მოპარული სიყვარული (II ნაწილი)
მოპარული სიყვარული (II ნაწილი)
მოპარული სიყვარული (II ნაწილი)
21 ივნისი, 2019 წ.

ენჯი

მეგობრის მეგობარი ჩემი მეგობარი არ არის!

როგორც კი ლევანს მოვშორდი, სირბილით ავირბინე კიბე. უკან შეშინებული ნინია მომყვებოდა.

-   ენჯი, კარგად ხარ? - მკითხა აღელვებით, - ბოდიში, არ ვიცოდი თუ მატყუებდა, მითხრა მისი მეგობარი ვარო. მაპატიე რა...

-   კარგად ვარ ნინია და ნუ მებოდიშები გთხოვ, - ხელის აწევით შევაჩერე, მისი ბოდიშების თავი არ მქონდა ნამდვილად, - ჩემი მეგობარია, უბრალოდ ცოტა რთული ურთიერთობა გვაქვს... გვქონდა... -  არ ვიცოდი რა მეწოდებინა ლევანთან ჩემს კავშირს.

-   არაფერი გინდა? - ჩამეკითხა ნინია, - გაფითრებული ხარ.

-   არაფერი ნინი, უბრალოდ არავინ შემაწუხოს კარგი? - მუდარით შევხედე, - საბა მალე დაბრუნდება ალბათ და მან მიხედოს დღეს კაფეს. არავისი ნახვა არ მინდა.

-   როგორც გინდა, - წყნარად მითხრა და ყოყმანით წავიდა კარისკენ.

-    ნინია კარგად ვარ მე, მართლა. წადი იმუშავე, - ნაძალადევად გავუღიმე და ტელეფონი მოვიმარჯვე. ლაიას ნომერი მოვძებნე და სწრაფად  მივწერე: „ ნახევარ საათში ჩემს კაფეში თუ არ მოხვალ, შეგიძლია  სამუდამოდ დამივიწყო! ძალიან მჭირდები!!!“

შეტყობინება გავგზავნე და ოთახში ნერვიულად სიარული დავიწყე. თურმე ჩემი მომავალი შვილი მამაა და ყველაფრის გასარკვევად ჩამოვიდა. იდიოტი! ხეპრე! ვინ გონია თავი? „იცოდე რომ შენზე ყველაფერი ვიცი“ - გავიმეორე მისი ნათქვამი. ნეტა რა იცის? ჯანდაბა! ახლა გავგიჟდები. ვინმესთან ლაპარაკი მინდა. სასწრაფოდ!

ფეხის ხმა გავიგონე, რასაც კარზე ფრთხილი კაკუნი მოჰყვა. საათს დავხედე. ასე უცებ ლაია ვერ მოვიდოდა. ალბათ საბაა. ღმერთო, ახლა მაგის ცანცარი როგორ მეზარება.

-         შემოდი, - ზანტად გავძახე და სავარძელში დავეშვი.

-      სალამი ენჯი, - გიომ ფრთხილად შემოაღო კარი და ნელა წამოვიდა ჩემკენ, - ხომ არ გაცდენ?

-      გიო? - გაკვირვება ვერ დავფარე, - მოდი, დაჯექი, - წამოვდექი და ხელით სკამისკენ ვანიშნე, - ჯერჯერობით მცალია, მოგვიანებით ლაიას უნდა მოვიდეს.

-      ცოტა დროს წაგართმევ, ჯანო და ბექაც მოვლენ მალე, მე მინდოდა მათ მოსვლამდე მენახე,  - ხმაში ნერვიულობა ეტყობოდა გიოს.

-      რამე მოხდა გიო? - მეც ავნერვიულდი.

-      არა, უბრალოდ ჯანოს შესახებ მინდა შენთან საუბარი, - თვალი ამარიდა.

-      ჯანოს რამე შეემთხვა? - სულ დავიბენი.

-      ენჯი, ხომ იცი, ძალიან დიდ პატივს გცემ, - მძიმედ დაიწყო გიომ, ეტყობოდა რომ სათანადო სიტყვების მოძებნა უჭირდა, ხან საკუთარ ხელებს ჩასცქეროდა, ხან ფანჯარაში იყურებოდა უმიზნოდ, -  არა მხოლოდ ჯანოსთან მეგობრობის გამო, ვთვლი, რომ კარგი ადამიანი ხარ. ისიც იცი, რომ ბექას მსგავსი ცანცარი და ყბედობა არ მახასიათებს, იმიტომ მოვედი ადრე, რომ გულწრფელად მელაპარაკა შენთან.

-      ჯანდაბა გიო, აღარ იტყვი რა ხდება? - გავღიზიანდი, - ისედაც მძიმე დღე მაქვს და გეხვეწები შენც ნუ მიმატებ რა, გასაგებად ამიხსენი რა გინდა.

-      კარგი, - ამოიოხრა და ისე რომ მზერა ხელებისთვის არ მოუცილებია, - მინდა რომ ჯანოს შეეშვა! - მითხრა და მზერა  ხელებიდან ისევ ფანჯარაზე გადაიტანა.

-      გინდა რომ ჯანოს შევეშვა? - მისი სიტყვები გავიმეორე, ვცდილობდი მისი ნათქვამი გამეაზრებინა, - რას ნიშნავს ჯანოს შევეშვა?

-      მშვენივრად იცი რასაც! - მზერა გამისწორა,

-      არა, არ ვიცი! - თვალებში ვუყურებდი და ვგრძნობდი, როგორ იმატებდა ჩემი გულისცემა,  - და შენც არ იცი რას ამბობ!

-      ენჯი უნდა აღიარო! - ხმა გაუტყდა გიოს,- უნდა აღიარო, რომ ჯანოს უყვარხარ. მერე კი უნდა შეეშვა და ცხოვრება აცალო!

-      რა აბსურდია! - თავი გავაქნიე უარის ნიშნად და შუბლზე ხელები შემოვიჭირე, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ტვინი ამიფეთქდებოდა, - ჯანოს არ ვუყვარვარ. უფროს სწორად როგორ არ ვუყვარვარ, მაგრამ მხოლოდ დასავით.

-      მე კი გეუბნები, რომ როგორც ქალას ისე გიყურებს და სანამ მის გვერდით იქნები, მშვიდად ვერასოდეს იქნება.

-      გეყოფა. მორჩი რა! კმარა! - სავარძლიდან წამოვვარდი და ხმას ავუწიე, - გაცნობის დღიდან ხან ძმაოს მეძახის, ხან დაიკოს, ყველა თემაზე მისაუბრია მასთან, როგორც უფროსს ძმასთან, ჩემი პირადიც კი მომიყოლია, შენ კი მოდიხარ და მეუბნები რომ ვუყვარვარ? სისულელეა!

-      ჯანო მის ანგელოზსაც გეძახის და ამას როგორ ახსნი აბა? - კითხვით სავსე თვალებით შემომხედა გიომ .

-      მასე სახელის გამო მეძახის, - ვცდილობდი პასუხი მეპოვა.

- მესმის, გიჭირს დაჯერება, მაგრამ სიმართლეა. ვფიქრობ,  შენთან მასე იმიტომ იქცეოდა, რომ საკუთარი გრძნობები დაემალა, არ უნდოდა...

-      ახლა გავგიჟდები, - ოთახში დავიწყე გიჟივით სირბილი, - საკუთარი გრძნობების დამალვას ცდილობდა ხომ? და მე? მე რა უნდა ვქნა? ჯანოს შევეშვა რას ნიშნავს?

-      ისე ნუ გამოგყავს თითქოს ვერაფერს ხვდებოდი, ქალი ყოველთვის ხვდება როგორ უყურებს მამაკაცი. - ხმა დაიდაბლა გიომ ,- ყველას სიამოვნებს მამაკაცისგან ყურადღება და თვითონაც აძლევს მიზეზს, ეკეკლუცება და...

-      რა ჯანდაბას მეუბნები? - ავღრიალდი და გიოს თავზე დავადექი, - რა მიზეზს ვაძლევდი ჯანოს? მითხარი რა გავაკეთე, მასე ლაპარაკს რომ მიბედავ?

-      მუდამ ურეკავ, მასთან სტუმრად მიდიხარ, ერთად დადიხართ გასართობად, სულ ეხმარები, -  თითებზე ჩამოთვლა დაიწყო გიომ.

-      მაგას ლაიაც აკეთებ და  ის რატომ იქცეოდა ასე? - გავოცდი მისი ჩამოთვლილი მიზეზებით, - ან რა გგონია, მაგ ყველაფერს იმიტომ ვაკეთებდი რომ თავი მომეწონებინა ჯანოსთვის?

-      აბა რისთვის აკეთებდი? - ირონიულად ჩაიცინა, - არ მითხრა, რომ გეცოდებოდა.

-      შენ ხომ არ უბერავ? ხომ არ უბერავ მეთქი? - ვუღრიალე ბოლო ხმაზე, - რა მეცოდებოდა, მეგობარს რომ დავეხმარო არ შეიძლება?  შენც რომ უკეთებ მაგ ყველაფერს და რა შენც გეცოდება? თუ გგონია შენზე ნაკლები მეგობრობა შემიძლია?

-      მე როგორ მედრები? - ძარღვები დაეჭიმა კისერზე, - ჯანო ჩემი ძმაა, ბავშვობიდან ვიცნობ და..

-      და აუცილებელია რომ ბავშვობიდან ვიცნობდე ადამიანს, რომ მეგობრობა გავუწიო? მითხარი მეგობრობის შენეული განმარტება როგორია,  ძალიან მაინტერესებს.

-      მე და შენც მეგობრები ვართ მაგალითად, მაგრამ ჯანოს სხვანაირად ექცევი!

-      შენ ჩემი მეგობარი არ ხარ! - ვუღრიალე ხმამაღლა.

-      გეყოფა ენჯი, აქ იმისთვის მოვედი რომ...

-      სულ ცალ ფეხზე მკიდია რისთვის მოდი! ფეხზე მკიდია გესმის! - გავაწყვეტინე მკაცრად, - როგორც მოდი ისე წადი. თუ ესეთი მაგარი ძმობა და მეგობრობა იცი, მე რატომ მირეკავს ხოლმე ჯანო დასახმარებლად? იმიტომ ხომ არა, რომ სადმე დაბოლილი აგდიხარ, მთელი  კვირის განმავლობაში დაგეძებს ბექა და მაგის გამო ჯანოსთვის ვერ იცლის? თუ იმიტომ რომ შენ თუ არ წამოგიარა, სხვისი გულისთვის არაფრის გაკეთება არ შეგიძლია? ერთხელ მაინც გითქვამს უარი საკუთარი სიამოვნებისთვის ჯანოს გამო? მოდიხარ აქ და მთხოვ რომ ჯანოს შევეშვა. შენი ნათქვამი სიმართლე რომც იყოს მე რა ვქნა? ჩემი ბრალია  ჯანო რომ გავიცანი, რომ დავუმეგობრდი და რომ შემიყვარა? რას ნიშნავს შევეშვა? მისი ზარები დავბლოკო, კაფეში მოსვლა ავუკრძალო თუ დახმარებაზე ვუთხრა უარი? მითხარი რა ჯანდაბა გავაკეთო? რა გავაკეთო? - ხელები გავშალე.

-      შეგიძლია თბილისში დაბრუნდე,- ჩაიდუდუნა გიომ.

-      რას ნიშნავს თბილისში დავბრუნდე? ან ჩემს ცხოვრებას რა ვუყო? ჩემს სამსახურს, მეგობრებს?

-      შეგიძლია სამსახური თბილისშიც იშოვო, - მინახა გამოსავალი, - მეგობრებიც. ასე ჯანოც დაისვენებს და მეც მშვიდად ვიქნები.

-      ბოდიში, თუ ჩემი აქ ყოფნა დისკომფორტს გიქმნის, - გესლიანად ვუპასუხე, - ჯანოსთან თვითონ გავარკვევ ყველაფერს. წადი აქედან.

-      რა გაღრიალებს გოგო, შენი ხმა ქვემოთაც ისმის? - დაუკაკუნებლად შემოვარდა ლაია, გიოს დანახვაზე შეიშმუშნა, - უი გიო, შენც აქ ხარ? ქვემოთ ბექა და ჯანოც მოვიდნენ, რამე ხდება?

-      არაფერი არ ხდება, გიო უკვე მიდის, - შევუბღვირე გიოს. ლაიამ თვალები მოჭუტა და ისე შემომხედა, ცდილობდა მიმხვდარიყო რა გამოტოვა. მერე ვითომ არაფერიო მხრები აიჩეჩა და ფანჯარასთან მდგარ დივნის კუთხეში ჩამოჯდა. გიომ იკადრა ადგომა და ჩქარი ნაბიჯებით დაუმშვიდობებლად გავიდა.

-      რა ჯანდაბა ხდება? - ფეხზე წამოვარდა ლაია, როგორც კი გიომ კარი გაიხურა.

-      ლაი გეხვეწები აქედან გამიყვანე! სასწრაფოდ! - ვედრებით შევხედე.

-      ჩემი გოგო, მოდი ჩემთან, - ხელები გაშალა და მეც გადავეხვიე. ეს მჭირდებოდა. ერთი ჩახუტება იმ ადამიანისა, ვისაც ჩემი უსიტყვოდ ესმოდა. რამდენიმე წუთში სუნთქვა დამიმშვიდა და ლაისთან ერთად უკანა კარით დავტოვე კაფე. ზოგჯერ პარკირების პრობლემაც სასარგებლოა -  ლაიას მანქანა მეორე ქუჩაზე გაეჩერებინა. მანქანამდე შეუმჩნევლად მივედით. ლაიამ უსიტყვოდ დაძრა მანქანა. იცოდა ახლა რაც მიშველიდა და ნელა გაუყვა გზას.

საუკეთესო მეგობრის აღიარება

პირდაპირ ქვიან სანაპიროზე ვისხედით, ზღვას გავცქეროდით  და ჩუმად ვუსმენდით ტალღების ხმაურს. ზღვის ცქერა მამშვიდებდა ყველაზე მეტად. ახლაც ლაიამ ზღვასთან მიმიყვანა დასამშვიდებლად. ქალაქს გასცდა და მყუდრო ადგილი შეარჩია ლამაზი ხედით. მადროვა სანამ არ დავმშვიდდი, როცა სუნთქვა დამიმშვიდდა მკითხა:

-         აბა, აღარ მეტყვი რა მოხდა?

მოკლედ მოვუყევი გიოს ვიზიტზე და მასთან საუბარზე. თან ამის გახსენებაზე ისევ ავღელდი. ვერაფრით ვიაზრებდი მის სიტყვების და არც მათი დაჯერება მინდოდა.

-      წარმოგიდგენია? - მხრები და წარბები ერთდროულად ავწიე, - მოვიდა და გამომიცხადა ჯანოს უყვარხარო. გესმის? ჯანოს უყვარხარო და შეეშვიო. იდიოტი! მე და ჯანო? ჩვენ სამს ყველაფერზე გვისაუბრია, გახსოვს? ათას სისულელეზე, ქალის ჰიგიენურ საფენებზე და უსაფრთხო სექსზეც კი. ჩემს პირადულზე ვუყვებოდი, ჩემს გატაცებებზე. ამას ვერ დავიჯერებ. არ მინდა!

-      იცი, არ გაგიჟდე, მაგრამ ერთხანს მეც ვიფიქრე, რომ ჯანოს უყვარდი. სხვანაირად... - ყოყმანით მითხრა და მზერა ზღვიდან ჩემზე გადმოიტანა, ჩემს რეაქციას აკვირდებოდა.

-      და ამას ახლა მეუბნები? - ვკითხე გაბრაზებით და ადგომა დავაპირე.

-      ოოო ენჯი, ნუ იცი ხოლმე ასე წამოვარდნები, - ხელში მწვდა და ადგომის საშუალება არ მომცა, - დაჯექი და დამასრულებინე სათქმელი.

დავჯექი და ზღვას გავხედე. კიდევ უფრო ავირიე. ჩემი საუკეთესო მეგობარი მეუბნება, რომ მეორე საუკეთესო მეგობარს ვუყვარდი. სხვანაირად. და მე რამ დამაბრმავა ასე, რატომ ვერ მივხვდი? ლაიამ რამდენიმე წუთი კიდევ დაიცადა  და მერე განაგრძო:

-   ხომ იცი, ჯანოსთან ბავშვობიდან ვმეგობრობ და საკუთარი 5 თითივით ვიცნობ, - თითებზე დაიხედა ლაიამ, - ვიცი, როდის უხარია, როდის წყინს, როდის იცინის გულწრფელად. როდის მატყუებს მაგასაც კი ვგრძნობ. სწორედ ამიტომ ჯანოს შენდამი დამოკიდებულებამ დამაფიქრა. ადრე ჯანო სხვანაირი იყო, სანამ ის ამბავი შეემთხვეოდა... მერე შეიცვალა, შეიცვალა მისი დამოკიდებულება გოგოებისადმი და ზოგადად ყველაფრისადმი. მხოლოდ ჩემთან კონტაქტობდა ძველი მეგობრებიდან. კიდევ ბექასთან და გიოსთან, ეს ისედაც იცი. მერე შენ გამოჩნდი და ჯანოც გახალისდა. უფრო ხშირად იღიმებოდა. გარეთ უფრო ხშირად დაიწყო გამოსვლა. მოკლედ ნელ-ნელა ისევ ძველი ჯანო ხდებოდა. ხოდა გადავწყვიტე ამის შესახებ ჯანოსთვის მეკითხა...

-   რააა? შენ ხომ არ გაგიჟდი? - ყვირილით გავაწყვეტინე  და ისევ წამოდგომა დავაპირე.

-   დაეგდე და დამასრულებინე,- თვითონაც მიყვირა და ძალით დამსვა, - ხო, ჯანოსთან წავედი რომ ყველაფერი გამერკვია. ორივე მიყვარხართ  და არ მინდოდა თქვენს შორის რამე გაუგებრობა ყოფილიყო...

-   ჩემთან რატომ არ მოხვედი, მე რატომ არ მითხარი? - ისევ შევაწყვეტინე.

-   იმიტომ რომ ვეჭვობდი ჯანოს უყვარდი, პირიქით რომ ყოფილიყო შენთან გავარკვევდი. მაინც რა უნდა მეთქვა შენთვის?  ხომ არ იცი ჯანოს უყვარხარ თუ არა  მეთქი? ან რა გგონია ადვილია მიხვიდე ბავშვობის მეგობართან, რომელიც ეტლით მოსარგებლეა და კითხო შემთხვევით ხომ არ შეუყვარდა შენი საუკეთესო მეგობარი, რომელიც ამავდროულად მისი მეგობარია? - ლაიამ მოზრდილი კენჭი მოისროლა ზღვაში.

-   ჯანდაბა! არ ვიცი, ლაია, საერთოდ ვერ ვხვდები რა ხდება, - უფრო დავიბენი. ლაიასიც მესმოდა. მაგრამ ჯანო? - მერე ჯანომ რაო? - შიშით ვკითხე.

-   რაო და შენ ხომ არ უბერავო, - გაიკრიჭა ლაია.

-   დამცინი?

-   არა მართლა.  - დასერიოზულდა ლაია. - ხომ არ გაგიჟდიო, ენჯის ისე ვუყურებ როგორც შენო, ჩემი დები ხართო. ავუხსენი ასე რატომაც ვფიქრობდი და დაასკვნა ეჭვიანობო. დიახ, ზუსტად ასე მითხრა, - ჩემი გაოცებული სახის დანახვაზე გაეცინა ლაიას, - ენჯი ჩემს ცხოვრებაში მზესავით შემოვიდა და ფერები შემოიტანაო, შენც მზე ხარ მაგრამ ნამეტანი ერთფერიო და ეჭვიანობ, რომ შენს გარდა სხვა გოგოსთანაც ვმეგობრობო. რამდენადაც ჯანოს კარგად ვიცნობ, დარწმუნებული ვარ სიმართლე მითხრა.

-   არ მატყუებ? - დაეჭვებით ვკითხე.

-   ნწ. არ გატყუებ. შეგიძლია დამშვიდდე, - გამიღიმა მშვიდად.

-   უჰ, მადლობა ღმერთს, - ხმამაღლა ამოვისუნთქე. - აბა გიოს რა ჯანდაბა უნდოდა?

-   მაგასთან დაკავშირებითაც მაქვს ჩემი მოსაზრება, მაგრამ მეშინია ისევ არ გადაირიო, - შემპარავი ხმით დაიწყო.

-   რა მოიგონე ეხლა?

-   მე მგონი მაგ შტერს უყვარხარ და ჯანოს სახელის გამოყენებით ცდილობს შენს აქედან გაძევებას. ხომ გირჩია თბილისში დაბრუნდიო? უტყდება აღიაროს, რომ ძმაკაცის მეგობარი უყვარს, თან იცის, რომ შენთან შანსი არ აქვს, ბექას და ჯანოს მეშვეობით ყველა მისი ნაკლი იცი. ისიც იცის, რომ მეც არ მეხატება გულზე დიდად. მაგის ატანა შეუძლებელია, მხოლოდ ბექა იტანს, ისიც იმიტომ რომ ცანცარაა და მის სისულელეებს არ აქცევს ყურადღებას. ერთი თუ გადაეკეტა ამოუნაყავს ცხვირ-პირს და დასრულდება მათი მეგობრობა, - ლაის წარბშეკრული ვუსმენდი. მერე ერთმანეთთან რაღაცეები დავაკავშირე და მივხვდი, რომ შესაძლოა ლაია მართალი ყოფილიყო.  გავიხსენე ჩვენი შეხვედრები, მისი დამოკიდებულება ჩემდამი. სულ მიბღვერდა. ალბათ ასე ცდილობდა მისი გრძნობების დამალვას. ხეპრეა ნამდვილი. ჯანოსთან ურთიერთობის გაფუჭებას ვერ ავიტანდი ვერაფრით. აი, გიო სულ არ მადარდებდა. ამოვისუნთქე.

-   და ახლა რა უნდა ვქნა? -ვკითხე შეწუხებულმა.

-   დაიკიდე! - მასწავლა ჭკუა და წასასვლელად წამოდგა, - საუკუნეში ერთხელ მის ნახვას ჯანოს გამო აიტან.

-   სხვა გზა არც მაქვს,- ტუჩების წვალება დავიწყე მე.

-   მხოლოდ ამის გამო მომწყვიტე საქმეს თუ კიდევ რამე მოხდა? - ისე მკითხა ლაიამ, თითქოს ეს სასაუბროდაც არ ღირდა.  უი, ლევანი. იმ იდიოტი გიოს გამო ლევანი სულ დამავიწყდა.

-               არა ლევანის გამო, - ვუთხარი და გავუღიმე, - გიო მერე შემომიხტა მთელი მისი ნაბოდვარით.

-   ლევანი ვინაა? - გაიკვირვა ლაიამ, თან ცდილობდა შარვალზე აყოლილი ქვიშა ჩამოებერტყა.

-   ჩემი მომავალი შვილის მამა, - თვალების ნაზი ფახურით ვუპასუხე.

-   რაააა?- თვალები გადმოუცვივდა გაოცებისაგან.

-   წამოდი,  მანქანაში მოგიყვები, შემცივდა და თან სამსახურში დაბრუნების დროა, ალბათ საბა გიჟს გავს, - შევცინე ლაიას და მანქანისკენ წავედი. გაოცებული ლაია სირბილით ამედევნა.

 

 

 

 

.......................

სანამ მანქანას დაძრავდა მანამდე დავიწყე მოყოლა. მოკლედ მოვუყევი ლევანის შესახებ. მისმენდა უემოციოდ და თვალს არ მაშორებდა, თან  თითებზე რაღაცას ითვლიდა. ბოლოს გაოცებულმა მკითხა:

-         4 დღეში მოხდა ეს ყველაფერი?

-         ხო, ოთხი დღე დამჭირდა ცხოვრების არევისთვის, - რატომღაც გამეცინა. - შენ ის მითხარი რა უნდა ვქნა?

-         უნდა შეხვდე! - მითხრა მტკიცედ.

-         ხო, ნამდვილად უნდა შევხვდე და ვუთხრა ყველაფერი. იმედია არ მომკლავს.

-         უნდა შეხვდე და ეს თამაში განაგრძო!

-         ხომ არ გაგიჟდი? - შევიცხადე.

-      თუ გინდა, რომ გაპატიო ამ თამაშის უჩემოდ წამოწყება, უნდა განაგრძო ეს თამაში. იცოდე არ გაპატიებ!

-      არ არსებობს! მაგას არ ვიზამ, - კარს ვეძგერე გასაღებად, მაგრამ ლაიამ ჩაკეტვა მოასწრო.

-      ისე მოიქცევი როგორც გეუბნები. სანამ არ დამპირდები აქედან ვერ წახვალ, ან წახვალ თუ მომკლავ.  სხვათაშორის მე არსად მეჩქარება, - უდარდელად აიჩეჩა მხრები.

-      არც კი იცნობ და ასე მაგზავნი მასთან? იქნებ მანიაკია და მიმაკლას სადმე საახალწლო გოჭივით? - თავის შეცოდება შევეცადე.

-      სიმპატიურია? - არაფრად ჩააგდო მცდელობა თავი შემეცოდებინა მისთვის.

-      კი, მგონი სიმპატიურია, - დავფიქრდი და დავამატე, - ნამდვილად სიმპატიურია.

-      მაღალია? - განაგრძო დაკითხვა. გამახსენდა, ჩემს პირდაპირ რომ იდგა მის მხრებს ვწვდებოდი.

-      კი, ერთი თავით, - ხელით ვანიშნე.

-      როგორი ხმა აქვს?

-      ოოოო, მომნუსხველი, - ღიმილით ვუთხარი. მაშინაც კი მომნუსხველი ხმა ქონდა როცა დამემუქრა. თუმცა რა მუქარა, რას იგონებ ენჯი! ადამიანს უნდა ყველაფერი გაარკვიოს და უბრალოდ გამაფრთხილა, რომ მისვლა არ გადამეფიქრა. ისე მართლა რა კარგი ხმა ქონდა? თვალები მივნაბე და ჩვენი დიალოგის აღდგენა ვცადე. ვინ გაცალა?

-      ეი, დაბრუნდი! - ხელი ამიქნია ლაიამ. - რას საქმიანობს?

-      არ ვიცი. ალბათ უსაქმურია და მთელ დღეს სპორტდარბაზში ატარებს, - ლაიას დაბნეული მზერის დანახვისას მხრები ავიჩეჩე, - სპორტული აღნაგობა აქვს და...

-      მანიაკები როგორც წესი მახინჯი ადამიანები არიან, რთული წარსულით, არც სპორტდარბაზებს სტუმრობენ როგორც ვიცი, ამიტომ წახვალ და ყველაფერს გაარკვევ,  - გადამიწყვიტა უცებ, - ახლავე მიწერე სად შეხვდები. საშიში არაფერია, ხალხმრავალი ადგილი შეარჩევ და მორჩა.

-      ბარემ ხომ არ წამოხვალ და ფოტოებს გადაგვიღებ? - ირონიულად შევთავაზე.

-      ჯერ არა, მეორე პაემანზე გამოგყვები, სად მცალია პირველ პაემანზე წარმოქმნილი უაზრო სიტუაციებისთვის, - არც მან დააკლო ირონია, - მიწერე ახლა სად შეხვდები, თორემ მე მივწერ შენს ნაცვლად.

-      კარგი, მივწერ, დამიბრუნე ტელეფონი, - ძლივს წავართვი ტელეფონი და ცხვირი მოვიფხანე, - „თავადურში“ საღამოს რვაზე“,- ღიმილით მივწერე ლევანს.

-      შენ გააფრინე? ამდენი კარგი კაფეა და სახინკლეში რა გინდა?- წარბი შეკრა ლაიამ შეტყობინების წაკითხვისას.

-      ახლა მე ორი სული ვარ და კარგი კვება მჭირდება, - მუცელზე ნაზად გადავისვი ხელი, - თუ თამაშია იყოს თამაში.

-      აი ეგრე რა! - გაიცინა ლაიამ, - ახლა სამსახურში დაგტოვებ და წავალ, ფოტოები მაქვს ასარჩევი, - მანქანა დაძრა ლაიამ.

 

 

 

 

პაემნისწინა ამბები

საბა კარებში შემომეგება კმაყოფილი სახით:

-         კინგი დამარცხებულია!

-         რას ნიშნავს დამარცხებულია? - შიშით ვიკითხე, - იმედია, სულ არ გააუქმებინე ღონისძიება.

-         არა საღამო გაიმართება, მაგრამ ყველაფერი ისე იქნება როგორც მე მინდა, - კმაყოფილმა ჩაიღიმა.

-         მიხარია შენ რომ მაინც ხარ კარგ ხასიათზე, - ნაღვლიანად შევღიმე.

-         შენ რა გჭირს? - დაკვირვებით შემომხედა, - ნინია მეუბნებოდა რაღაცას.

-         ისეთი არაფერი, ახლა უკეთ ვარ, - ჩანთაში დავიწყე ქექვა ამღერებული მობილურის საპოვნელად. ვიპოვე, ჯანო რეკავდა, - საბა, ამ ერთ ზარსაც ვუპასუხებ და მერე ვილაპარაკოთ კარგი?  - ვუთხარი და კიბეებზე ნაჩქარევად ავირბინე. კაბინეტის კარი შევაღე და ვუპასუხე:

-         ჯანო, გისმენ!

-         სად გაქრით დღეს შენ და ლაია?- პირდაპირ საყვედურით დაიწყო ჯანომ.

-         ე.წ. პირადი პრობლემები, -  ხმამაღლა ამოვიოხრე.

-         მაგის გამო დატყვი იმ დღეს კალათბურთიდან? - აზუსტებდა რაღაცას.

-         კი! - ვაღიარე ურცხვად.

-         რამე სიახლეა და არ ვიცი?

-         ხო, - ყოყმანით ვუთხარი, - არის.

-         პირადი რას ნიშნავს? - სასხვათაშორისოდ ჩამეკითხა ჯანო, - ვინმე გამოჩნდა შენს ცხოვრებაში?

-         შეიძლება მასეც ითქვას, -  ვცდილობდი სიტყვები მშვიდად შემერჩია, გიოს მიერ დილით გადმოფრქვეული ნაბოდვარი ბოლომდე ვერ მოვინელე და რაღაცნაირად შებოჭილი ვიყავი.

-         რას ნიშნავს „შეიძლება მასეც ითქვას“,  რამე სერიოზულია?

-         ჯანო, ჯერ მე თვითონაც ვერ ჩამოვყალიბდი, არეული ვარ ძალიან...

-         მალე ჩამოყალიბდი  და მერე მომიყევი, - გამაწყვეტინა ჯანომ, - აქ ბექაა და ბუზღუნებს ყურადღებას რომ არ ვაქცევ. მგონი შენზე ყველა ეჭვიანობს, - გაეცინა

-         ვინ ყველა? - გამოვფხიზლდი

-         ლაია, ბექა, გიო და დედაჩემი,-  დამიკმაყოფილა ცნობისმოყვარეობა.

-         ნუ იგონებ რაღაცეებს, -  ლაია და ბექა გასაგები იყო, დედამისის ეჭვიანობასაც ავიტანდი, მაგრამ გიოს ეჭვიანობა სულაც არ მეპიტნავა - ეს ლაიას ნათქვამს ამყარებდა.

-         მე არაფერს ვიგონებ, დროზე ჩამოყალიბდი შენ და შემომიარე. ახლა უნდა გავთიშო.

-         კარგი ჯანო, ნახვამდის. შემოგივლი ამ დღეებში, -  ტელეფონი გავთიშე და კომპიუტერს მივუჯექი. ჯერ ფოსტა შევამოწმე, მერე კაფის გვერდს გადავხედე, მიშას როგორც ყოველთვის კარგად შეესრულებინა დავალება. იცის ბიჭმა მისი საქმე. ბოლოს Facebook-ზეც შევიხედე. საკმაოდ ბევრი გამოხმაურება ქონდა პარასკევს ჩასატარებელ საღამოს. კიდევ კარგი პირად არეულობას სამსახურის პრობლემებიც რომ  არ ემატება და აქ მაინც არის ყველაფერი კარგად. საბა დაუკაკუნებლად შემოვარდა და პირდაპირ დამიჯდა.

-         გინდა მოგიყვე შეთანხმების დეტალები?- თვალებანთებულმა მკითხა.

-         არ მინდა საბა, თავიდან ბოლომდე შენ შეგიძლია გადაწყვიტო მაგ საღამოსთან დაკავშირებული ამბები. მიხარია, რომ შენ და კინგი ბოლოსდაბოლოს დამეგობრდით, - გავუღიმე ეკრანს და საბას ერთდროულად.

-         ეგ ღიმილი მე არ მეკუთვნოდა ხომ? - მიმიხვდა საბა.

-         20 %-ით გეკუთნოდა, - თვალი ჩავუკარი.

-         აბა ვნახოთ ვინ მეცილება შენს ღიმილში? - ვერ გავიაზრე როგორ აისვეტა საბა ჩემს ზურგს უკან. ეკრანიდან დათა მიღიმოდა, თვალებიდან ასხივებდა ბედნიერებას  - ასე ჩვეოდა,  როცა გულწრფელად იღიმოდა თვალებიც აენთებოდა ხოლმე.

-         რომ მოგენდომებინა მაგხელა შვილი გეყოლებოდა, - დათაზე მანიშნა საბამ.

-         რას ნიშნავს რომ მომენდომებინა? რას ფანტაზიორობ, მომშორდი აქედან, - იდაყვის კვრით მოვიშორე. - მე უნდა წავიდე საბა და შენ იქნები მენეჯერიც და თანაშემწეც.

-         შენ ამ ბოლო დროს რაღაც   ხშირად და საეჭვოდ ტოვებ პოსტს?

-         ამ კვირაში კაფეში მიმდინარე ამბები შენ უკეთ იცი, -  შევაქე,- თან ხომ უნდა ისწავლო, ეგება ჩემი შეცვლა მოგიხდეს.

-         შენ რა სამსახურიდან წასვლას  აპირებ? - უცნაური მზერა გაუხდა.

-         არა საბა დამშვიდდი, უბრალოდ ვთქვი. ასე მარტივად ვერ მომიშორებთ, - ავდექი და ჩანთა ავიყოლიე.

-         სად მიდიხარ?

-         საიდუმლოა.

-         მაინც? - არ მომეშვა.

-         პაემანზე, - ტუჩები ღიმილის აღსანიშნავად გავწელე და კარი გავაღე, - იცოდე, მხოლოდ მაშინ მირეკავენ თუ შენ მოკვდი! სანამ ცოცხალი იქნები ვიცი, ყველაფერს მოაგვარებ, - გავეკეკლუცე და კიბეზე დავეშვი. საბა უკან მომყვა. კარებთან დამეწია, კარი გამოაღო და რევერანსი გამიკეთა:

-         მიბრძანდით ბოს!

-         მომწონს ჯენტლმენი ხელქვეითები, - არც მე დავრჩენილვარ ვალში. სწრაფად გადავჭერი ქუჩა და სახლისკენ წავედი.

 

 

.................

მშიოდა, მაგრამ არაფერი მიჭამია. თუ ვთამაშობ, ბოლომდე ვითამაშებ! მთელი დღის უჭმელი შევეცდები 12 ხინკალს შევეჭიდო. ლევანის სახის წარმოდგენაზე გამეღიმა. სარკეში საკუთარი გამოსახულება შევათვალიერე. არავითარი მაკიაჟი და გაპრანჭვა! კედები, ფართხუნა ჯინსი და თხელი, განიერი ჯემპრი მოვირგე, თმები ისე  შევიკარი, რომ თმის ბოლოები შუბლზე მეყარა. მორჩა, წასასვლელად მზად ვიყავი.

ტაქსი გამოვიძახე და ნელა დავეშვი კიბეებზე.

ტაქსიდანვე დავინახე მანქანას მიყრდნობილი მელოდებოდა, თან ნერვიულად ათამაშებდა მობილურს ხელში. თითქმის ჩემსავით ეცვა- თეთრი კედები, ჯინსი და ჯემპრი, თმები კი აჩეჩილი ქონდა. ასეთ ჩაცმულობაში ნავარჯიშევი სხეული არ უჩანდა, მაგრამ მაინც სიმპატიური იყო. ლაია მართალი იყო - რა რა და მანიაკად ნამდვილად არ ივარგებდა. ტაქსის ფული გადავიხადე, ღრმად ჩავისუნთქე და მანქანიდან გადავედი.

 

 

 

 

ლევანი

„ხინკლიანი წიწაკა“

რვას აკლდა წუთები „თავადურთან“ რომ მივედი. აქ რას მეპატიჟებოდა ნეტა, ძმაკაცებივით ლუდი უნდა ვწრუპოთ თუ რა გეგმა აქვს? მანქანას მივეყრდენი და გადავწყვიტე იქვე დავლოდებოდი. იმედია დაგვიანება არ უყვარს - ლოდინს ვერ ვიტან. მობილურს რამდენჯერმე დავხედე საათის სანახავად, თან თმები ნერვიულად ავიჩეჩე. 2 წუთი ორ საუკუნედ მეჩვენა. ჩემი სახელი სწორედ მაშინ გავიგონე, როცა შიგნით შესვლას ვაპირებდი. იმ მიმართულებით გავიხედე საიდანაც ხმა მესმოდა. ენჯიმ ქუჩა სირბილით გადმოკვეთა და მოუსალმებლად მკითხა:

-         არ შევიდეთ? მგელივით მშია.

-         მადლობა, მეც კარგად ვარ, - ხუმრობით ვცადე დამენამუსებინა.

-         პირველ შეხვედრაზე რომ გამოგვეჩინა თავაზიანობა და მოგვეკითხა ერთმანეთი, ახლა შესაძლოა აქ არ ყოფილიყავი, - დამიკარგა ხუმრობის ხასიათი და პირველი შევიდა დარბაზში. მარწყვივით  გოგო, წიწაკასავით ენით - ვერაფერს ვიტყვი, კარგი ნაზავია.  რადიკალურად განსხვავებული იყო დილით ნანახი ენჯისგან. რომელი იყო მისი რეალური სახე? შევათვალიერე.  უმაკიაჟოდ იყო. სპორტული ჩაცმულობაც ძალიან უხდებოდა.  ბორდოსფერი ფართხუნა ჯემპრიც დააკვდა მის გარუჯულ კანს.

-         გარეთ დავსხდეთ რა, ცოტა სული მიწუხს, - ხელს იქნევდა იმის აღსანიშნავად, რომ ცხელოდა. ახლა თუ ასე ცხელა, წარმომიდგენია ზაფხულში როგორ იქნებოდა.

-         სულ კი არ მცხელა, ეტყობა ასე იცის ხოლმე  ორგანიზმში ცვლილებებმა, - ჩაილაპარაკა ჩემი ფიქრების საპასუხოდ.

-         არაა პრობლემა, სადაც გინდა იქ დავსხდეთ, - დარბაზს თვალი მოვავლე. მეორე სართულზე ავედით და აივანზე გაწყოდილი მაგიდისკენ წავედით. სკამი გამოვწიე რომ დაჯდომაში დავხმარებოდი.

-         არააა საჭირო ასეთი თავაზიანობა, მართლა. - მეორე მხარეს დაჯდა წარბშეკრულმა. ნეტა ახლა რაღამ გააბრაზა? სკამზე დავეშვი და მიმტანის მოლოდინში მენიუს ჩავხედე.

-         მე მინდა 15 ხინკალი და ლიმონათი ნაღებით, - მენიუც არც გადაუშლია ისე უთხრა მიმტანს,-  დესერტად კი ყავა და შოკოლადის ნამცხვარი.

-         მე ლუდს დავლევ მხოლოდ, - ვთქვი ჩუმად და მერე ენჯის გადავხედე.  დღეს რა არაფერი უჭამია?

-         ნუ გგონია, შენს ხარჯზე მინდა გამოძღომა, - გაიბუტა. რა იყო ჩემს აზრებს კითხულობს? ახლავე შევამოწმებ. „შენ ღორმუცელა გოგო ხარ, მწარე ენით!“ გავიფიქრე რაც შეიძლება „ხმამაღლა“. ისევ გაბუტული იჯდა. მადლობა ღმერთს! არანაირი აზრების კითხვა! მუცელზე ხელები გადაისვა და ისე მითხრა, რომ მიმტანს არ გაეგონა:

-         თან ნუ გავიწყდება - ორის ნაცვლად უნდა ვჭამო.

-         მაგიტომ არ მითქვამს, უბრალოდ ისეთი სიფრიფანა ხარ ეჭვი მეპარებოდა საერთოდ თუ ჭამ ხოლმე, - ისევ ხუმრობა ვცადე, - 15 ხინკალს მეც კი ვერ შევჭამ.

-         თუ გინდა შემეჯიბრე, - შემომთავაზა, მერე მოურიდებლად ამათვალიერა, - თან შენგან განსხვავებით მე გასუქების არ მეშინია.

არ არსებობს, მეუბნება რომ მსუქანი ვარ? ამაზე რა უნდა მეპასუხა საერთოდ? თავი გავაქნიე. სანამ შეკვეთას მოიტანდნენ უხმოდ ვისხედით. მე ენჯის ვათვალიერებდი მალულად, ძალიან მაინტერესებს სად უნდა ჩაატიოს 15 ხინკალი. თავად ენჯი  ქუჩას გადასცქეროდა. ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა წამიერად და უხერხულობისგან თავის დასაღწევად გავიღიმე. ენჯი წარბაწეული მიყურებდა.

-         დაუშვი ეგ წარბი და ნუ მიბღვერ რა, - ვეღარ დავფარე გაღიზიანება.

-         მშია მე და როცა მშია სულ ასე ვარ, - განმიმარტა. ამასობაში მიმტანმა ჩვენი შეკვეთა მოიტანა,  მაგიდაზე დაალაგა და წავიდა. ენჯიმ 3 ხინკალი გადაიღო და იმდენი წიწაკა მოაყარა, უფრო წიწაკას ჭამდა ხინკლით ვიდრე პირიქით. ამდენ წიწაკას რომ ჭამს, ამიტომ აქვს მწარე ენა -  დავასკვენი. სანამ ენჯი ხინკალს წიწაკით მალავდა, მე  ლუდს მოწყურებულივით დავაცხრი და თითქმის ნახევარი კათხა დავლიე. მერე სკამზე მივეყრდენი და ისე ვკითხე:

-         აბა, მომიყვები როგორ მოხდა ყველაფერი?

-         შენ რა, არ იცი როგორ ისახებიან ბავშვები?- თავხედურად გამომხედა.

-         ნუ მეთამაშები ენჯი, მშვენივრად ხვდები რაც მაინტერესებს,- რადგან ჩვენს გარდა აივანზე არავინ იყო ხმას ავუწიე.

-         მაინც რა გაინტერესებს? - ხინკალს თავი მიანება და თვალები აახამხამა.

-         რატომ მოხვედი ღამის კლუბში და როგორ გამიცანი?

თითქოს ჩემმა კითხვამ დააბნია, ცალი ხელით მაგიდას ჩამოეყრდნო და შუბლზე დაყრილ თმებს სული შეუბერა, მერე კი ვითომც არაფერიო თვალებში მომაჩერდა. აქ თუ ეძებ პასუხს ქალბატონო ენჯი, იმედი უნდა გაგიცრუო - მე ნამდვილად არაფერი მახსოვს.

 

ენჯი

„მირაჟი“

ხინკალი გადმოვიღე და წიწაკით გავაშავე. მთელი დღის უჭმელი ვიყავი, მაგრამ ჭამა არ მინდოდა. ჩანგლით ხინკლის ჩიჩქნა დავიწყე. როგორ და სად გავიცანით ერთმანეთიო მკითხა. ახლა       გავაცნობიერე ჩემი მდგომარეობის სიმძიმე.  ამაზე მანამდე უნდა მეფიქრა და რამე დამაჯერებელი ტყუილი მომეგონებინა. ახლა რაღა ვქნა? ჯანდაბას, ვეტყვი სიმართლეს. ალბათ ლაია მომკლავს, მაგრამ ჯობია ისევ მეგობარმა მომკლას, ვიდრე ვიღაც უცნობმა, თუნდაც ჩემი მომავალი შვილის  პოტენციურმა მამამ. პირი დავაღე, მაგრამ არ ვიცოდი საიდან დამეწყო, ამიტომ ლიმონათი მოვსვი და თითებს დავუწყე წვალება. საიდან დავიწყო? იქნებ ის სტატუსი ვაჩვენო Facebook-იდან და თავად მიხვდეს ყველაფერს. ტელეფონი ავიღე და ეკრანზე თითი გავასრიალე. მობილური ხელიდან გამომტაცა და მისი ტელეფონის გვერდით დადო მაგიდის კიდეში.

-         იქნებ შეეშვა მობილურს ენჯი და დალაპარაკება ვცადოთ? - ხმადაბლა საუბრობდა, მაგრამ აღელვება ეტყობოდა ხმაში. -  ამხელა გზა იმისთვის გამოვიარე, რომ რაღაც მაინც გავარკვიო. მესმის, ვერაფერი საამაყო საქციელია იმის აღიარება, რომ არაფერი მახსოვს. მითუმეტეს რთულია აღიარო, რომ შენ არ მახსოვხარ! არ მახსოვს შენი სექსუალური ხმა (მე რა სექსუალური ხმა მაქ?), შენი ღიმილი, შენი თმები, სურნელი. შენისთანა გოგოს ვერ გახსენებაა ყველაზე საშინელი ჩემთვის. ათასჯერ გამოვმთრალვარ, ზოგჯერ დაბოლილი ვყოფილვარ, ზოგჯერ მთელი ღამე ფეხზე დგომისგან, გადაღლილობისგან და უძილობისგან გონება დამბინდვია, მაგრამ დილით მაინც ყველაფერი მახსოვდა. იმ ღამეს რა ჯანდაბა დავლიე ასეთი, არ ვიცი, მაგრამ მართლა არაფერი მახსოვს. საერთოდ არაფერი! ამიტომ გთხოვ, უბრალოდ მომიყევი რატომ  და როგორ აღმოჩნდი იმ ღამეს „მირაჟში“? გთხოვ...

რაო? “მირაჟი“ ახსენა? ახლა შემიძლია რაღაცის „გახსენება“. ეს ხომ ერთადერთი ღამის კლუბია, სადაც ოდესღაც ვყოფილვარ. ის მაინც ვიცოდი „სად გავიცანით ერთმანეთი“.

-      თბილისში ჩავედი საქმიანი ვიზიტით, - ნელა დავიწყე თხრობა, წინადადებებს ვალაგებდი გონებაში და ვცდილობდი არაფერი არ ამრეოდა, - მეგობრებმა შემომთავაზეს საღამოსთვის ძველი დრო გაგვეხსენებინა. ასე აღმოვჩნდი კლუბში...

-      რატომ მაინცდამაინც „მირაჟი“? - გამაწყვეტინა ლევანმა.

-      ადრე კლუბის ერთ-ერთი მეწილე იყო მამა,  თან სხვა ღამის კლუბი თბილისში არც ვიცი, მამა სხვაგან წასვლის უფლებას არ მაძლევდა, დიდად არც მე ვარ ხმაურიანი გართობის მოყვარული.

-      მაგრამ მამაშენს ეგ წილი საეჭვოდ არ დაათმობინეს?

-      ამაზე ლაპარაკი არ მინდა, - წარბები შევკარი და ხელები გულზე გადავიჯვარედინე, - უბრალოდ გასართობად მივედი. შენ თვითონ რას აკეთებდი იქ?

-      შენ რა დამცინი? - გაიკვირვა ლევანმა.

-      რატომ?- უარესად გავიკვირვე მე.

-      კლუბში რომ მოხვედი უკვე მთვრალი იყავი ალბათ, -  ჩაილაპარაკა ხმადაბლა.

-      საიდან დაასკვენი?

-      აბა კი უნდა შეგენიშნა დახლის რომელ მხარეს ვიდექი.

-      შენ თვითონ დამცინი ხომ? - წარბები შევკარი მე.

-      რატომ? ფულიან გოგოებს ხომ მოგწონთ ბარმენები? -ცინიკურად ჩაიცინა.

-      მე არ მომწონს! - დავსერიოზულდი უცებ, - და არც ფულიანი არ ვარ.

-      ხო შენ არ ხარ ფულიანი, უბრალოდ ფულიანი მამიკო გყავს.

-      აქ მამაჩემის ფულზე სალაპარაკოდ თუ მომიყვანე წავალ, - ადგომა დავაპირე.

-      კარგი, მაპატიე, - ორივე ხელი აწია ბოდიშის ნიშნად, - მამაშენს აღარ ვახსენებ, გპირდები. მომიყევი.

-      მოსაყოლი არაფერია. კლუბში მოვედი, რამდენიმე ჭიქა დავლიე და ცოტა ვილაპარაკეთ. მერე... - გვერდზე გავიხედე უხერხულობის დასაფარავად,  - მერე სადღაც წავედით და მეც არაფერი არ მახსოვს. მხოლოდ ის მახსოვს, რომ დილით შენს გაღვიძებამდე წამოვედი და ტელეფონში შენი ნომერი მქონდა დაფიქსირებული.

-       ეს როდის მოხდა? - იკითხა შეფიქრიანებულმა

-      აგვისტოს პირველ უქმეებზე ვიყავი თბილისში, - გამახსენდა თბილისში ბოლოს ჩასვლის მიზეზი - 6 აგვისტოს დათა 6 წლის გახდა, - მაგრამ თარიღი ზუსტად არ ვიცი, გადარბენებზე ვიყავი. არ მინდა იფიქრო რომ სულ ასე ვიქცევი.

-      არაფერს არ ვფიქრობ, უბრალოდ გარკვევას ვცდილობ,- რაღაცნაირად დაღლილი ხმა ქონდა,- ეს ამბავი შენებმა იციან?

-      რათქმაუნდა არა! - შევიცხადე მე, - არავინ არ იცის.

-      ეგრეც ნუ შეიცხადე, შენებთან მისვლას და ხელის თხოვნას კი არ ვაპირებ, - ღიმილით მითხრა და დარჩენილი ლუდი მოსვა. - მგონი დროა ერთმანეთზე რაღაცეები გავიგოთ, მომავალს კი დრო გვიჩვენებს. რას იტყვი?

-      კარგი, მაგრამ აქედან წავიდეთ,- მობილური ავიღე და ავდექი.

-      აშკარად გადაჭამე ყველაფერი, - გაიცინა ხელუხლებელი ხინკლის დანახვაზე და ანგარიშის გასასწორებლად წავიდა. მე  გარეთ გავედი და მანქანასთან ველოდებოდი. მალე გამოვიდა. ნელა მომიახლოვდა, თან ტელეფონზე საუბრობდა.

-      მართლა ბარმენი ხარ? - ვკითხე, როცა ტელეფონი გათიშა.

-      რა არის დაუჯერებელი? - მანქანის კარი გამიღო.

-      უბრალოდ ბარმენის კვალობაზე ნამეტანი ძვირიანი მანქანააა, - სალონი დაკვირვებით შევათვალიერე, - რას გიხდიან ამისთანას.

-      ყველას არ ყავს მდიდარი მამიკო, კარგი სამსახური რომ უშოვნოს და მანქანაც უყიდოს, - წყენით თქვა და მანქანა დაძრა,- რაც შეეხება ამ მანქანას ჩემი არაა, ხელფასი კი იმდენი მაქვს თავის გატანას ვახერხებ.

-      გააჩერე, უნდა გადავიდე! - ვთქვი უცებ. რომ მივხვდი არ აპირებდა გაჩერებას ხელში ვწვდი, - არ გესმის, გააჩერე მეთქი.

-      რა გეტაკა? - მანქანა მკვეთრად დაამუხრუჭა და გაბრაზებით შემომხედა. კარის გაღება ვცადე, მაგრამ დაკეტილი იყო.  ვგრძნობდი როგორ მიხურდა ბრაზისგან ლოყები. თვალები დავხუჭე, რომ ცრემლით ავსებული თვალები დამეფარა. „ღმერთო,  ოღონდ ახლა არ ავტირდე, ახლა არა!“ - გულში ვლოცულობდი. ზუსტად იმიტომ წამოვედი თბილისიდან, რომ იქ ყველაფერს მამაჩემს უკავშირებდნენ, მამიკოს ფულით მიღწეული წარმატება არ მინდოდა. არ მინდოდა მისი სახელის გამოყენება. ღრმად ჩავისუნთქე და ხმადაბლა უთხარი:

-      კარი გააღე!

-      რა მოგივიდა? - აშკარად დაბნეული ჩანდა.

-      არაფერი, გადასვლა მინდა, - მტკიცედ ვთქვი.

-      ჯერ დამშვიდდი, - ხელები აათამაშა საჭეზე,- დამშვიდდი და გავაღებ, შენს მოტაცებას არ ვაპირებ.

-      ბოლოსდაბოლოს გააღებ თუ არა ამ დაწყევლილ კარს? - ვუღრიალე ხმამაღლა. კარი გააღო. სწრაფად გადმოვედი მანქანიდან და გავიქეცი. რამდენიმე მეტრში დამეწია, შემაჩერა და ჩემს წინ დადგა.

-      ენჯი რა მოხდა? - ძლივს სუნთქავდა.

-      შენს სხვებივით იქცევი, იმ ადამიანებივით, რომლებიც თბილისში მეგონა რომ დავტოვე, -  ხელი უაზროდ გავიშვირე აღმოსავლეთის მიმართულებით, თითქოს თბილისის დანახვა ასე იყო შესაძლებელი - ჩემი ხელის მიმართულებით გახედვისას.

-      როგორ ვიქცევი? - სულ დაიბნა ლევანი.

-      სულელი გოგო გგონივარ, მამიკოს ფულებით მიღწეული წარმატებით, ბარში რომ დადის, ილეშება და თავაწყვეტილი ერთობა,  - უკვე ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი,  დრევანდელი ემოციური დღის პიკი იყო ეს საუბარი, - სულ არ მაინტერესებს შენი ანაზღაურება, არც ის მაინტერესებს როგორი მანქანით დადიხარ. მე მამის დახმარების გარეშე დავამთავრე ყველასთვის ხელმისაწვდომი უნივერსიტეტი, ჩვეულებრივი სახელმწიფო გრანტით, თავად დავიწყე სამსახური, არც ისეთი მაგარი, მამის დახმარება რომ დამჭირვებოდა. არც მანქანა არ მყავს, ფეხით დავდივარ დღესაც. მამიკოს განებივრებული გოგოც არ ვარ! უფრო სწორად განებივრებული კი ვარ, მაგრამ ფულით არა.  არ მომწონს ასე რომ ფიქრობს ყველა ჩემზე, თბილისიდან ჩემი წამოსვლის ერთ-ერთი მიზეზიც ესაა.  შენ კი სულ რაღაც ათი წუთის წინ დამპირდი მამაშენს არ ვახსენებო, მაგრამ.... - ჩემივე წარმოთქმული სიტყვები აღარ  მესმოდა, უკვე ხმამაღლა ვსლუკუნებდი.

-      ბოდიში ენჯი, მაპატიე, - ცრემლები თვალებს მიფარავდა და მის სახეს ვერ ვხედავდი,  მაგრამ მესმოდა როგორი შეწუხებული ხმა ქონდა, - ენჯი, რა გავაკეთო რომ დამშვიდდე?

-      ჩემი ბრალი არაა რომ მამა ბევრი ფული აქვს და პრესტიჟულ სკოლაში ვსწავლობდი.  არც ისაა ჩემი ბრალი ძვირიან კურორტებზე რომ ვისვენებდი, გეფიცები, რაც მუშაობა დავიწყე წესიერად არც დამისვენია. არც ძვირიანი ტანსაცმელი მიყიდია, მხოლოდ იმას ვყიდულობ რასაც ჩემი ხელფასი წვდება. სამსხურში იმიტომ ამიყვანეს, რომ უნივერსიტეტმა კარგი რეკომენდაცია მომცა და ორი უცხო ენა ვიცი. მამას ნაჩუქარ მანქანაზეც  უარი ვთქვი, ვიცოდი ეწყინებოდა მაგრამ მაინც. მამას ბინაში კი ვცხოვრობ, მაგრამ თუ გინდა  სხვას ვიქირავებ და გადავალ. გინდა? ოღონდ არ იფიქრო მასე. თუ გინდა იფიქრე და  მე ნუ მეტყვი. არ მინდა, - ვეღარ ვჩერდებოდი, რომ არ მეთქვა ალბათ დავიხრჩობოდი. ეს ყველა იმ ადამიანისთვის განკუთვნილი სიტყვები იყო, რომელთა გამოც თბილისიდან წამოვედი, სიტყვები, რომლებიც დღემდე მახრჩობდნენ და უნდა გამომეშვა, რომ არ გავგუდულიყავი. ყელშია უკვე მამაჩემის ფულები, ნეტა სადმე ჯურღმულებში მეცხოვრა და 7 და-ძმა მყოლოდა, მაშინ შევებრალებოდი ყველას. ხალხს ხომ უყვარს სხვისი შეცოდება, ძალიან უყვარს.

-      არაფერი არაა შენი ბრალი, სულ არაფერი! ჩემი ბრალია, ჩამოვედი და აგანერვიულე. დამშვიდდი კარგი? - ორივე ხელი ჰაერში ქონდა აწეული ჩემი მხრების გასწვრივ, მაგრამ შეხებას ვერ ბედავდა, ალბათ  ჩემს უარესად გაბრაზებას ერიდებოდა.  - წამოდი სახლში მიგიყვან.

-      არ მინდა სახლში, სეირნობა მინდა და სუნთქვა, - ჯერ კიდევ მიჭირდა მშვიდად სუნთქვა.

-      კარგი მაგრამ მანქანით მაინც ვისეირნოთ, ცივა გარეთ, - ზეცას ახედა ლევანმა.

-      ოღონდ ჩუმად ვისეირნოთ, არაფერი არ მითხრა, - ვუთხარი და მანქანისკენ წავედი. მანქანაში დავჯექი და მოვიბუზე, მართლაც შესამჩნევად აცივებულიყო.

-      გცივა ხომ? - მიმიხვდა ლევანი. უკანა სავარძლისკენ გადაიხარა და ჟაკეტი მომაწოდა.

-      მადლობა - ხმადაბლა ვუთხარი და გამოვართვი. მისი სურნელი ასდიოდა - ცივი და სასიამოვნო. ჟაკეტი  მხრებზე მოვიხვიე და შუბლით ფანჯრის მინას მივეყრდენი.

ლევანმა ძრავი ჩართო და ნელა დაძრა მანქანა.

ლევანი

უკეთ გაცნობის მცდელობა

მაინც რა ხეპრე ვარ? სულ მარტივად შევძელი მისი ატირება. ამ გოგოსთან უკვე მეორედ (მინიმუმ) მივქარე. ჯერ მარტო ის რად ღირს, რომ ვერაფრით  გავიხსენე (თუ მქონდა საერთოდ რამე გასახსენებელი ესეც საკითხავია). ახლა კიდევ უმიზეზოდ ავატირე. ხომ დავპირდი რომ მამამისს არ ვახსენებდი? რით ვერ დავაჭირე ენას კბილი. პირველად ვნახე გოგო მამის ფულების გამო პატიებას რომ თხოულობდეს. თუ გინდა სხვა ბინას ვიქირავებო? მაინც როგორი გულუბრყვილოა. გამეღიმა, მაგრამ მალევე მოვიშორე ღიმილი სახიდან. ისღა მაკლდა ეფიქრა, რომ დავცინოდი.

-         ერთმანეთი უკეთ გაცნობას ვაპირებდით, - გავახსენე წეღანდელი შეთანხმება.

-         შენ მგონი ჩემზე ყველაფერი ისედაც იცი, - უემოციოდ მითხრა.

-         მაშინ ჩემზე მოგიყვები, - შევთავაზე.

-         როგორც გინდა, - მხრები აიჩეჩა. მივხვდი, ისევ ნაწყენი იყო ჩემზე.

-         მე ლევანი ვარ, ბონდი არა, ქართველიშვილი, - ღიმილით დავიწყე.

-         პატრიოტულად ჟღერს, - როგორც იქნა გაიღიმა.

-                            მაგ ამბავში შენ და სანდრო მაგრად გაუგებდით ერთმანეთს, - გამეცინა სანდროს პატრიოტიზმის გახსენებაზე.

-         სანდრო ვინაა?

-         ჩემი მეგობარია. სხვათაშორის მოეწონე და ფიქრობს, რომ გამომაშტერე, - არც კი ვიცი რატომ ვუთხარი, ალბათ იმიტომ რომ გამემხიარულებინა.

-         როგორ მოვეწონე? სად მნახა? - გაოცება ვერ დამალა.

-         ფოტოები ნახა Facebook-ზე, - გამახსენდა ის საღამო სანდრომ რომ დიაგნოზი დამისვა, მერე დავამატე: - საინტერესო გვერდი გაქვს სხვათაშორის.

-         მართლა? იცი, ფსიქოლოგები ამბობენ, რომ სოციალური ქსელში დაფიქსირებული აქტივობების მიხედვით ადამიანების ხასიათის გამოცნობაა შესაძლებელი. შენ რა გაიგე ჩემზე აბა?-  გახალისდა ენჯი.

-         მე რომ ფსიქოლოგი არ ვარ? - ვიუარე მასზე ჩემი შეხედულებების გაზიარება, მაგრამ მისი უკმაყოფილო სახის დანახვაზე  მაინც გადავწყვიტე პასუხის გაცემა, - რაც დავინახე ისაა, რომ შენი სამსახური ძალიან გიყვარს და ამას სხვებსაც უზიარებ. ასევე გიყვარს სპორტი. და კიდევ ის რომ ერთნაირი მუსიკალური გემოვნება გვაქვს, - გავუღიმე.

-         მართლა? - გაოცდა.

-         კიიიიი, - გავაგრძელე რატომღაც, - ახლავე გაჩვენებ. - პულტი ავიღე და მუსიკა ჩავრთე. Coldplay-ს „fix you“ გაისმა მანქანაში, სახეზე ღიმილმა გადაურბინა და მუსიკის რიტმს ხელი ააყოლა.

-         ეს ძალიან მიყვარს, - ხმა ააყოლა სიმღერას, - კიდევ მომიყევი შენზე რამე.

-         27 წლის ვარ და ბარმენად ვმუშაობ. მარტო ვცხოვრობ. ღამე ვმუშაობ და დღისით მძინავს, ამიტომ სანდრო მეუბნება, რომ ცხოვრებას ჩამოვრჩი.  ცოლ-შვილი აქ მყავს. ნუ შვილი მგონი მალე მეყოლება, - გავუღიმე. უცებ შეწყვიტა მოძრაობა დ მოიწყინა. - კარგი რა, აღარ გაიბუტო? ენჯი, შემომხედე რა?

-         არ ვიბუტები, უბრალოდ არ მინდა მაგ ღამის გახსენება, - ჩუმად თქვა.

-         კარგი ნუ გავიხსენებთ,- დავთანხმდი. -  მოდი შენ მკითხე რაც გაინტერესებს და მე გიპასუხებ, თორემ ისე დიდად საინტერესო მთხრობელი არ ვარ.

-         ყველაზე მეტად რა მოგწონს შენს სამსახურში? - გაახალისა ჩემმა შეთავაზებამ.

-         უფასო სასმელი. შენ?

-         მე წიგნები, წიგნები და წიგნები, - მიპასუხა ღიმილით.

-         ხო მართლა შენი კაფე ძალიან მომეწონა, ნინიამ მითხრა შენი იდეების შესახებ, მაგარია.

-         მასეთი კაფე ჩემი ოცნება იყო ბავშვობაში. მამასთვის არ მითქვამს, ყველაფერს თავად გააკეთებდა  და „ოცნებებს მიყიდდა“ - ბრჭყალები გამოსახა თითებით, - ამიტომ ამ კაფისთვის ვაკეთებ ყველაფერს, ნაწილობრივ ოცნებასაც ვისრულებ. ყველაზე მეტად რა გაზიღიანებს? - ახალი კითხვაზე გადავიდა

-         მთვრალი გოგოები. ოღონდ შენს თავზე ნუ მიიღებ, - შიშით გავხედე და რომ არ წყენოდა დავამატე, - შენ მთვრალი მაინც არ მახსოვხარ. შენ რა გაღიზიანებს?

-         პოლიტიკური რეკლამები, - მითხრა სწრაფად.

-         ოო ეგ დროებითია, არჩევნებს ახლავს მხოლოდ. ზოგადად რა გაღიზიანებს?

-         ქუჩაში დაყრილი ნაგავი.

-         ეგ ყველას აღიზიანებს.

-         რატომ? ვინც ყრის, იმას ალბათ არც აღიზიანებს და ნორმალურადაც მიაჩნია.

-         ხო ალბათ, მაგრამ ეგ მაინც არაა პასუხი. მითხარი რა გაღიზიანებს?

-         აი, ეგ მაღიზიანებს! -მითხრა გაგულისებით.

-         რა? - ვერ მივხვდი რა იგულისხმა.

-         შენი ქცევა, - ჩემკენ მობრუნდა რომ აეხსნა, - შემეკითხე გიპასუხე. არ მოგეწონა ჩემი პასუხი. ისევ გიპასუხე და ისევ არ მოგეწონა ჩემი პასუხი. გინდა ის გიპასუხო, რაც შენ გსურს. პირდაპირ მითხარი რა პასუხს ელოდები ჩემგან და გიპასუხებ, ასე უფრო მარტივი იქნება.

-         აი პასუხამდეც მიხვედი -  გაღიზიანებს როცა რაიმეს ორჯერ გამეორება გიწევს.

-         არა! მე არაფერი მითქვამს ორჯერ, - თავი გააქნია უარის ნიშნად, - თუ გაინტერესებს დაგვიანებას ვერ ვიტან, ამიტომ სახლში წამიყვანე, რომ ხვალ სამსახურში არ დავაგვიანო. მისამართი რათქმაუნდა იცი ხომ?

-         ვიცი, - არც მიცდია უარყოფა, - მართლა გინდა წასვლა?

-         კი, დღეისთვის ვფიქრობ,  საკმარისია.

-         ჯერ ადრეა, - საათზე დავხედე,  ეგება გადაეფიქრა წასვლა.

-         ხო, მაგრამ დღეს ემოციური დღე მქონდა და ძალიან დავიღალე, - მართლა დაღლილი ხმა ქონდა და აღარ მიცდია შეკამათება.

-         ხვალ გნახავ? - ვკითხე ფრთხილად.

-         ოღონდ სამსახურში არ დამადგე თავზე ისევ მოულოდნელად რა, - მუდარით შემომხედა, - პარასკევამდე გადარბენებზე ვიქნები სავარაუდოდ.

-         მაგ საღამოზეც არ შეიძლება მოსვლა? - დავინტერესდი.

-         კინგის ფანი ხარ? - კითხვა შემომიბრუნა.

-         უფრო კაფეში მოსვლის მიზეზს ვეძებ, - არ დამიმალავს საღამოთი დაინტერესების მიზეზი.

-         შეგიძლია მოხვიდე და ყავა მიირთვა,- არცთუ ისე თბილად დამპატიჟა, -  საღამოზეც შეგიძლია მოსვლა, ყოველ შემთხვევაში კინგის შემოქმედებას გადახედე, რომ თავი უხერხულად  არ იგრძნო. ოღონდ შაბათამდე შემეშვი, კარგი?

-         კარგი რა გაეწყობა, მარტო დავლევ ყავას, კინგის წიგნებს ვიკითხავ და შაბათის გათენებას დაველოდები, - თავი დავისაწყლე.

-         აი აქ ჩამოვალ, - მითხრა და სანამ მანქანიდან გადავიდოდა, მინდოდა მთავარი კითხვა მომესწრო.

-         ენჯი, რაღაცა უნდა  გკითხო, მაგრამ არ მინდა გაბრაზდე ან გეწყინოს. მე უბრალოდ...

-         მკითხე, - ნება დამრთო.

-         მართლა არ მინდა გაბრაზდე ან ჩემი შეხედულება შენზე არასწორად გაიგო....

-         ლევან თქვი რა ბოლოსდაბოლოს, არ გავბრაზდები, გპირდები, - დამპირდა, მაგრამ ორი წამის მერე გადათქვა, - კი არ გპირდები, შევეცდები, რომ არ გავბრაზდე.

-         შენ... შენ  რატომ ხარ დარწმუნებული რომ ბავშვი ჩემია? - იმდენად ხმადაბლა ვიკითხე, დარწმუნებული არ ვიყავი გაიგო თუ არა. თან სახის გამომეტყველებაც არ შეცვლია. გავუმეორო?

-         მე სანამ თბილისში ჩამოვიდოდი ცოტა ხნით ადრე დავასრულე საკმაოდ ხანგრძლივი ურთიერთობა და მას შემდეგაც არავისთან მქონია ურთიერთობა, - რომ მპასუხობდა მეორე მხარეს გაიხედა.        ისევ ვაწყენინე.

-         ენჯი, მაპატიე რა! -  მუდარით ვუთხარი

-         არაუშავს, მესმის, - თავი ნელა მოატრიალა და ხელები სახეზე ჩამოისვა, - ყველას ექნებოდა იგივე შეკითხვა.

-         და რატომ მაინცდამაინც მე?

-         როგორც აღნიშნე გოგოებს მოსწონთ ბარმენი ბიჭები, - პირველად გაიღიმა გულიანად, - თან რაღაცის ჩამოგავდი ჩემს ყოფილს.

გულში რაღაცა ჩამწყდა. ოღონდ ეს არ ეთქვა, რომ ვიღაცას ვახსენებდი და ამიტომ ჰქონდა ჩემთან სექსი. ვიღაცის გასახსენებლად ან დასავიწყებლად როცა გიყენებენ ეს საშინელებაა, საკუთარ თავზე გამომიცდია. წლების წინ ძველი სიყვარულს დასავიწყებლად ბევრ გოგოს ვხვდებოდი, ყველა შეხვედრაზე მაინც „ის“ მახსენდებოდა და საკუთარი თავი მძულდა, რადგან თავი სამმაგი მოღალატე მეგონა -  ვღალატობდი გოგოს რომელიც მიყვარდა, იმ გოგოსაც, ვისთანაც ვიყავი და საკუთარ თავსაც. არ მინდოდა ენჯისაც ეს განცდა ჰქონოდა, ამისთვის მეტისმეტად ნაზი მეჩვენებოდა. ჩემი თავიც შემეცოდა - სხვის დასავიწყებლად გამოყენებას მგონი არ ვიმსახურებდი. მერჩივნა ეთქვა, იმიტომ დაგთანხმდი სექსზე ედრიან ბროუდს გავხარო (ცნობისთვის - ედრიანი დიდი პატივისცემის მიუხედავად ჩემი საყვარელი მსახიობი ნამდვილად არაა. ერთხელ კლუბის მთვრალმა კლიენტმა შეცდომით ჩემში ედრიანი „ამოიცნო“ და რომ გავიაზრე, დიდად არ მომეწონა -   მისი ცხვირის სიგრძემ დამრთგუნა განსაკუთრებით).

ენჯიმ ჟაკეტი მხრებიდან მოიშორა და უკან დასაბრუნებლად მომაწოდა.

-         ეგ გქონდეს, ცივა გარეთ, თან თავს დავიზღვევ - სხვა თუ არაფერი ჟაკეტის  გადმოსაცემად მაინც მნახავ.

-         შენს ადგილას მაგით თავს არ დავიმშვიდებდი, რაც მომწონს იმას ვიტოვებ ხოლმე, - თვალი ჩამიკრა და მანქანიდან გადავიდა. ვუყურებდი სანამ სადარბაზოში გაუჩინარდებოდა და მერე ნელა დავძარი მანქანა სასტუმროსკენ.

 

 

 

ენჯი

დათა

სადარბაზოსკენ ნელი ნაბიჯებით წავედი, მის მზერას ვგრძნობდი. თავი ძლივს შევიკავე, რომ უკან არ მიმეხედა. კიბეებზე სირბილით ავირბინე, სწრაფად შევვარდი ბინაში და ფანჯარას ვეცი - მანქანა წასულიყო. ჰმ, რა მეგონა დარაჯად დამიდგებოდა? ფარდა გავასწორე და ბინაში შუქი ავანთე. ასეთი ემოციური დღე მგონი არასდროს მქონია, იმ დღეს თუ არ ჩავთვლით დათა რომ დაიბადა. თუმცა კიდევ იყო ერთი დღე, რომლის გახსენებაც დიდად არ მიყვარს და რომელმაც ჩემი დამოკიდებულება შეცვალა მშობლებისადმი. არც ამდენი ტყუილი მითქვამს ერთ დღეში. „ახლახანს დავასრულე საკმაოდ ხანგრძლივი ურთიერთობა“, რა ხანგრძლივი ურთიერთობა, ჩემი ურთიერთობები  ყავაზე დაპატიჟებაზე შორს არასოდეს წასულა და ერთ თვეზე მეტხანსაც არასოდეს გაგრძელებულა. ზუსტად ამდენი დრო მჭირდებოდა იმის გასააზრებლად რომ „ის ის არ იყო“. ან რა ჯანდაბამ მათქმევინა „თან რაღაცის ჩამოგავდი ჩემს ყოფილს“? ახლა რას იფიქრებს ჩემზე? ღმერთო, რატომ ვაგრძელებ ამ თამაშს?

მთელი დღის უჭმელს თავი მტკიოდა. საჭმლის გაკეთება დამეზარა, ყავა მოვიდუღე და  სავარძელში მოვკალათდი ფეხმოკეცილი, თან ნოუთბუქიც არ დამვიწყებია. Facebook-ში ლაიას შეტყობინება დამხვდა, მთხოვდა მომეყოლა როგორ ჩაიარა შეხვედრამ. მოკლედ მოვუყევი შეხვედრის შესახებ. რაღაცეები გამოვტოვე,  ნამდვილად ვერ მოვუყვებოდი როგორ ვაღვარღვარე ცრემლები, ალბათ საკუთარ ცრემლებში დამახრჩობდა, სულ იმას ჩამჩიჩინებდა - შენი ცრემლები არავის ანახოო. ბოლოს შევუთანხმდი, რომ 22 სექტემბრისთვის, ჯანოს იუბილისთვის რაიმე დაგვეგეგმა და დავემშვიდობე.

ის იყო ნოუთბუქის დახურვას ვაპირებდი, დედამ რომ დარეკა skype-ით, დათას უნდა შენთვის რაღაცის თქმაო. ასეთი იყო დედა, არაფრით აღიარებდა, რომ მას სურდა საუბარი, რომ ვენატრებოდი, ხან დათას იმიზეზებდა, ხან მამას და ხან ბებიას. ვიდეოთვალი ჩავრთე თუ არა იმწამსვე  დათას ლურჯმა თვალებმა შემომანათა.

-            ეეენ, იცი მე რაგბიზე უნდა შევიდეეეეე, - დაიწყო ემოციების ფრქვევა. როცა რაღაცა ძალიან უხაროდა სიტყვებს აგრძელებდა, - და იცი მამამ რაგბის ბურთიც მიყიდა უკვე. ნამდვილიიიი!

-            დათა, ჩემო მორაგბე, რა მაგარიაააა, - მის მსგავსად გავაგრძელე სიტყვა, - შენ თუ იცი მე რომ ვივლი ხოლმე სტადიონზე შენი თამაშის სანახავად და შენს სახელს ვიყვირებ? ხომ იცი?

-            ჩემს სახელს იყვირებ?- თვალები აენთო სიხარულით, მერე უცებ მოიწყინა, - იცი, დედას არ უნდა, რომ რაგბიზე ვიარო.

-            დედას არ წავიყვანთ სტადიონზე მე და მამა, - დავემუქრე დედას.

-            მაინც წამოიყვანეთ რააა, - ვერ გაიმეტა დედა სახლში დასატოვებლად, - სკოლაში ხომ დამყვება და ცურვაზეც, ცოდოა.

-            კარგი წავიყვანოთ, - გამეცინა დათას ნათქვამზე,- დათა იცი, როგორ მომენატრე?

-            მერე ჩამოდი ჩემთან, - თან ხელითაც მიხმობდა თავისთან.

-            მერე სამუშაო? რომ ვერ ვიმუშავებ საჩუქრებსაც ვერ გიყიდი. გინდა უსაჩუქრო ეეენი? - ისე ვთქვი ჩემი სახელი, როგორც დათა მეძახდა.

-            კარგი იმუშავე მაშინ და მე ჩამოვალ ხოლმე, - არ დათმო საჩუქრები, - წავალ მამას ვკითხავ როდის ჩამომიყვანს შენთან, - მომაძახა, დედის კალთიდან ჩახტა და გაუჩინარდა.

-            დე, შენ როგორ ხარ? - დედას ნაღვლიანი სახე ქონდა.

-            არ მინდა რომ რაგბიზე იაროს, მეტისმეტად სუსტია საამისოდ, - აწუწუნდა დედა. - სულ შენი ბრალია ენჯი, სტადიონზე რომ დაათრევდი მაგიტომ აიჩემა რაგბიზე სიარული.

-            კაი რა დეეე, აი ნახავ ფიზიკურად როგორ მომჯობინდება და იცოდე, როცა ნაკრებში მიიწვევენ, მართლა არ წაგიყვანთ სტადიონზე, - დავემუქრე სიცილით.

-            კარგი ენჯი, კარგი, მაინც აზრი არ აქვს თქვენთან საუბარს, - შუბლი ნერვიულად მოისრისა, - უნდა წავიდე და დათას მივხედო. ნახვამდის.

-            დეეეეე, - გავძახე კამერას, გამომხედა, - დეეეე, მიყვარხარ!

შეუმჩნევლად გაეღიმა და  უსიტყვოდ გამორთო კამერა. ნოუთბუქი დავხურე და გულზე მივიხუტე. ჩემი დამამშვიდებელი, ჩემი წამალი, ჩემი ბიჭი, ჩემი დათა. მთელი დღის ემოციები გადამავიწყა და მშვიდად წავედი დასაძინებლად.

 

 

 

 

 

19/09/2018 წელი, ოთხშაბათი - ბოსები

დილით კარგ განწყობაზე გამეღვიძა. სამსახურში მისულს კი სიურპრიზი დამხვდა - მეპატრონე მეუღლითურთ კაბინეტში მელოდა. „მთლა ბოსი და ყოფილი ბოსი, რომელიც ახლა მთლა ბოსი ცოლია“, - ასე მოიხსენიებდა საბა ყოველ ჯერზე, არ ეზარებოდა ამხელა წინადადების თქმა. ნეტა რამ შეაწუხათ ადრიანად ბატონი ამირანი და მისი მშვენიერი ჯეირანი? რადგან საბამ სტუმრების შესახებ გამაფრთხილა, ამიტომ სამი ყავა ავიღე და კაბინეტის კარი ხმაურით შევაღე.

-         დილა მშვიდობისა უფროსებო, რით დავიმსახურე ამ დილაადრიან რომ გამახარეთ? - მეპატრონეს ხელის ჩამორთმევით მივესალმე, ხოლო ჩემს წინამორბედს ლოყაზე კოცნით. მერე ყავა მაგიდაზე დავალაგე და ჩემი ადგილი დავიკავე.

-         როგორც მითხრეს ამ ბოლო დროს ხშირად გადიხარ სამსახურიდან და დილითაც რამდენჯერმე დაიგვიანე, - ცივი ხმით დაიწყო ამირანიმ. საათს დავხედე ინსტიქტურად - კიდევ კარგი დღეს ადრე მოვედი.

-         ამიკო, მასე მკაცრიც ნუ იქნები, ხომ იცი ენჯი ჩემი კადრია, - ქმარს გადახედა ჯეირანმა. არ ბეზრდებოდა იმის აღნიშნვა, რომ მისი რეკომენდაციით დამაწინაურა მისმა საყვარელმა ქმარმა. არც არასოდეს მობეზრდება! მერე მე გადმომხედა: - ენჯი, საყვარელო ნუ გვიწყენ, ჩვენ გვინდა რომ კაფეში ყველაფერი კარგად იყოს.

-         და რამე არ არის კარგად? - გავოცდი ასეთი დასაწყისით, - ვინმე გვიჩივის? კაფის შემოსავალმა იკლო? რა პრეტენზიები გაქვთ ჩემთან ვერ გავიგე?

-         სამსახურში უნდა იყო, საბა რომ გვდომებოდა მენეჯერად მას დავნიშნავდით, - თქვა ამირანმა. უყურე შენ რაში ყოფილა საქმე. ე.ი. საბა. ნეტა ვინ მიუტანა ენა? ამიკოს ნათესავმა დამლაგებლად რომ მუშაობს თუ ჯეირანის მეგობარმა შეფ მზარეულმა? მაგას მგონი  არ ეხატება საბა გულზე, ხშირად უწუნებს კერძებს, ნერვებს უშლის და მაგიტომ.

-         საბა ძალიან მეხმარება, მაგრამ შეუთანხმებლადაც არაფერს აკეთებს. მართლა ვერ ვხვდები, რა პრობლემაა? დღეს საბა მეხმარება, ხვალ შეიძლება ვინმე სხვა დამეხმაროს, - მხრები ავიჩეჩე.

-         გავიგე პარასკევის საღამოსთვის მოლაპარაკებებზე მისვლაც არ იკადრე, - ჯეირანს გადახედა ამირანმა, ამ უკანასკნელმაც თავი დაუქნია, თითქოს დაუდასტურა მისი ნათქვამის სისწორე.

-         რას ნიშნავს არ ვიკადრე? საბა უკეთესად ერკვევა კინგის შემოქმედებაში. მე ის გავაკეთე, რაც სწორად მიმაჩნდა, - მშვიდად  ვთქვი და ყავა მოვსვი.

-         მახსოვს საბას კინგი არ უყვარდა, - ჩაილაპარაკა ჯეირანმა.

-         შეუყვარდა! - ხმამაღლა მომივიდა პასუხი. როდის აქეთ აინტერესებდა თანამშრომელთა გემოვნება? ჩემს პასუხზე ჯეირანმა წარბები შეკრა და ტუჩები ისე გაწელა, სადაცაა ატირდებოდა. ამიკომ ხელი მეუღლეს ჩასჭიდა და უთხრა:

-         ძვირფასო, არ ინერვიულო, ხომ იცი, შენთვის არ შეიძლება -  ჯეირანმა თავი დაუქნია და ხელი მუცელზე გადაისვა. სიახლეც ამას ქვია -  ბოსთა წყვილი ბავშვს ელოდებოდა. მერე რა, მეც კი „ველოდებოდი“ ბავშვს ლევანისგან. გამეღიმა. ამირანის რისხვა რომ ამეცილებინა, რომელიც თვალებით მბურღავდა, ვთქვი:

-         რა ბედნიერებაა ჯეი, დედა გახდები?

-         ხო, საყვარელო, - დაიმორცხვა რატომღაც, - სულ რაღაც ორი თვის ფეხმძიმე ვარ.

-         ხოდა რატომ იწუხებთ აქ მოსვლით თავს? - გულწრფელად გავიოცე, - ახლა შენ სიმშვიდე გჭირდება და გვერდით მზრუნველი მეუღლე, - ამირანს გადავხედე, - კაფეზე ფიქრს შეეშვით, მხოლოდ ბავშვზე იფიქრეთ. ჯეი, ხომ იცი, რომ ყველაფერს ისე გავეკეთებ, როგორც საჭიროა. სანერვიულო მართლა არაფერია. საბა, ნინია, მათე და სხვები ზოგჯერ მეხმარებიან ხოლმე. მეც ხომ გეხმარებოდი, ამით რამეს ვაფუჭებდით? ალბათ ორსულობამ გაგხადა ემოციური და უმიზეზოდ ნერვიულობ.

-         მართალი ხარ ენჯი, უმიზეზოდ ვინერვიულეთ, - ამირანს ანიშნა ამდგარიყო, - წავალთ ჩვენ, ხელს აღარ შეგიშლით.

-         არ მიშლით, მართლა, - წამოვდექი მეც - შეგვიძლია ყავა დავლიოთ და კაფეზე ვისაუბროთ.

-         არა, წავალთ ჩვენ ,- დაიჟინა ჯეირანმა.

რადგან ბევრი საქმე მქონდა აღარ შევეწინააღმდეგე, სტუმრები კარებამდე მივაცილე და სამუშაო მაგიდას დავუბრუნდი. მალევე შემომივარდა საბა უცერემონიოდ და ჩემს წინ დაჯდა.

-         აბა რა უნდოდათ? მთლა ბოსი და ყოფილი...

-         გეყოფა საბა, არ გბეზრდება მაგხელა წინადადების თქმა ყოველ ჯერზე?

-         ასეა და რა ვქნა? - მხრები აიჩეჩა, - მაინც რა უნდოდათ?

-         რაო და შენ შენს საქმეს მიხედეო და საბა დაასვენეო.

-         სერიოზულად? როდის აქეთ ფიქრობენ ჩემს დასვენებაზე? - ჩაიცინა საბამ.

-         მე უფრო იმაზე ვფიქრობ, ვის შეიძლება ეთქვა. ორზე მაქვს ეჭვი.

-                             შეფზე თუ ფიქრობ გამორიცხე, - მიმიხვდა საბა ვარაუდს და სავარძელს მიეყრდნო, - ის მეორე შეიძლება, ვერ იტანს ჩვენს შეხმატკბილებას. ეგ ამირანის შეხედულებას იზიარებს - არავითარი მეგობრობა სამსახურში!

-            შეფი რატომ გამორიცხე? რაც შენ მაგას კერძებს უწუნებ არ გამიკვირდება მისგან.

-            კი ვუწუნებ მაგრამ მისივე სასიკეთოდ, მინდა უფრო კარგად მოამზადოს, ფაქტიურად ვეხმარები რომ მასტერი გახდეს რა,- თვალი ჩამიკრა საბამ.

-            მე კი მგონია, რომ უბრალოდ ცდილობ ისეთი რამეები არ მოგწონდეს, რაც ყველას მოწონს.

-            რას გულისხმობ?- წარბები შეკრა.

-            აი მაგალითად კინგი, მეტნაკლებად ყველას მოწონს, შენ კი თავს იგიჟებ ვერ ვიტანო. იგივეა მაკას კერძების შემთხვევაში - ყველა აღფრთოვანებულია და შენ რაღაცეებს უწუნებ. ზოგჯერ სახეზე გეტყობა რომ კერძი მოგეწონა და რაღაც საშინელებას ეტყვი ხოლმე.  არ ვამბობ, რომ აუცილებელია ორივე გიყვარდეს, სავსებით შესაძლებელი მართლა არ მოგწონდეს კინგიც და მაკას კერძებიც, მაგრამ ისიც იცოდე - სიძულვილიდან სიყვარულამდე ერთი ნაბიჯია, -  ამჯერად მე ჩავუკარი თვალი

-            მართლა ვერ გავიგე რას გულისხმობ, - გაიცინა საბამ და ადგომა დააპირა.

-            რას და როგორც შენსა და კინგის შორის „დათბა“ ურთიერთობები, ასევე შეიძლება არა მხოლოდ მაკას კერძები, თავად მაკაც შეგიყვარდეს.

-            რას იგონებ ეხლა, - საბამ ადგომა გადაიფიქრა და პირღია დაეშვა სკამზე.

-            თუ ვიგონებ, რამ გაგაშტერა? წადი იმუშავე, მეც სამუშაო მაქვს, - კარებისკენ ვანიშნე თავით და ხელიც ავუქნიე იმის მისანიშნებლად, რომ მალე გასულიყო.

ცოტა ხანი მიყურა თვალებმოჭუტული და მერე გავიდა. მე საქმეს მივუბრუნდი.

მთელი დღე ვმუშაობდი, რაღაც ახალი იდეები მქონდა და სწორად მინდოდა ჩამომეყალიბებინა. ვგეგმავდი, რომ გამომცემლებს შევხვედროდი და ტრადიციად მექცია თვეში ერთხელ მაინც ჩვენს კაფეს ემასპინძლა რომელიმე ახალ გამოცემული წიგნის პრეზენტაციისთვის. თუ ქართველი ავტორის წიგნი იქნებოდა და ავტორიც ჩამოარიგებდა მკითხველებისთვის  ავტოგრაფებს მთლად უკეთესი.

ლევანი მთელი დღე არ გამოჩენილა, არც შემხმიანებია. საღამოს მაინც მქონდა მოლოდინი, რომ შემეხმიანებოდა. მაგრამ არაფერი. მთელი საღამო მის ზარს ველოდი, ტელეფონს ყოველ წუთს ვამოწმებდი და რამდენჯერმე ფანჯრიდანაც შევამოწმე მისი მანქანა ხომ არ იდგა ქვემოთ. სად დაიკარგა, ნეტა თბილისში ხომ არ დაბრუნდა? იქნებ ჩემს ზარს ელოდებოდა? ტელეფონი ნერვიულად მივაგდე დივანზე და დასაძინებლად წავედი.

 

 

 

 

ლეო

19/09/2018 წელი, ოთხშაბათი

ბათუმში ყველაფრის გასარკვევად ჩამოვედი და უარეს გაურკვევლობაში აღმოვჩნდი. ჩემს რეაქციებს გადავხედე. თავიდან შეტყობინება რომ მივიღე, მამობის პერსპექტივამ დიდად არ მომხიბლა და წყალწაღებულივით ხავსს ვეჭიდებოდი, იმედი მქონდა შეცდომა ან ხუმრობა იქნებოდა. მერე ენჯის ხმა გავიგონე, მისი ფოტოები ვნახე და სულაც არ ვიყავი წინააღმდეგი ჩემი შვილის დედა ყოფილიყო. მხოლოდ ის ტეხავდა, არაფერი რომ არ მახსოვდა. ახლა ენჯი გავიცანი და მისი ორსულობის ამბავი დაჯერება სულ უფრო მიჭირდა. ასეთ გოგოს, თუნდაც მთვრალს საწოლში ვერ შევიტყუებდი, ეს აშკარაა. თან მეც თუ მთვრალი ვიყავი მითუმეტეს.  რატომ მატყუებდა, რა მიზეზი ქონდა ასე მომქცეოდა? შეიძლება მართლა ორსულად იყო. სიმპტომები კი ქონდა ორსულის, ხშირად ეცვლებოდა ხასიათი და ეს ცრემლები! ალბათ რომ მოინდომოს ერთ ღამეში დამახრჩობს ცრემლებში, მე კი როგორ ვერ ვიტან, როცა ქალი ტირის, თან ჩემს გამო. ნეტა ორსულად იყოს ჩემგან. ღმერთო, როგორ გამიხარდებოდა!  როგორ მინდოდა! ასე არასოდეს არაფერი მდომებია.

ოთხშაბათს მთელი დღე სასტუმროში გავატარე. ენჯიზე ფიქრისგან რომ თავი დამეღწია შუადღისას დარბაზში ჩავედი სავარჯიშოდ. თითქმის სამი საათი დავყავი იქ. ვარჯიში მამშვიდებდა, თითქოს უარყოფითი ენერგიისგან ვთავისუფლდებოდი ამ დროს. მერე ცოტა ხანი ვცურავდი და როცა ნომერში ავედი მივხვდი, მგელივით მშიოდა. გადავწყვიტე გარეთ მევახშმა.

არ ვიცოდი ბათუმში კარგად ვახშმობა სად შეიძლებოდა. ქუჩას ფეხით დავუყევი. არც კი ვიცი როგორ აღმოვჩნდი იმ ქუჩაზე, სადაც ენჯის კაფე მდებარეობდა. უკვე ბინდდებოდა და გრძელი ფანჯრებიდან კაფის განათების ფონზე მოჩანდნენ სტუმრები, რომლებიც მადიანად ილუკმებოდნენ. იდეა შევსულიყავი და ყავა დამელია მაშინვე უარვყავი და ნაჩქარევად მოვშორდი ქუჩას. კიდევ კარგი ენჯი ვერ დავინახე, მაშინ უარს ვეღარ ვიტყოდი შიგნით შესვლაზე. უნდა მოვახერხო მის გარეშე დროის გატარება. უნდა ჩამოვყალიბდე ბოლოსდაბოლოს რა მაკავშირებს მასთან.

სასტუმროში დავბრუნდი და იქვე ვივახშმე. მერე ნომერში ავედი და ფიქრისგან გადაღლილს მალევე ჩამეძინა.

 

 

 

 

20/09/2018 წელი, ხუთშაბათი

დილით სანდროს შეტყობინებამ გამაღვიძა. „ცოლი მოიყვანე თუ ჯერ ვერ დაითანხმე? J“ - როგორც ყოველთვის გამეღიმა სანდროს მოწერილზე. „ვერ დავითანხმე L სანამ სანდრო არ ჩამოვა არაო“ - მივწერე საპასუხოდ. „მე ძმაო ვერ ვარ ძლიერი გოგოების დათანხმებაში, ამიტომ შევრჩი ამდენ ხანს ნატას. შენ თვითონ უნდა იჩალიჩო J“ - გამიკვირდა ხუმრობას რომ მიმიხვდა და ბარგის ჩასალაგებლად არ გაიქცა.

დღეს ენჯის უეჭველი ვნახავ. სანამ ბათუმში ვარ შევეცდები მეტი დრო გავატარო მასთან. არ მაინტერესებს მატყუებს თუ არა -  მინდა მასთან ვიყო. უბრალოდ მასთან ყოფნა და საუბარი მომწონდა. მხოლოდ მის თხოვნასაც გავითვალისწინებდი და სამსახურში არ დავადგებოდი თავზე. საღამოს სამსახურის მერე გადავწყვიტე მისი ნახვა.

კაფესთან 9 საათისთვის მივედი. შიგნით ნაგვიანევად შემორჩენილი სტუმრები და მომსახურე პერსონალი დავლანდე. ენჯი არსად ჩანდა. ვივარაუდე, რომ  ზევით იქნებოდა. იქნებ უკვე წავიდა? ცოტა ხნის ლოდინი გადავწყვიტე. თუ არ გამოჩნდებოდა სახლში მივაკითხავდი.

დაახლოებით ათი საათისთვის კაფეს უკანასკნელი სტუმრები გააცილეს და ის იყო წასვლა დავაპირე, რომ ენჯი დავინახე. პიცით ხელში გარეთ გამოდიოდა, უკან ნინია მოყვებოდა სამი ჭიქით ხელში. ტროტუარზე განლაგებულ მაგიდასთან დასხდნენ. მალე კაფიდან გამოსული ბიჭი შეუერთდა. ჭამდნენ, თან საუბრობდნენ. უფრო სწორად ის ორი საუბრობდა, ენჯი უხმოდ იჯდა და ხანდახან თავის დაქნევით დაეთანხმებოდა რაღაცაზე.  მოწყენილი ჩანდა. ნეტა ხანდახან თუ ფიქრობს ჩემზე?

ჭამა დაასრულეს და კაფე დაკეტეს. ნინია იქვე ყვავილებში ჩამალული  ველოსიპედით წავიდა. იმდენად ფერადი ველოსიპედი იყო, ყვავილებში ვერც კი შევამჩნიე. ამ გოგოს ვიღაცა მოიტაცებს და ზღაპარში დააბრუნებს, ენჯის უნდა ვურჩიო ყურადღება მიაქციოს. მხოლოდ ორნი დარჩნენ ტროტუარზე და საუბრობდნენ. მერე ბიჭი ხელის დაქნევით დაემშვიდობა, ცოტა ხანში კი მოტოზე ამხედრებულმა ჩამიქროლა. ენჯი საპირისპირო მიმართულებით წავიდა. ნელი ნაბიჯით მიუყვებოდა ქუჩას. მანქანა ნელა დავძარი და გავყევი. სანამ ქუჩაზე ჩაუხვევდა ფარები ავაციმციმე და გავძახე:

-         არ გინდა სახლში მიგიყვანო?

ენჯი

20/09/2018 წელი, ხუთშაბათი - ბონდის აღსარება

ხუთშაბათი სხვა დღეებისაგან არაფრით განსხვავდებოდა. კაფეში ბევრი ხალხი იყო, მე კი მთელი დღე ვმუშაობდი, ყავის გარდა არაფერი მიმიღია, ამიტომ  საბას შემოთავაზებას მასთან ერთად მეჭამა რამე, სიამოვნებით დავთანხმდი. მარტო ჭამა საზიზღრობაა, ამიტომაც დავდივარ მშიერი უმეტესწილად. ნინიაც შემოგვიერთდა და სამივენი გარეთ დავსხედით, პიცას ვჭამდით და ალუბლის წვენს ვაყოლებდით. საბა მადიანად ილუკმებოდა და თან  პარასკევის  საღამოზე გველაპარაკებოდა შეუსვენებლივ. ეს მგონი მეორე უკიდურესობაში გადავარდა -  კინგი მართლა შეუყვარდა. მისი შემოქმედებისთვის დამახასიათებელ ძირითად შტრიხებზე გვიყვებოდა რაღაცეებს, ძირითადად ნინია შეეპასუხებოდა, მე საუბარში არ ვერთვებოდი, შიგადაშიგ მხოლოდ თავის დაკვრით შემოვიფარგლებოდი. ლევანი მახსენდებოდა, მასზე ფიქრს ვერსად გავურბოდი. თან საკუთარ თავზე ნერვები მეშლებოდა ამ აკვიატების გამო. ჩამოვიდა რომ რაღაცეები გაერკვია, ამაფორიაქა, ჩემში დარჩა და წავიდა. დიახ, ჩემში დარჩა! მისით ვიყავი მოცული.

ჭამას მოვრჩით, კაფე დავკეტეთ. ნინია როგორც ყოველთვის ყვავილებით მორთული ველოსიპედით დადიოდა, ეს გოგო მგონი რომელიღაცა ზღაპრიდან გამოიპარა. საბამ შემომთავაზა სახლში მიყვანა, მაგრამ ვიუარე -  ფეხით გავლა და ფიქრი მინდოდა. ის იყო ჩემს ქუჩაზე ჩავუხვიე, რომ ჯერ  მანქანის ფარების ციმციმი შევამჩნიე  და მერე ნაცნობი ხმა გავიგონე:

-      არ გინდა სახლში მიგიყვანო?

ღმერთო! როგორ გამიხარდა მისი ხმის გაგონება! არ მინდოდა დაენახა ჩემი კმაყოფილი სახე, ამიტომ ტუჩები მოვკუმე და ისე ვკითხე:

-         დიდი ხანია მითვალთვალებ?

-   სულ რაღაც ორი საათია, - გამიცინა და მანქანიდან გადმოვიდა. ჩემკენ წამოვიდა, ერთი ხელით მანქანის კარი გააღო, მეორეთი  ჩემი ხელი აიღო  და ღიმილით მითხრა, - მზად ვარ გემსახუროთ, ქალბატონო ენჯი.

-   მხოლოდ დღეს? - ეშმაკურად გამეღიმა და ღვედი შევიკარი.

-   არა მხოლოდ დღეს, - შემომღიმა ლევანმაც და მანქანა დაძრა.

-   წინ იყურე, რომ იცოდე მე ხიფათს ვიზიდავ მაგნიტივით, - გავაფრთხილე.

-   მეც ხიფათი ვარ, რომ მიზიდავ? - იმდენად ჩუმად თქვა ვიფიქრე ხომ არ მომესმა მეთქი. სერიოზული გამომეტყველებით მართავდა საჭეს. ვიზიდავ? რომ იცოდე ლევან, ყველაზე დიდი ხიფათი ხარ ჩემთვის, რაც ოდესმე გადამხდენია. ჩემივე ხელით შექმნილი ხიფათი.

-   აქ ჩამოვალ, - ჩემი კორპუსის დანახვისთანავე ღვედი შევიხსენი.

-   ჩამოხვალ? - კითხვა მომიბრუნდა, - მერე მე?

-   რა შენ?

-   მეგონა დამპატიჟებდი ყავაზე, შენს გამო ორი დღეა კაფეში არ მოვსულვარ და ვალად გაქვს ყავა.

-   ლევან მე....

-   ყავას დავლევ და წავალ, - სწრაფად გამაწყვეტინა ლევანმა, - გთხოვ ენჯი რა, მინდა დაგელაპარაკო. უბრალოდ ვილაპარაკოთ.

ისეთი ხმა ქონდა ვეღარ შევეწინააღმდეგე. თავის დაქნევით დავეთანხმე. მანქანა გააჩერა. მანქანიდან ერთდროულად გადავედით, სადარბაზოში შევედი და ფეხით ავუყევი კიბეებზე. უკან მომყვა. თუ მარტო ვიყავი ლიფტით არ ვსარგებლობდი, ერთხელ გავიჭედე შუქის ჩაქრობის გამო და შიში მქონდა. ახლა კი იმიტომ არ შევედი, რომ მასთან დარჩენის მეშინოდა ვიწყო ლიფტში. მეექვსე სართულზე ავედით, გასაღები ნელა გადავატრიალე, ბინაში შევედით და შუქი ავანთე. შევამჩნიე როგორ ათვალიერებდა ბინას მოურიდებლად.

-         ლამაზი ბინაა, - მითხრა ბოლოს.

-   მადლობა, ეს ბინა დედაჩემისაა და მისი გემოვნებითაა ყველაფერი გაკეთებული, - ვუთხარი და სამზარეულოში გავედი,- როგორ ყავას დალევ? - იქედან გამოვძახე.

-   უშაქროს, - მივიღე პასუხად. ორი უშაქრო ყავა მოვამზადე და მისაღებში გავედი. ლევანი წიგნების თაროსთან იდგა და ჩემს წიგნებს ათვალიერებდა. ძირითადი ნაწილი  მხატვრულ ლიტერატურას ეკავა, ბოლო თაროზე კი ლექსიკონები ელაგა - ქართულ-ინგლისური და ქართულ-იტალიური.

-   ეს წიგნებიც მისია?- ხელი ააყოლა წიგნებს.

-   არა, ეს მხარე მთლიანად ჩემია, და კიდევ ის სასმელების კოლექცია, - მეორე მხარეს განლაგებული სასმელების ბარზე ვანიშნე.

-   დალევა გიყვარს? - გაუკვირდა ჩემი კოლექციის დანახვა.

-   შეგროვება უფრო მიყვარს, მე და ჩემი მეგობარი ჯანო ვეჯიბრებით ერთმანეთს კოლექციის მრავალფეროვნებით.

-   ეს გამორჩეული წიგნებია ალბათ? - საუბარი გადაიტანა წიგნებზე ლევანმა, ორი წიგნი ეჭირა ხელში - ჯოჯო მოიესის „მე შენამდე“ და „შენს შემდეგ“. მართლაც ჩემი საყვარელი წიგნები იყო. შიგნით ფანქრით წვრილად მქონდა მიწერილი შენიშვნები და ფერადი ფურცლები მქონდა ჩალაგებული გამორჩეულ ადგილებში. ერთ-ერთი წიგნი გადაფურცლა და იქედან CD დისკზე ჩაწერილი ფილმის ეკრანიზაცია გადმოვარდა. დისკის ასაღებად დავიხარე. ლევანის გაეღიმა და ისე მკითხა.

-   წიგნები უფრო გიყვარს თუ ფილმები?

-   ჩამჭრელი შეკითხვაა, - სახე დავმანჭე, - ორივე მიყვარს ძალიან, მაგრამ მირჩევნია ჯერ წიგნი წავიკითხო და მერე ეკრანიზაცია ვნახო. ესენი კი მართლა ჩემი საყვარელი წიგნებია. სამწუხაროდ მესამე ნაწილი ჯერ არ უთარგმნიათ.

-   შენ ხომ იცი ინგლისური და ინგლისურად რატომ არ კითხულობ? - გაიოცა და წიგნები დააბრუნა.

-   დაველოდები მაინც ქართულად როდის გამოსცემენ, ქართულზე უკეთესად არც ერთი ენა არ მესმის!

-   იტალიურიც იცი? - ახლა ქართულ-იტალიური ლექსიკონი აიღო ხელში.

-   ხო, ბავშობიდან ავიჩემე რომ მესწავლა, მეგონა იტალიური თუ მეცოდინებოდა იქ უფრო ადვილად წავიდოდი, - ჩემი ბავშვობისდროინდელ ახირებაზე გამეღიმა.

-   უმაგისოდ გივი არ გაგიშვებდა? - ისე უბრალოდ იკითხა ვერ გავუბრაზდი. ყოველგვარი ცუდი, შეფარული აზრების გარეშე.

-   არ ვიყავი ტიპიური განებივრებული გოგო, მხოლოდ იქ დავდიოდით, სადაც დედას სურდა, - ვუთხარი, რადგან მეგონა მაინც ფულიანი მამიკოს გოგოდ აღმიქვამდა მხოლოდ.

-   მაგიტომ არ მითქვამს ენჯი, ის ვიგულისხმე, უბრალოდ რომ გეთხოვა არ გაგიშვებდა გივი იტალიაში?

-   მამას ყოველთვის ეშინოდა ჩემი მარტო გაგზავნა შორს მანძილზე.

-   რატომ?- დაინტერესდა ლევანი

-   ქონდა მიზეზები, - არ მინდოდა გადმომელაგებინა მისთვის ჩემი ოჯახის შესახებ ყველაფერი. ყავას მივაწოდე და დივანზე ჩამოვჯექი.

-   იქნებ ერთ დღეს ერთად წავიდეთ იტალიაში და გამოგადგეს შენი იტალიურის ცოდნა,- გვერდით მომიჯდა ლევანი.

-   შეიძლება,- დივნის საზურგეს მივეყრდენი.

-   ესეიგი არ გინდა მომიყვე რატომ გიფრთხილდებოდა ასე ძალიან მამა? - ფრთხილად ჩამეკითხა ლევანი და ყავა მოსვა. უარის ნიშნად თავი გავაქნიე.

საუბარი ვერ ავაწყეთ. რაღაცა გვბოჭავდა. უხმოდ ვისხედით და ყავას ვსვამდით. უცებ ლევანმა ყავის ფინჯანი დივანის წინ მაგიდაზე დადგა და ჩემკენ მოჩოჩდა. მერე ძალიან ნელა ხელი მუცელზე დამადო და ფრთხილად მკითხა:

-   ნეტა გოგოა თუ ბიჭი? - მერე ამომხედა და ხელი კიდევ უფრო ფრთხილად მომაშორა.

როცა რამე ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი, ყოველთვის მახსენდებოდა რაღაცა ეპიზოდი ნანახი ფილმიდან ან წაკითხული წიგნიდან. ახლაც, როცა ლევანმა ხელი მომაშორე იმ ადგილზე ჯერ შემცივდა,  მერე სიცივემ მთელს სხეულში დამიარა და რატომღაც ხატია გამახსენდა. დუმბაძის სოსოია და ხატია. ხატია რომ ჩამოუსვამს სოსოიას გაყინულ ზურგზე თბილს ხელს, ყველას გახსოვთ ალბათ ეს ეპიზოდი. „კიდევ დამისვი რა ხატია, თბილი იყო“ - ჩამესმა სოსოიას ხმა შორიდან და მეც მომინდა იგივე მეთქვა ლევანისთვის. იმდენად მომინდა, რომ თავი ძლივს შევიკავე, თვალებში ჩამდგარი ცრემლი რომ არ დაენახა ლევანის გვერდით გავიხედე და მუდარით ამოვთქვი:

-         არ გინდა რა ლევან....

-      თუ ბიჭი იქნება მინდა დემეტრე დავარქვათ,- ისეთი ნაღვლიანი ხმით შემაწყვეტინა, კიდევ უფრო ნაძირალად ვიგრძენი თავი.

-      გთხოვ, ლევან...- წინადადება ვეღარ დავასრულე, ყელში გაჩრილი ცრემლი მიშლიდა ხელს. ლევანმა საპასუხოდ ოდნავ ჩაიწია დივანზე, მერე ისე მოკალათდა, რომ თავი ჩემს კალთაში ჩაედო და ემბრიონის პოზა მიიღო. ზემოდან დავყურებდი, ვხედავდი მის სწორ ცხვირს, მაღალ შუბლს, აჩეჩილ თმებს და თვალებს, რომლებიც დახუჭული ქონდა, მაგრამ მაინც იგრძნობოდა იქედან მომავალი სევდა. ლევანი ერთხანს მშვიდად იწვა, მერე ისე რომ თვალი არ გაუხელია, ნელა დაიწყო საუბარი, თითქოს სხვის ისტორიას მიყვებოდა.

-      დემეტრე დედაჩემის ქმარს ერქვა. მამამ რომ მიგვატოვა მე 10 წლის ვიყავი, ჩემი და ლილე კი - 12-ის. დედა დემეტრეს მანამდეც იცნობდა და ორ წელიწადში ცოლობაზე დათანხმდა. თავიდან პროტესტის გრძნობა მქონდა, მერე შევეგუე დედას გამო, რადგან დედა ბედნიერი ჩანდა, მიხაროდა, რომ ტირილი შეწყვიტა, რომელსაც მამის წასვლის შემდეგ დაეჩვია  და გაღიმება დაიწყო. დემეტრე კარგი კაცი იყო, ცდილობდა ჩემზე და ლილეზე შვილებივით ეზრუნა. ლილეს თავიდანვე არ მოსწონდა დემეტრე, ღიად უპირისპირდებოდა მას და მამის წასვლაშიც ადანაშაულებდა - უფროს სწორად დედა მიაჩნდა დამნაშავედ,  რადგან ფიქრობდა მან აიძულა მამას წასვლა, რომ დემეტრეს ცოლად გაჰყოლოდა. გარდატეხის პერიოდში მეც გამიჩნდა დემეტრეს მიმართ პროტესტი, მისი რჩევები, მისი დამოკიდებულება, მისი მშვიდი ხმა, ჩემ გამო დედას როცა ამშვიდებდა ნერვებს მიშლიდა. ცუდ ხალხს დავუმეგობრდი, სმა დავიწყე, სკოლიდან გამომრიცხეს, რამდენჯერმე დემეტრეს პოლიციის განყოფილებიდანაც წამოვუყვანივარ. იცი, როგორი კარგი ადამიანი იყო? მე შემეძლო მისი მამობა მიმეღო, მისი მეგობრობა მიმეღო. მაგრამ რა გავაკეთე? მის გამოწვდილ ხელს ჩემი ხელი არ შევაგებე, ჩემკენ გადმოდგმულ მის ნაბიჯებს ჩემი ნაბიჯები არ შევაგებე. პირიქით ისე ვცდილობდი მისგან წასვლას, რომ ვერ დამწეოდა, ხელი ვერ ჩაეჭიდა ჩემთვის. ახლა როცა ცოცხალი არ არის ვხვდები, როგორ უსამართლოდ ვექცეოდი. მას სულაც არ უცდია მამა შეეცვალა ჩემთვის, უბრალოდ ცდილობდა ჩემთვის უფროსი მეგობარივით ყოფილიყო. იცი ახლაც წინ მხვდება ხოლმე მისი კარგი კაცობა, მისი სახელი. მე კი ეს ვერ დავაფასე. მე... მე...- საუბრის გაგრძელება ვეღარ შეძლო. ზემოდან დავყურებდი და მინდოდა მის სახეს შევხებოდი, თმებში ხელი შემეცურებინა, დამემშვიდებინა, შუბლზე მეკოცნა. ის თავის ამბავს მიყვებოდა გულწრფელად, მე კი უსინდისოდ ვატყუებდი.

-      ლევან არაა საჭირო მომიყვე, ნუ მომიყვები,-  ჩუმად ვუთხარი, რომ ჩემს ხმაში გარეული ცრემლები არ შეემჩნია.

-      მაგრამ მე მინდა რომ მოგიყვე, - ისევ ხმადაბლა განგრძო ლევანმა,- მინდა ვინმეს ვუთხრა და გავთავისუფლდე. იცი რომ დედისა და დემეტრეს საფლავზე ვერ ავდივარ? მგონია, უფლება არ მაქვს მათთან მივიდე. მგონია,  რომ არ მაპატიებენ. იქედანაც არ მაპატიებენ. დემეტრე რომ დაიღუპა უბედური შემთხვევის დროს, მაშინ გამოვფხიზლდი. ეს პირველი სილა იყო ცხოვრებისგან, რასაც ძალიან მალე მეორეც მოყვა. დედამ თავი მოიკლა, ვერ გაუძლო უმისობას. უმისობას ვერ გაუძლო და მე უდედოდ დამტოვა! ობლობისთვის გამიმეტა. მესამე იმედგაცრუება ყველაზე საშინელი იყო - გავიგე, რომ ლილე იმ კაცთან გადავიდა საცხოვრებლად, რომელთანაც დემეტრეს უსიამოვნებები ქონდა და როგორც მისი მეგობრები ვარაუდობდნენ, შესაძლოა მის სიკვდილშიც  ყოფილიყო დამნაშავე. ჩემი და მას მერე არ მინახია, დემეტრეს სიძულვილი ვერ ვაპატიე. ხო, მეც ცუდად ვექცეოდი დემეტრეს, უსამართლო ვიყავი მის მიმართ, მაგრამ არასოდეს მძულებია. პირიქით, მიყვარდა და პატივს ვცემდი და ამის დასაფარავად ვექცეოდი საშინლად, რადგან მაშინ ბავშვური ჭკუით ვფიქრობდი, რომ მამინაცვლის შეყვარება ვერ იყო კაი კაცობა. ლილე კი ვერ იტანდა, ეზიზღებოდა. დემეტრე ამას არ იმსახურებდა და მე იმის გამო, რომ დემეტრეს მიმართ ჩემი დანაშაული გამომესყიდა ჩემს დას არ ვაპატიე მისი სიძულვილი, ამოვშალე ჩემი ცხოვრებიდან. სულ მარტო დავრჩი დედის, დის და უფროსი მეგობრის გარეშე. მაგ დროს დაასრულა ჩემთან ურთიერთობა მეგიმ, ჩემმა საცოლემ. მერე გავიგე, რომ ორსულად ყოფილა და ბავშვი მოუცილებია - ჩუმად, უთქმელად, დაუფიქრებლად მოკლა ჩვენი შვილი.

სუნთქვაშეკრული ვუსმენდი. გაჩერდა და ცოტა ხანი დადუმდა, მერე გასწორდა,  თვალები გაახილა, დიდხანს მაკვირდებოდა, ჩემი შესწავლა უნდოდა, ჩემი ემოციების შესწავლა. ალბათ ფიქრობდა ეს ცრემლები ჩემს თვალებზე, მისი ისტორიის ბრალი იყო. მე კი ვტიროდი რადგან თავი მეზიზღებოდა. მან მე გული გადამიშალა, მე კი სანაცვლოდ რას ვაკეთებდი?  თვალებში მიყურებდა როცა მკითხა:

-        ახლა ასე მარტოსულს, ეულს შენ რატომ გამომეცხადე ენჯი? მითხარი, ნამდვილი ხარ? მითხარი, სიმართლეა შენთან დაკავშირებული ამბავი თუ ჩემი წარმოსახვის ნაყოფი ხარ? ჩემი ოცნებიდან გადმოსული ქალს მართლა გავხარ თუ მეჩვენება? თუ მართალი ხარ გეხვეწები, გთხოვ, შენც ნუ მომექცევი ასე. როგორც დედა, ლილემ, მეგიმ მომექცნენ. ბევრს არაფერს გთხოვ, უბრალოდ შენს გვერდით მამყოფე და ზოგჯერ მისმინე ხოლმე, - ფრთხილად გადმობრუნდა და მუცელზე ტუჩები შემახო. მიუხედავად იმისა, რომ თბილი ჯემპრი მეცვა მისი ტუჩების ნაკვალევი ამეწვა. ამის ატანა აღარ შემეძლო. სწრაფად ვკარი ხელი, წამოვვარდი და საპირფარეშოში შევვარდი. გული მერეოდა. საკუთარ საქციელზე გული მერეოდა! წყალი მოვუშვი და იატაკზე ჩავიკეცე. ხმამაღლა მინდოდა მეტირა, მაგრამ ვიცოდი, რომ გარეთ ლევანი გაიგონებდა, ამიტომ პირზე ხელები ავიფარე და ასე ვცდილობდი საკუთარი ხმის ჩახშობას. არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი ასე. კარზე ფრთხილი კაკუნი გაისმა, რასაც ლევანის ხმა მოყვა:

-      ენჯი, კარგად ხარ?

-      კი ლევან, ახლავე გამოვალ, - გავძახე და წამოვდექი. პირი დავიბანე და სარკეში საკუთარ გამოსახულებას დავაკვირდი. „მეტის ღირსი ხარ ენჯი, სხვისი გრძნობებით და ცხოვრებით რომ თამაშს დაიწყებ დაუფიქრებლად, შედეგებზეც მოგიწევს პასუხის გება. უნამუსო ენჯი!“ - შევუღრინე საკუთარ გამოსახულებას და კარი ფრთხილად გავაღე.

-      მართლა კარგად ხარ? - შეშინებულმა მკითხე იქვე მდგომმა ლევანმა.

-      კი, ლევან. მაპატიე, შეგაშინე,- გაღიმება ვცადე.

-      პირიქით მე მაპატიე, მოვედი და აგანერვიულე. უბრალოდ საუბარი მინდოდა და მელოდრამა გამომივიდა, - თვითონაც უხერხულად გაიღიმა და კარებს მიეყრდნო. მისი ღიმილის დანახვაზე ცოტა გულზე მომეშვა. ბოლოსდაბოლოს მე ხომ არ დამიძალებია, თავად მომიყვა ყველაფერი. ტყუილის ამბავი კი რაც შეიძლება მალე უნდა დამესრულებინა. ახლა მხოლოდ ფიქრი მჭირდებოდა. მარტო დარჩენა და ფიქრი.

-      დავიღალე ლევან დღეს ძალიან, დავისვენებ კარგი? - არ მინდოდა წყენოდა, ისე გამომსვლოდა თითქოს ვაგდებდი ბინიდან, ამიტომ დავამატე , - შენთვისაც კარგი იქნება დასვენება, არ გამოიყურები კარგად.

-      ხო, მართალი ხარ. უკვე გვიანია და სჯობს წავიდე,- თქვა, მაგრამ კარებს არ მოშორებია.

-      ხო წადი, წადი, - ფრთხილი ხელის კვრით ვცდილობდი  გასასვლელისკენ მის გაყვანას. ჩემს ბიძგებზე იცინოდა და ცდილობდა ჩემი ხელი აეცილებინა. წეღანდელი სევდა მის  თვალებში გამქრალიყო. ნუთუ მე ვარ ამის მიზეზი? ჩემს გამო იღიმის? როცა  გაიგებს რომ ვატყუებ, რა რეაქცია ექნება?

-      ხვალ გნახავ?- მკითხა კარებთან მისულმა.

-      ხვალ? ხვალ ბევრი საქმე მაქვს, თან კაფეშიც საღამოს წვეულებაა და ვერ მოვახერხებ, - თმების წვალება დავიწყე,- მაგრამ შეგიძლია საღამოს მოხვიდე, ჩემი სტუმარი იქნები და ყავასაც უფასოდ მიირთმევ.

-      ე.ი. უფასო ყავა ხომ? იცოდე, ვიმახსოვრებ! - თავი დამიკრა ღიმილით დამშვიდობების ნიშნად და კიბეებზე გაუჩინარდა.

კარი მივხურე და ლაისთან დასარეკად მობილურის ძებნა დავიწყე.

 

 

დიაგნოზი ლაიასგან

თითქმის შუაღამე იყო ლაია რომ მოვიდა. ისეთი ხმით ვთხოვე მოსვლა ალბათ დედამიწის მეორე ბოლოშიც რომ ყოფილიყო, ფეხით ჩამოვიდოდა. თან კამერა და ნოუთბუქიც წამოეღო ანუ მდგომარეობის სიმძიმე სწორად შეეფასებინა და ჩემთან რჩებოდა დღეს. ხშირად რჩებოდა ჩემთან და როცა ვიძინებდი, მაშინ იწყებდა ფოტოების დამუშავებას. ნამდვილი ღამურა იყო.

-   შენ რა ტიროდი? - ისეთი ხმით მკითხა, გეგონება ჩემი ცრემლები გლობალურ დათბობას აჩქარებდა ან ქვეყნის დაქცევას წინასწარმეტყველებდა.

-   კი, ვიტირე ლაია და გეხვეწები ახლა არ დამიწყო ლექცია იმის შესახებ, რომ ტირილი მხოლოდ სუსტებს ჩვევიათ. კარი მიკეტე და მოდი გვერდით მომიჯექი, - ხელით ვანიშნე იატაკზე ჩემს გვერდით დამჯდარიყო.  ტელეფონის საძებრად რომ დავჯექი იატაკზე მას მერე აღარ ავმდგარვარ და კარიც სპეციალურად ღიად დავტოვე, ლაია რომ შემოსულიყო.

-   შენ მთლად გაუბერე ხომ, - კარი მიკეტა და მისი სიტყვების თვალსაჩინოდ დასანახად თითი დაიტრიალა შუბლთან,- როდის აქეთ იქცევი დეპრესიისკენ მიდრეკილების მქონე თინეიჯერივით?

-    ლაია, ერთხელ მაინც დაივიწყე უფროსი დასავით მოქცევა და გვერდით დამიჯექი რომ შენს კალთაში ვიტირო, კარგი? - მუდარით ავხედე.

-   ვერ ხარ შენ, - მიპასუხა მაგრამ ჩემს გვერდით მაინც მოკალათდა, - არავითარი ცრემლები! უბრალოდ მომიყევი რა მოხდა, მშვიდად და ნელა, არსად გვეჩქარება.

პირდაპირ იატაკზე ხალიჩაზე დავწექი, თავი ლაიას კალთაში ჩავუდე და მოყოლა დავიწყე. ყველა დეტალი მოვუყევი ლევანის ნაამბობიდან.

-   აბა რას იტყვი, უნამუსო ადამიანი  ვარ ხომ? - ავხედე იმის იმედით, რომ არ დამეთანხმებოდა.

-   100 პროცენტით! - გადამიწურა ყოველგვარი იმედი,- მართლა უნამუსობაა ტყუილის გაგრძელება, სასწრაფოდ უნდა უთხრა სიმართლე. მეც ვარ დამნაშავე რაღაცა დოზით, მე გაიძულე თამაშის გაგრძელება. გინდა მე ვუთხრა?

-   არა! - სასწრაფოდ წამოვვარდი იატაკიდან, -  მე უნდა ვუთხრა. ოღონდ ახლა ვერ ვეტყვი, ახლა როცა გული გადამიშალა. თბილისში რომ ჩავა მერე მივწერ ან დავურეკავ. ახლა არ მინდა რომ ვაწყენინო.

-   თუ მიწერ ნაკლებად აწყენინებ? მე მითქვამს -  რაც უფრო გააჭიანურებ, მით უფრო გაგიჭირდება თქმა.

-   ვიცი, ლაია, ვიცი! მაგრამ ჯანდაბა! არ მინდა, რომ ვაწყენინო! არ მინდა, რომ წავიდეს!  -  წინ და უკან დავიწყე სიარული, - არ შემიძლია თვალებში ვუყურო და იქ იმედგაცრუება, წყენა და ზიზღი დავინახო ჩემი ტყუილების გამო. ნეტა მართალი იყოს რაც ვუთხარი. იმ სირცხვილსაც გადავიტან, რომ ვიღაც ბიჭისგან დავორსულდი მთვრალი და არაფერი მახსოვს. ოღონდ მართალი იყოს!

ლაია ისე მიყურებდა, როგორც გიჟს. ასეთი ემოციური არასდროს ვყოფილვარ. სულ ვცდილობდი გონებით მემოქმედა.

-      მაგ ბიჭმა სულ გამოგაშტერა შენ! -მკაცრად მითხრა,- რა იცი, რომ რაც მოგიყვა ყველაფერი მართალია? იქნებ გაიგო რომ ატყუებ და სამაგიეროს გიხდის? ხვალვე ეტყვი სიმართლეს. არა ახლავე დაურეკავ! - თვითონაც ადგა იატაკიდან და  ტელეფონი ამითამაშა წინ.

-      არა! რომ წავა მერე ვეტყვი. ხვალ კაფეში დავპატიჟე საღამოზე.

-      ბარემ ჯანოს დაბადების დღეზეც ხომ არ წამოიყვანდი? - დამცინავად შემაწყვეტინა.

-      დიახაც წამოვიყვან! - გავჯიუტდი მე.

-      მძიმე შემთხვევაა, - დაასკვნა ლაიამ, - ყველანაირი სიმპტომი მაგაზე მიუთითებს, მართალია პირველი სტადიაა, მაგრამ სწრაფად პროგნოზირებს და ვეჭვობ განიკურნო ოდესმე. შენ შეყვარებული ხარ!

ლაიას დიაგნოზი პირდაღებულმა მოვისმინე და დივანზე ხმაურიანად დავეშვი. ჯანდაბა, მგონი დამერხა!

 

 

 

 

 

 

ლევანი

კიბეებზე სწრაფად ჩავირბინე და მანქანისკენ წავედი. არ ვიცი რატომ გადმოვულაგე მთელი ჩემი ცხოვრება ყველაზე მნიშველოვანი დეტალებით. სანდროს არ მოეწონებოდა, ფიქრობს, რომ მხოლოდ მას აქვს უფლება ჩემზე ყველაფერი იცოდეს. „ საიდუმლო, რომელიც მხოლოდ ჩვენ ორმა ვიცით, ჩვენს ძმობას ამყარებს იცოდე“ , - მისი საყვარელი ფრაზაა ჩემთან დაკავშირებით. მაგრამ ახლა სანდრო ნაკლებად მაინტერესებდა. ენჯის ჩემი საიდუმლო გავუმხილე,  გავთავისუფლდი მძიმე ტვირთისგან და ეს მაგარი შეგრძნებაა. სანდრომ ყველა დეტალი იცის ჩემზე, სულ ჩემს გერდით იყო ცხოვრების ყველა ეტაპზე, მაგრამ მასთან ასე გულწრფელად მაინც ვერ ვისაუბრებდი. ალბათ იმიტომ რომ სანდრო ყველას იცნობდა - დემეტრეს, ლილეს, დედას, მეგის და რაც მთავარია, მე მიცნობდა კარგად. ენჯი კი სულ სხვაა. ვუყვებოდი  და ვიცოდი, ვხვდებოდი, რომ უბრალოდ მისმენდა, როგორც სხვა ნებისმიერ უცნობს მოუსმენდა. ზედმეტი კითხვაც არ დაუსვამს, ის მიიღო, რაც მე ვუთხარი. რა კარგია რომ ჩემს ცხოვრებაში შემოვიდა! თუ შემომიხტა დაუკითხავად? როგორც არ უნდა იყოს მისმა გამოჩენამ ჩემს ცხოვრებაში ცვლილებები შემოიტანა. მაგარია!

სასტუმროში დავბრუნდი და დაძინება ვცადე. ალბათ მთელი საათი ვფიქრობდი ენჯიზე და ხვალინდელ საღამოზე. გვიან დამეძინა და ენჯი მესიზმრა. ლამაზი სიზმარი კი იყო და ბედნიერს გამეღვიძა.  ოხ ენჯი, ენჯი! ფიქრები აღარ გეყო და სიზმრებშიც შემომისახლდი.

 

 

 

21/09/2018 წელი, პარასკევი - კინგის იუბილე

კაფეში 8 საათისთვის მივედი. შიგნით უკვე შეინიშნებოდა სტუმრების სიმრავლე. კარი შევაღე, სასიამოვნო მუსიკა და სითბო ერთდროულად შემომეგება, რაც სექტემბრის საღამოსთვის დამახასიათებელი სუსხის გამო მესიამოვნა. ნინია შორიდან მომესალმა და მეორე სართულისკენ მანიშნა. საპასუხოდ მეც გავუღიმე და კიბეებს ავუყევი. მეორე სართულზე დარბაზში უკვე შეკრებილიყვნენ კინგის შემოქმედების მოყვარულები და ხმადაბლა კამათობდნენ. ცენტრში ის ბიჭი დავლანდე, რომელთანაც ერთად გუშინ ნინია და ენჯი დავინახე. მერე დარბაზს თვალი მოვავლე, თვალებით ენჯის ვეძებდი. განცალკევებით იდგა საშუალო ასაკის მამაკაცთან ერთად და მშვიდად საუბრობდა. თმები ზევით აეტანა და მსუბუქი მაკიაჟი გაეკეთებინა. ჩემი დაჟინებული მზერა იგრძნო, მოსაუბრეს დაემშვიდობა და ჩემკენ წამოვიდა ღიმილით. კლასიკური შარვალი და პიჯაკი ეცვა. ძალიან ელეგანტური იყო.

-         გამარჯობა, - ღიმილითვე მომესალმა, ამათვალიერა და ყოყმანით გააგრძელა, - მთლად კინგის გამო მოსულს არ გავხარ.

-         უფრო უფასო ყავამ შემომიტყუა, - ვაღიარე, - თან მინდოდა მენახე.

შევამჩნიე, რომ კმაყოფილებამ გადაურბინა სახეზე და თვალები აენთო სიხარულით, მაგრამ მალევე მოიშორა ემოცია. იქვე მდგომ თანამშრომელს რაღაცა გადაულაპარაკა  და მშვიდად გამიძღვა წინ.

-         დრო არ მაქვს რომ  ყურადღება მოგაქციო, მაგრამ უფასო ყავა შეგიძლია მიირთვა, - მაგიდისკენ მიმითითა ენჯიმ,- მეც შემოგიერთდები შიგადაშიგ.

ენჯი სტუმრებს შეერია, მე კი მაგიდასთან დავჯექი. ვცდილობდი გონება დამეძაბა და მესმინა დარბაზში მოსაუბრე ხალხისთვის, ან რამე გამეხსენებინა კინგთან დაკავშირებით, მაგრამ ენჯის გარდა ვერაფერს ვხედავდი. ახლა ალბათ საკუთარი სახელის თქმასაც ვერ შევძლებდი. ვუყურებდი როგორ საუბრობდა, მოძრაობდა, იღიმოდა - ყველაფერს იდეალურად აკეთებდა. მთელი საღამო მას ვაკვირდებოდი. ფიქრებში ჩაძირული ვერც კი შევამჩნიე როდის მომიახლოვდა გოგონასთან ერთად, რომელსაც ყელზე პროფესიონალი ფოტოაპარატი ჩამოეკიდა და ინტერესით მაკვირდებოდა.

-         ლევან, ეს ლაიაა, ჩემი საუკეთესო მეგობარი,- მერე ლაიას წარუდგინა ჩემი თავი, - ლაია, ეს ლევანია.

-         სასიამოვნოა,- ხელი გავუწოდე ლაიას.

-         ჩემთვისაც, - ხელი შემომაგება, მერე ენჯის გადახედა და ყოყმანით მკითხა: -  შეიძლება ფოტო გადაგიღო?

-         იცით, მე არ ვარ კარგი მოდელი,- ცხვირი ავწიე უკმაყოფილების გამოსახატავად, - დამიჯერეთ, არც ფოტოგენური ვარ.

-         ჯერ ერთი შენობით ვისაუბროთ,- ჩემს თვალიერებას განაგრძობდა მოურიდებლად,- მეორეც, შეიძლება არ იცი, მაგრამ კარგი მასალა ხარ ფოტოგრაფებისთვის. დამიჯერე!

-         ლაია, შეეშვი რა, - საუბარში ჩაგვერია ენჯი,- სხვა ვინმე ნახე შენი ფოტოებისთვის.

-          კარგი, როგორც გინდა, - გაიბუტა ლაია, ცოტა ხანში ისევ მომიბრუნდა, - არც დაბადების დღეზე არ წამოხვალ?

-         რა დაბადების დღეზე? - წამში გამოვფხიზლდი.

-         ჯანოს, ჩვენს მეგობარს აქვს დაბადების დღე, დღეს უნდა დავადგეთ 12-ზე, წამო გაერთობი.

-         მერე ეს საღამო? - ვიკითხე თან ენჯის გადავხედე. თვითონ არაფერი უთქვამს, იქნებ არ უნდოდა ჩემი წასვლა?

-         აქ მალე ფილმის ჩვენება უნდა დაიწყოს და ჩემი აქ ყოფნა აღარაა სავალდებულო, - ამიხსნა ენჯიმ, - სურვილის შემთხვევაში შეგიძლია წამოხვიდე, თუ რათქმაუნდა სხვა გეგმები არ გაქვს.

-         უხერხული ხომ არ იქნება? - მაინც დავაზუსტე.

-         არ იქნება, ჯანო ჩვენი საუკეთესო მეგობარია, გაუხარდება შენი გაცნობა, - ლაიამ მიპასუხა ენჯის ნაცვლად.

-         კარგი წამოვალ. ახლა წავალ და პირდაპირ იქ მოვალ, - გასასვლელისკენ დავიძარი, უცებ მოვბრუნდი,- მისამართი რომ არ ვიცი?

-         მოგწერს ენჯი, - ისევ ლაიამ მიპასუხა ნაჩქარევად. ვგრძნობდი, უნდოდა მალე წავსულიყავი, რომ ენჯისთან ელაპარაკა. იმასაც მივხვდი მთავარი სასაუბრო თემა ვინც იქნებოდა - თქვენი მონა-მორჩილი ლევან ბონდი.

 

 

 

ენჯი

21/09/2018 წელი, პარასკევი - კინგისა და ჯანოს იუბილე

როგორც კი ლევანი თვალს მიეფარა, ლაია ხელის კვრით შევაგდე კაბინეტში.

-         რა ჯანდაბა გჭირს? - შევუტიე იმწამსვე.

-         რა მჭირს? - შეიცხადა უნიჭოდ.

-                            რატომ დაპატიჟე ჯანოს იუბილეზე ლევანი? - ჩემი უკმაყოფილების მიზეზი ჩამოვუყალიბე, - შენ არ მეუბნებოდი სიმართლე უთხარი და დაასრულე ყველაფერიო?

-      სიმართლის თქმა კი გითხარი, დასრულებაზე არაფერი მითქვამს, - დააზუსტა ლაიამ, - თუ გაგრძელება გინდა ამ ურთიერთობის მალე უნდა უთხრა სიმართლე, თითო ტყუილში გატარებული დღე თქვენი ურთიერთობის გაგრძელების შანსს ამცირებს ენჯი, ამას კი უნდა ვხვდებოდე.

-      ვხვდები, ვხვდები! - ნერვიულად ჩამოვისვი სახეზე ხელი, - მაგრამ ვერ ვეუბნები, გესმის? არ შემიძლია ვუთხრა, იმ ყველაფრის შემდეგ რაც მომიყვა.  მე....

-      ზუსტად მაგ ყველაფრის გამო უნდა უთხრა, დაფიქრდი და მიხვდები რომ მართალი ვარ, -შემაწყვეტინა მკაცრად,- ახლა კი შეწყვიტე ემოციების ფრქვევა და მოემზადე ჯანოსთან წასასვლელად.

ამ გოგოს ზოგჯერ ვერ ვიტანდი! სულ რომ მართალი იყო და ყველაფერს პირდაპირ მეუბნებოდა მაგიტომ. ადამიანებს ხომ გვიყვარს ტყუილი, რა მოხდება რომ ზოგჯერ შენც მომატყუო ლაია?

 

 

 

 

 

 

..................

ზუსტად 12 საათზე მე, ლაია და ბექა ტორტითა და შუშხუნებით ჯანოს ბინაში შევედით. ამას შევარდნა უფრო ერქვა, რადგან ბექამ კარი ლამის შეამტვრია, ლაია კი ხმამაღალი სიმღერით, რომელიც ყროყინს უფრო გავდა შიგნით შეხტა. ჯანო მშვიდად გვიყურებდა, ეტყობა ელოდა სიურპრიზს, ამიტომ აღარ გვიმღერია დაბადების დღის მისალოცად. მე ტორტი მაგიდაზე დავდე, ბექამ და ლაია კი ღრიალი შეწყვიტეს. ბექამ ოთახი მოათვალიერა.

-         ე ბიჭო, რატომ არ გაგიკვირდა?

-                          იმიტომ რომ მე ვუთხარი თქვენი მოსვლის შესახებ, - ოთახში შემოიძურწა გიო.

-      ნამდვილი ხეპრე ხარ! - შეუბღვირა ლაიამ და სამზარეულოში გაიტანა ტორტი დასაჭრელად.

-      ხეპრე კი არა სიამოვნებით ვცემდი ახლა, - გაღიზიანება ვერ დაფარა ბექამაც.

-      შენ არ მეტყვი რამე გესლიანს? - მე მომიბრუნდა გიო.

-      სულ არ მაინტერესებს რას გააკეთებ, მე ჯანოსთან მოვედი და ყველაფრის მიუხედავად კარგ დროს გავატარებ აქ, - ვუთხარი და ჯანოსკენ დავიხარე მისალოცად. - ჯანო, მინდა რომ სულ ბედნიერი იყო, სულ, სულ, სულ. ეს შენ, - ჩანთიდან შავი ლენტით შეკრული კოლოფი ამოვიღე, მუხლებზე დავუდე და მის წინ ჩავიცუცქე.

-      რა არის? - შემომღიმა ჯანომ და ყუთი შეანჯღრია. მერე ფრთხილად მოაშორა ლენტი და ასეთივე ფრთხილად გახსნა. „time is precious. make sure your spend it with the right watch“ -  წვრილად ეწერა შეფუთვაზე, შიგნით კი ლამაზად ჩასმული  საათი იყო - TSIKOLIA seven - მწვანე ფერის ციფერბლატით, რომელიც ჯანოს საყვარელი ფერი იყო. თვალები სიხარულით აევსო და ამომხედა, - მადლობა ენჯი, ძალიან მაგარია!

-      ვინმე დამეხმარება? - სამზარეულოდან გამოგვძახა ლაიამ. ამ დროს გაისმა ზარის ხმაც. ბექა კარის გასაღებად წავიდა, მე კი სამზარეულოში გავედი. მე და ლაია ოთახში დავბრუნდით თეფშებითა და ჭიქებით ხელში, ბექა კი გაოცებული სახით შემოუძღვა ლევანს, რომელსაც ხელში ლამაზად შეფუთული საჩუქარი ეჭირა.

-      გამარჯობა, - უხერხულად მიესალმა ყველას და ოთახს თვალი მოავლო, - მითხრეს რომ აქ ვიღაცას დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.

-      რა უნიჭო ხუმრობაა, - ჩაიდუდუნა გიომ.

-      ნუ უსმენ მაგას ძმაო, აი ჩვენი იუბილარიც, - ბექამ ჯანოზე ანიშნა და გიოს შეუბღვირა. ლაია მართალია, ერთ დღესაც მობეზრდება გიოს გამოხდომები და ცხვირ-პირს გაულამაზებს. ამ სურათის წარმოდგენისას ღიმილი ვერ შევიკავე. ბექა  ჩემს გვერდით აიტუზა და მიჩურჩულა: - ეს ბიჭი ეკრანიდან გადმოხტა თუ აქ როგორ აღმოჩნდა?

სიტუაცია იყო ყოველმხრივ უხერხული. ჯანო ლევანს თვალს არ აცილებდა და ცდილობდა გამოეცნო მისი აქ ყოფნის მიზეზი, გიო ფანჯარასთან იდგა და იქედან გვიბღვერდა ყველას, ბექა დაბნეულად ცდილობდა ინფორმაციის მიღებას ჩემგან სტუმრის შესახებ. ყველაზე უხერხულად მაინც ლევანი იყო, საჩუქრით ხელში იდგა შუა ოთახში, ყველას თვალები კი მისი მისამართით იყო მიპყრობილი.

-   აჰ ლევან, როგორ მიხარია რომ მოხვედი, - ისევ ლაია გამოერკვა და ჭიქებით ხელში ლევანს უხერხულად გადაეხვია, - ეს ჩემი მეგობარია ლევანი, ჩემი და ენჯის მეგობარი. ესენი კი ჩვენი მეგობრები, - ბიჭებს გადახედა ლაიამ.

-   გილოცავ ძმაო, - ხელი ჩამოართვა და საჩუქარი მიაწოდა,- იმედია მოგეწონება.

-   მადლობა საჩუქრისთვის, - ჯანომ საჩუქარი ჩამოართვა და შეანჯღრია, მერე სწრაფად შემოაცალა პრიალა ქაღალდი და თვალები გაოცებისაგან გაუფართოვდა, - არ არსებობს, ჩემი  საყვარელი ვისკი, კოლექციისთვის გამომადგება. მადლობა ძმაო, - ხელი გაუწოდა ლევანს, რომელმაც მსუბუქად დაკრა ჯანოს გამოწვდილ ხელს მისი ხელი.

კარზე ზარი გაისმა კვლავ.

-            კიდევ ვინმეს ველოდებით? - გაუკვირდა ლაიას

-   კი, დავპატიჟე მე ხალხი, - გაიკრიჭა ბექა და კარის გასაღებად გაიქცა ისევ.

მალე შემობრუნდა უკან და შემოიყოლა საბა და ნინია. ამათ აქ რა უნდათ? როდიდან მეგობრობენ ჯანოსთან?

-   გილოცავ ძმაო, ეს ჩემგან შენ,- კინგის ახალგამოცემული ოთხტომეული დაუდო, რომელიც ეტყობოდა კონკურსში მოეგო. რომ გეკითხა კინგი არ უყვარდა და როგორც მისი შემოქმედების უზადო მცოდნე  დაასაჩუქრეს მისივე წიგნებით. ჩემი მზერა რომ შეამჩნია უხერხულად მოიქექა თავი, - მე მაინც არ მიყვარს კინგი.

ნინიამ ყველას ხმადაბლა მიესალმა, ჩემი მზერის დაჭერისას აწითლებულმა ამარიდა თვალი. შევნიშნე როგორ უხერხულად აპარებდა თვალს ჯანოსკენ. ჯანოს თბილი მზერაც შევნიშნე რამდენჯერმე. ჯანო და ნინია?!

- კიდევ მყავს ხალხი დაპატიჟებული, მაგრამ სანამ მოვიდოდნენ, მე როგორც ამ საღამოს ორგანიზატორი გართობას გთავაზობთ - ხმამაღალი მუსიკის ჩართვით გამომაფხიზლა   ბექამ და ხალხი საცეკვაოდ მიიპატიჟა.

კიდევ შემოგვიერთდა ჯანოს რამდენიმე მეგობარი სკოლიდან და ძველი უბნიდან. ლევანის მზერას ვგრძნობდი შიგადაშიგ და სული მეხუთებოდა. რომ არ გავგუდულიყავი აივანზე გავედი. მალე ლევანიც შემომიერთდა.

 

 

 

 

 

 

 

 

ლევანი

ჯანოს იუბილე

არ ვიცოდი რა უნდა მეჩუქებინა ჯანოსთვის, ზოგადად ვერ ვიყავი საჩუქრების არჩევაში  ძლიერი. მერე გამახსენდა ენჯის რომ მითხრა სასმელებზე „მე და ჩემი მეგობარი ჯანო ვეჯიბრებით ერთმანეთს კოლექციის მრავალფეროვნებითო“. ხოდა გადავწყვიტე მეც სასმელი შემერჩია. ამ ღამით სად მენახა ღია სასმელების მაღაზია? გამოსავალი მალე ვნახე - მართალია ბევრი ხვეწნა დამჭირდა და ასევე ბლომად თანხა (ოთხმაგი გადამახდევინა), მაგრამ სადაც დავბანაკდი იმ სასტუმროს შვეიცარი მაინც დავითანხმე სასტუმროს მარაგიდან კარგი შოტლანდიური ვისკი „მოეყიდა“ ჩემთვის. პირველის ნახევრისთვის უკვე ჯანოს კორპუსთან ვიდექი Balblair-ის ვისკით ხელდამშვენებული.

უცნობი სტუმრის დანახვით გამოწვეული უხერხულობა ლაიამ განმუხტა - მის მეგობრად წარმადგინა. ჯანოს საჩუქარი მოეწონა. მე რა ვიცოდი ეტლით მოსარგებლე თუ იყო. იქნებ რამე ისეთი მეყიდა, რაც უხერხულ მდგომარეობაში ჩამაგდებდა? კიდევ კაი საჩუქარი სწორად შევარჩიე და იუბილარიც კმაყოფილი დარჩა.

მალე ენჯის კაფიდან შემოუერთდნენ საღამოს საბა და ნინია, მოგვიანებით კიდევ რამდენიმე სტუმარი. მე ვცდილობდი დრო მეპოვა ენჯისთან სალაპარაკოდ. გადავწყვიტე მეორე დღეს დავბრუნებულიყავი თბილისში და დამშვიდობება მინდოდა. შევამჩნიე როგორ გაიპარა ყველასგან შეუმჩნევლად აივანზე და ცოტა ხანში მეც უკან მივყევი.

-         წვეულება არ მოგწონს? - ვკითხე დუმილის დასარღვევად და ცას ავხედე.

-      არა, უბრალოდ ბევრი ხალხია და სუნთქვა მიჭირდა, - არც მოუხედია ისე მიპასუხა ხმადაბლა და მოაჯირს დაეყრდნო.

-   მე კი მგონია ჩემი აქ ყოფნა გაბნევს, - ჩემს ნათქვამზე ქვემოდან ამომხედა. არ მინდოდა არასწორად გაეგო და ორი თითით ვაჩვენე პატარა მანძილი, - სულ ცოტაზე გაბნევს.

-   შენ არაფერ შუაში ხარ, მართლა. ისე საჩუქარი კარგად შეგირჩევია, - საუბრის თემა შეცვალა.

-         მიხარია, რომ ჯანოს მოეწონა, - გავიღიმე და მასთან ახლოს მივიჩოჩე. ღია კარებიდან გამოსული მუსიკის ჰანგებში „fix you“ ამოვიცანი და კიდევ უფრო ფართოდ  გავიღიმე, - ნახე, ჩვენი მუსიკა?

-    ჩვენი? - ხმა თითქოს ჩაუწყდა  ენჯის. ნეტა რა ემართებოდა? უცებ ასე რატომ დანაღვლიანდა? ჩემკენ მოტრიალდა და თვალებში მომაჩერდა. მეჩვენება თუ თვალები მართლა ცრემლით აქვს სავსე? რამდენიმე წამი თვალებში მიყურა და ბოლოს დუმილი დაარღვია:

-   იცი, ლევან... მე.... მე არ...

-   არ გინდა ენჯი, არაფერი თქვა, - ტუჩებზე თითების დადებით შევაჩერე. ისეთი რბილი და ცხელი ტუჩები ქონდა, ხელი მაშინვე ჩამოვუშვი, თითქოს დაწვისა შემეშინდა. ვგრძობ რისი თქმა უნდა, მაგრამ არ მინდა მითხრას! არ მინდა! დაე მატყუებდეს, ოღონდ მასთან ყოფნის მიზეზი მქონდეს. ახლა რომ მითხრას ორსულად არ ვარო, უნდა წავიდე. წავიდე და აღარ მოვბრუნდე. მე კი წასვლა  არ მინდოდა. მასთან მინდოდა. უბრალოდ მის გვერდით მინდოდა ყოფნა. მორჩა!

-   ლევან, უნდა იცოდე რომ...

-   ენჯი! ყველაფერი კარგად იქნება,- ისევ შევაწყვეტინე,- დღეს შენი მეგობრის დაბადების დღეა და უნდა გაერთო. სხვა დროს ვილაპარაკოთ, კარგი? თან მე ხვალ დილით მივდივარ და მინდოდა დაგმშვიდობებოდი.

-   მიდიხარ, - ვერ გავიგე უბრალოდ ჩემი ნათქვამი გაიმეორა თუ მკითხა, - კარგი სხვა დროს ვილაპარაკოთ. ახლა შევიდეთ, ალბათ გვეძებენ

კარებიდანვე ვიგრძენი როგორ მიბღვერდა გიო. ეს ბიჭი ერთადერთია, რომელსაც არ მოვეწონე. ლაია ჯანოს ეჩურჩულებოდა რაღაცას და მზერას ჩემკენ აპარებდა. ესეც ასე - სამეგობროში ახალი სახის გამოჩენამ დიდი ინტერესი გამოიწვია. ყოჩაღ შენ ლევან!  - შევაქე საკუთარი თავი და ნინიას გავუღიმე, ადამიანს რომელიც აქ მყოფთაგან ყველაზე ადრე გავიცანი.

 

ენჯი

22/09/2018 წელი, შაბათი - ნაჩქარევი დამშვიდობება

წვეულებიდან ორ საათზე დავიშალეთ. ვერ ვიტყვი, რომ გავერთე  მაგრამ ჯანო კმაყოფილი ჩანდა და ეს იყო ყველაზე მთავარი. ლევანმა სახლამდე მიმაცილა მანქანით.

-                     როგორც კი სასტუმროში მივალ ნივთებს ჩავალაგებ და წავალ, - მითხრა ნაღვლიანად. ნუთუ ჩემგან წასვლა უჭირს? მერე კი მხიარული ხმით დაამატა, - ვერასოდეს ვიტანდი გამომშვიდობებას. არ გამომდის.

-                     ხო, არც მე მიყვარს, - თავის ქნევით დავეთანხმე.

-                     რომ ჩავალ დაგირეკავ, კიდევ ბევრჯერ ვისაუბრებთ არა?

-                     ხო, რათქმაუნდა, - დავეთანხმე. თუ გექნება ჩემთან საუბრის სურვილი სიმართლის გაგების შემდეგ კი ბატონო, ვისაუბროთ.

-                     ახლა წავალ, შენც დაღლილი ხარ, ორი იუბილე გადააგორე ფაქტიურად.

-                     ხო წადი. შენი ჟაკეტია ჩემთან.

-                     იყოს, მოსვლის მიზეზი მექნება, - თვალი ჩამიკრა.

-                     კარგი, იყოს, - მანქანიდან გადავედი, - ბედნიერი მგზავრობა ლევან.

-                     მადლობა, თავს გაუფრთხილდი, - მანქანის ფარები ააციმციმა დამშვიდობების ნიშნად და ნელა გაუჩინარდა.

ბინაში შევედი და სავარძელში ჩავეშვი ფეხმოკეცილმა. გავლილ საღამოზე ვფიქრობდი. ჩვენი სიმღერაო. რამე არის რასაც შეიძლება „ჩვენი“ ეწოდოს? სიმართლე რომ გაიგო, ლევან მაშინაც ასე თბილად მომექცევი? ნეტა მქონდეს შესაძლებლობა, რომ ვთქვა - ჩვენი სიმღერა, ჩვენი სახლი, ჩვენი ცხოვრება, ჩვენი ბავშვი. ხო, ჩვენი ბავშვი. ნეტა მამას იმ ღამის კლუბის წილი არ დაეთმო, ერთ დღეს მართლა გამოვმთრალიყავი და  ლევანის გვერდით გამეღვიძა. ნეტა!

თვალები დავხუჭე და უპეებში დაგუბებულ ცრემლებს გზა მივეცი. რაც არ უნდა მოხდეს ხვალ სიმართლეს ვეტყვი! დავურეკავ ან მივწერ. თუნდაც ყველაფერი დასრულდეს. არ შემიძლია, რომ ლევანს ვატყუებდე. მას არა! არ იმსახურებს. ლევანის ჟაკეტი მივიხუტე და ისე დავიძინე, მისი სურნელი ასდიოდა - ცივი და სასიამოვნო.

 

 

......

დილით კაფეში როგორც წესი ფეხით გადავწყვიტე წასვლა. სანამ ქუჩაზე ჩავუხვევდი, იქვე პარკში ჯანოს მოვკარი თვალი. ვიფიქრე მივსალმებოდი, მაგრამ ნაცნობმა სიცილმა შემაჩერა. ნინია თავისი ყვავილებიანი ველოსიპედით ჯანოსკენ მიდიოდა და ხმამაღლა იცინოდა. მერე ველოსიპედი იქვე გააჩერა, პირდაპირ ჯანოს მუხლებზე მოკალათდა და ყელზე ყელები შემოხვია. ჯანომ საპასუხოდ წელზე მოხვია ერთი ხელი. ერთხანს ასე ისხდნენ, მერე ნინიამ რაღაცა შეფუთული ამოაძვრინა ჩანთიდან და აჩვენა. ალბათ საჩუქარია დაბადების დღისთვის და გუშინ მოერიდა გადაცემა. დაუჯერებელია! ჯანო და ნინია?! ნინია და ჯანო?! რომ არ შევენიშნე სწრაფი ნაბიჯებით გავეცალე იქაურობას.

კაფეში შეფიქრიანებულმა შევედი. გუშინდელი წვეულების მიუხედავად კაფეში ყველაფერი დილიდან წესრიგში იყო. საბა ნამდვილი ბრილიანტია! ამ რთულ ვითარებაში კიდევ კარგი ყველა დეტალზე არ მაქვს საფიქრალი.

რადგან ყველაფერი რიგზე იყო, გადავწყვიტე პირდაპირ ზემოთ ავსულიყავი. ჩემი კაბინეტიდან საბა გამოდიოდა.

-         ბოს, კაბინეტში მეგონე,  - თვალების ფშვნეტით მითხრა და დაამთქნარა.

-         შენ რა აქ გეძინა?

-         სად აქ? - ირგვლივ მიმოიხედა საბამ .

-         აქ, სამსახურში - დავუზუსტე კითხვა.

-     კი, გუშინ წვეულებიდან რომ წამოვედით, მე და ბექამ ცოტა დავლიეთ  და პირდაპირ აქ მოვედი, - თავი მოიქექა ამჯერად.

-   მშვენივრად მოეწყვე, ვერაფერს ვიტყვი, - ბარემ ერთი საწოლიც დაიდგი და შეფი აქვე გყავს.

-   ვინ შეფი? - გაიკვირვა საბამ.

-   შენი შეფი, შენ იქნები უფროსი და შეფი დიასახლისი. მოგიმზადებს კერძებს და მოიწყვეთ ტკბილი ოჯახი.

-   რა შეფი, რის ოჯახი, ხომ არ უბერავ, - ჩაიბურდღუნა საბამ და კიდეებზე დაეშვა სირბილით.

ბატონო საბა, ვიპოვე გზა როგორ აგიშალო ნერვები? ახლა მაცალე, ისეთ დღეში ჩაგაგდო სულ ტკბილ-ტკბილი ქათინაურები  უთხრა ჩვენ შეფ-მზარეულსა და მის კერძებს. კაბინეტში ღიმილით შევედი და კომპიუტერი ჩავრთე. ტელეფონი აციმციმდა. „შენ და ლაია გამოდით შუადღისას, სიახლე მაქვს თქვენთვის“- მწერდა ჯანო. ვიცი მე ვინც არის შენი „სიახლე“ გავიღიმე კმაყოფილმა. სანამ სამუშაოს მივუბრუნდებოდი ლევანს შეტყობინება გავუგზავნე - „იმედია კარგად მგზავრობ, თბილისში რომ ჩახვალ მომწერე, რაღაც მაქვს სათქმელი...“

 

 

 

 

 

 

ცეკვა წვიმაში

ორი საათისთვის ჯანო მოვიდა კაფეში და პარკისკენ გავუყევით გზას. ლაიას როგორც ყოველთვის აგვიანდებოდა. პარკში ხის სკამზე ჩამოვჯექი, ჯანომ კი გვერდით ამომიდგა ეტლით.

-         მგონი გაწვიმდება, - თქვა და ცას ახედა.

-                        შენი ჭირიმე რა, როდის გვჭირდება მე და შენ უხერხულობისგან თავდასაღწევად ამინდზე საუბარი? - წარბები შევკარი.

-                        მართალი ხარ. ლაიას დაველოდოთ თუ დავიწყოთ?

-                        ლაიას აგვიანდება, მე კი ბევრი დრო არ მაქვს, - საათს დავხედე.

-                        შენ დაიწყებ თუ მე?

-                        მიდი დაიწყე,- დავუთმე დიდსულოვნად.

-                        ლევანი ვინ არის? - დაიწყო დაკითხვა.

-                        მეგობარია, - ყოყმანით ვუპასუხე.

-                        რამდენი ხანია იცნობ? - რთულ კითხვაზე გადავიდა.

-                        ერთი კვირაა, - ფიქრის შემდეგ ვუთხარი. მართალია სამშაბათს გავიცანი, მაგრამ ერთი კვირის წინ მივწერე პირველი შეტყობინება, ამიტომ მთლად ტყუილის თქმა არ მიწევდა.

-                        მეუბნები, რომ ერთი კვირის გაცნობილი ბიჭს გამო ხარ არეული? ეს არაადეკვატურია და სულაც არ გავს ენჯის საქციელს, შენ ხომ ყოველთვის გონებით მოქმედებდი და...

-                        ხომ შეიძლება ერთხელ მეც მოვიქცე გიჟივით და რაღაცეები დავიკიდო უბრალოდ? - გავაწყვეტინე წყენით.

-                        საწყენად არ მითქვამს ენჯი, ერთი შეხედვით დიახაც კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ რამდენად სანდო ტიპია? - ტონი შეარბილა ჯანომ.

-                        არ ვიცი ჯანო და გეხვეწები ჩამოყალიბება მაცალე რა. შეიძლება თვითონაც აღარ მოინდომოს ჩემთან ურთიერთობა, - შუბლზე ეულად დაცემული წვიმის წვეთი მოვიშორე და ცას ავხედე - ჯანოს პროგნოზი მართლდებოდა.

-                        რატომ არ უნდა მოინდომოს? - გაიკვირვა ჯანომ.

-                        რა ვიცი, ხომ შეიძლება მასეც მოხდეს, - მხრები ავიჩეჩე.

-                        კარგი ლევანს შევეშვათ. შენი ჯერია, მკითხე.

-                        ვინაა ნინია?

-                        ნინია არის ჩემი საუკეთესო მეგობრის თანამშრომელი, - გაიკრიჭა ჯანო.

-                        ჯანო, ვიცი ვინცაა ნინია, მე გეკითხები ვინაა ის შენთვის?

-                        რომ გითხრა არ ვიცი მეთქი დამიჯერებ?

-                        როდის დაუახლოვდი? - ახლი კითხვა შევაგებე.

-                        ავარიისას, - გაეღიმა ჯანოს.

-                        რა ავარია?

-                        მისი ფერადი ველოთი ჩემს რაშს დაეჯახა, - ეტლზე მანიშნა თვალით.

-                        და? - ჩავეკითხე მისი დუმილით გაღიზიანებულმა.

-                        და არ ვიცი ვინაა ნინია ჩემთვის. არ მინდა სახელი დავარქვა მასთან ურთიერთობას და მერე გული მეტკინოს ან მას ვატკინო გული. ხვდები ალბათ, ისე ნამდვილად არ ვუყურებ, როგორც შენ ან ლაიას. მსიამოვნებს მასთან ყოფნა. პირველი შემთხვევაა იმ შემთხვევის შემდეგ, როცა გოგოსთან სხვანაირი ურთიერთობა მინდა და მგონი გამომდის კიდეც  - ხმას დაუწია ჯანომ,- როცა... არ ვიცი რანაირად აგიხსნა... მასთან ყოფნა მომწონს, მაგრამ არ ვიცი ამას რამდენად ვიმსახურებ. ნინია კარგი გოგოა და არ მინდა გავაუბედურო. რა შემიძლია შევთავაზო? მე ვერ დავდივარ, ვერ დავრბივარ, ვერ ვცეკვავ. უბრალოდ ვგრძნობ, რომ ნინიამ ჩემს ცხოვრებას აზრი მისცა და ახლა იმაზე ფიქრით ვიტანჯავ თავს, ამას ვიმსახურებ თუ არა, - თავი გააქნია ჯანომ შუბლზე დაცემული წვიმის წვეთების მოსაშორებლად.

-                        ჯანო, შეწყვიტე რა, - გვერდით გავიხედე ცრემლების დასამალად, - შენ სრულყოფილი ადამიანი ხარ. შეგიძლია ყველაფერი გააკეთო თუ მოინდომებ. ნუ ტანჯავს საკუთარ თავს მაგაზე ფიქრით. შანსი უნდა მისცე საკუთარ თავს. ნინია თვითონ გადაწყვეტს უნდა თუ არა შენთან ყოფნა. ძალიან დიდი გოგოა საამისოდ, რომ ვინმეს რჩევას დაჰყვეს. წავიდეთ, თორემ გაცივდები, - სკამიდან ჩამოვხტი.

-                        დამიმტკიცე! - ხმადაბლა მითხრა.

-                        რა? - გავიკვირვე და ეტლის სახელურს წავეტანე.

-                        რომ სრულყოფილი ვარ, - თვალებში შემომხედა ჯანომ, - იცეკვე ჩემთან ერთად.

-                        ახლა? - გაოცებით მიმოვიხედე ირგვლივ.

-                        ხო, ახლა! - არ ხუმრობდა ჯანო.

-                        კარგი, - დავთანხმდი. ფეხსაცმელი გავიხადე, რომლის ქუსლებიც პარკის ნესტიან ნიადაგში ერჭობოდა, მობილურში პირველივე მუსიკა ჩავრთე, ხელები გავშალე ჯანოს წინ დამდგარმა და მოძრაობა დავიწყე. ჯანომ ჯერ გაკვირვებით შემომხედა, მერე გულიანად გაიცინა და ეტლი დაატრიალა. ცდილობდა მუსიკის რიტმს აყოლოდა, მე კი მის გარშემო მეცეკვა. ვგრძნობდი ირგვლივ მოსეირნე ადამიანთა დაჟინებულ მზერას, რომლებიც წვიმისგან თავდასაცავად ნაჩქარევად ტოვებდნენ პარკს, მაგრამ არაფერი მაინტერესებდა. მესმოდა მხოლოდ საკუთარი აჩქარებული გულისცემა, მუსიკის ხმა, ჯანოს სიცილი, ჩემი ფეხების ტყაპუნი წვიმისგან დამდგარ პატარა გუბეში და ბედნიერი ვიყავი. ცოტა გიჟი და ძალიან ბედნიერი.

ლევანი

22/09/2018 წელი, შაბათი

ჯანოს დაბადების დღიდან ენჯი სახლამდე მივაცილე და იქვე დავემშვიდობე. გათენებისას თბილისში წასვლას და უქმეებზე სამსახურის ამბების მოგვარებას ვგეგმავდი. ცოტა ხანი მეძინა და დილის ექვსზე უკვე თბილისისკენ მიმავალ გზას ვადექი. წასვლამდე სანდროს მივწერე რომ მივდიოდი და მანქანის წასაყვანად მოსულიყო.

მთელი გზა ენჯიზე ვფიქრობდი. თითქმის დარწმუნებული ვიყავი რომ მატყუებდა. მაგრამ ეს იყო სასიამოვნო ტყუილი, რადგან შესაძლებლობას მაძლევდა მასთან ახლოს ვყოფილიყავი. ბათუმში ჩავედი ყველაფრის გასარკვევად და რა? ენჯი გავიცანი და... ჯანდაბა! მგონი დამერხა. ცოტა ხანს პაუზას ავიღებ, არ დავურეკავ და არც მივწერ. მერე ყველაფერს გავარკვევთ, ამჟამად ყველა დეტალზე ვილაპარაკებთ და თუ შესაძლებელი იქნება ურთიერთობას გავაგრძელებთ ტყუილის გარეშე. სუფთა ფურცლიდან.

„იმედია კარგად მგზავრობ, თბილისში რომ ჩახვალ მომწერე, რაღაც მაქვს სათქმელი...“ - გზაში მივიღე ენჯის შეტყობინება. კარგი რა ენჯი, ცოტა ხანი აღარ ვაპირებდი მოწერას.

ძმაკაცური დიალოგი

სახლში ნახევარი საათის მისული ვიყავი სანდრო რომ დამადგა თავზე. მომესალმა და დივანზე დაღლილი სახით მიესვენა.

-                          აჰა, შენი ყირმიზი გოგო შეგიძლია წაიყვანო და ნატასთან იარო დაუბრკოლებლად, - გასაღები ვესროლე და მაცივრიდან ლუდის გამოსატანად გავედი.

-         ძმაო, ნატა ჩემთან გადმოვიდა სამი დღეა, ვეღარ აიტანა უმანქნოდ წოწიალი.

-         შენ რა გჭირს? - აშკარად დაბნეული იყო.

-         შენთან რომ დავრჩე რამდენიმე დღე შეიძლება?

-      ასე მალე მოგბეზრდა ერთად ცხოვრება? - ლუდის ქილა ვესროლე და სავარძელში დავეშვი.

-     რა მომბეზრდა ძმაო, უბრალოდ ნატას მგონი კრიტიკული დღეები დაეწყო და ამ დროს ვერავის იტანს, შეუძლია მიმაკლას სადმე. ამ დროს...

-   სანდრო დეტალები არ მაინტერესებს, - ხელის აქნევით შევაწყვეტინე, - დარჩი, ოღონდ დივანზე შენ დაიძინებ.

-   ბაზარი არაა ძმაო, - თავი დივანზე მიაყრდნო და ლუდი მოსვა, - ნატა მართლა მაგარი გოგოა, თუნდაც იმიტომ რომ მე მიტანს, მაგრამ ეს ერთად ცხოვრება იქნებ მართლა არაა ჩემი საქმე  ჰა?

-   ნუ სულელობ, არ ხარ მიჩვეული უბრალოდ ვინმესთან ერთად ცხოვრებას. წლებია ნატას იცნობ, თან არ დაგავიწყდეს, მისმა გამოჩენამ დაგაჭკვიანა ცოტა.

-   ხო რა, ნატა ჩემი წამალია,- ჩაიღიმა, აშკარად ესიამოვნა ჩემი სიტყვები, - ხო მართლა, შენ რა გაარკვიე? -  როგორც იქნა მეც გავახსენდი.

-   ვერაფერიც ვერ გავარკვიე, - მხრები ავიჩეჩე, - რაც გავარკვიე ისაა, რომ ენჯი იმაზე კარგია, ვიდრე ფოტოებში და მგონი მატყუებს.

-   მგონი? ეგ არ უნდა გაგერკვია შენ?

-   ხო მაგრამ არ მინდა სიმართლის გაგება,  მატყუებდეს, ოღონდ მქონდეს მიზეზი მის სანახავად.

-   რას ნიშნავს არ მინდა სიმართლის თქმა? - ფეხზე წამოდგა სანდრო, - შენ მთლად გაუბერე?

-   სანდრო რა ვერ გაიგე, მატყუებს მაგრამ მინდა რომ სიმართლე იყოს, მინდა ჩემგან შვილი გააჩინოს, - უმწეოდ ავხედე სანდროს, - შვილი კი არა შვილები.

-   ბიჭო შენ მართლა გაუბერე, გაარკვიე სიმართლე სასწრაფოდ და დაუბრუნდი ადრინდელ ცხოვრებას, ნუ გადამიჯოკრავ ახლა სიგიჟეში, - ხმას აუწია სანდრომ.

-   ნუ ბღავიხარ და ნუ მადგახარ თავზე, დაჯექი -  ლუდი გამოვცალე და ავდექი,- ჩემს ცხოვრებას მივხედავ როგორმე თავად. ახლა წავალ სამსახურის ამბებს გავარკვევ და მოვალ მალე.

-   ძმაო დიაგნოზს გიცვლი -  მაგ გოგომ უბრალოდ კი არ გამოგაშტერა, შეყვარებული ხარ მასზე, - კარებში დამაწია სანდრომ ახალი დიაგნოზი. შეყვარებული? რა აბსურდია,  თავი გავაქნიე ფიქრების გასაფანტავად და კლუბში წავედი.

მწარე სიმართლე

კლუბში მისულს ახალი ამბავი დამხვდა - სამსახურიდან გამათავისუფლეს. ასე რა! ახლა შემიძლია ახალი ცხოვრება დავიწყო. ვანო ჩემმა რეაქციამ აშკარად გააკვირვა, ალბათ ეგონა ხვეწნას დავუწყებდი სამსახურში დასაბრუნებლად.  მაინც წამოსვლას ვაპირებდი, შეიძლება ერთი-ორი თვე მემუშავა სანამ ახალ სამსახურს ვიშოვნიდი. ნებისმიერ შემთხვევაში კლუბს უნდა მოვშორებოდი და სერიოზული სამუშაო მეშოვნა. ცოტა დანაზოგი მქონდა და მანამდე თავს გავიტანდი.

საღამოს პიცა შევუკვეთე და სანდროს მოსვლამდე ნოუთბუქი ჩავრთე. სოციალურ ქსელს გადავხედე. „შეტყობინების თხოვნა“,  ენჯის შეტყობინება აღმოჩნდა -  „მაპატიე“. ვერ გავიგე რისთვის მთხოვდა პატიებას. შეტყობინებას მალე მოჰყვა ფოტო. ფოტო ღიმილით გავხსენი. შავ ფონზე თეთრი ასოებით ეწერა - „მოიწყინე?  უბრალოდ გაგზავნეთ ტექსტი  „მე ორსულად ვარ“ ნებისმიერ ნომერზე“. გავშეშდი. ვგრძნობდი როგორ მიმეყინა სახეზე ღიმილი,  ვცდილობდი გამეაზრებინა ფოტოზე წაკითხული წინადადება. ტყუილი ყველაზე საზიზღარი ფორმით - რომ გაერთო და სხვას დასცინო. ორი რამ, რასაც ყველაზე მეტად ვერ ვიტანდი - ტყუილი და საკუთარი გართობის (თუ მოწყენილობის) გამო სხვების აბუჩად აგდება. რა საზიზღრობაა! რომ მატყუებდა თითქმის დარწმუნებული ვიყავი, მაგრამ ამ მიზნით? მე საშინლად გაბრაზებული ვიყავი. არა გაბრაზებული არა, გულდაწყვეტილი. აღმოჩნდა, რომ ენჯი სულაც არაა ანგელოზი (გამაფრთხილა კიდეც „ანგელოზი“  არ ვარო).

არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი კომპიუტერზე მიშტერებული. სანდრო მადგა თავზე და მანჯღრევდა. დაბნეულად ავხედე.

-                        რა გჭირს? გელაპარაკები 5 წუთია და პასუხს არ მცემ, - ბუზღუნებდა და პიცას ჭამდა, - პიცაც გაციებულა.

-                        ბათუმში უნდა წავიდე ახლავე, - წამოვვარდი და საძინებელში გავიქეცი.

-                        რა ჯანდაბა გჭირს არ იტყვი? - უკან გამომყვა შეშინებული სანდრო.

-                        კომპიუტერს შეხედე, - ვანიშნე და მისაღებში გავედი. სანდრო კომპიუტერს მიაჩერდა და როგორც ჩვევია ხოლმე დაბნეულობის დროს, პირი დააღო. - სანდრო, სადაა შენი მანქანის გასაღები?

-                        არავითარი მანქანა და ბათუმში წასვლა, -  გონს მოეგო სანდრო, - ისედაც ხომ ეჭვობდი რომ გატყუებდა, რამ გაგაგიჟა? მოისვენე ახლა და დაჯექი.

-                        უნდა წავიდე ახლავე, - განვაგრძე გასაღების ძებნა.

-                        რომ გეუბნები დაჯექი მეთქი, - ხელის კვრით დამსვა სანდრომ დივანზე და თავზე დამადგა, - შენი ცემაც რომ მომიწიოს, მაინც არ გაგიშვებ.

-                        სანდრო გამიშვი, - ვუთხარი ჩუმად, თან მის გაბარიტებს ავხედე. თავისუფლად მცემდა, ერთი თავით ჩემზე მაღალი იყო და რაც თავი მახსოვს კუნთების თამაშით იწონებდა თავს. ერთხანს კრივზეც დადიოდა და სულაც არ მინდა მისი მუშტისაგან დაზიანებული ცხვირის გამო მოვხვდე საავადმყოფოში. წამიერად ისევ ედრიენ ბროუდი და მისი ცხვირი გამახსენდა და წარბები შევკარი.

-                         ჯერ დამშვიდდი და მერე ერთად წავიდეთ, - არ მომცა ადგომის საშუალება. - მეც წამოვალ. დღეს ჩამოდი და ამხელა გზაზე ისევ საჭესთან მარტო ვერ გაქაჩავ, შეიძლება სადმე ჩაგეძინოს. არ ღირს შენი ენჯი ამად.

გული დამწყდა ამ სიტყვების მოსმენაზე. მართლა არ ღირდა? მხოლოდ მეთამაშებოდა და ერთობოდა? სანდრო მართალი იყო - მარტო ვერ წავიდოდი. Facebook-ზე და მობილურში ენჯის შეტყობინებები დამხვდა, წაუკითხავად წავშალე ყველა. მის ზარებსაც არ ვუპასუხე. შევეცადე დავმშვიდებულიყავი და ცოტა დამეძინა, სანდროს გეგმის თანახმად დილით უნდა წავსულიყავით ბათუმში.

 

 

 

ენჯი

ჯანოსთან წვიმაში ცეკვამ თავისი კვალი დამიტოვა - გავცივდი. მართალია სანამ სამსახურში დავბრუნდებოდი სახლში შევიარე და გამოვიცვალე, მაგრამ მაინც მაცემინებდა და თავიც მტკიოდა. სამსახურში რომ დავბრუნდი შევამჩნიე, რომ ჯეირანი, მისი მეგობარი მზარეული მაკა და საბა რაღაცას ჩურჩულებდნენ. ჯეირანის ყოფნა კაფეში ამ დროს გამიკვირდა. უცებ მომეჩვენა, რომ ჩემზე საუბრობდნენ, თითქოს გავიგონე კიდეც ჩემი სახელი. რა სისულელეა, თავი გადავაქნიე, საბა ჩემზე ჯეირანთან არ იჭორავებდა.

გვიანობამდე შევრჩი კაფეში. სახლში დავბრუნდი და ჩაი დავლიე ლიმნით. რა ახირება იყო მაინც წვიმაში ცეკვა. გამეცინა ჩვენს სისულელეზე და ჯანო მოვიკითხე, მაინტერესებდა ისიც ხომ არ გაცივდა. პასუხად გავიგე, რომ ნინია მისულიყო წამლებით და უვლიდა. ხედავ შენ ნინიას! გაღიმებულმა ჩავრთე ნოუთბუქი და ელექტრონული ფოსტა შევამოწმე.

Facebook-ზე შევედი.  ლევან ქართველიშვილი - ჩავწერე საძიებოში. რამდენიმე შედეგი მიჩვენა. ლევანის გვერდზე გადავედი. ნამდვილად არ გამოირჩეოდა ფოტოებისა და სტატუსების სიმრავლით. მაგრამ ფოტოებს ბევრი გამოხმაურება ქონდა გოგონების მხრიდან, ალბათ ღამის კლუბიდან იცნობდა. ენჯი, შეწყვიტე ეჭვიანი შეყვარებულივით მოქცევა და ახლავე დაასრულე ეს ტყუილი. „მაპატიე“, მივწერე სასწრაფოდ რომ არ გადამეფიქრა და  ათიოდე წამში ის ფოტოც გავუგზავნე, რითაც დაიწყო ყველაფერი.

დაველოდე რამდენიმე წუთი. არაფერი მოუწერია.

„ლევან, მითხარი რამე“ - მივწერე ათიოდე წუთში. პასუხი არ იყო. სხვა შეტყობინებებიც უპასუხოდ დატოვა და ზარსაც არ უპასუხა. ესეც ასე! დასრულდა.

პიჟამო ჩავიცვი, კლასიკური მუსიკა ჩავრთე და ლოტოსის პოზაში იატაკზე დავჯექი. ზღვის შემდეგ კლასიკური მუსიკა და იოგა  მშველოდა ყველაზე მეტად. ახლა შუაღამისას და გაციებული ზღვაზე ვერ წავიდოდი. მუსიკას ვუსმენდი და ვხვდებოდი როგორ მევსებოდა თვალები ცრემლით. მერე დახუჭული თვალებიდან გადმომიგორდა ცრემლები. ვერანაირი მუსიკა, ზღვა და იოგა ვერ მიშველიდა. უკვე ხმამაღლა ვტიროდი იატაკზე მობუზული. დასრულდა. ის დასრულდა, რაც არც კი დაწყებულა. მაგრამ ყველაფერს დავთმობდი, რომ გაგრძელებულიყო. გულამომჯდარი მივტიროდი ლევანს - ადამიანს, რომელიც ჩემს ცხოვრებაში გაურკვევლად შემოვიყვანე.

 

 

 

23/09/2018 წელი, კვირა

კაფეში დილიდანვე ბევრი ხალხი იყო. კვირა დღეს ყოველთვის ასე ხდებოდა, თან ამას ემატებოდა სიცივე და წვიმა. ჩემი საყვარელი წვიმების სეზონი დაიწყო. ახლა ამინდიც შეესაბამებოდა ჩემს განწყობას. ლევანის დასავიწყებლად მინდოდა მთელი დღე მემუშავა. კაფეს სამზარეულოშიც კი გავედი - გამიგია კერძების მომზადება ერთ-ერთი თერაპიაა განწყობის გამოსაკეთებლად, მაგრამ ვინ გაცალა თერაპია. მაკამ იუარა, ჩემს სამზარეულოში ზედმეტი ხალხი არ მჭირდებაო (ყველას ვეზედმეტები ამ ბოლო დროს თუ მეჩვენება?). მოგვიანებით კი შორიდან მოვკარი თვალი საბასა და მაკას გაცხარებულ საუბარს. არ მესმოდა რის შესახებ საუბრობდნენ, მაგრამ საბამ  ბოლოს ფრაზა ხმამაღლა გამოუვიდა და  ჩემს ყურამდეც მოაღწია - „ის ჩემი მეგობარია“. ისე ვიყავი ფიქრისგან დაღლილი არც კი მიფიქრია ამ ფრაზის ადრესატი მე თუ ვიყავი, ოდნავი პაუზის დროსაც კი ჩემი გონება ლევანზე იწყებდა ფიქრს.

შუადღისას კაბინეტში ნინია შემოვიდა ლანგრით ხელში  და ჩემი საყვარელი ყავა და ნამცხვარი მოიტანა. როგორც ყოველთვის ლოყები აწითლებული ქონდა. როგორ ახერხებს ნეტა ამას? კი უხდება ისე და სავარაუდოდ ჯანოც მისი თავმდაბლობით მოიხიბლა.  ლანგარი მაგიდაზე დადო, იქვე დადგა მორცხვად, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა და ყოყმანობდა.

-         რამე მოხდა ნინია? -კომპიუტერს მოვაშორე მზერა და ნინიას მივაჩერდი.

-                            ცუდად გამოიყურებით და ყავა მოგიტანეთ, - მორცხვად გაიღიმა. რა იყო ეს? მიჯნურის მეგობრის მიმართ ზრუნვა? ნეტა ვინ იყენებს ახლა ამ სიტყვას „მიჯნური“? გულში გამეცინა. ჯანო არაფერ შუაშია, რომ ვაღიარო, ნინია ყოველთვის ამჩნევდა სხვების ცუდად ყოფნას და ყველაზე ზრუნავდა.

-                            კარგად ვარ ნინია, - გავუღიმე შეძლებისდაგვარად ბუნებრივად, - ნუღარ მათქმევინებ მეორედ და თქვენობით ნუ მელაპარაკები, მე ეგ მაწუხებს მხოლოდ.

-                            თან მინდოდა მეკითხა, - დაიწყო პაუზის შემდეგ, - საბა ხომ თქვენი... შენი მეგობარია?

-         კი, ჩემი მეგობარია. რატომ მკითხე? - საბაზე საუბრის გადატანამ გამაკვირვა.

-      არა უბრალოდ, ინტერესისთვის, - კიდევ უფრო გაწითლდა და კარებისკენ მიბრუნდა, - წავალ მე, საქმეებია ქვემოთ,

რა ემართება ამ გოგოს? რა შუაშია საბა? ზღაპრიდან გამოიქცა ეტყობა და ვერ ეგუება დედამიწაზე ცხოვრებას. იმედია ჯანოსაც ზღაპრად უქცევს ცხოვრებას. მოგვიანებით რომ დავფიქრდი ნინიას საქციელზე, მივხვდი, სინამდვილეში ჩემი გაფრთხილება უნდოდა, მაგრამ მინიშნებას ვერ მივუხვდი. ტვინი მქონდა არეული.

 

 

 

 

 

 

 

 

დაბრუნება წარსულში

ათი საათისთვის წავედი სახლში, თან აფთიაქიდან წამლები გავიყოლე და სერიოზულად დავფიქრდი შვებულების აღებაზე. თბილისში წავიდოდი და დედას კალთაზე დავიძინებდი, ბებია ჟოლოს ჩაის მასმევდა და დათა გამართობდა. სახლში მინდა!

კიბეებზე ავირბინე, ის იყო კარების გაღებას ვაპირებდი რომ ნაცნობი ხმა მომესმა:

-               ესე იგი მხოლოდ მოწყენილობისგან თავის დასაღწევად მომატყუე?

-                              ლევან? - მოვბრუნდი, რომ დამენახა. იმედია მოჩვენებები არ დამეწყო. თვალი სიბნელეს შევაჩვიე და ჩემი კარის მოპირდაპირე მახარეს გავარჩიე  ლევანის სილუეტი, იატაკზე იჯდა და კედელს მიყრდნობოდა. სიბნელის მიუხედავად შევამჩნიე მისგან წამოსული სევდა. ხმაც სევდით ქონდა სავსე.

-                           ტყუილი მორჩა და გიკვირს აქ რომ ვარ? - ადგომა არც უფიქრია, ძირს დამჯდარი  მელაპარაკებოდა.

-                        მე მინდოდა თქმა, მაგრამ... მაგრამ... - ხმა ამიკანკალდა. რა უნდა ვუთხრა? შეიძლება თავის მართლება? ერთადერთი სიმართლე არსებობს -  უმიზეზოდ ვატყუებდი.

-                        მაგრამ რა? - იკადრა ადგომა და ხმასაც აუწია.

-                        შენ ხომ ხვდებოდი ყველაფერს...

-                     ხო ვხვდებოდი. როგორ შევცდი და დავუშვი, რომ შენნაირ განებივრებულ მამიკოს გოგოს ბარმენთან ექნებოდა ურთიერთობა, - ცინიკურად მითხრა. ტვინში ყველაფერი ამერია, ისევ მამა და მისი ფულები. აღარ შემეძლო უკვე!

-                     რას მოითხოვ ჩემგან? რა ჯანდაბას მოითხოვ? - თვითონაც ავუწიე ხმას, - რომ ჩამოდი ამხელა გზაზე ანუ დაუშვი რომ შეიძლება მართალი ყოფილიყო რაც გითხარი? შეიძლება არის საქმე ქალი, რომელიც შენგან ბავშვს ელოდება? მაშინ მადლობა მითხარი, რეპეტიცია გაგატარე, - აღარ მინდოდა მასთან საუბარი. კარებისკენ წავედი.

-                     მერე შენ რა თუ არსებობს სადმე მასეთი ქალი? - ხელში მწვდა და მიბრუნების საშუალება არ მომცა,- ეგ გაძლევს უფლებას მომატყუო?

-                     მე დავაპირე სიმართლის თქმა, მაგრამ შენ შემაჩერე. გინდოდა მომეტყუებინე.

-                     არ მინდოდა შენთან ყოფნის მიზეზი გამომცლოდა ხელიდან, - აღიარა ჩუმი ხმით და ხელები ჩამოუშვა, - მაგრამ შენ მანამდე ბევრჯერ შეგეძლო გეთქვა.

-                     ლევან, წადი რა, - მუდარით ვუთხარი.

-                     მე შენ გული გადაგიშალე, ჩემი ცხოვრების ისეთი დეტალები გითხარი სანდროს გარდა არავინ რომ არ იცოდა, ჩემს გულთან მოგიშვი. შენ კი მისმენდი და არაფერს ამბობდი. ჩუმად იყავი. წავიდე? წავალ! - ასეთი ნაღვლიანი ხმა არასოდეს ქონია. წასასვლელად მიტრიალდა.

-                     პრობლემა მხოლოდ ისაა რომ შენი ცხოვრების ისეთი დეტალები მომიყევი არავინ რომ არ იცოდა? - მის წინ ავიტუზე და წასვლის საშუალება არ მივეცი. - შემიძლია ისეთი რამე გითხრა ჩემი ცხოვრებიდან არავინ რომ არ იცი, ლაიამაც კი. გეტყვი და გავთანაბრდებით, ბარი-ბარში ვიქნებით. გინდა?

-                     არ მინდა,- ხელის კვრით შეეცადა ჩემგან თავის დაღწევას. ხელზე წავეტანე, მაგრამ ვერ შევაჩერე. მივხვდი, ახლა თუ წავიდოდა, წავიდოდა სამუდამოდ. არ მინდოდა წასულიყო, მითუმეტეს ჩემზე განაწყენებული ან გაბრაზებული. სანამ კიბეებამდე მივიდოდა მივაძახე:

-                     მამას კლუბის წილი ჩემს გამო დათმო, - დავინახე როგორ შეყოვნდა კიბის თავზე, ალბათ ფიქრობდა დაეჯერებინა თუ არა. სხვა გზა არ მქონდა, ბოლომდე უნდა მეთქვა ყველაფერი. ძალა მოვიკრიბე და ჩუმად დავამატე - მე გივი ახვლედიანის შვილი არ ვარ.

-                     რა თქვი? - გაკვირვებული შემობრუნდა.

-                     არ ვარ! - კიდევ უფრო ხმადაბლა ვთქვი, ძირში ჩავჯექი და კედელს ზურგით მივეყრდენი. ლევანი ნელა წამოვიდა ჩემკენ, მომიახლოვდა და ზემოდან დამხედა.

-                     რას ნიშნავს გივის შვილი არ ხარ?

-                     ნაშვილები ვარ, - თავი არ ამიღია ისე ვუთხარი. ეს ამბავი არავისთვის არ მქონდა ნათქვამი და მიჭირდა ამაზე საუბარი.

-                     მერე ეს რა შუაშია წილის დათმობაზე? - ჩემს წინ ჩაიმუხლა.

-                     მისმა პარტნიორმა დაემუქრა, თუ წილს არ დამითმობ ენჯი სიმართლეს გაიგებსო. მამამ ჩემს გამო წილი დათმო, რადგან არ იცოდა, რომ სიმართლე უკვე ვიცოდი, - თანდათან ხმა მიქრებოდა. რამდენჯერმე დამაცემინა.

-                     ჯანდაბა,  ეგ გოგი ახალაძე არასდროს მომწონდა. ნამდვილი ვირია, - ჩემს გვერდით დაჯდა ლევანი, - შენ როდის გაიგე რომ ნაშვილები იყავი? -  ხმაში სითბო შეერია.

-                     როდის გავიგე? დიდი ხანია... - ის დრო გამახსენდა ჩემი ცხოვრების მთავარი საიდუმლო რომ გავიგე.

 

.................

როდის გავიგე რომ აყვანილი ვიყავი? საერთოდ ჩემი მოგონებები ხუთი წლის ასაკიდან იწყებოდა. ჩემი პატარაობის ფოტოებიც ხუთ წლამდე არ არსებობდა. დედამ მითხრა შენს ოთახში ხანძარი გაჩნდა და ყველაფერი დაიწვაო. იყო რამდენიმე სურათი, რომელიც სხვა ბავშვებთან ერთად მქონდა გადაღებული. ისევ დედას თქმით, ბაღის ზეიმზე გადაღებული სურათები იყო და მასწავლებელმა გვისახსოვრა ჩვენი სურათების დაწვის შემდეგ. იმ ძველ, გაყვითლებულ ფოტოებზე, რომელიც სულაც არ გავდა ზეიმზე გადაღებულს, ძალიან გამხდარი ვიყავი და დიდად განსხვავდებოდა მერე გადაღებული ფოტოებისგან, პირველ რიგში ჩაცმულობით, ძველი, გაცრეცილი და მოუწესრიგებელი ტანსაცმელით. მოკლედ ჩემი ცხოვრების პირველ ხუთ წელიწადში სურათების ნაკლებობამ პირველად დამაფიქრა, რომ რაღაც რიგზე არ იყო.

კიდევ ერთი მიზეზი, რაც  ეჭვს მიღრმავებდა, ჩემი სახელი იყო. ბებიას მოყოლილი ისტორია საყვარელი მსახიობზე მილიონჯერ მოვისმინე. როცა გავიზარდე,  ინტერნეტის გამოყენება ვისწავლე და მოვიძიე ინფორმაცია მაგ მსახიობის შესახებ. ბანალური ინფორმაცია სერიალების მოყვარულთათვის -  ენჯი სეპედას მონაწილეობით ერთადერთი სერიალი გავიდა საქართველოში მაშინდელ პირველ არხზე „ეშმაკუნა“ (Pobre diabla), რომელიც 2000 წელსაა გადაღებული და შესაბამისად ჩემი დაბადების მომენტში მის სახელს ვერ დამარქმევდა ბებია, არ ეცოდინებოდა უბრალოდ.

იყო კიდევ პატარ-პატარა დეტალები. ყველა ჩემს ავად გახდომას ახლდა ოჯახში ჩურჩული, დედის ტირილი, მამის ნერვიულობა და ბებიას ქოთქოთი. თან მამა ყველა საბუთს, რაც ჩემთან იყო დაკავშირებული საგულდაგულოდ მალავდა. სკოლაში მასწავლებლის მიერ მოთხოვნილი ყველა საბუთი დედას საკუთარი ხელით მიჰქონდა, მაშინ როცა ჩემი კლასელები თავად დაატარებდნენ. ერთხელაც 17 წლის რომ ვიყავი, მშობლებს დასასვენებლად გაყოლაზე უარი ვუთხარი, მეცადინეობა მოვიმიზეზე. დედა მაშინ დათაზე იყო ფეხმძიმედ და მისთვის აუცილებელი იყო ქალაქიდან გასვლას, მამაც გაჰყვა. მე და ბებია თბილისში დავრჩით და სწორედ მაშინ გადავწყვიტე სიმართლის გაგება.

ჯერ მთელი სახლი გადავაბრუნე, მაგრამ ვერანაირი საბუთი ვერ ვიპოვე. მერე ბებიას გამოტეხა გადავწყვიტე. ვუთხარი, ვიღაც კაცი დამდევს და მეუბნება, რომ მისი შვილი ვარ, რომ ლილიმ და გივიმ ამიყვანეს და ა.შ. ბებია ჯერ გაფითრდა, მერე წნევის აწევის სცენა გაითამაშა, თავის დაღწევას ცდილობდა, მე არაფერი ვიციო. დავემუქრე, თუ სიმართლეს არ მეტყოდა სახლიდან წავიდოდი. ბოლოს გამომიტყდა, შენს შესახებ გივის მეგობარმა უთხრა და რადგან შვილი არ უჩნდებოდათ აყვანა გადაწყვიტესო. ბებია წინააღმდეგი ყოფილა. „ისეთი გამხდარი იყავი, ისეთი საშინელი, ნამდვილი იხვის ჭუკი. სახელიც იმიტომ შეგირჩიე, შენი დასჯა მინდოდა. მაგრამ ბები, ხომ გჯერა, რომ ახლა ძალიან მიყვარხარო?“  - ისეთი ხმით მელაპარაკა ბებია, ისე წუხდა დავპირდი, ამ ამბავს არასდროს მივუბრუნდებოდი და თვითონაც ჩამოვართვი პირობა, რომ მშობლებს არაფერს ეტყოდა.

მაგ დღიდან დავიწყე მშობლების დამოკიდებულების შემოწმება. ვერაფერი ვერ შევნიშნე ისეთი, რაც მაგრძნობინებდა, რომ არ ვუყვარდი. პირიქით, დედა ყოველთვის ცდილობდა საუკეთესო მქონოდა ყველაფერი, მთელი ღამე არ ეძინა როცა ავად ვიყავი, საათობით მირჩევდა ბავშვობაში ტანსაცმელს და მეუბნებოდა, ჩემი ანგელოზი ხარ, ერთადერთი რაც შენში არ მომწონს სახელიაო. მამა ყველასგან ჩემს დაცვას ისე ცდილობდა, თითქოს ბრილიანტი ვიყავი და ვინმე მისგან მომიტაცებდა. არც დათას დაბადების შემდეგ შეცვლიათ დამოკიდებულება. დათა რომ დაიბადა იმ წელს გავხდი სრულწლოვანი.  გადავწყვიტე ბათუმში მესწავლა. ცოტას დაფიქრება და მარტო ყოფნა მჭირდებოდა. შეიძლება გულის სიღრმეში მაინც ვერ ვივიწყებდი იმას, რომ ნაშვილები ვიყავი და მშობლებისგან შორს ყოფნა იმიტომ მოვინდომე, რომ თავი ზედმეტად არ მეგრძნო.

 

 

..............

საუბარი დავასრულე და სახეზე ხელი ჩამოვისვი ცრემლის მოსაშორებლად. ლევანი დუმდა. რომ არ დამიჯეროს, შეიძლება მივახრჩო. ისედაც აღრიალებას არაფერი მაკლდა. მიჭირდა იმის აღიარება რომ აყვანილი ვიყავი, რომ ჩემმა ნამდვილმა მშობლებმა მიმატოვეს.

-         მშობლების მოძებნა არ გიცდია? - დაარღვია ლევანმა დუმილი.

-         მე მყავს მშობლები!

-         ხომ ხვდები, რაც ვიგულისხმე?

-                        რომ ნდომებოდათ არ მიმატოვებდნენ. და რომც ქონოდათ სათანადო მიზეზი ჩემს მისატოვებლად, შეეძლოთ მერე მოვეძებნე. ბავშვთა სახლში გადავამოწმე, მამას ღიად ქონდა დატოვებული რაღაც ინფორმაცია ჩემს შესახებ, ჩემს ბიოლოგიურ მშობლებს ჩემი მოძებნის სურვილი რომ ქონოდათ არ გაუჭირდებოდათ, - მიტოვებულის სტატუსი ალბათ ყველაზე ცუდი სტატუსია, რაც ადამიანს შეუძლია ქონდეს. ამის გახსენებაზე სული მიფორიაქდება.

-                        გივის როგორ აპატიე? - ისევ მკითხა.

-                        გივის საპატიებელი არაფერი გაუკეთებია, - ხმა გამიმკაცრდა.

-                        ხო მაგრამ გატყუებდა. ახლაც გატყუებს!

-                        მეც გატყუებდი! არ მაპატიო, ადექი და წადი, - თვალებში მინდოდა შემეხედა, მაგრამ სიბნელე იყო და ვერ დავინახე მისი თვალები.

-                        ეს სულ სხვა სიტუაციაა! - დავინახე როგორ გააქნია თავი.

-                        ტყუილი ტყუილია! - არ დავეთანხმე,- თან საპატიებელი მათ აქვთ, ვინც მიმატოვეს, გივის და ლილის საპატიებელი არაფერი ჩაუდენიათ. შემიყვარეს, გამზარდეს, შვილად მიმიღეს, ჩემზე ზრუნავდნენ, მიცავდნენ. რომ მატყუებენ მაგითაც კი ჩემს დაცვას ცდილობდნენ.

-                        ბიოლოგიურ მშობლებს აპატიებდი? - ჩურჩულით მკითხა.

-                        არა! - ღრმად ამოვისუნთქე, - ადრე რომ გამოჩენილიყვნენ და  აეხსნათ შეიძლება გაემართლებინათ თავი, მაგრამ ახლა გვიანია. შენ აპატიებდი მამას რომ გამოჩენილიყო?

-                        არ ვიცი, - ხმადაბლა მიპასუხა, ალბათ აქამდე არც უფიქრია მამის გამოჩენის შესაძლებლობაზე.

-                        არ აპატიებდი ლევან, არ აპატიებდი. დედას გათხოვებას ვერ პატიობ დღემდე და მამას მიტოვებას აპატიებდი?

-                        ხო, ალბათ ვერ ვაპატიებდი, - დამეთანხმა ნაღვლიანად. ძალიან მინდოდა ახლა მისი თვალები დამენახა, დამენახა რას გრძნობდა, - შენი აზრით დედას უნდა ვაპატიო? - კითხვა შემომიბრუნა.

-         ლევან, შენ უკვე აპატიე მათ - დედას და დემეტრეს, მაგრამ არ აღიარებ. ახლა საკუთარ თავსაც უნდა აპატიო, მიდი მათ საფლავზე და საკუთარ თავსაც აპატიებ და მიხვდები, რომ მათაც გაპატიეს.

არაფერი მიპასუხა. დიდხანს ვისხედით მდუმარედ. სიამოვნებით გავაჩერებდი ამ წამს სამუდამოდ. კიდევ ერთხელ დამაცემინა. ჯანდაბა! ლევანთან ერთად ყოფნის სურვილის მიუხედავად უნდა ავდგე აქედან ახლავე, თორემ ჩემს გაციებას ბეტონის იატაკზე ჯდომა არ მოუხდება. ტელეფონის ზარის ხმაზე ჩანთისკენ წავიღე ხელი, მაგრამ მერე მივხვდი ჩემი არ იყო. ტელეფონის ზარიც კი ერთნაირი გვქონდა. ლევანის ტელეფონმა მგონი საჯდომის გაყინვისგან მიხსნა. ლევანი ადგა და ხელი გამომიწოდა ასაყენებლად, მერე კი ტელეფონს უპასუხა.

 

 

 

 

 

ლევანი

23/09/2018 წელი, კვირა - ენჯის აღიარება

ბათუმში წავედი სანდროსთან ერთად ენჯისგან პასუხების მისაღებად. სიმართლე რომ ითქვას, არც კი ვიცი რა უნდა მეთქვა. ენჯიმ მომატყუა ორსულად ვარო, რაც პრინციპში არც დამიჯერებია. კი მინდოდა დაჯერება, მაგრამ ვიცოდი, რომ დაუჯერებელი იყო. გულდასაწყვეტი ის მიზეზია, რატომაც დაიწყო ეს ტყუილი. არ  შეიძლება ადამიანს მხოლოდ იმიტომ რომ მოწყენილი ხარ ასე ეხუმრო, მოატყუო, თავგზა აურიო.

სანდრო დროს დილიდანვე აჭიანურებდა, ალბათ იმედი ქონდა გადავიფიქრებდი. მხოლოდ ათი საათისთვის მოვახერხეთ თბილისიდან გასვლა. გზაშიც ხშირად აჩერებდა და ძალიან ნელა დაყავდა მანქანა, ამიტომ ბათუმამდე ჩასვლას 7 საათზე მეტი მოვანდომეთ.

ვიცოდი, რომ ენჯი კაფეში გვიანობამდე რჩებოდა ხოლმე, ამიტომ ცხრა საათისთვის მის ბინასთან მივედით. კაფეში წასვლაზე არც მიფიქრია. მივსულიყავი და ისტერიკა მომეწყო, რატომ არ ხარ ჩემგან ორსულად მეთქი? რა აბსურდი იქნებოდა. მხოლოდ ჩვენ ორს უნდა გვესაუბრა. სანდრო მანქანაში დავტოვე და საფეხურები ნაჩქარევად ავირბინე. ზარი დავრეკე და დაველოდე. როგორც ჩანს, ჯერ არ დაბრუნებულიყო სამუშაოდან. მისი კარის პირდაპირ იატაკზე დავჯექი და ზურგით კედელს მივეყრდენი. ფიქრი დავიწყე, რაღათქმაუნდა ენჯიზე.

ვფიქრობდი, რა კარგი იქნებოდა მართლა ორსულად რომ ყოფილიყო, ვფიქრობდი როგორ ვიცხოვრებდით ერთად, ვფიქრობდი როგორ ვისეირნებდით ქვიშიან სანაპიროზე ხელჩაკიდებულები, ვფიქრობდი, რომ ბედნიერები ვიქნებოდით. ფიქრი იყო ეს თუ ოცნება? რატომ მინდოდა ჩემი ცხოვრება დამეკავშირებინა გოგოსთვის, რომელსაც ერთი კვირაც არაა რაც გავიცანი და რომელიც მატყუებდა. რა გამიკეთე ენჯი? როგორ ამირიე გონება?

დაახლოებით ერთსაათიანი ლოდინის შემდეგ კიბეებზე ფეხის ხმა გავიგონე. გული შემეკუმშა. მისი ფეხის ხმასაც კი ვცნობ უკვე, ისე ფრთხილად მოდიოდა. რამდენჯერმე დააცემინა. სად მოასწრო გაციება ერთ დღეში? სადარბაზოში ბნელოდა და რათქმაუნდა ვერ შემნიშნა. ხომ არ წავსულიყავი? რაიმე უფლება მქონდა პასუხი მომეთხოვა მისთვის? მაგრამ ახლა რომ წავსულიყავი ვეღარ მოვბრუნდებოდი. უნდა მელაპარაკა მასთან. არანაირი საყვედურის თქმა არ მინდოდა, უბრალოდ მინდოდა შემძლებოდა მეთქვა „გამარჯობა, მე ლევანი ვარ და მინდა ჩემი მომავალი შენ დაგიკავშირო“, მაგრამ სულ სხვა რამ ვუთხარი.

-         ესე იგი მხოლოდ მოწყენილობისგან თავის დასაღწევად მომატყუე?

-         ლევან? - შემობრუნდა და ჩემს დანახვას შეეცადა. მის ხმაზე გამაჟრჟოლა.

მერე რაც ვისაუბრეთ წესიერად არც მახსოვს, იმიტომ რომ სულ სხვა სიტყვების თქმა მინდოდა და სულ სხვებს ვეუბნებოდი. არც ჩემი საყვედური გავდა ბოლომდე საყვედურს და არც მისი თავის მართლება - წესიერად თავის მართლებას. საბოლოოდ ენჯიმ ისე გაიგო, თითქოს მხოლოდ ჩემს მიერ გამხელილ საიდუმლოზე ვსაყვედურობდი (ან საიდუმლოს თქმას ვნანობდი) და იფიქრა მისი ცხოვრების საიდუმლოს თუ მეტყოდა, ამით გამოისყიდდა რაიმეს. ამიტომ მითხრა მისი ცხოვრების მთავარი საიდუმლო.

ენჯი ჩემზე რთულ მდგომარეობაში იყო. ის ორივე მშობელმა მიატოვა, მე მხოლოდ მამამ. თუმცა შესაძლებელი იყო ენჯის ბიოლოგიურ მამას არც სცოდნოდა ენჯის არსებობის შესახებ. ასევე დედის თვითმკვლელობაც შემეძლო მიტოვებად ჩამეთვალა, მან ხომ ჩემთან ყოფნას სიკვდილი  არჩია და იმ დროს დამტოვა, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა გვერდში დგომა. მე დედა და დემეტრე მყავდა, ენჯის - გივი და ლილი. რაღაცის ჩამოჰგავდა ჩვენი ცხოვრება ერთმანეთს და მე მას გავუგე. გავუგე, რომ არ უნდოდა მისი ბიოლოგიური მშობლების მოძებნა, მეც არასდროს გამჩენია სურვილი მამა მომეძებნა. ვინც გტოვებს, გტოვებს სამუდამოდ! გავუგე, რომ ლილის და გივის მადლობელი იყო და არ სურდა მათთვის გული ეტკინა. ახლა მეც მადლიერი ვიყავი დემეტრესი, მაგრამ ენჯისგან განსხვავებით ბევრჯერ ვატკინე მას გული. ახლა ვიჯექით ორი ერთნაირი, მარტოსული ადამიანი ღამე, ცივ იატაკზე და ერთ დარდზე ვსაუბრობდით. დარდზე, რომელსაც ერქვა მშობლების გამო წუხილი, იმედგაცრუება, წყენა და ბრაზი.

ენჯის რამდენჯერმე კიდევ დააცემინა. იმ დროს უნდა შემეთავაზებინა სახლში შესვლა, როცა სანდრომ დამირეკა. ავდექი და სანამ ტელეფონს ვუპასუხებდი ენჯისაც დავეხმარე ადგომაში. ეკრანს თითი გადავუსვი საპასუხოდ და შარვლის ბერტყვით კიბისკენ წავედი:

-         გისმენ სანდრო.

-         ხომ არ მიახრჩვე ეგ გოგო? - სანდროს ხმაში ნერვიულობა ეტყობოდა.

-                            არა სანდრო, გადამირჩა, - გამეღიმა და კიბის თავზე შევჩერდი. ენჯის გავხედე, ისევ კარებთან იდგა და ჩემი მიმართულებით იყურებოდა. -  სანდრო, ჩამოვალ ცოტა ხანში, - ჩავძახე და გავუთიშე.

-                        სასტუმროში მიდიხარ? - ხველება დაეწყო უკვე ენჯის და სიბნელეში ვიგრძენი სიცივისაგან თუ სიცხისაგან როგორ კანკალებდა.

-                        არა, სანდრო ვერ იტანს სასტუმროებს, ალბათ ახლავე გავბრუნდებით უკან, თბილისში, - სანდროს ახირებაზე, სასტუმროში არ გაეთია ღამე სულ მეცინებოდა.

-                        მეგონა დარჩებოდი და გავარკვევდით რაღაცეებს, -  მისუსტებულ ხმაში სევდა გაერია.

-                        დაგირეკავ რომ ჩავალ და ვილაპარაკოთ, კარგი? -  მეც არ მინდოდა წასვლა, მაგრამ სანდრო ამომივარდებოდა ალბათ მალე, უკვე ორი  საათია მიცდიდა მანქანაში, - შენ შედი სახლში და თავს მიხედე, მგონი სიცხეც გაქვს, - ინსტიქტურად დავადე ხელი შუბლზე, ისე როგორც დედა აკეთებდა ბავშვობაში. ხელი გამიხურდა სიცხისგან.

ენჯიმ მხოლოდ თავი დამიქნია თანხმობის ნიშნად, უკვე კანკალს აეტანა. ხელის აწევით დავემშვიდობე და კიბეები სწრაფად ჩავიარე. თითქოს რაღაცისგან გავთავისუფლდი. ენჯი რომ მატყუებდა ეს ფაქტი არ შეცვლილა, მაგრამ იმ ფაქტმა, რომ მისი ცხოვრება რაღაცით ჩემსას გავდა, მასთან დამაახლოვა. ახლა უნდა დამეჯერებინა იდეის, რომ ჩვენი შეხვედრა ბედისწერის ამბავი იყო და ენჯისთან სუფთა ფურცლიდან ურთიერთობის დაწყება მეცადა. თუმცა ვაღიარებ, ბედისწერამ ცუდი გზა აირჩია Facebook-ისა და უნიჭო სტატუსის გამო ნათქვამი ტყუილის საშუალებით.

სანდრო ყურადღებით მათვალიერებდა. ეტყობა ჩემს სახეზე სიმშვიდის დანახვამ გააკვირვა. მანქანა დაძრა და ჩუმი ხმით ჩაიდუდუნა:

-         ამხელა გზაზე ჩამოვედით და სარძლო მაინც გაგეცნო.

-         სანდრო, იარე რა, სანამ გადაგსვი მანქანიდან, - შევუბღვირე.

-                        ჩემი მანქანაა და თავად გადაგსვამ ალბათ მალე. ეგება გაგიხარდეს კიდეც, დარჩები შენს ენჯისთან, - როგორ ვერ ვიტანდი სანდროს ცინიკურ საუბარს.

-         სანდრო, მოდი საუბრის გარეშე გავძლოთ როგორმე რა, - შევთავაზე იდეა.

-                        მე კი გავჩუმდები, მაგრამ შენ მაგრად დარხეული გაქვს ძმაო, ეგ გოგო გადაგიყოლებს! მე გაგაფრთხილე!

არაფერი ვუპასუხე. სანდრომაც დუმილი აირჩია და თბილისში ჩასვლამდე მანქანაც არსად გაუჩერებია. მე კი ხელისგულით ენჯისგან გამოყოლილი სითბო თბილისამდე ჩამყვა.

ენჯი

ბედნიერება თუ ვედრება?

ჩემი გადამრჩენელი სანდრო აღმოჩნდა. რამდენადაც მივხვდი სანდროს იგივე ფუნქცია ჰქონდა ლევანისთვის, როგორიც ჩემთვის ლაია. სასწრაფოდ ცხელი შხაპი მივიღე, ცხელი ჩაი დავლიე და თბილად შეფუთული დივანზე მივწექი. ზარის ხმამ გამომაფხიზლა. ძლივს მივედი კარებამდე. ლაიას აღმოჩნდა, არც მომსალმებია ისე დაიწყო:

-   კონკურსისთვის სამი ფოტო შევარჩიე და შენი აზრი მაინტერესებს, - ცოტა პაუზა გააკეთა და მერე დაამატა, - ასევე შენი ნებართვაც.

-   ნებართვა? - გავიკვირვე, ისევ თბილ პლედში გავეხვიე და დივანზე მოვკალათდი.

-   ხო ნებართვა, იმიტომ რომ შენი ფოტოებია და ლევანისაც.

-   ჩემი ფოტოები? - კიდევ უფრო გამიკვირდა. ნეტა როდის მოასწრო ჩემთვის ფოტოების გადაღება საკონკურსოდ? მითუმეტეს ლევანისთვის.

-   ახლავე გაჩვენებ, - ნოუთბუქი ჩართო და გვერდით მომიჯდა. მერე ფოტო მაჩვენა, იმ დღეს იყო გადაღებული, როცა მე და ჯანო წვიმაში ვცეკვავდით. ჯანოს ხელები ქონდა გაშლილი და იცინოდა, ძალიან ბედნიერი ჩანდა და ასეთი კმაყოფილი სიცილი იშვიათად მინახია მის სახეზე, მე მის წინ ვიდექი ფეხშიშველი, ოდნავ მის ეტლისკენ დახრილი და ხელები ისე მქონდა წინ გაწვდილი, თითქოს წამოდგომას ვთხოვდი. მედ ვიცინოდი და მეც ბედნიერი სახე მქონდა.

-         ამ ფოტოს „ბედნიერება“ დავარქვი, ეტლში მჯდომი ბიჭი და გოგო წვიმაში ცეკვავენ ბედნიერი სახეებით. ამ ფოტოს კი „ვედრება“,- მეორე ფოტო მაჩვენა. ეს ფოტოც იმ დღეს იყო გადაღებული. მე ჯანოს ზურგს უკან ვიდექი თავდახრილი და ორივე ხელი ეტლის სახელურებში ჩამევლო, ჯანოს ხელები ერთად შეეყარა, როგორც ლოცვისას აკეთებენ და თავი ზემოთ წვიმის წვეთებისკენ (თუ ღმერთისკენ?) მიემართა. ორივეს წეღანდელი ბედნიერების ნაცვლად სახეზე სევდა გამოგვსახოდა და ისე ჩანდა, თითქოს ჯანო მართლა ევედრებოდა ღმერთს სასწაულს. გამახსენდა ეგ დღე. ბედნიერები კი ვცეკვავდით, მაგრამ ბოლოს ჯანო ძალიან დანაღვლიანდა. თითქოს მისი ბედნიერება სრულყოფილი არ იყო.

-         აბა რას იტყვი, თანახმა ხარ? - ფრთხილად მკითხა ლაიამ.

-         ეგ ჯანოსთან უნდა შეათანხმო, შენ თუ გინდა გაგზავნა მე წინააღმდეგი არ ვარ. ჯანოსთან შეთანხმების  გარეშე ნუ გაგზავნი, - ჩავისრუტუნე, უკვე ყელიც მტკიოდა, - მაგ დღეს გავცივდი სხვათაშორის, ნეტა ჯანო როგორაა?

-         დავურეკე და კარგად ვარო. მესამე ფოტო არ გაინტერესებს?

-         კიდევ გაქვს რამე?

მესამე ფოტოდან ლევანი მიმზერდა. კინგის საღამოზე გადაეღო, მაგიდასთან იჯდა ყავის ფინჯნით ხელში და კამერას უმზერდა. მუქი ჩრდილები გადაჰკრავდა სახეზე და კაფის განათების ფონზე მისი თვალების სიკაშკაშე  არ ჩანდა. ხო მართლა, მითქვამს რომ ლევანის კაშკაშა ლურჯი თვალები აქვს? სურათზე ძალიან ნაღვლიანად გამოიყურებოდა და ღმერთო! ისეთი სიმპატიური იყო.

-                         სიმართლე გითხრა ეს ფოტო საკონკურსოდ არ გადამიღია. ამ ფოტოს ქვია „ბიჭი, რომელმაც არ იცის რომ ატყუებენ“, - გაიკრიჭა ლაია. ოხ ლაია რა, ზოგჯერ რა მწარე ხარ.

-                         სხვათაშორის უკვე იცის, - პლედში უფრო საგულდაგულოდ გავეხვიე კანკალის დასამალად, - ეგ ფოტო დამიტოვე რა და ჯანოს შეუთანხმდი აუცილებლად.

-         კარგი, შევუთანხმდები, - თავი დამიქნია თანხმობის ნიშნად და წასასვლელად მოემზადა, - ხო მართლა, კარგი პროგრამისტი ხომ არ იცი? ძველ ნოუთბუქში რაღაცეები წამეშალა და იქნებ აღვადგინო.

-         ვიცი, მაგრამ ძალიან უცნაური ტიპია, - მიშა გამახსენდა მე.

-         არაუშავს, შენ ნომერი მომწერე და დანარჩენს მე მივხედავ.

-   როგორც გინდა, - მეც ავდექი და ლაიას გასაცილებლად კარებისკენ წავსანსალდი.

ლაია წავიდა, მე კი დავრჩი მარტო ჩემს ფიქრებთან ერთად. თუმცა რატომ მარტო? ნოუთბუქიდან სავარაუდოდ ჩაძინებამდე მიმზერდა ნაღვლიანი ლევანი.

 

 

 

24/09/2018 წელი, ორშაბათი

ორშაბათი რომ მძიმე დღეა ამ მოსაზრებას არ ვიზიარებ, მაგრამ ეს ორშაბათი ნამდვილად მძიმედ დაიწყო. დილიდან თავი მტკიოდა და მაციებდა. კაფეში ძლივს მივაღწიე. ძლიერად წვიმდა და ამიტომ ჩვეულ ფეხით სეირნობაზე უარი ვთქვი, მეყოს წვიმაში ცეკვები, საკმარისი წვიმის შხაპი მიღებული მქონდა. კაფის კარები საკუთარი თავი შევათვალიერე. არის! როგორც იქნა ლოყები ნინიას მსგავსად ამიწითლა. გაციების ერთი პლუსი.

საბა რომ არ შემომეგება გამიკვირდა. კიბეებზე უნდა ავსულიყავი ჯეირანის ხმა რომ შემომესმა. დასარწმუნებლად უკან გადავიხარე კიბიდან, ისე რომ ნაბიჯი არ გადამიდგამს უკან  და სამზარეულოში შევიხედე. ღია კარში დავინახე იგივე სამეული - საბა, ჯეირანი და მაკა - რაღაცაზე გაცხარებული კამათობდნენ. როგროც ჩანს საბას სამეგობრო წრე ფართოვდება, გავიფიქრე და კაბინეტში შევედი.

კომპიუტერი ჩავრთე და სანამ სამუშაოს მივუბრუნდებოდი Facebook-ში შევიჭყიტე. ლევანს მეგობრობის თხოვნა გავუგზავნე. შეიძლება ჯერ კიდევ არ ყოფილიყო ჩასული თბილისში. ლაიას გადაღებული ფოტო გადავუგზავნე და შეტყობინებაც მივწერე:

„ლაიამ მოასწრო შენი გადაღება.

ფრთხილად იყავი, შეიძლება მოდელობაზე დაგითანხმოს J

იმედია კარგად იმგზავრე.“

სოციალური ქსელიდან გამოვედი და სამუშაოს მივუბრუნდი.

 

საშინელი ამბავი

დაახლოებით ათი საათისთვის მამამ დამირეკა. იმედია არაფერი მოხდა, ამ დროს არ მირეკავდა ხოლმე. ძალიან მინდოდა მისი ხმის გაგონება, ამიტომ სიხარულით ვუპასუხე:

-         გისმენ მამიკო!

-         შვილო, როგორ ხარ? - უცნაური ხმა ქონდა.

-         კარგად მამა. შენ რანაირი ხმა გაქვს? რამე მოხდა? - აღელვება ვერ დავფარე.

-         ახლა კარგად ვართ მამა, რაღაცას გეტყვი მაგრამ არ შეგეშინდეს კარგი?

-         მამა რა მოხდა? ბებია კარგადაა? დედა? - ვცდილობდი გამომეცნო რა შეიძლება მომხდარიყო.

-         დათაა ცუდად... - ხმა ჩაუწყდა მამას.

-         დათა?! - მოულოდნელობისაგან პირი დავაღე. ყველას ცუდად ყოფნა ვიფიქრე დათას გარდა, დათას არაფერი არ უნდა მოსვლოდა. ჯანმრთელი და ენერგიული ბავშვი იყო. არასოდეს დაჭირვებია ექიმთან ვიზიტი. რაღაც შეცდომა იქნება.

-         ხო შვილო, დათა. მთელი ღამე საავადმყოფოში ვართ ყველა, როგორც კი მოახერხებ ჩამოდი კარგი? - მომეჩვენა თუ მამა ტიროდა?

-         მამა, რა ჭირს დათას?

-         არ ვიცით შვილო, ამბობენ მძიმე მდგომარეობააო, - მამას საუბარი უჭირდა.

-         კარგი მამა, ახლავე წამოვალ, - ტელეფონი გავთიშე და გიჟივით დავეშვი კიბეზე. ახლავე წავალ თბილისში, პირველივე ტრანსპორტით. კიბეებზე საბას შევეჩეხე. მოკლედ ავუხსენი სიტუაცია და ვთხოვე ამირანისთვის გადაეცა ჩემი წასვლის მიზეზი. შეწუხებული სახით შემომთავაზა სახლამდე გაყვანა, მაგრამ ვიუარე.

ტაქსით მივედი სახლამდე, ათიოდე წუთში ჩავყარე ზურგჩანთაში პირველადი ნივთები და ტაქსითვე წავედი თბილისში. არ მინდოდა დროის დაკარგვა. მამას ხმაზე ეტყობოდა, რომ მგდომარეობა ძალიან მძიმე იყო.

 

 

 

 

 

 

 

ლევანი

24/09/2018 წელი, ორშაბათი

თბილისში გამთენიისას ჩავედით. სანდრომ გამომიცხადა, თითქმის მთელი „სუტკა“ საჭესთან ვარ, ამიტომ საწოლში მე უნდა დავიძინოო. პლედი ავიღე და დივანზე მივწექი. დაღლილი ვიყავი და მალევე დამეძინა.

დილით სანამ სანდრო გაიღვიძებდა სოციალურ ქსელს გადავხედე. Facebook-ზე დამხვდა ენჯისგან მეგობრობის თხოვნა და შეტყობინება, სურათთან ერთად. ფოტოზე მე ვიყავი აღბეჭდილი, ლაიას გადაეღო კაფეში. როდის მოასწრო ნეტა? თან ისე ჩანდა, რომ კამერას ვუყურებდი და სპეციალურად ვპოზირებდი. კარგი ფოტო იყო, ყოჩაღ ლაიას! სურათი Facebook-ზე მთავარ ფოტოდ დავაყენე და ენჯის პასუხი მივწერე:

„ფოტო მომეწონა, მადლობა ლაიას J

პროფილის ფოტოს შეცვლა ისედაც მინდოდა და გამოვიყენებ ;)

ნორმალურად ვიმგზავრე, სანდროს შემობღვერების კვალდაკვალ L

საღამოს დაგირეკავ.

ხომ გამოჯანმრთელდი?“

ნოუთბუქი დავხურე და სამზარეულოში გავედი. დიდი მზარეული არ ვარ, მაგრამ კვერცხის შეწვა შემიძლია. კვერცხი მაცივრიდან გამოვიღე და იმაზე დავიწყე ფიქრი რის გაკეთებასაც დღეს ვაპირებდი - მინდოდა დედას და დემეტრეს საფლავზე ავსულიყავი. ენჯი მართალი იყო, ჯერ მე თვითონ უნდა მეპატიებინა საკუთარი თავისთვის და მერე მიმეღო პატიება სხვებისგან.

მალე სამზარეულოში სანდრო შემოვიდა აჩეჩილი თმებით. პირდაპირ მაგიდას მიუჯდა, სახით ხელს ჩამოეყრდნო და შეფიქრიანებულმა ამომხედა.

-         იცი, გუშინ ბევრი ვიფიქრე და მესმის შენი.

-         რაზე იფიქრე? - ვერ გავიგე რა იგულისხმა.

-       შენზე და ენჯიზე. მერე რა რომ გატყუებდა, თუ გიყვარს არ უნდა დათმო, ბედნიერი უნდა იყო ნებისმიერი გზით. მე ნუ მომისმენ რა, - ისეთი საყვარელი იყო და ისეთი თვალებით მიყურებდა კინაღამ ავხარხარდი.

-       სანდრო რა სიყვარული? არც კი ვიცი რა დავარქვა ენჯისთან ჩემს ურთიერთობას, - დავფიქრდი, მართლა როგორი გაურკვეველი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა? - მასთან ყოფნა მსიამოვნებს და შევეცდები რამე გამოგვივიდეს. არ მინდა მისგან შორს ყოფნა, მინდა მქონდეს მიზეზი მასთან სიახლოვისთვის. ჯერჯერობით სხვა არაფერია.

-   შენი აზრის სიყვარული სხვა რაღაა? - გაიკრიჭა სანდრო.

ესეც ასე. სანდროც კი დამცინის. ეს სიყვარულია?! არაააა, სიყვარული იმაზე მეტი უნდა იყოს, რაც ენჯისთან მაკავშირებს. მის გარეშე ვერ უნდა ვსუნთქავდე. ასე მწამს მე!

 

 

 

 

 

 

ენჯი

პატარა გული

ხუთი საათიც არ იყო იმ საავადმყოფოში რომ მივედი, სადაც დათა ჰყავდათ. კიბეები სირბილით ავიარე და დერეფნის ბოლოს ჩემების დანახვაზე ფეხები მომეკვეთა. დედა, მამა და ბებია სასოწარკვეთილი სახეებით დერეფანში მიმოდიოდნენ. ნელი ნაბიჯით მივუახლოვდი.

-                        მამა! დედა! - ძლივს ამოვთქვი და ცრემლები წამომივიდა თვალებიდან. მთელი გზა თავს ვამხნევებდი, რომ დათა კარგად იქნებოდა, მაგრამ ასეთი სახეების დანახვაზე იმედი გადამეწურა, - დათას რა მოუვიდა?

-                        ჩვენც არ ვიცით შვილო, - მამა ასეთი უმწეო არასოდეს მენახა, ხმა ეკარგებოდა საუბრისას, - სკოლიდან რაგბიზე წავიდა და ვარჯიშზე გახდა ცუდად, გონება დაკარგა.

-                        ექიმები რას ამბობენ?

-                        ველოდებით ბები, - ბებია ჩაერთო ჩუმი ხმით. დედა არაფერს არ ამბობდა, შორიდან მიყურებდა ბრაზით. მისკენ წავედი, რომ მოვხვეოდი.

-                        დედა!

-                        მომშორდი! - არ მომცა მოხვევის საშუალება,- შენი ბრალია რომ დათა ცუდათაა, შენ აიჩემე რაგბიზე მისი შეყვანა, შენ დაათრევდი სტადიონზე და უჩიჩინებდი მორაგბე უნდა გამოხვიდეო. რამდენჯერ გითხარი სუსტია და ვერ აიტანს მეთქი, რამდენჯერ?

გავოგნდი. დედა მადანაშაულებდა დათას ცუდად ყოფნაში. ეს რომ მართლა ვარჯიშით ყოფილიყო გამოწვეული, მაშინაც კი არ უნდა ეფიქრა ასე. არ უნდა დაეშვა, რომ დათას ცუდად ყოფნას ოდესმე ძალით მოვინდომებდი. ვერ გავიგე, რა გავაკეთე ისეთი ამას რომ მაბრალებდა. გაოგნებულ თვალებს უმწეოდ ვაცეცებდი პასუხების ძებნაში.

-                        შვილო, დედა ანერვიულებულია, - მამა ჩემს დამშვიდებას შეეცადა,- მეც დამადანაშაულა. არ გეწყინოს შვილო...

-                        შენც დამნაშავე ხარ, - ახლა მამას მიუბრუნდა  დედამ,- თქვენ ორივე ხართ დამნაშავე ამაში!

-                        ლილი გეყოფა! - ხმა გაიმკაცრა მამა, - საკმარისია, მორჩი!

ვერაფერს ვერ ვამბობდი. მეგონა, რამეს თუ ვიტყოდი ისევ დედის რისხვას დავიმსახურებდი. მალე ექიმი გამოვიდა და დედას წინ დადგა, მამა და ბებიაც მასთან მივიდნენ. მე შორს დავრჩი, მაგრამ ექიმის სიტყვები მესმოდა.

-                        თქვენს შვილს გულის პრობლემა აღმოაჩნდა, - დაიწყო ექიმმა, - თავდაპირველად მინდა გითხრათ, რომ პირველადმა საშიშროებამ ჩაიარა და ახლა მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ მდგომარეობის სირთულიდან გამომდინარე სასწრაფოდ ესაჭიროება გულის გადანერგვა. ასევე გეტყვით, რომ კარგია ფიზიკურად რომ იტვირთებოდა, ამან გამოიწვია გულის შეტევის პროვოცირება. სხვა დროს და სხვა ვითარებაში შეიძლება ცოცხალი ვერ გადარჩენილიყო.

-                        რა უნდა გავაკეთოთ? - ჩაერთო მამა.

-                        ოპერაციაა საჭირო, დონორის ძებნა უკვე დავიწყეთ, გირჩევთ ყველას სისხლი ჩააბაროთ ყოველი შემთხვევისთვის...

კედელს მივეყრდენი რომ არ წავქცეულიყავი და ექიმის სიტყვების გააზრებას შევეცადე. რაღაც სამედიცინო ტერმინოლოგიით საუბრობდა. მედიცინა ჩემი სუსტი მხარე იყო. მხოლოდ ის გავიგე, რომ გულის ოპერაცია ჭირდებოდა. დაახლოებით ისეთი ოპერაცია, რაც ფილმში „ჯონ ქიუ“ დენზელ ვაშინგტონის გმირის შვილს.  დათას ახალი გული ჭირდებოდა. მისი პატარა, სათუთი, საყვარელი გული ვეღარ იმუშავებდა. იმის გააზრებამ, რომ შეიძლება დათას გულს მანამდე შეეწყვიტა ფეთქვა, სანამ დონორი გამოჩნდებოდა გამანადგურა. ექიმის თქმით, ოპერაცია სასწრაფოდ უნდა გაკეთებულიყო. დერეფნის ბოლოში იატაკზე დავჯექი და დაველოდე. ასე მარტოდ თავი არასდროს მიგრძვნია. მე მარტოსული ვიყავი. მარტოსული და უბედური!

 

 

 

 

 

ლევანი

სტუმრად დედასთან

საუზმის მერე სანდრო ნატასთან წავიდა. მე ჯერ კლუბში უნდა შემევლო ჩემი ნივთების წამოსაღებად, მერე საფლავზე უნდა მივსულიყავი, იქ მისვლა ცოტათი მაშინებდა კიდეც. დასაფლავების შემდეგ არ ავსულვარ და მეშინოდა (იქნებ მრცხვენოდა?)  რომ ვერ მიმეგნო საფლავისთვის. ვინ იცის როგორი მოუვლელია საფლავები და მიტოვებული. სული ამიფორიაქდა ამის წარმოდგენაზე. რომ არ გადამეფიქრა პირდაპირ საფლავზე წავედი, კლუბი მოიცდიდა.

ტაქსიდან გადმოსული ფეხით გავუყევი საფლავებს შორის ბილიკს. დედას დასაფლავების დღე გამახსენდა და ყველა ის შეგრძნება გამიცოცხლდა, რაც იმ დღეს მქონდა - სინანული, სევდა, ბრაზი. გული ყელში მომებჯინა. რამდენიმე წუთში მივაგენი საფლავებს - დედა და დემეტრე გვერდიგვერდ განისვენებდნენ. მოვლილი საფლავები იყო, სუფთა და ყვავილებით მორთული. დედას საფლავთან ჩამოვჯექი და სურათზე ხელი გადავუსვი. ისეთი ნაღვლიანი სახე ქონდა და სევდიანი თვალები. ახლა რომ ვიხსენებ, ეს სევდა მამის წასვლის მერე ჩაუდგა თვალებში და მთელი ცხოვრება გაყვა, დემეტრეს გამოჩენამაც ვერ გაუქრო თვალებში ჩაბუდებული სევდა ბოლომდე.

-         დედა, გამარჯობა! გამარჯობა, დემეტრე! მე მოვედი! - ვთქვი ხმადაბლა.

ბევრი რამის თქმა მინდოდა, იმ ყველაფრის, რაც წლების მანძილზე დამიგროვდა და სულს მიხუთავდა. მინდოდა პატიება მეთხოვა, ჩემზე მომეყოლა - ჩემს სიხარულსა და მწუხარებაზე. მინდოდა ხმამაღლა მესაუბრა მათთან, თითქოს ცოცხლები ყოფილიყვნენ და მათგან რჩევები მიმეღო. ნეტა დროის უკან დაბრუნება შეიძლებოდეს, დედას ჩემს გამო დაღვრილი თითოეული ცრემლისთვის ვთხოვდი პატიებას.  დემეტრესთვის კი პატიების თხოვნას არ დავჯერდებოდი, მადლობასაც გადავუხდიდი შვილივით რომ მიმიღო და ჩემი ყველა გამოხდომის მიუხედავად ბოლომდე ცდილობდა ჩემს გვერდით დგომას.

ნაბიჯების ხმამ გამომაფხიზლა. ნელა მოვტრიალდი და მესაფლავეს მივაჩერდი, რომელსაც  წყალი მოქონდა ყვავილებისთვის.

-                        შენ აქ პირველად გხედავ შვილო, - ყვავილებს წყალს უსხამდა და თან მალულად მათვალიერებდა, - შენი მშობლები არიან?

-                        დედაა ჩემი და... - შევჩერდი. დემეტრესთვის სტატუსის მინიჭებაზე ჩავფიქრდი. ვინ იყო ჩემთვის დემეტრე? ბოლოს ხმადაბლა ვთქვი: - კაცი, რომელმაც მამობა გამიწია, კაცი რომელიც ცხოვრების სწავლებას შეეცადა ჩემთვის. მე ვიყავი ცუდი მოსწავლე და ვერ ვისწავლე, ვერ მოვახერხე მესწავლა...

-                        ძნელია შვილო სხვას ცხოვრება ასწავლო, ძალიან ძნელი, - მოპირდაპირე მხარეს დაჯდა საფლავის კიდეზე და ნაღვლიანად გამიღიმა.

-                        როგორ გგონიათ, მაპატიებენ ამდენ ხანს რომ არ მოვედი?

-                        შენ აპატიე შენს თავს? - კითხვა შემომიბრუნა და ნიკაპი აუკანკალდა, -  კიდევ უფრო ძნელია განსაზღვრო რისი პატიება შეუძლია ადამიანს და რისი არა. თუ გულით მოინანიებ, ყოველთვის გაპატიებენ, ასე მჯერა მე! რადგან აქ მოდი ესე იგი ნანობ და თუ ნანობ, იმსახურებ პატიებას.

-                        ამ საფლავებს ვინ უვლის? - დავინტერესდი. ვეჭვობდი, რომ დემეტრეს მეგობრები პატრონობდნენ.

-                        ერთი ლამაზი გოგო დადის ხშირად შვილო, დაახლოებით შენი ასაკისა, - დაკვირვებით შემათვალიერა, - რაღაცით ჩამოგგავს იცი? კი ნამდვილად გგავს, შენნაირი ლურჯი თვალები აქვს.

ამას არ ველოდი. ნუთუ ლილე დადის საფლავებზე? ის ხომ დემეტრეს ვერ იტანდა და დედასაც სულ ეჩხუბებოდა, ჯერ მამის წასვლაში ადანაშაულებდა, მერე კი დემეტრეს რომ გაყვა ცოლად - მამის ღალატში დაადანაშაულა. ლილე მოახერხა საკუთარ თავზე გადაბიჯება და აქ ამოსვლა, მე კი ამდენი წელი ერთხელაც არ ამოვსულვარ.

-                        კიდევ დადის ერთი ბიჭი, მაღალია და წვერს ატარებს, ფულს მაძლევს ხოლმე საფლავების მოვლისთვის. ცოტა გიჟი უნდა იყოს, - ხელი დაატრიალა სიგიჟის გამოსახატავად. რათქმაუნდა სანდრო იქნებოდა. როგორ ვერ მივხვდი აქამდე. ზოგჯერ გადაკვრით მიხსენებს ხოლმე დედას და დემეტრეს, ალბათ ჩემს რეაქციას ამოწმებდა.

-                        მე წავალ შვილო, - წამოდგა მესაფლავე, - ხშირად მოდი ხოლმე. ნუ შიშობ, ისინი გაპატიებენ! - საფლავებზე მანიშნა და გამიღიმა, მერე კი უკანმოუხედავად წავიდა.

ცოტა ხანი კიდევ ვიჯექი. ვფიქრობდი ყველაფერზე, უფრო იმაზე როგორ გამიადვილდებოდა ცხოვრება დედა და დემეტრე ცოცხლები რომ ყოფილიყვნენ. მერე ლილე გამახსენდა. თუ მინდოდა რომ ბოლომდე გავთავისუფლებულიყავი წარსულისგან ლილესთვისაც უნდა მეპატიებინა. მერე ნამდვილად შემეძლებოდა ახალი ცხოვრების დაწყება. ბოლოს ავდექი, საფლავებზე გამოსახულ სურათებს ფრთხილად გადავუსვი ხელი, მერე დედის სურათთან დავიხარე და ნელა ვაკოცე.

-                     მაპატიე, დედა! მაპატიე, დემეტრე! მაპატიეთ! - დავიჩურჩულე და ნელი ნაბიჯით მოვშორდი საფლავებს. დედის სურათიდან აყოლილმა სიცივემ ჩემს სულამდე შეაღწია -  მთელი სხეულს მოედო და მთელი დღე ვეღარ  გავთბი.

 

 

.......................

საფლავიდან კლუბში წავედი ჩემი ნივთების წამოსაღებად. კლუბში ცოტა ხანი შევჩერდი და იქაურებს დავემშვიდობე. ცოტა დავლიე კიდეც, რომ  საფლავიდან წამოსვლის შემდეგ სხეულში დარჩენილი სიცივე გამექრო, მაგრამ სულში სიცივეს ისევ ვგრძნობდი. ტაქსით გადავწყვიტე სახლში დაბრუნება. უკვე ტაქსიში ვიჯექი ენჯი რომ გამახსენდა, ძალიან მომინდა მასთან საუბარი და შთაბეჭდილებების გაზიარება. 7 საათი იყო, ჯერ კიდევ კაფეში იქნებოდა ალბათ. მაინც გადავწყვიტე დარეკვა. მალე მიპასუხა:

-         გისმენ!

-         ხმაზე გეტყობა რომ ისევ გაციებული ხარ. თუ ვცდები?

-         ლევან... -  ვეღარ გააგრძელა სათქმელი. ნუთუ ტიროდა?

-         ენჯი, რამე მოხდა? - უცებ გამოვფხიზლდი.

-         მე... მე საავადმყოფოში ვარ, ჩემი ძმაა ცუდად... - ლაპარაკი უჭირდა.

-         ენჯი, სად ხარ?

-         თბილისში ვარ, საავადმყოფოში, - ტირილით მითხრა.

-                            ახლავე წამოვალ, მისამართი მომწერე, - ტელეფონი გავთიშე და მისამართის მოლოდინში სავარძელზე მივესვენე.

 

 

 

გულგატეხილი ანგელოზი

საავადმყოფოებს ვერ ვიტან, ცუდ მოგონებებს მიღვიძებს. ჩემი ცხოვრების მთავარი ტრაგედიები საავადმყოფოსთან არის დაკავშირებული. დემეტრე უბედური შემთხვევის შემდეგ საავადმყოფოში მიიყვანეს და როცა საავადმყოფოში მივედი, პირველი რაც დავინახე იატაკზე დამხობილი დედა იყო, ისეთი ხმით ტიროდა ძარღვებში სისხლი გამეყინა. დედას თვითმკვლელობის შემდეგაც სანამ ექსპერტიზისთვის გადაასვენებდნენ, ჯერ საავადმყოფოში მიიყვანა სასწრაფომ მისი ჯერ კიდევ თბილი სხეული. ბოლოს სანდროს ვედექი ერთი კვირა თავზე, როცა შეამოწმა Harley-Davidson-ით ფრენა შესაძლებელი იყო თუ არა.

საავადმყოფოში ნელი ნაბიჯით შევედი, თან ხელში კლუბიდან წამოღებული ჩემი ნივთებით სავსე მუყაოს ყუთი მეჭირა. მიმღებში ვიკითხე სად შეიძლებოდა მენახა ახვლედიანები. ექთანმა ეჭვიანად შემათვალიერა. მე ყუთზე ვანიშნე, საჭირო ნივთები მოვუტანე ოჯახს მეთქი და მანაც იკადრა მიესწავლებინა. ექთანს მადლობა გადავუხადე და ნაჩქარევი ნაბიჯით ავირბინე კიბეები. დერეფნის დასაწყისში შევჩერდი - ნანახმა ელდა დამცა. დერეფნის დასაწყისში ენჯი იჯდა იატაკზე და თავი მუხლებზე ჩამოედო, ნატანჯი სახე ქონდა. დერეფნის სიღრმეში გავარჩიე გივი ახვლედიანი, ნერვიულად დააბიჯებდა დერეფანში. მართალია მას მერე არ მენახა,  რაც კლუბის წილი დათმო, მაგრამ არ შეცვლილიყო დიდად. მხოლოდ მისი არწივის გამოხედვა გამქრალიყო სადღაც, უმწეოდ გამოიყურებოდა. იქვე ორი ქალი ჩამომსხდარიყვნენ და მათი ქვითინის ხმა არღვევდა იქ გამეფებულ სიჩუმეს. ენჯის მივუახლოვდი ნელი ნაბიჯით:

-   ენჯი, როგორ ხარ? - ნელა ამომხედა, მივხვდი რა უაზრო შეკითხვა დავსვი. რათქმაუნდა ცუდად იყო, საშინლად გამოიყურებოდა. მის გვერდით დავჯექი და ყუთი გვერდით დავიდგი. სათანადო სიტყვებს ვეძებდი ენჯის გასამხნევებლად. მე ისიც კი არ ვიცოდი რა ჭირდა მის ძმას, ამიტომ ვკითხე:

-   რას გეუბნებიან ექიმები?

-   ოპერაცია ჭირდება სასწრაფოდ გულზე, - ისე ჩუმად მითხრა ძლივს გავარჩიე სიტყვები.

-   ენჯი, ყველაფერი კარგად იქნება...

-   დარწმუნებული ხარ? - გამაწყვეტინა და თვალებში შემომხედა, - მითხარი, დარწმუნებული ხარ, რომ დათა კარგად იქნება?

არ ვიცოდი რა მეპასუხა. ვიცოდი, რომ სიტყვებს დიდი ძალა ქონდა. ზოგჯერ ქმედებაზე ძლიერიც კი. მაგრამ ახლა როგორ მეთქვა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, როგორ დავპირებოდი იმას, რაც ჩემზე არ იყო დამოკიდებული.

-                        ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ დედა მე მადანაშაულებს დათას ავადმყოფობაში,  - თვალები დახუჭა და ცრემლებმა იმ გზა გაუყვნენ, რომელიც ჯერ კიდევ აჩნდა სახეზე წვრილ ზოლებად, ეტყობოდა ბევრი იტირა ჩემს მოსვლამდე,- წარმოიდგენ? შენ ხარ დამნაშავე, შენ აუჩემე  რაგბიზე სიარული და გადაღლილობისგან დაემართაო. იცი? აქამდე სულ ვფიქრობდი, რომ დედას მართლა ვუყვარდი, დათასგან არ გამომარჩევდა მეგონა. ახლა კი მგონია, რომ მთელი ცხოვრება თვალთმაქცობდა, სხვების დასანახად მექცეოდა კარგად, მომენტს ელოდებოდა, რომ ჩემს მიმართ  დამოკიდებულება შეეცვალა. ისეთი თვალებით მიყურებდა, აქამდე სიყვარულით სავსე ყველა შემოხედვა რომ გააბათილა. სული გამიყინა ამ შემოხედვამ და მისმა ხმამ. თავი ასე ზედმეტად არასდროს მიგრძვნია. ახლა მივხვდი, რომ სულ მარტო ვარ - მე და ჩემი საიდუმლო.

-                        ენჯი, მარტო არ ხარ! შენ მეგობრები გყავს, შენ გყავს...

-                        ახლა, ამ წამს მარტო ვარ! - ჯიუტად გაიმეორა.

-                        მე ვარ შენთან, - ჩუმად ვუთხარი, - მე აქ ვარ და ნამდვილი ვარ!

-                        და ვინ ხარ შენ ჩემთვის, ლევან? - თვალებში გაურკვევლობა ჩაუდგა, - მე შენგან ვიმსახურებ მიტოვებას, შენგან ყველაფერს ვიმსახურებ ჩემი ტყუილისთვის. აი დედას ეს არ უნდა ეთქვა ჩემთვის. გამანადგურა, მისმა სიტყვებმა მომკლა, გესმის?

-                        ენჯი, ნუ ამბობ მასე, ალბათ ძალიან განერვიულებულია და მაგიტომ გითხრა, სინამდვილეში კი...- მინდოდა ლილის საქციელი გამემართლებინა, მაგრამ  შემაწყვეტინა.

-                        მწუხარების დროს ადამიანი იმას ამბობს, რასაც ფიქრობს. თავის მართლება არც უცდია.

-                        შენ ხომ ანგელოზი ხარ არა?  - გაღიმება ვცადე, მაგრამ ვეჭვობ არ გამომივიდა, - აპატიებ და ამასაც დაივიწყებთ, გადალახავთ. დათას გამოჯანმრთელება დაგაახლოებთ.

-                        ზოგადად ტკივილი და წუხილი აახლოებს ადამიანებს, მე ყველაფერი პირიქით რატომ მემართება? - სიმწრით გაიცინა, მერე თავი ისევ მუხლებზე დაიდო, ხელები ფეხებზე შემოიჭირა და დადუმდა.

-                        უნდა დაივიწყო რაც გითხრა და აპატიო. ხომ იცი, რომ ეს ერთადერთი გამოსავალია? - ხმადაბლა დავიწყე რამდენიმე წუთიანი პაუზის მერე.

-                        შენც ხომ იცი ეს რა ძნელია? - თავი არ აუღია ისე შემომიბრუნა კითხვა.

-                        ვიცი, ენჯი, თან როგორ ვიცი. თითქმის ათ წელი დამჭირდა პატიებისთვის. იცი? დღეს ჩემების საფლავზე ვიყავი, - ხმას კიდევ უფრო დავუწიე.

-                        მართლა? - გაოცებულმა ამომხედა, - მერე რას გრძნობ?

-                        თავს უფრო თავისუფლად ვგრძნობ, სულში სიმძიმეც გამიქრა და მგონია დედა სადმე ახლოსაა და რაღაცა უნდა მითხრას. თითქოს მისი ხმაურიანი სუნთქვაც ჩამესმის ზოგჯერ.

-                        მიხარია, ჩვენ ორ შორის ვიღაც მაინც რომ არის კმაყოფილი. როგორც კი დათა უკეთ გახდება ვნახავ და აქედან წავალ.

-                        კი მაგრამ, ენჯი...

-                        არ გინდა ლევან, გაჩერდი, - ამჯერად ხმის აწევით შემაწყვეტინა, დავინახე როგორ გამოაპარა გივიმ მზერა ჩვენისკენ. ენჯიმ ჩემი მზერა დაიჭირა და ხმადაბლა განაგრძო, -  მე საშინლად გაბრაზებული ვარ და კიდევ უფრო მეტად გული მტკივა. ეს ბრაზი, წყენა, ტკივილი, იმედგაცრუება თუ არ მოვიშორე ისე ვერ ვაპატიებ. არ ვაპატიებ!

-                        ენჯი, მე და დედა სისხლის ჩასაბარებლად მივდივართ, - ვერ დავინახე როგორ დაგვადგა გივი თავზე.

-                        მეც წამოვალ, - სწრაფად ადგა ენჯი. მეც ავყევი.

-                        შენ ნუ წამოხვალ, - წყნარად უთხრა ქალმა.

-                        წამოვალ! - მკაცრი იყო ენჯის ხმა.

-                        გივი, უთხარი რამე, - მუდარა შეერია ქალს ხმაში. მე მივხვდი, რატომაც არ უნდოდა მას ენჯის წასვლა. არ უნდოდა ენჯის გაეგო, რომ აყვანილი იყო, რომ დათას ბიოლოგიური და არ იყო. ენჯის შევხედე და მივხვდი, მანაც ყველაფერი გაიაზრა.

-                        არაა საჭირო დედიკო, მე ისედაც ყველაფერი ვიცი,- ცინიკური ხმა აშკარად არ უხდებოდა.

-                        რა იცი? - დაეჭვებით გადმოხედა ქალმა.

-                        ვიცი, რომ შეიძლება ბიოლოგიურ და-ძმას არ აღმოაჩნდეთ ერთი ჯგუფის სისხლი და პირიქით, სრულიად უცნობი ადამიანი აღმოჩნდეს დათასთვის საჭირო სისხლით „სავსე“ - ბრჭყალები გამოსახა თითებით და ზურგი აქცია მშობლებს.

-                        რას ამბობ? გივი რას ამბობს? - გივის მიაჩერდა დაბნეული ლილი.

-                        იმას რაც სიმართლეა - მე თქვენი შვილი არ ვარ! - არ მოტრიალებულა ისე თქვა ენჯიმ, ტიროდა და არ უნდოდა ეს შეემჩნიათ. ვიცოდი, რა ძნელი იყო მისთვის ამ სიტყვების თქმა.

-                        შენ ჩემი შვილი ხარ! - მტკიცედ თქვა ქალმა.

-                        მართლა ლილი? - სახელით მიმართვაზე ქალი გაფითრდა.  -  შეგიძლია აღარ ითვალთმაქცო, ღიად თქვა რასაც ფიქრობ ჩემზე.

-                        შვილო, რას ამბობ? - ენჯისკენ გადადგა ნაბიჯი.

-                        გაჩერდი! არ მომიახლოვდე ლილი! - ორივე ხელი ისე შემართა, თითქოს რაღაცის შეჩერებას აპირებდა, - შენმა ბრალდებამ, რომ დათას ავადმყოფობა ჩემი ბრალია, ყველაფერი თქვა. როგორ გაბედე და დამადანაშაულე? დათა ყველაზე მეტად მიყვარს, ვაღიარებ, შენზე მეტადაც კი. ალბათ იმიტომ, რომ ვგრძნობდი, დათას გულწრფელად ვუყვარდი, ძალდატანების გარეშე. შენ მაგ ბრალდებით ყველაფერი გადახაზე, აქამდე ჩემთვის დაძახებული ყოველი „შვილო“, ყველა მოფერება, ყველა შემოხედვა. ნებისმიერი რამე შეგეძლო დაგებრალებინა, მაგის გარდა. დათას მიმართ ჩემს სიყვარულში ეჭვის შეტანის უფლება არ გქონდა. ახლა წავალ, სისხლს ჩავაბარებ, დათას ვნახავ და მერე თვალით ვეღარ მნახავ! ვერ მნახავ, გესმის? - ენჯი უკვე ღრიალებდა, თან ტიროდა და ცახცახებდა. მივხვდი, ისტერიკა ეწყებოდა. აქედან უნდა გამეყვანა. ყუთი ავიღე ერთ ხელში, მეორე ენჯის მოვხვიე მხარზე და წინ წავიყვანე.

-                        ვერასოდეს მნახავ! - უკან მიბრუნებას შეეცადა, მაგრამ საშუალება არ მივეცი, მხარზე ხელი უფრო ძლიერად მოვუჭირე და  ვუჩურჩულე:

-                        ენჯი დამშვიდდი. წამოდი, სისხლი ჩააბარე და მერე აქედან წავიდეთ.

-                        გივი რა თქვა? რას ამბობდა? სად წავიდა? - ლილი გივისგან ცდილობდა პასუხების მიღებას, აშკარად შეშინებული ხმა ქონდა.

-                        დამშვიდდი ლილი, გადაუვლის...- გივის ხმამაც მოაღწია ჩვენამდე.

ენჯი ლამის სირბილით მივიყვანე იმ განყოფილებამდე, სადაც სისხლს იბარებდნენ. ენჯიმ ტირილი შეწყვიტა და ბრაზისგან ისე ხმაურიანად სუნთქავდა მივხვდი, თუ რამე ზედმეტს ვიტყოდი ჯოხი ჩემზე გადატყდებოდა. ექთანის მოლოდინში ანკეტა შეავსეს, რათა დარწმუნებულიყვნენ მისთვის სისხლის აღება იყო თუ არა შესაძლებელი. მარტივი შეკითხვები იყო.

სიგარეტს თუ ეწეოდა, - პასუხი უარყოფითი იყო.

სვირინგი თუ ქონდა, - ბოლო ექვი თვის მანძილზე არა (ანუ მანამდე ქონდა?).

საზღვარი თუ გადაეკვეთა,  - ბოლო სამი წლის მანძილზე არა.

სტომატოლოგთან ვიზიტი, - ორი წლის წინ უკანასკნელად.

ჩაებარებინა თუ არა სისხლი ოდესმე, - კი, 8 თვის წინ.

როდის ქონდა ციკლი, - თვალი ავარიდე და უხერხულად მოვიქექე თავი.

-         ვაბარებ ხოლმე სისხლს და ვიცი წესები, ყველაფერი რიგზე მაქვს.

-         აიწონეთ,- სასწორზე მიანიშნა ექთანმა.

-         არც ისეთი გამხდარი ვარ, რომ უარი მითხრათ, - გაცხარდა ენჯი.

-         გთხოვთ, აიწონეთ, - შეუვალი იყო ექთანი.

-                             ჩემი ძმა შეიძლება მოკვდეს და შესაძლოა, რომ ჩემი სისხლი დაჭირდეს. მე არაფერი მომივა, მინდა რომ სისხლი ჩავაბარო მისთვის, მე... - ისევ ტირილი დაიწყო.

-          გთხოვთ, მიეცით უფლება სისხლი ჩააბაროს, - საუბარში ჩავერთე, - არაფერი მოუვა, რასაც მეტყვით იმას ვაჭმევ, მოვუვლი, პირობას გაძლევთ. უბრალოდ მისი ძმის დახმარება უნდა. ძალიან ცუდადაა, იმიტომ რომ დარდობს, ისე არაფერი უჭირს. უფრო ცუდად გახდება ამის უფლებას თუ არ მისცემთ.

-      კარგი, - მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ დაგვთანხმდა ექთანი და ენჯის მიუბრუნდა ,- როგორც კი თავს ცუდად იგრძნობთ, უნდა მითხრათ?

-      კარგი, - ამოისრუტუნა ენჯიმ და ჯემპრი გადაიძრო  რათა მკლავი გაეთავისუფლებინა. მართლაც ძალიან გამხდარი იყო, ჯანოს იუბილეს შემდეგ საგრძნობლად დაეკლო. ნეტა რამეს ჭამდა საერთოდ?  წვრილი ხელები ქონდა და ისეთი თეთრი, იქ საერთოდ საეჭვოა სისხლი ყოფილიყო, თუნდაც ენჯის სამყოფი. აქედან უნდა გავიყვანო როგორმე და ჭამა ვაიძულო. ყუთი ძირს დავდგი და გადავწყვიტე, მეც ჩამებარებინა სისხლი. იქნებ დათას თუ არა სხვას დავხმარებოდი.

 

 

ენჯი

წითელი და თბილი

ჩემდა გასაკვირად ლევანმაც გადაწყვიტა სისხლის ჩაბარება. ტრადიციული ანკეტა შეგვავსებინეს ორივეს და იმ პალატაში შეგვიყვანეს, სადაც სისხლი უნდა ჩაგვებარებინა. ერთმანეთის გვერდიგვერდ მოგვათავსეს და ექთანიც მოვიდა სისხლის ასაღებად. ლევანს განიერი ჯემპრი ეცვა, ამიტომ არ გაუხდია, მარჯვენა მკლავზე მხრებამდე აიკაპიწა. ხელზე რაღაც ჩინური იეროგლიფები ქონდა გამოსახული, ისეთი ფეხბურთელებს რომ აქვთ ხოლმე. სისტემა დაგვიდგეს და მარტო დაგვტოვეს. ვგრძნობდი როგორ ტოვებდა წითელი და თბილი სითხე   ჩემს სხეულს.

ერთმანეთის გვერდით ვიწექით და ვდუმდით, მდუმარებას მხოლოდ კალმის წრიპინის ხმა არღვევდა - განაპირა მაგიდასთან ექთანი ანკეტებს ავსებდა. ლევანი შიგადაშიგ გადმომხედავდა ხოლმე და მიღიმოდა. ამ დროს თავი ლევანის  ახლობლად ვიგრძენი, მან ჩემი ტკივილი გაიზიარა და მისი სისხლი გაიღო ჩემი ძმის დასახმარებლად. რადგან ჯემპრი გავიხადე თხელი მაისურის ამარა დავრჩი, ამიტომ მალე შემცივდა. ცოტა ხანში  ავკანკალდი და მივხვდი, მალე გონებას დავკარგავდი. ლევანმა ექთანი იხმო. ჩემი დაჟინების მიუხედავად შეწყვიტა ჩემგან სისხლის აღება და უკმაყოფილო სახით გამომიცხადა ცოტა ხანს იწექიო. თან შოკოლადის ფილა შემომაჩეჩა ხელში.

ლევანმა სისხლი ჩააბარა და ადგომაში დამეხმარა. ცალი ხელით რაღაც ყუთი მოქონდა, მთელი საღამოა დაატარებს, განძი დააქვს თუ რაა?

-         ახლავე გავალთ გარეთ და სადმე კარგად გამოვძღებით! -  მკაცრად მითხრა.

-         მე დათა უნდა ვნახო! - ჩემი ხმაც მკაცრი იყო.

-                             დათას დაბრუნდების მერე ნახავ, ნუ ცდილობ შემაშინო, არ გიხდება ხმის დაბოხება, - არად ჩააგდო ჩემი სურვილი.

-                          მე დათას ნახვა მინდა, - შედარებით მშვიდად ვთქვი და თვალები დამენამა.

-                         ოღონდ არ იტირო, ვიკითხოთ დათას ამბავი და მერე რამე შეჭამე რა?

თავი დავუქნიე და მესამე სართულისკენ მიმავალ კიბეებს ავყევით. გივი და ლილი დაბრუნებულიყვნენ. მამა და დედა პროტესტის ნიშნად არ ვუწოდე! გივიმ რაღა დამიშავა ნეტა?

-         ბები, რა ცუდად გამოიყურები, - ლოყა ჩამოიხოკა ბებიამ.

-         დათას ნახვა შეიძლება? - ვკითხე ბებიას. მშობლებს არ ვიმჩნევდი.

-         დილამდე აზრი არ აქვსო, დილით გააღვიძებენ, - წყნარად მითხრა ბებიამ.

-         მაშინ მე წავალ, - ზურგი ვაქციე და წამოვედი.

-                           ენჯი, შვილო...- დედის ვედრებით ნათქვამი სიტყვებიც დავაიგნორე და გზა განვაგრძე.

-                     არ ინერვიულოთ, მე წავიყვან და დილით მოვიყვან, მე მისი მეგობარი ვარ, ლევანი, - ჩემების დამშვიდებას შეეცადა ლევანი.

-                     ლევან, არ მოდიხარ? - ისე გავძახე უკან არ მიმიხედია. ლევანი მალე დამეწია და გვერდით ამომიდგა.

-                     სად მივდივართ? - ინტერესით ვკითხე.

-                     ჯერ უნდა წავიდეთ და ხინკლის ჭამაში გავეჯიბროთ ერთმანეთს, მერე კი ჩემთან წავალთ, თან  რაც შეიძლება ბევრი წითელი სითხე უნდა წავიღოთ და დავლიოთ - ექიმის მითითება ასეთია, - შემომცინა უდარდელად ლევანმა.

-                     ჯერ ერთი ექთანი იყო და არა ექიმი, მეორე- არ ვაპირებ ამ შუაღამისას ხინკალი ვჭამო, მესამე - შენთან არ წამოვალ, - უარვყავი მისი წინადადება.

-                     წამოხვალ! - მკაცრად მითხრა, მაჯაში ჩამავლო ხელი, სირბილით მიმიყვანა ტაქსამდე, ლამის ძალით შემჩურთა შიგნით და გვერდით მომიჯდა. ტაქსის მძღოლს მისამართი უკარნახა და წარბშეკრულმა გადმომხედა.

-                     კარგიიი, არ გიხდება ეგ სიმკაცრე, - დავცინე და ენა გამოვუყავი.

-                     იმას გააკეთებ, რასაც გეტყვი! ჭამ და ჩემთან წამოხვალ! მორჩა, პრეტენზიები არ მიიღება, - თავი აიქნია და გზას მიაშტერდა.

-                     ჩემი ქმარია და ნერვიულობს ძალიან, პირველ შვილს ველოდებით და დააბნია მამობის პერსპექტივამ, - დავუკმაყოფილე მძღოლს ცნობისმოყვარეობა.

ლევანმა ერთი შემომიბღვირა და რესტორანში მისვლამდე არაფერი აღარ უთქვამს.

 

 

 

ლევანი

სისხლი ჩავაბარეთ და თითქმის ძალით შევჩურთე ტაქსიში სავახშმოდ წასაყვანად. გაოცებულ ტაქსის მძღოლს უთხრა მამობის პერსპექტივამ დააბნიაო. ნეტა სულ ორსულობაზე ხუმრობს? ან ასეთ ტყუილებს უცებ როგორ იგონებს? იმედია ასე მხოლოდ მე მეხუმრება, სულაც არ მინდა ნებისმიერ მამრში მისი მომავალი შვილის მამა დაინახოს.

რესტორანში ისეთი მაგიდა შევარჩიე, ხმაურს და ხალხმრავლობას რომ არ შევეწუხებინეთ და ვახშამი შევუკვეთე. შეკვეთას სანამ მოიტანდნენ ენჯის გადავხედე.

-                        ენჯი, მოდი რაღაცაზე შევთანხმდეთ, ისე მოვიქცეთ, როგორც მეგობრები. ერთმანეთზე რაღაცეები  ვიცით, მათ შორის საიდუმლოებიც. ის ტყუილი დავივიწყოთ და ყველაფერი სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ, დღეს კი გულახდილობის საღამო მოვაწყოთ. რას იტყვი?

-                        კარგი, - დავეჭვდი ისე ადვილად დამთანხმდა.

-                        გულახდილობაზეც  თანახმა ხარ? - მაინც დავაზუსტე.

-                        კი, დღეიდან არანაირი ტყუილი, ისედაც ცუდად ვარ იმ ტყუილის გამო და ნუ გამახსენებ, გთხოვ, - თვალი გამისწორა და გამიღიმა.

თავის დაქნევით დავეთანხმე. შეკვეთა მოიტანეს და უსიტყვოდ მივირთვით ვახშამი. ენჯიმ ცოტა-ცოტა ყველაფერი მოწიწკნა. მისი აღნაგობის კვალობაზე არაუშავდა.

სახლში წასვლისას გზად წვენები და შოკოლადი ვიყიდე.

-         ლიფტი თუ კიბე? - არჩევანი წინაშე დავაყენე, - მეათე სართულია.

-                            მაშინ ლიფტი, დღეს არ მაქვს სიმაღლეებთან შეჭიდების ძალა, დაღლილი ვარ, - აღიარა დაღლილობა.

ლიფტი გამოვიძახე და სანამ ველოდებოდი კედელზე მიყრდნობილ ენჯის დავაკვირდი. პირველად ნანახი ენჯისგან არაფერი დარჩენილიყო. წონაში დაეკლო, ლოყები ფერმკრთალი ქონდა და თვალები ნაღვლიანი. ღიმილისას სახეზე გაჩენილი ფოსოც კი სადღაც გამქრალიყო.  თავი გავაქნიე უნებურად.

-         რის დავიწყებას ცდილობ? - გამომიყვანა ფიქრებიდან ენჯიმ.

-                              ვფიქრობ 7 კილოგრამის მომატება არ გაწყენდა, - გავიკრიჭე და ლიფტში შევედი, ენჯიც უკან მომყვა და სარკეში მისი თავი შეათვალიერა.

-                            რომ ვაღიარო, შაბათის მერე წესიერად არც მიჭამია, ამას დაემატა გაციება და ნერვიულობა დათას გამო. ალბათ მართლაც დავიკელი, - მაჯებზე დაიხედა.

-                        გაციება სად მოასწარი? - ყუთი ძირს დავდგი და კედელს მივეყრდენი, მეც ვიგრძენი დაღლილობა, ემოციური დღე მქონდა.

-                        მე და ჯანომ ვიცეკვეთ წვიმაში, - უცნაურად გაიღიმა.

-                        ჯანო სულ მასე იყო, - საჭირო სიტყვების საპოვნელად შევყოვნდი, - სულ ეტლით სარგებლობდა.

-                         არა, კლდეზე ცოცვისას დაიზიანა ხერხემალი. მე რომ გავიცანი უკვე ეტლით სარგებლობდა, - სახე დაუნაღვლიანდა.

-                        რთულია, არც კი ვიცი შევეგუებოდი თუ არა მასე ცხოვრებას, - წარბები შევყარე.

-   უნდა იპოვო მიზეზი და სანამ ცოცხალი ხარ არ მოკვდე! - მკაცრად მითხრა, - ერთ-ერთი ეტლით მოსარგებლე ქალის სიტყვებია სხვათაშორის.

-   ხო, ალბათ საკუთარ თავზე თუ არ გამოცადე, ისე ლაპარაკიც არ ღირს, - ლიფტის კარი გაიღო და გარეთ გამოვედით, - შეგიძლია ეს ყუთი დამიჭირო? გასაღებს ვერ ვპოულობ.

-   რა გიწყვია ასეთი, ბანკი გაძარცვე? - სახე დაემანჭა ყუთის სიმძიმისგან.

-   ოოო, მანდ ჩემი პატარა საიდუმლოებებია, თუ კარგად მოიქცევი გაჩვენებ.

-   კარგად მოქცევაში რას გულისხმობ? - წარბი აწია გაკვირვებით.

-   შოკოლადის ჭამას და წვენის დალევას, - კარი გავაღე და შიგნით შევუძეხი, - აი ჩემი სამფლობელო.

-   არც შოკოლადი მინდა და არც წვენი, არაყი მინდა მე! - მკაცრად მითხრა და ნებართვას არ დაელოდა, დივანზე მოკალათდა ფეხმოკეცილი.

-   შენთვის ალკოჰოლი არ შეიძლება, მხოლოდ წითელი წვენები, - უარი ვტკიცე.

-   ან არაყი ან მივდივარ! მინდა ყველაფერი დავივიწყო, მინდა დავთვრე და დავიძინო, მინდა ცოტა ხანი რეალობას მოვწყდე, - ჩურჩულზე გადავიდა.

-   კარგი, ცოტა არაყი შეიძლება, - დავყევი მის ნებას, - მაგრამ რამეს მოვამზადებ დასაყოლებლად.

-   დროზე და აქ მოდი, დღეს აღმოსავლური ნადიმი გვექნება, - ხალიჩაზე ჩამოინაცვლა და ფეხები შემოიკეცა, - დღეს ვსვამთ და ვსაუბრობთ. გულახდილობის საღამოა.

ეჭვით გავხედე. ერთ-ერთმა ჩვენგანმა ჯობია თავი შეიკავოს დალევისაგან, ყოველი შემთხვევისთვის ის ტყუილი რომ არ ახდეს.

 

 

 

 

თავისუფალი ბაბუაწვერა

ხილი, შოკოლადი, წვენები და არაყი  ლანგარზე დავაწყე და ენჯისთან გავედი. მის წინ მოვკალათდი და ლანგარი შუაში ჩავიდგი. ერთმანეთის პირისპირ ვისხედით. შეგვეძლო ერთმანეთისთვის მობეზრებამდე გვეცქირა თვალებში. არაყი დავასხი და ენჯის მივაწოდე.

-      ახლა მე და შენ დავლევთ და შენს საიდუმლოებებზე ვისაუბრებთ. ეგ ყუთი მოაჩოჩე, - ეშმაკურად აუციმციმდა თვალები. ეს ხასიათი მართლა ორსული ქალივით რატომ ეცვლება ნეტავ? ნაწვიმარზე ღრუბლებში მიმალული მზესავით წამიერად აუციმციმდებოდა თვალები.

-      ჯერ დავლიოთ და საიდუმლოებები მერე იყოს, გაგვიმარჯოს, - ჭიქა მივუჭახუნე და გადავკარი.

-      არა! მე მინდა ვნახო, - გაჯიუტდა ენჯი, - კარგად ვიქცევი, აი შოკოლადსაც ვჭამ, - შოკოლადს დიდი ნაწილი ჩამოატეხა და არაყს დააყოლა, მერე კი ყუთს დაექაჩა.

-      შეეშვი ენჯი, არაა საინტერესო, - ვეცადე შეჩერებას, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ენჯიმ ყუთი გახსნა და პირველი ნივთი ამოაძვრინა - საკარნავალო ნიღაბი.

-      ამას ატარებ ხოლმე კლუბში? - დაკვირვებით ათვალიერებდა ნიღაბს, - რომ გთხოვო გაიკეთებ?

-      არ ვატარებ, შარშანდელი საახალწლო კარნავალისთვის მაჩუქეს გოგოებმა.

-      გოგოებმა? საინტერესოა. ვაუ,  რა ლამაზია! - აღფრთოვანდა ქვიშის საათის დანახვაზე. წითელი ხისგან დამზადებულ ქვიშის საათში მრავალფერი ქვიშა იყო და 8 წუთში იცლებოდა, სადგარზე მეტალის ფირფიტა ქონდა მიმაგრებული - „08/08/2008 - ნურასოდეს დაივიწყებ!“, უფრო ქვემოთ კი საქართველოს დროშა იყო ამოტვიფრული.

-      ეს დემეტრესია... იყო... - ფრთხილად გამოვართვი ქვიშის საათი და მაგიდაზე დავდგი, დემეტრეს საყვარელი ნივთი იყო.

-      შენც გიყვარს ეს ფილმი? - ყუთიდან მორიგი ნივთი ამოაძვრინა. სანდროს ნაჩუქარ ჩარჩოში ჩასმულ ფოტოზე  კადრი იყო აღბეჭდილი ფილმიდან „ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“,  დეფნე და ოზგუდი კატერზე, ქვემოთ სანდროს მინაჯღაბნით - „ძმაო, არავინაა იდეალური“.

-      ბავშვობიდან ოცნებობდა სანდრო ამ ფილმის მსგავსად ჩვენს ცხოვრებაშიც მომხდარიყო რაიმე ისეთი, რაც გოგონების გასახდელში შესვლის უფლებას მოგვცემდა.  ალბათ ოცჯერ მაინც მექნება ნანახი ეს ფილმი.

-      როგორც ჩანს გოგონების გასახდელში შესვლის უფლება ვერ მოიპოვეთ,- თვალი ჩამიკრა და ახალი ნივთს დასწვდა, ტყავის მათრახის დანახვაზე გადაიკისკისა, - არ მითხრა რომ ესეც შენია?

-      მორჩი ენჯი, საკმარისია, - მათრახს დავქაჩე უხეშად, ენჯიმ ხელი არ გაუშვა და მათრახთან ერთად მოჩოჩდა. ისე ახლოს იყო, შემეძლო მისი გულის ცემა გამეგონა.

-      იყენებ ხოლმე? - თვალებში მიყურებდა. ისეთი ლამაზი იყო, ისეთი ბავშვური და ამავდროულად ისეთი გამომწვევი. ნეტა ახლა რომ ვაკოცო რა მოხდება? არა, არ ვაკოცებ! უნდა შემეძლო მთელი ღამე ენჯის ატანა ჩემს ბინაში... დისტანციაზე.

-      გვეყო ჩემი საიდუმლოებები, - მათრახი გამოვართვი და არაყი გადავკარი.

-      შენ ჩემზე მეტად გდომებია დალევა, - გაიცინა ეშმაკურად  და ჭიქა დაცალა.

-      არა, მე მეტს აღარ დავლევ, - მხოლოდ ენჯის ჭიქა შევავსე და მივაწოდე.

-      რაო ბატონო ბონდ, გინდა დამათრო და ამით ისარგებლო? - ახარხარდა ენჯი. სიამოვნებით ვისარგებლებდი, ღირსიც ხარ. მაინც ყველას ეუბნები, რომ ჩემგან ბავშვს ელოდები და აგიხდენ მაგ სურვილს.

-      გეყოფა ენჯი, აღარ დალიო, - ჭიქა გამოვართვი და დივნისკენ მივჩოჩდი, - მოიწიე შენც აქეთ  და ვილაპარაკოთ, დალევა აღარ გვინდა.

-      კარგიიი. ვილაპარაკოთ. ტატუ შენს ხელზე რას ნიშნავს? - არ შემწინააღმდეგებია, გვერდით მომიჩოჩდა  და ჩემს ხელს დააკვირდა.

-      არც კი ვიცი, 17 წლისამ პროტესტის ნიშნად მოვიხატე ხელი ჩინურად სადღაც ბინძურ ადგილას, კიდევ კარგი არაფერი არ ავიკიდე. შენ გაქვს ტატუ?

-      კიიი, მაგრამ მე კარგი ტატუ მაქ და სუფთა ადგილას გავიკეთე სხვათაშორის, - ლაპარაკისას თვალები უციმციმებდა, - ლილიმ არ იცის დღემდე, თორემ გადაირეოდა. გინდა განახო?

-      გააჩნია სად გახატია, - ორაზროვნად ვუპასუხე.

-      ახლავე გაჩვენებ, - დივანს მოშორდა და ჯემპრი გაიხადა. მერე ზურგი შემაქცია და მაისური ისე აიწია, რომ ზურგზე გამოსახული ტატუ დამენახა. ბაბუაწვერები ეხატა. ერთი ბაბუაწვერა მთლიანი იყო და დაბალი, მეორე ბაბუაწვერა ცოტა მაღალი იყო  და მისი ნახევარი ნაწილი მთელ ზურგზე იყო მიმოფანტული პატარა ჩიტებივით, ისე როგორც სულის შებერვისას იფანტება ბაბუაწვერები. ძალიან ლამაზი იყო, მომინდა ხელით შევხებოდი, მაგრამ თავი შევიკავე.

-      აბა, როგორია? - ჩემკენ მობრუნდა ენჯი.

-      ძალიან ლამაზია. -  დივანს ზურგით მივეყრდენი და ფეხები გავჭიმე, - რატომ ბაბუაწვერები?

-      ბებია მეუბნებოდა ბავშვობაში, თუ სურვილს ჩაუთქვამ, ბაბუაწვერას სულს შეუბერავ და ერთი შებერვით მთლიანად  მოაშორებ ყვავილებს, სურვილი აგიხდებაო. ერთი ნაწილობრივ მთლიანია, რადგან მაგის გაკეთებისას ვფიქრობდი რომ ნაწილობრივ ამიხდა სურვილები. მეორე მთელი ბაბუაწვერა ალბათ იმ ოცნებას აღნიშნავს, რომელიც ჯერ თვითონაც არ ვიცი, ან იმ სურვილს, რომლის აღიარებაც არ მინდა, -  თვალი ამარიდა ენჯიმ და  ჩემს მსგავსად ფეხები გაჭიმა. გამეღიმა, ჩემს გვერდით ძალიან  სიფრიფანა და სუსტი  ჩანდა. მერე თითქოს რაღაცა გაახსენდაო, ისევ განაგრძო,  - ხო, კიდევ იმიტომ, რომ სადღაც წავიკითხე, ბაბუაწვერა თავისუფალია და ველურიო.

-      შენსავით?

-      მე თავისუფალი ვარ და თან ველური? - შემომღიმა დაბინდული თვალებით.

-      მშვილდოსნები მოურჯულებელი ხალხიაო, ანუ რაღაც დოზით ველური ხარ, - მეც გამეცინა ჩემივე დასკვნაზე.

-      არ არსებობს, - ისევ ახარხარდა ენჯი,- არ მითხრა, რომ შენ ჰოროსკოპის გჯერა?

-      კი მჯერა, მერე რა?! - ალმაცერად გადავხედე ენჯის.

-      არც არაფერი, - ცდილობდა სიცილი შეეკავებინა, - მე არ მჯერა.

-      მაშინ ის მითხარი, ბაბუაწვერების გარდა კიდევ რისი გჯეროდა ბავშვობაში? - ღიმილით ვკითხე, მინდოდა მასზე ბევრი რამე გამეგო.

-      კიდევ? ბებია მეუბნებოდა ცისარტყელას თუ გაუღიმებ კბილები დაგცვივდებაო, მაგრამ ამისი არ მჯეროდა. ცისარტყელას დანახვაზე სულ ვიღიმები და კბილებიც ჯანსაღი მაქვს, - დემონსტრაციულად გამიღიმა კბილების საჩვენებლად, - კიდევ ვერაფრით ვიჯერებ მოდური ქალბატონების ნათქვამს „სილამაზისთვის ორი ზომით პატარა ფეხსაცმელიც ჩაგმიცვამსო“. დამიჯერე, ეგ არის ტყუილი! ერთი ზომით პატარაც კი ვერ ჩავიტიე უბრალოდ. არადა ვცადე, გეფიცები - უდარდელად გაიღიმა და თან მხრები აიჩეჩა, -კიდევ შავი კატებისგან მომავალი საშიშროების არ მჯერა. მიყვარს კატები, საყვარლები არიან და ფუმფულები. კიდევ არ მჯერა...

-      მე გკითხე რისი გჯერა მეთქი, - გავაწყვეტინე წინადადება.

-      რისი მჯერა? - თვალები დახუჭა და დაფიქრდა, - მჯერა, რომ  სიტყვას ზოგჯერ ქმედებაზე მეტი ძალა აქვს, რომ სიტყვას შეუძლია ადამიანი მოკლას ან პირიქით - დაცემის შემდეგ ადგომაში დაეხმაროს.  მჯერა, რომ ყველაზე ცუდ ადამიანშიც არის რაღაც კეთილი, რის გამოც მისი მთლიანად გადახაზვა არ შეიძლება. მჯერა, რომ ყველა ჩვენთაგანის ბედი წინასწარი არის განსაზღვრული. მჯერა, რომ ნებისმიერი ადამიანი იმსახურებს მეორე შანსს და ბედნიერებას. მჯერა, რომ...

-      ენჯი! - გადავხედე პაუზის შემდეგ, - ენჯი დაიძინე?

-      კიდევ სიყვარულის მჯერა მე! - ამას რომ ამბობდა სანახევროდ ეძინა. თავი მხარზე ჩამომადო და მშვიდად გადაინაცვლა სიზმრების სამყაროში.

ვუყურებდი ენჯის და ვფიქრობდი, როგორ უცნაურად გადაიკვეთა ჩვენი გზები. ტყუილით შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში და არხეინად დამკვიდრდა. იმედია, არც ქონდა ჩემი ცხოვრებიდან წასვლის სურვილი, იმიტომ, რომ მე მინდოდა ჩემს ცხოვრებაში დარჩენილიყო. სამუდამოდ!

მინდოდა, ერთად ჩაგვეთქვა სურვილები და ბაბუაწვერას ყვავილები ერთად გაგვეფანტა. მინდოდა, ერთად მოგვეძებნა ადამიანებში კეთილი მარცვლები, ერთად გაგვეღიმა ცისარტყელასთვის და ერთმანეთისთვის ის სიტყვები გვეთქვა, რომელიც დაცემის შემთხვევაში წამოდგომაში დაგვეხმარებოდა. მინდოდა,  ერთმანეთისთვის მეორე შანსი მიგვეცა და ერთად გვეცეკვა წვიმაში. მინდოდა, თუ შესაძლებელი იქნებოდა ბედისწერაც შეგვეცვალა და  ერთმანეთზე უარი არ გვეთქვა. მინდოდა, ყოფილიყო ბევრი რამ ჩემს ირგვლივ, რასაც ერქმეოდა „ჩვენი“. მინდოდა, წყვილი ვყოფილიყავით.

ხელში ფრთხილად ავიყვანე. იმაზე მსუბუქი იყო, ვიდრე ჩანდა. ფრთხილი ნაბიჯებით შევიყვანე საძინებელში, ფრთხილად ჩავაწვინე ჩემს საწოლში, საბანი დავაფარე და მისაღებში გავედი. დივანზე მივწექი და ისე ტკბილად დამეძინა, ბოლო თვეების მანძილზე რომ არ მძინებია.

იმ ღამით დედა დამესიზმრა.

ენჯი

25/09/2018 წელი, სამშაბათი - დაკვირვება

ფანჯრებიდან შემოჭრილმა მზის სხივებმა გამაღვიძა. თავიდან ვერ გავერკვიე სად ვიყავი, სწრაფად წამოვდექი შეშინებული და მსუბუქი თავის ტკივილი ვიგრძენი. გამახსენდა წუხანდელი „ნადიმი“ და ისევ ბალიშს დავუბრუნდი. ცოტა დავფიქრდი და ყველა დეტალი გავიხსენე, ბუნდოვნად მახსოვდა როგორ ფრთხილად ჩამაწვინა ლევანმა მის საწოლში. ბალიშს ხელები მოვხვიე და მისი სურნელი ჩავისუნთქე. მერე ფრთხილად გამოვძვერი საწოლიდან და ოთახის შესწავლა დავიწყე.

ფანჯარასთან ფართო  სავარძელი იდგა, ზედ წიგნით - დეილ კარნეგის „როგორ შევიძინოთ მეგობრები და მოვახდინოთ გავლენა ადამიანებზე“. გამეღიმა - ვფიქრობ, ლევანს ამ წიგნის გარეშეც შეეძლო საკმაოდ წარმატებით ადამიანებზე გავლენის მოხდენა. ტუმბოზე ფოტო იდო ჩარჩოში ჩასმული, შუახნის ქალი სევდიანი ღიმილით, რომელიც საოცრად გავდა ლევანს, განსაკუთრებით თვალებით. კომოდზე რამდენიმე ძვირადღირებული სუნამო ელაგა. მარტოხელა კაცის კვალობაზე ყველაფერი მოწესრიგებული და სუფთა იყო.

ფრთხილად გავაღე კარი და მისაღებში გავედი. ჩვენი გუშინდელი ქეიფის ნარჩენები ისევე ეწყო, როგორც დავტოვეთ. ოთახი დიდი იყო და ნათელი. ერთი  მხარე მთლიანად ჭერიდან იატაკამდე დაშვებულ ფანჯრებს ეკავა. დივანი, ორი სავარძელი, ტელევიზორი, სტერეო სისტემა, დაბალი მაგიდა და რამდენიმე პუფი - სულ ეს ავეჯი ელაგა ოთახში. სავარძელში დავჯექი ფეხმოკეცილი და ლევანს დავაკვირდი.

ორივე ხელი ლოყის ქვეშ შემოეწყო ბავშვისთვის და მშვიდად ეძინა, თან იღიმებოდა. ნეტა რა ესიზმრება? ისეთი საყვარელი იყო, მომინდა მივსულიყავი და თმები ამეჩეჩა მისთვის ან კოცნით გამეღვიძებინა. დიდხანს არ მაცალა დაკვირვება - შუბლი შეჭმუხნა და თვალები გაახილა.

-         დიდი ხანია მაკვირდები? - სახეზე ჩამოისვა ხელები.

-                              არა, ახლახანს გამოვედი, - ვიუარე უსინდისოდ, - შენს გაღვიძებამდე არ მინდოდა წასვლა. მადლობა ყველაფრისთვის. დროა რეალობას დავუბრუნდე. დათა უნდა ვნახო.

-                             ვისაუზმოთ და ერთად წავიდეთ, - წამოდგა და სამზარეულოსკენ წავიდა, - მე რამეს მოვამზადებ. აბაზანა თუ გინდა საძინებლის გვერდითაა.

-                             ლევან! -  შეჩერდა და თბილად შემომხედა, - არაფერი მინდა, მართლა. ყავას დავლევ მხოლოდ და წავალ. ისედაც გვიანია.

-                            კარგი, ყავა დავლიოთ, - გამიღიმა და სამზარეულოში შევიდა. ფეხშიშველი იყო, ისე როგორც მე მიყვარს სიარული დილაობით. ასეთი მსგავსებების აღმოჩენა რაღაცნაირად მახარებდა, თითქოს მასთან მაახლოებდა.

-                           ტიპიური მარტოხელა კაცისთვის დამახასიათებელი არეულობა არაა შენ ბინაში, - თვალი მოვავლე სამზარეულოს.

-                           ქალწულებს გვიყვარს წესრიგი, - თვალი ჩამიკრა ეშმაკური ღიმილით. გაოცებისაგან პირი დავაღე და მერე გავიაზრე, რომ ზოდიაქოს ნიშანი იგულისხმა. ნეტა ქალწული და მშვილდოსანი რამდენად შესაფერისი წყვილია? არა, დღეიდან უნდა დავინტერესდე ჰოროსკოპით. ყავა ორ ჭიქაში ჩაასხა და მაგიდაზე დააწყო.  მერე მაღალ სკამზე შემოსკუპდა და ხელით მანიშნა დავმჯდარიყავი. მეც ჩამოვჯექი სკამზე და ყავა მოვსვი - ყველაფერთან ერთად გემრიელ ყავასაც ამზადებდა. ლევან, რატომ ხარ ასეთი იდეალური?

 

 

წვრილი მილაკები

საავადმყოფოში რომ მივედით ლილი და გივი იქ დაგვხვდნენ, ბებია წასულიყო. ლილის სახეზე ეტყობოდა, რომ მთელი ღამე იქ გაეტარებინა და არ ეძინა. დაღლილი სახე ქონდა გივისაც.

-                        დათას ნახვა მინდა, - ისე ვუთხარი , არც მივსალმებივარ. შემეცოდა ლილი, მაგრამ ახლა,  დამშვიდებული გონებითაც ვერ ვახერხებდი მის გამართლებას და პატიებას. შევნიშნე ლევანი თავის დაკვრით როგორ მიესალმა მამას.

-                        ცოტა ხანში მოგვცემენ მისი ნახვის უფლებას. ჯერ ლილიმ ნახოს, - მშვიდად მითხრა გივიმ.

-                        მე უნდა ვნახო! მერე ბათუმში მივდივარ, - გვერდი ჩავუარე და პალატის კართან ავიტუზე.

-                        როგორ იქცევი? - გვერდით ამომიდგა ლევანი.

-                        როგორ ვიქცევი? -  უდარდელად ავიჩეჩე მხრები.

-                        ტიპიური უმადურივით, - მიპასუხა მოურიდებლად. კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა, მაგრამ პალატიდან ექიმი გამოვიდა და შეჩერდა.

-                        შეგიძლიათ ინახულოთ, თითო ადამიანი შევიდეს და მხოლოდ 5 წუთით. პაციენტი არ უნდა გადაიღალოს, - კეთილი სახის ექიმს გარეგნობის შესაბამისი თბილი ხმა ქონდა.

-                        ჯერ მე შევალ, - უცერემონიოდ ვუთხარი და შესასვლელად მოვემზადე.

-                        თქვენი შვილია? - თბილად მკითხა ექიმმა.

-                        არა, ძმა, - ცივად ვუპასუხე. მივხვდი მართლა უმადურივით ვიქცეოდი. ექიმმაც კი იფიქრა, რომ პირველი დედა უნდა შესულიყო. მაგრამ უკან აღარ დავიხიე. ლევანისკენაც არ შემიხედია, შეიძლება მისი მზერის გამოც გადამეფიქრა. ექთნის დახმარებით შესაბამისად ჩავიცვი და პალატაში შევედი.

კარებიდანვე შევნიშნე დიდ საწოლში, ათას წვრილ მილაკებში გახლართული პატარა, სუსტი სხეული. აპარატი გაბმულად ზუზუნებდა და პატარა ეკრანზე ჩემთვის გაუგებარი მონაცემები იყო გამოსახული. დათა ნელა მობრუნდა. თვალზე მომდგარი ცრემლი ჩუმად მოვიწმინდე და შევეცადე გამეღიმა.

-         ჩემპიონო, როგორ ხარ? - ახლოს მივედი და მისი ხელი ავიღე.

-   არ ვიცი, ენი, - თვალებში შიში ჩაუდგა, - არ მახსოვს არაფერი. მარტო რაგბის ბურთი მახსოვს და სხვა არაფერი.

-   არაუშავს სიხარულო, მთავარია რომ გაიღვიძე, - ცრემლი გადმომიგორდა თვალზე.

-   რა მჭირს? - ისევ შიშნარევი თვალებით მკითხა.

-   მეც არ ვიცი სიხარულო, ექიმი გვეტყვის მოგვიანებით, - აღრიალებას ცოტა მაკლდა.

-   რაგბის ვეღარ ვითამაშებ? - ნაღვლიანად იკითხა.

-   ეგეც რომ არ ვიცი? - ნეტა გადარჩებოდე და ჩემი ხელით დაგიჭრი რაგბის ბურთს, საერთოდ აღარ წავალ სტადიონზე, ტელევიზიითაც აღარ ვნახავ რაგბის არასოდეს.

-   ისე სკოლაში რომ ვერ დავდივარ  კარგია, - გაიღიმა და თვალები გაუნათდა. ცდილობდა რაიმე კარგი ეპოვა მის ავადმყოფობაში - ჩემსავით ოპტიმისტი იყო.  დავიხარე და შუბლზე ვაკოცე ნაზად. მისი სუსტი ხელი ლოყაზე ჩამომისვა.

-   ენი, არ იტირო, ნუ ტირი. მე არ მტკივა, მართლა, - მის ბავშვურ გულუბრყვილობაზე უარესად ავტირდი, - ენი, მე კარგად ვიქნები. ხომ მეუბნებოდი ჩემპიონი ხარო? ნახე, რა ძლიერი ხელები მაქ? - სუსტი ხელები ხელზე მომიჭირა.

-   ძალიან ძლიერი ხარ, ჩემპიონო, - ხელები დავუკოცნე, - მე ახლა წავალ და დედა შემოვა. შენ არ მოიწყინო კარგი? დაგირეკავ ხოლმე.

-   რომ დარჩე?

-   საყვარელო, უნდა ვიმუშაო...

-   ნეტავ შენც ავად იყო, ექიმს ვთხოვ ჩემს გვერდით დაგაწვინოს, - ოღონდ მის გვერდით ვყოფილიყავი, ისე გულუბრყვილოდ მისურვა ავადმყოფობა, ისეთი გულწრფელი იყო, სუნთქვა შემეკრა. ღმერთო, ნუთუ დაუშვებ, რომ ამ პატარა ანგელოზის გული გაჩერდეს?

-   ნეტავ მე ვიყო ავად და შენ ჯანმრთელი საყვარელო, - ისევ ვაკოცე შუბლზე, პატარა გაყინული ხელები დავუკოცნე და ყურში ჩავჩურჩულე:

-   რომ არ უნდა შეგეშინდეს, ხომ იცი?

-   კი, - თავი დამიქნია.

-   რომ მაინც შეგეშინდეს, როგორ უნდა მოიქცე, ისიც ხომ იცი?

-   კი, შენთან დავრეკავ და შიში გადამივლის. შენ ჩემი ანგელოზი ხარ და ყველაფერს ცუდს დაამარცხებ და მე აღარ შემეშინდება, - ნელა ლაპარაკობდა, მივხვდი, რომ დაიღალა.

-   შენ კი ჩემი ჩემპიონი ხარ და შენ ანგელოზს ყველაფრისგან დაიცავ, ხომ?

-   ხო, - თავი დამიქნია.

-   ახლა მე უნდა წავიდე. იცოდე, ჭკვიანად იყავი. დედას დაუჯერე, ექიმებს დაუჯერე და იცოდე, არ შეგეშინდეს! - კიდევ ერთხელ ვაკოცე შუბლზე, პალატიდან გავვარდი და კარებთან ჩავიკეცე.

-   შვილო, რა მოხდა? -  მამას შეშინებული ხმა ქონდა. დედა შესასვლელად ემზადებოდა.

-   მე უნდა წავიდე, მერე დაგირეკავ, - წამოვდექი და კიბეებისკენ წავედი. ლევანი დამედევნა. ეზოში დამეწია და შემაჩერა.

-   ენჯი, გაჩერდი! ნუ მაფიქრებინებ, რომ მართლა უმადური ხარ, - მის თვალებში ბრაზი დავინახე, რამაც უარესად გამაღიზიანა. რა უფლებით ერეოდა ჩემს საქმეში?

-   ხო, უმადური ვარ, უსინდისო ვარ, მატყუარა ვარ! - ხმას ავუწიე, - შეგიძლია შემეშვა, ჩემგან წახვიდე და დამშვიდდე. ყველამ შემეშვით. შე-მეშ-ვით!

-   გაიქეცი! არავინ გაკავებს! - ბრაზი წყენამ შეცვალა მის თვალებში, - ოღონდ იცოდე, ისე არ გააკეთო, რომ სულ მარტო დარჩე!

-   ახლაც მარტო ვარ! სულ მარტო! - ამოვიხრიალე უიმედოდ.

-   მეგონა მე ადამიანად ვითვლებოდი! - წარბები შეყარა და ხმა  გაუმკაცრდა, - სამწუხაროა, რომ...

აღარ დაუსრულებია წინადადება. შებრუნდა და წავიდა. უკანმოუხედავად წავიდა. მე ვაიძულე წასვლა. წავიდა და დამტოვა საავადმყოფოს ეზოში მარტო - უმადური და მატყუარა ენჯი ახვლედიანი. მარტოსული და უბედური არშემდგარი ანგელოზი (სახელიც კი არ მაქვს ბოლომდე ანგელოზისა).

 

 

-

 

ელფოსტაბეჭდვა