პერფექციონისტის ჩანაწერები (II ნაწილი)
პერფექციონისტის ჩანაწერები (II ნაწილი)
პერფექციონისტის ჩანაწერები (II ნაწილი)
21 ივნისი, 2019 წ.

. . .

-„უიქენდებზე“ გვინის ფესთივალი მაგრად ასცორებს !...-ჯეფი დილიდან ტუჩებს აცმაცუნებს, რაც იმას ნიშნავს კაი ჯიგრული  „პახმელია“ გადმოჰყვა წუხანდლიდან და ერთი სული აქვს რამე ჩვენებური მჟავე მიაყოლოს ცეცხლოვან  სითხეს...

-დაიცა, მაგის „მასტერი“  ქირონაა!-ამბობს ლევანჩო, -მაგან რო იცის „კიშკაობა“ ტყუილია, ძმაო! ან საიდან გააძრობს ხოლმე ამ ახალ-ახალ „ნავაროჩენნი“ ასორტიმენტს?!

შესვენებაზე „ობშიაკს“ ჩავდივართ და იყრება ხორაგი ...

-მჰ...მჰ...მჰ..მჰ..-თითებს იკვნიტავს ჯეფი , - ეს ქითრიც მაგრად ასცორებს !...

-მარა, ტო!-ეთანხმება ლევანჩო, - შენ ეს წიწაკის მწნილი   ნახე?!

-მრრრრრრრრრრრრ! მწარეა!-სულს ძლივს იბრუნებს კეშა...-რა იყო, უნიფხვოს დათესილია ეს დედააფეთქებული?!

- მოდი, ბიჩებო ჩვენ გაგვიმარჯოს! - ჯეფი ერთი მოყუდებით გადაისვრის გაპიპინებული სირჩით გამშრალ ხორხში „სარაჯიშვილის“სანუკვარ სითხეს და კიბოსავით წითლდება!

- ეხლა კვირას, ფესტივალზე შენ ყველა ღვინო კი არ გასინჯო, თორე ფეხებს გაგაპარტყალებინებს  და ამერიკა-საქართველოს ამ ნალოლიავებ ძმობა-თანამშრომლობას ყველა ჩარჩო-ფორმატში დაენძრევა...

-არის უმფროსო!- იცინის ჯეფი ...გვინო ცოთა-ცოთა დავლევ და დანარჩენი დრო გოგოებს დავაჩაშნიქებ!...

-ამისი, აი, ეგ მევასება რა!-სუ ფაიზაღ და  მამა-პაპურ ძარღვიან სიტყვებს რო გააძრობს ხოლმე!...მაგარი ბიჭი ხარ შენ!-ჯიმიკო მხარზე ტორს უბრაგუნებს ჯეფს და ამყევიო ანიშნებს:

„ჭყინტი ყველის ჭამა მიყვარს...

-„ქბილი გაქრაჩუ-ნე-ბა-ვო!“- სიმღერით ყელს იღერებს შეჟუჟუნებული და თვალებდავიწროვებული ჯეფი ...

-ბარიშნებში ყოფნა მიიიი-ყვარს!

-თვალის ჩაფაჩუნებავო! დააა!...“

გადავწყვიტე ნატა ღვინის ფესტივალზე  დავპატიჟო და ჩემს თანამშრომლებს გავაცნო ...ნიტა ეგრევე იხსენებს ნატას და ტუჩაბზუებული თმიდან ქუსლამდე სამოდელო სააგენტოს პროდიუსერის შემფასებლური მზერით ნაგლად ათვალიერებს ...

-ნიტა!-ხელს უწვდის ბოლოს და ზრდისლობის მაგვარ სარეკლამ-საიმიჯო ღიმილს ჩუქნის ...

-ნატა!-მათი ხელები წამით ხვდებიან ერთმანეთს და უეცრად...

-ნიტა-ნატა!  ნიტა-ჭიტა!-ლევანჩო ორი თითით მაისურის მოშილიფებულ გულისპირს გამოუწევს ნიტას და  ცხვირს ლამის მის ძუძუებში რგავს...

-სუფთა დებილი!... ნადვილი იმბეცილი!-ვითომ ჯავრობს ნიტა... მიჩვეულია ლევანჩოსგან  მსგავს „შუტკებს“ და მაინც, ხალხში საჯაროდ ასე გახუმრება რაღაცნაირად უტყდება ...

-ნორმალურია ეხა ეს?... რას იტყვის ხალხი?!

-ხალხი, ბრბოა, ხვალ მოვა და შენი ფეხის ნაბან წყალს დალევს, -ციტირებს დუმბაძისეულ მურტალოს ჯიმიკო და ნიტას წინაშე ცალ მუხლზე ვარდება...

-არ არის საჭირო! -იფერებს ნიტა, -ვაიმეეე,  „ძეცკი სადია,“ დედას გეფიცები! -ეუბნება ნატას და ქალური სოლიდარობის დასტურად კისკისით რაღაცას ყურში ეჩურჩულება, ვითომ უკვე გაშინაურებული, საიდუმლოს ანდობდეს... ნატა იღიმება და თვალით დამეძებს ...რა უცნაურია?  ჩვეულებრივ  ხალისიანი, უშუალო  და ლაღი ნატა, ჩვენი პრომო-გოგოების ფონზე დაკომპლექსებულ, პროვინციელს  ჩამოჰგავს, გაფართოებული თვალებით მუდმივად დამეძებს, გვერდიდან არ მშორდება და მისკენ მიმართულ თითოეულ რეპლიკა-ქათინაურზე ისე ფრთხება და იძაბება, როგორც მონადირის ჩახმახის გატკაცუნებაზე ყანაში მოგოგმანე მწყერი!

-ცოტა დალიე და მოგეშვება!-ვურჩევ მე.

ამასობაში ფესტივალი ბოლომდე იქოქება, გუგუნებს, ქოთქოთებს, ზღვასავით ღელავს, ყველგან, სადაც კი რაიმეა სანახავი ან დასაგემოვნებელი, უამრავი ადამიანი ირევა, სხვადასხვა ასაკის, გარეგნობის, ჯურის, ეროვნების და მენტალობის... ათეულობით დიდი თუ მცირე ღვინის კომპანია და მარანი, თაფლის, ყველის თუ სხვა სასუსნავების მწარმოებელნი ფერად პავილიონებთან იწვევენ  საკუთარი პროდუქტის დასაგემოვნებლად ყველა დაინტერესებულ დამთვალიერებელს...ირგვლივ ხალხის მონოტონური  ზუზუნი და მუსიკის არეული რიტმები ისმის ... ფესტივალი ფუტკრის ერთ ვეება სკას ჩამოჰგავს, სადაც ყველას საკუთარი ფუნქცია და მისია აკისრია ... პაწია, ფერადი სამკუთხა ალმები ნიავის ყოველ დაბერვაზე დაუღლელად ქრიალებენ და  კანაფზე  ლამაზად ასხმულნი, ფესტივალს ერთი მასიური  ხომალდის იერს სძენენ...

-დიდ  გემს არა ჰგავს?! - ნატა ბედნიერია, რომ ერთად ვართ...  მართლაც, საფესტივალო სივრცე გახშირებულად სუნთქავს, ღელავს და იზმორება, ძლივს აუდის დეგუსტაციის მსურველთ, რომელთაც ძირითადად ხის კასრებზე უჭირავთ თვალი, რადგან დასწრებაზეა თივის ტუკზე ან გადაჭრილ კუნძზე  ჩამუხლვა და ბოკალ ღვინოსთან ერთად სახელდახელოდ გამომცხვარ დედას პურთან გუდის ყველის   ან მწვადის დაგემოვნება.

საფესტივალო გემბანი ტორტმანებს, არ ეპუება არც ქარის ქროლვის მიმართულებას, არც შუბისტარზე დასმული მზის დისკოს მცხუნვარებას, თავისი დრამატურგიით მიიკვლევს გზას პერფოპრმანსებით გაწერილ საპროგრამო ლაბირინთში და  დრო და დრო ნაპირზე ისვრის ღვინით გაბრუებულ თავგადასვლების მოყვარულთ, რომელთაც უკვე დააგემოვნეს ათასი ფერისა და გემოს მათრობელა სითხე და კმაყოფილნი, ხალისიანნი და განტვირთულნი, მოგზაურთა მსგავსად გზას განაგრძობენ, რათა  ხვალიდან კვლავ დაუბრუნდნენ ცხოვრების მოსაწყენ ერთფეროვნებას. ..

ნატას ნიავი თმას უწეწავს  და მზის შუქით განათებული და გაცისკროვნებული,  რომელიღაც მითოლოგიურ ღვთაებას ჩამოჰგავს წითელი ღვინის სასმით ხელში, ბაკქანალიებზე  რომ დასდევდა დიონისეს  მადიდებელ, სადღესასწაულო ემოციებითა და ღვინით გაჟღენთილ ბრბოს...  ...

სამ სხვადასხვა პავილიონთან  დეგუსტაციის შედეგად   კვლავ უწინდელ ნატას ვიბრუნებ, და ჩემს წინაშე ისევ ის ლაღი და თავისუფალი  ქალი დგას, ოდესღაც რომ ერთი ნახვით დამაბა  ... ოდნავ ღაწვებშეფაკლული და თვალებაპრიალებული ღიმილით მიამბობს რაღაც ამბავს და მე კვლავ ნაკადულივით მეღვრება სულში  მისი ხმის წკრიალი...

-მაგარია! გვინის ფესტი ზალიან ასცორებს!-ჯეფი უკვე შეჟუჟუნებულია და ადგილზე ფეხის ბრაცუნით ჰყვება მუსიკის რიტმს... ნიავის ყოველ დაბერვაზე ერთმანეთს აწყდება ფოლკის და ჯაზის მელოდიები და უცნაურ მიქსად იღვრება ეთერში ...ჩვენები მიმოფანტულან და სხვადასხვა ლოკაციებიდან დროდადრო ეხმიანებიან ერთმანეთს ...ნატას წამით ვკარგავ თვალთახედვიდან ... ღვინოს ვწრუპავ და ჩვენს პრომო გოგონებს თვალს ვავლებ ... ვერცერთი მოვა ნატასთან, ვერც ინდივიდუალობით, ვერც ინტელექტით, ვერც ნიჭიერებით , გემოვნებაზე და კრეატივზე აღარაფერს ვამბობ  ...

-მიხდება?-მაკრთობს  ზანზალაკის ნაცნობი წკრიალი.. ვტრიალდები და ჩემს წინ ნატა დგას, თმებში ყვავილებჩაწნული სარკეში ირგებს „ჰენდ-მეიდების“ პავილიონთან სახელდახელოდ შერჩეულ თმის სამაგრს...

-ძალიან!-აღტაცებას ვერ ვმალავ მე...

-მაგრად გიჰდება! მჰათვარი რო ვიქო, დაგჰათავდი!-ეუბნება ჯეფი და მარჯენა ცერს მაღლა სწევს : -სუპერ!

ნატა წითლდება და სიცილით ცდილობს გადაფაროს  ქათინაურით მოგვრილი სიამოვნების   უხერხულობა ...

-მიდი, საყურეც შეარჩიე...დღევანდელი დღის სამახსოვროდ მინდა გაჩუქო !-ვეუბნები და ხელნაკეთ სამკაულების პავილიონთან მიმყავს ...და ჩემი შეთავაზების ყურმოკვრით გახარებული გამყიდველი ქალის მიერ სამკაულებშეძლევით თავბრუდახვეული ნატა ლითონის ერთ ყველაზე სადა და უხეშ  ფორმაში ჩასმულ ფირუზისფერი ქვის თვლიან საყურეს ირჩევს... საყურე სპილენძისაა, ოდნავ სიწითლე დაჰკრავს და საოცრად უხდება ფირუზისფერ ქვას და ნატას თმის ტონებს ...აშკარად კარგი გემოვნება აქვს -ზუსტად იცის რა უხდება! -ვფიქრობ და უკვე მიყვარს ეს თავის თავში დაჯერებული უცნაური, მაგრამ საინტერესო ახალგაზრდა ქალი, რომელმაც ზუსტად იცის, რა სურს ცხოვრებაში !

-მიყვარს შენნაირი გოგოები, -ვეუბნები ნატას და ხელთ ოდნავ ვეხები საყურეს...

-და მე როგორი ვარ?

-იცი და გრძნობ!... მიყვარს , როცა ქალმა იცის, რა უნდა!...

ნატა იცინის და ახლა კერამიკის პავილიონისაკენ ინაცვლებს და მეც მორჩილად მივდევ როგორც პაჟი მის ფავორიტ  ქალბატონს...

-შეიძლება ვცადო? -უღიმის საშუალო ხნის ჭაღარა, თავზე ბენდენაგაკრულ მამაკაცს , რომელიც ღიმილითვე უბრუნებს პასუხს და დასტურის ნიშნად ფესტივალის ფერადლოგოიან წინასაფარს აწვდის ...და ნატა მთელი ნახევარი საათით კერამიკის დაზგასთან დაბალ კუნძზე ჩაცუცქული, მარადისობას უერთდება...ავიწყდება ყველა და ყველაფერი... თვით ჩემი არსებობაც კი და ცოტა არ იყოს, მამაკაცურად  ვეჭვიანობ თიხაზე, რომელსაც სათუთად ეხებიან მისი თითები ფორმის ამოყვანისას და პირველი ცდის კვალობაზე არცთუ უნიჭოდ ...

-მთელი ცხოვრება ვოცნებობდი, ეს  განმეცადა ! -მიყვირის ბედნიერი ნატა და აშკარაა, დემი მური-პატრიკ სუეიზის ჩვენი ბავშვობისდროინდელი ფილმის გავლენაა, რომ უსაზღვროდ აჟიტირებულს ავიწყდება  ამდენი ხალხი  ჩვენს ირგვლივ ...შეკრებილი ცნობიმოყვარე მასა გაოცებული გვადევნებს მზერას ...ნატა დიდხანს და მხიარული აქცენტებით მიამბობს, როგორ უნდოდა ერთ დროს სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება, როგორ ხატავდა ათასგვარ ნატურმორტებსა და კომპოზიციებს, ნატურებსა და პეიზაჟებს, სწავლობდა ფიგურის სწორად აგების პრინციპებსა და სინათლისა და შუქ-ჩრდილის ლოგიკას...მაგრამ...

-მაგრამ?

- მაგრამ ის რომ ხელოვნებაში ან ძალიან დიდი უნდა აკეთო, ან საერთოდ შეეშვა...

-ესე იგი, მარტო მე არ ვყოფილვარ პერფექციონისტი!-ვიღიმები მე .

ნატა არაფერს ამბობს და რამდენიმე წუთის წინ საკუთარ ხელით ამოყვანილ თიხის ფიალას ხელში ატრიალებს... უკვე გამოუწვიათ ღუმელში და შეუძლია  ნახელავით დატკბეს...

-მოხატვაც ხომ არ გსურთ სცადოთ ?-სთავაზობს კერამიკის პავილიონის  მეთვალყურე  ბენდენიანი მამაკაცი ...

-აუუუ, დამელოდები? -მუდარა ეპარება ხმაში ნატას...

-რა თქმა უნდა! -ვამბობ მე და იქვე თივის ტუკზე ვიმუხლებ, მინის ბოკლიდან ღვინოს ვწრუპავ და შეყვარებული თვალებით ვადევნებ მზერას ნატას, რომელსაც ახლა ფერადი საღებავებით უცნაური ფორმის ორნამენტები ამოჰყავს ფიალაზე...სასწაულად გრძნობს ფერის  დინამიკას და გამოცდილი ოსტატივით ყალმის  ერთი მოსმით ქსოვს კომპოზიციებს...

-ეს შენ ჩემგან! -მიწვდის ფიალას... კმაყოფილი ნატა სიცილით ელის ჩემს ქათინაურს თავის ნახელავზე...

-საოცრად ნიჭიერი ხარ!-მეც არ ვუგვიანებ კომპლიმენტს და ბედნიერი ნატა ვაზის ლერწითა და ხელოვნური ყურძნის მტევნებით დეკორირებულ    სურათის გადასაღებ ჩარჩო-პავილიონთან ჩერდება...

-მოდი სამახსოვრო სელფი გადავიღოთ...სელფები არ მიყვარს, მაგრამ ახლა რატომღაც მომინდა  შენთან ერთად ფოტოს გადაღება ...და ნატას აიფონი ჩვენს ბედნიერ და ღიმილიან სახეებს ფოტოკადრად აფიქსირებს...

-გადმომიგზავნე მერე მესინჯერში , - ვეუბნები ნატას ...

-კარგი, ოღონდ „ფეისბუკზე“ არ ავტვირთოთ ხო? -მითანხმდება წინასწარ...-ვერ ვიტან ყველა ფეხის ნაბიჯს რომ სოციალურ ქსელში ფოტოებად გამოდებენ  ხოლმე ...ასე მგონია, ვიღაც ჩემს სულში აფათურებს ხელებს ...

-ერთნაირები ვყოფილვართ!-ვამბობ მე და ნატას ხელს ვუწვდი, რომ დამრეც ფერდობზე ჩასვლაში მივეხმარო ...ნატა ხელს მკიდებს და მთელი ძალით მეყრდნობა...მე ვგრძნობ მისი ხელის სიმხურვალეს და ეს ხალხი რომ არა, ალბათ მოვეხვეოდი და კოცნით დავუფარავდი სახეს, კისერსა და მკერდს...მერე?...მერე  ერთად დავითვლიდით ვარსკვლავებს და ხვევნა-კოცნით დაღლილნი ჩავიძინებდით ჭრიჭინების ორკესტრის თანხლებით და ყველაზე ბედნიერნი შევხვდებოდით ალიონს, რომლის მაცნე მაგლობელი შაშვები ჯვრისწერის ოდას მოგვიძღვნიდნენ ახლადდაქორწინებულთ...

-მოდი გავიპაროთ აქედან, -მეუბნება ნატა , -შენებს გავეპაროთ და მცხეთაში წავიდეთ...

„ჩემები“ ალბათ უკვე დაგვეძებენ , ჩვენ კი დიღმის გზატკეცილზე მიგვაქროლებს ტაქსი და თითქმის ერთდროულად ვთიშავთ მობილურ ტელეფონებს ...რა მაგარია, როცა მთელს სამყაროს ემალები ერთის გარდა!...დაე, გვეძებონ!...

 

 

. . .

იმისთვის რომ ახსნა მოვუძებნო ჩემს აღელვებასა და დაბნეულობას, ბევრი

ფიქრი არ მჭირდება,  საყვარელი ქალი, თუნდაც საყვარელყოფილი, რომელთან ურთიერთობის შვიდფაზიანი „ლავსთორიდან“  ოთხი უკვე გადავლილია და მზად ხართ მეგობრებად დარჩეთ ერთმანეთის ბიოგრაფიაში,  შენს ნაწილად ქცეულა და, როგორც სხეულის ნაწილს, ასე უბრალოდ ვერ ამოკვეთ კარიესისგან გამოხრული  კბილივით, რომელსაც ვეღარას უშველი ვერა ტექნოლოგიით, ის უნდა ამოიღო და მინიმუმ სანაცვლო პროთეზი ჩაისვა, ოღონდ მანამდე თავადაც წვალობ სტომატოლოგიურ სავარძელზე გაწოლილი და ექიმსაც აწვალებ, ისიც ცდილობს შეგინარჩუნოს , გაწმინდოს, გააპრიალოს , დაბჟენოს ან ამოაშენოს ნატკენი კედელი , რომელიც ისე გამოუხრავს კარიესის მტანჯველ ჭიას, სურამის ციხესავით ხელში ეფშვნება და ნამცეცებად იფანტება,- აი, იმგვარ ნამცეცებად „რაფაელოს“ რო ქოქოსის მინანქარი აყრია და ყველაზე მაგრად რომ უყვარს ნატას გემოებში...

მახსოვს, ჩვენს პირველ პაემანზე „რაფაელოს“ ყუთით მივედი და სარეკლამო რგოლის ცნობილი და გაცვეთილი ფრაზა ნახევრად ირონიული ღიმილით წავიბურტყუნე - „ვის უნდა ეჩუქებინა ,თუ არა მას?!“ ნატას გაეცინა და პასუხი კიდევ უფრო მეტი ირონიით დამიბრუნა:

-         ტელეფონის საუბრისას უფრო კრეატიულის შთაბეჭდილებას ტოვებდი ...

და დაიწყო ...

. . . მე უფრო ვცდილობდი მეხუმრა, ნატას კი მართლაც გემრიელად გამოსდიოდა ხუმრობა და  ვგრძნობდი, როგორ მსიამოვნებდა მისი ხმა, მისი ინტონაცია, საუბრის მანერა, აქცენტები, ჟესტები, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, რომ ნატას მთელი ცხოვრება ვიცნობდი , აი სულ ადრიდან,  სამყაროს პირველი გაცნობიდან , მერე დავიკარგეთ ერთმანეთისათვის და ახლა ისევ ვიპოვეთ, უფრო კი, აღმოვაჩინეთ  ერთმანეთი - აი ზუსტად ისე, რობინზონმა რომ  პარასკევა იპოვა უკაცრიელ კუნძულზე და მის უპირობო და გარდაუვალ ბედისწერად იქცა. არ ვიცი, იგივეს გრძნობდა თუ არა ნატა ჩემდამი, ან საერთოდ გრძნობდა და განიცდიდა თუ არა რამეს, მაგრამ, ფაქტია, რომ საუბარი წამით არ შეგვიწყვეტია, რაღაც ნეიტრალურ, აბსურდულ  თემებზე   უდარდელად ვლაყბობდით, ერთი ამბიდან მეორეზე გრძელი ნახტომებით გადავდიოდით, თან ისე,  რომ სულაც არ გვედარდებოდა, წინა თემა  თუ დაუსრულებელი გვრჩებოდა ... სადღაც ამოვიკითხე, რომ როცა ადამიანი უწყვეტლივ საუბრობს სხვადასხვა თემაზე მის ახლადშეძენილ პარტნიორთან, მათ შორის უხილავი ენერგეტიკული ველი იბმება და ერთი ნაბიჯია სასიყვარულო მორევში თავაწყვეტილ გადაშვებამდე . თუმცა სიყვარული არა რაჯ კაპური , როგორც იტყოდა „გარინჩა“... სიყვარულს დამსახურება უნდა, „მოი გალუპჩიკ!“ - უდასტურებდა ფიქრში „გარინჩას“ რიმზი დეიდა , თან ისე ,რომ სულაც არ იცნობდა, ან საიდან უნდა სცნობებოდა ეს ძველი „ბასიაკი“ ესოდენ რაფინირებულ და ინტელიგენტ ქალს...

ასე შეუმჩნევლად, სიტყვა-პასუხის პინგ-პონგში მე და ნატა ზებრა გადასასვლელს მივუახლოვდით ...მიმოვიხედე და აღმოვაჩინე, რომ ჩემთვის ნაკლებად შინაურ უბანში მოვედით , სადაც ყველა და ყველაფერი თან ძალიან ნაცნობი იყო და მშობლიური და თან სრულიად უცხო და ცარიელი ...

-მოდი სადმე დავსხდეთ, თორემ დილიდან ისედაც ძალიან დავიღალე და ასე მგონია, ამდენი სიარულის მერე სახლამდე ვერ მივაღწევ , - შემომცინა ნატამ, - ფულზე არ იფიქრო, მე მაქვს და ყავაზე და ნამცხვარზე გვეყოფა ...

ეს რა იციან ამ ქალებმა, უფრო სწორად , ამ ნატასნაირმა ქალებმა, თორემ ჩვენი ოფისის ნაშოჩკებს კევის ფულს ვერ დაახრჯვინებ, თუმცა ვინ იცის? ეს ჩემნაირებთან არ ხარჯავენ, თორემ ვინმე კაი რესპექტაბელურ  მასტთან, გაგიხარია, დადნებიან „ნეჟნობებით“ ...

-ფული გვაქვს, თან ნაყინზეც დაგვრჩება, - ვითომ სხვათაშორის ვუპასუხე, მეწყინა, მაგრამ გავატარე, თუმცა ყურში ცუდად მომხვდა მისი ნიშნისმოგებით ნათქვამი -ფულზე არ იფიქროო... ესე იგი, რა გამოდის, ტიპი პაემანზე უფულოდ მივედი , ქალის ხარჯზე, -ესე იგი მე რა გამოვდივარ ?

- შენ რაღაც ცუდად ჩაფიქრდი ,- ღიმილით თვალი თვალში გამიყარა ნატამ ,- საწყენად არ მითქვამს და არც ის მიგულისხმია, რაც ეხლა გაიფიქრე ...-და ხელი ხელზე მომიჭირა...

-შენ რა , ფიქრების წაკითხვაც შეგიძლია?! -სიტყვა ავუგდე ბანზე და მის ხელს დავხედე...

- „ოვქორზ,  ჰანი, ოვქორზ!“- ინგლისურად დამიბრუნა ნატამ და ხელი დენდარტმულივით უკან წაიღო , - გინდა გითხრა ვინ იყავი წინა ცხოვრებაში ?

-მინდა!

-ოღონდ... მაშინ...

-რა მაშინ?...

-მაშინ ჯერ ის მითხარი ამ ც-ში რა იგულისხმე ?

- ვერ მიგიხვდით, ნატალი!

-აი ფიქრების წაკითხვაცო რომ თქვი , ანუ  გამოდის კიდე სხვა რამეც შემიძლია და მასთან ერთად ფიქრების კითხვაც არა?

-ჰო, დაახლოვებით...

-ეს დაახლოვებით არ მევასება : „ან - ყველაფერი,  ან- არაფერი!“ - აი ჩემი კრედო !

-მე კიდე ამ  კრედოს ხსენებაზე  სუ მგონია რო ბანკზე ბაზრობენ ხოლმე...გადაუხდელი სესხები მაქვს და სუ შავ სიაში შეტანა მელანდება...

ნატას გაეცინა და დამასწრო, -ოფიციანტ გოგონას ხელით ანიშნა მოგვხედეო...

კაფე ცარიელი იყო, უფრო სწორედ თითქმის ცარიელი, თუ მხედველობაში არ მივიღებთ დედა-შვილს, რომლებიც ბართან ახლოს მდგარ მაგიდას მისჯდომოდნენ  და ხმამაღლა, ყველას გასაგონად  არჩევდნენ მენიუს მრავალფეროვან ჩამონათვალს... ბიჭი ასე 5-6 წლის იქნებოდა, ხორბლისფერი, მზემოკიდებული, ქერა, თმაახოსრილი, სათვალიანი და ზომიერად  ბუთხუზა, აი ისეთი , ჭარადრაკზე, მუსიკაზე და კიდევ ორ რამეზე რო ერთად  ატარებენ  ხოლმე უფროსები  და ისიც თანაბარი მონდომებით უსრულებს მშობლებს  ბავშვობის აუხდენელ ოცნებებს ...

-მე პიცა მინდა და ნაყინი, ორი პორცია ,-თქვა ბიჭმა და სათვალიდან თვალი თვალში გაუყარა დედას, რომელიც ცდილობდა ნაყინი ნამცხვრით ან „კრემ-რულეთი“  ჩაენაცვლებინა, რადგან მისი აზრით ნაყინის სეზონი ჯერ არ დამდგარიყო და  ნაანგინარი  გლანდები ბიჭს დაავადების განახლებით ემუქრებოდა...

-არ მინდა ეგ „რულე “ და ნამცხვარი, ნაყინი მინდა! -მტკიცედ თქვა ბიჭმა და ხელსახოცების პლასტმასის ჩასადებს წვალება დაუწყო... ხელსახოცების ჩასადები ფარშევანგის გახსნილი კუდის ფორმისა იყო, ღია იასამნისფერი, კაფეს დიზაინის დომინანტი ფერი, და მარაოსებრ გადაშლილი , ჩაკეცილი ხელსახოცები აშკარად იმაზე მეტი ჩაელაგებინათ, ვიდრე მისი ვიწრო ღარი დაიტევდა და პირველივე შეხებაზე ეს კოხტად ჩაკეცილი სიფრიფანა ხელსახოცის ნაჭრები გადმოიშალა და მიმოიფანტა. დედა გაბრაზდა, უხეში მოძრაობით გამოსტაცა ფარშევანგისკუდა ჩასადები ბიჭს და ნერვიულად დაიწყო ამოყრილი ხელსახოცების უკან ჩალაგება-

- შენი ხმა არ გავიგონო! -ნამცხვარს შეჭამ !-თქვა დედამ გადაჭრით და ამით ბიჭი მის დაუდევარ , გაუაზრებელ მოძრაობაზე თითქოს დასაჯა, თან თავისი გაიტანა და თანაც  ღიად და აშკარად გამოხატა უპრატესობის უნებლიე აღიარება და დამდგარი შედეგით კმაყოფილება ... ბიჭს ისღა დარჩენოდა, ბედს შერიგებოდა, მორჩილად მიეყუდა სკამის საზურგეს და ყელში მომდგარი ცრემლი ჯიუტად არ გამოუშვა სამზეოს, მე და ნატას თვალი აგვარიდა ღრმა ნერწყვი გადაყლაპა, ფეხების მექანიკურად და ნერვიულად ქნევა  და ვიტრინაში უანგარიშოდ  ყურება დაიწყო.

ნატამ შემომცინა და ისე რომ მენიუში არც ჩაუხედავს - ბიჭის დედის მიბაძვით მკაცრად თქვა- ორი ყავა და ორი ნამცხვარი ...

-გნებდები, ოღონდ , ერთი პირობით , გადახდით , მე ვიხდი ...

-ეგ რა ? ულტიმატუმია?

-შენ რაც გინდა ის დაარქვი, მაგრამ...

ოფიციანტი გოგონა მოგვიახლოვდა და თავს დაგვაჩერდა...

-ორი ყავა და ნამცხვარი თუ შეიძლება ,-უთხრა ნატამ, ისე რომ არც კი შეუხედავს მიმტანისთვის, - „მაგრამ“?

- ყავა: ამერიკანო, ლატე, კაპუჩინო, თურქული ...- დაზეპირებული გაკვეთილივით ჩაგვირაკრაკა მიმტანმა  გოგონამ და ბავშვობისდროინდელი მოგონება ამოძრავდა მეხსიერებაში... სუსანა მაილოვა ...ეშხიანი, ავლაბრელი  მეშაურმეს გოგო, გემრიელი თეძოებითა და ათქვირებული მკერდით-ყველა კლასელი და პარალელურკლასელი ბიჭის უძილო ღამეებისა და სექსუალური ფანტაზიების განუყოფელი პერსონაჟი, მასწავლებელი რო გაიძახებდა დაფასთან და ისიც თეძო-გავის ნელი რხევით გაუყვებოდა მერხებს შორის ვიწრო  მაცდურ ბილიკს ბოლო მერხიდან დაფამდე.  გავიდოდა დალოცვილი და იქ მთავრდებოდა სასკოლო პასტორალი , აზრს კარგავდა  ყველა თეორემა და ფორმულა, გრამატიკული წესი და კატეგორია, ქიმიური ელემენტიცა და მისი ვალენტობაც, ლექსიც და პროზაც და იხსნებოდა საიდუმლო კარი  რაღაც ჯადოსამყაროში , როგორც ბურატინოს თვალწინ გადაშლილი ყარაბას-ბარაბასის თოჯინური თეატრი , დამალული ძველი ბუხრის მოხატული ტილოს გაცრეცილი პანოს მიღმა ,  ბოლომდე შეუცნობელი და ამოუკითხავი, რომელიც კი გიზიდავს თავისი ფერადებით, მაგრამ თან რაღაც კრძალვა გიპყრობს, სახელს ვერ არქმევ სისხლის ჟუჟუნს ძარღვებში და სიწითლეს ყურებისა და კეფის მიდამოებში ... ამ სუსანას რატომღაც სუ  ორი  ზომით პატარა სამოსი ეცვა , თითქოს დიასახლისისაგან სამზარეულოში დავიწყებული ცომსავით ამოფუებული, ამოხტომას ცდილობდა თავისი თასიდან - ყველა სეზონისა და ჯურის ტანსაცმლიდან,  არ ვიცი, ოჯახს არ ჰქონდათ  და სხვის გამონაცვალებში ატარებდნენ, თუ არ ვიცი, საგანგებოდ იქცევდა სამამრეთის ყურადღებას, მაგრამ მის ფორმებზე არათუ ბიჭებსა და კაცებს, რაც მასწავლებელთა კონტიგენტში მხოლოდ ფიზკულტურისა და სამხედრო მომზადების პედაგოგებით შემოიფარგლებოდა, გოგონებსა და ქალებსაც კი აშტერებდა და  მზერას ერთი მიმართულებით უქვავებდა -იქ სადაც მკერდის ღარი მიუყვება ბიუსტისჰალტერის მაქმანებს შეფარებულ ბორცვებს.  ერთხელ მახსოვს სასწაულ სცენას შევესაწარი კლასში, მერე ბიჭებს რო ვუამბე , არ დამიჯერეს, „ფაიზაღი, რიჟა ბაზარიაო!“  არადა, მათემატიკის მასწავლებელს გოგოებთან ერთად კლასში გამოეჭირა სუსანა,  „დრესკოდს“ უწუნებდა და მეტი დამაჯერებლობისთვის თავის თავზე აჩვენებდა, „ეხლა მე რომ ძუძუგადმოყრილი და ტრაკწამოხდილი მოვიდე კლასში  გაკვეთილის ჩასატარებლად , რა დასანახი ვიქნებიო?!“ ცისანა მასწს მეტი თავლსაჩინოებისთვის კაბის გულისპირი გოგოების თვალწინ თამამად გადაეღეღა და ქვედაბოლოც ორი თითის დადებაზე  აეხტუნებინა მუხლისთავების გამოსაჩენად და ეს სცენა ისეთი სასაცილო იყო, გოგოები ხო სიცილით იხოცებოდნენ და თავად სუსანაც, გაწითლებული და ავარვარებული, ტუჩის კიდეს ისე იკვნეტდა, ვერ ვხვდებოდი ტუჩები  ასე სისხლივით წითელი ბუნებრივად ჰქონდა თუ ეხმარებოდა კბილების ქათქათა ემალის გვირგვინით .  ვითმინე, ვითმინე და ბოლოს მეც ვერ შევიკავე თავი სიცილისაგან და გაოცებისაგან, მოთვალთვალის საიდუმლო ალაგი უნებლიედ გავთქვი და ნირწმახდარი , ისეთი ფხაჭაგლეჯით გავვარდი სკოლის დერეფანში, ლამის წავაქციე კლასის დამრიგებელი ვერიჩკა სარდიონის ასული , რომელმაც მეორე დღესვე დამიბარა ანეტა სკოლაში და სუ ღვთისგარეგანი მეძახა მთელი პედკოლექტივის თანადასწრებით. ჰოდა, ახლა ეს მიმტანი  გოგონა, რომელსაც მკერდს პაწია „ბეჯი“ უმშვენებდა  მოკლე სახელით „მია “ იმ ჩემს ბავშვობისდროინდელ „სექსბომბას“ სუსანა მაილოვას მაგონებდა და მეცინებოდა... ნეტა ამ ფიქრებს თუ წაიკითხავს ნატა? -ვეკითხებოდი საკუთარ თავს ...

- ორი  „ამერიკანო“ ... ისევ უანგარიშოდ მიუგდო სიტყვა ნატამ მიას და შემომხედა- მგონი საიდანღაც გეცნობა ეს გოგო...

-არა, საიდან? - და მივხვდი როგორ გავწითლდი  ზუსტად იმ თინეიჯერივით, სკოლის ტუალეტში რომ მიატანს რომელიმე მასწავლებელი ან სკოლის მნე სიგარეტის ბიჩოკმომრჯვებულს და ნირწამხდარს და მაინც  გამოუცდელი ნაფაზით ხველაატეხილს,  ყელმოღრებულსა და ამაყს .

- „სტრანნად“ კი მიაშტერდი ხო იცი, ... აბა, პასუხს ველი ...შესცინა ჩემს  სიწითლისაგან გაბარდღალებულ ყურებს ნატამ .

-შაქრით? უშაქროდ? - არ დანებდა ოფიციანტი გოგონა, მოწყალედ , ირონიული თანაგრძნობით გადმომხედა- ვითომ „ ვის ხელში ხარ შე საცოდავოო?!“ და განაგრძო დაკითხვა.

-ნამცხვარი? - „ტერამისუ“, „კექსი ქიშმიშითა და ნიგვზით, შოკოლადის მინანქრით“ , „ბრაუნი ჭიქაში“, „ბრაუნი უჭიქოდ“, „ჟოზეფინა“, „იდეალი“, „ნაპოლეონი“, „შუ“, „ელვისი“, „ვაშლის შარლოტკა“, „მთვარალი ალუბალი“...

-სტოპ!... მიაუ! –„მთვრალი ალუბალი“ , - შეაწყვეტინა ნამცხვრების ჩამონათვალი ოფიციანტ გოგონას ნატამ , მენიუს ფურცელი მიაწოდა და ამომხედა,- დრო ცუდად და უნაყოფოდ გაგყავს, სერ!...

- მიაუ არა , მია!- გამომწვევად და წაკბენით დააზუსტა მიმტანმა და კიდევ უფრო უტიფრად მომაჩერდა...

-ეეჰ! ბავშვია  რა!...- აგდებით თქვა ნატამ , -  ვიცი რომ მია გქვია, კითხვა ჯერ კიდევ საბავშვო ბაღში მასწავლეს, მაგრამ თამაშია ასეთი, „ბრის“ ილი მიაუ?!“ გაიგე?! ჰოდა, ჩემო მია-მიაუ!-ახლა „ბრის!“ აქედან და  საქმეს მიხედე და ორი „მთვრალი ალუბალი“ მოგვიტანე!... ვგიჟდები მაგ სპექტაკლზე , ისე მინდა ნახვა!

ოფიციანტი ჯერ გაოცდა ნატას ამგვარ ხისტ მიმართვაზე , მაგრამ მალევე მიხვდა, რომ უტიფარ მეტოქეს „სპარინგს“ ვერ მოუგებდა, რადგან „კლიენტი მუდამ მართალია!“  და „საქმეს მიხედა“, ანუ როგორც იტყოდა გარინჩა,  „გზას ბარაქა დააყარა“...

- რას ერჩოდი ამ გოგოს?! არა, მაინც „ხიშნიცები“  ხართ ეს ქალები რააა?! ...

- ცუდად გიცნივარ, ვაჟაუ!...

-  მე შენებური ფიქრთა მკითხველი ვერ ვარ, და მაინც, დაიხსომე, სანამ მე და შენ , ერთად ვიქნებით, გადახდით მუდამ მე გადავიხდი - ეს ჩემი პრინციპია... - ვუთხარი ნატას და პატარა ბიჭს ხელ დავუქნიე სოლიდარობის ნიშნად ... ბიჭი დედას  საბოლოოდ დანებებოდა და პიცანაჭამი, ახლა კოვზით დაკრემული ფენოვანი ნამცხვრის ვეება დაკრემილ-მოშოკოლადებულ ნაჭერს გვერდებს უგემურად აციცქნიდა..

-ერთად ვიქნებით?-ეს რაღაც უცნაურად და ჟრჟოლისმომგვრელად ჟღერს ...აპირებ რამე დაიწყო?

-„ეხლა იწყება წიფის გვირაბი, თქვენ ხომ არაფრის შეგეშინდებათ?“ - სიტყვა ბანზე ავუგდე და თან არც ავუგდე ნატას , უხერხულობის მოსახსნელად გავიცინე  , ახლა მე დავადე ხელი ხელზე და მის თითზე წამოცმული ვეება ბეჭდის თვალს შუათითი ოდნავ გავუცაცუნე...

-წესიერად დაჯექი და ჭამე!... - სამეზობლო მაგიდასთან მჯდომ ბიჭის დედას ხელსახოცების გადაყრის სიბრაზე ჯერაც არ განელებოდა და შენიშვნის ტონშიც უწინდებული ფოლადი ზრიალებდა ...

- ესე იგი, საკუთარი პრინციპები გვაქვს და ბოლომდე ვაწვებით , - ნატას სათვალე ყურებს უკან გადაეწია თმის „აბადოკივით“ და გამჭოლ მზერას არ მაცილებდა , ოღონდ ამჯერად ხელი არ გაუწევია ...

- დიახ, მისის,  მე მაქვს ჩემი პრინციპები და ვცდილობ , მაქსიმალურად არ ვუღალატო მათ...

-მაქსიმალისტი ხარ?

-უფრო პერეფექციონისტი ...

-ანუ...

-ანუ ,ვცდილობ რასაც ხელს მოვკიდებ , ყველაფერი ბოლომდე და ხარისხიანად ვაკეთო ...

-და...

-და , ლაზათიანად, და  როცა ქალი მომეწონება, მინიმუმ, იმის ტრაკი მაინც მქონდეს, რომ ყავაზე და ნამცხვარზე დავპატიჟო , კიდე შამპანურზეც და კოქტეილზეც , ზოგჯერ რესტორანში და ღამის ბარშიც... გააჩნია დამსახურებას ...

- ანუ კაცური ამბავი ბოლომდე გააჯაზო ...-შემაწყვეტინა ნატამ ...

-ხო, „მე რასაც ვაკეთებ, ყველაფერს ლაზათიანად ვაკეთებ!“ -გამოვაჯავრე გურამ საღარძის ეფრეიტორს „კავკასიური ცარცის წრიდან“  ერთი მარტივი მიზეზით -კაცი უნდა იყოს კაცი  და ბასტა!...

ოფიციანტ გოგონას შეკვეთა უკვე მოეტანა და მოთმინებით ელოდა  პაუზას ჩვენს საუბარში, რომ ლანგარი დაედგა და ყავის ფინჯნები დაელაგებინა...

-ანუ შენთვის პერფექციონიზმი კაცობასთან ასოცირდება ...

-არამხოლოდ...

- ხო, რაღაც ამბავში მესმის , ნახევარქათამა კაცები მეც არ მევასებიან...

ნატა მიას გამომცდელი ღიმილით მიაჩერდა, ვითომ რას ჩამოყუდებულხარ და უნებართვოდ ისმენ ჩვენს საუბარსო, ქვეტექსტიანმა ღიმილმა  გოგონა დააბნია, სწრაფად გააწყო მაგიდა და სანამ ნატა რამის  თქმას მოასწრებდა, ბარს მიღმა მიიმალა...

-ისე ქალებსაც არ აწყენდათ პრინციპულობა, -ნატამ ყავა მოსვა და რაღაცას  დაუწყო ძებნა ჩანთაში...

- ეწევი?

-ოჰო, ფიქრებს ცოტ-ცოტა ჩვენც ვკითხულობთ თურმე... ისე რა, უფრო პონტისთვის... შენ?

- იშვიათად , სასმელზე მინდება ხოლმე ...

-გავალ, მოვწევ და დავბრუნდები ...

და სანამ ნატა სიგარეტს ეწეოდა კაფის ტერასაზე ,მეხსიერების პროცესორი სწარაფად გადავქექე და შევეცადე გამეხსენებინა ყველა „გელფრენდი“, რაც კი გამოცდილებაში მეგულებოდა... ფრიდა... ეს სახელი მე შევარქვი, თორემ ისე რუსკა ერქვა და ერთ-ერთი ძმაკაცის ცოლის დაბადების დღეზე გავიცანი, მთელი საღამო კუთხეში უხმოდ იჯდა, კონიაკს წრუპავდა და სტუმრებს გამოცდილი მზერით აკვირდებოდა.მერე გოგოები რომ გადაგვინაწილეს მასპინძლებმა  სახლებში  დასარიგებლად, რუსკა მაინცადამაინც მე შემხვდა და მეც მორჩილად გავიყვანე დიდ დიღომში, მთელი გზა ჩუმად იჯდა და ფანჯრიდან მონაბერი ნიავით აწეწილ თმას ცალი ხელით ისწორებდა...

-ამოვუწიო? -ვკითხე ისე, სხვათაშორის...

- მე მითხარით? -რუსკამ შემომხედა და მომეჩვენა, რომ უჩვეულოდ შორიდან მომესმა მისი თითქმის ჩურჩულით ნათქვამი ფრაზა...

-თუ გიბერავს , მინას  ავუწევ...

-არა, პირიქით, დახუთული ჰაერია და მგონი ასე სჯობს...

-კი, ჩამოცხა...ისე მგონი, კონიაკიც მოქმედებს ცოტ-ცოტას.. - ვთქვი, ისე რომ მის მხარეს არც გამიხედავს, საქარე მინაში სიგარეტი გადავაფერფლე და სარკეში საკუთარ გამოსახულებას გავუღიმე...

- დღეს ჩვეულებრივზე ბევრი არ დამილევია... თუ ამას გულისხმობთ, იმედები უნდა გაგიცრუოთ...

- და ჩვეულებრივი დოზა რამდენია?- ისევ გავუღიმე საკუთარ ანარეკლს სარკეში .

- როდის როგორ... რატომ მეკითხებით?

-ისე, საშინლად ცნობიმოყვარე ვარ და თან მთელი საღამო თვალი არ მომიცილებია თქვენთვის...

-ვიცი - და რუსკას ხმამ კიდევ უფრო იდუმალი და შორეული გახადა  ეს უცხო ახალგაზრდა ქალი, რომელიც თან ჰგავდა და თან არ ჰგავდა ფრიდა კალოს ყველასათვის ნაცნობ ავტოპორტრეტს.

-ვისმეს თუ უთქვამს რომ ძალიან ჰგავხარ ფრიდა კალოს..მარტო ვარდები გაკლია თავზე და ერთი ერთში ფრიდა ხარ ... . რაც გვიფიქრე, ეგრევე ვთქვი და ახალ სიგარეტს მოვუკიდე...

-კი, ბევრს უთქვამს...

-მერე, ეთანხმები?

- რატომ შენობით  ?

-აბა თქვენობით მოგმართოთ? „ვაი ნოთ?!“...ჰოდა, ისა, თქვენ(!)  ეთანხმებით?!

- ასე უფრო ბუნებრივი იქნება ურთიერთობა! -რუსკა-ფრიდა გაჩუმდა და ისევ ფანჯარაში დაიწყო ყურება...

ღამის ილუმინაცია დროდადრო სახეს უნათებდა და კიდევ უფრო მეტ სინაზესა და სითბოს ასხივებდა თვალებით, სახით, სხეულით... ცალი ხელი საჭეზე დავტოვე  და თავისუფალი ხელით მოულოდნელად მოვიზიდე და გავითამაშე, რომ ტუჩებში კოცნას ვუპირებდი...ჩემდა გასაოცრად ქალი არ გაწეულა, არც სახე მოურიდებია...რა უნდა მექნა? იძულებული გავხდი, მართლაც ვაკოცე და...

-ფრთხილად! -იკივლა რუსკა-ფრიდამ ...

გზაზე სრულიად ზღაპრული თუ ფენტეზის ჟანრის კინო-სცენარი გათამაშდა, საიდანღაც, თითქოს სიბნელის ლანდებს გამოეყოო, ცხენი აგვესვეტა, შუა ტრასაზე მშვიდად იდგა და ფაფარს ქარი უწეწავდა , საჭეს ორივე ხელით ჩავეჭიდე და მკვეთრად გადავუხვიე, რომ არ დავჯახებოდით და პირდაპირ  ბარდიურს ავასკდით ... ჩემი ბედი, რომ ორივეს ღვედი გვეკეთა... წამში მოხდა ყველაფერი ... მოვიხედე მაგრამ ცხენი აღარსად იყო...ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, ღმერთმა უწყის...ან რა უნდოდა დიღმის გადასახვევთან, საღამო ბინდში უპატრონოდ მოსეირნე ცხენს ...ნუთუ მომეჩვენა? ...დამელია მაინც...დაბოლილზე კიდე ჰო, მამენტ დაღლილს შეიძლება რაღაც მოეჩვენოს სიბნელეში!...

რუსკა-ფრიდას სიცილი წასკდა და კაი ხანს ვეღარ  მოითქვა სული ... და იმ საღამოს პირველად ვნახე არათუ მომღიმარი, არამედ გულიანად გაცინებული ქალი, რომელიც სიცილის ახალ-ახალ ტალღას ლაღად უხსნიდა სულს და მიუხედავად ჩემი დაბნეული და შეწუხებული ფიზიონომიისა,   სრულებით არ ეუხერხულებოდა საკუთარი არადექვატური, მოცემული სიტუაციისათვის შეუფერებელი  განცდის ღია დემონსტრირება.

-რა გაცინებს? იცი, რომ კინაღამ აირბაგები გაიშალა...

ამის გაგონებაზე რუსკა-ფრიდა კიდევ უფრო გამხიარულდა , თავდავიწყებით აკისკისდა და ნაწყვეტ-ნაწყვეტად ისროდა ცალკეულ ფრაზებს თავისი წარმოსახვითი საგზაო ქრონიკის ტელერეპორტაჟიდან, თუ როგორ გვიპოვნიდნენ პატრულის ეკიპაჟები აირბაგებში გახლართულ მოზასავე წყვილს ...

-შენ იცინე და მაგ აირბაგებით რო დაგისკდებოდა ეგ სილიკონის ძუძუები, მერე გენახა სეირი და ექსკლუზივი ...

- მე ნატურალი ვარ და ვერ ვიტან სილიკონიან გომბიოებს, -უცებ დასერიოზულდა რუსკა-ფრიდა და მე ვინანე  ჩემი უნიჭო ხუმრობა ...

...უცნაურია, მაგრამ ასე პირველად როდი ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში, ყველა გოგონა თუ ქალი, ვინც მყოლია ხანმოკლე თუ შედარებით ხანგრძლივ ურთიერთობაში რატომღაც მენდობოდა და  დაკერვაზე ბევრი ჩალიჩი  არადროს დამჭირვებია. არც მაშინ, როცა ზუსტად ვიცოდი, რომ შეხვედრა ერთჯერადი იყო და დიდი იმედები არ უნდა დაემყარებინათ „ლავსთორის“ შემდეგ სერიებზე და მაშინაც, როცა ბევრად უფრო შორს ვტოპავდით ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის მორევში, რომელიც აღსავსეა აუხსნელი, ზოგჯერ ანომალიური მოვლენებით და პარადოქსებით... ჩემი რომანების მთავარი პარადოქსი კი სწორედ ეს უპირობო ნდობა იყო, რომელსაც ქალებში უპრობლემოდ მოვიპოვებდი და მერე სულ მაწვალებდა განცდა, რომ ცუდი ბიჭი ვარ ,რადგან ადრე თუ გვიან ამ ნდობის გარდაუვალი ღალატი მომიწევდა.

ნატა „ექსჩემებიდან “არცერთს ჰგავდა, არც გარეგნობით, არც ხასიათით, არც...

-ტყუილად ცდილობ, ვინმეს შემადარო, -ნატამ სიცილით მოაჩოჩა სკამი და მთლად გვერდით მომიჯდა...

-შენ რა? მართლა კითხულობ ფიქრებს ?

-აბა , შენ რა გეგონა? ვხუმრობდი ?... გინდა გითხრა, ვინ იყავი წინა ცხოვრებაში?

-მიდი...

- მეღვინე ბერი ...

-აუჰ, „ექიმი, მეწარმე, ლიდერი“ ხო არა?- გამახსენდა ბევრი წლის წინანდელი ერთი პოლიტიკოსის საარჩევნო სლოგანი, მერე საღადაოდ რო აქცია  იმედგაცრეუბულმა ამომრჩევლმა.

- არა, მართლა, შენ იყავი ერთი სერიოზული და ცნობილი  ევროპული მონასტრის ბერი, აყენებდი მაგარ ღვინოს და მრევლს მაგრად უყვარდი  და სჯეროდა შენი ...

-და „პახოდუ“, ვლოცულობდი, ვმარხულობდი და ცოდვებს ვინანიებდი  მეტანიებში... ალელუია!...ტაშიი!...მაგარი ხარ!

-ვიცოდი, რო არ დამიჯერებდი ...

- არ დაგიჯერებდი რა? – „პროსტა“ არ მჯერა წინა ცხოვრების და მომკალი ... მე და ბერი ! -თანაც მეღვინე-მაგარია! ...ისე მაიც, გმადლობ! თუ შენ ლოგიკას გავყვებით,  ცუდი ტიპი არ ვყოფილვარ , და თანაც ...

ოფიციანტმა გოგონამ დერმატინისყდიან მომცრო ოქროსფრად მოხატულ  სწრაფჩამკერში  ჩაკეცილი ჩეკი მოგვართვა და სალარო-აპარატმომარჯვებული განზე გადგა,- აქოდა, ჩამოყალიბდით, ვინ გადაიხდისო ...

-ქეში გექნებათ თუ კარტით იხდით ...

-მე მაქვს ქეში და მე ვარო პლანა-ქეში! -გავურეპე მომენტალურად და მიას მარჯვენა თვალი ძმაკაცურად ჩავუკარი ...

-აი, ხო ხედავ, წინა ცხოვრებაშიც პერფექციონისტი ვყოფილვარ... მაგარ ღვინოს ისე ხო ვერ დავაყენებდი?-  თვალი ვკიდე ანგარიშის ფურცელს, მერე ჯინსიდან „ლაპატნიკი“ ამოვაცოცე და ორმოცდაათლარიანი ჩეკს უხმოდ დავადე...

ნატას ჯერ გაეცინა და მერე უცებ დასერიოზულდა...

-მაპატიე, ზარი მაქვს გასაშვები, სულ დამავიწყდა მამაჩემთან დამერეკა...გავალ, დაველაპარაკები და დავბრუნდები, ოკ?

- „პროსტო“, გიტყდება, რო ჩემი გავიტანე  და არ გინდა დაესწრო საკუთარი პოზციების ნებით დათმობა-კაპიტულაციის საზეიმო ცერემონიალს!... - კმაყოფილმა ოფიციანტის მოწვდილი ხურდა „ლაპატნიკში“ ჩავდე და დედა-შვილს გავხედე. ბიჭს ნამცხვრის ჭამა დაესრულებინა და შოკოლადის კრემით მოხატულ ტუჩებს ქალი მოდომებით სწმენდდა.

-მე თვითონ...-ბიჭი ცდილობდა ხელსახოცის გამორთმევას, დედა არ ანებებდა, მერე ბიჭმა ისევ ხელსახოცების ფარშევანგისკუდა ჩასადებისკენ გაიწია, და აქ ისევ ის სცენა განმეორდა, რაც თავდაპირველად, ხელსახოცები უწინდებურად წამოიყარა და ახლა იატაკზე გაიშალა...და ისე, რომ  ბიჭი დედის მკაცრ და გარდუვალ განაჩენს  არ დალოდებია, მთელი ჯიგრით აღრიალდა...

-ოე, ძმაკაც, კაცები არ ტირიან, -დავუძახე ბიჭს.

მაგრამ ბიჭმა ტირილს კიდევ უფრო უმატა და დედამაც უხეშად აითრია და საბოლოოდ, დასასჯელად გამზადებული ბიჭი ტირილით გაიყოლა, თან ტელეფონზე საუბრობდა, აშკარად მეუღლეს ურეკავდა, რომ დროზე მოეკითხა მისი უსაქციელო შვილისათვის, რომელიც არსად წაყვანის ღირსი არ არის და მთელი ეს ამბავი ბებია-პაპისაგან გადაჭარბებული  თავზე დასმის  გამო მოხდა... ჰო, კიდე  მეხუზლების გენების!

-ერთი იმის ტურა გამხადა, ზომიერად თავზე დასმა როგორია... მაგარი „სასტავია“!- ვთქვი, როცა ნატა დაბრუნდა..,- ისტერიჩკა დედა და ბოთე მამა...

-მამაჩემი რეანიმაციაში დაუწვენიათ ,-თქვა ნატამ და გაჩუმდა.

-რეანიმაციაში?  როდის?

-ისე ფორიაქობ, ეხლა შენც სუ ვახტანგურებში  ხარ  ღამენათევი მამაჩემთან ...-ჰემორაგიული ინსულტიაო..და მციმციმე არითმია გულის  მწვავე შეტევის ფონზე...

-წავიდეთ ...

-მოვასწრებთ!-ნატა უცნაურად გაყუჩდა და უცხო და შორეული გახდა...

-რატომ ასე ცივად?

-დამტირებელი საკმარისი ჰყავს ...ერთით-მეტი -ერთით ნაკლები ...

-ააა, მივუხვდი მე ,- სხვა ოჯახი ჰყავს?

- მამა გახსოვს?- არ მიპასუხა ნატამ .

-ვინ? სანდრო? -ვთქვი მე და მივხვდი, რომ სულ უფრო იშვიათად მახსენდებოდა ეს უტყვი, მართლა ინტელიგენტი  და უკეთილშობილესი არქეოლოგი კაცი, რომელიც ისე წავიდა ამქვეყნიდან, ერთი გადაბრუნებული სიტყვა არ ახსოვს ვისმეს მისგან -არც შინაურებს და არც გარეულებს  ... აი, ესე, ერთ დღეს, ძმაკაცის დაკრძალვიდან დაბრუნდა, ოდნავ შეზარხოშებული, „ბიჭიას ქელეხში თამადა ვიყავიო“, უთხრა დედას, მერე სოდიანი წყალი მოითხოვა, რაღაც კუჭი მტკივა და ეგებ გაიტანოსო...დაწვა, კედლისკენ გადაბრუნდა, ასე თითქოს ნაკლებ მტკივაო,  და სოდიანი ჭიქა ხელში გაუშეშა ანეტას ...სასწრაფო დახმარების მანქანა ისე, ზრდილობისათვის, სიმბოლურად გამოიძახეს მეზობლებმა, რადგან წესი ყოფილა, რომ აუცილებლად კვალიფიციურმა ექიმმა უნდა დაადასტუროს გარდაცვალების ფაქტი. რა დასტური უნდოდა, კედლისკენ მიბრუნებული, გაოცების მზერაშერჩენილი, პირსდუჟმომდგარი და მაინც ღიმილიანი, ფართოდ გახელილი ჭროღა თვალებით უფალს აბარებდა ცოლ-შვილს და დარჩენილ სასიკეთო საქმეებს, რაც ვერ მოასწრო , არადა, მერედამერე, დაკრძალვის დღეებში და ვიდრე ორმოცი შერულდა, ნელ-ნელა ვიგებდით მის დატოვებულ მადლებს, ქვაზე რო  დადო და წინ რომ დახვედრას აღარ და ვეღარ დაელოდა. მამას მამსგავსებდნენ, „სულ გამოხოხილი მამაილა მამაძაღლიაო“, - ხუმრობდა ბიძაჩემი, რაც დედას ახარებდა და ეამაყებოდა და საკუთარ დაქვრივებაზე მეტად იმას განიცდიდა, შვილიშვილებს რომ ვერ  მოესწრო სასწაული მეოჯახე და მზრუნველი მისი პირველი და უკანასკნელი სიყვარული და არცთუ დალხენილი ცხოვრების ჭაპანის გამწევი. მეც ვიცოდი, მთელი ცხოვრება ვიცოდი, რომ „სხვანაირი კაცის“ შვილი ვიყავი  და სხვა უფლება არ მქონდა და ეს „სხვანაირი  კაცის“ შვილობის ვალი სულ თან დამდევდა უჩინარ აჩრდილად.

-მაგარი ტიპი იყო მამაჩემი...

-შენ ჰგავხარ?

-ამბობენ...

-მერე ფოტოები მაჩვენე ...

-იმდენი მაქვს , როგორც ანეტა ბაზრობს ხოლმე, ნეტა ფული გვქონდეს მაგდენიო...

-ფოტოები?

-ხო , არქეოლოგი იყო და თან ფოტო-რეპორტიორ-ჟურნალისტი, სუ სხვებს უღებდა მაგარ კადრებს, მერე სხვები ხო იშვიათად მაგრამ მასაც უღებდნენ, ჰოდა, მიაქ ახლა ჩვენი სახლი ამ ფოტოარქივს...

-რა მაგარია! მაჩვენებ?

-მოვასწრებთ!

-სიტყვაში მიგებ? კაი, წავიდეთ, ოღონდ ვინც არ უნდა გკითხოს, სკოლელები ვართ და მაინცადამაინც დღეს შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს...

-ოკ, ეს მე და შენი პატარა საიდუმლო იყოს, -გავუღიმე ნატას და მხარზე ოდნავ  მივიხუტე...ნატა არ გაწეულა...

ეს პატარ-პატარა  საიდუმლოებები ურთიერთობის ყველაზე მაგარი და საიმედო დუღაბია, განცდა, რომ რაღაც ხდება ორს შორის და ეს მარტო იმ ორმა იცის და სხვამ არავინ... და არა აქვს არანაირი მნიშვნელობა, ის ,რაც ხდება სერიოზული ამბავია თუ უმნიშვნელო, სულაც დურაკული თამაში, მთავარია, რომ რაღაც ხდება და ეს რაღაც იცის მხოლოდ ორმა  და ეს უმაგრესი განცდა ცოტა დეტექტივის და ცოტა თავგადასავლის ადრენალინით გავსებს, თითქოს დადებულ ნიძლავს უგებდე მთელ სამყაროს, რომელიც ისეა თავდაჯერებული, როგორც „გარინჩა“  ყოველი ახალი „ფუტბოლის“  წინ  ბარსას „სჩოტში“  „ადინ-იქსის“ დადებისას.

. . .

სამი დღე ვერ ჩავუჯექი საკონკურსოდ დაწყებულ ტექსტებს, გადავყევი ამ სარიტუალო სახლის გახსნის ცერემონიალის დამეჯმენტება-ივენთებს.

-ეგრეა  ძმაო, - მამშვიდებს კეშა, - ვის-ვის და მკვდრებს არ ეღალატება ...

-ამას რო უყურო? -მკვდარსაც შეგაძულებს და ცოცხალსაც -გოგო დატანჯა ტო! ურეკავს და ეს „პასტაიანნა“ გასულია მომსახურების ზონიდან !- ჯიმიკო მესამე დღეა „ჯოკერს“ ეთამაშება კომპიუტერს და ვერაფრით უგებს ...

-ეხლა ჩემზე ნუ იყრი  გახიშტვის ჯავრს, გეთაყვათ!

- გახიშტვის კი არა შეტენვის!-ნახე რა ფღანღულად ჟღეღს - „ჟეტენუა!“

- არა,რა, მაგარი „ნაროდია“ ეს ევროპელები... ისე აქვთ დალოჯისტიკებული ეს დაკრძლვა-ქელეხის ამბები, სიკვდილი მოგინდება კაცს! - ლევანჩომ გელანტია-დონდუების ქორწილის ამბავზე  მაგარი ბონუსები მოხსნა და კმაყოფილია როგორც არადროს , გუშინდლიდან სუ  კეთილია და ყველა და ყველაფერი მოსწონს, თვით ცელმომარჯვებული და ანაფორა- კაპიუშონიან მოსასხამში გამოწყობილი მიქელ-გაბრიელიც კი, - მე მოვკვდე, ეგრეა!...

-ჯერ მარტო, „იმენნა“ „მოზგია“, ვინც ეს დამკრძალავი სახლი მოიგონა,ტო! რეკლამა გაიჩითება?!-სუპერ! „მოგიკვდათ ახლობელი ან ოჯახის წვერი ? დაუკვეთეთ და სუ ციმციმ დაგამარხიებთ და მოხედვას და გლოვას ვერ მოასწრებთ, ისე მსუბუქად და ლაღად იგრძნობთ თავს“...- ლევანჩო რომელიღაცა სატელევიზიო „როლიკის“ წამყვანივით დაყენებული ხმით რეკლამის სლოგანს აჯავრებს და საპასუხო სიცილს არც კი ელის ისე აგრძელებს ღადავს - „შეუკვეთე ერთი სასახლე და საჩუქრად მიიღეთ ელექტრო კონტეინერი, რომელიც ცივად შეინახავს თქვენს მიცვალებულს და სასურველ დროს დაგაკრძალინებთ!“

სიცილისგან დაოსებულები ძლივს ვიბრუნებთ სულს...

-ჰო, რა იყო? რა გაცინებთ! იმენნა ფაიზაღს ვამბობ- არ გახსოვთ, ჯეფი ბაზრობდა , ძმაო, მამამისს ბებია მოუკვდა თურმე მოხუცებულთა თავშესაფარში და არ ეცალა რა იმ დღეებში , ადგა, მაცივარში შეანახინა და რომ მოიცალა, სადღაც ორი თვის თავზე , მერე დამარხა...

-დამარხა თუ კრემაცია გაუკეთა?!

-რავი, როგორც არი რა!

- კრემაცია გაუკეთა და მერე ეს ფერფლი ქელეხის ხაშლამას მარილად მოაყარა-მისავალი იქნებაო!-ჯიმიკო მეოთხედ გაიხიშტა..

-აი, ეგ არი საბაზრო ეკონომიკა და დედამოტყნული კაპიტალიზმი!...

-საბაზრო კაპიტალიზმი არა, გამოყლევებაა ეგა!- ჯიმიკო მესამე „გეიმს“ აგებს და ბრდღვნის კლავიატურას...- ბიჭო, ღვიძლ ბებიას რო ჯერ თავშესაფარში ჩააბარებ და მერე თავის დროზე ვერ მოიცლი დასამარხად , ნორმალურია ეგა?

- იცი რას ვფიქრობდი გუშინ, რო მთლად ცუდი გამოგონება არ უნდა იყოს ეგ მოხუცთა თავშესაფარი...

-რაზე უბნობთ?- კარს აღებს სეგმენტა , წვიმიდანაა მოსული და ისეა გალუმპული, როგორც ჩვენი ოფისის ყვავილები ოლიმპიადას სარწყავი  „სასუკიანის“პროცედურების მერე...

-„ჟიზნენნი“ ნარატივების  ფრაიმ-თაიმი გვაქვს , -შაყირით უბრუნებს კეშა პასუხს სეგმენტას თავისსავე მანერაში ...

-არც გაატრაკოთ!- ზეინტელექტუალურ-ტერმინოლოგიური საუბრებიდან სეგმენტა უეცრად სრულიად გვამიწებს  და როგორც მოულოდნელად გამოჩნდა, ასევე უცნაურად ქრება თვალსაწიერიდან ...

-ეტყობა წვიმაში რო დასველდა, ეს უცხო ტერმინთა ლექსიკონი სულ გამოირეცხა მაგის ტვინიდან! - ახლა სეგმენტას შაყირზე ინაცვლებს ლევანჩო ...

-არც გაატრაკოთო-ტო! მეთქი- მომესმა თუ მომეჩვენა ? - ეგრე რა, ძლივს კაცური სიტყვა არ ამოუშვა, თანაც თავისი ნებით! - ჯიმიკო სავარძელზე შემობზრიალდება და კომპიუტერს „რესტარტს“აძლევს...

-  გუშინ, მაგალითად , ბებიაჩემმა მაგრად გაჭედა, აღარ მინდა თქვენთან ცხოვრებაო, წამიყვანეთ სადაც ჩემი ასაკის და ჭკუის ხალხი მეყოლება ირგვლივო და ადამიანურად დაველაპარაკები ვინმესო... რო დავფიქრდი, მამენტ, მართალი იყო, სარდიონოვნა... ქმარი  ქორწინებიდან მეთორმეტე   წელს გამოეცალა ხელიდან, სიმწრით დაზრდილ შვილებს განათლება მისცა და  სამსახურებში მოაწყო, ახლა შვილიშვილები წამოზარდა და დაგავაბინავა , ყველას  თავისი გზა აქვს , საკუთარი  საზრუნავი  და თავის  ჭკუაზე დადის, ქალს კიდე გული ძველებურად ერჩის და  ჯანი აღარ მოსდევს, არც არავინ უჯერებს და აღარც რჩევას ეკითხება ,  , თვალი აღარ უჭრის და გაზეთს გაჭირვებით კითხულობს, ტელევიზორი ნერვებს უშლის, უფნქციოდაა დარჩენილი და გაგიჟდა მასტი... იმას თავისი თანატოლები უხარია, მათთან საუბარი და მოგონებების გაზიარება, ვინც უყვარდა და ვისაც იცნობდა, მეტი წილი იმქვეყანას გააცილა და ენატრება ყველა...რა ვქნა? -მესმის და მომკალი!

- რაო ნატამ? -გამოვიდა კავშირზე თუ ისევ „ზასადაში“ ზის? - მეკითხება  სრულიად უადგილოდ კეშა .

- „ფეისბუკზე“ ციმციმებს, მაგრამ პასუხს არ მწერს...არც ზარებს პასუხობს  ... ნაწყენია აშკარად..

- არაუშავს, ხდება ხოლმე, „От нас и этого не ждут!“ - როგორ ამბობს ხოლმე ისა... რა ჰქვია დედაშენის დაქალს?

-რიმზი დეიდა!-აი, ვინ არის   ნაღდი მასტი!- იმ დღეს სახლში რო მივედი, ისა და დედაჩემი მომიჩოჩდნენ და ფრთხილად შემომაპარეს -თურმე ვიღაცა გოგო დაუკერიათ, რომ სტუმრად მომიყვანონ და გამაცნონ- მაჭანკლობის პონტში!

- გენახა, შეჩემა! -ეგებ შენი ბედი იყო!

-ბედი არა, ბედუინი...

-მერე არ გაუძრე ნატას ფოტო აიფონში...აი, ჰხედავ დედი , ცოცხალი მაგის ღიმს ვერ ვეღირსე, ვკვდები და მაგისი ცრემლი ზედ დამდის ...“ -გამოაჯავრა „ოთარანთ ქვრივის “ გიორგის ჯიმიკომ.

- არა, რადგან მაინც არ მოეწონებოდათ!-ნატა მაგათ გემოვნებაში ვერ ჯდება!

-რატომ? -ვერ არის 90-60-90?

-შენ? შენ თუ მოგწონს?...

-გვიანია... „პაჩტი“ დავშორდით...

-ეეეჰ! არ გამოვა შენგან არაფერი!-ეგეთ გოგოს კაცი დაკარგავდა ?- ჯიმიკო „ჯოკერის“ახალ პარტიას იწყებს ...

როგორც იქნა, ოფისი დაიცალა და ის -ის იყო ოლიმპიადამაც კარი გაიხურა, რომ ისევ ტექსტს ჩავუჯექი და მივხვდი რო სიტყვის დამწერი არ ვიყავი...

. . .

-იმ დღეს, აი სამი დღის წინ, ნატა რომ მოვიდა, მაშინ  დავშორდით საბოლოოდ , ოღონდ უსიტყვოდ და უხმაუროდ ... უბრალოდ, ორივე მივხვდით, რომ „არ უნდა დაგვეწყო, რომ არ დამთავრებულიყო“...სიყვარული მიჩვევას ვერ გუობს , ამას მაშინ მივხვდი , პირველად ამ ათი წლის წინ ნიაკო რომ მივატოვე და ერთი წამითაც არადროს მინანია... რაღაც ძალიან ჩვეულებრივი გახდა ჩვენი შეხვედრები, საუბრები, თითქოს ვალდებულებად იქცა, გახუნდა, გაიცრიცა , დაცხრა და ბებრული თვლემაც კი შეეპარა...აი ზუსტად იმგვარად,გამოქვაბულებში მთვლემარე ბებერ ლომებს სანადიროდ წასვლა რომ ეზარებათ ... როგორ შეიძლება ლომს, ბუნებით მტაცებელს, ერთ მზიან დღესაც  ნადირობა დაეზაროს ,- არადა, თურმე შეიძლება, თორემ აბა შექსპირი ამას ასე ხომ ვერ დაწერდა...   სიყვარული მაშინ მთავრდება, როცა ოჯახური თანაცხოვრება იწყება , - ეს ბევრს უთქვამს და კიდევ უფრო ბევრს გაუფიქრებია, მაგრამ თქმა ვერ გაუბედავს , სამაგიეროდ, სხვისი, ცნობილი და გამოჩენილი ადამიანის ფრაზა რომ წაუკითხავს ან გაუგონია, გულში უსაზღვროდ გახარებია, რომ მან თავად და თავისით , თავისთავად, სხვის უსწავლებლად გააკეთა ეს გენიალური აღმოჩენა... როგორები იქნებოდნენ, მაგალითად, ხოზე და კარმენი , ჯვარი რომ დაეწერათ და  შვილები გაეჩინათ, ეცხოვრათ ისე როგორც ტკბილ და „ჰეფფი ენდით“ შელამაზებულ ზღაპრებშია ხოლმე - „და ცხოვრობდნენ დიდხანს , ტბილად და ბედნიერად...“ ანდა, ვინ იცის რანაირად  გააგრძელეს ყოფა „ვეფხისტაყოსნის“ წყვილებმა... ყველაზე ყველაფერს გვიამბობს შოთა და მერე , როცა ქორწინების დიადი წუთი დგება, თხრობას წყვეტს და გვემშვიდობება...

-იმიტომ , რომ  მერე საინტერესო აღარ არის , -ამბობს ნატა და ვხედავ როგორ ადგება თვალზე ცრემლი...

...და მე არ ვიცი, რა ვუთხრა ქალს, რომელიც ტირის და რომელიც რაღაცა დროის განმავლობაში სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა, ან, იქნებ, უბრალოდ, მეგონა, რომ მიყვარდა ...

-„მეგონა“ სიყვარულში არ არსებობს!... - კეშა ბაინდერში  აკარავს ხელშეკრულებებს და კარადის თაროზე ჩამომწკრივებულ ჭრელა-ჭრულა საქაღალდეების რიგში გაჩერებული ვეება საათის გვერდით დებს...-მასე თუ გაყევი , ადამიანს სუ რაღაცა გგონია, მაგრამ  მერე ხვდები, რომ...

-შენ რომ გგონია, ისე არ არის, ისე არ არის შენ რომ გგონია “...ძლივს !- ჯიმიკომ „ჯოკერში“ მოიგო და გაბრწყინებული სახით ახალ პარტიას უბერავს , თან გვეღიღინება და საუბარში გვითრევს: -

-აი მაგალითად, ჩვენი გოგოები! ვიღაცას ხო გონია, რო მაგარი შხვართი ნაშობა იჩითება ჩვენსა, მაგრამ რად გინდა? რა ხეირი? - ჯეფის იქით არ იყურებიან ,ძმაო ...

-და რომელმა გინდა მოგაქციოს თავისი განუმეორებელი  ყურადღება? - არ უთმობს ლევანჩო...

-რა მნიშვნელობა აქვს? მე ზოგადად ვბაზრობ!

- შენ ის ანეკდოტი ხო იცი? კახელი რო პრაქტიკასა და თეორიაში სხვაობას უხსნიდა შვილს...

-ვიცი მერე?

-ჰოდა, ჩვენც თეორიულად მაგარი „ქალთა სახეები“  გვყავს, მაგრამ პრაქტიკულად სუ ბოზებში გვიწევს არჩევანის გაკეთება...

-ე!ე!ე! ეს კაცები რო შეიყრებიან, ჭორიკნობით ნისკარტი გიცვდებათ რა! - ანუკას ყური მოუკრავს ჩვენი ლაპარაკისთვის და დაბერილი  ტუჩის ცინიკური აბზუებით კარის მიღმიდან გაშლილ ხელს კუზანოვგამოვლილ ცხვირის წვერზე გვიტრიალებს  მტრედის ფრთასავით...

- ჰოი, უსამართლობავ, დედაკაცი უნდა გერქვას შენ!... აბა სხვას რას გავცვეთთ თქვენს ხელში?! - არ უთმობს ჯიმიკო ...ბიჭები კვდებიან სიცილით ...

ანუკა მარჯვენა ხელით შუათითს უჩვენებს და აზიდული  ტანის  პოდიუმისებრი და გამომწვევი რხევით ტოპმოდელივით სერავს დერეფანს ...

-აჰაა! დაიძრა არმეგედონი...ბოსის „ულიმიტო პლიუსი“ ...ასიანი უჩასთან შეტასავდა , ნიძლავს დავდებ , რაღაცას უჩალიჩებს  ეს ახვარკა...

- დასტოინად , ბიძი! შეგრცხვეს!ახალგაზრდა  ქალიშვილ ქალზე ასე   როგორ მეტყველებ?

- ერთი ეგაა ქალიშვილი და მეორე ბებიაჩემი ნაზიკო... ქალი კი არა ალქაჯია, მოიცა, მაგან აქ ამბები დაატრიალოს...

- „ნე უჩი უჩონოგო!“ -უჩამ იცის საქმე! ვის რად უნდა ეს ბოტოქსის ბოქსი? პატარას გაერთობა და მერე დაახვევინებს კანტორიდან...

- და თუ  „პროსტამც“ „რაბოჩი რომანია ?!“

- ეხლა არ მითხრათ ანუკას უჩა უყვარსო...

-„ვაი ნოთ?!“  უჩა სიპათიური, ფულიანი, რესპექტაბელური ტიპია, ქვეცნობიერში ზომიერად მექალთანე და ცნობიერში -კარიერისტი, ქიციც იცის და ქიცმაცურიც

-და ცმაცურიც!...

- იტოგში, ანუკი აბამს თუ უჩა კერავს , მაგას ძალაინაც ნუ ჩაუღრმავდებით, რამეთუ სიგარეტის მოწევისა არ იყოს, მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის...

-მე კი მგონია, რომ შეკავება მავნებელია უჩას ჯანმრთელობისთვის! ....ვაააა! ეს ინტერნეტი გადამრევს რა ... კომპია თუ ურემი , -ჯიმიკო საკუთარი „ჯოკერული“ ფიასკოს  მიზეზს კომპიუტერისა და ინტერენეტის გაუმართავობას ტენის და გემრიელად იზმორება...

-კაი ლუდს დალევდა კაცი!

-კაი ლუდი!...

- და ზედ ხინკალი ბ-ლუდით! ...

- და კაი ქაბაბი მედუქნე მევ-ლუდით!...

-აი ნაღდი ეროვნული რეპი ...შემომირბინონ თუფაქმა და ემინემმა...

-ისე კაცმა რო თქვას, რამ გადარია ეს ანუკი ამ უჩაზე , რა ჯეელები დავიყარენით ჯონჯოლივით და ეს კიდე ამ ლამის მამის ტოლ კაცს ეტორღიალება !

-ფული, ბაბა, ბევრი ფული! ...

-„Любовь зла-полюбишь и козла!“ ჩამესმის რიმზი დეიდას სიტყვები ...

...არა, ეს რიმზი დეიდა არაა, უფრო ელენე მიხეილის ასულის საყვარელი სენტენციაა და ყოველთვის , როცა უმზერს საკუთარი ქმრის პორტრეტს , ეშმაკური ღიმილით წრუპავს თურქული ყავის უშაქრო პორციას და პასეანსის მორიგ პარტიას შლის .. .

-ელენე? ეგ ვინღაა? -მეკითხება ნატა და ეჭვის თვალით შემომყურებს , თითქოს ქალურად ეჭვიანობდეს...

- ელენე მიხეილის ასული ჩემი საკონკურსო რომანის პერსონაჟია და მე საოცრად მახალისებს მისი არსებობა ჩემს  ტექსტებში.

-ააა, გასაგებია... მე ვაჟიკა- ხვარამზესეული  სიყვარულის მსგავსი ურთიერთობის მომხრე  ვარ ...- აბრეხვებს უცებ ნატა...აშკარად ღელავს და სიგარეტს სიგარეტზე უკიდებს ...

-შენ ძალიან შეიცვალე , -ვამბობ მე ,- უწინ უფრო ირონიული და მსუბუქი იყავი, აი როგორც „კრემ-რულე“, ეხლა კი რაღაცნაირად შემძიმდი , როგორც მარგარინზე შეპუნტულებული  ოცკვერცხიანი ტორტი...

- ეტყობა შენსავით პერფექციონისტი გავხდი...

- ანუ დაგიმსგავსე?!...

-არ ვიცი, იქნებ მუდამ  ვიყავი და რაც შენ გაგიცანი, მხოლოდ მერეღა მივხვდი ამას ...

- ეგ საინტერესო თეორიაა... მე ამ ამბავს ჩემს რომანში გამოვიყენებ ...

- და ვიღაც წაიკითხავს და იტყვის, რომ ცხოვრებაში ასე არ ხდება ...

-აქედან მატივი დასკვნა - „პერფექციონიზმი ყველა დროსა და ეპოქაში მყარი ვალუტაიყო,არის და იქნება!“ მაგარია! ...

-და მაინც , ხდება ! ხომ იყვნენ , ხომ უყვარდათ , ხომ შორდებოდნენ და მაინც უყვარდათ ...

- ამისთვის მე და შენ ჯერ უნდა შეგვიყვარდეს ერთმანეთი , მერე დავშორდებით, მერე ავდგებით და ცალ-ცალკე დავქორწინდებით, მერე შენ ბევრჯერ ჩახვალ წყაროზე , რომ ერთხელ მაინც შემავლო თვალი  ცხენით მომავალს, მერე წვიმიან დღეს წკნელის პატარა მესერს შემოავლებ ჩემი ცხენის ნატერფალს , რომ დიდხანს შერჩეს სველ თიხნარ აღმართს მისი ნაკვალევი, მერე დაწერ სატრფილო ლექსებს და თაობები გატაცებით იმღერებენ და მაინც ჯიუტად იტყვიან, რომ ცხოვრებაში ასე არ ხდება ...

-   იცი, ჩემი ფანჯრიდან ერთი მთა მოჩანს თოვლიანი მწვერვალით ...-ნატა სიგარეტის ჩაქრობას ცდილობს, ნამწვი იფშვნება და გაღვივებული ნამცეცები თითებს უწვავს ... -იცი რამდენჯერ მიფიქრია, რომ როცა მოვკვდები , იქ, იმ მთის წვერზე მექნება  პატარა , სადა და მყუდრო ფიცრული ქოხი , ერთი თვალი ოთახითა და ფირუზისფრად შეღებილი კარ-ფანჯრით... ქოხს ექნება პატარა საბუხრე და საკვამური და როცა ქარი აზუზუნდება და თოვლს წამოყრის, ცეცხლის ტკაცუნით შევხვდები ზამთრისპირს და საკვამურიდან ადენილი თეთრი ღრუბელი ჩემს ამბავს მოწერილი ბარათივით წვრილად  გიამბობს, მერე მოვა გაზაფხული და  როცა თოვლი გადნება , უამრავი ია, შროშანი, ფურისულა, ზამბახი და ენძელა ამოვა და ფერადი ქვებით მოკირწყლული ბილიკი ჩემამდე მოგიყვანს და მე დაგხვდები ქოხის პარმაღზე ბედნიერი და მშვიდი , და ხელს დაგაბანინებ, როგორც ძველ დროში ცოლები ხვდებოდნენ ნადირობიდან დაბრუნებულ ქმრებს , მოშიებულებსა და დაღლილებს, გავშლი სუფრას და მაგიდასთან მოგიხმობ , მერე გვერდით ჩამოგიჯდები, დავქარგავ ქათქათა პერანგის გულისპირს მეწამული ძახველის კუნწულებით  და ღიმილით გადევნებ თვალს, როგორ გემრიელად შეექცევი ჩემი ხელით მომზადებულ ნანადირევს და ეს იქნება ჩვენი საუკეთესო პაემანი ...

- შენ პოეტიც ყოფილხარ...ბოჰემა და რამე! ...„Bohem style every where“...

-ეგ რას ნიშნავს?

-დაიკიდე, დიზაინერების საიტია ეგეთი...მერე შედი და დაათვალიერე...მაგრად გაგისწორდება!

- არაუშავს , გადავიტან მაგ შაყირს...

-განაგრძე...

-რომანში გამოგადგება არა?

-მაშინ მე გავაგრძელებ... მერე შენ შეკრავ გვირილების გვირგვინს , დაიდგამ ჯვრისწერის დიადემად , მე კი ყაყაჩოებს დაგიბნევ გულისპირის საკინძეზე და ჩვენ ვიქორწინებთ ...

-ცინიკოსი ხარ!

- რატომ მიტრაკებთ ,ოფელია? ...ისე, სექსის სცენები იქნება,  თუ თვრამეტი პლიუსი ადევს ტიტრად მაგ შენს ვირტუალურ ანიმაციას? ...

-დეგენერატი! ...

ნატა მიდის  და მე არ ვცდილობ მის შეჩერებას  , რადგან არ მინდა ჩვენი ურთიერთობა უნიჭო , ყალბი, იაფფასიანი სერიალის 275-ე სერიას დაემსგავსოს თავისი ფსევდოსენტიმენტებით...

. . .

-როგორ გაუხეშდი და გაუცხოვდი! ვეღარ გცნობ! -ანეტა მწვანე ლობიოს არჩევს და თან საღამოს საინფორმაციოსკენ აპარებს თვალს...

-რა გინდათ ,დედა?- ამ თ-ს გამოთქმით და მანერულად გამოვთქვამ, როგორც ძველებური რომანის გმირი...

- ხო, ხო, იანგლე შენებურად და ეგ მაიმუნობა გიშველის...

- და ხომ ვერ მეტყვით, დედავ ბატონო, რა მაქვს საშველი?

- სარკეში ჩაიხედე და მიხვდები!

- ჩავიხედე -მერე?

-მერე ის, რომ ცივი და ცარიელი თვალები მიყურებს და მე აღარ ვიცი, შვილი მყავს თუ არა...

-ცივი და ცარიელი ... რა სიტყვებია, რა ბგერათა შეხამება...„რა მხნე, რა მდიდარი, ჟღერს ქვის ჰარმონია, მღერის რამდიდარი!“  ცივი და ცარიელი !- და თან ორივე ც-ზე რომ იწყება!

- რა პასუხია ეგ!

-რა კითხვაცაა, ისაა -პასუხიც!

- ხომ შეიძლება ერთ საღამოს მაინც ადამიანურად  დამელაპარაკო და  წნევამ არ ამიწიოს?

ანეტას ხმა ებზარება და ლობიოს ღერს ვერ იმორჩილებს რომ ყუნწი წააწყვიტოს და ქვაბში ჩაუძახოს ...

ეეჰ, ნამდვილად დამიბერდა დედა... არათუ ცხრათვემუცელნატარები და სიმწრით ნაშობ-გამოზრდილი პირმშო, ლობიოც  ღერიც კი არ ემორჩილება ...

-კარგი, ვიბაზროთ, რაზეც გინდა და რამდენიც გინდა... მე მზად ვარ თქვენს ყველა ბლიც ჩამჭრელ შეკითხვას ამომწურავი პასუხი გავცე, თვით ია ფარულავას  „ფარული კონვერტისასაც“ ...

-ჩაუწიე...

მე მორჩილად ვიღებ პულტს და ხმა ვაკმენდინებ უმრავლესოვბის „ფეისს“ მწყაზარი ღიმილით რომ გვიამბობს მმართველი გუნდის დიდსა თუ მცირედ გამარჯვებებზე ...

-გისმენთ, ქალბატონო ანეტ!...

- მე მინდა ვიცოდე, რას აპირებ?

-შეიძლება ჩაგეკითხოთ, რა პონტში?

- რაო?

-თქვენ ვერ გამიგეთ, მინდოდა დაგეკონკრეტებინათ შეკითხვა , დღეს რას ვაპირებ თუ...

-საერთოდ , ცხოვრებაში...

-ოოოო, ანეტა ვახტანგის ასულო, რატომ მადგამთ მაზოლზე ფეხს? მე ხომ მტკივა ეს დედააფეთქებული პოდაგრებიანი ფეხი?! - ვცდილობა რამაზ ჩხიკვაძის რიჩარდ მესამეს მივბაძო უტრირებული ინტონაციით მძიმე და სერიოზული საუბრის თემა შედარებით მსუბუქ „პალასაზე“ დავსვა,   მაგრამ...

-გულწრფელად მითხარი, შენ ფიქრობ რომ სწორად ცხოვრობ?-„კანდროლკას“ მასვამს შუბლის ჯვარში ანეტა და მაშეშებს...მე არ ვიცი, რა ვუპასუხო  ამ რიტორიკულ კითხვაზე, რომელიც არაერთხელ დამისვამს საკუთარი თავისათვის ...

...ერთხანს ორივე ჩუმად ვართ, უფრო სწორედ მე ტელევიზორის პულტს ვაწვალებ: ხან ავუწევ ხმას ტელევიზორს, ხან ისევ ვაკმენდინებ და ძალიან სასაცილოდ გამოდის: ტელეეკრანიდან ახლა რომელიღაცა არასამთავრობოს ცნობილი „სახე“ გაშმაგებით ლაპარაკობს და ცდილობს, რამენაირად მოასწროს და მთლიანად ჩაატიოს საკუთარი სათქმელი იმ მცირე დროში, ვიღაც გამოუცდელი ჟურნალისტი გოგო რომ იმეტებს მისთვის „ლაივში“, არადა ამ სათქმელზე იმდენი რამაა დამოკიდებული... აი თუნდაც ნოდარკი, სოფო, თორნიკე, ქეთი-ყველამ კაი ხანია თავს უშველა და გადაბარგდნენ სახელისუფლებო ვერტიკალის სხვადასხვა შტოში  განსხვავებულ საფეხურებზე ... მოკლედ , დაირიგეს პოსტებ-კაბინეტები და ერთხელ და სამუდამოდ დაისვენეს - მიდი და ეხლა სხვა ელოდოს, დააფინანსებს თუ არა რომელიღაცა დონორი ახალ გრანტს, და საერთოდაც , იქნება თუ არა ახალი პროექტები და შესაბამისად ხელფასები ...

-„ბულინგი“...„არა, ძალადობას!“... „გამოწვევები“... სუიციდის მცდელობები“... „კონტრარგუმენტები“... ნაწყვეტ-ნაწყვეტა ფრაზებიდან სავსებით გასაგებია სიუჟეტის არსი და პათოსი და ისიც,რისი თქმა სურს მის გამაპიარებელ ტელეარხს...

-პულტს დაანებე თავი  და მიპასუხე!

დედა შეტევაზე გადმოდის და ლობიოს უკანასკნელ ღერს გამეტების აწყვეტს ყუნწს და მე ვგრძნობ, დედაშვილური სიყვარულის ქვეცნობიერი კავშირ-ფლუიდები რომ არა, მეც სიამოვნებით წამაწყვეტდა ყინწს.

-რატომ მაბულინგებთ , ქალბატონო ანეტ?! იცით, მე თქვენ სტრასბურგში გიჩივლებთ!

-მე რომ აღარ ვიქნები, მერე მწარედ ინანებ, მაგრამ გვიანი იქნება...თუმცა ვინ იცის, იქნებ , პირიქით დაისვენო კიდეც ჩემგან ... ქარივით თავისუფალი იქნები და ჭკუის სწავლებასაც არავინ დაგიწყებს... ,- და ანეტას ხმა ებზარება...წამიც და ატირდება  ... არ ვიცი, რა უჩუყებს გულს, საკუთარი დაკრძალვის პროცესიის წარმოდგენა თუ ჩემი ამქვეყნად მარტოდ დარჩენის შიში, მაგრამ ამ წუთებში საოცრად უმწეო ხდება და ამხელა ოყლაყს რომ არ მრცხვენოდეს, უწინდელივით ბავშვურად კალთაში ჩავუდებდი თავს და მწარედ ავქვითინდებოდი ...

- -„ოე, ძმაკაც, კაცები არ ტირიან,“-მახსენდება საკუთარი ფრაზა, , სანამ ნატას ვუცდიდი,  პატარა ბიჭს რომ დავუძახე ერთ დროს კაფეში , ეეეჰ, კაი დრო იყო ...

- იცი, რამდენჯერ წარმოვიდგენ რომ მოვკვდი და შენ სრულიად მარტო დარჩი...ვიცი, კაცი ხარ და არ დაიკარგები, იზამ რაღაცას , ეგებ იმაზე უკეთესადაც იყო, ვიდრე ახლა ხარ, სულაც დაჰკრა ფეხი და სადმე წახვიდე შენი ბიჭებივით, ან გერმანიაში, ან შტატებში...ფული იშოვო, ქალი გაიცნო, ბავშვს რომ გაგიჩენს და უშილძიროდ არ გადაშენდე... შენ გგონია, მე ვერ ვხვდები, რომ მე მიფრთხილდები და ვერ მტოვებ მარტოს...გეცოდები და თან ბრაზობ , რომ შენს ცხოვრებაში ვცდილობ ჩარევას , მაგრამ ჩემიც მოისმინე და შეეცადე, გამიგო...მეშინია, ძალიან მეშინია... განსაკუთრებით იმის მერე, მამაშენი რომ დავკარგე... პირველად სულიერად და მერე ფიზიკურადაც... როგორ ვერ მივხვდი... ვერ გამოვიცანი, სულ მგონია, რომ მისი გადარჩენა შემეძლო... უბრალოდ ცოტა მეტად უნდა ვყოფილიყავი ყურადღებით... არ მინდა, შენც ასე დაგემართოს , ჩემი შეცდომა დაუშვა, და მერე მთელი ცხოვრება ინანო და თავი დაიდანაშაულო... ვიტანჯები, არის დღეები, რომ სიკვდილს ვნატრობ, მაგრამ თავს ვერ მოვიკლავ, შენ ამ ტკივილს  და შეურაცხყოფას ვერ მოგაყენებ...დედა გაჩუმდა და უხმოდ მოიწმინდა ცრემლი...

-მაპატიე, მაგრამ ოდესმე ხომ უნდა მეთქვა...

„მაპატიე“ კი არა, მიწა გამსკდომოდა ის მინდოდა... სულ მთლად დავსველდი და ვგრძნობდი, როგორ მიხურდა კეფა , ოფლის წვეთები ნაკადულივით მიუყვებოდნენ ხერხემლის მალებს და სადღაც კუდუსუნთან იკარგებოდნენ... არ ვიცი, რამდენ ხანს გაგრძელდა  შემზარავი პაუზა...

ანეტამ თვალცრემლიანმა შემოხედა და მშვიდად მითხრა:

-მოდი ჩემთან !

და როგორც პირველი კლასის პირველ სექტემბერს, სკოლაში რომ ძალით დამტოვეს და გვარიანად ნაღრიალებს გაკვეთილების დამთავრების შემდეგ მომაკითხეს, ზუსტად იმგვარი განცდა დამეუფლა , კი არ მივედი, მივვარდი ანეტას და ხელებზე და მხრებზე კოცნა დავუწყე , მერე ცრემლიანი თვალებზე გადავინაცვლე  და ცრემლნარევი ნერწყვი გადავყლაპე... ანეტამ სახე სახესტან მომიტანა და თავდაჯერებით მითხრა:

-დაიხსომე - სანამ ოდნავ მაინც გჭირდები ,  არ მიგატოვებ და აღარსდროს გკითხავ რაიმეს, სანამ თავად არ გაგიჩნდება მოყოლის სურვილი,  გპირდები ...

ერთხანს ასე ვიყავით, გაყუჩებულნი და ჩახვეულნი, დედა აღარ ტიროდა, შეთხელებულ თმაზე მეფერებოდა და მთელ სხეულში სასიამოვნო ჭიანჭველები დამირბოდნენ, სწორედ ისე, ბავშვობისას ძილის წინ რომ ვეხვეწებოდი თავზე მასაჟი გაეკეთებინა და ისიც რაც არ უნდა დაღლილი და უძილო ყოფილიყო, მორჩილად მისრულებდა ამ უწყინარ ბავშვურ სურვლს. თავადაც ბედნიერი, სიყვარულით მექაჩებოდა ზღარბის ეკლებივით აკრეჭილ სწორ და უხეშ თმაზე ... ჭურჭლისა და სარეცხის რეცხვისაგან დაშაშრული თითები მსუბუქად დასრიალებდენ საფეთქლიდან კეფისკენ და უკან... და მეც თავი ის პატარა ბიჭი მეგონა, დედა კაფეში რომ უჯავრდებოდა და სადამსჯელო ნამცხვარს იძულებით აჭმევდა და მაინც ბედნიერს მეღიმებოდა, რადგან ვიცოდი, რომ დედა , რაც არ უნდა გაბრაზებული და ნაწყენი იყოს შენზე, მაინც გაპატიებს და იოლად  დაგივიწყებს ყველა შეცდომასა და შეცოდებას...

. . .

-უცოდველი ერთი ქრისტე ღმერთი იყო, ვის არ მიუქარავს, მაგრამ ეგერე?! - ლევანჩო გატეხილშია, რომ მაგარი საქმე გოიმივით დააწერეს და ეს ყოველივე ,არც მეტი, არც ნაკლები სეგმენტას ხელიდან გაიმაზა...

-დებილია ეგა?! - კორპორატიული სოლიდარობის ამბავში ბუინობს ლევანჩო , თორემ ისე ფეხზე ჰკიდია უჩას მენეჯმენტის წიაღსვლები, კანადის ვიზას ჩალიჩობს და, ჰა-და-ჰა, აფრინდება ბუდიდან - როგორ ვერ მიხვდა, რომ ახევდნენ ...

-როგორც შევხედე , ეგრევე მივხვდი რომ სრული გოიმობა და ყანა იდგა ჩემს წინ , მაგრამ ეგენი არიან, რო არიან შებერტყილები და სტერვები...

-უჩამ რაო?

-ბონუსებს ნიტოჩტო ამ თვეში , ვაფშემც, ამ კვარტალში და სრულიად ამ წელიწადში დაემშვიდობეთო ...

-ეგეც ატრაკებს და უხარია! რა, არ იცის, ვის ინტერესს დაეჯახა სასტავი?

-ინტერესი-მინტერესი არ ვიციო, მაგ მაყუთს თავად მოიწველებითო, თუ არად ააახვევთ აქედან და იმას მოვიყვან, ვისთვისაც ცხოვრების აზრზე ყოფნა მუნდირის ღირსების თემააო...

-ჰა-ჰა-ჰა! უჩამ თქვა ეგ ყველაფერი?

-ნუ, თავისი სიტყვებით თქვა, მაგრამ არსი ეგ არი  რა!

-აუუუუ, ეგეც კაი გოიმია ხო იცი?! ცხოვრების აზრზე ყოფნას რას ეძახის, თუ ძმა ხარ!- მთელი თავის „პრადვინუტი“ საძმაკაცო რო დასცინის ამ „ფრითივუმენზე“ ეგ არ არის „მუნდირის ღირსების“ საკითხი და რამე?

-აბა „ფრითივუმენი“? ანკა?

-ანკა, შმანკა, გატყდა ბანკა ...

- შენ ანკა უძახე და კი ატრიალებს ქოჩორზე ამ შენს ევროპა-ამერიკებში ნავალ უჩას...

- ჯერესერთი, ანუკი და არა ანკა...

-და მეორე?

- ამერიკები და ევროპები რო საქმე შველოდეს?!...

-რა გინდა ბიჩებო ჩემი ამერიქა ხელი ვის შეუშალა? - კარებში ჯეფი დგას და ყველის ვაჭარივით იკრიჭება...- აშკარად ნაყლაპშია და ასეთ დროს მზადაა ციდან, მზე ,მთვარე და ვარსკვლავები მოგიწყვიტოს და ფეხქვეშ გაგიფინოს ...

-„ჰოპა, ჰოპა, ჰოპა

ამერიქა, ევროპა,

ანგლია, კიტაი,

ვისი სული გსურს?“ - ნეტა ვინ ასწავლა ჯეფს ეს დურაკული გათვლა, იმის ტვინში ჩამახედა...

-ჯეფიკო, ჯეფიკო, გუშინ შეთან ვინ იყო?-ეკაიფება ლევანჩო...

--ვინ იკო?-მამიდა, გაუშალა მაგიდა..- მესამე ხმას ამბობს კეშა...

- ქხველამ თავისი ბოზი მამიდას მოუაროს ! - ეს აშკარად ჯიმიკოს ხელწერაა, - პირველივე რაც ჯეფს ასწავლა, „ბოზიშვილი ვიყო!“ და „არც გაატრაკო!“ იყო ...ეს ორი მაგიური ფრაზა, უმალ ეროვნულ კოლორიტს რომ გაგრძნობინებს და გულს აუჩუყებს ნებისმიერ ქართველს უცხოელის ბაგეთაგან განაგონ ამ ორ ჯადოსნურ გამონათქვამზე...

- ბიჩებო, იდეა არის ! - ქხვალ ბარსა-რეალი თამაშია და მე თოთალიზათორში გეპათიჟებით ...ოგღონთ ვინ მეტხვის რა დავდო : პენალთებზე თუ პროსთა?

- ა, ბედნიერი კაცი ! - ლევანჩო მხარზე ძმაბიჭურად ხვევს ხელს ჯეფს და ყურში ეჩურჩულება ...

ჯეფი იცინის და მკერდში მუშტს უბრაგუნებს - ბოზიშვილი ვიქო! ბაზარი არ არი!

-ეხლა ნახე , მთელ ხვალინდელ მაყუთს დღეს ბოზებში დაახარჯვინებს ... კაროჩე , მე ჩემი დღევანდელი საკეთებელი, პატიოსნად ვაკეთე  და ვინც ჩემზე მეტი იპახავა , ღმერთმა და უჩამ გაუმარჯვოს! ...

ნაცნობი სურათია : „იასნია“, ლევანჩო  და ჯიმიკო ნაშებს ააგდებენ და ჯეფსაც შეახვედრებენ თავისას , ჰოდა, წავა დილამდე „გათენებულა, გამიშვი, გამიჯავრდება დედაო!“

-ტსავიდეთ,ჰო?!-თვალს უკრავს ჯეფი კეშას...

კეშას მანქანა დაუტოვებია პროფილაქტიკაში და უნდა მიაკითხოს ...

-რა მექალება. დაიცა, თუ ძმა ხარ! სამი კვირაა დამატარებენ ეს შობელ-ლეიტენანტები „დაშლილებში“ და მაინც ვერ ვუშოვნე ეს „სვეჩები“ და „რემენი“...-ბურდღუნებს კეშა და ხელოსნის ნომერს კრეფს მობილურზე.

-ზმაო, დაიმაჰსოვრე ოქროს ცესი- მანქანა შენ უნდა იქხმარო  და არა პირიქით!... -ასწავლის ჯეფი ...

-გიჯერებ! -ხელებს უწევს სიცილით კეშა, ამასობაში ზარიც გადის და ჯეშა მობილურზე ლაპარაკ-ლაპარაკით გადის ოფისიდან .  მე კეშას ვეტორღიალები, ვითომ რამე სალაპარაკო  მქონდეს და ქუჩაში გამოვდივართ...

-ხვალემდე! -ვემშვიდობები და ქუჩას გავყურებ... ქუჩა უკაცრიელია და წვიმაგადავლილი... მიყვარს ცარიელი და ნაწვიმარი ქუჩები  და  ფიქრში სუ გაგა ნახუცრიშვილის „შუქნიშანი“ მოდის  ...ზებრა გადასასვლელთან მოხუცი კაფანდარა მათხოვარი ქალი  დგას და მწვანის ანთებას ელოდება ...ტანთ სამი ზომით დიდი ტანსაცმელი აცვია და როგორც საკიდელზე ,ისე ფრიალებს ქარში მისი ასაკისა და ტანის შეუსაბამო დიდრონი ყვავილებით მოხატული კაბა-ხალათი... ხელში ტილოს ტოპრაკი  უჭირავს, ტოპარკზე სლოგანია, ეტყობა რომელიღაცა ფემისნისტურ-ბულინგ-თემის თრეინინგიგავლილმა ტიპმა აჩუქა :  „ნუ გამათხოვებ, მამა!“ და შიგნიდან მწვანილისა და ბოლოკის და სალათის ფურცლის რამდენიმე კონა მოუჩანს  და შავი პურის წვერი -დღევანდელი დღის ნანადირევი ...

უცებ მინდება მივიდე და ლექსი წავუკითხო, კეშას თავს ვანებებ , ჩქარი ნაბიჯით ვუახლოვდები მაწანწალას  და  ხელში ატატებული გადამყავს ქუჩაზე ... თან გაგას „შუქნიშანს“ ბუტბუტით ვმარცვლავ:

„უკვე მოგონება მივეც ანათემას...

უკვე დავივიწყე შენი სუსტი ტანი...

ღამის მარტოობას ისევ ანათებდა...

ქუჩის მოწყენილი სველი შუქნიშანი “...

მოხუცი სუსტია და უწონო, მაგრამ მაინც ვიღლები და მძიმედ ვსუნთქავ...ქუჩაც განიერია და პირველი სტროფი მხოლოდ უსაფრთხოების კუნძულამდე მყოფნის ...

„დავთმე სიყვარული, მაინც არ მეძინა...

თითქოს მომყვებოდნენ ძველი აკორდები...

მერე ჩემს გრძნობებზე ცივად გამეცინა ...

მივხვდი, აღარსდროს აღარ გავლოთდები“...

-რატომ უნდა გალოთდეს შენნაირი კარგი ახალგაზრდა ? დამსვი, შვილო, ცოდვა ხარ! -ვეცოდები ბებოს...ქალს აშკარად ვერაფერი გაუგია და უმწეოდ აცანცარებს გამხდარ და დაძარღვულ ხელებს ჩემს კეფასთან ...

„„ქუჩა სიბნელეში თითქოს ნახაზია...

როგორ იცვლებიან სახლთა ფიგურები...

ყოფნა უშენოდაც ისე ლამაზია...

შენსკენ ,დამიჯერე, აღარ ვიყურები“...

-შენ გაიხარე, ბებიამ გენაცვალოს, მე რა საყურებელი ვარ?! - და მოხუცი ქალი სანამ გონს მოეგებოდეს, უკვე მოპირდაპირე მხარეს, ილუმინაციიით განათებული ვიტრინის წინ დგას , დაბნეული და გაოგნებული...

-ეეჰ, შვილო, ძნელია ცხოვრება,  ძნელია, კი, დედა, ძალიან ძნელი...

-რას კადრულობ ,ახალგაზრდა, დედის ტოლაა, თავის გაჭირვება ეყოფა  და შენ კი მასხრად იგდებ ? - ვიხდები და ვიღაც საშუალო ასაკს გადაცილებულ ჯეელს ვაწყდები , დაბღვერილი მიმზერს და სათვალის მიღმა გველივით მოწკურული ჭროღა თვალებით მბურღავს ...ისეთი სიფათია აქვს, კინოებში ოცდაჩვიდმეტის რეპერესიების „ტროიკებში“ რო გამოჰყავთ ხოლმე რეჟისორებს , აპარსული თავითა და ნაჯახა პროფილით...

-წატი შენი!

- ეხლავე პატრულს გამოვუძახებ, შე ნაძირალა, ვის უბედავ? ნაბიჭვარი! ...

მამაკაცის ლანძღვა -გინებაზე უკაცრიელი ქუჩა წამში გამვლელებით ივსება და გაცეცხლებულ კაცს გარს ეხვევა, ან საიდან გაჩნდნენ ამდენი ცნობისმოყვარე მოწმეები, თავად მიკვირს, მაგრამ ახლა ამის დრო არ მაქვს : აშკარად შარში ვარ!  არეულობით ვსარგებლობ და გაჩერებულ სამარშრუტო ტაქსიში ვუჩინარდები ...

. . .

ვადის მაოწურვამდე დარჩა 3 დღე... მაგრად გავიჭედე ... ვერ გადამიწყვეტია პირველ ტექსტს დავუბრუნდე თუ ახალი გავაგრძელო... რა თემა უფრო იმუშავებს...

-ცხოვრებაში მთავარი რა არის? -რიტორიკულ კითხვას სვამს ქირონა და ჭერში მეათიათასედ ითვლის სანათებს , - კომუნიკაცია- ეტა რაზ!... სწორი სტრატეგია - ეტა დვა!...

-მიდი...დააბოლოვე!

- ამბავი- მეობა-გაგება! - ეტა ტრი !

-ძალიან გთხოვთ, ოკუპანტის ენაზე ნუ გვაწავლით ჭკუას ! - ჯიმიკო ფლიპჩარტს ამაგრებს დაფაზე და მარკერით ჩამოწერს მიმდინარე პროექტებს ...

-საქმე გვაქვს „დო ყელო!“

- საქმის დედა მოტა! -მაგას ზაპროსტა მივხედავ, შენ ის თქვი, რო  ვადებში ვიწვები  ...

-„ნამიოკი“მიღებულია... -ქირონა თვალს უკრავს ჯიმიკოს და უხმოდ ტოვებენ ოფისს...

მიყვარს გაგებული ხალხი ...

-შევყურებ მოციმციმე მონიტორს და ... მორჩა ,გადაწყვეტილება მიღებულია , ძველს მივხედავ ... რეტრო პონტი ასწორებს ...მაინც უცხო იქნება თემებში ... დღეს მაინც ყველა თანამედროვე სიტუაციებს აწვება, ან საკუთარ  ცხოვრებაზე წერს, რადგან გონია, რომ გულახდილობით და პირადულით ფონს იოლად გავა ... მაგრამ მარტო აღსარების წერა ლიტერატურაში საკმარისი არ არის, უფრო სწორედ , მაგ მატარებლემა ჩაიარა და ბევრმა მოასწრო ახტომა ...-მისთვის ჩვეული ემოციურობით ღელავს ტურიკა  „შუადღის შოუში “...-„ფანტაზია აკლიათ დღევანდელ ავტორებს... ფანტაზია და თავგადასავალი ... შთაბეჭდილება და გამოცდილება მხოლოდ თავგადასავალს მოაქვს ... ჭუჭრუტანიდან დანახული სამყაროთი ვიღას გააკვირვებ? შეხვალ, დაგუგლავ და მოივლი დედამიწას  ანტარქტიდიდან არქტიკამდე და პირიქით ...რა მერე? იქნება უინტერესო აღწერა და მეტი არაფერი... შენ შენ ამბავი მიამბე , დამაჯერე, მაცინე, მატირე, თავი შემაზიზღე, მერე შემაყვარე , მითხარი რამე ისეთი, მეც რო ვიცი, მაგრამ “...

წაშლილ ტექსტს ნაგვის ურნიდან „Restore“-ის ერთი დაწკაპებით უკან, „Desktop“-ზე ვაბრუნებ

...სად გავჩერდი? ჰო...აი, ვიპოვე...

„...მზიკოს ხელში ლურჯ-მოიისფრო ზამბახი უჭირავს  და თავადაც ყვავილს ემსგავსება -იერით, სურნელით, „გრძნობათა ბუნებით და ფერთა გამით“ , როგორც იტყოდა პროფესორი იოანე შარაშენიძე ...

მზიკო... მზიკო კი არა მზია...მზია ერქმეოდა, ფაიზაღი...ეს „კო“ გვიანდელი ფორმაა: ლიკო, თიკო, თაკო, ბაკო, პაკო... ვისთვის ფამილარობის, და ვისთვის შინაურულობის  გამოხატვის ფორმა, არადა, როგორ იმსგავსებს სახელი ადამიანის ნატურას... მიიბამს ამ „კოს“ და ეგრევე ინფანტილური ხდება ... ინფანტილური და უმწიფარი  ეგოისტი, რომელიც გაურბის პასუხისმგებლობას და ეგოისტდება, არ აღიარებს, რომ გაიზარდა და ახლა თავადაა ვალდებულების აღმსრულებელი, ჯიუტობს, თვითდამკვიდრებას უაზრო პრინციპების დაცვის ხარჯზე ცდილობს...

„ქალიშვილები წამით მდუმარედ ტკბებიან ერთმანეთის მშვენებით, თუმცა მზიას მალევე ეცვლება სახის ფერი და შეწუხებული მისჩერებია მეგობრის კაბას ...

-საჩქაროდ გამოიცვალე...ჩურჩულით ამბობს და ფითრდება  და ქალიშვილს არ ესმის რატომ უნდა დაუჯეროს  დაქალს, როცა ასე უხდება და გამვლელნიც თვალს ვერ სწყვეტენ მის ჰაეროვანი ზღვისფერი  ქვედაბოლოს რუჭრუჭებს, შავი ჯაჭვის არშია რომ შემოგრაგვნია და ხაზს უსვამს სილუეტის ჰარმონიულ ჭრილს...

-ფაშისტური სვასტიკებია, სულელო, რამ გაყიდინა, დაგიჭერენ  და გადაგასახლებენ ...-ისევ ჩურჩულით ამბობს მზია და მეგობარს შეშფოთებით აგდებს უახლოესი კორპუსის  სადარბაზოში... -აქ დამელოდე... სანამ ჩემს კაბას მოგიტან, ფეხი არ მოიცვალო ... მალე დავბრუნდები !... -და აჩქარებით ტოვებს შეშინებულ და გაოცებულ ქალიშვილს უცხო და უკაცრიელ დასარბაზოში...

სადარბაზო ტიპური სტალინური არქიტექტურის ნიმუშია, პარადულად მონუმენტური და დიადი, განიერი დერეფნითა და მარმარილოს კიბით, თეთრად შეღებილი ატყორცნილი სვეტებითა და თაღით, რომელსაც ბელადების ბარელიეფები ამშვენებს ორივე მხრიდან ... ბარელიფები თაღის კამარას აბოლოვებენ და  ვალოდია ულიანოვისა და იაკობ ჯუღაშვილის პროფილებით ერთმანეთს უმზერენ- თითქოს ერთურთს რაღაცას ეუბნებოდნენ...

ქალიშვილი თვალს ავლებს  ინტერიერს და ლენინ-სტალინის დანახვაზე კიდევ უფრო მეტი დაბნეულობა და შიში ეუფლება, მთელს ტანში სიცივის ჟრუანტელი უვლის და უსიამოვნო ტაო აყრის...  მზერა საკუთარ თავზე გადააქვს და დაკვირვებით ათვალიერებს  ახალი კაბის კალთებს... როგორ ვერ დაინახა, როგორ ვერ შეამჩნია, როგორ ვერ მიხვდა, თუ რატომ მიჰყიდა იმ რუსმა ებრაელმა ქალმა ასე იაფად  ბაზრობაზე... ფაქტიურად თავიდან მოიშორა ეს ტროფეის  ნაკუწი- საბჭოთა კარისკაცების სამარცხვინო ნადავლის  კიდევ ერთი არტეფაქტი...არადა, გროშებში იყიდა ეს უძვირფასესი აბრეშუმის კაბა ...

„-Бери роднинкая... Даром даю!...- ფაციფუცობდა ქალი და თვალს არიდებდა ქალიშვილს ...წამით გულში კი გაჰკრა ეჭვმა, რომ ძალზედ საეჭვოდ ცდილობდა ქალი მისთვის ასე  იაფად კაბის შეძლევას, მაგრამ ადამიანი ხომ სუსტია... როცა რაიმე ძლიერ გინდა, თავადვე ცდილობ გასამართლებელი არგუმენტების მოგონებას და იფიქრა, ალბათ პურის ფული ენატრება და შინ მშიერი შვილები მიელიანო, უსიამოვნო ეჭვები მოიცილა და სულ ფრენა-ფრენით წამოიღო იმდღევანდელი ბაზრობის ეს მშვენება, ერთი სული ჰქონდა, როდის გათენდებოდა ორშაბათი,  წავიდოდა უნივერსიტეტში ლექციებზე და თვალს დაუყენებდა თანაკურსელ „მოდნიცებს“...ვინ იცის , ვინ იწონებდა ამ კაბით თავს - ალბათ ვერმახტის რომელიმე მარალჩინოსანი გენერლის ცოლი, ქალიშვილი ან სულაც საყვარელი, მოხდენილად კეკლუცობდა  რჩეული მამაკაცის წინაშე და „ჰოლივუდის“ დივასავით ჰაეროვნად ცეკვავდა ფოქსტროტს ფიურერის საამებელ ვახშამზე ... ახლა რა მოხდება... რომ დაიჭირონ და მართლაც დახვრიტონ...თუმცა ახლა აღარ ხვრეტენ, უფრო გადასახლებაში მიჰყავთ როგორც არაკეთილსაიმედო პერსონა და საზოგადოების დაუძინებელი მტერი “...

ფიქრებიდან კარის საკეტის ჩხაკუნი და კიბეზე ჩამომავალი ფეხის ხმა  არკვევს ... სასწარფოდ იხდის ცალ ფეხსაცმელს და ჩაჰკირკიტებს, ვითომ ქუსლი მორყეოდეს და მის შეკეთებას ცდილობდეს... უცნობი სიმპათიური ახალგაზრდა კაცი ინტერესით აკვირდება და  მცირე პაუზის შემდგომ მიმართავს ...

-შემიძლია დაგეხმაროთ?...

-მადლობთ, არ არის, საჭირო, ნუ  შეწუხდებით...-ქალიშვილი სულ მთლად იბნევა და ფეხსაცმლის ქუსლითით აწვალებს კიბის საფეხურის  ბზარს.

- ასე ხომ ვერ დაგტოვებთ...აქ , უცხო სადარბაზოში...სტუმრად ხართ ვისმესთან?...

-  დიახ, პროფესორმა დამიბარა, საგანი მაქვს გადასაბარებელი  და ფეხსაცმელი ...ფეხი გადამიბრუნდა და ქუსლი... , -იცრუა და გაწითლდა...

-მითუმეტეს დაგეხმარებით, რა გვარია თქვენი პროფესორი?

-შარაშენიძე, იოანე შარაშენიძე...- ეს უკვე ტყუილი აღარ იყო და თამამად გაუსწორა თვალი ახალგაზრდა კაცს ...ისტორიული მატერიალიზმის ლექტორი მართლაც იოანე შარაშენიძეა, დარწმუნებულია,  პროფესორის სახელი და გვარი არაფერს ეტყვის უცნობ მამაკაცს და ისიც იოლად დაეხსნება, თუმცა...

-აი, ხომ გეუბნებოდით დაგეხმარებით-თქო, ასე იდგებოდით და არ გეცოდინებოდათ, რომ , ბატონი იოანე გვერდით სადარბაზოში ცხოვრობს, მეორე სართულზე...-იღიმოდა ვაჟი, -  გნებავთ ,გაგაცილებთ ...

ქალიშვილს თვალები გაფართოვდა...ასეთი სასწაულები მარტო წიგნებში ხდება , წიგნებსა და სიზმარში... იფიქრებ და დაგესიზმრება, ინატრებ და აგიხდება ... წამით ამოისუნთქა და თავი დაუქნია უცხო მამაკაცს, რომელიც ღიმილით შეჰყურებდა და თითქოს არათუ ეჭვი არ ეპარებოდა ნათქვამის ჭეშმარიტებაში, არამედ უკვე მოსწონდა ეს უცნობი, თოჯინასავით გამოწყობილი სტუდენტი გოგონა, რომელსაც გზა აბნეოდა ლექტორის ბინის ძიებაში...

-ვიცნობდეთ ერთმანეთს, შოთა ! -ხელი გაუწოდა...

-ნინო...

-ასეც ვიფიქრე...

-რა იფიქრეთ...

-რომ ნინო უნდა ყოფილიყავით , ერთ მინიატურას ჰგავხართ , წმინდა ნინო ჯვრით ხელში  , თმაგაშლილი და ცისფერპერანგა, ფეხშიშველი დგას და მთებს გაჰყურებს...

ქალიშვილი სასწარფოდ იცვამს ფეხსაცმელს და ხელით ისწორებს კაბის აწეულ კალთას , რომ სხვამაც არ შეამჩნიოს შავი სვასტიკების გრეხილი ცისფერი აბრეშუმის ფონზე...

-ძალიან ლამაზი ხართ...-ვაჟი მეგობრულად უღიმის და მოსწონს მისი დაბნეულობა - შემკრთალ შველს ჰგავხართ , შველი, რომელიც მონადირის მოლოდინში გარინდებულა ...

ნინო დუმს და არ იცის, უპასუხოს თუ არა...

-წავიდეთ, -უხერხულობის გაფანტვაში ეხმარება ვაჟი, - ბატონი პროფესორი შინ უნდა იყოს...

ხელს უწვდის და ნინოც იძულებულია, მორჩილად დანებდეს ...სანამ სასურველ მისამართს მიადგებოდნენ, დრო საშინლად იწელება... უფრო სწორედ, თითქოს ვაჟი აყოვნებდეს, არ ეთმობოდეს მასთან განშორება, რაღაცას ებაასება, ეკითხება ,მაგრამ ნინოს აღარაფერი ესმის, გული გამალებით უცემს და ათასი მტანჯველი ფიქრიდასტრიალებს თავს... როგორ გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან? ... რა უთხრას იოანე შარაშენიძეს?...ხომ გაგიჟდა ეს სერიოზული და დარბაისელი კაცი?! ...და მზია? დაბრუნდება  და სადარბაზოში აღარ დახვდება... რას იფიქრებს , სად უნდა მოძებნოს ...კარს პროფესორის მოსამსახურე აღებს,  დეიდა თინა,  ნინოსთვის უცნობი  შუახნის ჭაღარა ქალი, სათნო ღიმილითა და კოპწია წინსაფრით და კითხვისგამომხატველი თვალებით ელის დაუპატიჟებელი სტუმრებისგან მათი მოსვლის მიზეზს...

-ბატონი იოანე შინ არის...იცით, დამიბარა...საგანი  მაქვს გადასაბარებელი..-ქალიშვილი ისევ ცრუობს და ამჯერად ფითრდება...

-მობრძანდით, ეპატიჟება თინა, - თქვენც შემოდით შოთა, ხომ იცით, მუდამ როგორ ახარებს ბატონ იოანეს თქვენთან საუბარი...

-დავიღუპე , -ფიქრობს გოგონა და სიმწრის ცრემლი აღრჩობს...-ნამდვილად დავიღუპე!...

მოულოდნელად კიბეზე ფეხის ხმა ისმის , ხმაშეწყობილი ნაბიჯების ხმა... და სანამ კარი მიიხურებოდეს, სამი უცნობი მამაკაცი დაუპატიჟებლად შედის ბინაში, ფეხდაფეხ შესდევს სტუმარ-მასპინძელს და კარს მტკიცედ და უკანმოუხედავად ხურავს...

მეორე დღეს მთელმა უნივერსიტეტმა შეიტყო, რომ  საბჭოთა დაზვერვამ ახალი იატაკქვეშა ორგანიზაცია და მისი  საიდუმლო ჯაშუშები დააკავა-მათ შორის უნივერსიტეტის სტუდენტი ნინო სიხარულიძე, ასპირანტი შოთა გიგაური და თავად პროფესორი, რომელიც თურმე რაღაც პატრიოტთა ჯგუფს თავკაცობდა და საიდუმლო ინფორმაციას აწვდიდა ხალხის მტრებს.“

...ტელეფონი ისტერიულად რეკავს ...ხმა არ მესმოდა, წეღან ნატას მამის პანაშვიდზე რომ ვიდექი,  უხმო რეჟიმზე გადავიყვანე და მერე სუ დამავიწყდა...მაგრად ვნერვიულობდი მთელი ის დრო, რაც სადარბაზოს შესასვლელში გავატარე , მეჩვენებოდა, რომ ამვლელ-ჩამვლელი , ყველა მე მიყურებდა და მაკვირდებოდა, თითქოს ყველამ იცოდა, ჩემი და ნატას ურთიერთობა, რომელიც როგორც სპონტანურად დაიწყო და ასევე მოულოდნელად დასრულდა კიდეც ...ნატა არ ტიროდა, ოთახის კუთხეში , ზეწარჩამოფარებულ ვეება სარკის გვერდით უხმოდ იჯდა და ერთ წერტილს მისჩერებოდა. ლამაზი ახალგაზრდა ქვრივი , ალბათ ნატას დედინაცვალი, ალმოდოვარის ფილმებიდან გადმოსული ავაზისებრი პლასტიკით, ნახშირივით შავი თვალ-წარბით, თმის ველური ხვეულებითა და საბედისწერო იმიჯით, ნამტირალევი, უძილო  და მაინც საოცრად ლამაზი, ჭირისუფლის საკადრისი თავშეკავებით სამძიმრებს იღებდა და მადლობას უხდიდა მომსვლელთ... უეცრად პროცესია შეყოვნდა და მეც იძულებული გავხდი, წამით თავი ამეწია და თვალი მომევლო ინტერიერისათვის... კედლიდან უმშვენიერესი სამგლოვიარო  გვირგვინების გვერდით  შავ პიანინოზე ჩარჩოში ჩასმული  ფოტოდან სიმპათიური კაცი მიღიმოდა , რომელიც ძალიან ჰგავდა მარლონ ბრანდოს , უკვე ასაკში  და ცოტა მოსუქებსულს , აი ისეთს , ფილმში როა „უკანასკნელი ტანგო პარიზში“ ... მაგარი ფილმია! თითქოს ჩემი ფიქრი წაეკითხოს, ნატამ ამომხედა და ერთი წუთის განმავლობაში ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ და უცებ მივხვდი, რომ პირველად ჩემს ცხოვრებაში ვინანე რაღაც და ეს რაღაც ნატას დაკარგვა იყო...

ტელეფონი გაბმულად რეკავს, ნიტაა და რადგან ვიცი, რომ არ დადუმდება , ვპასუხობ... მართლა ნიტაა... დილას თმას რომ ისწორებდა ოფისში, თმის უთო დარჩენია ჩართული  და მთხოვს, რომ გამოვრთო ...სულელი არ არის ახლა ეს გოგო ? ხოა გამოლაძღვის ღირსი?!

-უჩა მანდ არის?

-არა!

-ვაიმეეე, კიდე კაი... ჩვენები?

-არც ჩვენები!

-მარტო ხარ?

-კი.

-გამორთე, ხო?!

-კაი!-მეორე ოთახში გავდივარ და უთოს შტეფსელიდან ვთიშავ...

-გამოვრთე!

- მართლა გამორთე?

-კი!

-დედა დაიფიცე!...

-ვფიცავ!

-არ დაიწვებოდა და არც ხანძარს გააჩენდა , მაგრამ მაინც!...

-აჰამ!

-შენთან შეინახე და ხვალ გამოგართმევ...

-კაი!

-ვაიმეე, ნუ მიბრაზდები ხო?

-კაი!

-ჩემი უხასიათო ხარ შენ! დამლაგებელი წავიდა?

-კი.

- ესე იგი სულ მარტო ხარ?

-არა , ნაშები მოვყარე და „გრუპავოი“ გვაქვს , თუ გინდა, შემოგვიერთდი...

-ვერა ხარ შენ, ხო იცი, იდიოტი ესა !-ნიტა თიშავს და მობილურში გაწყვეტილი ფიჭური კავშირგაბმულობის  გაბმმული სიგნალი  მოდის: ტუუუ-ტუუუ-ტუუუ!

- „ტუ“ და ბებიაშენის! არ გამიტრაკა?! -ვფეთქდები, თუმცა ჩემთვის, გულში, რადგან  ნიტას უკვე აღარ ესმის ჩემი ვნებათაღელვა   და ვიცი, ხვალ დილიდან არ აგვცდება საქმის გარჩევა ანუ, უჩას საოფისე შინაგანაწესიდან შორს მდგომი „ ბრძოლა წესების გარეშე “.

. . .

ოფისში კალენდარულ-გეგმიური თათბირია, თითქოს რა უნდა იყოს ამაში უჩვეულო, კომპანიის ბოსი საანგარიშო თათბირს ატარებს და აანალიზებს  ჩავლილს, მიმოიხილავს მიმდინარეს, გეგმავს სამომავლოს... მაგრამ უჩა ოფიციალურია როგორც არადროს... ასეთ წუთებში რაღაც უხილავი მინის კედელი  ეშვება ჩვენსა და მას შორის, თითქოს სხვადსხვა  განზომილებაში მყოფი არსებები ვიყოთ ,ოღონდ რატომღაც ერთ ენაზე მოლაპარაკე, ოღონდ ეს ენა მარტივი, პრიმიტიული  კომუნიკაციისთვის თუ გამოდგება, აი რაც შეეხება , სიღრმისეულ დონეზე ჩაყვინთვას და ადამიანურ ურთიერთობას,  საქმე გაცილებით რთულადაა, ხანდახან მგონია, რომ თავად ცდილობს მკაცრი სადემარკაციო ხაზი გაავლოს ჩვენს შორის, რომლის გარღვევა ღირსების საკითხი ხდება. არის წუთები, როცა უჩა მეცოდება, რადგან საშინლად დაკომპლექსებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს და ამ კომპლექსების ძირები  ღრმა ბავშვობაშია დამარხული...მთელი არსებით ცდილობს ამ კომპლექსების დამალვას და უტევს თანამოსაუბრეს ყველა ხერხით, არ აცლის საუბარს, უაზროდ ეკამათება, შავზე თეთრს უმტკიცებს, საკუთარი უპირატესობის დამტკიცებას ცდილობს, ახლაც რაღაც ახალ უცხოურ ინვესტიციაზე დიდხანს და სიტყვაწყლიანად საუბრობს და ჩვენი „კანტორის“ მარკეტინგულ პერსპექტივებს გვაცნობს. ძირითადად კმაყოფილია ბოლოდროინდელი პროექტებით, თუმცა როგორც ყველა ბოსი, ქებას ვერ იმეტებს თანამშრომლებისადმი, რომ თავში არ აგვივარდეს და „ვარსკვლავომანიამ“ არ გაგვიტაცოს ...  ფილიალების გახსნას გეგმავს... თავიდან  რუსთავსა და ბათუმში და მერე ვნახოთ !

-ქითხვა მაქვს, -ხელს იწევს ჯეფი .-რათომ მაინცადამაინც რუსთავი და ბათუმი ?

-პასუხი მარტივია, - რუსთავი თბილისის ეგრეთ წოდებული მეორე ოთახია და ზოგადად, გაფართოვება საქმის მასშტაბებსა და გეოგრაფიულ საზღვრებში  არ გვაწყენდა , ხოლო ბათუმი მდიდარია რესურსით და უცხოური კაპიტალის შემოდინებით, ასე რომ ვფიქრობ, დაკვეთები მხოლოდ იმატებს და არამცდაარამც იკლებს...

- მე ვფიქრობ, ამ ეთაფზე ბათუმი და ბორჯომი ჯობია!

-ბორჯომი რატომ?

-პახმელიაზე კარგად გამოყავს!-უკბილოდ ხუმრობს ქირონა და უჩა მომაკვდინებელ მზერას ესვრის უნიჭო იუმორის ავტორს.

- ჰუმრობას ქაცი არ მოუქლავს, - ენას უყოფს ჯეფი ქირონას და ხელმეორედ სწევს ხელს- მე ვფიქრობ, რომ რამე უფრო ქრეათიულია საჩირო ... ქრეათიული და ეფექთური , ჰმაურის ატექხვა,  ხურადგების მიქტსევა... ჩვენ უნდა გვქონდეს ჩვენი ნიშა , რომ ვაქეთებთ ისეთი რამე და ისეთ ალაგას, რასაც სქხვა ვერ აქეთებს და ასი ცელი ვერ გაკეთებს ...

-ეგ საშაროა, ჯეფიკო, ძამიკო, ! -არ ეთანხმება კეშა- რისკებს უნდა დათვლა!

-ვინც არ რისქავს, ის შამფანიურსაც არ სვამს, გაიგე ძამიქო?!- ხურდას უბრუნებს ჯეფი  ფრთიანი ფრაზით.

-აი საღოლ! - ჯიმიკო გაშლილ ცერს უწევს ჯეფს, - მაინც რამდენს ნიშნავს ეს დამპალი კაპიტალისტური სამყაროს „ასკოლკა“ ესა?! - იცის რა საქმე  კაცმა და მიუშვით ღუმელთან...

უჩა მზადაა განიხილოს ნებისმიერი ინიციატივა და ჯეფს ჰპირდება რომ  რომ პირადად  გამონახავს დროს ამ ამბავზე სასაუბროდ და კრება რჩება მხიარული ... მობილურში შემოსულ შეტყობინებას ვკითხულობ: ჩემმა საკონკურსო განაცხადმა რეგისტრაცია გაიარა და პირველ ტურში ერთ კვირაში ხმის მიცემა დაიწყება ... „ლაიქების “  მოზიდვის ყველაზე გიჟური და აზარტული ამბავი, რაც შეიძლება წარმოიდგინოს კაცმა... არ მიყვარს ეს „ლაიქები“ მაგრამ თამაში თამაშია და რაკი დავიწყე, უნდა მივყვე თამაშის ყველაზე უფრო არ მისაღებ წესებსაც კი, უფრო სწორედ კი „თამაშს წესების გარეშე“...

თავს ვწევ და ჩემს წინ ნიტა დგას, გამომწვევად მიყურებს და ქალის გველური მოთმინებით ელის ჩემს რეაქციას...

...მე არ მაქვს ნიტას ნერვი და მზად ვარ , გუშინდელზე ეგრევე ბოდიში მოვუხადო, მაგრამ ნიტა რის ნიტაა, ტვინი თუ არ გაბურღა და მე ისღა დამრჩენია, მორჩილად ვუსმინო მის მონოლოგს, რომ „მე ვარ ერთი უჯიშო და უზრდელი შარვლიანი, რომელიც არის ბუნების  საბედისწერო შეცდომა და სამყაროს უნიჭო ანომალია, რომ სუ ახატია, მასზე რას ვიფიქრებ  და რომ ვეცოდები და  ესმის ჩემი, რადგან ვარ არარეალიზებული და არასუბლიმირებული ჩემს სექსუალურ ფანტაზიებში“ ...

-ფრთხილად , კარები იხურება! - გოგნუც, აბა ამას აქვს ფანტაზიები?!- ერთიც ვნახოთ და გამოგაჭენა თავის საკონკურსო რომანში, მთელის თქვენის თერმო-სექსო-დინამიკითა და ეშხი-ხასიათით, მერე სად მიდიხარ? ...- ქირონა ნიტაზე დაბოღმილია, რომ ზედ არ უყურებს როგორც კაცს და შანსი ეძლევა შურისძიებისათვის და აბა ამ შანსს ხო არ გამაზავს ?!...

-რომანი არა „მადონას სერვიზი“ ! გამომივიდა ესეც ფრედი ბეგბედერი!- ამჟღავნებს თანამედროვე ლიტერატურის  ცოდნას ნიტა...

- მე მოვკვდე, წაკითხული თუ ჰქონდეს, „პროსტა“ იცის რო  ბუღა და სექსუალური მასტია და  როგორც კაცი ევასება . - ჯიმიკო ქირონას მხარეზეა და სოლიდარობის ნიშნად უკრავს თვალს ...

-ეგ რო იყო ჩამოსული საქართველოში , ლოდინში ჩამოწყდნენ წიგნის კაფეში ეგა , ანუკა და ჩვენი ოფისის საქალეთი  რომ თვალები დაეჟუჟუნებინათ და მერე ყავაზე გაერჩიათ ვისზე უფრო აუდგა ამ თანამედროვე ევროპული ლიტერატურის უძღებ მაჩოს .

-სანიმუშო იდიოტი!- გამოსცრის ნიტა, ზურგს გვაქცევს და ცივად გვშორდება ...

-მორჩა, მინიმუმ ერთი თვე დასვენებული ხარ! - მხარზე მირტყამს ხელს ლევანჩო, - ჩემი ლიჩნი გამოცდილებით ერთი თვე მაინც სჭირდება  გოგჩოს , რო წყენამ გადაუაროს ...

-ეხლა მაგაზე მადარდე ! ... რომანი რომანად და არ მივცეთ აზრი ამ საღამოს ჩვენს უცოლო ყოფას ? - ჯიმიკო „ხოდზეა“ და თემას გვიგდებს, რომ ნიტასთან კონფლიკტის უხერხული და უსიამოვნო  ნარჩენები  როგორც მარჩიელის კარზე მისულმა  ბედის მაძიებელმა,ყავის ფინჯანზე შემშრალი  ნალექივით   ცერა თითით წაშალოს ...

- ანეტას შევპირდი და სახლში უნდა ვიყო, -ვცრუობ და თავადვე მრცხვენია საკუთარი ტყუილის...

-„დაბერდი შენ ჩემო, ნიკორააა,

გამხდარხარ ზანტი და მშვიდიიი...“ -ყურთან მიღიღინებს ჯიმიკო...

-წამო-წამო, ბიჭმა იცის თავისი ამბავი! ...

ლევანჩო და ჯიმიკო ხაზგასმული გლანტურობით უთმობენ გზას კარში ცოცხ და აქანდაზმომარჯვებულ ოლიმპიადას , რომელიც თავს მიკრავს ღიმილით და ოფისის დალაგებას ჩვეული რიტუალით - დრაცენას, სპატიფილუმის, ასპიდისტრას, ზამიოკულკასისა და ვეფხისტყავას მორწყვით იწყებს .

მე ვჯდები კომპიუტერთან და წერას ვაპირებ ... ოთახში მძიმედ და ზანტად შემოდის საღამო ბინდი და მეჩვენება რომ დრო გაჩერდა , რადგან ნათლად ვხედავ ნატას , მტირალსა და ღია კარში მდგომს, რომელიც ჩემს შემოპატიჟებას ელის ...

ასე უკვე მერამდენედ მემართება- მეხსიერება  თითქოს თავად ამონტაჟებს მოვლენებს და იშვიათად , მაგრამ   მიზანმიმართულად ხელახლა მეორედ მამოგზაურებს ნაცნობ ლაბირინთში. თითქოს ფოტოაპარატის ჩხაკუნი ჩამესმის, წამით ბნელდება და ლენტის სწრაფი გადახვევის ეფექტით ჩემს თვალწინ გაირბენენ ნაცნობი სახეები ან კადრები ... თვალს ვახელ, მზერას ვაფოკუსებ და ლანდები ქრებიან, დრო თავის ადგილს უბრუნდება და მე, სრულიად გამორკვეულ-გამოფხიზლებული და საოცრად დაღლილი და ენერგიაგამოცლილი ვერ ვხვდები, სად იწყება რეალობა და სად მთავრდება  მიღმიერი, წარმოსახვითი სამყარო თავისი  სიტუაციებითა და პერსონაჟებით ...  მეც ვსქროლავ მეხსიერების სენსორულ ეკრანს და ვშლი კადრებს, ზოგს ვაკოპირებ და არქივში გადამაქვს, როგორც ყველაზე ძვირფასი, სათუთი მოგონება, ყველაზე ცუდ განწყობაზე მყოფს რომ მახალისებს და სიცოცხლის სურვილს მიბრუნებს ... შემომყურებენ მოგონებები,  ლამის ჩემი ტექსტების მსგავსი სიუჟეტები, დასრულებული ფაბულით, ექსპოზიციით, მოვლენათა რიგით, კვანძის შეკვრით, განვითარებით, აღმა-დაღმასვლებით, კულმინაციითა და მერე ამ კვანძის მოულოდნელი, საოცარი, ჯერარნანახ-მოსმენილი გახსნით, რომელსაც ასრულებს ყველასათვის ნაცნობი და გაცვეთილი ფრაზა-„ ჭირი იქ , ლხინი აქა“... ზოგს ბოლო კეთილი აქვს, ზოგს დრამატული, იქნებ ტრაგიკულიც, მაგრამ ეს ყოველივე „ძალიან ცხოვრებაა“ და ამ ძალიან ცხოვრებაში მოდი და ნუ დადგამ რიტუალს! რიტუალი რიტუალია - სიცოცხლისაც  და სიკვდილისაც! -ყველაფერი აღმატებული და ზეაღმატებული ვიცით -ლხინიც და გლოვაც! წვრილმანებს გამოდევნებულნი ვერ ვამჩნევთ, როგორ ვამცირებთ, ვავიწროვებთ, ვაპატარავებთ, ვამოკლებთ იმ ტირეს, რომელიც აუცილებლად ჯდება ორ მთავარ თარიღს შორის, საიქიოდან სააქაომდე და პირიქით... ვფურცლავ მეხსიერების ალბომს და ვეფერები სახეებს , იმათაც კი, რომ ვერადროს ვაპატიე შეცდომა და შეგნებულად დავაგვიანე, როგორც ქალმა, რომელიც პირველი მიდის პაემანზე და შემდეგ მოფარებულიდან თვალს ადევნებს მომლოდინე მეწყვილეს, თვალის ცეცებთ რომ დაეძებს ჭრელა-ჭრულა ბრბოში  ცხოვრების თანამგზავრს  და  უნდა,  სჯეროდეს, რომ იპოვა სწორედ ის, ვისაც ეძებდა...

-შენი დრამა იცი რაშია , -ვეუბნები ნატას , - რომ თავად მოიგონე, ის ვინც გიყვარს, მე - რეალური კი არ მიმიღე ისეთი, როგორიც ვიყავი...

- შენ რა იცი მე ვინ შევიყვარე?  ან საერთოდ რა იცი სიყვარულის? ? -ნატა ნამტირალევია და ცდილობს დამალოს ცრემლით წაშლილი მაკიაჟის კვალი, მაგრამ მე ვიცი, რომ სანამ მოვიდოდა, ბევრი იფიქრა და იტირა, მარტომ ოთახში , თავისთვის, რომ არავის დაენახა... ნატა ძლიერი ქალია და სცხვენია საკუთარი სისუსტის , აშინებს საკუთარი უმწეობა ...

- ვიღაცას სიყვარული საჩუქარი ჰგონია, ჩვეულებრივი აბრეშუმის ლენტითა და დეკორატიული ქარალდით შეფუთული და იღებს როგორც ჩვეულებრივს, დაბადების დღეზე ან ვალენტინობას მიძღვნილ „პრეზენტს“ ...არადა ვალდებულებაა, ვალდებულებების ასხმა , როგორც სარეცხის დასამაგრებელი „შპილკები“, ბავშვობაში რომ ვთამაშობდით ხოლმე ...

...მეღიმება, ოღონდ ნახევრად, სევდიანად, რადგან ნატა ათიანში არტყამს ...  უჰ, როგორ მიყვარდა თამაში ამ შპილკებით, ჯარისკაცებივით ვამწკრივებდი და მერე ერთი პაწია , მსუბუქი  წკიპურტის წაკვრა და დომინოს ქვებივით გადაწვებოდნენ ცალ მხარეს, ან კბილით ვაბამდი ერთმანეთზე ფერად პალსტმასის სარჭებს და რაღაცნაირ,  უცნაურ და არამიწიერ უცხოპლანეტელს ვამსგავსებდი, ან თოკზე აცმულ ფერადოვან ასხმას შუბლზე ვიმაგრებდი ინდიელივით და დაღებულ პირზე ხელისგულის მსუბუქი ვიბრირებით ინდიელთა ბელადის უცხო შეძახილს ვამსგავსებდი... ამ შპილკებით თამაში დღემდე მიყვარს, ოღონდ ამჯერად ანეტას ვაწვალებ ხოლმე და სარეცხს როცა ფენს, ვპარავ და კაბის კალთაზე უჩუმრად ვკიდებ , სანამ  არ მძიმდება კაბის ქობა და ჩხრიალს არ იწყებენ „შპილკები“ ...ჩემდა გასაოცრად, ანეტა არადროს  ბრაზობს , ღიმილით ხელს ჩაიქნევს , ზურგით მიდგება  და ცელქი ბრძანებით მკარნახობს :

-მომხსენი საჩქაროდ, როგორც გამიკეთე! ...

და მეც უხმოდ ვემორჩილები როგორც გენერალს რიგითი „პუსტა-პუსტა“...

-შენ არ მისმენ! ...ნატა კიდევ უფრო უმწეო ხდება...

-გისმენ, იმაზე ყურადღებით, ვიდრე შენ გგონია...

-ჩემი დრამა ისაა, რომ ჩვენს ურთიერთობაში მე მიყვარდი , შენ კი...

-რა მე?

-შენ ნებას მაძლევდი, მყვარებოდი ...

-საიდან მოიტანე ეხლა ეგ სისულელე...

-ეს სისულელე არ არის , ეს ჭეშმარიტებაა, რომლისაც შენ გეშინია!-მტკიცედ ამბობს ნატა და ჩუმდება ...

-მე ვერ ვიქნები ქალთან, რომელსაც ვერ ვაბედნიერებ...

-იმიტომ რომ ჩემი გეშინია...და საერთოდ, ყველაფრის გეშინია, საქციელის, ფრაზის, პასუხისმგებლობის, სიმართლის... პერფექციონისტი ვარო, ამბობ და სინამდვილეში ჩვეულებრივი უმწიფარი ეგოისტი გამოდექი!...

-ძალიან შეიცვალე, -ვუმეორებ მე .

-შეიცვალე , -თავს მიქნევს ნატა და სიგარეტს უკიდებს.

სადღაა ის პრაგმატული,  ანცი, მუდმივად ცინიკურად მომღიმარი ქალი, ჩემს სატელეფონო ზარებს მსუბუქი ირონიით რომ პასუხობდა, აინუშშიც არ აგდებდა  სხვათა სურვილებს, შეთავაზებებს, სკეპტიკურად  იხსენიებდა ირგვლიმყოფთა შეხედულებეს, არ აინტერესებდა სხვისი აზრი მასზე...

-ამას წინათ ერთი ფრაზა ამოვიკითხე და ეხლა ვხვდები, რომ სრული ჭეშმარიტება ყოფილა...

- რა ფრაზა?

-ნუ შეგეშინდებათ ჭკვიანი ქალების, რადგან როცა უყვარდებათ, სულელებივით კარგავენ ჭკუას...

-სასტიკიც ყოფილხარ...

-ეს ც რას ნიშნავს , კიდე , ბოლომდე მითხარი, როგორი ვარ და მოგეშვება...

- მეცოდები...

ერთხანს ორივე ჩუმად ვართ, ნატა მიყურებს და ფიქრობს, განაგრძოს თუ არა ...

-იცი რატომ მეცოდები? -იმიტომ რომ პერფექციონისტი ვარო გაიძახი და ...

-გავიგე, ყრუ არ ვარ!...მინდა გავაწყვეტინო, რომ რამე კიდევ უფრო სასტიკი არ წამოცდეს და არ მატკინოს ...

-... სიყვარულში ჩვეულებრივი ოროსანი გამოდექი, პირველივე საშემოდგომო რომ გამოყვა და საგნის გადაბარების რომ შეეშინდა , და რომ არ ჩაებარებინა, ჯარში ამჯობინა წასვლა...

-ვემსახურები საქართველოს! სწორდით! სმენა! თავისუფლად! ...-ხმას ვამსგავსებ საჯარისო ნაწილის მეთაურის შეძახილს  და სამხედრო სალამის ნიშნად საფეთქელთან ორი თითი მიმაქვს, - რას ვიზამთ, ამ ქვეყნად იდეალური არავინაა, იმ ქვეყნად -არ ვიცი, ჯერ არ ყვოფილვარ და თუ მომიწია გაცნობა, მოგწერ აუცილებლად...

-შენთან საუბარი სულ უფრო აუტანელი ხდება ...

-მაშინ ვიზასაოთ, როგორც თინეიჯერებმა, წავიდეთ კინოში ბოლო სეანსზე, ვიყიდოთ ბლომად პოპკორნი, დავსხდეთ ბოლო რიგში და როგორც კი ჩააბნელებენ დარბაზს , ვიზასაოთ და ვიზასაოთ!

-ავადმყოფი ხარ !...

-Ты больная,я больной ,

Приходи ко мне домой ...-გინდა გიმღერო?

ვცდილობ ნატას ხელი გადავხვიო, მაგრამ თავიდან მიშორებს ...

„Будим вместе аспирин глотаать

Если это не поможет

Доктор вместе нас уложет,

შავთვალებავ შენი ჭირიმე , ჯან!- ეს იყო მუსიკალური შოუ „ეძიე ვარსკვლავი  შენი !“

- დაურეკეთ თქვენს ფავორიტს ფიჭური კავშირგაბმულობის მაგთის და ჯეოსელის ქსელებიდან და გახსოვდეთ თქვენს ერთ ხმას შეუძლია თქვენი საყვარელი მონაწილის გადარჩენა!…-ნატას მწარედ ეცინება. . . .

-აუჰ, ეს რა გამახსნე? გსურთ გესაუბროთ ჭეშმარიტ სიყვარულზე? ხმა მომეცით კონკურსში „გახდი ბესტსელერის ავტორი“ ... ერთი სატელეფონო ნომრიდან მხოლოდ ერთი ხმა ფიქსირდება ...ნატალი! იყავით გულმოწყალე და დამეხმარეთ გავხდე ხალხის რჩეული !

-მე წავედი !... ნატა დგება და მიდის , ურეაქციო, შუშის თვალებით მომზირალი ნატა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ჩანჩქერივით იღვრებოდა და უფსკრულში გადაშვების პერსპექტივა იმ ნაკადულივით ახარებდა, გაზაფხულზე თოვლის დნობისას, რომ წყალუხვი ხდება და დიდი მდინარეებს ემსგავსება ხევ-ხუვებში რომ მიიკვლევს კალაპოტს, ლოდებზე მოხტის და ზანაზალაკის ხმებად წკრიალებს , ალბობს როყიო ქვებითა და კენჭებით მოკირწყლულ  გზასავალს და ერთი სული აქვს თავქვე დაეშვას და საოწარკვეთის უწონადობა განიცადოს ...

მე ვიცი, რომ ნატას ცვლილება ჩემს კისერზეა , მაგრამ ისიც ვიცი, სიტუაციას ვეღარაფერს ვუშველი ... სიყვარულში ჩაჭრილი პერფექციონისტი ! - თემაა, მაგრამ „ეს კინო უკვე ნანახი მაქვს“ და ჩამოწერილი , როგორც გამოუსადეგარი, ძველი პროექტი, რომელმაც მოგება ვერ მოუტანა კომპანიას...

. . .

კონკურსზე პირველი ვერსია კი გადავაგზავნე განაცხადად, მაგრამ ეს მეორე თემაც მაგრად მაწვალებს, ვერ ველევი და  ფიქრში ვცდილობ, ძველსა და ახალს როგორმე გადაკვეთის წერტილები  ვუპოვო...

„ვსქროლავ მობილურს და მესიჯებში შევდივარ...საინტერესო მიმოწერაა...ტელეფონი აშკარად კაცმა დაკარგა, რო მოვიცლი , ჩავუჯდები...მართალია, მასწავლეს, რომ სხვისი წერილების კითხვა უზრდელობაა, მაგრამ რა დროს ეგ არის?! არა, ჯერ დავიცდი, თუ პატრონი გამოუჩნდა, ხო კარგი, დავუბრუნებ , მაგრამ თუ უბრალოდ გადააგდო პატრონმა?...ესეც ხო შეიძლება, რაღაცაზე ან ვიღაცაზე გაბრაზდა და ტელეფონი მოისროლა, ან სულაც ქურდმა ამოაცალა მგზავრს ჯიბიდან და მერე სამხილი მოიშორა...სისულელეა, რომ გადაეგდოთ, კორპუსი სუ ცოტა,  გაიბზარებოდა  მაინც, მოპარული რომ იყოს კიდევ, აქამდე პატრონი ცხრაჯერ დარეკავდა . . .იქნებ ეჭვიან ცოლს ან საყვარელს მოარიდა თვალთახედვიდან და ამასობაში მართლა მიაკარგა...

მოკლედ, მოთმინება დიდი მაქვს, ნებისყოფასაც არ ვუჩივი, ვნახოთ... გალერეა გადავსებულია ფოტოებით, ალბომებით, უსათაურო თუ სახელდებული ფოლდერებით, პატრონი საინტერესო ვინმე ჩანს , ასე 50 წლამდე მამაკაცი უნდა იყოს...ეტყობა ფოტოგრაფია იტაცებს და ესთეტიცაა, ლამაზი კადრები  დაუჭერია, პორტრეტები, პანორამები, პეიზაჟები, დეკორები... რამდენიმე ალბომი პირადულია, ოჯახური, ასე ვთქვათ ... ძირითადად შვებულების ამსახველი არქივია , საიდანაც მზით გარუჯული, ლაღი და ბედნიერღიმილიანი სახეები შემომყურებენ ...სხვაში საშინაო ნადიმების მატეანეა, ზოგი რესტორანშია გადაღებული, ზოგიც  სავარაუდოდ პატრონის სახლის ტერასაზე და იქას სრული ჰარმონია და ერთი დიდი „ჰეფი-ფემილია“- ლამაზები, წარმატებულები, კოხტად და მოდურად ჩაცმულ-დავარცხნილები, ხალისიანი ღიმილი გადაჰკრავთ სახეზე, თვალები უბრწყინავთ  და  სიცოცხლეს შეჰხარიან. არის სახელდახელოდ გადაღებული, არაფრით ღირებული კადრებიც, თუმცა ვინ იცის, იქნებ ტელეფონის პატრონისათვის მათ ოქროს ფასი აქვთ.  ერთი საქაღალდე უცხო და უცნაური იეროგლიფებითაა  მონიშნული, რაღაც იაპონურ თუ ჩინურ დამწერლობას უნდა ჩამოჰგავდეს, ცნობისმოყვარეობა მძლევს და ვხსნი... ვორდის ფაილებია, ჩვეულებრივად Sylfaen-ით აკრეფილი...კითხვას ვიწყებ და ვიკარგები ...ვკითხულობ და მხოლოდ იმას ვნატრობ, რომ პატრონი დროზე ადრე არ გამოუჩნდეს მობილურს, სანამ ამ ფაილებს გადავწერ, რომ ბოლომდე ჩავიკითხო...

მიმოწერაზე ბევრი მსმენია, მაგრამ აქამდე მსგავსი ბარათები არსად წამიკითხავს. სავარაუდოდ

ქალს უნდა ეკუთვნოდეს, ყველა დათარიღებულია და ვასკვნი, რომ დღე არ ჩაუგდია წერილების ავტორს. წერს ყველაფერზე, საკუთარ თავზე, ადრესატზე, თავის და სხვათა ცხოვრებაზე, მეგობრებზე, არამეგობრებზე, პოეზიაზე, ხელოვნებაზე, ხშირად ფილოსოფოსობს, ასეთ დროს,განსაკუთრებულად სიტყვაწყლიანია და ორიგინალური. იუმორის გრძნობაც აქვს და კლასიკურ ლიტერატურას კარგად უნდა იცნობდეს, რადგან უყვარს ციტატების მოხმობა ნაამბობის მეტად გასამყარებლად. თვითირონიას არ უჩივის , არ უჩივის კი არა,  ყველაზე უკეთ გამოსდის , ემოციურია და ხშირად რომანტიულიც კი, აქვს უკიდურესად ლირიული გადახვევები, ეტყობა ახმატოვა და ცვეტაევა უყვარს, არა მარტო უყვარს , იცის კიდეც , ხშირად მოუხმობს მათ სალექსო ამონარიდებს  და ეს ფრაზები იმდენად ჰარმონიულად აგრძელებენ მის ტექსტებს, მიჭირს გარჩევა სად იწყება ბარათის ავტორი და სად გრძელდება კლასიკად ქცეული ქალური პოეზია ...

პირველივე ჯერზე თარგმანს ვაწყდები, რუსულიდანაა და ჯერ ორიგინალი უსწრებს და მერე თარგმნილი ტექსტი

„მე თავად ვირჩევ ცხოვრების ბილიკს,

და ბედს თანამგზავრს თავად ვთავაზობ ...

ხან უკარებას მადრიან ქალწულს...

ხანაც სიანცით ბედთან ვთამაშობ!..

ლაღი ვარ როგორც უცხო ფრინველი,

ყოველი ძალმიძს , თუმც ტყუილია,

შენს გვერდში ვიყო ასე ძლიერი,

მზად არ ვარ, არ მსურს, არ შემიძლია“ ...

ახლა ასე აღარ წერენ... აშკარად ძველ დროში  უნდა იყოს  დაწერილი ...ერთი სული მაქვს სახლში მივიდე და ჩავუჯდე...ნაპოვნი მობილურის ეს  მოდეტექტივო ინტრიგა უცნაურად მამხიარულებს და სხვის სამყაროსთან უნებართვოდ, უკითხავად  შეხების მოლოდინი მეტ პიკანტურობას მატებს მდგომარეობას, თითქოს კარის ჭუჭრუტანიდან ვადევნებდე თვალს სხვა ადამიანებს , რომელთაც არც კი იციან რომ უთვალთვალებენ ... ისე, კაცმა რომ თქვას , ვის არ უთვალთვალებენ ჩვენს დროში? ...

ელენე მიხეილის ასული ყავას სვამს , მეუღლის პორტრეტს გუშინდელი დღის „აჯენდას“ უამბობს...ბაბუაჩემი ვარლამი გაწკეპილი ულვაშებით, შლაპითა  და ფართოლიპებიანი შავი დრაფის პალტოთი მთლად ორმოცდაათიანი წლების კინოპერსონაჟს ჩამოჰგავს , აგერ უკვე მერამდენედ ღიმილით უსმენს ცოლს შავ-თეთრი ფოტოდან და აწეული წარბით თითქოს მეტ მნიშვნელობას სძენს მოსმენილს...ცხოვრება კი არა, კუსტურიცას სცენაა რა!...

-მობრძანდა ვაჟბატონი! ...დღეს რაღაც დროზე ადრე მოაღწიე სახლამდე...რა? მოხდა, რამე?

-არაფერი, უბრალოდ , ძალიან მომშივდა ...-ვცრუობ დაუფიქრებლად  და ხელის გადასაბანად სააბაზანოში ვიკარგები...

-ამას რას მოვესწარი... ხედავ, ვარლამ, მოშივდა ბიჭს ...ძლივს! ჩხირი კედელს!...ეხლავე გაგიცხელებ ...

-რა გვაქვს?-ვყვირი სააბაზანოდან, ვითომ ძალიან მაინტერესებდეს ბებიაჩემის მიერ მომზადებული კულინარიული ექსკლუზივი...ელენე მიხეილის ასული ხომ მუმივად თავს იწონებს საკუთარი სადიასახლისო ნიჭიერებით და ღრმად სწამს , რომ ნიგვზიან ბადრიჯან,ს მწვანე ლობიოსა და ვაზის ფოთლის ტოლმას, მისნაირს ვერავინ ამზადებს , თვით ტელეეკრანების ვარსკვლავის „თიკუნას კულინარიუმიც“  კი ...

-ბადრიჯანი რომ  გემრიელი იყოს, ბუთქუჩებად უნდა დასჭრა და ისე შებრაწო, -უზიარებს საკუთარ გამოცდილებას მეზობლის რძალს და ამაყია, რომ მის ხელთუქმნელ დედამთილს დისახლისობასა და კულინარობაში ათი თავის სჯობს ...

„თუმც გული გონს არ ემორჩილება,

ვიცი, ჩვენ ერთად რომ ვერ ვიქნებით,

ალბათ აჯობებს , დაგემშვიდობო,

მაგრამ რა ვქნა, რომ ასე მჭირდები!

დრო მკურნალია- ამბობენ ბრძენნი,

ბოროტი ოდენ კეთილმა სძლია,

შენთან შეხვედრის ოცნება დავთმო,

მზად არ ვარ, არ მსურს ,არ შემიძლია!“ - უნიტაზზე ვზივარ და გაფაციცებით ვკითხულობ უცხო ავტორის ბარათებს ,,, არის რაღაც ამოუცნობლად აზარტული, უფრო სწორედ ავანტურისტული, დაუკითხავად სხვის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფის ფაქტში. მით უმეტეს, თუ ეს ძველი ისტორიაა და სხვა დროში გადაყავხარ...ამბავი არც მშობლების თაობისაა და არც ელენესა და ვარლამის დროინდელი...უფრო წინა საუკუნის 50-იანების დასაწყისია, ერთმანეთს წიგნებს რომ ჩუქნიდნენ და რომელიღაც  გვერდზე მინიშნებას აკეთებდნენ, როცა  საკუთარი სათქმელის  გამოხატვას სხვაგვარად ვერ  ბედავდნენ. . . არა რა, რაც გინდა თქვი, მაგარი დრო იყო და მაგარი სასტავი...ფოტოცაა...უნივერსიტეტის ბაღშია გადაღებული , ყველას ზეაწეული, შთაგონებული სახეები აქვთ, ყველა გოგონა მარლენ დიტრიხს ან ჯინჯერ როჯერსს წააგავს, ვაჟები კირკ დუგლასს და  ფრედი ასტერს...ნეტა კერკ დუგლასია თუ კირკ დაგლასი ...რა მნიშვნელობა აქვს, კერკი კერკია!...

-კერკისთვის ვიყიდე დღეს  ბაზარში ალუბალი და რაც დარჩა , კომპოტი გაგიკეთეთ... დააყოლე აუცილებლად თორემ მეწყინება...-გამომძახის ლენა...

„და ჩვეულებად მექცა ღამეში

უძილოს სიზმრად გათენებისა,

მრავალწერტილი უსასრულობის,

პოეტურ ფრაზით განცდა ბედისა.

შენ ალბათ ხვდები ლექსის პროტოტიპს,

რითმის ბწკარედში თავი გიცვნია,

რა ვქნა, რომ შენთან განშორებისთვის,

მზად არ ვარ, არ მსურს, არ შემიძლია! “

-გამოდიი! -ისმის ელენე მიხეილიას ასულის ძახილი , -ეხლა მოსაწვევს ვერ გამოგიგზავნი, -გაცივდება და მერე შენს თავს დააბრალე ...

შინ ადრე მოსვლით ისედაც დავარღვიე ჩვეული ტარდიცია და არ მინდა მეტად მივიქციო ყურადღება , ნაპოვნ ტელეფონს ჯიბეში ვიდებ და ყოველი შემთხვევისათვის უხმო რეჟიმზე გადამყავს...რა იცი რა ხდება? პატრონმა რომ ძებნა დაუწყოს და მოულოდნელად გადმორეკოს? უხსენი მერე ლენას სად ვიპოვე, რა ვითარებაში, რატომ არ ვეძებ მფლობელს და ასე შემდეგ ...ლენა ანკეტის შევსებაზე ჭკუას კარგავს , ამ ბოლო დროს ჯვარედინი დაკითხვის პრინციპი დაამხეცა და დედიშენის შვილი ხარ, რამე უზუსტობაში ჩაგიჭირა, ეგრევე წითელი გაქვს ანთებული...

წყალს ტყუილად ვუშვებ უნიტაზში, სააბაზანოდან გამოვდივარ და სანამ სუფრას მივუჯდებოდე, ჯერ ბებიას ლოყაზე ვკოცნი...

-ოხ, შე გურულო! - ეშმაკობას მიგიხვდიო მიმანიშნებს ლენა , -აბა დაიწყე, რა დააშავე ?

-არაფერი, -ვითომც ვერ ვიგებ მის „ნამიოკს“, მწვანე ხახვის ფოჩს ღეროზე ვახვევ,  სამარილეში ვაწობ და გემოზე ვახრაშუნებ ...

-აბა თვალებში შემომხედე?!-ბებია მიახლოვდება და თვალებში ჩამყურებს.

-შემოგხედე!მმმმმ..რა გემრიელია! -ვუქებ ნახელავს და მწვანე ვაზის ფოთლის ტოლმას ერთ ლუკმად ვნთქავ...

და მეტი რა უნდა მისი გულის მონადირებას...ელენე მიხეილის ასული დნება, იბადრება და შუბლზე მკოცნის,-ღმერთმა შეგარგოსო, და სამზარეულოში გადის, მე სასწარფოდ კიდევ ერთ ტოლმას ვაყუმბარებ და საგანგებოდ გამზადებულ ალუბლის კომპოტით პირთამდე გადავსებულ კერამიკის ვარდისფერ „კრუჟკას“ ერთ ამოსუნთქვაზე ვცლი...

-გავედი  და დამაგვიანდება!-გავძახი სამზარეულოში და სანამ ლენა რამის თქმას მოასწრებდეს , უკვე სადარბაზოს კიბეზე ვარ...

-რომ დაბრუნდე პური წამოაყოლე !-მეწევა შუშაბანდის ღია სარკმლიდან ბებიას ხმა, -ერთი შავი და ორიც თეთრი , ოღონდ კარგად შეამოწმე , იმდღამდელივით ძველი არ შემოგაპარონ...

ერთხანს სახლის კუთხეში ვდგავარ და ვფიქრობ სად წავიდე ,რომ ჩემთვის „სკუჩნად“ ჩავუჯდე ტელეფონს , არავინ გამიბურღოს ტვინი და ყური ზედმეტი კითხვებითა და სენტენციებით...

პირველივე მაცაცო მახსენდება, ბიცოლაჩემი  რეანიმაციაში მუშაობს და ყოველ მეოთხე დღეს მორიგეობა უწევს...სამშაბათი...ოთხშაბათი... „კაკრაზ“, მორიგე უნდა იყოს, თან მაცაცოს ზედმეტი კითხვების დასმა არ უყვარს,  ლილიკო  ეყოლება მისახედი და ჩემთვის არ ეცლება, ვეტყვი დაღლილი ვარ, ცოტას წავუძინებ-თქო და ისიც მარტოს დამტოვებს  ოთახში...ტაქსის ვიჭერ და ნუცუბიძეზე ავდივარ და ისე აგხდომოდეთ ყველა ზღაპრული სიზმარი და კეთილი ოცნება, როგორც ჩემი ვარაუდი მართლდება ...

-ბიოლოგიაში  ადამიანის ტვინის აგებულება გვაქვს, -  ლილიკო ბიოლოგიის წიგნს შლის და გაკვეთილის პარაგრაფს ეძებს...

- აჰა, ზუსტად იმას ვსწავლობთ, რაც არ გვაქვს...-იცინის მაცაცო...

-გავალ ხო, -ვანიშნებ თვალით გვერდით კარზე...

-კი,კი, ლამარა მორიგეა, ასე რომ შეგიძლია წამოკოტრიალდე და წაუძინო...ჩვენ არ ვიხმაურებთ და ხელს არ შეგიშლით...

- ტვინი მაგარი გამოგონებაა, ჩვენი პროცესორია რა!- თვალს ვუკრავ ლილიკოს ...

-ჰოდა, წადი დააძინე შენი პროცესორი და გვაცალე პატარა ხანს, - ამბობს მაცაცო ,-გშია?

-არა, ლენა არ მომეშვა, სანამ არ გამთიშა!

-ჰო, ლენა იზამდა!- და მაცაცო და ლილიკო  ბიოლოგიის გაკვეთილში იძირებიან ...გვერდით ოთახში გასულს დიდხანს მესმის ტვინის ხვეულებში მოგზაური დების ბუნდოვანი ხმები...ერთი სული მაქვს გავხსნა სასურველი ფოლდერი , მაგრამ რად გინდა?!  ტელეფონი დამჯდარა...ბედი უნდა ყველაფერს! “...

. . .

ნატასთვის რომ გეკითხათ, მამამისი ოჯახს „იმ ქალმა“ წაართვა...

-სისულელეა!...არავინ არავის არ ართმევს! ...ის არ იქნებოდა, სხვა გამოჩნდებოდა! ...ეტყობა მომზადებული იყო ნიადაგი და პატარა რყევაზე ბზარი ნაპრალად იქცა და ნაპრალიდან უფსკრულამდე რაღა რჩება ?- ერთი ნაბიჯი!

- შენ გგონია დედაჩემს ვამართლებ? სულაც არა! მაგრამ რომელიმეს ხომ უნდა ებრძოლა ცოტა მაინც...აი, სულ ამდენით...- ნატა ნეკა თითს ცერით მონიშნავს და უანგარიშოდ დაჰყურებს...- ჩემი პრობლემა იცი რაშია? -მე ყველას ფეხებზე ვკიდივარ  და ყოველთვის ვეკიდე... მეც და ჩემი ძმაც ...

-ასე ნუ ფიქრობ! უბრალოდ შენთვისვეა ცუდი...

-როგორ ასე?

- წყენის ვერპატიებით ცხოვრება გაგიჭირდება !...

-ეხლა რაღა  მნიშვნელობა აქვს ! მიშკა აღარ არის,   ლიანა საფრანგეთშია, ძალიან ეგოისტი და ვითომ ბედნიერი...

-გიყვარს?

-უფრო მეცოდება!

-შენ რაღაც ამ ბოლო დროს ყველა გეცოდება: მე, დედაშენი...

-არ ვიცი, აღარფერი ვიცი...

- სამაგიეროდ , მე ზუსტად ვიცი, რომ ოჯახი არ არის მხოლოდ ერთ ჭერქვეშ მცხოვრები ადამიანების ერთობლიობა....ერთ ჭერქვეშ სასტუმროშიც ცხოვრობენ, ერთმანეთს ხვდებიან, უღიმიან,.და მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ენაზე საუბრობენ და ერთმანეთისა ხშირად არ ესმით, შეიძლება დამეგობრდნენ კიდეც ... ოჯახი კი ერთ ენაზე მოსაუბრე ადამიანებია და თუ ერთ ენაზე ვსაუბრობთ, სულაც არ არის აუცილებელი ერთ ჭერქვეშ ცხოვრება ...

-ესე იგი ,მე და შენ სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ?

-თანაც კარგა ხანია...

-მაგრამ ჩვენ ხომ ოჯახი არც არადროს ვყოფილვართ...

-კი, გაგვიმართლა...

-შენ ამას გამართლებას ეძახი?

- როგორ გგონია, რატომ დაშორდნენ შენები?

-და შენ რა გგონია, რას გიპასუხებ?

-შენ გგონია ,მესამე ანგრევს ურთიერთობას? არ დაიჯერო!...ადამიანები თავად ანგრევენ ყველაფერს...მესამე, მერე მოდის , როცა უკვე ყველაფერი დასრულებულია და ნათელი...

-ეგ შენი თეორემა აქსიომა არ არის და ყოველ ჯერზე დამტკიცება სჭირდება...

-მაგალითად?

-არ მსიამოვნებს ამაზე საუბარი...

-მაშინ ჩემებზე გეტყვი...იცი, მამაჩემი რომ წავიდა ამქვეყნიდან, ერთი ქალი მოვიდა სამძიმარზე და დიდხანს დარჩა , თავისთვის იჯდა კუთხეში და უხმოდ ტიროდა...დედაჩემს ვკითხე, ვინ არის მეთქი და არ მიპასუხა, და მე ვერ მივხვდი, არ იცოდა, თუ არ მოინდომა ეპასუხა...ის ქალი ყოველ პანაშვიდზე და მერე დაკრძალვაზეც არ მოსცილებია სასახლეს, მამას ფეხებთან ჯდებოდა და  საკუთარ მუხლებს დაჩერებული  ტიროდა, უჩუმრად ,შეუმჩნევლად...დაკრძალვის დღეს , დედამ გვერდით გამიყვანა და მითხრა, რომ თურმე მამას და იმ ქალს  მთელი ცხოვრება ერთმანეთი უყვარდათ , და რომ დედას ნება მიეცა, ეგლოვა მამა...

-სანამ დაკრძალავენ, გამომშვიდობება სურს...ჩვენ ვალდებულები ვართ, უკანასკნელ გზაზე პატივი ვცეთ მამას ხსოვნას და მას, ვინც მამაშენს სიცოცხლის ბოლო წუთამდე, ბოლო ამოსუნთქვამდე  უყვარდა...

კარგა ხანს , ჩუმად ვიდექი, მერე დედას თვალი თვალში გავუყარე და ისე რომ სიტყვა არ დამიძრავს,  სამძიმარზე მოსულ კურსელებთან გავედი...დასაფლავებამ უხმაუროდ, ყოველგვარი ზედმეტი დაძაბვის  გარეშე ჩაირა, მხოლოდ ცოტ-ცოტა გაჭორეს დედა, ის ქალი და მამა...ყველაზე ნაკლებად მე ...ეს იყო მხოლოდ, ქელეხში ბიძაჩემი მომიჩინეს, რომ ზედმეტად არ დამელია და რამე ხიფათი არ ამეტეხა თავისათვის- მაინც ახალგაზრდაა და ნერვებმა არ უმტყუნოსო...გულში მეცინებოდა, რა იცოდნენ, რომ ყველაზე მეტად დედასი მესმოდა...იმ ქალისაც, ხოლო, მამას კი გულში ვეკამათებოდი , კი არ ვკიცხავდი, ან ვამტყუნებდი, სხვისი განსჯა ჩემი სისუსტეა, უბრალოდ, მიკვირდა, რომ მისი ნებისყოფისა და პრინციპების კაცს, ოდესღაც გადაწყვეტილების მიღება გაუჭირდა და მთელი ცხოვრება ტყუილში აცხოვრა საკუთარი თავიცა  და სხვებიც .

-უფლებას არ მოგცემ, მამაზე ასე იფიქრო, -მითხრა ერთხელ დედამ კამათისას...- პირიქით, გულწრფელი იყო და პირნათელი, უბრალოდ, არ უნდოდა შენ გეგრძნო უმამობა...

-და ამდენი ხალხი რომ მოტყუებული ატარა არაუშავს?

-რას ეძახი ტყუილს?

-რას და თქვენს ვითომ იდეალურ და სამაგალითო ოჯახს...

-უმადური ხარ...უმადური და სასტიკი...

-და შენ უთავმოყვარეო!...-რაღაცნაირად წამომცდა და მაშინათვე ვინანე, მაგრამ უკვე გვიანი იყო...და ცხოვრებაში პირველად და უკანასკნელად დედამ სილა გამაწნა...

საშინლად მეტკინა და კიდევ უფრო მეწყინა,  სახლიდან წავედი და სამი დღე ხან ერთ ჯგუფელთან მეძინა და ხან მეორესთან და სრულებით არ ვიტანჯებოდი, რომ დედამ არაფერი იცოდა ჩემს შესახებ, პირიქით, განუსაზღვრელ სიხარულსა და კმაყოფილებას განვიცდიდი, რომ ვიცოდი, როგორ დარდობდა, ნერვიულობდა ისედაც ქმრის დაკარგვით ტრამვირებული ქვრივი... იმის ნაცვლად რომ გვერდში ამოვდგომოდი და მეცადა, ცოტათი მაინც გამეგო მისთვის, ჩემი პატარა ამბიციები მოსვენებას არ მაძლევდა და პატარკაცობის ჭია სულსა და სხეულს მიღრღნიდა...სწორედ მაშინ იყო რიმზი დეიდა რომ დამადგა თავზე და მითხრა, კი არ მითხრა, მკაცრი და შეუვალი ტონით მიბრძანა, შინ წავყოლოდი...და თან ეს ყოველივე რატომღაც რუსულად გააკეთა , თითქოს ქართულად რომ ეთქვა და აეხსნა, არ დავმორჩილდებოდი, არ შევუსრულებდი ნათქვამს.

-Ты потерял отца и теперь хочешь остаться без матери?...Кто тебя упалномочи рассуждать других, даже если они твои родители...А-ну-ка, марш домой и безоговорочно проси прощения у  мамы!

ეტყობა სულ მცირედი  ხელის კვრა მინდოდა და რიმზიც , რომ იტყვიან ხსნად მომივლინა განგებამ, რაც დრო გადიოდა, სულ უფრო ვნანობდი ნათქვამს და კიდევ უფრო მეტად, ჩადენილს, მაგრამ ბიჭური ამპარტავნება და მამაკაცური თავმოყვარეობა ხელს მიშლიდა, მივსულიყავი დედასთან და მეღიარებინა , რომ უპატიებელი შეცდომა დავუშვი და რომ არ ვიყავი შენდობის ღირსი...კაროჩე, მე და ანეტა შევრიგდით, უსუტყვოდ, უთქმელად, და მას შემდეგ არცერთს გაგვიხსენებია ის საბედისწერო საუბარი.

-შენ კარგი დედა გყავს და სამწუხაროდ , არ იცი მისი ფასი!

-აი ეხლა ჭკუის სწავლების მოსმენას არ ვაპირებ ნაღდად !...

-ნუ ღიზიანდები, როცა მართალი ვარ!

-სიმართლე ფარდობითი კატეგორიაა...

-ანუ...

-ანუ იმდენი სიმართლეა, რამდენი ადამიანიც არსებობს...

-ეგ ხელს არ გიშლის პერფექციონიზმში?

-ეგ რა შუაშია?

-როგორ ხვდები, რომ რასაც ამბობ და აკეთებ, სწორია და ეჭვგარეშე?

-ტანი მიგრძნობს ხოლმე!

-დეგენერატი ხარ ნამდვილი!

ნატა ამას ისეთი ინტონაციით მეუბნება, ვგრძნობ, რომ ისევ ვუყვარვარ, მიუხედავად ყველაფრისა და უკვე მეორედ ვნანობ, რომ დავშორდით...

. . .

-მეორე ტურში ვარ !- ვახარებ კეშას...

-საღოლ შენ! - ერთიც ვნახოთ და გაიჩითე ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე , -ოცნებას იწყებს ჯიმიკო და ლუდს წრუპავს...

-რა ბაზრობა... წინ მეორე ტურია ...ჯერ უნდა გავიმარჯვო ...

-რა პრინციპია? - ლევანჩო მზადაა მთები გადადგას ჩემი გულისთვის  -კანადის ვიზა დაითრია და ალბათ წავა სამუშაოდ ...

-ორი პრინციპია -ხმები და ჟიური ...პირველ ტურში ხმებზე არ მიჩალიჩია რა, ჟიურიმ გამათრია ... ეხლა არ ვიცი რა იქნება...

-მერე? ჩვენ აქ რისთვის ვართ ლომები? - მივდგეთ-მოვდგეთ, ხალხი შევაწუხოთ! ცოტა- ის, ცოტა -ეს!-ხვანცალებს ლევანჩო ...

-არა , ამ ამბავში მთავარია სწორი ტაქტიკა და სტარტეგია ...- ურყევია თავის პრინციპებში   ქირონა.

- მერე რა უნდა, ტო? რამდენი ვართ აქა? 15 კაცი მინიმუმ ოლიმპიადას ჩათვლით , ნაშობას არა ვთვლი...

-რატო არა თვლი, აბა მაგათ აქვთ ბლატი „ფეისბუქზე“,- აპროტესტებს ჯიმიკო თავდაჯერებით, იცის, რომ მართალია...

- კაროჩე, ეს უნდა ვქნათ ესე- უნდა გავინაწილოთ ფუნქციები და ავიღოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობები- მამენტ, მე , ძმაო, მე ლიჩნად ...რამდენი გვაქვს დრო??

-ორი კვირა...

-ჰოდა, ორი კვირაში მინიმუმ ათას ხმას ჩაგახუტებ, ათასს-ისა, ათასს- ესა  და მეტი კი არაფერია ეს დადმოტყნული არჩევნები, ეგრე იგებენ ხოლმე ეს ბოზები...

- სკაბრეზით რატომ ვაბინძურებთ ჰაერს? - სეგმენტა ღია კარში დგას და მზის სათვალიდან გვზომავს...

-ვააა, კაი დროს მოხვედი, -ლევანჩო ხელს ხვევს მხარზე და ოთახის შუაგულში შემოჰყავს , - კაკრაზ, შენისთანა ადამიანის  გვერდში დგომა უნდა ჩვენს ჯიგარსონს...

-რა ხდება? -სეგმენტა დაბნეულია და ეჭვის თვალით გვათვალიერებს ხან ერთს, ხან მეორეს...

-მოკლედ, არის ეგეთი ლიტერატურული კონკურსი რა და ჩვენი ძმა მონაწილეობს და არის გადასული მეორე ტურში...ეხლა უნდა ხმები და გამარჯვება ჩვენია!

-მერე?

-მერე რა ? ჩვენ ყველამ ეს ორი კვირა ამ ადამიანს ხმები უნდა მოვუგროვოთ და მერე იქნება „დი-ნა-მო! დი-ნა-მო!

გამარჯვების გზებზე ვდგებით,

გამარჯვების სიმღერებით გული უნდა ვიჯეროთ!“...

თემურ წიკლაურის ბარიტონზე მიბაძვით აჯაზებს ჯიმიკო ...

-რა ქხდება? დინამო გამარჯვება გაკეთა და მე არ ვიცი? -ხმაურზე შემოდის ჯეფი , -აფსუს რა თოთალიზათორი გავმაზე?

-ა, კიდო კაცი! - ესეც ჩავრთოთ , ამის ხათრით ჩვენი ნაშობა სუ ყურებზე გაივლის ...

-რათო გშურს ? -იცინის ჯეფი , - იქხავი შენც ლამბერსექსუალი და გოგონებს ნაქხე როგორ დაევასო?

-Не учи мне жить ! - Лучше помоги материяльно!- ლევანჩო ფურცელს იღებს და კალკულატორმომარჯვებული მაგიდასთან ჯდება .

-რაო ? რა მთჰქრა?- კითხულობს ჯეფი, რომელმაც ვერაფერი გაიგო რუსულად ნათქვამი ფრაზიდან...

-მწვანე ფერი მიყვარსო ძირითადადო , -უხსნის ჯიმიკო და თვალს გვიკრავს ...

- მცვანე მეც მიყვარს და კარგი ფერი არის ...-ჯეფი დაბნეულია, რადგან ხვდება, რომ რაღაც ბოლომდე ვერ გაიგო ...

-ნახე?- ჯიმიკოს კომპიუტერში  „You Tube“  გამოაქვს და ოთახში  Aloe Blacc -ის „ I  need A  Dollar“ იფრქვევა. ჯეფი ხუმრობის არსს ხვდება , იკრიჭება და ცეკვით ასდევს მუსიკის რიტმს და ხელს გვიქნევს თქვენც ამყევითო , ჯიმიკო მატარებელივით ჩაებმება, როგორც ოდესღაც საბავშვო ბაღში , მერე ლევანჩო, ქირონა, მერე მე და ბოლოს სეგმენტასაც ვითრევთ ამ თავბუდამხვევ მუსიკალურ კარუსელში   და სიცილით და ცეკვა-ცეკვით ვუვლით ოთახს...

-უუუუ!-კივის ბოლო ხმაზე ჯეფი და ლევანჩოც კრინში ასდევს ...

„მხიარული მატარებელი“ ქშენით, კივილით და ცეკვა-ხალისით ორ წრეს უვლის და მესამე კრუგზე -ჰოპ! -ღია კარში გაოგნებული უჩა დგას და გვერდებიდან ოფისის ნაშობა აწყდება ...ჩვენ ადგილზე ვშეშდებით...გოგონები კვდებიან სიცილით და მუსიკის რიტმში ტაშს გვიკრავენ :

-კი-დე! კი-დე!

-Jeff, can you explain what's going on here? -ეკითხება უჩა ჯეფს, მაგრამ აშკარაა კითხვის ინტონაციის მთავარი ფოლადი ჩვენსკენაა მომართული ...

-Everything is all right! -პასუხობს ჯეფი მხიარულად...

ჯიმიკო მუსკას ადუმებს და ერთხანს აბსოლუტურ სიჩუმეში გზაბანეული და კონდციონერისაგან გაბრუებული და ჟამკარარეული კოღოს გაბმული, მოგუდული ბზუილიც კი ისმის ...

-Come on  and  explain...-უჩა არ იღიმის, ყველას გამგმირავ მზერას გვავლებს და გადის ...ჯეფი თვალს გვიკრავს და სტვენითა და ღიღინით მისდევს ...

თითქოს ცივი წყალი  გადაგვავლეს, და...

-ეგერე არ დარჩეთ! -იცინის ჯიმიკო-კონცერტი თქვენი თხოვნით დამთავრებულია! მადლობთ რომ გვიყურეთ! მომავალ შეხვედრამდე! -თავს უკრავს გოგონებს და საბალეტო მაკრატელა ილეთით გზას იკვალავს ჩვენი ოფისის „ელიტ -მოდელ- ლუქის“ კორდებალეტში - მომეცალეთ თორემ ჩავიფსავ და თქვენ დაგბრალდებათ !

ყველანი სიცილით იშლებიან და შესვენებაზე გადიან ... კომპთან მარტო ვრჩები  და კონკურსზე ვფიქრობ...

-„თუ თავის იმედი არ გაქვს, ნუ დაარტყამ პირველი, თუ დაატყამ და  მაშინ ბოლომდე გადი!“ ...ჩამესმის ჩემი სკოლის ფიზკულტურის მასწავლებლის  ნოდარის სიტყვები ...საწყალი, ცოცხალი აღარ არის, გაანათლოს უფალმა იმ ქვეყანას , მაგარი კაცი იყო! ... სუფთა, ალალი, პირდაპირი და  ვაჟკაცური ... ფიზკულტურის გაკვეთილზე,სანამ გოგონები ფრენბურთს თამაშობდნენ, ბიჭებს კრივში გვავარჯიშებდა ძველი და სარემონტო სპორტდარბაზის კუთხეში დაკიდებულ დერმატინგადაქექილ  „მსხალთან“ და კრივზე მეტად ცხოვრებასა და კაცობას გვასწავლიდა ...

„და სანამ ნაპოვნი მობილურიდან ფაილებს გადმოვწერდი, ტელეფონზე ზარი შემოვიდა!...ესეც ვიცოდი!...პატრონია  აშკარად... სასიამოვნო ტემბრის ხმის მქონე მამაკაცი ღელავს და მიხსნის, რომ ამა და ამ  დღეს ამა და ამ ქუჩაზე, დღისით-მზისით, მობილური ტელეფონი დაკარგა, რომ ძალზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია აქვს მასში და მთხოვს დავუბრუნო, ნებისმიერი საფასურის სანაცვლოდ ...მე ღიმილით ვპასუხობ და ვუდასტურებ, რომ ტელეფონი მართლაც ვიპოვე იმ ქუჩაზე იმ კონკრეტულ დღეს, რომელსაც მისახელებს და რომ  მისი კუთვნილი ნივთის მითვისება არც მიფიქრია...

- „ასე რომ ყოფილიყო, გამოვრთავდი და ვერც ვერადროს მიაგნებდით მპოვნელს...“-ვამბობ მე - არც იფიქროთ რამეზე, სანაცვლოდ ნამდვილად არაფერს გთხოვთ, უბრალოდ რამდენიმე ძველი ფოტო მომეწონა თქვენი არქივიდან და იქნებ მაჩუქოთ, უკითხავად არ მინდოდა წაღება და გადაწერა...“ -ვცრუობ, რადგან მთელი ფაილები უკვე გადაიწერა და საგულდაგულოდ  მაქვს შენახული მეხიერების ბარათზე...

პატრონი კეთილგანწყობილია და ბედნიერი, რომ ტელეფონს უპრობლემოდ დაუბრუნებენ და მზადაა, ნებისმიერი ფოტო მაჩუქოს ... ერთმანეთს პაემანს ვუნიშნავთ და ერთ საათში მრგვალ  ბაღთან ვხვდებით ...

-ხომ გესმით, მფლობელი რომ დამედგინა , ინფორმაცია უნდა მენახა , ამიტომ გალერეაში შევედი და იქ ისეთი არაჩვეულებრივი კადრები დამხვდა ...ბოდიში უნდა მოგიხადოთ, რომ უნებლიედ თქვენს ცხოვრებაში მომიწია შემოჭრა ...

მამაკაცი ასე 50-55  წლისა იქნება, კარგადაა შენახული, თუმცა აუზზე მიღებული რუჯის მიღმა კისრის არეში დახორკლილი ნაოჭები ყიდის ,მაინც მაგარ „ვიდზეა“, ნავარჯიშევია, ნახევრადსპორტულად , სადად მაგრამ გემოვნებით აცვია და ეტყობა, რომ საკმაოდ რესპექტაბელური და წარმატებული უნდა იყოს ცხოვრებაში...

-მზად ვარ , რასაც მთხოვთ, გნებავთ ქეშად, გნებავთ სხვა მოდელს გიყიდით ...

მეღიმება , რადგან მსგავსი არც მიფიქრია, რა სისულელეა, ვაჭრობას ხომ არ დავუწყებ...

მამაკაცი იბნევა და საკუთარ სავიზიტო ბარათს მიწვდის :

-მაშინ, აი ...ჩემი საკონტაქტო ინფორმაცია და თუ ოდესმე დაგჭირდებათ ჩემი თავი, თქვენ ან თქვენს ახლობლებს , მზად ვარ !... თქვენს სამსახურში მიგულეთ!

ონკოლოგიური კლინიკის ლოგოა  და უსიამოვნო სიცივე მივლის მთელს სხეულში ..

-ჯვარი სწერია ყველას და ყველაფერს !--კაცი თითქოს  ჩემს ფიქრებს კითხულობს და საჩქაროდ ცვლის საუბრის თემას , -რა მითხარით? რომელი ფოტო მოგეწონათ? -კაცი სახეში მიყურებს და თვალი თვალში მიყრის , თითქოს სურს ამოიკითხოს , მოვასწარი თუ არა იმ უცხოწარწერიანი საქაღალდის შიგთავსის ნახვა ...ან იქნებ მე მეჩვენება ასე, რადგან სხვისი ინფორმაცია ურცხვად გადავიწერე  და ახლა სადღაც გულის სიღრმეში სინდისი მქეჯნის და შინაგანი ხმა მტუქსავს, როგორც სხისი ცხოვრების მომპარავს ...

-რამდენიმე ძველი შავ-თეთრი კადრია ...ალბათ თქვენი დიდი წინაპრების ...

-ააა, -შვებით ამოისუნთქებს მამაკაცი- ეგ ჩემი  ბებიაა  და მისი შეყვარებული , ძალიან ახალგაზრდები გადაასახლეს როგორც ხალხის მტრები...ხომ იცით, რა დრო იყო... საინტერესო ისტორიაა, იქ გადასახლებაში მოძებნეს ერთმანეთი და მაგრამ აღარ დაქორწინებულან , როცა შეხვდნენ მამაკაცს უკვე ჰყავდა მეუღლე , ბებიაც, რომ დაბრუნდა 55-ში , თავადაც გათხოვდა თუმცა სიცოცხლის ბოლომდე უყვარდა ის კაცი  და წერილებს წერდა ... ახლა არცერთი აღარ არის ცოცხალი ...

-სამწუხაროა, მაპატიეთ, სევდიანი ამბავია ...

-უფრო აბსურდული , სრულიად შემთხვევით მოხდა ეს ამბავი , უნივერსიტეტის პროფესორი დაუჭირეს და იქ იყვნენ, მასთან ორივე , ოღონდ მაშინ არ იცნობდნენ ერთმანეთს ...ერთი ნახვით შეუყვარდათ ერთმანეთი... ასეთი ხალხი იყო ... სადღაა ახლა ამგვარი ურთიერთობები ...

-მესმის,...- მე ტელეფონს ვუწვდი და ერთხანს მდუმარედ ვუღიმით ერთმანეთს ...-ძალიან მომხიბლავი ბებია გყოლიათ...

-მომწერეთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი და იმ ფოტოებს მე თავად გადმოგიგზავნით , -მამაკაცი ტელეფონს მართმევს და ჩემი ნომრის ჩასააწერად ეკრანს სქროლავს ...ჩვენ საკონტაქტო ნომრებს ვცვლით, მხურვალედ ვემშვიდობებით უერთიერთს და კეთილი ღიმილით ვშორდებით  ...

-გინდა გაგიყვანთ ახალგაზრდა, -მთავაზობს მამაკაცი , და ხელს მიწვდის - თქვენი სახელი არც მიკითხავს , ისე გამახარა ამ ტელეფონის გამოჩენამ , დამავიწყდა ჩემდა სამარცხვინოდ ...

-ზაზა, -ხელს ვართმევ და ვუღიმი, -ნუცუბიძეზე თუ ამიყვანთ დამავალებთ...

-რა პრობლემაა...ისე , გულწრფელად თუ გაინტერესებს, თქვენნაირი ადამიანიც არ შემხვედრია ...ფილმის სცენარია რა! -და ტელეფონის კმაყოფილი და ბედნიერი მფლობელი გზაში „ამ დღეებში ერთად ვისადილოთო“,  მითანხმდება...

ხუთ წუთში მაცაცოს ვადგები და კომპიუტერში „ფლეშკას “ ვურჭობ...

-რა გიჟი ხარ, -მეუბნება მაცაცო და გარეცხილ ხილს ლანგრით მიდგამს კომპიუტერთან ... იასნია, ვუამბე ტელეფონის ამბავი და იმ ფაილებზეც ... ძნელია მარტომ ატარო საიდუმლოს ჯვარი!-ერთი ადამიანი მაინც გჭირდება კაცს  გულის გადასაშლელად ...მაცაცომ იცის საიდუმლოს შენახვა , ბავშვობიდან ეგეთი იყო, და როცა ანეტა ბიცოლაჩემთან მტოვებდა ხოლმე და ჩვენ ეზოში ჩავდიოდით სათამაშოდ, მე ამაყი ვიყავი, რომ ასეთი ბიძაშვილი მყავდა, თანაც გოგო! - სამეზობლოში  ეზოს ყველა ბავშვმა იცოდა, რომ მაცაცოსათვის საიდუმლოს განდობა უპირობოდ შეიძლებოდა ...

- ბედნიერი ვარ და მსუბუქი , დურაკივით რაღაც მიხარია, ალბათ მაწუხებდა ამ ტელეფონის პოვნა და ახლა კმაყოფილი ვარ საკუთარი თავით, რომ დანაკარგი პატრონს დავუბრუნე , იცოდეს ლენამ ! რას იამაყებდა ვარლამის პორტრეტის წინაშე ! ერთი ათჯერ მაინც უამბობდა ფინჯან ყავაზე , -ვეუბნები მაცაცოს და ორივე ვიცინით.

„წუხელის თოვდა...

რა კარგია?!-თოვლმა არ დადო...

და ვერ მიხვდები, როგორ ვქსელე

შენს კარებთან ვიწრო ბილიკი,

ახლაც ატყვია მესერს ჩემი ნათითურები,

ფრთხილი ლაციცით რომ ხაზავდნენ სამ მარტივ სიტყვას:

„მე შენ მიყვარხარ!“

რა კარგია , თოვლმა არ დადო!“

ბარათს ბარათზე ვკითხულობთ... წერილები რაღაცით ჰგავს და არც ჰგავს ერთმანეთს ,

ხან სევდიანია, ხან ხალისიანი, ხანაც მოფილოსოფოსო... ზოგი ძალიან კონკრეტულ

ამბავზეა   და შეუძლებელია , დეტალების მიხვედრა და გაანალიზება, ზოგი მსუბუქია ,

როგორც ლოყაზე ბუბულის შეხება ...

...რა მაგრად წერს ვიღაცაა!-მაცაცო აღფრთოვანებულია ჩემი ეპისტოლარული მონაპოვარით, - საინტერესოა , ეგ „ლავსთორი“ როგორ დასრულდა ...

-არცარანაირად, ეს გათხოვდა, იმან სხვა ქალი შეირთო ... მაგის მეტი რა იცის ჩვენებურმა სიყვარულმა ...

-მიდი , კიდე ვნახოთ სხვებიც ...- მაცაცო ისეთ ინტერესშია ჩავარდნილი აღარც კი ახსოვს , რომ ლილიკო ჰყავს სამეცადინო ალგებრაში!

-შენი ალგებრა მოიცდის! - პასუხობს დას , რომელიც ბედნიერია მაცაცოს მოუცლელობით , დაქალს ურეკავს და საჭორაოდ მეორე ოთახში გადის ...

-When   I saw you,  I fell in love ,

And you smiled Because you knew.(William Shakespeare)

ეს სიტყვები ჩემ საფლავის ქვას უნდა დავაწერო  და როცა გაზაფხულზე ნუში იყვავილებს და ჩემს სახსოვრად  მოხვალ გაშლილი იასამნებით , ეს წარწერა შემოგანათებს და მე ვიგრძნობ რომ ჩემთან ხარ!“...

-ეხლა ვიტირებ !- მაცაცო მართლაც იწირპლება და ცხირის ნესტოებს „სელპაკით“ მოურიდებლად იხოცავს ... - აუუუ, მე რო ესე ვინმეს ვუყვარდე?! ...

-ნახე კიდე!- ვეუნები მე და ახალ ფაილს ვხსნი :

„მე ამ ლექსს გჩუქნი როგორც სახსოვარს,

ჩემსმის შენი ხმა იდუმალი,

როცა დახედავ , გაგახსენდება,

რომ სადღაც დაგრჩა ქალი, ვით ვალი...“

„ქალი ვით ვალი!“-მაგარია არა?

მაცაცო ისე გაბერილი ემოციითა და უელში გაჩხერილი ბურთით, ხმას ვეღარ იღებს და

მხოლოდ თავს მიქნევს...

-ესა ნახე

„დგახარმწვერვალზე, ხელისგულზემოჩანსსამყარო

დაბედისწერამწევარივითგარშემოგივლის...

დაგეძებ, გიხმობ, მიბრუნდებაექომესიჯად-

ნაცნობიფრაზითმანუგეშებს  -„ესეცგაივლის!“...

ბარათები ერთმანეთს სდევენ , ერთ ემოციურ ტალღაზე გაწიკწიკებულები, -რა საოცარი

ნაწერებია! საცოდაობაა ესე უჯრაში იყოს ჩაკეტილი! -ოხრავს მაცაცო...

„...მინდა მალე იყივლოს მამალმა, რომ ვიგრძნოა ლიონის სიგრილე
მბრწყინავ ეტლიდან ჩამოიშლის მზე დალალ-კავებს 
დამოაფენს სითბოს, სიყვარულს, სამშვენისებს უმანკოების...
ფანტავს ღრუბელს  ცაკამარას , აზარნიშებს ფეხმარდიქარი
ვით ბუზღუნა, ჯიუტი ქმარი ეჭვიანობს მზის ალერსზე ეს მერამდენედ...
და მერამდენად იბადება მარადისობა როგორც ზამთრის თეთრი ზღაპარი 
სული ჩემი შეიპყარი და დაიპყარი ვით ნაოსანმა სამარიტელმა   უცხო მიწა,
ჩემს დუმილს ვფიცავ , 
ვიცავ აღთქმას იმ არქაულ დროიდან ოდეს
მზე ვით მიჯნური მთვარეული ფეხით ვიდოდეს
დღეს კი ეტლის ბრწყინვალება თვალს მჭრის ალმასით
რომელიც ფატრავს დედამიწის ვეება საშოს , რომ დამბადოს არარადან  ადამიანად“...

-არ არსებობს დაფარული, რომ არ გამოჩნდეს, და რაც რამ საიდუმლო, რომ რ გამჟღავნდდეს და გაცხადდეს...“ ახალი აღთქმა, ლუკას სახარება, თავი მერვე, ასე რომ, როგორც მე გადავაწყდი, ასე იპოვნის ვინმე ჯეელი და დასტამბავს ერთ წიგნად ...ნახე რა მაგარია?!

„ახლა სხვა პეწი აქვს მზითვის სერვიზსა და
ლარნაკს ფაიფურის დიდრონი ვარდებით,
საათის ციფერბლატზე დრო კვანძავს ირაოს,
ირხევა მოგონების ქარქარა ფარდები.
ახლა უფრო ტკბება ყველა გამოხედვა,
სულ სხვა სურნელი აქვს ნართაულ სიტყვასაც,
როგორც სამშვენისი კაბის ღილკილოზე,
გოგოობაში რომ ასე არ მიყვარდა..“

-უუუჰ!...კარგია!.

-პოეზიის ხუთი წუთი „ასე უყვარდათ საქართველოში!“ დამთავრებულია! -ვამბობ მე , -წავედი, ნიკუშა მელოდება!

-დამიტოვე რა „ფლეშკა“, -მთხოვს მაცაცო.

-აპა-პა-პა! ...გამორიცხულია!...

და საჩქაროდ ვთიშავ კომპიუტერს , -არც კი  იფიქრო და იოცნებო!

-მარტო ერთი დღით! წავიკითხავ და დაგიბრუნებ!-მაცაცოს მუდარა ერევა ხმაში...

-ისეთ რამეს ნუ მთხოვ, რაც არ შეიძლება მთხოვო, შენ უკვე დიდი  გოგო ხარ და უნდა გესმოდეს! - ცხირის წვერზე ვკოცნი და ლილიკოს გავძახი :

- ლილიკო! ...თავად „ემ-ცე-კვადრატ-უსასრულობა“ გიხმობს, ლილიიი!

მაცაცო იბუტება , მაგრამ ხვდება რომ ვერაფრით დამიყოლიებს და კაპიტულაციას მიცხადებს, - კარგი, მაშინ ხვალაც ამოდი და ისევ ერთად წავიკითხოთ!

-ეგ შეიძლება !-თავს ვუქნევ მე და ამჯერად ალგებრის ფორმულებში ჩაყურყუმელავებულ დებს სიყვარულით ვკოცნი -

-გემაბორებით მაგ ჭკვიან შუბლებში !

-პაკა!- მემშვიდობება ლილიკო და უჟმური სახით ფურცლავს  ალგებრის ტესტების კრებულს ...

. . .

-ვადის ამოწურვამდე რჩება სულ რაღაც ფარჩაკი სამი დღე! - მერამდენე ადგილზე ვართ, რაინდო?- მეკითხება ლევანჩო და რომელიღაც მონარქივით  ოფისის ფარდაში მოსასახამის მსგავსად ეხვევა ...

-აბა მოიმარჯვეთ ყველა საჭირო ინსტრუმენტი და მიკარნახეთ  თქვენი ციფრთა მარულა !

-ჩემგან , ძმაო დღის ბოლომდე , 154 ნაღდი ხმა , -ფეშქეშ იყოს! - ჯიმიკო თავს მდაბლად ხრის და ფერად წებოვან ფურცელს დარბაისლური ჟესტით აკრავს კედელზე დაკიდებულ დაფას, რომელზეც ლევანჩოს უკვე დაუხაზავს „ექსელის“ პირობითი ცხრილი და შეჰყავს საკონკურსოდ სასურველი ხმის მოპოვების ეგზიტპოლის მონაცემები...

-ვეჟო, რაის გევტყვი, -ლევანჩო ახლა კეშას მისჩერებია და მოთმინებით ელის რას ეტყვიან:

- 180 ნაღდი რჩეული ხმა !- კეშა სახაზავს იშიშვლებს მახვილივით და სუხიშვილის მოფარიკავესავით ცალ მუხლზე ეცემა !

-კარგია!- ლევანჩო გასწორებულშია ...

- ახალს რას გვეტყვის სამურზაყანო?

-  99 და ნაღდი !-ქირონა კალკურატორს უშვერს და თავს იმართლებს- უჩა მაგზავნის რუსთავში და მთელი დღე მეკარგება , ტო!

-ეს 99 რა , ხინკალია თუ „ელიტ ელექტრონიქსის “ „დისქაუნთ“-აქცია , ასამდე მაინც დაამრგვალე ! -ეცინება ლევანჩოს ...

-ვინამც მოყვასს არ უშველოს, დედამც შაერთოს ცოლადა! - არა გრცხვენის ვეჟო? რუსთავს რა?- ხმები გასწყიტა ჭირმა და ხორველამ ? წადი და იქა სცადე იღბალი!

-...მოითსა...დედა თსოლადა? ვაჰ, ეგ ფრაქთიქულად,  „ჩემი დედა მოვთკან!-ის არქაული ფორმა არის? -იბადრება ჯეფი , რომელიც მუდამ მზადაა რაიმე ახალი სკაბრეზობის დასახსომებლად...

- ოკეანეს გაღმიდან რა ცნობა მოდის? -ახსენდება ლევანჩოს ჯეფი, რომელსაც  ისე ახალისებს ჩვენი იმროვიზირებული სპექტაკლი , პირი ყურებამდე გაუხევია და იკრიჭება...

-რას იტყვის უცხო დესპანი?

-მიდი ბიჭო, შენზე ბაზრობს , -ქიმუნჯს ჰკრავს ჯიმიკო ჯეფს ...

-მე შემიძლია გითჰქხრათ , რო ჰუთას ექვსი ქჰმა მოდის ჩემი და გოგოების ადამიანების რესურსის ჰარჯზე...

-აი, ძმაო, კაცი და ლაზათი! - აქებს ჯეფს ჯიმიკო!-იმას კი არ ჰგავს და თვალით გვერდით ოთახისკენ გვანიშნებს ...

-ყველაფერი მესმის, ყველაფერს ვხედავ !-გვეძახის სწორედ იმ გვერდითი ოთახიდან სეგმენტა - დღეის მონაცემით 178 კონცეპტუალური და გარანტირებული ხმა !

-დაბალი მაჩვენებელია!-უწუნებს ლევანჩო!

- და ოლიმპიადა? -წუხელ დამირეკა და მაგრად ვიცინე- წინასწარ კვდება სიცილით ლევანჩო, -

-ჯერ გვაუწყებდე  და მერმე გაიცინებდე! -ვერ ელევა „ობრაზს“ ჯიმიკო ...

-„ესე იგი, ბიჩებო, -აგრძელებს ლევანჩო ოლიმპიადას მიბაძვით დამტვრეული რუსულა ქართულით , - „ეს ოლიმპიადა ხო არის არჩევნებზე აგიტატორი უბნის ამბავში, ჰოდა, ამ სოლოლაკში 3000-ზე მეტი ამომრჩეველი ჰყავს , დადის ეხლა კარდაკარ და აგიჟებს ამ ხალხს -ჩვენი ბიჩი მიეციტ ! ჩვენი ბიჩი მიეციტ! კაროჩე მთელი ზედა და კვედა სოლოლაკი შენ გაძლევს!“

-მითსემა რო საქმეს შველოდეს?!-იცინის ჯეფი...

-ვა, იუზგარ, ეგ ფრაზა ვისგან დაამუღამე?!-აცივდება ლევანჩო...

ჯეფი იცინის , თახთახებს სელაპივით და თავს აქნევს , ვითომ ძალით ვერ მათქმევინებთო...

_თქვი, თორემ დანდობა არ იქნება !- ყელზე სახაზავს აბჯენს ჯიმიკო .

-ჰააა! კნიაზ? შენ ყარაჩოღელი გიჟუა გაგიგონია? ხომ არ გინდა ეხლა შენი ევროპა-ამერიკიანად ანდერძი აგიგო?

-ქაი , ქაი, ვითხყვი, ნითას ნათქვამია !-ხელებს სწევს ტყვე პარტიზანივით ჯეფი ...

-ჰოდა ეგრე! -თვალს გვიკრავს ლევანჩო-გიჟუა, - ესე იგი, ჩვენი დეპარტამენტის ეგზიტპოლების დღეის სტატისტიკით ჩვენი ფალავანი ხუთეულში უნდა ვიხილოთ ...

-სხვებს ბრინჯი ურჩევიათ ,რაღა? -ვამბობ მე გიჟუას ინტონაციით ...

-ჰა, როგორ ამბობ ხოლმე , რაო... მამიდაო ...ბოზიო ...-ეკითხება ლევანჩო ჯეფს...

და ჯეფიც უკვე მერამდენედ სიცილით ახდენს საკუთარი ცოდნის დემონსტრირებას ქართულ-მამაპაპური ანდაზების ამბავში.

. . .

ეს ბოლო დღეები ნატას არც დაურეკავს და არც გამოჩენილა ... მიკვირს, რომ კონკურსის შედეგისმოსაკითხად მაინც  არ მეხმიანება ...თუმცა რა? ეს „ფეისბუკი“ ისედაც გადაჭრელებულია მონაწილეთა პერსონალური გვერდებით და ალბათ ადევნებს თავისთვის თვალს ვნებათაღელვებს ...

კიდე კაი, ანეტამ არაფერი იცის ამ კონკურსის შესახებ , თორემ რა გაუძლებდა იმის წნევებს ...

ზოგჯერ მიხარია, რომ დედა ჩემი პერსონაჟის ბებიას ელენე მიხეილის ასულის მსგავსად კომპიუტერთან არ მეგობრობს და გაგებაში არ არის, რა ხდება ვირტუალურ საქართველოში ...

„წვიმს...ცაცდილობს დაიკემსოს ყველაიარა,-ქვილთის საბანი ჭრელა-ჭრულა  ნაკუწებით,...ნაბიჯებს  შენსას  აღარ  ველი  და,  იცი,  მჯერა,  რომ  ამიხდება  წუხანდელი  სიზმრად  ნანახი ყველა  კადრი,  როგორც  ხილვა  ჯადოსნური  ზღაპრის  სკივრიდან,რადგან , როცა  არ  გელი, მაშინ მოდიხარ ნაცნობ მუსიკად…ფიქრებს   მიწეწავს მელოდია  ძველ მოტივიდან, რომელსაც  გულით  დავატარებ  და  მიხარია,რომ  შორსა  ხარ  და  მოლოდინებს  ერთად  ვაგორებთ…რომ  ვერ  გხედავ,  მხოლოდ  მესმის,  მჯერა და  ვიცი,  ფიქრობ  ჩემზე თუნდაც  დროდადრო...რომ  მზეს  მიგზავნი  ყოველ  დილით  სარკმლის  მინასთან და  ღამით  მთვარის  ფერმკრთალ  ნათელს სდარაჯობ  ჩუმი, უტყვი, მიმტევებელ -დამთმენ  ღიმილით...ო, რა შორია   სიხარული - ბედნიერება  წამის  წამია...მონატრება  მსჭვალავს  სხეულს  და  სულს,  როგორც  ხიდქვეშ  ვიწრო  მდინარე,  ბუტბუტით რომ ითვლის ლოდებს ხავსიანი ნაპირის გასწვრივ...თმენის  მდინარე  ავსებს  კალაპოტს და გადმოდისვით  რძის  ქაფი  გრძნობის  ქურაზე  ალმოდებულ  ვნების  ქვაბიდან...„ასე უყვარდათ საქართველოში“-შორით...მალვით...უანგაროდ... თავდავიწყებით...უცნაური  სევდის  თანხლებით და  აროდეს     უნანიათ,  რომ უყვარდათ. სიმარტოვის  თეთრ კუნძულზე  თოლიების  კამარისქვეშ   ჯვარწერილ  წყვილის  ოდენ  გამეტებით  თრთოლვა რძისფერ  იასამანის...მოვდივარ  შენსკენ,  ისე  ვით მგზავრი,წყაროს მძებნელი და მომივაბნევ  ფურისულებს- ცელქ  სტრიქონებს, -ერთი  ფარტენა  ჩაეხვია  ტარზე  ბზრიალით- მისდევს  და  ართავს ობოლ  სიტყვებს,  ხელმოცარულთ  სიყვარულის მორევში ცურვით და გიმეტებ განშორებისთვის ყველაზე ძვირფასს...მიხმობს  შენი  ხმა, მაგრამ,  ვიცი,  ვერ  გიპასუხებ, რადგან  უწინ  გადამივლის გრძნობის  ზვირთი და  დამაღრჩობს  ოკეანე - თვალთა  ფირუზი,მერე  გამყიდის,  როგორც  ტყვე  ქალს უცხო  ბაზარზე,რომელსაც  ისე  უტრიალებს  ვინმე  ეფენდი,როგორც  ფაშატს  ჯიშიანი  კვიცის  საშობად...შენ  შორსა  ხარ  და  ისე  მომწონს  მოლოდინი  და მოვისწრაფი  შენსკენ როგორც დაღლილი მგზავრი, ჩამოგაყრდნობ  იდაყვს  მხარზე, ჩაგხედავ  თვალში  და უბრალოდ  გეტყვი, რომ  მჭირდები , როგორც  არავინ  არასოდეს    დასჭირვებიათ, რომ  გეძებდი  დიდი  ხანია   და  გიპოვე  წვიმის  სველი  ნაფეხურებით, ცად  რომ  მიკვალავს  ვიწრო  ბილიკს  გორაკის  წვერზე ქოხისაკენ , ქარით მოლივლივე  ზამბახთა  მწკრივში...მე  არადროს  მითქვამს,- მიყვარხარ!-წვიმამ  თუ  გითხრა,  ან   ფურისულამ, თრობის  ლარნაკში  ყელმოღერილმა-ასე  თამამი  არ  ყოფილა  ის  აქამომდე, სანამ  წვიმა  დაფარავდა  შენს  ნაფეხურებს, გადაკეცავდა სიძველისგან სიყვითლენაპარავ ბარათს, რომ    ჩაატანეს, ვით  ფოლიანტი , ძველი ქოხის აღმოსავლეთის  ქვითკირის კედელს  სათუთ  სიყვარულის   ფაქიზ  სანიშნედ  .. “

„ფეისბუკის“ უცნობ „ფრენდს“      საკმაოდ ვრცელი ციტატა „ამოუკოპირებია“ თავის „ვოლზე“ და ქებას მასხამს გრძნობათა ბუნების ასეთი გადმოცემისათვის , ისეთი ზეაღმატებული სიტყვებია, ცოტა არ იყოს უხერხულობას განვიცდი...ხანდახან მავიწყდება, რომ ეს ყოველივე მე თავად მოვიგონე და სხვისი მობილურიდან მოპარული მგონია...

. . .

კონკურსი დასასრულისკენ მიექანება და რაც უფრო მცირე დრო რჩება ფინალისტების გამოვლენამდე , მით  მეტად იმატებს დუღილის ტემპერატურა...

თითქოს მთელი ოფისი ერთ საარჩევნო შტაბად ქცეულა და ხმების მოპოვებითაა დაკავებული...

-დღენახევარია რა!..გარანტირებული მდგომარეობა სხვა ენერგეტიკას ითხოვს...-ყველაზე მეტად  ლევანჩო ქოთქოთებს  და ეს მისი მღელვარე ნერვოზული მდგომარეობა ყველაზე გადამდებად მოქმედებს ...-

-რაღაც არ მესმის გამარჯვებისწინარე ყიჟინა! ლაღი პრერიის ველური მუსტანგების ფლოქვთა თქარათქური !...რა ყველანი ერთად მეეშვით მენჯებში?!

-მგონი ერთადერთი მშვიდი და სტაბილური უჩაა, -კისკისებს ნიტა, რომელიც დიდიხანია შემირიგდა და ჯეფის დავალებით სადაქალოს მობილიზაცითაა დაკავებული... მთელი კვირა  მობილური არ გაუგდია ხელიდან და ლამის სპა სალონისა და საპარიკმახეროს სტილისტებიც კი დაარიგა, როგორ დასტყუონ კლიენტებს ერთი ხმა „კაი ბიჭისათვის“...

- ღირსების თემაა რა, თორემ განა რა არის?!

-ჟიურიც ხო ასახელებს თავის ტიპებს არა?!- წყალწაღებული რომ ხავსს დაეკიდება, ისე  ეჭიდება კეშა  ჟიურის ვერდიქტს...

-არა, ძმაო, ჩვენ გარანტირებული ხმები გვინდა ...ახლა მაგაზე მანერვიულე, რომელ ფეხზე ადგება ჟიური ...

-კი მაგრამ ამ კაცს აღარ ეკითხებით, რა ურჩევნია? - ნიტა მეხვევა და ლოყაზე მკოცნის, აქაოდა ბოლომდე შენიანი ვარო და მთლიანად „კენზო ჯანგლის“ არომატის ბურუსში ვითენთები...ეს ნიტას საყვარელი სუნამოა და მის გამო სამშობლოს გაყიდის!

-ჩვენ გვჭირდება გამარჯვება და ბასტა!

„А значит нам нужна одна победа!

Один на всех !

Мы за ценой не постоим!“ -ჩამესმის რიმზი დეიდას მოღიღინე ხმა , გიჟდება ისე უყვარს ეს  „Беларусский вокзал“ და მოკალი!...

-„მიზანი ერთია , დიადი ,ნათელი!

ჩვენი მზეც ნათელია!“-მღერის ერთ ძველისძველ საბავშვო ჰიტს ჯიმიკო...-საიდან გაახსენდა ახლა?! მასტია რა!

„რაშა-ორერა რეროვ და!

მრავალჟამიერ, რეროვ და!

ისმის საქართველო და!“-ვყვები მეც და ვაფიქსირებ, რომ ანუკა , რომელიც კარსაა ამოფარებული, მობილურით გვიღებს ვიდეოს...

-ე, პაპარაცკა! არიქა, გაქცუნდი შენი შხვართუნია ფეფუნცუნებით , ატვირთე „ფეისბუქზე“ და დააწერე: „Palitra L“ Vote Zaza Toroshelidze“

-ჩემი გულთმისანი ბიჭი, როგორ გამოიცანი  ჩემი ჩუმი ჩანაფიქრი? -ანუკა ენას გვიყოფს და კურტუმის ქნევით გადის ...

-ჩათლაჰური გამორჩა არა? - ჯეფს უხარია რომ ფრაზა გამოიცნო ...

-აუუუ, დადებს ეხლა და წააწერს რაღაც სასწაულს...

-დაიკიდე -მოგეშვება!- არხეინობს ლევანჩო,- შენ ისა თქვი, რომ მაგის ტაკუნცუნების გამოფენის გოიმურ სელფებს და პოსტებს, 15 000-ზეტი ნახვა აქვს ...

- ვაიმე, რა კოშმარია?! ფსიქოზი დამმართე, შეჩემა!- კრუგომ ხო სუ ხმის მიცემა მელანდება ?! მასტს ვუხსნი, რომ ჯერ უნდა „დალინქოს“ და მერე დაალაიქოს“ და  გაგნებაში არ არის, 2 საათის მერე მწერს, ვაწკაპებ ფოტოს და სად დავალაიქოო...

-ასიანი ხარ, -ეთანხმება  ქირონა,- „ნაროდი“„იმენნა“გარტყმაში არ არის თანამედროვე კომპიუტერულ ტექნოლოგიებზე და სოციალურ ქსელებზე...

-არც არის საჭირო, რაც იქნება -იქნება! -ვამბობ მე - შეეშვით ხმების მათხოვრობას ...

-ვაუ! ეგ როდიდან  გვიცხადებ ამინისტიას?

-დღეიდან, აი ,ამ წუთიდან!-გაწყობს?

-დაიცა, ბატონ-ყმობა გადავარდა და მიწებით გვათავისუფლებთ, გენცვ, თუ უმიწებოდ?...

- აი!- ლევანჩო ცერას გამომინასკვავს სალოკ და შუათითს შორის და ცხვირთან მიტრიალებს, - ბებიაშენისამ , მანამდე არ აგიდგეს გვერდები, სანამ ამდენი ხნის ნაწვალები ეხლა წყალში ჩავყარო...

„Заврил кашу, ну и расхлёбывай!“- თვალებს წკურავს რიმზი დეიდა  ფიქრში...

-ეხლა, ლამაზო?!- ჯიმიკო დგება და დახვეულ ფორმატში ჭოგრიტივით იმზირება , -ეს სიბრძნე ეხლა მოგივიდა თავში თუ წუხანდელი სიზმრის ნაჟურია?

-მთელი ღამე არ მეძინა  და თუ გინდა სიმართლე, მთელი კვირა მაგაზე ვფიქრობდი!

-მერე უკეთესი ვერაფერი მოიფიქრე, ე , დასტაევსკი?!...ხალხი აქ ვშრომობთ, ვწვალობთ, პატიოსან საზოგადოებას ვაწუხებთ, რომ ამის ნაბოდვარ-ნაცოდვილარი გავქაჩოთ და უელბეკებსა და გონკურებში ვანარნაროთ და ეს ბრძოლის ველიდან ითესება! „ნიჩევო სებე!“

-მოდი არიოლ-რეშქა ავაგდოთ,-მთავაზობს ჯეფი , -თუ არიოლი- გავჩერდეთ, თუ რეშქა- გავნაგრძოთ...

-Ставьте на красном, ставьте на чёрном, всёравно выйграет  зеро!- იღიმება ამჯერად ელენე მიხეილის ასული..

-მგონი გადავიწვი!- ვამბობ მე, -მოლანდებები დამეწყო! დრო და ტიპაჟები  ერთმანეთში მერევა ...გავალ და მალე დავბრუნდები!

-ამას შიგა აქვს ხო იცი?!-მეწევა ლევანჩოს ბრაზნარევი რეპლიკა, მაგრამ უკანმოუხედავად გავდივარ ოფისიდან და ხალხის ჭრელ მასას ვუერთდები...

. . .

ნატა როგორც იქნა გამოჩნდა... ჯერ დამირეკა და მერე მთხოვა, სადმე დავსხდეთ, ისე მეგობრულად, როგორ ძველ დროშიო...

„ბიბლუსის“ ლიტკაფეში ვსხედვართ და გაშლილი ვიტრინიდან ქუჩის პანორამას გავყურებთ...მე კონიაკს ვწრუპავ, ნატა - უშაქრო ყავას ...

-გუშინ ლექსი დავწერე და მინდა გაჩუქო...

-ეს რაღაც ახალია..შენ და ლექსები? როლები ხო არ გავეცვალა?

ნატა ჩანთიდან გაკეცილ ფურცელს იღებს და მაგიდაზე ჩემს წინ დებს...

-იცი, უნივერსიტეტში ერთი ლექტორი მყავდა , მოხუცი ქალი, ძალიან უცნაური და თავისებური, როგორც ყველა შინაბერა, აი თავისი საგნის მიღმა რომ ვერაფერს ხედავენ და არაფერი აინტერესებთ ხოლმე...

-მერე?

-სემესტრის ბოლოს გამოცდა ჩავაბარე და ველოდები უწყისში ნიშნის ჩაწერას...იმან კიდე შემომხედა და მეუბნება: „ძალიან პრაგმატული ხართ...მე თქვენს ადგილას ლირიულ და რომანტიულ ფრაზებს შევაგროვებდი და პატარა ბლოკნოტში ჩავწერდი, სულს ემტად გაგიფაქიზებდათო“...

-შეაგროვე?

-აშკარად!

ორივეს გვეცინება ...

-სახლში წავიკითახავ, მშვიდად და წყნარად ...მერე აზრს მოგწერ, -ლექსს ჯინსის ჯიბეში ვაცურებ...

-მასე ხომ მესინჯერში გამოგიგზავნიდი, -გული სწყდება ნატას...

-გამომიგზავნე , ფურცელი შეიძლება დავკარგო და გზავნილი დარჩება!...

-მერე რომ გინახონ?

-ვინ უნდა მინახოს?!

-რა ვიცი, მესამემ!...-ნატა გაზე იყურება , ვითომ წიგნის სტელაჟებს ათვალიერებს...

-მესამე არ არსებობს და ეს შენ შესანიშნავად იცი!...

-ხედავ, პერფექციონისტო, ამ ბოლო დროს  შენც გრჩება ცხოვრების მრავალწერტილები?!...

-ანეტაც მაგას მსაყვედურობს...

-ისე დაგშორდი, ვერ გამაცანი დედა!...

-ეგ არც ახლაა დაგვიანებული!... გაგიჟდება შენს დანახვაზე...

-აბა რომ ამბობდი დედაჩემს ანუკ ემეს სტილის ქალები მოსწონსო...

-მაგას აღარ აქვს მნიშვნელობა! ...ოღონდ მდედრობითი სქესი დაინახოს ჩემს გვერდით და!...

-მაშინ ცოდოა, ნუ ჩავუსახავთ ფუჭ იმედებს!...

-როგორც გინდა!...-ამბობ მე და ვდუმდები ...კონიაკი მაგარია და მგონი გვარიანად მომეკიდა ...

-ხვალ ფინალი გაქვს არა?!-ამბობს უეცრად ნატა, - მე ხმა მოგეცი და ჩემებსაც, ყველას ვთხოვე...

-წაიკითხე მაინც?...

-წავიკითხე...

-მერე მოგეწონა?

-რომ არ მომწონებოდა, ხმასაც არ მოგცემდი...

-მართლა წაიკითხე?

-მართლა!... და ბევრი ვიტირე!...

-ჰო?

-ჰო ...და მადლობა მინდა გითხრა!

-რისთვის?

-გულწრფელობისთვის!...

-მე მადლობის სათქმელად არ მიკითხავს...

-ვიცი... წარმატებებს გისურვებ!-ნატა უეცრად დგება და წასვლას აპირებს...

-იქნებ დარჩენილიყავი...

-რა აზრი აქვს...

-იქნებ აქვს!...

-ნუღარ დამტანჯავ, კარგი?

ნატა მიდის და მე მარტო ვრჩები ლიტკაფეში...ირგვლივ წიგნების სტელაჟებზე ჩემი საყვარელი ავტორებია, ზოგი წაკითხული და ზოგიც წასაკითხი... სანდომიანისახიანი გამყიდველი გოგონა სალარო აპარატს ლენტს უცვლის და ახლად მიღებულ საქონელს თაროებზე ანაწილებს ...სალონში წყნარი, გულში ჩამწვდომი ჯაზი სულს მიფორიაქებს ...

-კოლტრეინია არა?-ვეკითხები გამყიდველს...

-არ ვიცი, იბნევა გოგონა , გინდათ გადავამოწმებ...

-არ არის საჭირო,მადლობა!

-იცით, მე გიცანით! თქვენ ლიტერატურული კონკურსის ფნალისტი ხართ, არა?

-გამოიცანით!-ვუღიმი გოგონას, თვალს ვუკრავ და კონიაკის ჭიქიანად მის დახლთან გადავდივარ, რითაც კიდევ უფრო ვაბნევ...

-იცი, მე შეყვარებულს დავშორდი ...აი იმას , წეღან აქ რომ იჯდა ჩემს გვერდით...თქვენ უთუოდ გესმოდათ ჩვენი საუბარი?

-ვერ მოგატყუებთ, ...არა ყურს კი არ გიგდებდით, უბრალოდ, მესმოდა ...ეტყობა ძალიან უყვარხართ!

-ვიცი!...გინდა ლექსი ერთად წავიკითხოთ?

გოგონა წითლდება და თანხმობის ნიშნად „მუსიკალურ ცენტრს“  ადუმებს...

მე ჯიბიდან ფურცელს ვიღებ და ვშლი...

-რატომ გამორთეთ მუსიკა? ... მოუხდება კოლტრეინი ...

კაფეში მაილს დევისის და ჯონ კოლტერინის „Kind of blu“იღვრება...

-მოდი, შენ წამიკითხე და მე მოგისმენ , -ვუწვდი ლექსს გოგონას...ისიც მართმევს და ხმადაბლა იწყებს კითხვას...თავიდან გაუბედავად, ხმის კანკალით,მერე უფრო მკაფიოდ და გრძნობით...

„მაპატიეთ უნებლიე სითამამე,

იქნებ არც ღირს, თუმცა ...იქნებ ღირდეს,

იანვრის ზღაპარს ბუხრის პირას მიამბობდეთ,

და სილურჯ ეზამბახებად წვიმდეს...

სადღაც სოფლად რეკდეს ზარი მწუხრის ლოცვის,

ლიცლიცებდეს სანთლის ალზე მზერა,

მაპატიეთ, თუ წამომცდა საყვედური,

ვით დამსაჯა ურჩი ბედისწერამ...

-მაგარი მურტალი რამეს ეს სიყვარული ! ან რატომ შევხვდით? ან რატომ დავშორდით? –„ჩორტ

ევო ზნაეტ!“...სიყვარული VS პერფექციონიზმი “ -კონიაკის ჭიქას სინათლეზე  გავყურებ და

-შენ გაგიმარჯოს! -ვადღეგრძელებ გოგონას, რომელიც განაგრძობს ნატას ლექსის კითხვას და

ემოციისგან ხმა ებზარება... ...

„ნუ გამკიცხავთ, თუ სიმშვიდე დაგირღვიეთ,

სადღაც თვლემდა ჩემი ოქროს თევზი,

ცხრა მთას იქით დაკარგულმა ოცნებებმაც

რახანია , შეიცვალეს გეზი...

დაეჭმუჭნათ კაბის კალთა თეთრ გვირილებს,

და ბეჭდებიც ამკობს თითებს ცვილის,

სიყმაწვილის ჭრელა-ჭულა საკინძეზე

შემიხსენით გულწრფელობის ღილი.“..

-მაგარია!...-ვამბობ მე და ჭიქაში დარჩენილ კონიაკს ერთ ყლუპად ვსვამ ...

„უძლურია ყველა სიტყვა, ყველა ფრაზა

ჩავლილ წლებში მირაჟებად კრთება,

ბედისწერა კადრში ატევს წამის რბოლას

და ღიმილიც, იდუმალი, ფრთხება...

იანვარულს იღიღინებს კალენდარი

განიძარცვავს ტანთ მეოცედ კაბას,

ფერადია ბედის წიგნის არშია და

კრიალოსნით შავითთეთრზე ლამბავს.

ბარმენი ფუსფუსს წყვეტს და ღიად, დაურიდებლად  გვიგდებს ყურს...

გადაწერა არც ეცადო, ამაოა,

ხელნაწერნი არ იწვიან  ალზე,

სამი სიტყვა, ვით შელოცვა ჯადოსნური,

როგორც ცრემლი შემიმშრალე თვალზე,

როცა მოხვალ, მომიყვები ზამთრის ზღაპარს,

იქნებ არც ღირს, თუმცა იქნებ ღირდეს...

გულზე ღილი დაგრჩენია შესაბნევი,

შემომიშვებ გარეთ რომ გაწვიმდეს?!“...

გოგონა ჩუმდება და მუსიკაც სრულდება...ერთხანს ასე ვართ , მდუმარედ, უხერხულ პაუზას

ისევ მე ვარღვევ:

-ეხლა შენ ფიქრობ, „რა ქალს ყვარებიხარო?!“ არა?-მახსენდება მედროგე პავლე და ეფრეიტორი

ქათამაძე „ვერის უბნის მელოდიებიდან“...

-დაახლოვებით!-ეღიმება გოგონას ...

-შენ კარგი გოგო ხარ! ...და ეხლა მე და შენ პატარა საერთო საიდუმლო გვაქვს... მაგარია!

-მადლობთ, რომ  შემომიშვით თქვენს სამყაროში...-გოგონა წითლდება და თავს ხრის ...

-არ გინდა ეხლა ეს სენტიმენტები...და თანაც ეგ ჩემი საკონკურსო რომანის მთავარი პერსონაჟის

სიტყვებია  და ნუ მპარავ, გეთაყვა!...

-არ ვიცოდი!...

-რომანი დამილაიქე?

-დიახ!

-აბა თუ არ იცოდი, ესე იგი არ წაგიკითხავს და როგორ დამილაიქე?-გამოგიჭირე არა?

-სინოპსისი წავიკითხე და მომეწონა... აუცილებლად წავიკითხავ,...გპირდებით ! ...მგონი, ხელს

გიშლით, სიმყუდროვეს გირღვევთ  ...მაპატიეთ!

-ხელს მიშლი კი არა, კიდევ კარგი ჩემს გვერდით ხარ, თორემ ერთი კარგად

ავღრილადებოდი ბაგა-ბაღის უზნეო აღსაზრდელივით ...მაგრამ კაცები არ ტირიან! ... -კაცები და

პერფექციონისტები თავს იკლავენ მხოლოდ ! ...გოგონა თვალებგაფართოვებული შემომყურებს! .

-მაგრამ შენ ნუ გეშინია!, დაცლილ კონიაკის ჭიქას ვიღებ და ბართან ვინაცვლებ -მე თავს არ

მოვიკლავ, ხვალ ჩემი კონკურსის ფინალი მაქვს და ჯერ გამარჯვებით უნდა დავტკბე!...

-წარმატებებს გისურვებთ! მე ხმა უკვე მოგეცით!...ახალგაზრდა ბარმენი სახელად იაკობი

გაგებით ეკიდება ჩემს სულის კაეშანს და კონიაკის ახალ პარტიას მისხამს ...

-მართლა? ჯიგარი ხარ, იაკობ! გაგვიმარჯოს! ...მერე  ბარმენს ხელს ვართმევ, გამყიდველ

გოგონას ლოყაზე ვკოცნი   და კაფედან გავდივარ...უწვიმია...

ქუჩა უკაცრიელია და ჩუმი...ათასში ერთხელ თუ ჩაივლის მანქანა და ფარებს მომანათებს...

„ვიბროზე“ გადაყვანილი მობილური ბებერი , ბუზღუნა აბეზარი ფოსტალიონივით ზუზუნებს

და ჯინსის ჯიბეს მიფორიაქებს ...

-სადა ხარ, შეჩემა, გავსკდი რეკვით!...-ლევანჩო გადარეულია, მზადაა ერთი მამა-პაპურად

შემიკურთხოს...

-ნატა ვნახე!...ვუჭრი სიტყვას...

-მერე?

-რა მერე?

-მერე?...მერე? ...ვაფშე აზრზე თუ ხარ ცხოვრებაზე?

-ნუ მიძაბავ!

-კიდე მე გიძაბავ, ტო?- მესამეზე გადიოდი და ბოლო საათში გადაგისწრეს ...მუშაობს ხალხი

და შენ , კაცმა არ იცის, სად დაბოდიალობ...

-ხო გითხარი, ნატა ვნახე-თქო...

-ნატა-კვატა არ ვიცი მე, ეხლა გამოვალ და ოფისში გავიდეთ, ბიჭები გველოდებიან და 12-მდე

სამი  საათია და მოვასწრებთ  რაღაცას...

-გადი და მოვალ!-ვეუბნები მტკიცედ და ლევანჩო ხვდება, რომ პონტია ჩემი გადარწმუნება!

-კაი, არ დააგვიანო!...

-დავაი, ბრატ!...

-გელოდებით ,იცოდე!

-ლევან!

-რა?

-გინდა რაღაც გითხრა?

-მიდი!

-ჩაფიქრებული მაქვს, თუ გავიმარჯვე, ნატა მომყავს ცოლად!

-ატრაკებ?

-არა, მართლა!

-ნუ მაგიჟებ -მეთქი!

-ჩვენს ძმობას გეფიცები!

ლევანჩო ტელეფონს მითიშავს... აშკარად დაბოლილი ვგონივარ...

ტელეფონი სანამ უხმოზე მქონდა მესინჯერში შეტყობინება მოსულა... ნატას ლექსია , ოღონდ

სხვა ტექსტია , ახალი...

ბარდიურზე ვჯდები და ვტვირთავ წასაკითხად...

-სიგიჟეა! -ვამბობ ხმამაღლა და იქვე ურნასთან ჩაცუცქული მაწანწალა ძაღლის ყურადღებას

ვიქცევ ...დვარნიაშკასთან ნაჯვარი  ჰასკია, გრძელი კუდით და აცქვეტილი ყურებით, და

სხვადასხვა ფერის ჭკვიანი თვალებით , თანაგრძნობით მიყურებს და ჩემს რეაქციას ელის...

-ცუგა! ცუგა-ცუგა!- მოვიხმობ დანდობით...

ძაღლი მოდის და ხელს მილოკავს...ვეფერები და ისიც ხალისით მიქიცინებს კუდს...-

-         დაიკარგე თუ გამოგაგდეს? ჰა, მითხარი ერთი!... -ძაღლი კალთაში მიდებს თავს და

იყურსება... -თუ პატრონი მოგიკვდა და ქუჩაში დარჩი , -კისერთან ძველი საყელურს ბეწვი

გაუქუცია და იარა მოჩანს , -გტიკვა ხო, შე საწყალო?! მოიცა, მოგხსნი, საყელურს ვაძრობ და

გახარებული ძაღლი ადგილს ვერ პოულობს, ზედ მახტება და ახლა სახეს მილოკავს...

დამაცა! -ვიშორებ მე , -მოდი ეხლა მე და შენ სახლში წავიდეთ... ადამიანს უნდა ჰქონდეს სახლი,

ხოლო ძაღლს  უნდა ჰყავდეს პატრონი ,  გაიგე, სულელო?!...არც ძაღლი ვარგა უპატრონოდ და

არც კაცი უსახლოდ ... აფსუს, რა სიბრძნეს ვაფრქვევ და რომანში ვეღარ გამოვიყენებ, დედლაინი

ამოწურულია! ნახე ...რა მაგარი კაიფია?-დედ-ლაინი!- „რაღაცნაირი გენდერული სურნელი აქვს-

ფემინისტურ-ექსტრაორდინარული და გლობალურ-ტრასცენდენტური“, როგორც იტყოდა

სეგმენტა! ...ტფუ, მოგიტყან სლენგი და ავანგარდი! ...უკაცრავად... ცუდი სიტყვები ვთქვი და

ეხლა ენაზე ჭიები ამომივა ... და იცი რატომ ? იმიტომ, რომ შენ სეგმენტას არ იცნობ...

ძაღლი მეთამაშება და ფეხებში მებლანდება... ძლივს ბარბაცით ვდგები ,

ჯინსს ვიფერთხავ და ახლადგაცნობილ ოთხფეხა მეგობართან ერთად ქუჩას მივუყვები...

-ოღონდ შენ არ იდარდო! სეგმენტასაც გაგაცნობ და სხვა ვინმეებსაც ...

იცი რა ნაშობა იჩითება ჩვენსა? აი, სუ კირა ნაიტლები, შარლიზ სტერონები  და სანდრა

ბალოკებია პენელოპა კრუზის ეშხიღიმილებითა და ჯენიფერ ლოპესის ტრაკებით ...ჩვენ ეხლა

წავალთ სახლში, ცოტას წავუპლაცკარტებთ და დილას „სვეჟები“ და  მაგარ „ვიდზე“ მივალთ

უჩას ოფისში ...გადაირევა ანეტა,  რომ დაგვინახავს ... მაგრამ კეთილი გული აქვს და შეგვიშვებს

...ნახე, თუ არ შეგვიშვას?! არა, თუ გინდა დაგენიძლავები „ნიკორას“ კაი კანჭზე...

მე ფრთხილად ვაღებ კარს და ძაღლთან ერთად შევდივარ ჩაბნელებულ ბინაში...

ანეტას ჩასძინებია...ტელევიზორი დარჩენია ჩართული და ღამის ეთერის პოლიტიკური

თოქშოუს წამყვანი რომელიღაცა გამოსირებულ რესპოდენტს  საბაზრო ეკონომიკის შუქ-

ჩრდილებსა და ოფშორული ზონის მაქინაციებზე ინფორმაციას სცანცლავს ...ტელევიზორს

ვთიშავ და  ფრთხილად, ფეხაკრეფით შევდივარ ჩემს ოთახში ...ძაღლი თითქოს

ხვდება, რომ არ უნდა იხმაუროს, უჩუმრად მომდევს ფეხდაფეხ და ჩემი საწოლის ფეხთან წვება

-აბა დილამდე , მეგობარო!...

. . .

დილაა...

ოფისში მხოლოდ ოლიმპიადა ფუსფუსებს...ტრადიციულად ყვავილებს დრაცენას,

სპატიფილუმის, ასპიდისტრას, ზამიოკულკას და  ვეფხისტყავას

რწყავს რწყავს და გაოცებული მესალმება!...

-ცუხელ ბიჩები აკ გვიანობამდე გაატარეს დრო და მეც ვეგარ დავალაგე-ხელი არ მინდოდა

შემეშალა...მარტო ჩემგან  ას აწი ხმა დავაფიკსირეტ...

-დიდი მადლობა! -ვუღიმი და მზერა მის ერთ წერტილს მიჩერებულ თვალებს მიუყვება

ოლიმპიადა სადღაც ჩემს ფეხებშორის რაღაცას მიშტერებია- ცადი, ცადი ,  ძაგლო!

წუხელ ნაპოვნი ძაღლი მორჩილად დგას ღია კარში ...თურმე გზაში ამდევნებია ...

-ჩემი ძაღლია, -ვამბობ მე , -გუშინ გავიცანით ერთმანეთი...

-ააა, -უხარია ოლიმპიადას, მაშვინ მე  ცუგა „დოკტორსკი“ კალბასი ვაჩმევ , ცამოდი ჩემტან , რა

კვია?

-სანტიაგო!-ვამბობ დაუფიქრებლად...ძაღლი გაოცებული მიყურებს და ყურის აცქვეტით

მაკვირდება, ალბათ ფიქრობს, რამ  მომაფიქრა  ეს უცნაური სახელი...

-ცამოდი სანტიაგო, მე მოკლე სახელი -სანი დაგიძახებ!

კომპიუტერს ვრთავ და ჯერ ფოსტას ვამოწმებ...მერე მესინჯერის შეტყობინებებს ვკითხულობ

და მასხსენდება რომ ნატას ახალი ლექსი მივიღე და არ წამიკითხავს ...

ყველაზე მეტი შეტყობინება საკონკურსო ლინქს ეხება  და „ფრენდები“,კარგი ნაცნობები თუ ისე

რა  ახლობლები, მატყობინებენ რომ ხმა მომცეს და წარმატებებს მისურვებენ , ზოგი მეტი

დამაჯერებლობისათვის „ფეისბუკ“-გვერდის „ლაიქის“„სქრინსაც“ კი მიგზავნის ... ერთი, მერე

უნდა მოვიცალო და ყველას სათითაოდ მადლობა დავუბრუნო ...-ვფიქრობ ჩემთვის და

„ფესიბუკის“  ჩემს პერსონალურ „ლინქს“ ვხსნი ...

საკონკურსო ტექსტის კომენტარებში ისევ ნატას ლექსი მხვდება და მეც იძულებული ვარ

წავიკითხო :

...ლექსს მზე ჰქვია და საოცრად ჰგავს იმ პირვანდელ ნატას, თავიდან რომ გავიცანი...

ეს მერამდენედ მზე ჩაგორდა მთათა  გადაღმა -
წითლად შეღება ცაზე  თეთრი ნისლის ქათიბი,
მწვერვალზე მდგომი დავეშვები ფიქრში თავდაღმა
და ამეკვრება სველ ტერფებზე ისლი ნათიბი.
შემოდგომაა, ბალახს ასდის კვამლის სურნელი
ცრის...აფერადებს პანორამა სჭრელი ქოლგები,
ცარიელია დილის კაფე , სხვა ვინ სულელი 
იჯდება აქ და ლექსებს დაწერს ნიშნისმოგებით...
ვიხსენებ ძველი მელოდიის ლირიულ პასაჟს,
(ამეკვიატა დილიდანვე სხვა მისამღერი),
მოუხდებოდა შენი ფოტო ამ კაფის „ვინტაჟს“
და ყავის ფინჯანს - სიგარეტის ობოლი ღერი...
უკრავენ გერშვინს , პრელუდიას „პორგი და ბესის“,
მიყვარს ეს თემა,( შენზე ვფიქრობ !) და მიხარია,
კედლის კალენდარს აქვს ღიმილი  ლიონელ მესის...
და რომ ვწითლდები, მერამდენედ, მისი ბრალია. 
მოგონებებით  თავს ვიმშვიდებ, როცა ვიხსენებ,
სიზმარს, რომელიც გალიაში  გამოკეტილა,
ვერ ამოვხსენი, როდის იქცა მცირე პაუზა
ჯერ ორწერტილად, ხოლო შემდეგ მრავალწერტილად...
იღება კარი , შემოდგომა „აჯაზებს“ ჩვეულს-
ქარში ფრიალებს ხავერდები წითელი თმების,
მე მიმასგავსეს ერთხელ უკვე ვნებისგან  სნეულს, 
რა ვქნა,  თუ  ღამეგანათევი  უღვინოდ ვთვრები...
ლექსი ძაღლია, ადევნება იცის ალერსის 
პასუხად ერთგულ კრუსუნით და კუდის ქიცინით,
ნუ დაგაფიქრებს პოეტური ქარაგმა  ლექსის-
ეს ხომ ,უბრალოდ,  მზე დაგორდა მთებზე სიცილით... “

სანტიაგოს „დოქტორსკი“ უკვე დაუყუმბარებია, ენით ყბებს ილოკავს  და კმაყოფილი ფეხებში მეგლასუნება ...

-ხედავ, ჯიგარო, შენზეც წერია აქა!...

და სანამ კონკურსის გამარჯვებულთა ხუთეულის გვარებს ჩავხედავდე ...

-ჰა, დაგიკრა მენდელსონის მარში ?!-კარში ჯიმიკო დგას შამპანურის ბოთლით და იკრიჭება...

 

 

 

-

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ბეჭდვა