ოდისევსის სინდრომი (II ნაწილი)
ოდისევსის სინდრომი (II ნაწილი)
ოდისევსის სინდრომი (II ნაწილი)
21 ივნისი, 2019 წ.

 

ნინო

 

1970 წელი, აფხაზეთი, სოხუმი. ძველებურ სქელყდიან ალბომს გამოჰყვა ეტყობა.  ოცი წელი კი იქნება, რაც არ გადამიშლია და იქნებ არც მიფიქრია. არა, ეს ბოლო უკვე ჩემს თავთანაც ვიცრუე, გიორგის ვფიცავარ, ყოველ დღე ერთი წამი მაინც არის, როცა სკოლიდან ჩემი სახლისკენ მიმავალი ის მოკლე ბილიკი მახსენდება. ბავშვი ვარ, ფეხებს მიწაზე მივაფრატუნებ და თან გულში ნაბიჯებს ვთვლი „ერთი, ორი, სამი.... ორმოცდათხუთმეტი“ სამასი ნაბიჯია ჩემი სკოლიდან ჩემს სახლამდე. მეოთხე კლასელის ფეხისტოლა ნაბიჯი.

 

ამ ფოტოზე ცოტა უფრო დიდი ვარ. სქელი, შავი ნაწნავი მაქვს, ბებიას ნაწვალები, რომელზეც თეთრი ბანტი ზედ წამოსკუპებულა, საოცარ შეხამებას ქმნის თეთრით შავზე და შავით თეთრზე. ხელში ძველებური ყავისფერი ჩანთა მაქვს მიხუტებული. თან ვიღიმები და თან თვალს ფოტოგრაფის უკან ვაპარებ.  გრძელი ისტორია აქვს ფოტოს, იმ 70 წელზე გრძელი ვერ იქნება მაგრამ, უფრო გამძლე ნამდვილად არის. ჩემი სკოლელი იყო ერთი, მერაბი, მოგრძო სახე და დაკუნთული ხელები ჰქონდა, ფართო ხელისგულები, აი, ისეთი, რომ შეხედავდი, იფიქრებდი, მთელი სანაპირო დაეტევა ხელზე, თუ მოინდომაო. სამი ფოტო გაგვიფუჭა მერაბის ხელისგულებმა. ბოლოს, ფოტოგრაფსაც მოეწყინა და მეც, ჰოდა, შემრჩა კუთხეში, მერაბის ხელისგულიანი ფოტო.

 

მერაბი...

მერაბი...

ჩემი მეზობელიც იყო.. 93-ში დაჭრეს..

ექიმმა მოსაკვეთიაო...

არაფრით არ უნდოდა...

ვინც შეხედავდა, ყველას ენანებოდა, ამ ძლიერი კაცის საცოდაობა. მაგრამ სიცოცხლის სურვილი, ეს სენი, რომელსაც ყველა მეორე ებღაუჭება, ადამიანს დაბადებიდან დაჰყვება. სულ პაწაწუნა, ახალდაბადებულებიც გეჭიდებიან ციცქნა ხელებით, ეს სიცოცხლესთან ჩაჭიდებაა. ყველაზე ძლიერი ადამიანური სურვილის გამოვლინება. ასე იყო მერაბიც და დათმო ფეხი, ჯერ ტერფი, მერე მუხლამდე და ბოლოს მთლიანად.

როცა ისინი შემოვიდნენ, დედამისმა ვერ დატოვა საწოლში მწოლიარე, ან როგორ  ენდომებოდა სიცოცხლე მის გარეშე? ოჯახი კი გამოაქციეს სვანეთის გზით. ჰო, ასეა, დედა სხვაა, და ცოლი სხვა...

წევს შვილი და თავზე სველი ტილოთი ადგას ნონა დეიდა. თან აცხელებს მერაბს და თან აციებს. არ იცის, სად არის, ხან სიზმარშია, ხან სკოლის ჩანთა უჭირავს, ხან პიონერის ყელსახვევი, ხან კიდევ, თოფის კონდახი... თამაშის გმირია, ერთი ეპოქიდან მეორეზე გადარბის, მშვიდი 60-იანებიდან, არეულ 90-იანებზე...

-         დედა, წყალი... ამ ზაფხულში უწყლოდ როგორ გავძლო? - ამბობს, და

ემოციებისგან დაღლილ, გაოფლიანებულ და ტკივილისგან მოღრეჯილ სახეზე ბოშა ქალის სახესავით მურმოდებულ ზეწარს იფარებს.  არადა, არც სიცხეა, არც ზაფხული.. უჩვეულოდ გრილი სექტემბრის დღე დგას.

30 სექტემბერი... შემოვიდნენ, შემოვიდნენ და დაიწყეს სახლების გადანომრვა.

-         ჩვენამდეც მოვლენ - ბუტბუტებს, მომავალს შეგუებული, ხმელი ქალი, და უფრო

ლოცვას ჰგავს მისი ტუჩების ცმაცუნი. თითქოს ინანიებს წინა ცხოვრებას, წინა ბედნიერებებს...

-         აღსრულდა...

ოთახში შემოვარდნენ, და მერე ყველა მოვლენა ერთმანეთში ისე აირია, როგორც გაზაფხულის ღამის განთიადში გადასვლა.

მერაბი... მერაბი იწვა და ტკივილისგან დაღარულ სახეს ისევ ზეწარს აფარებდა თავს. იყო უფრო უფერო, ვიდრე ახლადდაკრეფილი გვირილის ფურცლები,

უფრო დაღლილი, ვიდრე ატლასის მხრები, სამყაროს ზურგზე ტარებით ...

და უფრო საცოდავი, ვიდრე მითიური ფილომელა, საკუთარმა მეუღლემ ტყვედ რომ აქცია.

ერთადერთი გამოსავალი ჰქონდა, თუნდაც შვება, როგორც ფილომელას, საკუთარი შვილის გაწირვა...

ჰო, ალბათ ამიტომ, ბებუთის ტარი, მოსწავლეობის დროინდელი ძველი, ყავისფერი ბებუთის ტარი იქცა შვილის და იქნებ დედის საშველადაც....

-         „აღსრულდა....“

მერე ეს ამბები გავრცელდა ჭორებად.. მდინარეებზე უფრო სწრაფად იარა და ბოლოს მოვიდა ჩვენამდე, ჰო, აი, იმ ადამიანებამდე, ფოტოს რომ დავხედავთ, ოდნავ დანანებით, თან ღრმა სევდით, და ოდნავ კიდევ ნაზი ღიმილით, ყველას ერთად და ცალ-ცალკე ერთი რამე გვაწერია სათქმელად: რა ბიჭი იყავი...

განა მარტო შენ.. ასეთი ბედი აქვთ ამ ფოტოებსაც და ამ ადამიანებსაც, ანგელოზებად გაქცევენ, ხანდახან გმირებად. თუნდაც არ გიცნობდნენ...

ეტყობა გამოჰყვა ალბომს, ვთქვი, და ერთ წუთში უკვე მეოთხედ დავხედე ფოტოს...

შემთხვევითობის თუ გჯერა, ნინა პეტროვნა? იკითხავდა ახლა გურამი, (გურამს მე ვეძახდი, ისე ემირი ერქვა, ძველი აფხაზური სახელი, ბაბუის საპატივცემულოდ) აქ რომ იყოს. მერე თვალს ალმაცერად მოავლებდა ჩემს სახეს და დააყოლებდა.

-         მე მჯერა და მაგის გამოა, დღეს რომ ჩვენ ერთად ვართ.

-         მე კი არ მჯერა. აბა რა გამოდის, ყველაფერი რაც მოხდება, სულ პაწაწუნა რაღაცაც

უნდა ვიფიქრო, რომ ნიშანია და ცაში ვეძებო შემდეგში რა იქნება? ჩემო კარგოოო, ეგ დრო წასულია.

ასე უკვე მე ვპასუხობ და დიდი სიამაყით ვაგრძელებ გოგლიკოსთვის დაწყებული ჟილეტის ქსოვას.

-         მე რომ მოვკვდები, აგერ ნახე თუ მტრედად არ მოგიფრინდე სახლის წინ, ან

ვარდის კოკრებად არ გავიშალო. - ამბობს, თან იცინის და თან ლოყებთან ორი ნაოჭი ეჭყლიტება. გეგონება, ისევ ოცი წლის ბიჭი იყოს, ისევ უნივერსიტეტთან იდგეს  და ისევ ბიბლიოთეკის წიგნებით დაღლილ ხელს ასვენებდეს, წიგნების მუხლებზე დაწყობით. ეს ხერხი იყო ასეთი, იდგა ასე და გოგოებს ათვალიერებდა. მე მაგას როგორ გამომაპარებდა... ოცი წლის აღარაა, მაგრამ სამჯერ მეტი ოცი წელი რომ ყოფილიყო.... ეს რომ... იქნებ ყველაზე მძიმე რომ არის, რაც კი შეხვედრია ადამიანს.

-         ნინა პეტროვნა, მტრედი შემოეჩვია თქვენი ქოთნის ყვავილებს. რას უყრით მიწაში

ამისთანას - ამასწინებზე მკითხა მეზობლის გოგომ, რომელიც ერთადერთია ნინო დეიდას რომ ვერ მეძახის და უცნაურად მომმართავს სულ სხვადასხვანაირი ფორმებით: მეზობელო, უსახელოდ მხოლოდ „თქვენ“ და კიდევ ვინ იცის...

შემოვიდა და დააცქერდა აივანზე შემოყუჟულ აზალიის მოვარდისფრო ფურცლებს.

-         დარიკო, შენ შემთხვევითობის გჯერა? - ჩაღრმავება ვცადე.

-         არა, რა იყო რო?

-         არაფერი, მეც არ მჯეროდა , მაგრამ დღეს მინდა მჯეროდეს.

ეს ქალი ან გიჟია ან ახლა გიჟდებაო, რამე ამის მსგავსი გაიფიქრა დარიკომ და  სანამ სიტყვის  თქმას მოვასწრებდი ორ ბოძს შორის მიიმალა, ისედაც გალეული ლანდი.

ფოტოზე ვფიქრობდი და ფიქრმა სად წამიყვანა. ლობიოც ადუღებულა და წყალიც გადმოიღვარა ფენა-ფენა თეთრ ზედაპირზე. ამ ლაქებმაც ქვიშიანი ნაპირი გამახსენა, ყურში მესმის, როგორ ყრუდ ეხეთქება შავი ზღვის ყველაზე ლამაზ ნაპირს ტალღები.

ზღვის ტალღების ხმას ბევრი რამე მაგონებს, აი უცნაური შედარება თუ გინდა, ერთს ვიტყვი, დგახარ გაჩერებაზე, ზაფხულის დილას, თვალებს ხუჭავ, შორიდან მომავალი მანქანების ხმაური გესმის. მოდიან, მოდიან... ზოგიერთი როგორც აზვირთებული ტალღა, ისე ეჯახება ბორდიურს. განა მართლა? მარტო ხმაურით.. ერთი მეგობარი მყავდა, გეტყოდა

-         თვალები დახუჭე, - შენც ხუჭავდი.

-          წარმოიდგინე რომ ზღვის ნაპირზე ხარ, პალმის ტოტი გიშრიალებს თვალწინ და იოდის და ზღვის მარილის შერეული სუნი გცემს.

-         წარმოვიდგინე - პასუხობ შენ.

ის კიდევ აგრძელებს ლაპარაკს, თან თმებში ხელებს ათამაშებს და გაჯერებს, რომ ტალღა გეფერება. არ ვიცი რა იყო, მაგია თუ შელოცვა, მაგრამ სამდღიან დასვენებას უდრიდა.

-         ნინო, შენი ყვავილები ისევ ყვავის, ჩემებს სევდა შეეპარათ ეტყობა. - აივნის მეორე

ბოლოდან გადმომძახა მეზობელმა და სევდიანი მზერა გადმოაყოლა ჩემს ფანჯრის რაფაზე შემოწყობილ ჰორტენზიებს. ასე მარტო ყვავილების და კატების მოყვარულ ქალებს შეგვიძლია, ეს შემოხედვა შეყვარებულის დაკარგვას უდრის „მეყვავილე“ ქალებისთვის.

-         მარინა, შენ არ გესწავლება ჩემგან, ლაპარაკი უყვართ მაგათ, ლაპარაკი. უნდა

მოეფერო, ორ დღეში ერთხელ მაინც. ან კიდევ თუ გახსოვს ადრე კლასიკებს ვასმენინებდით. ეგ სცადე, იქნებ მოიხედოს.

სიტყვა არ მქონდა დამთავრებული, მარინა გაქრა. გაქრა რა, აივნის კარს მიეფარა. მეც გაწყვეტილი ფიქრი ისევ ხელში შემორჩენილმა ფოტოსურათმა და სველმა ტილომ გამაგრძელებინა.

რა გამოდიოდა, დღეს თითქმის 60 წლის ქალი შემთხვევით გადმოვარდნილი ფოტოსურათის უკან ვეძებდი რაღაც ნიშანს? ახლა რომ გურამი მისმენდეს, ხომ მოკვდებოდა სიცილით. იქნებ კიდევაც იცინის და მე არ მესმის? რა დროულად აჭიკჭიკდა სახლის კედლებში ჩაბუდებული რომელიღაცა მწერი? ჰო, ასე კი იცოდა ისე სიცილი.

-         აქ ხარ ანუ? - ვთქვი და მაშინვე მივხვდი, ჩემს თავს ველაპარაკებოდი, რა ჩიტი და

ჭია ამიტყდა პირდაპირ სასწაული თუ გინდა ესაა.

კარები კიდევ ერთხელ დაჭრიალდა, ახლა უზეთობისგან, და ზაფხულში სოფელში ჭრიჭინების ხმა მომაგონა. არა, ეს უკვე ვიცოდი რაც იყო.

-         დედა, მოვედი, მაჭამე , მალე, უნდა გავიქცე - ზღურბლიდანვე მთელი დღის

სიტყვები დამახარჯა ჩემმა უმცროსმა ბიჭმა და თვალით მანიშნა, მიდი, დატრიალდი რაღას უდგახარო.

გიორგის გამგზავრების შემდეგ ერთადერთი ეს დამრჩა, მთელი ჩემი ფუნქცია-მოვალეობებით ხანდახან ისე ვბოჭავდი, ისე ვსაზღვრავდი, არ იტყოდა, მაგრამ შეეტყობოდა. ასეთი იყო ცოტნე, ჩემი უმცროსი ბიჭი.

 

გურამი (ემირი)

თხუთმეტ წელზე მეტი კი გავიდა იმ ამბიდან, მაგრამ ისე მახსოვს, გეგონება გუშინ იყოს.  სულ ჩემიანები ექვსნი ვიყავით რა, შვიდი საათიც არ იქნებოდა, ნესტორამ რომ გამაღვიძა, ბიჭო, იწყება და შენ სახლში რა გაჩერებსო.

ჰოდა, ეგრევე ექვსივე ერთად წამოვცვივდით, ხელში იარაღით, ვის ახსოვდა დამშვიდობება და ხელების ქნევა. წიგნებში რო წერდნენ, ეგეთი არაფერი. თან არც ვფიქრობდით, რა. ჰო, რას ვიფიქრებდით, ეგრე თუ გაგვწირავდნენ. ჩვენს პონტში, ქვეყანას ვიცავდით.

ორი ბიჭი დავტოვე სახლში, მეთქი, მამა, საღამომდე თუ არ დავბრუნდი, ჩემი იმედი თქვენ ხართ-მეთქი. ერთი თვეების და მეორე ორ წლინახევრის.  აუ, აი, ნინო იყო რა ყველაზე ცოდო, ამ ამბავში. მე გავასწარი და... მარა მაშინ არც ეგ მიფიქრია სად ვტოვებდი, ვისთან? ჩაი დავლიე, შუბლზე ვაკოცე, მეთქი ჩემი კრასავიცა, ისე როგორ ვიზამ, საღამოს არ მოვბრუნდე- მეთქი და გავედი...

საღამომდე ვიხეტიალეთ, თან წესიერად არც ვიცოდით, რა დავალება გვქონდა, ან რა ტაქტიკით ვიბრძოდით. ან ეგ ვის აინტერესებდა?

იმ წამს კიდევ რა დამავიწყებს, მოსაღამოვდა, სადაცაა უნდა დავიშალოთ, მაგრამ თან ეგრეც ვერ ვიშლებით, ერთი სახლის ღობესთან ვართ, ნესტორა ღიღინებს, მეც არ ვიცი რა მომელანდა, ზურგიდან მოძრაობა შევნიშნე და მოვამზადე ჩემი ავტომატი. ამის მერე ზუსტად არ მახსოვს, რატომ ან როგორ მაგრამ, სადღაც ხუთი წუთის შემდეგ, აზრზე რომ მოვედი, ჩემს წინ ჩაკეცილი ასე 35-40 წლის კაცი დავინახე, თან მესმის, შემოძახილები,

- ბიჭო, ეს რა ქენი???

- ეს ხო ომი არაა?

- სუნთქავს?

- მგონი ვიცი, ვინცაა...

- მოკალი, მგონი? ვაიმე, შემოგაკვდა, მგონი ბიჭო...

დაახლოებით ნახევარი საათი, განადგურებული სახეებით, ყორნებივით დავჩხაოდით ნაწყვეტ-ნაწყვეტად ამოსროლილ სიტყვებს იმ საცოდავს და ზედ ბარეღამ ჩვენს თავსაც ვტიროდით.

ექვსივეს სახე მახსოვს, ფერწასული, ერთ წუთში დაბერებული ბიჭების სახე, ექვსივეს ხმა და ფეხები გვიცახცახებდა ნანახით, თან საშველს ვეძებდით თვალებით, მაგრამ იმ ომში საშველი ჩვენ კი არა, ღმერთმაც არ იცოდა.

მაგაზე სტრანნი რამე, კიდე წინ გველოდა. რო მივხვდით, არაფერი ეშველებოდა, მეთქი დავმარხოთ მაინც, ექვსივემ მარტო მაშინ შევამჩნიეთ, რაღაც შავი ნაჭერივით რო ჰქონდა ხელებში ჩაბღუჯული. მეთქი, მე მოვკალი და ეგეც ჩემია, რაღაც უნდა დამრჩეს ტვირთად თქო. ჩანთა იყო რა, სხვა არაფერი. ან რა ექნებოდა?

იმ ღამეს სახლში ვერ მივბრუნდით, მეორე დილით, დილა არც იქნებოდა, ბოლომდე მივხვდით, იბომბებოდა ქალაქი. ისეთი შეგრძნება გქონდა, სადაცაა ხმა ჰაერში აგწევს, და მერე მიწა ჩაგყლაპავსო. ვწევართ ექვსივე მიწაზე, და ჩუმად ვთვლით რამდენი ისროლეს, რამდენი ექნებათ...

გათენებამდე იმ საცოდავზე ვფიქრობდი, სადღაც წამიკითხავს ერთი დღე და ღამე სულ თუ სინანულში იქნები, ღმერთი გპატიობსო და მეც ეგრე, ის მთელი ღამე გავატარე ფიქრში, თან მეძინა, თან მეღვიძა... უცებ მოთმინება გამომელია და წამოვხტი, წამოვხტი და ეგ იყო, გვერდზე ჩამიარა, ბოლო წამში არაფერი არ მახსოვს, ორი გაელვების გარდა: იმ კაცის ტკივილისგან დამანჭული სახე თითქოს ნინოს ნაზ ღიმილს შეუერთდა და ვარდისფერ ღრუბელში სამივე ერთად გავუჩინარდით.

ეგ იყო და ეგ. და ახლა კი ვარ ყველაფრისგან შორს, ცასა და მიწას შორის. რა სტრანნი გრძნობაა ეს სიკვდილი მაინც?!

 

 

გიორგი

 

პირველად ათენში რომ შემოვედი, მეთქი ვაა, მგონი ბავშვობაში დავბრუნდიი. ეს პალმებიო, ზღვის სუნი, და მერე, ყველა ზღვასთან მცხოვრები ხალხი რაღაცით ერთმანეთს ხო გავს. ბევრი არაფერი მახსოვს პრინციპში სოხუმზე მარა, რაც მახსოვს, ამ ქალაქს მაგრად წააგავს. ჰოდა, მეც შემიყვარდა რა.

არ ვიცი ეგეთი ნოსტალგიები, ჩემს ცხოვრებაში რომ არ მქონია რამ გამიჩინა. აი, თვითმფრინავი რომ აფრინდა, ეგრევე ჩემი პირველი მოგონება ამომიტივტივდა გონებაში, ზის დედაჩემი, ეს მაღალი, ომისა და გაუგებრობის სევდისგან ოცდაცხრამეტ კილოდ ქცეული ქალი, კალთაში მე ვუზივარ, მახსოვს, ხელები, თითქოს თავის სიცოცხლეს ამ ხელებით ეჭიდება და ყველაზე მეტად ამ კოშმარის დამთავრებას ელოდება. ჰაერში ვართ, და უკანა მხრიდან ვიღაცამ დაუსტვინა, მერე მოაყოლა შიშისგან ან არ ვიცი სიძულვილისგან, -  გვესვრიანო. დედაჩემის სახე... ჰო, ამის აღწერა თან სიტყვებით ძნელია. შეიძლება პანტომიმების თეატრის მსახიობმა შექმნას ეგეთი სახე, იმუშაოს რამდენიმე თვე თუ დღე რა ვიცი, და შექმნას. მაგრამ სიტყვებით...

ხანდახან, ხო არის ეგეთი მომენტი, რომ სათქმელს ვერ ამბობ. და ეგ არც არავის უკვირს რა, ეგრეა, ზოგი რამე სიტყვებმა კი არა, თვალებმა უნდა თქვას. აი, თუნდაც გოგო რომ გიყვარს და იმასაც რომ უყვარხარ, კი არ მოდის და გაჯახებს მიყვარხარო, არა, ასე დგას თავისთვის და გიყურებს. ხანდახან მარტო გიყურებს, ხანდახან კიდე იცინის კიდევაც. ვერ ხვდები, რამე გაქვს სასაცილო, თუ რა გჭირს, მაგრამ რაღაც „ისე“ რომ არ არის, მაგას ყველა ხვდება, ჰოდა, მაგას ვამბობ, ეგაა რა ზოგჯერ სიყვარული, თვალებში დაჭერილი ერთნაირი გრძნობა.

მაშინაც ზუსტად ასე იყო, იმ მომენტში დედაჩემი იმაზე უფრო შეშინებული იყო ვიდრე, ოიდიპოსი, როცა ღმერთების საშინელი წინასწარმეტყველების შესახებ შეიტყო...  მაგრამ გადავრჩით იმ დღეს... და არ იკითხავთ რა იყო ამის შემდეგ? ჰო, ჩვეული ტაში თვითმფრინავის სალონში. დიდი, პატარა, დედა,  ჯარისკაცი თუ მოხუცი, ვინ არ გინდა, ყველა ერთად უკრავდა ტაშს. შორიდან რომ შეგეხედათ, რას იფიქრებდით? ტიპები სხედან და ტაშს უკრავენ სიხარულისგან, და სად არის წარმოდგენა? აგერ, ორი წამის წინ დაეშვა ფარდა და დაიხურა სცენა.  ნუ,  ეტყობა, მიჩვეულები ვიყავით რა, ყველანი ასეთ სცენებს, თან იმ დღეებში. ტაში კიდევ, ზოგჯერ ყველაზე უმწეო, და ზოგჯერ კიდევ, ყველაზე ძლიერი იარაღია.

ჩვენ კიდე გაგვიმართლა, აი ჩემი ძმაკაცი გურეშას ისტორიაა უკვე ფანტასტიკის ჟანრში. მოვყვები და თქვენც დამეთანხმებით. მოკლედ, მაგარი ქერა როჟაა ეს გურეშა, დედამისი ვაფშე რუსია. ხოდა გენებიო, ისაო ესაო და თეთრია რა კაროჩე. ეგ ამბები რო დაიწყო გაგრაში, იასნია, ესეც ჩემხელა იყო და დედამისმა მატარებლით სოჭში გადაწყვიტა გაქცევა. ჰოდა, სხედან მატარებელში... შემოწმებააო და ორი წვერებიანი ტიპი ამოვიდა ვაგონში, ერთ წამში გაფაქტეს სიტუაცია და წამოვიდნენ დედა-შვილისკენ. დედა, რუსი იყო ისედაც და არაფერი და გურეშაზე მიდგა ჯერი:

-         ну давай пой что нибудь на русском - ეუბნება ორი ჩასხმული, გრუბი გარეგნობის ბიძია სამი წლის ბავშვს.

თან ის სიტუაციაა, სამი წლის ბავშვიც  შეატყობ და ხვდები,რომ საქმე არ არის მთლად კარგად.

არ ეშვებიან, და ხმას უწევენ.  ბავშვი ტირილს იწყებს, თან სლუკუნებს და ხელის გულებს სახეზე იფარებს.. აი, ისე თითქოს უნდა სახე აარიდოს ამ ორ ტიპს.  მარა არ ეშვებიან რა ...

და აი აქ უკვე, ეს ჩემი სამი წლის ძმაკაცი, იწყებს „სტიუარდესა, პო იმენი ჟანას“ მღერას. თან ისე, რომ შემდეგი ექვსი საათი ვეღარ აჩერებენ. აჰაჰა.. ამაზე უნდა გაიცინო თუ იტირო, მე რო ვიცნობ ჩემ ძმაკაცს მეცინება, მარა რავი, აბა ზოგი იტირებს ალბათ. ჰო, ეგრე ხოა საერთოდ, ერთი და იგივე ამბავზე ზოგი ტირის და ზოგი იცინის.

 

აქაც ეგრე ხდება ზუსტად...

 

ნინო

-         ნინო, ორი წუთი გამომიჩნდა, და შემოგირბინე - როგორც სჩვეოდა

დაუკაკუნებლად შემოვიდა მარინა, და თან ცხელი კარტოფილის სუნი შემოიტანა.

სამოც წელზე მეტის არ იქნებოდა, მაგრამ რომ შეხედავდი, დაღლილი, ჩაშავებული უპეებიდან იმდენად მძიმე მზერა გიპასუხებდა, ასაკსაც შენდა უნებურად მოუმატებდი, და ავტობუსშიც უკითხავად დაუთმობდი ადგილს. მერე, ეს მოხრილი სიარული ხო ჩვევად ჰქონდა გადაქცეული. რაც თავი ახსოვს, სულ ბავშვებს ზრდიდა, ხან თავისას, ხან დიშვილებს ხან კიდევ პატარა ბიძაშვილებს, და სულ რომ არ გცოდნოდა, რომ შეხედავდი, გეგონებოდა შემოვიდა და ხელჩაკიდებულიც ვინმე მოყვებაო. ასეთი იყო  მარინა, ზოგჯერ უტყვი და უპირო, ზოგჯერ კიდევ რიონივით მოძრავი.

-         მარინა, არ გრცხვენია? თითქოს არ იცოდე , ისედაც მარტო რომ ვარ

ოცდაოთხი საათი, გიორგის წასვლის შემდეგ. ახლა არ თქვა ცოტნე ხო გყავსო. მყავს, როგორ არ მყავს, მაგრამ ის ჯერ კიდევ ბავშვია, ჯერ კიდევ დუღს და კალაპოტს ვერ პოულობს, ჰოდა რა დედა ვიქნები ხელი რომ შევუშალო და ოთხ კედელად გადავუქციო ამხელა სამყარო?

-         ნინო, მაინც არ გიცნობდე, რა დედა ხარ. ხანდახან კი იცი, უცნაური ლაპარაკი...

მიდი, გენაცვალე, კარტი გამიშალე, იმდღეს ისეთი უცნაური სიზმარი ვნახე, სათქმელი იქნება რაღაცა.. პაპიდა მესიზმრა, გოგო, და როგორ ამიხდება, კარგ ფეხზე კი ვარ შემოსული, ღმერთმა ისმინოს.

-         მარინაა, ამ მძიმე მარხვაში კარტს ნუ გადმომაღებინებ, თუ ქალი ხარ. - ოდნავ

ამრეზილად ვუპასუხე და მარჯვენა ტუჩის კუთხე ამითამაშდა. ასე ვიცოდი, თუ რამე არ მომწონდა და არ ვიყავი გამკეთებელი, ეს ნიშანი გამცემდა ხოლმე, ნაცნობ-მეგობრებში.

მარინამ ჯერ შეპასუხება გადაწყვიტა, მერე ყავისფერი კედლის კუთხეში, სამ ნაწილად გაშლილ ხატებს მოჰკრა თვალი და ჩემდა დასანახად თუ გულის წადილით სამჯერ გადაიწერა პირჯვარი, თან კოპები შეეკრა, პირს შესამჩნევად აცმაცუნებდა და ჩაშავებული უპეების ფონზე კიდევ უფრო დაღლილ ანფასს ქმნიდა.

-         მაგაზე გამახსენდა, მიცვალებულების კვირა  მოდის, გოგო. შემდეგი შაბათიაო, ამ

კვირას თქვა მოძღვარმა. არ გამოგვრჩეს, და ჩვენები არ შევარცხვინოთ იმქვეყნად .

-         წანდილს მე გავაკეთებ, შენ ლობიო მოხარშე..  ხო იცი ჩვენს მეტი, მაგას არავინ მიხედავს....

-         ნინო, მაგაზე გამახსენდა, იმდღეს ვუყურე, რაღაც გადაცემა იყო, ჩვენი ქალაქი აჩვენეეეს. გაგიჟდებოდი. უნდა დამერეკა, და მერე გადამფიქრდა, ესე იგი არ ვიცი რა, სოხუმური ყავა გინდა თუ, ძველი სანაპირო ზოლი. სულ თვალწინ დამიდგა ყველაფერი...

მარინა, აგრძელებდა და აგრძელებდა ლაპარაკს, მე კიდევ, მის ერთადერთ ნათქვამს,

ჩავეჭიდე და ფიქრების ჯაჭვი ავაბი ზედ.

კოპლებიანი სარაფანი მაცვია, თმები მხრებამდე მწვდება და სიარულის დროს ქარში მილივლივებს, ზუსტად, ისე როგორც ფილმებში. ზაფხულის დილაა, ასე თორმეტი საათი იქნება, ზღვაში სოლივით შეჭრილი „აპრა“ თეთრად მოლივლივე თოლიას ჰგავს შორი გადმოსახედიდან. როგორც ყოველთვის ხალხმრავლობაა, ქვიშაზე მოდუღებული ყავის სურნელი წებოვან სინესტეს ეკვრის და სოხუმური ჰაერის იდილიას ქმნის.

-         ნიიი, დამელოდე. - უკან მომყვება ჩემი უმცროსი და, სახელდახელოდ დაწნულ თმის ბოლოებს ქარში მოაფრიალებს.

-         ნუ გარბიხარ, წაიქცევი - მშობლის ინსტიქტით გაჯერებული ვუმეორებ მთელი გზაა, ის კიდევ მაინც ჯიუტად მიდის, ხან მირბის, ხან კიდევ სანაპიროს შეჭრილ

შემოჭრილ ნაპირებს გვერდს უვლის და მოსეირნე წყვილებს ჩაკიდებულ ხელებს შორის უძვრება.

ერთ მომენტში წინ გაიჭრა და თვალთახედვიდან დამეკარგა. კარგა ხანს ვათვალიერე ფერადქამრებიან კაბებს შორის, მერე ზღვისკენ დავიწყე ყურება და თითქოს კიდეც შემეშინდა, ზედ „აპრის“ კართან უცნობი მამაკაცის წინ ჩაჩოქილს რომ მოვკარი თვალი. ნაწნავებზე წითელი ბაფთა ჰქონდა მიმაგრებული და იმან დამარწმუნა, ნამდვილად ის იყო, და როგორც შორიდან ვგრძნობდი, კიდევ ერთ თავგადასავალში უნდა გავეხვიე ჩემი მოუსვენარი დის ოინებს.

მამაკაცი ოცდაათ წლამდე იქნებოდა, ერთი შეხედვით რასაც შეამჩნევდით, ეს მზისგან გარუჯული პირისახე, თეთრი კბილები და კეთილი ღიმილი იყო.

-         ბოდიშს გიხდით, ბატონო. ვხედავ, ჩემმა დამ თქვენც შეგაწუხათ - მივვარდი, სასწრაფოდ, და ჩემი მისვლით სასაცილო სიტუაცია კიდევ უფრო გავახალისე.

-         არა, რას ამბობთ. მშვენიერი და კი გყოლია, ამხანაგო.. - მიუბრუნდა ჩემს დას და თან თვალი გამომაყოლა. შესამჩნევად გავიღიმე, მადლობის და ზრდილობის ნიშნად, და სანამ, ეს უცხო მამაკაცი სახეს მოაბრუნებდა, ნადიას თვალები დავუბრიალე, „ეს რა ამბავში გამხვიე-მეთქი“.

-         იცით, მემგონი შორიდან გიცნობთ მე - გააგრძელა საუბარი უცნობმა, და თითქოსდა მოსაგონებლად ზღვისფერი თვალები სიღრმემდე მოხუჭა.

-         მეე? - რაც შეიძლება, გავიკვირვე და ვეცადე დამესრულებინა ეს ჩემთვის უკვე არასასიამოვნო საუბარი. თუმცა, რაღაც შინაგანი მე თითქოს საუბრის გაგრძელებისკენ მექაჩებოდა.

-         თქვენ განა, ძიძარიას ქუჩაზედ არ ცხოვრობთ? - გამომცდელი მზერით შემომხედა ჩემმა უცნობმა ნაცნობმა და ეჭვები რომ გაეფანტა დააყოლა - ხშირად მიხვდება მანდ ფეხი, ჩემი ბიძაშვილი ცხოვრობს, მგონებს თქვენს მეზობლად და თვალიც მომიკრავს თქვენთვის. და განა არის ვინმე, ერთხელ შეხედოს თქვენს თვალებს და დაავიწყდეს?

-         რა გითხრათ... - ეს იყო მთელი ჩემი პასუხი, ამ არშიყობაზე.

უნდა წავსულიყავი, დავავლე ნადიას ხელი და უკანმოუხედავად გამოვვარდით

პარკისკენ. თან გულსა და გონებაში ნადიას ცელქობას ვაბრალებდი თავს გადახდენილ ამბავს, და ვიფიცებოდი, მეორედ აღარსად გავიყვან-მეთქი სასეირნოდ,  თან კიდევ, რაღაც უცნაურ სიხარულს ვყავდი დაჭერილი მთელი სხეულით.

ჰო, ზუსტად ასე იყო. ზუსტად ასე გავიცანი ემირი, შემდეგში სახელიც რომ

გადავარქვი და ჩემს ჯერ კიდევ დაუსრულებელ ნაწილს პაზლივით რომ მივუერთე.

ერთ საღამოს ემოციებისგან დაღლილი, მარმარილოს კიბეებზე ავდიოდი, მოვარდისფრო კონვერტი რომ დავინახე, დიდი წარწერით: „ნინოს!“

„ბაგა-ბუგით გული სკდება,

ჯერ ეს არსად არ მითქვია,

დაგინახავ, მემართება

მოციმციმე არითმია.

სად არ ვიყავ პროფესორთან,

მოსკოვსა და პეტერბურგში,

ვერ გამიგეს, მხოლოდ შენთან

ცეცხლი რატომ მიდუღს გულში.

ბოლოს მივხვდი, არ ვარ ბავშვი,

გულმა მეტი არ ითმინა,

დიაგნოზი თვითონ დავსვი:

სიყვარულის არითმია!“[1]

 

ზეპირად მახსოვდა ახლაც, ეს სტროფები და გურამის ხმა, რომელიც პასუხის მოლოდინში ოდნავ შეცვლილიყო... ამბავი ასე დაიწყო...

...

შვიდი საათიც არ იქნებოდა, ზაფხულის დღეები იწურებოდა და განთიადი თანდათან

უფრო აგვიანებდა დადგომას. ჩვეულებრივზე ადრე გამეღვიძა, კარადის საეჭვო ჭრიალმა და სამზარეულოში ატეხილმა აურზაურმა გამომაფხიზლა.

-         გურამ, რა ხდება, ხო მშვიდობაა? - საწოლიდანვე მივაძახე ჩემს ქმარს და კომოდზე

დაკეცილ ხალათს დავწვდი.

-         ჩუუ, დაიძინე, შენ თუ გინდა, ბავშვებსაც სძინავთ - შემოსვლა დამასწრო გურამმა, და შუბლზე მაკოცა, ისე როგორც იცოდა გაღვიძებისას. მაგრამ რაღაც არ მომეწონა არც მის ხმაში და არც ამ ალიაქოთში დილიდანვე რომ დამატეხა თავს. თან ვხვდებოდი კარგის მოლოდინი არ უნდა მქონოდა. ხან გვბომბავდნენ, ხან ისროდნენ,  ხან ერთი მეზობელის დაჭრის ამბავს ვიგებდით, ზოგჯერ კიდევ სიკვდილის. ჰაერში  ტყვიის სუნი ტრიალებდა, და აყვავილებული მაგნოლიის ფოთლებს ერთ წუთში ახმობდა.

-         ჩაის გაგიკეთებ.

-         ხუთი წუთი მაქვს.

-         მოვასწრებ.

-         კარგი, ბავშვებს დავხედავ მანამდე.

ჩაი დავასხი და სამზარეულოში, კუთხის მაგიდასთან თეთრი ყვავილებიანი ფინჯანი

და ლამბაქი დავდგი. ასე უყვარდა გურამს, დილის ჩაის ფიქრი უხდებაო, ასეც ამბობდა და ნახევარ საათზე მეტხანს ანდომებდა ერთი ჭიქა ჩაის დალევას.

დღეს მაგის დრო არ იყო, მაგრამ მაინც მომინდა, ისევ ძველებურად ყოფილიყო ყველაფერი, თითქოს თავს ვაჯერებდი, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ილუზია იყო, გამოგონილი ამბავი, რომელიც წუთი წუთზე დასრულდებოდა. კამერას გამორთავდნენ და გვეტყოდნენ რომ „გადაღებულია“ და შეგვიძლია დავუბრუნდეთ ჩვენ-ჩვენ ადგილებს. რეჟიროსი მოგვიბოდიშებდა და ყველანი ჩვეულ რიტმს დავუბრუნდებოდით, მაგრამ რატომღაც ეს კადრი იგვიანებდა და მეც მოთმინება ნელ-ნელა ქვიშის საათის გამოწკეპილ სხეულში მოსრიალე წვრილობებივით მეკარგებოდა.

-         მელოდებიან, უნდა წავიდე, ნინა პეტროვნა. - მომიბრუნდა გურამი, და თავისი კეთილი ღიმილი შემომაგება. აი, ზუსტად ისე, როგორც პირველად, ჩემი და რომ შეეჩეხა სანაპიროზე. თითქოს ამ ღიმილში რაღაც ჯადოსნობა იმალებოდა, გეგონებოდა ჰიპნოზი იყო, რომლის ფაზებსაც სხვა არ ვიცი, და მე ვერ გავურბოდი.

-         კარგი - ვუპასუხე, ისე რომ არც მიფიქრია რაზე ვთანხმდებოდი.

კიდევ ერთხელ შუბლზე მაკოცა, ხელი ხელზე მომიჭირა, ოდნავ შესამჩნევად და თავის თავში ღრმად დარწმუნებულმა გაიხურა ცისფერი ჭიშკარი.

-         მალე მოხვალ? - კარიდან მივაწიე კითხვა და სევდისგან შემოყრილი გულის დამშვიდება ვცადე ყალბი ღიმილით.

-         ჰო, აბა რას ვიზამ. ისე ხომ არ დაგტოვებთ?! - კიდევ ერთხელ კეთილი ღიმილი მისახსოვრა და ლესელიძის ქუჩის სითეთრეში ხუთ ლანდთან ერთად გაუჩინარდა.

რომ მეკითხებიან, რას ვერ აპატიებდით საყვარელ ადამიანსო? ამ ბანალურზე ბანალურ კითხვას როცა სვამენ, ერთადერთი პასუხი მახსენდება - დანაპირების ვერ ასრულებას და სახლში ვერ მობრუნებას. ამას დღემდე ვერ ვპატიობ გურამს.

...

მეხუთე დღეა არ მიძინია, უკვე ორმოცს ჩამოსცდა ჩემი და სასწორის ურთიერთობა და ყოველი ახალი შეხვედრა კიდევ უფრო ამსუბუქებს ჩვენს შედეგს. ისედაც ფართო ქვედაბოლოებმა ფორმა დაკარგა და ზღვაში მოტივტივე საგნებივით სხეულზე დაიწყო უაზრო, მოუხდენელი ხეტიალი. მაგრამ არც ეგ ადარდებს ვინმეს, არც თვალის ჩაშავებულ უპეებს და ძირამდე შეჭრილ თმებს დაეძებენ. ყველაფერი ერთ უბრალო კადრამდე დავიდა, ამ კადრს კი უიმედობის ჭაობი ჰქვია.

მეხუთე დღეა არ მიძინია,

მეხუთე დღეა ტირის, ცოტნე, მამიკოს ზღაპრების მოლოდინში..

მეხუთე დღეა ჩაის ჭიქა და ლამბაქი უადრესატოდ საათობით ელოდება თავის რიგს კუთხის მაგიდასთან...

მეხუთე დღეა, არავინ უსხამს წყალს სიმხურვალისგან გამომშრალ ეზოს ლილიებს...

-         ნინო, სადა ხარ, ნინო, დღესვე გავდივართ. -  ჭიშკრიდანვე მომესმა გურამის ძმაკაცის, და მერე უკვე ჩემი ბიჭების ნათლიის ყვირილამდე მისული ხმა.

-         ნესტორ, შენა ხარ? შემოდი, დაისვენე, ჩაის დაგიდგამ - თითქოს ჩვეული რიტმით ვცადე სიტუაციის განმუხტვა და კუთხის მაგიდიდან დილანდელი ჩაი გადავღვარე.

ნესტორი კიდევ უფრო ახლოს მოვიდა, მხრებში ხელი ჩამჭიდა, და ოდნავ შესამჩნევად შემანჯღრია:

-         ნინა, (ასე მხოლოდ მაშინ მომმართავდა, როცა საუბრისთვის სერიოზული სახის მიცემა უნდოდა) მგონი, რომ იმაზე მეტად არ გესმის რა ხდება, ვიდრე მე წარმომედგინა. დღეს თუ არ გავედით, ჩათვალე, რომ ყველაფერი დაკარგულია, ყველაფერი კი არა, ყველა. ჰო, ვიცი რასაც ფიქრობ, ვიცი, რომ გგონია ისევ დაბრუნდება. და რომ ასე არ დაგტოვებდა... თუ გინდა სიცოცხლის ბოლომდე დაელოდე, ოღონდ აქ არა, უნდა წავიდეთ. თან დღესვე. დღეს გადის ის თვითმფრინავი, ჩემებიც მოდიან, არაფრის შეგეშინდეს, კარგად ვიქნებით.

-         მერე, მურიკა? - ფსიქოლოგიური ზეწოლით გამოწვეულმა გონების დაბინდულობამ თავისი ქნა, და ჩემი ფიქრები სრულიად ნეიტრალური, კავკასიური ნაგაზისკენ მიმართა.

-         ეგეც წავიყვანოთ, თუ აგვაყვანინებენ. მისმინე, - კიდევ ერთხელ ძლიერად შემარყია, რაღაცით ეს ბიძგები მოახლებული მიწისძვრის წინაპირობას ჰგავდა, მაფხიზლებდა და საღი განსჯის უნარს მიბრუნებდა - გამთენიისას გამოგივლით, ექვსზე მზად იყავით. ჩვენი შანსია, იცოდე, სხვა აღარ იქნება.  - თქვა, ნესტორმა და ქუჩის სიბნელეში გაუჩინარდა.

კიდევ რამდენიმე ხანი ვებრძოდი ხილულს და უხილავს, ბოლოს, რეალობის ორმა ბუშტუკმა ძლიერი შეძახილით დამაბრუნა ჩემსავე ნალოლიავებ ეზოში. კიდევ უფრო მეტად გაიღვიძა დედობის ინსტიქტმა... ზოგჯერ მომენტები უფრო მეტს გვასწავლის, ვიდრე მთლიანად ცხოვრების დინება. ზოგჯერ, იმაზე მეტი ვხდებით, ვიდრე ვართ, იმაზე მძიმე, ვიდრე რეალურად ვიწონით და იმაზე ჭკვიანები, ვიდრე უნივერსიტეტმა თუ წაკითხულმა წიგნმა გვისახსოვრა.

...

უკვე ცნობიერება როცა დამიბრუნდა და გავაანალიზე რა ხდებოდა,  მოლურჯო-მოცისფრო ზაპოროჟეცში ვისხედით და ბაბუშერას აეროპორტისკენ მივქროდით. სინათლის სხივებს არ მოეღწია დედამიწამდე, შორიდან მომავალი შუქი ანათებდა იმდენად, რომ გზის სავალს  ხილულს ხდიდა. ამ სიჩქარისგან, დაძაბულობის თუ გადატანილი უძილო ღამეებისგან იმდენად ვიყავი დასტრესილი, ერთ წუთში ძილმა წამიღო. და უცებ ისე როგორც მითიური ტრახინის სამეფოს დედოფალმა ალციონამ, საზარელი სიზმარი ვნახე. ალციონას სიზმარი ერთი ერთში ჩემს სიზმრად იქცა, ჩემი საწოლის წინ მკვდარივით ფერმიხდილი და სრულიად შიშველი ჩემი მეუღლე იწვა, საშიში სახე ჰქონდა, წვერ-ულვაში დასველებოდა და თმიდან წყლის წვეთები სცვიოდა.

-         „მიცანი?! ხედავ, როგორ გამოიცვალა სახე, შენმა საყვარელმა მეუღლემ? „ - აშკარად მესმოდა გურამის ხმა, რომელიც ლაპარაკს აგრძელებდა - „შენს საყვარელ მეუღლეს კი არ ხედავ, არამედ მის აჩრდილს, ვერ მიშველა ვერც შენმა ლოცვა კურთხევამ და ვერც განუსაზღვრელმა სიყვარულმა თუ აღთქმამ.“ - ეს სიტყვები შორიდან მომავალი, ანტიკური ელფერით კიდევ უფრო ამძიმებდა ჩემს სიზმარს და მეტ კითხვას მიჩენდა.

-         „ შენი მეუღლე არ დაგიბრუნდება, სწორედ მაშინ მიმსხვერპლა ცხოვრების სისასტიკემ და დამიდუმა ტუჩები, როდესაც ჩემი ძვირფასი მეუღლის სახელს ვახსენებდი. აღსდეგ, საცოდავო, შეიმოსე ძაძებით და ცრემლების ფრქვევით, პატივი ეცი ჩემს ხსოვნას....“ - ამ პათოსით გაჟღენთილ სითეთრეში გაუჩინარდა ნაცნობი ხმის ტემბრი და უცნობი სიტყვათა წყობა.

როცა თვალი გავახილე, აეროპორტის მისადგომებთან ვიყავით, ორივე ხელი

შვილებისთვის მქონდა ძლიერად მოჭერილი და თითქოს მათ შეკავებას ვცდილობდი ერთ ადგილას. ამ წუთას პირველად გავიაზრე ჩემი ცხოვრების ტრაგედიის რეალური პერიფერიები. სულ სხვა მინდორზე გადიოდა ეს გზა. მგონი, მარტო იმ წამს დავიჯერე, რომ ის მართლა აღარ დაბრუნდებოდა...

-         მოვედით, სწრაფად გადმოაწყვეთ ყველაფერი და დროულად ჩადექით რიგში. ჯერ არ იცით, იქ რა ხდება. – გაგვაფრთხილა ნესტორმა და ბარგის ამოლაგება დაიწყო. თან თავის ცოლ-შვილს გზას უჩვენებდა.

უცებ გეგონებოდა, ცა გასკდებაო, ხმაურმა დაგვაყრუა, და მარტო ნესტორის ტუჩების

მოძრაობით აღვიქვი, რაც ხდებოდა. არ ვიცი, ზედმეტი ემოციისგან თუ შიშისგან,

ჩემდა უნებურად, მანქანის საბარგულში ჩავისროლე ჩემი ორივე შვილი და მე თვითონ მიწას მივეკარი უთქმელად. რამდენიმე წუთში ყველაფერი ჩაწყნარდა. ხმაური მინელდა და მარტო ახლა ჩამესმა, მთელი ხმით როგორ გაჰკიოდა შიშისგან გულყრამდე მისული ცოტნე, გიორგის თავი უფრო მხნედ ეჭირა, ტიროდა, მაგრამ ცრემლებს ჩუმ- ჩუმად იწმენდდა მკლავებით და პატარა ძმის დამშვიდებას ცდილობდა.

შედარებით დავმშვიდდით, და უკვე თვითმფრინავის სადგომში ფეხის შედგმისთანავე ყველას ერთმა აზრმა გაგვირბინა, აქ არანაკლები ბრძოლა იმართებოდა, ოღონდ არა სიკეთესა და ბოროტებას შორის, არამედ გადარჩენასა და არგადარჩენას შორის. ამ აურზაურსა და ზედახორაში ვინ გინდოდა რომ არ ყოფილიყო, მოხუცი ქალები, ვიწრო ქვედაბოლოებით და თავზე ძველმოდური შლიაპებით, ახალგაზრდა ბიჭები ხელში ავტომატებით,  მტირალა ბავშვები და საერთოდ ყველა, ვისაც სიცოცხლე რამედ უღირდა.

-         გამატარეთ, ბავშვებით ვარ - ისმოდა აქეთ-იქიდან. მაგრამ ამ მომენტში ნაკლებად აინტერესებდა ვინმეს.

საერთოდ ასეა, რაც მარტივია, ადამიანები იმას ხომ ადვილად ვთმობთ? აი, მაგალითად, მაღაზიის პროდუქტების რიგში მდგარს, შეგვიძლია გადავატაროთ ბავშვიანი და მოხუცი, თან ზრდილობიანად გავიღიმოთ და საკუთარი თავით კმაყოფილები ჩვენ თვითონვე დავრჩეთ. მაგრამ თუ საქმე სერიოზულადაა, ზრდილობა გვერდზე გაიწევს ხოლმე და უხეშობის ზეიმის დრო დგება.

ამ არეულობაში, არ მახსოვს როგორ, ნესტორი და მისი ოჯახი დავკარგე, უფრო წინ წავიდნენ, ნესტორს ხელში გიორგი ეჭირა, მე კიდევ ცოტნე მომყავდა. ისედაც, ჩამომდნარს კიდევ ორი ბავშვის ტარება არ შემეძლო. როცა მოვათვალიერე, ირგვლივ უცნობი სახეების მთელი თაიგული მედგა, ვერც ნესტორს ვხედავდი, ვერც მის მეუღლეს, თამუნას და არც ჩემი გიორგისთვის მომიკრავს თვალი. ერთ მომენტში შიშმა ამიტანა, შეიძლებოდა, რომ ვერ გადავრჩენილიყავი, მაშინ მეც პირობის აუსრულებლად გამომივიდოდა ცხოვრება.

-          ხალხო, დამშვიდდით, ავალთ ყველანი - აქეთ-იქიდან სიტუაციის განმუხტვას ცდილობდნენ. ზოგი პირდაპირ მუქარაზე გადადიოდა და ავტომატის ტრიალით გაიძულებდა ადგილის დათმობას.

ნელ-ნელა ვგრძნობდი სალონში ადგილი გაივსებოდა, და შეიძლებოდა ჩვენ ვერ

აგვესწრო ასვლა.  უკან ორი მოხუცი ქალი მომყვებოდა, ერთს სქელი, კაკლის ხის ჯოხი ეჭირა და დროდადრო იმას ეყრდნობოდა. რაღაცნაირი ჩამიჩივით მოჭმუჭნული სახე კიდევ უფრო უნაცრისფრდებოდა, როცა წინ მიმავალ ხალხის ჯგროს გახედავდა ხოლმე. სულ რამდენიმე წუთით შევავლე თვალი. არც დრო მქონდა და მით უფრო, არც სურვილი ხალხის თვალიერების.

-         რამდენიმე ადგილი დარჩა, ყველა ვერ ამოხვალთ, დაიკავეთ ადგილები რიგში - გაისმა თვითმფინავის ტრაპიდან. ამ ხმამ, როგორც სამაშველო ზარმა ისე გაირბინა ხალხის რიგები და უკანასკნელი ძალა მოაკრებინა.

ერთი წამიც არ იყო გასული, ვიგრძენი, როგორ დავკარგე შეგრძნება მარჯვენა ფეხის

ტერფზე.  ვიგრძენი, როგორ ჩამარტყა საყრდენი ჯოხის ძირი ფეხში უკან მომყოლმა მოხუცმა ქალმა, მეორემ კიდე რაც ძალი  და ღონე ჰქონდა, ფეხი მკრა და რომ არა ხალხის სიმრავლისგან შექმნილი სივიწროვე, ბრბოს სავალ გზად გადავიქცეოდი.

-         რა ვქნა, შვილო, სიცოცხლე ამ ასაკშიც ტკბილია - ჩამომძახა ტკივილისგან

მოხრილს სიცოცხლის კონკურენტმა და კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ბედნიერების ტრაპს. ცოტნე ვერ მიხვდა, რა მოხდა, და კიდევ უფრო ძლიერად მორთო ტირილი.

-         ჩუ, დედა, მალე დამთავრდება ყველაფერი და ისევ მოვყვებით ზღაპრებს ბოროტ

დევებზე და კეთილ ფერიებზე - ვამშვიდებდი ჩემს პატარა ბიჭს და მის ცრემლებით დანამულ სახეს მკერდზე ვიხუტებდი. არ მინდოდა, ბევრი კადრი აღბეჭდვოდა ცნობიერში, ვინ იცის როდის წამოეტივტივებინა ცხოვრებას.

თითქმის გადავწყვიტე, დანებების დრო იყო... მარტო ის მადარდებდა, იქნებ გიორგი

მაინც გადარჩეს-მეთქი, წარმოვიდგინე, როგორ იცხოვრებდა ნესტორთან და თამუნასთან ერთად, ნინიასთან ისედაც მეგობრობდა, ერთად გაიზრდებოდნენ და-ძმებივით და რაც მთავარია, გადარჩებოდა.

სანამ ამ ფიქრთა ჯაჭვს ბოლომდე ჩავყვებოდი, რუპორში ნესტორის ჩახრინწული ხმა გავიგონე. თვითმფრინავის კარი იკეტებოდა, სულ რამდენიმე ნაბიჯი მაშორებდა. ეს მომენტი სამოთხისკენ მიმავალი სულების წადილს გავდა, „ვითარ იგი იწრო არს ბჭე და საჭირველ გზა რომელი მიიყვანებს ცხოურებასა მარადიულსა“... ყველამ იცოდა იქ იყო ხსნა, და იქ უნდა შესულიყვნენ. მაგრამ იყო კი ნამდვილად ხსნა ეს ჩაბურულ-ჩაბინძურებული თივთმფრინავის კაბინა? ამ კითხვაზე პასუხი არავის ჰქონდა, იდეაფიქსი კარის მეორე მხარეს აღმოჩენა იყო.

-         ხალხო, ამ ბავშვებმა გუშინ, მამა დაკარგეს, დედამ კი მეუღლე, ქალაქმა კარგი

შვილი. თუ იცით რისთვის?  თქვენი სიცოცხლის გადარჩენას შესწირეს საკუთარი მამა. როგორ ფიქრობთ, ბორტზე ყოფნას არ იმსახურებენ? - პათოსი კიდევ უფრო გააძლიერა, ხელში მომარჯვებული ავტომატის ტრიალმა.

 

-         ნინო, ბავშვი მომაწოდე - რუპორიდან მომმართა პირდაპირ.

ჩემი ძალის პატრონი ქალისთვის შეუძლებელი იყო ამის გაფიქრებაც კი, მაგრამ

გადამწყვეტ წუთებში ჩვენ სხვანი ვხდებით, ბუნებას ვიცვლით მთლიანად და იმ წუთში ჰერაკლეს მსგავსად ლერნეის ჰიდრასაც კი დავამარცხებდი.  ცოტნე რამდენიმე წამს ჰაერში გაჩერდა, ვერ გავუძელი ამ სცენას და თვალები დავხუჭე. როდესაც უკან დავბრუნდი, ორივე ბორტს მიღმა მდგომი დავინახე. „აღსრულდა“ - პირველი სწორედ ეს სასწაულმოქმედი სიტყვა ამოტივტივდა ჩემს მეხსიერებაში.

ის იყო კარი უნდა მიხურულიყო ჩვენს თვალწინ, რომ ერთმა ღვთისნიერმა დაიძახა:

-         მოიცა, რა, ბავშვებს დედის გარეშე ტოვებთ? ხალხი აღარ ხართ? გული აღარ გაქვთ?

ამ  სიტყვებმა სულ ერთი წამით ადამიანობის შეგრძნება გამოუცოცხლა თავის

რიგს მომლოდინე ბრბოს და ერთი წუთიც არ იყო გასული, ხალხის ტალღამ გადამისროლა ბორტის მისადგომებთან. ჩემს წინ დაიკეტა სიცოცხლის გადამტანი მოწყობილობის კარები და ასობით ადამიანი იმედგაცრუებული მოიტოვა...

როცა ყოფიერებას დავუბრუნდი, ოთახში სულ მარტო ვიყავი. სიმყუდროვეს ძველებურ კარადაზე შემოდებული ოთხკუთხედი საათის წიკ-წიკი არღვევდა და კიდევ ერთხელ მახსენებდა, რომ ყველა ადამიანი ამ ქვეყანაზე მარტოა. ისეთივე მარტო, როგორც დაბადების წუთს. არავის, არც ქმარს, არც შვილებს და არც მეგობრებს არ შეუძლიათ ბოლომდე შენი ხვედრის გაზიარება და ცხოვრებაც ზუსტად ეგ უნდა იყოს, მარტოობის ფონზე გამოსავლის მოძებნა...

მარინა გასულიყო და კარი ღიად დაეტოვებინა.

ნეტავ დიდ ხანს ვიყავი ასე? ჩავეკითხე ჩემს თავს და რადგან პასუხი არ მქონდა, ჩათრევას ჩაყოლა ვამჯობინე.

ერთი უჯრა მქონდა სახლში, ყველაფერს ძველს, იქ ვინახავდი. „პანდორას ყუთი“ შევარქვი და როგორც კუროს ზოდიაქოს სჩვეოდა (მე კიდევ ამ ბოლო დროს გამიძლიერდა ვარსკვლავებისადმი რწმენა) ყველაფერი სათუთად ჩავაწიკწიკე: ცალკე ბავშვობის მოგონებები, ნაწერებად, კალმებად და ყელსახვევებად შემონახული. მეორე გვერდზე, სტუდენტობა ლექტორის ფრაზებით სავსე რვეულებით, გამხმარი ვარდის ფურცლებით და რუსული შოკოლადის ქაღალდების აკინძული გირლიანდებით. კიდევ ცალკე შვილების პირველი სიტყვები, თმის პირველი კულულები და ბაღის ზეიმზე სათქმელი ლექსები მეწყო. ერთი სიტყვით, ნამდვილი პანდორას ყუთი იყო. გახსნიდი თუ არა, ყველა სახის სენი ამოვარდებოდა წარსულიდან, შემოგეჭდებოდა ყელზე ძლიერად და სუნთქვის საშუალებას აღარ გაძლევდა. გიპყრობდა მონატრებით სავსე მორევი და მთელი დღე შეიძლება ამ მორევთან ბრძოლაში გაგეტარებინა. თუ სასოწარკვეთას დანებდებოდი, იმ ყუთის დამხურავი იმ დღეს აღარ იყავი.. ამიტომ, რაც შეიძლება იშვიათად ვხსნიდი ამ მივარდნილ კუთხეს. რაც შეიძლება იშვიათად ვიყურებოდი უკვე გამოვლილ ბილიკებზე.

დღეს სხვა დღე იყო, ჩაყოლას ჩათრევა ვამჯობინე და მომინდა ამ ტანჯვით რაღაც სიამოვნების მაგვარი მაინც მიმეღო. ხომ  იყო ბედნიერი დღეებიც.. უფრო სწორად ბედნიერი დღეები  იყო თუ იყო, და ეს მონატრებაც იმ ბედნიერი დღეების გამხდარიყო.

-         ნახე, პირველი წერილი - ჩემს თავს გავუღიმე და მოყავისფრო სითეთრეში რუსულწარწერიანი მისალოცი ბარათი გადმოვიღე.

„ნინო, გილოცავთ, ახალ წელს. ჯანმრთელობა, ბედნიერება და სიყვარული

დაგებედოთ. დამიკოცნე გურამი და ბავშვები, „с новым годом!“ - მწერდა, ჩემი სტუდენტობის მეგობარი, რომელიც მერე ლენინგრადში გადაცხოვრდა, მაგრამ ყოველ ახალ წელს კიდევ ვახსენებდით ერთმანეთს რომ გვახსოვდა ის წლები...

კიდევ დიდ ხანს გაგრძელდებოდა ჩემი სენით შეპყრობილი გონების ტკბობა, ცოტნეს მოსვლას რომ არ გამოვეფხიზლებინე.

კარებში იდგა, მამასავით მაღალი, ზუსტად ისეთივე კეთილი ღიმილით სახეზე როგორიც გურამს. ხელში ლაზერის პაწაწინა სანათს ატრიალებდა და თან უთქმელად ცდილობდა გამოეცნო ჩემი განწყობა.

-         მოდი, დე. - დავუძახე, და იატაკზე გაშლილი მოგონებების სკივრი გვერდზე მივაჩოჩე.

რატომღაც დამთანხმდა, და ეს ოცდაოთხი წლის ბიჭი, ისევ ისე როგორც ბაბუშერას აეროპორტში, გულზე მომეკრა.

-         მოხდა რამე? - ვკითხე, თან ისე რომ გაღიზიანება არ გამომეწვია და არ ეფიქრა, მის საქმეში ვცდილობდი ჩარევას. ბიჭებს არ უყვართ, როცა დამოუკიდებლობას შენი კითხვებით უზღუდავ.

-         რა უნდა მომხდარიყო? - საყვედურნარევი ხმით მიპასუხა, და თვალები დახუჭა.

ზოგჯერ უსიტყვოდ გავცემთ სიყვარულს, იქნებ დარდსაც... და თუ მაინდამაინც

სხვების ტკივილის შეგროვებას გადაწყვეტთ, ყველაზე კარგი გამოსავალი ზუსტად ეს არის, ჩაჰკიდეთ თქვენს შვილს, შეყვარებულს ან თუნდაც დას ხელი, მიიკარით გულზე და ერთად ისუნთქეთ… სულ რამდენიმე წუთი. ყველაზე ძლიერად მაშინ ვაგროვებთ ერთმანეთის დარდსაც და სიხარულსაც. მეც იმ წუთში ზუსტად ვიგრძენი, რაღაც აწუხებდა ცოტნეს, არ ვიცი ეს რა იყო, და ალბათ, არც არასდროს მეცოდინებოდა... მაგრამ ამ წუთის შემდეგ შეუმსუბუქდა, ერთი ორად შეუმსუბუქდა ფიქრები, გუმანით ვგრძნობდი და ამ შეგრძნებისგან გახარებულს გულში პეპლები დამიფრიალებდნენ.

რა შეიძლება მისცე შვილს ორ წვეთ სითბოზე მეტი? ....

ლალი

მერამდენე დღეა ან ღამე? იქნება კიდევ სამია დარჩენილი. სანამ რეპოს დრო (ბერძნულად ნიშნავს დასვენებას) მოვა. ისევ ამერია კალენდარი. ბერძნულად კითხვა კიდევ ისევ არ ვიცი. ტელეფონიც ვერ გამოვცვალე ვერც ამ თვეში. არაუშავს, რაც მთავარია დათომ გადაფარა და იმ ბინას მაინც აღარ გამიყიდიან. ტელეფონი რეკავს რა ხანია და ეგეც ვერ გავიგე, დაღლილი ხარ ლალი, დაღლილი თუ რა გჭირს.?!

-         პარაკალოო. - ზუსტად ისე ვთქვი, როგორც მასწავლეს ამ ოთხიოდე წლის წინათ.

ეს დაახლოებით იგივეა, რუსულში „პაჟალუსტას“ რომ ამბობენ. თუ ვინმე უნდა გაატარო ტრენოში ამას ამბობ, გინდა ტელეფონს უპასუხე „გისმენთ“  ამის მაგიერია, და გინდა რამეზე დაეთანხმე მაღაზიაში, კი ბატონო აიღეო. ყველაფერზე ეს ერთი სიტყვა ჭრის.

-         ნატა, შენ ხარ? ხმა არ ისმის კარგად.

ტუუ, ისევ გაისმა ყურმილში და კიდევ უფრო მომიშალა ნერვები

-         ალოო, რომელი ხარ? - ახლა ქართულად ვცადე, რადგან დავრწმუნდი ქართველი

რეკავდა და ენის ბორძიკი არ მომიწევდა. ცოტა კი გამომიკეთა ხასიათი მაგან.

-         ლალი, მისმინე, კაი ვარიანტი გამოჩნდა, ენიანი უნდათ, მოხუცი ბაბუშკაა, თვეში

ოთხი (დასვენება) გექნება. ექვსას გადაიხდიან. ხო გინდა?

-         გოგო, მინდა, მარა ხო იცი როგორც ვლაპარაკობ?

-         ნუ გამაგიჟებ, შენ კიდე რა, ახლა აიღე დადე და მიდი მოდი ხო იცი, და მეტი რა

დაგჭირდება იმ ბებერთან? თან კიდე, მაგათ სადამდე უნდა შეაკლა თავი? თუ იმას ელოდები რო შეეცოდები ვინმეს ძაან ცდები და მე რო ვამბობ კაი ვარიანტია-მეთქი ესე იგი არის.

-         ოო, რა ვიციიი. ვთქვი და მე თვითონ მივხვდი, როგორ წარმოვიდგინე თვის

ბოლოს  ხელფასის დღე და ჩემი ქალბატონის გაკვირვებისგან გაღიმებული სახე.

-         მისმინე, კიდე რა უნდა გითხრა. - მოაყოლა, სწრაფად ნატამ. ყურები დავძაბე რაც

შემეძლო, რომ ცალკე გაფუჭებული ტელეფონის შრიალი ჩამეხშო და ცალკე, მეორე ოთახიდან გამოსული კივილის ხმა დამეფარა.

-         მშვიდობაა?

-         მშვიდობაა ეს ჩემო ლალი, აქ რაც ხდება?

-         კარგი, გოგო, ფილოსოფოსობის დროა? მითხარი რას ამბობდი.

-         კვირას ხო გამოდიხარ შენ?

-         კი, მერე?

-         ხოდა, კვირას არის ჩემი ბიძაშვილი როა, თამუნა, იმის დაბადების დღე. ყველანი

მივდივართ ქართულ რესტორანში, ომონიაზე. ხოდა წავიდეთ რა ერთად. ერთი სიტყვით, კაი იქნება რა. გულს გადააყოლებ.

-         არ ვიცი, ნატა...

-         იცი, იცი. მოკლედ, მზად იყავი საღამოსთვის.

ტუუ... ისევ გაისმა ტელეფონში.

პრინციპში რატო არ უნდა წავიდე? იმდღეს კაბა რომ ვიყიდე, იმას ჩავიცვამ და წავალ, ერთი საღამოს მაინც დავივიწყებ აქაურ ამბებს.

ვაა, გოგამ მომწერა. ოჰ, გავახსენდი... ერთი ეს არის კიდევ კარგი ვინმე რა. საერთოდ ამ ათენში უცნაური გარდასახვა ხდება ადამიანების. შეხედავ, კარგია, გაიკითხავ საქართველოში კარგია. და უცებ ჰოპ, საერთო ქართველობაში მოხვდებით აქვე სადმე და ისეთებს გაიგებ, თვალები შუბლზე აგივა. ახლა ზის ეს გოგაც და ჰგონია არ ვიცი აქაური წესები რა. ჰო ეგ დრო გამოვიარე უკვე  ამ ოთხ წელში. ეს უკვე ხმამაღლა ვთქვი და ხელიც კი დავუქნიე ტელეფონს, გეგონება გოგა იქ იჯდა და მხედავდა, რას ვამბობდი ან რას ვანიშნებდი.

-         ლალიი! - ი-ზე აქცენტით კივილამდე მისულმა ქალბატონმა შემომინგრია ოთახის კარი. ვიცი, ისვენებ, მაგრამ ვერაფრით გავაჩერე და მოდი, დააძინეო.

-         კარგი, კარგი -მეთქი მივაძახე ისე, უღიმღამოდ, სახეზეც შემემჩნა რასაც

ვფიქრობდი იმ წამს ამ გველაძუა ქალზე. ოცდაოთხი საათი რომ ტელევიზორის პულტთან იჯდა, თუ ორი წუთი გამოუჩნდებოდა იმასაც დაქალებთან კაფეებში ხეტიალს ანდომებდა.

-         ნა-ნა-ნა - ქართული ხმით შევვარდი ოთახში და უკვე ტირილისგან

გაჭარხლისფერებული ბავშვი ამოვიყვანე აკვნიდან.

-         ჩუუ, ჩუუ .. - ვეძახი ყურში. და გეგონება, გაიგოო, წამში გაჩუმდა. გაჩუმება ერთია

და დაძინება მეორე. ვერაფრით ჩავაწვინე თავის საწოლში და მეტი რა გზა მქონდა, მივიწვინე ჩემს ნახევარ-საწოლიანზე, როგორც ერთი ქართველი გოგო ეძახდა.

ამის ტირილმა ხო სულ გამაგიჟა, გამახსენდა ჩემი ანი, 6 წლის იყო რო დავტოვე და აქეთ გადმოვხეტიალდი. ექვსი წლის.  წელს ათის ხდება. ისევ დარეკავს ნოემბერში, და ისევ იკთხავს,

-         დედა არც ამ დაბადების დღეს ხდება სურვილები?

-         დე, ყველა სურვილი ხდება, ერთ დღეს ხო იცი. - ვითომ დავამშვიდებ, მეორე

ნაპირიდან.

-         აღარ მინდა ლაპარაკი. - გავიგებ, ისევ ყურმილში, და ახლა უკვე მე დაველოდები

ახალ წელს, იქნებ გადაუაროს იქამდე გაბუტვამ. ან იქნებ საჩუქრებმა გადაწონოს.

ნატა

„ცამეტი წლის ხარ და შენი ტყვეა ჭაღარა გულის ზმანება ავი,

ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია, ცამეტჯერ უნდა მოვიკლა თავი...“

ცამეტი წლის ვიყავი, ჩემზე ცამეტი წლით უფროს მეზობლის ბიჭს რომ შევუყვარდი. შევუყვარდი ან უფრო ავეკვიატე.

ცამეტი აგვისტო იყო, ვინმე იტყოდა სადაცაა ცა ჩამოინგრევა და თან წაიყოლებს ლაკისფეხსაცმლიან მექორწილეებსო. ცამ ვერ ჩამორეცხა, მაინც დადგა გრძელი რიგი ტაძრის საკურთხეველთან, ყალბი სახეებით დახატული ემოცია და ვერშემდგარი ბედნიერების ზენიტი ავიდა თავის კვარცხლბეკზე, ოდნავ ამაყი და კიდევ ერთი შემთხვევით გაძლიერებული იქნებ.

-         გილოცავთ...

-         გილოცააავთ...

-         წლისთავზე ბიჭი, ბიჭი მოგველოცოს...

-         სულ ასეთი ღიმილიანები მენახეთ...

-         გილოცავთ... გაიხარეთ..

-         თოფი, თოფი უნდა ამას...

ორჯერ ცამეტის მივხვდი, რომ „ყველა ბედნიერი ოჯახი ერთმანეთს ჰგავს, ყოველი უბედური ოჯახი თავისებურადაა უბედური“. ავიღე ჩემი წილი ორიგინალური უბედურება და ქვეყნის მეორე ბოლოში დავტოვე, კიდევ უფრო მივარდნილი ქალაქის, მივარდნილ ქუჩაში. და გამოვიქეცი იმაზე სწრაფად ვიდრე თვალებს ახამხამებენ შიშისაგან შეშინებული ჩვილი ბავშვები, გამოვიქეცი იმაზე მეტად მოუფიქრებლად, ვიდრე სკოლაში მეექვსე კლასელი მოსწავლეები, უსწავლელობის მიზეზს რომ ვერ ფარავენ და დაბნეულობისგან კალმისტარს ატრიალებენ  წინ და უკან....

სამჯერ ცამეტის ვარ თითქმის, რამდენიმე წელი მიკლია...

ერთი წუთია ასეთი, მთელ დღეში, როცა  ვდგავარ და ლექსის სტროფებზე ვაწყობ ჩემს ცხოვრებას.

-         გამარჯობა, მე ნატა, ვარ. და მე ჩემს თავს სამშობლოდან გამოვექეცი. იქნებ ყველას

ცხოვრებაშია ის მონაკვეთი, როდესაც გარბიხარ, თვალდახუჭული, უაზროდ წინ. გზაში ეხეთქები ხან ეკლიან მცენარეებს, ხან მძიმე ქვებია და დაბინდული მზერით ვერ ხედავ. მთავარია არ გაჩერდე, მთავარია წინ წახვიდე. ”გაიქეცი, ფორესტ, გაიქეცი!“ - ჩაგესმის ყურში. ანგარიშმიუცემლად, ოჰ, რა სისწრაფით გარბიხარ.! და მერე ჩერდები... იმაზე შორს ვიდრე გეგმავდი. „წესით აქამდე არ მოაღწევს, წესით აქადე ვერ მოაღწევს“... მაგრამ სულ ტყუილად გგონია, თურმე შენი ფიქრი ყოფილა მხოლოდ, და ისევ ის ხარ ვინც იყავი, ისევ ის მშიშარა ლანდი ხარ უგზო-უკვლოდ რომ ეძებს თავის თავს და სად ეძებოს ეს კი არ იცის.

-         გამარჯობა, მე ნატა ვარ. და მე, დიახ მე, საკუთარი თავი ორჯერ დავკარგე რომ

ისევ თავიდან მეპოვნა. ასეა ხანდახან, უნდა დაკარგო, რომ მერე იპოვო. უნდა დაგკარგონ, რომ მერე გიპოვონ. უნდა გაიქცე, რომ დაგეწიონ და თუ არავინ აღარ გეწევა, ის ვისაც გაურბოდი თავად შენ ყოფილხარ. ჰოდა, შენც შეჩერდი და ჭკუა ასწავლე გათამამებულ  ორეულებს, ანახე ვინ არის აქ მთავარი. იქნებ მერე, გაბედო და შეიყვარო.

იქნებ ასე დავკარგე სამშობლოც? და იქნებ პირიქით, უნდა გავბედო და ხელახლა

შევიყვარო, რათა ხელახლა ვიპოვო?

„გაივლის კიდევ ცამეტი წელი,

მოახლოვდება გზა ოცდაექვსი,

მოცელავს მაღალ ზამბახებს ცელი,

ატირდება დრო და ჩემი ლექსი.“

დრო შეიძლება არა მაგრამ ჩემი ლექსი ატირდა ორჯერ ცამეტში. და ეს ტირილი დღემდე გრძელდება. რას ვეძებდი და რა ვიპოვე? იქნებ უფრო მარტივად აღვიქვა უნდა, ჰო, ალბათ, ასე უნდა გავაკეთო. ამიტომაც, ყოველ დილით, ვდგები და საკუთარ თავს სარკის წინ ვუმეორებ:

-         ნატა, შენ მოსამსახურე ხარ. დღეს აქ, ამ ქალაქში, და მიდი, შენი საქმე გააკეთე.

სხვა შენი არავის არაფერი აინტერესებს. მოსამსახურე ხარ აქ, მაგრამ ერთ დღეს დაბრუნდები იქ, სადაც გელოდებიან.

...

ხვალ კვირა დღეა, რას გავს კვირა ემიგრანტის ცხოვრებაში? რას შევადარო? როგორც ასტროლოგები ელიან სავსემთვარეობას, ცვლილებებს და ხშირად ხიფათს ან ბედნიერებას, რომელიც მომდევნო დღეების დინებას განსაზღვრავს, ასეთია კვირა დღე ემიგრანტი ქალის ცხოვრებაში. შეიძლება ახალი მეგობრები გაიჩინო, ძველზე გაიგო ჭორი და მთელი კვირა განიხილო, ან იქნებ, კაფეში ყავაზე დამსხდარს ახალი თაყვანისმცემელი გამოგიჩნდეს და შენი ცხოვრება მთლიანად თავდაყირა დააყენოს.ყველაფერი ხდება კვირას, ჯადოსნური დღეა ჩვენს ცხოვრებაში.

...

რამდენი გაზაფხულია უკვე ამ მარმარილოს ქალაქში ვიღვიძებ და მძაფრი იოდის სუნს ვგრძნობ საწოლის კარიდან. რა არის ეს, მოღწეული ზღვის სურნელი თუ, ჩემი შვილის იარაზე ვერწასმული წამლის კვალი?

- დედა, ამ წელს ჩამოხვალ აუცილებლად, დე. ერთად ვიქნებით. - მარტო ამ  სიტყვებს ვეუბნები მერვე გაზაფხულია და ისევ ისე, ორივეს გვჯერა ერთმანეთის. „ყველა უბედური ოჯახი ხო უბედურია თავისებურად“...

და მაინც ხვალ კვირაა, ისევ გამიელვა თავში. ოჰ, ეს ყოფიერება, როგორი მსუბუქია , როგორი მიამიტი, თითქოს თექვსმეტი წლის გოგოს გრძნობები ჰქონდეს, ვარდისფერ კაბას აფრიალებდეს და საკოცნელად გამზადებულ ვაჟებს ლოყას უშვერდეს. წამომიტაცა ყოფიერების სიმსუბუქემ და ამიჩქრიალა სისხლი. უცებ ხასიათიც გამომისწორდა. მართლაც არც ისე ცუდაა ყველაფერი, დღეს თუ არა ხვალ, ბედნიერება მოდის ნელ-ნელა და სანამ ჩემს კარს შემოაღებს, მე მივეგებები წუთიერ გატაცებებს.

ხვალ კვირაა, თმების შეღებვის, კაბების აშრიალების და ყავაზე ქართული საუბრების დღე.

 

ხატია

პირველად, როცა ათენში გავახილე თვალები, მეგონა ახალი ცხოვრება დაიწყო, სულ სხვა ცის ქვეშ. აქ როცა ადამიანს გაიცნობ  და იგებ, რომ ახალჩამოსულია, სამ რამეს ეკითხები, კიდევ სამი კითხვა გებადება მაგრამ არ სვამ. ეკითხები თუ მუშაობს, სად ცხოვრობს და როგორ ეწყობა ახალ ცხოვრებას. არ ეკითხები, მაგრამ საუბრისას ათქმევინებ, რატომ ჩამოვიდა/რას გამოექცა, მარტო თუ ცხოვრობს და თუ უნდა დაბრუნება უკან, საქართველოში.

ჩემი სამივე კითხვა უპასუხო და პასუხიანი ასეთია:

  1. ვმუშაობ, კატო პატისიაზე, ბავშვთან, 4 წლის. +სახლსაც ვალაგებ შიგადაშიგ.
  2. ვცხოვრობ, აგიოს ნიკოლაოზე, „ლიდლის“ წინ.
  3. მე არ ვეწყობი, მაგრამ თვითონ შემეწყო რაღაცნაირად

ახლა მეორე კითხვებს თუ დასვამთ, გიპასუხებდით:

  1. ჩამოვედი, და თან გამოვექეცი გაბრაზებას, სიყვარულს რომელიც ერთ თვეში

სიძულვილად იქცა და სანამ დამეწეოდა, ახალ „წარმოსახულ სიყვარულს“ შევაფარე თავი. პირდაპირ რომ ვთქვა, შეყვარებულმა აი, ისეთმა, ხვალ თუ არა ზეგ რომ ცოლი გავხდებოდი გვერდზე გადამდო. ჰოდა, მეც მომიწია...

და მერე, აქ, ჩემი ნახვით გაოცებულ ბერძენ ბიჭს სულ არ გახსენებია, ძველი ისტორიების მოყოლა, უთქმელად აღმოვჩნდი აგია თეოდორას სასწაულმოქმედი ეკლესიის წინ, თეთრ კაბაში. არ გეცოდინებათ, ძველისძველი ეკლესიაა, ჩაფლული სიმწვანეში, ჩვიდმეტი ხე ჰყავს ნაშვილები, და ჩვიდმეტივე ხე თავის კედლებშია ამოზრდილი, მაგრამ მაინც თვითონ დგას და არ ინგრევა, არც იბზარება. სასწაულია მართლა ნამდვილი. აი, რას გაგახსენებდათ? მე? მე მაგალითად, 1490 წლის საქართველოს მახსენებს, თავისი შვილები ყველა მხრიდან რომ უტევენ და უნდათ რომ თავისკენ გაგლიჯონ. ეტყობა ეს ეკლესია უფრო ძლიერია, ხეებმა ვერაფერი უყვეს. ისევ დგას...მაგრამ საქართველოც ხომ დგას ჯერ კიდევ?!...

  1. იხ. პირველი პასუხი. მაგრამ არა, დავამატებდი, შვილიც მყავს, თეოდორა. ლამაზი გოგოა. ჩემზე ჭკვიანიც და ჰო, ბერძენი.
  2. არა, ან არ ვიცი... როგორ გითხრათ, ეს მოგზაურობაა, მრავალწლიანი, ბოლოს სად მივალ არ ვიცი. ან იქნებ ვიცი, როგორც კარგად დავიწყებული ძველი? მაგრამ ჯერ ვერ ვიხსენებ.

მოკლედ, ასეა ყველა. ეს ექვსი კითხვა ზოგს სახეზე აწერია, ზოგს გულის ჯიბით დააქვს.

ზოგს კითხვაც არ სჭირდება...

მე, ნატა, და ლალი დაქალები ვართ. ჩვენი შეკრება „ფრედო ესპრესოთი“ იწყება და „კირია“-ქალბატონების ბოლომდე გაშავებით მთავრდება. არ თქვა, ცოდვააო, ისიც ცოდვაა მარწყვს რომ რეცხავ და წინასწარ დათვლილია, ზედმეტს ვერ შეჭამ, ან კიდევ ის, შენი ყავა ჩანთით რომ დაგაქვს, შემთხვევით მათი არ დალიო, კიდევ რა გამახსენდეს, ჰო, თუნდაც, ის, დილით კაბას თუ ვერ იპოვის, შენ რომ უნდა მოუძებნო, ოთხი წლის ბავშვით ხელში, და ღუმელში შედგმული ქვაბის შიშით.

და ღმერთი ვერ ხედავს ამ ცოდვას? იქნებ ამ დროს თვალებს ხუჭავს, რომ თვითონაც არ დაინახოს ადამიანთა ნამდვილი სახე? იქნებ იქით ერიდება, ასეთი რომ გამოვიდა ბოლოს ადამიანი? როგორც ცუდი შვილის დედას, მაინც უყვარს და თან მაინც ერიდება...

ჩემი ქმარი. კონსტანტინოს რაპტისი. მე ქართულად კოსტას ვეძახი. ნამდვილი ბერძნული ნაკვთებით, სწორი ცხვირით და ოდნავ ხორბლისფერი კანით. ჰო, ვერაფერს იტყვი, სიმპატიური.

ჩემზე გიჟდება...

დაჯდება საღამოს, მომიმზადებს საოცარ სალათას, ბალზამიკოთი და ზეითუნის ზეთით შეაზავებს, დამსვამს,  და თმებზე მეფერება იქამდე, სანამ სალათის სურნელს ვეღარ გავუძლებ და არ მოვიცილებ თავიდან.

ასეთია, რაღაცნაირი. არც მამუშავებდა ,  მაგრამ...

 

 

ლალი

 

ჩემი წითელი კაბა მაცვია, ისეთი ამინდია, არც თბილა და არც ცივა. მაისს რომ უყვარს ეგეთი. მაგრამ უფრო ქართულ მაისს, აქ ასე არ იცის ხოლმე. მოკლედ, კარგი სასეირნო დღეა. გამოვედი დილიდანვე, ნაადრევად შვიდ საათზე წამოვფრინდი.

უფ, რა სუფთაა თავისუფლების დღის ჰაერიი!! გინდა რომ იყვირო, ან იმღერო ან რამე გრანდიოზული გააკეთო. ყველაზე გრანდიოზული ამ ქალაქში ერთი ადგილია რა, მთა არის ფაქტიურად, აი, მთაწმინდა რომ წარმოიდგინოთ ეგეთი. მთელი ქალაქი ჩანს „ჩიტის გადმოსაფრენიდან“. კვირას, საღამოს, ყველაზე ხშირად მანდ ვართ. მე, ნატა და ხატია.

-         ლალიკო, წავიდეთ? - თვალს ჩამიკრავს და მომიბრუნდება ნატა.

-         ლიკავიტოზე? - ვითომ ვერ გავიგე, ჯერ გავიკვირვებ, მერე ჩავფიქრდები, თუ გაუძლებს ჩემი მთელი კვირის დაღლილი ფეხები იმ აღმართზე ასვლას და ბოლოს, გადაწყვეტილებით გახარებული თავს ვაქნევ.

-         ჰო, აბა სად?

-         კაი, წავიდეთ. - სულ სხვაა თავისუფალი არჩევანით მონიჭებული დაღლა.

და ასე მივდივართ სამი გოგო, სამი სხვადასხვა ისტორია, უშველებელ აღმართზე,

თეთრი მთისკენ. ყველაზე ლამაზი ეს მთა აღდგომის ღამესაა. ორი წლისთავზე აქ ყოფნის, კვირას, აღდგომის ღამეს, ვხედავ მთიდან როგორ ჩამოდის ცეცხლი, თითქოს ვულკანია, ოღონდ ნელ-ნელა, ცეკვა-ცეკვით ჩამოყოლილი, დიდ ხანს ვუყურე, ეტყობა ხატიამ შემამჩნია და გაეცინა.

-         მაინც ვერ მიხვდი არა? - თან იღიმება, კი უხდება ღიმილი, მაგრამ მე მგონია თავი გამოცანაში, ვაი, და მართლა ვულკანია. ფოტოების მეტი სად მინახავს მაგის ამოფრქვევა, ვიცნობდი თუ?

-         ჰე, ახლა, იტყვი თუ ჩავალაგო ბარგი? - შევუბღვირე და თან შიშმაც გადამკრა.

-         როცა გეტყვი გაგიკვირდება, თან სასმიანოვნოდ. ხალხია რა, აღდგომის სანთლები უჭირავთ, იერუსალიმის ცეცხლი მიაქვთ სახლში. აქედან ისე ჩანს გეგონება ცეცხლი მოდის თვითონ.

-         მართლა?

-         ჰო, მართლა.

-         ანუ ისაა თუ მუჰამედი ვერ მივა მთასთან, მაშინ...

ამაზე ორივემ ვიცინით. მე მარჯვენა მხარეს ლოყა მეჭყლიტება და პატარა ფოსო მიჩნდება. აი, ისე როგორც ზღაპრებში პრინცესა გოგოებს.

ისეთი ლამაზი სანახაობა იყო, კიდევ ნახევარი საათი გავჩერდი და თვალი ვერ მოვწყვიტე ცეცხლის გველს, აღდგომის ცეკვას რომ ასრულებდა და თან ათასობით ადამიანი ამოერჩია მაყურებლად. ან, გეგონებოდა, თვითონ ათენა გამოეცხადა თავის ქალაქს, მეომრები შეკრიბა და ცეცხლით ხელში საბრძოლველად უშვებდა სპარსელებთან...

ასეთებიც ხდებოდა აქ. თან თუ ფანტაზიას გაშლიდი ქალაქი არ მოგაწყენდა. ალბათ, რა ლამაზია ტურისტის თვალით ეს მარმარილოს ცივი  და სრიალა კედლები, ან ეს ყვავილებიანი აივნებით სავსე ვიწრო ქუჩები, პლაკაზე, განსაკუთრებით ღამით, ხალხის ხმაურს შერეული, მზის სხივები ალმაცერად რომ ეფინება ფენა-ფენა, ჯავახეთის ვენახივით ტერასებად ჩალაგებულ კაფეებს...

 

 

ნატა

„გაზაფხულის საღამოა მშვიდი, ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი...“

 

-         თვე ოთხი კვირა დღისგან შედგება და ყველაზე კარგად ეს ჩვენ ვიცით. ასე არაა? –

თავმომწონედ დავსვი შეკითხვა და ჩამავალი მზის სხივისგან ოდნავ მოჭუტული თვალი შევანათე ხატიას.

-         ოჰ, აღმოჩენა გააკეთე პირდაპირ - არ შემარჩინა, მარტივი ჭეშმარიტების ბედნიერება დაქალმა და ლუკუმადესის ცხელ-ცხელი ბურთულა პირში ჩაიტენა.

-         ეგ კი არა ეს არის ნამდვილი ბედნიერება - ყბას არ აჩერებდა ხატია და ჩემს დიეტაზე ყოფნას მახსენებდა ირიბად.

-         ოჰ, ბედნიერება იპოვე ხო? რომ იცოდე,  ბედნიერებამდე კიდევ შორია - ვცადე კბენაზე კბენით მეპასუხა.

 

„სული საზღვარს გადასცდება ფრენით, ახლაც მახსოვს მისამართი შენი“...

 

-         შენა და, ხატ, რა მითხარი იცი? გახსოვს ის შენი ბიჭი სად ცხოვრობდა?

 

-         რომელი? - უსიამოვნებისგან სახე შეეცვალა ჩემს კითხვაზე ხატიას და თმის კულულის წვალება დაიწყო ნერვიულად.

 

-         აი, შენი შეყვარებულის, მერე რომ მიგატოვა... თუ როგორცაა..

 

-         ჰო, მაგას რა დამავიწყებს. - ხმაურში ჩაკარგული ხმით აღიარა ხატიამ, თან თმის ნერვული ტრიალი არ შეუწყვიტავს და არც თვალებში შემოუხედავს.

 

-         ანუ მართალი ყოფილაა. - ჩემთვის დავასკვენი.

 

-         მართალი რა ყოფილა?

 

-         არაფერი, ისე...

 

„ცამდე სწვდება ღამეების სიგრძე, რაღაც დიდი სიხარული ვიგრძენ“...

 

-         ერთხელ, ჩემს ფეისბუქს რომ „ვსქროლავდი“ შემთხვევით გადავედი მაგის პროფილზე რა, და რას წავაწყდი თუ იცი?

-         რას აბა?

-         მოკლედ, ზის „ის“, ხელში წიგნი უჭირავს, მეორე მხარს კიდევ ის გოგო მოუსვამს და უკითხავს რაღაცას. აი, ისე 80-იანი წლების ფილმების კადრებს რომ დებენ რა. თან წარწერა აქვს გაკეთებული: „ბედნიერებაა ერთად ყოფნის წუთის გაზიარება“.

-         მერე? საყვარელი ყოფილა თურმე.. - ვთქვი, და ენაზე ვიკბინე, მივხვდი როგორი მწარე სიმართლე დამცდა, რაც როგორც დაქალს, არაფრით მეპატიებოდა.

-         გოგო, მაგას ვამბობ ზუსტად. რამდენჯერ გვილაპარაკია მაგაზე, აი რამდენჯერ, და რას ამბობდა, იცი? სულ იცინოდა სხვებზე რა. აი, საერთო ფეისბუქს რომ აკეთებდნენ, მაგაზე ხო საერთოდ აჟრიალებდა. და ახლა, ზის და სხვების დასანახად წიგნებს უკითხავს. მძულს ეს სიყალბე რა...

სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, მომიბრუნდა:

-         მიდი, რა ერთი ფოტო გადამიღე, რომ არ ვიხედები ისეთი..

სიყალბის მოძულე გოგოსგან ცოტა უცნაური იყო, მაგრამ მარტო ხატია კი არა ყველა ჩვენ ვიყავით ასეთები. „ან რატომ ხედავ ბეწვს შენი ძმის თვალში, ხოლო შენსაში დირესაც ვერ ამჩნევ?“ ჩამესმა ეკლესიის ზარივით, ბავშვობაში გაგონილი და დაზეპირებული სიტყვები. ამ წუთში კი ყველაზე ნათლად ვიგრძენი, სინამდვილეში რას გულისხმობდნენ. არა, ხატიას კი არ ვაბრალებდი, მეც ზუსტად ასე ვიცოდი.

 

„წინ მეშლება მე ოცნების არე, მიწის ცქერით დაიღალა მთვარე.“

 

-         იმ დღეს, კიდევ, ბავშვისთვის  უნდა მეყიდა ფეხსაცმელები, სააღდგომოდ ვერაფერი გავუგზავნე და მეთქი ამ თვის ბოლოს მაინც გავატან და აგიოს ნიკალაოსზე რომ მეორადებია, იმას მივაკითხე.

-         მერე? - შემაწყვეტინა ნატამ.

-         გიყვები, დამაცადე. მოკლედ, ვათვალიერებ, და მაგათ ხო რამდენიმე რიგი აქვთ.

თან მარკებს ვამოწმებ, მეთქი ბარემ ვყიდულობ და კარგს ვუყიდი-მეთქი. უცებ ამ ფეხსაცმლის თაროებს შორის, ვარდისფერი ორიგინალი ადიდასების უკან ძალიან ნაცნობი სახე დავინახე, თან ისე ვიყურები რომ თვითონ არც ჩემი მზერა იცნოს და არც დამინახოს. მოკლედ, გოგოებო, თამუნას, შენს ბიძაშვილს რომ უყვარდა, ხო გახსოვთ? მაღალი, რაღაცნაირი ჩასხმული ბიჭი. ზუსტად ეგ იყო, თან ახალ გოგოსთან ერთად.

-         არ არსებობს, მაგას თამუნას ვერ ვეტყვი - თქვა ნატამ, და გაოცებისგან ტუჩზე იკბინა. - ხო არ გეშლება?

-         არა, ზუსტად მახსოვს, სახე, ნაკვთები, სიმაღლე - ყველაფერი ემთხვევა.

-         გაგიჟდება თამუნა, მაგას მგონი ახლაც უყვარს და არ იცის, რომ ის კარგად ერთობა ამ გოგოებში სიარულით აქეთ-იქით.

-         კარგი, რა, ხატია. არ იცის არა ... ყველამ ყველაფერი ვიცით, თან აქ როცა ჩამოდიხარ, ზუსტად ერთ თვეში ხვდები რა როგორაა. ნუ გიყვარს გამართლება.

-         სიყვარული დაგავიწყდა შენ ეტყობა რა არის - მიკბინა ისევ ხატიამ.

-         დამავიწყდა რა, არც ვიცი როდის მიყვარდა. და საერთოდ სიტყვები არ არის სიყვარული არც დღეს და არც არასდროს. ამიტომ რაც ნაკლებ შეგრძნებას დაარქმევ სიყვარულს უკეთესია. მე მაინც მგონია რომ სიყვარული საკუთარი თავის პოვნაა. და ერთ წუთში არ მთავრდება, სულ უნდა ეძებო და სულ უნდა განაახლო დეტალები...

 

”გაზაფხულის საღამოა მშვიდი,    ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.“

ხატია

ასე ვიცით ხოლმე კვირა დღეს. გამოვალთ, დავსხდებით, დილიდან საღამომდე უაზრო ამბებზე ვლაპარაკობთ და ოცდაოთხი საათით ვივიწყებთ სინამდვილეს. მე კიდევ რა, ბევრად უკეთესად ვარ. აი, ლალის, მაგალითად, რამდენჯერ უთქვამს, ციხეში არ ვყოფილვარ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რას განიცდის პატიმარი საკანში ჯდომისასო.

ახალი რომ ვიყავი და უენო, ერთ ოჯახში მიმიყვანეს, მაშინ ჯერ კოსტასაც არ ვიცნობდი, წასასვლელიც არსად მქონდა და ვალის ვალზე დადებას მერჩივნა რამე მქონოდა.

ისე როგორ ვთქვა, აი ლოტოს თამაშს გავს კარგი დიასახლისის შეხვედრა. ჩვენ რომ კირიას ვეძახით იმაზე ვამბობ. გაგიმართლებს და შეიძლება საშობაოდ საჩუქრებიც კი მიიღო, თუ არადა, შიმშილითაც შეიძლება კუჭი გაგიხმეს.

მერე ალაპარაკე რა ესენი, ბედი არ არსებობსო. როგორ არ არსებობს? განა მე ავირჩიე კეთილი კირია? შემხვდა რა. ჰო, გამიმართლა... ან პირიქით, მინდოდა ალქაჯების ოჯახში მოხვედრა? მაგრამ ეგეც ეგრეა..

მოკლედ, პირველი ექვსი თვე გრაფიოში, ქართულად მგონი ოფისია, ვიარე, იქნებ ჩემი შესაფერისი რამე მიპოვოთ-მეთქი. წუწუნით გამიშვეს.. ათენში არაფერი იყო და პატრაში გადავცხოვრდი. პატარა ქალაქია, ზღვის სუნი და თეთრი სახლები სავიზიტო ბარათად ქცეულა.

მივედი. უშველებელი ეზო დამხვდა, დიდი, დაბურული ღობით, კარებიდანვე ვიგრძენი, რამდენი შრომა სჭირდებოდა მარტო ამხელა ეზოს დალაგებას. აი, დარწმუნებული ვარ სახლის პატრონს ეს აზრი არასდროს გაუვლია თავში... მე კიდევ ერთი შეხედვით გადავთვალე მარმარილოს კიბეები, პირველ სართულს რომ აკავშირებდა მეორესთან, და წარმოვიდგინე ჩემი თავი, სპეციალურ ფორმაში ჩაცმული, ექვსი სავსე ფორთოხლის ჭიქით, როგორ ვცდილობ კიბეებზე ჩამოღოღიალებას, თან ღიმილიც აუცილებელია და ჭიქის შემთხვევით დაღვრა არც განიხილება.

მეგონა იმდღეს ემოციებისგან მეორე სამყაროში მიმიღებდნენ უთქმელად. ასე არ მოხდა, და კიდევ ერთი წელი ვიმუშავე ამ მინის დარბაზებიან ოთახებში.

-         მონა ვარ? - ვკითხე ერთხელ ჩემს თავს...

პასუხი არ მქონდა. ავდექი და წამოვედი... წერილი დავტოვე, ლათინური ასოებით და ბერძნული სიტყვებით სავსე წერილი.

...

 

-         უკვე თითქმის რვა საათია, არ წავიდეთ? - გამომაფხიზლა ნატას ჭრიჭინის ხმის მსგავსმა ბგერებმა და შემახსენა დღის გეგმა.

-         „ნიკალაში“ არ მივდივართ? - შევუბრუნე კითხვა

-         კი

-         მანდ ცხრის ნახევარზე იწყება

-         ფეხით გავდივართ, და კი გვინდა ნახევარი საათი

სამი ქალი, სამი ისტორიით უკვე მერამდენედ მივდიოდით პატარა საქართველოში... ჩვენი ქართველების გარდა ქართულ რესტორანში იშვიათად თუ ვინმე შემოიხედავდა. ეტყობა, როგორც ჩვენ არ ვწყალობთ იქ, საქართველოში ახალგახსნილ არაბულ რესტორნებს, ბერძნების თვალში ჩვენც იგივე ფასი გვქონდა. მეტისმეტად აზიური სურნელი დაჰკრავდა ჩვენს გემოვნებას.

კუთხის მაგიდა ამოერჩიათ. გარემო ნამდვილად საქართველოს რესტორანს მოგაგონებდათ, თავისი ქალაქური სიმღერების კრებულით და ხინკლის ორთქლს შერეული მწვადის სურნელით.

თამუნა ერთი ორად გალამაზებული მეჩვენა. როგორც იქნა, თმებისთვის მიეხედა, გაესწორებინა, და საგულდაგულოდ კეფაზე კოსად დაემაგრებინა.  როცა ყველამ სავალდებულო მისალოცი ტექსტი წარმოვთქვით, წამებში მაგიდასთან აღმოვჩნდით.

ნაცნობ სახეებს შორის მაინც იყო ერთი, რომელიც მანამდე არ მენახა, მაგრამ განცდას მიტოვებდა რომ დიდი ხნის უნახავ ნაცნობს შევხვდი. ასეთ ბანალურობას ემატებოდა, ეს სიმწვანეში ჩაძირული თვალები, რომლებიც საოცრად ანათებდნენ ჭაობისფერი ბრეტელებიანი მაისურის ფონზე. არც ღიმილი ეხატებოდა სახეზე და არც სევდა. სადღაც რეალობასა და სინამდვილეს შორის იყო თვითონაც თითქოს გაჩერებული. გაურკვევლობა მძულდა ისედაც, და ისე რა გამაჩერებდა, რომ არ გამომერკვია ვინ იჯდა ჩვენს მაგიდასთან ისე რომ არც ერთი ჩვენგანს წარმოდგენა არ ჰქონდა ვინ იყო.

-         თამო, ახალი სტუმარი გვყავს და არ გვაცნობ? - მივუბრუნდი იუბილარს და სანამ, კითხვას დასვამდა თვალებით მოპირდაპირე მხარს მჯდომ გოგონაზე ვანიშნე.

-         რა სულელი ვარ. არ გაგაცანით ხომ? - დაიწყო თავის მართლება თამუნამ, და ერთი თუ უკვე ორი ჭიქა ღვინისგან შევარდისფერებული ლოყები კიდევ უფრო გაუმუქდა. - ეს კატერინაა, ყველაზე კეთილი გოგო მთელს ათენში.

თამუნამ ისე ხმამაღლა თქვა ბოლო წინადადება, მუსიკოსებმაც კი ჩვენკენ

გამოიხედეს, ყველაზე კეთილი გოგოს დანახვის სურვილით.

-         მაგას რა სჯობს, კეთილი ხალხი უნდა ვიცნობდეთ ერთმანეთს - არ დააგდო ტემპი ჩემმა ეგოისტმა დაქალმა და ფართო ღიმილით, უკვე ზედმიწევნით გათეთრებული კბილები დაანახა ახალგაცნობილს.

-         სასიამოვნოა - ეს ერთი სიტყვა თქვა კატერინამ. არც მორცხვად და არც თამამად.

სულ ხუთი წუთი იყო რაც ვიცნობდი, მაგრამ შემეძლო მეთქვა რომ გამოხატულად თავის ხასიათს ჯერ არ ამჟღავნებდა კატერინა. ან ძალიან ბევრი იცოდა, და სიტუაციას აკვირდებოდა, ან კიდევ, მთლად სულელი იყო და ლაპარაკი ეზარებოდა.

 

ათენი დიდი ქალაქია, თბილისზე ალბათ ექვსჯერ ან შვიდჯერ დიდი, უკვე მეათე წელი იწყებოდა რაც აქ ვცხოვრობდი, დაქალების უხუცესი ვიყავი და ქართველი არ იყო, რომ არ მეცნო შორიდან მაინც, სახეზე, ან ნაცნობის ნაცნობი არ აღმოჩენილიყო. ახლა, ამ ახლადგამომცხვარ კატერინას ვერ დავანგრევინებდი ჩემს ქვიშის სასახლის მსგავს წარმატების შკალას. და თუ სხვები არ მაცნობდნენ, მე თვითონ გავიცნობდი. ასეთია წესები...

ტორტი და სანთლები, ვიდეო ზარი საქართველოდან, და ბავშვის თვალწინ ჩამქრალი სანთლები... ყველაფერი რომ დასრულდა და ნამდვილი თვისუფლების დღე დადგა. ჩემდა უნებურად კატერინას გვერდით აღმოვჩნდი. უნდა ითქვას, რომ ამ ხნის მანძილზე დიდად არც გართობის სურვილი გამოუხატავს, და არც განდაგანაზე დაუწყია მხრების თამაში.

-         წამო, გარეთ, მოვწიოთ. არ გინდა? - ყურთან ჩავძახე და წარბებით გასასვლელისკენ მივანიშნე.

-         ზოგადად, იშვიათად ვეწევი, მაგრამ გამოვალ მაინც. - მითხრა, და როგორც პატარა მაგრამ თავდაჯერებულმა გოგოებმა იციან, სიამოვნებისგან ტაში შემოჰკრა.

გარეთ შედარებით ციოდა, ჩვენ ორნი აივნის კუთხეში მობეზრებულ ხმაურს გამოქცეულ წყვილს ვგავდით. სრულიად უცხოებს, წინ საუბრების გრძელი გზა გველოდა ერთმანეთის ბოლომდე ამოსაცნობად.

ნატა

„ყველა მოკლე და ქერა თმის ნახვით

გამახსენდება თმები შოლტები.“

 

ჩვენი ახალი ნაცნობის დანახვისთანავე გამიელვა ლექსის სტრიქონებმა და ჩვეულად დავიწყე ცხოვრების ამ მომენტის ლექსად აწყობა... ხო, ზუსტად ასე ხდება, გავაიდიალებთ ერთი ადამიანის თვისებას, ავიყვანთ კვარცხლბეკზე და მერე თუ იგივე სხვასთანაც აღმოვაჩინეთ, მთელი სიცხადით გვახსენდება წარსულის მომენტები. ჰოდა იქნებ ასეცაა, ადამიანი კი არა, ერთად გატარებული მომენტები გვენატრება... იმ წუთებში განცდილი ბედნიერება...

„როგორ არ მინდა, როგორ არ მინდა,

მაინც მივდივარ, მაინც გშორდები.“

ზუსტად იმავეს ვგრძნობდი, როდესაც საბოლოოდ გადავწყვიტე და საკუთარ გონებას დავაძალე კადრად აღებეჭდა ჩემი ბიჭუნას ტირილისგან დასიებული თვალები... იქნებ ამ ლექსში უფრო სატრფოს მისტიროდნენ, მაგრამ რაღაც ეტაპზე სიყვარულის სახეები ერთიანდება.. ალბათ, ამიტომაა შევხვდებით სულ უცნობ ადამიანს და თავს ისე ვგრძნობთ თითქოს სახლში ვართ, თითქოს ეს-ესაა შემოვაღეთ ჩვენი ბავშვობის ოთახის კარები, სადაც გველოდებოდნენ ... ნაპოვნი სიყვარული კი, პირველივე წუთიადან გაჩენილს გაუსწორდება ხოლმე...

კატერინას, მოკლე თმები, ნიავში ირხეოდა, და ჩემი ვარსკვლავთბიჭუნას უმანკო სახეს ილუზიას ქმნიდა.

„ასე თიშავდნენ ძველი ზღაპრები

ასფურცელას და ოქროსთმებიანს,

ქარმა დაგლიჯა ყველა აფრები

და შენზე დარდში დამთენებია.“

 

ქარი, დღესაც გლეჯდა ჩემს დანატოვარ დედობრივი გრძნობით ნაქსოვ ობობის ქსელებს, შორეულ სამშობლოში... გლეჯდა და თან მიჰქონდა  საწოლის კიდეზე მოყოლილი ყველა ამბავი, ყველა სიმღერა, რომელიც „იავნანაზე“ ნაკლები არ იყო... და მერე, თითოეული ზარით თავად ვცდილობდი, ორი ზღვის გადაღმა, წვრილი ძაფები გამება მედგრად... მესწავლა წყალზე სიტყვის დაჭერა, დარდებთან ერთად ამეგო გემები, და მეზღვაურებად მექცია სიტყვები...

-         ნატა, სასიამოვნოა - თითქმის ჩაილაპარაკა მოკლეთმიანმა გოგომ და თვალები

ჩამალა...

-         ასე მგონია გიცნობ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არასდროს შევხვედრივართ.

საერთოდ, მე მემართება, უცნაურობები... და შენ წარმოიდგინე წინა ცხოვრებისაც მჯერა. სამყარო ყოველთვის აბრუნებს ვალს... როგორც ლანისტერები ჩემი საყვარელი სერიალიდან.

-         „მგზავრი ვარ, შენზე ფიქრებს ვუნდები

და აჩრდილებთან თამაშს უვნებელს.

მე დავბრუნდები, ჰო, დავბრუნდები,

მე თქვენი თმები დამაბრუნებენ.“

-          გიყვარს მირზა? - ჩავეკითხე ახალგაცნობილს.

-         კი, თან როგორ. - ჩაეღიმა...

-         შენს თავს მახსენებს, ალუზიურად... უცნაურია, შეიძლება შენთვის მაგრამ ჩემს გონებაში, ლექსები პიროვნებებად იქცევა... და რამდენი ხანია, ამ ლექსს სახე ვერ მივეცი, დაგინახე დღეს და...

-         საინტერესოა...

 

კატერინა

ამ ოთხი წლის მანძილზე პირველად მომინდა საკუთარი ამბის მოყოლა. ყველაფერი კი კვირის რეპოს დამსახურება იყო. თამუნას დავუჯერე, ჩემთან ერთად მუშაობდა, საერთო ქალბატონი გვყავდა. დაბადების დღეზე აუცილებლად უნდა მოვსულიყავი, თავს დავალებულად ვგრძნობდი, რამდენჯერ ყოფილა, ზოგჯერ უმიზეზო სევდა შემომიტევდა, ან კიდევ ზამთარში, აივნის ცივი წყლით რეცხვისას, მეორე დღეს სიცხიანს ფეხი რომ ვერ წამომიდგამს საწოლიდან, ყოველ ჯერზე წინ გადამიდგებოდა, როგორც ბაღის ბავშვებს იცავენ დედები მეორე მშობლის წინაშე, ასე, გაჩერდებოდა, თვალებს ფართოდ გაახელდა და ჩვენს კირიას, გონებაში უკვე ბარგი რომ ჩაელაგებინა ჩემთვის და ახალ მოსამსახურეს ეძებდა, მიუბრუნდებოდა:

-         ქალბატონო, თქვენ ავად ყოფილხართ?

-         არის ვინმე ავად რომ არ ყოფილიყოს? მაგრამ ეგ არაფერს ნიშნავს...

-         ჰო, რა თქმა უნდა, არაფერს ნიშნავს.

-         მეც ზუსტად ამას ვამბობ. -  კმაყოფილმა, რომ სიტყვაში მოუგო ჩემს მეგობარს, ისევ ამრეზილად გადმოხედავდა ჩემს სიცხისგან გაფართოებულ თვალებს.

-         გეთანხმებით, მაგრამ თქვენ გავიწყდებათ. ხანდახან, საქმეზე წინ ადამიანები დგებიან. თავისი სისუსტეებით სავსე, ადამიანები. და კიდევ უფრო იშვიათად ისე ხდება, რომ საკუთარ პრინციპებს გვერდზე გადავდებთ, ზუსტად ისე როგორც მე და კატერინამ... თორემ, ჩვენს ქვეყანაში ქალებს აღმერთებენ, დედების სადღეგრძელოს დიდი თასით სვამენ და ყოველ ნაბიჯში ქანდაკებებს უგებენ. დღეს კიდევ აქ ვდგავართ, მხოლოდ ამ „სიტყვით დიდების“ გამო. მაგრამ ჩვენს უკან უფრო შთამბეჭდავი ისტორიაა, ვიდრე თქვენ ახლა ხედავთ...

ამდენი ინფორმაციის ქარიშხალს ვეღარ უძლებდა ჩვენი ქალბატონი და უკვე დაღლილი თანხმდებოდა რამდენიმე საათი გამეტარებინა საწოლში, ჩემი შემცვლელი კი ჩემს საქმესაც შეითავსებდა. შეიძლება ასეთი სიკეთის დავიწყება?

ამიტომ, წამოვედი... ქართული დაბადების დღე ყველა დეტალით აქაც იგივე იყო. უცხო მიწას შემოფარებული გოგოები, სიცილის ნიღბებს სწრაფ-სწრაფად იცვლიდნენ და ერთ ემოციას მეორეთი ანაცვლებდნენ. ცდილობდნენ ის შეგრძნებები რომელიც „ნამდვილ ცხოვრებას“ ახსენებდათ, რაც შეიძლება ღრმად ჩაემალათ საკუთარ სულში.

ზოგი ლამაზი იყო, მაგრამ სხეული სიმძიმეების თრევისგან კითხვის ნიშანს დამსგავსებოდა და კარგად შერჩეული სარაფნის ფორმაც ბოლომდე ვერ ფარავდა ნაკლს. ზოგი ჩვეულებრივი, მოსაწყენი ლაპარაკის უკან, რაღაც საინტერესოს მალავდა, ქართული იერიც შემორჩენოდა, ყველა სახეში რომ გამოარჩევდი და სუბიექტურად, მეგონა კიდევაც დიდხანს დაგამახსოვრდებოდა. იყვნენ ისეთებიც არც იქ და არც აქ რომ არ აღფრთოვანდებოდი, მაგრამ რადგან „შენი“ ჰქონდა რაღაც, ანგარიშს უწევდი...

-         სასიამოვნოა. - კიდევ ერთი, სრულიად ახალი სამეგობრო გავიცანი და გადავწყვიტე, თავი რაც შეიძლება ნეიტრალურად დამეჭირა, სანამ არ გავარკვევდი ერთმანეთთან რა კავშირები ჰქონდათ, სინამდვილეში ვინ რას ფიქრობდა მეორეზე...

როდიდან გახდი ასეთი ფრთხილი, კატერინა? შევეკითხე საკუთარ თავს და მე

თვითონ ვიგრძენი როგორ შემეცვალა სახის ფერი, აღმოჩენისგან. როგორ გავზრდილვარ ამ წლებში. აი, კიდევ ერთი აღმოჩენა, თუ გინდა.

მოქარგული გადასაფარებლის ფონზე, იშლებოდა მოზაიკის მსგავსი სუფრა, ერთმანეთზე კერძები ფენებად ეწყობოდა მასპინძლის გულუხვობის ნიშნად. თუნდაც, ბოლოს, ნახევარზე მეტი ხელუხლებლად დარჩენილიყო, მაგიდაზე ტერასები აუცილებელი ტრადიცია გახლდათ. მთლიანობაში მოზაიკით საქართველო დგებოდა, არც სიტყვები იყო, არც ნახატები, მაგრამ თუ გინდოდა, აუცილებლად დაინახავდი.

ასე იყო თუ ისე, ჭამას უკვე გადაჩვეული ვიყავი და არც მაინდამაინც ხელების გაშლა მინდოდა. პირიქით, ვინმე თუ დასვენების და ფიქრის საშუალებას მომცემდა მადლობასაც ვეტყოდი.

მეც არ მახსოვს როგორ, უცბად აივანზე აღმოვჩნდი, ახალგაცნობილ ხატიასთან ერთად, რომელიც სიგარეტს მალ-მალე უკიდებდა და უფრო სწრაფად აქრობდა, აი, ისე თითქოს გარბოდა, და სანამ მოეწეოდნენ, ჩანაცვლებას აკეთებდა.

-         დიდი ხანია აქეთ ხარ? - მკითხა ხატიამ, და სიგარეტის ბოლოს გააყოლა თვალი.

-         ოთხი წელია, უკვე, ოთხი.

-         ოთხი? - გაიკვირვა ჩემმა თანამოსაუბრემ და წარბები წინ ჩამოშლილ „ჩოლკაში“ დამალა - საოცრებაა პირდაპირ, ოთხი წელია აქ ხარ და დღეს პირველად გაგიცანით.

-         ჰო, ასეა, მაგრამ ჩემზე უკეთ გეცოდინება, უკვე ისეა საქმე, ქვა რომ ააგდო ათენში, ქართველს მოხვდება.

ამაზე ორივეს ერთად გაგვეცინა და ორივემ ერთად ვიგრძენით რაღაც საერთო, ისეთი

თითქოს ერთი საათის ნაცნობები კი არა, მთელი ცხოვრების მეგობრები ვყოფილიყავით.

-         მე უკვე მეათე გაზაფხულს ვხვდები ათენში - მხატვრულად სცადა ამბის დაწყება ხატიამ და თავისდაუნებურად თვალებში ცრემლები გაუკრთა. ისეთი ცრემლები, ყველა რომ ვერ დაინახავდა, მაგრამ გამოცდილ თვალს შეეძლო თავისუფლად ამოეცნო ნოსტალგიური ცრემლი.

ამბის მოყოლა რომ დაასრულა, უკვე მეორე ხელსახოცს ვაწვდიდი. ეტყობა მაინც ისევ

ის სიყვარული ენატრებოდა, თვრამეტი წლისამ რომ დატოვა ქართულ მიწაზე. ეტყობა, მიწაც ენატრებოდა..

ასეთი გულწრფელობა, უკვალოდ არ რჩება და მსხვერპლს შენგანაც  მოითხოვს. თან პრინციპში, ეს მსხვერპლი ნაკლებად იყო, ჩემი სურვილით დავიწყე... ერთი კითხვაც არ ყოფილა, არც განსაკუთრებული ინტერესი, უფრო გამაღიზიანებელი ვიდრე გულწრფელი.

-         ჰო, მე როგორც გითხარი უკვე მეოთხე წელია ათენში ვარ. ეს ოთხი წელი ხანდახან

ისე გაწელილი მეჩვენება, ხანდახან კიდევ, პირიქით, ჩემი შვილის, სანდროს ფოტოებს რომ შევხედავ, მგონია წამებში გაფრენილა. დაახლოებით ცაზე აბრდღვიალებულ ვარკვლავებს ჰგავს, ზაფხულის ღამეს, სოფელში გახიზნული აწევ თავს და დაგჩერებია ათასი თვალი და ათასი ყური. შენ მაინც გეჩვენება, რომ სულ პაწაწინები არიან, ხელისგულზეც დაისვამ და იქნებ შენ ამბებსაც მოუყვები, ამ პატარა ეშმაკუნებს. მაგრამ, სინამდვილეში? ხომ გვასწავლიან მზეზე დიდია ყველა ეგ პაწაწინა ვარსკვლავი და მაინდამაინც თავს ნუ გამოიდებთ ხელში აყვანის მცდელობებითო.

სანდროც ვარკვლავია ჩემთვის, შორს თავისთვის მანათობელი ვარსკვლავი, და ახლოს ჯერჯერობით, მე თვითონ ვერ მივდივარ. იქნებ იმაზე ღრმა და დიდია ვიდრე აქედან ჩანს? მარტო ასტროლოგებივით შემიძლია, შორიდან ვუყურო და ჩემი დასკვნები გავაკეთო.

ოთხი წლის იყო როცა წამოვედი. მახსოვს ყველა წუთი და ყველა ნაკვთი მის სახეზე. არც პირველ დღეს წავსულვართ სკოლაში ერთად, ვერც კითხვა ვერ ვასწავლე და პირველი, სოფლის ორღობესავით გადახრილი, ასოებისთვისაც ვერ მივეცი შენიშვნა.

ამ ფრაზაზე მე თვითონ გამეცინა და ახალშეამხანაგებული ხატიაც ავიყოლიე.

-         რაც მთავარია, ახლა კარგად გყავს და შენც კარგად ხარ - დამშვიდება სცადა ხატიამ.

-         ვითომ ეგ არის მთავარი? - კითხვა შევუბრუნე და პასუხს არ დავლოდებივარ ისე

გავაგრძელე დაწყებული ამბის მოყოლა. რატომღაც ვიფიქრე, რომ ეს ზუსტად ის წამი იყო რომელიც უნდა გამომეყენებინა, უნდა მომეყოლა ყველაფერი რაც ამ ოთხი წლის მანძილზე დამიგროვდა, თუნდაც სულ უცნობი ადამიანისთვის.

რამდენადაც სასაცილოდ უნდა ჟღერდეს, ხანდახან ყველას ჰქონია ასეთი მომენტი, უცხო ადამიანთან უფრო კარგად ყვები გულის სიღრმეში რაც გაწუხებს, ვიდრე საუკეთესო მეგობართან. იქნებ იმიტომ რომ იცი, წინ არ დაგახვედრებს წარსულს, აკი მაშინ ასე ამბობდიო? ან იქნებ იმიტომ, რომ ნაკლებად გრცხვენია საკუთარი მწარე გამოცდილების? საუკეთესო მეგობრებთან ყველაფრის მოყოლა და მათი გულის სიღრმეში გაფიქრებული, - საწყალი, როგორ უწვალიაო - ყველაზე ნაკლებად გჭირდება ამ მომენტში.

მარტო ის გაგიგებს, ვისაც მეტ-ნაკლებად იგივე განუცდია, და იცის საერთოდ რაზე ლაპარაკობ. ჩემს თანამოსაუბრეს კიდევ ერთი პლუსი ჰქონდა, კითხვებს მალ-მალე არ სვამდა, ცუდი ფსიქოლოგივით, და მაქსიმალურად მაძლევდა საშუალებას საკუთარი თავი გამომეხატა. მერე რომ დავფიქრდი, მემგონი ოდესღაც ხატიაც ჩემნაირად განიცდიდა, ემოციებს, რომელიც რეზერვუარში დაგროვებული წყალივით, შიგნიდან გაწუხებს და გამოსვლის საშუალებას ეძებს.

...

ავტობუსი გასცდა, დროისგან ფერდაკარგულ აბრას „საქართველო“ და ცხოვრებაში პირველად ოდესღაც ქართულ, მაგრამ ახლა უკვე აღიარებულად, მეზობლის მიწაზე დავადგით ფეხი. მე, როგორც ბავშვობიდან პოეზიის მოყვარულს, უცებ ტაეპებად გამიცოცხლდა თვალწინ ბაბუას ზმანება და სულ რამდენიმე სტროფში ამიწრიალა მთელი სული და გონება:

 

„ ერთი მითხარ ქვეყანაზე,

რატომ გაჩნდი, რისთვის?

მშობლიური შენი მიწის

თუ არ ზიდე ტვირთი,

თუ ზღუდე არ გაუმაგრე

სისხლითა და კირქვით,

არ გვიშველის მხოლოდ ლოცვა,

დამხობილებს პირქვე.

ისტორიას თავისი აქვს,

კანონი და მსჯავრი,

ერთს თუ გმირად გადააქცევს,

სხვას გულს უვსებს ჯავრით,

რა კაცი ხარ, თუ არ გტანჯავს,

ფიქრი მონაჯარი,

გოლგოთაზე ვინ წაიღოს

შენი წილი ჯვარი?“[2]

 

ზმანებას გავდა ეს სიტყვებიც და სიცხადის შეგრძნებას ნამდვილად დავკარგავდი, ჩემს თანამგზავრას მაგრად რომ არ მოერტყა იდაყვი და არ ენიშნებინა, შესვენების დროა და გამოვიყენოთო. დაიძრა თუ არა ავტობუსი, კიდევ უფრო უცნაური მეჩვენა ჩემი ძველი მეგობარი.

ჯერ იყო და სანდროსთან არ მაცადა დამშვიდობება, და სასწრაფოდ გამამწესა მეხუთე რიგში, ფანჯარასთან. მერე კიდევ,  გზაში მომინდა გამეზიარებინა ჩემი განცდები, მინდოდა ამომეთქვა რასაც ვგრძნობდი და საპასუხო გრძნობები მიმეღო უკან. ამაზე მთლად არაადექვატური სახე მიიღო და მარტო ერთი წინადადება მომაძახა: „გავუძლებთ, სხვა რა გზაა“. გავიფიქრე, ეტყობა ეს ასე ებრძვის მობჯენილ სევდას-მეთქი და მეტად აღარც შემიწუხებია.

თითქმის ორი დღის სიარულის შემდეგ გავჩერდით. სტამბულში ვართო შესძახეს აქეთ-იქით გოგოებმა. ძველ, ყდაშემოფატრულ აბრიდან ლათინური ასოებით გვაუწყებდნენ რომ აქსარაის ავტოსადგომში ჩამოვედით.

-         აქ რა გვინდა? - შევეკითხე ნონას და შიშისგან გული ამიწრიალდა.

-         ეკა, რაებს მეკითხები, შენ კიდევ? არ იცი, რომ ავტობუსით ვერ მივალთ ათენში? - ამაზე ზღაპრის ბოროტი გმირივით ჩაეღიმა ნონას, და თავი გადაიქნია.

-         ანუ, აქედან რას მივყვებით?

-         ჯერ ვნახოთ. გემი თუ გადის ამაღამ გავყვეთ.

უკვე პირველივე წამიდან მივხვდი, თუ სადმე ჯოჯოხეთის კარიბჭე არსებობდა,

პირველი გაჩერება აქსარაის ავტოსადგურზე უნდა ჰქონოდა. მოსაღამოვებული იყო, მაგრამ ხალხი მაინც ერთმანეთში ირეოდა, აქეთ-იქიდან ყველა ენაზე ისმოდა ლაპარაკი, ჩაიხანებიდან თურქი კაცების გაბრაზებამდე მისული ყვირილი გაფრთხობდა, ტვირთისგან დაღლილ მოხრილ სხეულებს ახალგაზრდა ჯან-ღონით სავსე სხეულები ცვლიდა. ლამაზსაც ნახავდი და მახინჯსაც,.. ყველა სადღაც გარბოდა, რაღაცას ეძებდა..

პირველ წუთებში არეულობის შოკი მჭირდა და დეტალების გარჩევა მიჭირდა, რამდენიმე ხანში, ალღო ავუღე სიტუაციას,  და ისიც კარგად გავარჩიე, რომ ახალჩამომდგარ ავტობუსებს თავისი მუშტარი ჰყავდა, რომელიც შენს ერთ ჩაფიქრებას, ერთ წაყოყმანებას ელოდა, რომ ბარგთან ან ცოტაოდენ დანაზოგთან ერთად დახლების სიბინძურეში გაუჩინარებულიყო. ალბათ, ასეთი იყო ერთ დროს მონათა ბაზარიც... გავიფიქრე ჩემთვის და ჩემივე ფიქრმა დამთრგუნა.

-         დამეხმარეთ - მკრთალად გავიგონე მშობლიური სიტყვები და იმწამსვე, ჩემს უკან

მოხუცი დაღლილობისა თუ ემოციებისგან ჩაიკეცა. ყურადღება არავის მიუქცევია, ეტყობა ქართული ხმის გაგონებაზე, ან ახალი რომ ვიყავი, ან არ ვიცი კიდევ რატომ, გულზე მომხვდა მისი ძახილი, მივვარდი და სასწრაფოდ წყალი შევაპკურე ობობის ქსელივით დანაოჭებულ სახეზე. სანამ ჩანთაში შავი დღისთვის წამოღებულ კაპლის წვეთებს მოვძებნიდი, ნონამ მხარში მტაცა ხელი:

-         ეკა, ახლა კარგად მომისმინე, აქ  ყველა  ჩვენი მტერია, თვალი ჩვენზე უჭირავთ

ვერ ატყობ, აი, იქ, მარჯვნივ, კუთხეში ბიჭი ზის, როგორც კი მანდ გაივლი, წამში ამოგაცლის საფულეს , აი, მეორე მხარეს, დახლის ბოლოში ქალბატონი რომ წამოსკუპებულა და ვითომ ღამის გასათევს გპირდება,  მეორე სართულზე მცხოვრებ იმ ულვაშიან კაცთან არის შეკრული. როგორც კი ოთახში აღმოჩნდები ჩათვალე რომ სტამბოლის ბაზარი მონაგონი იქნება. სად და ვისთან გაგამწესებს აზრზე ვერ მოხვალ. ჰოდა, მოდი, შენი სიკეთე გვერდზე გადადე და სანამ დრო გვაქვს აქედან გასვლაში მომეხმარე.

ნონას ნათქვამმა ყინულიანი წყლის ეფექტი გამოავლინა და გული გამიმაგრა. ორი

მძიმე ჩანთით ხელში წამოვედით, ნაცნობი გადამყიდველისგან გემის ბილეთები უნდა გვეშოვა. სანამ გაჩერებას გავცდებოდი კიდევ ერთხელ მოვაბრუნე თავი, იქ, სადაც რამდენიმე წუთის წინ მოხუცი ბებო ჩაიკეცა, მაგრამ საოცრება თუ გინდა, საპნის ბუშტივით გამქრალიყო, ძალიან კი დამაინტერესდა სად გაქრა ასე, მაგრამ ამის დრო უკვე აღარ მქონდა. საკუთარ თავზე უნდა მეფიქრა.

საერთოდ, ეს ადგილი ეგოიზმის საუკეთესო მაგალითად ჩაიბეჭდა ჩემს გონებაში. და შენც ახალმისულსაც, ამ წესებით უნდა გეთამაშა. - მე, მე, და ისევ და ისევ, მე - მხოლოდ ეს პრინციპი მუშაობდა. თუ გინდოდა მიიღებდი, თუ არადა, სხვის მე-ს მსახურად ყოფნით ბევრს გაახარებდი.

როგორც იქნა ცოტათი მოვშორდით ავტოსადგურს და მაშინვე მივხვდი, იმდენად დავიტვირთე ამ ნახევარ საათში ემოციებით, საკუთარ შვილზე ფიქრიც გადაფარა და სინანულის ერთწუთიანი მომენტი დამიდგა.

ზუსტად ოცწუთიანი, ბარგაკიდებული სიარულის მერე, ერთ ოფისის მსგავს ოთახს მივადექით. მინებიანი კედლების სიბინძურე გარედანვე იგრძნობოდა, ჭუჭყისა და მოუვლელობისგან გაშავებული ფანჯრის რაფები, შორიდანვე აფრთხილებდა მიმსვლელს, აქედანვე იცოდეთ, შიგნით რა მოგელისო.

ოთახი სულ ოცი კვადრატი თუ იქნებოდა, ეტყობოდა ოდესღაც თეთრად შეეფერადებინათ, მაგრამ სიძველისგან თეთრი ახლა უფრო მურისფერს წააგავდა. უფრო მეტ ინტერესს, მარჯვენა კუთხეში კუსტარულად მოწყობილი პირსაბანი, და ნიჟარაში ჩატოვებული ყავის ჭიქები იწვევდა. მარცხენა მხრიდან ოთახს, პატარა კარი ჰყოფდა, თუ სუნის მიხედვით ვიმსჯელებდით, არქიტექტორს ყველანაირი ადამიანური მოთხოვნილება ბოლომდე გაეთვალისწინებინა, და ადგილიც სათანადოდ გამოეყო.

-         გამარჯობა - ქართული სალმით შევიდა ნონა და კარებში გაჩერდა.

ოთახში, ერთ ფეხმოტეხილ მაგიდას კაცი და სამი ქალი მისჯდომოდნენ. კაცი ცალთვალა იყო, გოლიათის აღნაგობა ჰქონდა, მალ-მალე სუნთქავდა, და ოთახში ტემპერატურას კიდე უფრო უმატებდა. ოთხივენი პირში სიგარეტგაჩრილები, მეტისმეტი კვამლისგან შემომსვლელებს ძნელად თუ გაარჩევნდნენ, მაგრამ ქართული სალმის გაგონებისთანავე, შუაში მჯდომმა ქალმა, თმები ალა პუგაჩოვასავით რომ გაეშალა, თავი წამოყო, და ოდნავ საქმიანი იერის მიღება სცადა. დანარჩენი ორი ქალი არც განძრეულა, არადა ეტყობოდათ ისინიც ქართველები უნდა ყოფილიყვნენ, ხელში ყავის ჭიქებს ატრიალებდნენ და თავებს სასაცილოდ აქნევდნენ.

-         გამარჯობა? - კითხვის ინტონაციით წარმოთქვა შუაში მჯდომმა ქალმა და

როგორც შეეძლო ჩაგვაკვირდა შექმნილ სითეთრეში.

ნონამ ერთ წუთში აუხსნა საქმის ვითარება. როგორც ჩანს, გველოდებოდნენ, ყოველ

წინადადებას ჩვენი მასპინძელი შეკურთხებით იწყებდა და გადაწყვეტილებას გვიწონებდა, რადგან ლოგიკურად, საკუთარი თავის ამორჩევა გამდიდრების საშუალება უნდა გამხდარიყო.

როგორც ჩანს, ლაპარაკში დახელოვნებული უნდა ყოფილიყო. ნახევარი საათის განმავლობაში, ერთი წინადადების ჩაგდების საშუალება არ მოგვცა, და იმდენად შორს წავიდა ოცნებით, ისიც შემოგვთავაზა, რაღა შორს მიდიხართ, სახლი მაქვს, მოგაქირავებთ და ხვალ-ზეგ კარგი სამსახურიც გამოჩნდებაო, თან რომ გიყურებთ მშრომელი გოგოები ხართ და აქ შრომა არ იკარგებაო.

ერთი სიტყვით, გაგვაბრუა, მაგრამ არც ისეთი სულელები ვიყავით, ამ მახეს წამოვგებოდით. მით უფრო ჩემი თანამგზავრი, ბოლომდე მოვისმინეთ შემოთავაზება და ისევ გემის ამბავს მივუბრუნდით. რომ მიხვდა, არაფერი გამოდიოდა, კურსი მთლიანად შეცვალა და ახლა გემის ქება-დიდების მოსმენა მოგვიხდა უკანასკნელი თხუთმეტი წუთი. პირობები არც ისეთი სარფიანი იყო, საბუთები ჩვენ არ გვქონდა, ამიტომ, საქმეს თურქ მეზღვაურთან გვიწყობდნენ, რომელიც „გაგვატარებდა“ უბილეთოდ.

უნდა გაგვერისკა.

რა წამს ჩვენი სიმწრით ნაშოვნი დოლარები ჩავუთვალეთ მასპინძელს, ხმის ტემბრიც  შეეცვალა და მადლიერი მზერაც კმაყოფილი ვაჭრის იერით ჩაანაცვლა.

მოლაპარაკება დასრულებული გვქონდა, და გასვლას ვაპირებდით, რომ თავი წამოყო ორივე აქეთ-იქიდან მჯდომმა ქალბატონმა, და ერთმა გასასვლელი კარი დაიკავა, მეორემ კი უაზროდ ბორიალი დაიწყო ოთახში. აქაურობის ქება-დიდებას მოჰყვნენ. მომეჩვენა, ყავასა და სიგარეტთან ერთად რაღაც, ლოტუსის მსგავსი ყვავილი ეკავათ ოთხივეს ხელში, წამდაუწუმ ყნოსავდნენ და თითქოს თრობით გაბრუებულები და ენერგიამოზღვავებულები აგრძელებდნენ უცხო ქვეყნის ქება-დიდებას.

-         და მერე საქართველო? - სრულიად უკონტექსოდ წამოსცდა ჩემს ტუჩებს.

-         ეგ რომელია? - დაიძახა ერთმა, სხვებიც აყვნენ და დაიწყეს ხითხითი. ამ სიბინძურეში ადგილი აღარ დარჩა მზერის შესაჩერებლად.

-         გახსოვთ? - არ ვეშვებოდი მე.

არაფერი უპასუხიათ, არც სევდით ანთებიათ თვალები და არც სიყვარულით. ამ

გრძნობებისგან დაცლილ არსებებს, არც თუ რამე აუჩქროლებდა გულს . უკვე მივიწყებოდათ, ზუსტად ისე, როგორც სამი წლის ბავშვს ავიწყდება წინა წლის ამბები, და უკანმოუხედავად სამყაროს მიერ შემოთავაზებულ მორევში ეშვება.

რამის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა, მაგრამ ახლა თავად აღარ მოგვეშვნენ. ქალების გვერდით ამაყად მჯდომი ციკლოპი წამოიმართა და მოჰყვა ტუტრუცანობას. ხან რას მიედებოდა და ხან რას.  თითქოს ისე აეწყო საქმე ჩვენს გაშვებას აღარც აპირებდნენ, სულ ვიღაც თურქი ოღუზის ხსენებაში იყვნენ, სიხარულით გადაირევა საღამოს თქვენ რომ დაგინახავთ, კარგა ხანია ამისთანა სტუმრები არ ჰყოლიაო.

ნონამ ხელი გამკრა და ვიგრძენი ახალ გეგმას ამუშავებდა გონებაში. მოდით, თითო ჭიქა ღვინოზე დაგვეწვიეთო, მივიღეთ მასპინძლისგან შემოთავაზება. მე უარის თქმას ვაპირებდი, რომ ნონამ ისევ ხელი წამკრა, ეტყობა გეგმის ნაწილი იყო და გავჩუმდი. მანამდე, მოვითხოვე, თავს მოვიწესრიგებ-მეთქი და ორი წუთით პატარა კარს მივაკითხე. შევედი თუ არა ოთახში, მუჭა გავხსენი, და დორმიკუმის ლურჯი ტაბლეტები აკიაფდა ხელის გულზე. არ იყო ცუდი გეგმა, ოთახიდან სასწრაფოდა გამოვვარდი, და სახე ისე მეჭირა თითქოს ვერაფერს ვხვდებოდი.

-          მე დავასხამ, თუ შეიძლება, იმდენ სიკეთეს გვიკეთებთ, რამით ხომ უნდა

დაგიფასოთ - მე თვითონ გამიკვირდა, ჩემი წამიერად მოფიქრებული ტყუილის, უკვე ნიჟარის თავზე კუსტარულად გაწყობილ მაგიდაზე ჭიქებს მძიფე ალუბლისფერი სითხით ვავსებდი და თან წინასწარ მომზადებულ ტაბლეტებს სათითაოდ ვყრიდი. გული ამოვარდნაზე მქონდა, მეგონა ფილმში გვიღებდნენ, შეიძლება ასეც იყო, მაგრამ აქ დუბლის გაფუჭების უფლება არ გვქონდა.

ნონა ბოლომდე შეიჭრა როლში და მასპინძლებს თურქეთის მშვენებაზე ელაპარაკებოდა. არადა, დღეს პირველად ჩამოდგა ფეხი და იმ დაწყველილი ავტოსადგომის გარდა მეტი არც არაფერი ენახა. გაჭირვება მანახეო... ქართული ანდაზა რომ არის, ზუსტად იმ დღეში ვიყავით. არც ჩვენი მასპინძლები კარგავდნენ დროს უქმად, თანდათან უფრო გაიხსნენ, და ახლა თურქი კაცების ქება-დიდებას მოჰყვნენ, დღეს რომ მოვა ოღუზი გაიცნობთ და ერთ თვეში შეეჩვევითო.

-         იქნებ რომელიმეს მოგეწონოთ კიდეც?  - ჩაიხითხითა ერთ-ერთმა თავისი ყიყინა

ხმით და სხვებიც აიყოლია. მთლიანობაში მართლა ჭაობში მეგონა თავი. წარმოვიდგინე, რამდენ თავისიანს ამ გზით აცურებდნენ და მერე თავ-ბედს აწყევლინებდნენ.

მაგრამ ამ წუთში მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა გვეფიქრა.

ჭიქები ბოლომდე გამოცალეს და ჯერ არაფერი ეტყობოდათ, სახეზე ფერი გადამდიოდა, არც ნონა უნდა ყოფილიყო კარგად... ის იყო ვიფიქრეთ, მორჩა, გაგვაბესო, რომ ჯერ კარებთან მდგარი გოგო ჩაიკეცა, მერე სხვებმაც, თითქოს მთვრალები არიანო ერთმანეთზე მიადეს თავები და სიმღერა დაიწყეს. თან ხელში ლოტუსის ყვავილებს ატრიალებდნენ და თურქულ სიტყვებს იმეორებდნენ.

როგორც იქნა  წამოვედით, თან გულში რაღაც უცნობი ეჭვი მოსვენების საშუალებას არ მაძლევდა. ამდენი აფორიაქეებული საათისგან მომენტებში გონება მეთიშებოდა და სრულიად გაუაზრებლად ვმოქმედებდი.

უკვე კარგა მანძილი გვქონდა გამოვლილი ნონას ხელში, იმ „ჩვენი ნაცნობი“ მეზღვაურის სახელი, გვარი და ფოტო რომ შევნიშნე, ჩაეკუჭა მეტი ემოციისგან, მაგრამ მაინც გარკვევადი იყო, გემის სახელიც და ნომერიც. დროულად მივედით პორტში, გადავსებული დაგხვდა, კიდევ თხუთმეტი წუთი მოგვიწია დამტვრეულ კიჩოებსა და თევზისსუნად ამყრალებულ ბადეებს შორის ბოდიალი, სანამ ერთმა კეთილმა კაცმა, გემის სახელის ხსენებაზე, მთელი ჟესტიკულაცია არ დახარჯა და მიგვასწავლა როგორ მიგვეგნო.

მზე ჩადიოდა, ზღვის ტალღებში ფენებად ირეკლებოდა დედა-მზის თავმოხდილი სხივები, ვხედავდით როგორ დაიწყო მოძრაობა საბიჯელმა, სადაცაა ჩასხდომა დამთავრდებოდა. ჩემს თვალში უზარმაზარი გემი ნაპირს სწყდებოდა და უკვე ვხედავდი ნონას და საკუთარ თავს ციკლობის კარებთან მიბრუნებულს. ამ წუთში, რაღაც წარმოუდგენელმა ძალამ, შიშმა თუ უფრო უარესის იმედმა, ჰაერში აგვაფრიალა და ხუთი წუთის სავალი გზა, ერთ წუთში გაგვატარა.

-         დავაგვიანეთ, - ვეუბნები ინგლისურად და მეზღვაურის სახელს ვაჩვენებ.

დღეს არ მუშაობს აჰმედი, მიპასუხა, საშუალო სიმაღლის, მაგრამ მკვრივი აღნაგობის,

მამაკაცმა და ღრმა ჩასუნთქვა-ამოსუნთქვისას კიდევ უფრო შემოეწელა ისედაც ვიწრო მაისური. ანუ საბოლოოდ მაინც გაგავაცურეს , გაივიფიქრე ჩემთვის და გამახსენდა თმაგაშლილი ოფისის ქალის სახე, დოლარებს როცა ვუთვლიდით.

-         ამ გემზე უნდა ავიდეთ - ვუთხარი უფრო კატეგორიულად ვიდრე ჩემს

მდგომარეობაში ჩავარდნილ ადამიანს შეეფერებოდა და ნერვული ხელების სრესა მოვაყოლე ზურგს უკან.

-         სამაგიეროდ რას მივიღებ? - დამტვრეული ინგლისურით და პირზე საზიზღარი

ღიმილით მომიბრუნდა ჩემი მოსაუბრე.

-         ფულს, ფულს - დაუფიქრებლად ვუპასუხე და ნონასაც, სიჩქარეში როგორც

შემეძლო გადმოვუთარგმნე. სხვა გზა არ იყო, მოგვატყუეს, ფულიც დაგვცინცლეს მაგრამ აქ ვერ გავჩერდებოდით. უნდა ჩაგვეღწია „აღთქმულ მიწამდე“.

იქვე მოვახერხეთ ფულის ჩაცურება, და ორ წამში გემბანზე აღმოვჩნდით, და უკვე სულ ცოტა ხანში ღია ზღვაში მიდიოდა ჩვენი გემი. აქ კი ორივეს მოგვეცა, ის ძვირფასი გარინდების და ჩაფიქრების წუთი, კიდევ უფრო ნაკლები ფული დაგვრჩა რასაც ვგეგმავდით, და კიდევ უფრო ნაკლები მეგობარი გვეყოლებოდა აქედანვე ჩანდა.

ცოტა ხანი გემბანზე ვიდექით, სიფიცხისგან დაცლილ წყლის კულულების ცეკვას გავცქეროდით და მიუხედავად ყველაფრისა, გულში სიმშვიდე მქონდა.

დაღამდა თუ არა, ჩვენს კაიუტას მივაშურეთ, ნაცნობმა მეზღვაურმა, სახელდახელოდ რომ გამოგვიყო... ემოციებისგან დაღლილებს მაშინვე ჩაგვეძინა. წინასწარ გაფრთხილებულები ვიყავით, და ჩვენი შავი დღისთვის გადანახული ქისა, ბალიშის ქვეშ, საკუთარ ხელებში გვქონდა ჩაბღუჯული, ვაითუ ვინმეს ცუდი განზრახვა გაევლო გულში, მზად უნდა ვყოფილიყავით.

სიზმარში გემის კიჩოზე მჯდომს გამომეღვიძა, ზღვის სიღრმიდან, უზარმაზარ, მუქი შაბიამნისფერი სხეულის მქონე, უცნაურ არსებას წამოეყო თავი, ზუსტად ჩემს წინ ზღვაზე ლივლივებდა და უშველებელ, კაკლის ფოთოლივით დასერილ კუდს გემის მოძრაობას აყოლებდა.

წამში ეს მომნუსხველი არსება ბოროტების განსახიერებად იქცა და ზღვის ფსკერიდან საგულდაგულოდ წამოღებული დახავსებული ლოდი ჩვენი გემის მიმართულებით ისროლა.  გემი დატრიალდა, მასთან ერთად მეც, თვალსაწიერში გამოჩნდა ნონას სახე, რომელიც მოუთმენლობას შეეპყრო, ჩემს ჩანთას დასწვდენოდა და გახსნას ცდილობდა, რა წამს ელვა შესაკრავი შეიხსნა, აღმოსავლეთიდან ქარის ძლიერმა ტალღამ შემოგვიტია და ცაში ასროლილი ბურთივით გვატრიალა ზღვის ზედაპირზე, სანამ ერთ ცუდად დასახლებულ კუნძულზე არ გაგვიყვანა.

ზუსტად ამ წამს გამომეღვიძა, ნონა უკვე ფხიზლად იყო და ჩემი ჩანთის მიმართულებით დაეხარა თავი. ბოლომდე ვერაფერს ვიტყოდი, მაგრამ უცნაური დამთხვევა კი ჩანდა. ჯერ რიგიანად გათენებულიც არ უნდა ყოფილიყო, ნაცნობმა მეზღვაურმა დაუკაკუნებლად შემოგვიღო და გვაცნობა, რომ გაუთვალისწინებელი ქარის გამო, ათენში ვერ ჩავიდოდით, კიდევ ბევრი ილაპარაკა აბდა-უბდა ინგლისურით, რომელიც  რა თქმა უნდა , არ მესმოდა, მაგრამ ის კი გამაგებინა, რომ ბულგარეთის გავლით მოგვიწევდა უკვე სანატრელ ქალაქში ჩასვლა.

ავიბარგეთ, კიდევ უფრო დაღლილები ზღვაზე ხეტიალით და პორტში უახლოეს საჭმელ პუნქტს მივაშურეთ. აქედან ვიღაც, სიბერეში შესულმა, თეთრწვერებიანმა და მოკლეშორტიანმა გამყიდველმა, ავტოსადგურის გზა გვასწავლა, როგორც შეეძლო და გამოგვისტუმრა.

ამ ხეტიალში დაგვიღამდა, როგორც ჩანს, გზაც აგვერია, და ერთი შეხედვით, ზღაპრების მსგავს გაუვალ ტყეში ამოვყავით თავი, თავიდან ვიფიქრეთ, სამი ოთხი მეტრის შემდეგ გზა დაიცლებოდა ამ დაბალი, ტანზე მომხუტებელი ბუჩქებისგან და ისევ დავინახავდით განათებულ ქალაქს. მაგრამ არაფერის ამის მსგავსი, ბუჩქებს ახლა უკვე მაღალი და საშუალო სიმაღლის ხეები ცვლიდა და კიდევ უფრო გამძაფრებული შიშის გრძნობა გვიასკეცდებოდა.

ნონა კიდევ უფრო დაღლილი და მოხუცებული მეჩვენებოდა ფანრის სინათლის ფონზე, მისი ჩრდილი სასაცილო ბებერი დედაკაცივით მიცუცუნებდა ხეებს შორის და მერე სიბნელეში იკარგებოდა, რომ არა ეს დამთრგუნველი წინაპირობები, გემრიელი გაცინება მოსწრებული იქნებოდა.

დრო საკმაოდ გავიდა და ახალი არაფერი ჩანდა, ბოლო იმედიც რომ გადაგვეწურა და გონებაში მგლებს თუ ტურებს შევაჭმევინეთ საკუთარი თავი, სულიერის ხმა მოგვესმა და გავყევით, ხის სახლი იყო, მეტყევის ან კიდევ, რავიცი შორიდან რას იფიქრებდით? შეიძლება მეზღვაურის ქოხიც ყოფილიყო. და იქნებ პოლიციელის? მაშინ ვიტყოდით, რომ ბედი არ გვქონია, და ხელებაწეული დავნებდებოდით ეს ორი უსაბუთო ჩერჩეტი ქალი. დავაკაკუნეთ, აქ ნონას რუსულმა გაგვიყვანა ფონს. და ჰო, ბედიც გვქონია, არც მეტყევის, არც პოლიციელის და არც თქვენ წარმოიდგინეთ, მეზღვაურის ოჯახში არ აღმოვჩნდით, ჩვენს წინ  დიახაც რომ ავტობუსის მძღოლი იდგა, თავისი არასიმპატიური მეუღლით და გვპირდებოდა, ერთი კვირა მომეცით, და ათენში ჩაგიყვანთო.

-         ამას ჰქვია, ორი კურდღლის ერთად დაჭერა.  - გადავუჩურჩულე ნონას და სიხარულისგან თუ სანთლის შუქისგან ანთებული თვალები ორმაგად გამიკაშკაშდა,

-         ჯერ ნუ გიხარია - გამაფრთხილა თანამგზავრმა და ჩვეული კოპები შეყარა.

ვიფიქრეთ, ბოლომდე მივნდობოდით ამ ტყის კეთილ ნიმფებს და გავუმხილეთ ჩვენი

უბილეთობის ამბავიც.

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, მოხუცმა ერთი კვირა თავისთან დაგვტოვა, ყალბი ქორწინების მოწმობა გაგვიმზადა, და ჩვენს „ქმრებთან“ ერთად,  კანონიერების ფარგლებში ათენისკენ მიმავალ ავტობუსშიც ჩაგვსვა. გზა იმაზე დამქანცველი აღმოჩნდა, ვიდრე ჩვენ ორნი ვიფიქრებდით, მაგრამ არც ერთი აღარაფერს ვჩიოდით. ერთ მომენტში, საჭმელად გავჩერდით, ნონა ჰორიზონტს გაჰყურებდა და პურს ლუკმა-ლუკმა იტენიდა ისედაც გავსებულ პირში.

-         ხომ იცოდი რომ რთული იქნებოდა? - შევაწყვეტინე ფიქრის გორგალი - იცოდი, მაგრამ ამას მოელოდი? - ფილოსოფიურად ვიკითხე და კითხვაშივე სანახევროდ გავაჟღერე პასუხი.

-         ჰმ... ეკა, ეკა, ხანდახან რა სასაცილო ხარ - მარტო ეს მითხრა, ჩემმა თანამგზავრმა და გააგრძელა დაწყებული საქმე.

-         ნუთუ, მე? - ჩავეკითხე ჩემივე თავს და დაღლილობისგან ისედაც დამძიმებული თავი, ამ უკმეხ გამოთქმაზე აღარ შევაჩერე.

ზუსტად ერთი კვირის თავზე „ქორწინებიდან“ კიდევ ერთი სიზმარი ვნახე.

ორმოს პირას ვიდექი. ჩემს ირგვლივ მუქი ფერის სისხლი ნაკადულებად დიოდა,

და მიწისქვეშეთის მცხოვრებლებს სუნით თავისკენ იზიდავდა. პირველად გამოჩნდა, მოხრილი, შავებში ჩაცმული უსახო არსება. მისგან წარმოთქმული ბგერები ჰაერში იფანტებოდა და ჩემს ყურთასმენას ქარის დახმარებით სწვდებოდა. სისხლის გუბესთან გაჩერდა, თვალები არ ჰქონდა, მაგრამ ვგრძნობდი, როგორ მომჩერებოდა. რამდენიმე წუთი გაგრძელდა ეს ფანტასტიკამდე მისული სურათი, შემდეგ, ლანდი წამოიმართა და პირდაპირ მომიბრუნდა:

-         კატერინა, რთული გზა აირჩიე, გულში კი სამშობლოში მშვიდობით

დაბრუნებისაკენ მიილტვი. მრავალჭირგარდახდილი სამშობლოს მიაღწევ, მხოლოდ მაშინ თუ შეძლებ საკუთარი გულის მართვას. მაგრამ ეს კი იცოდე, ზღვაზე სიკვდილი არ გიწერია, „მზეგრძელი ტკბილად დაბერდები საკუთარ სახლში,  და სიკვდილის შემდეგ ბედნიერ და მადლიერ შთამომავლობას დატოვებ“. მაგრამ მანამდე, ხომ გახსოვს, მითიური ოდისევსი? -ზღვებზე ხეტიალი და ბრძოლა მშობლიურ ითაკაზე დასაბრუნებლად... იმაზე მეტი გითხარი ვიდრე, მეკუთვნოდა, დანარჩენს შენ თვითონ მიხვდები, მშვიდობით...

ამ სიტყვების გაგონებისთანავე, მომინდა მეორედ შემეხედა ამ უცნაური წინასწარმეტყველისთვის, რომელსაც არც თვალები ჰქონდა და არც პირი,  მაგრამ თვალი ვეღარ მოვკარი, და მით უფრო რთული გახდა, მომდევნო წამში ძველი სტუმრის დამახსოვრება, რადგან ღვინისფერი სითხიდან ახლა ჩემთვის ყველაზე ახლობელი სახე წამოიზარდა და უცებ, წლების უნახავი მამაჩემი წარსდგა ჩემს წინაშე.

-         მამა? - კითხვის ნიშნებად გადაქცეული თვალები ამ უეცარ სანახაობას მივაპყარი.

-         სანატრელო შვილო ჩემო, შავეთში შენი ფეხით მოსულხარ და ვერც კი ხვდები. უმისამართო ტყვიამ მიმსხვერპლა, სახლისკენ მიმავალი, შენი სკოლის ჩანთით ხელში. და მას მერე დავეხეტები, ხან მიწის ქვეშ დუნიებში, ხან კიდევ ზღვის სიღრმეში ვპოულობ ადგილს. ამბის გადმოსაცემად გამომაგზავნეს, არ დაივიწყო შავი მისანის სიტყვა. შენები დიდად შეწუხებულნი არიან შენი ამდენდღიანი გაუჩინარებით, აგერ მერამდენე დღეა ელიან შენს ზარს. დედაშენს დაკარგულ შვილზე დარდი ადნობს, შენს შვილს კი ძილის წინ დედის სითბო ენატრება.  ვაი, რომ ჩემო შვილო, მძიმე გზას დასდგომიხარ.

ასე ჩიოდა მამაჩემი, ვცადე მოვხვეოდი წლების უნახავ ძვირფას ზმანებას, მაგრამ

ხელიდან დამისხლტა მისი აჩრდილი, კიდევ ერთხელ შემახსენა მისნის სიტყვები და უცნაურ სიფერმკრთალეში გაუჩინარდა.

გავიღვიძე ორსართულიანი ავტობუსის მე-12 რიგში, სრული სიჩუმე მარტო ბორბლების შემაწუხებელი ხმაურით ირღვეოდა წამის მესამედში. მამაჩემის სახე, რომელიც დროს გაეხუნებინა და მოგონებების სკივრში შეენახა, ისევ ამომიტივდა, მუქი წაბლისფერი ულვაშითა და ცხვირის ძირში ბლის კურკისოდენა მეჭეჭით, სხვებისგან რომ გამოარჩევდა და დასამახსოვრებლადაც მინიშნებას გაძლევდა. სიზმრები, ეს უკვე აღარც მიკვირდა იმდენად ჩემს ყოველდღიურ რეალობდა იქცა. თითქოს მათი ამოცნობაც ვისწავლე. ყოველ შემთხვევაში იმედი, რომ ოდესღაც აუცილებლად დავბრუნდებოდი, ნამდვილად ჩამისახა ჩემმა ზმანებამ, თუნდაც ქვეცნობიერი ყოფილიყო, თუნდაც, ნამდვილად მამისეული სული, მიზანი მიღწეული იყო - მე, მოვიკრიბე ძალ-ღონე და ათდღიანი უძილობისა და დაუმთავრებელი გზის დაღლილობა დავძლიე.

გამთენიისას, ექვსი-შვიდი საათი იქნებოდა, ქალაქში რომ შევედით. პირველი შთაბეჭდილებით, იმედი გამიცრუვდა, როგორც ამბობდნენ, მზის ქვეშეთში ყველაზე დიდხანს მზე ათენში ჩერდებაო, მაგრამ იმ წამს ამას ვერავინ დამაჯერებდა, რადგან ჩვენსა და თქმულებას შორის უზარმაზარი ღრუბელი ჩამოწოლილიყო, ცეცხლისფრად მოელვარე და წუთი წუთზე დედამიწის დასაცხრილად ემზადებოდა. მართალი აღმოვჩნდი, და როგორც კი ავტოსადგომს მივაღწიეთ,  ზევსმა ბლომად დაგვაფერთხა თავისი წყალობა.

თუმცა, რა გაეწყობოდა, წვიმის შეშინებული კაცი არ მენახა, და რაღა მე უნდა ვყოფილიყავი პირველი. დავავლე, ჩემს უკვე თრევისგან ბოლოებში გადაქერცლილ ჩანთას ხელი და პირველი მარჯვენა ფეხი დავადგი ბერძნულ მიწას.

-         ნონა, გველოდებიან ჩვენ?

-         წესით, კი. მაგრამ აქ ხო ხედავ წესები არ მუშაობს.

-         ჩვენ მაინც ვცადოთ.

ნაჩქარევად ჩავხტით ტაქსში, და თითქმის უკანასკნელს გროშებს კიდევ მოვაკელით

რამდენიმე.

-         ომონია - თქვა ნონამ, და თან ხელებით წასვლის, მოძრაობის შთაბეჭდილება შექმნა.

მძღოლს ჩაეღიმა, „ნე“ თქვა და თავი ოდნავ თან გვერდზე და თან წინ ერთდროულად გადახარა. სავარაუდოდ, თანხმობის ნიშნად.

გზაში, ისტორიკოსის გონება გამომიცოცხლდა, ცოტა ხნით პირადი ცხოვრება გვერდზე გადავდე და ბერძენთა თავგადასავლები გავიხსენე. ჯერ კიდევ შორიდან შევნიშნე მთაზე წამომართული ათენის მთავარი ტაძარი - პართენონი და გულმა უცნაურად დამიწყო ძგერა. ეს ის იყო, ათენას ღირსეული ტაძარი, მისი დიდების მცველი და მითებისა თუ ლეგენდების კონა. ერთ რამედ ღირდა, თეთრად გადაპენტილი შენობების ფონზე, ამაყად მდგარი ანტიკური ტაძრის ხილვა.

პროფესიული ფიქრებიდან ნონამ გამომაფხიზლა:

-         ეკა, ნუ გძინავს, მოვედით. - მომიბრუნდა და თან ხელით კარისკენ მიმითითა.

ტაქსისტს დავემშვიდობეთ როგორც შეგვეძლო და ერთი ხუთი თუ ექვს სართულიანი, დიდი, ფერადი აივნებიანი სახლის წინ გავჩერდით. მოუთმენლობისგან, მთელი ქალაქის მოვლა მომინდა ერთბაშად, მაგრამ სადაც გავიხედე, ყველგან ერთი და იმავე სტილის, ფორმის სახლები შემრჩა. ეს მსგავსება, იმდენად უცნაურ ელფერს სძენდა ქალაქს, მაშინვე გნუსხავდა და კითხვას გიჩენდა, კი მარა, ამ ქუჩებში როგორ უნდა გავერკვიო, ეს და ეს ხომ ზუსტად იდენტური რამეაო? არც მთლად ასე იყო, ამას მოგვიანებით მივხვდი...

შენობა ისე იყო მოწყობილი გეგონებოდა, ერთ ადამიანს ეკუთვნოდა, რამდენიმე წუთი დამჭირდა იმის გასაცნობიერებლად, რომ ეს მარმარილოს საფეხურები, ოქროსფრად მოვარაყებული სარკე და კარგად გასუფთავებული ფეხსაწმენდი მხოლოდ და მხოლოდ შენობის სადარბაზოს წარმოადგენდა. შესადარებლად ჩემი ბინის მტვრიანი კიბეები, და სიგარეტის ნამწვავებით სავსე ლიფტის მისადგომი გამახსენდა, და მწარედ ჩამეღიმა გულში. აქედან მოვდივარ-მეთქი საკუთარ თავს ვუთხარი და ნონას მივყევი.

მეორე სართულზე, კარი გაიღო, და ასე 50-60 წლის ქალი დაგვხვდა. მოკლესახელოებიანი მაისური ეცვა, თმები სასაცილოდ აეკრა კეფაზე და ხელებს გაუჩერებლად აქეთ-იქით აქნევდა. მკვეთრი იმერული კილოც სახეზე იყო. მივესალმე და ჩემი ჩანთა შესასვლელშივე დავტოვე. სახლი რამდენიმე ოთახიანი უნდა ყოფილიყო, შესვლისთანავე ვიგრძენი დამწვარი ხახვის სუნი და ცოტა დამაკლდა ცხვირზე ამეფარებინა ხელი. მაინდამაინც სისუფთავის მოყვარულები არ უნდა ყოფილიყვნენ აქაურები. უცებ, დიასახლისი მოგვიბრუნდა და ამბობს :

-         ნონა, გენაცვალე, მარტო ერთი ადგილი მაქვს, ხო იცი? - თქვა და ამრეზილად შემომხედა.

ამის გაგონებაზე, ნონა მომიბრუნდა, და ხომ გაიგე რაც თქვაო თვალით მანიშნა, და

თითქოს გულდაწყვეტილობის მიზეზად, მხრები აიჩეჩა.

-         ანუ რა გამოდის, გარეთ მტოვებთ? - პირდაპირ ვიკითხე, როგორც მჩვეოდა.

-         ეს რა ნათქვამია, შვილო?  ასე მოეწყო, ფიზიკურად დასაძინებელი ადგილი არ მაქვს და...

-         რას ვიზამთ - თქვა ნონამ, და ისევ მხრები აიჩეჩა. - დღეს სადმე გაჩერდი, ხვალ ან

ზეგ მოგაკითხავ და მერე რამე მოვიფიქროთ სამსახურზე - გააგრძელა ტყუილის ხვეულა ჩემმა ძველმა მეგობარმა.

-         დარწმუნებული ხარ რომ ამის გამკეთებელი ხარ?  - ვკითხე გამომცდელად და თვალებში შევაჩერდი.

-         ეკა, რატომ ართულებ? ხო ხედავ შენი თვალით, ათამდე ქალი ცხოვრობს ამ ვიწრო

ბინაში, და რა ქნან თუ მეტი ადგილი არ აქვთ?

გაბრაზებისგან მთელი ემოცია ყელთან მომებჯინა და როგორც ტენისის მორბენალი ბურთი ისე დაიწყო ჩემს სხეულში თამაში.

-         გასაგებია, ახლა, გასაგებია. - ვთქვი, იქვე მიგდებულ ჩანთას დავწვდი და გარეთ

გამოვარდი.

ეს უკვე ბოლო წვეთი იყო, უნდა გავსულიყავი სადმე და გული ამომეღო, აი, ისე როგორც ფილმებში, მეტირა ჩემს ბედზე.

რამდენიმე საათი გავიდა, ვიჯექი მტრედებით სავსე პარკში, ღრუბლებს გადაეყარა და მზე მეტ-ნაკლებად ანათებდა, ისე რომ სიბრაზისგან აცახცახებულ სხეულს სასიამოვნოდ მითბობდა. შეიძლება ბევრი რამის უფლება მიგეცა შენი თავისთვის, მაგრამ უცხო ქალაქში, მარტო დარჩენილს მოახლოებული ღამის აუცილებლად უნდა შეგშინებოდა. „ზამთარი მოდის“ - დაახლოებით ასე ჟღერდა ეს შეგრძნება. თავი წამოვწიე და გამოსავლის ძიება ქუჩა ქუჩა დავიწყე.

მიადევნეთ ყური მტრედების ღუღუნს, ფოთლების შრიალს, ჭიანჭველების ნაბიჯებს და იპოვით, იმას რასაც ამდენ ხანს ეძებდით. ზოგჯერ, ჩვენს თვალწინაა გამოსავალი, ჩვენ კიდევ ზურგს უკან ვიხედებით, ან ხელოვნური მაქმანებით ვიფარავთ სახეს. დაუგდეთ წყლის ხმას ყური, იქნებ სიმართლეს ამბობენ შორეულ მთებზე და იქნებ, სხვების ისტორიებს თქვენს სასარგებლოდ ყვებიან? ხანდახან რთული უფრო მარტივია, თუ ჩვენსავე პოზიციას შევიცვლით.

ზუსტად ამ რჩევის კვალდაკვალ, პირდაპირი გაგებით შემოვბრუნდი და დიდი ქართული ასოებით დაწერილი განცხადება ვნახე. სახლებს აქირავებდნენ ახალჩამოსულებზე. პირველი სართული დიდად სახარბიელოდ ვერ გამოიყურებოდა მაგრამ უნდა მეცადა. კარები 40 წლამდე კარგი გარეგნობის ქალმა გამიღო, ცალ ხელში სიგარეტი ეჭირა, მეორე ხელით კი ახლახანს მოცმულ ხალათის ზონარს ისწორებდა.

-         გამარჯობა, ბინას ვეძებ - პირდაპირ საქმით დავიწყე.

-         მოდი - მითხრა და კარი ხმაურით მიხურა.

-         წესები იცი?

-         არაა. - დაბნეულად გავიქნიე თავი.

-         მოკლედ, სანამ სამუშაოს იშოვი შეგიძლია აქ დარჩე. ღამე ხუთი ევროა, თუ ჭამაც შევა მაშინ რვა ევრო. სამუშაოს დაიწყებ და თანხას მერე გადამიხდი.

-         გასაგებია. - ერთი წუთით დავფიქრდი, გამოდის თითოეული დღე აქ ვალისაა, მაგრამ ჩემი გამოცარიებული საფულის ფონზე ცუდი შეთავაზება მაინც არ იყო. - და სად დავრჩები?

-         წამომყევი, გაჩვენებ.

ჩაბნელებულ ოთახში შევედით, სუნთქვის ხმაზე მივხვდი ვიღაცეებს ეძინათ. ძირს, რამდენიმე ლოგინი იყო ერთი მეორეს მიყოლებით გაშლილი, დაახლოებით, რვა იქნებოდა. ყველა სხვადასხვა ფერი, ეტყობა ამით თუ არჩევნდნენ ვისი რომელი იყო.  სხვა არჩევანი ნამდვილად არ მქონდა.

-         დამარეკინებთ?

-         სად?

-         იქ, საქართველოში?

-         ახლა, ყოველ დღე თუ უნდა რეკო...

-         არა, უკვე ათი დღეა ჩემგან არაფერი იციან და...

-         ერთხელ დარეკე, კიდევ სამი ევრო დაგემატება ამ თვისა ოღონდ. - მითხრა და თავისი ტელეფონი მომაწოდა.

-         კარგი და, მერე სამსახურზე დამეხმარებით?

-         მე ვერა. მაგრამ არის ომონიაზე, გრაფიოები და მიაკითხავ, აგიხსნიან გოგოები - ცალყბად მომიგდო მასპინძელმა. მერე ეტყობა მიხვდა, და განმიმარტა - გრაფიო ოფისს ნიშნავს აქაურად, დაიმახსოვრე გამოგადგება.

-         აქეთ სამზარეულოა, რაც გვექნება იმას შეჭამ ხოლმე. თუ გაგიმართლა ორ თვეში სამსახურიც გამოჩნდება.

-         ორ თვეში? - თვალები შუბლზე ამივიდა გაოცებისგან და გონებაში ჯერ არარსებული ვალის გადათვლა დავიწყე, ამის დანახვაზე დიასახლისმა საზიზღრად გადაიხარხარა და ხელი მხარზე მომითათუნა.

-         ჰო, აქაც ქუჩაში კი არ ყრია სამუშაო, თან როცა ენა არ იცი მითუმეტეს. - მომაძახა და სადღაც დერეფნის ბოლოში ჩაიკარგა მისი ლანდი.

დავრჩი მარტო.. ხელები მიკანკალებდა, მიოფლიანდებოდა და მუცელში ყრუ ტკივილს ვგრძნობდი. ზარის ხმა, კარცერში დარჩენილი პატიმრის თავზე მომდინარე წყლის წვეთივით ჩემი ყურის ძირში იდებდა ბინას და წამის მეასედში მახსენებდა, რომ სადღაც, ჩემს ძველს სამყოფელში ისევ იმ სისწრაფით მიედინებოდა ცხოვრება.

-         ალო! - ზურას ხმა იყო, ვიცანი.

-         ეკა ვარ, ჩავედი, კარგად ვარ. ბევრს ვერ გელაპარაკები, სხვა დროს დაგირეკავ. ჩემებსაც გადაეცი ჩემი ამბავი. და ორი წამით სანდრო მალაპარაკე. - ეს ნაწყვეტ-ნაწყვეტად წამოსროლილი ფრაზები, ჩემს რეალურ შეგრძნებებს მეტ-ნაკლებად ფარავდა და არ მაძლევდა საშუალებას,მთელი სიშიშვლით წარვსმდგარიყავი ჩემივე წარსულის წინაშე.

-         მადლობა ღმერთს! ბავშვს სძინავს, მანანამ ატარა ეზოში მთელი დღე და დაიღალა.

სანამ უხერხული სიჩუმე ჩამოვარდებოდა, დავასწარი ამ უდრტვინველ არსებას და კითხვა მივაყარე:

-         ისე ხომ კარგადაა?

-         ჭირვეულობს ცოტა, დიდა სად არისო, გკითხულობს ხანდახან. - ამის თქმა იყო და ცრემლები მომებჯინა ყელზე, ხმა ამიკანკალდა და ჩემს სახლში დაბრუნება მომინდა ყველაფერზე მეტად. თქმით კი სულ სხვა რამე ვუპასუხე:

-         კარგი, ზურა. მიხედე, კარგად მიხედეთ იცოდე. მეტს ვერ გელაპარაკები, უნდა გავთიშო.

სანამ ღილაკს დავაჭერდი თითს, უკვე ხუთი წლის ბავშვივით ვტიროდი, რომელსაც სათამაშო არ მისცეს,

თან ვცდილობდი, სხვებს არ გაეგოთ და უარესი პრობლემები არ შემქმნოდა.

ცოტა რომ დავმშვიდდი, ისევ, ჩემს ჩანთას დავწვდი შემოსასვლელში მიტოვებულს და მითითებულ ოთახს მივაშურე. თითქმის ღამდებოდა, მე კიდევ მთელი დღე ლუკმა არ მქონდა ნაჭამი, ფრთხილად მოვწესრიგდი, და ქურდივით შევიპარე სამზარეულოში. მაცივარში ერთი-ორი ყველის ნაჭერი, გემრიელი სუნით სავსე ძეხვი და პური ინახებოდა. ამ წუთში  ნამდვილად საკმარისი იყო.

დავამთავრე თუ არა წამიერებით ტკბობა,  ისევ ჩემს ოთახს მივაშურე და ძილმა თავი წამართვა.

და მაინც რა უცნაური არსებაა ადამიანი? შეუძლია ერთ წუთში შეგრძნებებისგან გონებადაბინდულმა ცხოვრება დამთავრებულად ჩათვალოს, ხელი ჩაიქნიოს...  მაგრამ როგორც კი მიწიერი გრძნობა შემოუტევს, ყველაფერს გვერდზე  გადადებს და შეიძლება ითქვას დაივიწყებს კიდევაც... ასეთი შეგრძნებაა შიმშილი.. მოდის, მოგეპარება და მთლიანად გიტაცებს. და განა მარტო შიმშილი, ძილი? ჰო, ესეც ერთი ოხერი და ცელქი ვინმეა, შეუძლია ისე შეგაყვაროს თავი, დილის თერთმეტამდე ბალიშს ვერ მოსწყვიტო ხელები, ან კიდევ , ისე შეგიძულოს, ღამის სამ საათზე იქით ეხვეწებოდე, იქნებ და ჩემი ძილის საათი გამოგეყოთო.

 

ზოგჯერ როდესაც თვალს ვახელთ, პირველი ხილვის ემოციას ყურს მიწვდენილი სხვადასხვა ტემბრისა და ტონალობის ხმები ფარავს. შეიძლება ითქვას, რომ ჯერ ყურებს ვახელთ და შემდეგ თვალებს. ჯერ ვგრძნობთ და მერე ვხედავთ. შეყვარების დროსაც ასეა, ჯერ ვგრძნობთ რომ ისაა და მერე ვხედავთ მის სულს გაშიშვლებულს. მაგრამ მაინც გვიყვარს, თუნდაც, ნაკლოვანი, დანაწევრებული, და პაზლის აუწყობელ ნაწილებად დარჩენილი ადამიანები. მივდივართ რაც შეიძლება ახლოს, და მთელი გულით და ვცდილობთ, ხან ერთი ნაწილი შევუვსოთ და ხან მეორე.

-         სანამ ჩემს ტელეფონს აიღებ,  წესიერად ლაპარაკი ისწავლე და საგნების მოვლა

რა. - ჩამესმა ქართული ჩხუბის ხმა. ამაზე გამახსენდა, შემხვედრია ერთი თუ ორი უცხოელი, ქართულად ლაპარაკი რომ მოუსმენიათ და უკითხავთ, ისეთი ენაა, რომ გისმენთ მეჩვენება რომ ჩხუბობთ, სულ რომ ერთმანეთს ეფერებოდეთო. დღეს პირველად ვიფიქრე, რომ მკვეთრი თანხმოვნები იმდენად ეხეთქებოდა ჩემი ყურის ზედაპირს, ერთიანად მართმევდა სიცოცხლის წყურვილს და მთელი არსებით ქვეცნობიერულ სამყაროში მაბრუნებდა.

საღამო უნდა ყოფილიყო, გვიანი თან. არც ქალაქის ხმაური შემოდიოდა, არც მთელი

დღის ნაგროვები სიცხე გელოდებოდა აივნის კიდეზე. ერთადერთი პერიოდულად ზღვის ტალღების ხმაურის მსგავსი ელფერით, ზედ საწოლის თავთან მესმოდა მოტოციკლეტების ხმა. ჩემს ფიქრებთან მარტო ყოფნაც არ აღმოჩნდა გამოსავალი, რადგან მოულოდნელად თავი ეკრანებით გაბრდღვიალებულ ოთახში წარმოვიდგინე, თუმცა კი ერთადერთ მარტივ მოქმედებას ჰქონდა ადგილი - ვიღაცამ, არ დაგვინდო მწოლიარეები, და ოთახის მარჯვენა კუთხეში, სასხლეტს თითის მარტივი მოძრაობით განათებისაკენ მოუწოდა.

-         კიდევ დიდ ხანს აპირებთ აქ კოტრიალს? - შემოგვიღრინა ნახევრად ჩაცმულმა მამაკაცმა და ურცხვად დაიწყო ოთახის თვალიერება.

თავიდან დავიბენი, ვერ მივხვდი, ეს თითქოს პირობებში არ შედიოდა. მერე კარგად დავაკვირდი, და გუმანით მივხვდი,  ერთ-ერთი ქალის „მეგობარი“ უნდა ყოფილიყო, რომელსაც ზომაზე მეტის დალევა მოსვლოდა, ამას უკვე ოთახში წამის სისწრაფით დატრიალებული ალკოჰოლის მოლეკულები მაცნობდნენ.

კარგა ხანია უკვე რაც მძულდა ყველა და ყველაფერი რაც ადამიანს გონებრივი აზროვნების უნარს ართმევდა და სულ სხვა ადამიანად აქცევდა. მადლობა ღმერთს მოვიფიქრე და ტანსაცმლით მივწექი, ჩემთვის მიჩენილ, ხმარებისგან გადაცრეცილ ლოგინზე. ვეცადე, უკვე ზურგშექცევით მდგარი სტუმარი არ შემემჩნია. მესარგებლა ჩემი სიგამხდრით, და კარსა და მომხვდურს შორის დარჩენილ სივრცეში გავმძვრალიყავი. თითქოს ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ იმ ერთ წამში ეტყობა ზურგის თვალმა აცნობა მეორე სულიერის მოახლოება, და ხელი გამოიქნია, ისე რომ ჩემს ზურგს ნახევარ სანტიმეტრზე შეეხო. არც აცია და არც აცხელა, და მაგრად ჩამჭიდა, ორივე ხელი, აი, ისე თითქოს მეექვსე კლასელი გოგო ვიყავი და ჩემი კლასელი ცდილობდა ამ გზით შესვენების ხუთწუთიანი ბედნიერების გაყვანას.

ერთი წუთით სუნთქვა შევაჩერე, შემდეგ კი რაც ძალი და ღონე მქონდა, გული რომელიც ყელში მქონდა მობჯენილი, არაადამიანური ხმის ამოძახილით გავათავისუფლე. ჩემი დამატყვევებელი, როგორც ჩანს, შეწუხდა, შეშინდა და ალკოჰოლისგან შებუჟბუჟებული ხელები ჰაერში არწივის ფრთებივით ააფრიალა. თუმცა, არწივის ფრთები არც თუ ზუსტი შედარება იქნებოდა... ეს ჩემზე ათიოდე სანტიმეტრით მაღალი, საცვლების ამარა დარჩენილი მამაკაცი ამ მომენტში მოულოდნელობისგან შეშინებულ ქათამს ჰგავდა.

ჩემს კივილს, დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია, ერთ წუთში, ყველა თავის საქმეს დაუბრუნდა, ვიღაც ქალმა აბაზანაში კბილების ხმაურიანი წმენდა გააგრძელა, სამზარეულოდან ისევ გამოდიოდა კვერცხის თქაფუნის ხმა, საწოლ ოთახში კი ძილისთვის გამზადებული გოგონა მეორე გვერძზე უდრტვინველად გადაბრუნდა და ნანახი თითქოს არც ყოფილიყოს ისეთი სახე მიიღო. ერთადერთი რამე იყო მთავარი, მე ჩემი სათქმელი ვთქვი, ასე თუ ისე ყველა მიხვდა რისი გაკეთება შემეძლო და როგორ ურთიერთობაში ვიქნებოდი ამ დროის სიმძიმისგან შეკრებილ „საზოგადოებასთან“. როგორიც არ უნდა ყოფილიყვნენ, ამ ყვითელი კვერცხის გულივით არ ვაპირებ მათთან ავრეულიყავი...

დაღამებული იყო, მაგრამ მაინც გადავწყვიტე რამდენიმე წუთით გარეთ გავსულიყავი, ამ თითქოს ჩემიანებისგან გამეთავისუფლებინა თავი და ჩემს ცხოვრებაზე მეფიქრა. კიბეებზე ჩვენი ბინის სახლისკენ ნახევრად მოხრილი ხელით, საშუალოდ 40-ოდე წლის მამაკაცი შემომეფეთა, არც შემოუხედავს, ინერციით მიაწვა კარის კიდეს და მეტისმეტი ემოციისა თუ რისგან იქვე გაიშხლართა. მაგრამ უკვე აღარ მადარდებდა არც ის და არც მეორე ქალი, რომელიც უფრო ახალგაზრდა უნდა ყოფილიყო, მაგრამ მუდმივი მაკიაჟისგან ჩაღლილ-ჩანაოჭებული თვალები 70 წლის მოხუც ქალს ამსგავსებდა, ტანზე მიკრობილი მუხლს ზემოთ ხელოვნურად აქაჩული ქვედაბოლო კი, ისედაც დასიებულ ტერფებს კიდევ უფრო კვეთავდა...

რამდენიმე დღე გავიდა სრულიად უიმედოდ, ქალაქში ნელ-ნელა ვისწავლე გასვლა. მაგრამ შიში სულ თან დამყვებოდა, შიში რომ გზას ვერ ვიპოვიდი ვერავის გავაგებინებდი რა მინდოდა. ან საერთოდ, უბრალოდ დავიკარგებოდი, ამ ქალაქში კი ისე, როგორც ყველა დიდ ქალაქს ახასიათებს, ძებნას ეკას არავინ დაუწყებდა,.. ვინ თუ არა შენ? ვუთხარი საკუთარ თავს და ერთ დილას, გრაფიოს ანუ ჩვენებურად დამქირავებელთა ოფისს მივაკითხე.

ოფისი სტამბოლში ნანახის ერთი-ერთი ანალოგი უნდა ყოფილიყო.

ქართული ლაპარაკი ჯერ კიდევ ზღურბლზე გავიგონე და გათათამამებულმა, მომხრეების აღმოჩენით, შევადგი ფეხი. თითქოს ყველაფერი დაწვრილებით გამომკითხეს, ჩემი ცოდნა-უნარები, მისამართიც ჩაიწერეს, პირველადი გადასახადიც გადავიხადე, და მარტო ლოდინიღა დამრჩა.  ამ ლოდინში კი იმაზე მეტი დრო გავიდა, ვიდრე წარმომედგინა.. ერთ დღესაც, დამირეკეს. აგიოს ნიკოლაოსზე  გამოჩნდა  მოხუციო, საუბარი არ სჭირდებოდა და გამიშვეს... დავთანმხდი რადგან ჩემს ბინას შეფარებულ უმსგავსობების გაძლება მეტად აღარ შემეძლო.

ერთ ოთახში ორი მოხუცი და მე ვცხოვრობდით, სახლი იმაზე დიდი იყო ვიდრე, გვჭირდებოდა, მაგრამ შვილი, რომელიც მიზეზს ვერ მეუბნებოდა რატომ, მარტო ერთ ოთახში ცხოვრების უფლებას გვაძლევდა.  ორი თვის თავზე ზუსტად მივხვდი, მიუხედავად ამდენი სირთულისა, კვირაში ერთხელ აუცილებლად ვალის შემახსენებელი ზარისა, თუ ხვალინდელი უიმედობისა, იყო საქმე, რომელსაც უბრალოდ ვეღარ გავაკეთებდი, თუ მინდოდა როგორც პიროვნებას, თავი გადამერჩინა.  ამას დაემატა, მოხუცი ბაბუას „ზედმეტი მოთხოვნები“ და ლათინური ასოებით დაწერილმა ბერძნულმა სიტყვებმა ჩემს მაგივრად ილაპარაკეს.  ერთი სიტყვით, გრაფიოში ჯერ ვალიც კი არ მქონდა დაფარული ისე სრულიად გამოცარიელებული მივუჯექი „ტრენოს“ პირა კაფეს.

ახლა რა გავაკეთო? ვკითხე ხმამაღლა ჩემს თავს და გამშრალი თვალებიდან ცრემლის ნასახიც კი ვერ დავინახე.

ესეც პირობითია. რასაც გავცემთ, გვიბრუნდება, და თუ არ გვიბრუნდება იქნებ იმიტომ რომ სათანადოდ არ გავეცით? რამდენი შეგხვედრიათ, მოსთქვამენ უიღბლო სიყვარულზე, ოცნებობენ მხოლოდ ნამდვილ შეგრძნებებზე, ის კი არა და არ ჩანს. ერთ გადაცემას ვუსმენდი, ადრე... აღარც მახსოვს როდის, გოგონა იჯდა და გვასწავლიდა პატარ-პატარა რჩევებით, როგორ გაგვეხადა ცხოვრება უკეთესი. „თუ მუდმივად 10 წლის გოგონად დარჩებით, შეუძლებელია ნამდვილი სიყვარული იპოვოთ, ჩვენ რომ ქუჩაში ათი წლის ბავშვი შეგვხვდეს, რომელიც მოსთქვამს თავის ბედზე, არ გაგეცინება? რა თქმა უნდა, გაგეცინებათ, თან ეჭვი მაქვს, ერთობ ხმაურიანადაც... ჰოდა, მეგობრებო, ცხოვრებასთან ერთად უნდა გაიზარდოთ, სამყარომ ყველაზე უკეთ იცის, როდის ხართ ათი წლის გოგო შინაგანად, და როდის 25-ის და თუ მუდმივად, ათი წლის ასაკში აპირებთ ყოფნას, მოდით, აქედანვე, იცოდეთ, რომ სიყვარული თქვენი არასოდეს იქნება.“  მემგონი რომ მართლა ასე უნდა ყოფილიყო, რომ არა ეს საოცარი მოძრაობის უნარი, ერთ ადგილზე ჭაობად ქცევა ყოველთვის ჩვენს ხელში იქნებოდა... და მაინც რა, განა ვინმე აქებს დაჭაობებულ შამბნარს, როდესაც გვერდით მთის მდინარე ჩაიჩქროლებს და მომხვდურთ სისხლს აუდუღებს.

და გაცემაზე ვსაუბრობდი. სამყარო იმაზე სამართლიანია, ვიდრე ჩვენ გვეჩვენება. ბუმერანგის პრინციპიც აქტიურად მუშაობს. არ ვიცი ასეთი რა მქონდა გაცემული, მაგრამ ზუსტად იმ მომენტში, როდესაც კიდევ ერთხელ თავი მიუსაფარ კნუტად ვიგრძენი, ათენის ვიწრო ქუჩაში, სამსახურისა და ჭერის გარეშე, თანაავტობუსელი ქალი შემომეფეთა.

-         ეკა, შემოგევლე, როგორ ხარ? - შორიდანვე ვრცელი მოკითხვებით დაიწყო ქალმა,

რომლის სახელიც აღარც მახსოვდა, რადგან ის დღეები სტამბოლისკენ მიმავალი ავტობუსის ბევრად შორს დარჩა. და კიდევ იმიტომ, რომ ყველა სხვადასხვანაირ შთაბეჭდილებას ვახდენთ ერთმანეთზე. ზოგისთვის შეიძლება მე ვიყავი რაღაცით „სხვანაირი“, „ღირსი დამახსოვრებისა“ და ზოგი თავად ხდებოდა, ჩემს გონებაში საკუთარი ადგილის დაკავების ღირსი.

ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი... რატომღაც ბოლომდე მივენდე, თითქმის

უცნობ ქალბატონს. მაგრამ ნდობა ზოგჯერ ხომ ჯოკერის თამაშს ჰგავს, გარისკავ, ენდობი და  მეგობარს იძენ, ან გარისკავ, ენდობი და შეიძლება იფიქრო, ყვველაფერს კარგავ, მაგრამ არა, შეიძლება  მეგობარს ვერა, მაგრამ ორჯერ გაძლიერებულ საკუთარ თავს ნამდვილად იღებ.

მე სამყარომ პირდაპირ მეგობარი გამომიგზავნა. საღამოს, მისი სახელით გამაგზავნეს მოკრძალებულ ბინაში, კატო პატისიაზე, აქაც რამდენიმე ქალი ცხოვრობდა ერთად, მაგრამ შესვლისთანავე ბინაში სისუფთავის და გემრიელი სადილის სუნი მოგხიბლავდა. მთავარი ქალბატონი, 60 წლამდე მაღალი, მისი ასაკისთვის კარგ ფორმაში მყოფი შემოგვეგება და ეჭვის თვალით დამიწყო ყურება. ეტყობა, სანამ თავის წრეში მიმიღებდა, მამოწმებდა...

-         ჩვენ აქ, სუფთა ცხოვრებით ვცხოვრობთ, წესი ასეთია. აქედანვე იცოდე - მომიბრუნდა და პირდაპირ ამ ერთი ფრაზით დაიწყო ჩვენი ურთიერთობა.

-         დამიჯერეთ, მეც ჭუჭყს გამოვექეცი თქვენთან - შევუბრუნე სიტყვა და მისი ქედმაღლობისთვის ყურადღება არ მიმიქცევია.

რამდენიმე თვის მერე ზუსტად შემეძლო მეთქვა, ასეთი კეთილი ქალი, ბევრი არ

დადიოდა ათენში.

აივნის მოპირდაპირე მხრიდან გამჭოლმა მზერამ გონება გამითიშა და უცებ აწმყოს შეგრძნება აღმიდგა... გამახსენდა სად ვიჯექი და რა ამბავს ვყვებოდი.. ხატიას თვალები მოეხუჭა, თმები მხრებზე ჩამოეშალა და ხელებში ჩაერგო თავისი პაწაწუნა სახე, სირინოზს ჰგავდა, მანათობელი კუდის გარეშე... ხატია კარგია, მაგრამ ეს თვალები, ეს შემოხედვა... მეჩვენებოდა თუ მართლა სადმე მენახა? ვეღარ ვანსხვავებდი...

-         ხატია, მგონი რომ დაგღალე ჩემი ამბით, ხანდახან ასე მემართება, ისე გამიტაცებს

თითქოს რომანს ვწერდე საკუთარ თავზე, გონებაში ვაწყობ მონაკვეთებად და ჰოპ, უცებ საოცარი სიუჟეტი იქმნება. - მოვიბოდიშე და თან თეთრპერანგიანი მამაკაცის სახელოში ვცადე თვალის სხივი ისე გამეტარებინა, რომ კიდევ ერთხელ მომეკრა მზერა უცნობი ნაცნობისთვის. თუმცა, არაფერი გამომივიდა...

 

გიორგი

წერილები იმაზე სწრაფად მოდის, ვიდრე აზრების ჩამოყალიბებას ვასწრებთ.

წერილები რა, ის ნამდვილი წერილები არა, ოდნავ მოყვითალო ფერი რომ დაჰკრავს და გეგონება, ფეხები გამოიბეს და შენამდე მოსასვლელად დაუღალავად იარესო. ამის გამო, ახალთახალი კონვერტის ბოლოებს, კარგად თუ დააკვირდებით, შეატყობთ, სირბილისა და დაღლილობისგან ერთმანეთზე გადადებულ ნაბიჯებს. მე სულ სხვა წერილებზე ვსაუბრობ, პრინციპში ვიღა ეძახის წერილს რო? მესიჯი - იტყვი, ან სმს, და იქვე გახსნილია ყველა საიდუმლო. აღარც ის იდუმალება, მოლოდინი, ან კიდევ რა ვიცი ფარული სიხარული, როცა იცოდი რომ დღეს თუ ხვალ ვიღაც კარებთან მოგიტანდა და შეიძლება სულ ახალი ცხოვრება დაგეწყო იმ ქაღალდის ნაგლეჯთან ერთად.

მერე ასეთი თამაშიც იყო სკოლაში, - „წერილი გინდა თუ სიხარული?“ შემოგეკითხებოდა შენი მერხის მეზობელი და საკუთარ თვალებს რომ არ გაეცა, უაზროდ იწყებდა აქეთ-იქით თვალების ცეცებას. კითხვას თავისი პასუხი ჰქონდა - „სიხარული წერილში“. ანუ ეს დაახლოებით, შამპუნები რომაა ორი ერთში ეგეთი რამე იყო, ბევრად ადრე სკოლის მერხზე მოფიქრებული. თუ გამოიცნობდი,  ის სიხარულიანი წერილი შეიძლება დღის ბოლომდე შენი ჩანთის პატარა გვერდით ჯიბეში აღმოჩენილიყო, ორი მერხის მოშორებით მჯდარი, ვინმე ნიკოს მიერ დაწერილი.. შენ კიდევ თამამად დაიჯერებდი, რომ როგორ არა, ეს მეთოდი ამართლებს! დღეს ასეთ სიხარულებს კიდევ თუ არიგებენ სკოლაში არ ვიცი...

იყო კიდევ ერთი გარდამტეხი პერიოდი, სიმენსის ტელეფონი, პირველი გახდა ჩემს ცხოვრებაში, რომელმაც სამუდამოდ დაიდო ბინა ქურთუკის მარჯვენა ჯიბეში. ჰოდა, იმ სიმენსის ტელეფონზე, როცა კი წერილი მოდიოდა, (პირველ ხანებში წერილი ლეგიტიმურ სახელად მიჩნეოდა და ასეც ეძახდნენ), პატარა ისარი საათის გვერდით ჩნდებოდა. აი, წარმოიდგინე ის მომენტი, დასატენად დატოვე, ბრუნდები და ეს პაწაწინა ისარი გიხმობს, ვიღაცას გაახსენდიო. ოოო, ეს კარგი რამე იყო, ფოსტის წერილზე ნაკლები სიდიადე არ ჰქონდა.

მოკლედ, იმას ვამბობდი რომ მისტიურობა და წერილი დღეს აღარ ძმაკაცობენ. ეგენი არა მაგრამ მე და გურეშა, აი, ის ქერა როა და სიმღერა რომ უყვარს, დღემდე ვძმაკაცობთ. ჰოდა, გამოუშვებს ხოლმე ცალი ხელით აკრეფილ ტექსტს, მეც ჯერ ამოცანასავით გავშიფრავ, რომელი ასოს დაწერა უნდოდა და რომელზე მოუხვდა ხელი, (გვარიანი შრომა კი სჭირდება ამასაც ) და მერე, მერე აღარაფერი, სადღაც ნახევარი საათი მაქვს რა ადგილზე რომ ვიყო. მაგაში კი ნაღდად გამიმართლა, ათენშიც ერთად გამოვგაზეთ. და აგერ, მეორე წელია კარგად ვართ რა...

კვირა დღე მიყვარს.. საერთოდ აქ ეგრეა რა „პრაზდნიკია“. გინდა, დალევ, გინდა კლუბებს დააწიოკებ და რავიცი რა, არ მოგეწყინება.

ხოდა, საღამოა, გურეშამ დღეს გინდა თუ არა ქართული რესტორანის დღეაო და დავაწექით პირდაპირ. აუ, არადა მე მაგრად მეზარება ამ ბოლო დროს ესეთი დვიჟენიები რა. ზიხარ, ვითომ ქართულ სიმღერას უსმენ, თან ცეკვა და ეგეთები მე არ მევასება და ნუ, უფრო ჩემს პონტში ვარ რა.

მეთქი გავალ მოვწევ, და აივანზე აღმოვჩნდი. მაგრად გამისწორდა, შიგნით ერთმანეთში აზელილი ტიპების მერე, ეს მოშნი აივანი, თავისი განათებებით, აქეთ-იქით გემრიელი ხედები. მეთქი ახლა ერთი წიგნი მომცა, აი ისეთი რა, ტომ სოიერივით რო იწყებოდეს და ეგრევე გითრევდეს, და ვსო რა, გასული ხარ კარგა ხნით.

სადღაც ნახევარი საათი კი ვიდექი გარეთ, მერე ცხოვრებაში პირველად დეჟავუს პონტი გაიჩითა. ვუყურებ და მიყურებს, ვცნობ და ვერ ვცნობ. ეს მოთაფლისფრო-სიმწვანე აღარ მაძლევს საშუალებას სხვაგან გავიხედო. რა გჭირს ტო, ვკითხე ჩემს თავს და მე თვითონ გამიტყდა საკუთარ თავთან, უნახავივით რომ დავიწყე მიშტერება.

ისიც მიხვდა, ეტყობა. იჯდა და მიყურებდა. და აი, იქ თვალები ოდნავ რო დახარა, გამახსენდა, გამახსენდა და რა გამახსენდაა... ბიჭო, ეგეთი არაფერი მინახავს იქამდე, რა. ხო, გეუბნები, ლამაზებს რა გამოლევს, მარა ეს ის გოგო იყო, ჩემი უბნიდან,  რაღაცნაირი უფერო. სურვილი კიდევ უფრო მომეძალა, მეთქი ხო არ მივიდე, ერთი წუთით გამკრა აზრმა, მაგრამ რა მესამე კლასში ხო არ ვარ, მივიდე და

-         ვა, მე გიორგი ვარ, მომე რა ნომერი. - არაა, ეგრე არ გამოვა. ბოლოს, ეგრე რო

გავაკეთე, სამი დღე ვინანიებდი საკუთარ თავთან. თან ეს სხვანაირი იყო. ეტყობოდა ორ მეტრზეც. საერთოდ, ადამიანს თუ კარგად დააკვირდები, თუნდაც შორს იდგეს და თუნდაც, თვალს არ გისწორებდეს, სულის ანარეკლი ტანსაცმელზეც კი ეტყობა. ნაძვისხის სათამაშოებივით, გარს შემოხვეული აქვს  ხასიათის ნაკლოვანებები, თუ სილამაზეები და თვალწინ გიფრიალებს, შენ უნდა დაინახო უბრალოდ. ისეც ხდება, როგორც ნაძვისხეს, ზოგი უკანა მხარეს რაც კი უშნო და მომტვრეულძირიანი ნათურა აქვს იმას მოაბამს ხოლმე. ადამიანებმაც იციან ასე, ყველაზე ბოლოს და ყველაზე მიჩქმალულ ადგილას მოიტოვებენ თავიანთ „სიმახინჯეებს“ და მალავენ და მალავენ მთელი ცხოვრება. არადა, მამენტ, რო დაფიქრდე, ის კი არ იციან რო, ეგ „სიმახინჯეები“ ხდის ადამიანს განსაკუთრებულს, იქნებ მაგიტომაც გვიყვარდება ვინმე, როცა ვიცით რომ სხვებისგან განსხვავდება, თუნდაც ამ განსხვავების თავადაც რცხვენოდეს.

ოჰ, ღმერთო ის მომენტი მიყვარს, მოულოდნელობას რომ ეძახის ზოგი, ზოგი კიდე ბედს და ბედისწერას. მე რო ვთქვა მაგის მჯერაო, რავი, მოვიტყუები, მაგრამ საკაიფო რამე კი არის.  ხოდა,  წინ გურეშას ძველი ნაცნობი არ გადამეყარაა?

-         გიო, როგორ ხარ? - ჩაფიქრებიდან გამომიყვანა და წინ გადამიდგა, ძველი

ნაცნობის სახე.

-         ხატი, შენ ხარ გოგო? ვერც კი გიცანი შორიდან, ისე გალამაზებულხარ. - თავის დაძვრენა ვცადე უნიჭოდ.

-         აუ, არ დაიწყო ახლა, სულ არ მიყურებდი და რას მიცნობდი - ჩვეული პირდაპირობით მომახალა ხატიამ და გაიცინა - ჰო, მართლა, გაიცანი, ეს კატერინაა, არ გეცნობება, ჯერ ახალია. - ხატიას, უკან უცებ ის ნაცნობი სიღრმე შევნიშნე და კიდევ ერთხელ უცნაურად გამიშტერდა თვალი.

-         სასიამოვნოა - ხმა საკმაოდ დაბალი, მაგრამ მტკიცე და ხავერდოვანი ჰქონდა. ერთი წამით თვალი თვალში გამიყარა და თითქოს საკუთარი თავითვე გაოცებულს ტუჩის კიდეებთან ღიმილი გაუკრთა.

-         მე მგონი რომ გიცნობთ საიდანღაც - არ დავკონკრეტდი და საუბრის გაგრძელება გადავწყვიტე. თან გვერდითი მზერით ხატიას გაოცებულ და დაინტერესებულ მზერას ვხედავდი, ვიცოდი, რასაც ფიქრობდა, ყველაფერი ვიცი რაც აქ ხდება და რამე არ გამომრჩესო.

-         მართლა? მე არ მახსოვხართ - თავი გადაიქნია კატერინამ, და ლავიწის ძვლის კონტური კიდევ უფრო გამოიკვეთა ზაფხულის მაისურს მიღმა.

-         კი, კი ნამდვილად, თბილისში შევხვედრივართ, ერთი ორჯერ, ჩემი სახლის წინ

- როგორც უიმედობის დროს გვჩვევია ადამიანებს, ერთ მარცხს ადვილად მივაყოლებთ ხოლმე მეორე ცდას, გამარჯვების იმედით, მაგრამ მარცხს მარცხი უფრო იზიდავს და გამარჯვებამდე შესვენება აუცილებელია.

-    ვერაფერს გეტყვით - მხრები სასაცილოდ აიჩეჩა, და არასასურველი საუბრისგან გათავისუფლება სცადა. თვალწინ „ჰუდის“ განიერ მკლავებში ჩაძირული გოგო დამიდგა და კიდევ ერთხელ გამიელვა უცნაურმა შეგრძნებამ.  სხვა ცხოვრებაში შევხვედრივართ ერთმანეთს... და მარტო შეხვედრა არ იყო ეს.

-         კაროჩე, რა მნიშვნელობა აქვს, გაცნობა არასდროსაა გვიან, კატერინა. - და გავიღიმე ისე, როგორც ჩემს მდგომარეობას შეეფერებოდა.

აქ უკვე ხატია ჩაება საუბარში და საკუთარი გულის ტკივილი გამიზიარა:

-         მეც მაგას არ ვამბობდი, ოთხი წელი აქ ცხოვრობს და მეც კი არ ვიცნობდი, შენ რა უნდა გიკვირდეს.

სამივემ გავიღიმეთ, კატერინამ თვალი ამარიდა, ბოდიში მოიხადა, უჩუმრად

გაუჩინარდა მუქყავისფერი კარების მიღმა.

კიდევ რამდენიმე ხანი ვიდექი და ვისმენდი ხატიას თეორიებს მოახლოებული ზაფხულის ამინდის შესახებ. მერე, თვითონვე მიხვდა, გონება რომ სხვაგან მიქროდა და შეჩერდა.

-         მოგეწონა? - მოურიდებლად იკითხა

-         ვინ?

-         ვინ? მე მეკითხები? თუ სულელი გგონივარ? - არ დანებდა ხატია.

რა უცნაურია, მე კიდევ მეგონა, სახის კონტროლი შემეძლო და ყველა შეგრძენება არ

მეხატებოდა.

-         კაი, უნდა წავიდე, მელოდებიან. - ზრდილობიანად გავიღიმე და ხელი ოდნავ შევახე ხატიას მხრებს, გამხნევების თუ მეც არ ვიცი რის ნიშნად.

-         კარგი ამბები გველის წინ - ეშმაკურად ჩაიცინა ხატიამ და თვალი ჩამიკრა.

საერთოდ ერთი უცნაური რამე დამჩემდა უცხო ქვეყანაში გადმოცხოვრების შემდეგ.

საღამოს ავიღებდი მოკლე ფურცლებიან ბლოკნოტს და  ნაწყვეტ-ნაწყვეტად ვწერდი ერთი დღის შეგრძნებებს. ორ წინადადებაზე მეტი არასდროს გამოდიოდა. არც მეტი წერის უნარი მქონდა (არასდროს მყვარებია ეს ნოსტალგიურ-რომანტიკული ფრაზების რახა-რუხი), ამიტომ ერთი წინადადება ხშირად ჰყოფნიდა ჩემს ემოციებს გარეთ გამოსასვლელად.

განსაკუთრებით ბევრს დედაჩემზე ვფიქრობდი, მაინც რანაირი ბედი ჰქონდა, თუ რა დამერქმია ამისთვის. ხანდახან მეგონა, რომ არავინ გამოადგა ცხოვრებაში, მამაჩემმა სიკვდილი არჩია და დაუფიქრებლად მიატოვა, მე და ცოტნე კიდევ, დიდი ეგოისტები ვიყავით. მარტო საკუთარ ცხოვრებას ვიწყობდით, უფრო სწორად, კი არ ვიწყობდით, გაგვყავდა. ჰო, ასეთი სინანულის დღეებიც მქონდა...

სინანული არასასურველი სიზმრის ნახვას ჰგავს... იღვიძებ და გინდა ვინმეს მოუყვე, როგორც გასწავლიდნენ, წყალს გააყოლო, მაგრამ იქამდე არ მიდის, იქამდე არ ნებდება სანამ რაღაც ახალს არ დაგანახებს... სინანული იქნებ ყველაზე ძლიერი ადამიანური გრძნობაა? როდესაც იცი, რაც გააკეთე, მაგრამ ცდილობ, გონებაში მთელი ცხოვრების წინასწარ განჭვრეტას, მთელი სიცხადით წარმოდგენას, თუ როგორ ეცდები დარჩენილი დღეები ჩადენილის გამოსწორებას მოანდომო...

ღამით, აივანზე გამოსულს მეზობელი სახლიდან სიმღერა მომწვდა და ჩემი ჩაფიქრებული გონება კიდევ უფრო შორს გააქანა....

“You know we belong each other…You and I for ever and ever… no matter where you are… you’re my guiding star and from the very first moment I saw you, I never felt such emotion… I am walking on the air just to know that you’re… Hold me in your arms, don’t let me go… I want to stay forever Home and away with you each day… let me be the one that you turn to someone you can rely on closer each day... Home and away…”

იმ დღეს, ზედმეტი ემოციებისგან შეწუხებულმა კიდევ ერთი წინადადება მივამატე ჩანაწერების რვეულს, რომელსაც გულში საიდუმლო კიდობანს ვეძახდი და ფენა-ფენა ვალაგებდი დღიურ ემოციებს.

„ზოგჯერ გვენატრება ვიღაც, ვისაც წესიერად არც ვიცნობთ, მაგრამ ჩვენი დაკარგული ნაწილივით გვტკივა სიშორე“.

 


ბეჭდვა