს. შენ ხომ ჩემს სახესაც ვერ ხედავ გარკვევით? იქნებ და ამ ნიღბის ქვეშ სულაც არ იმალება სილამაზე? ამაზე არ გიფიქრია?

-          ხო მაგრამ შენი გამოხედვა, თვალები და ღიმილი უკვე საკმარისია. შეუძლებელია მაგ ნიღბის ქვეშ სილამაზე არ იმალებოდეს - და ისევ ჩემს შემოთავაზებაზე რა აზრის ხარ?

-          იცი, გაცნობისთანავე პაემნის დანიშვნა არც ისე კარგად ჟღერს, მოდი ამჯერად უარს გეტყვი.

-          იქნებ დაფიქრდე მაინც

-          არა, არ მინდა დაფიქრება - თავაზიანად გავუღიმე მე

-          გაფრთხილებ მეტჯერ აღარ გამიღიმო თორემ პაემანზე იძულებით წაგიყვან _ სიცილით მომიგო მან.

-          არც იძულების წესით წაყვანა გამოგივა _ ისევ ვუღიმი და გარეთ გავდივარ.

თან ერთი ჭიქა სასმელი გავიყოლე, სიგარეტს მოვუკიდე და იქვე ჩამოვჯექი. ბიჭმა, რომელსაც ვეცეკვებოდი ძალიან ჩამაფიქრა, ისეთი განცდა მქონდა თითქოს ვიცნობდი ან სადღაც მაინც შევხვედრილვარ, უცნაურ კავშირს ვგრძნობდი მის მიმართ, ნეტავ სახელი მაინც მეკითხა ვფიქრობდი ჩვეული სინანულის შეგრძნებით, რომელიც ხშირად არის გამოწვეული სიტუაციის გვიან გააზრებით ხოლმე. საამო სიო ქროდა, ზუსტად არვიცი რამდენ ხანს, მაგრამ როგორც ჩანს დიდხანს ვიჯექ გარეთ ჩაფიქრებული და ვარსკვლავებს გავყურებდი, როცა უკნიდან ხმა მომესმა.

-          ლიზა, ლიზა - ჰო ჩემი ეჭვიც გამართლდა. შეიძლება გვერდით დაგიჯდე?

-          და ჩემს უკან იდგა ჯეიკობი. აჰა, ესე იგი შენ ხარ ის ბიჭი რომელიც პაემანზე ასე თავგამოდებით მეპატიჟებოდა

-          ჰო შენ კი ის ჯიუტი გოგო, რომელიც ვერაფრით დავითანხმე

-          შენ კი ის ბიჭი ხარ რომელსაც წესით გუშინ უნდა გამოევლო, თუმცა არც კი შემეხმიანა და კიდევ ის ბიჭი, რომელსაც ლიზა კი არა ნიღბიანი გოგო მოეწონა.

-          და იქნებ ვიცოდი რომ სწორედ შენ იყავი ნიღბის ქვეშ ?

-          არვიცი, ეგეც საკითხავია. არ მოწევ? - შევთავაზე ბოლო ღერი სიგარეტი

-          მადლობ, სიამოვნებით

-          წამით უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა, რომელსაც ვერ ვიტან, ვერასოდეს ვიტანდი ასეთ სიჩუმეს, როცა სალაპარაკო თემას ან უბრალოდ სიტყვებს ეძებ, რათა ამ იდიოტურ სიჩუმეს დააღწიო თავი. სიჩუმის დარღვევა არც მიცდია, უკვე ზედმეტად მაფორიაქებდა ეს ბიჭი და თითქოს გაურკვეველ გაღიზიანებაში გადამდიოდა. ვერ ვხვდებოდი რატომ ტრიალბდა ყოველთვის ჩემს გვერდით. თითქოს წყევლასავით იქცა

-          მშვენიერია არა? ბოლოს ისევ თვითონ დაარღვია სიჩუმე და ცაზე მკვეთრად მოკაშკაშე ვარსკვლავზე მიმითითა.

-          კი ნამდვილად, რაღაცნაირად უცნაური და მიმზიდველია

-          ისევე როგორც შენ, და ჩემს შემოთვაზებაზე ისევ უარს მივიღებ? მკითხა კვლავ მციდრეოდენი პაუზის შემდეგ

-          კი, შენ ხომ რეალურად მე კი არა ნიღაბს ქვეშ ამოფარებული გოგო მოგეწონა. - ვუმეორებ დაჟინებით

-          ცდები ლიზა, მე ნიღაბ ქვეშ სწორედ შენი სახე ამოვიცანი და ძალიან მინდოდა ჩემი ვარაუდი გამართლებულიყო. შესაძლოა სხვაგვარად უნდა მეცადა, მაგრაამ...

-          შესაძლოა, მაგრამ არა! - სიტყვა შევაწყვეტინე და საკმაო სიუხეშე გამოიკვეთა ჩემს ნათქვამში

-          კარგი, მაშინ სხვა დროს ვცდი _ მეუბნება და მიდის

-          მე კი ჩემს თავზე საკმაოდ გაბრაზებული ვრჩები, წვეულებაზე აღარ შევდივარ, ტაქსს ვაჩერებ და სახლში მივდივარ, თან ვნატრობ ნეტავ ნიტა ახლა ჩემთან იყოს რა კარგი იქნებოდა მასთან საუბარი-მეთქი, მაგრამ....

 

 

 

******

 

შესწავლილი ადამიანი მოძველებულ ჟურნალს გავს. როგორც წლების წინანდელი ჟურნალი აღარ აღძრავს არანაირ ინტერესს ასეა ადამიანიც. ეცადეთ ყოველთვის ამოუცნობ და საინტერესო პიროვნებად დარჩეთ. ნუ იქნებით ყდა გადაშლილი წიგნი, რომლის შიგნით ყველამ იცის რა ხდება და რომლის წაკითხვაც ყველას შეუძლია. იყავით ცოტა იდუმალი. არ ღირს კოდექსებით მოძრაობა. გააკეთეთ ნებისმიერი სიგიჟე, რომელიც იცით რომ გაგაბედნიერებთ.

 

 

******

 

- ამჯერად შენხარ ჩემი მგზავრი, ღიმილით მეუბნება ჯეიკობი, რომელმაც სპორტდარბაზში წასასვლელად გამომიარა

- ჰო, ხედავ როგორ იცვლება ყველაფერი. ვპასუხობ ჯერ კიდევ აღელვებული მე

- ჰო, მართლა რაჭაში როგორი დრო გაატარე? კარგად დაისვენე?

- არც ისე, მაგრამ ერთი იმდენად სასიამოვნო მოხუცი გავიცანი რომ ვფიქრობ მხოლოდ მის გამო ღირდა ჩემი იქ წასვლა.

- მხოლოდ მის გამო? ჩემს გაცნობად არ ღირდა?  მეკითხება თავდაჯერებული კმაყოფილებით

- შესაძლოა მაგიტომაც, ვპასუხობ ცბიერი ღიმილით

-  მე კი ვფიქრობ ჩემი წასვლა საუკეთესო გადაწყვეტილება იყო რადგან შენ დაგმგზავრებოდი ლუსი!

ლუსი? ჩემი ნამდვილი სახელი, უცაბედი დაბნეულობა, უაზრო ტყუილში გამოჭერის საშინელი შეგრძნება, გამართლებული პასუხისა და თავის დაძვრენის სწორ გზაზე ფიქრი.

- ჰო, ლუსი მართალია. ვიმეორებ რაღაცნაირად ჯიუტად თავდაჯერებული და საკუთარი თავისაც მიკვირს.

- შეგიძლია მითხრა შენი ნამდვილი ვინაობა რატომ დამიმალე?

- აი მოვედით კიდეც. უეცრად თავისდაძვრენის კარგი საშუალება მომეცა და მეც მომენტი ხელიდან არ გავუშვი.

- იცოდე კითხვაზე პასუხის გაცემა მაინც მოგიწევს, მეუბნება ეშმაკური ღიმილით ის. შენს უსამართლო ტყუილს საღამოს ჩემთან ერთად ყავის დალევით გამოისყიდი.

- კარგი, ტყუილის გამოსყიდვის ცუდი ვარიანტი ნამდვილად არ არის ვპასუხობ და სპორტდარბაზში შევდივარ.

 

 

 

*******

ნიტა გაოცებული სახით მისმენდა, როდესაც ჯეიკობის შესახებ მოვუყევი. უეცარი დამგზავრება, ამდენი ხნის შემდეგ მოულოდნელი შეხვედრა სპორტდარბაზში, ჰელოვინის დღეს მისიგამოჩენა ცოტათი დამაბნეველია

მე კი ისევ ემოციებით დატვირთული და რაღაცნაირად აფორიქებული ვეკითხები ნიტას, თუ რომელი კაბა სჯობს, ნიტაც "skype"-დან საგულდაგულოდ მადევნებს თვალს და რჩევებს მაძლევს.

საბოლოოდ ისევ ჩემს სტილს ვამჯობინებ, ჯინსის შარვალი, ბოტასები და ჩემი საყვარელი მაისური. არანაირი მაკიაჟი და შუქ-ჩრდილები. არმინდა იფიქროს რომ ვეპრანჭები და მისთვის სპეციალურად გამოვეწყვე. თუ შესაბამისი აღქმა ჰქონდა ჩემს სილამაზეს აქამდეც შეამჩნევდა, სიცილით ვეუბნები ნიტას, რომელიც მთხოვს ცოტათი მაინც განსხვავებულად მოვემზადო.

აი მირეკავს უნდა გავიქცე და პასუხის დაბრუნებამდე ვუთიშავ ნიტას. ვფორიაქობ, ოთახიდან ოთახში უაზროდ დავდივარ, ბოლოს ვხვდები რომ აზრზე უნდა მოვეგო, სარკეში ვიხედები საკუთარ თავს ვამხნევებ და ლიფტიში შევდივარ.

სადარბაზოსთან ჩავდივარ, მაგრამ ქვემოთ არ მხვდება. ცოტათი ვიბნევი და ვბრაზდები, უცებ ათასი საშინელი აზრი იბადებს გონებაში. დარეკვას ვაპირებ და ისიც უკვე აქ არის.

- მეგონა დიდხანს ლოდინი დამჭირდებოდა, ამიტომაც ცოტა ადრიანად დაგირეკე, მაპატიე, ცუდი გათვლა იყო. უბრალოდ ბანალურად ყოველთვის ასე ხდება.

- და იქნებ მე სულაც არ ვარ ბანალური გოგო?

- ჰო მგონი, რომ ეგრეა.

- და ასე ხშირად გალოდინებენ ბანალურად გოგონები? - გესლიანად ვეკითხები მე

- პრინციპში არც ისე - საკმაოდ გესლიან პასუხს მიბრუნებს ის

- აბა შენ მომიყევი რაჭაზე, შენ როგორ ისიამოვნე?

- ნორმალურად. სულ ორი დღით გავჩერდი. საკმაოდ ხშირად დავდივარ, მალევე ვაპირებ წასვლას ხომ არ დამემგზავრებოდი?

- ცუდი იდეა არ არის, შესაძლოა. და ხშირად რატომ დადიხარ?

-  უფრო ვცდილობ ჩემს შორიახლოს მცხოვრებ მარტო მყოფი მოხუცისადმი მზრუნველობა გამოვიჩინო. თითქმის არავინ ჰყავს ისეთი ვინც მოუვლის, საკვებს მოუმარაგებს და შეძლებისდაგვარად ვცდილობ დავეხმარო.

აქ ვერონიკას სიტყვები გამახსენდა, რომელიც მეუბნებოდა მასთან ახლოს მცხოვრები ახალგაზრდა ბიჭის შესახებ.

- რა ჰქვია შენს მოხუცს? ვეკითხები სულმოუთქმელად.

- ვერონიკა

- ვერონიკა? ღმერთო ჩემო, გუშინ სწორედ მაგ მოხუცზე გეუბნებოდი. მეც გავიცანი ვერონიკა, როგორი სასიამოვნო ქალბატონია. მთელი დღე მასთან საუბარში გავატარე, ძალიან კარგი მოსაუბრეა.

ანუ ჯეიკობი იყო ის სასიამოვნო ბიჭი, რომელზეც ვერონიკა საუბრობდა. გამოდის, რომ რეალურად ძალიან ახლოს ვიყავი ჯეიკობთან და შემეძლო ისევ მენახა რაჭაში, როცა გამუდმებით გაფაციცებით ვეძებდი თვალებით ყველგან, თურმე ამდროს მის სახლთან რამდენიმე იარდში ვყოფილვარ სრულიად შემთხვევით.

არა, ცხოვრება ნამდვილად დაგვცინის ხოლმე, ამაში პერიოდულად ყოველთვის ვრწმუნდები.

ძალიან გვესიამოვნა მე და ჯეიკობს საერთო ნაცნობის აღმოჩენა, თან ისეთი ნაცნობის როგორიც ვერონიკა იყო. თავის მხრივ, კი მე ძალიან მესიამოვნა, რომ ის ყურადღებიანი ბიჭი სწორედ ჯეიკობი აღმოჩნდა. მისი მზრუნველობა და სიკეთის გამოხატულება ძალიან მაოცებდა და მომწონდა. სალაპარაკო თემა წამითაც არ გამოგვლევია, ერთი თემიდან მეორეზე გადავდიოდით ძალიან ბუნებრივად და ყოველივე დაძაბულობის გარეშე. აი სწორედ ეს შეგრძნება მიყვარს. იმდენად სასიამოვნოდ და თავისუფლად ვგრძნობდი მის გვერდით თავს რომ სრულიად ბუნებრივი ვიყავი, ვგრძნობდი რომ არ მჭირდებოდა მოჩვენებითი თავშეკავებულობა ან ზედმეტად თავის კონტროლი, რაც მე ისედაც ნაკლებად მახასიათებს. წვეულებასთან შედარებით სრულიად სხვა ატმოსფერო შეიქმნა ჩვენს ირგვლივ, ბევრად სასიამონო, მარტივი, ბუნებრივი. არვიცი მაშინ ასე რამ ამაღელვა, შესაძლოა იმ აზრმა რომ მან ჩემი სახით, სხვა ნიღბიან გოგოსთან მოინდომა პაემანი, ალბათ ამან გამაცოფა ასე ძალიან. საკუთარ თავზე ვიეჭვიანე, ახლა კი იმდენად კარგად ვგრძნობდი თავს, რომ მაშინდელ ჩემს სიბრაზეზე მეცინებოდა. ზოგადად, როცა ადამიანთან კომფორტულად გრძნობ თავს დიალოგიც სასიამოვნოდ და მარტივად ეწყობა. სწორედ ეს მომწონს. დამღლელი და მოსაწყენია, როდესაც ადამიანთან საუბრის გაბმას ვერ ახერხებ, აშკარად სიტყვების და ფრაზების კონტროლი და ძებნა გჭირდება. ან კიდევ უხერხული სიჩუმე ჩამოვარდება ხოლმე და მის განსამუხტად სისულელე შეკითხვას სვამ ან უაზრო თემას წამოჭრი, როგორიცაა ამინდზე საუბარი და სხვა. საბედნიეროდ ჩვენ მსგავსი მომენტი არ გვქონია და დროც საკმაოდ გაგვეპარა საუბარში. კაფე "flowers"-ში დავსხედით და თითო ჭიქა წითელი ღვინო შევუკვეთეთ.

- აბა ახლა კი დროა მითხრა სახელის მოტყუების მიზეზი.

თურმე როგორ ტყუილად ვფიქრობდი გადაავიწყდა-მეთქი.

- არაფერი მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული მიზეზი არ მქონია. უბრალოდ რაჭაში სრული განმარტოებისა და მარტო ყოფნის მიზეზით წავედი. არ მინდოდა არავისთან კონტაქტი და საუბარი, ამიტომაც გითხარი სხვა სახელი. მხოლოდ ეს მარტივი მიზეზი იყო, რომელიც ახლა საკმაოდ აბსურდულად ჟღერს.

- რაღაც დეპრესიული გოგოს საუბარს გავს. მარტო ყოფნა, ბუნება, განმარტოება, ფიქრი..... დამაბნეველია

- ნუ არც ისე დეპრესული, სიმართლე გითხრა არ ვიცი. არ მინდოდა ზედმეტად გულღია ვყოფილიყავი და შევეცანი პირველივე ნახვაზე. ამიტომაც არაფერი ვუთხარი ჩემს გატაცებაზე წერასთან დაკავშირებით. ისედაც საკმაო სისწრაფით სწავლობდა ჩემს ხასიათს და პიროვნულობას.

- მოდი არ ვითამაშებ და გულწრფელი ვიქნები, ძალიან მომეწონე. შენი გაცნობიდან რამდენიმე წუთში უკვე ვიცოდი რომ მომწონდი და სიამოვნებით გაგიცნობდი უკეთესად. სიამოვნებით ჩავწვდებოდი შენი თვალების სიღრმიდან ამომავალ იდუმალებას, შენი თითოეული გამოხედვის მიღმა არსებულ ფიქრს. სიამოვნებით შევისწავლიდი შენი ხასიათის თითოეულ შტრიხს, სიამოვნებით ვეცდებოდი შენს ამოხსნას, ამოხსნას იმისას თუ რატომ მიდის ჯერ კიდევ შესაძლოა თინეიჯერი გოგო სრულიად მარტო ბუნებაში განსამარტოვებლად? თუ რატომ ამბობს უსაფუძვლო ტყუილს, რატომ ცდილობს ხოლმე შინაგანი აღელვების დამალვას? თუ როგორ ახერხებს იყოს ასეთი უბრალო და ამასთანავე საყვარელი. მთელი გულის წყვეტით ჩამოვედი შენი მანქანიდან. ვიმედოვნებდი, რომ სადმე კიდევ შეგხვდებოდი ისევ ისე შემთხვევით. ყველა სოციალური ქსელი გადავქექე იმის იმედით რომ იქ მაინც გიპოვიდი, თუმცა ახლახანს გავიგე რომ ამის მინიმალური შანსიც არ მქონია არარეალური სახელით. ახლა კი ძალიან მიხარია, რომ ისევ შეგხვდი ჩემს წინ ზიხარ და შემიძლია ეტაპობრივად ისე შეგიცნო, როგორც მე წარმომიდგენია, რაღა თქმა უნდა, თუ შენ ამის უფლებას მომცემ.

...........

მგონი ერთი დღისთვის ზედმეტად გადაგიშალე გული და ზედმეტი გულწრფელობა გამოვიჩინე, იმედია არ შეგაშინებს ჩემი ასეთი პირდაპირობა პირველივე დღეს. თუმცა ჩემს წარმოსახვაში უკვე ალბათ მეათასედ მაინც გესაუბრები, მეათასედ მაინც ვზივარ კაფეში შენთან ერთად. შვიდი თვე გავიდა და შემდეგ შეგხვდი, შვიდი თვის შემდეგ. მართლაც საოცარია. მოდი ჩვენს ამ მოულოდნელ შეხვედრას გაუმარჯოს.

- გაუმარჯოს და ღვინო მოვსვი. გულთბილად გავუღიმე. შინაგანად უდიდეს ბედნიერებას ვგრძნობდი, მთელ სხეულში სითბო იმდენად ჩამეღვარა, რომ არ მინდოდა საუბრით და სიტყვებით გამეფუჭებინა ან შემესუსტებინა ეს გრძნობა. უბრალოდ ცოტახანს ჩუმად ვიჯექი და სასიამოვნოდ ჩაფიქრებული მას შევყურებდი. ზოგჯერ რაღაცები მხოლოდ უნდა იგრძნო და ამ გრძნობით დატკბე, როცა გულწრფელად გრძნობ იქ სიტყვები მხოლოდ ზედმეტია, რომელიც აფუჭებს მას, რადგან ნამდვილ შეგრძნებებს ისევე მძაფრად და რეალურად ვერასდროს გადმოსცემ. ის მხოლოდ უნდა იგრძნო.

მეორე ჭიქა ღვინოც სიამოვნებით დავლიეთ და ქუჩაში სასეირნოდ გასვლა გადავწყვიტეთ. ცოტახანს გავისეირნეთ თბილისის ქუჩებში და მალევე სახლში წავედი. ისე კი სიმართლე გითხრათ ისევ მის გვერდით ყოფნა მინდოდა. შემეძლო მთელი ღამე მის გვერდით ხმა ამოუღებლივ ვმჯდარიყავი.

- მადლობა კარგი საღამო გამოგვივიდა, ვემშვიდობები მე და ლოყაზე ნაზად ვკოცნი.

- მადლობა შენ ასეთი სასიამოვნო საღამოსთვის. ჩავთვალოთ დღეს თავიდან გავიცანით ერთმანეთი ლიზა, უკაცრავად ლუსი.

- ვითომ შემთხვევით შეეშალა, ვუყურებ თითქოსდა უსიამოვნო სახით და მანქანიდან გადავდივარ. მინდა მივიხედო და კიდევ შევხედო წასვლამდე, მაგრამ არ მინდა შეამჩნიოს როგორ ვაკვირდები მიმავალს, ასე რომ თავს უკან შებრუნების საშუალებას არ ვაძლევ.

ოხ, ეს წყეული სიამაყე!

 

 

******

ნიტასგან თხუმეტი გამოტოვებული ზარი მხვდება, რომელიც შეშინებულია იმ აზრით ვინმე მანიკს ხომ არ გადავეყარე. არა ის უკვე იმდენად ნეგატიურად არის განწყიბილი ყველასა და ყველაფრის მიმართ, რომ მხოლოდ უარყოფითზე ფიქრობს. მე კი ვურეკავ საოცრად ემოციებით აღსავსე და თავგზააბნეული ვუყვები ალბათ ჩემი ცხოვრების საუკეთესო საღამოს შესახებ. მინდა ემოციებისგან დავიცალო, მაგრამ არ გამომდის, არ მყოფნის, ვერ გადმოვცემ.

ერთი სული მაქვს ჯეიკობმა მომწეროს, რათა დავრწმუნდე ნამდვილად მოვწონვარ თუ არა. ესეც ბავშვური აზრია მაგრამ მაინც, რაღაცნაირად უფრო კმაყოფილს დამეძინება. ღამე არ მწერს, მეც არ ვწერ. ჩემი ზედმეტი თავშეკავებულობა უკვე მაღიზიანებს, მაგრამ მაინც ვინარჩუნებ იმავე თავშეკავებულობას და ძლივს ღამის ხუთ საათზე მეძინება.

 

 

******

 

დილით ისევ ბედნიერების უჩვეულო განცდით ვიღვიძებ. ვგრძნობ რომ ჩემში რაღაც ცოცხლდება და ნელ-ნელა ცდილობს დეპრესიული, სევდიანი მეს ჩანაცვლებას. მგონი ახერხებს კიდეც. მეტი შემართებით ვარ დამუხტული. თითქოს თავდაჯერებულებაც შემემატა. ალბათ ასეა, როდესაც ადამიანი გრძნობს რომ სხვისთვის მნიშვნელოვანია, სხვას აბედნიერებს და სჭირდება ამით მეტად ძლიერი და თავდაჯერებული ხდება. ჩემი თავდაჯერებულობა და ბედნიერების განცდა კიდევ უფრო იზრდება როდესაც ტელეფონზე შეტყობინებას ვნახულობ.  - აბა მოიფიქრე დღეს სად და როგორ გესიამოვნება საღამოს გატარება.

 

*******

გეგმის მიხედვით საღამო ჯეიკობთან ერთად გავატარე. კინოში წავედით, კომედიას ვუყურეთ ერთად, რომელიც საერთოდ არ მოგვეწონა და დროის უაზრო კარგვად მივიჩნიეთ. შემდეგ მისი ექსპრონტი იდეით სიღნაღში ამოვყავით თავი. დავსეირნობდით სიღნაღის თბილ ქუჩებში და ათას რამეზე ვსაუბრობდით. ჰო, ერთი სასიამოვნო დამთხვევა, მასაც ისევე უყვარს სურათების გადაღება როგორც მე.

-          ყველაფრის ფოტოგრაფიულად ასახვა მიყვარს, სასიამოვნო დეტალების, როდესაც უგუნებოდ ვარ ხშირად ვათვალიერებ ჩემს ფოტო ალბომს და გუნებაც ჩემდაუნებურად გამომიკეთდება ხოლმე. - მეუბნება ის

სასიამოვნოა, როდესაც ადამიანთან შენთვის მნიშვნელოვან თანხვედრას აღმოაჩენ ხოლმე.

კახეთი ღვინის გარეშე კახეთი არ იქნება, მეუბნება ის ცბიერი გამომეტყველებით და ჩემთვის საყვარელ წითელ ღვინოზე მეპატიჟება. ამის შემდეგ იწყება სრული რომანტიკა, წითელი ღვინო, სანთლები, ტკბილი მელოდია, ტერასიდან პატარა ლამაზი ქალაქის, თითქოსდა მართაც სიყვარულით სავსე ქალაქის ხედი იშლება და ამ ყველაფერს ემატება ჩვენი დაუსრულებელი საუბრები. მომწონს ის რომ ჩემს წარსულში ღრმად ჩახედვას არც კი ცდილობს, არც ბანალურ კითხვებს სვამს და ზედმეტად არ აფათურებს ხელებს ჩემს განვლილ ცხოვრებაში. ვფიქრობ, ადამიანი კითხვებზე გაცემული პასუხებით კი არა ზოგადი საუბრებით უნდა ამოვიცნოთ და დავინახოთ მისი ნამდვილი სახე. ვგონებ, საკუთარ თავზე გაცემული პასუხები მაინც კერძოა და შესაძლოა არც იმდენად რეალური. ადამიანს შენი პირადი შეფასებებით უფრო შეიცნო. სწორედ ასე იქცევა ის, ასე საინტერესოდ და ჩემთვის მიმზიდველად აგრძელებს საუბარს, რაც სასიამოვნოდ მაბრუებს და კიდევ უფრო მიღვიძებს საუბრის სურვილს, ისევე ლაღად და გულწრფელად, რომელიც ისედაც მახასიათებს. მთელი საღამო სასიამოვნოდ გაბრუებულმა გავატარე, სახლში ღამის სამ საათზე დავბრუნდი, თუმცა დრო ისე სწრაფად გავიდა გააზრებაც ვერ მოვასწარი.

 

 

******

 

და მაინც როგორი საოცარია ცხოვრება? უეცრად ერთი მდგომარეობიდან სრულიად მეორეში მოგისვრის, ისე რომ გააზრებასაც ვერ ასწრებ. სრულიად მოსაწყენი ცხოვრებიდან უეცრად ქარიშხლიან, სიცოცხლით სავსე, მზის სხივებით გაბრწყინებულ ცხოვრებაში გადავეშვი. იმდენად მეუცხოება ეს მდგომარეობა რომ ზოგჯერ ვფიქრობ სიზმარი ხომ არ არის? ან კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება? ნუთუ შესაძლებელია შევინარჩუნო ეს აღმაფრენა მთელი ცხოვრების განმავლობაში? ნუთუ ყველაფერი იმდენად იდიალურად იქნება როგორც მე მინდა? დასაწყისშივე მეშინია, რადგან ვიცი რომ ისე როგორც ყველა და ყველაფერი ბედნიერებაც დროებითია, მაგრამ ნამდვილად ვიცი რომ ცდად ღირს, იქნებ და გამონაკლისი ვიყო და დიდხანს, ძალიან დიდხანს გაგრძელდეს ჩემი ბედნიერება. მინდა მთელი ცხოვრება ასე სასიამოვნოდ გაბრუებულმა გავატარო მის გვერდით...

ძალიან მინდა....

მეშინია...

საკუთარ ბედნიერებას დასაწყისშივე ვწირავ უბედურებისთვის

ისევ წყეული შიშის შეგრძნება...

 

 

******

 

ცხოვრების სასიამოვნოდ აღქმა ძლიერს გხდის. არაფერი შეედრება იმ გრძნობას, როდესაც დილით იღვიძებ და შენდაუნებურად გეღიმება, ბედნიერების ღრმა არომატს შეიგრძნობ და იცი რომ ხასიათის გაფუჭება არავის და არაფერს შეუძლია. ამ დროს ხვდები, რომ ცხოვრობ და არა უბრალოდ არსებობ. გიხარია სიცოცხლე, შეიძლება ამისთვის ერთი პატარა მიზეზი გქონდეს, მაგრამ როდესაც ბედნიერების გრძნობა დაგეუფლება, შემდეგ აღმოაჩენ თანდათან თუ რამდენი მიზეზი გქონია მისთვის და ვერ ამჩნევდი. თითოეული შეგრძნების აღმოცენება ჩვენს შინაგან მდგომარეობაზეა დამოკიდებული. როდესაც შენ გაქვს ბედნიერების განცდა ეს თანდათან შენს ჩვეულებრივ, მუდმივ მდგომარეობად გადაიქცევა, რომელიც დღითიდღე მეტად აგავსებს პოზიტიური, ნათელი აზრებით. საკუთარ თავს აღიქვამ უფრო ნათლად, უფრო მეტი შესაძლებლობებით. ვხვდები, რომ ადამიანებს ორი არჩევანი გვაქვს: იცხოვრო ბედნიერად ან არა. მთავარია ჩვენ როგორ დავაფოკუსირებთ საკუთარ თავს. ზოგჯერ კარგი რამ არის ილუზია. ვფიქრობ, სასიამოვნო ილუზიებით ცხოვრების გალამაზება არც თუ ისე ცუდი გადაწყვეტილებაა. ეს ყოველივე გარესამყაროს გვიფერადებს. ვგონებ, ყველა ადამიანს ერთი მიზეზი მაინც აქვს იმისთვის, რომ ბედნიერი იყოს, მთავარია მას ეს უნდოდეს და დაინახოს. რეალობაზე დაფუძნებული იმედები კი ბედნიერების ერთ-ერთი მიზეზია. დღეს განსაკუთრებით მჯერა, რომ ადამიანს ყველაფერი შეუძლია, მთავარია მისი ღრმად, სადღაც ფსკერში დალექილი, დაკარგული მე გააღვიძოს, გამოაცოცხლოს და სიცოცხლით აავსოს. მეს გაღვიძების შემდეგ ასევე მნიშვნელოვანია„იმედი“ გააღვიძოს, ამის შემდეგ კარგი იქნებოდა მიზანდასახულობის გამოფხიზლება, გეგმების დასახვა, რასაც უთუოდ მოჰყვებოდა ბოლო, ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტის ჩამატება - საკუთარი სიძლიერის რწმენის ჩანერგვა. მგონი კარგი კომბინაცია გამოვიდა.

დიახაც, შეუძლებელი არაფერია! მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ ჩვენ არ გვყოფნის საამისოდ ძალა, ხანაც იმედები არ აღმოჩნდება იმდენად ძლიერი და მოულოდნელად ერთი პატარა დაბრკოლებისთანავე ვნებდებით, ზოგჯერ სწორედ მაშინ, როცა მიზანთან ძალიან ახლოს ვართ. ხოლო თუ შენ შეძლებ საკუთარი თავის ბედნიერად აღქმას და მოიპოვებ შინაგან სიძლიერეს ვერანაირი დაბრკოლება ვერ შეგაჩერებს. ამ შემთხვევაში შეძლებ განაგრძო ათასჯერ თავიდან თუ კი ეს საჭირო იქნება!

 

 

******

 

სიყვარული რომელიც მოულოდნელად იწყება და გაუაზრებლად სწრაფი ტემპით ვითარდება ჭეშმარიტებაზე მაღლად მდგომი სიყვარულია!!!

შემიყვარდა!

მე ის შემიყვარდა...

ჰო მეგობრებო რაც არ უნდა გაგიკვირდეთ ჩემნაირ სკეპტიკოს ადამიანსაც კი შეუძლია სიყვარული. და მაინც როგორ გამოანათა და გაალამაზა სიყვარულმა ჩემი ჩაბნელებული, დანისნული, ნაღვლიანი გარესამყარო, როგორ გადავეშვი რუტინული ცხოვრებიდან, ბობოქარ, გიჟურ, ბოჰემურ ცხოვრებაში. თითქოს სამყარო რადიკალურად ამოტრიალდა. სრულიად სხვა რეალობის წინაშე აღმოვჩნდი, რომელსაც მანამ ვერასდროს აღვიქვამდი. ყველგან ბედნიერების სუნი დატრიალდა, ყველა კუთხე-კუნჭული, ყველა ადგილი განათდა. ადამიანებიც კი უფრო უკეთესები და ლმობიერები მეჩვენებოდნენ. ჰო, რაც ყველაზე მთავარია მე ის ვიგრძენი. დავინახე თუ არა მაშინვე ვიგრძენი მისდამი რაღაც უცნაური, მაშინვე თავისებურად გამიბრწყინდა თვალები და სასიამოვნო სითბო ჩამეღვარა სხეულში, სწორედ ისე როგორც მე წარმომედგინა, რომელსაც კარგა ხანს ვუმალავდი საკუთარ თავს. ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ თუ რა ტყუილად დავკარგე ის შვიდი თვე, ჩემივე რაღაც უაზრო ტყუილის გამო, მაგრამ ალბათ ასე იყო საჭირო, მთავარია ცხოვრებამ ისევ შეგვახვედრა ერთმანეთს. სიყვარული ჩემთვის ყოველთვის ღირებული თემა იყო და ვიცოდი რომ რაღაც უნდა მეგრძნო შინაგანად პირველი დანახვისთანავე და სწორედ ის იქნებოდა ჩემი ნამდვილი გრძნობა. ასეც მოხდა. ნამდვილი სიყვარულის ასე მწამს, რომ მაშინვე გრძნობ, რაღაც იდუმალს და განსხვავებულს მისდამი, შემდეგ ყველაფერი სწრაფადვე ვითარდება, რადგან მას დიდი დრო არ სჭირდება აღმოსაჩენად და ამოსაჩხრეკად. ის, მალევე თავისთავად იჩენს თავს. სწორედ ასე მოხდა ჩემს შემთხვევაში. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო ჩემი ცხოვრების ყველაზე ლამაზი და ბედნიერი ისტორია. იმდენად ბედნიერი ვიყავი რომ გულის სიღრმეში ვფიქრობდი რომ მოვკვდე გული არ დამწყდება, რადგან მოვასწარი ადამიანის ისე შეყვარება როგორც წარმომედგინა-მეთქი, გამოვცადე ის რაც ყველა ადამიანმა უნდა გამოსცადოს.

არ არსებობს ქვეყნად იმაზე ღვთაებრი შეგრძნება როგორც საყვარელი ადამიანის ჩახუტებაა. მასთან გულწრფელი დიალოგი, როცა შეგიძლია იყო ის რაც რეალურად ხარ, როცა შეგიძლია თქვა ნებისმიერი იდიოტობა და მასზე საათობით იცინოთ ერთად.

ჩვენ, ადამიანები მხოლოდ სიყვარულით გამოწვეულ სიგიჟეებს არ უნდა შევებრძოლოთ!

 

*******

სიყვარულმა პატარა, გულუბრყვილო ბავშვად მაქცია, თითქოს მეც ახლა ვიწყებ სამყაროს შეცნობას, თითქოს პირველად შევყურებ გარესამყაროს, რადგან სრულიად ახლებურად აღვიქვამ მას ამ ეტაპისთვის.

პატარა ბავშვივით უსუსური, სუსტი გამხადა სიყვარულმა, კიდევ უფრო მშიშარა, რადგან აღარ მინდა ახალი სამყაროდან ისევ ძველში დაბრუნება. ჰო სწორედ პატარა ბავშვივით ბუტია გავხდი, პატარა ბავშვივით მწყინს და მიხარია, ბავშვივით გულწრფელი და ლაღი ვარ, მასავით სუფთა და წმინდა, ალბათ მხოლოდ ეს გრძნობაა რასაც ჯეიკობის მიმართ ვგრძნობ.

სამყარო?

სამყარო გალამაზდა.

ფერი იცვალა.

გაცისკროვნდა.

ირგვლივ მხოლოდ მზის სხივებს, თბილ სიოს, მომღიმარ სახეებს ვგრძნობ.

სიყვარული მცვლის და ეს ერთადერთი ცვლილებაა რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მახარებს. მინდა სულ ასე ვიყო, სასიამოვნოდ გაბრუებულმა ვიარო. თითქოს ეს ყველაფერი ფეირვერკის მოულოდნელ აფეთქებას გავდა, რომელმაც გაანადგურა ყველაფერი ცუდი და დატოვა მხოლოდ გაცისკროვნებული არემარე.

მგონი ჯეიკობი ამას ყოველგვარი მონდომების გარეშე ახერხებს..

ვგონებ სამყაროში ნამდვილი და წმინდა მხოლოდ ბავშვები, სუფთა გრძნობები და სუფთა სინდისია..

 

 

*********

 

-          გჯერა ოცნების სიძლიერის? - ვეკითხები ჯეიკობს, რომელიც მიმტანს მონდომებით ეძებდა თვალებით

-          ერთდროს მჯეროდა - უღიმღამოდ მპასუხობს ის

-          და ახლა რატომ აღარ?

-          იმიტომ რომ ოცნების ახდენის შემდეგ იცვლება შენი მისდამი დამოკიდებულება

-          რას გულისხმობ?

-          მამაჩემი არასოდეს მინახავს, როგორც გავიგე მან არც კი იცოდა ჩემი დაბადების შესახებ, ხოლო დედაჩემს არც კი უცდია მისთვის სიმართლის თქმა. იმ მიზეზის გამო, რომ მან არაფერი იცოდა ჩემი არსებობის შესახებ, რა თქმა უნდა, არც კი ვბრაზობდი რომ არ მნახულობდა და ჩემზე არ ზრუნავდა, მაგრამ ჩემთვის ყველაზე დიდ ოცნებად სწორედ მასთან შეხვედრა იქცა, მისი გაცნობის წარმოუდგენელი სურვილი. ყოველ ღამე ძილის წინ თვალებს ვხუჭავდი და მასზე ვფიქრობდი. წარმოვიდგენდი როგორი იქნებოდა ჩვენი შეხვედრა, ჩვენი პირველი სიტყვა, როგორი რეაქცია ექნებოდა, შევძლებდი თუ არა მამას დაძახებას. უდიდესი შთაბეჭდილებით ვიყავი მისდამი განმსჭვალული, მისი ახლგაზრდობის ერთადერთი სურათიდან ვცდილობდი ცხადი წარმოდგენა შემექმნა მასზე. თუ როგორი იქნებოდა წლების შემდეგ. ამაზე ფიქრში ვატარებდი ალბათ ათ თუ თხუთმეტ წელს, იმის შემდეგ რაც აზროვნება დავიწყე ჩემი ოცნების და ფიქრის საგანს სწორედ მამაჩემი წარმოადგენდა. ვფიქრობდი, რომ კარგი მეგობრები ვიქნებოდით.

დედაჩემი ცდილობდა, არ შევხვედროდი, თუმცა წინააღმდეგობასაც არ მიწევდა. ბევრი ცნობა-ძიების შემდეგ მივაგენი. გავიგე სად ცხოვროდა და რას წარმოადგენდა. ერთ დღესაც ტელეფონზე დავურეკე. მაშინ, რა თქმა უნდა, არ მითქვამს ვინ ვიყავი, უბრალოდ შეხვედრა ვთხოვე. მეორე დღეს იცის მოვიდა. ჩემს წინ იდგა მის ასაკთან შედარებით ზედმეტად გაჭაღარავებული ადამიანი. არც კი ვიცოდი საუბარი როგორ უნდა დამეწყო, როგორ უნდა მეთქვა უცებ რომ მე მისი შვილი ვარ, ყველაფერი იმაზე რთული აღმოჩნდა ვიდრე მე წარმომედგინა. გონებაში წარმოდგენილი მომენტები და რეალობა ყოველთვის განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ ნამდვილად მინდოდა სიმართლე გაეგო. ბოლოს როგორღაც ბევრი ენის ბორძიკისა და სიტყვების ძიების შემდეგ, დავიწყე დედაჩემზე საუბარი. ქალზე, რომელიც დიდი ხნის წინათ უყვარდა და ვუთხარი რომ მათი სიყვარულის შედეგი მე ვიყავი. და ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა მის ასეთ ცივ, უხეშ და ურიაქციო სახეს წავაწყდი.

-          და მერე ამდენი ხნის შემდეგ რა აზრი აქვს ამ ყველაფერს? ნუთუ შეძლებ ასე უეცრად მამად აღმიქვა და მაღიარო? ან გგონია მე შეგიყვარებ ისე ბავშვურად და გულწრფელად როგორც დაბადებიდან უყვართ პატარა ბიჭები? და უფრო და უფრო უყვარდებათ დროთა განმავლობაში, როცა ხედავენ თუ როგორ იზრდებიან და იცვლებიან მათ თვალწინ. ეს ყველაფერი ხომ უაზრობაა? გგონია ურთიერთობის გარეშე უბრალო ცოდნა რომ შენ ჩემი შვილი ხარ ან მე შენი მამა უცებ უზარმაზარ სიყვარულს დათესავს და ამოხეთქვას ჩვენ შორის? სისულელეა. იქნებ ფინანსური უზრუნველყოფა გჭირდება ჩემგან, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამისთვისაც გვიანია უკვე, რაგდან როგორც ვხედავ მგონი სრულწლოვანი უნდა იყო. და უეცრად წავაწყდი მის ცივ, გახევებულ, თვალებიდან ბოროტ, ჩაბნელებული სულიდან გამომავალ მზერას.

რასაც ვგრძნობდი ეს იყო დიდი იმედგაცრუება და ახლახანს გაჩენილი ზიზღი ამ კაცის მიმართ. უკვე მხოლოდ ზიზღს მგვრიდა იმის გააზრება რომ ეს კაცი მამაჩემი იყო. უკვე ვხვდებოდი რატომ არ უთხრა დედაჩემმა ჩემი დაბადების შესახებ, ალბათ არც მაშინექნებოდა აზრი. არც კი ვიცი ასე რამ გააბოროტა, ან თავიდანვე ასეთი გულქვა იყო თუ არა, მაგრამ ამის გარკვევის სურვილიც არ მქონდა. ახლა გული მხოლოდ ჩემს ილუზიებსა და წარმოდგენებზე მწყდებოდა, როგორ ტკბილად და ლამაზად წარმომედგინა ჩვენი შეხვდრა, როგორ კარგ პიროვნებად აღვიქვამდი მამაჩემს, სრულიად სხვაგვარი იყო მისდამი დაკავშირებული ჩემი წარმოდგენები და სრულიად სხვა რეალობაში აღმოვჩნდი. იქნებ ჯობდა არც კი გამეცნო და დარჩენილიყო ჩემს სანუკვარ ოცნებად, ოცნებად რომლის მიმართაც ყოველთვის სიყვარულით ვიქნებოდი განწყობილი თუ მისი ახდენა და უცებ დიდ სასოწარკვეთასა და იმედგაცრუებაში აღმოჩენა?!   უეცარი დამხობა მთელი შენი მოლოდინებისა და იმედების. არვიცი, მაგრამ ვფიქრობ მაინც ნახვა და გაცნობა სჯობდა, ცოდნა იმისა, რომ რეალურად ის კაცი, რომელზეც ასე მზრუნველად ვფიქრობდი არარაობაა. ვგონებ, მაინც კარგი არჩევანი იყო. ამ დღის შემდეგ აღარ მიყვარს ოცნებები, აღარ ვოცნებობ, გონებაში აღარ ვაგებ კოშკებს. მხოლოდ ვგეგმავ და გეგმის მიხედვით ვმოქმედებ. დამიჯერე ასე უფრო მარტივია, ვიდრე წლების ოცნებებისა და წარმოდგენების უეცარი დამხობა და გაუფერმკრთალება.

-          ერთადერთი რაც ვუთხარი ეს იყო: შენი ამქვეყნად არსებობა შეცდომაა და შესაბამისად ჩემიც. მრცხვენია რომ შენნაირი მამა მყოლია, დღეს უკვე მიხარია რომ არ გიცნობდი და მამობას არ მიწევდი, დარწმუნებული ვარ შენნაირი კაცი მამობას მაინც ვერასდროს გაწევდა. აქამდე თუ შენი გაცნობა ძალიან მწყუროდა, დღეს მიხარია, რომ გაგიცანი და კიდევ უფრო მიხარია ის, რომ ამის შემდეგ აღარასოდეს გნახავ. ის მაინც გავიგე კაცი, რომელიც გულის სიღრმეში ამდენიხნის განმავლობაში მიყვარდა არარაობაა და ჩემთან საუბრის ღირსიც არ არის. ფაქტია, მამობისთვის არ ხარ დაბადებული. ალბათ ისიც იცი შენნაირი ადამიანები როგორ ამთავრებენ სიცოცხლეს. ზიზღნარევი თვალებით გავხედე და წამოვედი. მას შემდეგ აღარასოდეს მინახავს.

 

გაოცებული და სევდიანი ვუსმენდი ჯეიკობს. ჩემდაუნებურად გამახსენდა მამაჩემი და საშინელი ბრაზი მომერია სამყაროზე. ადამიანებს, რომლებსაც ჩვენთან უნდათ, რომლებიც ჩვენზე ზრუნავენ უმოწყალოდ გვართმევს, ხოლო ზოგიერთი უმნიშვნელო ადამიანი უაზროდ ამძიმებს დედამიწას, სრულიად უაზროდ.

 

ღმერთო, მაინც როგორ უფერულდება ყველაფერი. ნანატრი ოცნებებიც კი იწრიტება და ცვდება, განაგრძობდა ჯეიკობი.

ოცნებები, რომლებიც ერთდროს ყველაფერი გგონია, რომლებიც თითქოსდა გვასულდგმულებენ, მაგრამ სინამდვილეში ყველაფრი ილუზირებულია ჩვენს გონებაში, თავდაპირველად ძლიერ ვართ აღფრთოვანებულნი, მაგრამ როგორც კი ვიგრძნობთ, რომ ოცნებას მივუახლოვდით და ის დღეს თუ ხვალ აგვიხდება მაშინვე უფერულდება. უცნაურია არა? როცა წამებში უფერულდება ის, რასაც წლების მანძილზე სიხარულით შენატროდი? ასეა, ყველაფერი კარგავს ფასს ადრე თუ გვიან. ოცნება ადამიანს ძალას მატებს. იბრძვი მისთვის მაშინაც კი თუ ოდნავი, მკრთალი იმედი გაქვს, ხოლო თუ აღმოაჩენ, რომ აუცილებლად აგიხდება და მასთან ძალიან ახლოს ხარ უეცრად იკარგება ის ენთუზიაზმი, რომელიც თავდაპირველად გამოძრავებდა. მაინც რა არის უმჯობესი? მხოლოდ და მხოლოდ შევყურებდეთ ოცნებას იმედიანად და მისი ახდენის პოტენციური სიტკბოება გვანიჭებდეს სიამოვნებას თუ მივაღწიოთ მას და მთელი ის აღმაფრენა წამებში ჩაიფერფლოს? მგონია რომ მნიშვნელობა არ აქვს როგორი შედეგი ექნება შენი ოცნების ახდენას, რაღაც დოზით ის მაინც კარგავს იმ სიძლიერეს და აღმაფრენას, რასაც მისგან მოელოდი.

-  გაოგნებული ვიჯექი ჯეიკობის წინაშე. ამის შესახებ აქამდე არაფერი უთქვამს, მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი. ყოველთვის იბადებიან ცუდი ადამიანები, რომლებიც მამობის კი არა - არსებობის ღირსიც არ არიან. მაინც კარგია რომ გაიგე მისი ნამდვილი სახე, მის გამო დარდი კი არ ღირს, ახლა კი ბოდიში შენი ცხოვრების ცუდი მოგონების გახსენებისთვის.

-          არა, არა, რას ამბობ. უნდა გცოდნოდა. ადრე თუ გვიან მაინც უნდა მესაუბრა ამის შესახებ ასე რომ...

-          ჯეიკობს გადავეხვიე და ვფიქრობდი თუ როგორ შეიძლება ასეთი კარგი იყოს მსგავსი უგულო ადამიანის შვილი-მეთქი. დღეს კიდევ უფრო მეამაყებოდა, რომ ეს ადამიანი ჩემი დიდი სიყვარული იყო.

 

 

*******

 

დილით ჯეიკობის ზარი მაღვიძებს, რომელსაც დაჟინებით აქვს რაჭაში დღესვე წასვლა გადაწყვეტილი, აღარც კი ვეკამათები, პირდაპირ მომზადებას ვიწყებ. ერთ საათში ისიც ჩემს სადარბაზოსთან არის. მეც ჩემი უზარმაზარი ჩემოდნით ქვემოთ ჩავდივარ. რაჭა ჩვენთვის სასიამოვნო მოგონებად არის ქცეული, ადგილი რომელმაც სრულიად მოულოდნენლად შეგვახვედრა ერთმანეთს.

-          ნეტავ ვერონიკას როგორი რეაქცია ექნება, როდესაც ჩვენი ერთად ყოფნის შესახებ გაიგებს. ვფიქრობ ძალიან გაუხარდება

-          ჰო, დარწმუნებული ვარ აღფრთოვანებული დარჩება ამ ამბით.

-          იცოდე დღესვე მოვინახულოთ

-          ფილოსოფიური ლაპარაკი მოგენატრა? სიცილით მეუბნება ის

-          არა, შენთან ერთად მაინც არ ვაპირებ.

 

 

რაჭას ვუახლოვდებით და სიცივის დონეც აშკარად მატულობს. უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს ხედი, რომელიც ჩემს თვალწინ იშლება, გვერდს კი ჩემი უსაყვარლესი ადამიანი მიმშვენებს. საოცარია მწვანესა და თეთრი ფერის კომბინაცია, თუ როგორ გადათეთრებულა მაღლად აზრდილი, ამაყად მდგომი ნაძვები თეთრად, თითქოს ჭაღარა შერევიათ, მაგრამ ისინი მაინც გაუტეხავად, ძლიერად დგანან და არ უშინდებიან ჭაღარის სიმრავლეს. ცოტახანში კარლა ბრუნის სიმღერა ირთვება, “You belong to me”, რაც მოგონებებში ღრმად გვაბრუნებს. რაჭისა და ჩვენი პირველი შეხვედრის მოგონებებში.

ჯეიკობის აზრით თავიდან დამფრთხალ ჩიტს ვგავდი, რომელიც მონდომებით ცდილობდა თავი მშვიდად ეგრძნო.

უეცრად თოვლში გადაშვებისა და გუნდავის სურვილი მიჩნდება, მანქანას გზის განაპირას ვაჩერებ და ჯეიკობი თითქმის ძალდატანებით გადამყავს მანქანიდან. ჩვენი გუნდაობა ლამის ორთაბრძოლაში გადაიზარდა, ამიტომ ხელებ გაყინული ისევ მანქანაში დაბრუნებას ვამჯობინებთ. აშკარად მომწონს რაჭაში წასვლის დასაწყისი, ვეუბნები ღიმილით და შუბლზე ტკბილად ვკოცნი.

 

 

 

******

ჩვენს კოტეჯში შევდივართ, საოცრად ცივა, ისეთი შეგრძნება მაქვს რომ სხეულის ყველა ნაწილი სათითაოდ დამცვივდება. ჯეიკობი ბუხრის დანთებას იწყებს, მომწონს იმის ყურება თუ როგორ ფუსფუსებს. როგორი მზრუნველობა და სიყვარული იგრძნობა მის თითოეულ ქმედებაში. გულსმითბობს ის აზრი, რომ მისი ესოდენ ფუსფუსი და მზრუნველობა ჩემთვის არის განკუთვნილი. ცოტაოდენი „გალღობის“შემდეგ სენდვიჩებს შევექეცით, ჩემთვის საყვარელი კრუასანები და ყავაც დავაგემოვნეთ და ვერონიკას სახლისკენ გავეშურეთ.

სახლი ჩაბნელებულიყო, კარგახანს ვიძახეთ, თუმცა უშედეგოდ. ვიფიქრეთ ძინავსთქო. ის ის იყო უნდა გამოვბრუნებულიყავით, როდესაც იქვე ერთმა ხნიერმა ქალმა ჩაიარა.

- ვის ეძებთ ახალგაზრდებო? გვკითხა მან

- ვერონიკას, მისი ნახვა გვინდა, მივმართე მე

- აჰ, საწყალი ვერონიკა, რა კარგი ქალი იყო, ის კარგა ხანია გარდაიცვალა, რამდენიმე დღის გარდაცვლილი იყო, როდესაც იპოვეს.

- ღმერთო, რა დასანანია აღმომხდა სიმწრით. მაინც როდის მოხდა ეს?

- ზაფხულის მიწურულს, ზუსტად აღარ მახსოვს.

- კარგი მადლობა, ვეუბნები მისუსტებული ხმით და ჯეიკობს ძლიერად ვეკვრი, ვცდილობ ყელში მობჯენილი ცრემლების შეკავებას, თუმცა არ გამომდის. ცრემლები ლამის ბღავილში გადამდის, გული მტკივა იმის გააზრებაზე, რომ ასე მარტოსულად ასე ეულად გარდაიცვალა ესოდენ ძვირფასი და საყვარელი ადამიანი. ვფიქრობ, არავინ იმსახურებს მარტო სიკვდილს ასეთ მიუვალ ადგილას. მახსენდება მისი ნათქვამი თითოეული სიტყვა „ რთულია სიბერე, სიბერეში აუცილებლად გინდა ადამიანი, რომელიც გამოგელაპარაკე მაინც“, ამის გახსენებაზე კიდევ უფრო მერევა სიბრაზე ცხოვრებაზე, ცხოვრების უსამართლობაზე. ღმერთმა იცის იმ დროს როგორ ნატრობდა ვინმეს, ერთ ადამიანს მაინც, რომელიც ერთ ჭიქა წყალს მიაწოდებდა, ანუგეშებდა და მშვიდად გააცილებდა იმ ქვეყნად. ვფიქრობ, სიკვდილის ყველა ადამიანს ეშინია, ამ დროს განსაკუთრებით გჭირდება ვინმე, ვისაც ხელს მაინც ჩაჭიდებ და დაელოდები აღსასრულის დღეს. ღმერთო, როგორ მტკივა, სული ამეწვა. თითქოს საკუთარ თავსაც ვადანაშაულებდი მის სიკვდილში, თანაც აღმოჩნდა, რომ ჩემთან საუბრის შემდეგ მალევე გარდაიცვალა. იქნებ სწორედ ჩემს მიერ გახსენებულმა ტკივილებმა იმოქმედა მასზე ძალიან, იქნებ სწორედ ძველი ჭრილობების, ძველი დარდის გახსენებამ მოუსწრაფა სიცოცხლე, იქნებ ზედმეტად ააღელვა ამ ყოველივემ.

სინანული, თავის დანაშაულება, საფუძვლიანი თუ უსაფუძვლო... ისევ პასუხგაუცემელი კითხვები.... კითხვები, რომლებიც გულს ღრმად ღრღნიან, მაგრამ არაფრის შეცვლა ძალგიძს...

 

 

 

*****

საყვარელი ადამიანის დაკარგვა სხეულის ნაწილის მოგლეჯას გავს, რომლის საჭიროებას ყოველთვის იგრძნობ, ყოველთვის იგრძნობ თუ როგორ გაკლია, როგორ გტკივა უიმისოდ და როგორ გჭირდება. ვერონიკას დაკარგვამ მთელი სიმძაფრით გამახსენა ყველა საყვარელი ადამიანი ვინც კი დამიკარგავს, სამწუხაროდ არც თუ ისე ცოტა იყო მათი რიცხვი ჩემი ასაკისთვის. ყველაფერი იმდენად ცხადად გამახსენდა, განსაკუთრებით ბებოს გარდაცვალების დღე, როდესაც მისი სახით კიდევ ერთხელ დავკარგე მშობლები, ოჯახი, მეგობარი, ნუგეში, იმედი და ყველაფერი.

 

საყვარელი ადამიანისგან განშორება აღუწერელი ტრავმაა, აღუწერელი ტკივილი და ემოცია, სხუელიდან გულის ამოგლეჯას გავს. გრძნობ, რომ გტკივა და ვერაფერს შველი, საერთოდ ვერაფერს. გგონია, რომ ვიღაც შენს სხეულს გამუდმებით ფლეთს, არა გარედან, არამედ შიგნიდან. შიგნიდან გამუდმებით გკაწრავს, გჩხვლეტს და გფლითავს, რომელიც ღამითაც კი არ გაძლევს მშვიდად ძილის საშუალებას. ეს უკანასკნელი ფიზიკურ ტრავმებზე უფრო ძლიერი და ბასრია. გაოგნებული ზიხარ და ფიქრობ რომ ამ ადამიანს მეორედ ვეღარასდროს ნახავ აქ, ამ სამყაროში, და სამწუხაროდ ზუსტად ისიც კი არ იცი ოდესმე მაინც ნახავ თუ არა, სადღაც იქ, ჩვენთვის უცნობ ადგილზე. ფიქრობ, რომ ვეღარასდროს გაგიღიმებს, ვეღარასდროს გექნება მასთან ტკბილი საუბრები, ვეღარასდროს შეძლებ მასთან ჩახუტებას, სიცილს. რთულია შეეგუო რეალობას, როცა იცი, რომ ძველებურად ვეღარაფერი იქნება. შემდეგ ბუნდოვნად გახსოვს:

ხალხმრავლობა, არეულობა

სიჭარბე სიშავისა

ცრემლი, ფერკმრთალი სახეები

დაუნდობელი ბუნება

გულგრილი მეზობლის მზერა

ყელში გაჩხერილი სევდა, სინანული, ამოუგლეჯავი ბურთი, რომელსაც ვერ იშორებ

დამალული ცრემლები

ვიღაცის გულამოსკვნილი ტირილი

იქ ვიღაც კი, სრულიად სხვა რამეზე ტირის, ცხოვრებაზე გაბრაზებული „ბარემ“ იცლება ბრაზისგან

ხალხის გამუდმებული მოძრაობა, წრეების შემოვლა,

ყვავილები, ჰო ძალიან ბევრი ყვავილები,

სანთლების ბრჭყვიალება..

თითქოს დრო ჩერდება და ეს ყველაფერი დიდხანს გრძელდება, უეცრად კი შემოდის რამდენიმე კაცი, ჯერ ყვავილები გააქვთ შემდეგ კი ხვდები რომ შენთვის საყვარელ ადამიანს უკანასკნელად ხედავ. ისღა დაგრჩენია, რომ ბოლოჯერ შეეხო მის ცივ, ყინულივით ცივ ხელებს, სახეს და მის თითოეულ ნაკვთს. უცქერ ისე რომ გინდა მთელი ცხოვრება კარგად დაგამახსოვრდეს, ეხები ხარბად, რადგან იცი რომ ბოლოჯერ ეხები. იცი რომ უნდა წაიღონ და ცივ მიწას მიაბარონ, კიდევ უფრო ცუდად ხდები როცა იცი რომ რამდენიმე იარდის ქვეშ უნდა ამოდონ, ისე თითქოს არც უარსებია. შემდეგ კიდევ უფრო საზარელი ფიქრების შემოტევა იწყება -ნეტავ რამდენ ხანს იქნება სხეული დაცული იქ, იმ სამარეში, რამდენ ხანში იქცევა ჩონჩხად? ნეტავ შორიდან თუ გიცქერს, თუ გრძნობს რამდენად გენატრება და გტკივა? და ასე იწყება, იწყება და დაუსრულებლად გრძელდება პერიოდული ფიქრი ჩვენთვის საყვარელ ადამიანებზე, რომლებიც გვაკლია და ყოველთვის ვიგრძნობთ მათი დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს.

ოჯახის წევრის დაკარგვა სწორედაც რომ სხეულის რომელიმე ნაწილის მოკვეთას ჰგავს, რომლის შეხორცება, შევსება ან ჩანაცვლება შეუძლებელია ან ოდნავ შეხორცებასა და შემსუბუქებას ათობით წელი ჭირდება, უამრავი დრო, რომელიც მხოლოდ ოდნავ შევსებასა და შეფერვას დაემსგავსება. ამას ჩვენთან მიჩვევას უწოდებენ, მიჩვევას როცა უკვე ახერხებ და რეალობას თვალს უსწორებ ისე რომ ჭრილობა აღარ გეწვის მთელი სიმძაფრით, დრომ თითქოს ცოტათი განკურნა, ცოტათი შეამსუბუქა და ამოლუქა ღრმა ჭრილობა.

შემდეგ ყოველ ღამე თვალ წინ გიდგას ის, ყოველ ღამე ძილის წინ ბევრს ფიქრობ მასზე იმ იმედით რომ იქნებ დაგესიზმროს და ცოტათი, უმნიშვნელოდ მაინც დაიკმაყოფილო მონატრება, გაიხსენო მისი სახე, იგრძნო ძველებური სითბო, მაგრამ ესეც ამაოა. დილით იმედგაცრუებული იღვიძებ რადგან სიზმარშიც კი ვეღარ ხედავ და ასე მეორდება დიდხანს. მანამ, სანამ დრო თავისას არ იზამს და გაჯიუტებული მაინც არ შეგაჩვევს მწარე რეალობას.

******

მთელი საღამო ხმა არ ამომიღია, სულ მასზე ფიქრი დამტრიალებდა თავს. ჯეიკობი კი უშედეგოდ ცდილობდა ჩემს ოდნავ მაინც გამხიარულებას. მხოლოდ მას ვეკვროდი და ჩუმად ვიჯექი, ფანჯრიდან გავყურებდი ჰორიზონტს, სადღაც უსასრულობაში ვიყავი გაჭრილი. ფიქრებსა და შინაგან სინანულს კი თავს ვერ ვაღწევდი.

 

 

*****

ყოველთვის ასე რატომ ხდება, როდესაც ბედნიერებას ყველაზე მეტად შეიგრძნობ სწორედ მაშინ გტკენს გულს რაღაც, ძალიან მწარედ ისე რომ ყველაფერს ჩაწყვეტს შენში. ჯერ კიდევ გუშინ როგორი ბედნიერები მოვდიოდით, გული როგორი სიხარულით მოგვიწევდა წინ, მოუთმენლად ველოდებოდი ვერონიკასთან შეხვედრას და მისი თბილი გამომეტყველების შემოგებებას, მის რეაქციას, როდესაც ჩვენ ერთად გვიხილავდა. გზად ისიც კი დავგეგმეთ რომ ჩვენთან ერთად წამოსულიყო და ჩემთან ეცხოვრა, მაგრამ ფაქტია ძალიან დავიგვიანეთ. მაინც როგორი მწარე შეგრძნებაა, როდესაც იცი რომ ვეღარაფერს შეცვლი, ვეღარაფერს გახდები და გინდა თუ არა გიწევს შეეგუო მწარე რეალობას, ცხოვრების სიმწარეს. არვიცი რამდენი ხანი დამჭირდება ამ შეგრძნების გასანეიტრალებლად და შესამსუბუქებლად, მაგრამ ფაქტია, რომ ტკივილი ღრმად გამიჯდა მთელ სხეულში ამ ყოველივეს კი თან დაერთო უამინდობა, გადაუღებელი წვიმა და დანისნული არემარე. მე და ჯეიკობი ხმა ამოუღებლივ ვისხედით გვერდიგვერდ თითქმის მთელი დღე და თითქოს ორივეს გვეშინოდა ცხოვრების იმ წინაღობისა, რომელსაც ვერასდროს ვერ შეეწინააღმდეგები, რომელიც ყოველთვის დაგამარცხებს და მოგიწევს სადღაც უსასრულობაში გადაგისროლოს ისევე, როგორც ვერონიკას და ყველა სხვა ადამიანის შემთხვევაში ხდება. ვუყურებდი ბუხარში მოგიზგიზე ცეცხლს, თუ როგორ ბობოქრობდა თავდაპირველად - მკვეთრად, ძლიერად და შემდეგ როგორ ნელდებოდა, სუსტდებოდა და თანდათნობით იფერფლებოდა, სწორედ ისე როგორც ადამიანების ცხოვრებაში ხდება. ჯერ ძლიერდები, გაქვს აღმავლობის პერიოდი, შემდეგ დროთა განმავლობაში და ასაკის მატებასთან ერთად სუსტდები, შენი ენთუზიაზმი, ენერგია, გამბედაობა, სიძლირე რეგრესს განიცდის და საბოლოოდ ზუსტად ისე იფერფლები როგორც ეს კონკრეტული ხის მორები. იფერფლები, ჰო სწორედ ასე, სწორედ ასე უიმედოდ, ისე, რომ არაფრის შეცვლა ძალგიძს. ეს სწორედ ის შემთხვევაა სადაც არ არსებობს ოპტიმალური გამოსავალი, ალტერნატიული გზა. ეს სწორედ ის შემთხვევაა, სადაც ცხოვრება საბოლოოდ გარწმუნებს რომ მან გაიმარჯვა. ამ ყოველივეს გააზრებაზე სხეულში კიდევ უფრო იბუდებდა გაურკვეველი შიშისა და ადამიანური სისუსტის შეგრძნება.

არც კი ვიცი რა დროს მომერია ძილი, როდესაც გავიღვიძე თავს შედარებით უკეთ ვგრძნობდი. იქვე მოფუსფუსე ჯეიკობი დავინახე, რომელსაც ვახშამი გაემზადებინა. ლარნაკს ლამაზი ყვავილები აფერადებდაა, რომლებიც საოცარ სურნელებას აფრქვევდა. ორი ბოთლი შამპანიურიც ამშვენებდა სუფრას და ბუხრის თავზე შემოდგმული სასანთლეები. უეცარი და უცნაური ბედნიერების შეგრძნებით წამოვდექი, ძლიერად ჩავეხუტე და მაშინ პირველად ჩავჩურჩულე სიტყვა - მიყვარხარ, მაშინ როდესაც სულ სხვაგვარად, სხვა დროს და სხვა გარემოში მინდოდა მეთქვა, რაღაც სიმბოლურად, მაგრამ თავი ვეღარ შევიკავე და ამ სიტყვებმა ჩემგან დაუკითხავად ამოხეთქა ბაგეებზე. აქამდე კი თითქოს მიჭირდა მისი წარმოთქმა, თითქოს მაშინებდა, ძალიან ფაქიზად ვექცეოდი ამ სიტყვის თითოეულ ბგერასა და მის დიად მნიშვნელობას.

-          ჯეიკობს გაეღიმა, ეგ დიდი ხანია ვიცი, მალევე მიხვდი, არ არის საჭირო სიტყვების დახარჯვა.

შემდეგ ვახშამს მივუსხედით, ვტკბებოდი მისი ცქერით, მისი მომზადებული კერძით და მივხვდი, რომ ცხოვრების აზრი სწორედ ეს იყო, ნამდვილი სიყვარული, დატკბე ამ გრძნობით მანამ, სანამ ისე ჩაიფერფლები, როგორც ზემოთ ხსენებული ხის მორები. ალბათ სწოედ ჯეიკობი იყო ის, ვისაც შეეძლო ასეთ დროს ჩემი განწყობის გამოკეთება.

ჩიფსებს გემრიელად შევექცეოდი, როდესაც ჯეიკობი მეუბნება მგონი დროა ერთად გადავიდეთ საცხოვრებლად, მოულოდნელობისგან ხველა მივარდება და პანიკური შეტევის მსგავსი მივითარდება, რომელიც გამოწვეულია დიდი სიხარულისა და ცოტაოდენი თანაცხოვრების შიშისაგან.

 

 

*******

 

დილით ადრიანად წამოვდექით. წასვლამდე ვერონიკას საფლავი ვინახულეთ. საფლავიც კი მარტო, ყველასაგან განცალკევებულად იმყოფებოდა. დამაინც როგორი მძიმეა იმის წარმოდგენა, რომ მის ქვემოთ შენთვის საყვარელი ადამიანია. აცრემლებული თვალებით გავყურებ ზამთრის ცივ, ნისლიან ამინდში თოვლით გადათეთრებულ, ეულად მყოფ საფლავს და ვფიქრობ თუ რა მარტივად შეიძლება შეგვაყვაროს ადამიანმა თავი, რა მარტივად შეიძლება გახდეს ჩვენი ოჯახის წევრი და დაიკავოს უდიდესი ადგილი ჩვენს გულში. სწორედ ეს შეძლო ვერონიკამ, ერთი ნახვით ღრმად ჩამინერგა მისადმი სიყვარული და უამრავი ცხოვრებისეული სიბრძნე გამანდო.

ნუ იარსებებ - იცხოვრე, ნუ იორჭოფებ - იმოქმედე, ნუ ჩაუღრმავდები - გააკეთე. გონებაში დამტრიალებდა მისი სიტყვები, ეს იყო ადამიანი, რომელიც გულნატკენი წავიდა ამ სამყაროდან, რადგან არ იცხოვრა იმ ცხოვრებით, რომლითაც ის წარმატებული გახდებოდა და მართლაც ბობოქრულ, მჩქეფარე ცხოვრებას გაივლიდა. ვფიქრობ, ამიტომაც არ იშურებდა რჩევა დარიგებებს, რათა სხვებსაც არ დაეშვათ იგივე შეცდომები.

ყვავილებს საფლავზე ვაწყობ და თავჩაქინდრული მოვუყვები გზას...

 

 

********

 

თბილისს ვუბრუნდებით, სახლში წასვლა მეორე დღესვე გადავწყვიტეთ, რადგან ის განწყობა როგორი განწყობითაც წამოვედით მაშინვე გაგვიქრა და უკვე ორივემ ვიცოდით, რომ იქ რაღაცნაირ უჩვეულო სევდას თავს ვერ დავაღწევდით.

წამოსვლამდეიქვე ბუნებაში გავისეირნეთ, მინდოდა ცოტათი მაინც დავმტკბარიყავი ხედით, ღრმად ჩამესუნთქა სუფთა ჰაერი და გამენეიტრალებინა ის დარდი, რომელიც ასე ძლიერ შემომწოლოდა. შემდეგ კი ჩვენთვის ნაცნობ გზას დავადექით.

კარგა ხანს მდუმარედ მივუყვებოდით გზას, სანამ მოულოდნელად ჩემმა ემოციებმა და არა ერთმა კითხვამ არ ამოხეთქა და ლაპარაკი დავიწყე.

-          რატომ ხდება, რომ ურთიერთობის დასაწყისში ყველა წყვილის სურვილია, "არასოდეს დაემსგავსოს სხვა ბანალურ წყვილებს" მაგრამ საბოლოოდ იმედგაცრუებულნი აღმოაჩენენ, რომ ჰო ისინიც მათ დაემსგავსნენ - სხვებს. ისეთივე უმოქმედონი, ჩვეულებრივნი გახდნენ. მოსაწყენ ყოველდღიურობაში გადაეშვნენ, დაავიწყდათ სიუპრიზები, სისულელეები და ის მარტივი ენთუზიაზმი, რომელიც ურთიერთობას მუდმივად ალამაზებს. ჰო, ადრე თუ გვიან ყველა მოსაწყენ წყვილებად გარდაიქმნება, ოღონდ განსხვავება დროის ხანგრძლივობაშია. ზოგი ერთად ცხოვრებიდან ერთ თვეში, ორ წელში ან ხუთ წელში, ზოგი კი შვიდ წელსაც ისეთივე მხიარულები და ბუნებრივები არიან, მაგრამ შემდეგ სადღაც მაინც იცრიცებიან. თითქოს დაიწრიტნენ ყველა იმ ემოციისგან, რაც მანამ ამოძრავებდათ, თითქოს ამოწურეს საკუთარი მარაგი. ჰო, როგორი სამწუხაროა არა? ალბათ შემდეგ ის უფრო სამწუხარო იქნება როცა გაანალიზებ, რომ მოწყენილობის, მონოტონურობისა და ერთფეროვნების უფსკრულში ღრმად გადაიჩეხე და ამოსვლა ძალიან გაგიჭირდება. როცა გაანალიზებ, რომ შენი იმედი "სხვა წყვილებს არ დამსგავსევოდი" ვერ შესრულებული აღმოჩნდა. ამის შემდეგ ცხოვრებაზე კიდევ უფრო დაგახრჩობს ბრაზი, დარწმუნდები, რომ ცხოვრებაში ხანგრძლივი არაფერია და ერთ დიდ იმედგაცრუებაში გადაეშვები. შემდეგ დაიწყება მოსაწყენი დღეები. უმიზნო გამოხედვა, დაგავიწყდება ყოველ წუთიერი კოცნის გემო, ხშირი ჩახუტებისას სხეულში სასიამოვნოდ ჩაღვრილი სითბო, სულიდან წამოსული წრფელი სიცილის გემო, სიცილი ხშირად, მარტივ და უაზრო საგნებზე. უეცარი გასვლები ღამით, ექსპრონტი გასეირნებები და თავგადასავლები. სიცილი, ისევ გულწრფელი ღიმილი, ჩახუტება, ალერსიანი გამოხედვა, მუდმივი ზრუნვა, ყავის არომატი საძინებელში, ამ ყველაფრიდან არაფერში გადადიხარ. ალბათ უფრო ცუდი და გულსატკენია, როდესაც იგივე ადამიანი შენს გვერდითაა, როდესაც ადრე ერთად უამრავ რამეს აკეთებდით, შემდეგ კი ყველაფერი უეცრად იცვლება. იცვლება დამოკიდებულებები, ქცევები, განწყობა, როდესაც ხედავ როგორ ქრება თანდათან სურვილი ალბათ ეს უფრო გულსატკენია. ცვლილებებით გამოწვეული პიროვნების დაკარგვა. როცა გრძნობ, რომ რაღაც სხეულის ნაწილი მოგწყდა ან თანდათან გწყდება და შენ ვერაფერს აკეთებ - ცარიელდები. როდესაც ის შენს სულ ვეღარ ეხება. დაკარგე დიდი სულიერი მეგობარი, შეყვარებული და კიდევ უამრავი სტატუსის მქონე ადამიანი. ფიტულად ქცეული პიროვნების გვერდით ყოლას კი ალბათ ისევ მარტოობა სჯობს. ასე მუდამ გაგახსენდება წლების წინამდელი თქვენი თავი და ყოველთვის დაგტანჯავს მიღებული რეალობა. ალბათ წასვლა სჯობს, როდესაც ადამიანები საერთოდ მიდიან გიტოვებენ სასიამოვნო „მემორის“ და ქრებიან, ყოველ წამს მაინც არ გახსენებენ თავს „ადრე ისეთი კარგები ვიყავით უკვე კი ყველაფერს ვადა გაუვიდა და გავვუცხოვდითო“...

 

ჰო, ვფიქრობ, რომ როდესაც შეხვდები შენ საყვარელ ადამიანს და დარწმუნდები, რომ ზუსტად ის იპოვე ვინც შენ გჭირდებოდა აღარ ღირს დროის კარგვა, მიეცი საკუთარ თავს ბედნიერების უფლება, ცხოვრება ხომ ისედაც ხამოკლეა, წარმოუდგენელი სისწრაფით მიქრის დრო ჩვენს ირგვლივ, ბედნიერი დღეები კი განსაკუთრებით, ამიტომ ვფიქრობ აღარ ღირს დროის დაკარგვა, მაგრამ ყოველთვის უნდა ეცადო, რომ ურთირთობას გახუნების უფლება არ მისცე!

ორი ადამიანის ურთიერთობა შედგება უპირველეს ყოვლისა, სურვილისა და თავისთავადი საჭიროებისაგან.

 

 

******

 

ქვეყნად თუ რამე ღირებული იქმნება ყველაფერს გულიდან წამოსული, ჭეშმარიტი გრძნობები ჰბადებენ და ქმნიან.  ღირებულება? არაფერია ღირებული თუ ის ცივი და უსიტყვოა. ღირებულია სწორედ ის რაც უმალ ემოციას აღძრავს შენში, მნიშვნელობა არ აქვს ეს ემოცია დადებითია თუ უარყოფითი, მთავარია ემოციის გამოწვევა, ხოლო, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს განსხვავებული ექნება ის, ვინაიდან ყველანი განსხვავებულები ვართ.

ჰო, დღეს დავდივარ ქუჩებში, ქუჩებში, სადაც არასდროს ვყოფილვარ, ვსუნთქავ ჰაერს, რომელიც ჯერ არასდროს ჩამისუნთქავს, ვეხები იმ ისტორიის ნაწილს, რომელსაც ჯერ არ შევხებივარ და ვფიქრობ, თუ რაოდენ დიდებულია სამყარო თავისი ქმნილებებით, თავისი ორიგინალურობით, იმ უდიდესი შემოქმედებით რაც დღეს გვასულდგმულებს, რომლითაც თითოეული ქვეყანა ამაყად იწონებს თავს. ვდგევარ პარიზის ღვთისმშობლის ტაძართან და ვცდილობ წარმოვიდგინო თუ როგორი განცდებით წერდა ვიქტორ ჰიუგო თავის შედევრს, როგორ ქმნიდა კვაზიმოდოსა და ესმერალდას პორტრეტს და ამით აცოცხლებდა მის ირგვლივ არსებულ საზოგადოებას, ეიფელის კოშკთან მდგარი ვფიქრობდი თუ როგორი საოცნებო შენობაა. შენობა, რომელიც აგებიდან მხოლოდ ოცი წლით იყო განსაზღვრული და რომელზეც ერთ დროს ბევრი ფიქრობდა, რომ ქალაქის იერ სახეს აუშნოებდა, დავდივარ ქუჩებში და ვცდლობ წარმოვიდგინო მეცხრამეტე საუკუნის პარიზი, ეტლით მოსიარულე, დიდ კაბებში გამოწყობილი ქალები, რომლებსაც თავი ამაყად უჭირავთ. ვცდილობ წარმოვიდგინო ქუჩები, სადაც ბალზაკი, ჰიუგო, ბოდლერი, ემილ ზოლა, ალბერტ კამიუ, დიუმა, ჟიულ ვერნი და სხვა დიდებული ადამიანები დააბიჯებდნენ სხვადასხვა დროს...

დიახ, სწორად გამოიცანით, საფრანგეთიდან გწერთ. დიდი ხანია ჩემი განცდები აღარ აღმიბეჭდავს, აღარც ჩემი სიახლეები გამიზიარებია თქვენთვის და ახლა გაცხოველებული სურვილით ვწერ, ვწერ ემოციებით დატვირთული და უსაზღვროდ ბედნიერი, იმდენად ბედნიერი, რომ ფურცელზეც კი ვერ აღვწერ, ან შეიძლება ვერც კი დავატიო ჩემი სათქმელი. ვზივარ ფანჯარასთან, საიდანაც გავყურებ ეიფელის კოშკს, ხოლო ჩემს უკან ტკბილად მძინარე ჯეიკობს და საოცრად ვტკბები ამ გარემოებაში მყოფი... მინდა დრო გაჩერდეს და უსასრულო გახდეს, თუმცა ვიცი, რომ ეს ამაო სურვილია.

მოდი თავიდან დავიწყებ, - ჩემი და ჯეიკობის გზაში საუბარმა კიდევ ერთხელ მიმახვედრა, რომ მზად ვიყავი მასთან ერთად მეცხოვდა, მზად ვიყავი დამემსხვრია მითები, რომ ურთიერთობებს ვადა გასდის და სადღაც მაინც იცრიცება. თანახმა ვიყავი, მებრძოლა იმისთვის, რომ ჩვენი ურთიერთობა არ დამსგავსებოდა მილიონობით ადამიანის ურთიერთობას. იმის ღრმა სურვილით დავმტკბარიყავი მასთან ერთად დავთანხმდი ცოლობაზე და დღეს უკვე „ცოლ-ქმარი“ ვართ. ღმერთო, ჯერ კიდევ, იმდენად მეუცხოვება ეს სიტყვები, რომ დაწერის დროს ხელი ამიკანკალდა, შემდეგ წავშალე, ვიფიქრე სხვა სიტყვებით ჩამენაცვლებინა, მაგრამ ბოლოს ისევ ეს სიტყვები ვარჩიე და დავტოვე, რაც მთავარია ჩვენ ისევ „შეყვარებული“ ცოლ-ქმარი ვართ... მოკლედ თბილისში ჩავედით თუ არა ჯეიკობთან გადავბარგდი, ორი დღის შემდეგ კი ჯეიკობი ბილეთებით დაბრუნდა სახლში და ასე ამოვყავით თავი საზღვარგარეთ. ეს ჩვენი პირველი მოგზაურობაა საქართველოს ფარგლებს გარეთ, რომელიც შესანიშნავად დაიწყო, მე კი გრძნობა არეული კიდევ უფრო არეულად გესაუბრებით, ერთი თემიდან მეორეზე ულოგიკოდ ვხტები და მაინც კი ვერ ვახერხებ ჩემი გრძნობების გამოხატვას, თუმცა იყოს - ხშირად გამიგია გრძნობები უნდა დამალოო და დაე დამალული იყოს, ისედაც ვერ გადმოცემული, უცნაურად ბედნიერი გრძნობები...

 

 

*******

საფრანგეთიდან გერმანიაში წასვლა გადავწყვიტეთ ნიტას ნახვის დიდი მოლოდინით. მგონი ჩემი გული ამდენ ემოციებს ვეღარ გაუძლებს. პატარა ბავშვივით ვცანცარებ და მიხარია, ლამის წამებს ვითვლი, როდის დავინახავ ნიტას და გადავეხვევი, ჯეიკობი კი ჩემს არაადეკვატურობასა და ზეემოციურ მდგომარეობას ცოტათი არაჯანსაღად აფასებს და დამცინის. აი ნიტაც ჩანს და მისკენ გავრბივარ, ბოლოს ასეთი ბედნიერი როდის ვიყავი აღარც კი ვიცი, როცა ჩემი ორი უმნიშვნელოვანესი ადამიანი გვერდით მყავს. საბედნიეროდ, ისევ ძველებური ნიტა დამხვდა, უკვე კარგადაა, თავს კარგად გრძნობს, მოსწონს ის გარემო სადაც ამჟამადაა, მთავარი კი სწორედ ესაა, შეიქმნა საკუთარი კომფორტი, სადაც არ უნდა აღმოჩნდე.

ჯეიკობმა და ნიტამ უცებ გამონახეს საერთო ენა, რასაც ნამდვილად მოველოდი.

მთელი ორი დღე აქეთ-იქეთ სიარულსა და საუბარში გავატარეთ.

ბედნიერი ვბრუნდები, არა უფრო სწორად უბედნიერესი

ცოტათი სევდიანი მხოლოდ იმის გამო, რომ ვიცი საუკეთესო მეგობარს კიდევ კარგა ხანს ვეღარ ვნახავ...

 

 

 

******

და მაინც არაფერი შეედრება საყვარელ ადამიანთან ერთად ცხოვრებას, ერთად ფუსფუსსა და ყოველდღიური წუთების გაფერადებას.

მე და ჯეიკობი ჩვეულ ცხოვრების რიტმს დავუბრუნდით. დილაობით ორივე სამსხურში მივდივართ, კვირაში სამჯერ ჩვენთვის „საყვარელ“ და ერთ დროს „რომანტიულ ადგილს“ - სპორტდარბაზს ვსტუმრობთ, ვიქენდებზეკი გამუდმებით სადღაც დავხეტიალებთ, ზოგჯერ შუა კვირაშიც ჯეიკობი კინოს ბილეთებით, კონცერტის, ფესტივალების, სასტუმროს ჯავშნებითა და მოულოდნელი იდეებით ბრუნდება, მეც, რაღა თქმა უნდა, ყოველთვის მხარს ვუბამ, არც თუ იშვიათად თავად ვარ იდეების წამომწყებიც. მოკლედ, რომ ვთქვა ჩვენი იდეალური პატარა სამყარო შევქმენით, სადაც საღამოობით სრული განტვირთვა გვაქვს და გარესამყაროს მოსაწყენი, რუტინული პლანეტიდან, ფერად, მშვიდ, მხიარულ, სასიამოვნო პლანეტაზე გადმოვდივართ და ასე მეორდება ყოველ დღე. მას ჩვენი პლანეტა ვუწოდეთ და სახელიც კი შევურჩიეთ - ბილუ ეს ის პლანეტაა, რომელიც ყველაზე მეტად გვაბედნიერებს. ყველას ვუსურვებდი მსგავსი, საკუთარი პლანეტის შექმნას, ისეთივე ფერადსა და ხასხასას, როგორიც ჩვენი პლანეტაა. კამათითაც ხშირად ვკამათობთ, ვფიქრობ, ეს ნორმალურია ყველა ჯანსაღ ურთიერთობაში, მხოლოდ მაშინ როცა კამათი და გაბრაზება სულ რაღაც ათი წუთი გრძელდება.

ბილუს თავისი ყეფით კიდევ უფრო აცოცხლებს ჩვენი პატარა მეგობარი პიპე, რომელიც დაბადების დღეზე მაჩუქა ჯეიკობმა. მას შემდეგ კი პიპე ჩვენი განუყრელი მეგობარია.

 

 

 

******

ვფიქრობდი თუ რა შეიძლება ეწყინოს ადამიანს საყვარელი ადამიანისგან და შემდეგ საპირისპირო კითხვა დამებადა - რა შეიძლება არ ეწყინოს ადამიანს თავისი საყვარელი პიროვნებისაგან?  მართლაც ასეთები ვართ. ვინც ძალიან გვიყვარს სწორედ მისგან ველით ბევრად მეტს, მის მიმართ გვიჩნდება მეტი მოთხოვნები, მისგან ვითხოვთ ყველაფერს: მეტ მზრუნველობას, მეტ ყურადღებას, სითბოს. ყველაფერს, ყველაფერს ურთიერთობისთვის საჭიროს და ერთ დღეს ან დღის განმავლობაში სულ რაღაც ათი წუთით რომ დაგვაკლდეს ის სითბო და ყურადღება სწორედ ის გვწყინს. ელემენტარულის საპატიებლადაც კი უფრო მეტი დრო გვჭირდება ვიდრე ისე, სხვა შემთხვევაში. ალბათ, ამიტომაც არის რთული და სრულიად ქაოტური ორი ადამიანის ურთიერთობა.

 

 

******

ჩვენი მორიგი მოუსვენრობით ამჯერად სვანეთისკენ მივეშურებით, მესტიის ჰაერით და ხედით ტკბობა გადავწყვიტეთ. ბუნების სიდიადით მონუსხულები მივუყვებით გზას, პერიოდულად მანქანას ვაჩარებთ, სწრაფ-სწრაფად ვაჩხარუნებთ ჩემს საყვარელ ფოტოაპარატს და შემდეგ ისევ მანქანაში ვბრუნდებით. ვაგრძელებთ საუბარს, პერიოდულ კამათს, კამათიდან სიცილში გადავდივართ, შემდეგ სიმღერებს ვრთავთ და ამასობაში თეთრად გადაპენტილი მესტიაც მოჩანს ჰორიზონტზე. აქა-იქ სოკოებივით ამოსული გეგონებოდათ მიმოფანტული კოშკები.

დაბინავებისა და ცოტაოდენი სეირნობის შემდეგ საბაგიროზე დაჯდომა გადავწყვიტეთ. ჯეიკობს დიდი მონდომების მიუხედავად აშკარად უკრთოდა შიში სახეზე, აი ისეთი გამომეტყველება ჰქონდა სურვილის სიმძაფრე რომ ცდილობს შიშის გადაფარვას, მაგრამ სადღას ისევ ჭიდილის მომენტია, თუმცა მაინც მხნედ მიმშვენებდა გვერდს. ერთმანეთის ხელი ძლიერად გვიჭირას, მე მას ვგრძნობ, ის კი მე.  თვალებს ვხუჭავ და ვტკბები იმ შეგრძნებით რომელიც მეუფლება. ისეთი განცდა მაქვს, რომ ჰაერში ღრმად ვიჭრებით და მისი უსასრულო ნაწილები ვართ, ჩვენ მას ვსუნთქავთ, ის კი - ჩვენ.

როდესაც მის ხელს ვგრძნობ ერთიანად ვმშვიდდები. სადღაც ქრება სიმაღლის შიში, თითქოს ამ სიტყვის მნიშვნელობაც კი აზრს კარგავს.

 

 

 

******

ერთ საღამოსაც ჯეიკობი სახლში უჩვეულოდ უსაზღვროდ ბედნიერი სახით ბრუნდება. მეც რა თქმა უნდა, ვინტერესდები მისი ესოდენ კარგი განწყობით და უმალ ვეკითხები მიზეზს. ისიც თვითკმაყოფილი და ოდნავ ამაყი სახით მპასუხობს - მივლინებით მივდივარ სამსახურიდან ძალიან მალე, მილანში ერთი კვირით.

-         რა კარგია - გილოცავ, ვპასუხობ გულწრფელი სიხარულით და კისერზე ნაზად ვკოცნი. როგორ შეიძლება არ გიხაროდეს შენი საყვარელი ადამიანის წარმატება.

იმედი მაქვს შენც ჩემთან ერთად წამოხვალ

-         მე? - სიმართლე გითხრა არვიცი, იმდენად დატვირთული პერიოდი მაქვს სამსახურში, ვეცდები მოვაგვარო, თუმცა კი მეეჭვება ერთი კვირით შევძლო გათავისუფლება.

იმედი მაქვს მოგვარდება მეუბნება ის და სამზარეულოში შედის.

სავახშმოდ ვემზადებით, რომელსაც ჩვენთვის საყვარელი ერთი ბოთლი წითელი ღვინო ყოველთვის ამშვენებს.

-         იცი იმდენი ადამიანი შეხვდა ჩემი წასვლის ამბავს შურიანი და რაღაცნაირად ღვარძლიანი გამოხედვით, რომ იმედია წარმატებით ჩაივლის ჩემი შეხვედრა. მეუბნება ის და კიდევ დიდხანს ვსაუბრობთ საქმიან საკითხებზე.

შემდეგ ჩვენი ცხოვრების ჩვეული რიტმით მდივანზე კომფორტულად ვეწყობით და წიგნის კითხვას ვიწყებთ, რადგან დღეს არც სეირნობის, არც ფილმის ყურებისა და სხვა გასართობის განწყობაზე არ ვართ. წიგნის კითხვაში რა დროს მიმეძინა წარმოდგენა არ მაქვს, როცა დილით გაკვირვებულმა გავიღვიძე, რადგან საძინებელში ამოვყავი თავი.

 

 

 

*******

სამწუხაროდ სამსახურიდან თავის გათავისუფლებას ვერაფრით ვახერხებ, აი რატომ არის კარგი კერძო ბიზნესი. სხვა თუ არაფერი შეგიძლია საკუთარი დრო თვითონ მართო და შენი გრაფიკით იცხოვრო, - ვფიქრობ ცოტათი აღშფოთებული. მომიწევს ერთი კვირა ჯეიკობის გარეშე გავატარო, მაგრამ არაუშავს მონატრებაც ხომ ერთ-ერთი სასარგებლო წყაროა ურთიერთობისთვის - უმალვე დავიმშვიდე თავი და დასაძინებლად გავემზადე.

 

 

 

*******

-    პასპორტი და ყველა საჭირო დოკუმენტი ხომ ჩადე? ჯემპრები და კოსტიუმი არ დაგავიწყდეს რაც მთავარია, ჰალსტუხი აი აქ ჩავდე, ვეუბნები ჯეიკობს და ბოლომდე ჩართული ვარ მის ჩასაბარგებლად, რათა რაიმე ნიუანსი არ გამოგვრჩეს. დღეს ღამე ვაცილებ და მინდა ყველაფერი წესრიგში იყოს. მაღვიძარაც დაყენებულია და უკვე ყველაფერი მზადყოფნაშია. მხოლოდ ღამის სამი საათის მოსვლასღა ველოდებით, ყავას ვსვამ, რათა არ ჩამეძინოს და მერე ზომბივით გათიშულმა არ მომიწიოს საჭის მართვა.

-          აი უკვე ჯეიკობსაც ვემშვიდობები, ძლიერად ვეკვრი მის მთელ სხეულს და ჩუმად ვჩურჩულებ მისსავე ყურთან - ხომ გახსოვს როგორ ძალიან მიყვარხარ! -  წარმატებები.

შემდეგ მაინც არ მივდივარ, ველოდები როდის აფრინდება თვითმფრინავი, მინდა ბოლო წუთამდე ვიგრძნო მასთან სიახლოვე. მაინც როგორი რთულია საყვარელ ადამიანთან გამომშვიდობება, განსაკუთრებით მაშინ, როცა იცი რომ ის შენგან ათასობით შორ კილომეტრზე მიდის, მაშინ უფრო გიცხოველდება და გიმძაფრდება ეს განცდა. როცა ადამიანი მთელი სიძლიერით გიყვარს მის გარეშე გატარებული ორიოდე დღეც კი რაღაცნაირად ცარიელი, უემოციო და აზრგამოცლილია, ზუსტად ეს ფიქრები და ემოციები შემომწოლოდა. მგზავრობის ნერვიულობა და კიდევ ათასი აზრი ემატებოდა ამ ყოველივეს. აი მანაც უკვე გადამიფრინა, შორს აიჭრა, ნელ-ნელა უფრო და უფრო ზემოთ აიწია და მალე საერთოდ გადაიკარგა, თითქოს აორთქლდაო. მეც ამ ფიქრებში მანქანასთან მივედი და სახლისკენ გავაგრძელე გზა. რა ცუდია, როცა ყოველ ღამე ჩახუტებული იძინებ და თბილად ეკვრი მის ტანს, ხოლო ახლა ცარიელ, ცივ და თითქოს უკვე მოუხეშავ ლოგინში უნდა ჩაწვე. შემდეგ საკუთარი თავის გიკვირს, რა გჭირს?, როდის გახდი ასეთი? ერთი კვირა ვერ გაგიძლია? წამიერად გავუბრაზდი საკუთარ თავს, ასეთი მიჯაჭვულობა არც თუ ისე კარგია, გავიფიქრე გულში და აქ წამში გამკრა მოხუცი ქალის სიტყვებმა. რა ხშირად მახსენებდა ის თავს -  თავისივე მჭერმეტყველებით. ალბათ ჩემი ასეთი ემოციურობა იმის ბრალია, რომ ჩვენი ერთად ყოფნის პერიოდში პირველი განშორება იყო.

კარგი, დროა ფიქრი შევწყვიტო ვეუბნები ჩემს თავს და ბალიშში თავს ვრგავ.

 

 

 

******

დილით სამსახურში ვაგვიანებ, გაჭირვებით მივათრევ თაბახების დასტას და ცალ ხელში ცხელ ყავას. უძილობისაგან დასიებულ თვალებს კი თითქოს დილით წამიერად გაკეთებული მაკიაჟის ქვეშ ვმალავ. თუმცა მხოლოდ თავს ვიტყუებ, რაშიც შემდეგ ვრწმუნდები, როდესაც რამდენიმე ადამიანი მეკითხება თუ რა მჭირს. მალე ჯეიკობიც მირეკავს თავისი სასტუმროდან და მეუბნება, რომ ყველაფერი რიგზეა, შვებით ამოვისუნთქე და მუშაობასაც უფრო მეტი მონდომებით შევუდექი. საღამო სასიამოვნოდ გავატარე მეგობრებთან ერთად, სახლში მისულს კი უგონოდ ჩამეძინა.

 

 

******

ასე გადიოდა ყოველი დღე ჯეიკობის გარეშე, სამსხური, რამოდენიმე მეგობარი, სახლი და მოკლედ ჩვუელი რუტინა. ჯეიკობს საკმაო სიხშირით ვეკონტაქტებოდი, თუმცა დროის სხვაობა მაინც ქმნიდა ცოტაოდენ დისკომფორტს. ოთხი დღეც და ის ჩემთან იქნება გახარებული ვეუბნები ნიტას, რომელსაც სამწუხაროდ დიდი ხანია აღარ დავლაპარაკებივარ, ალბათ შეამჩნიეთ, რომ ისე ხშირად ვეღარ ვკონტაქტობთ, ამიტომ არ მიყვარს მანძილი, ის ყოველთვის წარმოქმნის ლაბსუსებსა და რაღაც გარკვეულ ბარიერებს. რა თქმა უნდა, მე და ნიტას შემთხვევაში ამას არ ვგულისხმობ ურთიერთობაზე, უბრალოდ კონტაქტის სიხშირეზე ვამახვილებ ყურადღებას. ნიტამ თავის დამკვიდრება მარტივად შეძლო თავის ახალ სამყაროში, თუმცა მას რომ კითხო საერთოდ არც კი ახსოვს როგორ გავიდა პირველი სამი თვე, რადგან მხოლოდ მექანიკურად მოქმედებდა და მოძრაობდა ის. ყველაფერმა ჩაიარა - მეუბნებოდა და ყურში მალამოდ მედებოდა ეს სიტყვები. ღმერთო ჩემო, რომ იცოდე ახლა როგორ მინდა შენთან ჩახუტება და საუბარი, რატომ იცვლება ასე სწრაფად ყველაფერი. იმედია მალე ჩამოხვალ და მანდ ყოფნას აღარ გაახანგრძლივებ. თუმცა პასუხი თვითონაც ვიცი ჩემს ნათქვამზე, რომ კიდევ კარგა ხანს არ ჩამოვა, მხოლოდ თავს ვიმშვიდებ...

 

 

*******

პოპკორნის დიდი თასითა და ფორთოხლის წვენით ხელში მდივანზე კომფორტულად მოვეწყვე და უდიდესი ინტერესით მოვემზადე Game of throne-ს ბოლო სერიის საყურებლად, მეც შევუერთდი გარემომცველ ხალხთა აჟიოტაჟს. სწორედ ამ დროს, ჩემს იდილიას არღვევს ესემეს შეტყობინება, ზანტად და უხალისოდ წამოვდექი, თანაც ვბუზღუნებდი ყველას უადგილო დროს რატომ ვახსენდები-მეთქი, სანამ შეტყობინების ტექსტმა საერთოდ არ გამომთიშა გარე სამყაროს. ტექსტი, რომელიც ანონიმურად იყო გამოგზავნილი ასე გამოიყურებოდა: არ გიფიქრია, რომ ჯეიკობი იქნებ შვებულებაში კი არა ჩემთანაა?

მექანიკური მოძრაობით მდივანზე ვეშვები, კარგა ხანს გაქვავებული და გახევებული ვზივარ ერთ ადგილას, გონება მხოლოდ ერთს მკარნახობს, - შეუძლებელია, შეუძლებელი... მაგრამ რატომ? რას ნიშნავს ეს მესიჯი? ტელეფონს ვიღებ, ჯეიკობის ნომერს ვკრებ, შემდეგ ისევ ვშლი, დიდხანს ვებრძვი ჩემს თავს, დავურეკო თუ არა? მაგრამ ლაპარაკიც კი არ შემიძლია, ვგრძნობ რომ ძალა ერთიანად გამომელია, ძლიერ სისუსტეს ვგრძნობ... დარეკვასაც რა აზრი აქვს? თუ სიმართლეა მაინც ხომ არ მეტყვის? არც ის მინდა უმიზეზოდ შევიტანო მასში ეჭვი. მაგრამ ახლა ლაპარაკის სურვილიც არ მაქვს, არ მინდა, არ შემიძლია...

ჰაერი - მკარნახობს გონება.

თითების გაურკვეველი მოძრაობით მოსასხამს ვიღებ და გარეთ გავდივარ.

 

...მოქუფრული საღამო იყო, თითქოს ბუნება ადამიანების დაშვებულ შეცდომებს, მათ ტკივილებს და დარდს გლოვობსო. თითქოს მხარდაჭერას უცხადებს სევდისაგან დამძიმებულ ადამიანებს. ლამპიონებიც კი ალაგ-ალაგ, ოდნავ მბჟუტავ სინათლეს ასხივებს, თითქოს ცდილობს გამოსხივებული სინათლის მიუხედავად შეუმჩნეველი დარჩეს, იმ ადამიანების მსგავსად, რომლებიც ყოველთვის ჩრდილ ქვეშ ყოფნას ამჯობინებენ.

სიცარიელე....

წვიმის წვეთებისგან კიდევ უფრო დამძიმებული გარემო....

გუბურები - რომლებიც ცრემლით სავსეს უფრო მოგაგონებდათ. სწორედ ასე, მძიმედ, უცნაურად.

ქარის ზუზუნი - ოხვრა, მომკივანი ბრბოს მსგავსი ამოძახილები

მოწყენილად, ეულად მყოფი ქუჩები.

ისევ ლამპიონები, წვიმის წვეთები, ცრემლიანი გუბურები, ქარის კივილი, სიცარიელე,

უ- არაფრობა, უ- ამინდობა....

უმიზნო ნაბიჯები, უმიზნო გზის გაგრძელება

ქუჩაში მიდის, უცნაურად მოხრილი და ძალზედ მისუსტებული, მიუყვება ჩაბნელებულ ქუჩას და თავადაც არ იცის სად მიდის, გზას უნათებს მთვარის ოდნავი ელვარება და ალაგ-ალაგ ფანჯრებიდან გამომავალი მბჟუტავი სინათლე. მიუყვება გზას, მაგრამ სად, სად მიდის? იქნებ დაკარგული მეს საპოვნელად? იქნებ დაეძებს ასე უგზო-უკვლოდ ქუჩებში, იქნებ წააწყდეს კიდეც და მოიპოვოს დაკარგული სულიერი წონასწორობა, შინაგანი ჰარმონია. ღმერთო, ეს რა სიტყვებმა გაუელვა გონებაში? თითქოს მისი არსებობა და მნიშვნელობაც კი დაავიწყდა. მაგრამ არ ჩერდება, ალბათ ჯერ ისევ აქვს სხეულის რომელიღაც ნაწილში პატარა, ღრმად ჩაფლული იმედის ნაპერწკალი, რომელიც აიძულებს და უბიძგებს გზის გაგრძელებისკენ, მოქმედებისკენ, მაგრამ ვაი რომ ეს მოქმედებაც უმიზნო, ძალა გამოცლილი, უშინაარსო და აზრ დაკარგულია. უცებ ახსენდება ბანალური ფრაზა, ადამიანი ხომ არასდროს უნდა დანებდეს და ისევ გზას აგრძელებს, იქნებ სწორედ იმედს ეძებს ქუჩაში. მაგრამ ზუსტად ისიც კი აღარ იცის როგორია იმედი, როგორ იცნოს? უკვე თითქოს მისი შინაარსიც დაავიწყდა, მაინც არ ნებდება. ან დანებება რა არის? რას არ დანებდეს? იმას რომ უიმედო, ძალა გამოცლილი და სულიერად დაცლილია თუ რას? იქნებ ფიქრი შეწყვიტოს და ისე გაუყვეს გზას, მაგრამ ესეც რომ არ გამოდის?

ფიქრებსაც რომ ვერ უყრის თავს. როგორ მოიქცეს, თავადაც არ იცის, მაინც მიუყვება გზას. იქნებ ვინმე ღვთისნიერი შეხვდეს რომ მასში არეული მთელი სამყარო დაალაგოს, იქნებ შეუმსბუქოს მაინც თავის თავზე არეული წარმოდგენები, მაგრამ სად არის ღვთისნიერი ადამიანი?! როდის ნახა ბოლოს ასეთი პიროვნება? მგონი რომ ისინიც დინოზვრებთან ერთად გადაშენდნენ. ისევ უმიზნო გზის გაგრძელება, გზის ბოლოს მიტოვებული ეკლესია.

იქნებ სწორედ აქ არის გამოსავალი, უფალთან, საკუთარ თავთან საუბარი, გულის გადაშლა, თითოეული ტკივილის აღიარება, იქნებ სწორედ აქ უნდა მოსულიყო, ზუსტად უფლის სახლს ეძებდა. იქნებ შიგნით შევიდეს, ასეც იქცევა, აწყდება თითქმის ნანგრევებად ქცეულ ტაძარს, ობ მოკიდებულ დამტვერილ კედლებსა და ალაგ-ალაგ შემორჩენილ ხატებს, ახსენდება დროის წარმავალობა, ამქვეყნიური ამაოება და უფალთან საუბრის ნაცვლად უფრო მეტად ირევა. აღმოაჩინა რომ, იმედთან ერთად რწმენაც გაქრობია, და ახლა რა უნდა ქნას?! მთელ ღამეს გარეთ მინდორზე ატარებს, იქვე ახლოს, ვერც ტირის, ბოლომდე ვერც ერთი ფიქრი და აზრი ვერ მიდის, ვერ ახერხებს, რადგან გონებაში სხვადასხვა აზრი განუწყვეტლივ ერთმანეთს ეცილებიან.

პერიოდულად ჭექა-ქუხილის ხმა მაინც აზანზარებდა და აღვიძებდა შინაგან ტკივილებს. გამაგრდი არ დანებდე - ვიბრირებდა მსგავსად მისი ხმა...

...შევდივარ ქოხში. შიშის შეგრძნება სრულიად დაკარგული მაქვს. ლამპარს ვეძებ, ვპოულობ, სიამოვნებით ვეშვები იატაკზე და ვტირი, ვბღავი ბოლო ხმაზე, შიგნით დამალული თითოეული წყენა და დარდი ამომაქვს, სიბრაზე საკუთარ თავზე, სამყაროზე და ჩემს ირგვლივ ყელაზე. მინდა ხმის იოგების ჩაწყვეტამდე ვიყვირო და მგონი გამომდის კიდეც, რა ბედნიერებაა ზოგჯერ მარტო ყოფნა, როცა შეგიძლია იკივლო ყველაფერი დალეწო და ამაში მაინც არავინ შეგიშლის ხელს. ზოგჯერ ადამიანებზე მეტად უსულო, უსიცოცხლო საგნები გვესაუბრებიან და გვანუგეშებენ.

აზრზე მოსვლას ვიწყებ....

ყურადღებას იქცევს ქოხის სიძველე, ნაწერები, პატარა ბუხარი, ძველი საწერი მანქანა, დაჟანგული, დაცრეცილი ფურცლები....

ადამიანის სხვა ამოუცნობ ტკივილს ვაწყდები

ისევ ახალი შემოტევები...

ალბათ ეს ქოხი ბევრად მეტი საშინელების მომსწრეა...

სრული გაჩანაგება, გაქრობა. უ-ვერაფრობა...

ქოხი - ისეთივე ცარიელი, ისეთივე არაფრის მთქმელი, ისეთივე უ-სიცოცხლო...

არ არსებობა არაფრისა.

ეს მძიმე სურათი კი ამ მომენტისთვის ისეთივე შვების მომგვრელია როგორც არასდროს, რადგან ბუნება ისე თანაგიგრძნობს როგორც არავინ ან ვერავინ, იმაზე უკეთ თანაგიგრძნობს ვიდრე ადამიანი. რაც შინაგან სულიერ მდგომარეობას ცოტათი გიბალანსებს.

სიმშვიდე... წონასწორობა... შვება...

ქოხი... ისეთივე ჩუმად მეტყველიი...

არც კი იცის რა დროს, რომელ მომენტში იძალა მისმა უძლურებამ და ჩაეძინა. დილით ჩიტის ჭიკჭიკი აღვიძებს, რომელიც ხელის მტევანზე დაჯდომია, ალბათ უსულო საგნად აღიქვა, თუმცა თვითონაც კი ასე ფიქრობს საკუთარ თავზე, უცებ ჩიტის შურს. ნატრობს რომ ისიც ჩიტი იყოს, ან ახლა შეძლოს გადაქცევა, ჰგონია რომ უცებ გალაღდება, თავისუფლებას შეიგრძნობს და ყველაფერი უცებ გადაივლის, ყველაფერს აზრი მიეცემა, თუმცა არ შეუძლია. ცოტა ხანს კვლავ სამყაროს მიღმა ფიქრებშია გაჭრილი. ბოლოს ისევ ფეხზე დგება და იგივე გზას მოუყვება უკან, იმავე ნაბიჯებით, იმავე შეგრძნებებით, რომელიც გუშინ განვლო. არც კი იცის სად წავიდეს, ბოლოს კი ისევ მისი სახლის გზას დაადგება და მიდის თავისსავე მყუდრო, პატარა, კომფორტულ სახლში, ადგილზე, რომელსაც ყველაზე მეტად ესმის მისი.

 

 

 

*******

სახლში ალბათ დილის შვიდ საათზე შევდივარ, შხაპს ვიღებ თითქმის გაყინული წყლით, თითქოს მინდა საკუთარი თავი გავაღვიძო და ვუთხრა, რომ ეს მხოლოდ ცუდი სიზმარი იყო, მხოლოდ ღამის კოშმარი, თუმცა ამას ვერა და ვერ ვახერხებ. შემდეგ ძლიერ, უშაქრო ყავას ვიმზადებ, მდივანზე ვჯდები და ვცდილობ ყველაფერი გავიაზრო და ყველაფერს ლოგიკურად შევხედო. ტელეფონს ვამოწმებ, ჯეიკობისგან შეტყობინება არ მხვდება, ალბათ მშვიდად და უდარდელად ძინავს. ყველაზე ცუდი კი ის არის რომ მასთან დალაპარაკებაც კი არ მინდა, სურვილი ერთიანად გამიქრა, თუმცა ჩემი გონება დაჟინებით მკარნახობს, რომ ეს არარეალურია, ჯეიკობი არ გავს მოღალატე კაცს, მას ხომ ვუყვარვარ? თუმცა, არვიცი...

...ვფორიაქობ, ჩემდაუნებურად პერიოდულად თვალწინ მიდგება შეტყობინება, თითოეული სიტყვა, წარმოვიდგენ როგორი ეშმაკური და თან ღვარძლიანი სახითა და თითების სწრაფი მოძრაობით კრებს ყოველ ასოს ჩემი უბედურების ღრმა სურვილით აღვსილი ქალი და კმაყოფილი ბედნიერების შეგრძნებით ერთიანად მიწამლავს მთელ წამს, წუთს, დღესა და მთლიან სამყაროს. კიდევ უფრო მაღიზიანებს იმაზე ფიქრი, რომ არ ვიცი ვინაა ტექსტის ავტორი. გულს მტკენს იმის დანამდვილებით ცოდნა, რომ ეს ერთ-ერთი უახლოესი ადამიანია, რადგან ჯეიკობის წასვლის შესახებ მხოლოდ ჩვენმა რამდენიმე ახლო მეგობარმა იცოდა. ამ ფაქტის შემდეგ საბოლოოდ ვივსები ყველასადმი უნდობლობით. დავკარგე ყველა ადამიანის ნდობა, საკუთარი მეუღლისაც. არვიცი ვის ვენდო, ვუყურებ ჩემს მეგობრებს, ახლობლებს, კოლეგებს და თითოეულ მათგანში „მატყუარა“, ყალბ, ფარისეველ გაიძვერა ადამიანს ვეძებ, ვცდილობ თითოეული მათგანი გავაშიშვლო, მთელი მათი შინაგანი სამყარო გადმოვფინო, მათი ხასიათის, ქმედების, ღირსების თითოეული შტრიხი შევისწავლო, რათა აღმოვაჩინო ის, ვინც მთელი მონდომებით მითხრის სამარეს.

 

 

*******

სამსახურიდან ხუთი გამოტოვებული ზარი მხვდება, თუმცა არავის ხმის გაგონება არ მინდა და არც მე მაქვს ახსნა განმარტებებისა და მიზეზების მოფიქრების თავი. ჯეიკობს ისე ვწერ ვცდილობ არაფერი შევიმჩნიო და თავი მოვაჩვენო თითქოს ყველაფერი იდეალურადაა. ჯერ მინდა საკუთარ თავში დავალაგო ყველაფერი, ყველა აზრი, ყველა ფიქრი. დავრწმუნდე ჩემი ფიქრების ლოგიკურობაში. ჯეიკობი კი როცა ჩამოვა მშვიდად დაველაპარაკები, მგონია რომ როდესაც თვალებში ჩავხედავ და კითხვას დავუსვამ, მაშინვე მივხვდები პასუხს. თვალები ხომ ადამიანზე ბევრად მეტს საუბრობენ?!

 

 

******

დღე ორი

სრული უმოქმედობისგან შეიძლება გავაფრინო. პოლიციაში მივდივარ, ვცდილობ როგორმე დავადგინო ადრესატის, შეტყობინების გამომგზავნის ვინაობა. იქნებ რამე გზა არსებობდეს, თუმცა შეუძლებელია, ეს ხომ ანონიმურად არის გამოგზავნილი. ჩემი მოლოდინიც მართლდება და უშედეგოდ გამოვდივარ შენობიდან, კიდევ უფრო გულჩამკვდარი. ჩემს საშინელ განწყობას და გაღიზიანებას კიდევ უფრო ემატება ოფიცრის ეშმაკური, ცნობისმოყვარე მზერა და ჩალაპარაკება - რომ იცოდეთ რა ხშირად მოდიან მსგავსი პრობლემით.

ღმერთო ჩემო რა შეურაცხმყოფელია, სამწუხარო რეალობაში ვცხოვრობთ. ადამიანები კი ცირკის მსახიობებს უფრო ვგავართ. იძულებით და ამრეზილი ღიმილით ვპასუხობ და გამოვდივარ.

ორი დღის უჭმელობისგან თითქოს ძლივს მივათრევ ფეხებს, სახლის კარს ვაღებ თუ არა ხმამაღალ ქვითინს ვიწყებ.

აზრები, ფიქრები მჭამენ, მღრღნიან მანადგურებენ, შინაგანად მფლეთენ ნაკუწნაკუწ. მართალი ვიყავი, როდესაც ვერონიკას ვეუბნებოდი საკუთარი ფიქრები მაშინებსთქო, სწორედაც რომ საშიში ყოფილა. არ შემიძლია მისი შეჩერება, მასთან გამკლავება, ბოროტული აზრებით წამდაუწუმ მიწამლავს ორგანიზმს. ალბათ ადამინისთვის დაავადება უფრო მარტივად ასატანია, ვიდრე საკუთარ თავთან ჭიდილში ყოფნა.

 

 

*****

დღე სამი

თითქოს ცოტა უკეთ ვარ. შევძელი დაჩემი თავი ცოტათი დავამშვიდე. არ მინდა პანიკებს ავყვე და ის ვიღაც ბოროტი არსება გავახარო, რომლის მიზანი სწორედ ჩემი ტანჯვაა. არც ის მინდა ჩემი და ჯეიკობის სიყვარული ასე შევურაცხყო, თუმცა როდესაც ასეთ შეტყობინებას იღებ ბუნებრივად გიჩნდება თავში ყველანაირი აზრი და ყველა შემთხვევა დასაშვები ხდება იმ მომენტში. ადამიანი ხომ ისედაც ვერაფერს გამორიცხავ. თუმცა უმჯობესია ცივილიზებულად მოვიქცე, ნერვებს არ ავყვე, არც პანიკები მინდა და თუ სიმართლე აღმოჩნდება ღირსეულად შევხვდე მას..

მოკლედ საკუთარ თავს სერიოზულ თერაპიას ვუტარებ, დავმშვიდდი კიდეც, ცოტათი ლაღად ვიგრძენი თავი, როდესაც ჯეიკობი მირეკავს და მეუბნება რომ ერთი დღით კიდევ მოუწევს დარჩენა. რიგით მეორე შოკი, ამ ეტაპისთვის მეტისმეტია! თითქოს ვიღაცამ დიდი ლოდი ძლიერად ჩამარტყა თავში. რაღა დამრჩენია? უხალისოდ ვეუბნები კარგი - მეთქი და ტელეფონს ვუთიშავ. ჩემმა თერაპიამ კრახი განიცადა. ახლა ორმაგად შემომაწვა ცუდი ფიქრები, ნუთუ დამთხვევაა?  რომ არა ეს მესიჯი ნორმალურად ჩავთვლიდი, მაგრამ ახლა? რთული გასარკვევია მართლაც სამსახურის გამო მოუწია კიდევ ერთი დღით დარჩენა თუ ვიღაც ძუკნას გამო მოიმიზეზა? ღმერთო ჩემო, ამდენს ვერ გაუძლებს ჩემი გული...

 

 

******

სიყვარული მთაში ასვლას ჰგავს. აი სწორედ ასე, თავდაპირველად თამამად მიაბიჯებ, შემდეგ პერიოდულად სითბო და სიცივე ენაცვლება ერთმანეთს, შემდეგ შიშის ტალღა იწყება, ბოლოს კი საერთოდ გზა არეული და დაბნეული აღმოჩნდები. სწორედ ასეა სიყვარულიც, ჯერ მარტივად იყურები, გაბედულად მიიწევ წინ, ინტერესით მიიკვლევ გზას, რასაც ემატება გაურკვეველი და ცოტაოდენი დაბნეულობა. მოულოდნელად კი აღმოაჩენ, რომ უკვე უკან დასაბრუნებელი გზის პოვნა ძალზე რთულია.

 

 

******

დღე ოთხი

ვგრძნობ დღითიდღე როგორ მეკარგება ყველაფრის სურვილი, შორიდან ვაკვირდები ჩემს თავს და ვხედავ ყოველდღე როგორ იცვლება, როგორ მიუცხოვდება და თითქოს ერთი ნაბიჯით ყოველდღე მიდის ჩემგან ჩემი მე. მშორდება, ცდილობს შემეწინააღმდეგოს, ჩემი ძველი მე დაამარცხოს. ახალი მე სრულიად ფერდაკარგულია, შავ-თეთრზე უფრო შავთეთრი, უემოციო, უინტერესო და ჩაფერფლილია. უსაზღვროდ აპათიური.

მოსვენებას არ მაძლევს, უკვე ვგრძნობ რომ მალე ჩამენაცვლება და ჩემი ყოფილი მესგან არაფერი დარჩება, შინაგანად შეჭამს და დაადნობს. ალბათ, პერიოდულად ჩახედავს ხოლმე საკუთარ თავს თვალებში დამცინავად და ეტყვის საცოდავო, საბრალო, ასე როგორ დაგადნო დარდმა, ხედავ რა დარჩა შენგან? რატომ არაფერი გააკეთე? რატომ არ მიეცი საკუთარ თავს უფლება ყველაფრის შეცვლის? მაგრამ მისი მეორე, ღრმად მიძინებული და ჩამკვდარი მე უპასუხებს - რა, რა უნდა გამეკეთებინა? სრულიად მარტო დამეწყო ცხოვრება? ყველა მიმეტოვებინა? ბედნიერებას ხომ მაინც ვეღარ ვნახავდი? თუ დავრჩენილიყავი იმ გარემოცვაში და ყოველდღე, ყოველწამს ეჭვის თვალით მეყურებინა ჩემი ყველა უახლოესი ადამიანებისთვის?! გამუდმებით მიმეყენებინა მათთვის შეურაცხყოფა ჩემი ეჭვნარევი გამოხედვით და მათ შორის საკუთარი თავისთვისაც?!

საათობით ვდგავარ სარკესთან, ვიხედები და ვფიქრობ რა უნდა გავაკეთო, რა მოვიმოქმედო, როგორ დავიბრუნო მათდამიი რწმენა, როგორ შევცვალო საკუთარი თავი, რით ვუშველო ჩემს ცხოვრებას. იდეებიც კი არ მაქვს. ეს უკვე სწორედ ის მომენტია, როცა შენი ცხოვრების გზაზე განუწყვეტელი ბრძოლისას სადღაც ეცემი, იღლები ძალა აღარ გაქვს, როცა ყველაფერი აზრს კარგავს. ცხოვრებაში გავიარე სამი ეტაპი, პირველი როცა მუდამ უკმაყოფილო და დეპრესიული ვიყავი, შემდეგ გადავედი ბედნიერებით აღსავსე ცხოვრებაში და მესამე, როცა იმავე ჭაობს ვუბრუნდები. მთელი დარჩენილი დრო უნდა ვუყურო თანდათან როგორ ვეფლობი ჭაობში. მაინც როგორ შეუძლია ერთ სიტყვას, ერთ წარმოთქმულ ფრაზას ადამიანს მთელი თავისი ცხოვრება დაუნგრიოს?

წარმომიდგენია, როგორი სასაცილო და აბსურდულია ჩემი ესოდენ განცდები იმ ადამიანისთვის, რომელსაც არ ყვარებია, რომელსაც არ განუცდია და არასდროს უეჭვიანია, ადამიანისთვის, რომელმაც არ იცის სიყვარულისა და ნდობის ფასი.

 

 

 

******

სამყაროში უამრავი სიბინძურე ბუდობს, რომელიც სუროს ფოთლებივით სწრაფად ედება დედამიწას და თანდათან უფრო და უფრო ღრმად ითრევს მასში. ბოროტება, ღვარძლი, შური და უამრავი სხვა საშიშ გრძნობათაგანი ღრმად ჩაუბამს მის ფესვებში.  საბედნიეროდ ამ სამყაროში ყველაფრის ანტიდოტი არსებობს, მაგრამ ადამიანები არ ფიქრობენ ან ნაკლებს ფიქრობენ მის შესახებ.

 

 

******

ვიღებ ტელეფონს, ვდებ.

ვპოულობ წიგნს, რომლის წაკითხავასაც ვერაფრით ვახერხებ. იმ იმედით თითქოს ეს წიგნი აღმოჩნდა ჩემთვის ნაკლებ საინტერესო ვიღებ სხვა წიგნს, თუმცა მასაც უშედეგოდ.

შემდეგ ვხედავ იქვე დახურულ სარკეს, ვშლი და ალბათ, დაახლოებით ოცი წუთი უაზროდ ვიყურები მასში. ვუყურებ საკუთარ თავს, სადღაც შორიდან, აი ისე თითქოს სხვას შევყურებ. ადამიანს, რომელიც წლების წინ უბრალოდ ერთხელ გინახავთ და ახლა მთელი მონდომებით ფიქრობ გაიხსენო თუ საიდან გეცნობა და სად გინახავს. აი სწორედ ასეთი შეგრძნებით შევყურებ საკუთარ თავს. მინდა კითხვები დავუვსვა და ვესაუბრო ჩემს ირგვლივ არსებულ საკითხებზე თუმცა ვერ ვახერხებ.  ირონიულად ვუღიმი საკუთარ თავს, რომელსაც ცოტა სევდაც შერევია, შემდეგ სარკეს ისევ ვხურავ და კამოდის თავზე ვდებ.

ამის შემდეგ ლეპტოპს ვშლი, მიყოლებით ვრთავ ფილმს, ფეისბუქს, საინფორმაციოს, სხვადასხვა შოუებს და ბოლოს იუთუბზე სიმღერის მოსმენას ვიწყებ, რადგან უკვე დავრწმუნდი რომ  არაფრის კეთება არ მინდა და არ შემიძლია...

 

******

თუ რამე შინაგანად არ გაქვს გამჯდარი ისე მაინც ვერ გააკეთებ, ისეთი ვერ იქნები ან აშკარად არაბუნებრივი იქნება შენი თითოეული სიტყვა და მოქმედება. შესაძლოა დაგეგმო ხვალიდან გავიღვიძებ, გავხდები თავდაჯერებული, თამამი, პირდაპირი ან უფრო ნაზი და ელეგანტური. სისულელეა! ვერ შეიცვლები, რადგან შენ ასეთი არ ხარ. ხელოვნური მცდელობის თითოეული ნაბიჯი მხოლოდ უშედეგო მცდელობა და საცოდაობამდე დაყვანილი ქმედება იქნება.

თითოეული ადამიანი ჩვენი შინაგანი სამყაროს პროდუქტები ვართ.

 

 

******

ჯეიკობი ჩვეული ემოციებით ბრუნდება და თბილად მეხვევა, შეუსვენებლივ მიყვება რაღაცებს და მეალერსება, მე კი ჩემს უხასიათობას მაღალ ტემპერატურას ვაბრალებ. ბარგის ამოლაგების დროს თითქოს ვცდილობ რაიმე ნიუანსი არ გამომრჩეს, თითქოს პერანგზე ლაქას ვეძებ ან რამე საეჭვო ნივთს. გულწრფელად მძულს და მეცოდება ჩემი თავი ასეთი, როგორი შეურაცხმყოფელია საკუთარი თავის და თვით იმ პიროვნების. შემდეგ ჯეიკობს ათასი, მისთვის უცნაური კითხვებით ვაბრუებ, შემდეგ კი შეტყობინებას ვაკითხებ. ჯეიკობი იცინის, მე კი ეს სიცილი გამაღიზიანებელი და ძალზე ხელოვნური მეჩვენება ამ მომენტისთვის.

-          სისულელეა, შენ ამის გჯერა? მეუბნება ის

-          რატომ არ უნდა მჯეროდეს? ვის რაში დაჭირდა? ვინ შეიძლება იყოს? როგორ გავიგო? მიპასუხე, ან ერთი დღით რატომ გადაიდო შენი დარჩენა?

და ამის შემდეგ იწყება სერიოზული კამათი, რომელიც უფრო დიდ ჩხუბში იზრდება.

ქუჩაში სწრაფი ნაბიჯით გავდივარ, ისიც მომყვება, მე კი არ ვჩერდები. არაფრის თქმა აღარ მინდა, ვცდილობ შევიკავო ყელში მობჭენილი ცრემლები და დიდ გაჩხერილ ბურთს მთელი მონდომებით ვუმკლავდები... გამომდის... მივდივარ უმიზნოდ, გზას მივუყვებიი... მიხარია რომ გარეთ არავინ არის. არც მე ვჩერდები და არც ის. მივდივართ ასე უმიზნოდ, პერიოდულად ჩვენი სევდიანი გამოხედვა ეჯახება ერთმანეთს და ვგრძნობ მის თვლებში, რომ არც ერთს არ გვინდა ეს გაუგებრობა, თითქოს თვალებით ორივე ვეუბნებით ერთმანეთს რომ მოდი გავჩერდეთ!... მაგრამ არა, ალბათ სიამაყე არ გვათქმევინებს სიტყვებს ხმამაღლა, ფეხები კი მაინც განაგრძნობენ სიარულს.

ბოლო გაბრძოლება...

არ ვჩერდები, ის კი გულნატკენი აბრუნებს თავს და უკან ბრუნდება, ძაღლი კი რომელიც აქამდე უხმოდ მოგვყვებოდა იბნევა, ვერ გაუგია სად წავიდეს, მის რომელ პატრონს უნდა წაყვეს. თითქოს არჩევნის წინაშე დადგა, დიდი გაუგებრობის წინაშე. ხან წინ გარბის, ხან კი უკან. ხანაც შუაში ჩერდება და სევდიანად იხედება ხან ჩემსკენ, ხან მიმავალი ჯეიკობისკენ... ამის შემდეგ უფრო მეტად ვღელდები. ნეტავ ისიც ხვდება ჩვენს გასაჭირს? ნუთუ ისიც ამ ყოველივეს თანაზიარია? ნეტავ გრძნობს როგორ ვიტანჯები და რა ხდება ჩემს გონებასა და გულში? პიპე გზას საბოლოოდ ჩემკენ აგრძელებს, როგორც ჩანს მიხვდა რომ ვინმეს გვერდით დგომა ძალიან მჭირდებოდა და ისიც ჩემკენ გამოიქცა კუდის ქიცინით.

ერთ მშვიდ ბარში შევდივართ მე და პიპე, ცივ სასმელს ვუკვეთავ და ვზივარ ასე უსულდგმულოდ. ეს ერთი კვირა ერთ თვეთ მეჩვენება, არა უფრო ათ თვედ - ბოლო ოთხი დღე განსაკუთრებით. გულწრფელად ვნატრობ დროის უკან გადახვევა შემეძლოს, ჯეიკობს აღარსად გავუშვებდი და მთელი არეულობაც გაქრებოდა. ნეტავ ახლა მასთან დამსვა, მის კალთაში ჩამადებინა თავი და მთელი ღამე ტკბილად მასაუბრა, მასაუბრა იმაზე თუ როგორი ტანჯვა გამოვიარე მის გარეშე ამ ოთხი დღის განმავლობაში, როგორი რთული იყო. მინდა ავუხსნა, რომ სურვილი მაქვს დავივიწყო ის წყეული მესიჯი და ბრმად ვენდო, თუმცა ამის საშუალებას საკუთარი თავი არ მაძლევს, პერიოდულად შინაგანი ხმა მახსენებს იმ წყეულ ტექსტს და ამის შემდეგ არა მხოლოდ მასზე, არამედ მთელს სამყაროზე ეჭვი და ბრაზი მერევა. მთელი განწყობა ერთიანად მეშხამება. ვფიქრობ რთული გასაგებია, თუმცა...

სახლში გვიან შევდივარ, ალბათ უფრო გამთენიას. ჯეიკობი კარების ხმაზე მაშინვე იღვიძებს.

-          მეგონა უფრო მალე დაბრუნდებოდი, - მშვიდი და სევდიანი გამომეტყველებით მეუბნება ის

-          ვერ შევძელი

-          ნუთუ ჩემი არ გჯერა?

-          ძალიან მინდა, მაგრამ... რატომ მოხდა ასე? და აქ უკვე ცრემლებს და ყელში მობჯენილ ბურთს ვეღარ ვუმკლავდები. ჯეიკობი მოდის და ძლიერად მაქცევს მის მკლავებში

-          მწყინს ჩემი რომ არ გჯერა, მპასუხობს ის

-          მე მთელი სამყაროს მწყინს ასეთი არაადამიანები რომ არსებობენ, იცი - ღალატი, ტყუილი, შური, ეჭვიანობა და კიდევ ბევრი რამ საერთოდ არ უნდა არსებობდეს, ასე ბევრად მარტივი იქნებოდა ცხოვრება. ვეუბნები ბავშვური გამომეტყველებით და ცრემლებჩამდგარი თვალებით.

-          მე როგორ მოვიქცე? მეკითხება ის

-          არვიცი, როგორმე უნდა ვიგრძნო, უნდა გავიგო ეს ვინ იყო. მე თვითონ უნდა შევძლო ამის დავიწყება და თავიდან ამოგდება ან ამ მესიჯზე აუღელვებლად თვალის გასწორება, აი მაშინ ვიტყვი, რომ შევძელი და ძველებურად იქნება ყველაფერი...

-          აუცილებლად ძველებურად უნდა იყოს. მპასუხობს ის და გულში ძლიერად მიკრავს. მთელი ღამე ჩახუტებულებს გვეძინა, აი ისე გეგონება ორი ქანდაკება ერთმანეთს შეეწებაო. - დაკარგვის შიში ყოველთვის ამძაფრებს სიყვარულის შეგრძნებას!

 

 

 

******

ადამიანმა თავად უნდა განსაზღვროს როდის და როგორ მოიქცეს და არა მითითებებით!..

ძალიან ბევრი ფიქრის შემდეგ დღეს მივხვდი, რომ აუცილებელია ადამიანმა ისწავლოს და გამოიმუშაოს ერთი შეხედვით ისეთი უარყოფითი თვისებები როგორიცაა - შეჩვევა და დათმობა. ზოგჯერ უნდა მოვიკატუნოთ საკუთარი თავი, ისე თითქოს ვერც კი შევნიშნეთ ჩვენთვის მიუღებელი და არასასურველი რამ, ჩვენი საყვარელი ადამიანის მხრიდან თუ სხვა მხრივ გამოხატული. რა აზრი აქვს? ვებრძვით სხვის მავნე ჩვევებს იმ მიზნით, რომ გამოვასწოროთ ისინი. ცოლი ქმრის ჩვევების ფორმირებას ცდილობს მთელი ძალ-ღონით, ქმარი ცოლის, დედა შვილის, ვიღაცა ვიღაცის და რა ხდება ამის შედეგად? არაფერი - გარდა დაკარგული დროისა. ადამიანს რჩება განადგურებული ნერვული სისტემა, სხეულში დაღლის უცნაური სუნი იბადებს. ქრონიკულად გადაზრდილი ერთი და იმავე საუბრის თემა, ავტომატური საუბარი, უკვე მომაბეზრებელ, ჩვევად ქცეულ, დაპროგრამებულ, ფსიქიკა აშლილ საბოლოოდ კი ნერვოტულ ადამიანად ყალიბდები, რომელიც არაფერს არ ცვლის გარდა იმისა, რომ საკუთარი თავის თვითგანადგურებამდე მიდიხარ. რა თქმა უნდა, რთულიაასე ცალსახად ისაუბრო ამ ყველაფერზე, მაგრამ მინდა რომ არ მოვიტყუოთ საკუთარი თავი და ისედაც ობლად შერჩენილ ნერვებს გავუფრთხილდეთ. ნუთუ მართლა ფიქრობთ რომ აზრი აქვს ყოველდღე ერთი და იმავეს საუბარს? თუ ადამიანმა პირველივე ნათქვამზე არ გაიზრა ის, არ დააფასა შენი აზრი და სურვილი, მას შემდეგ რამდენიც არ უნდა ეცადო არ შეიცვლება! ეს პიროვნების შეგნებამდე უნდა დავიდეს ან უბრალოდ პატივისცემის ხარჯზე მიაღწიოს სიტყვამ თავის მიზანს, ანდა კიდევ - ნუთუ ღირს ომისა და გაუთავებელი ჩხუბის შემდეგ მიღწეული შეთანხმება?! უფრო სწორედ ეს ხომ შეთანხმება აღარაა - იძულების წესით შენს აზროვნებაზე მოქცეული პიროვნების მიღება?! რა თქმა უნდა არ ღირს. აქედან გამომდინარე უნდა შეეგუო გარკვეულ ფაქტებს, ეცადო გვერდი აუარო მას. ისწავლო ყოველი დღით ტკბობა. ჩემი აზრით, ადამიანები ძალიან ბევრ დროს ხარჯავენ ერთმანეთის შეცვლაზე. უნდა ვისწავლოთ რაღაცების მიღება. არასასურველის სასურველად გარდაქმნა და პატარა მიზეზებზე თვალის დახუჭვა. უბრალოდ ცხოვრების გამარტივება.  სხვის ფორმირებას იქნებ საკუთარ თავზე მუშაობა სჯობს. იცით რა მგონია ადამიანის მთავარი პრობლემა? ის რომ ისინი სხივისი ნაკლოვანებების გამოსწორებას გამუდმებით ცდილობენ და მიუთითებენ, მაგრამ საკუთარ თავზე ფიქრს, საკუთარ ნაკლოვანებებსა და პიროვნულობაზე ძალიან ცოტა დროს ხარჯავენ. ყველა ადამიანი რომ საკუთარ შეცდომებს და საკუთარ ვინაობას სწორად აანალიზებდეს ალბათ ქვეყანაში ჰარმონია და სიმშვიდე დაისადგურებდა.

და მაინც - იცით, როგორი ცვლილება მიმაჩნია ღირებულად, რომელიც ყოველგვარი ძალდატანების სიყვარულისა და პატივისცემის ხარჯზე სრულიად უთქმელად ცვლის ადამიანს და აღმოფხვრის მის ყოველგვარ უარყოფით ქცევას .

 

 

 

*******

დღეები გამიზნულად მიდიან, დრო დაუღალავად იცვლება, ერთ დროს მეორე ენაცვლება და ასე განუწყვეტლივ. შენც შენდაუნებურად მიყვები მის მოძრაობას, მაგრამ ყველაზე რთული მაინც ის არის როცა თვით შენი ცხოვრებაა ნაკლებ გამიზნული. ვცდილობ ჩვეული ცხოვრების რიტმს დავუბრუნდე. სამსახურიდან გაგდებას ჩემდაგასაკვირად გადავრჩი. მაპატიეს გაუფრთხილებელი გაცდენები, ასე რომ იგივე გრაფიკით ვმოძრაობ, დილით სამსახურში მივდივართ მე და ჯეიკობი, მეგობრების გარემოცვა და სახლი, სადაც ჩვენი უკვე ნაკლებად ფერადი, სიშავე შეპარული პლანეტა გვხვდება. ერთი შეხედვით თითქოს ყველაფერი კარგადაა, თუმცა ჩემში მიმდინარე ცვლილებებს ვერ ვეგუები. შესაძლოა და თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ეს მესიჯი ვიღაცამ მოიგონა ჩემი ცხოვრების დასანგრევად, მაგრამ არც ესაა შვების მომტანი, რადგან გამოდის რომ ვიღაც ჩემთვის საყვარელი და უახლოესი ადამიანი მწარედ მეპირფერება, არც სიტყვა „თითქმის მჯერა“ მომწონს ჯეიკობთან მიმართებაში. სახლში ჩვენი გართობებიც და ჩვენი შექმნილი პლანეტაც გაუფერულებული და მოსაწყენი მეჩვენება უკვე. ვეღარსად ვიღებ სიამოვნებას, რადგან ყველა ახლო და ჩემთვის საყვარელ ადამიანს კრიტიკით ვუყურებ, თითოეულ სიტყვას და დეტალს ვუღრმავდები, თითქოს ვცდილობ, რომელიმე გამოვიჭირო და ამოვიკითხო. ბევრი მეუბნება, რომ შევიცვალე. დარწმუნებული ვარ ამას ჯეიკობიც ამჩნევს, მაგრამ არ მეუბნება, ალბათ იმ იმედით, რომ ისევ ძველი მე დავბრუნდები. ზოგჯერ სიბრალული მიპყრობს ჩემს თავზე, ჯეიკობზეც გული შემტკივა, რადგან გარკვეულწილად მანაც დაკარგა ის სილაღე რაც გვაკავშირებდა. მღლის საკუთარი თავი და მგონია, რომ უფრო მეტად ვღლი ადამიანებს, თუმცა არვიცი შევძლებ თუ არა ისევ ძველებურად რომ ვიყო. ალბათ თვითონ ადამიანის ბუნებაა ასეთი, ასეთი ეჭვიანი და რაღაცნაირად რთული, რომელიც ვერ ეგუება მის ირგვლივ ცხად სიყალბეს და შეურაცხყოფას, ჰო ალბათ ადამიანია ასეთი თავისი საზარელი ბუნებით ან მე, მე ვარ ასეთი რთული ყოფილ დეპრესიულობასთან ერთად.

 

 

 

 

 

********

და იცით რა ყოფილა ყველაზე საშინელი შეგრძნება?

- უნდობლობა!

ჰო, სწორედ, როცა კარგავ ადამიანებისადმი ნდობას, რთულია მასთან ურთიერთობის გაგრძელება, რთული და თითქოს უკვე უაზრო, აზრგამოცლილი ხდება, რადგან ირღვევა გენიალურობა, იმიტომ რომ ირღვევა სიმარტივე. ურთიერთობა კი სიმარტივის გარეშე ხდება ჯოჯოხეთური, დამღლელი ძალდატანებითი ყოველდღიურობა, რომელმაც შეიძლება სიგიჟის ზღვართან მიგიყვანოს. იღლები საკუთარი თავით, საკუთარი ეჭვებით, როცა არ ენდობი ადამიანს თითოეული სიტყვისა და ქმედების უკან რაღაც სხვას ეძებ, ეჭვით უყურებ და მთელი მონდომებით ცდილობ მის გარკვევას და გამოცნობას, შესაძლოა ეს ყოველივე მხოლოდ შენი ილუზიის ნაყოფი იყოს მაგრამ მას ვერ ერევი.

მისი წარმოთქმული ფრაზის უკან სულ სხვა განცდები გეუფლება, დღეს მაგვიანდება, მეგობრებთან ერთად მივდივარ, გვიან მოვალ და ასე შემდეგ ეს სიტყვები ახლა სულ სხვა გვარად ვიბრირებენ და სულ სხვა აზრებს იწვევენ ჩემში, თუ ადრე ნორმალური და ჩვეულებრივი იყო.

ასე ხდება, როცა არ ენდობიან! ასე იღუპებიან ურთიერთობები და თვით ადამიანები, უნდობლობა და ეჭვები ახრჩობთ მათ წყეულ ბუნებას...

 

 

*******

 

ადამიანურ თვისებათაგან კი ყველაზე ცუდი ალბათ მაინც უპრინციპობაა. - მერყევი, ცვალებადი პიროვნება, რომელიც სხვისი სურვილებისამებრ იცვლის დამოკიდებულებებს, ქმედებებსა თუ აზრებს. იქცევა ისე - არა როგორც საკუთარ მეს უნდა, არამედ ისე რომ სხვის თვალში გამოჩნდეს კარგი და მოსაწონი პიროვნება. ყველაზე ცუდი რამ - რაც შეიძლება ჭირდეს ადამიანს.

ეს ალბათ ვერ შემდგარი პიროვნებაა.

 

 

 

******

...შორიდან ვაკვირდები ჩემს თავს და ვხედავ ყოველდღე როგორ იცვლება, როგორ მიუცხოვდება და თითქოს ერთი ნაბიჯით ყოველდღე მიდის ჩემგან ჩემი მე. მშორდება, ცდილობს შემეწინააღმდეგოს, ჩემი ძველი მე დაამარცხოს. ახალი მე სრულიად ფერდაკარგულია, შავ-თეთრზე უფრო შავთეთრი, უემოციო, უინტერესო და ჩაფერფლილია. უსაზღვროდ აპათიური.

...და ისევ მოსვენებას არ მაძლევს, უკვე ვგრძნობ რომ მალე ჩამენაცვლება და ჩემი ყოფილი მესგან აღარაფერი დარჩება, შინაგანად შეჭამს და დაადნობს. ალბათ პერიოდულად ჩახედავს ხოლმე საკუთარ თავს თვალებში დამცინავად და ეტყვის საცოდავო, საბრალო, ასე როგორ დაგადნო დარდმა, ხედავ რა დარჩა შენგან? რატომ არაფერი გააკეთე? რატომ არ მიეცი საკუთარ თავს უფლება ყველაფრის შეცვლის? მაგრამ მისი მეორე, ღრმად მიძინებული და ჩამკვდარი მე უპასუხებს - რა, რა უნდა გამეკეთებინა? სრულიად მარტო დამეწყო ცხოვრება? ყველა მიმეტოვებინა? ბედნიერებას ხომ მაინც ვეღარ ვნახავდი? თუ დავრჩენილიყავი იმ გარემოცვაში და ყოველდღე, ყოველწამს ეჭვის თვალით მეყურებინა ჩემი ყველა უახლოესი ადამიანებისთვის. გამუდმებით მიმეყენებინა მათთვის შეურაცხყოფა ჩემი ეჭვნარევი გამოხედვით და საკუთარი თავისთვისაც?

ერთი და იგივე ფიქრები, ერთი და იგივე მოუსვენრობა, ტანჯვა და ბრძოლა საკუთარ თავთან. უფრო მეტი სისუსტე და დაღლა.

რაღაც უნდა მოიფიქრო!..

რაღაც უნდა შეცვალო!..

მკარნახობს ჩემი მე, რომელიც პერიოდულად ისევ გამოცოცხლდება ხოლმე და ცდილობს მეც შემაღვიძოს. არ უნდა ასე მარტივად დანებდეს, მიყვეს ცხოვრების დინებას და იცხოვროს უსაზღვრო უნდობლობასა და ტანჯვაში. რაღაც უნდა მოიმოქმედო! ბოლო დღეებია ხშირად მიმეორებს ამ აზრს. ალბათ ხვდება, რომ სხვაგვარად თავს ვერ დააღწევს სევდის ჭაობს და მას მეორე, სხვა, უცნობი მე შეცვლის. ეს კი არ უნდა. ის ხომ არაა მიჩვეული მარტივად ხელის ჩაქნევას, უმოქმედობას და დანებებას, რაღაც მაინც უნდა რომ სცადოს, რათა შემდეგ დამცინავად არ შეხედოს მეორე მემ და უთხრას რატომ არაფერი გააკეთე? რა სუსტი აღმოჩნდი, ყველაფერთან ერთად პატიებაც კი არ შეგძლებია და არც წარსულის დავიწყება, მხდალო!

როცა ამაზე ფიქრობს, კიდევ უფრო ეძალება სურვილი მოქმედებისა. ვერავის მისცემს უფლებას ასე დამცინავად გადმოხედოს ხოლმე პერიოდულად, რაღაც ხომ მაინც უნდა ჰქონდეს სათქმელი, რომ სცადა, რომ მოინდომა მაგრამ არ გამოუვიდა. ახლა კი ასე სრულიად შიშველი ხელებითა და უმოქმედობით არ მისცემს უფლებას ცხოვრებას და იმ მეორე ბოროტ მეს რომ მთლიანად გადათელოს და გაანადგუროს.

რაღაც უნდა მოიმოქმედო!

რაღაც უნდა იმოქმედო!

გამოსავალი!

გამოსავლის ძიება!

თითქოს ძილშიც კი ეს სიტყვები ტრიალებდა გონებაში, ღამით პერიოდულ უძილობებს უკვე საერთო უძილობები დაემატა, ყოველ ღამე მოუსვენრობა და ფიქრები მაღვიძებდა, სანამ ერთ დილითაც თვალების გახელასთან ერთად ახალმა სრულიად იდიალურმა აზრმა არ გაიელვა ჩემს გონებაში.

 

 

 

 

ელფოსტაბეჭდვა