ყვავილები სახლთან ახლოს (II ნაწილი)
ყვავილები სახლთან ახლოს (II ნაწილი)
ყვავილები სახლთან ახლოს (II ნაწილი)
21 ივნისი, 2019 წ.

 

 

ნაწილი მეორე

(ჟივერნიდან შინ)

 

ბიჭს რონე ერქვა. თავადური მაღალი შუბლი და გადაკალმული წარბები ათასეულში გამოარჩევდა მის გენეალოგიას. დაბადებიდან და შემდგომ დიდგვაროვანთა საზოგადოების წიაღში იზრდებოდა. სიდინჯე და ჯიუტად დახვეწილი მიხვრა-მოხვრა მისი თითოეული ნაკვთისათვის ჩვეული გამხდარიყო ამიტომ. შინაგანი მე კიდევ უფრო დახვეწილი ჰქონდა - ხელოვნებასთან მისადაგებული. როცა უცნაური რამ კაეშანი შეახსენებდა თავს,  დაუფიქრებლად მოახტებოდა თავის ბრინჯაოსფრად დაკუნთულ ფაფარას და სიტყვადაუტოვებლად გაიჭრებოდა ადამიანთაგან მიუსაფარ ადგილას, ციცაბო კლდეების მწვერვალებზე. იქ ეგულებოდა თვალდაუდგამი ბუნების სრულყოფილება და ამ სიხარულში ჩაძირული ისრულებდა კიდეც იდუმალი მხატვრის  გულისწადილს.

 

მამასთან ნელ-თბილი მეგობრობა აკავშირებდა. დიდ თავადს გავლენიანი ადგილი ეკავა ისედაც გავლენიან საზოგადოებაში. უზარმაზარ ვენახ-ხოდაბუნებს და მუშახელს დაპატრონებული, ხშირად ვერც საკუთარ ოჯახში ზომავდა თვითნებობის მანკიერ არეალს. ვაჟს დღენიადაგ ხისტად ჩასჩიჩინებდა რომ აქეთ-იქით ხეტიალი კარგს არაფერს მოუტანდა და მკაცრად ვალდებული იყო მუდმივად ჩართული ყოფილიყო მემკვიდრეობით დატოვებულ საგვარეულო საქმიანობაში. მამა-ბატონს ხატვა ხალიჩების მოფარდაგებას აგონებდა, დედაკაცისეულ საქმიანობად მიაჩნდა და ამიტომაც არად დაგიდევდათ შვილის გატაცებას.

 

ვაჟის შინაგანი სამყარო დედის დამსახურება იყო, თუმც ამ უკანასკნელს, უტიფარი თანამეცხედრის წყალობით, პატარა ასაკში დედობრივ გრძნობასთან ნაზიარებს, ნაადრევად ჩაეკლა თავის თავში საკუთარი შემოქმედების ქმნის სურვილიცა და სიყვარულიც.

 

რონე მამის შეხედულებებს უმეტესწილ არ იზიარებდა, მკვეთრად გამოხატავდა თავის სათქმელს და ამიტომაც ლომის წილი მიუძღვოდა დაძაბული გარემოს განმუხტვაში, რომელსაც მამა-ბატონი ხშირად განზრახ ქმნიდა. ბიჭის გამოხედვასა და სიტყვა-პასუხში იყო რაღაც ისეთი, იდუმალი, უცნაური რამ ნაპერწკალი რომელიც მხოლოდ მისეული იყო, მასთან ერთად დაბადებული და სწორედ ეს აიძულებდა ბოლო მომენტში მშობელ მამას როგორმე დაეშოშმინებინა საკუთარი პატივმოყვარეობა.

 

სადაც რონე იყო იქ იყო სიმშვიდეც და თითქოს ამაქვეყნის ამაოებაზე ფიქრიც კი მითად შეიძლება მოსჩვენებოდა კეთილი სულის ადამიანს. ამას გრძნობდა უმეტესობა ირგვლივმყოფელიც და სწორედ ეს იყო ის მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც ითმენდა ოჯახის უფროსი ერთადერთი ვაჟის მისთვის მიუღებელ და მისგან ახირებად წოდებულ მხატვრულ თავგამოდებას.

 

და როცა რონეს ასაკი ოცეულს რამოდენიმე წლით გადასცდა, მამა-ბატონს მისი ოჯახის უღელში შებმის ჭიაც შეუჩნდა. გულის სიღრმეში ბოლო ამოსუნთქვამდე უყვარდა ერთადერთი ძე, რომ ეკითხათ სიცოცხლესაც გაწირავდა მისთვის, მაგრამ არასდროს არაფერს იმჩნევდა, სიყვარულის გამოხატვა სისუსტედ მიაჩნდა და მამობრივ განცდასთან ზიარების შემდეგ ეს გრძნობა მეუღლისათვის ჰქონდა გადაბარებული. ხვდებოდა, რომ რაც დრო გადიოდა, რონეს გავლენა საზოგადოების მაღალ რგოლზე უფრო მეტი იყო ვიდრე მისი, ეს თან ახარებდა და აბედნიერებდა, რომ წელში გამართული მოესწრებოდა სიბერეს, თან აკვიატებულ ფიქრებს ვერ ართმევდა თავს. შიშობდა, ვაითუ ვაჟს მის წოდებასა და წარმომავლობასთან უთანასწორო მანდილოსანზე შეფრთხიალებოდა გული. ეძიებდა და საკუთარ აზრებთან ბჭობდა, ვინ შეიძლება ყოფილიყო ის წარჩინებული დიდგვაროვანი, ვინც მასთან დამოყვრების ღირსი გახდებოდა.

 

არასდროს წარმოუდგენია საკუთარი თავი რონეს ადგილას. ყოველთვის პირადი ემოციების ტყვეობიდან იმზირებოდა და ვერც კი ხვდებოდა როგორ დაუკითხავად აფათურებდა ხელებს საკუთარი შვილის სულის სიღრმეში.

 

ამასობაში კი რონეს გული თავისუფლებით სუნთქავდა. რაც დაღვინების აღმართი წამოეწია, მას შემდეგ არასდროს მოჰკლებია სუსტი სქესის გაფაციცებული ყურადღება, ზოგჯერ განზრახ ჩასაფრებულიც კი მოსჩვენებია მავანი, მსგავსი გამოწვევები გულის სიღრმეში ღიმილს ჰგვრიდა  და ბევრი ასეთი სასიამოვნო უხერხულობის განცდა იყო კიდევაც იმ უცნაური კაეშანის საწინდარი, უკანმოუხედავად რომ გაიტყუებდა ხოლმე ტყის სიშორეთში.  ბევრჯერ მიუღია გამოწვევა, თუმც არასდროს არავის დაჰპირებია ერთგულებას და უტიფრადაც არავისთან მოქცეულა. შეთრობის პირას მყოფსაც კი ვერ შეატყობდა კაცი ამჩატებას. პირიქით, ცდილობდა ზოგიერთის თავაშვებული სიმსუბუქისთვისაც კი ესწავლებინა ჭკუა და ადამიანობის გზიკენ მოეხედებინა. ალბათ ამიტომაც იყო მასთან დამშვიდობებულნი, სხვებისაგან მალულად, ბალიშს რომ უზიარებდნენ ტკივილნარევ ცრემლებს.

 

დრო გადიოდა, რონე დიდგვაროვანი საზოგადოების თავყრილობებში სულ უფრო და უფრო ხშირად ჩნდებოდა, თავისი დამაჯერებელი მსჯელობის პათოსითა და შემართებით ხშირად დადებითად შემოუბრუნებია უკუღმა წასული საქმე. ამიტომაც იყო რომ მისი სიტყვის ფასიც დღითიდღე იზრდებოდა. სამაგიეროდ, თითქმის აღარ მატულობდა მამისაგან გადამალული ნახატების რიცხვი სხვენზე, ჭაბუკობის დროიდან მოყოლებულ საცავში.

 

ალბათ მაინც არის, სადღაც სიღრმისეული წერტილი მამების და შვილების ფსიქიკის სტერეოტიპების თანაკვეთაში, როდესაც მშობლისეული ეგოს ძალიან მცირედი, პაწაწკუნტელა ნატეხი ისევ იგივე გავლენას ინარჩუნებს პირმშოზე როგორც ბავშვობისას, რადგან ამ უკანასკნელშიც რჩება რაღაც ცეროდენა ბავშვობისეული, რომელიც გონებადაუძაბავად და ხშირად გულის კარნახის საწინააღმდეგოდ ემორჩილება მშობლისეული ეგოს შემოტევას.

 

ზაფხული  სიმწიფის ხანაში შედიოდა. ამიტომაც ენკენისთვის იქით აღარ აპირებდა მამა-ბატონი საქორწინო სამზადისის გადადებას. ქალის რეგალიები ყველაზე გვიან გამოეკითხა, მანამდე დაწვრილებით გამოეძიებინა მისი ოჯახის მემკვიდრეობა და საზოგადოებაში მათი მყოფობის საპირწონე ნიშა. კარგად ენიშნა ერთგული მეჭორიკნის მიერ ჩამოთვლილთაგანი... და ცხოვრებაში პირველად, შეფარვით, მკაცრი ინტონაციის გარეშე გადაწყვიტა შვილთან საუბარი.

 

ორის შეხვედრამ არც ისე დიდხანს გასტანა. თავდაპირველად ეუცნაურა თავადისეულს მამის განსხვავებული გამოხედვა, სადღაც გამქრალიყო კუნაპეტი თვალების ელვარება და სახის ნაკვთებსაც აღარ ეთქმოდათ კუშტი. უჩვეულოდ მაღალფარდოვანი შესავლით დაწყებული საუბარი გულზე უსიამოვნოდ მოხვდა, თუმცა მალევე უკარნახა გუმანმა საით ჰქონდა მშობელს გეზი აღებული. მოთმინებით აცადა აღტკინებული ემოციების გამოხატვა და მოჩვენებითი სიმშვიდით დაეთანხმა შეხვედრის დანიშვნაზე.

 

ოთახიდან გამოსვლისას გონებაში ათასი უცნაური აზრი ცვლიდა ერთმანეთს, ერთის მხრივ იმედი იმისა, რომ რაღაც გარემოებები ჩაშლიდა ამ შეხვედრას ან მამა-ბატონი გადათქვამდა თავის ახირებას, არც ისე დიდი იყო. მეორეს მხრივ, მისი გულიც არ ეკუთვნოდა არავის და არც უკვე სარძლოდ მონათლული ქალი ენახა სადმე.

 

ზაფხულის ხვატმა ისევ ტყის სიმწვანისკენ გაახედა. მზეამოწვერილზე გაღვიძებულს მოეჩვენა, რომ მთის მწვერვალებიდან ფარდებივით ჩამოშლილი ნისლი თავისკენ ეპატიჟებოდა მხედარს. ბევრი არ უფიქრია, მყისვე საჯინიბოს მიაშურა, პატრონის მოსვლის წინათგრძნობა მორეული ფაფარა შესასვლელთან გამოეგება და მორჩილად დაუკრა თავი. გზად იმ წყაროსთან გადაუხვია ნამისწყალს რომ ეძახდნენ, ბავშვობის მერე იქ აღარც ყოფილა, გალამაზებული მოეჩვენა იქაურობა, მოკირწყლული საგუბარის ნოტიო სუნმა ნესტოებში შეუღიტინა, წინწკალა კალმახები მოეშენებინათ. ნამისწყალი მუდამ ცივი იყო, ზამთარ-ზაფხულ და სიცხით გათანგულს ისე გამოგაფხიზლებდა, გინდოდა თუ არა მაინც დაგალოცინებდა თავს. არასდროს დამშრალა მადლიანი, მუდამ ღიღინით მოწანწკარებდა და პატარაობისას, შებინდებულზე კალიების ჭერით გართულს, ბევრჯერ მოსჩვენებია კიდევაც რომ ციცინათელები მძივებად, მარცვალ-მარცვალ იკინძებოდნენ მის წვეთებზე.

 

ხარბად დაეწაფა საკუთარ პეშვს, ცივი წყლით გაიგრილა მზემოკიდებული შუბლი და მერეღა შეამჩნია ბროწეულისფერ კიკინებიანი, ტანასხვეპილი, ყელმოღერებული გოგო კალმახისებური სისწრაფით როგორ გაეცალა იქაურობას. პირველივე გორაკს მიეფარა თუ არა სვლა შეანელა, ეტყობა ემძიმა გვერდულად მიხუტებული თიხის მოჭიქურა. გაუკვირდა აქამდე არსად შეემჩნია, ნეტა ვისიაო გაიფიქრა და სანამ გოგო თვალს მიეფარებოდა, იქამდე მზერაგაყინული შეჰყურებდა მის სილუეტს.

 

წყაროდან გზის გასაყარამდე კარგა მანძილი ჰქონდა გასავლელი ასულს.

 

ამასობაში გონების დამძაბავი ფიქრები აბლაბუდას ქსელივით მოსდებოდა ვაჟის მეხსიერებას. კიკინების ფერმა იხსნა ისევ, ერთხელ შემოდგომანარევი მზის ჩასვლისას, როცა თავისი ბედაურით მთიდან ეშვებოდა, შორიდანვე დალანდა  ბროწეულის ხესთან მოფუსფუსე ორი ადამიანი. ახლოს მისულს მთელი ქვეყნიერებისათვის პატივსაცემი ბებია და მისი ობლობაშეტოვებული შვილიშვილი შერჩა ხელთ, გამზრდელი რუდუნებით რომ ევლებიდა მუდამ თავს. ხანდაზმულობისკენ ნაბიჯგადადგმულ ქალს სხეული აღარ ემორჩილებოდა, პატარა გოგოს დახმარებოდა. რონემ ბედაურს აღვირი ორივე ხელით მოქაჩა, ხის სისწორეზე შეაჩერა ფაფარა და  ცხენიდან არც ჩამოსული ისე, საკუთარი ხელით ჩამოუკრიფა ხის მწვერვალოში შეყუჟული ლალისფერი ნაყოფი. ახლახანს ნანახ უცნობ ასულში ბებიას ნაშვილები ამოიცნო.

 

მიუახლოვდა სასურველ მთის ზეგანს თუ არა ჭექა-ქუხილიც წამოეწია. ცა ტყიური წვიმით იმუქრებოდა. მთელი გზა დამძიმებული ხასიათით იმგზავრა. მამის სახეს რატომღაც ბროწეულისფერა კიკინებიანი სახე ცვლიდა. ამინდმა კიდევ უფრო დაამძიმა. ავი ქარი სახედაკაწრული ქალივით მოსთქვამდა და მისი გამწივანი ზუზუნი თეოდორესეული შეგონებასავით  ჩაგუბებოდა ყურში: „და მერე  სატანამ თქვა: - დაე უყვარდეთ მათ ისინი, ვისთან ყოფნასაც ვერ შეძლებენ და არ ეყვარებათ ისინი ვისთანაც მთელ ცხოვრებას გაატარებენ..."

 

ის ღამე ფაფარასთან გვერდულად მიყრდნობილმა გაატარა. ხმამაღლა ფიქრობდა და გრძნობდა რომ მამაზე მეტად ბედაურს ესმოდა მისი.

 

დილით ისევ ისე გათენდა, როგორც იცის ხოლმე ტყეში, თქეში წვიმის შემდეგ, ვითომც აქ არაფერი მომხდარაო. ისევ ჩვეული ხალისით რომ ეგებება ბუნება ყველა სულიერს და მარტო ცისარტყელა რომ აღმოჩნდება ხოლმე წინა დღის წვიამიანი ამინდის შემოქმედების გამმყიდველი. და ახლაც, შვიდფერა არა, უფრო მრავალფერა ითქმოდა უზარმაზარ ათინათზე, დაბურული ტყის ფოთლებიდან რომ ეცემოდა ბედაურს და მის მგზავრს. რონემ ხელით მოიჩრდილა ღამენარევი თვალები, საკუთარ თითებში მოიქცია ცისარტყელა, ბევრი ეცადა, მაგრამ ამდენ ფერში ბროწეულისფერი ვერ იპოვა. სხვა დროს ასეთ ამინდს ინატრებდა კაცი შემოქმედებითი ასპარეზისათვის, ახლა კი ხატვის სურვილი კი არა თავად ნიჭიც კი სადღაც გამქრალიყო თითქოს. მოლბერტი და სახატავი ფუნჯები ფაფარას შეატოვა და ფეხით დაუყვა დაღმართს.

 

მიდიოდა გულდამძიმებული, გრნობადაშრეტილი, არასდროს ასე ემოციაგანლეულად  არ უგრძვნია თავი როგორც ახლა. კარგა მანძილის გავლის შემდეგ თავის თავს შემოუძახა, მოსასხამი მკაცრად მოიგდო, სახემოქუფრულმა სტვენით მოიხმო ბედაური, მსწრაფლ მოახტა და ისედაც მარდი ნახტომისათვის მომზადებული ფაფარა კიდევ უფრო წააქეზა. მიაჭენებდა და თან მიჰყვებოდა ტყიურ წვიმაზე უფრო საზარელი ხმა, ტოტების ლაწალუწის. ისევ ის რონე იყო, ოღონდ თვალებში მისეული იდუმალი ნაპერწკლები ისეთ დიდ ცეცხლოვან ელვარებად გადაქცეულიყვნენ, თითქოს გალღობას უქადისო ყველა შემხვედრს.

 

ახლად დაბრუნებულს ცუდი ამბავი დაახვედრეს. გამზრდელი დედის ისედაც ჯანმრთელობაშერყეული მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმებულიყო. ამ ჯანმრთელობას დაეტოვებინა თავის დროზე უდედმამიშვილოდ რონე. ზაფხულის მიწურულს ისევ შეეხსენებინა თავი ნაადრევად დაბერებული ქალისათვის და უკანასკნელი დღეების დათვლას აიძულებდა.

 

ოჯახის უფროსი, როგორც სჩვეოდა, დიდ წუხილსაც მდუმარებით შეხვდა. ასეთი უგერგილო ხასიათი ჰქონდა დაბადებიდან და არც ახლა უღალატია ჩვეულებისათვის. მხოლოდ შვილის ცრემლი და უკანასკნელი კოცნა გაჰყვა ქალს მარადიულ სამყოფელში. განშორების წინ სულთმობრძავმა დედამ საგვარეულო, ძვირფასი თვლებით მოოჭვილი საქორწინო ბეჭედი გადასცა შვილს და სთხოვა მამის ჩანაფიქრს წინ არ აღდგომოდა, თან თვალებით ებოდიშებოდა, ქმრის უკანასკნელ დავალებას რომ ასრულებდა ბოლო ჯერზეც.

 

მას შემდეგ, რაც მამის ახირებულმა სიტყვებმა ტყვიასავით გაიზუზუნა საფეთქელთან და გონების სიღრმეს უმისამართო ნასხლეტებად შეესისხლხორცა, ხანდახან ეგონა რომ ფერებიც აღარ იყო იგივე. ერთიორჯერ სისხამ დილით მოეჩვენა, რომ უკვე ბინდდებოდა და შეშინდა, შეეშინდა სულშიც არ დაბინდებულიყო და სასწრაფოდ მიატოვა ფიქრი.

 

უხმოდ ჩამოართვა საგვარეულო ძვირფასეულობა, ხელში ემძიმა. ისედაც ყოველთვის დიდი სხვაობა იყო მის აღქმასა და ფუფუნებანარევი საგნების გამომსახველობას შორის. უბრალოება და სისადავე ხიბლავდა ოდითგან. ახლა კი ერთობ ცივი და უხეში მოეჩვენა ნივთი, სათუთ თითზე ვერგასაკეთებელი.

 

დედასთან განშორებამ კიდევ უფრო მოუმატა ასაკი ვაჟს. სახის ნაკვთები უფრო გამოკვეთილი და შუბლი კიდევ უფრო ფერმკრთალი გაუხდა თითქოს. მხოლოდ წარბები შემორჩენოდა დედის მსგავსებად გადაკალმული.

 

სამძიმარზე მომსვლელნი ცდილობდნენ ოჯახის სრული შემადგენლობით გამოეხატათ მწუხარება, მხოლოდ ბებია იყო ეულად. გაუკვირდა, პატარა კიკინებიან გოგოზე ფიქრში ამ საწუხარის ჟამსაც რომ გამოიჭირა საკუთარი თავი...  და კიდევ უფრო გაუკვირდა ობლობაში გაზრდილი, მოკრძალებული ერთა, შორეულ ქალაქში განათლების მისაღებად მარტო მყოფობისათვის როგორ გაემეტებინა გამზრდელს. გაუხარდა. გაიფიქრა რამხელა შემართება ჰქონიაო შველივით ნაზ ასულს.

 

ორმოცეული დღე გადათვალა მამა-ბატონმა. ისევ სძლია სულსწრაფობამ და კვლავ ჩამოაგდო სიტყვა საქორწინო სამზადისზე. კიდევ უფრო შემპარავი და ფრთხილი იყო მისი ინტონაცია ვიდრე უწინ.

 

შეხვედრა შადრევნებიან ბაღში შედგა. მცირე ამალით მობრძანდნენ მოწვეული სტუმრები. მამა ბატონს ჭირისუფლობა დავიწყებოდა და კმაყოფილი იფშვნეტდა ხელებს. მაგრამ როგორც ყოველთვის, ახლაც არაფერს ამბობდა და წარბშეკრული ზვერავდა გარემოს. რა თქმა უნდა, სარძლოდ მონათლული სტუმრებს შორის არ გახლდათ.

 

დამშვიდობებისას დათქვეს, რომ შემდეგ ჯერზე სტუმარ-ბატონთან შეხვდებოდნენ.

 

ნაახალწლევს აასრულეს კიდევაც დადებული პირობა.

 

ქალის სახლს სასახლე უფრო ეთქმოდა. დიდ დარბაზებს ზამთრის და ზაფხულის ორანჟერიეები ცვლიდა. ოქროსფრად მოპირკეთებული, სარკეებიანი, ვეებერთელა მისაღები გაცისკროვნებულ ჭაღებიან სივრცეს ხარბად ირეკლავდა, მაგრამ მხატვრის თვალისათვის ბუნებრივი არაფერია ერია იქ. გულის სიღრმეში მამაკაცური ინტერესი მაინც ღრღნიდა, ვინ იყო ის ულამაზესი, ვის მშვენიერებაზეც ქვეყნიერება ასე აღტაცებით ლაპარაკობდა.

 

დამხვდურნი ბევრად მეტნი იყვნენ სტუმრებზე. მდიდრულ ტანისამოსში გამოწყობილი ბატონები და ავლადიდებაასხმული ქალბატონები კმაყოფილი სახეებით ათვალიერებდნენ რონეს. ალბათ ფიქრობდნენ, რომ წარჩინებული დიდგვაროვნების მონდომება და გაწეული შრომა ტყუილუბრალოდ არ ჩაივლიდა.

 

როდესაც ყველამ თავისი ადგილი დაიკავა, დიდი დარბაზის კარი გაიღო და მართლაცდა კალმითაუწერელი, გასაოცარი სილამაზის, ჯეირანივით ყელმოღერებული ასული გამოგოგმანდა მხლებლებითურთ. უზადო გარეგნობაში იყო რაღაც ისეთი, შიშს რომ გაგიჩენს და მიუწვდომლობაზე გაფიქრებინებს. საზოგადოებას მედიდურად დაუკრა თავი და მისთვის განკუთვნილ, გამოსაჩენ ადგილას დაჯდა.

 

რონე ერთბაშად მოინუსხა, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ მხოლოდ თვალებს მოსწონებოდათ ასული. მის ქვეცნობიერს ორივე ხელი მაგიდის ქვემოთ გადაემალა და თითებს ფუნჯის წარმოსახვით მოსმას ჯიუტად სთხოვდა. როგორ არ მოსინჯა დიდრონმა მტევნებმა, ვერა და ვერ მოხატა ქალის სახე, ცივი და მედიდური გამოხედვა ვერ ჩაატია გამთბარ ფერებში.

 

თვალებს მოეწონათ, თითებმა ვერ დახატეს, გულმა არ მიიკარა.

 

ჭეშმარიტ სიყვარულს თავიდანვე წინ უძღვის ნაპერწკალი, უხილავი და ამოუცნობი, მხოლოდ ორისთვის საცნაური, რომელიც თვალის, გულის და გონების ანარეკლს ერთ სივრცეში ერთ ასხმად კინძავს და უბიძგებს კიდევაც  წყვილს უერთმანეთობისაკენ.

 

შეხვედრამ უღიმღამოდ ჩაიარა. უფრო ოჯახის უფროსების მოლაპარაკებას ჰგავდა, ვიდრე ორის. მიუხედავად გულისმიერი არშემჩნევისა, რონე ხვდებოდა, რომ ცხოვრებისეული გარდატეხა გარდაუვალი იყო მისთვის. სადღაც უკვე დაეწერათ განჩინება მის დაუკითხავად და აჯობებდა ბედის მინიშნებას უბრძოლველად დანებებოდა.

 

დაპატიჟებული საზოგადოებისათვის ქორწინების ცერემონია დიდებული გამოვიდა. ჯვრისწერის გარეშე ჩაიარა ოღონდ. ოჯახის უფროსები ეკლესიაში სიარულს მხოლოდ გაჭირვებული ადამიანების ახირებად თვლიდნენ და  საკუთარი გადაწყვეტილების უხილავი უზენაესით დამოწმებაც არად მიაჩნდათ.

 

ათასი თვალი მისჩერებოდა ულამაზეს წყვილს, არც ერთს რომ არ ეწერა ბედნიერება სახეზე, თუმცა ყველა მათ ადგილას ყოფნაზე  რომ ოცნებობდა. ადამიანები ხომ ერთმანეთის გულს ვერ ხედავენ და მხოლოდ საკუთარი გადმოსახედიდან განავრცობენ სხვის ცხოვრებასაც.

 

გაუცხოებული წყვილის ფონზე ყველას დიდებულად მოელხინა. გრძელი და დაღრეჯილი მოეჩვენა რონეს ის ღამე, მზიანი დილის გათენებაც რომ არ ეწერა ისეთი. სუფრის მიწურულს სმას მოუმატა, ხარბად სვამდა, მაგრამ სასმელი თითქოს არ ეკიდებოდა. ცოლადშერქმეული ოთახის კარამდე მიაცილა, მერე უსიტყვოდ გამობრუნდა, ფაფარა იხმო, გახელებული მოახტა და რამოდენიმე ნახტომით გაუჩინარდა ტყის სიღრმეში.

 

გამოხდა ხანი. ორივეს შემოსჩვეოდა ერთმანეთთან უერთმანეთოდ ცხოვრების უფერული ამაოება. ერთი ეგაა, რონეს ხატვასთან ერთად სმაც მოეხშირებინა. მთის ქარაფები ჭაბუკობისეულ სილაღეს ახსენებდნენ და ვეღარაფერი მალამო იყო მისთვის მათი მონახულება. აღარ მიუწევდა გული ცასმიყინული მწვერვალებისაკენ. ხმა გაუვრცელეს დედის საფლავზე ხატვას შეეჩვიაო რონე. ვარდისფერლაქება, დაობლებული შვლის ნუკრი გამოეზარდა ნუგეშას რძით და მოსაღონიერებლად კვნიტა მარილსაც არ იშურებდა დილაობით. დამჯერი ნებიერა მარტოობას უქარვებდა ადამიანთა მარადიულ განსასვენებელზე და თითქოს საიქიოზე ფიქრიც აღარ ეჩვენებოდა ესოდენ საშიში.

 

დრო გადიოდა, ქალი კი უფრო ცივი, დიდგულა და უხეში ხდებოდა. რონემ რამოდენიმეჯერ თავს ძალა დაატანა და სცადა ნამდვილთან მიმსგავსებული სითბოს გამოხატვა, მაგრამ ვერც საკუთარ თავს და ვერც ქალს ვერ გამოაპარა ყალბი საქციელი. თანდათან უსიტყვოდ რწმუნდებოდა, რომ ცოლადშერთულის გული, ნაზიარები იყო ჭეშმარიტ გრძნობას, მაგრამ მასაც, სადღაც დაწერილი განჩინების წყალობით უარისთვის გაეწირა გამზრდელისაგან დაწუნებული გულისსწორი.

 

შვიდი წელი გასულიყო იძულებიდან. არც შვილი მისცემოდათ ბედის კარნახით. სევდას და სიბერეს კიდევ უფრო ჩაემუქებინა მოხუცი მამა-ბატონის გამოხედვა. მზერა გაბზარვოდა და თავჩაქინდრული ჯდომა აღარ იყო მისთვის უცხო. ალბათ ეს იყო სასჯელი, უკანონობის დაკანონებას დაოჯახება რომ დაარქვეს თავის დროზე დიდგვაროვანმა მშობლებმა.

 

ბოლო ხანს მოხუცის ჯანმრთელობა დედის სიკვდილისწინას დაემსგავსა. განშორების სარეცელზე მყოფმა ერთადერთი ძე თავისთან იხმო და სიცოცხლეში პირველად და უკანასკნელად ცრემლმორეულმა ითხოვა პატიება. აღსარებას მიმსგავსებული ფერმკრთალი სახე იმზირებოდა მინავლებული თვალებიდან.

 

მწუხარების ცერემონია უფრო სადა იყო, ვიდრე ადრინდელი, გამზრდელი დედის დაკარგვამ რომ დაამახსოვრა. დარდის გამზიარებელთა შორის ბებია აღარ ერია უკვე. მზის სიშორეთში გამგზავრებულიყო რამოდენიმე ხნის წინ. გულგაციებულმა უკანასკნელი ამბორი და ცრემლი ვერ უსახსოვრა მამას.

 

როგორც მაშინ მამა-ბატონმა, ახლა რონემ გადათვალა ორმოცეული დღე და ცოლადშერქმეული მშობლებისეულ სასახლეს მიაბრუნა. ამდენი წელიც იქნებ დედის თხოვნასა და მამის ძალდატანებასთან ერთად, ჭეშმარიტი რაობის მიუწვდომლობა და ქალის იდუმალება აძლებინებდა მასთან, რომელსაც არასდროს უცდია, სულის ბავშვობანარევ სამალავში გადამალულის მისთვის გამჟღავნება.  დამშვიდობებისას პირველად შენიშნა მის თვალებში მადლიერება, პირველად საკუთარ თავზე მეტადაც კი შეეცოდა ცოლადყოფილი.

 

მისი გული ისევ  ისეთი თავისუფლებით სუნთქავდა, როგორც ადრე, უფრო მეტადაც კი. საკუთრ თავთან უკვე გადაეწყვიტა, რომ მემკვიდრეობას ახლო ნათესავებს გადააბარებდა და არასდროს დაუბრუნდებოდა წარსულს. გაბრწყინებული სახეებით და ანთებული თვალებით დაეპატრონენ ბიძაშვილები ავლა-დიდებას, ღრეობადამსგავსებული ცხოვრების მოლოდინში მადლობის თქმაც რომ დავიწყებოდათ ისე.

 

მზეზე ადრე გაეღვიძა, გრძნობდა რომ დილის ჰაერი სუნთქვას უძნელებდა, წუთითაც აღარ შეეძლო იქ გაჩერება. სასწრაფოდ მოაგროვა თავისი ნახატები, სხვას არც არაფერს ახლო ხელი და სახლი ძველ მოგონებებთან ერთად მიატოვა.

 

... საფრანგეთი

 

სარკეებიანი სადა დარბაზი ფართო საზოგადოებისათვის ჯერაც უცნობი მხატვრის გამოფენას პირველად მასპინძლობდა. სადა აღარ ითქმოდა იქაურობაზე, მის ნამუშევრებს ისე გაეცისკროვნებინათ გარემო. ფრანგი საზოგადოების ელიტის წარმომადგენლები მრავლად ირეოდნენ დარბაზში, კმაყოფილება და მოწონება მოეხატა მათ სახეებზე მხატვრის შედევრებს.

 

პოსტიმპრესიონიზმის სისრულე და ექსპრესიონიზმის გარიჟრაჟი სუფევდა. გაოცებული შემფასებლები გულდასმით სწავლობდნენ თითოეულ ნამუშევარს. ყველა მხრიდან ზომავდნენ და სხვადასხვა დისტანციაზე ამოწმებდნენ შედევრების გამომსახველობას. თუ ერთგან მკვეთრი ფერები სჭარბობდა, მეორეგან ასეთივე წარმატებით მზიურდებოდა პორტრეტების ოვალი.

 

ხელოვნების ნებისმიერ მიმდინარეობაში ხომ ბუმბერაზია ის, რაც ეპოქებს უძლებს, შემქმნელისაგან დამოუკიდებლად აგრძელებს სიცოცხლეს, უზარმაზარ ენერგიას გასცემს და იხვეჭს კიდევაც. თუმც, არც თუ ისე იშვიათია დასანანი შემთხვევები, როდესაც საზოგადოების ენერგია არ აღმოჩნდება ცეცხლოვან ორბიტაზე მბრუნავი ქმნილებების ენერგიის დარი, ანდაც ხალხისავე შური გადაფარავს მათ აღქმადობას და მხოლოდ დროს მინდობილნი, მაგრამ ეპოქებს გასწრებული ბუმბერაზი ქმნილებები ათმაგად ამოხეთქავენ ხოლმე სამარიდან, მათი უკვდავმყოფელის გარდაცვალების შემდეგ.

 

რონე ბედნიერი იყო. პირველთა რიგებში მოხვედრის დიდი შესაძლებლობა მისცემოდა. თითქოს სხვა რონე გამხდარიყო, წარსულის დავიწყებას მიცემული, რომლის მოზღვავებული ნიჭიერება ახლიდან ითვლიდა ენერგიის მუდმივობის კანონის სრულყოფილებას, ცხოვრების მარცხენა პინაზე ყველა სევდიანი განცდა რომ ჩამოეტოვებინა და წარმატების ზენიტისაკენ უბიძგებდა მარტოსულს.

 

მხოლოდ ერთის ეშინოდა. მის შედევრებს არ გამორეოდა სრულყოფილების ნიმუში, მაუწყებელი შემოქმედის ადრეულ ასაკში სულიერი განვითარების ბოლო საფეხურისა, რომელზე ყოფნასაც თვით ბუმბერაზებიც ვერ უძლებენ დიდხანს. მანამდე და შემდგომ შექმნილი ნაშრომების ფონზე, ხშირად სხვისეულად გამოჩრილი რომ ეჩვენებათ კრიტიკოსებს და ეს ფასდაუდებელი ქმნილება მოღვაწის მადიდებელობის პარალელურად და მისსავე გულდასაწყვეტად, მაკნინებელ ორლესულად რომ ეკვეთება ხოლმე დანარჩენ შედევრებს.

 

დარბაზში იყვნენ პროფესიონალები, მოყვარულები, დამთვალიერებლები, შემფასებლები, ეს უკანასკნელნი კიდევ უფრო მრავლად ირეოდნენ. ზოგი ნამდვილი, ხელოვნებაზე შეყვარებული. ზოგი არ. შემფასებლები სათავისოდ ინიშნავდნენ ნამუშევრებისათვის დამახასიათებელ უმნიშვნელოვანეს და ზოგიერთ ეგზოტიკურ შტრიხებს და შედევრების გაყიდვით მიღებულ მოგებაზე გაბადრული სახეებით წინასწარ ფიქრობდნენ.

 

რამოდენიმე შემფასებელ-გადამყიდველი ერთიანად მიაწყდა რონეს. საკუთარი შვილები არ ჰყავდა, მაგრამ მათსავით უყვარდა მხატვარს თავისი შემოქმედების თითოეული მისხალი. გაყიდვა ეუცხოვა მის გულს. მაგრამ გონება კარნახობდა, რომ კულტურის უზარმაზარ ინდუსტრიაში სახელის და ადგილის დამკვიდრებისათვის მსხვერპლის გაღება ადრე თუ გვიან გარდაუვალი იქნებოდა.

 

სულ მალე რონე ყველაზე სახელგანთქმული და წარმატებული მხატვარი გახდა მთელს საფრანგეთში. პარიზის ცენტრს გარეუბანი არჩია. ფეხით გადიოდა უამრავ კილომეტრებს და ინსპირირების ახალ-ახალ წყაროებს ეძებდა. მთლიანად მოწამლულიყო საკუთარი საქმიანობით და შემოქმედების დიაპაზონით დღითიდღე ანცვიფრებდა მის თაყვანისმცემლებს.

 

უამრავი მხარდამჭერის ფონზე, ბევრ კრიტიკოსსაც ამოეყო თავი. მათ შორის ისეთებიც მრავლად ერია, სხვისი შემოქმედების ქარცეცხლში გატარებით დიდ სიამოვნებას რომ იღებენ, თუმცა რონეს სიდიადისათვის ისინი კიდევ უფრო მეტი  სტიმულის მომცემებად აღიქმებოდნენ, ვიდრე თავსატეხის.

 

ცხოვრების თითქოსდა ჰაეროვან, მრავალფეროვან, საინტერესო რგოლში ჩაებნია ფორტუნას. ახლა უფრო მეტ გაფაციცებას გრძნობდა სუსტი სქესის წარმომადგენლებისაგან, ვიდრე ჭაბუკობისას. შემოქმედებითი ზენიტი სრულ თავისუფლებას ანიჭებდა, საკუთარი სურვილების მიხედვით დაეგეგმა წვრილმანი თუ მსხვილმანი, ზოგჯერ საერთოდაც სპონტანური იყო მისი გადაწყვეტილებები. პირად ურთიერთობაში ერთგულების ობიექტად არც ახლა აღიქვამდა ვინმეს და ამიტომაც ერთს მეორე ენაცვლებოდა, მეორეს მესამე, ხანაც რამოდენიმე იყო ერთად. ბოჰემასთან სრული თანაზიარი გამხდარიყო. მიუხედავად ყოველწუთიერი საქმიანობისა, დღის ბოლოს მაინც სასიამოვნოდ დაღლილის შეგრძნება ეუფლებოდა, მაგრამ სად მთავრდებოდა დღე და როდის თენდებოდა ახალი დილა ხშირად შეუმჩნეველი რჩებოდა მისთვის.

 

და მაინც მარტო იყო რონე.

 

რამოდენიმე წელი პარიზული თვითდამკვიდრებიდან და ... ბროწეულისფერ ხანად მონათლეს მისი მოღვაწეობის ეს პერიოდი კრიტიკოსებმა. არახელოვანი ადამიანისათვის ეს ფერი არცთუ ისე ადვილად აღქმადია ყოველდღიურობაში, თავად პროფესიონალებისთვისაც კი რთული სამუშაო ფერია და ამიტომაც ბევრი ერიდება მასთან მეგობრობას. მის ქვეცნობიერს კი დაუკითხავად, ლაიტმოტივად გაეტარებინა და მისით გაესისხლხორცებინა უკვდვი შედევრები.

 

ერთ მშვენიერ დღეს შეტყობინება მიიღო. საფრანგეთის მთავრობა ოფიციალურად სთხოვდა მოქალაქეობის მიღებას, რაც იმას ნიშნავდა, რომ აწი მისი შემოქმედება საფრანგეთის სახელით უნდა გაეცნო მსოფლიოს. რეიტინგის შენარჩუნებისათვის ეს აუცილებელი ჟესტი იყო მისი მხრიდან. ბევრი წლის  შემდეგ, ისევ უარყოფისათვის უნდა დაბრუნებულიყო იქ, რაზეც ისედაც დიდი ხნის წინ ეთქვა უარი.

 

საჭიროებისამებრ ყველა საბუთი მოაგროვა და ჭადრებიან ქალაქს ეწვია. ერთი ათეული წელი მიწურულიყო ბოლო მონახულებიდან. ბევრი რამ შეცვლილიყო უკეთესობისაკენ. ზოგიერთი რამ, რაც პარიზში მშობლიურს ახსენებდა, აქ პირიქით ეგონა. ფეხით დაუყვებოდა ძველი ქუჩების აღმართ-დაღმართებს და ცდილობდა მშობლიურის უარყოფა უწინაც და ახლაც ცხოვრებისეული გამოწვევებისთვის გადაებრალებინა. რონეს ხასიათიც ცხოვრებას შეეცვალა. ცვალებადი გაეხადა ერთობ, რაც იყო კიდევაც მისთვის ერთგვარი ხსნა და გადარჩენა, რათა სათუთი ფსიქიკით გულს არ შესკდომოდა.

 

მთაწმინდის აღმართს აუყვა დილაადრიან, შორიდან ხედავდა დედაქალაქთან ახლოს, მთელს სერებზე გადაჭიმული, ყოფილი სახლეული როგორ უმზერდა. ოღონდ მისი აღარაფერი იყო იქ. მხოლოდ დედა მონატრებოდა საშინლად და წარსულსაც მისეულად მხოლოდ დედის საფლავი დაეტოვებინა.

 

შებინდებისას მოვინახულებო ჩაიფიქრა. დრო უკიდეგანოდ გაწელილი მოეჩვენა იქამდე. თავს ახალბედა სტუმარივით გრძნობდა. მოუცლელობის ფონზე ახლანდელი თავისუფალი წუთები თავზესაყრელად ეჩვენებოდა. მისი გული და გონება ფიქრთან იყო შედუღაბებული. იცოდა რომ ძილშიც ფიქრობდა. ეს ის ერთადერთი იყო, რაც აბსოლუტური მარტოობის განცდას უქარწყლებდა.

 

ცრემლამდე მისული ფიქრი უცნობის ჩახველებამ შეაწყვეტინა. აღმართის ბოლოს, ბოლო სახლის ნაპირა ფანჯრიდან, ორივე სახელოდაკარწახებული მოხუცი გადმომდგარიყო და ნება-ნება კრეფდა ბროწეულს.

 

უეცრად გულმა საუბარი თავისით წამოიწყო, კიდურებმა დაღმასვლისაკენ თავისით გასწია, თვალებმა კი დაუკითხავად მოძებნეს ცოდნის თეთრი ტაძრისაკენ სავალი გზა. შეშინებული ფიქრობდა რომ ეს სიგიჟის პიკი იყო. საკუთარ თავს ვერ იმორჩილებდა.

 

არ ახსოვს ვისი ბრძანებით და რისი კარნახით აღმოჩნდა დიდი ეზოთი გარშემორტყმულ, კიბეებიან შენობასთან. უცნაურის მოლოდინში გაუჭირდა მძიმე კარის ცალი ხელით შეღება. ვესტიბიულიდან დაუკითხავად გასწია ხალხით გადაჭედილი უზარმაზარი დარბაზისაკენ. ვეებერთელა  თეთრ სტენდზე შორიდანვე მოჰკრა თვალი ნაცნობ გამოხედვას. მომხიბვლელი სურათის გასწვრივ, ლამაზად დაწერილი დისერტანტის სახელი და გვარი ბავშვობადაბრუნებულ ნათელს ასხივებდნენ.

 

გახევებული მიშტერებოდა დაფას. ალბათ მეასედ კითხულობდა წაღმა-უკუღმა. უეცრად ხალხის ტაშმა გამოაფხიზლა, ხმაურით ისარგებლა და ფრთხილად შეიხედა კარის ღრიჩოდან. ტრიბუნასთან ნაცნობი ღიმილი იდგა და მადლიერი უცქერდა დამსწრეთ. სხვა არაფერი დაუნახავს, პირველად იგრძნო მის ცხოვრებაში უწონადობა. გული მუჭში მომწყვდეული პატარა ბეღურასავით გამალებით უცემდა, უწონადობა კი ძალდაუტანებლად მიაქროლებდა აღმართის ბოლოს ბროწეულისხეშეტოვებული სახლისაკენ.

 

გაუცნობიერებლად აღმოჩნდა მოხუცის სახლთან. ციბრუტივით დაბზრიალებულმა ისე წამოკრიფა ხის გარშემო მიმოფანტული ნაზი ყვავილები, რომ არც მეპატრონის ტუჩის კუთხეებთან შემომჯდარი ღიმილი შეუნიშნავს და არც პატარა გოგო-ბიჭის გაკვირვებისაგან მიშტერებული წყვილი თვალი, ორღობეში ხის სკამზე ჩამომსხდრებს, პირთან მიტანილი  მზესუმზირიანი ხელი რომ გაშეშებოდათ გაოცებისაგან.

 

როგორც იქნა მოაგროვა მისი დიდრონი მტევნებისათვის სამყოფი. ახლაღა შეამჩნია წყვილი თვალი, ერთ-ერთს კიკინები რომ გაფშეკოდა ყურებსუკან. აზრი შეუფრინდა - ნეტავ არ მაჩუქებსო ერთ ცალს პატარა ქალი. ეტყობა ისეთი თვალებით მეტყველებდა, რომ გოგომ ისმინა გულისნადები, ხელის სწრაფი მოძრაობით გაათავისუფლა ჯიუტი თმები  ტყვეობიდან და ერთის მაგივრად ორივე გაუწოდა ბავშვობაში დაბრუნებულ უცნობს.

 

აცახცახებული ხელით შეაკოწიწა კიკინებიანი კოპწია თაიგული.

 

თავქუდმოგლეჯილი მორბოდა დაღმართზე, თან ბავშვების სიცილდაყრილი კისკისი და მოხუცის მოძახება - აბედნიეროსო მოაცილებდა.

 

დრო არსად წასულიყო. ბოლოს დატოვებული წუთი წამგახევებული ელოდა დარბაზის შესასვლელთან. ხალხი ისევ ისე უკრავდა ტაშს. მხოლოდ ნაცნობი ღიმილი ტრიბუნასთან აღარ იდგა, დამსწრეთა შორის მიმოდიოდა და გულთბილი მადლობით აჯილოდებდა თითოეულს. შეეშინდა, შემთხვევით თავადაც არ აღმოჩენილიყო პირისპირ. სასწრაფოდ მოძებნა ცქრიალა, ახალგაზრდა უცნობი გოგონა, ყვავილები უხერხულად მიაჩეჩა ხელში, თქვენ არაო დარცხვენილმა ჩაიბუტბუტა და სთხოვა მომხსენებლისათვის გადაეცა. გოგონამ ეშმაკური ღიმილით ჩამოართვა კიკინებიანი თაიგული და სათნო სახით გასწია მომხსენებლისაკენ.

 

უხმოდ გამობრუნდა.

 

არ დაუნახავს ნაზმა ყვავილებმა ვის ხელში დაიდეს ბინა.

 

არც არა უკითხავს რა. ბოლო დროს, სპონტანურობა ხშირად შეუმჩნევია საკუთარ თავთანაც. ახლაც დაეჟინა, რომ არაფრის წამოწყებას აღარ ჰქონდა აზრი.

 

უკვე ძალიან გვიანი იყო.

 

ან იქნებ ესეც წარსულში დაეტოვებინა დიდი ხნის წინ.

 

ვერაფერს გრძნობდა. ყველანაირ ემოციას ერთიანად გამოეწურა და  ეგონა, რომ ქუჩაში ერთი შეუხედავი ნიღაბი მიაბიჯებდა, გული გაჩუქებული ყვავილებისთვის რომ გაეყოლებინა ისეთი.

 

სასტუმროში ძლივს მილასლასდა. პირდაღმა დაენარცხა საწოლზე და მკვდარივით დაეძინა.

 

-         გიცნობ? - თვალები შეეკითხა ფანჯრის რაფასთან გვერდულად ჩამომჯდარ თუ ჩამოფრენილ მოცისფრო ნათებას...

-         სულ შენ არ დაგყვები? დავიღალე ... დანანებით იყო უხმო პასუხი.

-         მე დაგღალე?  - გაუკვირდა თვალებს...

-         კი ... სიფრიფანა  ფრთების აქეთ ამოიოხრა ნათებამ.

-         რატომ განა ... შიში მიფიცხებოდა თვალებს.

-         დიალოგის უფლება არ მაქვს, დავისჯები... მაგრამ იმდენად სათუთი ბუნება გაქვს რომ ხანდახან არამიწიურებში მეშლები და ამით ვაპირებ თავის მართლებას... ახლა კარგად მომისმინე, ბევრი დრო არ მაქვს!

-

გაფართოებული თვალები გაოცებული შეჰყურებდა გამჭვირვალე სილუეტს, რომელიც მშვიდი ტუჩების მოძრაობის გარეშე აგებინებდა სათქმელს.

 

ურთულესები ხართ ადამიანები... თქვენს არასწორ გადაწყვეტილებებს, თქვენივე სისუსტის გამო ხშირად განჩინებას ეძახით და თითს ზევით იშვერთ. ოცნება აგისრულდებათ და საკუთარ თავში თავჩარგულები ცისკენ აღარც იხედებით... ყურადღების მისაქცევად არ მოვსულვარ! არ მინდოდა, რომ შენც ისეთივე ყოფილიყავი, როგორც სხვები, რადგან სხვა ხარ... ჰაერისნაირი ... ძალით იმძიმებ თავს ...  ჰოდა მეც კი დამღალე შენი უწონადობით ... რასაც შენ და ადამიანები შედევრებს და ქმნილებებს ეძახით, ჩემიანებისთვის ერთი დიდი ნახატია ... ფრაზა-აბზაც ამოხატული და აქეთ-იქით მიმოფანტული... იგივე ეხება ყველაფერს მარადიულს ... კარგად დაფიქრდი ... არჩევანი მხოლოდ შენია, დაიმახსოვრე და საკუთარი თავის მაგივრად არასდროს გაამტყუნო არავინ ...  დიდ ბედნიერებას თუ არ ჩაეჭიდები, შენივე ნიჭიც კი სულელად ჩაგთვლის და მიგატოვებს...

 

წამზომმა ისევ გააცოცხლა საათის ისრები. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ჯერ გაიღვიძა და თვალები შემდეგ გაახილა. თავზე უცნობი, თეთრი სილუეტი ადგა. ვერ მიხვდა სად იყო. პორტიეს დანახვაზე მერეღა გაახსენდა, რომ წინა საღამოს სასტუმროში დაბრუნდა, მაგრამ როდის დაეძინა ვერაფრით აღიდგინა. გაოცდა, აღმოაჩინა რომ წინა არა, წინის წინა საღამო ყოფილა თურმე.

 

ისეთ ბედნიერს და ზებუნებრივი ენერგიით სავსეს გამოეღვიძა, ეს უცნობი რომ არა, წამოფრინდებოდა და საწოლზე დაიწყებდა ხტუნაობას პატარა ბავშვივით.

 

- ბოდიში ბატონო, ცოტა შეგვაშინეთ და ექიმიც კი გამოვიძახეთ, რომ  დავრწმუნებულიყავით, ხომ არაფერი გაწუხებდათო - მორიდებით უთხრა ფორმიანმა სილუეტმა და კარისაკენ წაიწია.

 

რონეს ერთი სული ჰქონდა, როდის დარჩებოდა საკუთარ თავთან მარტო, სასწრაფოდ

დაასაჩუქრა გულუხვად და გაბადრული სახეც ზღურბლს მიღმა გაუჩინარდა.

 

თავი უხურდა, საფეთქლები უსკდებოდა, გული ფილტვებს ეხეთქებოდა და სუნთქვას არ აცდიდა.

 

ასეთი შეგრძნება არასდროს ჰქონია.

 

დროს დახედა. მეორე დღის საღამომდე რამდენი რამ უნდა მოესწრო. უამრავი საქმე გამოსჩენოდა ერთბაშად.

 

და მაინც რონესეულად დაგეგმა: საბუთები, დედის საფლავი და ის ...

 

საბუთების საკითხი ადვილად მოაგვარა. უარყოფა დაკითხვის გარეშე დაუმოწმეს ქაღალდზე ბეჭდით.

 

დედის საფლავზე შებინდებისას მივიდა, ძლივს იცნო იქაურობა. ეკალ-ბარდებს დაეფარათ ჩაწეული ზედაპირი. გაუჭირდა მიალერსება, ველურმა ვარდმა დაუსუსხა მაჯები.

 

მესაფლავეს სადღა იპოვნიდა. მიტოვებული ბარი და ნიჩაბი მოძებნა. პერანგის კალთები ქამრისაგან გაითავისუფლა, სახელოები აიმარტოხელა და თავჩაღუნული შეუდგა იქაურობის დასუფთავებას.

 

რონე დაბრუნებულიყო წუთიერად. თვალებში ბავშვობანაპერწკლებჩაყრილი რონე, გამალებული რომ ძირკვავდა სარეველებს.

 

ის ის იყო ყველაფრის მოწესრიგებას მორჩა და მზის პირველმა სხივმაც შეაჭყიტა თვალის უპეებში. მზესთან ერთად შეჰღიმა დედის სურათს. ადრე ეგონა რომ საფლავზე მოხვედრისას ცრემლებად დაიცლებოდა, მაგრამ არა... ახლა ისეთ დიდ ძალას გრძნობდა მშობლისეული განსასვენებლიდან, რომელიც არც ახლა, არც მერე და არც არასდროს, დიდი განსაცდელების დროსაც კი, რომ აღარ მისცემდა ტირილის უფლებას.

 

სასტუმროში გათენებულზე დაბრუნდა. სასწრაფოდ მოწესრიგდა. გადაწყვეტილი ჰქონდა დილიდანვე გაერკვია ფიქრადნანახის ადგილსამყოფელი ... და რა იქნებოდა მერე აღარ ფიქრობდა ... რა უნდა ეთქვა? ვინ ვარო... ერთი რამ დანამდვილებით იცოდა რომ ორივეს მარტოობა ჰქონდა საერთო.

 

ფეხით, უხმოდ აიარა ქვაფენილიანი აღმართი, რამდენიმე დღის წინ ნამყოფ დიდეზოიან შენობას მიუახლოვდა, კიბეები აირბინა და მძიმე კარი ერთი ხელის ბიძგებით შეაღო. ვესტიბიული სწრაფი ნაბიჯებით გაიარა. დარბაზში არავინ იყო, სკამები ჩუმად ისხდნენ სტუმრების მოლოდინში. თითების ჩამოფურცვლით გაიარა რიგები და ტრიბუნასთან შეჩერდა, მსუბუქად ჩამოეყრდო ზედაპირს,  ნანატრ ნათითურებს ეხებაო თითქოს. კუთხეში მომცრო ბროშურა შენიშნა. სწრაფად დასწვდა და ყდანაწვალები რეფერატი შერჩა ხელთ. სიყვარულით ფურცლავდა, მაგრამ ვერაფერს კითხულობდა, ვერაფერს ხედავდა მისი ღიმილის და ხელშენახები სითბოს გარდა.  ბროშურის შუაგულიდან სავიზიტო ბარათი ჩამოცურდა, ნატვრისთვალივით შეანათა სახეში.

 

ახლა უკვე იცოდა სად მოეძებნა.

 

სახლს ადვილად მიაგნო. მესამე სართულის კედელზე შეფენილი იისფერ ყვავილებიანი ხვიარა უმალ ამოგაცნობინებდათ პატრონის ვინაობას.

 

შესასვლელი კედელი ალისფერი წარწერით გაედღაბნა უსაქმურ ჩხირკედელას.

 

მაინც წაიკითხა.

 

„სიყვარული თვისობრივია და არა რაოდენობრივი“ -  ამცნობდა ალქიმიკოსი.

 

მშვიდად აიარა სამი სართული. მოაჯირთან დაბარებულივით წამოსკუპებული, ალბათ მეზობელი შეეფეთა და დაზეპირებული სიტყვები მიაყარა სახეში.

 

-         თქვენ, ჟურნალისტი ხომ? აღარც კი ვიცი უკვე მერამდენე ხართ ჩვენს წარმატებულ გოგოს რომ აკითხავთ. არ გახლავთ სახლში. გამთენიისას გაფრინდა და არ ვიცით როდის დაბრუნდება.

 

აღარაფერი უკითხავს. გამობრუნდა და ისევ საკუთარ თავთან დარჩა მარტო.

 

ნუთუ მოატყუეს? ნუთუ სიზმარში ან რაც გინდათ ის დაარქვით ხილვაში, სიფრიფანა ნათებამ მოატყუა ? წარმოუდგენელია, არარსებულია.

 

ანდაც ილუზიებს როგორ აჰყვა ამხელა კაცი.

 

ამჯერადაც სასტუმრო და ბოლო ღამე.

 

არ ეღირსა ადამიანური ძილი.  გამჭვირვალე სილუეტი ისევ დაადგა თავზე.

 

-         ისევ შენ? თვალებმა აღარ შეხედა მოცისფრო ნათებას - ახლა უკვე შენ დამღალე ...

-         ბოლოჯერ მომისმინე! რიხით დაიწყო ნათებამ ... შენნაირ ადამიანებს სრულყოფილ ბედნიერებაში იცი რა უშლით ხელს? ორი რამ - უსასრულო ლოდინი და უმადურობის გრძნობა. ეს ორივე შენი გამოძერწილია. არავის დააბრალო. ნუ გგონია, რომ ვინმე გულსა და გონებაში ჩაგიძვრება და შენს მაგივრად ეცდება შენს გაბედნიერებას. სიჭაბუკიდან ეგ ბედნიერება შენი ხელისგაწვდენამდე ახლოს იყო, მაგრამ გულს მაინც ვერ მიუახლოვე!

-         ასეთია ეტყობა ჩემი განაჩენი... - მკაცრად გახედა თვალებმა.

-         განაჩენიც შენი დაჟინებაა, ან იქნებადა უსუსურობის შეგრძნებას მალავ მაგ სიტყვაში? იცი რატომ ვცდილობ შენს დახმარებას? იმიტომ რომ შენს გულს ვხედავ და ვხედავ იმასაც, რომ ეგ გული მთელი ცხოვრება დაატარებს ერთ უზარმაზარ გრძნობას, შენს წარმატებას და დიდების მწვერვალზე ყოფნას კი გონება აურევია შენთვის, გულის კარნახს ვეღარ ისმენს და სადაცაა დამახინჯებულ ნაკუწებად გაქცევს კიდევაც. ამიტომაა რომ ერთს მეორე ცვლის, მეორეს მესამე და ყველას ვითომ სიყვარულს ეძახი. თვითონაც იცი რომ ყალბი ხარ.

-         რა გინდა ადამიანო?  კბილებში გამოცრა თვალებმა.

-         ნეტა ადამიანი ვიყო ... ინატრა ნათებამ.

 

გამოეღვიძა. ან საერთოდ ეძინა? ...

 

მიხვდა რომ ყველაფერი ნამდვილი იყო.

 

... ისევ საფრანგეთი

 

შემოქმედებითი აღმავლობის პიკი... სრული ზენიტი, რომელიც არასდროს არავინ იცის როდემდე და სადამდე ნარჩუნდება ურხევად წარმატებულების ცხოვრებისეულ ასპარეზზე. და ხშირად ხომ თავად ცხოვრება წერს საკუთარ პარტიტურას, რომელიც სრულიადაც არ ჰგავს ლამაზი კლავიატურის ნოტების თანმიმდევრობას, თეთრს რომ შავი მოსდევს და შემდეგ ისევ თეთრი ... არა ვინ იცის, იქნებადა ბევრი ბედნიერის ცხოვრებაში ზუსტადაც ასეა, მაგრამ რონემ იცოდა, რომ მის შემთხვევაში იყო შავი, შავი და ისევ შავი და მხოლოდ ერთეულ ალაგას თეთრი.

 

პირველად დაფიქრდა, მართლაც იქნებადა საკუთარი ნიჭი უშლიდა ხელს თავად გამოეძერწა საკუთარი ბედნიერება...

 

ბოლო თვეები აკვიატებული ფიქრით დადიოდა. აი, ამ სეზონსაც ჩაათავებდა და აუცილებლად შეცვლიდა ყველაფერს.

 

და აღარ იქნებოდა მარტო.

 

შემდგომი სეზონისათვის მზადებას რამოდენიმე თვით ადრე იწყებდა ყოველთვის. ახლაც ასე დაგეგმა. გაზაფხულიდანვე საშემოდგომო გამოფენის გახსნაზე უნდა დაეწყო ზრუნვა.

 

ტაატით მიუყვებოდა სანაპიროს. უხეში მოაჯირი ჯიუტად უშლიდა მდინარის სიცელქესთან მიახლოებას. ამჯერად არსად ეჩქარებოდა, მხოლოდ დრო ჰქონდა მოზომილი. დრო გამოფენამდე. მზისფერი ამინდი კიდევ უფრო ათბობდა ლამაზი წყვილების ხელისგულებს, ბავშვების ჟრიამული ხალისიან ფიქრებს უღვივებდა. თითქოს თავადაც დიდ ბავშვად გადაქცეულიყო.

 

შთამბეჭდავი კადრების დამახსოვრება მისი ძირითადი საქმიანობაც იყო და ჰობიც. მზერის პერიმეტრში რამდენჯერმე მოხვდა ბიჭური აღნაგობის ქალი, რომელიც ქერათმიან ულამაზეს გოგონას ასეირნებდა, პატარას ეტყობოდა, რომ ძალიან ცელქი იყო და ამიტომ ქალსაც ხშირად უწევდა სახელის დაძახება.  ბავშვს უცნაური სახელი ერქვა, თავიდანვე უცხოდ აღიქვა სმენამ, თუმცა არ გაჰკვირვებია, ყველა ხომ იმ სახელს არქმევს თავის შვილს, რაც თავად მოსწონს. მერე კი მიაყურადა, როცა მტრედებს გადევნებულ გოგონას ქალიც გაეკიდა...

 

-         ანეკეს, ანეკეს, ანეკეს შეჩერდი... მირბოდა გოგონა და მისდევდა ქალი.

-         .......

-         ანეკეს...ანეკეს...ანეკეს.......კესანე...კესანე...კესანე... დაუბრუნა ექომ.

 

და მიხვდა რომ ის შეჩერდა.

 

და მგონი ნათება მის დასახმარებლად მართლა ადამიანად გადაქცეულიყო.

 

უცებ სისუსტე იგრძნო, წამით მდინარისაკენ გაიხედა, მის ზედაპირზე აბრჭყვიალებული ცისარტყელა რომ დაინახა, მიხვდა თავბრუ ეხვეოდა და რომ არ ჩამუხლულიყო ხის სკამზე ჩამოჯდა. შუბლით საზურგეს მიეყრდნო და თვალები დახუჭა.

 

არ უნდოდა ცუდზე ეფიქრა.

 

ძლივს მიაღწია სახლამდე. თავის თავს არწმუნებდა, რომ გადაიღალა და მეტი არაფერი. პირობა დადო, მეორე დღიდანვე იზრუნებდა დატვირთული რეჟიმისაგან ცოტა ხნით თავის დაღწევაზე და გონებაში დასვენებისათვის განკუთვნილი დღეების გადათვლას გამალებული შეუდგა.

 

არ დასცალდა მეორე დღემდე წესიერად ფიქრი. იმავე საღამოს, სპეციალურად სახელოვანი მხატვრისათვის, წამყვანი კლინიკის საუკეთესო ექიმის მოწვევა გახდა საჭირო.

 

ექიმს სანდომიანი სახე და მომღიმარი თვალები ჰქონდა. გულდასმით და ყურადღებით სინჯავდა პაციენტს. შეიძლება გულის სიღრმეში ეშინოდა კიდეც, რამე ხინჯი არ გამოჰპარვოდა სახელგანთქმული ადამიანის ჯანმრთელობაში.

 

ტყის კენწეროებში გაჭრილ, სიჭაბუკის ხიფათნარევ დღეებს, რონეს გონებისათვის შიშის გრძნობა ადრეული ასაკიდან ჩაეხშოთ, მაგრამ როცა სამმა სინჯარამ რამდენიმეწამიანი ინტერვალით მოიპარა სისხლი სახელოაკაპიწებული ხელის ნაჩხვლეტიდან, მისდა გასაკვირად გულში უცნაურმა ეჭვმა უსიამოვნოდ გაკენწლა.

 

წინათგრძნობა არც შემცდარა. სახლში წასვლის ნებართვა ვერ გამოსტყუა ექიმს.

 

არც ის უთქვამთ რამდენ ხანს დატოვებდნენ უცნობ კედლებში.

 

დიდი პატივისცემის ნიშნად ქვეყნის პირველი პირისათვის განკუთვნილ აპარტამენტში მოათავსეს.

 

ვერაფრით უშვებდა გონებაში, რომ შესაძლებელია მის მომავალ გეგმებს რამე რადიკალური ცვლილება დამუქრებოდა. ეჭვებმა ტვინის გარსების შემოღრღნა დაიწყეს, ეჩვენებოდა რომ ფიქრებმაც თვალწასული წინდასავით დაიწყეს რღვევა.

 

რამდენიმე საათში პირადი ექიმი ფსიქოლოგის თანხლებით გამოცხადდა მასთან ოთახში. ალბათ მართლაც სერიოზულად იყო მისი საქმე, რადგან ექიმმა მარტო არ თუ ვერ ინდომა ანალიზის შედეგების მისთვის გაცნობა. ან სულაც შესაძლოა კლინიკის განსხვავებული მიდგომა იყო ყველა პაციენტთან ასეთი, თავს ინუგეშებდა რონე.

 

მისთვის გასაგებ ენაზე დაწვრილებით გამოიკითხა ყველაფერი. მეტი დამაჯერებლობისათვის, ექიმი ხან საქაღალდეში გამოჩრილ სქელციფრება ფურცლებში ჩარგავდა თავს და ხანაც არ იცოდა თვალები სად წაეღო, რონეს დაკვირვებულ მზერას რომ არ შეფეთებოდა.

 

მიუხედავად თავზარდამცემი დიაგნოზისა, არაფრის ეშინოდა. ცისფერი ნათების უზარმაზარ ენერგიას მისი გული მზის სინათლეზე გამოეტანა და ორივე ხელით ხელშიატატებულს მიარბენინებინა სამსხვერპლოზე.

 

ეს სამსხვერპლო კი მისი ცოტა ხნის წინ უარყოფილი მშობლიური მხარე აღმოჩნდა. პარადოქსებს შეჩვეული სახე, მიმიკური კუნთების თანამონაწილეობის გარეშე ისმენდა უხერხულობისაგან დაბნეული ექიმების, თითების ფშვნეტის ხმით გადაფარულ სიტყვებს.

 

დააჯერეს და მანაც დაასკვნა - წარმატებული ქვეყნის მედიცინა უძლური იყო მისი ესოდენ იშვიათი დიაგნოზის წინაშე, საუკუნეებში ერთს რომ გამოერევა ხოლმე თითო ქვეყანაში.

 

თვითონაც ხომ საუკუნეში ერთი იყო გამორეული - სევდანარევი  იუმორით გახედა ფიქრებს.

 

მკურნალობის გაწერილი სქემა არ არსებობსო თურმე - გაიმეორა ეგომ.

 

და მერე იყო განსხვავებული აზრი, თუ შეთავაზება, თუ იძულება, თუ ერთადერთი შანსი .... სახელი ვეღარ გამოუძებნა, როდესაც მისდა გასაკვირად, ახლადაღმოჩენილი მოლეკულით, მკურნალობის საცდელ კვლევაში ჩართულობაზე მიუთიუთეს. ისიც აუხნეს, ასეთი კვლევები შედარებით ნაკლებად წარჩინებული მედიცინის პირობებში ტარდებაო მხოლოდ.

 

აი, თურმე რა ყოფილა მიზეზი მოწინავე ქვეყნების წარმატებული მედიცინისა - საკუთარ მოქალაქეებს საცდელ ზაზუნებად ყოფნას არასდროს რომ არ  აიძულებენ თურმე.

 

ისევ უარყოფილი სამშობლო ირჩია.

 

ბედის ირონიამ, უკვე უცხო ქვეყნის მოქალაქე და საკუთარ სამშობლოზე უარნათქვამი შინ დააბრუნა.

 

და შემდეგ იყო თეთრი ოთახი, დიდი პირდაღებული სარკმლით და სარკმლიდან მომზირალი ჭრელი იასამანი.

 

... უცნაური პერიოდი დამგარიყო მის ცხოვრებაში, მანამდე გაუგონარი, უჩვეულო, არსად წაკითხული და არავისგან მოყოლილი.

 

მის ეგოს სიკვდილდაჟინებული გრძნობისათვის ხელი ეკრა და აიძულებდა გილგამეშივით უკვდავების საძიებლად თავი არ დაეზოგა. დაავადებას სამყაროს განსახვავებული აღქმა გაეცოცხლებინა მასში. უბის პაწია წიგნაკი ამოეჩემებინა და სადაც კი გრძნობანარევ ფრაზასა თუ სიტყვას გაიგონებდა სასწრაფოდ იწერდა, ხატვას აღარ სთხოვდა ნანემსრებმოხშირებული ხელები.

 

იმ ღამით ბოლოჯერ დაურღვია ძილი ცისფერმა ნათებამ, ბოლოჯერ მოისმინა მისი გამხნევება.

-         თვალებს აღარაფერი უკითხავთ, აღარც უპასუხიათ.

-         ცისფერი ნათება კი გახარებული, ოღონდ როგორც ადრე, პირდამუწული  ამცნობდა, რომ მის ცხოვრებაში, აზრში, გონებასა და საერთოდ მის არსებობაში ახალი, იისფერი ხანა დგებოდა.

 

და დაიჯერა რომ გადარჩა.

 

ის გადარჩა, ოღონდ ნახევრად.

 

თვალის ჩინი მოეთხოვა განკურნების სანაცვლოდ, ახლადაღმოჩენილ, ჯადოსნურ მოლეკულას. თეთრი ხალათი კი დაჟინებით არწმუნებდა, რომ ეს მხოლოდ დროებითი იყო.

 

თავს დააჯერა, რომ ისევ ის რონე დაბრუნდებოდა, ოღონდ მარტო აღარ.

 

 

... პარიზი ... შარლ დე გოლის აეროპორტი

 

უამრავი ხალხი ირეოდა აეროპორტში. უმეტესობა საქმიანი სახით და ჩქარი ნაბიჯით ეძებდა საკუთარ გასასვლელს. ერთმანეთზე ხელჩაკიდებული წყვილი მშვიდი ნაბიჯით მისდევდა ხალხის ნაკადს. მათი თითოეული ნაკვთის მოძრაობაში გამოსჭვიოდა, რომ  ცხოვრებისეული მთავარი გასასვლელი უკვე გამოევლოთ და ერთმანეთზე ამაყად დაყრდნობილებს შეებიჯებინათ აღმასვლის ახალ ფერხულში. მამაკაცს მაღალი შუბლი მუქი სათვალით მოეჩრდილა და თვალის ფერს ვერ ამოუცნობდა კაცი. ქალს ეტყობოდა რომ ცალი ხელით მძიმე ტვირთი მოჰქონდა - მხედველობადაქვეითებულ მეუღლეს ამხნევებდა, ხოლო მეორეთი წიგნისხელა პატარა ხელჩანთა მიეხუტებინა გულთან ახლოს. უფრო ღრმად, კი გულის მწვერვალთან გზისგასაყარზე, ახალგილგამეშად ქცეულის, პირველდაწერილი სტრიქონები ამოეტვიფრა სამახსოვროდ.

 

რონეს არავინ გაუფრთხილებია როდის დაბრუნდებოდა საფრანგეთში. აღარავის დახვედრას არ საჭიროებდა, მისკენ მომართული მთელი ქვეყნიერების ყურადღება ერთ დარდგამოვლილ, ქალის გულში ჩატეულიყო, რომელსაც მისი უზარმაზარ სიყვარულად ქცეული გულისათვის  ბავშვობიდან შეეფიცა ერთგულება.

 

მაინც უამრავ გულშემატკივარს და კოლეგას მოეყარა თავი აეროპორტში. ყვავილების ნაკადი წყვილ-წყვილად მიედინებოდა წყვილისაკენ.

 

ქალი სიხარულნარევი სახით შეჰყურებდა უამრავ დამხვედრს, გაბრწყინებული სახეებით რომ შემოხვეოდნენ და გადარჩენასთან ერთად დაბრუნებასაც რომ ულოცავდნენ რონეს. დიდი მხატვარი ხელისჩამორთმევით ხედავდა მათ სახეზე სიხარულს და ცრემლდაშრეტილ თვალებს გულდასმით მალავდა მუქი მინების მიღმა. მიუხედავად ყველაფრისა, ყველაზე ბედნიერი იყო ამ ქვეყნად, ამდენ ხელისგულებს შორის ყველაზე სათუთი მას ეკუთვნოდა. ქალის სუნთქვა ცხოვრების თითოეულ წამად გადაქცეულიყო და ყოველ წუთას აგრძნობინებდა გადარჩენას.

ცხოვრებამ საინტერესო გამოწვევებით სავსე კალაპოტში იწყო დინება. ქალის თვალებით მომზირალი მხატვარი პირველად  ეცნობოდა ბედნიერების სრულყოფილებას. აკი გააფრთხილა ცისფერმა ნათებამ, თუ დააგვიანებ შენი ნიჭიც კი სულელად ჩაგთვლის და მიგატოვებსო, მაგრამ  ნიჭი არსადაც არ გამქრალიყო, მასთან ერთად ქალზე ხელმოკიდებული,  ტაატით მიუყვებოდა სენას სანაპიროს და მდინარის ჯებირი ვეღარ ყოფდა მათ ხელისგულებს.

თვალხილულზე უკეთესად უხსნიდა პარიზის და მისი შემოგარენის ყოველ კუთხე-კუნჭულს. დროს ვეღარ ატევდა ვერც ერთი დღის დიაპაზონში.

 

თანაცხოვრების საწყისიდან და შემდგომაც, ცოლ-ქმრის გონების მიღმიერს ხშირად ახსენდებოდა თეთრი ხალათი და მასთან გამოსამშვიდობებელი საღამო. ხვდებოდნენ ერთმანეთის ფიქრებს, მაგრამ ხმამაღლა საუბრის წამოწყებას ორივე გაურბოდა. ეს ის წარსული იყო, რომელსაც მათი ნება რომ ყოფილიყო წარსულიდანაც კი ამოგლეჯდნენ და უფსკრულში მოისროდნენ, რომ არა ერთი, საუბრის დასასრულს, ორივე მკაცრად გაეფრთხილებინა ექიმს, შვილის ყოლაზე ფიქრიც კი ზედმეტი უნდა გამხდარიყო მათთვის.

და კაცი ფიქრობდა, რომ თეთრი ხალათისათვის მათი წყვილი მხოლოდ საცდელი ზაზუნების ტოლფასი იყო, კარიერული ტრამპლინის მოლოდინში, რომლებმაც გაამართლეს და დიდი ტრიუმფით დააგვირგვინეს ექიმის მოღვაწეობის დიდების მწვერვალი. ავისმომასწავებელ დაავადებაზე გამარჯვება ცოტას ხომ არ ნიშნავდა.

ექიმზე უსახური აღარ ითქმოდა.

და მაინც, კაცს მოეჩვენა რომ გამომშვიდობებისას თეთრ ხალათს დიდრონი მტევნებით დიდხანს ჰყავდა მომწყვდეული ქალის მაჯები.

...

დრომ თავისი მოიტანა. სიხარულის ბურუსში ჩაძირულებს კვლავ წამოეწიათ მხატვრისეული აღმავლობის ხანა.

იმ დილით პირველად ახსენა რონემ სიტყვა ექიმი, როდესაც ახლადგაღვიძებულზე, საგნების სილუეტების გარდა, კიდევ უფრო მეტი ფრაგმენტების დანახვა შეძლო.  ბედნიერებისაგან გაოგნებულმა სასწრაფოდ გააღვიძა მეუღლე და გახარებულმა ამცნო, რომ თეთრი ხალათის წინასწარმეტყველება, თვალის ჩინი დაგიბრუნდებაო, ახდენას იწყებდა.

და მართლაც დაიწყო მხატვრული შემოქმედების ახალი და ყველაზე საინტერესო ეტაპი. მოზაიკურ მხედველობას, რაც იმას ნიშნავდა, რომ რონეს ფიგურების აღქმა, ალაგ დაბინდული ჩრდილების მიუხედავად,  მაინც შესანიშნავად შეეძლო, ახალი მიმდინარეობის - კუბიზმის ელემენტების ნოვატორად წარმოეჩინა რონე.

კუბიზმის იისფერი ხანა დამდგარიყო მის შემოქმედებაში.

გაათმაგებული ძალით ეკვეთა მოზღვავებულ ემოციებს რონე. მის გონებაში ათასი იდეა იბადებოდა, რომლის ხორცშესხმასაც მარტო საკუთარ თავს აღარ უთანხმებდა და კესანესთან ერთად, თითქმის ყოველდღე  სტუმრობდა ჟივერნის წალკოტს.

კესანესთვისაც, ეს ყველაფერი ბავშვობადნანატრი დღეების დაბრუნებას ჰგავდა, რომელიც ალბათ ასეთი გააზრებული და ძალდაუტანებელი, გულწრფელი ერთგულების სანაცვლოდ ეჩუქებინა ცხოვრებას. ადრე, ბებიასთან ერთად მარტოობაში ყოფნისას, ხომ ვერსდროს წარმოიდგენდა, რომ მისი ოცნების ადამიანთან ერთად, თუნდაც ერთხელ მოხვდებოდა მის კერპად ქცეული მონეს ინსპირაციის სამყაროში. ახლა კი თითქმის ყოველი დილა და თუ დილა არა, მაშინ საღამო ჟივერნის მონახულებით იწყებოდა ან მთავრდებოდა.

ბავშვობის  შეგრძნებები ხშირად გაჰკრავდა ხოლმე ფიქრებს. „სადაურსა სად წაიყვანს ბედიო“ - რამდენჯერ სმენია ბებიას ნათქვამი, მაგრამ მაშინ თავის საბუდარში, გამზრდელის ფრთებქვეშ შეყუჟულს არასდროს მიუქცევია ამ  სიტყვებისათვის ყურადღება. სადაურის სად წაყვანაზე ფიქრისათვის სად ეცალა, ღრმა ქვეცნობიერით სიზმარში თუ დაუნახავს რონეს ღონიერი ხელით როგორ  აუტაცებია და ცხენზე მომხტარს ცხრა მთას იქით გადაუმალავს. მერე... და მერე გულის ბაგაბუგით გამოღვიძებულს, ფეხაკრეფით, ისე რომ ჯაფაში დაღლილი, ფიქრისაგან ნახევრადმძინარე ბებია არ გაეღვიძებინა, ჩუმად  წამომხტარა და სიბნელეში ძლივს გაუკვლევია  გზა ოფლში გახვითქული საღამურის გამოსაცვლელად.

ახლა კი, ნაირფერი ოცნება ერთ სიბრტყეზე მოკალათებულიყო და ხანდახან შიშის გრძნობასაც კი ბადებდა გულში, ვინმეს ან რამეს არ წაერთმია მისთვის ეს  თავსდატეხილი ბედნიერება.

...

რონეს პარიზული ცხოვრება საფრანგეთში სულ პირველად მოხვედრის დღიდანვე კარგად გაეთავისებინა. მიუხედავად იმისა, რომ ელიტურ საზოგადოებაში გამორჩეულ პიროვნებად სახელდებოდა, ახლო ურთიერთობები მაინცდამაინც ბევრთან არ აკავშირებდა. რამოდენიმე ადამიანთან მეგობრობდა მხოლოდ და მათგანაც ყველაზე მეტად ჯეფრი პრუსტი უყვარდა გამორჩეულად.

ჯეფრი ტიპიური ფრანგი იყო, აღნაგობით, მანერებით, ღიმილით. თავისი საქმის უბადლო პროფესიონალი. სახელგანთქმული ექიმი გახლდათ და მსოფლიო ექიმების პირველ ხუთეულში შედიოდა. მისი ოქროს ხელები მელოგინე ქალების ცხოვრებაში სასწაულებს ახდენდა და ნანატრ შვილებს ჯანსაღს და უვნებელს ჩუქნიდა სხვა ექიმების ნაკარნახევით იმედგადაწურულებს.

ჯეფრის ხასიათის თვისობრივი შტრიხები ძალიან ჩამოჰგავდა რონესეულს. აბსოლუტურად განსხვავდებოდა მისი პროფესიონალიზმი და პირადი ცხოვრების სტილი ერთმანეთისაგან. საქმეში ღამედათენებულს, პირადი თითქმის არ ჰქონდა. საოპერაციოს სამანიპულაციო ცვლიდა, კონფერენციას კონგრესი და წლებს როგორ შემოეცარიელებინათ მის შუბლზე გრუზად დაყრილი ქერა კულულები, თვითონ ალბათ ვერც შეამჩნევდა, რომ არა ოთხმოცდაათ წელს მიტანებული დედის, დარბაისელი, საღად მოაზროვნე, დახვეწილი მანერების, ნამდვილი ფრანგი ქალბატონის, მადლენის მონოტონური ჩიჩინი.

რა ექნა ჯეფრის, რამდენადაც თავისი საქმის უბადლო მცოდნე იყო, იმდენად ზედაპირულად უყურებდა ქალებს. უფრო სწორედ ისინი იუბრალოებდნენ თავს მასთან ურთიერთობისას. სიღრმისეულად არ ეძიებოდა მათ ბუნებას. ურთიერთობები ადვილად წურავდნენ თავიანთ დიაპაზონს და იწყებოდა ახლის ძიება. ძიებასაც ვერ დაარქმევდით, თითქოსდა თავისით ჩნდებოდნენ ახალ-ახალი კანდიდატები. სიყვარულით უყვარდა ვინმე? კი, როგორ არა, ოღონდ ადრე, ჭაბუკობისას, ანიტაზე გიჟდებოდა, მისი გულიანი კისკისი და ჭორფლიანი, წამოსკუპებული ცხვირი მთელ მსოფლიოს ერჩივნა, მაგრამ გოგოს სხვა უყვარდა. ჯეფრიმაც დაიჯერა, რომ ანიტა მას არასდროს გაუღიმებდა და თავით და ფეხებით გადაეშვა მედიცინაში.

ჯეფრი უმამოდ გაიზარდა. რაც თავი ახსოვს დედა და ბებია იყვნენ მათ ოჯახში ყველაფერზე პასუხისმგებელი. მათგან სრული ხელშეწყობა ჰქონდა, რათა ფართო კარიერული ნაბიჯებით ევლო წარმატების მწვერვალისაკენ. ქვეცნობიერში კი, ანიტას მიმართ საკუთარი მეს  გრანდიოზულ პიროვნებად წარმოჩინების, დაუოკებელი სურვილი იყო ის დაჟინებული მამოძრავებელი ძალა, რომელიც ამოსუნთქვის გარეშე აიძულებდა წინსვლას.

ჯეფრიმ წარმატებით დაამთავრა უნივერსიტეტი, სასწავლებელთან გამოსამშვიდობებელ დღეს, თვალცრემლიანმა ბებიამ ცას მინარცხებული შავი ცილინდრი ფრთხილად ჩაიკრა გულში და გამოსაჩენ ადგილას დააბრძანა.

შემდეგ უკვე ვთქვით, როგორც წარიმართა ჯეფრის ცხოვრება. ჰქონდა ყველაფერი, დიდება, წარმატება, თავდაუზოგავი მორიგეობები საოპერაციოში და ჰყავდა უამრავი დედობანაჩუქები მადლიერი პაციენტი. სახლში უკვე მხოლოდ დედა, ბებია ასაკისადა გამო აღარ. და პარალელურად სხვადასხვა ქალები, რომლებშიც მხოლოდ მისი ქვეცნობიერი ამჩნევდა სხვადასხვა თვისებებად გაბნეულ ანიტას. ზოგს ანიტასნაირი თმა ჰქონდა, ზოგს მისნაირი აპრეხილი, ჭორფლიანი ცხვირი, ზოგს გულიანი სიცილი და ალბათ ამიტომ არ მიჰყავდა არც ერთი დედის გასაცნობად. მის ქვეცნობიერს ხომ არ სურდა არასრულ ანიტასთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება.  შემთხვევით რომ ეს ყველაფერი ჯეფრისთან გეხსენებინათ, ალბათ ძალიან ბევრს იცინებდა და იუარებდა, რა დროს ბავშვობაა, შემომხედეთ ვგავარ მე განა  კულულებიან პატარა ჯეფრის? გკითხავდათ ფრანგული ღიმილით. მაგრამ ჩვენ ხომ ადამიანები მუდმივად ვემალებით და თან ვერ ვემალებით ჩვენს ქვეცნობიერს, რომელიც უმეტესწილ ბავშვობიდან მოყოლებული ემოციებითაა გაჯერებული.

ჯეფრი, როგორც ხშირად სჩვევიათ ექიმებს, ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებების გემოვნებიან შემფასებლად ითვლებოდა. თავად ბრწყინვალედ უკრავდა ვიოლინოზე და შეძლებისდაგვარად ყოველთვის პოულობდა დროს კულტურული ღონისძიებები მძიმე ექიმური ხვედრის შესამსუბუქებლად გამოეყენებინა. მედიცინა ხელოვნების გარეშე არაფერია, ამბობდა ხშირად და სწორედ ასეთი საღამოები იყო მისთვის წარჩინებული ადამიანების გაცნობის ადგილი. ასე შეხვდნენ რონე და ჯეფრი ერთმანეთს, რონეს ერთ-ერთ, საწყის გამოფენაზე და ისე დამეგობრდნენ, ვერავინ შეამჩნევდა რომ ორივე ერთი ბავშვობიდან არ მოდიოდა.

პარიზში დაბრუნებიდან რამოდენიმე დღეში, ჯეფრიმ ოჯახში დაპატიჟა წყვილი. გვიანობამდე შემორჩნენ ქალბატონი მადლენის ხელმძღვანელობით გამზადებულ სუფრას რონე და კესანე. საამური მუსაიფი უსასრულო მოსიყვარულებაში გადაზრდილიყო. უფროსი ქალბატონი ალბათ მეათედ იწონებდა რონეს რჩეულს. ევროპელებს ხომ არ სჩვევიათ გადამეტებული ყურადღების გამოხატვა და ამის ფონზე სწორედაც რომ ათმაგად იფერებდა ნაჩუქარ ბედნიერებას მხატვარი. ქალბატონმა მადლენმა ვერ მოითმინა და პირველივე შეხვედრაზე რამოდენიმეჯერ გაიმეორა, რომ მგონი დააშავა შვილის სკალპელთან ასე მჭიდრო დამეგობრებას რომ შეუწყო ხელი, პირდაპირ ვეღარ გაუბედა ჯეფრის შენი რჩეულიც დროულად გამაცანიო. ამაზე ბევრი იცინეს მამაკაცებმა, მაინც ყველაფრის თავში ყოფნას რომ უსვამდა ხაზს ხანდაზმულობამიტანებული, დარბაისელი ქალბატონი.

ამ საღამომ ალბათ საბოლოოდ გადაახარშინა ჯეფრის გონებას უწესრიგოდ გაფანტული აზრები. ასაკით რომ ბევრად გადაშორებოდა ორმოცს, თითქოს მას შემდეგ აღმოეჩინა პირველად, რაც რონეს გვერდით მშვენიერი ქალის ყოფნისათვის შეეჩვია თვალი.

ერთ დღესაც ახლო მეგობრები ქალაქგარეთ, ბუნების წიაღში, კოქტეილის საღამოზე მიიწვია ჯეფრიმ და ლესიაც გააცნო ყველას. ქალს გარეგნულად ვერაფერს დაუწუნებდით, საუბრის მანერა და დახვეწილი ქცევა მის მაღალ შინაგან ინტელექტზე მეტყველებდა. აბა სხვანაირს ჯეფრი ვერც გაუგებდა ვერასდროს, ფიქრობდა რონე და ბედნიერი იყო მეგობრის რჩეულით. ლესია, პრუსტის წარმომავლობისაგან განსხვავებით რამოდენიმეთაობა ნარევი ფრანგი გახლდათ. მის ძარღვებში ცოტა იტალიური, ცოტა გერმანული და ცოტაც ალბათ აზიური სისხლი სჩქეფდა, რაც კიდევ უფრო მეტ შარმს აძლევდა მის დაფიქრებულ გამოხედვას. ჯეფრი მართლაც ბედნიერი ჩანდა და თან ჩვეული იუმორით ამბობდა, როგორ გაბრაზდებოდა ქალბატონი მადლენი, როცა გაიგებდა რომ ჯეფრიმ, დედაზე ადრე, მეგობრებს გააცნო მისი რჩეული.

ერთ დღესაც ჯეფრიმ აღმოაჩინა, რომ მალე მამა გახდებოდა. სხვანაირად მზიანი დილა გათენდა იმ დღეს მისთვის. ბოლომდე ვერ გააცნობიერა ამ ემოციის სრულყოფილება, მაგრამ მის ასაკს რომ რამდენიმე წელი ჩამოაკლდა, სხეულმა მიახვედრა. ათასობით სხვისშვილებს მოფერებულ ხელებში მოიმწყვდია ლესიას სახე და სათითაოდ დაუკოცნა ყველა ნაკვთი.

რამდენიმე თვეში გაჩნდა ბუთხუზა, ქათქათა პირისახის ბიჭუნა. ვაჟს პირასი დაარქვეს, დიდი ბაბუის საპატივსაცემოდ. ყურადღებიანი მამა გამოდგა ჯეფრი. მისი დაძაბული რეჟიმის მიუხედავად მაინც ახერხებდა მეუღლის მიმართ მუდმივი ყურადღების გამოჩენას და ბავშვის გაზრდისას გვერდში დგომას. გარდა იმისა, რომ როგორც ექიმი ბუნებით ჰუმანური გახლდათ, კიდევ სხვა მიზეზი არსებობდა მისი ამდაგვარი ქცევისა. მართალია მისი პროფესია დღენიადაგ სხვებზე ფიქრს მოითხოვდა, მაგრამ ის სხვა ზრუნვა იყო, საქმედქცეული.  ლესიამდე გულის სიღრმეში ზრუნვის ობიექტი ხომ არასდროს ჰყოლია, პირიქით, ყოველთვის სხვებისაგან ითხოვდა ყურადღებას, სახლში ასეთებად დედა და ბებია ეგულებოდნენ, გარეთ პაციენტების ქება-დიდება, რომლებიც მუდმივად ხოტბას ასხამდნენ  მის პროფესიონალიზმს. ამ შეგრძნებებსაც ამიტომ გადაექციათ უსასრულო ტკბობის ხანად ჯეფრისთვის მისი მოღვაწეობა. კარგი ფსიქოლოგი კი აუცილებლად აღმოაჩენდა, მის გულის სიღრმეში დაბუდებულ, ანიტას სიყვარულდამახსოვრებულ თავმოყვარეობას, რომელიც მისი წარმატების ყველა ჯერზე სიამოვნებით დაითვლიდა ანიტას თვალებში სინანულის გრძნობას, ანდა საკუთარი თავის ყვედრებას, თუ როგორი ადამიანისათვის ეკრა ხელი თავის დროზე. ჰოდა, ახლა ყველაზე სხვანაირი, ნაყოფიერი პერიოდი დამდგარიყო მის ცხოვრებაში. როგორც აქამდე საკუთარ თავზე, ახლა ისე ზრუნავდა მეუღლეზე და პაწია ვაჟიშვილზე და უკვირდა კიდევაც, აქამდე სრულყოფილ პიროვნებად  როგორ მიაჩნდა თავი.

ასეა, თურმე მაშინ მოდის სიმშვიდე, როცა სხვებთან კი არა საკუთარ თავთან აღარ გჭირდება არაფრის მტკიცება. საკუთარ თავზე, სამშვინველის მტარებლებიც ხომ მაქსიმალურად ცდილობენ ზრუნვას. სხვაა ადამიანობა და კიდევ უფრო მეტია პიროვნებად ყოფნა, როდესაც შეგიძლია შენი ადგილი მაშინაც დაუთმო სხვას, როცა ძალიან ბედნიერი ხარ და გაუცვალო მაშინ, როცა იმ სხვას  ძალიან უჭირს. მძიმედ და უცნაურად ჟღერს ხომ?... მაგრამ  თურმე ეს ის ნორმაა, რომელიც ადამიანებს უზენაესმა დაუწესა. ამის შემდეგ კი უკვე გმირობა იწყება, რომელიც ყველას არ მოეთხოვება.

პირასის დაბადებამ რონეს ოჯახშიც შეიტანა მხიარულება. კესანემ მარტო სტუმრობას მოუხშირა ლესიასთან. პატარის ხელში აყვანას დანატრებული, ვერც კი გრძნობდა როგორ გარბოდა დრო საღამოობით.

ერთხელაც ჯეფრიმ რონეს სთხოვა, თუ წინააღმდეგი არ იქნებოდა პირასის ნათლია გამხდარიყო.

ნათლობა ღვთისმშობლის ტაძარში დაიგეგმა, პარიზში.

წინა საღამოს რონემ და კესანემ სიხარულით დაგეგმეს მეორე დღის განრიგი.

ორივეს გულით უხაროდა ჯეფრის ოჯახური ბედნიერება.

ნათლობის დილას, გამთენიისას კესანემ შეუძლოდ იგრძნო თავი, ლოგინიდან წამოდგომა გაუჭირდა, თავბრუსხვევა აიძულებდა ჰორიზონტალური მდგომარეობა შეენარჩუნებინა და თვალდახუჭულს ეყურებინა მქრქალად მოციმციმე აბაჟურისათვის.

დაენანა მეუღლის გაღვიძება, ტუმბოს ჩამოეყრდნო და რის ვაივაგლახით აითრია დაბუჟებული სხეული. კედელ-კედელ მიაღწია სამზარეულომდე და ცივი ჟოლოს წვენი მოსვა. რამდენიმე ყლუპიც საკმარისი აღმოჩნდა, რომ სააბაზანოში შევარდნილიყო და პირსაბანს ჩაბღაუჭებოდა.

ნამდვილად ცუდად იყო, მგონი ადრე რომ იყო ისე.

ნუთუ დაავადება დაბრუნდა?

რონე შეშინებული შეჰყურებდა ფერდაკარგულ ცოლს. ხელში აეყვანა და ფრთხილად ჩაეწვინა ლოგინში. წნევაც გაეზომა და სიცხეც. რაც იცოდა ყველაფერს ცდილობდა გაეკეთებინა, მაგრამ ეგონა რომ ჯანმრთელობის მანიშნებელი ციფრები ყველა ციფერბლატზე ცდებოდნენ.

-         რონე, როგორი უხერხულია - ნაძალადევად გაუღიმა ქალმა ქმარს.

-         რა არის უხერხული ?  - ნერვიულობისაგან დაბნეული რონე ვერ მიუხვდა ცოლს

-         ნათლობა, პირასის ნათლობა, თან დილიდანვეა დაგეგმილი, მაგრამ მე რომ ვერ წამოვალ ? - დარცხვენილი თვალები შეეჩეხა გაოცებულს.

შენ როგორ უნდა წამოხვიდე ამ მდგომარეობაში და არც მე არ ვაპირებ სადმე წასვლას, სანამ არ დავადგენ რატომ ხარ ცუდად, ჯეფრის ყველაფერს ავუხსნი, მე მგონია, რომ წუხანდელმა ნამცხვარმა გაწყინა, ეს რამდენიმე კვირაა შევამჩნიე, რომ საღამოობით მოუხშირე ჭამას, შუბლზე ჩამოშლილ თმაზე ნაზად მიეალერსა რონე.

კი ასეა... -  დაფიქრებით ჩაილაპარაკა ქალმა.

მაგრამ, რონე ... იცი რა ... მაშინ რომ საჭმელს საერთოდ არ ვჭამდი? არც მქონდა სურვილი, რომ რამე მეჭამა - შეშინებული თვალები ისევ შეეჩეხა გაკვირვებულს.

როდის მაშინ კესანე? - ისევ ვერ მიუხვდა რონე ცოლს.

აი მაშინ, ცუდად რომ ვიყავი ... გაყინული თლილი თითები ჩაებღაუჭა მხატვრის მტევანს და ძარღვები მოუყინა.

დაავადება ... თეთრი ხალათი ... საავადმყოფო ... ნანემსრები ... ძვალწვრილა საკიდი და მასზე ბრჭყვიალა ქაღალდში გახვეული, ნაძვისხის სათამაშოსავით ჩამოკონწიალებული მშველელი ... ჭრელი იასამანი ... ბროწეულისფერი ხანის დასასრული .... მხატვარში წუთიერი გილგამეში და ერთადმყოფობის იისფერი ხანა ... ყველაფერი თავიდან დატრიალდა რონეს გონებაში.

არარსებობს! ამის შემდეგ რამე ცუდი!  გამორიცხულია!

მთავარი გამორჩა, ცისფერი ნათება... თითქოს მისი თვალები სადღაც იქვე იყო, მქრქალ  აბაჟურთან ახლოს გამოკიდებული და  მოწყენილი ახსენებდა ბოლო საუბარს. მან ხომ უთხრა, თავიდანვე და მერეც, არა ზუსტად ასე უთხრა, რომ თუ სწორად მოიქცეოდა მისი ნიჭი არასდროს მიატოვებდა. ახლა კი ნიჭს არათუ მიეტოვებინა, გაბევრებულ-გადიდებული საზღვრებს ვერ იტევდა მის გულსა და გონებაში

ორი ნიჭი ჰყავდა - მისეული ხატვა და უფრო მისეული კესანე.

ქალი ცოტა მოღონიერდა. თავბრუსხვევამ გაუარა, მაგრამ ძალდატანებითმა საუზმემ კვლავ სააბაზანოსკენ უბიძგა.

უკვე კარგად გათენებული იყო საავადმყოფოში რომ მივიდნენ. როგორი ნაცნობი იყო სისხლის აღების პროცედურები. ორივეს თითქოს რამოდენიმე წლით უკან გადაენაცვლებინა და გონებაშიც მძლავრად ამუშავებულიყო თავდაყირა დაყუდებული ქვიშის საათი.

ახლა უკვე ერთნაირად ჰქონდათ დრო მოზომილი. დრო ექიმთან შეხვედრამდე.

მოსაცდელ ოთახში შეშინებული ჯეფრი შემოვარდა. ნათლობის ცერემონია დასრულებულიყო  თუ არა სასწრაფოდ საავადმყოფოსკენ გამოქცეულიყო.

პირასი სხვა მეგობარს, ჯუზეპეს მოენათლა.

რონემ ის ის იყო ბოდიშის სათქმელად გააღო პირი, რომ ჯეფრიმ  სიტყვა გააწყვეტინა.

-         რონე, ჩემო ძმაზე ძვირფასო მეგობარო, განა სხვისაგან ნათქვამი არ არის ჩემთვის საკმარისი, მივხვედრილიყავი შენი არ ყოფნის მიზეზს? ხომ ხედავ მეც აქ ვარ.

ეს თქვა და კოლეგის ოთახში საუბრის გაგრძელების გარეშე შეაბიჯა.

ჯეფრის მოლოდინში რამდენიმე წუთი რამდენიმე საათად გადაიქცა.

ეჩვენებოდათ, რომ მათი დაძაბული გულის ბაგი-ბუგი მოსაცდელში მსხდომ სხვა პაციენტებსაც უთვლიდა მაჯისცემას მეტრონომივით.

უეცრად კადრი გაიწელა, მოსაცდელის სკამებიდან ექიმის შესასვლელი ოთახის კარამდე მანძილი გვირაბივით დაგრძელდა და ამ გვირაბში საოცრად ბედნიერი, დაბნეული და გაღიმებული სახის ჯეფრი გამოჩნდა, რომელიც თითქოს შორიდან მოფრინავდა სევდაგადაფარებული წყვილისაკენ და მისი ფართო ნაბიჯები წუთს წამების დათვლას აიძულებდა.

ჯეფრი გაფაციცებული სახით და ემოციური ჟესტიკულაციით უხსნიდა წყვილს ბედნიერების მიზეზს. საგანგაშო დიაგნოზის მოლოდინში, თავიდან ვერც ერთი ვერ ხვდებოდა რა აცინებდა ჯეფრის და ვერც მათი სმენადობა აღიქვამდა ნათქვამს.

და თურმე ...

კესანეს სხეული პაწია სიცოცხლის სავანე გამხდარიყო.

ჩასახვიდან დაბადებამდე დრომ წარმატებით განვლო.

წყვილის გულებში ჩაბუდებული თეთრი ხალათის შიში იოტისოდენათაც არ გამართლდა.

ასე გაჩნდა ორმოცკვირეულის თავზე საღსალამათი ვარდისფერი პაწია.

გოგოს ენნიე დაარქვეს.

…. ენნიეს მოზარდობა

თავის დროზე რონემ და კესანემ ბევრი იფიქრეს შეეტყობინებინათ თუ არა თეთრი ხალათისათვის შვილის ყოლის მოლოდინის შესახებ. გულის სიღრმეში, თავს ვალდებულად თვლიდნენ, რომ მათი ე.წ. გადამრჩენელისათვის, რომელმაც თავის დროზე კატეგორიულად აუკრძალა შვილის ყოლა, მაინც გაენდოთ შიშნარევი ლოდინი.

მათდა გასაკვირად, თეთრი ხალათის ხმაში აღარ იგრძნობოდა ლითონნარევი ინტონაცია, გაცილებით თბილი და მის იმიჯთან შედარებით ხავერდოვანიც კი იყო დამამშვიდებელი პასუხი. ეგ კი არა შეჰპირდა, თუ შეძლებდა აუცილებლად დაესწრებოდა დაგეგმილ მშობიარობას.

თეთრი ხალათი მართლაც ეწვია იმ  მშვენიერ, გაზაფხულის მზით გაბადრულ პარიზს. დროს მისი ასაკი ჭარმაგისათვის დაემსგავსებინა. სათვალის მინები წვერისაგან განსხვავებით უფრო ჩამუქებოდა, მაგრამ კიდევ უფრო ენერგიული და მხნე მოეჩვენა მისი შემართება ცოლ-ქმარს, ვიდრე ადრე. რონესთვის რამდენიმეწუთიანი შეხვედრაც საკმარისი იყო იმაში დასარწმუნებლად, რომ თეთრ  ხალათს ქება-დიდების და სახელის მეტი არაფერი აინტერესებდა ამ ქვეყნად. არც საკუთარი ოჯახი ჰყავდა და არც შვილები.  რამდენიმე ჟურნალისტის თანხლება მხოლოდ მას შემდეგ გამოაჩინა, რაც დარწმუნდა, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ახლაც, როგორც ადრე, განკურნებისას, რონეს და კესანეს წყვილი, პირველი მერცხლები აღმოჩნდნენ თეთრი ხალათისაგან დაშინებულ პაციენტებს შორის, რომლებსაც გაებედათ და ჩასახული პაწია, უიმედო უსასრულობისათვის არ გაეწირათ.

თეთრი ხალათი უზომოდ ბედნიერი და კმაყოფილი ჩანდა. მართლაც, მისი პიროვნება ევროპის წამყვან ექიმებს პირზე ეკერათ, მოწიწებით ხვდებოდნენ და წარმატებას ათგზის ულოცავდნენ.

და როგორია ცხოვრებისეული პარალელები. ამდენი სახელოვანი სკლპელდამეგობრებული მტევნების გარემოცვაში, თითქოსდა სადღაც დაკარგულიყო რონეს მსოფლიომოვლილი ფუნჯნაფიცი თითები.

ენნიე იზრდებოდა და მშვენდებოდა. სათუთი ბუნების და კეთილი ზნის იყო ჩვილობიდან. თავიდანვე გამოამჟღავნა მუსიკალური ბგერების გამორჩეული აღქმის უნარი. კესანე, იავნანას რომ უმღერდა, შუამდეც არ აცლიდა ჩამღერებას, გული ამოუჯდებოდა და დაძინების მაგივრად ქვითინს იწყებდა. ამიტომაც უწინასწარმეტყველა ქალბატონმა მადლენმა დიდი სასცენო მომავალი. თვითონაც ხომ პიანისტი გახლდათ სპეციალობით, მაგრამ სიბერისეული ართროზისაგან დაკრუნჩხული თითების მიკარებას, არათუ კლავიატურას, ინსტრუმენტის თავსახურსაც აღარ აკადრებდა.

პირასი და ენნიე ერთი ბავშვობიდან მოდიოდნენ. მეგობრებიც თითქმის საერთო ჰყავდათ. ენნიე ყველაზე მეტად პირასის ნათლიის, ჯუზეპეს ქალიშვილთან, მილასთან მეგობრობდა. მილაც დედისერთა იყო. გოგონები განუყრელი მეგობრები იყვნენ. ერთმანეთის საძინებლები ორივეს საკუთრებას წარმოადგენდა ორივე ოჯახში.

სკოლის დამთავრების შემდეგ, პირასმა თეატრალურ უნივერსიტეტში  ჩააბარა. მუდამ აინტერესებდა სასცენო ხელოვნება, რაღაცნაირი ქარიზმა გამოარჩევდა თანატოლებისაგან. შეეძლო ასაკით ბევრად უფროსი ადამიანები საკუთარი აზრის სისწორეში დაერწმუნებინა და მერე ისე ემართა, რომ პირასის ნააზრევი საკუთარი ჰგონებოდათ. ბევრს არ საუბრობდა, ძირითადად კითხვების დასმით შემოიფარგლებოდა და პასუხების მიხედვით ისე ჰყავდა საზოგადოება დიფერენცირებული, გამოცდილ ფსიქოლოგსაც კი გაუკვირდებოდა. ცოდნის მარაგი სკოლადამთავრებულის კვალობაზე შესაშური ჰქონდა. თვალგაყურსული წარმოიდგენდა ხოლმე, დიდი სცენარისტის ამპლუაში როგორ განდიდდებოდა მისი პიროვნება, როდესაც გამოჩენილი მსახიობები  მისგან მართულნი იქნებოდნენ  მსოფლიო საზოგადოების წინაშე.

ენნიემ კონსერვატორიაში შედგა ფეხი. ჰარმონიული ბგერების გასაოცრად აღმქმელი სმენის პატრონს ხომ თავიდანვე უწინასწარმეტყველა ქალბატონმა მადლენმა დიდი მომავალი. მისი თითები კი მის სმენაზე ბევრად უფრო მარჯვენი აღმოჩდნენ. ტექნიკურად ბრწინვალედ შესრულებული რამოდენიმე ნაწარმოების ფონზე, სხვა გამოცდების გარეშე ჩაირიცხა პარიზის წამყვანი მაესტროს, ჟაკეს კლასში.  ჟაკე უკვე ძალიან მოხუცი იყო, მაგრამ მის კლასში მოხვედრაზე ყველა პიანისტობაზე შეყვარებული სტუდენტი ოცნებობდა. ასე ჩაიბარა ინტრუმენტთან წამოსკუპებული, კეფაზე ცხენის კუდივით თმაგამოკვართული სიფრიფანა გოგო, თითოოროლა ჭაღარა თმაშერჩენილმა, მხრებში მოხრილმა ჟაკემ და ენნიეს დიდ სცენამდე მიცილებით საკუთარი ბენეფისიც წინასწარ დაგეგმა.

მილას ბავშვობიდან მოდის წამყვან ჟურნალებზე ეჭირა თვალი. სწავლით თავს არც არასდროს იკლავდა და ძირითადად მისი სამეცადინო საათები ცეკვის ილეთების ვარჯიშით შემოიფარგლებოდა. ცდილობდა ხშირად ევლო ბომონდურ შეკრებებზე, რათა უფრო ახლოს გაეცნო მოდის წამყვანი ფიგურები და თავადაც მალე შეედგა ფეხი ჯადოსნურ, ბრჭყვიალა სამყაროში, რომელიც მისი მომავალი ბედნიერების გარანტიად ეგულებოდა.

ენნიე ყველასგან გამოირჩეოდა მაინც. მშობლებისაგან გადმოცემული ნიჭი და საკუთარი გულმოდგინება ნახტომისებური საფეხურებით წინსვლისაკენ უბიძგებდა ახალგაზრდა პიანისტს.

საკუთარი ცხოვრებით, სიმძიმე გამოვლილი რონე და კესანე არასდროს არაფერს აძალებდნენ ერთადერთ ასულს. სანამ ენნიე არ სთხოვდა გარკვეულ საკითხზე საუბარს, ისინი არასდროს ერეოდნენ მის გადაწყვეტილებებში. ენნიე კი მართლაც ყველასგან განსახვავებული იყო, დაბრძენებულიც და ჰაეროვანიც. თავად საკუთარ მშობლებს ცხოვრებისეულ მთავარ ინსპირაციად მიიჩნევდა და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მათი გვერდის ავლით არასდროს იღებდა.

მალე ენნიეს მოღვაწეობა მთელი პარიზის ელიტური საზოგადოებისათვის, კლასიკური კონცერტების საღამოებზე დასწრების მოლოდინად იქცა. მოხუც მაესტროს მართლაც დიდ სცენამდე მიეცილებინა ახალგაზრდა ვირტუოზი და დაკვირვებული თვალი ადვილად შეამჩნევდა, ახლა უკვე პარტერში, ამოჩემებულ ადგილას, თვალდახუჭულ მსმენელად ქცეულ ჟაკეს, თითები რომ მაინც ნერვიულობისაგან უცქმუტავდა, მორიგი გრძელი ფორშლაგის, სკრუპულოზური სიზუსტით აღების მოლოდიში.

ენნიეს ძარღვებში მამისეული, თავადური სისხლი ჩქეფდა, გარეგნობა კი ულამაზესი დედის სადარი ჰქონდა. ორივე მშობელს გამორჩეული ადგილი ეკავა მის გულში, მაგრამ მამა და მამასთან საუბარი მაინც განსაკუთრებულად უყვარდა ასულს. ენნიე ახალგაზრდობანარევი მაქსიმალისტი იყო, რონე დაღვინებული იდეალისტი.  მიუხედავად იმისა, რომ მათი აზრები ხშირად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან, მაინც მამა იყო კესანესათვის იდეალურობის ეტალონი. რონეს კი მუდამ ერთი თხოვნა ჰქონდა შვილთან, არასდროს, საზოგადოებაში მის ცნობადობას არ გადაეფარა მისი ცნობიერება და თავმდაბლობა სავიზიტო ბარათად დაეტოვებინა ყველასთან, განურჩევლად ასაკისა, სქესისა და წარმომავლობისა.

კესანეს და რონეს თავიდანვე ჰქონდათ გადაწყვეტილი, რომ როდესაც ენნიე ზრდასრულობის ასაკს მიაღწევდა, აუცილებლად მოეყოლათ თავიანთი წარსულის შესახებ.

და ერთ დღეს, ის დრამატული საღამო სამივეს ცრემლებით სავსე აღმოჩნდა.

მეორე დღეს კიდევ უფრო გაზრდილი მოეჩვენათ მშობლებს ენნიე.

რამოდენიმე დღე ჩაფიქრებულმა იარა გოგომ. ერთ საღამოს კი ორივე მშობელი იხმო საკუთარ საძინებელში და სევდანარევი, გაღიმებული სახით, ლამაზი ზარდახშა გამოიღო კარადიდან.

-         დედა და მამა, გთხოვთ, რასაც ახლა გადმოგცემთ, აუცილებლად ატაროთ მუდამ. - თქვა და ზარდახშიდან სამი ცალი ერთნაირი, ბროწეულის ყვავილებით გაფორმებული, სპეციალური შეკვეთით დამზადებული, ძვირფასი სამაჯურები ამოიღო. მთელი წლის ნაგროვები ჰონორარი, მშობლების წარსულადქცეული მოგონებებისთვის ეჩუქებინა.

-         მადლობა წარსულს, რომ ის იყო წარსულში და რომ არა ეგ წარსული არ ვიქნებოდით ჩვენ სამნი ერთად. - თქვა და ორივე მშობელი ერთად ჩაიხუტა.

კიდევ უფრო დაქალებულიყო ენნიე.

და სამივეს ცხოვრებაში მშვიდი, თბილი ემოციებით დატვირთული პერიოდი დიდხანს გაგრძელდებოდა, რომ არა მოსიყვარულე ობიექტად გადაქცეული პირას პრუსტის გამოჩენა ენნიეს პირად სივრცეში.

კონცერტს კონცერტი ენაცვლებოდა, ტურნეს ტურნე. ახალგაზრდა შემსრულებელი მამის ჩრდილისაგან დამოუკიდებლად მიიწევდა დიდების მწვერვალისაკენ.

ბევრ რამეში მამას ჰგავდა, მეგობრების სიმრავლით რონეს მსგავსად, ენნიეც დიდად არ გამოირჩეოდა. გარშემომყოფთაგან, უმეტესობა პირიქით ცდილობდა მისი ახლო მეგობარი გამხდარიყო, თუმც, ამ უკანასკნელთაგანში შური უფრო მეტი შეუმჩნევია გოგოს, ვიდრე მხარდაჭერა, ამიტომ ბავშვობის მეგობრებს უფრო ენდობოდა. ასეთებად კი პირველ რიგში პირასსა და მილას თვლიდა.

პირასი მუდამ ცდილობდა ენნიე მისი თვალსაწიერის პერიმეტრს არ გასცილებოდა. წინასწარ იცოდა მისი ნებისმიერი გეგმა თუ გადაწყვეტილება. თვითონაც უამრავი საქმით დაკავებული, მაინც ახერხებდა შორეულ ტურნეში გაუფრთხილებლად დადგომოდა თავზე გოგოს. ამ ყველაფერს ენნიე მეგობრობით ხსნიდა და არასდროს განსახვავებული ინტერპრეტაცია არ მიუცია ვაჟის საქციელისათვის. პირასის ეჭვიანობით სავსე თვალები კი გარეგნულად მხოლოდ მაშინ მშვიდდებოდა, როდესაც დარწმუნდებოდა რომ ენნიე თავის პროფესიონალურ მოვალეობას პირნათლად ასრულებდა და ვინმესთან გართობით არ იყო დაკავებული, შინაგანად პირასი ძალიან მძიმე პიროვნება გახლდათ, შეიძლება ითქვას მტარვალიც. საკუთარი პოზიციის გასატანად, ოჯახის წევრების გვერდით გაწევასაც არ მოერიდებოდა ერთი ხელისმოსმით. მიუხედავად ასეთი თვისებებისა, საოცრად კარგად გამოსდიოდა თავისი საქმე, ამიტომაც იყო  რომ ბევრს უწევდა მასთან ურთიერთობისას მის უხიაგ ხასიათზე თვალების დახუჭვა.

პირასი ყველას სჭირდებოდა, მაგრამ არავის უყვარდა.

ბოლო პერიოდში ენნიეს მიმართ დამოკიდებულება რადიკალურად შეცვალა, სხვანაირად თბილი და ყურადღებიანი გახდა. წინასწარ უთანხმებდა შეხვედრის დროს და უეცარი გამოჩენით აღარ იპყრობდა ყურადღებას.

თუმც ეს ყველაფერი გვერდიდან იყო ცრუ და ფარსი.

პირასი ნიჭიერად თამაშობდა ხელოვნურად მორგებულ როლს.

მას სიყვარული არ შეეძლო. ამის ნიჭი არ ჰქონდა.

მხოლოდ გათვლებით ცხოვრობდა.

ეს იყო ნიჭიერი, ლამაზი და ცნობილი ადამიანის გვერდით ყოფნის ამოჩემებული ჟინი.

ამას ეძახდა პირასი სიყვარულს.

ენნიე კი უსიყვარულოდ, გაწერილი კანონებით ცხოვრებას არც ერთ განზომილებაში არ იმსახურებდა.

დღენიადაგ ცდილობდა ენნიეს ყურადღება მასთან სამსახურებრივ საქმეებზე  საუბრით მიექცია. მუდამ ტრაბახობდა მიღწეული წარმატებებით და გულში პიანისტის სასცენო მოღვაწეობის ხელმძღვანელობაზე ოცნებობდა.

ენნიეს სხვადასხვა ქვეყანაში რამდენიმე წარმომადგენელი ჰყავდა, რომლებიც წარმატებით ეხმარებოდნენ კონცერტების დაგეგმვაში. პარიზშიც ორი, ხანაც სამი  ადგილობრივი ადამიანი ართმევდა თავს იგივე მოვალეობის შესრულებას სრულყოფილად.

პირასის მიზანი კი იყო ყველა ეს ადამიანი ჩამოეშორებიბა ენნიესთვის, მართვის სადავეები შინ და გარეთ თავის თავზე აეღო და პარალელურად ენნიეც მთლიანად მას ემართა.

მისი გონება მუდამ მათემატიკური გათვლების სიზუსტით მუშაობდა.

ახლაც გამოთვალა, რომ აწგარდაცვლილი ბებია მადლენის მეგობარი და ენნიეს პედაგოგი, დიდი მაესტრო ჟაკე უნდა შეეწუხებინა მიზნის მისაღწევად.

ერთ-ერთი კონცერტის ანტრაქტისას, დიდ მაესტროს ვითომ შემთხვევით გადაეყარა.

იმდენი მოახერხა, რომ ჟაკემ საკუთარ სახლში ჩაიზე მიიწვია პირასი.

ის საღამო ნაყოფიერი გამოდგა პრუსტისათვის. დიდი მაესტრო ჭკვიანი იყო, მაგრამ მის მოხუცებულობას დიდ სიკეთემდე მიეღწია და ყველა ახალგაზრდაში ცდილობდა წარმატების მარცვალი დაენახა. პირასმა კი მარცვლების მთელი გროვა დაანახა საკუთარ მონდომებაში.

ჟაკე გადაიბირა პირასის ჟინიანობამ.

ერთგულ ადამიანად ჩათვალა ენნიესათვის და შემდგომი შეხვედრისას კიდევაც გამოთქვა საკუთარი აზრი გოგოსთან.

ენნიეს არასდროს უფიქრია, რომ პირასის საქმიანობა და მისი, როგორც პიანისტის მოღვაწეობა ოდესმე გადაიკვეთებოდა.

ცოტა დაიბნა, რაღაცამ უსიამოვნოდ გაჰკრა გულში. არ უნდოდა ამ რაღაცის დამახსოვრება, მაგრამ თითქოს თავისით ჩაიბეჭდაო პარკუჭების სიღრმეში. და ეს იყო ის რაღაც, რომელმაც ბევრჯერ შეახსენა თავი პირასთან ურთიერთობისას, მანამდეც და მერეც, როცა დიდი მაესტრო უკვე აღარ იყო ცოცხალი.

პირასმა ხელთ იგდო ენნიეს სასცენო მოღვაწეობის, ყველა დეტალის დაგეგმარების მეურვეობა.

ახლა უკვე მაქსიმალურად აკონტროლებდა გოგოს თითოეულ ნაბიჯს.

და ეს ურთიერთობა ენნიესთვისაც შეჩვევაში გადაზრდილიყო.

როგორც ქალმა, საბოლოოდ მაინც სიყვარული დაარქვა ამ ყველაფერს...  და თვითონაც დაიჯერა.

პირასი ბედნიერი იყო, რომ ენნიე მუდამ გვერდით ჰყავდა. ბედნიერი იყო იმით, რომ თავისას მიაღწია და არ ფიქრობდა, რას გრძნობდა ენნიე.

გოგოს კი ეგონა, რომ მართლა შეუყვარდა პირასი. მისი განსახვავებული ქარიზმა და საქმის მიმართ დამოკიდებულება სხვანაირ ემოციებს აღძრავდა ენნიეს გულში.

უცხო თვალისათვის, კი მათი საუბარი უფრო დაკითხვას ჩამოჰგავდა პრუსტის მხრიდან, მაგრამ ამასაც შეჩვეოდა ენნიე. უბრალოდ ვეღარ აღიქვამდა განსხვავებულად.

ეს ურთიერთობა არ გამორჩენია რონეს, მაგრამ როგორც მამა ცდილობდა მკვეთრად არ ჩარეულიყო შვილის არჩევანში. გული კი ცუდს უგრძნობდა.

...

საკონცერტო საღამო.

პროგრამაში ლისტის შემოქმედება.

ბისზე არასდროს უკრავდა სევდიან მელოდიას.

ახლა კი შინაგანმა ენნიემ რატომღაც დაგეგმილი შეაცვლევინა და ლისტის შემოქმედებაში ყველაზე სევდიანი, ყველაზე ინტიმური და ყველაზე განსხვავებული ნაწარმოები  - „ნუგეში“ -  აჟღერდა ინსტრუმენტის კლავიშებს მიღმა სიჩუმეთში.

უეცარმა, მასთან შეუთანხმებელმა ცვლილებამ პირასი სასტიკად განარისხა.

ბოლო დროს გაათმაგებულად ხშირად აწუხებდა აკვიატებული აზრები და ახლა ენნიეს საქციელმა სრულიად გამოიყვანა წყობილებიდან.

ჩათვალა, რომ ენნიეს ასეთი ქცევა შინაგან პროტესტს ნიშნავდა პირასის პიროვნების მიმართ.

დარბაზი ფეხზე წამომდგარი უკრავდა ტაშს და ეს ხმა ფარავდა პრუსტის ბოლთისცემისას, საკუთარ თავთან ყვირილს კულისებში.

ამ ბოლთისცემამ და საკუთარ თავთან ემოციების გამოხატვამ შეამცირა პირასის ემოციები ენნიეს პირისპირ, რამაც ისევ მას უშველა და არა ენნიეს.

იქნება და კარგი ყოფილიყო სრული სიცხადით დაენახა გოგოს პირასის ნამდვილი სახე.

შინაგანმა, ბოროტმა პირასმა ამჯერად თავშეკავებისაკენ მოუწოდა და ენნიესთან მსუბუქი შენიშვნით შემოიფარგლა მხოლოდ.

რონე პარტერიდან ვერასდროს უსმენდა ენნიეს. ყოველთვის სხვანაირად განიცდიდა დედისერთა გოგოს სცენაზე ყოფნას. მუდამ ეგონა, რომ ყოველ ჯერზე თავიდან იბადებოდა და მსმენელისათვის ბოლომდე იხარჯებოდა მისი ერთა. კულისებშიც ისე იყო შეყუჟული, ადვილად რომ ვერავის შეემჩნია ფარდებს შორის.

რონე ვერავინ, მაგრამ რონემ კი შეამჩნია პირასი. და ეს იყო საბოლოო განმტკიცება იმ შეხედულებისა, რაც მას ქვეშეცნეულად ადრეც გააჩნდა პირასის მიმართ.

არც გაკვირვება, არც იმედგაცრუება, არანაირი მსგავსი გრძნობა არ დაუფლებია. მხოლოდ ერთი, ნაძალადევად შეთითხნილი ფიტულის ბოლთისცემა ჩარჩენოდა გონებაში.

იმ საღამოს ვერ განეწყო რონე შვილთან სასაუბროდ. შემდგომ დღეებში კი მომენტი ვერ შეარჩია, ენნიეს დღის განრიგი იმდენად გადატვირთული იყო, რომ როგორც მამამ, ვერ გაწირა საკუთარი შვილი მძაფრი ემოციებისათვის, ასეთი საპასუხისმგებლო კონცერტების პარალელურად.

ისევ შემდგომისთვის გადადო.

და ეს შემდგომი იქნებოდა მას შემდეგ, რაც დაგეგმილ, ბოლო გამოფენას ბენეფისს დაარქმევდა და საბოლოოდ  დამკვიდრდებოდა სახლში.

...

რონეს მეუღლისთვის ნანახის შესახებ არაფერი უთქვამს.

მას შემდეგ, რაც კესანესთან ერთად დაბრუნდა საფრანგეთში, მეუღლის საპატივსაცემოდ, ჟივერნისთან ახლოს გადავიდა საცხოვრებლად, ოჯახით.

იმ საღამოსაც გვიან შებინდებამდე ისეირნეს რონემ და კესანემ ერთად. ადრე ყოველი ასეთი სეირნობა შვება იყო ახალგაზრდობის წლებში ერთმანეთგამოტოვებული ადამიანებისათვის.

ახლა კი აღარ მოვიდა შვება რონეს გულთან.

ფიქრებით პირასის მტაცებლური სახის გარშემო ტრიალებდა და ეძებდა გზას, როგორ ჩამოეშორებინა ეს ბოროტი, საკუთარ მანკიერებებზე შეყვარებული ფიტული ენნიესათვის. ყველაფერს დათმობდა, საკუთარ სიცოცხლესაც კი, ოღონ ენნიეს არასდროს სტკენოდა დაუმსახურებლად.

მოიფიქრა კიდეც.

და მოიყვანდა სისრულეში როგორც კი გამოსამშვიდობებელი გამოფენის ბოლო სტუმარს გაისტუმრებდა.

...

ადრეც ბევრი ჰქონდა ნაფიქრი ბენეფისისათვის რომელი ქალაქი შეერჩია.

პარიზი ბოლომდე მშობლიური მაინც ვერ გამხდარიყო მისთვის. პატრიოტული გრძნობები და სამშობლოს ნოსტალგია შემოსჩვეოდა სიბერის ჟამს. დედის საფლავი ენატრებოდა საშინლად,  ვეღარც რომ მიაგნებდა ვერასდროს.

და მაინც რომი გადაწყვიტა. ნეიტრალური ადგილი იქნებოდა მისი ემოციებისათვის.

ბენეფისისათვის საგანგებოდ შერჩეული და მისთვის ფასდაუდებელი ექსპონატები სპეციალური დაცული საცავით, მატარებლით გააგზავნა, გამოფენის სანდო ორგანიზატორების იმედად. თავად კი მეუღლესთან ერთად გამგზავრება გამოფენის წინა საღამოსთვის დაგეგმა.

ამ ჯერზე არ სურდა ნახატების წყობაზე ეზრუნა, არც განათებაზე და სხვა დეტალებზე სურდა ფიქრი.

უნდოდა საკუთარი გამოფენის ბოლო სტუმარი ყოფილიყო.

ენნიეს არასდროს მოსწონდა გამოსამშვიდობებელი ცერემონიები. საკუთარ წარმოსახვაში ყველაზე ბუმბერაზი მამის ციცქნა შვილად გრძნობდა თავს. ზუსტად იცოდა, ახლა ძალიან გაუჭირდებოდა ემოციების კონტროლი, ამიტომ დასწრებაზე თავიდანვე უარი განაცხადა. რონეს რომ არ სწყენოდა, მიზეზად მოახლოებული ტურნე დაასახელა და შინ დარჩენა ამჯობინა.

რონეს და კესანეს იმდენი მოგზაურობა უწევდათ, რომ ენნიე თავისი რეჟიმის წყალობით, ნამდვილად ვერასდროს ახერხებდა მათ მიცილებას აეროპორტში.

ახლა პირველი შემთხვევა იყო, რომ გასაცილებელი პუნქტის ბოლო წერტილამდე მიაცილა მშობლები, ორივე გულში ჩაიკრა და ისე რომ რონეს მის თვალზე ცრემლი არ შეემჩნია, სწრაფად გამობრუნდა.

გამობრუნდა და საშინელი მარტოობა დაეუფლა. გვერდით პირასი ედგა, მაგრამ მარტო იყო ენნიე, ვერავის და ვერაფერს ხედავდა საკუთარი მარტოობის გარდა.

რატომ დაეუფლა ასეთი პანიკური შიში ვერ მიხვდა, ალბათ იმიტომ, რომ პირასი ვერც ახლა და ვერც ვერასდროს ვერ ათბობდა მის კლავიშებისაგან დაღლილ ხელისგულებს.

ისევ გაჰკრა ერთ დროს გულის პარკუჭებში ჩაბეჭდილმა უსიამოვნო შეგრძნებამ.

და ამ შეგრძნებამ გაახსენა პირასის არსებობა.

იმ ღამეს პირასთან ერთად ყოფნა არ ისურვა, სახლში მარტო დარჩა, მაგრამ  ღამე მაინც კუნაპეტი და მუნჯზე უხმო იყო მისთვის.

დილით საშინელმა ამბავმა მოიცვა მთელი პარიზი.

თვითმფრინავი, რომლითაც რონე და კესანე გაემგზავრნენ, აფრენიდან რამოდენიმე წუთში ჩამოვარდნილიყო. მაშველებს ვერც ერთი მგზავრის ცოცხლად გადარჩენა ვერ მოეხერხებინათ.

ეს იყო ყველაზე საშინელი წუთები ენნიეს ცხოვრებაში.

წუთები, რომლებსაც მისი რამოდენიმე წლის სიცოცხლე ერთიანად გაექროთ.

არ ახსოვს როგორ გამოვიდა სახლიდან, როგორ გადაკვეთა ქუჩა და როგორ აღმოჩნდა აეროპორტში.

მიდიოდა თმაგაწეწილი, ყვრიმალებზე ცრემლშეყინული და საკუთარი თითების ტკაცუნის ხმა გულის ბაგაბუგივით ჩაესმოდა ყურში.

საინფორმაციოსთან ხალხი ირეოდა. გაუცნობიერებლად მიიწევდა წინ და ეგონა, ფორთხვით მიჰყვებოდა ხალხის ნაკადს. უეცრად ვიღაცის ჩახუტება იგრძნო. გულის პარკუჭებში ჩაბეჭდილმა უცნაურმა გრძნობამ ამ ავადსახსენებელ ჟამსაც შეახსენა თავი. იგრძნო რომ სიცარიელით იყო პირასის ჩახუტება სავსე.

პირასის გვერდით მილა შენიშნა. ორივე მის გამხნევებას და თანადგომას ცდილობდნენ.

სიყვარულის ნიჭი არ ჰქონდა პირასს. შესაბამისად არც ცრემლების ექნებოდა ოდესმე.

-         როგორ შეგვაშინე ენნიე, სახლში რომ არ დაგვიხვდი მე და პირასს, სიჩუმის გაფანტვა სცადა მილამ - ორივე შენსკენ გამოვქანდით, როგორც კი ეს ამბავი გავიგეთ.

ენნიეს ხმა არ ამოუღია. გაფითრებული იდგა და ცრემლებს თვალებს უკან ყლაპავდა, ცხედრების ამოსაცნობად გამოძახების მოლოდინში.

-         ენნიე, ახლა სახლში უნდა დავბრუნდეთ, - მხრებზე შემოჰხვია ხელები პირასმა.

-         რას ჰქვია სახლში, კი მაგრამ ჩემები ... თვალები უფრო მეტად დაუვიწროვდა გოგოს.

-         რამოდენიმე დღე დასჭირდება ამ ყველაფრის დასრულებას. - მშვიდად უპასუხა პირასმა.

დასრულებას ... დასრულებას ... დასრულებას ... ჩაქუჩივით მონოტონურად ჩაუკაკუნეს სიტყვებმა ენნიეს.

ღმერთო, რა ხისტი ადამიანია, მოუხეშავი, შხამიანი ... თვალებმა პირი იბრუნეს პირასისაგან.

ლოდინი დიდ ხანს გაგრძელდა.

სამი დღე ცოცხალ-მკვდარი, ემოციადაშრეტილი იწვა ენნიე მშობლების მოსასვენებელ ტახტზე ზაფხულის ბაღში და მათი სუნთქვით გაჯერებულ პატარა ბალიშს გულის ფიცრიდან არ იშორებდა.

მამის მეგობრები სათითაოდ აკითხავდნენ გოგოს. მის გამხნევებას ცდილობდა ყველა.

ისეთებიც ბევრი იყვნენ, საერთოდ რომ არ იცნობდა. მაგრამ მამა ხომ იცნობდა მათ.

მილა გვერდით ეჯდა და ხან რას მიურბენინებდა, ხან რას. ცდილობდა საკუთარი ემოციები ზრუნვით გამოეხატა.

სამაგიეროდ პირასი დადიოდა აქეთ-იქით აქტიურად.  ცხედრების ამოცნობამდე ერთი დღით ადრე, საქმიანი სახით რაღაც საბუთები მიუტანა. აუხნა, რომ ეს ყველაფერი საქმის დასრულებისთვის იყო აუცილებელი.

ისევ... დასრულება...დასრულება...დასრულება... ჩაუჩაკუნეს ტვინში პირასისეულმა სიტყვებმა. არც დაუხედია რაზე აწერდა ხელს, ოღონდ მეტი აღარაფერი მოესმინა და სასწრაფოდ მოუწერა ხელი.

და აი დადგა ავბედითი წუთი, როდესაც ამოსაცნობთა სიაში მისი გვარი გამოაცხადა  ხმამ.

ვერ შევიდა პროზექტურაში.

პირასმა მისი ხელმოწერილი დოკუმენტი ააფრიალა.

აი, ძვირფასო ვიცოდი რომ მე მომიწევდა შენს მაგივრად შესვლა და წინასწარვე ვიზრუნე ამაზე, - დამადლებულივით მიახალა გოგოს.

ენნიეს ძალიან სტკიოდა, გაუსაძლისად სტკიოდა და უჭერდა სატკივარი. სამაგიეროდ პირასს არ გასჭირვებია შესვლა. როგორი სახითაც შევიდა, იგივე გამომეტყველებით დაბრუნდა უკან, იმ განსხვავებით, რომ ენნიეს წვრილ მაჯაზე შესისხლხორცებული, ბროწეულის ყვავილებამოტვიფრული სამაჯურის იდენტური, ორი ცალი სამაჯური ეჭირა ხელში.

ენნიე გახისტებული სახით მისჩერებოდა მწუხარების გამზიარებელთ. ზღვა ხალხი მისულიყო მისასამძიმრებლად, ბოლო არ უჩანდა ხალხის ნაკადს. ენნიე კი თავს უკიდურესად მარტოსულად გრძნობდა.

დიდი მხატვრის დაკრძალვა მეუღლის ნეშტთან ერთად პერ-ლაშეზის სასაფლაოზე გადაეწყვიტა ქვეყნის მთავრობას. განსაკუთრებული ადგილიც უკვე შეერჩიათ.

ენნიეს გონება სხვას კარნახობდა. დიდხანს ჩიჩქნიდა საკუთარ ტვინში მახსოვრობის ნეირონების სიღრმეს, ცდილობდა აღედგინა თუ ოდესმე უსაუბრია მამას მასთან გარდაცვალებაზე, ან ზოგადად სიკვდილზე, მაგრამ ვერაფრით გაიხსენა. მერე კი საკუთარ თავთან წაკამათდა, ადამიანები ხომ მაშინ ახსენებენ მსგავს თემებს, როდესაც მისი ძალიან ეშინიათ და ირგვლივმყოფებისაგან ელიან გამხნევებას. მამას კი საერთოდ არ ჰქონდა სიკვდილის შიში.

და მამა საერთოდ როგორ მოკვდებოდა, ის ხომ ბუმბერაზი იყო, საუკუნეებს გაცდენილი შედევრების შემქმნელი.

დედა... დედაც ძალიან უყვარდა. სულ ეგონა რომ მამა უფრო უყვარდა, მაგრამ ახლა აღმოაჩინა, თურმე ეს ორი ადამიანი ერთმანეთთან ყველაფრით თანაზიარი, ხელჩაჭიდებული ამ ქვეყნადაც და იქაც, ისე დამსგავსებოდნენ ერთმანეთს, რომ ვეღარ შეძლებდა  სიყვარულით სავსე ტკივილიანი გრძნობების განცალკევებას.

განსაცდელი აძლიერებს ადამიანსო, დედისგან ხშირად გაუგონია. თავად კესანე, ისე არ დაიძინებდა, რამოდენიმე წუთით მაინც არ ელოცა ხატების კუთხესთან. ენნიესაც, თავისი მუსიკალური სმენის წყალობით, ფსალმუნები ადვილად  გაეზეპირებინა, მართალია შინაარსი თითქმის არ ესმოდა, მაგრამ მაინც თავიდან ბოლომდე უშეცდომოდ გეტყოდათ რომ გეკითხათ.

იმ საღამოს ფეხებმა თავისით მიიყვანეს ხატების კუთხესთან. რომელიღაც ფსალმუნის ტექსტი თავისით ჩაიბუტბუტეს ტუჩებმა. თითქოსდა შვებაც მოჰგვარაო, დედის თვალების ვედრებადამახსოვრებულმა ღვთისმშობლის ხატმა.

ახლაღა გაახსენდა, ხატების პარალელურ კუთხეში, დიდი ნახატის უკან სეიფი რომ ჰქონდა რონეს ჩაშენებული.

წინდახედულ მამას წერილობითი ანდერძი დაეტოვებინა, სადაც ითხოვდა, რომ გარდაცვალების შემთხვევაში საკუთარ სამშობლოში დაეკრძალათ მისი ფერფლი, ოღონდ არა დიდგვაროვანთა სასაფლაოზე.

თურმე რონესაც ეშინოდა სიკვდილის? არა, საერთოდ არა. ფიქრსა და შიშს შორის დიდია სხვაობა.

ენნიე დაბნეული შესცქეროდა ანდერძს. ახლა არანაირად არ ყოფნიდა ძალა მშობლის სურვილი შეესრულებინა.

ისევ ღვთისმშობლის ხატთან დაბრუნდა და ხმამაღლა დადო პირობა, რომ პერ-ლაშეზის სასაფლაო მხოლოდ დროებითი განსასვენებელი იქნებოდა მისი მშობლებისათვის.

...

დაკრძალვის ცერემონიალზე უამრავ ადამიანებს მოეყარათ თავი.

ეს დღეები ენნიეს პირასი გვერდიდან არ მოშორებია, მაგრამ მისი სიცარიელის სიმძიმე პარკუჭებში ადრე ჩაბეჭდილ უსიამოვნო გრძნობას კვლავ უღვივებდა და უფრო უმძაფრებდა მშობლებისაგან მიტოვებულის შეგრძნებას.

არც ერთს არ გამოთხოვებია. არასდროს ეთანხმებოდა სამუდამო დამშვიდობების ტრადიციას. ისინი ხომ ისევ მასთან იყვნენ, გულში და მაჯაზეც ხომ ახლა ერთის მაგივრად სამმაგად მოხატული სამაჯურები ეკეთა.

პირასის მშობლები, ჯეფრი და ლესია ბოლო ერთი წელი ლესიას სამშობლოში გადასახლებულიყვნენ. ორივე ცუდ, სიბერის ბევრ დაავადებას ერთად შეეწუხებინა და ამიტომ ვერც ერთი ვერ ჩამოსულიყო მეგობრებთან გამოსათხოვებლად.

მისდა გასაკვირად, გონებამ ყველა იმ ადამიანის სახე დაიმახსოვრა, ვინც ენნიეს პირისპირ გამოხატა მწუხარების ემოცია, იქნებოდა ეს სიტყვა თუ ხელის ჩამორთმევა.

თეთრ ლაბადაში გამოწყობილი, ჭაღარაწვერიანი კი განსაკუთრებულად დიდხანს შემორჩა მისი მხედველობის ველს. ერთი შეხედვით თითქოსდა გააღიზიანა კიდევაც მისმა სითეთრემ, მაგრამ სათვალის სქელი, დაფერილი შუშები, ისეთ უშველებელ სევდაში ჩაძირული მიშტერებოდა გოგოს თვალებს, რომ გულით ისურვა, ეს არავისთვის ნაცნობი, კიდევ დიდხანს დაყოვნებულიყო მშობლების განსასვენებელთან.

ერთ კეთილ შემხვედრს მიამსგავსა. სანამ სკოლას დაამთავრებდა, რამოდენიმე წლით ადრე ტკბილეულობის მაღაზიაში რომ გაუღიმა დედასთან მოსეირნე გოგოს და ყველაზე განსხვავებული კამფეტებით რომ დაასაჩუქრა. გაახსენდა, რომ მგონი დედამაც თბილად მოიკითხა უცნობი.

თეთრ ლაბადაში თეთრი ხალათი იმალებოდა. ამჯერად სრულიად მარტო ჩამოსულიყო. და არც არავინ იცოდა მისი იქ ყოფნის ამბავი.

...

მარტოობიდან რამოდენიმე დღეში, ისევ ენნიეს გაახსენდა, რომ გამოფენისათვის, რომში, რონეს მიერ წინასწარ გაგზავნილი შედევრების უკან გამოთხოვა იყო საჭირო. ამას პირველ რიგში ბევრი ოფიციალური საბუთი დასჭირდებოდა და დრო. ეს უკანასკნელი კი  თავზესაყრელი ჰქონდა ენნიეს.

ნახატები ჯერ კიდევ მხატვრის ოჯახის საკუთრებას წარმოადგენდა და ამიტომ სახელმწიფო მხოლოდ ტრანსპორტირების პასუხისმგებლობას  თუ აიღებდა თავის თავზე.

ყველა დოკუმენტზე ენნიეს ხელმოწერა იყო საჭირო.

გარკვეული ხნის შემდეგ გოგომ აღმოაჩინა, რომ ვიღაცას უკვე მოეხერხებინა, უმეტესობა შედევრების უკან დაბრუნება.

-         მაგრამ ვინ იყო ეს ვიღაც?

-         ნუთუ მის გარეშე ვინმემ მოაწერა ხელი დოკუმენტზე?

-         ან იქნებ ვინმემ გააყალბა ხელწერა?

-         მაგრამ ვინ?

თავის ნერვებს აწყდებოდა ენნიე და ვერაფრით ახერხებდა დამშვიდებას.

პირასი მთელი ეს პერიოდი მუდმივად თან ახლდა. წუთით არ ტოვებდა განერვიულებულ გოგოს.

როგორც იქნა დარჩენილი ნახატების ნაწილი დაიბრუნა. მცირედი იყო ის დაბრუნებული.

უმეტესობა ძვირფასი შედევრებისა უგზო-უკვლოდ გამქრალიყო.

გადმოცემული დოკუმენტების ასლი, ერთი-ერთში იმეორებდა ენნიეს ხელმოწერას.

ისევ პირასს მიმართა რჩევისათვის.

-         პირას, აუცილებლად უნდა დამეხმარო, უნდა ჩავიდეთ მე და შენ რომში და ადგილზე უნდა გავეცნოთ დოკუმენტების დედანს! - კატეგორიული ტონით მოითხოვდა გოგო.

-         აუცილებლად ენნიე, მე ყველა საქმეს გადავდებ და სასწრაფოდ გავემგზავროთ რომში,  - მყისეული იყო პირასის თანხმობაც.

ენნიე რაღაცნაირად დაწყნარდა. მოეჩვენა, რომ ეს პირველი შემთხვევა იყო როცა დამამშვიდებელ სიტყვებს ისმენდა პირასისაგან.

მთელი ეს პერიოდი, ღამის მარტოობას ეჩვეოდა ენნიე. ბევრჯერ სთხოვა პირასმა ან მე დავრჩები ან ჩემგან აღარ გაგიშვებო, მაგრამ ისევ მშობლებისეული ერჩივნა. ეგონა, სახლის კარს თუ გამოკეტავდა მშობლებს გამოამწყვდევდა შიგნით. პირასის დარჩენით კი ისინი სამუდამოდ გაიქცეოდნენ სასაფლაოზე.

...

ის ღამეც და მეორე დილით რომში მიემგზავრებოდნენ ენნიე და პირასი.

ისევ ვერ დაიძინა შუაღამემდე.

ამდენი ხნის შემდეგ, პირველად მიუახლოვდა ინსტრუმენტს. ფრთხილად ახადა და თითის წვერებით ოდნავ შეეხო. ნაღვლიანი მელოდია თავისით ააჟღერეს კლავიშდანატრებულმა თითებმა. ცრემლები ღაპა-ღუპით ეწვეთებოდა კლავიატურას და  სევდის სინქრონთან თანხვდენილი ჯიუტად ახსენებდა, რომ ზურგსუკან უხმოდ ჩამომჯდარი, კმაყოფილებისაგან თვალმინაბული, სმენადქცეული მშობლები ვეღარასდროს დაესწრებოდნენ მის კონცერტებს.

უცებ საშინელი სიმარტოვე იგრძნო. აი ისეთი უკაცრიელ კუნძულზე რომ წარმოიდგენ, რომ ხარ და რომ იცი, მეორე ბოლოში მხოლოდ ერთი ვიღაც რომ ცხოვრობს, მერე ძალიან რომ შეგეშინდება და ცხრა მთას და ცხრა ზღვას რომ გადალახავ მასთან შესახვედრად.

საღამურზე მოსასხამწამოფარებული ენნიე შუაღამისას პირასის სახლს მიუახლოვდა. შესასვლელი კარები ღია დახვდა. სამზარეულოდან მკრთალი შუქი გამოდიოდა, ნაცნობი საუბრის ხმაც შემოესმა, მაგრამ უეცრად ვერ წარმოიდგინა, ვინ შეიძლება ყოფილიყო პირასთან ასეთ დროს სახლში.

პირასი სტუმრიანობით დღისითაც არ გამოირჩეოდა. ღამით კი აუცილებლად მისთვის სამყოფი საათები ეძინა, რათა სრულად აენაზღაურებინა იმ დღეს დახარჯული ენერგია. საკუთარი თავის მოყვარული იყო პირასი დღეც და ღამეც. ამიტომაც ხდებოდა მისი უჟმური ემოციების მსხვერპლი ნებიემიერი, ვინც ნებსით თუ უნებლიედ დისონანსს შეიტანდა მის გადაწყვეტილებებში. პირასი მშვენივრად ახერხებდა დიდი პუბლიკის მართვას, შთამბეჭდავად ართმევდა თავს გრანდიოზულ სასცენო შოუებს და ეს იყო ის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც  უმეტესობა  ცდილობდა არ გაეფუჭებინა მასთან ურთიერთობა.

და ყველაზე მეტად რა აღიზიანებდა პირასს? ამდენ ხალხს მართავდა და ერთი, ენნიე ვერაფრით მოედრიკა ბოლომდე. მუდმივად აწყდებოდა მისგან შინაგან წინააღმდეგობას, რაც მის ჟინს უფრო მეტად ახელებდა და უფრო მეტი სისავსით ცდილობდა გოგოს მესაკუთრეობას.

...

ფეხაკრეფით აიტუზა სამზარეულოს კართან და სუნთქვაგასუსულმა მიაყურადა.

ქალის სადღაც ძალიან ხშირად და ახლოს გაგონილმა ხმამ აიძულა კარის ღრიჩოში შეეხედა. პირასის ზურგი ჩანდა მხოლოდ, ნაცნობი ხმისათვის ხელები კისერზე შემოეჭდო და კმაყოფილი რაღაცას ყვებოდა. მაგიდაზე ორი, ბოლომდე დაცლილი ღვინის ბოთლი იდგა.

ენნიე გაფართოებული თვალებით შესცქეროდა მილასა და პირასს.

აღარაფერი ესმოდა, აღარაფრის დანახვა აღარ უნდოდა, სუნთქვაშეკრულს ეგონა, რომ მისი გულის ბაგა-ბუგი სამზარეულოში მყოფებთანაც აღწევდა.

უეცრად პირასი გაგიჟებულივით წამოიჭრა და მაგიდაზე შემოხტა. პერანგი შემოისხლიტა ერთი ხელის მოსმით და ჰაერში ააფრიალა. თვალები დაჭრილი პანტერასავით უელავდა, ღვინისაგან შეწითლებული ტუჩის კუთხეებით კი მართლაც საზარელ, მტაცებელ ცხოველს ჩამოჰგავდა.

-         მილა! აღიარე რომ მაგარი ვარ! ძალიან მაგარი ვარ! ყველაზე მაგარი ვარ მსოფლიოში!  ყოველთვის ვასრულებ იმას, რასაც ჩემს თავს ვპირდები!

მილას აჟუჟუნებული სახე ორივე ხელისათვის ჩამოეყრდნო და გაბრწყინებული თვალებით ყველაფერზე ეთანხმებოდა.

გიჟდებოდა პირასი ბედნიერებისაგან, როდესაც ვინმე აღიარებდა მისი პიროვნების განსაკუთრებულობას. იმ წუთას ვერ აცნობიერებდა ვისგან იყო ეს აღიარება. მთავარია რომ იყო. სწორედ ამიტომაც მისი ემოციები მუდმივად ცვალებადობდა და სასტიკად უფუჭდებოდა გუნება-განწყობილება, როდესაც  იმ ადამიანებისაგან ვერ ისმენდა იგივეს, ვისგანაც  მოისურვებდა.

ასეთთა რიგებში პირველი ადგილი ენნიეს ეკავა.

მაგრამ ენნიე ახლა აღარ აინტერესებდა. ხომ გადაუხადა სამაგიერო მის დაუმორჩილებლობას, ხომ მიისაკუთრა რონეს შედევრების საუკეთესო ნაწილი. ახლა მშვიდად დატოვებდა ქვეყანას, ისე რომ ენნიე ვერც ვერასდროს გაიგებდა მის ადგილსამყოფელს და რომც გაეგო რა?..  ვერც ვერასდროს დაუმტკიცებდა ვერაფერს.

მილა? მილას წაიყვანდა თავისთან. ესეც დროებითი იქნებოდა, მაგრამ ახლა ასე იყო საჭირო.

ენნიემ კედელს მიწებებული სხეული ჩამოფხიკა, ძლივს ჩამოლასლასდა კიბეებზე, გაოგნებული სახე ნიკაპით მიიმაგრა სხეულთან და სახლამდე რის ვაივაგლახით მიაღწია.

იმ დილას პირველად დალია სავსე ბოთლი.

და მას შემდეგ დღე იქცა მისთვის ღამედ და ღამე დღედ.

დრო გადიოდა.

სულ უფრო მცირდებოდა დაგეგმილი კონცერტების რიცხვი კალენდარზე.

ტურნე? ... მშობლების არყოფნის შემდეგ ხომ ტურნეს გაფიქრებაც  ზედმეტი გამხდარიყო.

პირასის თვალსაწიერიდან გაქრობას მალე და ადვილად მიეჩვია საზოგადოება.

მხოლოდ ენნიესათვის დაეტოვებინა მოუშუშებელი შურისძიების შეგრძნება. რას შეცვლიდა? ვერაფერს. ხშირად დასიზმრებია ხელმოწერილი დოკუმენტები, დიდი წვალებით რომ ფურცლავდა ძილში, გაფაციცებული რომ ეძებდა ვინმე სხვის ხელწერას, მაგრამ ყველგან რომ საკუთარს აწყდებოდა მაინც. ეს ის ფურცლები იყო, პროზექტურიდან გამოგზავნილ საბუთებთან ერთად რომ შეეპარებინა პირასს ხელმოსაწერად.

შურისძიებას ვერასდროს შეძლებდა. მაშინ ფიზიკურად უნდა გასწორებოდა პირასს. მისი თითები კი იარაღის სასხლეტისათვის არ გაეზარდათ.

თითები ... თითები ... მოშიებოდათ ნოტები  თითებს, სასმელმოძალებულებს კანკალი უკრთოდათ შიგადაშიგ.

ცხოვრებას როლები გაეცვალა.

ადრე პირიქით იყო, უამრავ წარმატებულ სასცენო რეჟისორს სურდა მისი პროგრამის ხელმძღვანელობა და პიანისტი ირჩვევდა საბოლოოდ, ახლა კი  ენნიე დაეძებდა მათ და ძალიან ბედნიერი იყო თუ რომელიმეს დაითანხმებდა.

ბინდისფერი გამხადრიყო მისი ცხოვრება, ამ ფერს მამა არაფრისფერს ეძახდა და იშვიათად იყენებდა საკუთარ შემოქმედებაში. ენნიემ კი სიცივის, სიყალბის, უნდობლობის, ეჭვიანობის, მარტოობის, სიკვდილის შიში დაარქვა.

ერთ დღესაც უზომოდ ბევრი დალია, მოეჩვენა რომ მარტო აღარ იყო.  მისაღებ ოთახში კედელზე ჩამოკიდებული  ყველა ნახატიდან მამისეული თვალები გაბრაზებით უმზერდნენ და სასტიკად ამხელდნენ უკადრის საქციელში. ვერ მიხვდა საიდან წამოვიდა არაბუნებრივი ენერგია, სათითაოდ მიადგა დიდი კიბე ყველა ნახატს და ადრე რომ ორმა წყვილმა ხელმა ძლივს დაკიდა, ახლა სათითაოდ ჩამოხსნა ყველა ერთად. თლილ თითებს ფოლადის სიმტკიცე მორეოდათ და ერთმანეთზე მიყოლებით ახვავებდნენ პირასისეულ გასხვისებას გადარჩენილ შედევრებს მშობლების საძინებელში.

როგორც იქნა დაასრულა კედლების გაშიშვლება. დედ-მამისეული ოთახის შუაგულში მთად აღმართულ ნახატებს, ისევ მშობლების ნაქონი საწოლის გადასაფარებელი გადააფარა, კარები გამოიჯახუნა და ღონემიხდილს, იქვე, იატაკზე  ჩაეძინა მკვდარივით.

დილის სიცივემ შემოუსწრო გამხდარ ფერდებქვეშ. სიცარიელემ თვალები იძულებით გაახელინა და საკუთარ მაჯებზე, მზის სხივზე აკიაფებულ, ბროწეულის ყვავილებს მიატმასნა გადაციებული მზერა.

გახუნებული მოეჩვენა მაჯები.

ხელბორკილებს მიამსგავსა ხსოვნადაკარგული სამაჯურები და უხეში ხელის მოძრაობით ყველა ერთად მოიძრო.

ჯიქურ შეაღო მშობლების საძინებლი.

სუდარაგადაფარებული ნახატების დანახვისას, უფრო გაშმაგდა. ვეღარ აიტანა საკუთარი სინდისი და მისგან რომ უფრო შორს ყოფილიყო, ხელში შერჩენილი, დამჭკნარი სამაჯურები სუდარის ქვეშ ახოხოლავებულ ნახატებში მიჩქმალა.

...

იმ საღამოსათვის დაგეგმილი კონცერტი მოეჩვენა, რომ მეორე საღამოს უნდა ჩაეტარებინა.

მონატრებულივით აღარ მიუჯდა ინსტრუმენტს.

შიოდა. ერთმანეთში არეული სულიერი და ხორციელი შიმშილი სასადილო ოთახისაკენ ექაჩებოდა.

ერთმანეთის მიყოლებით გამოაღო კარადები. დაობებული ყველის ნაჭრისა და პურის გამხმარი ნატეხის გარდა ვერაფერი აღმოაჩინა.

კარადაში ჩამოკიდებული ჩანთებიდან ყველა ერთად გამოიღო და პირქვე გადმოატრიალა. ძლივს შეაკოწიწა ერთი სადილის სამყოფი ფული. გახარებულმა გასწია ყველაზე ახლოს მდებარე მაღაზიისაკენ. რამდენი ხანია ცხელი სადილი აღარ ეჭამა. თავისთვის დაგეგმა რა უნდა ეყიდა, რომ საკუთარ თავს დღეს მაინც გამასპინძლებოდა ადამიანურად.

შეშუპებული ქუთუთოებით გაუწოდა ბოლო ქაღალდის ფული გამყიდველს. თვალის კაკლები მაინც სასმელისაკენ გადაგორებოდა. პური, ცოტაოდენი შაქარი და ორასი გრამი ძეხვიც ამიწონეთო ითხოვა დამუწული ტუჩებით.

სახლში დაბრუნებულს მისაღებში რიკე დახვდა.

დღევანდელი საღამოს  კონცერტი ხომ რიკემ დაუგეგმა. რიკე დამწყები სცენარისტი იყო. ხუთიოდე წლით უმცროსი ენნიეზე. გაუბედავ ყმაწვილს გაუბედავად უყვარდა ენნიე. ენნიეს კი ეჩვენებოდა, რომ ახლანდელი ენნიე აღარავის სჭირდებოდა და ამიტომაც ჩამოიშორა ყველა ირგვლივ. აღარავინ  სჭირდებოდა სულის მახლობლად.

-         აქ რას აკეთებ რიკე ? - ხრინწიანი ხმით დაუბრიალა თვალები ყმაწვილს.

-         მე, მე .. მოგაკითხე ... დღეს ხომ კონცერტი გაქვს, ძლივს მოვახერხე რომ ნახევარი ბილეთები მაინც გაყიდულიყო ენნიე ....

კონცერტი ... კონცერტი ... კონცერტი...  დატრიალდა სცენის გარშემო ენნიეს წარმოსახვა ...

წამით წარმოიდგინა ბრწყინვალედ შესრულებული ბეთჰოვენის პათეტიკური, ტემპესტი, ავრორა ...

მერე? ...  აღტკინებული მსმენელი და ღაწვებზე შესამჩნევად წამოწითლებული ენნიე.

და უცებ მზერა გაუცივდა.

-         ხო მაგრამ უნდა კი ვინმეს ჩემი მოსმენა დღეს? გადაიხარხარა გაწეწილ თმებქვეშ და სასმელით სავსე ბოთლი ტუჩებთან მოწკურა.

ენნიეს ბღვერას და საკუთარ გაუბედაობას მიჩვეული რიკე ვერ ახერხებდა მოეფიქრებინა, რა ფორმით შეეძლო ენნიეს გადმობირება და სააქაოს მობრუნება.

გოგო შესასვლელის კიბესთან ჩამოჯდა.

-         ბოლოჯერ გთავაზობ, არ გინდა რომ დალიო? - არც ის ახსოვდა, რომ პირველად სთავაზობდა სასმელს.

-         ენნიე, ძვირფასო მომისმინე ... - სიტყვა ვეღარ გააგრძელა რიკემ

-         მე? მე რომ არავის ძვირფასი არ ვარ... - ამოიოხრა ენნიემ, ხომ ხედავ საძინებელსაც ვერ გთავაზობ, იმიტომ რომ არ მაქვს, დღეს გამოვკეტე და რომც მქონდეს შენთვის ვერ გავიმეტებდი. - ისევ გადაიხარხარა გოგომ და კარების მიჯახუნებით სახლში გაუჩინარდა.

გაზრდილიყო? - არა. დაქალებულიყო? -  არა. დაბერებულიყო ენნიე.

...

იმ საღამოს რიკეს ბოდიში, კონცერტი ჩაიშალაო, შეურაცხყოფად მიიღო ისედაც მცირერიცხოვანმა მსმენელმა. გაბრაზებული ბუტბუტით მიმავლებს ეტყობოდათ, რომ სამუდამოდ აეცრუებინათ გული ენნიეზე.

ასე ნელ-ნელა, ყველა გულშემატკივარი შემოიფანტა ენნიეს ირგვლივ.

რიკეს მაინც უყვარდა. ამ სიყვარულს კი შეცოდებას ეძახდა ენნიე და იმის მაგივრად, რომ ერთადერთ ნათელ სხივს ჩაჭიდებოდა და ჭაობიდან ამოეთრია საკუთარი თავი, პირიქით იქცეოდა, რიკეს გამუდმებით ტუქსავდა და მუდამ არარაობად აგრძნობინებდა თავს.

რიკეს ბოლო გაბრძოლებაზე, დაყვავებით რომ ჰკითხა - ენნიე ასე აპირებო სიკვდილს?  - დამცინავად უპასუხა, ნუ გეშინია, შენს გულში მაინც არასდროს მოვკვდებიო.

....

რიკემ ფიზიკურად მიატოვა ენნიე. შორიდან კი მაინც უთვალთვალებდა, რამე არ მოეწია საკუთარი თავისთვის გზააბნეულს.

...

მშობლების ოთახში იმ დღის შემდეგ არ შეუხედავს. ეგ კი არა, გველისნაკბენივით ეშინოდა მისკენ გახედვისაც. სამაგიეროდ დანარჩენი ოთახები თითქმის ბოლომდე შემოაცარიელა. ყველა უბრალო თუ ძვირფასი ნივთი გაყიდა.

მხოლოდ ინსტრუმენტი ვერ დათმო. მის სიახლოვეს იატაკზე ფარდაგებით მოიწყო საწოლი და თუ გარეთ არ დაათენდებოდა, იქ იძინებდა მოკუნტული.

ძირითადად სვამდა...ეწეოდა...ხანდახან უკრავდა ... ბოლო დროს რამდენჯერმე ინსტრუმენტის ფეხზე შემოხვეულს გამოეღვიძა, ცრემლებით დაფარული სახე კიდევ უფრო მძიმე მომავლისკენ ექაჩებოდა.

ერთ დღესაც აღმოაჩინა, რომ აღარაფერი ჰქონდა გასაყიდი მამის ნახატების გარდა.

ინსტრუმენტს მაინც არავის დაუთმობდა.

პირველი ტილო ხელების კანკალით გაყიდა, ცრემლების ხავილით დაბრუნდა სახლში. არც ისე ბევრი გადაუხადეს, როგორც ვარაუდობდა.

სხვებს აღარ გავყიდიო თავის თავს შეჰპირდა. ფულის ნაწილი ინსტრუმენტის ქვეშ ამოდო, დანარჩენით კი საღამოს გართობა გადაწყვიტა.

არ ახსოვს, რომ ოდესმე ღრიანცელი მოსწონებოდა. ახლა კი სულ სხვა ენნიე გამხდარიყო, ხალხს გადაჩვეული ენნიე, რომელსაც ხმაური ისე მოსწყურებოდა, როგორც მის სხეულს სასმელი.

იმ საღამოს სხვენში დახვავებული ძველმანებიდან შედარებით შესახედი ამოარჩია და დიდი მონდომებით გამოეწყო. სარკიდან ქუთუთოებშეშუპებული, თვალის კუთხეებთან ნაოჭებასხმული ქალი იმზირებოდა. ყველაფრის მიუხედავად ჯერ კიდევ შეეძლო ენნიეს დაბრუნება. გული მიეცა, მონდომების წყალობით არც თუ ისე ურიგოდ გამოიყურებოდა მისი ანარეკლი.

მაგრამ ძველი ენნიეს დაბრუნება სხეულმა ისევ გადაუვადა.

ასე ჩაება ღრეობადამსგავსებულ მასკარადში.

ნელ-ნელა დაბლდებოდა სუდარაგადაფარებული ხუხულა მშობლებისეული საძინებლის შუაგულში.

სამაგიეროდ ენნიეს ვალები იზრდებოდა კატასტროფული სისწრაფით.

ყველაფერთან ერთად ბანქოს თამაშს ჩაეთრია ენნიე.

ასე გაყიდა მშობლებისეული სახლი და სამადლოდ აღმოჩნდა ერთ პატარა სარკმლიან ოთახში. უსახლკარო მათხოვრობამდეც აღარაფერი აკლდა.

ინსტრუმენტი და მამის უკანასკნელად მოტოვებული, სუდარაშემოხვეული  ნახატი არ  ეთმობოდა ბოლო წუთამდე.

პირასის შეხებადამახსოვრებული სხეულისთვისაც უკვე ნებისმიერი სხვა, სულ ერთი გამხდარიყო.

საკუთარი სხეულით რომ ვეღარ, ბოლოს ინსტრუმენტით გამოისყიდა ყველაზე გარყვნილ მოთამაშე ქალთან წაგებული ვალი.

მის თვალწინ შლიდნენ მისი თითების გამომზრდელს, არა კი არ შლიდნენ, მოეჩვენა რომ უდანაშაულო არსებას ასო-ასო ქნიდნენ. სხვები კი არა, თავად. და ეს თავად უსირცხვილოდ განზე გამდგარიყო სინდისშერყვნილი.

არაადამიანური ტირილი აუვარდა. წარმოიდგინა, რომ მისგან გასხვისებულ თითოეულ შედევრს, იგივენაირად დასტიროდა მამა იმქვეყნად.

იმ წუთებში საკუთარი თავი აირეკლა გაბზარულმა ძველყდიანმა სარკემ.

სარკიდან პირასზე უარესი ქალის სახე უცქერდა.

საკუთარზე უსირცხვილო მოეჩვენა ქალის ფიტული და უეცრად მსხვრევის ხმამ გამოაფხიზლა.

ოთახში მარტო იყო. ირგვლივ ვერცხლნარევი შუშის ნამსხვრევები ეყარა.

მუშებს ასო-ასო აქნილი, მისი თითების გამომზრდელი წაეღოთ და წასულიყვნენ.

დიდი სიამოვნებით, ფეხებისდასისხლიანებამდე ირბენდა ნამსხვრევებზე, რომ არა საკუთარი სინდისის ხმა, სიკვდილთან შერკინებულს უეცრად რომ ამოეხეთქა ხორხს მიღმა.

-         მიდი აბა, იქნებ ამ ნამსხვრევებიდანაც ამოხაპო ვერცხლი მარცვალ-მარცვალ და სასმელის წვეთებზე, ანდაც თამაშის ცრემლებზე გადაცვალო ... მიდი რას უცდი ... ყველაზე დიდი მოღალატე! პირასზე უარესიც კი!  ხომ მაინც შენ გამოდექი! ... მაგრამ მე არ მოგცემ ამის საშუალებას!

მისი გამოფხიზლების საბოლოო შანსის ბოლო წამებს ითვლიდა გულისცემა.

პირასის ხსენებას, გულის პარკუჭში ჩაბეჭდილი  საზიზღარი ემოცია გაეცოცხლებინა და ექოსავით ათგზის უმეორებდა ტვინის პარკუჭებს...

პირასზე უარესი ხარ!... პირასზე უარესი ხარ!... პირასზე უარესი ხარ!...

ორი ენნიეს თანამყოფობა წუთის მეათედი გაგრძელდა ალბათ.

მეტს ვერც  გაუძლებდა.

და ენნიე გადარჩა.

...

დილით მზის სხივმა გამოაღვიძა.

სხვანაირი მზე იყო, სახენაცვალი.

ამდენი ხანი ამ პატარა ოთახში ცხოვრობდა და გაუკვირდა  პირველად რომ შეამჩნია ტაძრის ქონგურაზე აღმართული ჯვარი, მის სარკმელს რომ მთლიანად ავსებდა.

მისთვის ხომ დღემდე, დღე ღამე იყო და ღამე დღე.

აბა ჯვარს როგორ შევამჩნევდიო, თავი იმართლა და თვალი აარიდა სარკმელს.

უეცრად ზარების რეკვის ხმამ გამოარკვია ფიქრებიდან. თითქოს  ამცნობდნენ, რომ ამ ჯვარს ადვილად, მაგრამ საკუთარი ჯვრის სიმძიმეს ვერსად გაექცეოდა და ბოლომდე უნდა ეტვირთა.

-                     კი მაგრამ ძალა? ... აღმოხდა უნებურად და მისმა თვალებმა ვერ შეამჩნიეს, როგორ გაუჩინარდა ცისფერი ნათება კედელს მიღმა.

 

...

 

ქუჩაში სინანულნარევი სიმშვიდით გამოვიდა. სიკვდილის შიში სადღაც გამქრალიყო. სამაგიეროდ სინდისის გრძნობას აემაღლებინა ხმა და მასთან მყოფობას ჰყვედრიდა.

 

ტაძარში სიარულს, ყოველთვის მუზეუმების დათვალიერება ერჩივნა. ახლა კი ზარების ხმას მიდევნებული, როგორ აღმოჩნდა ღვთისმშობლის ხატთან, თვითონაც ვერ გააცნობიერა.

 

ხალხის ნაკადი უზარმაზარ ცათამბჯენში წრეზე მოძრაობდა. ჭრელფერა ფანტელებად შეფერილი მოზაიკური მინიდან ბროწეულისფერი ნაღვლიანად გამოსჭვიოდა. ბროწეულისფერმა რონე გაახსენა, რონემ კესანე... და მოეჩვენა რომ დიდი ხნის წინ ნაძალადევად დავიწყებული მშობლები დიდხანს ელოდნენ ამ ცათამბჯენში.

 

თავბრუ დაეხვა, მერხებს შორის ჩამოჯდა და ჯვარცმას ძლივს გაუსწორა თვალი.

ღვთისმშობლის ხატთან დანთებული სანთელი, ჯვარცმა და ბროწეულისფერი ერთ სიბრტყეზე ვერა და ვერ დაატია.

ქონგურაზე წამოსკუპებული ეშმა ხელს უშლიდა და  ლოცვის სურვილს უქარწყლებდა.

თავს ძალა დაატანა, წამოდგა და ისევ დაიჩოქა ღვთისმშობლის ხატთან. როგორც ობოლმა, ყოველთა დედას შესთხოვა, რომ მხოლოდ ამ ერთხელ დახმარებოდა და მერე არასდროს გადაუხვევდა გზიდან. მიუხედავად თავზემოთ წამოყუდებული ეშმას დამცინავი ქირქილისა, მაინც იმედიანად დატოვა ტაძარი.

ორი დღე და ღამე გადაბმულად ეძინა შემდეგ.

კარებზე გაბმულმა კაკუნის ხმამ გამოაღვიძა.

არავის ელოდა. თვალების ფშვნეტით ჩამოქაჩა სახელური. სახეალეწილი რიკე ბრაზმორეული ცქმუტავდა ზღურბლზე.

-         ძლივს მოგაგენი - დაიწყო რიხით. გამბედავი ტემბრი ეუცნაურა ენნიეს. ცოტათი გაზრდილი მოეჩვენა.  უხმოდ შეიპატიჟა ოთახში და ნახევრადსაწოლზე ჩამოჯექიო მიანიშნა.

მოსვლის მიზეზი არ გამოუკითხავს. ისევ ბიჭმა წამოიწყო თავისით:

-         ენნიე დაკვრას შეძლებ?  - ეს უფრო ბრძანებას ჰგავდა, ვიდრე კითხვას.

ენნიეს მოეჩვენა რომ რაღაც სხვას ეკითხებოდნენ და რამდენიმეჯერ ზედიზედ გაამეორებინა კითხვა.

-                     ჰო... ენნიე, დაკვრას, სცენაზე დაბრუნებას თუ შეძლებ, ამას გეკითხები - ალბათ მეათედ უმეორებდა რიკე.

 

ენნიემ ხელზე რამოდენიმეჯერ მწარედ იჩქმიტა და დარწმუნდა რა სიცხადეში, მყისიერი თანხმობა თავის დაქნევით გამოხატა და ნიკაპთან შეფსკვნილი ცრემლები რომ ჩუმად ჩამოეფერთხა, ზურგსუკან მოიტოვა რიკე.

 

რიკემ ერთი პირობა კი გაიფიქრა ენნიეს მხრები საკუთარ ხელებში მოემწყვდია და აღარასდროს, აღარასდროს მიეცა უფლება რაიმე ეტკინა,  მაგრამ ისეთი დიდი და თან ისეთი პატარა მოეჩვენა ერთბაშად, რომ შეეშინდა... ისევ რომ ვერ მოეზომა რამე, შეიძლება სამუდამოდ დაეკარგა.

 

ფიქრებში წასული ენნიე, მხოლოდ რიკეს ჩახუტებას თუ ინატრებდა ამ წუთას. სხვა ხომ არც არავინ ჰყავდა, სიხარულის გამზიარებელი.

 

მობრუნდა და პატარა ოთახი უშველებლად ცარიელი მოეჩვენა.

 

რომ არა საწოლის კიდესთან გაუბედავად დანატოვარი ფურცელი, იფიქრებდა რომ ყველაფერი ძილში ესიზმრა.

...

იმ საღამოს ისევ ისეთი ენნიე იყო, როგორც უწინ. კოპწია, პრანჭია, დარბაისელი და თავადისეული.

პატარა სარკმელში ჯვრის გარდა თითქმის ვერაფერს ხედავდა. ნუთუ ასე სწრაფად შეუსრულდა თხოვნა?

თითებზე ჩამოსათვლელი დღეები იყო დარჩენილი კონცერტამდე. ამ თავაშვებული  თითებისათვის კი ერთ სივრცეში მოგროვება საწყისად გაუჭირდაო თითქოს. უცხო ინსტრუმენტის ჟღერადობას, რომელიც რიკემ უქირავა, ძლივს მიაჩვია ყური.

სამი თვის სამუშაო სამ დღეში ჩაატია და თითქმის ერთი საათით ადრე გამოცხადდა საკონცერტო დარბაზში.

გახარებული რიკე ბოლთას სცემდა და ეტყობოდა, რომ რაღაც მნიშვნელოვანის თქმას აპირებდა, თუმცა როგორც უწინდებურად, ახლა აღარ იბნეოდა ენნიეს დანახვაზე.

-         ენნიე, იცი ბილეთები სრულად გაიყიდა ... დაუსრულებელი ინტონაციით თქვა რიკემ.

-         შეუძლებელია, რიკე ... რაღაც გაუგებრობაა, ეს ხომ ყველაზე დიდი დარბაზია მთელს საფრანგეთში, მე ვიღას ვახსოვარ, წარმოუდგენელია ... - აღმოხდა ენნიეს.

-         არა ენნიე, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც უნდა შეასრულო, ეს არის ის, რომ მთელი კონცერტის განმავლობაში ისე უნდა დაუკრა, რომ არც ერთხელ არ გაიხედო დარბაზისაკენ. - ძლივს ამოღერღა რიკემ და თავი ჩაღუნა.

-         რიკე ვერ მიგიხვდი ... რას მავალებ? - დაბნეულობა გამოუკრთა ენნიეს თვალებში.

-         დიახ, ენნიე... კარგად დაიმახსოვრე, დღეს არის შენი კონცერტი, აი ყველა გაყიდული ბილეთის სია, სრული ანშლაგი, ნახე, ეს ფულია... სრულად გაყიდული ბილეთების ფული. ოღონდ შენ დარბაზისაკენ არც ერთხელ არ უნდა გაიხედო! რაც არ უნდა მოხდეს...

ენნიე დაიბნა. ვერ მიხვდა, რას ითხოვდნენ მისგან. პიანისტურ შესრულებაზე აღარ ღელავდა. დიდი იდუმალების მოლოდინში გული უსწრაფესად უცემდა.

და კონცერტი დაიწო. როდესაც ფარდა გაიხსნა, ენნიე უკვე ინსტრუმენტთან იჯდა. დარიგებისამებრ, დარბაზისკენ არ შემობრუნებულა, მისალმების გარეშე დაიწყო დაკვრა.  კი გაუკვირდა, ტაშით რომ არავინ შეეგება, მაგრამ იფიქრა ესეც იდუმალების ნაწილიაო და თავისი საქმე გააგრძელა. ბოლო ნაწარმოების ბოლო აკორდზე მაინც ვერ მოითმინა და თვალი პარტერისაკენ გააპარა. დარბაზი სრულიად ცარიელი იყო. მხოლოდ ერთი სილუეტის გაუჩინარება არ გამოეპარა მის მახვილ მზერას. თეთრლაბადიანი უცნობი უხმაუროდ ტოვებდა დარბაზს.

საბოლოოდ დარწმუნდა, რომ დღეს მისი სცენასთან გამოსამშვიდობებელი ბენეფისის უკანასკნელი სტუმარი იყო თავად.

სახლში რიკემ მიაცილა, მაგრამ არ ახსოვს. ისეთ უწონადობას გრძნობდა, თავის თავს ეკუთვნოდა თუ არა ვეღარ ხვდებოდა. საკუთარ სულზე ნაკლებს იწონიდა ალბათ.

...

დედ-მამის ერთმანეთთან მიწერილი, დაბადების მოწმობების გაყვითლებული ფურცლები და ფოტოების გროვა  ერთ ფუთაში გამოეკრა და სახლიდან სახლში გადასვლისას ყველგან თან დაატარებდა. მშობლების გარდაცვალების შემდეგ არასდროს წაუკითხავს და აღარც დაუთვალიერებია ძველი ფურცლები. წარსულის გაცოცხლების ხომ სასტიკად ეშინოდა დავიწყებამოძალებულს.

ახლა კი შიში სადღაც გამქრალიყო, იატაკზე მიმოფანტული მეხსიერებადაბრუნებული  ქაღალდები თითქოს თავისით უამბობდნენ სათქმელს. დედის ლექსებში დედის ხელწერა შეიცნო. მამის ნაპასუხებში მამისეული ხმა ჩაესმა. ღაპა-ღუპით ჩამოსდიოდა ცრემლები. მაგრამ ეს ბედნიერების ცრემლები იყო. წარსულთან შერიგების.

გული რაღაცას კარნახობდა, გონება რაღაცას მიანიშნებდა, თითები სხვასდასხვა ნაცნობ თუ უცნობ ფოტოებში მიიკვლევდა გზას.

და უეცრად მზერა შეეყინა ირიბად გადმოცურებულ გახუნებულ სურათს.

ზედაპირიდან სამი ნაცნობი სახე უმზერდა. ახალგაზრდა მშობლებს თეთრი ხალათისთვის ხელი აქეთ-იქიდან ჩაეჭიდათ და ობიექტივს უღიმოდნენ.

თეთრ ლაბადაში თეთრი ხალათი ამოიცნო.

...

იმ საღამოს ყველაფერს ერთად გამოემშვიდობა, რაც კი დაბადებისეულ ქალაქთან აკავშირებდა.

ფეხით დაიარა საყვარელი ქუჩების კუთხე-კუნჭული. ენანებოდა ახალგაზრდობისეული დრო გაუფასურებული წამებით რომ მოეზომა.

ცოცხალთაგან მხოლოდ რიკე ჰყავდა გამოსამშვიდობებელი.

რიკეს ბოლოჯერ ნახვამ მიახვედრა, რომ ეს ბოლო სიცუდე იყო, რასაც ამ ქალაქში სჩადიოდა. რიკეს გულს სამუდამოდ მოუკლა ენნიე.

ბევრი არც რა ჰქონდა მოსაგროვებელი. მოწყალებად აღებული ჰონორარი მშობლებისეულ ფუძეზე დასაბრუნებლად უნდა ემყოფინა. მამის ანდერძი გვიან, მაგრამ ამ ჯერზე მაინც უსიკვდილოდ უნდა შეესრულებინა.

....

აეროპორტში მარტო გაემგზავრა.

ერთ დიდ ჩანთას მთლიანად ავსებდა ერთადერთი, გაყიდვას გადარჩენილი, სუდარაში გამოხვეული ნახატი და კიდევ ორი, საბოლოო განსასვენებლის მომლოდინე მშობლების ფერფლის დამტევი საძვალე.

მშობლების ქვეყანაში პირველად დადგა ფეხი. მისთვის ყველაფერი უცხო და ამავდროულად ყველაფერი ნაცნობი იყო თითქოს. ცხვირით და პირით ერთიანად ხარბად ისუნთქავდა და ეჩვენებოდა რომ ჰაერსაც სხვანაირი გემო ჰქონდა. თბილი, მშობლების სუნისმაგვარი.

 

მარტო იყო, მაგრამ ეგონა, რომ მთელი ქვეყნიერება თანაუგრძნობდა.

 

სკამების რიგში, განაპირა მხარეს ჩამოჯდა და მოდიდო მინაში საკუთარ სილუეტს გაუსწორა თვალი.

 

მხარზე მძიმე ხელის შეხება იგრძნო, არავის ელოდა.

 

გაოცებული შემობრუნდა და სახტად დარჩა. შავ ანაფორასა და ბამბასავით თეთრ წვერში ჩაფლული უცნობი, ნაცნობი თვალებით უმზერდა მარტოსულს.

 

დედის ბავშვობადამახსოვრებული, დედის სისხლით და ხორცით ნათესავი  მოძღვარი იდგა მის წინ.

 

-                     დალოცვილი ყოფილიყოს შენი დაბრუნება - აღმოხდა მოძღვარს და ენნიეს ეგონა, რომ მთელმა კაცობრიობამ შეამჩნია ჭროღა თვალს მიღმა გაბრწყინებული ცრემლის მადლი.

-

ენნიე ყველაზე ბედნიერი ადამიანი იყო ამ ქვეყნად. ერთიანად გამთბარი გულით და სულით დარწმუნებით გიპასუხებდათ, რომ თურმე მაშინაც შეისმენს უფალი ლოცვას, როცა ქონგურაზე წამოსკუპებული ეშმა გგონიათ, რომ თქვენს ნათქვამს არ უშვებს ღმერთამდე.

 

...  სახლში.

 

მოძღვარზე დაყრდნობილმა აიარა განაპირა აღმართი. ახლა უკვე მოხრილ ანაფორას  მიჰქონდა ფერფლით სავსე საძვალეები ხელშიატატებული.

 

დიდი ბებიის საფლავი საუცხოოდ მოვლილი დაუხვდა ენნიეს. ყველაფერს მოძღვრის მზრუნველი ხელი ეტყობოდა.

 

შეასრულა მამის ანდერძი, - ჩემს სამშობლოში დამაბრუნეთ, ოღონდ დიდგვაროვანთა განსასვენებლში არაო.

 

კიდევ უფრო მისიანი მოეჩვენა იქაურობა.

 

ფეხდაფეხ მოიარა დიდი ბებიის ნასახლარი. ნასახლარიც რომ აღარ ეთქმოდა უკვე. მხოლოდ საძირკვლის ნარჩენები თუ გამცნობდნენ, რომ ოდესმე იქ ვინმე სულიერი მყოფობდა.

 

და ეს მიტოვებული, მისგან ითხოვდა მშობლების წარსულის და საკუთარი მომავლის გამთლიანებას.

ბავშვობანარევ დედის ხმას, ცრემლებით შეეკოწიწებინა ბუსხია ტუჩები და გვერდიდან გამოდევნებულივით უცოცხლებდა მისეულ ახალგაზრდობას. აგერ ის კუთხეც, სახლის გვერდით თავისი პატარა ფარდული რომ შეაკოწიწა კერვისას მორჩენილი ფარდაგის ნაკუწებით, დამრეც სახურავზე „ყვავილები სახლთან ახლოს“ დააწერა და წინ სხვადასხვა ზომისა და ფერის ჭრელფურცელა ყვავილები გამოფინა ქოთნებით.

დედის მიღმიერში გადასახლებულმა წარმოიდგინა, როგორ ოცნებობდა საკუთარი ხელით გაშენებულ კეკლუც გარემოში საკუთარ ოჯახთან ერთად ცხოვრებაზე დედა.

მამამ გვიან, მაგრამ მაინც როგორ აუსრულა ბავშვობისას ნანატრი.

ახლა კი ველური მცენარეებით გაერთფეროვნებულიყო მტკაველა ეზო-კარი. პირდაღებული კუთხეც შეჩვეულიყო ულამაზყვავილობას, უხეშფოთლება მცენარეებს დაეფარათ იქაურობა.

ეს უკიდეგანო მრავალსახოვანი სიმწვანე ყველა მხრიდან უმზერდა უსასრულობაში ჩაძირულს და აიძულებდა მამის გასხვისებული ნახატების გამოსასყიდად იქაურობის გამშვენებაზე ეზრუნა.

სიყვარულით შესცქეროდა ცასაწვდენილ ხეებს. გამხმარ პაწაწუნა ტოტებს ფრთხილად აცლიდა და რომელიც განსაკუთრებულად ლამაზი მოეჩვენებოდა სათუთად ინახავდა.

 

საკუთარ თავს შეჰპირდა, რომ იქაურობა ჟივერნისთან მიმსგავსებულ წალკოტად უნდა ექცია.

 

აგურ-აგურ; გოჯ-გოჯ; მიწა-მუჭა შენდებოდა და ლამაზდებოდა იქაურობა.

 

წვეთ-წვეთ ოფლად და სისხლად იწვოდა ენნიეს მონდომება.

 

...

 

-                     ერი მინდა დავუტევოო, -  ერთ დღეს გაენდო მოძღვარს და როგორც მაკურთხებთო - ჩაილაპარაკა თანხმობის მოლოდინში.

-               არ გაგიჭირდება, შენ ეგ უკვე დიდი ხნის წინ შეძელიო - მოესმა პასუხად.

-                     მონასტრის მშენებლობისათვის მაკურთხეო  - ახალი თხოვნის მოლოდინში გაყურსული მიყრდნობოდა კედელს.

-                     უკვე ნაკურთხია... და ამიტომაც ასე სწრაფად ლამაზდებაო აქაურობა - იმ დღეს პირველად გაუღიმა მოძღვარმა.

 

… მიმწუხრი

სევდანარევი სიხარულით სავსე  ცისფერი იყო ის საღამო.

გასხივოსნებული ცისფერით ფხიზლობდა ძირძველი ტაძრის გუმბათი იმ ღამით.

შუაღამიანის გასრულებისას, გაცისკროვნებული სახით გამოვიდა მოხუცი მოძღვარი ამბიონზე.

ყველა კანდელი და ყველა სასანთლე ერთიანად გაჩახჩახებულიყო.

მაცხოვრის ხატთან ერთი, ყველაზე ღონიერი სანთელი ენთო.

თეთრებში შემოსილი ენნიე ფეხშიშველი გამოიყვანა ორმა მონოზონმა.

კიდევ ორი, ხატმწერი და მნათე ესწრებოდნენ ფერისცვალებას.

საოცარი სიმშვიდე სუფევდა ირგვლივ, მხოლოდ მოძღვრის ხმა ისმოდა, რამოდენიმე კითხვაში ერის დატევების მომწოდებელი ხმა.

დაბრუნების შემდეგ, წლების განმავლობაში ძლივს აღდგენილი და დაბრუნებული სამი საიდუმლო გულმოდგინედ გადაემალა სინდისქვეშ ენნიეს: უბიწოება, უპოვარება, მორჩილეობაო ეუბნებოდა ხმა.

-         უბიწოება, უპოვარება, მორჩილებაო - უდასტურებდა ეგო.

ამის შემდეგ იყო მაკრატელი, რომელიც მის შიშველ ფეხებთან დაეცა და სუდარაგადაფარებულ ნახატებს შორის ბროწეულისყვავილა სამჯურების ჩაცვენის ჟღრიალის ხმა გაახსენა.

სისხლისაგან ავსებულიყვნენ სიცოცხლეს დანატრებული ბროწეულები.

მოძღვრის ხმამ ისევ ტაძარში დააბრუნა. სამჯერ მოსთხოვეს დათანხმება.

-         „ თუ გსურს შემოდგომად ჩემად, უარყავ თავი თვისი, აღიღე ჯვარი შენი და შემომიდექ მე“,  -  სამგზის გაუმეორა ხმამ.

-         „ ნებითა ჩემითა და ნებითა ღვთისათა“ - და სამგზის მტკიცე იყო პასუხი მხევლისა.

 

მერე არ ახსოვს... დედიშობილა, თეთრი კვართის ამარა შემოსილი რამდენ ხანს იწვა ცივ იატაკზე და რამდენი ხანი უკითხავდნენ გარდასახვის ლოცვას, რომ ჯვრის ფორმაში გართხმულ ადამიანს ახალი ადამიანი ეშვა თავისში.

 

ახსოვს, რომ თავზე ჯვრის გადასახვად, ოთხ ადგილას მოაჭრეს თმები. აქამდე ბევრგზის წაკითხულიდან იცოდა, მაგრამ ახლა საკუთარ თავში პირველად შეიგრძნო, მონოზვნობის გზაზე შემდგარს თუ როგორ უნდა დაენახა მცირე შვებაშიც კი დიდი სიკეთე. თუნდაც ისეთში, როგორიც გახურებულ თავზე ოთხ ადგილას ცივი მაკრატლის შეხება იყო.

 

მონოზვნად აღკვეცის რიტუალი დასასრულს უახლოვდებოდა. ენნიეს შავი თმა კულულებად ჩამოშლოდა მხრებზე, სხეულით წინ გაჩოჩებულიყო და ამბიონთან მიყუდებული, შავ ნაჭერში შემოსილი ოთხკუთხა ნივთი მტკიცე თითებით გულში ჩაეხუტებინა.

 

-                     ეს არის ის ერთადერთი ერისეული, რასაც ახლაც ვერ დავთმობ მოძღვარო - თავდაჯერებული სიმშვიდით თქვა და კიდევ უფრო მჭიდროდ მიიკრა მშობლების მახსოვრობადქცეული რონეს შედევრი გულის ფიცართან.

 

ხუთი წყვილი თვალი გაკვირვებული მიაჩერდა აღსაკვეცს. მხოლოდ ცისფერი ნათების თვალებს არ გაჰკვირვებია არაფერი.

 

ჩამუხლული მოძღვარი ცრემლიანი თვალებით ათვალიერებდა ნახატს.

 

ტილოდან მეუღლისადმი დიდ სიყვარულის ნიშნად, პირველმიძღვნილი, რონეს მიერ დიდი მონდომებით დახატული და მონეს შედევრის ზუსტი ასლი - „ყვავილები სახლთან ახლოს“ იმზირებოდნენ.

 

ენნიეს სახელი შეუცვალეს.

 

მონოზვნის სარტყელად მოძღვრის თანხმობით, ნახატის შავად შეღებილი საბურველი შემოარტყეს.

 

მოძღვარს გულში გაუხარდა ერისეულისაგან ბოლოჯერ ნათხოვი, ეს საბურველი ყოფილიყოსო  ჩემი მსაჯული ახლაც ...  და ვიდრე ბოლო ამოსუნთქვამდე.

 

იცოდა რომ ეს სარტყელი მუდმივად შეახსენებდა წარსულში ჩადენილ ცოდვებს.

 

თავიდან შობილს ყველა ცოდვა მიეტევება, მაგრამ სინანული ხომ ბოლო ამოსუნთქვამდე მოეთხოვება მაინც.

 

....

 

წარსულიც ფერადი მომავლის ილუზიანარევი ტკივილია  უხშირესად.

 

მძიმეა და რთული აწმყოზე თვალის გაშტერება.

 

და ენნიემ ეს შეძლო. წამში მომწყვდეული წამი შავი ხვრელების სიმაღლემდე გაწელა უსასრულოდ.

 

წარსულში არდარჩენილმა და მომავლისად გადასახელებულმა ახლად ნაშობმა, ევას  ხსოვნაც კი დაასამარა საკუთარ მეში.

 

და უხილავ ხელს მიანდო ახალი ამორძალის გამოძერწვა ზღვისაგან დამშრალ სანაპიროზე.

 

სანაპირო კი იყო უკუნეთი და უტყვი ვიდრე ადამიანის არსებობამდე.

 

...

 

გამშვენდა და აღორძინდა მომავლისად მაცქერალი წარსულის ფუძე. ერთმანეთის მიყოლებით წამოიზარდნენ ჯუჯა აკაციები, თავკიდულა ტირიფები, იასამნისფერი ჯაკარანდები და გაღიმებული გლიცინიები. ნამდვილ წალკოტს დაემსგავსა იქაურობა.

 

თითქოს იმ უხილავ ხელს ჟივერნის თითოეული მისხალი გადმოეხატა უსასრულობიდან და  ადგილისთვისაც გამოეცვალა სახელი პატრონის მსგავსებად.

 

...

 

ისტორიას შემორჩა დიდი მონასტერი, სადაც საერო მისაღების, სვეტებიანი კედლის დამამშვენებელი ნახატიდან მომზირალი ყვავილების არაამქვეყნიური სურნელება უცნაურად დიდხანს  ამახსოვრდებოდა მნახველს.

 

...

 

იმ დღეს  მზე იყო წითელზე წითელი.

 

ენნიეს  აღკვეცისას დიდი ბებიის სახელი უწოდეს.

 

 

 

ელფოსტაბეჭდვა