მწვანე, თორმეტფურცლიანი რვეული (II ნაწილი)
მწვანე, თორმეტფურცლიანი რვეული (II ნაწილი)
მწვანე, თორმეტფურცლიანი რვეული (II ნაწილი)
21 ივნისი, 2019 წ.

კლინიკიდან  გამოწერის დღეს აღარ მინახავს ექიმი. არც შემდეგ, დიდი ხნის მანძილზე...

ვერ ვხსნი, რა შეგრძნება იყო ეს, რანაირი მონატრება ერქვა, რანაირი სიცარიელე.

პირველად, ალბათ, მაშინ დავფიქრდი იმ უხილავ ძაფებზე, ორ ადამიანს  რომ ერთმანეთთან აკავშირებს, და იცი, როგორი იყო ეს შეგრძნება? - რომ  შეიძლება  ვერასოდეს ნახო, მაგრამ  მაინც სულ გაქვს შეხვედრის იმედი, სულ აკლია შენ სულს მეგობარი, რომელთანაც არც ერთი საიდუმლო გაგიცვლია,  მაგრამ ყველაზე მეტად მაინც მასთან გსურს საუბარი. მამაკაცი, რომელთანაც  ხელზე - ხელის შეხების გარდა არაფერი გქონია,  თუმცა ყველაზე  ახლობელი გგონია. გგონია, რომ სულში ჩაგიძვრა და ამაზე ახლოს შენთან არასოდეს არავინ მოგიშვია.

ხომ უარსებიათ ამ უხილავ ძაფებსა და უხილავ სხეულებს? ორი ადამიანის არსება ერთმანეთთან დაუკავშირებიათ, გადაუბამთ? რამდენი დროც უნდა გავიდეს და რამდენი წელიც, არაფერი იცვლება. ისინი ვეღარ უშვებენ გონებიდან და გულიდან ერთმანეთზე ფიქრს. ასეც ამბობენ, თუ ვიღაცა ვერ აფ რით  დ აივიწყე და გამუდმებით მასზე ფიქრობ, ეს ნიშნავს, რომ ვერც მას ამოუგდიხარ გულიდანო. ვინ იცის, რამდენი გაუცნობიერებელი ფიქრი მოჰყვება სიყვარულს და ვინ იცის, ღირს თუ არა, მთელი ცხოვრება დაუთმო ერთ კონკრეტულ ადამიანს, რომელიც აგირჩევია, შეიძლება კიდეც გამოგიგონია და მერე მისთვის გიცხოვრია, მაგრამ რადგან ცხოვრება ყველაზე მძაფრი გრძნობებისთვის არსებობს,  გამოდის, რომ ეს სიყვარულიც და ეს ერთი ადამიანიც, ღირს ამ ყველაფრად.

მზადაც უნდა იყო, რომ ერთ დღესაც შეიძლება გული გაგიგლიჯონ სიყვარულისთვის...

და მაშინ?

მაშინ… ისევ  იტყვი, რომ გიღირდა?..

 

...

 

სახურავზე ფეხაკრეფით ავიპარეთ, რომ მეზობლებს არ აეტეხათ აყალმაყალი. მზის შუქი შევნიშნეთ, შუქთან ერთად დავინახეთ ჩვენი ბიჭები. მზის  სხივებივით გაგვეხარდა მათი დანახვა. ჩაწყობილიყვნენ გაყინული თევზებივით, ირგვლივ ლუდის ბოთლები ეწყოთ, ჟეშტის ყუთებში კი ნახევრად ჩაცლილი მიწის თხილი.

- ჩვენც მოვალთ რაა, - შევცინე და დადებითი პასუხის მოლოდინში ხან ერთს მივაჩერდი, ხან - მეორეს. მესამეს არ ვცნობდი და ადამიანად არ მივიჩნევდი.

ზუსტად ისე გვიყურებდნენ როგორც უსახლკარო, მშიერ, ქუჩაში დარჩენილ გოგოებს, რომლებიც თავშესაფარს ითხოვდნენ.

- უიმეე - უკმაყოფილოდ გადაიქნია თავი კოკამ და გაეცინა, - არ გვაცადოთ არაფერი!

- რაოო? რა არაფერი, - გამოჩნდა უცებ ჰორიზონტზე, სახურავის კიბესთან გატრუნული ლიზა, - რას არ გაცდით? - რას აკეთებთ? - კოკა, რას აკეთებ სახურავზე?

- ამოდი თუ ამოდიხარ და თუ ტვინი უნდა შეჭამო ჩაბრუნდი ქვევით, - მოკლედ მოუჭრა დას და მე ხელით მანიშნა მოდიო. დათამ თვალი შემავლო, როგორც გასაყიდ ძროხას.

მე არ შევიმჩნიე.

თორნიკეს ჩაეცინა.

კოკამ - აქ მოდიო...

ა, ეს ვთქვი უკვე.

თავი დაცულად ვიგრძენი, ვერ ვიტანდი დათას ჩემთან ახლოს, მაგრამ ვის ანაღვლებდა ეს ფაქტი...

კოკასთან მივედი და გვერდით მივუჯექი. მან ხელი გადამხვია და მიმიკრა. ისეთი უცნაური იყო მისი ეს ქცევა, ისეთი წარმოუდგენელი და გაუგებარი, ვერაფრით ავხსენი.

როცა გვიან, სახლში მისულმა საკუთარ თავს კითხვები დავუსვი, რატომ მოიქცა ასე, კითხვების მე თვითონ შემრცხვა და პასუხებს თავი ავარიდე. დავტუქსე საკუთარი თავი, რა დებილობები მოგდის თავში - მეთ ქი. რანაირად შეიძლება ახლა კოკას მოსწონდე ან რამე, როცა შენი ბავშვობის მეგობარია და თან მის ძმაკაცს უყვარხარ. არა, არა, სისულელეა, გავიქნიე თავი და ვიგრძენი, ზედმეტი მომივიდა. კისრის ტკივილმა ისე შემაწუხა, საწოლზე ჩამოვჯექი, თავქვეშ ბალიში ამოვიდე და ნელ -ნელა ჰორიზონტალურ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. თვალები ჭერს მივაპყარი და ფიქრი განვაგრძე, მაგრამ ახლა უკვე იმაზე ვფიქრობდი, რა მოხდებოდა ჩემ ცხოვრებაში და როგორ მოვიქცეოდი, თუ ოდესმე ექიმი გამოჩნდებოდა. მერე უცებ გამახსენდა, კისერი რომ მტკიოდა. მშვენიერი მიზეზი იყო კლინიკაში ისევ მივსულიყავი. გოგოებს მიზეზებს რა დაგვილევს თუ ვინმე მოგვწონს. მაგრამ არაა, არ გამოვა - მეთქი. ვიფიქრე, და აი, თითქმის მეძინა, რომ ოთახში ლიზა გამოჩნდა. მინაბული თვალები გავახილე და გავუღიმე.

-           ფერია - ნათლია რომ ეცხადება კონკიას, ზუსტად ასე გამომეცხადე ეხლა.

-           ჰო, ჯადოსნური ჯოხით ვარ მოსული და შენი ეზოს თაგვები ვეზირებად უნდა გადაგიქციო.

-           რა კარგიაა, - აღვფრთოვანდი და მამას გავძახე.

-           რა გინდა მამასთან?

-           რა ხდება? - შემოვიდა ლუკა.

-           გოგრა ხომ გვაქვს?

-           რად გინდა?

-           ეტლად რომ გადააქციოს ფერია - ნათლიამ.

-           რა გეშველება, შე უბედურო, - ცალყბად გაეღიმა ლიზას.

-           კი, მა, შენ თქვი და გამოვაგზავნინებ სოფლიდან, ერთ საათში.

-           ლუკა  ბიძია, თქვენც? - რანაირად შეილება ამის აყოლა.

-           რა ვქნა,  - მხრები  აიჩეჩა ლუკამ,  ორივეს თავზე გვაკოცა და ოთახიდან გავიდა.

ლიზა საწოლის პირდაპირ, ჩემს ფერად სავარძელში ჩაჯდა და ქუჩისკენ  დაიწყო ყურება.

-           ჰე, ახლა, იტყვი, რა გჭირს?

-           აუ, არაფერი!

-           მაინც, რა?

-           დავიღალე!

-           რატომ?

-           დედა...

-           კაი რაა.

-           და მამაც...

-           კიდევ? - ვერ შევიკავე სიცილი.

-           კიდევ  - კოკა.

-           კოკას რა სჭირს?

-           არ ვიცი, უჟმურად არის.

-           ეგ შენი ძმის ჩვეული განწყობაა, ლიზუ.

-           გეგონოს.

-           აბა?

-           რაღაც სჭირს... თორნიკეც  ვერაა ბოლო დროს, სულ რაღაცაზე საუბრობენ, დაძაბულები არიან, ვერ ვხვდები რაა.

-           აუუ, მგონი მივხვდი!

-           აბაა?

-           შეყვარებულები ხომ არ არიან, გოგო, და ეშინიათ ჩვენ გაგვაცნონ.

-           რანაირად ხარ ასეთი ჭკვიანი? - თვალები აატრიალა.

-           ვაიმეე, არ შეიძლება?

-           დაიძინე, გენაცვალე, კარგად გეძინა.

-           კაი რაა, ნუ დარდობ ნურაფერზე, გთხოვ, და მოდი აქ, ერთი კარგად ჩაგეხუტო!

ლიზა აიზლაზნა და საწოლთან მოვიდა, მერე მე ჩავეხუტე და ლოყაზე მაგრად ვაკოცე. როგორ  ვერ იტანდა კოცნააას...

-           არ დაწერე რამე ახალი?

-           კი.

-           მომე...

დაიხარა და ჭრელი წინდებიდან 14543- ჯერ გადაკეცილი და გაცრეცილი ფურცელი ამოიღო.

-           ვაი ... ისე შეგინახავს, თითქოს სახელმწიფო საიდუმლოება გეწეროს.

-           ჩემი გრძნობები სახელმწიფო საიდუმლოებაზე მეტია. ის მხოლოდ ჩემი, შენი და თაკოსია.

-           ვიწყებ, - ვუთხარი მკაცრად, რაც ნიშნავდა „მოკეტე“-ს. ფურცელი გავშალე და კითხვა დავიწყე.

„ - ახალგაზრდა ვკვდები, იცოდე. ვერაფრით წარმოვიდგენ, როგორ მემატება ნაოჭები სახეზე და როგორ მიჭირს ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტად არსებობა და არ მწამს, რომ მოხუცებს ყველაზე მეტად სურთ სიცოცხლე. მსურს მანამ მოვკვდე, სანამ შეუძლია ჩემს სულს იფრინოს, ინარნაროს, აკეთოს სიგიჟეები, თუნდაც მხოლოდ ფიქრებში.

არ მსურს, დაბადების დღე მხოლოდ იმიტომ მომილოცონ შვილიშვილებმა, რომ ,,გული არ მატკინონ“ უყურადღებობით.

არ მსურს, სევდიანმა მოხუცმა დავასრულო არსებობა და ძალიან მალე აღარავის სტკიოდეს უჩემობა.

თქვან - მოხუცი იყოო.

არ მსურს, საკუთარ თავს ვესაუბრო მთელი დღე, რადგან სახლში სხვა არავინ იქნება.

არ მსურს, ჩემი დაქალები ისე მოხუცდნენ, ერთმანეთთან მისვლა არ შეგვეძლოს, აჩიფჩიფებულებმა ერთმანეთის ტელეფონების ნომრის აკრეფა შვილიშვილებს ვთხოვოთ.

ცუდი სიტყვები აღარ ვიძახოთ, ძირფესვიანი გამოძიება აღარ ვატაროთ - ვინ ვინ არის.

სიცოცხლე მსურს და ჩემთვის თავისი დრო აქვს სიცოცხლესაც.

მე სიკვდილი მსურს მანამ, სანამ ლამაზი, მხიარული და ფარფატა მქვია.

სიცოცხლე მშვენიერია მანამ, სანამ გიყვარს საკუთარი თავი.

ეს აბედნიერებს.

მერე კი, მერე კი არ ვიცი რა ხდება...

ალბათ, უბრალოდ, მოვალეობები...“

-           ლიზა?!

-           ოო, ნუ დაიწყე რაა. მოგეწონა?

-           საოცრებაა და საოცრება ხარ,

-           გმადლობ, - გაინაზა და წასასვლელად მოემზადა.

-           გააკეთე ბლოგი, რაა.

-           ოო, გაჩერდი ახლა, - სიტყვა მომიჭრა  და კარი გაიხურა. მერე მე  სიგარეტის ძებნა დავიწყე თვალებით

და გამახსენდა, რომ სიგარეტს არ ვეწეოდი.

 

...

 

ჩემი რვეულის ფურცლიდან...

 

ყველას თავისი წილი დარდი დააქვს ქვეყნად, და ალბათ, ჩვენს ტკივილებს გაღვიძებისთანავე, საწოლში უნდა ვტოვებდეთ და სამყაროს ვუღიმოდეთ, მაგრამ ვერ ხერხდება ასე.

ვისაც ჯერ კიდევ შესწევს ღიმილის უნარი, გვიკვირს კიდეც, როგორ შეუძლია კარგ ხასიათზე იყოსო და არ ვფიქრობთ, რომ შეიძლება მან გაღვიძებისთანავე საკუთარი თავი ცრემლებით აიძულა, ტკივილები საბნის ქვეშ შეემალა და სახლიდან ღიმილით გასულიყო.

არ ვიცით, რა იმალება ჩვენი თვალების, ჩვენი ქმედებისათუ უმოქმედობის უკან.

არავინ იცის, რამდენად ვებრძვით საკუთარ მისწრაფებებს, შეხედულებებსა და დამოკიდებულებებს. ზერელედ ვსაუბრობთ ყველასა და ყველაფერზე, ხან კი პირიქით ხდება,  საკუთარ თავში ვიკეტებით და ვდუმდებით.

და ჩვენს ოთახში შეკეტილი ტკივილებიც, ძილის წინ ისევ საბნის ქვეშ გვხვდებიან, რომ უფრო მძაფრად გვაგრძნობინონ, როგორ მარტოა ადამიანი დედამიწაზე.

 

 

...

 

კაფეში შესული პირველივე მაგიდას მივუჯექი. კაპუჩინო მომიტანეთ - მეთქი, ვთხოვე ჟღალთმიან გოგონას. ხანდახან ისეთი შვებაა მარტო ყოფნა (თუ გაცდიან),  ზიხარ ფანჯარასთან და გასცქერი ქუჩაში მოსიარულე ადამიანებს. ათასი კარგი თუ ცუდი იდეა მოგდის თავში და ნელ - ნელა გამოდიხარ მდგომარეობიდან, მაგრამ სწორედ იმ ფიქრის  გაელვებისთანავე, რომ უკეთ ხარ და კარგია მარტო ყოფნა, თავს გესხმის სამეგობროს მთელი შემადგენლობა, ისე, რომ ხმის ამოღებასაც ვერ ასწრებ, ყველა მხრიდან ისმის სკამების რახარუხი და შეძახილები.

- გაწიე, შე ჩემა, ცოტა იქით, სკამი, გვერდით მინდა მივუჯდე.

- რანაირი ძნეყვი ხარ, უიმეე.

- ენას ამოგაცლი, გოგო, 12 კილო მაქვს დაკლებული!

- უიმე, თორნიკე, კაი, შენი ჭირიმე, ეგ ტყუილები მოყევი ლაროსთან, - არ უთმობს ლიზა.

- ვაიმეე, მომკალიით, - იცინის თაკო, - ლარო ვინ არის, ჩემო სიყვარულოო?

- ლარისა ჰქვია? - ძაან დასტოინი სახით ეკითხება დათა, - შეჩემა, გოგოს რო ლარისა ჰქვია, რავიცი რანაირად აღიქვი, ვაფშე, გოგოდ...

- ნუკი  რომ ერქვას უფრო აღქმადი იქნებოდა? - წაიბურტყუნა თაკომ.

- რა გინდა, უნდა გცემონ შენ დღეს? - გაეცინა ლიზას.

- ბიჭო, თქვენ შ.. ხომა რ გაქვთ?! - გაბრაზდა თორნიკე.

- უიმეე, რანაირი გინება იცი რაა.

- აუ, ლიზაა...

- კბილებში, კბილებში უნდა გამოღრჭნა, მაგარი ეფექტურია, უცებ მოჯდება ყველა.

- დაგბრიდავ, დიდი ხანია მე და შენს ძმას არ გვისაუბრია.  - თვალს უკრავს თორნიკე - ლიზას და ლიზამ უკვე იცის, რომ უნდა ჩაკეტოს, სანამ მის ვერზილა ძმამდე - კოკამდე არასასურველ ინფორმაციას მიუღწევია.

- მეზიზღები, თორნიკე!

- მეც!

- თოკო, გაბრიაძეა, ხო, მგონი, ლარკა? - იკითხა თაკომ.

- ლარკა ვინაა ? - ვერაფრით გავიხსენე, ვის ვიცნობდით ლარკას.

- ლარო, გოგო, - ახლა თაკოა ატეხილი.

- გაბრიაძე კი არა, გალიჩენკოა, - შეუღრინა თოკომ.

- აა, გალიჩენკო... ბავშვობიდან კარგად ვიმახსოვრებ გვარებს, - ჩაიბუტბუტა თავისთვის და სადღაც შორს დაიწყო ყურება, რომ არაფრით შეემჩნია ჩვენი სახეები, ძლივს რომ ვითქვამდით სულებს სიცილისგან.

- გალიჩენკო და გაბრიაძე... რა შუაში იყო, წავედი მე, დამანებეთ თავი, - გადის გაბუსხული და გვეჯღანება კარიდან, დაბადების დღის წვეულებაზე გამოძახებული კლოუნივით.

ჯადოსნობაა, სხვა რა ჰქვია ამას, ადამიანები რომ ერთმანეთს ხვდებიან და შეხვედრის დღიდან რომ აღარასოდეს ელევათ სასაუბრო.

არ თამაშობენ, არ მალავენ თავიანთ ემოციებს, გულწრფელი ღიმილით უსმენენ ერთმანეთს და სიცილის დროს თვალის კუთხეები უნაოჭდებათ, ღაწვები ზემოთ მინარნარებენ და მზერა უთბებათ.

თითქოს ვიღაცავ სული შეუბერა, მერე ჰაერში მიმოიფანტა და ასე იპოვეს ადამიანებმა თავიანთი ფერის მტვერი. ასეთი დაავადებულები ვიყავით ერთმანეთით ჩვენ - მე, თაკო, ლიზა, თორნიკე და კოკა.

დათა სხვა იყო, ის არ იყო მეგობარი. ის ჩემზე შეყვარებული, არანორმალური ბიჭი იყო, რომელიც  უნივერსიტეტში გავიცანი  წლების წინ და გაცნობის პირველსავე კვირას გამომიცხადა, რომ არავის მისცემდა უფლებას, ჩემს გვერდით ყოფილიყო. და არ იცოდა, რომ  აუცილებლად მოუწევდა ამ აზრთან  შეგუება, რადგან დედამიწის ზურგზე ყველა მამაკაცი რომ გაეწყვიტათ, მისი შეყვარებული მაინც არასოდეს გავხდებოდი.

პირველ დღეს ბიჭებმა შემოიყვანეს ჩვენს აუდიტორიაში. მე და თორნიკე რაღაც გიჟურ მუსიკაზე ვცეკვავდით. მაგიდასთან რომ მივედით, თითქმის არაფრად მაგდებდა კოკასთან საუბარში ისე იყო გართული.

-           გამარჯობა, - გავუღიმე უცნობს და უნებურად ისე გამებადრა სახე, შევცინე. სახე ამეწვა. კოკა გაოგნებული მომჩერებოდა.

-           რა იყო, - გავხედე გაკვირვებულმა, თითქოს ვერ მივხვდი რისი თქმა უნდოდა.

ამ დროს კოკას ჩემთვის უნდოდა ეკითხა, დეგენერატი ხომ არ ვარ , რას მივაჩერდი სახეში ამ ბიჭს.  ჩემი ბავშვობის მეგობარიაა, ჩემი ძმაკაციაა, მამიდაშვილიაა თუ ვინ არის?

ამ შეკითხვის შემდეგ მას სურვილი გაუჩნდებოდა სასადილოში ჩავეყვანე, იზოს დახლთან მივეყვანე, იზო ჩვენი კაფეს მომსახურე და ერთადერთი პერსონალი იყო, შიგნით შევეთრიე, მერე რამე მომცრო ზომის ყუთი ეპოვა, მაქსიმალურად დავეკუჭე და ამ ყუთში ჩავეტენე.

ბოლოს ამ სცენის დამაგვირგვინებელი და სუპერ ფინალი იქნებოდა ის, რომ ამ ყუთში მე არ ჩამეტეოდა სხეული და მარცხენა ფეხი დამრჩებოდა გარეთ, რის შემდეგაც კოკა ყუთს დააფარებდა თავს და ამ მარცხენა ფეხსაც მომიჭეჭყავდა.

-           არაფერი, რა უნდა იყოს, - გამიღიმა ძალით და ფიქრებით ისევ იმ ყუთს მიუბრუნდა,

რომელშიც ,,ჩატენილი ვყავდი“. ფანტაზიებში ამ ყუთზე უკვე თორნიკესთან ერთად იჯდა და რაც შეეძლოთ, მჭეჭყავდნენ  ველურებივით.

-           ხო, რავი... ავიჩეჩე მხრები და ისევ უცნობს მივუბრუნდი.

-           გამარჯობა, - ვუთხარი თავიდან.

ქვეტექსტი იყო, ,,გამარჯობა, წეღან არ მაცადეს წესიერად მოსალმება."

-           გამარჯობა, - გაეცინა დათას.

-           დაგვაცდი? -  შემომიღრინა ისევ კოკამ.

-           რა უნდაა?  - მივუბრუნდი თოკოს და გამეცინა.

-           წამო ,წამო - ხელი ჩამკიდა თორნიკემ და ისევ საცეკვაოდ გამიყვანა სიცილით.

-           ნახვამდის, გამიხარდა თქვენი გაცნობა, შემოგვიარეთ ხოლმე  - ჩამოვართვი ხელი უცნობს.

-           აქ სწავლობს, - შემომღრინა კოკამ.

მე ამაყად გადავხედე ბავშვობის მეგობარს და უმალ დავტოვე  ბიჭების  საზოგადოება.

 

...

 

კოკა

 

კოკას უცნაურად შევხვდი 15 წლის ასაკში. სკოლის სპექტაკლში რაღაც როლი უნდა მეთამაშა და  მეტროში, ვაგონის კართან ვცდილობდი როლში შეჭრას. დაელმებული თვალებით, სარკეში ვათვალიერებდი საკუთარ გამოსახულებას და ჩემთვის რაღაც ტექსტს ვბუტბუტებდი. ისე შემითრია პროცესმა, რომ  რამოდენიმე წამში საერთოდ გადამავიწყდა სად ვიყავი.  შეგიძლია, წარმოიდგინო 15 წლის, ერთი შეხედვით, სრულ ჭკუაზე მყოფი გოგო, რომელიც სარკეში თვალებს აელმებს და ამაზე ეღიმება. ნელ - ნელა როლში ისე შევედი, ჩავთვალე,  რომ თვალის გუგები მქონდა შეშუპებული და საჩვენებელი თითით ჩამოვწიე ჯერ ერთი, რომ შიგნით ჩამეხედა, დაბურული მინის მეშვეობით, შემდეგ კი - მეორე. შესაძლოა, ისიც დამეჯერებინა, რომ ბრმა ვიყავი ან ნაცრისფერი თვალები მქონდა, რომ არა ერთი შემაწუხებლად ჩემკენ მოშტერებული  ორი თვალი. დავაკვირდი და ყოველ ჩემს მოძრაობაზე უფრო და უფრო შტერდებოდა და ისეთი გაოგნებული მიყურებდა, გამეცინა.

-           დაგეხმარო რამით?- მკითხა და აღმოვაჩინე, რომ სულაც გვერდით მედგა მთელი ეს დრო და

ჩემთან ერთად იყურებოდა მატარებლის ფანჯარაში.

-           დამეხმარო? - შევუბრუნე სიტყვა.

-           დიახ. - სიტყვა შემომიბრუნა.

-           ვიფიქრე, ცოტას გავერთობოდი. მხრები ავიჩეჩე.

-           გასაგებია, - მიპასუხა თვალებდაქაჩულმა, აი, იცი, როგორმა? -  რო ლოცულობ,  ღმერთო, მალე

გაიღოს კარი, ჩავიდე და მერე სხვა მატარებელს გავყვეო. როგორც კი გაჩერდა მატარებელი, გავიდა ბიჭი ვაგონიდან და უკანაც არ მოუხედავს.

იმავე წელს ერთ კლასში აღმოვჩნდით...

სკოლა ერთი კვირის დაწყებული იყო.  დილით,  როგორც ყოველთვის, აივნიდან გადავიხედე, იქნებ ვინმე დამენახა სკოლისკენ მიმავალი, რომ მარტოს არ მევლო. ჰოდა, უცებ, ვხედავ, ერთი ახალგაზრდა მიიძურწება სკოლისკენ. შეფიქრიანებულმა გავიარ - გამოვიარე აივანზე. ტრიუკები ჩავატარე, თავი ვარდისფერი პანტერაც კი მეგონა რაღაც მომენტში, ჯერ მოაჯირს გადავეკიდე, რომ სახე დამენახა, მერე სტვენა დავიწყე, რომ ამოეხედა, ვერ ვცნობდი, მაგრამ ჩემი ვარაუდები მქონდა. ისევ გადავიხედე. ცოტა მარჯვნივ, ცოტაც მარცხნივ და კი, ნამდვილად კოკა იყო. ვიფიქრე, ხომ არ სჯობდა, არ დამეფრთხო, ჯერ წესიერად არც ვიცნობდი, მაგრამ ხომ უნდა გამეცნო, დავლაპარაკებოდი. ერთ მერხთან ვისხედით და გაკვეთილიდან - გაკვეთილამდე და შესვენებიდან - შესვენებამდე ხმას არ მცემდა. ერთ კვირაში კოკა კი არა, მთელი სკოლა გავიცანი და რა გახდა ამ ბიჭის ალაპარაკება - მეთქი, ვფიქრობდი. ჰოდა, შევყვირე დიდი ხნის მეგობარივით, როგორც კლასელებს, უბნელებს და კაი ტიპებს შეეფერებათ.

-           ჰეი, კოკა!

აი, რეაქცია იყო ასეთი - უცებ თვალები რომ გაგიფართოვდება და გაშეშდები, ყველაზე მეტად რომ არ გინდა, ის ხმა გესმოდეს, რომელიც გესმის.

-           აქ ვარ! - ვუქნევ აივნიდან ხელს, შორს მიმავალ გემებს რომ უქნევდნენ ადრე გაკრახმალებულ

და კარგად დაუთოებულ ცხვირსახოცებს  - ზუსტად ისე!

-           დილა მშვიდობისა, - მოტრიალდა და ხელი დამიქნია, თვითონაც ზრდილობიანად.

-           როგორ ხარ? - სახე მაქვს ღიმილისგან განზე გაწელილი, თან ვგრძნობ, რომ საკმაოდ.

აღზრდილი ადამიანის ქცევაა ხელის ქნევა და ძალად ღიმილი მისი მხრიდან და იხტიბარს არ ვიტეხ, ვუღიმი მაინც.

-           კარგად, შენ როგორ ხარ - მპასუხობს უხალისოდ.

არ მწყინს. ხშირად დილაობით ადამიანები განსაკუთრებულად ცუდ განწყობაზე არიან.

-           ხო გახსოვარ, შენს გვერდით ვზივარ კლასში...

ზუსტად ისე მიყურებს, როგორც არანორმალურს და ისევ ნაძალადევი ღიმილით მპასუხობს…

-           კი, მაგას რა დამავიწყებს.

-           ჩამოვალ და ერთად წავიდეთ სკოლაში!

-           ვახ, ჩემი, - ბუტბუტებს თავისთვის, მაგრამ მე უკვე გავრბივარ და მისი აღარ მესმის.

როგორც დედა ამბობს, რაც არ მინდა, არ მესმის.

-           ვინ უნდა გააგიჟო დილიდან? - იცინის მამა.

-           ჩემი ახალი კლასელია. ჩვენი უბნელები არიან, ახლა გადმოვიდნენ, - ვკოცნი და გავრბივარ.

ქუჩაში გასული, ლუბას მოქსოვილ  შარფს მთელ სახეზე ვიხვევ, მხოლოდ თვალები მიჩანს და ვუღიმი. იქვე ჩამომჯდარა, ქუჩაში მიგდებულ ლოდზე და მორჩილი ლეკვივით იცდის. არც ლეკვია, და მითუმეტეს, არც მორჩილი, მაგრამ მე ხომ მორჩილი ლეკვივით მელოდება.

-           გამარჯობა! - ვესალმები კიდევ ერთხელ.

-           გაგიმარჯოს! - იცინის. ახლა უკვე გულწრფელად.

-           ბოდიში, გალოდინე, - რაღაც ხომ უნდა ვთქვა?!

ისევ იცინის. მეც ვუღიმი, ვერ ხედავს ჩემს ღიმილს, შარფით მაქვს სახე  გაბინტული, მხოლოდ თვალის კუთხეები მინაოჭდება.

-           აქ ცხოვრობ? - მეკითხება.

-           არა,  ვმუშაობ ამ ოჯახში - საიდან მოვიტანე? ლამის დავიჯერე ისეთი სახე მაქვს.

-           მუშაობ?

-           ჰო.

-           რას აკეთებ?

-           ვალაგებ.

-           გასაგებია ... და სად ცხოვრობ.

-           ამ სახლის სარდაფში. - ვუღიმი საცოდავად, თან სახეზე კიდევ უფრო მაგრად ვიხვევ შარფს, რომ არ გამეცინოს. მაგრამ რამ უნდა გამაცინოს, ისე მიჭერს ეს ნაქსოვი შალი, ოფლი მასხამს შუბლზე, ლამის ავფეთქდე.

-           სარდაფში რატომ? - ვერ მივხვდი, - გაოგნებული მაღლა წევს წარბებს.

-           რა ვერ გაიგე, მშობლები არ მყავს, აქ ვმუშაობ და რადგან არც სახლი მაქვს, აქვე სარდაფში მომცეს პატარა ოთახი, ცოტა სიცივეა, მაგრამ რას დავეძებ.

-           ბოდიში, ახლა გავიგე.

-           არაუშავს.

-           სიცივეა? - მეკითხება ჩაფიქრებული.

-           ჰო, ცოტა.

-           შემიძლია, რამით დაგეხმარო?

ჩუმად ვარ.

-           გაწყენინე? - მაპატიე, თუ ისეთი რამ გკითხე, რაც არ გესიამოვნა, - ფორიაქობს.

-           არაუშავს, - სახე მაქვს ნამდვილი ანგელოზის, ისეთის  - მამიდაჩემიც  რომ დაიჯერებდა.

-           იმეგობრებ ჩემთან? - ვეკითხები უცებ, მართლა მიამიტურად.

-           რა თქმა უნდა, - მპასუხობს ღიმილით.

-           რატომ?

-           რას ჰქვია, რატომ?

-           ჰო, რატომ?

-           რა ვიცი...

-           იმიტომ, რომ შეგეცოდე?

-           არა...

-           აბა? ერთი კვირაა გვერდით მიზიხარ და ხმა ვერ ამოგაღებინე.

-           ეგ რა შუაშია?

-           აბა, რა არის შუაში? - დამლაგებლად რომ ვმუშაობ და შეგეცოდე?

-           გაჩუმდი  რაა , - იცინის დაბნეული.

გავჩერდი.

მორჩა, მომნუსხა. ხმა აქვს სასწაული, ძალიან მამაკაცურია. ადრე დაკაცებულიო, აღფრთოვანებით რომ იტყვიან ხოლმე ჩემი მეზობლები ვინმეზე, აი, ისეთია.  გამოვიდეს ჯერ  უბანში... მე ყველაფერი გარკვეული მაქვს. დასთან და მამასთან ერთად გადმოვიდა ჩვენს მახლობლად. დედა ემიგრანტია. კოკა ჰქვია, დას  - ლიზა.

თოვლში მივაბიჯებთ. ძალიან ცივა.

-           გინდა ხელთათმანი? - მეკითხება.

უნდობლად ვუყურებ, არ მჯერა! იზრუნა ახლა ამან ჩემზე? რატომ? რადგან  „ვალაგებ“,  რადგან „ობოლი ვარ“, თუ რადგან „სახლი არ მაქვს.“

-           არა.

-           გამომართვი და გაიკეთე, - მეუბნება მზრუნველი ტონით და თავის ხელთათმანს მაწვდის.

ხელთათმანს ვიკეთებ და დაბოღმილი მივაბიჯებ. ნერვები მეშლება, საწყალი გოგო კარგად შეეცოდაა... ხელთათმანიც კარგად ათხოვაა, მეგობრობაც კარგად მოუნდა მასთან? და ვერ გავიგე, მე, როგორც ნუკი, რით არ მოვწონვარ, ერთი? ყველა მეგობრობს ჩემთან, ყველას ძაან ვუყვარვარ და ამან რა დამიწუნა???

ხმას აღარ ვიღებთ არც ერთი. ღიმილით მომყვება გვერდში, ან პირიქით, მე მივყვები.

სკოლაში შევდივართ, მერე კლასში.

მერე ერთ მერხთან ვსხდებით.

მერე შესვლის ზარი ირეკება.

მასწავლებელი სიის ამოკითხვას იწყებს.

ჩვენ ორივე ვართ.

კოკა  ჩემკენ იწევა და ხმადაბლა ღიმილით იწყებს:

-           ნუკი ... ლუკას შვილი ხარ შენ. პატარა გათამამებული გოგო, უსაშველოდ ლამაზი და

უსაშველოდ  არასერიოზული და  აზრი არ აქვს ჩემს აგდებას, რადგან შენზე,  მეტროში შეხვედრის დღიდან მოყოლებული ყველაფერი ვიცი.

-           წავაგე, დღეს წავაგე - უკმაყოფილოდ ვბურტყუნებ ჩემთვის.

-           წააგე, ნამდვილად წააგე, - მეთანხმება სიცილით.

მთელი გაკვეთილი ჩუმად ვარ და მასწავლებელი ვერ იხსენებს მსგავს შემთხვევას გასული წლების მანძილზე.

 

...

 

დამრიგებელმა რომ შეატყო  გადასარევად სწავლობდა და გაკვეთილზე მომუწული პირით ვერც მე ავალაპარაკებდი, გვერდით მომისვა. ეს, იცით, დაახლოებით, რას შეიძლება შევადარო?  - სექტემბერს რომ ელოდები, მთელი წელი იგიჟო და უცებ გვერდით მუდო - მომუწულპირიან ახალ თანაკლასელს მოგისვამენ? - ეს იგივეა, დაბადების დღეზე ტორტის ნაცვლად ალადები გაგიკეთონ და გითხრან, სანთელი ჩააქრეო. ეს დაცინვა იყო, რომელიც ცხოვრებამ მომიწყო. ეს გამოწვევა იყო, შევძლებდი თუ არა უჟმური სუბიექტის ალაპარაკებას.

პირმომუწული ბიჭი, პირველი გაკვეთილი რომ დაიწყებოდა, მასწავლებლის მიერ დასმულ შეკითხვაზე თუ ამოიღებდა ხმას, თორემ მთელი დღე იჯდა თავისთვის და მხოლოდ მაღალკლასელ გოგოებს ეკონტაქტებოდა შესვენებაზე, ისიც იმიტომ, რომ ეს ტრიპაჩკები მოსვენებას არ აძლევდნენ.

იქნებ ჭამა უნდა, იქნებ გარეთ უნდა გავიდეს ,,რვეულების ქალთან", იქნებ საპირფარეშოში უნდა, რავიცი მე, ათასი რაღაც შეიძლება უნდოდეს და ეს უწუ-პუწუ გოგოები მოაკითხავდნენ გაკვეთილის ბოლოს და ეტლიკინებოდნენ, სანამ ზარი დაირეკებოდა. გაკვეთილის დაწყებისთანავე ის ისევ მუნჯ მანიაკად გადაიქცეოდა და ვიტანჯებოდი 45 წუთი.  მშვიდად ჯდომით ვიტანჯებოდი. როგორია, ხმის გამცემი რომ არ გყავს, ეს ხომ კატასტროფაა. გაკვეთილზე მინდოდა მე ლაპარაკი, თორემ რომ  გავიზრდებოდი, მერე რა ჯანდაბად  მენდომებოდა, ისედაც ხომ ვილაპარაკებდი. რა ფენომენი იყო ვერ ვხსნიდი, რანაირი ბავშვი იყო.

ყირაზე გადავდიოდი მისი ყურადღების მისაქცევად. მართალია, ძირითადად არაკეთილსინდისიერი იდეები მომდიოდა, მაგრამ როგორ არ ვცადე, ხან მუჯლუგუნებით (საკონტროლის ვწერ და ხელს მიშლი, ბიჭო!), ხან პირში მცინარი იდიოტი ბავშვის სახით და აფერისტული გამოსვლებით, (ვაიმეეე, რა ლამაზად წერ, შენით ისწავლე? )

ხან მუქარით, - აი ახლა თუ ხმას არ ამოიღებ, შენ ნახავ მასწავლებელს რაებს მოვუყვები შენზე და აი, ეს ოდნავ ეფექტური იყო, მაშინვე თავს წამოყოფდა წიგნიდან და რაებსო? - შემაგებებდა კითხვას.

-           რაებსაც!

-           ჰოდა, თქვი რაებს.

-           ჯერ ერთი, რაებს არა, რას! -  და შენ, იცი, მაღალი შეფასება რატომ გაქვს? იმიტომ, რომ მტირალა,

მანჭია მაიმუნი ხარ!

-           სად გინახავს ჩემი ტირილი, გოგო, - ეცინებოდა ასეთ დროს.

-           როგორ არა, საპირფარეშოსთან რომ იდექი დღეს, ვიღაც მაღალკლასელ ბიჭებთან ერთად, აი,

მაშინ დაგინახე როგორ ღნაოდი.

-           ფული წამართვეს, - თქვა თითქოს არაფერი.

-           რააა? - მართლა ტიროდია? - ავიმრიზე.

-           ჰო, რა მოხდა, არ ტირიან ბიჭები? სულ ასე არ მატირებენ? ფულს მართმევენ, ხან მამა  რომ სახლიდან კარაქიან პურს მატანს, იმას მართმევენ, ხან რას და ხან - რას. არ მინდოდა ამ სკოლაში გადმოსვლა. ძველ სკოლაში ასე არ მექცეოდნენ, იქ,  უბრალოდ, ფულს მართმევდნენ და კარაქიან პურს მაინც ვჭამდი.

-           რომ აღარ მოიტანო?

-           ხანდახან არ მართმევენ.

-           და არ გიტყდება. ბიჭოო? - თვალები უკვე შუბლზე ამაქვს.

-           რა ვიცი, არაა. შიათ, ალბათ, თან. მამაჩემიც სულ მასე იყო. ახლაც სახლშიც სულ ასე ხდება, დედა სულ ჩაგრავდა მამას, მაგრამ სიყვარულით, რა ვიცი ... რა იყო, შენთან ასე არ ხდება? - გულწრფელად უკვირს თითქოს.

-           აჰა, არაა, - ვუღიმი ნაძალადევი ღიმილით, - კარგი, მიდი, იმეცადინე, აღარ შეგიშლი ხელს.

-           მადლობა, - ჩაეღიმა და ზემოთ აიხედა.

მადლობას უხდიდა მგონი ღმერთს, რომ შევეშვი. გაოგნებული ვიჯექი და ვფიქრობდი, აი, ამ სულელი, ქალოია ბიჭისთვის გადავდიოდი ასე, ყირაზე? თურმე ფულს ართმევენ, გოგოსავით ატირებენ. მამამისს აწამებენ სახლში და ეს არც უკვირს ღმერთოო და ჩემს კაი ტიპ მამაზე მეკითხება, მამაშენი ასე არ არისო? და ჩემს სიფრიფანა დედაზე მეკითხება, ისიც ასე არ ექცევაო? ღმერთო, რამხელა იმედგაცრუება იყო ეს ჩემთვის! კლასში გადმოდის ახალი ბიჭი და შენ გგონია რომ ვიღაც კარგი ტიპის გვერდით დაგსვეს, ჯერ ის რომ ყურადღება ვერა და ვერ მიიქციე, მიიქციე როგორღაც ბოლოს. ახლა გადაწყვეტილების მიღების დროა! ცოდოა ეს ბავშვი, დაიჩაგრება ამ სკოლაში, და შენ, როგორც ცოტა, ძაან არანორნალურმა და ყველა ბიჭის ახლო მეგობარმა, შენს თავზე უნდა აიღო მისი დაცვა. ბოლოს თანაგრძნობით გადავხედე და ძლივს გავბედე, ხელით - ხელზე შევხებოდი, იმის ნიშნად, რომ მის გვერდით ვარ.  გაოგნებულმა შემომხედა და მე არ შევიმჩნიე. გავუღიმე ისევ და ნურაფრის შეგეშინდება - მეთქი, ვუთხარი, და აი, სწორედ მაშინ მოვტყუვდი! გეოგრაფიის მასწავლებელს ყელში ამოუვიდა ჩემი გაუთავებელი ლაქლაქი, მამაჩემთან ძველმა ნაცნობობამაც არ უშველა და ნიშნისმოგებით მომაჩერდა სახეში.

-           თქვენო უსუსურებავ და სიფარფატევ, გამობრძანდით დაფასთან!

გაკვეთილებს ყოველთვის ვსწავლობდი. დავალებებსაც ყოველთვის ვწერდი, მაგრამ გეოგრაფია ნამდვილად არ იყო ჩემი ძლიერი მხარე, ამიტომ უკმაყოფილოდ ავიზლაზნე და დაფასთან გავედი.

 

 

...

 

პატარა,  ვიწრო და მშვიდ ქუჩაზე ვცხოვრობდით. სკოლაც ამ ქუჩაზე  გვქონდა.  მე და კოკამ იმავე მერხთან დავასრულეთ სწავლა, რომელ მერხთანაც დაგვსვეს მეცხრე კლასში. არც ერთი დღე გაგვიტარებია უერთმანეთოდ, გარდა ზაფხულის არდადაგებისა. ჩემ ჩრდილად იქცა, საუკეთესო მეგობრად, მისი იმედი არასოდეს დამიკარგავს. შემდეგ ლიზა გავიცანი, მისი და.

მეცხრე კლასში, რაღაც სისულელეები რომ მელაპარაკა, კარაქიან პურს მართმევენ სკოლელები და  მჩაგრავენო, დიდი ტყუილი აღმოჩნდა, მაგრამ მე მანამ არ მოვეშვი მის „დაცვას“ და „მფარველობას“, სანამ სამასწავლებლოს წინ არ სცემა ჩემს  გამო , ორი უფროსკლასელი და სკოლიდან გარიცხვასაც ძლივს გადარჩა. მას შემდეგ აღარასოდეს მიცდია მისი აღქმა, როგორც პატარა შეშინებული წიწილის, და როცა ეს გავიაზრე, მივხვდი, რომ ის საკმაოდ მიმზიდველი და ჭკვიანი  ბიჭი იყო. როცა ამას მივხვდი,  იმასაც მივხვდი, რომ მისი ჩემდამი დამოკიდებულება არ იყო სიმშვიდით სავსე და ისეთი მეგობრული, როგორადაც ყოველთვის აღვიქვამდი. ეს მე მაბნევდა, მაწუხებდა და ყოველთვის ვარიდებდი თავს მეფიქრა მასზე, როგორც ... როგორც არავისზე... დავივიწყოთ ეს ამბავი...

როცა გავიზარდეთ, დიდები გავხდით, ჩვენი თავები ჩავიბარეთ და ჩვენი მომავლის შენება დავიწყეთ, ერთი ჭკვიანი ადამიანი დაფიქრდა და თქვა, მოდი გავაკეთებ ამ ქუჩაზე პატარა ბარს ... ორნამენტებიანი ლამაზი სკამებით, მრგვალი მაგიდებით, მსუბუქი განათებით, კარგი დასალევით, და რაც მთავარია, კარგი მუსიკითო. ეს ბიჭი იყო თოკო... თორნიკე. ჰოდაა, ადგა და თავისსავე სახლში გააერთიანა საძინებელი და სასტუმრო ოთახები. შეღება ლურჯად, მოშავო ლურჯად  და აავსო კედლები ,,ციური სხეულებით“. მსუბუქად გაანათა ოთახი, ხის მაღალი სანათებით. ამ სანათებს ჰქონდა პატარა თაროები, დაალაგა წიგნები და პატარა ქოთნებით -დეკორატიული მცენარეები. სამუშაო მაგიდა ჩაანაცვლა პატარა სცენამ. სამზარეულო - ბარმა. დაიდგა მრგვალი მაგიდები, გარშემო მსუბუქი სკამებით. სკამები იყო თეთრი და ხის და ყველა ბალიში, რომელიც სკამებზე იდო იყო ფერადი. ამ ბალიშებს ის ადამიანებს ადარებდა, მათი განწყობის მიხედვით.

როგორც ხდება ლურჯი - სიმშვიდე იყო.

ნარინჯისფერი - სილაღე.

წითელი - სიგიჟე.

ყვითელი - ბედნიერება.

შავი - სიცარიელე, თუმცა შავი ბალიში არ ჰქონდა, მისთვის ადგილი ვერ მოიძებნა.

იყო ორნამენტებით ... შაბიამნისფერში, საინტერესო ადამიანებისთვის.

იყო ორნამენტებით - ვარდისფერში, ნარნარებისთვის.

იყო ნაცრისფერიც, აი, ისეთებისთვის, ცხოვრება რომ ეზარებათ.

შედიოდი ამ კაფეში და ბალიშს თვითონ ირჩევდი. ბალიშის მიხედვით განწყობას ირჩევდი. მერე განწყობის მიხედვით გირჩევდნენ შენ ადამიანები. იქ ყველა ერთმანეთს იცნობდა. ჩვენი პლანეტა იყო  და ამ პლანეტაზე მოგვწონდა არსებობა ... სრული თავისუფლება სუფევდა ირგვლივ და ეს თავისუფლება სწორად აღქმული სიამე იყო ჩვენი ცხოვრების.

მე და ლიზა საღამოობით ბარში  ერთად  ვმუშაობდით. მამა ახირებას ეძახდა, მეგობრები - სიგიჟეს, ლიზა კი -სწორ გადაწყვეტილებას, რადგან მე იქ ვიყავი, სადაც თვითონ ატარებდა დროის უმეტეს ნაწილს. თითქმის ნახევარი წელი იყო გასული, ჩემი ტვინის შერყევიდან. ყოველი ღამე იმაზე ფიქრში გადიოდა, როგორ მებრძოლა საკუთარ გრძნობებთან. მერე ვუსვამდი შეკითხვას საკუთარ თავს - რა მინდა? - რა უფლება მაქვს მიყვარდეს? -  რა უფლება მაქვს ვფიქრობდე? და მორჩა. სრულდებოდა სადღაც, რაღაც წერტილში და მე ჩემ ცხოვრებას ვაგრძელებდი, ის კი, ალბათ, თავისას. ღამის ორი საათი იყო ბარში  რომ უცნობი ახალგაზრდა შემოვიდა და ჩემკენ წამოვიდა. სკამზე ჩამოჯდა, უფრო სწორედ დაეგდო  და დამისხიო, მთხოვა.

-           რა დაგისხათ?

-           რაც  გაგიხარდება.

დავუსხი.

-           მადლობა. - ამომხედა მადლიერმა.

-           არაფრის, - ვუღიმი. კეთილია, რაღაცნაირი სახე აქვს, პატარა ბავშვივით წრფელი თვალები და  სითბო მოაქვს მის თვალებს.

-           რა გქვია?

-           ნუკი.

-           ნუკი... გუშინაც გნახე.

-           კარგია.

-           ძალიან გიხდებოდა  შავი კაბა.

-           გუშინ შავი კაბა არ მცმია.

-           ბოდიში, მწვანე მაისური გეცვა და ლურჯი ყვავილებიანი შარვალი.

-           ღმერთო, რა ფერთა გამა იქნებოდა, - ჩავილაპარაკე ჩემთვის, - საერთოდ არ მაქვს მწვანე მაისური და ლურჯი, ყვავილებიანი შარვალი.

-           ნუ რაც გეცვა, გიხდებოდა, - დაყარა ფარ-ხმალი და დალია. ვუღიმი და მოპირდაპირე მხარეს კოკას ვხედავ, რომელიც მზად არის  მაგიდებზე სუპერმენივით გადმოფრინდეს, უცნობს ხელი წაავლოს და არც ისე მზრუნველი მოძრაობებით ბარიდან გააგდოს.

-           შენ დამშვიდდი. - ვანიშნებ და „დაკვირვებულ“ სტუმარს ვუბრუნდები.

-           ხომ არ გინდა ტაქსი გამოგიძახო?

-           უკვე წავიდე? - მიყურებს გაოცებული.

-           შემოგთავაზე, - ვუღიმი.

-           მანქანით ვარ.

-           ამ მდგომარეობაში?

-           სულ ასე დავდივარ.

-           ალბათ, არავინ გყავს ისეთი, ვის გამოც ცხოვრება გიხარია, - ჩავიცინე გამაღიზიანებლად.

-           ეე, ასე რატომ მეუბნები.

-           იმიტომ, რომ ადამიანები, რომლებიც არ უფრთხილდებიან თავიანთ ცხოვრებას, მეტს არ იმსახურებენ.

-           შენ უფრთხილდები?

-           მე - ძაან.

-           რით?

-           საჭესთან ნასვამი არ ვჯდები. - დავფიქრდი და გამეცინა.

რატო ვეტიპებოდი ამ ბიჭს? რით ვუფრთხილდებით გოგოები საკუთარ ცხოვრებას? გიჟებივით დავქრივართ სოლარიუმიდან - სოლარიუმში, ხან ოქროსფერი რუჯი გვინდა, ხან შოკოლადისფერი, მერე სანამ მკერდი ან საკვერცხე არ აგვტკივდება, აზრზე ვერ მოვდივართ, ფრჩხილებზე შილაკს ვიკეთებთ, თმას ქიმიით ვიხვევთ, სახეზე უცნობი და უცნაური ფერის თუ წარმოშობის ნიღბებს ვიდებთ, დღეებს სიგარეტის ხრჩოლვაში ვატარებთ, თვითმკვლელი დიეტით ისეთ დეპრესიაში ვიგდებთ თავს , ბურგერებს ვხედავთ სიზმარში, რომლებიც თითქოს უკან მოგვდევენ, რომ ყელი გამოგვჭრან და ახლა ვზივარ და ამაყი, ოდნავ ცინიკური სახით უცნობ ახალგაზრდას ვარწმუნებ, რომ საკუთარ ცხოვრებას ვუფრთხილდები.

-           არ იცი, ალბათ, მანქანის მართვა და მაგით ცდილობ გამართლებას - გაეცინა მასაც.

-           ჰო.

-           გიხდება სიცილი. მიყვარს გოგოები, სიცილი რომ უხდებათ. იცი, როგორი სიცილი გაქვს? - თვალები გიწვრილდება, ლოყა გეჩუტება და მთელი სახე გიცინის, თითქოს შენზე ბედნიერი დედამიწაზე არავინ დადის.

-           რანაირი სენტიმენტალური ხარ.

-           რა არის სასაცილო მერე, ცუდია?

-           პირიქით.

-           იცი, ბავშვობაში ,,ვეფხისტყაოსნის“ სწავლას რომ მაიძულებდნენ, თავის მოკვლა მინდოდა.

-           მე კიდევ, მჯეროდა, ,,ვეფხისტყაოსნის“ მოყოლას რომ დავიწყებდი, დენი მოვიდოდა, რადგან შოთა იღბლიანი კაცი მეგონა.

-           ცინიზმია.

-           ჰო.

-           მძიმე დღე მქონდა დღეს.

-           რატომ?

-           შეყვარებულს დავშორდი, დამისხი, მოგიყვები.

-           ღმერთო, დაიწყო, - დავასხი ცოტა არაყი ჩემთვისაც და მოსასმენად მოვემზადე.

უკვე ათასი ისტორია მქონდა მოსმენილი, ყველანაირი. ისტორიები იმ ბალიშებს ჰგავდა, რომელსაც ირჩევდნენ შემოსვლის დროს სტუმრები. მაგრამ ეს ისეთი მთვრალი იყო, ჯერ ერთი, რა ბალიში, მეორეც, ნაცრისფერს ან ყავისფერს შევურჩევდი, თუმცა, ყავისფერი ბალიში დაკავებული იყო. მფლობელი, სახელად კოკა, ნამდვილად ღირსეულად ინარჩუნებდა მას და შეინარჩუნებდა, ალბათ, საუკუნეების მანძილზე, რადგან თითქმის არ ვიცნობდი არავის - მასსავით უხასიათოს და არაადეკვატურს. ხუთ   წუთში ერთხელ ჩვენკენ იყურებოდა და ყავისფერი ბალიში ( რომელიც ბარში შემოსვლის დროს მომენტალურად მას გადაეცემოდა ), შიგადაშიგ სახესთან მიჰქონდა, რომ თავისთვის „ჩაყმუვლების“ ვარჯიშები გაეკეთებინა, ასე აკეთებდა ძლიერი აგრესიის დროს.

„ჩაყმუვლების“ ვარჯიშზე მოგვიანებით.

ახლა ეს ახალგაზრდა მყავდა მისახედი, სანამ „ყმუილის“ მოყვარული გამოაფხიზლებდა. ისტორიის მოყოლას რომ მორჩა, წავედიო, წამოხტა.

-           მოდი, დავურეკოთ შენს რომელიმე მეგობარს, რომ სახლში წაგიყვანოს, - შევთავაზე უცნობს.

-           არ მინდა.

-           შენ შეიძლება არ გინდა, მაგრამ ვერ მოგცემ უფლებას,საჭესთან ამ მდგომარეობაში დაჯდე, ამიტომ მომეცი ვინმეს ნომერი, რომ დავრეკო.

-           არა!

-           კარგი, შეხედე შენს უკან რომ ტიპი ზის და აქეთ იყურება, ხომ ხედავ.

-           ჰო, მერე? - გახედა კოკას.

-           აი ის, ბატი-ბუტებივით რომ აზის კუნთები.

-           რისი თქმა გინდა?

-           არაფრის, ღმერთმა იცის, უბრალოდ, პოლიციელია და ერთი სული აქვს და ელოდება, როდის მიუჯდები მთვრალი საჭეს.

-           ნასვამი, - შემისწორა თითის აწევით.

-           ბოდიში, ოდნავ ნასვამი, - გავუღიმე ზრდილობიანად.

-             ბოზი ეგ, - ჩაილაპარაკა თავისთვის, მერე ცოტა ხანს იფიქრა და თავისი ტელეფონი მომაწოდა.

-           იპოვე საბა და დარეკე.

-           მადლობა ღმერთს. - გამოვართვი და ნომრის ძებნა დავიწყე, შემდეგ  იყო „call” ,  უცნობი მამაკაცის უცნაურად ნაცნობი ხმა და შემდეგი ნახევარი საათი, სანამ ბარში  შემოვიდოდა - ექიმი.

დავინახე და გამეღიმა, ეს ღიმილი რაღაც ირონიული იყო. ცხოვრებისეული ირონია, რომ არ იცი, როდის რას გიმზადებს და თან რომ დარწმუნებული ხარ, რაღაცას გიმზადებს.

ჩვენკენ წამოვიდა და ძმაკაცის გვერდით დაჯდა.

-           გამარჯობა, ნუკი, - მომესალმა ღიმილით, თითქოს არც  გაკვირვებია რომ ასე მოულოდნელად შევხვდით ერთმანეთს.

-           გამარჯობა, ექიმო - გავუღიმე და გვერდზე მჯდომს გავხედე.

-           საბაა, მოხვედიი? - დაუტყაპუნა ხელი ზურგზე და თითქმის გადავარდა სკამიდან.

-           ნელა, შეჩემა - ხელი წაავლო საბამ.

-           ლულუსთან ვიყავი, ჩემო ძმაო.

-           მერე? - გაეცინა საბას ძმაკაცის გულდაწყვეტილ ხმაზე და შემომხედა.

-           მერე, კიდევ ერთხელ დამიკიდა.

-           არაუშავს, ძმაო, გვიკიდებენ ხანდახან ქალები, - გაეღიმა და შემომხედა.

-           დალევ რამეს? - ვკითხე  ხმადაბლა.

-           არა.

-           ჰოდა, ეგ ვერ გამიგია, რა პონტში გვიკიდებენ.

-           რავი, არ ვევასებით.

-           ვის, ტოო, ქალებს?

-           ქალებს, - ისევ გაეღიმა ექიმს.

არ ვიცი, როგორ ავხსნა და როგორ ვამტკიცო, მის ღიმილში სიყვარულს ვხედავდი - მეთქი, მაგრამ რომ მათბობდა, რა მექნა? მაბნევდა და მადნობდა, მაშტერებდა და თავგზას მირევდა?! თითქოს მის ღიმილში მთელი სამყაროსადმი სიყვარული იყო ჩადებული და  პატარა ჩიტივით ვიყავი გალიაში გამომწყვდეული. ლიზა გამოჩნდა, ხალისიანად მიესალმა ორივეს და გვერდზე გამიყვანა.

-           ვინ არიის?

-           რა იყო?

-           ხომ იცი, არ ვარ ვალდებული ყველას მივესალმო და  არც ვესალმები არავის, მაგრამ ეს ძალიან მამაკაცურია, თან თითქოს ნანახი მყავს...

-           დამშვიდდი, თორემ აგერ ორ მეტრში შენი ძმა გვჭამს თვალებით და ოცნებობს, რომ ორივე აკენწლოს  ბურთივით, - თვალი ჩავუკარი ლიზას.

-           ვაიმე, არა მარტო ჩემი ძმაა, - თვალი ჩამიკრა ლიზამაც, ნიშნისმოგებით და შემოსასვლელი კარისკენ მიმაბრუნა, სადაც აუტანელი არსება ახლახანს შემოსულიყო და ბიჭებს ესალმებოდა.

-           ღმერთო, ალყაში ვართ, დათა როდის მოვიდა? - გამეცინა.

-           იყნოსა სიმპათიური ბიჭი შენს ახლო - მახლოს და უმალ აქ გაჩნდა. - ზურგი მაქცია ლიზიკომ.

-           კუდუსუნს ნუ მიცანცარებ შეენ! - საჯდომზე მოვცხე ხელი  და ჩემ საქმეს დავუბრუნდი.  ჩემ საქმეს და არა საბას! თუმცა - არა.  მაშინაც ვიცოდი, რომ თავს ვიტყუებდი და ახლაც და ყოველთვის ვიცოდი ეს. მომავალში, როცა ბევრად მძიმედ წავიდა ყველაფერი, ბევრად უფრო გაჭირდა სიმშვიდის მოპოვება, თუნდაც სულიერი და თუნდაც გარემო პირობების გამო, ყოველთვის ვიცოდი, რომ მე ამაზე ისევ წავიდოდი, ისევ გავრისკავდი, ისევ თავიდან გავიღებდი საკუთარ თავს.  და ამ სიყვარულით ვიცხოვრებდი სრულიად მარტოც.

-           წავიდეთ, - წამოდგა ექიმი და ხელი მოხვია ძმაკაცს.

-           უკვე?

-           ჰო, ჩემთან წავიდეთ.

-           არა, უნდა მივიდე სახლში.

-           ჩემთან მიმყავხარ, - მოუჭრა საბამ, მერე ორი წამით შეყოვნდა, ჩემთან მოვიდა და შემომხედა.

-           ნუკი!

-           დიახ?

-           დამირეკე, გთხოვ!

თვალებში მიყურებდა. მოშორებით, მის უკან  მდგომ დათას გავხედე და მივხვდი, სულ მალე გაჩნდებოდა ბართან, თუ დროზე არ წავიდოდა საბა, ამიტომ სწრაფად გავეცი პასუხი, რაღაც ამოვილუღლუღე, დაგივსდრლეჯაგდჰგკცფვუიოცჯდლცჰკჰვ...  აი, რაღაც ამ სიტყვის მსგავსი და ოდნავ ვუბიძგე ხელით - წასულიყო. ვერაფერი გაიგო და ძმაკაცთან ერთად ბარიდან გავიდა.

-           ღმერთოო, -  ემოციისგან ღონემიხდილი  ჩამოვჯექი.

-           ეს ბოლო რა სიტყვა იყო? - სადღაც  მაგიდის ქვემოდან გამოძვრა ლიზა.

-           მთელი ეს დრო გვისმენდი?

-           ჰო, აბაა, რამდენი ილაპარაკეთ თან. - გადაიქნია თავი.

-           დამისხი რამე, ხელში ჩაგაკვდები ახლა.

-           სახლში წადი.

-           წავალ. ავდექი და გიჟივით გამოვვარდი ბარიდან. მინდოდა დავმჯდარიყავი ოთახში, თაროდან ამეღო ჩემი რვეული, რომელიც მწვანე იყო, რომელსაც თორმეტი ფურცელი ჰქონდა , რომლის პირველ და მეორე გვერდსაც ჩვენი დიალოგი ჰქონდა დამახსოვრებული, ბოლო გვერდზე კი გოგოებს მიეჯღაბნათ ფერადი, ბრჭყვიალა პასტებით რაღაცები და მეწერა ბევრი.

ბევრი და სიყვარულით.

მეწერა სავსეს, რაღაცნაირად საკუთარი თავიდან გადმოსულს, მონატრებულს, ნაღვლიანს.

მეწერა ამოუცნობ გრძნობებზე, გაუგებარ ემოციებზე, გეგმებზე, იმედებზე, ან უბრალოდ, ამეღო საწერი კალამი და ვერაფერი ვერ დამეწერა.

დამეჯღაბნა ჯერ ერთი ფურცელი, მერე მეორე, მესამე, მეოთხე, მეათე და სიტყვები ვერ მომეძებნა ჩემი გრძნობების შესაფერისი. ვერ მყოფნოდა ყველა ის სიტყვა, რაც არსებობს და ვერ გადმომეცა ყველაფერი ისე, როგორც მსურდა. სახლში მისულს მამა ეზოში დამხვდა, თავის სავარძელში იჯდა, მაგიდაზე ცხელი ჩაი ედგა და მიცდიდა.

 

-           მამა, რატომ არ გძინავს?

-           გელოდებოდი.

ვუყურებდი და მაგონდებოდა,  როგორი იყო ის წლების წინ.  ვუყურებდი და ვფიქრობდი,  როგორ პატარავდებიან მამები თავიანთი გოგონების გარეშე.

ეზოში, სკამზე ჩამოჯდებიან და ერთ წერტილს შეჰყურებენ.

მაჯის საათზე დროს ითვლიან და ეს დროც მათ ჯინაზე იწელება.

მერე ის სიმღერა აეკვიატებათ, ბავშვობაში, ძილის წინ რომ უმღეროდნენ და ღიღინებენ თავისთვის. ადგებიან, წელში გაიმართებიან , გაივლიან , გამოივლიან, ჭიშკართან მივლენ, გააღებენ, გაიხედავენ...

არ ჩანან ჯერ ცეკვაზე წასული პატარა გოგონები.  არც მერე ჩანან, როცა იზრდებიან და კიდევ უფრო მეტად იკარგებიან დროსა და სივრცეში.

მერე მამები ხმაურით დაკეტავენ კარს და ისევ ჩამოსხდებიან.

და ელიან ასე საათობით პატარა გოგონებს, მათთვის პატარებს და ვიღაცისთის უკვე გაზრდილებს, ლამაზებს, სასურველებს, აუტანლებს.

ელიან მოცლილი კაცებივით.

უსაქმური კაცებივით.

არანორმალური კაცებივით და ერთი სული აქვთ, შეაღონ ჭიშკარი  გოგონებმა.

იქვე, ეზოში მიაგდონ თავიანთი ჩანთები და სულში ჩაეკრან მამებს.

მამებს , რომლებისთვისაც სამყარო იწყება ამ გოგონებით.

 

 

გქონია შეგრძნება, ცრემლები სადღაც გულ-მკერდიდან რომ ამოგდის და თვალებიდან კი არ გადმოდის, არამედ, თითქოს პირიდან ცდილობს, განთავისუფლდეს?

არ ვიცი, რა ჰქვია ამას, ვერაფერს ვარქმევ, ვერაფერს ვადარებ. ტკივილი ჰქვია. ხომ ყველას ცხოვრებას ახლავს დრამა, მაგრამ ვინც ამას ეძებს, მათი ცხოვრება განსაკუთრებით დრამატულია.

მე არასოდეს მიძებნია დრამა ცხოვრებაში. ზოგჯერ  ჩვენდა უნებურად, ჩვენი გული აკეთებს დრამატულ არჩევანს და შენ ამ დროს ვინ ვართ?!

ბარში მისმა ნახვამ ბოლო მომიღო და  რამოდენიმე დღის შემდეგ, როცა  პირველად  გავიგე, რომ საბას ცოლი ჰყავდა, თავი დავაჯერე, რომ სულ არ მწყენია, თითქოს  არაფერი მიგრძვნია და ეს ჯერ კიდევ თავის მოტყუების ფაზა იყო.

ცოლი ჰყავს? მერე რა? - გაოცებული ვეკითხებოდი თაკოს  და ლიზას, თითქოს ეს სრულიად არ  შეხებია ჩემს გულს. მე, უბრალოდ, ჩემთვის მეფიქრება მასზე, ხომ გჯერათ, არა?

-           კი, კი აბა როგორ? - სასწრაფოდ დამეთანხმა თაკო, რომ არ მწყენოდა, ლიზას გახედა.

-           ნუკი!   - თვალები დაქაჩა ლიზამ. - ბოლო რამოდენიმე  თვეა, ყოველ დღე ვსაუბრობთ მასზე,

ღამე არ გძინავს,  ყოველ დღე შედიხარ მის გვერდზე, რომელიც შეიძლება სულაც  არ არის მისი, რადგან არც ერთი ფოტო  უდევს, და საერთოდ, შეიძლება ვიღაც მისი მოსახელეა. ათვალიერებ მის ფოტოებს კლინიკის საიტზე, ზეპირად  იცი ბიოგრაფია, როდის რა დაამთავრა, როდის ვის რა ოპერაცია გაუკეთა და ასე შემდეგ. ფორუმზე, სადაც მის სახელს წააწყდები, როგორი კარგი ექიმია გულებს უწერ ხალხს და ახლა გინდა მჯეროდეს, რომ სულ ერთია შენთვის მაგ ბიჭის არსებობა? და სულ ერთია შენთვის მისი პირადი ცხოვრება? და აი, ახლა მებადება შეკითხვა, შენ ცოტა ცუდად ხომ არ ხარ?  ვერ ვხვდები, როდის მოასწარი შეგყვარებოდა, მგონი სულ ორჯერ ნახე, როდის მოასწარი,  ამიხსენი, როდის?!

-           ვაიმე, თაკოო, ვეღარ გავუძლებ ამას, ვეღაარ! - მოვაღე პირი.

მორჩა, უნდა მებღავლა, არ გამოდიოდა. მძიმე ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ აღმოვჩნდი და ლიზამ მიწასთან გაასწორა ჩემი  ცრუ ჩვენებები.

-           გთხოვ, დაწყნარდი, - ჩამეხუტა თაკო, ლიზაც მომეხვია და თავზე მომეფერა.

-           კარგია,  განაგრძეთ,  გთხოვთ, ჩემი მოფერება, - გავინაბე ფისოსავით.

-           ორი წუთის წინ არ ტიროდი? - გაცოფდა და სიგარეტს მოუკიდა სასწრაფოდ.

თან მეტირებოდა, თან სიცილი მინდოდა. სულ ასე ხდებოდა, ჩემი ღნავილი გადაიზრდებოდა კისკისში და ბოლოს ვეღარ ვხვდებოდი,  ვიცინოდი თუ ვტიროდი, რადგან ორივე შემთხვევაში ცრემლები მდიოდა. ნუ, ორივე შემთხვევა ნევროზის მწვავე ფორმაა...

-           ღმერთო, რა იქნება,  ახლა კოკამ შემოყოს თავი და ეს პაპიროსით ხელში დაინახოს! - შეჰღაღადა თაკომ.

-           ოჰ, თუ გგონია ძაან  შემეშინდება, - ცდები!

-           არა?

-           აი, სულ მკიდია, რას მეტყვის კოკა, როცა მინდა მაშინ მოვწევ და რამდენსაც მინდა და თუ გამისწორდება, კიდევ პირში ჩავიდებ ანთებულ სიგარეტს!

-           აუუუ, კაი, გაჩერდი, გთხოოვ, - დავცინე ლიზას.

-           არ გჯერათ?

-           რა ვიცი, არა - მაინცდამაინც, - უცნაური სახით მივიდა თაკო ფანჯარასთან.

შემოგვხედა.

-           რაო, როგორ თქვი, კოკა რაღაცაო? ანთებულ სიგარეტსო და რაღააც...

-           ჰო, გავიმეორო? სულ არ მაღელვებ...

-           გოგოებო, რას შვებიით?  - უცებ  თავი შემოყო ფანჯარაში კოკამ. მე  ხმა ჩამიწყდა, თაკო, ცოტაც და სიცილისგან გადავარდებოდა, ლიზა აორთქლდა.

-           სად გაქრა ჩემი და, აქ არ იყო ახლა? - გაშტერდა კოკა.

-           კი, მოვა ახლავე - შევცინე  და ლიზას გავძახე,  - კოკა მოვიდა!

ლიზა მამასთან ერთად შემოვიდა ოთახში, მამა კოკას მიესალმა და შემოდიო სთხოვა, კოკამ ზრდილობიანად უთხრა უარი,  უნდა წავიდეო და ლიზას დაუქაჩა თვალები.

-           რომ მოვედი, აქ იდექი და სად აორთქლდი ასე უცებ...  სანამ ლუღლუღს დაიწყებ, ჩაიცვი და სახლში წამოდი.

-           ჩემთან რჩება. - ვუთხარი ძალიან თავდაჯერებულმა.

-           რატომ, დაბადების დღე გაქვს?

-           რა ლოგიკაა? დაბადების დღეზე რომ რჩებოდა იმის მერე ათი წელი გავიდა და გავიზარდეთ, შენ უნდა გკითხოთ?

-           ლუკა ბიძია, რა უნდათ ამათ?- გაეცინა და მამას შეხედა.

-           ჯერ ვერ გავარკვიე მე ამათი ვერაფერი,  - ხელი გადამხვია ლუკამ და თავზე მაკოცა.

-           გარეთ მაინც გამოდით, - ხასიათზე მოვიდა კოკა.

-           შენ ამოდი.

-           თორნიკეც გამოვა.

-           ჰოდა ამოდით ერთად.

-           დათაც ჩამოვა.

-           უიმეე...

-           ჰოდა, გამოდით გარეთ, თორე ლიზას არ დავტოვებ, ძმაო, - დაგვემუქრა და რა თქმა უნდა მაშინვე ჩაცმა დავიწყეთ.

-           დამასხი შენი სუნამო, სიგარეტის სუნი ამდის, - მიჩურჩულა ლიზამ სახლიდან გასვლის წინ.

-           რა ძალა გადგა, - გამეცინა და საკუთარი თავი გამახსენდა, როგორ დამიჭირა მამამ.

სიგარეტზე, თორნიკესთან ერთად უბანში. თორნიკე გაოგნებული იდგა და აღარ იცოდა რა ექნა. იბოდიალა რაღაცები, მიედმოედო, ალუღლუღდა, ლუკა ბიძია, სრულად  ჩემი ბრალიაო და სისულელეები.

-           ეს ,,სრულიად ჩემი ბრალი" რამ მოგაფიქრა? - ვეღარ შევიკავე სიცილი.

-           რა გაცინებს, დებილი ხომ არ ხარ?

-           ნუ მიღრენ, მამას ვეტყვი.

-       რა თავხედი უნდა იყო, სიგარეტით ხელში იდგე მამის წინ და კიდევ მისით მემუქრებოდე, როცა შენ გამო შემიძლია, თავი გავწირო,  - გამოსცრა კბილებში.

-           მამა, გაბრაზდი? მა-მი-კოო...

მამა ხმას არ იღებდა, ცოტა ხანს გაერთო  ჩვენი მოსმენით, არ მგონია მხოლოდ დღეს გაეგო ჩემი და სიგარეტის სასიყვარულო ისტორიის ამბავი. ცოტა გულიც ეტკინებოდა, რომ არ ვუთხარი და უნდა სცდონოდა აუცილებლად. თუ ბავშვს ისეთი მშობელი ჰყავს, რომელიც შეიძლება მის აზრს არ იზიარებდეს, მაგრამ მისი გაგება შეუძლია, არასოდეს არაფერი უნდა დამალოს. უდიდესი კომფორტია სკოლის მოსწავლისთვის „კაი ტიპი“ მშობელი, რომელიც მისი მეგობარია, ვისაც მიღებული ჰყავს შვილი ყველა ცუდი, კარგი, მანკიერი თუ საუკეთესო თვისებებით. ეს იყო ის ნამდვილი სიყვარული, როგორიც უნდა ვყოფილიყავი, რომ მუდამ ის ვიქნებოდი მამისთვის, ვინც დაბადების პირველი წუთიდან.

-           მამა, თქვი რამე.

-           ლუკა ბიძია, ვნერვიულობთ.

-           თორნიკე, - დაიწყო მამამ.

-           გისმენთ, - დაიძაბა თორნიკე.

-           შენ მოგწონს ლამაზი გოგონები?

-           რა თქმა უნდა, - გაიჯგიმა ამაყად.

-           ნუკისნაირი გოგოები მოგწონს?

-           ნუუ, ნუკი არა, მაგრამ ნუკისნაირი ლამაზები - კი.

-           მე რატო არ მოგწონვარ ?- გავაპროტესტე.

-           დებილი ნუ იქნები, - შემომიღრინა.

-           ის მოგწონს, თმაზე რომ სიგარეტის სუნი ასდით და პირიდანაც სიგარეტის სუნი გამოსდით ხშირ შემთხვევაში.

-           არა, მამაა, ეს მე არ მეხება.

-           მაცადე.

-           არა, რა თქმა უნდა, რა სასიამოვნოა სიგარეტის სუნით გაჟღენთილი გოგო, - აყვა ბანივით მამას.

-           წეღან რას მეუბნებოდი, შე არაადამიანო, - შევუღრინე, რადგან მამაჩემის გამოჩენამდე

მიყვებოდა გოგოზე, რომელიც მოსწონდა, რომელსაც ასდიოდა თმაზე საოცარი სურნელი და ეს სურნელი ვერ გაეგო სიგარეტის იყო თუ სუნამოსი.

-           მაცადე, - შემომიღრინა მანაც.

-           სახის კანი რო უცებ უჭკნებათ ეს როგორ მიგაჩნია?

-           საშინელებაა!

-           ჩანთაში, საწოლში, კარადის თავზე, ფანქრების ყუთში, ყვავილის ქოთნებში რომ სიგარეტის ღერებს მალავენ ეგ?

-           ტეხავს, ან ყვავილები არ ეცოდებათ?

-           დააჭკნობს, ალბათ, ხომ?

-           რა თქმა უნდა, ყვავილის ქოთანში რომ სიგარეტს შეინახავ, რა ადამიანი უნდა იყო!

-           კარგი, ბატონოო ... სადარბაზოდან - სადარბაზოში რომ დადიან, ტუალეტში რომ საათობით იკეტებიან და ხელების ქნევით დაღლიები გამოდიან, რომ კვამლის სუნი გაიყვანონ, ამაზე რას ფიქრობ?

-           მამა, მომაქციე ყურადღება!

-           გვაცადე, - ისევ შემომიღრინა თოკომ.

-           და იმ მეგობრებზე რას იტყვი, რომ ჩამოდგებიან და რასაც ეს სულელი იტყვის, ყველაფერს უსრულებენ?

-           მაგას მერჩივნა დაგერტყათ.

-           როგორ გეკადრება, არ ხარ შენ საცემი ბიჭი, - გაუცინა მამამ და მეგობრულად გადახვია ხელი.

-           ყველაფერი, რასაც ეს გოგო მოინდომებს, კი არ უნდა აუსრულო, უმჯობესი იქნება, აუხსნა, იქნებ გაიგოს. რადგან მე არ მითხრა, ე.ი რაღაცაში ვცდები მეც, სათანადო ნდობა ვერ მომიპოვებია, და რადგან უფრო გენდობა, ეცადე, დაეხმარო, რომ არასოდეს არაფერზე გახდეს დამოკიდებული.

-           აუცილებლად!

-           წავედი მე სახლში, - ჩამოართვა ხელი თორნიკეს, მერე გამიღიმა და წავიდა.

აღარასოდეს მომიწევია ამ დღის შემდეგ.

ის საოცარი იყო და  საოცარი დღეები მაჩუქა ცხოვრების მანძილზე. იმედი ჰქონდა, რომ  ერთადერთი ქალიშვილი ბედნიერი ეყოლებოდა. მაგრამ ვშიშობ, რომ  ცდებოდა. წლების წინ ბევრ რამეს უფრო მსუბუქად ხედავდა, მაგრამ  ახლა ასაკში  იყო და დარდობდა ჩემზე.

აღარც დედა იყო ჩვენთან და მთელი მისი გონება ორივეს ნაცვლად იყო მომართული ჩემი მომავლისკენ. ლუბიკოს გარდაცვალება მძიმედ გადაიტანა ... უმძიმესად.

ყოველდღე დადიოდა საფლავზე, თვეების მანძილზე, ქარსა და წვიმაში და ჩვენს ეზოში დაკრეფილი ყვავილები მიჰქონდა. ამ ყვავილებს ისინი ერთად უვლიდნენ. ეზოში ორი სავარძელი  ედგათ, სადაც დასხდებოდნენ საღამოობით და საუბრობდნენ. ხან  ღვინოს წრუპავდნენ, აუცილებლად  წითელს, სისხლივით წითელს, ხან კი მამას მომზადებულ ცხელ გლინტვეინს, ზამთრის ცივ დღეებში. უმნიშვნელო იყო მათთვის ამინდი. ისინი ყოველ საღამოს გაცუნცულდებოდნენ ეზოში და ნახევარ საათს მაინც უთმობდნენ ერთმანეთთან საუბარს. ეს ნახევარი საათი კი ჩემი ეგოისტური ბუნებისთვის მოუსვენარი წრიალის წუთებად იქცეოდა.

პატარა, ლამაზ სახლში  ვცხოვრობდით. ეზო გვქონდა და ამ  ეზოში პატარა ბოსტანი. ბოსტანში კიტრი, პომიდორი, მწვანილი. ვაშლის ხე გვედგა. ვაშლი რომ დამწიფებას დაიწყებდა, იმ დღიდან ხის ქვეშ ვიკეთებდი სახლს, მარილით შეიარაღებული და შემდეგ  განიარაღებული  შევყავდი მამას სახლში სამეცადინოდ.

ორნი ვიყავით , ჩვენ ორნი მხოლოდ და უამრავი  ადამიანი ჩვენს გარშემო, მათ შორის დედა.

მაგრამ სხვა სამყარო გვქონდა,  სხვა ფიქრები, სხვა სევდა გვაწუხებდა.

ჩვენ უბრალოდ ერთმანეთს ვგავდით, მელანქოლიკები ვიყავით.

ვიჯექით საათობით აივანზე და ვფიქრობდით ჩვენთვის. მგონი ფიქრებიც კი გვესმოდა ერთმანეთის. მას ჩემ კალთაში ედო თავი და მე მას პატარა თითებით თავზე ვეფერებოდი.

მამაკაცის ცხოვრებაში, ალბათ, ეს არის ყველაზე  ტკბილი წუთები და ამ წუთებს არაფერი შეედრება.

ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვიცოდი მისგან, ყველაზე საოცარი მამისგან. პირველი იმედგაცრუება მაშინ განვიცადე, როდესაც მამის ნაჩუქარი თოჯინა გამიტყდა. ვერც კი წარმოვიგენდი, თუ შეიძლებოდა მისი მოტანილი სათამაშო გამიფუჭდებოდა.

აცრემლებული, ყვირილით შევვარდი სახლში.

-      დედაააა!

-      ვაიმე, რა ხტება დედიკოოო, რა ხტება, რატო ვარ ცოცხალი!

რუსეთიდან ჩამოცხოვრებისა და მამაჩემთან თანაცხოვრების შემდეგ დედამ ზედმიწევნით კარგად შეისწავლა ნაციონალურ - ემოციური შეძახილები, რომელიც მხოლოდ ქართველ ქალებს გვესმის, მხოლოდ ქართველი ქალები ვიყენებთ და მხოლოდ ქართველ ქალებს გვიხდება. ნუ გვიხდება თუ არ გვიხდება, ჩვენია...

ასეთებია მაგალითად:

"რატომ ვარ ცოცხალი!"

"რატომ არ მოვკვდები!"

"ეს რა დაგვემართა !"  და კიდევ უამრავი მსგავსი.

ისეთი ამბავი  მოაწყო ლუბამ, შემცბარი ვიდექი და ვფიქრობდი, ახლა რომ რაღაც არ მოვიფიქრო და ვუთხრა  თოჯინის გამო ატყდა ვაი-ვიში, ნამდვილად ვერ გადავრჩები - მეთქი.

-           ვაიმე, დედიკოო, მუცელი მტკივაა!

-           მოგიკვდა დედა შენ, ახლავე გიშველი ჩემო სიკვარულო, ახლავე დავრეკავ შენს ეკიმთან,

სასწრაფოსაც გამოვიძახებ, მამიდაშენსაც დავურეკავ, ნაირაც ხომ ეკიმია და მოიყვანოს სასწრაფოთ, შენ არ შეგეშინდეს არაფრის, დედიკო!

-    დედა, არ გინდა...

-    ახლავე, დედიკო , ახ ლა ვე - დარბოდა ოთახიდან  ოთახში.

ხომ ვიცოდი, რაც მოხდებოდა, მქონდა მწარე გამოცდილებაც და ვიცოდი, სულ პატარა მიზეზი სჭირდებოდა ლუბას, მთელი სამეზობლო დაეხვია თავზე. რატომ ვიცრუე, რატომ?? - ვბრაზობდი საკუთარ თავზე.

-   სად არის ტელეფონი???  შენ არ შეგეშინდეს არაფრის, დედიკო.

-   კარგი, დედა, კარგი, გამიარა უკვე, ნახე როგორ ჩიტივით ვარ, - შევეცადე გამეცინა და გავიკუნტრუშე ოთახში.

-   ვაი - მეეე, მოგიკვდეს დედა, თავს მაჩვენებ ახლა, რო არ ვინერვიულო ხოო?

-   არა დე, შენ თავს ვფიცავარ, მართლა არაფერი მტკივა, ვიხტუნავე და, ალბათ, ამის გამო იყო. ჭვალი, ალბათ, ჭვალი იყო.

-   ჩვალი? - ძლივს გაიმეორა რუსული აქცენტით.

-   ჭვალი დე, ჭ, ჭ!

-   ჩვალი.

-   დედა, დაურეკე მამას, გთხოვ - ამოვიხვნეშე უკმაყოფილოდ, - მოვიდეს და ეს თოჯინა გამიკეთოს.

-   რა მოხთა მერე, ვისწავლი.

-   აჰაა, კაი, დე - არ ჩავუკალი იმედი, რომ ოდესმე ქართულ ენაზე გამართულად ისაუბრებდა.

-   და, დედიკო, მე ვერ გაგიკეტებ ტოჯინას? - ეწყინა დედას.

-   გამიკეთებ, მაგრამ მამამ უკეთ იცის.

მაიმუნურად გავუღიმე ლუბაჩკას და ქუჩაში  გავვარდი, სანამ გაახსენდებოდა , რომ „მუცელი მტკიოდა.“

ქუჩაში გავარდნა საუკეთესო გამოსავალი იყო ყოველთვის თავი დამეღწია ლუბასგან, ან მამაჩემის დისგან, ან მამაჩემის დედისგან, ან მამაჩემის დეიდისგან. მოკლედ, ეს მდედრობითი სქესი არ მომწონდა მაინცდამაინც. ვერ ვურთიერთობდი მათთან და განსაკუთრებით, მაღიზიანებდა მამიდა, რომელიც ჩემ თვალში ყველაზე შეუხედავი ქალი იყო და იჩემებდა ძალიან მგავხარო.

-           არანაირად, - იყო პასუხი.

-           როგორ არა, მე მგავხარ შენ, მამიდა.

-           რანაირად გგავარ შენ, რითი?

-           ყველაფრით.

-           აი რით, თმა ყავისფერი გაქვს, არც ერთი ღერი ჩემ თმაში არ არის ყავისფერი, თვალი თაფლისფერი გაქვს, აბა, მე შემომხედე ეხლაა... დედაჩემის ასლი  ვარ და ხასიათით მამას ვგავარ!

-           ხასიათით მე და მამაშენი ერთმანეთს ვგავართ.

-           კარგი, მამიდა, რაა, მამა ძაან კაი ტიპია.

-           და -  მე?

-           შენ - შევყოვნდი აქ, შევხედე და ვერაფრით მოვიფიქრე სიტყვა , რომელიც მის ხასიათს

ზუსტად შეეფერებოდა.

-           შენ უხასიათო ქალი ხარ, ჩემო მამიდა.

-           კარგი, მამიდა, თუ ასე არ გინდა არ მგავდე...

-           შენ ისე ვერ იტან დედაჩეს, უბრალოდ იმის აღიარებაც არ გინდა, რომ მე ლუბას ვგავარ, - ვეტყოდი ბოლოს და ქუჩაში გავრბოდი.

 

...

 

დედა

 

ყველა ადამიანურ და არადამიანურ ტკივილს ვეგუებით ღვთისგან შექმნილები.

თითქოს ძალა არ შეგვწევს, ვიღლებით და გულიც მიგვდის ამ დაღლილობისგან, გრძნობასაც ვკარგავთ, ვეცემით და წამოდგომა ძალიან გვიჭირს, მაგრამ მაინც ვდგებით.

კოჭლობით, გაჭირვებით, როგორღაც, რაღაცნაირად, მაგრამ მთავარია რომ ვდგებით და ძალას, როგორც არასდროს, ისე ვიკრებთ. ახალი იმედებით სავსე, ცოტა შეშინებულები, ისევ ვიღიმით და ჩვენ განცდებს ჩვენშივე ვმალავთ.  ზოგი ტელეფონში ვინახავთ,  ნოუთებში. ზოგი ვწერთ, ზოგი მუსიკას ვუსმენთ ან ვტირით. ზოგიერთი მწარე ეპითეტებით ვყიდით საკუთარ სიცარიელეს და ასე გაგვყავს დრო ტკივილიდან - ტკივილამდე, სიხარულიდან - სიხარულამდე და  ასე   გაგვყავს  ცხოვრებაც, რომელშიც ან ვპოულობთ ან ვერა - სულის სიმშვიდეს -  ჩვენი ბედნიერების დასაბამს და მთავარ ინგრედიენტს. ჩვენ ახლა  მარტო ვართ უშენოდ. ყოველ საღამოს ეზოში ვსხედვართ,  ის - შენ სავარძელში, მე  - მისაში და ერთმანეთს ვიხსენებთ, როცა შენს გვერდით ვიყავით. გიხსენებთ შენ და ვხვდებით, რომ შენ ჩვენგან ჩვენი წარსული წაიღე  და ჩვენი სრულყოფილი ბედნიერება არსად დატოვე. ყოველ დღე ვეძებთ, ყოველდღე და ყველგან, მაგრამ ამაოდ. შენ გამოგყვა. სახლში მხოლოდ ჩვენ ორნი დავრჩით, დე.

მე და ჩემი ნაღვლიანი მამა.

 

...

 

ხანდახან გინდება მარკერით გადახაზო ფაქტები ცხოვრებაში, რადგან ფაქტები და შეგრძნებები, რომელიც მათ მოაქვს, არ გაძლევს საშუალებას თავი ბედნიერად იგრძნო და დატკბე.

ფიქრები - რა იყო, რატომ იყო, როგორ იქნება, გაგიჟებს და სხვასაც აგიჟებ.

არადა, რა მარტივი იქნებოდა, ერთი უბრალო მარკერი და გადაიხაზებოდა ის, რაც ახლა შენ ცხოვრებას და შენ ურთიერთობებს ერთ დიდ ტკივილად აქცევს.

ბარში შეხვედრის შემდეგ ერთმანეთი დიდხანს აღარ გვინახავს. არც თვითონ მოდიოდა და არც მე მიფიქრია, რომ რაიმე გამეკეთებინა მასთან შესახვედრად. ცოლიანი კაცის სტატუსი უკვე წერტილი იყო და ამ წერტილის მრავალწერტილად გადაქცევაზე არ მიფიქრია არც ერთი დღე.

არც ერთხელ დამითმია დრო სხვისი ცხოვრებით მეცხოვრების ფიქრისთვის, ან მეოცნება, რადგან ჩემი ცხოვრება მიყვარდა. რეალობა კი  ისეთი მივიღე, როგორიც იყო, მაგრამ სულ სხვა რამ არის, რაც ჩემში ხდებოდა ამ დროს.

მე არც ვტიროდი მისი მონატრებით და არც ვლოცულობდი მასთან ყოფნაზე. ერთადერთი რწმენა,  რაც ჩემში ღრმად არსებობდა და რასაც ვერ ვაცნობიერებდი ბოლომდე, იყო უცნაური შეგრძნება, რომ რაღაცა უნდა მომხდარიყო. გადატრიალება ჩემი ცხოვრების.

ეს შეუცნობადი რამ მშვიდ, ლივლივა მდინარეს ჰგავდა, დასაწყისს რომ ხედავ საიდან მოდის მაგრამ დასასრულს ვერ.

არ არსებობს უფრო დიდი ტკივილი ახალგაზრდა, შეგნებული ადამიანისთვის, ვიდრე იმაზე ფიქრი რომ სხვისი ტკივილების მიზეზი შეიძლება გახდე  და  ამ სხვას არა აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება, შეიძლება იყოს შენი მეზობელი, ბიძაშვილის მეჯვარე, შენი ქუჩის მეეზოვე ან პატარა ლეკვი, რომელსაც ფეხი დაადგი შემთხვევით.

მთავარი ის არის, რომ მძიმდები და განიცდი. როგორი მხიარულიც უნდა იყო ერთი შეხედვით, არავინ იცის რა ხდება ამ დროს შენში.

მუდამ ვგრძნობდი და ვხვდებოდი, რომ ეს ისტორია, რომელიც  ჯერ არც დაწყებულიყო, აუცილებლად დაიწყებოდა და როცა დაიწყებოდა, აღარასოდეს დასრულდებოდა.

 

...

 

ქუჩაში შევხვდით ერთმანეთს .

თაკომ მოულოდნელობისგან ხმა დაკარგა, თვალები სამჯერ უფრო დიდი გაუხდა და პირდაღებული მომაჩერდა,  რას გავაკეთებდი.  რა უნდა მექნა? გამარჯობაო, რომ მომესმა, გავიფიქრე, რანაირი ხმა  - მეთქი და თაკომაც იგივე ამოილუღლუღა.

მივტრიალდი და ჩემს წინ იდგა. იდგა და მიღიმოდა. მიღიმოდა და ,,გამარჯობაო“, მეუბნებოდა მისი  ღიმილიც. გამარჯობა! - მეც მივესალმე და გავუღიმე იმ ღიმილით, მეც რომ არ ვიცი, რა იკითხება ამ დროს ჩემს სახეზე.  მერე მზერით მომეფერა. ჯერ შუბლზე თითებით, მერე ლოყაზე, ჩაჩუტულ ფოსოსთან გაჩერდა, - ამბობენ, ვისაც ლოყა ეჩუტება ღიმილის დროს,  მათთან ურთიერთობას ბედნიერება მოაქვსო,  - მითხრა და ტუჩებთან ჩაცურდა მისი თბილი და თხელი თითები.

შეწყვიტოს! - ვაპროტესტებ ჩემთვის.

რა? - ეხმაურება მეორე მე - ჩემგან.

ჩემი გაგიჟება.

არც კი შეგხებია.

რაც არის, საკმარისია ...  ვსაუბრობთ მე და ჩემი მეორე მე და  ამ დროს, ხმა  მესმის არსებული რეალობიდან და ვფხიზლდები.

- ნუკი!

- გამარჯობა.

- რატომ არ დამირეკე?

- როდის?

- ბარში შეხვედრის შემდეგ.

- რატომ უნდა დამერეკა ? - ვბრუნდები  თაკოსკენ, რაღაცნაირად გაღიზიანებული.

- მე  გთხოვე, - სახე უფრო ახლოს მოაქვს და თვალებში მიყურებს.

- მერე რა, რომ თქვენ მთხოვეთ - მეც ვუახლოვებ სახეს და თვალებში ვუყურებ.

- მერე ის, რომ როცა რაღაცას გთხოვენ უნდა გააკეთო

- ჩემზე არ ვრცელდება სამედიცინო პერსონალზე გათვლილი  ცხოვრებისეული  წესები.

- რატომ? რით ვერ მოიხიბლე?

- იმიტომ, რომ მე პროფესიით მხატვარი, განათლებით სოციოლოგი, ბუნებით მეამბოხე ადამიანი ვარ და არავის მოთოვნებს არ ვემორჩილები!

- ველური ბუნება გქონია!

- უდაოდ, - ჩაეკვეტა თაკო კომენტარით.

- საბა! - მაშინვე გაეცნო თაკოს.

- თაკო! და ძალიან სასიამოვნოა.

ვუყურებ და ვცდილობ დავინახო რაღაც მის თვალებში, რაღაც საიმედო, მაგრამ მხოლოდ შიშს ვხედავ, ჩემი მის ცხოვრებაში არსებობის შიშს რადგან თავისი ცხოვრება აქვს მას.

თავისი წილი ოფლი დაუღვრია ამ ცხოვრებისთვის.

თავისი წილი მსხვერპლი გაუღია ამ ცხოვრებისთვის და არევა აღარ სურს ახლა.

იმ ლიმონისფერი პალატის შემდეგ აბურდულ ძაფის ბორბალს ჰგავს მისი დღეები, მისი ფიქრები და ეშინია მას და ყველაზე მეტად მსურს ახლა ვუთხრა, რომ ამ არეულ დღეებში რომ წვლილი შემიტანია, ამისთვის ვარ ყველაზე მაგარი გოგო.

ამ შენ ცხოვრებაში რომ ფიქრები ამირევია, ამისთვისაც.

შენ რომ ამირევიხარ, ამისთვისაც.

ვდგავარ ახლა და გიყურებ თვალებში და ყველაზე მეტად მსურს ხელი მომკიდო და ყველგან გამოგყვე. არასოდეს დავსვა კითხვები, მაგრამ ვდგავარ და იცი რაა...

-           თაკო, წავედით! - ვუღრენ და გზის გაკვლევაზე ვფიქრობ, როგორ გავძვრე მისი სიახლოვიდან

ისე, რომ ზედმეტად არ შევეხო. აჰაა, დავტოვე მისი სიახლოვე და თაკოს წავავლე ხელი. მივდივართ... ტაქსიში ჩავსხედით სასწრაფოდ, სახლში მივდივართ... მორჩა! უკვე სახლში ვართ. ჩემს წვრილი ყვავილებით მორთლ სავარძელში ვზივარ უკვე...

... ნუკი, მშვიდად, მშვიდად, ნუკი, ჯერ აქ ხარ ისევ...

-           რაა? რატო ტოო, გავიდეთ სადმე, დავსხდეთ რაა, თაკო, ნაყინი არ გიყვარს?

-           ვაიმე, ძალიან! - უკან ბრუნდება თაკო.

მე გაოგნებული მივჩერებივარ და ველოდები, როდის გადმოდგამს ერთ ნაბიჯს ჩემკენ, მერე მეორეს, მერე მესამეს და როდის წამოეთრევა სახლში, რომ იქ ლიზას მოვუყვე ყველაფერს და ერთად გავცეთ საკადრისი პასუხი. ისეთი, როგორიც ეკუთვნის, როგორიც დაიმსახურა!

-           ნაყინი არ გვიყვარს!

-           პიცა?

-           არც პიცა!

-           ზღვაზე წავიდეთ...

-           ზღვაზეეე..... აღმოხდა გოგოს, მე რომ მახლავს.

-           კი, თქვენ თუ გაგისწორდებათ, სიამოვნებით.

-           საბა, რომელ კლინიკაში მუშაობთ?

-           აქვე, გვაჩვენებს ხელით მოპირდაპირე ქუჩაზე. გვაჩვენებს რა, თაკოს აჩვენებს.

-           და რას კურნავთ? ანუ რა უნდა მჭირდეს, რომ თქვენთან მოვხვდე?

საბა იცინის. ღმერთო! როგორ მომწონს ამ ბიჭის სიცილი და რა დიალოგი გამიმართეს დღეს, ეს ნორმალურია?

-           ნურაფერს დაიმართებთ თაკო, შეიძლება ცვლაში ვერ დაგემთხვეთ.

-           აღარ ვიფიქრე მაგდენი, - ეღიმება თაკოსაც და მე მიყურებს, რა ვქნათო. მე თვალებით ვეუბნები,

შენ ხო არ გააფრინე, დროზე წავიდეთ სახლში! და უცებ, ცბიერი მელა პოულობს დიალოგის გასაგრძელებლად  მარტივ მიზეზს.

-           მე მახსოვხართ თქვენ კლინიკიდან.

-           მართლა? - მოხიბლულია უკვე.

-           თქვენი ხორციანი ბლინებიდან მეც შემხვდა ერთი ცალი.

-           რა სირცხვილია, ღმერთო - თვალებს ვხუჭავ და წარმოვიდგენ, რომ ვარ ტრიალ მინდორზე,

სადაც არც ცივა, არც ცხელა. ვარ მხოლოდ მე, ვწევარ  მწვანე ბალახზე, ბუნებას ზუსტად ისეთი ფერები აქვს, როგორიც ინსტაგრამზე ჩვენ ფოტოებს და იქვე მიდევს ტყის მარწყვი და ალუჩა,ზომიერად მჟავე. მორჩა. არ მენაღვლება ესენი. მე სხვაგან ვარ.

-           მერე, მოგეწონათ? იმედის ნაპერწკალი უჩნდებაა თაკოს.

-           გემრიელი იყო, კი - თავს ხრის ექიმი, რომ უხერხულობა დამალოს და აქ უკვე მეც მეცინება.

,,ვაი, შე საცოდავო სახით“ ვუყურებ თაკოს და საბას საბოლოოდ ვემშვიდობები.

-           ჩვენ უნდა წავიდეთ!

ექიმი ჩუმად არის, აღარაფერს ამბობს, რადგან სახე მაქვს ისეთი, ხვდება გარდაუვალია უსიამოვნება. ერთმანეთს ემშვიდობებიან და ჩვენ მივდივართ. ის კი გულდაწყვეტილი, ღიმილით დგას და გვიყურებს მანამ, სანამ მანქანებით, ბილბორდებით, მაღაზიებით, გაჩერებებით სავსე ქუჩაში, ადამიანებს შორის  დავიკარგებით.

სახლში მისვლისას ვყიდულობთ ნაყინს.

ვიძინებთ გვერდიგვერდ.

ერთ ოთახში.

ერთი საბნის ქვეშ.

ერთი ფიქრით, რომ შენ სიმპათიური ხარ და ჩვენ ვერ გიტანთ!

 

...

 

ბევრი რამ შეუძლია სიყვარულს შენში შეცვალოს. გადააფასოს, გასწავლოს, ან უკვე ნასწავლი დაგავიწყოს და შენი პიროვნება აქციოს სხვად. სხვა გოგოდ, რომელსაც თავადაც ვეღარ ცნობ.

ეს იყო სიმართლე. სიმართლე იყო, რომ ისე მიყვარდებოდა თუ მიყვარდა უკვე ექიმი, თითქოს მთელი ცხოვრება მიყურებია მისთვის, თითქოს ჩემს გვერდით გაეტარებინა  წლები და მე ახლა აღმომეჩინა, ახლა დამენახა, ახლა მეგრძნო. თითქოს ერთ მერხზე გაგვეტარებინა კლასელობა, მერე სტუდენტობა და ბოლოს დაკარგულიყო. დაკარგულიყო და წლების მერე მეპოვნა.  ვერ გაიგებდი ვერაფერს ჩემსას, რომ მოგენდომებინა. ვიჯექი და ვფიქრობდი. ვიფიქრე ერთი დღე, მეორე დღე, მესამე დღე... ჯანდაბა. ჯანდაბას ყველა! ჯანდაბას ყველაფერი! ვერ ვეშვებოდი და და თავს ათასი ფიქრით ვიტყუებდი. ერთ დღესაც ავიღე ტელეფონი  და მიწერა გადავწყვიტე.  ეს, იცი,  როგორ ხდება? - ჯერ ნომერს კრეფ, მერე ტექსტს  წერ  და 47 - ჯერ  შლი. მერე თავიდან წერ, ისევ შლი, ისევ წერ, ისევ შლი და ბოლოს,  შორს ისვრი  ნერვებმოშლილი და გამარჯვებული.

ცოლი ჰყავს და არ უნდა მისწერო!

და როცა ბედისწერის ვერცხლისფერი ძაფები შენგან დამოუკიდებლად ხლართავენ ისტორიებს,  აქეთ გწერს.

„ხვალ. პირველზე. უნივერსიტეტთან რომ კაფეა.

„ბატონო?’’

„ხვალ. პირველზე. უნივერსიტეტთან რომ კაფეა.

მორჩა! ხვალ, პირველზე, უნვერსიტეტთან რომ კაფეა იქ  ვუჩვენებ სეირს! ვინ ჰგონია თავი?! - ღებულობ გადაწყვეტილებას და საწოლიდან  არანორმალურივით დგები, რომ კარადაში შეიხედო და გაერკვე რას ჩაიცვამ.

მერე ურეკავ ლიზას და თაკოს და რჩევას ეკითხები, რა სჯობს კაბით წახვიდე თუ შარვლით.

თმა ხომ არ შეგეღება ამაღამ? ფრჩხილის ლაქი? წითელი? თეთრი?

მართალია, გააჩნია რას ჩაიცვამ. ფეხზე?

ათასი სისულელის, კამათის და ბოლოს ტელეფონის  გათიშვის  შემდეგ თორნიკესთან რეკავ და  ის გირჩევს თეთრ პერანგს და შავ შარვალს, თითქოს პაემანზე კი არა გასაუბრებაზე მიდიხარ.

შენც ღამის სამ საათზე დგები და 38 გრადუს სიცხეში  იწყებ თეთრი პერანგის და შავი შარვლის გაუთოვებას. ეს არის ნდობა.

 

...

 

-           შეიძლება ჩამოვჯდე?

-           შეიძლება. - თვალებით გასცემ ნებართვას.

მერე სიჩუმე ისადგურებს. შენ რძისფერ ჭიქას თითს უსვამ, რომელზეც შენი კვალი დაგიტოვებია ბორდოსფერი ტუჩსაცხით.

ყავა ნახევრად დაგილევია. ხელსახოცი ჯერ ორად, მერე ოთხად, და ბოლოს რვა ნაჭრად გადაგიკეცავს.

ფანჯარაში ყურება უხერხულობის შეგრძნებას გიმძაფრებს, არ გინდა, უზრდელი ეგონო და ქუჩიდან მზერა მოპირდაპირე მხარეს გადადის.

მას ისევ არ უცქერ.

ყველას და ყველაფერს, მაგრამ არა მას.

ახლა ორ მოხუც ქალს მისჩერებიხარ, რომლებიც მის უკან, მაგიდასთან  სხედან და ის მოთხრობა  გაგონდება,რომლის კითხვისას გონება დაკარგე და კლინიკაში მოხვდი.

კლინიკაში კი ეს გაიცანი, შენს პირდაპირ რომ ზის და ცხოვრებას რომ მიუძღვნიდი, მაგრამ სხვა ცხოვრება აქვს.  სხვამ უკვე მიუძღვნა წლების წინ და შენთვის ადგილი აღარ არის.

მაგრამ რისთვის ზის ახლა აქ, შენ წინ...

მშვიდი, აუჩქარებელი, ჩაფიქრებული.

ზის და ეწევა და გაცდის, რომ რაღაც თქვა, რაღაც დაიწყო.

შენ კი ... ორ მოხუცს უცქერ, რომლებმაც ის მოთხრობა მოგაგონეს.

აუტანელი სიჩუმე დროში იწელება და გგონია, უკვე ორი საათი გავიდა, ახლა უკვე სამი, ოთხი ... ხუთი და ფიქრობ, დაიწყებს, ოდესმე?

-           დავიწყო? - თითქოს ისევ შენს აზრებს კითხულობს.

-           არ ვიცი.

-           ოდესმე რამე იცი, როცა მე კითხვას ვსვამ?

ცოტა გაოცებული ვუყურებ, რა პრეტენზია აქვს?

-           როგორ უნდა ვიცოდე, როცა 6 თვეში ერთხელ მეცხადები და მარტო ნუკიო, - გაიძახი.

-           რას გინდა რომ ვამბობდე?

-           მე არაფერი მინდა!

-           ნუკი!

-           აჰა, კიდევ!

ეღიმება.

-           ნუკი!

-           გისმენ?!

-           არ ვიცი, როგორ დავიწყო, არ ვიცი ... არ ვიცი, როგორ მოვიტანო შენამდე, რასაც ვგრძნობ, არ ვიცი,  როგორ აგიხსნა, რომ 34 წლის ასაკში, ჩამოყალიბებული კაცი, ცოლის და ორი შვილის პატრონი...

-           მივდივარ!  - წამოვხტი. ხარს რომ წითელ  ნაჭერს  აუფრიალებენ, ასე მიფრიალებდა საკუთარ თავს ეს ბიჭი. ჩემი გრძნობების პროვოცირებას ახდენდა თავისი გრძნობებით და ამისთვის ძალა არ მეყოფოდა. უდიდესი გამოცდის წინაშე დავდგებოდი, მისთვის რომ ბოლომდე მომესმინა და ვცდილობდი, ამას გავქცეოდი, მაგრამ სად უნდა გავქცეოდი, ეს უკვე აღარ ვიცოდი.

-           არა, მომისმინე და წადი, - ხელი ჩამავლო მკლავში და დამსვა.

-           საბა!

-           ჯერ მომისმინე და დამთავრდება ამით, მაგრამ აქ უნდა იჯდე სანამ ბოლომდე არ გეტყვი.

-           აქ ვზივარ, - ავიჩეჩე მხრები - დედა მინდა!

უცებ, ისეთი სევდიანი გაუხდა საბას სახე, ქვედა ტუჩი მოვამზადე რომ ავტირებულიყავი.

-           არა, გთხოოვ, აი ოღონდ არ იტირო და ხმას არ ამოვიღებ.

რა მექნა, უკვე მომდიოდა ცრემლები, სად წამეღო? რვა ნაჭრად გადაკეცილი ხელსაწმენდი ავიღე და თვალებზე გავისვი.

-           თვალს ნუ გამოითხრი, - ჩაილაპარაკა თავისთვის, მერე შევუბღვირე, ლაპარაკი დაიწყო...

-           იმ დღესვე დაიწყო, როცა პირველად შემოვედი პალატაში. გახსოვს  რამოდენიმე წამში გავბრუნდი უკან, როგორც კი დაგინახე.  ჩემ ოთახში შევედი და დიდხანს ვიჯექი გაშტერებული, მეც ვერ ვხვდებოდი, რა მოხდა, ოჯახი მყავდა და არ მინდოდა,  გაურკვევლობას ჩავეთრიე და მაშინ გამომივიდა.  რამდენიმე კვირაში უკან მობრუნდი, თითქოს ასე უნდა მომხდარიყო, თითქოს რაღაც დრო უნდა გასულიყო და ისევ შევხვედროდით ერთმანეთს.  თითქოს ჩემ ჯინაზე უნდა დაგცემოდა ის კაქტუსი თავში. იმ ღამეს კი რვეულში რომ ვუწერდით ერთმანეთს რაღაცეებს ... არ ვიცი იმ საღამოს რა მოხდა ასეთი ჩემში, ან რას ვუწერდით ერთმანეთს ასეთს, მაგრამ რომ შემოვედი, ისეთი ახლობელი გახდი იმ წუთიდან ჩემთვის, არსად წასვლა აღარ მინდოდა შენგან.

-           საერთოდ, რატომ გისმენ, არ ვიცი!

-           ბოლომდე გეტყვი, იქნებ ამოგიგდო თავიდან და მერე გაგიშვებ. ნებართვას არ ვითხოვ შენგან, რომ მომისმინო და არც შენი დრამა მჭირდება, რადგან თუ რამე შეიცვლება ჩემ ცხოვრებაში ამაში დამნაშავე მხოლოდ მე ვიქნები.

-           შენი არ მჯერა!

-           ვიცი...

-           მაშინ, რა გინდა?

-           გგონია, შენგან მინდა რამე? - ძალიან შეეცადა, გაღიზიანება არ შემჩნეოდა..

-           საერთოდ, არ ვიცი რა გინდა! მე ძალიან კარგ მდგომარეობაში გგონივარ?!

-           მე არ ვიცი, რა მდგომარეობაში ხარ შენ.

-           არც არის საჭირო, იცოდე, მაგრამ შენი არ მჯერა! ადამიანებს ერთი ნახვით არ უყვარდებათ ერთმანეთი!

-           მეც ასე მგონია.

-           მაშინ, რას მიხსნი, ვეღარ ვხვდები!

-           არც ეგ ვიცი.

-           ახლა შენ აღარ იცი?

-           მე უშენოდ არ შემიძლია, სხვა აღარაფერი ვიცი  და რატომ არ შემიძლია, ამაზე პასუხი არ მაქვს.

-           მე კი ცოლიან კაცთან  ურთიერთობა არ შემიძლია, სხვისი ცხოვრების დანგრევა, სხვისი შვილებისთვის მამის წართმევა, თუნდაც შენზე ფიქრმა ბოლო მომიღოს! - წამოვხტი გამწარებული და თითქმის სირბილით მოვშორდი იქაურობას.

რა საინტერესოა რატომ გარბოდი, მოგდევდა ვინმე? გამოგეკიდებოდა? რომანტიულ მელოდრამაში ასრულებდი მთავარ როლს? - ვეკითხებოდი საკუთარ თავს,  სახლში ქოშინით დაბრუნებული.

სახლში კი მამა მელოდა, რომ თავშესაფარი მეპოვა მის კალთაში და სული მომეთქვა ტირილით.

 

 

პირველად როდის შეეხო მისი სახელი გულის კედლებს არ მახსოვს, არ მიფიქრია არაფერზე.

არა, ვტყუი! არ დამიტოვებია არც ერთი დეტალი, რაზეც არ მიფიქრია.

მის შვილებზე, მის ცოლზე, მის ცხოვრებაზე, მეგობრებზე, მშობლებზე, მეზობელებზეც კი.

ვიფიქრე ყველაფერზე.

ვიფიქრე გიჟურად.

გამეტებით...

ტკივილით...

სიმწრით და ეს მოვიფიქრე...

მოვიფიქრე, რომ აზრი არ ჰქონდა ურჩობას საკუთარ თავთან.

ის იყო, ვისთვისაც მიღირდა სიცოცხლეც და სიკვდილიც.

მეტყოდნენ, რომ სამარცხვინო ვარ.

მეტყოდნენ, რომ უნამუსო ვარ.

გადავაწყდებოდი მისი ცოლის ცრემლით და ზიზღით ამოვსებულ თვალებს.

ვიღაც მივიდოდა მამასთან, ეტყოდა რომ შევარცხვინე ოჯახი.

ეტყოდნენ, რომ აჯობებდა, მოვმკვდარიყავი, ვიდრე სხვა ქალის ქმარი ამერჩია და შემყვარებოდა.

მერე ადგება მამა, სრულიად სასოწარკვეთილი  ჩემს გამო, დალევს ბევრზე - ბევრ ძლიერგამაყუჩებელს და დაიძინებს.

და აღარასოდეს, აღარასოდეს გაიღვიძებს...

სანამ ეს დღე დადგება,  მანამდე  უსასრულო ფიქრებში ჩაძირული, იმასაც ვერ მიხვდები, როგორ შემოგიჩნდება  ეს გრძნობა - ასე დაუნდობლად. როგორ მოახერხებს, უმართავი გახადოს შენი  სული და მთლიანად მოიცვას შენი გონება.

ათი ათასი გეგმა დავსახე გაქცევის. საკუთარი თავისგან გაქცევის და ყველა მათგანი უშედეგო გამოდგა, რადგან გულს არ უნდოდა მისი დათმობა  და აღარც თვითონ მომცა ამის საშუალება.

მხოლოდ რვეულში ჩაწერილი დიალოგი და გონებაში დაგროვილი ფრაზები მაკავშირებდა მასთან და კიდევ ერთი არანორმალური შეხვედრა, რამოდენიმე თვის შემდეგ, როცა  ლექციის დასრულების შემდეგ, ქუჩის მოპირდაპირე მხარეს შევნიშნე.

მინდოდა თვალი ამერიდებინა, მაგრამ ისეთი  სახით წამოვიდა ჩემკენ, მაშინვე სახე გავასწორე და პირში შევცინე, იდიოტი გოგოსავით.

მომიახლოვდა თუ არა,  წამოდიო, მითხრა...

მეც გავყვევი უხმოდ,  უსიტყვოდ.

მიყვები და  არ სვამ კითხვებს.

არ გჭირდება პასუხები.

უბრალოდ,  იცი, რომ ერთადერთი, რის გამოც ამას აკეთებ  - სიყვარულია.

მანქანაში ჯდება, განიშნებს ჩაჯექიო.

უცნაურად ძლიერი მიზიდულობა იღვრება მისი თვალებიდან შენს მიმართ.

ბრაზი და პროტესტი  - რატომ ვერ გეშვება.

ჯდება საჭესთან და ზის ასე, ხმას არ იღებს.

არც ჩქარობს სადმე.

მეც ველოდები, ვზივარ და ველოდები. მე მისი ყურებაც მესაკმარისება ამ დროს.

მიყურებს. რა გინდაო, მეკითხება.

- მე? - მიკვირს.

რატო ვერ გეშვებიო? -  არ ვიცი - მეთ ქი.

-           მე ვიცი, მე!

-           რატომ?

-           სიყვარულის გამო!

ჩუმდება, მერე იწყებს...

-           გული რომ გატკინო?

-           ვერ მატკენ!

-           მაგრად რომ გატკინო? მაგრად! მერე რას იზამ?

-           ნუ მატკენ!

-           თავზე მანგრევ აწყობილს და მე ამას ვერ ვებრძვი.

-           ანუ?

-           შენით ვარ მოცული.

-           ვიცი.

-           მერე?

-           არაფერი. - ვპასუხობ მშვიდად.

-           არაფერი...

ჩუმად არის. არ იცის რა თქვას. მერე სადღაც მივდივართ.

არ ვიღებ ხმას არც მე, არც ის.

ჩერდება.

ავდივართ.

კარს კეტავს.

მიყურებს და მკოცნის.

მინდა, ვიტირო.

არ მჯერა, არ  აკეთებინებს ამას სიყვარული.

მიკოცნის სახეს, კისერს, მერე ჩემი სარაფნის ღილებს ხსნის.

ვდგავარ.

არ ვიღებ ხმას, სადამდე მივა, რას გააკეთებს?

მიხვდება, რომ ეს ის არ არის, რაც მინდა მასთან და ეს არ არის მიზეზი, რის გამოც ვერ ვეშვები მასზე ფიქრს?

ვერ ხვდება.

ვერ ხედავს ვერაფერს.

არ ესმის.

კედელთან ვდგავარ, ორივე ხელით სახეზე მეფერება.

რაღაც სხვა ხდება აქ უკვე ვგრძნობ.

ვერ ხვდება, რომ ვნება - სინაზეში გადასდის და თუ ვეტყვი შეეშინდება.

წამით ჩერდება, თვალებში ვუყურებ.

არ ესმის.

ვერ ხვდება.

ვერ ხვდება, რომ ეს ვნებამორეული ქალის ქცევა არ არის, სადღაც რომ გავყევი.

ვერ ხვდება, რომ ვერ გარკვეულა ეს ქალიც, ეს რა არის.

და ვერ  გაკვეულა ვერც თვითონ, რა ხდება ჩვენ თავს.

ვაჩერებ, ვყვირი, ვუხსნი რომ მე მას არაფერს ვუნგრევ და მე მისთვის არაფრის არევა არ მინდა. მისმენს, სახეს მიკოცნის გიჟივით, გულში მიკრავს, არ ცდილობს გამაჩუმოს, დროს მაძლევს, დავიცალო.

გავრბივარ, ვცდილობ მოვწყდე მის მკლავებს, ვცდილობ, მაგრამ არაფერი გამომდის, ხელებს მხრებზე მიჭერს, რომ არ წავიდე.

-           მტკენ.

-           დამშვიდდი.

-           ნუ მამშვიდებ, - უფრო ვღიზიანდები.

ხელში ავყავარ, მხარზე გადაკიდებული შევყავარ საძინებელში და საწოლზე ფრთხილად მაწვენს.

-           რას აკეთებ?

-           დამშვიდდი, თუ გინდა რომ გაგიშვა, საერთოდ.

-           შენ მანიაკი  ხარ?

-           არა, მანიაკი არ ვარ, ისტერიკა გაქვს, ნერვული შეტევა და სანამ რაიმე ძლიერი დამამშვიდებელი შემომითავაზებია, თანაც ისე რომ არჩევანის საშუალება არ გექნება, შენით დამშვიდდი. შენ არავინ არაფერს გაძალებს! არავის არაფერი უნდა შენგან, უბრალოდ, გითხარი რასაც ვფიქრობ, რასავ ვგრძნობ თვეების მანძილზე და შენ ამ სიმართლისთვის დაგემართა დღეს ის რაც დაგემართა.

-           ამ სიმართლისთვის? ღმერთო ჩემო, შენ გჯერა მაგის, რასაც ამბობ? ქუჩაში დამხვდი, იძულებული გამხადე, აქ წამოგყოლოდი, კოცნა დამიწყე და ახლა მეუბნები, რომ ისტერიკა იმიტომ დამემართა, რაკი სიმართლე მითხარი? რკალიც ხომ არ გაქვს, თავზე უნდა დაგაკვირდე.

-           ძალიან სასაცილოა.

-           ძალიან სასაცილოა კი, სასაცილოა, როცა ცოლიანი კაცი, რომელსაც ორი შვილი ჰყავს, რომელსაც არაჩვეულებრივი კარიერა აქვს, რ ისთ ვისაც  ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილური პირადი ცხოვრება, დგას და მიხსნის სიყვარულს და თან სურს, რომ მჯეროდეს მისი გრძნობების.

-           გეყოფა, ნუკი!

-           როგორ დამემართა?

-           გაჩერდი!

-           ვერ გავჩერდები!  ვერასოდეს ვიმყოფინებ ამ თემას, ვერასოდეს ვაპატიებ ჩემ თავს შენს კლინიკაში მოსვლას და ...

-           დავშორდი! - აღარ დამასრულებინა სათქმელი.

-           და იმ კაქტუსსაც ვერასოდეს ვაპატიებ, რომ თავში დამეცა...  დავასრულე წინადადება და...  უცებ გამოვფხიზლდი.

-           რაო, რა თქვი?

-           რაც გაიგე!

-           ვერ გავიგე, კაქტუსზე ვლაპარაკობდი...

-           დავშორდი, - დაუმშვიდდა სახე და თვალებში შემომხედა. - შენ არ გესმის, ნუკი, ასე აღარ შემეძლო, ვერ მოვატყუებდი, უნდა სცოდნოდა სიმართლე...

-           რომელი სიმართლე?

-           რომელიც დადგა ჩემ რეალობაში.

-           რომელი სიმართლე, საბა, გავგიჟდები, ეს როგორ გააკეთე, რატომ გააკეთე, ჩემგან რას ითხოვ, გგონია, ამით მოგვარდა ყველაფერი?

-           ვინ გგონივარ, ვიინ?! ვინ გგონივარ, რომ ფიქრობ მე ამით რამე მოვაგვარე? მე საკუთარ თავთან მინდოდა ვყოფილიყავი მართალი და რა გამოვა, ან როგორ, მაგას არა აქვს მნიშვნელობა! უბრალოდ, მე ვერ ვიცხოვრებდი ქალთან, რომელიც არ მიყვარდა!

-           მე წავედი! - წამოვხტი და კარს ვეცი.

-           აუუ, დღეს შენ შემშლი და აქედან გაგიტანენ,  ვატყობ. - დამიკეტა კარი და სახეზე ფრთხილად მომკიდა ხელები.

-           გოგო, გაიგე, მე შენ მიყვარხარ! - მითხრა და ჩამეხუტა.

 

...

 

-           რას შვებით? - შემოგვეჭრა თორიკე.

-           რა ვიცი, არაფერს, სანამ შემოხვალ, დააკაკუნე მაინც, იქნებ ლიფით ვდგავარ, ყურსასმენი ესროლა ლიზიმ.

-           რო დაიბადე შენ ჩაკუკულ პამპერსს ვყნოსავდი და ახლა დაკაკუნების გარეშე ვეღარ  შემოვსულვარ?

-           ვაიმე, რა გეშველება, თორნიკე!

-           რას შვებით, აბაა, რა ამბებია თქვენთან? - მოგვიჯდა დაქალივით.

-           რავი, ჩემთან არაფერი, - ვუპასუხე გულგრილად.

-           ჩემთან - კი, იცი, გახედა ლიზიმ უკმაყოფილო სახით.

-           შენი რა სახსენებელია, - გაეცინა თოკოს და მიიღო კიდეც ბეჭებში.

-           ნუკი!

-           ჰოუ!

-           როგორ ხარ?

-           რავიცი, ხო მკითხე უკვე ?

-           აი, აი მუშტები არ მემორჩილება ბოზ... ვიყო, ვინც შენ ნერვებს გიშლის...

-           დაასვენე ცოტა ხანს, ორი დღის წინ არ გაავარჯიშე, იმ ინდოელი გოგოს გამო, ჩანთას რომ ართმევდა ვიღაცა?

-           რასისტო!

-           რა შუაშიაა?!

-           აბა, რატომ უსვამ ხაზს - ინდოელი იყო თუ ფრანგი?

-           აუ ფრანგი , ბოდიშიი!

-           თაკო რას შვება?

-           რავი, დავურეკოთ, - ავიღე ტელეფონი და თაკოს ნომერი ავკრიფე.

-           ალოო? - გაისმა მისი გაწელილი ხმა.

-           რას შვრები? - ჩავრთე ხმამაღალ რეჟიმზე.

-           არაფერს, გახევებული ვდევარ საწოლზე და ვუსმენ მუსიკას. თან ფისი მინდა.

ფიქრის მეტს რამეს ვაკეთებ, საერთოდ, ცხოვრებაში?  იდიოტივით ვზივარ და ვფიქრობ.

-           არ გამოჩნდა?

-           არა, მაგრამ სცენებს ვდგამ, საკუთარი ცხოვრების რეჟისორი მგონია თავი , მგონია, რომელ კაფეშიც მომინდება, იმ კაფეში დამპატიჟებს, რომელი კაბაც მომინდება, იმ კაბას მიყიდის, რომელი ქუჩის კუთხეშიც მომინდება, იმ ქუჩის კუთხეში გამაჩერებს და ნაზად მაკოცებს.

-           ალო, თამარ, თამჩიკო, თაკოო, აბა, მოვფხიზლდეთ და პირველ რიგში, რაც გასაკეთებელი გვაქვს, ის გავაკეთოთ. ფისი გინდა! - შემოუძახა თორნიკემ.

-           ვაიმეეე, ეგეც მანდ არიის?

-           სიტყვა ვერ ჩავაკვეხე, რომ გამეფრთხილებინე, მე, თოკა და ლიზა ვართ.

-           მერე, არ უნდა თქვაათ?

-           ვის გვაცდი საუბარს?

-           აუ, ნუკი რაა,  შენ აზრზე არ ხარ, რამდენჯერ, რამდენჯერ მიმიჩქმალავს ჩემი მუსიკალური გემოვნება, რომ არ დამშორებოდი და ჩემი ცხოვრებიდან არ წასულიყავი.

-           შენ ხო კარგად ხარ? - ავიღე ტელეფონი და ყურთან მივიტანე, -გამოდი ჩემთან და დარჩი.

-           ძალიან მაქვს ნერვები მოშლილი. ჯერ ხო რაღაც ფილმს სულ ძალით ვუყურე, ფოტო ედო ამ ფილმიდან, დე ნიროს გმირი ხელს უწვდის გოგოს და რაღაც რომანტიკული ,,ძერსკობა“ მეგონა. სრული სიგიჟე აღმოჩნდა, მარტო იარაღის ტრიალი და ტყვიების კაკანი ისმოდა ფილმში და მას რომ ვუთხარი, ვერც კი გაიხსენა რა ფილმი იყო.

რა ლამაზი ტუჩები გაქვსო, დამიხვია 20 წელია. და ვიმეორებ გიჟივით, ათ წელიწადში ერთხელ, როცა გამახსენდება. ამ ჩემ ფეხებს, თუ არც მოსწონდა ჩემი ტუჩები, ნუკი, მოვდივარ, დამხვდი, - წამოიყვირა ბოლოს და ტელეფონი გათიშა.

-           აუ, თუ იყოს ჯანმრთელიი, - გავხედე თორნიკეს და ლიზას . ამ დროს ვიღაცამ დაურეკა თოკოს.

-           გისმენთ, ბატონო ნოდარ, დიახ, ხელი მაქვს დამწვარი, ბატონო ნოდარ, დიახ, ხელი, ხელი, ხელი, არ გესმით?

-           ყრუა ხო ამისი უფროსი? - გადავუჩურჩულე ლიზის.

-           ყრუჩუნა უფრო.

-           ეგ რას ნიშნავს?

-           გოგო, ყრუს და გამოშტერებულს - ერთად! ბებიაჩემი ეძახის ბაბუაჩემს ასე და იქიდან ვიცი.

-           ჰო, ბაბუაშენი კია ყრუჩუნა - წამომცდა და ხელი მივირტყი ტუჩებზე.

ლიზის გაეცინა და მიჯიკა, რომ საწოლზე წავექციე და ამ დროს ისმის თორნიკეს არნახული, გაუგონარი ფანტაზიით შეთხზული ისტორია.

-           ბატონო ნოდარ, მესმის მე ყველაფერი, მაგრამ ყური მაქვს დამწვარი, როგორც უკვე გითხარით, შეიძლება კიდეც, აი, ახლაც რომ გელაპარაკებით, ცალი ყური ახვეული მაქვს, საშინელ მდგომარეობაში ვიმყოფები, თქვენ ხომ კარგად იცით, როგორ ვცხოვრობ, მოხუც ბებიას და ბაბუას ვუვლი.

-           რა ბებია და ბაბუაო, გოგო - გამოშტერდა ლიზა.

-           ატყუებს, ბებია გარდაეცვალა და ბაბუა მეორე მსოფლიო ომიდან არც დაბრუნებულა.

-      ყურის დაკარგვა მინდოდა ახლა, ბატონო ჩემო? ისედაც ბავშვობიდან ცალ ყურში არ მესმოდა, დიახ, დიახ, რა დამემართა? რა დამემართა დაა...

-           მიდი, მოიფიქრეთ რამე, - გადმოგვხედა ჩვენ.

-           გენეტიკურია - თ ქო, უთხარი.

-           დავიბადე ყრუჩუნა - თქო, ლიზის უკეთესი იდეა ჰქონდა, თორნიკემ ვერ გაიაზრა, რა ვუთხარით და ინსტიქტურად  იგივე  გაიმეორა.

-           დავიბადე ყრუჩუნა! ყრუჩუნა რა არის?-  აი, ყრუ და ჩუნა... რა ვიცი, ბატონო ნოდარ, ყრუჩუნა რაა ...

 

ჩვენ აღარაფერი გვესმოდა, გარდა ჩვენივე ხმამაღალი სიცილისა.  ყრუჩუნამ უმალ დატოვა ოთახი, რადგან ამ სიტყვის მნიშვნელობა უნდა აეხსნა ფინანსური დირექტორისთვის.

 

...

 

ერთ გაზაფხულზე, ჩვენი სახლები ფერადი საღებავით შეღებეს მამამ და მისმა მეგობრებმა,  ბილიკები გაამწვანეს. საღამოს მთელი უბანი გარეთ გამოდიოდა, არავინ ყრიდა ნაგავს ქუჩაში, არავინ  შეურაცხყოფდა ერთმანეთს. ასეთი საღამოები მიყვარდა, ადამიანები რომ აივნებზე გამოფენდნენ  ემოციებს, ამოალაგებდნენ ძველ ჩემოდნებს სიყვარულით   ჩალაგებულს წინა გაზაფხულში და გამოამზეურებდნენ ბალიშისპირებს, საბნის ჩიხოლებს და საღამურებს, რომლებსაც დიდი რუდუნებით უნახავდნენ დასაოჯახებელ შვილებს.

ყველაფერს ხომ თავისი ისტორია ჰქონდა.

ასეთი გაზაფხული მიყვარს, საოცარი სურნელით რომ იჟღინთება ირგვლივ ყველაფერი. ეს სურნელი არ არის არც ნუშის, არც ტყემლის. შენ თვითონ გაქვს ეს სურნელი ბედნიერებისა და სიამოვნებისგან და შეიძლება არც იცოდე მიზეზი, მაგრამ უბრალოდ, გაზაფხული გიხაროდეს. ცხოვრება გიხაროდეს, რამდენი პრობლემაც უნდა იყოს ირგვლივ, რამდენადაც უნდა ღონდებოდეს შენი გული.  მაშინ ჯერ კიდევ არსებობდნენ აივნები, ხის მოაჯირებით, სიძველისგან რომ ჭრიჭინებენ. იტალიური ეზოები, პატარა საპირფარეშოებით და ეზოში ონკანით, საიდანაც წყალი ყოველთვის ისე მოდის, რომ გაგწუწოს.

ლეღვის ხეები ამ ონკანების თავზე და ბეტონის პატარა კედლები, რომ ერთი ეზოდან მეორეში გადაძვრომა შეგვძლებოდა.

ეს არის ცხოვრების მთავარი კანონი, რომ რაც უნდა ხდებოდეს შენში, შენთან ან შენ ირგვლივ, გიხაროდეს. ყველა ერთმანეთის მეგობარი და გულშემატკივარი იყო.

არავინ - არავის ეჯიბრებოდა.

გვიყვარდა ერთმანეთი.

ბავშვები ერთად, ეზოში.

მამები ერთად, ტელევიზორთან.

დედები ერთად, კინოში, თეატრში, სამზარეულოში.

ბებიები - აივანზე.

ბაბუები სახლის წინ, ნარდით გართულები.

ადამიანები კეთილი თვალებით, ბედნიერი მზერით, ოცნებებით და სიხარულით სავსენი იყვნენ.

ერთი სახლი იდგა რაღაცნაირად მოუვლელი, და ჩვენ, რატომღაც, იმ სახლის წინ გვიყვარდა შეკრება.

შუაღამემდე არ შევდიოდით სახლებში.

სანამ მოხუცი, საყვარელი ეკატერინა არ გამოგვიხტებოდა აივნიდან, ცალი ჩუსტით, მანამდე არ ვიშლებოდით.

ცალი ჩუსტის თემას ვერასოდეს მივხვდი, ბოლოს დავასკვენი, ალბათ ითმენს , ითმენს და ბოლოს რომ გადაეკეტება, სიჩქარეში წამოვარდნილი, უცებ ერთ ჩუსტში გაყოფს ფეხს და მეორეს აღარ დაეძებს, ისე დაგვესხმება ხოლმე თავს ( ბებიაჩემი სულ ასე შვრებოდა, სოფელში რომ წაგვიყვანდა - ხოლმე). ძალიან გვიან მივხვდი, რომ კატერინა ბებოს ცალი ფეხი უბრალოდ არ ჰქონდა.

მიზეზი ვერ ვკითხე, რადგან უკვე გარდაცვლილი იყო.

იმ დღეს თაკო მოვიდა ჩემთან და მუსიკა არ ჩავართვევინე. - რა მოხდაო, მკითხა.

-           კატრინა გარდაიცვალა, საყვარელი, 88 წლის გახდა გუშინ და დღეს ვეღარ გაიღვიძა.

- რა დაემართა?

ამ დროს ცაში ავიხედე, ღმერთს ვეძებდი, მინდოდა მისი სახე დამენახა, თაკომ რომ ეს კითხვა დასვა.

-    შვილო, დებილი ხო არ ხარ შენ, 321 შეუსრულდა გუშინ, რა ექნა მეტი?

-     საწყალი, ცალი ფეხით კიდევ დიდხანს იცოცხლა, - დაახეთქა ახალი იდიოტობა.

-     ვაიმეე, მამა,  მიხედე ამას, მალე შემოვალ, - დავუბარე   მამას.

ცოტა ხანში შევბრუნდი, თაკოს ხელი მოვკიდე და  ჩემ ოთახში შევიყვანე.

-           რას შვები?  - მივწექი საწოლზე.

-           არაფერს, ნერვები მაქვს მოშლილი.

-           რატომ?

-           მზად ხარ?

-           მიდი, დაიწყე!

-           აი, დღეს  აფთიაქიდან კისრისტეხით რომ გამოვარდი და სამსახურისკენ  გავრბოდი,  ჩემი სახელი დაიძახა ვიღაცამ. ვიღაცამ არა...

-            ზუკამ! - დავდე დასკვნა.

-           ჰო...

-        მერე?

-           სადაც დავინახავდი, ადგილიდან  მოვწყდებოდი ხოლმე მისი ცინიზმისა და უკიდეგანოდ ამოუცნობი, საზიზღარი ქცევის გამო, სანამ თავად მაიძულებდა ხოლმე გაქცევას. ჰოდა,  ახლა იდგა ჩემს წინ, წლების შემდეგ, ჯანდაბა ისე სიმპათიური, ახლა უკვე კაცი, ვიღაც ოთხ ტიპთან ერთად და ოდნავ უღიმოდა სახე.

-           კაი რაა...

-           მაცადე...  თავიდან რეაქცია ნულის ტოლი, მერე ნელ - ნელა მოვედი აზრზე და გავუღიმე.

-           ჰეი, ზუკა!

-           როგორ ხარ, ჯაფარიძე? - გვარით მომმართა... როგორი ბედნიერი ვიყავი ხომ წარმოგიდგენია? რა რომანტიკულია, ღმერთო, 100  წლის შემდეგ რომ ხვდები კლასელს და თურმე ,,როგორ ვარ ჯაფარიძე!"

-           კარგაად, შენ როგორ ხაარ, გნოლიძე? - ძალიან გავწელე  სიტყვები, თითქოს ძალიან სვეცკი გოგო ვიყავი, სავარაუდოდ, სვეცკი გოგოები ყველაზე მეტად მოსწონს, ალბათ, თვითონ ისეთ ვიდზეა, რავიი...

-           უიმე, კაი, მერე?

-           ჰოდა, ხო იცი, რა კეკლუცი ვარ,  ჩამერთო უცებ  პრანჭვა-გრეხვის საათი, ვიტყლარწები, სიტყვებს ვწელავ, რაღაც სასწაულ  მოძრაობებს ვაკეთებ , რაც ჩემი სრული განადგურებით დასრულდება სულ მალე და თან ვგრძნობ,  რაღაცას ისეთს მეტყვის, ფაშისტურს და პაკაა, პატარა ნიბლიასავით დაპატარავდება ჩემი უხვად გამოწელილი ფრაზები.

-           ეე, კარგად, რანაირი ხარ, გოგო, როგორი გამხდარხარ,  ჩემიი, თვითონაც არა უშავს წელვაში, რაა.

-           როგორი, ძაან მაინტერესებს? - უკვე ფსიქოლოგიურად მომზადებულმა ვკითხე, ველოდი, რომ რაღაც სიდამპლეს მეტყოდა და...

-           რავი, ლამაზი, ტოო...

-           აჰაჰაჰა, - მოვაღე პირი და მმაგრად გაუტყდა, თან ეგ ბიჭი იუმორში, აი, ძაან...

-           ძაან სასაცილო ვთქვი რამე? მეკითხება და ვსიო, ნიბლია ვარ ამ წუთიდან.

-           ბოდიში,  - გავუღიმე ისე, რომ არ გამიღიმია და სადღაც ზეცისკენ დავიწყე ყურება.

-           წამო, გავისეირნოთ, გცალია? - მეცალა, რა თქმა უნდა, ნუკი, მეცალა. უამრავი საქმე მქონდა, მაგრამ მეცალა.  ჯანდაბას სამსახური, ჯანდაბას ახალი ფეხსაცმელი, რომელიც უნდა მეყიდა და ძველი ვარდისფერი ბოტასი, რომელშიც გავიყინე მთელი ზამთარი, ჯანდაბას, რომ საშინლად  ვგრძნობდი თავს ცოტა ხნის წინ, სანამ ნაცნობი ხმა ჩემ სახელს დაიძახებდა. ჯანდაბას ყველაფერი, რადგან ხანდახან ცხოვრება ერთი წამი გგონია. გგონია, რომ რაღაცის გამო გიცხოვრია, რაღაც შეგრძნებების გამო გიარსებია და მერე ფიქრობ, რომ აი, ახლა, ამ ყველაფრის შემდეგ, მოხდეს, რაც მოსახდენია.

-           თაკოო, ნუ გააპათოლოგე, მთვრალი ხარ? - აზრზე მოვიყვანე დაქალი.

-           ვსიო ,  დავეშვათ მიწაზე.  მოსახდენი ისედაც მოხდება და  ჯანდაბას ყველაფერი, ბიჭოო, მაგრამ არაა მაინც ეს ქალური რაღაც, სიამაყე თავმოყვარეობა, თუ რა ვიცი, რაღაც ძალა მეუბნება, რომ მივბრუნდე ახლა ამ ბიჭისკენ გაოცებული სახით და კითხვა შევუბრუნო.

-           გავისეირნოთ?

-           ჰო.

-           რატომ?

-           რავი, მომენატრე, რა მოხდა... აი, გაოგნდა ნუკი, გაოგნდა, ტიპმა გავისეირნოთო, მთხოვა, ნომერში ხო არ დავუპატიჟივარ, უბრალოდ, გავისეირნოთო და მე რას ვეუბნები...

-           არა, როგორ არ შეიძლება, მაგრამ ბოლოს როგორც მახსოვს, ასეთი რამ მითხარი: ,,ვერ გეტყვი, რო წავალ და შენთან ერთად კრუასანს შევჭამო, მაგრამ შენთან სექსზე უარს არ ვიტყოდიო."

-           ეგ როდის იყო?

-           ორი წლის წინ, სკოლის დამთავრებიდან ხუთი წლის თავზე. მოკლედ, ეს რომ ვუთხარი,  ჩაეცინა და ბიჭებს გახედა, ისმენდნენ თუ არა. მერე რომ დარწმუნდა არავის ეცალა ჩვენთვის, მომიახლოვდა, აი,  სახე - სახესთან მომიტანა, ტუჩები - ტუჩების პირისპირ, ჯერ კიდევ სკოლაში ლაწირაკობის დროს რომ უთქვამს ლამაზი ტუჩები გაქვსო, თავხედურად  მომაშტრედებოდა და აი, ამ დროს მინდოდა გაქცევა,  მაგრამ გაკვეთილზე ვისხედით, მე სულ ბოლო მერხზე და იქიდან ვერსად გავიქცეოდი, ის კი ჩემი მერხის წინა მერხზე ეგდო და მთელი ტანით ჩემკენ იყო მოტრიალებული რომ მსგავსი სითავხედეებით აებნია ჩემთვის მთელი დღე. ჰოდა დგას ახლა ასე, ჩემ პირისპირ და ,,მკვლელი“ თვალებით მიყურებს. მე, როგორც დასაკლავად გამზადებული ბატკანი, ველოდები, რა შხამი უნდა ამოანთხიოს და მეკითხება.

-           გააფრინე?

-           დროს ვკარგავთ, - ვაკოცე ლოყაზე და გვერდი ავუარე!  აი, ამ ისტორიის მერე მითხარი, ვინ ვარ მე?!

-           ჩვეულებრივი იდიოტკა!

-           და რა მინდა?

-           ისე მომიშალე ნერვები, მინდა კატარინასთან გადაგიყვანო და ძალით გაკოცნინო მის გაციებულ ლოყებზე!

-           როგორ შეგიძლია, ნუკი, როგორ?! როგორ შეგიძლია ასეთი დაუნდობელი იყო?!

-           უუხ, ახლოს მყავდე ახლაა!- ვესროლე ბალიში და მუშტი მოვუღერე  გამოჩერჩეტებულ დაქალს, რომელსაც რომ მოენდომებინა, ცხოვრებაში კვანტური ფიზიკა უკეთ გამოუვიდოდა ვიდრე  ბიჭებთან ურთიერთობა.

 

...

 

-           მოვედი. - ავიწურე მხრები და კართან ავიტუზე.

-           შემოდი. - გაეცინა და ჩემკენ წამოვიდა.

-           გადაგკოცნი, ხო? - მკითხა ისევ სიცილით და არ დალოდებია ჩემს პასუხს, ისე მაკოცა  ლოყაზე,

მერე ორივე ხელი მომკიდა და მაგიდისკენ წამიყვანა. სკამი გამომიწია, დაჯექიო მანიშნა და თვითონ მაცივარი გამოაღო.

-           არ მშია.

-           მე მშია.

-           რამდენჯერაც მარტოსულად იგრძნობ თავს, გოგოები მოგყავს აქ?

მოვათვალიერე ოთახი და მისი ბრიალა თვალების დანახვაზე მაშინვე უკან წავიღე ჩემი სიტყვები.

-           ბოდიში, - ჩავიბურტყუნე.

-           ბურგერს გიკეთებ.

-           არა, არ ვჭამ ამ დროს.

-           კარგი, თავიდან ვცადოთ, ბურგერს გიკეთებ.

-           არ ვჭამ ამ დროს.

-           ბურგერი. - დამიგდო წინ თეფში და ზედ უკაიტიპესი ბურგერი.

თეფშის დაგდებით გამოხატა, რომ მე არავინ მეკითხებოდა მის სახლში შევჭამდი თუ არა, რას შევჭამდი ან რა დროს. ბურგერისადმი დამოკიდებულება კი იყო საოცრად ნაზი, რომ არაფერი დაზიანებოდა და როგორც ხელოვნების ნიმუშს ისე მოეღწია ჩემამდე.

-           მაიონეზით არის?

-           დიახ.

-           მაიონეზს არ ვჭამ!

-           შენსას არაჟანი აქვს , - შეცვალა ჩვენება.

-           აუუუ,  აუტანელი ხარ!

საბას  კმაყოფილს ჩაეღიმა და გემრიელად ჩაკბიჩა თავის თეფშზე მოთავსებული უცნაური რამ, რომელსაც მომეჩვენა, რომ მონსტრის კბილები ჰქონდა, თვალებში რაღაც ცეცხლი უელავდა და ჩემ განადგურებას ლამობდა.

ვაიმე, ღმერთოო, მიშველე, რა აზრები მომდის, მისი ყოფილი ცოლი რა არსებად უნდა მომეჩვენოს, სადაც ეს ბურგერი მონსტრი მგონია, -  ჩემივე გიჟურ ფიქრებზე გამეღიმა.

-           შენი ღიმილი, ნუკი...

ჩემი აზრით, დეგენერატი გოგო კი ვიყავი, მაგრამ არც ისეთი დეგენერატი, რომ ბიჭს სახლში დავდგომოდი.  ჰოდა, მე და თაკო ვსაუბრობდით საღამოს სწორედ ამ თემაზე, როგორ უნდა მოვქცეულიყავი, თუ საბა მოინდომებდა, მასთან სახლში მივსულიყავი.

-           რაოო? სახლში მისვლაო? აბა გაბედოს, უბრალოდ!

-           ვაიმეე, ნეტა რა გაცოფებს, დიდი ამბავი!

-           რაა, გოგო!

-           რა და სახლში რომ მიხვიდე მასთან, რა იყო, თავისი სახლი აქვს, ცოლს გაყრილია.

-           არ ვიცი...

-           თვეზე მეტია  გეხვეწება.

-           კიდევ დიდხანს მოუწევს.

-           ძაან ღრჯო გოგო გამოდექი, თუმცა გეთანხმები კი, არ უნდა მიხვიდე, რა პონტში უნდა მიხვიდე.

-           ხო არ ვიცი, რა პონტში, მითხრა, გთხოვ, მოდი ჩემთან, ფილმს ვუყუროთ, უბრალოდ, ფილმს

ვუყუროთო.

-           აუუ, მეც რო წამოვიდე? ჰა? წამოვიდე მეც?

-           ვერ გავიგე, არ მესმის, მე მეკითხები? - არ მჯეროდა, რა სისულელეს  მეკითხებოდა.

-           უიმეე...

-           არ მივდივარ არსად, მარტო შენ გვერდით დავიძინებ მუდამ, სხვა არავის გვერდით არ

ვაპირებ ძილს.

-           არც საბა?

-           არც საბა, უბრალოდ მინდოდა ფილმისთვის გვეყურებინა ერთად.

თაკო ასლუკუნდა.

-           რა გატირებს, დებილი ხომ არ ხარ შენ?

-           გული ამიჩუყდა.

-           რა გატირებს გოგო, რატომ ღნავი?

-           აი, ასეთი უაზრო ვარ, ასე მეტირება ამ ბოლო დროს. გუშინ რომ გითხარი ექიმთან ვარ - მეთ ქი.

ვიღაც ტლიკინა გოგო იდგა რიგში, მთელი საათი საუბრობდა ტელეფონზე, დაქალს ელაპარაკებოდა და ბოლოს იმდენი ვიტირე, ნუკი, შენ თავს ვფიცავარ, იმდენი ვიტირე, ექიმთან რომ შევედი წნევა მქონდა 55/35 - ზე.

-           რას ყვებოდა ასეთს, შევწუხდი.

-           არ თქვა.

-           რამე სჭირდა? - ძალიან ვიდარდე, თაკოსი არ იყოს.

-           არა, თავის მეზობელზე ყვებოდა რაღაცებს, მთელი დღე მარტო ზის და მზესუმზირას აკნატუნებს ფანჯარასთანო, მერე მე ვდგავარ და მის დაყრილ ჩენჩოებს ვგვი ეზოშიო. გუშინ ექიმთან იყო მისული, წელის ტკივილები მაქვს სასწაული, აბა რა იქნება, მოვიკუნტე, ხერხემლის გამრუდება დამეწყო ამდენი ხვეტითო. ბებია გამახსენდა სოფელში, როგორ მოიკუნტა ბოლოს და როგორ დარდობდა, პაპაშენს ალბათ საერთოდ აღარ ვაღელვებო.

-           ღმერთოოო...

-           აბაა, და ჩვენ რაზე ვწუხვართ.

-           ანუ ბებიას ჰგავხარ, ასეთ საკიხებზე ნერვიულობაში?

-           ჰო, ალბათ.

-           აუ, შენ მართლა დებილი ხარ მგონი, მეგონა, რამე უბედურება სჭირდა, ვის უმრუდდება ხერხემალი მასეთი დებილობის გამო?

-           ვაიმე, მე, მაგალითად, ოთახს რომ მოვგვი, ხელზე ბებრები მიჩნდება.

-           ფუ, დამანებე რა თავი!

რამოდენიმე წამი ვეყარეთ კიდევ იატაკზე,  აივნის კარი ღია იყო და თავისუფლად ჩანდა ჩვენგან, გაუჟმურებული ცა, რომელზეც არც ვარსკვლავი კიაფობდა და მთვარე, საერთოდ, რა მოვლენა იყო ნეტავ.

-           ნუკიი, - დაიწყო ცოტა ხანში თავიდან.

-           რა გინდა, ახლა რაზე უნდა მატირო?

-           თუ გეტყვის, მოდიო, უარი უთხარი.

-           რა თქმა უნდა, უარს ვეტყვი!

-           ხო, არ იქნება მგონი კაი საქციელი.

-           ვიცი.

-           ჰოდა თუ იცი, მასე ქენი.

-           ჰო  - მეთქი!

-           კარგი, - ჩაილაპარაკა კმაყოფილმა.

ამ დროს ჩემი ტელეფონი...

-           ალოო? - გავწელე რაღაცნაირად, ხასიათზე მოსულმა.

-           ნუკი!

-           დიახ?

-           საბა ვარ, - მითხრა ისეთი საოცარი, მელოდიური, სევდიანი, მშვიდი, არანორმალურად

ტკბილი, უკარგესი ბოხი ხმით... როგორ გავჭედავ ხოლმე, მე თვითონ მიკვირს...

-           როგორ ხარ, საბა?

-           კარგად ვარ, შენ, ნუკი?

-           მეც კარგად ვარ.

-           მოდი ჩემთან, გთხოვ.

-           შენთან?

უცებ დავდნი, დავტკბი და მერე მოვედი აზრზე.  გამახსენდა, რომ იქვე ორ ნაბიჯში, იატაკზე ყველაზე ნაძირალა გოგო ეგდო და თაკოს გადავხედე.

ორი თვალი დაახლოებით რვა თვალი გახდომოდა და ინტერესით და ნიშნისმოგებით მიცქერდა, ჩემი პასუხის მოლოდინში.

-           რატომ, რა ხდება? ავღელდი ჯერ, მერე ისევ გადავხედე თაკოს და მის მკაცრ მზერას რომ წავაწყდი, მეც ხმა გავიმკაცრე და კითხვა გავუმეორე, -  რა ხდება, მშვიდობა გაქვს?

-           მჭირდები!

-           რისთვის?

-           უბრალოდ, მჭირდები, როგორც ადამიანი, როგორც მეგობარი.

-           მჭირდებიო, - გადავუჩუჩულე თაკოს... არააო, თავს მიქნევს უარის ნიშნად, ჯერ ვერ დავითანხმე, რომ წასვლის ნებართვა მომცეს.

-           ვერ მოვალ, - მოვუჭერი მოგონილი გულგრილობით.

-           აი, გთხოვ, მხოლოდ დღეს, უბრალოდ, მოდი.

-           არაა, თაკომ  - არაო.

-           ვინ?

-           ჯანდაბა, წამომცდა, - ვიკბინე ტუჩზე, - არაა, არავინ.

-           მართლა, ადამიანურად გთხოვ.

-           ადამიანურად გთხოვო - გადავხედე დაქალს.

-           არა! - გამიქნია ისევ თავი.

-           კარგი, - დავეთანხმე თაკოს, მაგრამ ვეღარ მოვითმინე.

-           კარგი, მოვდივარ, - შევყვირე ზუსტად ისე, როგორც სერიალ „მაშველებში“ ხდებოდა და ტელეფონი გავთიშე.

სხვა დანარჩენი უმნიშვნელოა. მაპატიებდა თაკო...  მაგრამ არ მოუთმინა გულმა და კართან დამეწია

-           იცი, რა? რა მოხდა, მეგობრულად მიხვალ, ნახავ , მოუსმენ და წამოხვალ რაა.

-           ხო რაა, მართლა გაუგებარი ხალხი  ხომ არ ვართ, კაი რაა.

-           ხო ეგ არაფერი, კაი რაა, ხალხი ისეთებს აკეთებს.

-           აჰაა...

-           კი ...

ერთმანეთს ხომ ვატყუებდით, ერთმანეთს კი არა საკუთარ თავებსაც არ ვუტყდებოდით, რომ არასწორი საქციელი იყო. ეს მე დამანგრევდა, ერთი მისვლაც საკმარისი იქნებოდა, შემყვარებოდა არაადამიანური სიყვარულით და დედამიწის გულზე ვერც ერთ სხვა კაცზე ვეღარ მეფიქრა.

ეს საბამაც  იცოდა და ამიტომაც მთხოვა იმ ღამეს, შუაღამისას, პირველი რომ დაწყებულიყო 9 წუთით, გამოდი, გთხოვ, უბრალოდ თავს მხარზე დაგადებ, რამე ფილმს ერთად ვუყუროთო...

ეს მე მოვიგონე... არ უთქვამს.

 

 

...

 

 

იმ ღამეს მასთან მისულს ჯერ კართან ატუზული რომ შემიპატიჟა, მერე თითქმის ძალით რომ მისი მომზადებული ბურგერი მაჭამა, მერე მაიონეზმა რომ ალერგია მომცა და ორი აბი ალერგიის წამალი დამალევინა.

მანამდე ნემსით რომ მდია (როგორ სჯეროდა რომ ნემსს გავაკეთებინებდი ჯერ ვინმეს საერთოდ და მითუმეტეს მას), თან მსაყვედურობდა, რატომ არ თქვი, თუ მაიონეზზე ალერგია გქონდაო, თითქოს არ ვუთხარი, რომ მაიონეზს არ ვჭამდი, მოვიდა, გვერდით მომიცუცქდა, თავი მხარზე დამადო და ფილმი ჩართო, რომ ერთად გვეყურებინა.

მის სურნელს ვგრძნობდი.

მის სუნთქვასაც.

მის სახეს ჩემს სახესთან.

და მიყვარდა საკუთარი თავი მისით.

დაუჯერებელი იყო, წარმოუდგენელი, არც ისე დიდი დრო იყო გასული მისი გაცნობიდან, მაგრამ შეგრძნება, რომ უამრავი წელი ვიცნობდი და შეგრძნება, რომ უამრავი წელი, ის იყო ჩემი, არ მტოვებდა.

ალბათ, არსებობენ ადამიანები უცნაური მიზიდულობებით, აუხსნელი საერთო ემოციით.

ჩვენ შორის აკრძალულის სურნელი იდგა და ყველაზე ტკბილი სურნელი იყო ეს.

მან იცოდა, რომ ეს აუხსნელი რამ იყო და არც მისთვის იქნებოდა ადვილი უჩემობა.

... ძალიან მალე ჩამეძინა და ძილბურანში ვიგრძენი, როგორ მაკოცა ორჯერ მსუბუქად შუბლზე და ნახევრად მძინარე როგორ ველოდებოდი კიდევ მაკოცებდა.

ძალიან სასაცილო გოგო ვარ მგონი.

საოცნებო კაცთან მიდიხარ ფილმის საყურებლად და ზუსტად პირველ 20 წუთში გეძინება.

ჯერ ფილმის საყურებლად რომ მიდიხარ, რა გინდა, სად მიდიხარ.

მერე ფილმის საყურებლად რომ მიდიხარ, იკითხე რაა, რა ფილმის ყურებას აპირებთ, რომ ის პირველი 20 წუთიც შიშისგან არ იცახცახო.

ფილმი, სახელწოდებით: „ თორმეტი ათასი ვამპირი.“

ძალიან საინტერესოა, ძალიან რომანტიული.

34 წლის წარმატებული ექიმი მამაკაცები ასეთ ფილმებს უყურებენ თურმე... განსაკუთრებით რომანტიული ყოფილა გოგონასთან ერთად ყურება და შემდეგ ერთი კვირა მკურნალობენ შიშის ფონზე, ფრჩხილების ჩასობით მიყენებულ ჭრილობებს, ნავარჯიშევ მკლავებზე.

პირველი 11 ვამპირი პირველ 20 წუთში მოსპო რეჟისორმა და მეტი აღარ მინახავს.

როგორც მეორე დღეს შევიტყვე, რვა ათასი ვამპირის დაღუპვის შემდეგ კომპიუტერის ელემენტი დამჯდარა და დაუძინია მასაც.

ვიწექით ერთმანეთის გვერდით და გვეძინა.

ჯერ მე მეძინა და თვითონ ფილმს უყურებდა.

მერე მე გამეღვიძა და მას ეძინა.

სიზმარში ერთმანეთს ვერ შევხვდებოდით, რადგან ვამპირებზე ფილმის ყურების შემდეგ, სავარაუდოდ, სიზმარიც შესაბამისი დაესიზმრებოდა და, მე ვიმედოვნებდი, რომ ამ სიზმარში არ აღმოვჩნდებოდი, როგორც ერთ-ერთი სისხლისმსმელი ვამპირი, მაგრამ თუ მე ვამპირების მიერ დატყვევებული პრინცესა ვიქნებოდი და თვითონ  ჩემი გმირი, მაშინ სიამოვნებით.

რატომაც არა, არაერთი რომანტიული სცენარი დაწერილა მსგავსი სიუჟეტით.

ამ თემაზე საკმაოდ სერიოზულად ვიფიქრე გათენებამდე ორი საათით ადრე და ბოლოს დავასკვენი, რომ მაქსიმუმ ოპერაციაზე მეოცნება, რომელსაც ექიმი გამიკეთებდა.

სხვა უფრო რომანტიული ვერაფერი წარმოვიდგინე.

ეს იყო ყველაზე არარომანტიული ღამე ისტორიაში...

 

...

 

მზე რომ ამოვიდა, ავდექი და წამოვედი. არ ვიცი რატომ, ვფიქრობდი, რომ სიცარიელეს დავუტოვებდი, არ ვიქნებოდი საკმარისი და მინდოდა ეს ეგრძნო.

სახლში რომ მივედი, დამირეკა, ახალგაღვიძებულმა, ისედაც საოცარმა ხმამ  სულ მომცელა, როგორც თაკო იტყვის ხოლმე ზუკას დანახვისას.

-           ნუკი, სად წახვედი?

-           სახლში.

-           რატომ?

-           ...

-           რატომ?

-           არ ვიცი...

-           დღეს ხომ გნახავ?

-           არ ვიცი...

-           მაშინ მე ვიცი, თუ არ გამოხვალ ბარში მოვალ...

-           არც იფიქრო!

-           რატომ? - გაეცინა.

-           იმიტომ, რომ ყველა გნახავს და არ მაქვს ახსნა-განმარტებების თავი.

-           ვის რას უხსნი, ან რატომ?

-           ჩემი მეგობრები არიან და რა ვუთხრა ვინ ხარ?

-           შენი შეყვარებული!

ჩემი შეყვარებული? რაოო? ნამდვილად ასე თქვა? ცოტა სასაცილო ხომ არაა, შეყვარებულს რომ მეძახის უკვე? როდის მოასწრო ჩემი შეყვარება? რა ხდება, საერთოდ, მე აზრზე  ვარ, რას ვაკეთებ? - მტვრად მაქცევს დათა.

არაა! დათაც და კოკაც, რა პონტია, ცოლს ახლახან დაშორდა, რო ჰკითხო, ჩემ გამო და ეგ რომ მაგათ გაიგონ...

... დავუშვათ,  ჩემ გამო დაშორდა. ხომ თავი მაქვს მომძვრალი და თუ ჩემს გამო არ დაშორებია, მას აქვს თავი მომძვრალი, ჩემი მოტყუებისთვის. მორჩა, ვშორდები! ვშორდები? შორდები? შენი შეყვარებულია? რანაირად შორდები, ფილმს უყურეთ ერთხელ ერთად, დიდი ამბავი, თორნიკესთან ერთად რამდენჯერ გიყურებია ფილმისთვის და რამდენჯერ დაგიძინია მის გვერდით...

-           ნუკიი... ბევრს ფიქრობ, - ისმოდა გაბმული ძახილი ტელეფონში.

-           არა, ვერ გნახავ, არ შემიძლია, ძალიან ცუდად ვარ, - მომაწვა უცებ მთელი ჩემი დარდი.

და...

-           აუ,  არ გადამრიო და ტირილი არ დაიწყო, თორე მართლა გავაფრენ.

-           არ ვტირი , - ვბღაოდი ხმამაღლა და მოთქმით - სად ვტირი.

-           გამოდი გარეთ, - მომიჭრა მოკლედ და გამითიშა.

-           მტვრად მაქცევს, - ამოვიკნავლე ჩემთვის.

-           რას აიჩემე ეს მტვრად მაქცევს, შე იდიოტო, - გადმომხედა ნახევრადმძინარე თაკომ.

 

 

...

 

მიყვარს კაცი, რომელმაც სხვა ქალი მოიყვანა ერთ დროს ცოლად და ღმერთისგან გამუდმებით ვითხოვ ამის გამო პატიებას.

ვითხოვ და იმედი მაქვს, რომ მაპატიებს, რადგან ადამიანებს შორის კუთვნილება სასაცილოდ მიმაჩნია.

სასაცილოდ მიმაჩნია ადამიანებს ჰქონდეთ უფლება, თითი დაადონ მეორე ადამიანს და თქვან - ჩემია.

მაგრამ აი, მეც ვამბობ, რომ  ჩემი ხარ და შენს გაყოფას არავისთან ვაპირებ.

ღამე არ გასვენებს კოშმარები.

დღე დანაშაულის შეგრძნება და ბოლოს მიდიხარ. გადაწყვეტილებამდე, აღმატებულს ესაუბრო.

სხვა დროს, რამდენჯერაც ტაძრის ღია ჭიშკარს გვერდს ავუვლიდი, ათასი რამ იყო მიზეზი, რომ არ შევსულიყავი. სულ მოგონილი მიზეზები, დღეს კი თავი ისე ცუდად ვიგრძენი, ტაძარში წავედი.

მინდოდა ღმერთი მენახა.

გავსაუბრებოდი.

ენიშნებინა კარგი ან ცუდი და მეგრძნო, რომ ვარსებობდი.

ტაძარში შესულმა კაცი ვიხილე, ანაფორით, რომელიც ღმერთს არაფრით ჰგავდა.

იდგა და ხმამაღლა იძლეოდა შენიშვნებს.

ამბობდა, ბავშვები ნუ ტირიანო.

ქალები ნუ საუბრობთო.

კაცებმა საყურე მოიხსენითო.

არაფერს ამბობდა ისეთს, რომ უსამართლობა გეგრძნო,

მაგრამ მისი ხმა იყო უსიყვარულო.

ადამიანებს სწყინდათ და გამოდიოდნენ ტაძრიდან.

მეც იქვე, კუთხეში გამოსასვლელთან მივიმალე, რამე არ მოეძებნა ჩემთვისაც მას ან რომელიმე მსახურს, რომლებიც ყოველთვის აძლევენ თავს უფლებას, ჭკუა დაგარიგონ.

ზოგ ტაძარში ყველა იტოვებს უფლებას, ჭკუა დაგარიგოს, რადგან იქ ყველა შენზე მეტად „ქრისტიანია“ და ყველა შენზე მეტად „მლოცველი.“

ყველას შენზე მეტი კაბა აქვს სახლში.

მათი კაბები  უფრო  გრძელია, ვიდრე შენი.

რა იმალება ჩვენ სულში, რა მნიშვნელობა აქვს.

ისინი არ ჭამენ ,,ნუთელას“, მარხვაში.

შენსავით ყოველ ოთხშაბათს და პარასკევს არ ჩამოართმევენ საკუთარ თავებს პირობას, რომ მარხვას დაიცავენ.

სამაგიეროდ, ყოველდღე კლავენ ერთმანეთს სიტყვით, თუნდაც ტაძარში მიკერძოებული ადგილების გამო, მიცვალებულთა დღეს ეკლესიაში მიტანილი საკურთხის გამო, სეფისკვერის და არტოსის გამო და მოძღვრების მიერ გაღებული მოწყალების გამოც.

ვიდექი ჩემთვის გულდაწყვეტილი.

მინდოდა ღმერთი მენახა, მასთან საუბარი მსურდა.

მერე გამოვედი გარეთ, ტაძრის უკანა მხარეს და ვიხილე ვისაც ვეძებდი.

კედელთან იდგა თავისთვის, ვერავინ ცნობდა, მარტო და მშვიდი ჩუმად ლოცულობდა.

ალბათ, ჩვენ სულებზე.

ალბათ, ჩვენ არასწორად გაკეთებულ საქმეებზე.

ჩვენ ტკივილებზე.

ვიპოვე ღმერთი და ის ჩემი იყო.

ჩემი წილი იყო, რომელსაც არ ჰქონდა არანაირი საერთო მოძღვართან, არც ხანშიშესულ ქალთან, თავის გვერდით ჩამდგარი ადამიანი რომ გალანძღა, სხვის ადგილს იკავებო.

არც იმ ქალებთან, ეზოში რომ შეჯგუფებულად იდგნენ და ყველა შემომსვლელს კრიტიკის ქარცეცხლში ატარებდნენ.

არც იმ დიდ და პატარა სტიქაროსნებთან, გავლა -გამოვლაზე შენიშვნებს რომ იძლეოდნენ.

არც იმ მესანთლესთან , რომელიც გიწესებს, მიცვალებულთა დღეს შესაწირი რამდენი უნდა დატოვო.

არა, ეს ჩემი ღმერთი სულ სხვანაირი იყო.

ხელი დამადო თავზე.

მითხრა, ნურაფრის გეშინია, რადგან არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ღმერთი დატოვებსო.

არ არსებობს ტკივილი, რომელსაც თქვენთან ერთად არ ვატარებო.

არ არსებობს შეცდომა, რომელსაც არ გაპატიებ, თუ პატიება გულით გინდაო.

არ არსებობს სიყვარული, რომელიც არ მოგეტევება, თუნდაც ცოდვილი იყოს, მთავარია, სიყვარული ერქვასო.

არაფერი არსებობს უჩემოდ, თუ შენ ჩემთან ყოფნა გსურსო.

ვიჯექი ტაძრის უკან, პატარა ქვაზე და ვუსმენდი ღმერთს და ვიცოდი რომ არასოდეს, არასოდეს და არსად ვიქნებოდი მარტო, მის გარეშე.

რადგან ის ჩემი ღმერთი იყო. ყველაზე კეთილი და ყველაზე ტკბილი.

 

...

 

ტაძრიდან გამოსულს ყველაზე მეტად გინდა, კარგი იყო, როგორც არასდროს. ცდილობ, ყველაფერი სწორად  გააკეთო გონებაგახსნილმა და გულგანათებულმა, მაგრამ წელიწადში ერთხელ წირვაზე დასწრება არ შველის ჩემი გულის განათებას. სულის სიცარიელე ბევრჯერ შეუვსია  ღმერთს, მაგრამ როგორც კი თავს უკეთ იგრძობ გავიწყდება ღმერთი.

ჰოდა, ასე სახლში სანამ მივიდოდი გადავწყვიტე, კარგი გოგოობის კანონი დამეცვა და „ცოლიან მამაკაცთან“ ყველა ძაფი გამეწყვიტა. მერე რა, რომ დავშორდიო, მითხრა, მერე რა, რომ საშინლად არ მინდოდა მის გარეშე  ცხოვრება. ასე არ იქცევიან კარგი ადამიანები, - ვთქვი და დავუსვი წერტილი. დრო რომ გადის, საკუთარ თავზე, უბრალოდ, გეცინება, როდის იწყებ ბრძოლას, ვისთან, ვის ეჭიდები, სიყვარულს?ვის? ეს ხომ ვიკითხე უკვე?  ჰო... რას? - სიყვარულს? ვის მამაკაცს , რომელსაც ნაკლი ვერ უპოვე ჯერ? მიდი, მიდი ხო, დაწერე ტექსტი. როგორ ვიცით ხოლმე? „ჩემი ცხოვრებიდან წადი“ თუ როგორ? თუ მეტი დრამაა საჭირო, მეტი რომანტიზმი? მოკლედ, ადამიანები იმისთვის ვარსებობთ, რომ ბედნიერები ვიყოთ და ვერ გავიგეთ ეს. ბედნიერი უნდა იყო, ოღონდ სხვის უბდურებაზე არ უნდა აშენოო. მე, გამოდის, სხვის უბედურებაზე ვაშენებ? ვიწყებ? მოკლედ, გადაწყვეტილი მაქვს...  ვიღებ ტელეფონს და ვწერ მესიჯს:

„საბა, აღარასოდეს! აღარასოდეს! მომწერო!

მომდის პასუხი: - სად ხარ?

ვწერ: - ვერ გაიგე, რას გწერ?!

-           როგორ ვერ გავიგე, მაგრამ სად ხარ?

-       რა მნიშვნელობა აქვს, სად ვარ.

-       გაჭრილ პაციენტს ნუ დამატოვებინებ მაგიდაზე, ერთი საათი მინდა მაქსიმუმ და

შევხვდეთ.

-           რაააა? ტელეფონი გაქვს შეტანილი?

-           ჰო, თან ოპერაციას ვაკეთებ.

-           დაივიწყე ჩემი ნომერი!!!მიხედე მაგ საცოდავს!

-           ვაიჰ, რა სულელი ხარ!

აღარ ვწერ პასუხს და მთელი დღე ვიტყუებ თავს, რომ არ მაინტერესებს, მომწერს თუ არა. საღამოს შვიდ საათზე თავს ვუტყდები, რომ  საშინლად მენატრება, ცხრაზე შევდივარ დასაძინებლად, ვსვავ დამაძინებელს, რომ სწრაფად დამეძინოს და სული არ ამომხდეს მის ლოდინში. მეორე დღეს თაკო ,,იბადება“. თაკო რომ იბადება ეს აუცილებლად უნდა აღინიშნოს ყველა სოციალური ქსელის საშუალებით, რომელიც მას გააჩნია. ასევე პირად მესიჯებში უნდა გახმოვანდეს ღირსშესანიშნავი დღის არსებობა და ეს ყველაფერი უნდა მოხდეს 12:01 ,,am“-ზე. ბოდიში, თაკო, მე მძინავს და ჩემი ,,Alarm“ -ი სრულ მზადყოფნაშია, რომ საჭირო დროს გამაღვიძოს. მანამდე სამი საათი მაქვს.

 

 

-           ბედნიერება ჯაჭვური რეაქციაა, როცა შენ მაბედნიერებ მე, მე ვაბედნიერებ - სხვებს.

-           მერე? ბოლოს როდის გამაბედნიერე თუ გახსოვს? - ჩაეკითხა თაკო.

-           რამდენიმე დღის წინ, უზარმაზარი ჩურჩხელა მოგიტანე თუ გახსოვს, რომელიც სულ მარტომ

ააორთქლე ისე, ძაფებსაც ვეღარ მოვკარით თვალი. ეგ არ იყო ბედნიერება?! - ამ შუაღამისას აქ ამოვეხეთქე, დაღლილი, ეს არ არის ბედნიერება?!

-ჩემ დაბადების დღეზე! ჩემთვის ასეთ მნიშვნელოვან დღეს! მარტოობის ჟამს!

პრობლემების ჟამს! დეპრესიის ჟამს! ჩემ დაბადების დღეზე რომ ამოხვედი, მაგისთვის მადლობელი უნდა ვიყო?- ეს შენი პირდაპირი მოვალეობა არ არის?

-           რატოა მოვალეობა, ჩემი შვილი ხარ?

გოგოებს გავერიდე და ოთახის კუთხეში, სავარძელში ჩავცურდი, გვერდზე გადაკიდებული პლედი გადავიფარე, მხოლოდ ცხვირი მიჩანდა. ირგვლივ ქაოსი და ხმაური იყო, ნასვამი ხალხის ატანა არ მქონდა და გაქცევა მინდოდა, მაგრამ თაკო არასოდეს მაპატიებდა. ვიჯექი სავარძელში ჩემთვის, მშვიდად და გუშინ დილით მიწერილ ფრაზას ვნანობდი. მერამდენე საათი იყო დაწყებული და ისევ არ ჩანდა. ასეთი წუთები  მნიშვნელობას სძენენ ყველაფერს ცხოვრებაში, რადგან ზუსტად ხვდები, რა გსურს ყველაზე მეტად, რა გიყვარს, რა გიხარია, რაზე ოცნებობ და რისთვის გაიღებდი ბევრზე  - ბევრს. მე კი მისი მესიჯისთვის გავიღებდი სიცოცხლეს. ვერანდაზე გავედი. უჩვეულოდ კარგი დღე იყო. თბილი. მზიანი, თორემ ნოემბერი უკვე ძალინ მეცივება სხვა დროს. არც ისე მიყვარს, არც ასე. არც გაზაფხულია, არც - შემოდგომა. ვუყურებ ცას და უცებ ბავშვობა გამახსენდა. ბავშვობაში სოფელში ვისვენებდი. იქ ერთი პატარა ბიჭი მიყვებოდა: ჩვენ ცაზე ვარსკლავები ხშირად წყდებაო. ლამაზია და მიყვარს მათი ყურებაო. საღამოს სახლის სახურავზე ავდივარ და იქიდან ვუყურებო. მე განაბული ვუსმენდი. მომწონდა სოფელში გაზრდილი ბავშვების სილაღე. მათი გული მიყვარდა. მამა ამოდის ხოლმე და პლედი ამოაქვს, რომ არ შემცივდესო. როგორ არ გიშლიან, ან სახურავიდან რომ ჩამოვარდე, ან რომ გაცივდე?

-         რა გამაცივებს, გოგო, ნოემბერშიო?!

-         რა ვიცი, მე ყველა სეზონზე ვხრუჩუნებ დაა...

-         შენ თბილისელი ხარ და მე სუსტი კი არ ვარ.

რანაირი ამაყი იყო, უნდა გენახა. თავისი სოფელი ერჩივნა დედამიწის ყველა გამოძრავებას და დედამიწაზე არსებულ ყველანაირ სილამაზეს. მერე რას ჩაუთქვამ -მეთქი, ვარსკვლავი როცა წყდება? - და კი ჩავუთქვი, მარა ჯერ ვერ ამიხდაო. რა - მეთ ქი? -  მამაჩემმა კამაზი მიყიდოსო. რა კამაზი, რა არის კამაზი? კამაზი, რანაირად არ იცი გოგო,  სულ ნუ გამაგიჟებ შენო, დიდი მანქანაა და ძალიან გვჭირდებაო.

ღმერთო, კამაზიო...  ტოლები ვიყავით, ივლისი იყო და მე ამ დროს იმაზე ვფიქრობდი, საახალწლო სკოლის  წვეულებაზე, ოქროსფერი ტაფტის ქსოვილისგან შეკერილი კაბა ჩამეცვა თუ წითელი შიფონი...

ადამიანებს არ გვაქვს ასაკი. ჩვენ ვცხოვრობთ ჩვენი შესაძლებობების, შანსების, ეტაპების, რეალობის გარემოცვაში და ასაკიც ამის მიხედვით გვეძლევა.

ძალიან შევყევი ფიქრებს. ახლა რატომ მომაგონდა ის ბავშვი, სოფლელიდან, არ ვიცი. ნეტავ, თუ უყიდეს კამაზი ?  - გავიფიქრე და გამეღიმა. ავდექი, წასვლა დავაპირე და უეცრად აწკავწკავდა ჩემი ტელეფონი, უპატრონო ძაღლივით.

სულ რამოდენიმე წუთში იცვლება შენში სამყარო. იცვლება ამინდი. იცვლება განწყობა და უკვე ყველაფერი გაქვს.

ყველაფერი, რაც საშუალებას გაძლევს, იბრწყინო.

იბრჭყვიალო ფერადი გლითერივით.

გუბეში იხტუნაო პატარა ბავშვივით.

მცხუნვარე მზესჭორფლიანი სახე შეუშვირო.

სამყაროს მადლობა გადაუხადო.

ბედნიერი ხარ და მზად ხარ, ჩაეხუტო ყველას. სიყვარულისთვის, სიძულვილისთვისაც და დედამიწაზე არსებული ყველა გრძნობისთვის, რაც შენს მიმართ ოდესმე გამოუხატავთ, რადგან მშვიდად ხარ.

მშვიდად ხარ და ამ სიმშვიდეს მხოლოდ ეს ბიჭი გჩუქნის, სიმშვიდეს, ღვთაებრივ სიმშვიდეს.

ოთახში ხმაურია.

ვიღაც სასმელს გთავაზობს, ვიღაცა - სიმღერას, შენ კი გამოთიშული გარე სამყაროსგან, ტელეფონს მისჩერებიხარ და რამდენიმე წამის წინ შემოსულ შეტყობინებას, ღიმილით უცქერი:

,, უშენოდ არ შემიძლია!"

ლიზას ეძახი.

ვიღაცას სწრაფად აწვდის კოქტეილის ჭიქას და შენთან ჩნდება.

- რა ხდება ? - მეკითხება.

- მომწერა!

- რაა? - გიჟივით უხარია.

- მომწერა! - ვჩურჩულებ და მესიჯს ვაკითხებ.

- მისწერე შენც!

- ვაიმე...

- რამე...

- არ ვიცი, რა მივწერო!

- გამარჯობა!

- ჰო?

- ჰო, ჰო მიდი, ,,გამარჯობა!“

- კაი, მივწერ.

და ვწერ „გამარჯობა!“ „გაგიმარჯოს“ ! მწერს და ,,მიღიმის“ - სიცილაკით.

- რა დებილობა მიმაწერინე. აჰა მივწერე გამარჯობა, მომწერა - გაგიმარჯოს, ახლა?!

- დააცადე.

- აღარ მომწერს.

„რატომ არ გძინავს?“ - მომდის თავში შემდეგი შეტყობინება.

„დაბადების დღეზე ვარ, შენ?“

„მეც დაბადების დღეზე ვარ.“

„მეც.“

- ეს ერთხელ ხო მისწერე?

- ნუ მეძიები, მთვრალი ვარ და შეყვარებული თან.

- „გინდა სახლში მიგაცილებ?“

- სახლში მიგაცილებო, რა ვუთხრა?

- რატომაც არა ეე, მიდი უთხარი კაი თქო!

- ამათ რა ვუთხრა მერე?

- მოვიფიქრებთ...

- კაი, მივწერ.

„არა, მადლობა. მამა წამიყვანს“ - ვწერ პასუხად.

- დეგენერატკა ხარ! - ბრაზდება ლიზა და ოთახიდან გადის.

მარტო ვრჩები და რა მივწერო მარტოდარჩენილმა? - ვფიქრობ სასოწარკვეთილი და ისევ ცრემლები მომდის. დღეს რა მჭირს, ვინმე ამიხსნის?!

-         შეიძლება ცოტა ხნით გნახო?

-         არა!

-         სახლში მიგიყვან.

-         ცუდი იდეაა, ორივე დაბადების დღეზე ვართ.

-         კარგი, როგორც იტყვი...

-         ვისი დაბადების დღეა? - ვწერ და ოცი წუთის განმავლობაში ხელში მიჭირავს ტელეფონი რომ პასუხი მომწეროს.

-         მეგობრის. - ბოლოს  მოდის მოკლე ტექსტი და ვხვდები, რომ არ არის მეგობრის დაბადების დღე და მატყუებს.

-         ბიჭია?

-         არა, გოგოა.

არ ვიცი, რა მემართება. ქალური ეგო მერთვება, ეჭვი თუ რა, საკუთრების შეგრძნება მეუფლება.

-         მოდი.

-         სად ხარ?  - წამის მეასედში მოდის პასუხი.

მე ვუხსნი სად არის თაკოს აგარაკი და ნოემბრის ღამეს, მისი „მეგობრის“ დაბადების დღიდან, ჩემი მეგობრის დაბადების დღეზე მოდის, ჩემ სანახავად.

სახლში არ შემოდის, გარეთ მელოდება მანქანაში.

ჩუმად გავდივარ სახლიდან და მანქანაში ვჯდები. ერთმანეთს ლოყაზე ვკოცნით და მთელი გზა წინ ვიყურები, გაურკვეველი უხერხულობის თუ სიმორცხვის გამო, ის კი ჩუმად მიყურებს და თავისთვის იღიმის.

ეს სიყვარულია. მე შეყვარებული ვარ...

 

...

 

სახლამდე მივყავარ. ქუჩის კუთხეში მანქანას აჩერებს და მოიცადე, გთხოვ, მეუბნება და თავჩახრილი ცდილობს სიტყვებს აზრი მოუყაროს.

 

-           არ შემიძლია უშენოდ! - ამბობს ბოლოს, დამნაშავე ხმით, არასწორ საქციელზე რომ წაგასწრებენ და ბოდიშს იხდი, თითქოს.

-           არც მე, მგონი...

-           რა?

-           არც მე!

მანქანიდან გადავდივარ. პატარა ქუჩას ნელი ნაბიჯით მივუყვები და ეზოში შევდივარ. ოთახში ავდივარ, საწოლზე ტანსაცმლიანი ვწვები და მკვდარივით ვიძინებ, რომ არაფერზე ფიქრის დრო არ მივცე საკუთარ თავს. არაფერზე ფიქრის სურვილი არ გავუღვიძო. ძილი მსურს მხოლოდ, ძილი და ვიძინებ. არავინ იცის, ხვალ რით დაიწყება დღე, რა იქნება დღის ბოლოს, გავუძლებ თუ არა ცდუნებას, მაგრამ ბრძოლის სურვილი დაკარგული მაქვს, დიდი ხანია. საკუთარ თავს აღარ ვებრძვი.

სხვისი ქმარი?

ადამიანი ნივთი არ არის.

ადამიანი არ არის ტანსაცმელი, რომელსაც, როცა გინდა მაშინ ჩაიცვამ.

არც სასმელია, ისიამოვნო.

არც თბილი პლედი, რომელიც გაგათბობს  ზამთარში და ზაფხულში ღრმად შეჩურთავ სადმე, კარადის ყველაზე მაღალ თაროზე ან საწოლის ყველაზე დაბალ უჯრაში.

არც ჭიქაა, როცა გინდა, გამოიღო განჯინიდან და გამოიყენო, როცა მოგინდება, გაბრაზებულმა ისროლო და დაამსხვრიო, ან გაურეცხავი ჩააგდო ნიჟარაში და გაყინული ან ზედმეტად ცხელი წყლით გარეცხო.

ადამიანი სულია, სისხლია და ის არავის ეკუთვნის, საკუთარი თავის გარდა.

მისი თავისუფლება, მისი არჩევანი, მისი მომავალი მხოლოდ თავისია.

მხოლოდ თავისი.

ამის გააზრება მხოლოდ შეგნებულ ადამიანებს ძალუძთ.

ადამიანებს, რომლებიც არ ეპოტინებიან წარსულს.

აღარ ვდარდობდი, არ მაღელვებდა.

და ომი? ომი უკვე დიდი ხნის დაწყებულიყო...

 

...

 

 

მაღაზიაში შესული უცებ მოწყდა კოკას და თორნიკეს თვალს და ბოდიალი დაიწყო. ხან იოგურტების მაცივართან მივიდა, ხან სათამაშოების სექციას ეცა.

ბევრი რამ ჰქონდა საყიდელი და აღარ იცოდა, საიდან რა დაეწყო. სანამ ფუნთუშეულობის დახლთან მივიდოდა, თევზის მაცივარი უნდა გაევლო.

უცებ თვალი მოკრა დახლს უკან მდგომ კონსულტანტს, რომელმაც პირდაპირ რომ ვთქვათ დაატყვევა. იდგნენ და ერთმანეთს შეჰყურებდნენ.

მერე ამ ბიჭმა ჰკითხა, რამეს ინებებთო?

კი, კი აუცილებლადო, - მოემზადა შესაკვეთად და აწაწკანდა, ღმერთო როგორ მიყვარს თევზი, ამაღამ ბევრი თევზი მინდა შევიძინოო, - გაეპრანჭა და არასოდეს აღარ გაჩუმდა.

ლიზა მიუახლოვდა, ხელზე უჩქმიტა.

- რად გინდა თევზი?

- ვაიმე, გოგო, ვაფრენ ისე მიყვარს.

- როდიდან?

- თევზი მომინდა, შენ რა გინდა?

- რეგვენი ხარ, - უჩურჩულა დაქალმა და გაეცალა.

რამდენიმე წუთს იდგა ისევ, სანამ ყველა სახეობა არ ააწონინა ამ ბიჭს და დაიმედებული, რომ ხვალაც იყიდდა  თევზეულს, კარისკენ შებრუნდა.

ზურგს უკან ნაცნობი და უკმაყოფილო ხმა შემოესმა:

- თაკო, ისე მაინც იფლირტავე ჩვენ ვერ დავინახოთ.

შეცბა და საშინლად მოეშალა ნერვები.  ჯერ ერთს დაუბღვირა, მერე -  მეორეს და ბუტბუტით წავიდა სალაროსკენ.

- ეს კოკა ხომ ყველგან არის, ბიჭისთვის სახელი ვეღარ მიკითხავს მაგისი შიშით ... თორნიკე, მორჩი შენ ფხუკუნს, იდიოტოო, - თქვა და სასწრაფოდ გადაიხადა თანხა, გაბრაზებული გავიდა გარეთ, კოკას მანქანაში შეყარა პარკები და ნომერი აკრიფა.

- ნუკი, ისე მომიშალეს ნერვები სასწრაფოდ, სადმე უნდა გავიდეთ... აღარ შემიძლია, ლაპარაკს ესენი არ მაცდიან, ფლირტს, ბიჭების ყურებას და არაფერს დედამიწაზე. დღეს აღმოჩნდა, რომ იმის უფლებაც არ მქონია, თევზი ვიყიდო. კოკამ გამომიცხადა, კიდევ შეხვალ თევზის საყიდლად და აკვარიუმში აღმოჩნდები, საიდანაც ის ბიჭი კალმახებს იღებდაო. რა ვანდალიზმია, წარმოგიდგენია? რა წესია, ჩემი ძმა არის კოკა? რა უნდა კოკას საერთოდ, ხომ არ გაგიჟდა. ზუკა არაო, ის არაო, ეს არაო, ვერ გავიგე, მე რა ვქნა, ყველას რომ შეყვარებული ჰყავს და მე რომ ასე მარტოსული ვაგდივარ? ლიზას რა მოვთხოვო? დიდი - დიდი მეცეკვოს... ნუკი, გამარკვიე რა უნდათ ამათ ჩემგან, ჰა? ნუკი გესმის? ნუკ... ბატონო? ნუკი არ ხართ? - მერე ტელეფონს დახედა გაოგნებულმა, ანერვიულებულმა და მიხვდა, რომ უბრალოდ, ნომერი ჰქონდა არასწორად აკრეფილი.

- ბოდიში... ავნერვიულდი, - წაილუღლუღა და გათიშა. მერე მანქანაში შეხტა, ტელეფონი სავარძელზე დააგდო და ზედ დააჯდა, თითქოს იქიდან ვიღაც დასცინოდა და უნდოდა, დამალვოდა. სავარძელს მიეყრდნო, თვალები დახუჭა და ღრმად ამოისუნთქა.

- ყველაფერი კარგადაა... და ცუდი ხმაც არ ჰქონდა...

 

...

 

ჩანაწერები...

 

როგორები არიან ადამიანები, რომლებიც დროსა და სივრცეში იკარგებიან?

ვერაფრით კაიფობენ, ვერავისთან ურთიერთობით ღებულობენ სიამოვნებას.

სულერთი ხდება რას შეჭამენ და დალევენ.

უსარგებლო ხდება ყოველი დღე და ვერ ხვდებიან, რა უნდათ.

კითხულობენ წიგნებს.

დადიან სპორტ-დარბაზებში.

მეგობრობენ ადამიანებთან და ადამიანებს მოსწონთ ისინი.

მაგრამ ,,ისინი",  ხშირად სვამენ შეკითხვებს და პასუხებს თვითონვე პოულობენ. მხოლოდ საკუთარ თავს უტყდებიან, რომ ხვალინდელი დღე, უბრალოდ, არაფერია მათთვის.

ყველა ურთიერთობა, რომელიც აქამდე ჰქონიათ, ქარივით უფერო ყოფილა, ამ დროს ჩნდება მათ ცხოვრებაში რაღაც ან ვიღაც ახალი. რთულია აგერიოს ერთმანეთში სიახლისკენ სწრაფვა და ნამდვილი სიყვარული და საინტერესოა,  როგორ ვითარდება ჩვენი ურთიერთობები იმ შემთხვევაში, როცა საქმე სიყვარულს ეხება? ისტორია ყველა ერთმანეთს ჰგავს, მაგრამ განვითარება ყველასთვის სხვა არის. იმასაც ხომ   ამბობენ, კაცი ყველა ერთნაირია, ის , ეს, ბლა, კიდევ ბლა, მაგრამ ტვინში რომ რაღაც დაგარტყავს, სულერთი ხდება ყველაფერი, ოღონდ მასთან იყო.  შეყვარებული  ქალი  შოკოლადის ფილას ჰგავს, ხელში გეყოლება დიდხანს და ზედ დაგადნება, მაცივარში შეაგდებ და გაიყინება, გათეთრდება, გემოს დაკარგავს და ისევ რომ გამოიღო და ხელისგულებში ჩამალო ისეთი გემრიელი აღარასოდეს  იქნება. მაცივარში ნადებს ყველაფერს სხვა გემო დაჰკრავს. მაგრამ აქ მნიშვნელოვანი ერთი რამ არის. უზომოდ დიდი მოთმინების უნარი გაგვაჩნია, ბევრჯერ შეგვიძლია პატიებაც, თავდახრაც, გულის მობრუნებაც და როცა ამას  იაზრებ, ხვდები რომ ძალიან შორს გაქვს შეტოპილი.

შეტოპილი? ყურებამდე წყალში ხარ და შანსის მინიმუმი გაქვს დარჩენილი, მის გარეშე ბედნიერად იგრძნო თავი, ყოველ შემთხვევაში ასე გგონია. მერე კი ზიხარ და ფიქრობ,  საერთოდ რისთვის არის საჭირო ასეთი სიყვარული? რატომ არის აუცილებელი ერთი ადამიანის საჭიროება მეორისთვის? რატომ აქვს ასეთი სასიცოცხლო მნიშვნელობა მაინცდამაინც იმ ერთს, იმ  ვიღაც არსებას, რომელიც რამოდენიმე თვეა, გამოჩნდა და რატომ ხდება ასეთი სრულყოფილი შემოსვა შენი ცხოვრების - მისი ხმით, მისი საუბრით, მიმიკით, მოძრაობებით.

ღმერთო ჩემო, როდის მივეცი თავს  უფლება, ასე შემომეშვა ჩემ გულში?

როდის? - უცებ რომელიღაც კუნჭულიდან ისმის ისევ შინაგანი ხმა, - როდის და პირველად - კლინიკაში, მეორედაც - კლინიკაში, მერე - ბარში, მერე - კაფეში, მერე - იქ, მერე - აქ, ისევ ბლაბლაბლა და აღარ ჩუმდება. ამდენი რამ ჰკითხე? ვინმემ ღილაკზე თითის დაჭერით ჩართო? რა უნდა?! ზიხარ და, უბრალოდ,  ფიქრობ. კარგი ვარ თუ ცუდი, კარგს ვფიქრობ თუ ცუდს, მიყვარს თუ მძულს? -  რა უნდა ამას?

იცი რა? ეს მე ვარ და მომწონს საკუთარი მე და შინაგან ხმას ვინ ჰკითხავს.

ამ დროს ის უბრალოდ ხელის ჩაქნევით და დანანებით გეუბნება,  რომ არსებობენ ქალები, რომლებიც კარგავენ და ნებდებიან, ან უბრალოდ, თავმოყვარეობა არ აძლევთ საშუალებას, ზედმეტი მოუვიდეთ ადამიანებთან ურთიერთობაში. ისინი  ღირსეული  ქალები არიან და პატივისცემას იმსახურებენ. ასე მგონია, ასეთი ქალებისგან წასული მამაკაცები, ბოლოს ფორთხვით ბრუნდებიან უკან. და არსებობენ ქალები, რომლებიც  არასოდეს  იმჩნევენ რომ დატოვეს. ისინი კარგავენ, მაგრამ არასოდეს ნებდებიან.  ხშირად არა სიყვარულის გამო, არამედ შეურაცხყოფისთვის. შურაცხყოფისთვის, რადგან  აწამეს თავიანთი  წასვლით, აწამეს თავიანთი  ბედნიერებით, აწამეს თავიანთ სიყვარულით სხვა ქალის მიმართ და ასეთი ქალები არასოდეს იღლებიან შურისძიებაზე ფიქრით. ტყუილი მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება და ამ ტყუილში აჯერებენ სხვებსაც. არ ვიცი, რა ემართებათ ასეთ ქალებს ბოლოს.

ალბათ, ღებულობენ ყველაფერს, რისი მიღებაც შეუძლიათ და არ შეუძლიათ, რადგან მათი მთავარი მიზანი სწორედ ის ხდება, რომ მიიღონ მაქსიმუმი, მაგრამ, საღამოობით,  როცა ყველა ქარიშხალი  ჩამდგარია  და  ყველა სარკმელში სინათლე ქრება,  სხდებიან ტელევიზორების წინ,  მარტოები, თბილ ხალათებში შეფუთულები  და ფიქრობენ იმ ერთადერთ და შეუფასებელ განძზე, რასაც მათთვის შეუცვლელი რქმევია და ეს სიყვარული ყოფილა.

სიყვარული, ნამდვილი  სრულყოფილი მამაკაცის, რომელიც თბილი ხელებით, იქნებ გაეჩერებინათ თავიანთ გვერდით.

შენ მონუსხული  უსმენ ამ ხმას, ეჩვევი კიდეც.  მებრძოლი მხედარივით გამოგეცხადა საიდანღაც და შენ მარტოობას ებრძვის. გესაუბრება და ყოველ სიტყვაში ხვდები, რომ მართალია.  მისი უხილავი ბაგეებიდან წამოსულ თითოეულ მარცვალს შენ აგრძელებ ჩურჩულით და მასთან ერთად იმეორებ ფრაზებს.  ბოლოს, ამდენს რატომ ფიქრობო, კითხულობს. მეშინიაო, -  პასუხობ. რისიო, - არ ვიციო. რად გიღირსო, - ყველაფრადო. რომ წარმოიდგინო ჩრდილოეთ პოლუსზე მიყავხარ, წაყვებიო? -  რა შეკითხვა იყო, როგორი დაცინვაა, არასერიოზულობა. ჩვენ აქ მნიშვნელოვან საკითხზე ვმსჯელობთ, შენ კიდევ დამდგარხარ და რაღაც სისულელეებით მილაყებ თავს. დამტოვე, თუ შეიძლება . გადი - გამოდიხარ ოთახში ნერვიულად და შინაგან ხმას ეჩხუბები. ისეთ შინაგან ხმას რა ვუთხარი, რომ არ გაგაფრთხილებს, ოთახში დაქალები შემოვიდნენ  და  გაოგნებული  გიყურებენო.

მივდივარო, გეუბნება ქირქილით და ქრება. იკარგება ხმა. თაკოს გაოგნებულ ყვირილს  მოჰყავხარ აზრზე:

-           შფოთვა გაქვს? გამაგებინე რა გჭირს? - მორბის ყვირილით. შეწუხებული ლიზას ვუყურებ და ვცდილობ თავი დავიცვა თაკოსგან.

-           რა გინდა, რა შფოთვა, ან საიდან მოიტანე ეს შფოთვა?

-           აბა რა ჯანდაბაა ეს, დადიხარ და საკუთარ თავს ელაპარაკები, გადაირიე სულ?

-           ვაიმეეე, გამოცდისთის ვიმეორებდი რაღაცას ხმამაღლა.

-           კაი თაკო, კაიი... ნუ დაგავიწყდა მთავარი მიზეზი, რისთვის მოვედით აქ - ერთვება ლიზა.

-           რა ხდება?

-           ქვევით არის.

-           ვინ?

-           საბა.

-           გააფრინეთ?

-           ჩვენ? - ეცინებათ და ერთმანეთს უყურებენ.

-           მართლაა?

-           ჰო რავი, მე არ დამინახავს, თაკომ ნახა და ქვევით დგას, ქუჩის თავში იცდის.

-           იქნებ არ არის ეგ?

-           ვაიმე, ნუ გამიწყალებ ახლა გულს რაა, - ამოეწურა მოთმინება ლიზასაც, - ჯერ ერთი, მასეთი კაი ტიპი მეორე არავინ მეგულება, შენ გეძებდეს და შენ თუ გეგულება, მზად ვარ, დაგკარგო, რადგან ერთი ვერ მიპოვია მე,  მეორეც ერთი, საბა ვარო  და ამდენი დამთხვევა ერთად რანაირაად?

-           რატომ არ დამირეკა?

-           ტელეფონი გამიფუჭდაო, დედაჩემის  მამასთან ვიყავი  სოფელში, ვენახში.

ვეხმარებოდი და ჯიბიდან ამომივარდა და დამემტვრაო - დაიწყო ზღაპარი თაკომ.

-           მაგდენი სად მოასწარით, ხო არ გააფრინე შენ?

-           ვაიმეე ადექი და ოთახში გიჟივით მარტო საუბარს, ჩადი და ნახე, რა შეაწუხე გული, ჩემი გაჭირვება არ მყოფნის კიდე შენ გიყურო აქ გულგახეთქილს? ადექი, აეძნეყვე და ნახე ის ბიჭი. თუ გამოსასვლელია, ამბავი  გამოვა და თუ არ გამოვა, ამ ისტორიის კარგიც  მ...ან!

-           კაი, ჰო, მივდივარ! - ავდექი ცოტა აღელვებული და ცოტაც შეშინებული. ლიზაც ფრთხილად  წამოდგა სავარძლიდან, თითქოს ეშინოდა ზედმეტი მოძრაობით თაკო არ გაეღიზიანებინა და  ჩაცმაში დაგეხმარებიო, წაიბუტბუტა.

-           დაგეხმარები, ესეც მყავდეს კარალევა მარგო.

-           როგორ ვერ ვიტანდი ამ ფრაზას, მამიდაჩემი ამბობდა ხოლმე, - გადავუჩურჩულე ამრეზით

ლიზას.

-           კაი, გაჩე, ვერ ხედავ, ლამის დაგვგლიჯოს.

-           რა ეტაკა, - წავუჩურჩლე ისე, თვითონაც ძლივს მივხვდი, რას ვეკითხებოდი და სარკეში დავიწყე კაბის მოზომვა. ლიზაც უკან ამომიდგა და კაბას ხან ერთი მხრიდან მომადებს, ხან - მეორე მხრიდან, თან უნდა, რომ ღიმილით უცქერდეს თაკოს, რომელიც სავარძლიდან ეჭვიანი მოჭუტული თვალებით გვაკვირდება, რას ვჩურჩულებთ და ცდილობს ჩვენი პირის მოძრაობებით გაარჩიოს, რაშია საქმე. თან ზუსტად ისე ემზადება  ჩვენზე თავდასხმისთვის, როგორც ჩასაფრებული აფთარი - მსხვერლზე სანადიროდ.

-           ზუკაზეა გაბრაზებული, მაგრამ რატომ, ვერ ვკითხე.

-           რას ჰკითხავდი, - ჩავილაპარაკე უფრო  ჩემთვის  და ხმამაღლა, ღიმილით განვაცხადე, რომ უკვე მზად ვიყავი.

-           ჰოდა, ჩადი ახლა და გაიგე, რა უნდა მაგ ბიჭს შენგან და თუ რამე უნდა, რამდენი უნდა.

-           რაა?

-           რამდენი უნდა.

-           რა რამდენი უნდა?

-           შენი გულის  რა ნაწილი უნდა. ერთი მეოთხედი, ორი მესამედი თუ რამდენი?

-           ჭკუიდან ნუ შემშლი.

-           არა, არა, დაჯექი სანამ გახვალ. - უცებ დასერიოზულდა და დამშვიდდა. მერე მუხლებზე

დაილაგა  ხელები და დაბალი ხმით დაიწყო.

-           რას ვფიქრობ, იცი? და ამაზე შენც უნდა დაფიქრდე აუცილებლად. მე მგონია, რომ თქვენ უკვე

გადააბით ერთმანეთს თქვენი ცხოვრება, ამიტომ მინდა იცოდე, რომ ასეთი ისტორიები „დღეს წავალთ და ჯვარს დავიწერთ“ - ასე არ სრულდება. ასეთ ისტორიებს ბევრი ნერვიულობა, სკანდალი და ტყუილი მოაქვს და შენ ნუ გექნება იმის ილუზია, რომ ის არასდროს მოგატყუებს. ხანდახან ადამიანები იმიტომ იტყუებიან, რომ არ გაფუჭდეს რაღაც, არ დაკარგონ ვიღაც და ამით ცდილობენ თავიდან აირიდონ ან აგარიდონ უსიამოვნებები, მაგრამ ეს უფრო მეტად აფუჭებს საქმეს. უბრალოდ, იცოდე, თუ გიყვარს, მზად იყავი. მას ჰყავდა ცოლი და ეს მისთვის განაჩენია, რადგან ყველა მისი ახლობლისთვის, ყველა მისი მეგობრისთვის, თუ ოჯახის წევრისთვის მუდამ ის იქნება ცოლი, შენ იქნები ვიღაც, მის ცხოვრებაში შეხიზნული არსება. მერე რა, თუ უყვარხარ? ადამიანები ერთმანეთს არ პატიობენ სიყვარულს და ბედნიერებას. როგორც უნდა გიყვარდეს, როგორც უნდა უყვარდე, მოგიწევს, ბევრი გადაიტანო. თუ არ გიღირს, თუ საკმარისად არ გიყვარს, გაიქეცი, რადგან ბოლოს, შენგან დარჩება დანევროზებული გოგო, რომელსაც გაასაწყლებს სიყვარული. მნიშვნელობა აღარ ექნება, ის დაბრუნდება თუ  არა ბოლო-ბოლო ოჯახში. შენ მაინც ვეღარაფერი მოგიტანს შვებას.  გული გაგეყინება... იცოდე კიდევ ერთი რამ!-  მიტოვებული ქალი, რომელიც  შეურაცხყოფილად გრძნობს თავს და ზღვარს ვერ პოულობს სიმართლესა და ტყუილს შორის, ძალიან საშიშია.

-           რატომ მეუბნები ამ ყველაფერს?

-           იმიტომ, რომ მისი ცოლი, თუ ყოფილი ცოლი არსად ამბობს რომ დაშორდნენ.

-           საიდან იცი?

-           საიდანაც!

ლიზას გავხედე, თავჩახრილი იჯდა და არაფრის თქმას აპირებდა, როგორც მივხვდი. რა ვქნა? - თვალებით ვკითხე თაკოს და თაკო მიმიხვდა. გამიღიმა და მითხრა:

-           თუ მზად ხარ, წადი. დანარჩენს დრო გიჩვენებს. თუ უყვარხარ იპოვის გამოსავალს. მაინც მოემზადე ინტრიგებისთვის. არც ის დაგავიწყდეს, რომ კაცები, ზოგჯერ, სულაც არ არიან ქალებზე ძლიერები.

-           რაღაცა იცი და არ ამბობ.

-           რაც ვიცოდი, ვთქვი.

-           არ შემიძლია მის გარეშე!

-           წადი და თუ მისგანაც იგივეს იგრძნობ, ბრძოლისთვის მოემზადე.

-           ვისთან ვიწყებ ბრძოლას?

-           ჩათვალე, მთელს სამყაროსთან!

თაკო მართალი იყო. არ იქნებოდა ეს ისტორია ზღაპრული, მაგრამ ზღაპრებშიც ხომ არის დაბრკოლებები, დასასრული კი ყოველთვის კეთილია.

-           იოცნებე ნუკი, იოცნებე, - გამომძახა შინაგანმა ხმამ სახლიდან გასვლის წინ.

-           შემეშვი რაა, - შევუღრინე და კარი მივუჯახუნე, რომ უკან არ გამომყოლოდა.

...

რამდენიმე თვე და გადავედით იმ ეტაპზე, ბედნიერებისგან რომ დაფრინავ და არაფერი გახსოვს. ყველა ტყუილი რომ სიმართლე გგონია და ყველა სიმართლე - კეთილშობილება. არადა. ურთიერთობები ძალიან მარტივია. ნუ მოატყუებ, მნიშვნელობა არა აქვს რა მოჰყვება ამას - სკანდალი, დაშორება, განშორება თუ განქორწინება, მთავარი მაინც სიმართლეა. ეტყვი და გააკეთებს არჩევანს. ან მოუნდება შენთან ისევ, ან არ მოუნდება, ან ეგონება, რომ დაასრულა და მერე მიხვდება, თურმე ვერ ასრულებს. მოკლედ, ასეა თუ ისე, მთავარია სიმართლე და ეს სიმართლე როგორი საშინელიც უნდა იყოს, ყველანაირ ტყუილს  სჯობია.

 

...

 

ტელეფონი ურეკავს. პასუხობს და გახარებული ხმით იწყებს საუბარს.

ჰო, ჩემო ძმაო... კარგად, კარგად. როგორ ხარ შენ?

მერე ის პასუხობს რაღაცას და როხროხებს.

ეღიმება.

- არა, ძმაო, რა მინდა ზღვაზე, ნუკისთან ერთად ვარ... არ ვიცი რა გითხრა, არც სოციალური ქსელი მაქვს და მასეთ მაიმუნობებს არ ვეკარები ხომ იცი...  აქეთ ვარ, მთელი დღეა, დავრბივართ რაღაცაზე და ახლა საჭმელად გავჩერდით... როგორ გითხრა, რას აკეთებს, როცა მეც არ ვიცი ... წელიწადზე მეტია წამოსული ვარ... ნუკის? გაგაცნობ, გაგაცნობ აუცილებლად, მოვა მაგის დრო... ემშვიდობება ღიმილით.

პატარა ცნობისმოყვარე ბავშვივით ვზივარ და ყველანაირი კითხვა მომდის თავში, რომ დაასრულებს საუბარს, ვკითხო: რა ხდება? რას ეკითხებიან? რა შუაში იყო ზღვა? ვუყვარვარ? ჩემი ნაჩუქარი სვიტერი მოეწონა? საათზე რომ სამაჯური ჰქონდა გამოსაცვლელი, ნეტა გამოცვალა? ყელი ისევ სტკივა? მანქანის კარი რომ არ იღებოდა და გააკეთა, კიდევ გაფუჭდება?

- ვინ იყო?

- ჩემი ძმა (ანუ ბავშვობის ძმაკაცი).

- ...

ხმას არ ვიღებ, ვითომ არ მაინტერესებს.

- ზღვაზე ხარო? - ეღიმება.

- საიდან მოიტანა?

- აბა, თუ გამოიცნობ ჩემო სიყვარულო...

- მას უთქვამს?

- ჰო, მასეთ სისულელეებს მე არ ვიტყუები.

- როდემდე ითამაშებს ასე? - ჩავილაპარაკე ჩემთვის.

- სანამ არ გადაგრევს.

- რატომ არ ჩერდება?

- იმიტომ, რომ ჩემისთანა კაცის დაკარგვა ტეხავს და სხვა ქალის გამო, რომელიც იცის, რომ სიგიჟემდე მიყვარს, კიდევ უფრო.

- თითსაც არ გავანძრევდი იმ კაცის გამო, რომელსაც სხვა უყვარს.

- შენ -  ხო,  მეუბნება სიცილით. გამახსენდა,  როგორ გამომაბუნძულე უარით შენთან მოსული, რაღაც სისულელის გამო.

- ღირსი იყავი, მორჩა.

- მასხარა ხარ.

- შენც.

- მიყვარხარ.

იცინის და შუბლზე მკოცნის. კარგ ხასიათზე ვდგები.

როგორი საოცარი სიტყვაა ,,მიყვარხარ" და რა ჯადოსნურად მოქმედებს ჩვენზე.

-           ჩვენ როდის წავიდეთ  ზღვაზე?

-           არ ვიცი, რამდენი ხანია ვგეგმავთ და არ გამოგვდის.

-           ჰოდა, მე დავგეგმავ, ცუდი მენეჯერი ხარ შენ.

-           მეე?

-           დიახ.

-           ჩემი ბრალია? - სამჯერ რომ შენი საქმეების გამო გადავდეთ?

-           მერე მომთხოვე მკაცრად ზღვაზე მინდაო და წავალთ! - მიღიმის.

-           ვაფრენ, ვაფრენ შენ რომ კარგ ხასიათზე ხარ.

-           და როდის ვარ ცუდ ხასიათზე?

-           ხანდახან აურევ ხოლმე.

-           სხვათაშორის, დღეს სულ არ ვარ კარგ ხასიათზე. - შუბლს მიკრავს და ცდილობს, სერიოზული

სახე მიიღოს.

-           ოოჰ, რატო, რა დაგემართა?

-           აღრენილი ვარ და მომერიდე!

-           პატარა ლეკვივით?

-           ,,აღრენილი ვარ, მომერიდე" ნიშნავს, ,,ბევრი მომეფერე, რომ არ შეგჭამო" - ხელს მხვევს და

ლოყაზე მკოცნის ველურივით.

-           გავიგე! - ვპასუხობ უკმაყოფილოდ და ღია კაფესთან  მოსაუბრე  ბავშვებს  ვაშტერდები, ერთ - ერთს ჯიბეში პაწაწინა ლეკვი უზის და ეთამაშება

-           ასეთი მინდა.

-           ლეკვი?

-           ჰო.

-           გეყოლება!

-           მართლა?

-           აუცილებლად!

-           მადლობა ახლავე გითხრა თუ რომ მომიყვან მერე?

-           მადლობა არ მჭირდება, ჩემზე მეტად ნუ შეიყვარებ!

-           შენზე მეტად დედამიწაზე არავინ არ მიყვარს!

-           არც შენი დაქალები?

-           საუკეთესო დაქალები მყავს მსოფლიოში, საუკეთესო და როცა შენ გულს მატკენ, ვიცი ისინი

გადამატანინებენ ყველაფერს.

-           მე გულს არ გატკენ!

-           არც მომატყუებ?

-           არა, ნუკი!

-           და არც მოგიტყუებივარ?

-           არა!

-           კარგი, მაშინ მომიტანე დოკუმენტი სადაც წერია, რომ ხელი გაქვს გაწერილი.

-           მოგიტან!

-           როდის?

-           მოგიტან!

ვფიქრობ, ვერაფერს მომიტანს. მგონია, მატყუებს.  ვიცი, სისულელეა და ხელი არ გაუწერია, რადგან არც ერთი ქალი ასე უცებ, მოულოდნელად არ მიჰყვება თავის ქმარს ხელის გასაწერად და  თუ მიჰყვება, გზაში გონება „უნათდება“ და უარს ამბობს. მიზეზი შეიძლება იყოს ჯერ კიდევ იმედი, რომ დაკარგულს დაიბრუნებს.

მიზეზი შეიძლება იყოს შიში, რომ კიდევ უფრო მეტს დაკარგავს და მატერიალური შიშები იჩენს თავს,

ან შეიძლება, გამწარება უნდოდეს კაცის, რომელმაც ერთი ხელის მოსმით უარყო და წარსულის დაფაზე მხოლოდ ფოტოები შემორჩა.

მიზეზი ბევრია და ერთხელ ნათქვამ ტყუილსაც, ალბათ, თავისი ახსნა აქვს, მაგრამ ტყუილი - ტყუილად რჩება, დაუმთავრებელი ურთიერთობები კი - ყელში მოწოლილ  ბურთად.

ეჭვებში ხარ, მაგრამ დროს აძლევ და ჯერ კიდევ იმედი გაქვს, რომ ამ დროს ის გამოიყენებს ფიქრისთვის, ფიქრი კი ათქმევინებს, რა და როგორ არის სინამდვილეში.

მანამდე კი...  მანამდე თავს იტყუებ და ეს არის ყველაზე დიდი დანაშაული, რაც კი შეიძლება საკუთარი თავის წინაშე ჩაიდინო.

 

...

 

ზაფხული - დაულაგებელი საწოლების, დაულაგებელი აზრების, ლოგინში ჩაყრილი ტელეფონების, ლეპტოპებისა და მათი დამტენების,

ღამისთევების, დაქალების, ნაყინიანი ცივი ყავისა და ათას სისულელეზე ფიქრის სეზონია.

 

...

 

- გამოდი, ათ წუთში ვიქნები შენ სახლთან.

- კარგად ხარ?

- კი, უბრალოდ გამოდი, ზღვაზე მივდივართ.

- არააა...

- კი, - იცინის.

საბააა, გიჟი ხარ, გიჟიი, ვაიმეეეე! - სიხარულით ვყვირი ტელეფონში და ნივთების ჩალაგებას ვიწყებ.

- ორი დღით მივდივართ.

,,ორი დღით მივდივართ" ნიშნავს - მთელს ჩემოდანს ნუ ჩაალაგებ.

- არაფერი მომაქვს - ვპირდები.

- კონცერტს დავესწრებით, მოუსმენ იმ შენ არანორმალურ მომღერალს, მე ნერვებს დავიგლეჯ და ორ დღეში წამოვალთ.

- კაი.

- მიდი, არ მალოდინო, მოვედი, - მეუბნება მშვიდად, ფიქრობს რომ შევთანხმდით...

- ჩამოვდივარ! - ჩავძახი ტელეფონში და  ჩემოდანში ვყრი ყველაფერს, რასაც ოთახში დავინახავ, მათ შორის თმის უთოს, დღის და ღამის სახის კრემებს, მაკიაჟის მოსაშორებელ სითხეს, თუმცა, მაკიაჟისთვის არაფერი მიმაქვს ტუჩის ფანქრის გარდა, რადგან მაკიაჟის გაკეთება არ ვიცი, ალბათ, გაუმართლა. რომ ვიცოდე, აუცილებლად მექნებოდა უმაღლესი ხარისხის ტუჩსაცხები, თვალის ურიცხვი კონტური, ჩრდილები და მრავალი სხვა. სარაფანებს უმოწყალოდ ვტენი ჩემოდანში, სარაფანებთან ერთად რამდენიმე წყვილ  თეთრეულს  და თავის მოვლის საშუალებების მთელ კოლექციას.

ჩემოდანს წესიერად ვერ ვკრავ, ფეხსაცმელებისა და ერთი - ორი საყვარელი წიგნის გამო.

ძლივს მივათრევ.

კიბეზე რახარუხით ჩავდივარ.

ეზოს კართან მისული, გარეთ ვიხედები და ვეძახი შეწუხებული სახით.

მანქანის საქარე მინიდან მიყურებს წარბაწეული. ზუსტად იცის, რაც ხდება, ზუსტად იცის, რომ ვერ შემცვლის და ისიც იცის, რატომ მაქვს ახლა კნუტივით სახე.

გადმოდის მანქანიდან, მოდის, უსიტყვოდ და უკვე ურეაქციოდ შემოდის ეზოში, მერე ჩემს ჩემოდანს ხელს ჰკიდებს და მანქანისკენ მიაქვს.

მადლობას ვუხდი და ვჯდები.

- ნუკი, - მეუბნება მშვიდად.

ველოდები, ვიცი რას მეტყვის.

- რამე არ გქონდა კიდევ? რავიცი, არ დაგრჩეს და უკან არ მომიწიოს მობრუნება.

- არაა, რავიცი არაფერი.

- სახის კრემები ხომ ჩადე?

- კი.

- 48 წყვილი ფეხსაცმელი?

- 3 - ვუსწორებ.

- აჰა, კარგია, - მიყურებს უკმაყოფილო, და ვგრძნობ, შეიძლება გაგუდვა უნდოდეს ჩემი და ამის ნაცვლად ზღვაზე მივყავარ. არ ვიმჩნევ, შარვალზე ვიყურები, თითქოს დასვრილი მქონდეს რამით და ვიფერთხავ არანორმალურივით, რომ თვალი ავარიდო.

- ვაი, რა მეშველებაა - ბუტბუტებს თავისთვის, ღიმილით და წავედითო?

- წავედით!

- დალიე წამალი, გზაში ცუდად რომ არ არ გახდე?

- კი და სულ მალე ჩემ ხმას ვეღარ გაიგებ, დამეძინება.

- მშვენიერი, მუსიკა ჩემია, - იცინის უკვე კმაყოფილი. იმედი აქვს, რომ მთელი გზა ხმამაღალი მუსიკით თავს არ ავატკიებ.

- იცი რა? თუ მასეა დავრჩები და სხვა წაიყვანე.

- ვინ, მაინც - იცინის?

- ის!

- იქ არის ისედაც.

- იქ არის?

- ჰო.

- მერე?

- რა, მერე?

- ბავშვები ხომ უნდა ნახო?

- აუცილებლად!

- კარგი, წავიდეთ.

- წავიდეთ კი... მეუბნება და მიყურებს.

მიყურებს და მიღიმის.

მიღიმის და ყურადღებას არ ვაქცევ.

,,ნაწყენი ვარ," ძაან თან!

ნაწყენი იმაზე, რომ მეუბნება, ძალიან კარგი, მთელი გზა რომ უნდა გეძინოსო. ხუმრობს? მერე რა?! რა ხუმრობაა?! სულ არ წავალ! სულ არ მოვუსმენ მის მანქანაში მუსიკას, ყურსასმენებიც მაქვს.

სად არ წახვალ? - მეუბნება შინაგანი ხმა.- რას ბოდიალობ, რა სისულელეს ამბობ? ლამის ფეხით წახვიდე ზღვაზე, საოცნებო კონცერტზე, თან მასთან ერთად. თავი დამანებე ერთი რაა,- ეკამათები ამ ხმას და ,,მისი“ ხმა გაშველებთ ამ დროს.

- იცი, რა, შე სულელო გოგო?დედამიწაზე ყველაზე ჩემი ხარ და შენთან გატარებული ყველა წუთი შეუფასებლად მიმაჩნია, - მეფერება ლოყაზე.

მორჩა, კნუტი ვარ ამ წამიდან ისევ.

ვდუნდები, ვჩუმდები და ისევ იწყებენ მუცელსა და თავში, დაუკითხავად ცანცარს პეპლები.

მარჯვენა ხელს ხელზე მკიდებს და ზღვისკენ მივდივართ.

ლურჯი, კამკამა, ლივლივა ზღვისკენ -  მე და ის ...

 

...

 

ჯერ არ იცის, რა მემართება ზღვის დანახვაზე. სიხარულისგან კივილს ვიწყებ და მანქანიდან გადასვლისთანავე გახდას, რომ წყალში შევვარდე და გავცურო.  წყლის ტალღები სხეულზე ვიგრძნო, მარილიანი წყლით დასველებული ტუჩები გავილოკო და ჯანდაბას იმაზე ფიქრი ამ დროს, რა წყალს ილოკავ და აგემოვნებ. ნაპირთან ზის და მელოდება, როდის მოვრჩები ზღვასთან თამაშს. ბედნიერია და  სახე უბრწყინავს. სახეზე თუ შეატყობ, თორემ საუბრით ისე ცოტას ამბობს, რა უნდა გაიგო, ნერვები მოგეშლება და მორჩა.

-           შემოო! - ვეძახი. უარს მეუბნება, რა თქმა უნდა. არც ველოდები, რომ დღეს ზღვაში შემოვა.

საერთოდ არ ვგავართ ერთმანეთს. ძალიან შორს არის გიჟური წამოვლებისგან, თუმცა, ხანდახან ისე მაოცებს, ვგრძნობ, რომ რაღაცამ შეცვალა და ეს რაღაცა სიყვარულია. მზე ჩასულია, წყალი არც ისე თბილი, მაგრამ სუფთაა. ამოდიო, მთხოვს და ვემორჩილები. როცა ასეთი სერიოზულია, ყოველთვის ვემორჩილები და მერე საკუთარ თავზე მეღიმება, რით მიმორჩილებს ვერ ვხსნი.

ტანსაცმელს ვიცვამ და სასტუმროში მივდივართ.

 

...

 

ოთახში შესვლისთანავე გავიხადე ფეხსაცმელი და უწესრიგოდ მივყარე. მერე ორივე ხელი ზურგისკენ წავიღე, რომ ყველაზე საძულველ შესაკრავს მივწვდომოდი და სადაც მოუწია გახდა, იქვე მივაგდე.

- რატომ არსებობს ლიფი, საერთოდ, რა საჭიროა.

- შენ იცი, რატომაც არსებობს, - მპასუხობს ღიმილით და კარს კეტავს.

- დავიღალე, - ვუთხარი და სავარძელში ჩავჯექი. ყველაზე არასაზღვაოდ ჩაცმული ბიჭი იყო და რომ გავიაზრე, გამეღიმა. მუქი ფერის მაისური და შავი ჯინსის შარვალი არაფრით არ შეეფერებოდა შუა აგვისტოს და ზღვის სეზონს, მითუმეტეს მისი საათი, თუმცა საოცრად უხდებოდა. საბა შორტებში ისეთივე წარმოუდგენელი იყო ჩემთვის, როგორც თვითონ ვერ წარმომიდგენდა მე კარაკულის შუბაში. გასარუჯად წამოწოლილი ხომ, საერთოდ...

სხვა ტიპი იყო, საერთოდ სხვა.

მომიახლოვდა და ჩაიცუცქა ჩემ ფეხებთან, მერე მარჯვენა ფეხზე მომკიდა ხელი და ნაზად მაკოცა.

-           მიყვარხარ. - მითხრა ხმადაბლა და თვალებში შემომხედა.

-           მეც მიყვარხარ. - ვუთხარი მთელი გულით.

-           მადლობა, რომ ჩემთან ხარ.

-           პირიქით, მადლობა, რომ არსებობ და ხელს არ მიშვებ.

-           აღარც გაგიშვებ.

-           ყველაზე მეტად მჯერა.

ვიბანავებო და კისერში მკოცნის. მე ტელევიზორს ვრთავ, სანამ გამოვა, სველ ტანსაცმელს ვიხდი და თხელ კაბას ვიცვამ. მერე  თაკოს და ლიზას ვწერ, რომ ზღვაზე ვარ, კარგად ვარ და არ იდარდონ ჩემზე და ტელეფონს ფრენის რეჟიმზე ვაყენებ, რომ მოსალოდნელ შემოტევას მომზადებული დავხვდე. წამოვა ახლა მესიჯები „გათხოვდი?“ „გაიპარეთ?’’ „მამაშენს ვუთხრათ?“

ვხვდები რომ სჯობს წესიერად ავუხსნა მათ, რა მინდა ზღვაზე, სანამ ქვეყანას შეყრიან და ვწერ, რომ, უბრალოდ, ზღვაზე წამოვედით ორი დღით, კონცერტზე და უკან დავბრუნდებით მალე.

და მორჩა, ისევ თვითმფრინავის რეჟიმი.

 

...

 

აბაზანიდან გამოდის, წელზე პირსახოცი აქვს შემოხვეული.

მე ვდგები, ვუახლოვდები, თვალებში ვუყურებ.

დგას და მელოდება.

ვუახლოვდები და ვკოცნი.

რბილი ტუჩები აქვს, სურვილით სავსე, ვნებიანი, გასაგიჟებელი და ცხელი.

ორივე ხელს სახეზე მიჭერს, თითქოს გავრბოდე სადმე.

ვკოცნი და ვჩერდები.

მერე მეღიმება, რადგან უკვე ზუსტად ვიცი ამის შემდეგ რას გააკეთებს.

არანორმალურივით მეფერება, ჯერ ტუჩებზე, მერე სახეზე.

ვნებაარეული გზას იკვლევს ჩემი მკერდისკენ, მერე წელზე მხვევს ხელს და ადგილებს ვცვლით.

ახლა მე ვდგავარ კედელთან და თვითონ ჩემს პირდაპირ. მე მის ჯერ ისევ ნამიან კისერზე მაქვს ხელები შემოხვეული და სველ თმაზე ვეფერები. მარჯვენა ხელი მუხლამდე აღწევს. შიფონის კაბას ედება, ხელს უშლის, გვერდზე სწევს და მუხლს ეხება თითებით.

მერე მეორე ხელით იგივეს აკეთებს.

მის წელზე შემოხვეული პირსახოცი ძირს ეშვება.

ორივე ფეხს წელზე ვხვევ და ხელში აყვანილი მივყავარ საწოლისკენ...

სექსი - ეს, ალბათ, ერთ - ერთი ყველაზე საოცარი რამ არის, რაც ღმერთს ადამიანებისთვის მოუგონია და არ მჯერა, რომ ის მხოლოდ გამრავლებისთვის შექმნა. ალბათ იმიტომ, რომ სრულყოფილებად გვეგრძნო თავი და ამ სრულყოფილების მისაღწევად კი ყველა ადამიანს თავისი ადამიანი მისცა, რომელსაც ან ვპოულობთ ან ვერა და თუ ვპოულობთ, მაშინ ყველაზე დიდ სიამეს აღწევს ჩვენი სხეულები და სულები.

ჩვენი იმპულსები, ემოციები,თუ შეგრძნებები იმ მეორის უკიდეგანო სამყაროში გადადის და არაფერზე არ ფიქრობ, გარდა იმ ერთისა, შენ  რომ გიერთდება.

გარდა იმ ტუჩებისა, ყველა წერტილს რომ გიკოცნის.

გარდა იმ ხელებისა, ასე რომ უნდა გზა გაიკვალოს და შენში სიყვარულს აშენებს.

სიყვარული და სექსი. ათასი ფერი, ათასი ნაწილაკი, ათასი გრძნობა და ემოცია. სიკეთე და ბოროტება, სინანული და სიხარული, სიყვარული და სიძულვილი, სიამოვნება და ტკივილი, ყველაფრობა, სისავსე. ამ საუკუნეში ასეა და არც არავის სჭირდება სხვაგვარად, რადგან ურთიერთობები ვერ იქნება სრულყოფილი მათი ერთობლიობის გარეშე. ყველაზე მაღალი ღირებულებისაც, ალბათ, ის შეგრძნებაა, როცა საყვარელი ქალი საყვარელ მამაკაცს მთელი თავისი შეგნებით, გრძნობით, სინაზით თავს უთმობს და ეს მამაკაცი ამ ყველაფერს ისე ღებულობს, როგორც ქარიშხალივით მოვარდნილ ბედნიერებას.

 

...

 

აღარავის ახსოვს ზღვა. გვერდიგვერდ ვწევართ და ორივეს გვეღიმება.

-           ამას ხომ იქაც გავაკეთებდით? - მეკითხება სიცილით.

-           ჰო და მგონი, სასაცილოა.

-           ადექი, გავიდეთ სადმე.

-           სად?

-           აქ ჩემი კარგი მეგობარი ცხოვრობს ცოლთან ერთად, ჯერ ისინი ვნახოთ, მერე სანაპიროზე გავსიეირნოთ.

-           კარგი, - გახარებული ვდგები და თხელ საბანს, რომელიც ორივეს გვაფარია, ვხდი, რომ

შემოვიხვიო.

-           მომეცი ეს და ისე გაიარე.

-           რატოომ?

-           მომწონს შენი სხეულის ყურება.

-           აფრენ შენ! - ხელს ვუშვებ საბანს და იატაკზე მიგდებულ სარაფანს ვიღებ, -ჩავიცვა ეს?

-           კი, ძალიან გიხდება.

-           ხვალ გავალთ ზღვაზე?

-           კი.

-           შენ ისევ ჯინსებით აპირებ თუ ჩაიცვამ რამე ადეკვატურს?

-           ძალიან სასაცილოა, - მპასუხობს უკმაყოფილოდ და დგება თვითონაც. ჯინსს იცვამს, მერე მოდის ჩემთან, კისერში მკოცნის და  პატარა კოლოფს მაწვდის.

-           რა არის ეს?

-           გახსენი.

-           გავხსნი, - ვეუბნები ღიმილით და ვხსნი. კოლოფში ბეჭედია, ბეჭედი, როგორც ვხვდები ჩემია, მაგრამ ვერ ვხვდები - რატომ.

-           მისმინე ! - ჯდება ჩემ პირდაპირ და თვალებში მიყურებს. - ნურაფერს დაარქმევ ამას, თუ გინდა, ნურც გაიკეთებ, მაგრამ მე მინდა, გეკეთოს. ეს არ არის ნიშნობა, არც ხელს გთხოვ, არა, არა, ვერ გთხოვ. უბრალოდ, მინდა გქონდეს და გახსოვდეს ვისი ხარ. გახსოვდეს, რომ რაც უნდა მოხდეს ჩვენს ცხოვრებაში,  შენ ხარ ჩემი ცხოვრების ქალი, ჩემი ცხოვრების მთავარი ბედნიერება, ჩემ შვილებთან ერთად, მაგრამ გეუბნები კიდევ ერთხელ, რომ შვილები კიდევ სხვა თემაა. შვილებს ვერ წამართმევენ და შენი დაკარგვის ყველაზე მეტად მეშინია. მაპატიე, თუ საკმარისად მებრძოლი ვერ ვარ ამ ეტაპზე გარკვეული მიზეზების გამო, მაპატიე, თუ გულს გტკენ ხანდახან ჩემი საქციელით, მაპატიე, თუ საკმარისად ვერ გაგრძნობინებ, როგორ მიყვარხარ. უბრალოდ, გახსოვდეს, გჯეროდეს და იცოდე, რომ შენ ხარ ჩემი და შენით იწყება ჩემი ბედნიერება.

მერე ბეჭედი გამიკეთა და ჩამეხუტა.

-           არასოდეს მოვიხსნი, პირობას გაძლევ.

-           მთავარია არასოდეს დაგავიწყდეს, ვისი ხარ.

 

 

...

 

სასტუმროდან გვიან გავედით, ძველი მეგობარი უნდა გვენახა, რომელსაც ისე გაუხარდა მისი დანახვა, ჩავთვალე,  რომ ასი წლის წინ ნახეს ბოლოს ერთმანეთი. პრინციპში, ასეც აღმოჩნდა.  ცოლთან ერთად იყო და ჩემს დანახვაზე ჯერ უხერხულად გაეღიმათ, შემდეგ კი საბამ ერთმანეთი გაგვაცნო და მაგიდას მივუჯექით. ორი ჭიქა ღვინის შემდეგ ყველანაირი უხერხულობა გამქრალიყო და ძველი ნაცნობებივით ვსაუბრობდით.

არ ვიცი რატომ, მაგრამ ძველ ურთიერთობებზე ჩამოაგდო საუბარი და ცოლს გახედა.

-           იმდენი რამ მაპატია, ახლაც არ მჯერა რომ მაინც გამომყვაო.

მერე ცოლს გაახსენდა, ალბათ, ქმრის ძველი ცოდვები და გაბუტულმა ღიმილით გახედა.

-           შენისთანა კაცს ვერ დავკარგავდიო.

-           როგორი ვარ, შემომხედეო,  - გაეცინა და საბას მიუბრუნდა, - ხედავ, რა უცნაურები არიან?

ქალები? შეიძლება, ცხოვრებაში ყველაფერი გაპატიონ ან  შეიძლება, საერთოდ, არაფერი გაგიტარონ, ვერ გაიგებო.

საბამ მე შემომხედა და ვიცეკვოთო მთხოვა. მერე ბოდიში მოუხადა წყვილს და საცეკვაოდ გავედით.

-           უხერხული იყო, რაღაცას გელაპარაკებოდა, - ჩავჩურჩულე.

-           დამშვიდდი, მთელი ღამე ასე ილაპარაკებს ეს და დავრჩები შენთან ცეკვის გარეშე.

-           როდის იყო ცეკვავდი, ღმერთო ჩემო?!

-           შენთან ვცეკვავ - ხელი შემომხვია წელზე და მე გამახსენდა  რომ დაუწერელი კანონია ეს, როდესაც შენი საყვარელი მამაკაცი, ხელისგულს აერთებს შენს ხელისგულთან და ვიცეკვოთო გეუბნება, შენ უნდა ადგე და  უკან გაჰყვე.

რა მუსიკასაც ჩართავს.

რანაირადაც მოგხვევს ხელს.

რანაირადაც შეგახებს თითებს.

რანაირადაც მიგიკრავს გულზე.

უნდა დახუჭო ამ დროს თვალები.

უნდა მიუახლოვო სახე მის სუნთქვას და იცეკვო.

იცეკვო ისე, თითქოს აქ, ამ მუსიკაზე, არასოდეს არავის უცეკვია თქვენს გარდა.

იცეკვო ისე, რომ ემოციებმა წაგლეკოს, დაგანგრიოს, და შენ ეს მაინც ყველაფრად გიღირდეს.

მთელ შენს ცხოვრებად გიღირდეს.

მუსიკა დასრულდა, ჩვენ კი ისევ ვცეკვავდით ცოტა ხანს. მე მის გულზე  მქოდა თავი მიდებული, ის კი მხოლოდ იმ წრეში ცხოვრობდა, რომელ წრეშიც ჩვენ ორნი ვმოძრაობდით.

მაგიდასთან დაბრუნებულებს, ცოლ-ქმარი ღიმილით შეგვხვდა. ნასვამი იყო ორივე, თვალებში ულივლივებდათ უჩვეულო გრძნობა ერთმანეთისადმი და ამ გრძნობაში ბედნიერების გარდა, სევდაც იდო და ეს სევდა ვერაფრით ავხსენი.

-           საბა ! - დაიწყო ღიმილით ქმარმა. საბამ გაუღიმა და მე გადმომხედა.

-           ის ჭკვიანია, - განაგრძო და მანაც მე შემომხედა. ცოლს ეღიმებოდა, მეც გამეღიმა.

-           და ლამაზი.

-           გეთანხმები , - გაეცინა საბას.

-           და ხელი მოკიდე.

ორივე ჩაფიქრდა. რაღაცნაირად დავდუმდით ოთხივე. აღარ ვიღიმოდით. მან კი განაგრძო:

-           ტყუილად არ ვამბობ. ხელი მოკიდე და უფლება არ მისცე საკუთარ თავს, გული ატკინო.

საბამ თვალი ამარიდა, თავი ჩახარა და იმ წამიდან დავიფიცებდი, რომ რაღაც ხდებოდა და მე ეს რაღაც არ ვიცოდი, რა იყო. დავიფიცებდი, რომ რაღაცას მალავდა და ეს რაღაც მე გამანადგურებდა. უსიამოვნო შეგრძნებამ მტელს ტანში დამიარა. შემცივდა და ოდნავ კანკალმა ამიტანა. საბამ შემატყო და თავისი თხელი ჟაკეტი მომაფარა.

-           ნუ მეუბნები მაგას! - უთხრა მკაცრი ტონით. - არ ვაპირებ ხელი გავუშვა.

-           ვიცი, რომ არ აპირებ! და ისიც ვიცი, რას გეუბნები.

-           კარგი, დავიშალოთ სჯობია, - ეცადა გასცინებოდა და წამოდგა. დავიბენი, ვეღარ გამეგო რას ვაკეთებდით, რა დიალოგი ჰქონდათ, რა ქვეტექსტებით საუბრობდნენ. დავიშალოთო, წამოდგნენ თვითონაც.

-           მიყვარხარ! - გადაეხვია საბა ძველ მეგობარს ღიმილით.

-           მეც, ძმაო, მეეც, ხომ იცი?!

-           ვიცი.

-           როცა ჩამოხვალთ, ყოველთვის გვნახეთ.

-           აუცილებლად.

-           გაგვიხარდება, - ჩაერთო დიალოგში ცოლი და გადამეხვია, - ნუკი, გამიხარდა, უზომოდ

გამეხარდა.

-           მადლობა ასეთი სითბოსთვის. მეც ძალიან გამიხარდა. - ვუთხარი ღიმილით, უკარგეს გოგოს.

დამშვიდობების შემდეგ ტაქსი გავაჩერეთ და სასტუმროში წავედით. კითხვებს არ ვსვამდი, რადგან მეშინოდა პასუხების, მაგრამ დიდხანს ვერ მოვითმენდი. მაქსიმუმ - დილამდე და მერე სადაც გინდა, იქ გაწყვეტილიყო. მეტი აღარ შემეძლო. თავში მოწოლილი კითხვები მთელი სიმძიმით ლამობდნენ გარეთ გამოსვლას. საბა ოდნავ ნასვამი იყო, მეც, და უზომოდ დაღლილები ორივე.

ერთი სული მქონდა, ფუმფულა საწოლში შევსულიყავი და ჩემი საყვარელი მამაკაცის გვერდით მშვიდად დამეძინა. ჩემი კითხვებით სავსე გონება სასმლის ზემოქმედების ქვეშ ნელ - ნელა მოდუნდა და სულ რამოდენიმე წუთში ჩამეძინა კიდეც.

 

...

 

დილით თვალი რომ გავახილე, მარტო ვიწექი. თვითონ აივანზე იდგა და ეწეოდა. თითქოს იგრძნო ჩემი გაღვიძება, ჯერ შემოიხედა, შემდეგ შემოვიდა და საწოლზე ჩამოჯდა. საშინელი წინათგრძნობა მქონდა.

-           თქვი, რა არ გასვენებს, - ვუთხარი უკვე ხასიათდაკარგულმა. ხმას არ იღებდა.

-           თქვი, საბა, დავიღალე, თქვი, - გავუმეორე უკვე გაბრაზებულმა.

-           ნუკი...

-           თქვი! გული ამერევა ეხლა ასეთ შესავალზე, თქვი! - წამოვხტი საწოლიდან.

-           რაღაც არის, რაც არ იცი შენ...

-           მაგას ვხვდები! და თქვი, რა არის რაც არ ვიცი, თქვი!!!

-           ხელი არ გაგვიწერია.

ადამიანებს გვახასიათებს ასეთი რამ. შეიძლება ეჭვები გვღრღნიდეს, გვჭამდეს და მოსვენებას არ გვაძლევდეს, მაგრამ ეჭვი ერქვას და მორჩა და როცა ეს ეჭვი სიმართლედ იქცევა, რეაქცია ისეთი გვაქვს, თითქოს აზრად არ მოგვსვლია აქამდე მსგავსი რამ. ასეთი რეაქცია მქონდა ახლაც. თითქოს ელდა მეცა, თითქოს ამაზე არც მიფიქრია აქამდე და ახლა, ასე მოულოდნელად, ცამოწმენდილზე გავარდა მეხივით. არადა, მე ხომ ვიცოდი გულის სიღრმეში, რომ ეს ასე იქნებოდა. მე ხომ ნაფიქრი მქონდა ამაზე. მე ხომ ჩემთვის გულში ბევრჯერ მქონდა ეს კითხვა დასმული და პასუხი ყოველთვის ის იყო, რომ ის მატყუებდა და მეც ვტყუვდებოდი. ეს დაკარვის შიში და დროის გაწელვა იყო, რომ რაც შეიძლება მეტი დრო გამეტარებინა მის გვერდით და როცა იქნებოდა და სიმართლე თავისით გაირკვეოდა, მერე, ალბათ, დავშორდებოდი, მაგრამ არ ვიცი. ესეც იმ შემთხვევაში თუ შევძლებდი. და გამოდიოდა, რომ ყველანაირ თავმოყვარეობაზე მქონდა ხელი აღებული სიყვარულის სახელით.

-           როგორ მეზიზღები, საბა - ვუთხარი მთელი არსებით და ეს ზუსტად ისეთივე  „მეზიზღები“ იყო, როგორი გულითაც ,,მიყვარხარს“ ვამბობდი, რადგან იმ წუთებში მართლა ძლიერ მძულდა ამ ტყუილის გამო.

-           ღირსი ვარ.

-           არ მჭირდება შენი თანხმობა, არაკაცი ხარ! ათასჯერ გკითხე და ათასჯერ გთხოვე, ტყუილი არ გეთქვა. რას ფიქრობდი, ზღვაზე წამომიყვანდი, ბედნიერ ორ დღეს მაჩუქებდი და ამით გაანეიტრალებდი ასეთ ტყუილს?! რა გეგონა მითხარი, რაა?

-           არაფერი არ მეგონა, აღარ შემეძლო ამ ტყუილით ცხოვრება და გითხარი, უბრალოდ.

-           კი არ მითხარი, გუშინდელმა თქვენმა საუბარმა გაიძულა, გეთქვა და რომ არა ეგ ბიჭი, ვინ იცის,

როდის იტყოდი სიმართლეს. ახლა ვფიქრობ, საერთოდ, ვინ ხარ? ვინ მიყვარს? მოგიგონე? გამოგიგონე? ვინ ხარ, ვიინ? მეშინია შენთან ერთად ოთახში დარჩენის, იქნებ მანიაკიც ხარ?! არაფერი ვიცი, ვინ ხარ და შენთან არ მინდა რაიმე მაკავშირებდეს დღეიდან! - დავიწყე   ჩალაგება.

-           რას აკეთებ?

-           მივდივარ! რას გავაკეთებ?

-           კონცერტია დღეს, ხომ გინდოდა ამ კონცერტზე წასვლა.

-           დამცინი? დამცინი? სულ გააფრინე ხო? რა მეკონცერტება შენ ხომ არ გაგიჟდი?!

-           ნუკი...

-           გაფრთხილებ, უკან  არ გამომყვე! სახლში არ მომაკითხო! არ დამირეკო! მესიჯი არ მომწერო და,საერთოდ, გაფრთხილებ, არასოდეს გამოჩნდე ჩემ სიახლოვეს. ჩემ ცხოვრებაში შენისთანა მატყუარა კაცის ადგილი არ არის!

-           აგიხსნა! მაცადე, რომ აგიხსნა - ხელიდან დამაგდებინა ჩემოდანი.

-           არ მაინტერესებს!

-           არ გამიწერა, გოგო, არა, არ გამიწერა ხელი, გესმის შენ? წავედით ხელის გასაწერად, მერე დარეკა

ვიღაცასთან,  არ ვიცი, ვინ იყო  და გადაიფიქრა. გარანტიები მინდაო. ჩემ გასამწარებლად და  შენ გასამწარებლად მან ზუსტად იცის, რა სჭირდება.

-           ფეხებზე მკიდია თქვენი პრობლემები, თქვენი დიალოგები და, საერთოდ, ეს საცოდაობა !

-           მეც მკიდიაა, მეეც! - გადავიდა ყვირილზე - ყველაფერი მკიდია! არაფერი ესმის!

დავახრჩო? რა ვქნა მითხარი? არსად ამბობს, რომ დავშორდით, წავიდე და ვცემო? რა გავაკეთო თქვი და გავაკეთებ ამის დედას შევ...ი.  ყველას ეუბნება, რომ შევრიგდით და მე როგორ მოვიქცე ამ დროს?! როგორ მოვიქცე, თქვი?

-           ნუ მიყვირი!

-           გიყვირი? ლამის ყველაფერი დავლეწო, აიტანე ყვირილი! გეკითხები და გამეცი პასუხი!

რა ვქნა?! ჭორიკანა ქალივით ჩამოვყვე  ყველას  ცალ-ცალკე და მოვუყვე რომ იტყუება და გაგიჟდა? თუ რა ვქნა, ამიხსენი? მეცოდება, გესმის? და ყველას ეცოდება ირგვლივ. თქმით ყველაფერი ნათქვამი მაქვს, მხოლოდ ის დამრჩა, დავახრჩო და მართლა რომ დავახრჩო, მერე? მთელი ჩემი სიმშვიდით ვცდილობ მოვითმინო, სანამ დავალაგებ ყველაფერს.

-           მე მივდივარ და შენ რაც გინდა, ის გააკეთე დღეიდან!

ტაქსი გამოვიძახე და წავედი. მთელი ეს დრო იჯდა საწოლზე და მიყურებდა. და ამას ხელის გაშვება ერქვა, არ მჯერა რომ ამ დროს კაცებმა უბრალოდ არ იციან, რა ქნან. არ მჯერა, რომ არ არსებობს ამ დროს ბერკეტი, რაც დაგვაკავებს გაბრაზებულ, განადგურებულ, ნაწყენ გოგოებს, რადგან ყველაზე მეტად, ალბათ, ისევ ის გვინდა, ამ კაცმა ხელი მოგვკიდოს და არსადაც არ გაგვიშვას, რადგან დარჩენას ჩვენი თავმოყვარეობა აღარ გვანებებს და დასარჩენად სხვა მიზეზები გვჭირდება და თუ ეს მიზეზი საყვარელი მამაკაცის ძლიერი მკლავია, ჩვენ ვრჩებით, მაგრამ ახლა სხვაგვარად იყო საქმე.

ვიდექი იმ მამაკაცის წინ, რომელსაც ყველაზე მეტად ვენდობოდი ცხოვრებაში და ის, რაც სიმართლე მეგონა, უდიდესი დაცინვა ყოფილა. ის დამცინოდა მე, ჩვენს ურთიერთობას, ამ სიყვარულს და ეს როგორ მოახერხა ამის გააზრებაც არ მსურდა.

მთავარი არ არის, როგორ გიყვარს ადამიანი. მთავარია, რამდენად ცდილობ მის გაბედნიერებას. მისას და საკუთარი თავისას პირველ რიგში. ახალგაზრდები სანამ ვართ, ვგიჟდებით დრამაზე, მაგრამ ცხოვრება ისედაც უამრავ უსიამოვნო სიურპრიზს გვიმზადებს.

დრო რომ გადის, მერე გასაგები ხდება, რომ დრამა კი არა ბედნიერება უნდა ვეძებოთ. მთელი ცხოვრება სინანულში არ უნდა გადიოდეს იმის გამო, რომ თავის დროზე რაღაცები ვერ გავბედეთ.

არაფერია უჩვეულო დედამიწაზე. ყველაფერი გახდა ჩვეულებრივი და გასაგები. ჩვენ ცხოვრებას თავადვე ვმართავთ და ჩვენი ჩრდილები არ უნდა რჩებოდეს მას სახსოვრად. აღარ ვართ იმ საუკუნეში, ცოლ - ქმრის დაშორება რომ ტრაგედიის ტოლფასი იყო. სირცხვილი იყო და როგორც უნდა დატანჯულიყვნენ, ჯვარივით მიათრევდნენ ერთმანეთს გოლგოთისკენ.

რა იყო ჩემი ჯვარი ან ჩემი გოლგოთა? ის, რომ  კაცი, რომელიც არანორმალურად შევიყვარე, თურმე არ იმსახურებდა? ჩემი სიყვარული მოჯადოებას ჰგავდა. ყველაფერი ერთად ვიყავი უკვე - მიტოვებული, შეურაცხყოფილი, გაუბედურებული, გულგატეხილი.  ზუსტად ვიცოდი, როგორც კი ისევ გამოჩნდებოდა ჩემ ცხოვრებაში, მე მასზე უარს ვერ ვიტყოდი და ყველაფერს ვაპატიებდი.

ეს აღარ იყო სიყვარული. ეს უკიდეგანო და უსაზღვრო სისულელე იყო.

 

 

ელფოსტაბეჭდვა