ჩაინა კონტრასტებიდან (II ნაწილი)
ჩაინა კონტრასტებიდან (II ნაწილი)
ჩაინა კონტრასტებიდან (II ნაწილი)
21 ივნისი, 2019 წ.

7. ცდუნება

 

ვინაიდან როგორც ელვა იელვებს

აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე,

ისე იქნება კაცის ძის მოსვლაც.

მათეს სახარება თავი24:27

 

დღეები დღეებს მისდევდნენ, კვირები კვირეებს და თვეები თვეებს გაეკიდნენ, ხელფასი ხელფასს ემატებოდა, მე ნელ-ნელა ფულს ვაგროვებდი, იაგდაქის ცხოვრებასაც გავუშინაურდი, ჩინურ მზესაც და ჩინურ მთვარესაც. ერთადერთი რაც მაკლდა ახლობლები იყო, ქართული ხმა, ქართული ჟრიამული, ქართული სიტყვა, დავურეკავდი ხოლმე სკაიპით დედას და ვისმენდი ჩემი ნათესავების აყალმაყალს, რამოდენიმეჯერ სკაიპიც დავატოვებინე რომ მომესმინა ჩემი თბილისური ეზოს ბავშვების თამაშის ხმა, ერთხელ კი აივანზე გავიყვანე და ცოტა ხანი ვუსმენდი თბილისის საცობების მოგუგუნე ხმაურს, მანქანების პიპინს, მძღოლების გინებას, ქუჩის ხმებს რომლებიც ჩემს მყუდრო იაგდაქურ სახლში იღვრებოდა.

რაც უფრო დრო გადიოდა მით უფრო ვეჩვეოდი ჩინურ სამზარეულოს, არაფერი აღარ მატკიებდა კუჭს, დავუმუღამე სანელებლებს, საყიდლებზეც შესანიშნავად ვარჩევდი ბოსტნეულს, ხილს და მწვანილეულს. დავდიოდი საბავშვო ბაღებში და პატარა ჭინკებს ვასწავლიდი ინგლისურს, ალფავიტს, მარტივ სიტყვებს და ზმნებს. ვხვდებოდი ჩემს ასისტენტ სანის და მასთან ერთად განვიხილავდი სასწავლო გეგმებს. სოფია აღარ ჩანდა ჰორიზონტზე, თვეში ერთხელ თუ გამოჩნდებოდა თავისი გასიებული ჯიპით და უბრალოდ შემაქებდა, ან რაღაც საბუთზე მომაწერინებდა ხოლმე ხელს. ის ჩემით საკმაოდ ბევრ ფულს შოულობდა, თითოეული ბაღი წილს აძლევდა იმისთვის რომ მე აქ ჩამომიყვანა და დამაბინავა, ამიტომ გარს მევლებოდა, ცივ ნიავს არ მაკარებდა, მთავარია მე კარგად ვყოფილიყავი და ბაღებში გაკვეთილები ჩამეტარებინა. სამუშაოს გარდა ჩემი ერთადერთი გასართობი კუნგ ფუზე სიარული იყო. ბატონი ვეი გულითადად მხვდებოდა და მაქსიმალურად უწყობდა ხელს ჩემს ინტეგრაციას სასწავლო პროცესში. იაგდაქში ხომ ცნობილი გავხდი და გავხდი, ჩემზე ჭორები და ინფორმაცია ქარის სისწრაფით ვრცელდებოდა, ხან ქუჩაში გადამეყრებოდა ჩემი მოსწავლე და გამოვარდებოდა ძახილით „ლაო შ ნიკოლას! ლაო შ ნიკოლას!“ და ასე იქცევდა ყველას ყურადღებას, ხანაც თავად მოქალაქეები შემნიშვნავდნენ, ჯგროდ შეიკრიბებოდნენ და სურათებს მიღებდნენ. ერთხელ სანიმ მომწერა რომ ჩემი სურათი იაგდაქის ერთ-ერთ კაფე-ბარს სარეკლამო აბრაში გამოუყენებია და მობილურის სქრინიც გამომიგზავნა, თუ როგორ გამოვიყურებოდი კაფე-ბარის პიარ კამპანიაში. ვდგავარ და ჰორიზონტს შევცქერი (ეტყობა ქუჩაში სადღაც დამაფიქსირეს ასე რაღაცის შემყურე), ჩემს გარშემო კი ჰოთ-დოგის, პიცის და ბურგერების შეთავაზებებია, ჩინურად ეწერა რაღაც, როგორც სანიმ ამიხსნა - „თეთრი სტუმარი ჩვენს სამზარეულოს ირჩევს“. იაგდაქელ მარკეტერებს გათვლას ვერ დავუკარგავდი, გადავწყვიტე მოგვიანებით მართლაც ვწვეოდი ამ კაფე-ბარს და თუ უფასოდ არ გამიმასპინძლდებოდნენ საავტორო უფლებებისთვის მეჩივლა.

ჩემმა მეზობლებმაც აღმომაჩინეს, ბაღიდან დაღლილი რომ ვბრუნდებოდი მუსიკას ხმამაღლა ჩავრთავდი ხოლმე და ასე ხმაურით ვუსამძიმრებდი ჩემს მარტოობას.

ერთ დღეს Portugal The Man - ის სიმღერებზე ვაჯაზებ რომ კარზე ბრახუნი გაისმა. ეს არ იყო კაკუნი, ეს იყო გაბრაზებული ბრახუნი, გავაღე კარი და ორი ქალი შემრჩა ხელში, ერთი ასაკოვანი ბებია, მეორე კი დედაჩემისხელა ჩინელი ქალი. ორივეს თვალები გაუნათდათ, დაიბნენ, აშკარად არ მელოდნენ, ეგონათ ჩვეულებრივი, რიგითი თინეიჯერო ჩინელუკა დახვდებოდათ მაღალ ხმაზე მუსიკის მოსმენის მოყვარული, ხელში კი შევრჩი მე, ის ერთადერთი უცხოელი, ის ერთადერთი თეთრი სტუმარი, ნიკოლასი. ხელები გაასავსავეს, ხმადაბლა მითხრეს სათქმელი, რა თქმა უნდა, მივუხვდი, მუსიკის ჩაწევა ენდომებოდათ, მაგრამ ახლა მე მივმართე იმ ფანდს რომ ვერაფერიც ვერ გავიგე რა უნდოდათ, ხელები მეც ვაქნიე და კარი უნდა მიმეხურა ზრდილობიანად, რომ ზემოთა სართულებიდან ახალგაზრდა ჩინელუკა გოგონა ჩამოგოგმანდა. ჩამოვიდა და ამოუდგა გვერდში ორეულს, დგას ასე ჩემს წინ სამი სხვადასხვა თაობის წარმომადგენელი ჩინელი მდედრი: ერთი მაო ძედუნის[1] დროინდელი, მეორე ‘კულტურული რევოლუციის’[2] პიონერი და მესამე ახალი თაობის ტანკენარა, ბალენსიაგას[3] შარვლით და ამოტრიალებულ ჯვრიანი მაისურით. ახალი თაობის წარმომადგენელმა ინგლისური იცოდა, ხელი გამომიწოდა და სხვა ჩინელი გოგოებისგან განსხვავებით სრულიად ღიად, თავისუფლად წარმომიდგა:

- „ჩემი სახელია იაო მეი[4], სალამი მეზობელო.“ - მეც ხელი გავუწოდე და ჩემი სახელი ვუთხარი, ზუსტად ვიცოდი რას ამიხსნიდა, მაგრამ დაკვირვების სახე მივიღე და დაველოდე მოვლენათა განვითარებას. ცდუნება ნელ-ნელა მეპარებოდა, ცდუნებაში კი საკუთარმა თავმა ჩამითრია. იაო მეი ფერხორციანი გოგონა იყო, წინ ჩამოგრძელებული ბობ-კარე თმა ჰქონდა, ლამაზი ჭრილა თვალები და მოყვანილი ტუჩები სექსუალურს ხდიდა. რაც ჩინეთში ჩამოვედი საერთოდ არ მქონდა დრო და ნერვები გოგოებისთვის, მას მერე კი რაც მწყობრში ჩავდექი, ხელფასიც კარგად მერიცხებოდა და სიმშვიდის გარანტია მოვიპოვე ახლა უკვე მზად ვიყავი აზიური სექსისთვის.

- „ საქმე იმაშია, სერ, რომ ბებიაჩემს გული აწუხებს და თქვენი მუსიკა ძალიან ხმამაღლა არის აწეული, გთხოვენ რომ ჩაუწიოთ.“ დავბრინჯდი, ახლა ხომ ვეღარ დავაღწევდი თავს და სულელივით ვერ მოვიმიზეზებდე, ვერ გავიგე რას მეჩინურებითმეთქი. თავი დავუქნიე თავხედ გოგონას და მის ორ ქალს, დავპირდი რომ მუსიკას დაბალ ხმაზე მოვუსმენდი. მოხუცმა ქალმა ნელი სვლით დაიწყო მიტრიალება, იაო მეის დედა მიეხმარა ბებიას, ის კი დარჩა ღია კარში, პირირსპირ იდგა მარტო და ჯიუტად მელოდებოდა, თითქოს მიწვევდა ახლა რა იქნებოდა, რას ვეტყოდი, მეც არ დავახანე:

- „ინგლისური სად ისწავლეთ? მშვენივრად საუბრობთ“

- „აჰ, მადლობა, არ ვფიქრობ რომ კარგად ვსაუბრობ. შარშან სამი თვით ვიყავი პეკინში, საზაფხულო საეკლესიო სკოლის მონაწილე გახლდით და იქ გვასწავლიდნენ.“

- „საზაფხულო საეკლესიო სკოლაში? ეკლესია თქვი? ‘Church’-ს გულისხმობ?“ - თავიდან დავიბენი, რადგან კარგად ვიცოდი რომ კომუნისტურ ჩინეთში აკრძალული იყო რელიგიები, მიუხედავად ამისა მაინც ახერხებდნენ სხვადასხვა კონფესიები აქ შემოსვლას და ფეხის მოკიდებას. რომელიმე რელიგიის წევრობა თავისთავად გულისხმობდა რომ ეკლესიის შვილი უპირისპირდებოდა კომუნისტურ პარტიას და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დოქტრინებს.

- „დიახ, ეკლესიას ვგულისხმობ, მე ქრისტიანი ვარ, ‘ყოვლისშემძლე უფლის ეკლესიის’ (‘The Church of Almighty God’) მიმდევარი, არ გაგიგიათ? მეორენაირადაც გვიწოდებენ - ‘აღმოსავლური ნათების ეკლესიას’ (‘Eastern Lightening’)[5]. ამ ნათქვამს იაო მეიმ ღიმილი მოაყოლა.

- „იატაკქვეშა ეკლესია ვართ ჩინეთში, რადგან ვიდევნებით“ - სიტუაციამ ჩამითრია, ტვინში ამომიტივტივდა, ‘ნეტარ არიან სიმართლისათვის დევნილნი რამეთუ მათია ცათა სასუფეველი.’ ვგრძნობდი, რომ ამ გოგონას სადღაც მივყავდი, ტყუილად არ დააკაკუნებდა ბებიამისი, ეს ყველაფერი ბედი იყო, ჩემი ჩაინა კონტრასტების განუყოფელი ნაწილი. იყო კი ეს სიმართლის გზა? თუ ეშმაკეული? საერთოდ რას მიპირებდა დღევანდელი კაკუნი კარზე? იაო მეიმ მიბრიალა თვალები, რაღაც ერთი ორი ანკესიც გადმომიგდო და ბოლოს მითხრა საღამოს ჩვენს კრებაზე წაგიყვანო. იმ დღეს გეგმებში არაფერი არ მქონდა, ამიტომაც დავთანმხდი, ცოტა გარეთ გასვლა და რეჟიმიდან მოწყვეტა არ მაწყენდა.

იაო მეის კარი რომ მივუხურე და მუსიკასაც ჩავუწიე ჩემს თავთან მარტო დავრჩი, იქვე თაროზე შემოდებულ იოანე ნათლისმცემლის ხატს გავხედე, გვერდით იდო პატარა წიგნუკა ლოცვანი. ჩინეთში წამოსვლისას საგანგებოდ ჩავალაგე ეს ჩემი მინი ქრისტიანეული რეგალიები და უფრო იმედიანად გამოვწიე აღმოსავლეთით. ყოველი დეპრესიისა თუ ყოვლადგაუგონარი ამბის მერე თვალებდახუჭული, ათრთოლებული ვიდექი მათ წინ და გულმხურვალედ ვლოცულობდი. ამ ჩინელების ქრისტიანობა ვერაფერი გამეგო, თან იყვნენ ქრისტიანები თან არა, თან ღიად თან დაფარულად, უნდა გავრკვეულიყავი იაო მეის ორგანიზაცია რას საქმიანობდა და როგორ. მერე ფიქრებმა გული გამითბეს და ჩინეთში ყოფნისას პირველად გავიფიქრე, სად იყო ჩემი სიყვარული? შეიძლებოდა კი რომ ის ჩინეთში მეპოვნა? იყო კი ეს ჩემი სასიყვარულო თავგადასავალი? ჩემიანებიც შეშინებულნი მწერდნენ ხოლმე, ჰა, ჩინელი ქალით ხომ არ დაბრუნდები შინო? ან ეს პატარა ჩინელი ბავშვები შენები ხომ არ არიანო? ამ ირონიულ კულტურულ იუმორს ადვილად ვაღწევდი თავს, მაგრამ შეიძლებოდა კი რომ აქ სიყვარული მწვეოდა? არა, სიყვარული და „ლავსტორები“ მაგარი მეზარებოდა, მაგრამ აღგზნებებისა და სექსუალური ლტოლვების მიჩქმალვა უკვე აღარ შეიძლებოდა. ჩემი ლიბიდო რამოდენიმე თვე თითქოს ციხეში მყავდა გამომწყვდეული, ვლაგდებოდი, ვერკვეოდი, უსაფრთხოებას ვაგვარებდი, კარგი ბატონო ნიკოლას, მაგრამ ახლა? ახლა უკვე დრო იყო მანდარინა ფეხები გადაგვეშალა, ბრინჯის ყანებისგან დასველებული ტერფები გვეხილა, მანგოს რძე დაგველია ნატიფი სხეულებიდან.

საღამო მალე მოახლოვდა, დასვენებული შევხვდი მზის მორიგ ჩასვლას, წიგნის კითხვამაც გამახალისა, სახლის საქმეებმაც ტემპში ჩაიარეს და იაო მეის მესიჯმაც არ დააყოვნა, მზად ხარ? ახლა გამოგივლიო. 9 საათი იქნებოდა რომ იაო მეიმ დააკაკუნა, ტანისამოსი გამოეცვალა, უფრო თავდაჭერილი, სარიტუალო ფორმა ეცვა, სადა, ლურჯი ფერებით, არანაირი ნახატი ან ვიზუალური გრავიურა არ მოჩანდა მის ჩაცმულობაში. იაო მეი ძალიან ლაღად მექცეოდა, ერთი სიტყვით წინ მომხიბვლელი საღამო მელოდა.

ტაქსში ჩავსხედით და იაგდაქის გარეუბნებისკენ გავეშურეთ, კორპუსები პატარავდებოდა და ნელ-ნელა პატარა კერძო სახლები გამოჩნდა, კერძო სახლები საერთოდ ხუხულა, ბარაკული ტიპის ქოხებად გადაიქცა, კინაღამ იაგდაქს გავცდით. დანიშნულ ადგილს მალე მივუახლოვდით. იაო მეიმ ტაქსისტს ფული გადაუხადა და ამით კიდე უფრო გავხალისდი, პირველი შემთხვევა იყო ჩინეთში ყოფნისას, რომ გოგომ მგზავრობის ფული გადამიხადა. აქ ძირითადად მე ვპატიჟებდი და ვუხდიდი მგზავრობის ფულს ჩემს ასისტენტებს. მე და ჩემს ასისტენტებს შორის ისეთი დამოკიდებულება იყო, თუ გახსოვთ 2000-იანებში სანამ გამოვიხედებოდით თვალებიდან, ბიჭები რომ მუდამ ვეპატიჟებოდით გოგოებს ტაქსი იქნებოდა, თუ ავტობუსი. იაო მეიმ რომ გადაიხადა იმ წამს გამიელვა ჩემი სტუდენტობისდროინდელმა ავტობუსში დაპატიჟებებმა. გამახსენდა მაშინდელი ჩემი ჯიბის ფული, რომელსაც ხან სად ხან სად ვშოულობდი და მერე სულ ჩემი შეყვარებულის, ან ჩემი კურსელი გოგონას, ან ჩემი მეზობელი გოგოს, ან ჩემი კლასელი გოგოს ავტობუსში თანამგზავრობისას უნდა გადამეხადა, საკუთარ თავზე ვბრაზობდი, ჯიბის ფული უაზროდ მეფლანგებოდა. კიდევ კარგი გენდერი და ამბები ამოიწია და ფემინიზმმაც არ დააყოვნა თორემ მთელი ცხოვრება ეგრე იქნებოდა, სულ ვიღაც გოგოების პატიჟში.

იაო მეი და ნიკოლასი ერთ სართულიან, დაბალჭერიანი სახლის წინ იდგნენ. სახლის შესასვლელში ჩვეულებრივი ჩინური წითელი პამიდორა ბურთები ეკიდა, ფერადი ლენტები სახლის კუთხეებიდან მოდიოდა და კარის ცენტრში ამოშვერილ ისარზე ერთიანდებოდა. არ დაგვიკაკუნებია, იაო მეიმ კარი ფრთხილად შეაღო და სახლში შევიდა, ვიწრო დერეფანი გავიარეთ, რამოდენიმე ნაბიჯიც და პატარა განათებულ დარბაზში აღმოვჩნდით. თანდათან მუღამში შევდიოდი, ვხვდებოდი რომ ეს აშკარად ქრისტიანული სექტა იყო, გული საოცარი ინტერესით ამენთო, არაფრის მეშინოდა. საერთდ რაც ჩინეთში ვიყავი არასდროს შემშინებია ამ პატარა, უვიცი ჩინელების, ვიცოდი რომ კრიმინალი, სახლის ძარცვა, ხალხის გატაცება შორს იყო ჩინელებისგან, მითუმეტეს სადაც კი მხედავდნენ ღმერთად წარმოვედგინე და სულ მოწიწებით მეპყრობოდნენ, ამიტომ ყოველი ამ ჩინელუკების ნამოქმედარი ჩემთვის მხოლოდ ინტერესს აღძრავდა და არანაირ შიშს არ ბადებდა. შიში იყო მხოლოდ სახელმწიფოს წინაშე, სისტემის წინაშე, რომელიც ხან ქრთამების ქსელში მაბავდა, ხანაც დეპორტაციით მემუქრებოდა.

იაო მეიმ მასპინძლებს ჩემი თავი გააცნო, მათ მორიდებულად თავი დამიკრეს და მრგვალ სუფრაზე მიმიპატიჟეს. დამხვდურები ყველა ასაკის წარმომადგენლები იყვნენ, ბავშვები, ახალგაზრდები, ზრდასრულები და მოხუცები, ყველას ჩვეულებრივად ეცვა, არაფრით გამოირჩეოდნენ ჩინური მასისგან. დიდ მრგვალ სუფრას რომ შემოვუსხედით, ყველა ცქმუტავდა, ყველა აღელვებული ჩანდა ჩემი დანახვით, მე კი გარშემო ვაკვირდებოდი ყველაფერს. პატარა დარბაზში კედლებზე იესო ქრისტეს სურათები გამოეკიდათ, ამერიკული პროტესტანტიზმის პრინტები, ეპიზოდები იესოს დაბადების, იესოს იერუსალიმში შესვლის, მარიამის და მისი მხლებლების. ასევე შევნიშნე ჩემთვის უცნობი ჩინელი მღვდელი რომელიც იატაკქვეშა გარემოში აწყობდა შეხვედრას, იყო რამოდენიმე ჩინური წარმოშობის მღვდელმსახურის პლაკატიც. ეს მღვდელმსახურები სამოქალაქო ფორმებში გამოწყობილიყვნენ და ეს ყველაფერი უკვე მიტოვებდა განცდას რომ საქმე მქონდა რაღაც მოდერნულ რელიგიასთან, არა უძველესთან, არა ტრადიციულთან.

იაო მეი ჩურჩულით და ღიმილით მიხსნიდა ვინ ვინ იყო, ჩემს გვერდით ‘ყოვლისშემძლე უფლის ეკლესიის’ იაგდაქის ფილიალის ერთ-ერთი დამაარსებელი, ქალბატონი ვუ იჯდა, რომელიც ცოტა ინგლისურს ეჭიდებოდა, მის გვერდით მთავარი მზარეული და ამ სახლის მასპინძელი ბატონი ტაიჰუ წამოჭიმულიყო. წრეზე 30იოდე კაცი ვისხედით, საკმაოდ დიდი მრგვალი მაგიდა იყო, ამ ჩურჩულსა და ღიმილებში უცბად ვიღაც კაცი წამოხტა და სიტყვა მოსცხო. მან ხელი ჩემსკენ გამოიშვირა და ვხვდებოდი რომ ჩემი მიღება ამცნო საზოგადოებას. ნაზი ღიმილით შევეგებე ყველას თვალს და მორიდებული თავის დაკვრით ვამცნე რომ პატივს ვცემდი მათ საქმიანობას. იაო მეი კი ნელ-ნელა მიხსნიდა:

- „მას მერე რაც ‘კულტურული რევოლუცია’ მოხდა  ჩინეთში, კომუნისტურმა პარტიამ დაარსა ეკლესიების გაერთიანებული საბჭო, რომელსაც დაევალა რელიგიური ორგანიზაციების რეგისტრაცია და მათი კონტროლი. ეკლესიების გაერთიანებულმა საბჭომ, ასე ვთქვათ თავის ხელში აიყვანა რელიგიის არსებობა ქვეყანაში. გაერთიანებული საბჭო ხელმძღვანელობს კათოლიკურ და პროტესტანტულ ეკლესიებს, ისინი ფაქტობრივად კომუნისტური პარტიის ლიდერების ხელქვეითები არიან. ჩვენ კი...“ აქ გაჩერდა, თვალები დააფახულა და მიმითითა რომ მერე გააგრძელებდა ახსნას, რადგან ახლა მაგიდიდან კიდევ ერთი პიროვნება წამომდგარიყო და ჩინურად ლოცვა წამოეწყო, ყველამ თავი დახარა და საკუთარ თავში ჩაიკეტაო. სამჯერ გაისმა ამენ, ამენ, ამენ და ისევ ამუსაიფდნენ. იაო მეიმ განაგრძო:

- „ჩვენ კი ვიტნეს ლის[6] სწავლებას გავყევით“- ხელი გაიშვირა სურათისკენ, სადაც ის პასტორი ჩანდა მე რომ უკვე შევამჩნიე. – „ვიტნეს ლი დიდი ბრძენი ადამიანი იყო, იგი იდევნებოდა, ამიტომ იატაკქვეშეთა ეკლესია დაარსა. ჩვენ ვეწინააღმდეგებით ეკლესიების გაერთიანებულ საბჭოს და უარს ვამბობთ ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან და ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე, ამიტომ დავაარსეთ ‘ყოვლისშემძლე უფლის ეკლესია’, გვწამს რომ იესო ქრისტე უკვე მოევლინა სამყაროს, რადგან როგორც მათეს სახარებაში წერია მეორედ მოსვლისას უფალი ჩვენი აღმოსავლეთით დაიბადება და ის უკვე დაიბადა, მხოლოდ ამ ჯერზე იესო ქრისტე ჩინელ ქალად მოგვევლინა.“ პირი დავაღე, გაოცების ღიმილი დამეტყო, არაა, იესო დაიბადა და თანაც ქალად? ღმერთო მომკალი, ჩემს ფიქრებში თავზე ვიშენდი ხელებს და სიცილით ვკვდებოდი, კაიი? ქრისტე დაიბადა და მე ვერ გავიგე? ან ქრისტე ჩვენს შორისაა და არ დამეკონტაქტა? თვითღადაობა შემომაწვა, მაგრამ რა თქმა უნდა, იაო მეის ამ ყველაფერს ვერ ვეტყოდი, ვერც ვერაფერი ვუთხარი, ეს გოგო სრულიად სხვანაირი სერიოზულობით ყვებოდა ყოველივეს, შემეცოდასავით რომ ამ ჩინური ზღაპრების სჯეროდა, თავს ვუქნევდი და უფლებას ვაძლევდი განეგრძო:

- „ის რომ, მეორედ მოსვლისას უფალი აღმოსავლეთით დაიბადება ამის დამადასტურებელი საბუთი იოანეს გამოცხადებაშიც არის მოხსენიებული, აპოკალიფსის შესახებ ის წერს მეორედ მოსვლის დროს წითელი ურჩხული, წითელი გველეშაპი გამოჩნდება ცაზე, იცი რომ ეს სიმბოლურია? წითელი ურჩხული?“ თავს ვუქნევდი, მაგრამ ჩავეკითხე, ეს წითელი ურჩხული რას ნიშნავდა.

– „ჩინეთის კომუნისტური პარტია! ის წითელი ურჩხულია.“ - ნიშნისმოგებით მითხრა იაო მეიმ. კიდევ ერთხელ ჩამეღიმა გულში, ‘ყოვლისშემძლე უფლის ეკლესიის’ მრევლს ეგონა რომ მეორედ მოსვლა დაიწყო, იესო ქრისტე უკვე მოევლინა და თანაც ჩინელ ქალად, ხოლო ეს ბიბლიური წითელი ურჩხული ჩინეთის კომუნისტური პარტია იყო, აჰაა, და მაშინ გამახსენდა ჩვენი ისტორია, საქართველომაც ხომ გამოიარა წითელი ტერორი, თავისი რეპრესიებით, ხალხის დახვრეტებით, დასმენებით და ციმბირში გადასახლებებით, ის არ იყო წითელი ურჩხული? მოკლედ, იაო მეი მთელს რელიგიურ ექსტაზს აფრქვევდა და ეს უფრო სექსუალურს ხდიდა, უფრო მიზიდავდა, რადგან ასეთ ამბებში გათვითცნობიერებული ინტელექტუალის სახეს იძენდა, ინტელექტუალიზმი საერთოდ წინააღმდეგობით იწყება, ინტელექტუალი და ინტერესიანი ქალი კი ორი თავით მაღლა დგას უბრალო სექსუალურ მოდელზე, ეს მამაკაცებისთვის კარგად ნაცნობი ფაქტია.

ამასობაში ვახშამიც დაიწყო, შემოჰქონდათ თეფშებით სხვადასხვა საჭმელები, დიდი მრგვალი მაგიდის შუაში დებდნენ, შემდეგ კი ატრიალებდნენ რომ სასურველი კერძი გადმოეღოთ. დიდი მრგვალი მაგიდის შუა სიმრგვალე ტრიალებდა, ხოლო ამ დიდი მრგვალი მაგიდის გარეთა წრე გაშეშებულიყო, ერთგვარი ბეჭდის ფორმა იქმნებოდა ზევიდან რომ დაგეხედათ. მეც დავეწაფე  შემწვარ ჭიაღუებს, ისე გემრიელად იყო დაბრაწული ყელს მიკოკლოზინებდა. წვნიანი დავინახე და იაო მეის ვთხოვე თეფში მოეწოდებინა, ეს ჩვენი საყვარელი საჭმელიაო, რაღაცას მეუბნებოდა, მაგრამ არ დავაცადე, მოიტა, მოიტამეთქი, ბატის თუ იხვის ხორცი იყო, ფაფუკი და გემრიელი. ამასობაში, ის კაცი რომელმაც მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა, წამოდგა და ჭიქა ზემო აღმართა, არაყი ესხა, სადღეგრძელოსმაგვარი რაღაც თქვა და გადაყლურწა. სათითაოდ დგებოდნენ ‘ყოვლისშემძლე უფლის ეკლესიის’ მიმდევრები, ჩინურად ლუღლუღებდნენ და არაყს ყლურწავდნენ. ჩემი დროც მოვიდა და სხვა გზა არ მქონდა, ჩვენი გაცნობისა იყოსმეთქი და გადავუშვი. ისეთი ცხარე იყო, ყელი დამიწვა, ამიტომ ისევ გემრიელ სუპს დავაცხერი, თბილი იყო, ნეტარებით შევექცეოდი, ასე გემრიელად ბევრი ხანი იყო არ მეჭამა.

შეკრებაზე არაფერი განსაკუთრებული აღარ მომხდარა, ისინი მშვიდად და წყნარად საუბრობდნენ ჩვენს უფალ იესო ქრისტეზე, განიხილავდნენ ბიბლიის თავებს, აშკარად კარგად ჰქონდათ წაკითხული ახალი აღთქმა, ტაეპები მოჰყავდათ თანამედროვე სამყაროში რაღაცების შესადარებლად, ჩემს გვერდით მჯდომი ხნიერი ქალბატონი ვუ რამოდენიმეჯერ გადმოიწია და დამტვრეული ინგლისურით რაღაც მითხრა, თუმცა აზრი გასაგები იყო:

- „მაო ძედუნი სანამ აიღებდა ხელისუფლებას, ჩემი მამა ახალგაზრდა სტიქაროსანი და მღვდელი იყო, მაო ძედუნი რომ მოვიდა და კომუნისტური წყობილება დაამყარა მამაჩემი და ყველა მისი მსგავსი პასტორი და სამღვდელო პირი ერთად შეკრიბა, შრომით-გასწორების ბანაკებში გაგზავნა. მათ ამ ბანაკებში უარი უნდა ეთქვათ ბიბლიაზე, ქრისტეზე, რელიგიაზე და უნდა ეწამათ ახალი სოციალისტური წეს-წყობილება, ხალხისა და მშრომელი ხალხის სახელით. მამაჩემი ასე არ მოიქცა და ის დახვრიტეს.“ ზიარებანარევი სახით ვუსმენდი ქალბატონს და პატივისცემა მიჩნდებოდა მის მიმართ.

იაო მეი მაგარ გასწორებულში იყო, მისი მეგობარი, თეთრი სტუმარი დადებით ემოციებს აღძრავდა თანამორწმუნეებში, აქტიურად ვიყავი ჩართული მოსმენასა და მიმიკებში. გულში კარგად ვხალისობდი, ეს პირველი შემთხვევა იყო ჩემს ცხოვრებაში, როდესაც რელიგიური სექტის კრებაზე აღმოვჩნდი. ყველა რელიგია ხომ თავიდან სექტად და მწვალებლობად მიიჩნეოდა? ასე არ უყურებდნენ თავის დროზე ქრისტიანობასაც? ასე არ ვრცელდებოდა იატაკვეშეთში ქრისტეს სწავლებაც ძველ რომის იმპერიაში? ახლა როცა ეს მოცემული სამყარო გვაქვს და ქრისტიანობა თავისთავადია ხშირად გვავიწყდება მისი ისტორია, ზოგმა კი საერთოდაც არ იცის, სწორედ ეს უცოდინრობა განაპირობებს სიბრმავეს და ერთგვარ დაუნახაობის ეფექტს ქმნის, გაოცებული, სულელი ცხოველის ეფექტს, თორემ რა არის გასაკვირი? მე გულში მაინც ჩემს მართლმადიდებელ ღმერთს ვესაუბრებოდი და ვეუბნებოდი, რომ მაგარი ღადაობა იყო ეს ჩინელი ქალი ქრისტე, თან ბიბლიასაც რომ არ მოწყდნენ და ადეკვატური ციტირებები რომ ჰქონდათ? „ვინაიდან როგორც ელვა იელვებს აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე, ისე იქნება კაცის ძის მოსვლაც.“ - მათეს სახარება,  ესეც შენი აღმოსავლეთი - ჩაინააა. ჩემს იესოს ვეუბნებოდი, ღმერთო ასეთი რა ძალა გაქვს რომ ყველას სურს მისიანი იყო, ყველას სურს მათში იყო, ხან წილხვედრი იყო, ხან საბერძნეთის კუნძულზე გამოჩნდე, ხან ბრაზილიაში გამოეცხადო ვინმეს, ხანაც ეგვიპტეში, ჩინეთმა რაღა დააშავა? ჩინელებშიც ასე მძაფრად და განცდებით შემოსულხარ, შენია სასუფეველი ცათა და მიწათა. ამ ფიქრებში გემრიელ წვნიანს შევექცეოდი, ენის რეცეპტორები ტკბებოდნენ, რაღაც უცხოს და ფაფუკს შეექცეონდნენ, ჩემი ტვინი კი სახალისო რელიგიურ ბაასში გართულიყო. კრება ნელ-ნელა იშლებოდა, იაო მეიმ ხელი ჩამკიდა და გარეთ გამიძღვა, ყურებამდე ჰქონდა პირი გაღიმებული და ისე მიყურებდა, აინტერესებდა რას ვეტყოდი, რა აზრის ვიყავი მათ ორგანიზაციაზე, იყო კი ეს ‘ყოვლისშემძლე უფლის ეკლესია’ ჩემთვისაც? ტაქსი გარეთ დაგვხვდა და ქალაქისკენ წავედით. იაო მეი გვერდით მეჯდა და ხელი ჩაეკიდა ჩემთვის, როგორც აღმოჩნდა დიდი მნიშვნელობა ჰქონია ამ ახალგაზრდა იაგდაქელი გოგოსთვის ამ კრებაზე ყოფნა და ჩემი მის გვერდში დგომა. ამჯერად ტაქსს მე გადავუხადე, არადა არ ამცდა ეს ვიღაცის დაპატიჟება. მე და იაო მეი სართულებზე ავდიოდით, აი ჩემი სახლის კარიც გამოჩნდა, ოდნავ შემთვრალებული, მომღიმარი და აღგზნებული ნიკოლასი და იაო მეი ოთახში შევიდნენ.

ქრისტემ ფარდა ჩამოაფარა და ფანჯრებს შორის ცისკენ გაუჩინარდა. კარი თავისით მიიხურა და შავი ჭინკები შესასვლელში ყარაულებად დადგნენ. მოდუნებული ბიჭი საწოლზე დაეგდო, ხოლო თავხედმა გოგომ ჩანთაში დაიწყო ჩხრეკვა, როგორც იქნა მიაგნო კოლბას. კოლბა გვერდით დაიდო და ახლა ტანსაცმლის გახდა დაიწყო. ბიჭმაც არ დააყოვნა და შარვლის ქამარი შეიხსნა, ყველაზე რთული და არაინტიმური ეპიზოდები გაიარეს, ორივე შიშველი იყო, ახალგაზრდა გოგომ კოლბა გახსნა და მანგოს წვენი სხეულზე წაისვა. ბიჭი მუთაქებზე მიწოლილიყო და ყველაფერს უყურებდა, ჯერ აღგზნების დრო იყო, მისი პენისიც წამოიმართა და ელოდა როდის წამოიცვავდა თავზე უცნობ ხილს. გოგონა ამას არ ჩქარობდა, ზეთი ყველგან წაისვა, ისე რომ მთვარის შუქზე ბზინავდა, გველხუკელას მოძრაობებით ნელ-ნელა ბიჭზე დაიწყო გაწოლა, თავისი სლიპინა სხეულით აზიურ მასაჟს აკეთებდა. ფეხები, ბარძაყები, პენისი, მუცელი - თავისი დაზეთილი სხეულით დაუზილა, კიდევ უფრო მოადუნა, საშოთი დაიარა თეთრი სტუმრის ყველა ორგანო და ყველაფერს ეფერებოდა, არა კოცნა, არა ალერსი, საშო ეფერებოდა მთელ სხეულს. ასეთი რამ პირველად ნახა თეთრმა სტუმარმა, და ბოლოს როგორც იქნა, ამხედრებულ ძარღვებზე ფაფუკი და რბილი ატმის კანი დაეფლო, სითხე სდიოდა და იღვრებოდა ბარძაყებს შუა, ნიკოლასის სიფრიფანა ტუჩები კი იაო მეის მანგოს ძუძუებს წოვდნენ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

8. ირონიული თავბრუსხვევა

თვალები რომ გავახილე საწოლში სრულიად მარტო ვიწექი, იაო მეი წასულიყო. ის რაც შეიძლება ვინმე ამერიკელს გადახდენოდა შორეულ აღმოსავლეთში მე გადამხდა, არა რა, ან ნაღდი ამერიკელი ვიყავი, ან ამერიკელებს ვართმევდი ამერიკელობას. ასეთი რამ გაგიგიათ? ხომ სულ ქართველებს გვართმევენ ქართველობას, აი აქ ჩაინაში კი მე აღმოვაჩინე რომ ამერიკელებს ვართმევდი ამერიკელობას. მათი როლი მქონდა მთლიანად მისაკუთრებული. ნელ-ნელა ვერკვეოდი წინა საღამოს ამბებში. ყველაფერი კარგად მახსოვდა, ბებიას ბრახუნი, იაო მეის გაცნობა, ‘ყოვლისშემძლე უფლის ეკლესიის’ კრებაზე წასვლა და იქ მოსმენილი ჩინური ზღაპრები, მაგრამ მაინც სასიამოვნო ვახშამი, გემრიელი წვნიანი რომელიც ყველაფერს თან გასდევდა, ხალხს რომელიც კარგად მეპყრობოდა და ბოლოს დაგვირგვინება - იაო მეისთან გატარებულ ღამე. ეს ყველაფერი ფილმივით იყო, ან წიგნივით, მაგრამ რეალურად ჩემს თავს ხდებოდა, აბა როგორ უნდა დაეჯერებინათ ეს ყველაფერი ჩემს მეგობრებს თბილისში.

დღის საქმეებს შევუდექი, მივალაგ-მოვალაგე აყრილი სახლი, კარგ განწყობაზე ვიყავი და 12 საათისთვის ბაღისკენაც გავწიე. გაკვეთილებმაც კარგად ჩაიარა, შესვენებებზე მახსენდებოდა წუხანდელი თავგადასავალი და საკუთარ თავს ვუღიმოდი მობილურის სქროლვისას. ბოლო გაკვეთილი რომ დავასრულე ბაღიდან წამოსასვლელად ვემზადები, ზუგრჩანთა ავიკიდე რომ, დერეფნიდან ერთი მოსწავლის დედა შემოვიდა, ახალგაზრდა ქალს ხელში თოთო ბავშვი ეჭირა ასე თვეების იქნებოდა, ინგლისურად მომესალმა:

- „გამარჯობათ, ლაო შ ნიკოლას, მე ელისის დედა ვარ.“ -ლოყებამდე გაწელა ღიმილი და მეც შევჩერდი, რაღაც სასიამოვნო სურნელი დატრიალდა ჩემს ცხვირთან, ეს რაღაც ნაცნობი და თან უცნობის გემო იყო ენის წვერზე, ყელში ნელ-ნელა ჩაიღვარა, მზე ღია საკლასო ოთახებიდან ანათებდა. უცბად კუჭის თავიდან წვა დამეწყო, გავბუჟდი, თავბრუდამეხვა, ავკანკალდი და ძირს გავიშოტე. თვალთ არ დამბნელებია, მკრთალად გახელილი თვალებიდან ვხედავდი, როგორ დავკარგე მთელი სხეულის მგრძნობელობა, ირგვლივ შიში დატრიალდა, პანიკამ მომიცვა, რა მემართებოდა, ვეთიშებოდი სამყაროს, სიცოცხლის ნიშანწყალს ვეთხოვებოდი. ასეთი რამ ცხოვრებაში პირველად დამემართა. ამასობაში საკლასო ოთახებიდან მასწავლებლები და ასისტენტები გამოცვენილიყვნენ და ზოგი ხელებს მისრესდა, ზოგი რაღაცას მთხრიდა პირში, ის ქალბატონი ჩვილი ბავშვით კი შეშინებული იდგა ჯგუფის უკან და ვერ ხვდებოდა რა დამემართა. ხელში რომ მეჭირა წყლის ბოთლი, გამვარდნია და ჩემს ირგვლივ დაღვრილა, ისე რომ როცა მასწავლებლები და ასისტენტები შემოცვივდნენ წყლის გუბეში დავხვდი სრულიად გაფითრებული და არაამქვეყნიური. სახალხოდ დავიწყე თავის მართლება, ალბათ გადაღლის ბრალია ან წნევების-მეთქი, გუშინაც გავათენე და ცუდად მეძინა-მეთქი. ნელ-ნელა მგრძნობელობა დამიბრუნდა, ირონიულმა თავბრუსხვევამ გაიარა, ჩემთვის კი ამოუცნობი იყო რა დამემართა. თითქოს ყელში რაღაც გემო მებჯინებოდა, ყელის კედლებს ნელა და ძლიერად ჩაუყვა და ისევ კუჭში დაბრუნდა, ნერწყვებს ვყლაპავდი რაც შეიძლება ღრმად მუცლისკენ გადამეძახა. გავიფიქრე, იაო მეიმ ხომ არ გამიკეთა რამე რომ ღამით ლოგინში უპრობლემოდ ჩამგორებოდა-მეთქი? ფაქტი იყო, დილიდან კარგ ხასიათზე ვიყავი, არაფერი ისეთი არ მომხდარა, არც სტრესი, არც დეპრესია, არც ცუდი არაფერი არ მიჭამია, რომ მოულოდნელად ეს ბავშვიანი ქალი დერეფნიდან შემოვარდა, მომიტანა უცხო სუნელი, ცხვირისა და ენის რეცეპტორები აღაგზნო, მერე კი ეს გლობალური დრტვინვა დამატყდა თავს. თვალი მეცა ალბათ ამ ქალისგან თუ რა ჯანდაბა დამეტაკა ვერ ვხვდებოდი, ალქაჯი იყო ეს ქალი ჩვილი ბავშვით ხელში. მთელი დღე დაბნეულობაში გავატარე. შინ რომ მივედი, წამოვწექი და მშვიდად დამეძინა. არ მახსოვს რამდენი ხნით გავითიშე, მაგრამ შუა დღე გადასულიყო რომ ხმაურმა გამომაღვიძა, ჩემს კარზე ისევ ვიღაც აკაკუნებდა.

ამ ორი დღის განმავლობაში რამდენჯერაც დამიკაკუნეს კარზე ამდენი სტუმრობა მთელი 6 თვის მანძილზე არ მქონია, ამჯერად ვინ ჩემი ფეხები იყო და რა უნდოდათ. გავიფიქრე, ალბათ ჩემი ასისტენტი სანი იქნება, ან ჩემი განაბა ბოსი სოფია, შეიტყობდნენ ჩემი ცუდად გახდომის ამბავს და მოვარდნენ ამბის გასაგებად. კარს მივუახლოვდი, ჭუჭრუტანაში გავიხედე რომ რას ვხედავ - პოლიცია! ო, ლა, ლაააა, დიახ, არ გაგიკვირდეთ, ვუალა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, კომუნისტური პარტიის პოლიცია! გამახსენდა, საზღვრის გადაკვეთისას რომ გამაჩერეს, და ისიც საცხოვრებელი აიდის აღებისას როგორ მაწვალეს, ახლა რა უნდოდათ? ახლა რას მიპირებდნენ? დეპორტაციას? სამნი იყვნენ, გახუნებულ მწვანე ფორმებში გამოწყობილნი, ძველებური საბჭოური ქუდები ეხურათ, ინგლისური არცერთმა არ იცოდა, შემოვიდნენ, მთავარმა რაღაც მებურდღუნა და ორს მითითება მისცა. მე ინგლისურად ვეკითხები, რა ჩემი ფეხები გინდათ? ვინ ხართ? რატომ? მაგრამ არაფრად მაგდებდნენ. მთავარი ჩემს წინ იდგა და ჩინურად მელაპარაკებოდა, ორნი კი ადგნენ და ჩემი სახლის თვალიერება დაიწყეს. მივხვდი, რომ ჩემი ჩხრეკა მიმდინარეობდა, ყოველგვარი საბუთისა და ჩემს ენაზე გასაგები ახსნა-განმარტების გარეშე ჩემს სახლს ჩხრეკდნენ. ესღა მაკლდა, გავიფიქრე და ლამის თავზე შემოვირტყი ხელი. პოლიციელები მიუხედავად იმისა რომ თავხედურად იქცეოდნენ და დაუკითხავად ათვალიერებდნენ ჩემს სახლს, მათი მხრიდან მაინც ვგრძნობდი მოწიწებას, ხელით არ შემხებიან, პირიქით ინტერესითაც კი მიყურებდნენ, მოვწონდი, მათი თეთრი სტუმარი, მთელი იაგდაქისთვის თითით საჩვენებელი ნიკოლასი მაგარი კაცი იყო. ზედაპირულად ჩამოიარეს ოთახები, შეიხედეს კარადებში, განჯინაში, ერთი აივანზეც გავიდა, შემდეგ კი სამივე ჩემთან შეიკრიბა და ერთ-ერთმა მათგანმა მობილური დააძრო, სელფი მოსცხო. ო, ღმერთო ჩემო, რა სასაცილო ვიღაცები იყვნენ, ასე შეიძლება? ყველაფერში რომ არასერიოზულები და მიამიტურები იყვნენ, ყველაფერი ჩინური მართლაც ყალბი და პატენტური ჩანდა. ჩემთვის ჩინეთი სატირულ, იგავ-არაკულ მხარეს ემსგავსებოდა, ჩინური საქონელივით უხარისხო, ქრისტეც კი ჩინური ჰყავდათ აქ, ერთი სიტყვით კონტრასტული და ირონიული ცხოვრება იყო - მოგზაურობა გულივერისა. სურათები რომ გადაიღეს, გამიღიმეს, ხელი ჩამომართვეს და წავიდნენ. მე მაინც გაღიზიანებული ვიყავი და ჩემს ასისტენტ სანის გადავურეკე, რა ჯანდაბაა, რა ხდება პოლიციელები შემომივარდნენ და სახლი გამიჩხრიკეს-მეთქი. სანიმ ვითომც არაფერი სერიოზულიო, წყნარი ხმით ამიხსნა:

- „უი, ეგ დამავიწყდა მეთქვა შენთვის, ნიკოლას, უცხოელებს პოლიცია პერიოდულად ამოწმებს, უსაფრთხოების მიზნით, არაფერი სერიოზული, ნუ დარდობ.“ თურმე სახელმწიფო ასე გზავნიდა სამართალდამცავებს, სამოქალაქო პატრულის ჯგუფებს უცხოელი სტუმრების სახლში და პერიოდულად ამოწმებდა ნარკოტიკებზე, იარაღზე, რაიმე საეჭვო ქმედებებზე და ა.შ. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობისთვის ხომ ყველა უცხოელი პოტენციური ქვეყნის ამრევი და უცხოეთიდან მავნე ცხოვრების წესისა და ჩვევების შემომტანი იყო, მითუმეტეს ის უცხოელები ვინც დიდი ხნით რჩებოდნენ. ჩინური ცხოვრება ისევ დესტრუქციული მომენტებით შემომაწვა. ამას ხელმეორედ ვერ გავუძლებდი, სულ რაღაც მცირე პერიოდი დავყავი მშვიდად და თავისუფლად, ისე როგორც გეგმაში მქონდა, ახლა კი ისევ არეულობები იწყებოდა? არა, არ უნდა დამეშვა რომ დეპრესიაში ჩავვარდნილიყავი, არ უნდა დამეშვა რომ შიშებს ავყოლოდი, ან უსაფუძვლო ეჭვებს. ხომ ვნახე, როგორი უსაფუძვლო იყო შიშები კომპანიის მიმართ, ქრთამებისა და არაკომპეტენტურობის მიუხედავად მე იმას ვიღებდი რაც მითხრეს. ახლა კი, რა მოხდა ასეთი? რა მოხდა რომ მღელვარება დამეწყო? რაღაც ქრისტიანული სექტის კრებაზე ვიყავი, სადაც საცოდავი და დევნილი ხალხი, თავად შეშინებული ხალხი რაღაცას ბოდიალობდა, მერე კი მშვენიერი აზიური სექსი გქონდა, დაგავიწყდა ნიკოლას? სწორედ ეს მომენტი არ განაპირობებდა შენს დღევანდელ ასეთ ზე-განწყობას? მერე რა მოხდა თუ ბაღში გული წაგივიდა, ვერ ხედავ? ივლისია, მზემ უფრო დააჭირა, წნევები იცვლება, შენ ასეთ გარემოში პირველად ხარ, შორეულ აღმოსავლეთში მარტო, ციმბირთან ახლოს. ბოლო პოლიციელების ფაქტი ხომ საერთოდ არაფრად ჩასაგდებია, საერთოდ სასაცილო მომენტია. ხომ გაიგე, სანიმ რაც თქვა, უცხოელებს პერიოდულად ასე ამოწმებენო. არა, ნიკოლას, არ უნდა მისცე თავს უფლება რომ ნერვებს აყვე, ყველაფერი კარგადაა. მესმის, რომ იმ ირონიულმა თავბრუსხვევამ შეგაშინა, მაგრამ არაფერი გასაგიჟებელი აქ არ მომხდარა. ასე ვესაუბრებოდი საკუთარ თავს და მოვახერხე კიდეც დამშვიდება - გული საგულეში ჩადგა.

რას წარმოვიდგენდი რომ წინ გაუგონარი და სრულიად მოულოდნელი ამბები მელოდა. ახლა ვხვდები, რომ წინასწარ მეძლეოდა ნიშნები, გაფრთხილებები და დაკვირვებულ თვალს შეეძლო ამ ყველაფრის უკეთ განჭვრეტა, მაგრამ მე არ მქონდა ეს ძალა. ის ორი დღე სავსე იყო მინიშნებებით და ამაში მერე უფრო დავრწმუნდი, როცა ყველაფერმა ჩაიარა.

საღამოს გასეირნება გადავწყვიტე, მოზღვავებულ ნერვიულ ფიქრებს გავიქარწყლებდი,  პოლიციელების სტუმრობას და ირონიულ თავბრუსხვევასაც დავივიწყებდი,  იაგდაქის ქუჩებში გავალ და გულს ასე გავიხალისებთქო. დავუყევი გზას სახლიდან ცენტრალური პარკისაკენ, იქ მაცხოვრებლები შეკრებილიყვნენ, ყოველ საღამოს ასე იკრიბებოდნენ, ყველა ასაკის წარმომადგენელი, დიდები თუ პატარები ქალაქის ყველაზე დიდ მოედანზე იკრიბებოდნენ და სახალხო ცეკვებს აწყობდნენ. მწყობრში ჩალაგებული იაგდაქელები ტანვარჯიშის და ფიგურული ცეკვის მსგავს ილეთებს აკეთებდნენ, ასე ცეკვავდნენ სხვადასხვა ჟანრის მუსიკაზე. წრე დავარტყი ცენტრალურ მოედანს, თვალი შევავლე ლამაზ გოგოებს, რეიტუზებში გამოწყობილ სპორტული ტანის და ფიტნეს სხეულების ქალბატონებს. ახლა უკვე თავს უფლებას ვაძლევდი რომ როგორც მშიერ მგელს მენადირა, ამ უამრავთაგან ერთ-ერთი მომეპოვებინა და აღვირახსნილი სექსოდისეები მომეწყო, აგერ გუშინ არ გავუღე კარი პირველ სექსოდისეას? იაო მეი აღარც მახსოვდა, ვიცოდი რომ ის ადრე თუ გვაინ თავად გამოჩნდებოდა.

იაგდაქის ქუჩებში მწუხრი წვებოდა, ხალხი ნელ-ნელა ცოტავდებოდა, მაღაზიებს ხურავდნენ და სახლისკენ მიეშურებოდნენ ჩინური პატარა ქალაქის პატარა მაცხოვრებლები, ბავშვები გუნდ-გუნდად დადიოდნენ და დახტოდნენ, იაგდაქშიც ისევე როგორც ყველგან დღე თავისი რიტმით სრულდებოდა. სეირნობა სეირნობაში სახლისკენ გზასაც დავადექი და იგივე გზა რომ არ გამევლო შემოვლითი გზა ავირჩიე. შემოვლით გზას რომ დავადექი ხეების რიგს გავცდი და საავადმყოფო დავინახე, პლაკატებით მივხვდი რომ ჩვილ ბავშვთა საავადმყოფო იყო, ამ შენობას გავცდებოდი და მერე უკვე ჩემი სახლიც გამოჩნდებოდა. საავადმყოფოს რომ ჩავუარე ყელში ისევ რაღაც მომებჯინა, გულმა არ დამარტყას მეთქი გავჩერდი, ისევ შიშმა დამიარა, კუჭიდან წამოსულმა მჟავამ მამცნო უსიამოვნება, ნელა დავიწყე სიარული. საავადმყოფოსთან სატვირთო მანქანა იდგა, სადაც მომსახურე მედპერსონალი ფუსფუსებდა, უცბად მათგან ერთ-ერთი გამოეყო და ჩემსკენ ღიმილითა და სიხარულით წამოვიდა, ვიცანი, ეს ხომ გუშინდელი რელიგიური კრების მასპინძელი ბატონი ტაიჰუ იყო, მომიახლოვდა,  თვალები დაპრუწა, ხელი თავის ქნევით ჩამომართვა და კარგად გასაგები ინგლისურით მითხრა, როგორ ბრძანდებითო, ხომ კიდევ გვეწვევითო. ისეთი ალალი შეხვედრა იყო, თავი დავუქნიე და დავპირდი, აუცილებლადმეთქი. ის თავის საქმეებს მიუბრუნდა, მე კი სახლისკენ დავაწექი და ისევ ჩემს უცნაურობებზე ვფიქრობდი: ღმერთო რა მჭირს, ან ეს გემო რა არის ყელში რომ დაიძვრება ხოლმე, ან ეს სუნი ცხვირში რომ მეჩხირება, რაღაც ფაფუკი და ნაზი, ეს შიშები საიდანღა გაჩდნენ, გულის წასვლის, თავბრუსხვევის, უცხო ქვეყანაში საცოდავად გარდაცვალების? მკლავზე დავიხედე და სრულიად დაბურძგვნილი მქონდა, ჟრუანტელმა დამიარა, აშკარად მაციებდა კიდეც და ფეხს ავუჩქარე.

შინ დავმშვიდდი, ჯერ იყო და სახლის საქმეები მივაშთე, მერე კი ლეპტოპში კარგ ფილმს ჩავუჯექი. გულამოსკვნილი ვუყურებდი ფარაჯანოვის პირველ დამოუკიდებელ სურათს 1963 წლის ფილმს „გარდაცვლილ წინაპართა აჩრდილები“, სადაც ჩვენს თბილისელ გენიოსს, სერგოს წინა პლანზე წამოეწია ისეთი ფენომენი, როგორიცაა სიყვარულდაკარგული მამაკაცის სიმარტოვისა და უბედურების ამბავი. ფარაჯანოვი საოცრად სიმბოლისტური სურათხატებით აღწერდა ბავშვურ სილაღესა და ადამიანურ მანკიერებებს უკრაინული კარპატიის მცხოვრებთა მაგალითზე. ივანკოს მარტოობაში კათარზისი ვპოვე და ყველაფერი საკუთარი უფრო მეიოლა, საკუთარი მარტოსულობა ცეკვავდა.

ღამე გემრიელად ჩამეძინა, მაგრამ უცნაური სიზმარი ვნახე. ვითომ, ისევ იაგდაქში ვიყავი, შუა ქუჩაში მარტო მივდიოდი, თითქოს ქვეყნიდან მაგდებდნენ, თითქოს დეპორტაცია მელოდა და მე სახლისკენ მივიჩქაროდი, მანქანების შუქები მანათებდნენ, ქუჩის ერთ მონაკვეთში სულ ჩამქვრალიყო შუქები და ძლივს გავიარე ეს მონაკვეთი, გულისცემითა და რა იქნებას მოლოდინით. როგორც იქნა, ისევ განათებულ ქუჩაში გავედი, სახლისკენ მიმეჩქარებოდა რომ რას ვხედავ, ძაღლის ყეფა მესმის, მერე მეორე ძაღლის ყეფა, მერე მესამე და ისინი თითქოს სიბნელიდან მიყეფენ, სინათლეში არცერთი არ ჩანს, მე კი ველოდები რომელიმე მათგანს განათებულ მხარეს, იქნებ გამოჩნდეს რომელიმე რომ, აი, ერთ-ერთი მათგანი გამოვარდა, ძაღლის ტანი გამოფართხალდა, თავმოჭრილი ძაღლი იყო, თავი არ ჰქონდა ძაღლს, მხოლოდ ტანი და სისხლიანი კისერი, და ეს სისხლიანი კისერი ყეფდა, მერე მეორეც გამოვარდა, მესამეც და ყველა უთაო ძაღლი იყო, ყველა სისხლიანი მოჭრილი კისერიდან ყეფდა, მეშინოდა არ გამომკიდებოდნენ და გავრბოდი. ოფლში ვცურავდი რომ წამოვხტი და ფეხებს და ხელებს ჰაერში ვიქნევდი. სიზმარი ჩემი ოთახის ბნელ კუთხეში გაუჩინარდა, ჩემი აჩქარებული გული კედლებს ეჯახებოდა. წამოვჯექი და ფანჯარა გამოვაღე, ღამის სუფთა ნიავი შემოიჭრა ოთახში, წყნარი ღამე იყო, ცაზე მთვარე და ვარსკვლავები ციმციმებდნენ. საქართველოზე დავიწყე ფიქრი და მესიამოვნა. ჩემს ქვეყანაში ახლა რომელი საათი იქნებოდა, 4 საათით წინ ვიყავი საქართველოზე, იქ ახლა 11 საათი ხდებოდა, თბილისში ახლა დგებოდა მწუხრი, ივლისის ნიავი ელამუნებოდა თბილისელებს, ჩემს ქუჩებში ხალხი დასეირნობდა, სად იყო ნეტავ დედა? რას საქმიანობდა მარტოსული? ფიქრობდა ჩემზე? თუ ტელევიზორთან იჯდა და ჩართულიყო პოლიტიკურ დისკუსიებში, რას უყურებდა ნეტავ? იქნებ რამე კარგი ფილმი აღმოეჩინა და მთელი მისი ბავშვური ინტერესით ჩასჯდომოდა დეტექტიურ, ან დაძაბულ კინო-სეანსს. ჩემი ქვეყანა და ჩემი ხალხი შორს იყო, ეს მთვარე და ეს ვარსკვლავები მალე ეწვეოდნენ, მე კი შორეულ ჩაინაში ისევ მარტო უნდა დამეძინა, მარტო უნდა გავმკლავებოდი უცნაურ სიზმრებს და რაც მთავარია უცნაურ და მოულოდნელ რეალობას რომელიც ყოველ დღე ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ნაღმებით მიფრთხობდა ყოფას. წყალქვეშა ნაღმები იყო ჩინეთში ცხოვრება, მე კი შორეული წყალქვეშა გემი რომელსაც მშვიდობით უნდა გაევლო ყვითელი ზღვის წყლები, ბრინჯის პლანტაციები და მანდარინული მღელვარებანი.

და მაინც რა მოხდებოდა მომდევნო დღეს? რა იქნებოდა შემდეგი ამ აღმოსავლური ზღაპრებისა და მითების სამყაროდან, იმედია დრაკონი არ ჩამოიქროლებდა და მისი ცეცხლი არ ჩამყლაპავდა, რას არ წარმოვიდგენდი, რა ვერსია არ მქონდა, მაგრამ მომავალი სულ სხვა რამეს მიმზადებდა, ის რაც აღმოჩნდებოდა ანომალია, მთელ ჩემს ცხოვრებას ამოატრიალებდა და ერთ დიდ საფრთხობელად გადააქცევდა.

 

 

9. Spare Rib Soup

შაბათი დილა გათენდა, ივლისის მზე ამოიწვერა. იმ დღეს გაკვეთილები არ მქონდა, მხოლოდ კუნგ ფუს წრეზე უნდა წავსულიყავი. დილიდან სახლის საქმეებს შევუდექი, ოღონდ ჯერ მუსიკა ჩავრთე დაბალ ხმაზე რომ ისევ მეზობლები არ შემეწუხებინა. Radiohead-ის პირველი ალბომები გამახსენდა, ბავშვური, ნაზი, მელოდიური, ისეთი სიმღერები რომ აქვს სადაც ჯერ არანაირ ცდებს არ ატარებს ტომ იორკი, სადაც ჯერ ისევ ახალგაზრდული და ლაღია. თაფლაკვერა სონგები იღვრებოდა ჩემს სახლში, მე კი წინა დღეებში აყრილ-დაყრილ ტანსაცმელს კარადებში ვალაგებდი, სამზარეულოში აკოკოლავებულ თეფშებს ვრეცხავდი. საგულდაგულოდ გავხეხე ქვაბები და ტაფები, მოვაპრიალე იატაკი და შუადღისთვის სახლი უკვე ბზინავდა ისეთი სუფთა იყო. ვიჯექი და ვუყურებდი ჩემს ნამოქმედარს, კმაყოფილების და დაღლილობის გრძნობა ერთმანეთს ენაცვლებოდნენ, „უბორკა“, როგორც დედაჩემი ეძახდა ხოლმე იაგდაქურ სახლში დასრულებული იყო. ნელ-ნელა დრო გაიპარა და კუნგ ფუს დროც მოვიდა.

ავიკიდე ზურგჩანთა, ბატონი ვეის მიერ ნაჩუქარი კეტები, ხელების ნაჭრები[7] და ხელთათმანები ჩავაწყვე, სიხარულით გავწიე გაკვეთილისაკენ. კუნგ ფუს ლექციებზე კი არ ვიღლებოდი, არამედ ვისვენებდი. ეს იყო ჩემი საუკეთესო თერაპია, მეგობრული გარემო, სხეულის გავარჯიშება, მთელი კვირის განმავლობაში რუტინისგან მოწყვეტა, არა ბავშვები და არა ჩიჩინი ეს გაიმეორე, ის გაიმეორე. კუნგ ფუზე სულ სხვა ნიკოლასი ვხდებოდი, ტანი მწყობრში დგებოდა, მთელი კარატისტთა დაჯგუფების ნაწილი ხდებოდა, ვუყურებდი ჩემს წინ მდგომ გამოცდილ მოკრივეებს და ვცდილობდი ტანი ისე დამეყენებინა, ხელი ისე გამემართა, წელი უკან ისე გამეწია, ხოლო ფეხები ისე მომეწყო, მერე კი ბატონი ვეის ერთ შეძახილზე ჰოპ, სწრაფი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვენა ყურთან ჩაიწუილებს და წინ ისარივით გაიმართება, იმავე დროს სინქრონში, მარცხენა ხელი მარცხენა ლოყასთან მიდის რომ მოწინააღმდეგემ იქ არ შემოგიტიოს, ხელებს უნდა აყვეს ტანი და ფეხებიც. ყველაფერი მკაცრად განსაზღვრულია, ყოველი ნაბიჯი წინასწარ გათვლილია, მაქსიმალურად რომ აიცილო დარტყმები. ეს უდიდესი საბრძოლო ხელოვნება არამარტო დიდ ფიზიკურ ვარჯიშს, არამედ დიდ სულიერ მონდომებასა და მზაობას გულისხმობდა. შეიძლება ითქვას მეორე უფრო მქონდა ვიდრე პირველი, რადგან საქართველოში გაზრდილსა და მცხოვრებს კარგად ვიცოდი სულის სიმტკიცის, შინაგანი განწყობისა და მზაობის მნიშვნელობა, ჩემთვის ახლა მთავარი ფიზიკური მოძრაობები იყო, რომელიც ცოტა არ იყოს სასაცილოდ გამომდიოდა, მაგრამ მაინც ვცდილობდი ჩემი სხეული დამემორჩილებინა და ეს მოუხერხებელი ულაყი ჩემი ტვინის დაქვემდებარებაში მომექცია. კუნგ ფუს შესვენებაზე მობილურს დავხედე და იაო მეის შეტყობინება დამხვდა, დღეს საღამოს გამოგივლი და ისევ წავიდეთო შეკრებაზე. დავიბენი, ავფორიაქდი, კუნგ ფუს მერე არაფერი საქმე არ მქონდა, იაო მეისთან ერთად გატარებული დრო მშვენიერი იყო, ‘ყოვლისშემძლე უფლის ეკლესიის’ მრევლიც კარგად დამიხვდა და ის ატმოსფეროც მისაღები იყო ჩემთვის. მაგრამ რაღაც შინაგანმა ძალამ დამაფიქრა, თითქოს შიგნით პატარა ნიკოლასი ათრთოლდა, შეყოვნდა, რაღაც უსიამოვნებას ხედავდა, გუშინდელ ცუდად გახდომას იმ სექტის ყრილობას ხომ არ აბრალებდა? ან ჩემი მართლმადიდებლი ღმერთი ხომ არ მაქილიკებდა, რას მოუმატე ამ სექტანტებთან სიარულსო? შინაგანი მორალი ხომ არ მექაჩებოდა? მოკლედ ილუზიები შევწყვიტე და იაო მეის დავთანხმდი, თუ რამე განსაკუთრებული უნდა მომხდარიყო, აგერ იყო ბატონი ნიკოლასი, ბოლოს და ბოლოს ეს ხომ გამოუსწორებელი ავანტიურისტის თავგადასავლები იყო,  თუ არც არაფერი მოხდებოდა ტყუილუბრალოდ როდემდე უნდა მქონოდა ეს ეჭვები, დაუსრულებელი ეჭვიანობის სცენები როდემდე უნდა გამემართა საკუთარ თავთან?

კუნგ ფუს გაკვეთილი მალე დასრულდა, ბატონმა ვეიმ დამშვიდობებისას ყველა გარშემო შემოგვიკრიბა და ჩინურად 5 წუთიანი სიტყვა წარმოთქვა, თან თავით დარბაზის უკან გაკრულ ჩინურ ტექსტზე მიუთითებდა, სადაც კომუნისტური ლოზუნგი ეწერა: „ჯანსაღი სხეული კეთილი გზის საწინდარია, ჯანსაღი სხეული კი მხოლოდ სხეულის ვარჯიშით მიიღწევა“. მოსწავლეები მორჩილად უკრავდნენ თავს, ბოლოს კი ყველამ ერთხმად რაღაც შესძახა და დაიშალნენ. ბატონ ვეისთან მივედი რომ გამოვმშვიდობებოდი, მან ხელით მანიშნა დამიცადეო, ჩაალაგა სავარჯიშო ნივთები თავის დიდ ჩანთაში და ერთად გამოვედით დარბაზიდან. დერეფანში გავიდა და რაღაც ოთახში შეუხვია, შევყევი. პატარა ადმინისტრაციული ოთახი ჩანდა, ბატონმა ვეიმ მაგიდიდან პოსტერები გამოალაგა, მაგიდაზე ჩემს წინ გაიშალა სამი სხვადასხვა ტიპის რეკლამა, სამივეზე მოვჩანდი წინა პლანზე, ერთგან ბატონ ვეისთან ერთად ჩვენი ჯგუფის წინა პლანზე წამოვჭიმულიყავი, სხვებზე კი ჯგუფთან ერთად. ესენი ჩემი კუნგ ფუს კლასის სარეკლამო პოსტერებია და ქალაქში და სკოლებში უნდა გავაკრაო და წინააღმდეგი ხომ არ ხარო? ეს კაცი მგონი ერთადერთი ადამიანი იყო რომელიც სწორად მექცეოდა მთელს ჩაინაში, თავისი კულტურის დაცვით, ხვდებოდა რომ სხვა ქვეყნის შვილი ვიყავი, ხვდებოდა რომ უნდა გავეთვალისწინებინე. რა თქმა უნდა, უარს ხომ ვერ ვეტყოდი, გადამეხვია, გახარებული იყო, ჩემგან თანხმობა ჰქონდა ამ პოსტერების გამოკვრის და გავრცელების, მეც ღიმილით გამოვემშვიდობე ბატონ ვეის და სახლისკენ გავემართე, მაგარი გასწორებულში ვიყავი, ჩემი სურათები იაგდაქში მოიფინებოდა, თან სპეციალური საავტორო უფლება პირადად ჩემგან აიღეს. სახლისკენ მიმეჩქარებოდა, უნდა დამებანა, მოვმზადებულიყავი, დღეს ხომ ისევ იაო მეის უნდა შევხვედროდი.

საღამოს 9 საათისთვის იაო მეის სადა შავ პერანგში დავუხვდი, კოხტად გადავარცხნილი გრძელი თმებით და არა ისე როგორც წინაზე. წინაზე უფრო სპონტანურად, ბოჰემურად გამომივიდა. ახლა უფრო სუფთა და სპეტაკი ნიკოლასი ვიყავი, მომზადებული სპეციალურად რიტუალისთვის, მზად ახალი თავგადასავლისთვის, რომლის მსგავსი არავის არაფერი გაეგო.

იაო მეი ისევ საყვარლად მექცეოდა, ქუჩაში იკავებდა თავს, მანქანაში კი ხელი ჩამკიდა. ისევ იმ სახლთან მივედით და ისევ იმ დარბაზში შევედით, სადაც სტუმრები უკვე დიდ მრგვალ ბეჭდისმაგვარ მაგიდას შემოსხდომოდნენ. ჩვენც თავისუფალი ადგილისკენ გავწიეთ. დამხვდურებმა მიცნეს და სიხარულით გაშალეს ხელები, ზოგმა ჩამომართვა, ზოგი თვალებით მომესიყვარულე, თითქოს უკვე მათიანი ვიყავი, ნელ-ნელა გავშინაურდი, ვერ ხვდებოდნენ რომ მე მხოლოდ იაო მეისთვის და წმინდა ქრისტიანული მიზნებით მოვდიოდი აქ, შეიძლება საერთოდაც რაიმე მართლმადიდებლური სიტყვა მომეცხო და სულ წყალში ჩამეყარა მათი ეს სექტანტური ზღაპრები, ჩინელი იესო ქალი და ათასი სისულელე, ვნახავდი როგორ განვითარდებოდა მოვლენები, მოვლენები კი ისე განვითარდა საერთოდ ვიღას ახსოვდა შენი მრწამსი და შენი იესო ქრისტე.

ჩემს გვერდით ის მზარეული კაცი იჯდა, ბატონი ტაიჰუ, გუშინ რომ საავადმყოფოსთან შემხვდა. იაო მეი არ მცილდებოდა, ჩემი მარჯვენა ხელი, ყური და ენა იყო პირდაპირი მნიშვნელობით, მრევლის წევრებთან ურთიერთობაში მეხმარებოდა, მითარგმნიდა, ეუბნებოდა ჩემს ნათქვამს, მაწვდიდა, მაჩვენებდა და მიმითითებდა რაღაცებზე. შემოიტანეს კერძები და ისევ ის სუნი მეცნო, ტანში ჟრუანტელმა დამიარა, წვნიანი ჩამოატარეს და აი ის წვნიანი მე რომ ვჭამე იმ დღეს, ბატის თუ იხვის თუ რაღაც მსგავსი ხორცის წვნიანი, დავაკვირდი:

თვალებს ვჭუტავ.

ვიღაცებს გავხედე და გადაიჩურჩულეს.

გულზე რაღაც მძიმე ლოდი მაწვება, ეს რას ვხედავ.

მაციებს, შიში ტანში დამივლის, თავის წვერიდან ფეხის ცერა თითის წვერამდე, მაჟრჟოლებს.

იქ რაღაც მოკუნტული პატარა ნაშიერივით წევს და სუპში ტივტივებს, თოჯინა ჩაუვარდათ? თოჯინას ჰგავს.

კარები გააღეს, მეშინია, რა ჯანდაბაა, წამი ჩერდება და იწელება.

დარბაზში მოთამაშე რომელიღაც ბავშვი შორი კუთხიდან მიყურებს, ჩამუხლულა, იჭყანება და თვალებს ეშმაკივით ატრიალებს, დამფრთხალი ვარ.

ვიღაც დიდი კაცი როხროხებს.

კარი ისევ იღება.

მაგიდის სუფრას ვიღაც ექაჩება, რომ უეცრაად ყველაფერი წყდება და ჩემს გვერდით მჯდომი მზარეული, ბატონი ტაიჰუ სუპს ხელს დაავლებს, გადმომაწოდებს, ცხვირთან მოახლოვდა სურნელი, ნეწრყვი გადავყლაპე, ძალიან გაფითრებული შევცქერი ჩინელ კაცს და ვნატრობ ეს ის არ იყოს რასაც მივხვდი, რაც ტივტივებს სუპში, რომ ბატონი ტაიჰუ მასხარასავით იღიმის და მეუბნება:

- „გიჭამიათ თქვენ ჩვილი ბავშვის ტვინი?“ - თვალები დავაჭყიტე, კაცი ისევ მასხარასავით იღიმის,  ჭერი ოდნავ ჩამოიწია, ლამის არის გულმა მსხვრევა დაიწყოს, ჩემმა ძვლებმა შიგნით გაიტკაცუნეს, მტვრევას იწყებს ყველა ღერი, მე ადამიანის ხორცი ვჭამე, იაო მეი კი ამასობაში სუპს მისხავს:

- „იმ დღეს ხომ ჭამე, ნიკოლას, ძალიან მოგეწონა, გახსოვს?“ ხელები გაშეშებული მაქვს, სახე ძირს მიიწევს, თვალები დავხუჭე რომ არ გავთიშულიყავი, გუშინწინ ეს სუპი არ ვჭამე? ყურებში რაღაც მწერი აბჟუილდა, ფიქრებში ისტერიკა იწყება.

- „ეს ჩვენი დელიკატესია, ჩინური დელიკატესი, ემბრიონის სუპი, ჩვენ მას Spare Rib Soup-ს ვეძახით, ჩვილი ბავშვის ტვინი ყველაზე უფრო პატივსაცემი ნაჭერია, ამიტომ თქვენ როგორც ჩვენს სტუმარს, გთხოვთ მიირთვათ“.

ჩვილი ბავშვის ტვინი! ემბრიონის სუპი! და ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდა, წინა დღეებში ის მინიშნებები ამოიხსნა, იმიტომ მქონდა იმ დღეს ბაღში უცნაური თავბრუსხვევა როცა მოსწავლის დედას შვილი ბავშვი ეჭირა? თავი ავწიე რომ ცხადად დამენახა ‘ყოვლისშემძლე უფლის ეკლესიის’ მზარეული კაცი, ბატონი ტაიჰუ. მასთან შეხვედრა საავადმყოფოსთან, ესეც მინიშნება იყო, მახსოვს სატვირთო მანქანასთან იდგა, რაღაც გაყინულ პაკეტებს ეზიდებოდნენ, მაშინ დიდად ყურადღება არ მიმიქცევია იქ რა იყო, იქ რა, იქ, გაყინული ჩვილი ბავშვები გადაჰქონდათ? ფიქრები აყიალდნენ, როგორც მთვრალი მობარბაცე სხეული მთის წვერზე. სიგიჟის შეგრძნებამ დაბურძგლა, მთავარი იყო ახლა არ მეყვირა, აქ არ ამეტეხა ამბავი, თორემ მერე ჩინურ საგიჟეთში გამომამწყვევდნენ, ან ჩინურ ციხეში, იქ კი მტერსაც არ ვუსურვებ.

ჩემს წინ ემბრიონის სუპი ესხა, პასტორი ლოცვებს ლუღლუღებდა მე კი გაუვალ ჯურღმულში მივაბიჯებდი ე.ი. იმ ღამეს მე ემბრიონის სუპი ვჭამე, ისე რომ არც მითხრეს, ის გემრიელი ფაფუკი, ნაზი ხორცის სურნელი, ეს დღეები სულ რომ თან დამდევდა, ის ყვავილოვანი კომბოსტოსა და ძროხის გულ-ღვიძლის საამო გემო ყელში რომ მქონდა გაჩხერილი ემბრიონის სუპის ცხიმი იყო!!! კანიბალიზმში ჩამითრიეს ამ დედა აფეთქებულებმა, არდაბადებული ბავშვის ხორცს მაჭმევდნენ და არც მითხრეს, ამ გაიძვერა სექტანტებმა, გავბრაზდი და ლოცვის დასრულების მერე გარეთ გამოვვარდი. იაო მეი თან გამომყვა. გაბრაზებული ვიყავი და ხელებს ვიქნევდი, ინგლისურადაც მებმოდა აზრი და ასე ვეჩხუბებოდი დაბნეულ გოგოს:

- „რატომ მაჭამეთ? რატომ არ მითხარით? რომ ადამიანის ხორცი იყო? ეს რა თქვენი რიტუალის ნაწილია?“ - გარეკილი მქონდა, შინაგანი რაციონალური ხმა მორჩილად მომყვებოდა და მინარჩუნებდა ძალას თავი დამეღწია შიშისგან და ყველაფრისთვის საკუთარი საახელი დამერქმია, თითქოს ეს რაციონალური ხმა მეუბნებოდა, მორჩი ამ კონცერტობანასო. საბედნიეროდ, იაო მეიმ ჩემი დაწყნარება შეძლო, მისმა დაბნეულმა და უვნო თვალებმა დამამშვიდეს:

- „რას ამბობ, ნიკოლას, მე რა გაჭამე? მე რა ვიცოდი, შენ თავად გადაიღე იმ დღეს Spare Rib Soup, მე არც კი შემომითავაზებია, მინდოდა კიდეც მეთქვა, მაგრამ გამომრჩა ალბათ, იმდენი რამ ხდებოდა პირველ დღეს, ყველას გაცნობდი, ყველას ვუთარგმნიდი, არ გრცხვენია? ეს ჩვენი ქრისტიანული რიტუალიც კი არაა, კარგად ვიცი რა არის ქრისტიანული, პური და ღვინო, პასექი და კვერცხი, მაგრამ არა ემბრიონის სუპი, კი ვიცი, ეს უბრალოდ ჩვენი ჩინური ტრადიციული უძველესი დელიკატესია. თუ არ გინდა ნუ შეჭამ, არავინ არ გაძალებს.“ მე ვუსმენდი და ვრწმუნდებოდი რომ არავის არაფერი გაეჩალიჩებინა ჩემთვის, მე თავად დავეწაფე სუპს და ასე ვეზიარე კანიბალიზმს, იაო მეი და კრება კი მხოლოდ შემთხვევა იყო. გამოვდიოდი აგონიიდან, ყველაზე მეტად კი ის მიკვირდა რომ არც გულისრევის გრძნობა მივლიდა, არც მუცლის ტკივილი, ყველაფერი ეს მხოლოდ ჩემს ტვინში ხდებოდა, ვაი და გული არ ამრეოდა, ვაიდა მუცლის გვრემა არ მომსვლოდა, ვაიდა სიგიჟის ვნებას არ მოევლო ჩემთვის, მაგრამ ჩემი სხეული სრული სიმშვიდით ელოდა მორიგ ულუფას, ჩემი ტვინი თავსმოხვეული, მთელი აღზრდითი და მორალური სენტენციებით ცდილობდა საკუთარი სხეული დაეშანტაჟებინა და დაეტერორებინა.

- „თუ არ მოგწონს არ ჭამო, ნიკოლას, მე გადავიღებ, გთხოვ, დავბრუნდეთ უკან, ყველას ისე შეუყვარდი, ნუ ატკენ გულს, ისინი არაფერს არ გაძალებენ, ჩვენი ჩინური ტრადიციის მიხედვით ემბრიონის სუპს როცა ჭამ ნაოჭები გიქრება, შენი სიბერისკენ და ხნიერებისკენ მიდრეკილი ორგანოები ნახლდებიან, კანი უფრო ახალგაზრდავდება და სექსუალური სტამინაც უფრო იმატებს, ასეა ტრადიციის მიხედვით.“ ამას რომ მეუბნებოდა იმ ღამინდელი სექსოდისეაც გამახსენდა, ყველაფერი მართალი იყო რასაც იაო მეი მეუბნებოდა, მაგრამ არა, არასდიდებით პირს აღარ დავაკარებდი იმ სუპს, ვუთხარი რომ არაფერი არ ეთქვა, დავბრუნდებოდით და ჩვეულად გაგრძელდებოდა საღამო.

დარბაზში რომ შევბრუნდით, ცოტა იჭვის თვალით გვიყურებდნენ რა მოხდაო, რა დაეტაკა ჩვენს სტუმარსო, მაგრამ თავის ბაასს ქრისტეზე კვლავაც აგრძელებდნენ. ერთი კაცი ბიბლიიდან თავებს კითხულობდა, სხვები კი უსმენდნენ, ზოგი ხილს მიირთმევდა, ზოგი კერძს შეექცეოდა, მივედით და ისევ ჩვენს ადგილებზე დავსხედით. იჯდა ნიკოლასი ემბრიონის სუპის წინაშე, ვაკვირდებოდი, მწვანილიან და ბრინჯიან წყალში მოკუნტული ბავშვის, თოთო არსების სხეული ტივტივებდა, მას პაწაწინა ხელები და ფეხები მუცლისკენ მოეკუნტა და ჯერ არ გაეხსნა, ჯერ არ გაეშალა ყველა ორგანო და ისე გარდაცვლილიყო. მზარეული მამჩნევდა დაბნეულობას, მომიტრიალდა და საუბარი გამიბა:

- „ეს გუშინდელი ტავარია, გუშინ რომ შეგხვდით გახსოვთ? ბავშვთა საავადმყოფოსთან“ ისევ მიღიმის, ასე ყველაფერზე ღიმილი როგორ შეეძლო ამ კაცს არ ვიცი, მეც თავი დავუქნიე, ფერი არ მედო, მაგრამ ნელ-ნელა ვბრუნდებოდი აქაოს.

- „პერიოდულობით ვიღებთ ხოლმე გაყინულ ემბრიონებს უცხოეთიდან, ასე სატვირთო მანქანებით რიგდება ქვეყნის მასშტაბით, მხოლოდ იმდენად ძვირია რომ ადვილად ხელმისაწვდომი არაა, ამიტომ რიგდება ასე ფარულად. თითო ბავშვის ემბრიონი 2000 იუანიდან იწყება, გააჩნია რამდენი ხნისაა, 4-6 თვის ყველაზე გემრიელია“ ისევ დამიკრიჭა თავის კბილები, ლამის იყო სიფათში ვხიე, მაგრამ მუღამში ვვარდებოდი, საინტერესო იყო, რა პროცედურებს გადიოდნენ ეს პატარა არდაბადებული ადამაინები სანამ აქ, ჩემს სუპში მოხვდებოდნენ.

- „ძირითადად უცხოეთიდან ვიღებთ, მადლობა ღმერთს და მადლობა თანამედროვე ამერიკულ სამყაროს, მათი პოლიტიკა იმდენად სასიკეთო აღმოჩნდა ჩვენთვის რომ ვერც წარმოიდგენთ, ერთის მხრივ ფემინიზმის აღზევებამ, მეორე მხრივ კი მხდალმა მამაკაცების მთელმა თაობამ ხელი შეუწყო ყოველივეს. ქალები, რომლებიც კარიერას იწყობენ, უდროოდ და დაუგეგმავად ჩასახულ ნაყოფებს იშორებენ, აბორტებს იკეთებენ. მამაკაცები, კი რომლებიც ასევე კარიერიზმის იერარქიაში არიან ჩაბმულნი, დამფრთხალნი და პრობლემიდან მშრალად გამოსვლის იმედით  აგულიანებენ აბორტების პროცედურას. ორივე მხარე იქცევა ხოლმე უშნო და უპასუხისმგებლო გაიძვერა ადამიანივით, ასე რომ ეს პატარები უკვე მოწყვეტილნი არიან მთავარს, მშობლებს, გამჩენ დედას, მამას, ისინი უარყოფილნი არიან მშობელი ბუნების მიერ, ძლიერი ქალებისა და სუსტი მამაკაცების მიერ. აბორტის შემდეგ აღარავის ადარდებს მოკლული და გამოშიგნული მუცლადმყოფი არსება სად მოხვდება. მოგეხსენებათ ამერიკაში დიდი ჩინური დიასპორაა, მათ შორის მრავლად არიან ჩინელი ექიმებიც. სწორედ ამერიკულ საავადმყოფოებში მომუშავე ჩინელი ექიმების ორგანიზებით ხორციელდება ემბრიონების იმპორტი, სწორედ მათი ძალისხმევით ხორციელდება ეს ყველაფერი.“ მე უკვე დაინტრიგებული ვუსმენდი მზარეულ კაცს, რომელმაც ინგლისურად თავისუფლად აიდგა ენა:

- „ჩვენმა კულტურამ ასე ვთქვათ იშვილა არდაბადებული ემბრიონები, შეიფარა ეს აბორტით უარყოფილი, პატარა ჩანასახები. ჩვენ არანაირ ძალადობას არ ჩავდივართ, ბატონო ნიკოლას, ჩვენ მხოლოდ მათ ვიღებთ როგორც საკვებს, ისევე როგორც მივირთმევთ უფლის ბოძებულ ბრინჯის მარცვალს, უფლის ბოძებულ კარტოფილის გორგალს, უფლის ბოძებულ შვლის ნუკრის ხორცს.“ მზარეულმა დაასრულა, მე კი ოფლში დაღვრილი, საშინლად დაქანცული, ტვინარეული და არაამქვეყნიური ვუყურებდი გარშემომყოფებს, ისინი თავისთვის მათეს სახარებასა და იოანეს უკანასკნელ გამოცხადებას განიხილავდნენ. პატარა დარბაზის ჭერი ხან ჩამოდიოდა ქვევით ხანაც ზევით აიწეოდა, ბეჭდისმაგვარი მაგიდა ხან მარცხნივ, ხან მარჯვნივ ტრიალებდა, ვიღაც ისევ ჩურჩულებდა, მე ცივი ოფლი მასხავდა ყოველივეს გაგონების მერე უფრო მშვიდად ვიჯექი ემბრიონის სუპის წინ.

იაო მეიმ და მზარეულმა თითქოს საშუალება მომცეს საკუთარ თავში გავრკვეულიყავი და მარტო დამტოვეს, ჩემს გარშემო აღარავინ დარჩა. ყელში და მუცელში რაღაც მექაჩებოდა, თვალები დავხუჭე, კოვზს ხელი მოვკიდე, ჩემს თეფშში ფრთხილად ჩავყავი, ვიგრძენი წვენისგან აივსო, ხორცის ნაჭერიც წამოედო, ფრთხილად ამოვიღე სუფრის კოვზი, ნელა ტუჩებთან მივიტანე და გადავყლაპე, ემბრიონის სუპს გემრიელად შევექცეოდი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

10. კვირაძალი [8]

„გიჭამიათ თქვენ ჩვილი ბავშვის ტვინი?!“

შარლ ბოდლერი (ზეპირი გადმოცემების თანახმად)

ჩინეთში ვეღარ დავრჩებოდი, იმ შაბათის საღამოს მერე მე და იაო მეის შორის არაფერი არ მომხდარა. შინ რომ დავბრუნდით ცივად გამოვემშვიდობე და ჩემს სახლში შევიყუჟე. დაბნეული და აფორიაქებული ვიყავი, მეშინოდა საკუთარი თავის, ვგრძნობდი რომ აქამდე არგანცდილი დეპრესია მოდიოდა, მეშინოდა ეშმაკი არ ჩამსახლებოდა, სულ არ დავშორებოდი საკუთარ თავს. ვიცოდი რომ აქ თუ დავრჩებოდი წინ დიდი ტანჯვა და წამება მელოდა, ამიტომ იმავე ღამეს გადავწყვიტე ჩინეთიდან წამოსვლა. ჩემი ჩინური ოცნება 6 თვეში უნდა დასრულებულიყო. სხვა გზა არ იყო. იაგდაქში დარჩენის შემთხვევაში ბუნდოვანი იყო რა მოხდებოდა, აღარც ვიცოდი როგორ განვითარდებოდა ჩემი ცხოვრება. საკუთარი შიშებისა და საკუთარი თავის დაკარგვის მოლოდინის გამო საქართველოში უნდა დავბრუნებულიყავი, მხოლოდ ის შეძლებდა ჩემს გადარჩენას, მხოლოდ ჩემი ქართული მიწა, ჩემი მშობლიური მხარე შეძლებდა დავეხსენი ამ არეული სიზმრებიდან.

საკითხავი იყო როგორ წამოვსულიყავი, როგორ უნდა გამეკეთებინა ეს ყველაფერი რაც შეიძლება მალე, როგორ უნდა გავჩენილიყავი ჩემს ქვეყანაში? ტელეპორტაციის უნარი ხომ არ მქონდა, ახლა მე რეალური პრობლემების წინაშე ვიდექი, დიდი არჩევანის წინაშე - ან ჩემი თავი, ან კიდევ ვიღაც სხვა, რაღაც სხვა ეშმაკისეული, არდაბადბეული ბავშვების მჭამელი, არაადამიანი, უცხო, ნიკოლასისგან სრულიად უცხო ნიკოლასი.

ცუდად მეძინა, კვირას გამთენიისას ასე 6-7 საათი იქნებოდა რომ ლეპტოპს ჩავუჯექი, რეისებს ვნახულობდი. სასურველი რეისები ვიპოვნე. კვირა ღამეს თუ გავფრინდებოდი იაგდაქიდან ჰარბინისკენ შემდეგ კი ჰარბინიდან პეკინისკენ ხვალ გამთენიისას უკვე ჩინეთის დედაქალაქში აღმოვჩნდებოდი. პეკინიდან თბილისისკენ სწორედ ორშაბათს შესრულდებოდა რეისი და ასე ორ დღიანი ფრენები სამშაბათს დასრულდებოდა, სამშაბათს უკვე თბილისში ვიქნებოდი.

ჩემი დაგროვებული ხელფასი დღესვე უნდა გამომეტანა ბანკომატიდან, ეს შეგროვებული იუანები უნდა გადამეხურდავებინა დოლარებში, რადგან საქართველოში დოლარები უფრო გამომადგებოდა ვიდრე იუანები. ჩინეთში უცხოელს დღეში მხოლოდ 500 დოლარის გადახურდავება შეეძლო, ანუ მხოლოდ 500 დოლარის ყიდვის უფლება მქონდა, ამიტომ ვინმე უნდა მეპოვნა ვინც 20 ათასი დოლარის გადახურდავებაში დამეხმარებოდა. გადავწყვიტე არაფერი არ მეთქვა ჩემი დამსაქმებლებისთვის, არც სოფიასთვის, არც სანისთვის და არც ელისისთვის. კონტრაქტში მეწერა, მე თუ დავარღვევდი ხელშეკრულებას და ნაადრევად წავიდოდი სამსახურიდან ჯარიმის გადახდა მომიწევდა. სულაც არ მინდოდა სისულელის გამო დამეკარგა ფული. არავისთვის არაფერი არ უნდა მეთქვა, არც იაო მეისთვის და არც ბატონი ვეისთვის, რომელიც ჩემი გულითადი, ერთგული მეგობარი იყო. არაფერი არ უნდა მეთქვა ჩემებისთვის საქართველოში, ჯერ ეს ერთი იმიტომ რომ ვერაფერს ვერ მიხვდებოდნენ, ან რა უნდა მეთქვა, რატომ ვბრუნდებოდი?

გამთენიისას უკვე ნაყიდი მქონდა იაგდაქი - ჰარბინი, ჰარბინი - პეკინი, პეკინი - თბილისის რეისების ბილეთები. ავდექი და ბარგის ჩალაგება დავიწყე, გვიან საღამოს 11 საათისთვის ტაქსს გამოვიძახებდი და იაგდაქის აეროპორტში წავიდოდი, ამ ღამეს დავტოვებდი ამ პატარა ქალაქს, სადაც ჩემი ქვეყნის უკუღმართობამ და ეკონომიკურმა სისტემამ მომახვედრა. იაგდაქს დავტოვებდი, სადაც 6 თვემდე გავძელი, პატარა ქალაქს რომელმაც შემიფარა კიდეც და ასევე დამაფიქრა, რომ მე სხვა კულტურიდან ვარ, რომ მე სხვა ვარ, რომ მე სულ სხვა მხარეს „ვეყუდნი“.

ცოტა რომ ჩავლაგდი და ვისადილე, გვერდით ლეპტოპი მოვიდგი და პირველად ამ დღეების განმავლობაში დავგუგლე იაო მეის რელიგიური ორგანიზაცია ‘ყოვლისშემძლე უფლის ეკლესია’, არსებობდა კი? მართლაც, ვიკიპედიაში მწირი ინფორმაცია მოიძებნებოდა, მაგრამ ერთი ავსტრალიელი ქალის მოცულობით სტატიას წავაწყდი, სადაც უფრო გარკვევით ეწერა სექტის ისტორიისა და წარმოშობის შესახებ. იაო მეი მართალი ყოფილა, ‘ყოვლისშემძლე უფლის ეკლესიის’ მიმდევრებს სწამდათ რომ იესო ქრისტე უკვე მოევლინა სამყაროს ჩინელი ქალის სახით და ის სადღაც აღმოსავლეთ ჩინეთის პროვინციაში დაბადებულა. მეორენაირად ‘აღმოსავლეთის ნათების’ ეკლესიას ეძახდნენ, რადგან სწორედ მათეს სახარების მიხედვით აღმოსავლეთის ნათებასავით იქნება მეორე მოვლენა, ამ სექტის წევრებს კი მიაჩნიათ რომ აღმოსავლეთში ჩინეთი იგულისხმებოდა. წავიკითხე ისიც რომ რამოდენიმე ტერორისტულ აქტში ედებოდათ ბრალი, მაგრამ ბრალდებები არამყარი მომეჩვენა, მითუმეტეს რომ მბრალდებელი კომუნისტური პარტია იყო, ერთადერთი მბრალდებელი და სხვას არავის ხელეწიფებოდა გამოეკვლიათ და დაედგინათ მომხდარი ინციდენტები, ასე მაგალითად: „მაკდონალდსის შემთხვევა“, სადაც ‘ყოვლისშემძლე უფლის ეკლესიის’ მიმდევრები შესულან საქადაგებლად და მოუთხოვიათ ტელეფონის ნომრები შემდგომი კომუნიკაციისათვის, მაკდონალდსში მყოფ ერთ-ერთ მომხმარებელს უთქვამს, მეტი საქმე არ მაქვს თქვენ ტელეფონის ნომერი მოგცეთო, ჰოდა, ‘ყოვლისშეძმლე უფლის ეკლესიის’ ერთ-ერთ მიმდევარს აუღია დუბინკა და იმდენი ურტყია ამ ქალისთვის სანამ ადგილზე სული არ გააფრთხობინა. ამ სტატიაში ისიც იყო ხსენებული, რომ არავინ გარშემოთაგან არ მიშველებია ქალს, და რომ ყველა ელოდა როდის მოკლავდა და ჩააძაღლებდა ეკლესიის მიმდევარი მსხვერპლს. სტატიის მიხედვით სექტის მიმდევართა რიცხვი 2 მილიონიდან 4 მილიონამდე მერყეობდა, მათი ძირითადი არეალი მეინლანდ ჩაინა იყო, ანუ ხმელეთის ჩინეთი, შიდა ჩინეთი, არა საზღვაო და საპორტო ქალაქები, არამედ რურალ, სასოფლო პროვინციები და მხარეები.

ჩემთვის შემაშფოთებელი ასევე გახლდათ ის, რომ როგორც წესი ‘ყოვლისშემძლე უფლის ეკლესიის’ მიმდევართა ძირითად მასას ახალგაზრდა ქალები წარმოადგენდნენ, უამრავი შემთხვევა დაფიქსირებულა, რომ მათ გადაებირებინოთ მამაკაცები. იაო მეი გამახსენდა, ნუთუ ისიც ჩემს გადაბირებას აპირებდა? აი ამიტომაც უნდა გავქცეულიყავი აქედან. კომუნისტურ პარტიას ის მაკდონალდსის შემთხვევის შემოქმედი პირები სიკვდილით დაუსჯია და მას მერე დევნა გამოუცხადებია მთელი ამ სექტისათვის, კიდევ ერთი დასტური იმის რომ უნდა გავქცეულიყავი. იაგდაქის კომუნისტურ ხელისუფალთ ისედაც მიზანში ვყავდი ამოღებული, ადრე თუ გვიან ხომ შემნიშნავდნენ ამ რელიგიურ სექტასთან რომ დავახლოვდი და მერე ვეღარც ჩემი სოფია და ვეღარც მისი ქრთამები ვეღარ მიშველიდა. და ბოლოს, სექტის დამაარსებელი და სულის ჩამდგმელი მთავარი ორი პიროვნება ჟაო ვეიშანი (Zhao Weishan) და მისი მეუღლე, ეს ჩვენი ჩინელი ქალი იესო ქრისტე დღესდღეისობით აშშ-ში ცხოვრობდნენ და ნიუ-იორკიდან განაგებდნენ ოგრანიზაციის საქმიანობას. მაშინ გამახსენდა მზარეული კაცი, ბატონი ტაიჰუ, რომელიც მიხსნიდა ემბრიონების ექსპორტის საქმეს და მივხვდი რომ ისიც ალბათ მართალი იყო.  ყველაზე დიდი ღადაობა კი მაინც ის გახლდათ რომ ეს ჩვენი ჩინელი ქალი იესო ქრისტე ცხოვრობდა ნიუ-იორკში, ჩაინათაუნში და პროკლამაციებს არიგებდა ‘ყოვლისშემძლე უფლის ეკლესიის’ შესახებ.

ამ სტატიებმა დამგრუზეს, ნამდვილად უნდა წავსულიყავი აქედან. ბილეთები რომ ვიყიდე და წასვლა გარდაუვალი იყო, მაშინ მივხვდი როგორ მომნატრებოდა სახლი, თითქოს შვებით ამოვისუნთქეო, რომ წარმოვიდგინე ზეგ აქ აღარ გავიღვიძებდი. თურმე, საშინლად მენატრებოდა ჩემი ქვეყანა, დაღლილი ვიყავი ყოველივე უცნაურით, დაღლილობა ხომ დაავადებათა რიცხვში შეიტანეს, ერთი სული მქონდა მკურნალობა დამეწყო. მკურნალობა კი ქართული ხმის გაგონება იქნებოდა, მკურნალობა კი ქართულ მიწაზე ფეხის დადგმა იქნებოდა, მკურნალობა იქნებოდა ქართული ჰაერი თბილისის აეროპორტში, დაბინძურებული მაგრამ მაინც ჩემი მწვანე ჰაერი მთაწმინდიდან მონაქროლი, პეკინის ქუჩებზე და ბუდაპეშტის ქუჩაზე ჩამოსული. ფაქტი იყო, შორეულ აღმოსავლეთში ბოლომდე ვერ გავძელი, ყოველივე ის თავის ნუგეში, თავის მოტყუება და უბრალო შეჩვევა იყო. იაგდაქში საშინლად განვიცდიდი უმეგობრობას, ბატონი ვეი, ან თუნდაც ასისტენტი სანი მხოლოდ კარგი ადამიანები იყვნენ, კარგად განწყობილი ჩემს მიმართ, მაგრამ მე მათთან მეგობრობას ვერ ვგრძნობდი, ნამდვილი მეგობარი მენატრებოდა, ჩემი ქართველი უხეში და ულმობელი მეგობარი მენატრებოდა, ბოლომდე რომ გაგასაზიზღრებს, დაგცინებს, ლუზერს გიწოდებს და სიცილით მოგკლავს, შეიძლება თვეები რომ არ ნახო მაგრამ ყველაფერი რომ იცის და ყველაფერს რომ თავისუფლად მოუყვები, დედა მენატრებოდა და დედის მიერ გაკეთებული ქართული კერძები... ოო, აი აქ, დავპაუზდეთ.

იმ კვირა დღეს მაქსიმალურად ვერიდებოდი მეფიქრა ემბრიონის სუპზე, თითქოს გავურბოდი ამ მომენტს. არადა, ის იყო მთავარი მიზეზი და ბიძგი რამაც უკან დაბრუნების წყურვილი აღმიძრა. დამშვიდებულ გონებაზე იმ სექტისგან შორს ვეკირკიტებოდი ჩემს თავს, რა იყო ის, რაც მე ჩავიდინე? რატომ ვჭამე ემრბიონის სუპი? ჯერ ხომ პირველად მიმიზიდა, ბუნებრივად, ყველასდაუკითხავად, ისე გემრიელად შევექცეოდი, და მერე მეორედ? მას მერე რაც გავიგე რა უმსგავსობას ჩადიოდნენ, რომ ეს საბრალო, განწირული, არდაბადებული ადამიანები იხარშებოდნენ და იწვებოდნენ ჩინურ ქვაბებში, მას მერე რაღატომ შევჭამე? თავს ვცდიდი? ყველაფერი უნდა განმეცადა ამ სამყაროში? არდაბადებული ბავშვების სულები ჩემში უნდა განსხეულებულიყვნენ? თუ რას ჩავდიოდი? იქნებ შოკის ფონზე მომივიდა? უკვე ორი ბავშვი მყავდა ნაჭამი თავის წვნიან-ხორციანად. კარგით, კი ბატონო, პირველად ბატის ფეხები და მოჭეჭყილი თავი მეგონა, მეორედ კი უკვე გააზრებულად, მკაფიოდ ვხედავდი მოკუნტულ არდაბადებულ არსებას და დიდი მათლაფის კოვზით შუაზე გავაპე, პატარა თითები მოვუმტვრიე და პირში გემრიელად გადავუძახე, თავი ჩავუჩეჩქვე და ბრინჯთან ერთად შევსანსლე, ფეხები ნაჭრებად დავუნაკუწე და ისე მივირთვი. რატომ გავაკეთე ეს? რატომ ჩავიდინე ასეთი რამ?

კვირას ყველაფერი მოვაგვარე, ბილეთები ნაყიდი მქონდა, სახლი დალაგებული, ბარგი ჩალაგებული, არავის არ ვემშვიდობებოდი, არც საქართველოში არავინ არ იცოდა რომ უკან ვბრუნდებოდი. იაგდაქის სახლის გასაღები ფეხსალაგის ქვეშ დავდე, მერე მივწერდი იმეილს სანის უკვე საქართველოდან და ვეტყოდი რომ მე დავტოვე ჩინეთი. ბატონ ვეისაც მივწერდი წერილს სადაც მადლობას მოვუხდიდი მისი მეგობრული გაკვეთილებისთვის კუნგ ფუს წრეზე. განაბა სოფიას დანახვა არ მინდოდა, იაო მეის გაგონებაც არ მინდოდა, არც ბავშვების და არც საბავშვო ბაღების ხსენება არ უნდა ყოფილიყო ეს ორი დღე მაინც. ქვევით რომ ჩავედი ტაქსი ჯერ არ მოსულიყო, ვიდექი ჩემი სამი დიდი ჩანთით ჩემს პატარა ჩინურ ქალაქ - იაგდაქში და გული მწყდებოდა, უნდა დამეტოვებინა ეს პატარა ქალაქი, ქალაქი რომელმაც საკუთარი თავის ფასი მასწავლა, ქალაქი რომელმაც თვითშეფასება ამიმაღლა, რომ ამ დროს კალიასკით ვიღაცა ქალმა ჩაიარა, ჩვილი ბავშვი ასე 2-3 თვის იქნებოდა, სურნელი ცხვირში მეცა, პატრიკ ზიუსკინდის სუნამოსავით[9] ვცნობდი უკვე ჩვილ ბავშვებს? იმედია გრენუივით მკვლელად არ გადავიქცეოდი, ამჯერად ჩვილი ბავშვების ხორცზე გამგელებული. ამასობაში ტაქსიც მოვიდა, ჩავბარგდი და იაგდაქის აეროპორტისკენ გავწიე. მარტო დარჩა ჩემი იაგდაქის დალაგებული სახლი, დამრჩა მხოლოდ მოგონებები იქ პირველად მისვლაზე, ცუდად ყოფნებზე, იქ ცხოვრებაზე, ფულის შოვნაზე და იაო მეისთან გატარებულ უმაგრეს ღამეზე. აეროპორტისკენ გზად რას ვხედავ, ყოველ მეორე შენობაზე, ყოველ მესამე ხეზე კუნგ ფუს რეკლამები გამოეკრათ, სადაც მე და ბატონი ვეი მოკრივეთა წრის წინ ვიდექით საბრძოლოდ მომართულები, ასე გამომაცილა ჩემმა პატარა იაგდაქმა.

ფრენები ერთი მეორეს მიეწყო, ორშაბათი დილაც დამდგარიყო და მე უკვე პეკინში ვიყავი, წესით მე ახლა იაგდაქში გაკვეთილზე უნდა შევსულიყავი, რას იფიქრებდნენ ასისტენტი სანი და ბოსი სოფია? ან ჩემი მოსწავლეები რას იფიქრებდნენ? ლაო შ ნიკოლასი რომ აღარ მივიდოდა გაკვეთილზე? აღარ ჩაეხუტებოდა და აღარ მოთხოვდა სიტყვების გამეორებას. დარწმუნებული ვარ, დიდი დანაკლისი ვიქნებოდი იაგდაქისთვის, დავაკლდებოდი ხილ-ბოსტნეულის გამყიდველ ქალსაც და რუსული პურის გამყიდველ კაცსაც, მოვენატრებოდი სოფიასაც და სანისაც, ბატონ ვეისაც და ჩემი მოსწავლეები უთუოდ სიზმარში მნახავდნენ, გაიზრდებოდნენ და მუდამ იმის იმედი ექნებოდათ რომ კიდევ შეხვდებოდნენ თავიან საყვარელ, ლამაზ, თეთრ მასწავლებელს, ლაო შ ნიკოლასს.

მე კი მიმქონდა მოგონებები ჩინეთზე, სრულდებოდა ჩემი ჩაინა კონტრასტები, წინ სამშობლო მელოდა, ჩემი საქართველო, სახლში დედა მელოდა რომელიც გაოცებისა და სიხარულისაგან ცას ეწეოდა, ჩემი მეგობრები მელოდნენ რომლებიც ყოველ დღე შემხვდებოდნენ და მომაყოლებდნენ ჩინურ ამბებს, მე კი არც ვიცი მოვუყვებოდი თუ არა მათ ყველაფერს, გავუმხელდი თავგადასავლებს ‘ყოვლისშემძლე უფლის ეკლესიის’ შესახებ? ან იქნებ მომეყოლა კიდეც, მაგრამ ემბრიონის სუპის ამბავს დავმალავდი. შეიძლება, იაო მეისთან გატარებულ ღამეზე მებლატავა, მაგრამ ემბრიონის სუპზე ალბათ კრინტსაც არ დავძრავდი. არ ვიცი, შეიძლება ერთხელაც ყველასთვის ყველაფერი მომეთხრო და ასე დამეღწია თავი ამ ამბავში მარტოობისთვის. ჩვენ ხომ ყოველთვის იმიტომ ვყვებით რომ საშინელ მარტოობას განვიცდით. იაგდაქში გადახდენილი ჩემი თავგადასავალი კი ჩემი მარტოობა იყო, ჩემი გაუზიარებელი მარტოობა.

პეკინის აეროპორტში თბილისის რეისამდე ბევრი დრო მქონდა. გამიმართლდა და ერთი გოგო ვიპოვნე, რომელსაც გუაუ ცი ეწერა მკერდზე, ჯერ იყო  ჩინური მასაჟი შემომთავაზა და სასტუმროში დაბინავება, მერე კი ჩინურ ტკბილეულს მატენიდა, მივხვდი რომ ეს არალეგალი პეკინის უზარმაზარ აეროპორტში დოლარის გადახურდავებაშიც იქნებოდა გარეული. მივმართე, სად შეიძლება „ლევად“ გადავახურდავო დიდი თანხა-მეთქი? აიბრიქა, გაუხარდა, რაღაცაზე მაინც წამომაგო, გამიძღვა რაღაც პატარა ბუტკისაკენ, შევიდა და დოლარის კუპიურები გამომიტანა, გადავამოწმე, ჰაერში შევაფრიალე და დავუღრინე, ჰო, ნაღდია-მეთქი? ჭრილა თვალები ააპაჭუნა, დაფრთხა და კი, კიო, ისე გულზე მჯიღის რტყმით თქვა მეც მასთან გადავახურდავე მთელი ჩინური იუანები. გადამხურდავებელი დიდ მოგებაში დარჩა, ისე გამოვიდა 100 დოლარი ვაჩუქე კიდეც. მე კი ჩემი შეგროვებული იუანები შინ დოლარებად მომქონდა. ფული ჩასაბარებელ ბარგში გადავანაწილე, სამივეში სხვადასხვა კუპიურები, ვიცოდი რომ ჩინეთიდან წამოსვლისას ქეშად არ შეიძლებოდა 10 ათას დოლარზე მეტი კუპიურის გადატანა, ამიტომ ნახევარს კაბინაში შევიტანდი, ნახევარს კი ჩასაბარებელ ბარგში ჩავჭყუნავდი ორ სხვადასხვა ჩანთაში

პეკინში და ჩინეთში ყოფნის ბოლო დღე იყო - ორშაბათი, ჩემი ჩაინა კონტრასტები სრულდებოდა, გული მწყდებოდა და თან უზომოდ ბედნიერი ვიყავი, მიხაროდა რომ მალე შინ ვიქნებოდი. როგორც იქნა ისიც გაისმა, თბილისისკენ მიმავალი თვითმფრინავი ცაში აიჭრა, უკვე მივფრინავდი, ფანჯრიდან მოჩანდა სმოგით დაფარული ქალაქი, ჩვენ მზეს მივსდევდით - მივფრინავდით დასავლეთით, სახლისკენ. იჯდა ნიკოლასი „პეკინი - თბილისი“ რეისის თვითმფრინავში და საამოდ იღიმოდა, ირონიულად ეღიმებოდა საკუთარ თავზე, შორეულ აღმოსავლეთში გადახდენილ თავგადასავლებზე. ემბრიონის სუპის მჭამელი, უღვთო და გაუცხოებული კანიბალი სამშობლოში ბრუნდებოდა.



[1] მაო ძედუნი - ჩინეთის ლიდერი 1945-1976 წლებში და თანამედროვე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შემქმნელი და იდეოლოგიური მამა

 

[2] კულტურული რევოლუცია - 1966-1977 წლებში მაო ძედუნის ხელმძღვანელობით დაიწყო ე.წ. ჩინეთის კულტურული რევოლუცია, რაც გულისხმობდა პოლიტიკური ოპოზიციის დისკრედიტაციას, ასევე ყველაფერი დასავლურის და კაპიტალისტურის მათ შორის კულტურაში გაქრობას და განადგურებას

 

[3] ბალენსიაგა - ქართველი დიზაინერის დემნა გვასალიას ხელმძღვანელობით ტანსაცმლის ბრენდი „ბალენსიაგა“ ჩინეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს ახალგაზრდებს შორის

 

[4] იაო მეი - ჩინურად იაო მეი ცდუნებას ნიშნავს, გამოითქმის როგორც „yāomèi“, (ჩინურად 妖媚)

[5] The Church of Almighty God - იგივე Eastern Lightening (ჩინურად东方闪电) , ახალგაზრდა ქრისტიანული ორგანიზაცია, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისში ჩამოყალიბდა, მისი დამაარსებელია ჩინელი სწავლული Zhao Weishan

[6] ვიტნეს ლი - ჩინელი სწავლული და სამღვდელო პირი

[7] სანამ ხელთათმანს იკეთებენ ერთგვარი ნაჭერი რომელიც უნდა შემოიხვიო ხელზე, დაიცავს ხელს სერიოზული ღრძობისა და მოტეხილობისაგან

[8] კვირაძალი - კვირა დღის წინა საღამო, ანუ შაბათი საღამო, მზის ჩასვლის შემდგომ.

[9] პატრიკ ზიუსკინდის ცნობილი ნაწარმოები „სუნამო“, სადაც მთავარ პერსონაჟ გრენუის ყნოსვის გაძლიერებული უნარი აქვს. გრენუი ახალგაზრდა გოგონებს კლავს და მათი სხეულისა და კარნის სურნელით სუნამოებს, სხვადასხვა არომატებს ამზადებს ქიმიური შენარევებით

ელფოსტაბეჭდვა