ქამელეონის ფერი (II ნაწილი)
ქამელეონის ფერი (II ნაწილი)
ქამელეონის ფერი (II ნაწილი)
21 ივნისი, 2019 წ.

15.

-როდის დამთავრდება ჩვენი  სახლის მშენებლობა? - ლიზა საწოლში წამოჯდა -გამაგიჟა ასეთმა  შეხვედრებმა.

-ცოტა კიდევ უნდა მოითმინო, ლიზიკო - კოტემ საწოლის გვერდზე მდგარ სკამზე გადაკიდებული პიჯაკის ჯიბიდან პორტსიგარი ამოიღო და გააბოლა.

-  ხომ იცი, არ მიყვარს როდესაც საწოლში ეწევი - ლიზა საწოლიდან სწრაფად წამოდგა, ბროლის მძიმე საფერფლე აიღო და კოტეს მკერდზე უხეშად დაადო, მერე ჭრიალა იატაკზე გაიარა და სააბაზანოში შევიდა. 

კოტემ თვალი გააყოლა, საფერფლე იატაკზე დადო, სრაფად წამოიწია და პიჯაკის ჯიბიდან პაწაწინა ფურცელი ამოიღო.

-სხვა რა გავაკეთო ლიზიკო, ხომ ხედავ, მთელი დღე მშენებლობაზე ვარ - ხმამაღლა გასძახა წყლის ხმა რომ გადაეფარა, რადგან ლიზამ შხაპის ონკანი გახსნა.

,,შუადღეზე ჩვენს ადგილას დამელოდე" - კიდევ ერთხელ გადაავლო თვალი ტექსტს,  ბარათს ისევ ასდიოდა არქიტექტორ ჩერნოვის ქალიშვილის, ტატიანას სუნამოს სურნელი.

კოტემ ბარათი პიჯაკის ჯიბეში ჩადო, წამოდგა, პაპიროსი ჩააქრო, ჩაიცვა და საათს დახედა.

-მე უნდა წავიდე საყვარელო - სააბაზანოს კართან მივიდა - პაველ სტეპანიჩი მელოდება.

-რა მოხდა, დაგელოდოს ცოტა ხანს - ლიზამ ონკანი დაკეტა, შიშველ ტანზე დიდი პირსახოცი შემოიხვია და ოთახში გამოვიდა - გავშრები, ჩავიცვამ და ერთად გავიდეთ.

-არა სიცოცხლევ - კოტემ ძალიან ნაზად აკოცა - ვერ დაგელოდები, დაგვიანება არ შეიძლება, დღეს იტალიელი ოსტატები მოყავს, მოსაპირკეთებელი  მასალა უნდა შევარჩიოთ და გამოვიწეროთ.

-მერე მასალა მე არ უნდა ავირჩიო? - ლიზა სარკესთან მივიდა და თმების გამშრალება დაიწყო.

-არა ძვირფასო, შენ ამაზე როგორ შეგაწუხებ, ეს შენთვის სიურპრიზი მინდა იყოს - კოტემ პიჯაკი ჩაიცვა - თან ჯერ ცოლ-ქმარი ხომ არა ვართ.

-ჰო, ცოლ-ქმარი ნამდვილად არა ვართ - ლიზამ ირონიულად ჩაიცინა, ჯერ ბოლომდე შეუმშრალი თმები მოხდენილად გადააქნია და კოტეს წყლის წვეთები შეაწუწა.

-სასურველიც არ არის, აქედან ერთად გასულები დაგვინახონ.

კოტემ სახე ხელით ჩამოიწმინდა, ლიზას აკოცა და კარი გაიხურა.

ლიზა ფანჯარასთან მივიდა და გამჭვირვალე ფარდიდან დაბლა, ქუჩას ჩახედა.

კოტემ ეტლს ხელი დაუქნია, ლიზა ელოდებოდა როდის ამოიხედავდა მისკენ, მაგრამ ის ისე ჩაჯდა ეტლში და წავიდა, უკან არც მოუხედავს.

-არ გეგონოს, რომ ასე ადვილად გაგიშვებ - თავისთვის ჩაილაპარაკა ლიზამ, გველის სისინს ჰგავდა მისი სიტყვები - იცოდე, არ გაგახარებ ჩემთან თუ არ იქნები. 

16.

სანამ სინათლეს  ჩააქრობდა, ფილხაზ ბაღაზაშვილმა ატელიე კიდევ ერთხელ მოათვალიერა,  კალათიდან ნაგავი ქაღალდის პარკში ჩაყარა, თავი კარგად მოუკრა,  ქუჩაში გამოვიდა და კარები დაკეტა.  მართალია  საქმე ბევრი ჰქონდა, მაგრამ ამ საღამოს თავს უფლება მისცა, მუშაობა ცოტა ადრე დაემთავრებინა,  რატომღაც ძალიან მოუნდა ცოცხალი თევზი. 

ვაგზლის ქუჩას ფეხით აუყვა.  ბაზარში ნაცნობ მეთევზეს  შეუვლის, დღეს დაჭერილ კალმახს ან ხრამულს გამოართმევს, მერე იქვე ახალ მწვანილს და ბოლოკს იყიდის და სახლისკენ გაუყვება გზას.

ასეთ გეგმებს აწყობდა ქალაქში ყველაზე ცნობილი მკერავი ფილხაზ ბაღაზაშვილი, როდესაც ნაგვის ყუთს მიუახლოვდა და ის იყო ქაღალდის პარკი შიგ უნდა ჩაეგდო, რომ ვიღაცამ მაჯაში სტაცა ხელი.

ფილხაზმა შეშინებულმა მოიხედა, უკან ორი ჟანდარმი იდგა.

-აბა ამას ხელი გაუშვი - ჟანდარმმა პარკი ფრთხილად გამოართვა - სად  მიიპარები?

- ადრე დაკეტე და გეგონა დაგვიძვრებოდი? - ამ დროს მეორე ჟანდარმმა მეორე ხელში ჩაავლო და უკან გამოათრია.

- ეეეე... ხელი გამიშვი - გაუძალიანდა ფილხაზი, მაგრამ არაფერი გამოუვიდა - შენ იცი მე ვინა ვარ?

- ძალიან კარგადაც ვიცით, რა ჩიტიცა ბრძანდები - ჟანდარმმა ნაგვით სავსე პარკი ისე მრავალმნიშვნელოვნად ასწია, თითქოს შიგ, ფილხაზის მიერ ჩადენილი დანაშაულის მტკიცებულებები იდო.

- მერე? - ბაღაზაშვილმა ფართხალი დაიწყო - ეგ თუ იცით, ისიც გეცოდინებათ, რა ხალხი დადის ჩემთან, ხო არ გინდათ, აეგ პაგონები დაგაკარგვინოთ?

- აი ეხლა კუტუზკაში რო არ გიკრამთ თავსა, აიქა ვნახამთ ვინ რას დაჰკარგამს!

-აბა ერთი თქვი, ატელიე რათ დაჰკეტე ესე ადრე? - ჰკითხა პირველმა ჟანდარმმა.

- ვა, შენ ვინა გკითხამს რათ დავკეტე, როცა ხოში მექნება, მაშინ დავკეტამ, მინდა დავკეტამ, მინდა გავაღებ, შენ რა, უსტაბაში ხარ?

-ეხლა განახებ ვინცა ვარ - ჟანდარმმა თავში წაუთაქა და პარკი დაანახა - ამაზე რაღას იტყვი?

-რა უნდა ვთქვა?

- ეს ვისია?

- ვა, როგორ ვისია, ჩემია რა!

- ჰო, შენია და სად მიგქონდა?

- ვა, უნდა გადამეყარა რაღა1.

-უნდა გადაგეყარა არა? - ჟანდარმმა მეორეს გახედა - ხედამ, უნდა გადაეყარა.

-მაშ, კაი დროს მოვუსწარით - ჩაიცინა მეორე ჟანდარმმა - გადაყრა ვერ მოსაწრო.

- რა არის ამაში? - პარკი მაღლა ასწია პირველმა.

-ვა, ვერა ხედამთ რა არის? - ფილხაზმა მხრები აიჩეჩა - ნაგავია რა!

-ნაგავი არა, აი ადგილზე რო მივალთ, იქ გამოჩნდება რა ნაგავიც არის - დაიყვირა უცბად პირველმა და მეორე ჟანდარმს მიმართა - ერთი ხელი მაგრა ჩასჭიდე.

ჟანდარმებმა იდაყვებში ჩაავლეს ხელი, იქვე გაჩერებული პოლიციის კარეტის უკანა კარები გააღეს, ქალაქის  ყველაზე საამაყო მკერავი შიგნით კარტოფილის ტომარასავით შეაგდეს და კარი მიუკეტეს.

-ეეეე  ნელა, შე ვირო! - ბაღაზაშვილი უკვე დაკეტილ კარს მოაწყდა და რკინის გისოსებიან სარკმელთან სახე მოიტანა, მაგრამ ჟანდარმები ვეღარ დაინახა, რადგან ისინი უკვე მეეტლის გვერდზე ისხდნენ და ერთ-ერთ მათგანს მუხლებზე, ფილხაზ ბაღაზაშვილის ატელიეში Dდღევანდელი მუშაობის შემდეგ დაგროვებული ნაგვით სავსე ქაღალდის პარკი ედო.

კარეტამ ადგილზე მოუხვია და ქვაფენილზე ქვევით, მტკვრისკენ დაეშვა.

ფილხაზ ბაღაზაშვილს ხელბორკილი დაადეს, პოლიციის შენობაში ხის მოაჯირის უკან დასვეს და მიივიწყეს, არც არავინ მისულა მასთან და არც დასაკითხად დაუძახიათ, არც რამე აუხსნიათ, იყო ასე გაურკვევლად, შეშინებული და თავში ათასი ფიქრი უტრიალებდა, რატომ დაიჭირეს? ალბათ რაღაც შეცდომაა. მოშორებით მაგიდასთან, აპრეხილ ულვაშიანი მორიგე იჯდა. ფილხაზმა რამდენჯერმე სცადა თავის შეხსენება, მაგრამ მისგან პასუხი ვერ მიიღო.

პოლიციელები შედიოდნენ, გადიოდნენ, ლაპარაკობდნენ, იცინოდნენ ფილხაზს კი ყურადღებას არ აქცევდნენ.

უკვე კარგად შეღამებული იყო, როცა კარი გაიღო და სამორიგეოში კედიამ შემოიხედა. მორიგე ფეხზე წამოდგა.

-ეს არის? - იკითხა კედიამ და ბაღაზაშვილს შეხედა.

-დიახ თქვენო კეთილშობილებავ.

-რა გვარი ხარ? - ჰკითხა კედიამ.

-ბაღაზაშვილი - ფილხაზი ფეხზე წამოდგა და ქუდს დაუწყო ჭმუჭვნა - ბატონო უფორსო, ეტყობა ვიღაცაში შევეშალე, მკერავი ვარ, მთელი დღე ჩემ ატელიეში ვზივარ და ვმუშაობ, რა უნდათ ჩემგან ვერ გავიგე, არც მეუბნებიან...

-გამოუშვით და ხელბორკილი მოხსენით! - ბრძანა კედიამ.

-უფროსო - მორიგემ ბორკილები მოხსნა და გამოიყვანა, თან  ფილხაზის ნაგვის პარკი გამოიტანა - აი ეს თანა ჰქონდა, ჩვენ რომ დაგვინახა, გადაგდება  დაუპირა, მაგრამ ვერ მოასწრო.

-ეს რა არის? - კედიამ ფილხაზს შეხედა.

-დიდი ბოდიში, მაგრამ - ფილხაზმა დამნაშავესავით დახარა თავი -ნაგავია, ბატონო უფროსო, სხვა რა უნდა იყოს, ვაგდებდი და დამიჭირეს.

-გახსენი - უბრძანა კედიამ მორიგეს.

მორიგემ პარკს კანაფი შეხსნა და ნაგავი მაგიდაზე გადმოყარა.

-წამოდი - ნაგვის დანახვაზე ჩაიცინა კედიამ და ჩქარი ნაბიჯით წავიდა, ფილხაზი უკან ძუნძულით გაჰყვა. კიბე აიარეს და გრძელი დერეფნის ბოლოში, კედიას კაბინეტში შევიდნენ.

-დაჯექი! - უბრძანა და საქაღალდე გადაშალა - თქვენ შეიძინეთ, გუშინ ცვიტლინის საათების მაღაზიაში, სასახლის ქუჩაზე,  ოქროს საათი?

-დიახ ბატონო უფროსო, ოქროს საათი თავისი ძეწკვითა.

- მერე, რითი გადაიხადე?

-რაღა რითი, თოთხმეტი თუმანი ნაღდი ფული მიმიცია!

-ჰოდა ეს შენი გადახდილი ნაღდი ფული, მოპარულია საიმპერატორო ხაზინიდან.

-რა მოპარული ბატონო უფროსო, მე და მოპარული? - ბაღაზაშვილმა დაკოჟრილი თითები გაფარჩხა - აი, სულ დაჩხვლეტილი მაქვს ნემსისგანა, დღედაღამე ვკერამ!

-ის ასმანეთიანი, შენ რომ ცვიტლინის მაღაზიაში გადაიხადე, ხაზინიდან არის მოპარული მეთქი.

-ვაიმე უფროსო, არ მამიპარამს, ჩემი შვილების სიცოცხლესა ვფიცამ.

-მაშ სადან გქონდა ის ასმანეთიანი?

-კლიენტმა გადამიხადა, საიდან მექნებოდა?

-ჰოდა უნდა გაიხსენო, ამ დღეებში ვის შეუკერე და ვინ გადაგიხადა ფული.

-ყველაფერი მახსოვს, უფროსო, ჩამოგითვალო?

-ჩამოთვლა არ მინდა - კედიამ საქაღალდიდან საქმესთან დართული კუპიურა ამოიღო - აბა ეს ნახე.

-ვიცი! - დაიყვირა ფილხაზმა - ჯეელი კაცი იყო,  კოსტუმი შეიკერა, მანამდე არ ვიცნოფდი, პირველათა ვნახე, ისე კი, კიდე რო ვნახო ვიცნოფ.

-აბა დაწვრილებით ამიწერე.

ფილხაზ ბაღაზაშვილმა დაწვრილებით აუწერა ახალგაზრდა კაცის გარეგნობა, რომელიც ხვთისოს დუქანში მყოფ ერთ-ერთი მწყემსის გარეგნობას ემთხვეოდა.

- აჰა, მაშ დაიწყეს უკვე ხარჯვა - ჩაილაპარაკა კედიამ.

- რა ხარჯვა, უფროსო - ხვეწნით თქვა ფილხაზმა - ჩემ ნაშრომსა ვხარჯამ, ოცდაშვიდი წელია ამ საქმეში ვარ, თვალები და თითები აღარ მივარგა, ერთი ოქროს საათი ძლივას ვიყიდე რაღა...

-ჰა, ჰა, ნუ გარეკე! - შეაწყვეტინა კედიამ და დიდი, სქელი საკანცელარიო წიგნი მიაწოდა - ნახე აბა აქ თუ არის ის შენი კლიენტი.

-აბა მანახეთ ბატონო პოლკოვნიკო - ფილხაზმა აკანკალებული ხელებით ცხვირზე პენსნე გაიკეთა და წიგნი გადაშალა, შიგნით დამნაშავეთა ფოტოები იყო ჩაკრული. ფოტოებს თვალიერება დაუწყო, ბოლოს დახურა და კედიას შეშინებულმა შეხედა - დიდი ბოდიში ბატონო უფროსო, მაგრამ ამათში არ არის.

-გასაგებია - კედიამ ალბომი გვერდზე გადადო -კარგი, შენ ახლა გაგიშვებ, მაგრამ იცოდე თუ სადმე ნახო, ან რამე გაიხსენო, ან კიდე მოვიდეს, იმავე წამს უნდა მაცნობო.

-გაცნობებთ აბა მა რა ჭირს ვიზამ უფროსო, გაცნობებთ - ფილხაზი ფეხზე წამოხტა - დიდი მადლობა, მაშ ეხლა თავისუფალი ვარ, შეიძლება წავიდე?

-მოიცადე, ჩადი მორიგესთან და იმ შენს ნაგავში თუ დარჩა, იმ ნაჭრის ნაწილი, ამომიტანე.

-რომელი ნაჭრის?

-კოსტუმი რითიც შეიკერა.

- ააა...  დარჩა მაშ - ფილხაზი კარებისკენ წავიდა - როგორ არ დარჩა, ეხლავე მოგიტანთ, ბატონო უფროსო.

გომოცოცხლებული ბაღაზაშვილი კარებში მისი აგებულებისთვის შეუფერებელი სიმკვირცხლით გასხლტა და სულ მალე აქოშინებული დაბრუნდა.

-აი, ეს არის - ბაღაზაშვილმა მაგიდაზე ქსოვილის ერთი მტკაველისოდენა სამკუთხედი ნაჭერი და რამდენიმე პატარა ნაკუწი დადო, მუქ ნაცრისფერ ქსოვილს, წვრილი შავი ზოლები დაჰყვებოდა - მეტი არ დარჩენილა.

- ეს სრულიად საკმარისია - კედიამ ქსოვილი ხელში მოსინჯა - ერთი ეს მითხარი, ასეთი კოსტუმი ბევრი შეკერე?

-არა, ეს ძვირფასი მატერიაა, ანგლისკია - ფილხაზი ცოტა გათამამდა და ხმაში სიამაყის ნოტებიც გაურია - პირდაპირ ლონდონიდან ვიწერ, ამ წელს ეს მესამე კოსტუმია.

-ის ორი ვის შეუკერე?

-ერთი აი იმას, მშენებელი როა, მიხაილ ოგაჯანოვი, გეცოდინებათ აი, სოლოლაკში ბოზარჯიანცს სახლი რო აუშენა, მაგარი სახლია და მეორე კიდე ვაგზალთან ხორცის მაღაზიების მეპატრონეა,  აღაზა ჰქვია, გვარი არ ვიცი, ყველა ასე იცნობს, იმან თავისი კოსტუმი სწორედ დღეს წაიღო.

-ეს მატერია კიდე დაგრჩა?

-დამრჩა უფროსო, თქვენთვისა გნებამთ? - დაიშაქრა ფილხაზი.

-ჩემთვის კი არა, სანამ არ გეტყვი, მეტი აღარავის შეუკერო, გაიგე?

-გავიგე უფროსო, რათა ბრაზობთ?

-ეხლა მისმინე, ის კიდე მოვა შენთან შესაკერად და მაშინვე შემატყობინე!

-შეგატყობინებთ, აბა მა რას ვიზამ უფრსო - ფილხაზი ისე მოიხარა, თითქოს კედიას ზომებს უღებდა - თავში ქვას არ ვიხლი რო!

-კარგი წადი - თავისთვის ჩაილაპარაკა ჩაფიქრებულმა კედიამ.

-წავიდე, მერე კარებში რო ზის, ის არ დამიჭერს? - ფილხაზი გაჩერდა და კედიას შიშით გამოხედა, კედიასთვის კი  ბაღაზაშვილი უკვე აღარც არსებობდა, რაღაცას თავისთვის ფიქრობდა.

ათი წუთის შემდეგ, ზურაბ კედიას კაბინეტში, სამძებრო პოლიციის შვიდი აგენტი შეიკრიბა.

-თვალი არ მოაცილოთ ამის  ატელიეს და მეორე,  დაიარეთ მთელი ქალაქი,  ყველა რესტორანი, დუქანი, სასტუმრო, ბაზარი,  მაღაზია, სადალაქო, ყველას აჩვენეთ და მიწიდან რომ იყოს ამოსათხრელი, ასეთი კოსტუმიანი კაცი უნდა მომიძებნოთ! - კედიამ მაგიდიდან ქსოვილის ნაკუწები აიღო და ერთ-ერთ მათგანს გაუწოდა - აჰა, დაჭერით და გაინაწილეთ.

აგენტები ოთახიდან გავიდნენ, კედიამ ხელები თავქვეშ ამოიდო, ფეხები გამართა და სავარძლის საზურგეზე გადაწვა, თითქმის დარწმუნებულია, რომ საქმე  კოტე  ნიჟარაძის გაკეთებულია, მაგრამ როგორ დაუმტკიცოს? უკვე კარგა ხანია უთვალთვალებენ და ვერაფერი ხელმოსაკიდი ვერ მოუძებნეს, უთვალთვალებენ ლიზა ავალიანსაც, მაგრამ ჯერჯერობით იმასაც უშედეგოდ. ახლა თუ ეს, ბაღაზაშვილის კლიენტი იპოვეს, იქნებ მისგან გავიდნენ ნიჟარაძეზე. თან სიფრთხილეა საჭირო, რომ სულ არ დააფრთხონ.

17.

კოტე ფრთაშესხმული იჯდა ფაეტონში, სახეს ნიავს უშვერდა და ლიზა უკვე აღარც ახსოვდა.  ნახევარ საათში, ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან  ტატიანას შეხვდება, ეს იქნება მათი პირველი საიდუმლო პაემანი და სიყვარულის დასაწყისი, ახლა მთავარია ლიზიკომ არაფერი გაიგოს, როგორმე სახლის მშენებლობა მშვიდ გარემოში უნდა დაამთავროს, ლიზა მას უკვე აღარ სჭირდება, სახლის მშენებლობას დაამთავრებს, მერე ტატიანასთან იქორწინებს და ოჯახს შექმნის. მართალია ლიზა გარეგნობით ტატიანაზე უკეთესი თუ არა, არც ნაკლებია, მაგრამ ლიზასთან ოჯახის შექმნაზე არასოდეს უფიქრია, ლიზა საყვარლად და საქმეში პარტნიორად არის კარგი და არა ოჯახის ქალად. 

კოტემ ფაეტონი აბანოებთან გააჩერებინა  და მეჩეთის ქუჩას ფეხით აუყვა. საყვარელ ქალთან შეხვედრის მოლოდინით ისე იყო ანთებული, რომ ვერც კი შეამჩნია იქვე, მეორე ფაეტონიდან ჩამოსული ორმოც წელს მიტანებული, ევროპულად ჩაცმული მამაკაცი.  მამაკაცმა კოტეს თვალი გააყოლა და მარჯვნივ გაუხვია, სომხურ ეკლესიამდე არ მივიდა, აღმართი სწრაფად აიარა, ნარიყალას ეზოში შევიდა და ბოტანიკურ ბაღს ზემოდან გადახედა. 

დაბლა ყველაფერი ხელისგულივით მოჩანდა, კოტეს ხელები უკან დაეწყო და ბოლთას სცემდა. მამაკაცმა ციხის გალავანზე მოხერხებული ადგილი მონახა და ისე ჩამოჯდა, რომ კოტე თვალთახედვიდან არ დაეკარგა. მალე კოტეს ახალგაზრდა ქალბატონი მიუახლოვდა, ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და სეირნობით ბაღის სიღრმისკენ გაემართნენ.

კოტემ ტატიანა ჩერნოვა პირველად მაშინ ნახა, როდესაც სამშენებლო პროექტით ხელში, პავლე სტეპანოვიჩის სამუშაო კაბინეტიდან გამოვიდა და კარეგში ულამაზეს ქალიშვილს შეეფეთა, ყველაფერს მოელოდა კოტე ინჟინერ ჩერნოვის სახლში, გარდა იმისა, რომ შეიძლებოდა აქ ასეთი ლამაზი ქალი ენახა, ოდნავ დაიბნა კიდეც, ასევე დაიბნა ტატიანაც, რადგან მამამისთან ძირითადად მდიდარი ვაჭრები მოდიოდნენ პროექტისა და მშენებლობის შესაკვეთად, რადგან ქალაქის მიწებისა და ქონების მართვის სამმართველოდან ნებართვას მის გარეშე ვერ აიღებდნენ და ეს ვაჭრები როგორც წესი, იყვნენ ასაკოვანნი და გარეგნულად შეუხედავნი.

ტატიანას ორივე ხელით დიდი, მძიმე ალბომი ეჭირა, ალბომი სურათებით ისე იყო გაძეძგილი, წესიერად ვერც იხურებოდა და სწორედ იმ დროს, როდესაც წვალებით გაითავისუფლა მარჯვენა ხელი და ის იყო კარი უნდა გაეღო, კოტე ზურგით გამოვიდა მამამისის კაბინეტიდან და ალბომი დააგდებინა.  პრიალა ფოტო სურათები გადმოცვივდნენ და ფიგურულ პარკეტზე, ყველა მიმართულებით გასრიალდნენ.

-მაპატიეთ - წამოიძახა კოტემ და სურათების აკრეფა დაიწყო.

-არა უშავს - უპასუხა ტატიანამ.

სურათები აკრიფეს და ალბომში ჩაალაგეს.

-იყოს ნუ სწუხდებით, მერე მე თვითონ გავანაწილებ - უთხრა ტატიანამ, რადგან კოტე ცდილობდა, როგორმე თანაბრად ჩაელაგებინა - ჯერ მაინც მამას მინდა ვაჩვენო.

-ა, თქვენ პავლე სტეპანოვიჩის ქალიშვილი ბრძანდებით?

-დიახ.

-ო, სასიამოვნოა, მე კონსტანტინე ნიჟარაძე გახლავართ.

-ჩემთვისაც სასიამოვნოა, ტატიანა - ტატიანამ ხელი გაუწოდა.

ძალიან ახალგაზრდა იყო და ლამაზი, ჯერ ალბათ ოცი წლისაც არ იქნებოდა.

- კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს - კოტე წასვლას არ ჩქარობდა.

- მამასთან ალბათ საქმეზე იყავით?

-ჰო, სახლის და სასტუმროს აშენებას ვაპირებ, თქვენი სახლი ძალიან მომწონს - კოტემ ოთახი მოათვალიერა - და მინდა, რომ მეც ასეთი მქონდეს.              

-ჰო... - მორცხვად შეხედა ტატიანამ, არ იცოდა რა ეთქვა - ჩვენი სახლი მართლაც ლამაზია, თუმცა პეტერბურგში უკეთეს სახლში ვიზრდებოდი...

უხერხული პაუზა ჩამოვარდა, კოტე იდგა გულზე ალბომი  და საპროექტო  ნახაზები ჰქონდა მიხუტებული და უაზროდ იღიმებოდა.

-დიდი ხანია რაც პეტერგურგიდან გადმოხვედით?

- არა დიდი ხანი არ არის, ორი წელიც არ გასულა.

-ქართულად არ ლაპარაკობთ? - ჰკითხა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ლამაზი არსება კიდევ ცოტა ხნით შეეჩერებინა.

-არ ვლაპარაკობ, მაგრამ უკვე ბევრი რამ მესმის - ტატიანამ უხერხულად გაიღიმა - ახლა ვსწავლობ.

-ჰო, ალბათ ისწავლით - უთხრა კოტემ, თვითონაც არ იცოდა, რას ლაპარაკობდა რადგან იმ დროს, არცერთი რუსი არ ლაპარაკობდა ქართულად, პირიქით, ქართველებსაც კი ეკრძალებოდათ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ქართულად ლაპარაკი.

-ოი, მაპატიეთ - ტატიანა თითქოს გამოერკვა, ალბომი გამოართვა და კაბინეტის კარს მიუახლოვდა - დაგაყოვნეთ, კარგად ბრძანდებოდეთ.

-უკვე მიდიდხართ?

-ჰო - ტატიანამ დიდი ცისფერი თვალებით, რაღაცნაირი მოლოდინით შეხედა, თითქოს ელოდა, რომ ეს მომხიბვლელი მამაკაცი, ასე ადვილად არ გაუშვებდა - მაპატიეთ, მამა მელოდება, ალბომი უნდა ვაჩვენო.

- ძალიან სასიამოვნო იყო თქვნი გაცნობა, ალბათ კიდევ შევხვდებით.

- ვიმედოვნებ.

- ნახვამდის - კოტემ კარი გაუღო.

-ნახვამდის - ტატიანამ გაუღიმა და ოთახში შევიდა.

იმ დღიდან მოუხშირა კოტე ნიჟარაძემ, ჩერნოვის სახლში სტუმრობას,  სულ მისვლის მიზეზის ძებნაში იყო, პავლე სტეპანოვიჩს  მშენებლობის ყველა წვრილმანზე ეთათბირებოდა და მისი კაბინეტიდან გამოსვლის შემდეგ თვალებით სულ ტატიანას ეძებდა. თავის მხრივ, ტატიანაც გულისფანცქალით ელოდებოდა მაღალი, ლამაზი ქართველი თავადის სტუმრობას, მათი შეხვედრები თანდათან მეგობრობაში და ბოლოს სიყვარულში გადაიზარდა, უერთმანეთოდ უკვე ვერ ძლებდნენ და ასე დაიწყო ფარული პაემნები.  თუ სადმე გამოჩნდებოდა ტატიანა, კოტეც იქ გაჩნდებოდა, არ გამოუტოვებიათ არცერთი სპექტაკლი თუ მუსიკალური წარმოდგენა, პავლე სტეპანოვიჩი ვერაფერს  ხვდებოდა, სამაგიეროდ დედა, ნატალია ფიოდოროვნა კარგად ამჩნევდა როგორ დღითიდღე იცვლებოდა მისი ქალიშვილი, როგორ აფორიაქდებოდა ხოლმე წინასწარ, როცა მამასთან კოტე ნიჟარაძე უნდა მისულიყო, იწყებდა კაბებისა და ფეხსაცმლის გამოცვლას და ვერაფრით გადაეწყვიტა, რომელი ჯობდა და რომელი  უფრო უხდებოდა. 

ნატალია ფიოდოროვნა სულაც არ იყო წინააღმდეგი ქალიშვილის ასეთი გატაცების, რადგან მასაც ძალიან მოსწონდა კოტე და ძალიან უნდოდა, რომ მის შვილს, ქართველი ქმარი ჰყოლოდა.

და აი ახლა, ფილერი ფილიმონ ეძგვერძე ნარიყალას ქონგურებიდან თვალს ადევნებდა, როგორ სეირნობდა ბოტანიკურ ბაღში კოტე ნიჟარაძე, ვიღაც ლამაზ მანდილოსანთან ერთად.

18.

- ლიზა ავალიანი არ იყო ბატონო, სხვა ქალი იყო.

- მერე? - კედიამ რვეულში რაღაც ჩაინიშნა.

- ზუსტად ერთი საათი ისეირნეს, მერე ბაღიდან უცნობებივით ცალ-ცალკე გამოვიდნენ, პირველად ქალი წავიდა, ხუთი წუთის შემდეგ კი ნიჟარაძე.

- რაზე ლაპარაკობდნენ?

- ვერ მოვისმინე, შორს იყვნენ, ბაღში შეუძლებელია შეუმჩნევლად მიახლოება.

- კარგი - კედია წამოდგა და ოთახში გაიარ-გამოიარა - მისმინე ფილიმონ, ეს ქალი მოძებნე, ყველაფერი უნდა ვიცოდე მის შესახებ!  

- მესმის ბატონო.

- ვინ არის, სად ცხოვრობს, რამდენი წლისაა, რა უყვარს, რა აინტერესებს, ნიჟარაძესთან რა ურთიერთობა აქვს და ასე შემდეგ, გასაგებია?

-ყველაფერი გეცოდინებათ, ბატონო!

-კარგი, თავისუფალი ხარ.

- ბატონო პოლკოვნიკო - ფილიმონ ეძგვერაძე შეიშმუშნა - რაღაცა მინდა გთხოვოთ.

- თქვი.

- ძალიან  კი მერიდება,  არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ... - ფილიმონმა საწყალი სახე მიიღო და ხმაში ტირილი შეურია - იქნებ უბრძანოთ, რომ  ამ თვის  ჯამაგირი ცოტა ადრე მომცენ... წინა თვეშიც, იმ მენავთობე ინგლისელების,  თვალთვალი  რომ დამავალეთ,  სულ საკუთარი  ფული დავხარჯე, ისიც არ აუნაზღაურებიათ ჯერ....  არა და მთელი დღე ენაგდმოგდებული ძაღლივით დავრბივარ, ხან ვის დავდევ და ხან ვის, ხშირად ეტლითაც მიწევს და ეტლი კი საკმაოდ ძვირი ღირს, ჭამაც ხომ მინდა...

- კარგი, კარგი ნუ აწუწუნდი! - სიცილით შეაწყვეტინა კედიამ, სეიფი გამოაღო და რამდენიმე კუპიურა მაგიდაზე დააგდო - სანამ ჯამაგირს მოგცემენ, ეს გამომართვი.

- დიდი მადლობა, მეტს აღარ მოგაცდენთ - ფილიმონ ეძგვერძემ მაგიდიდან ფული ორივე ხელით აიღო და ოთახიდან ერთ წამში გაქრა.

კედიამ ზარი დარეკა.

კარები ადიუტანტმა შემოაღო.

-ერთი ჩაი გამიკეთე!

-ახლავე ბატონო.

ცოტა ხანში, ადიუტანტმა, ვერცხლის სადგამში ჩადგმული ბროლის ჭიქით ჩაი და პატარა ლამბაქით დაჭრილი ლიმონი შემოიტანა. 

,,ამ ამბავს კოტეს საწინააღმდეგოდ გამოვიყენებ - გაიფიქრა კედიამ, ლიმონის ნაჭერი აიღო და ჩაიში ჩააგდო - ამას არცერთი ქალი არ მოითმენს და მით უფრო ლიზა ავალიანი - მაგიდის უჯრიდან ღია ყავისფერი მუყაოს საქაღალდე რუსული წარწერით ,,საქმე" ამოიღო და ზონარი შეხსნა, ქაღალდები გადაქექა,  ლიზას ფოტო ამოიღო და წინ დაიდო, ჩაი მოსვა - არა, ეს ქალი ასე ადვილად გადმოსაბირებელი არ უნდა იყოს, ძალიან ლამაზია.

ზურაბმა მეორე ფოტოც ამოიღო და გვერდით მიუდო, ამ ფოტოზე ლიზასთან ერთად, ბაღის გრძელ სკამზე კიდევ  სამი ქალიშვილი იჯდა, უკან ეიფელის კოშკი მოჩანდა, კოშკი ნამდვილი არ იყო, ფოტოატელიეს კედელზე იყო დახატული - ამათშიც გამოირჩევა სილამაზით - გაიფიქრა კედიამ და ჩაი მოსვა.

19.

-ფილხაზას გაუმარჯოს! - ატელიეს კარები სწორედ იმ ახალგაზრდამ შემოაღო, რომელსაც კედია ეძებდა, ფილხაზმა რომ ზოლიანი ნაჭრის კოსტუმი შეუკერა, ეს იყო ერთ-ერთი ,,მწყემსთაგანი" ხვთისოს დუქნიდან, სახელად როსტომი  - როგორა ხარ, ფილხაზ?

ფილხაზი საუთოო მაგიდასთან იდგა და პიჯაკის სამკერდე ნაწილს აუთოებდა.

-გააა... მარჯობა ბატონო - ფილხაზს ფერი ეცვალა და ენა დაება.

-აბა ჩემთვის როდის მოიცლი? - როსტომი ფილხაზს მიუახლოვდა და ხელი გაუწოდა.

შეშინებულმა და დაბნეულმა ფილხაზმა მძიმე უთოს ხელი ისე გაუშვა არც შეუხედავს სად დებდა და სპეციალური სადგამის ნაცვლად, პირდაპირ საუთოოზე გაშლილ, ნახევრად შეკერილ პიჯაკზე დადო და შემოსულს ხელი ჩამოართვა.

-თქვენთვის სულ მცალია - ფილხაზი უაზროდ დაფაცურდა - მობრძანდით, დაბრძანდით - იქვე მდგომი სავარძლიდან დაკეცილი ქსოვილი აიღო და მაგიდაზე გადადო, მერე შეამჩნია, რომ საზურგეზე ძაფებია დარჩენილი და ახლა იმის სათითაოდ მოცილება დაიწყო - აი, აქ დაბრძანდით.

-ვა, რა ძალიან გაგეხარდა ჩემი დანახვა, ჰა ფილხაზ?

-არა ძალიან არა... ხო, ძალიან - ფილხაზი სულმთლად დაიბნა.

-მგონი რაღაცა დაგეწვა - როსტომმა უთოსაკენ გაიხედა და სავარძელში ჩაჯდა.

-ვაიმე! -ფილხაზი უთოს მივარდა და სწრაფად აიღო, შავ ნაჭერზე უთოს ანაბეჭდი ოქროსფრად პრიალებდა და ბოლი ასდიოდა, ფილხაზმა თითქმის ტირილი დაიწყო - ვაჰ, დღეს ჩემი დღე არ არის, რა!

-კარგი, კარგი ნუ მოსთქვამ! - როსტომმა სიცილი დაიწყო და ჯიბეში ხელი ჩაიყო - აჰა შენ კაი ზაკაზი მოგიტანე - ფული ამოიღო და მაგიდაზე დაყარა - აი წინასწარ გიხდი, თუ გინდა მაგის ფულიც მიამატე - ანიშნა დამწვარ პიჯაკზე.

-არა, არ მინდა! - წამოიყვირა ფილხაზმა, ხელები გაასავსავა და ფულს შიშით შეხედა - არ მინდა!

-ე, რა მოგივიდა, ფილხაზ?

-არა არ მინდა რა ფული, გეხვეწები, არ მინდა რა.

-ვა, ეგ როგორ, შენ და ფული არ გინდა, მაშ მუქთათ შემიკერავ?

-არა, მუქთათ რათა, - უცებ მიხვდა, რომ ზედმეტი მოუვიდა - წინასწარ არ მინდა მეთქი რა, უნა მეთქო.

-ბევრს ნუ ლაპარაკობ, ეს ფული აიღე და ზომები ამიღე, პალტოს შეკერა  მინდა.

-ზომების აღება რაში მჭირდება - ფილხაზმა მაგიდის უჯრიდან დიდი ჟურნალი ამოიღო და გადაფურცლა - აი, თქვენი ზომები შენახული მაქ, ოღონდ სახელი არ მიწერია, სახელი არ ვიცი თქვენი...

-ჩემი სახელი რად გინდა, ფილხაზ?

- მე კი არ მინდა - ფილხაზმა ფანქარი მოიმარჯვა - მე რათ მინდა, მე სულ არ მინდა... წესია ესეთი.

-ჰოოო... თუ წესია.. - გააგრძელა როსტომმა - როსტომი.

-და გვარი? - ფილხაზმა სახელი ჩაწერა.

-გვარი რაღად გინდა, ეგეც წესია თუ ისე ვერ შეკერავ?

-შევკერამ, როგორ ვერ შევკერამ მაგრამ, აქ ხომ უნდა ჩავწერო არა, რა ვიცი, ათასი როსტომია და...

-მიდი, მიდი - როსტომმა რაღაცნაირად გვერდულად ჩაიღიმა, აშკარად შეეტყო, რომ ფილხაზის ცნობისმოყვარეობამ დააეჭვა - შენ რაღაც  ძალიან ინტერესიანი გამხდარხარ აი, ბარემ მისამართიც ხო არ გითხრა?

-არა, მისამართი რათ მინდა?

-რა ვიცი, იქნებ წერილი გინდა მომწერო, ჰა?

-არა, რა წერილი, რა მისამართი, აბა რათ მინდა, ჰეჰე - ფილხაზმა გაღიმება სცადა - არა ეს ისე, სუ ნუ მეტყვით, აი ისე დავინიშნამ რაღა, ჩემებურათ - ჟურნალში რაღაც ჩაინიშნა, დახურა და მეორე ოთახისკენ წავიდა - აბა როგორი პალტო გნებამთ, აქეთ შემობრძანდით, ნაჭერი ავარჩიოთ, ხო იცით, სულ ინგლისიდანა მაქ გამოწერილი, მაშ....

ნაჭერი შეარჩიეს, ფასონზეც შეთანხმდნენ და როსტომმა ატელიე დატოვა.

ფილხაზმა ვიტრინიდან თვალი გააყოლა, როგორ ჩაჯდა ეტლში და წავიდა.

-ვაჰ, ეს რა შარში ვარ, ე! - წამოიყვირა გაბრაზებულმა, დამწვარი პიჯაკი აოღო, ცოტა ხანს აქეთ-იქით ატრიალა - კიდე კარგი, მეორე მხარე გადარჩა, ამას გადმოვაბრუნებ და პატრონი ვერაფერიც ვერ გაიგებს - ის ბიჭი სადღა წავიდა?

პიჯაკი საკიდზე დაკიდა და ქუჩაში გაიხედა.

-ე, ბიჭო, ტიგრან, მოდი აქა! - დაუძახა თავის შეგირდს და თანაშემწეს, თხუთხმეტი წლის ბიჭს, რომელიც იქვე ქუჩაში, ატელიესთან ახლოს, დიდი ცაცხვის ძირში, თანატოლებთან დანასობიას თამაშობდა.

ტიგრანმა ჟანგიანი, ტარმორეყეული დანა მიწაში ჩაასო და მოირბინა.

-აქა ვარ აღა.

- ეხლა კარგად მამისმინე, მე ეხლა საქმეზე უნდა წავიდე, შენ კარები ჩაკეტე და ჩემ მოსვლამდე არავის გაუღო, გაიგე?

-გავიგე აღაჯან, ჩავკეტამ - უპასუხა ტიგრანამ და მოთამაშე ბიჭებს გახედა, რომლებიც დანის ჩარჭობას ერთმანეთს არ აცლიდნენ.

-აქეთ მაიხედე შენა, რამდენჯერ უნდა გითხრა, აღა არ დამიძახო მეთქი - შეუღრინა ფილხაზმა და ერთი თავშიც წამოუთაქა - მაგ დანობანას თამაშს კიდე თავი დაანებე მეთქი ბიჭო და ის სკამიც შამაიტანე, იქ არ დაგრჩეს.

-კარგი, არ დაგიძახებ, აღაჯან - ტიგრანმა თავზე ხელი მოისვა, იქვე გარეთ, კარებთან მდგარი პატარა სკამი შემოიტანა და ფილხაზის გასვლას დაელოდა.

-ჰოდა, მინამ მოვალ, აქაურობა დაგავე - ფილხაზმა სამუშაო წინსაფარი მოიხსნა, დაფერთხა და ტიგრანს გადაუგდო. მერე საკიდიდან პიჯაკი ჩამოხსნა, ჩაიცვა და გარეთ გასვლამდე სარკეში ჩაიხედა - ბიჭო, მე რო შენხელა ვიყავი, აი როცა შეგირდი ვიყავი რაღა, გერბერის ატელიეში ვიყავი, მაშ! მთელი დღე ცოცხი მეჭირა ხელში, ვეუბნები, როდისღა უნდა შევკერო, ის ამბობს, ჯერ დაგვა ისწავლე, მთავარია შრომას მიეჩვიო! წამო ჩაკეტე - უთხრა და ქუჩაში გავიდა.

როცა დარწმუნდა, რომ ტიგრანმა კარები ჩაკეტა, იქვე მდგარი ეტლი მოიხმო.

ცოტა ხანში ეტლი ჟანდარმერიასთან გაჩერდა, ფილხაზი ჩამოხტა და კიბეები აირბინა. 

მეეტლემ თვალი გააყოლა, ხუთიოდე წუთს დაელოდა, მერე ეტლი დაძრა, ერევანსკის მოედანი გადაჭრა, ველიამინოვის ქუჩაზე გაუხვია  და იქვე ახლოს, დუქანთან გააჩერა, ეტლიდან ჩამოვიდა, სადავეები კოფოზე დაამაგრა, დუქნის კიბეზე ჩაირბინა და დარბაზი მოათვალიერა. 

თამბაქოს კვამლით გავსებულ თაღოვან სარდაფის სიღრმეში, კუთხის მაგიდასთან როსტომი, ერთი მამაკაცი და ორიც, საეჭვო ყოფაქცევის ქალი დაინახა.

ქეიფი ჯერ არ ჰქონდათ დაწყებული, მედუქნე სუფრის გაშლას სწორედ ახლა ამთავრებდა, დაცვარული დოქით ღვინო დადგა და ჰკითხა:

-კიდე რამეს ხომ არ ინებებთ?

-ჯერჯერობით არაფერს - უპასუხა როსტომმა - წადი და მერე დაგიძახებ.

მედუქნემ თავი დაუკრა და წავიდა.

-აბა, ღმერთი ვახსენოთ - თქვა როსტომის მეგობარმა, დოქი აიღო და ჭიქები შეავსო.

მამაკაცებმა ბოლომდე გამოსცალეს, ქალებმა კი ცოტა მოწრუპეს და ჭიქები ნაზად დადგეს.

-აბა, ეხლა ეგეთები არ იყოს! - შეუღრინა როსტომმა, გვერდით მჯდომი ქალის ჭიქას ხელი წამოავლო და მიაწოდა.

-ოჰ, როგორ იცი ხოლმე რა - ქალმა ჭიქა გამოართვა და სიამოვნებით გამოსცალა.

-როსტომ ბატონო! - მორიდებით უთხრა მიახლოებულმა მეეტლემ.

-რაო?- სკამზე შემობრუნდა როსტომი -ა, შენა ხარ, აბა რას მეტყვი?

-როგორც თქვენა თქვით, ზუსტათ ისე ქნა.

-როგორ?

-როგორ და თქვენ რო წახვედით, მალე გამოვიდა და პირდაპირ ჩემ ფაეტონში ჩაჯდა.

-მერე?

-ჟანდარმერიაში მიმიყვანეო.

-მერე, მიიყვანე?

-მივიყვანე, მა რა უნა მექნა.

-დიდი ხანია?

-არა, როსტომს ვენაცვალე, ეხლა პირდაპირ იქიდან მოვდივარ, როგორც კი შევიდა, მაშინათვე წამოვედი.

-კარგი - როსტომმა ფული გაუწოდა -აჰა აიღე.

- რა ვქნა, გავაგრძელო?- მეეტლემ ფული გამოართვა და ჯიბეში ჩაიდო.

-რა უნდა გააგრძელო? - ჰკითხა დაფიქრებულმა როსტომმა.

-თვალთვალი რაღა!

-არა, საჭირო აღარ არის - როსტომმა ღვინით შეუვსო ჭიქა და მიაწოდა - დაგვლოცე და თავისუფალი ხარ.

-თქვენ პური ჭამას გაუმარჯოს! - მეეტლემ ჭიქა გამოსცალა და ქუჩაში გავიდა.

20.

სრ.საიდუმლოდ

პირადად

ამიერკავკასიის ჟანდარმერიის საიდუმლო

პოლიციის პოლკოვნიკს, ზურაბ კედიას

თქვენო კეთილშობილებავ, ჩემს მიერ ჩატარებული დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ ქალბატონი, რომელსაც საიდუმლოდ ხვდება კონსტანტინე ნიჟარაძე, არის ტფილისის გუბერნატორის კანცელარიის სამშენებლო განყოფილების უფროსის, ინჟინერ პავლე სტეპანეს ძე ჩერნოვის ქალიშვილი, ტატიანა ჩერნოვა, თვრამეტი წლის. მათ უკავიათ ბებუთოვის ქუჩაზე 17 ნომერში სამსართულიანი ასობნიაკი.

ტატიანა ჩერნოვა და კოტე ნიჟარაძე ერთმანეთს შეხვდნენ შვიდჯერ ბოტანიკურ ბაღში და ხუთჯერ  მუშთაიდში.

16 სექტემბერი 1903.

ფ. ეძგვერაძე

 

21.

ელისაბედის ქუჩაზე თითქმის უკვე მთავრდებოდა ახალი, ლამაზი სახლის მშენებლობა, კოტე ნიჟარაძე მართალია დეტალებში არ ერეოდა, მაგარამ ყოველ დღე იქ იყო და თვალს ადევნებდა, მით უფრო ახლა, როდესაც მოპირკეთებაღა იყო დარჩენილი. თვითონ ინჟინერმა ჩერნოვმაც ძალიან მოინდომა, რადგან მისმა ქალიშვილმა და კოტემ შეუღლება და ამ სახლში ცხოვრება გადაწყვიტეს. სახლი ძალიან ლამაზი იყო, დიდი თაღის გავლის შემდეგ, საგანგებოდ ესპანეთიდან ჩამოტანილი, ჭრელი კერამიკული ფილებით მოკირწყლულ შიდა ეზოში ხვდებოდი, რომელსაც გარშემო. მთლიანად გრძელი აივნები ამშვენებდა.

კოტეს სახლს უკანა მხრიდან, ანუ მეორე ქუჩიდან, ესაზღვრებოდა ერთი ძველი, ერთსართულიანი სახლი. სახლი სახლად არ ვარგოდა, მაგრამ ეზო ჰქონდა დიდი და კარგი მდებარეობით. კოტემ დიდი ხანია თვალი დაადგა ამ ეზოს, რომელშიც ცხოვრობდა ახალგაზრდა ქვრივი ქალი ანიკო, ორი პატარა შვილით.

სწორედ ამ ეზოდან მოისმა რაღაც ხმაური, კოტე აივანზე გავიდა და დაბლა გადაიხედა.

ეზოში  ერთი ,,სუდებნი პრისტავი" და პოლიციის მეცხრე უბნის ,,ოკოლოტოჩნიკი" რაჟდენ კუნდუროვი დადიოდა,  კუნდუროვი კარ-მიდამოს ათვალიერებდა და პრისტავს, რომელსაც ხელში ქაღალდები ეჭირა, მითითებებს აძლევდა, პრისტავიც თავის მხრივ საბუთებში რაღაც ჩანიშვნებს აკეთებდა.

ამას ფონად თან სდევდა, ანიკოს ხვეწნა-მუდარა და ბავშვების ტირილი. ანიკოს ატირებული შვილები, დედას ფეხებზე ეხვეოდნენ და გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ.

,,ეს ეზოც ჩემი რომ იყოს, შადრევნიან აუზს გავაკეთებდი"- გაიფიქრა  კოტემ და ანიკოს ეზოს ზევიდან მოავლო თვალი.

პრისტავმა საქაღალდე დახურა, რაჟდენს ანიშნა წამოდიო და გასასვლელისკენ გაემართა, ანიკომ ბავშვები ხელით მოიშორა და პრისტავს გზა გადაუღობა.

-მე თუ არა, ეს ბავშვები მაინც არ  გეცოდებათ? - ტიროდა ანიკო - სად წავიდეთ, ქუჩაში ხო არ დავრჩებით!

-ჩემზე არაფერია დამოკიდებული - პრისტავმა  ანიკოს ჩამოცილება სცადა - გზა მომეცით!

-გეხვეწებით, იქნება ერთი-ორი დღე მაინც დაგვაცადოთ - ანიკომ ტირილს უმატა.

-გაგვატარეთ ქალბატონო, სანამ გარადავოის დავუძახეთ! - კუნდუროვმა  ანიკო უხეშად გასწია გვერდზე და ქუჩაში გავიდა.

ქუჩაში პოლიციის ეტლი ელოდებოდათ.

კოტემ სწრაფად დატოვა აივანი, კიბე ჩაირბინა და მომავალ ეტლს,  რომლშიც პრისტავი და ოკოლოტოჩნიკი ჩასხდნენ, ხელი დაუქნია.

-რაშია საქმე მოქალაქე - მკაცრად ჰკითხა რაჟდენ კუნდუროვმა.

-ნება მიბოძეთ წარმოგიდგეთ ბატონებო - კოტემ თავი დაუკრა - თავადი კონსტანტინე ნიჟარაძე.

-ჰმ - ჩაახველა კუნდუროვმა - მერე, რა გნებავთ?

-თქვენ სუდებნი პრისტავები უნდა იყოთ თუ არ ვცდები.

-ეს არის პრისტავი, მე მეცხრე უბნის ოკოლოტოჩნიკი ვარ - ქუდთან მიიტანა ხელი რაჟდენმა.

-და როგორც მივხვდი, იმ ეზოს და ქონების ასაწერად მოხვედით, არა?

- თუ შეიძლება - პრისტავს შეეტყო, რომ მაინც და მაინც არ ესიამოვნა კოტეს გამოჩენა - ხელს ნუ შეგვიშლით თავადო, ჩვენ მხოლოდ ჩვენს მოვალეობას ვასრულებთ.

-სუდის დადგენილება უნდა აღვასრულოთ, მეტი არაფერი - დაამატა კუნდუროვმა.

-ხელის შეშლა არც მიფიქრია ბატონებო - კოტემ ჩაიცინა - თქვენთან რამდენიმე შეკითხვა და საქმიანი წინადადება მაქვს.

-გისმენთ თავადო - პრისტავმა ფულის სუნი იყნოსა.

-იქნებ ფაეტონიდან გადმობრძანდეთ და აი აქვე, დუქანში ინებოთ ჩამობრძანება - კოტემ ხელი, ქუჩის გადაღმა სარდაფისკენ გაიშვირა - თითო ჭიქა მივირთვათ და თან ვისაუბროთ.

-ჰმ, ჩვენ ეხლა სამსახურში გახლავართ ბატონო... - თქვა რაჟდენმა  ყოყმანით და პრისტავს გადახედა - აქვე ბრძანეთ.

-ჰო, სამსახურის დროს - პრისტავმა ნერწყვი გადაყლაპა და ჩაახველა - არ შეიძლება, ეს ჩვენთან ძალიან მკაცრად არის.

-მესმის ბატონებო, ყველაფერი კარგად მესმის, მაგრამ თქვენისთანა საპატივცემო ხალხს ასე ქუჩაში როგორ დაველეპარაკო, დუქანში ჩავიდეთ, მაგიდასთან დავსხდეთ, თუ არ გინდათ, ღვინო არ დავლიოთ, ისე  წავისადილოთ და თან ვისაუბროთ - არ მოეშვა კოტე - დიდხანს არ დაგაყოვნებთ.

-რას იტყვით სოგრატ ფუსოევიჩ - მიუბრუნდა რაჟდენი პრისტავს - მე ფაქტიურად სამუშაო დღე დამთავრებული მაქვს, იქნებ ცოტა ხნით ჩავიდეთ?

-კარგი, ცოტა ხნით შეიძლება - თქვა პრისტავმა და იმავე წამს ეტლიდან ჩამოვიდა -ოღონდ, მხოლოდ ცოტა ხნით და მხოლოდ სადილი!

,,ცოტა ხანი" და ,,მხოლოდ სადილი", რატომღაც ხანგრძლივ დროსტარებაში გადაიზარდა, სადაც კოტემ გაარკვია, რომ ეზო ანიკოს უკვე აღარ ეკუთვნოდა, მის ქმარს სიცოცხლეში, თავისი ,,ხაზეინის", ერთი ვაჭრის, დოვლათბეგოვის ვალები ჰქონია, ამ ვაჭარს რიყეზე ერთი ქარვასლა სდგმია, სადაც ანიკოს ქმარი ,,კაჩეგრად" მუშაობდა. ერთ ღამეს ქარვასლას ცეცხლი გასჩენია და სულ დამწვარა, ხანძარი მეზობელ დუქანზეც გადასულა და როდესაც მეზობელ  მედუქნეს,  დოვლათბეგოვისგან ზარალის ანაზღაურება მოუთხოვია, ყველაფერი ანიკოს ქმარს დაჰბრალებია,  ,,სუდშიც" უჩივლიათ და უზარმაზარი თანხის გადახდაც დაუკისრებიათ. აბა უბრალო ,,კაჩეგარი" ფულს საიდან მოიტანდა და იმის მერე ვალს ზემოდან პროცენტებიც დამატებია და დამატებია.

-ჰოდა, ეხლა - სოგრატ ფუსოევიჩმა ქონიანი ტუჩები პირდაპირ ხელით მოიწმინდა - სუდის დადგენილებით ანიკოს სახლი,  დოვლათბეგოვს ვალში გადაეცა.

-ბატონებო - კოტემ ჭიქები შევასო - ეგ ეზო, ჩემ სახლს ესაზღვრება და ჩემი უნდა გახდეს.

სამივე კარგად შეზარხოშებულები იყვნენ.

-ჰმ, სულ ეგ არის? - დააბოყინა სოგრატმა, დოქი აიღო და ჭიქების შევსება დაიწყო, მაგრამ ღვინო გამოლეულიყო და მხოლოდ ერთ ჭიქას ეყო.

-სულ ეს არის, ბატონებო, თქვენც თქვენსას მიიღებთ - უთხრა კოტემ და ცარიელი დოქი გამოართვა.

-ჩვენ ყველანაირად დაგეხმარებით - რაჟდენმა სოგრატს გადახედა - არა ფუსოევიჩ?

-დავეხმარებით აბა რა! - თქვა სოგრატმა და სლოკინი აუტყდა - შენთვის ჰყ! ჩემო კოტე, ჰყ! ჰყ! მაგ ეზოს, ჰყ!  დოვლათბეგოვს, ნახევარ ფასად დავათმობინებთ, ჰყ! ჰყ! ჰყ!

-დავათმობინებთ - რაჟდენ კუნდუროვმა მაგიდას ხელი დაჰკრა - თუ გინდა, სულ ისე მოვაცემინებთ!

-არა ბატონებო, უფასოდ არაფერი არ მინდა, დოვლათბეგოვი თავისას მიიღებს და თქვენ  - კოტემ ორივეს ცალცალკე შეხედა თვალებში - და თქვენ კი თქვენსას - ცარიელი დოქი ზემოთ ასწია და დახლში მდგომ მიკიტანს გასძახა - ჰეი მურაზ, ღვინო მოგვიტანე!

 

22.

როგორც ყოველთვის, სამუშაო დღის ბოლოს,  ფილხაზ ბაღაზაშვილმა შეგირდი სახლში გაუშვა, დღევანდელი შემოსავალი გადათვალა, გაკეცა, შიგნითა ჯიბეში კარგად შეინახა, ჟურნალში ჩანაწერები გააკეთა, სინათლე ჩააქრო და ის იყო ქუჩაში უნდა გასულიყო, რომ კარი გაიღო და ორი არასასიამოვნო გარეგნობის,  არაჯანმრთელად გამხდარი მამაკაცი შემოვიდა.

-სამუშაო დღე დამთავრდა, ხვალ მობრძანდით - უთხრა ფილხაზ ბაღაზაშვილმა და კარებისკენ გაემართა.

-ხვალ არა გვცალიან ფილხაზჯან, ეხლა გვაქ საქმე - გაიკრიჭა ერთი მათგანი, კბილჩატეხილი პირით  და ჩამოფხატული ქუდის ქვეშ შავი თვალები ავად დააკვესა.

- ვა, რა საქმე გაქთ, მე თქვენთან არაფერი საქმე არა მაქ, თუ გინდათ ხვალ გამაიარეთ.

- პუჭურ, ერთი კარები ჩაკეტე - უთხრა კბილჩატეხილმა თავის ამხანაგს.

მისი მომცრო ტანის ამხანაგი, მეტსახელად ,,პუჭურა", უხმოდ მიეყრდნო კარს ზურგით.

-ხვალ მობრძანდით მეთქი, რაღა - ფილხაზს ტანმა ცუდი უგრძნო.

-ხვალ სხვა საქმეები გვაქ, ეხლა უნდა გნახოთ.

-ეე, რა დღეში ხართ თქვენა! - გაბზარული ხმით სცადა შეტევაზე გადასვლა, ფილხაზმა და სინათლის ჩამრთველისკენ წავიდა.

-არ აანთო! - უბრძანა კბილჩატეხილმა და მისკენ ნელი ნაბიჯით დაიწყო სვლა -აქეთ გამაიწიე.

-რა გინდათ, ვინა ხართ - ფილხაზმა უკან დაიხია და უკანალით მაგიდას დაეჯახა - აი, სულ ეს არის რაცა მაქვს, აიღეთ და წადით მშვიდობითა - ჯიბიდან ფული ამოიღო და გაუწოდა.

-ჯერ ერთი ეგ გვითხარი - კბილჩატეხილმა სკამი ხრიგინით გამოსწია, ზედ უკუღმა  გადაჯდა  და გადაჯვარედინებული ხელები საზურგეზე დააყრდნო - პოლიციაში რა გინდოდა?

-პოლიციაში? - ფილხაზმა ხელები გაშალა - რა პოლიცია, რის პოლიცია, პოლიციასთან მე რა მესაქმება?

-გაიგე პუჭურ? - კბილჩატეხილმა უკან გასძახა - პოლიციასთან რა საქმე მაქსო.

-ატრაკებს - თქვა პუჭურამ.

-ვიცი რო ატრაკებს - მერე ისევ ფილხაზს მიუტრიალდა - აბა ავაგამ ფაეტონით, სად მიგაბრძანა?

-ავაგამ, ავაგა ვინ არი?

-ავაგა არ იცი, ვაგზლზე  რო დგას ხოლმე.

-მე რა ვიცი, ვაგზალზე ვინა დგას!

-მაშ შენ, იზვოზჩიკი ავაგა არ იცი არა?

-ააა... იზვოზჩიკი, მერე ეგრე გეთქვა რა შე ოჯახდალოცვილო - ფილხაზს ვითომ ახლა გაახსენდა - ავაგა როგორ არ ვიცი, კარგა ვიცი,  მერე?

-რას აყბედებ ამდენს, გაუყარე რა ჯიგარში! - რაღაცნაირად ზარმაცად ამოღერღა პუჭურამ და კბილებში გამოაწიტა.

-ე, რა უნა გაუყაროს - ტირილნარევად დაიწყო ფილხაზმა - რა გინდათ, გაუყაროს რა, ის არის?

-თქვი, პოლიციაში რა გინდოდა? - კბილჩატეხილი ფეხზე წამოდგა.

-მე, მე რა უნდა მინდოდეს, იმათ უნდოდათ!

-იმათ რა უნდოდათ?

-რა უნდოდათ და გეტყვით, გეტყვით, ოღონდაც არაფერი მიქნათ  და გეტყვით - ფილხაზმა ხელები ასწია, ფული ისევ ისე ეჭირა - კოსტუმი ვის შეუკერეო....

-რაო?

-ჰო, ღმერთმანი, აი კოსტუმი, ვის შეუკერეო?-რაო,

რა კოსტუმიო?

-აი ისაო რა, ზოლებიანიო...

-მაშ ზოლებიანი კოსტუმი ვის შეუკერეო, არა? - კბილჩატეხილმა პუჭურას შეხედა.

-ჰო, ზოლებიანიო.

-მერე რა უთხარი, - ჰკითხა პუჭურამ - ვის შეუკერეო?

-რას ვეტყოდი, აბა მე რა ვიცი მეთქი!

-მართლა ეგრე უთხარი?

-ვა, ჩემი ორი შვილის სიცოცხლესა ვფიცამ, ეგრე უთხარი! - ტირილის დაწყება დააპირა ფილხაზმა - ვიცი რო, ვის შეუკერე?

-ჰოოოო... - კბილჩატეხილი მიუახლოვდა, ფილხაზმა უკან დახევა სცადა მაგრამ  მაგიდამ არ გაუშვა -კარქა გითქვია.

-აი, მთელი ფული აიღეთ და წადით რა... - ფილხაზმა ვერ დაინახა როგორ გაჩნდა კბილჩატეხილის ხელში ბებუთი და ფული გაუწოდა - ჩემმა მზემა, მეტი არაფერი მითქვია!

-ვის უნდა ეგ შენი კაპიკები - ბებუთმა გაიელვა და ისე მოულოდნელად გაეყარა მუცელში, რომ ფილხაზმა ვერც კი  იგრძნო, რაღაცის თქმა დააპირა, პირიც გააღო, მაგრამ ხმა აღარ ამოუვიდა და ძალაგომცლილი ჩაიკეცა.

-მეტი არაფერი გითქვია და ვეღარც იტყვი - კბილჩატეხილმა დანა ჟილეტზე კარგად შეაწმინდა, ხელიდან ფული ორი თითით ააცალა, ჯიბეები  ზიზღით მოუჩხრიკა, ვერაფერი ნახა, თითიდან წვალებით ოქროს ბეჭედი წააძრო, ფეხზე წამოდგა და თვითონ გაიკეთა.

-აჰა, პუჭურ - ფულის ნახევარი ამხანაგს გაუწოდა - წავედით.

-მაიცა, ესე წავიდეთ?

-მა როგორ, აქ მეტი ფული მაინც აღარ იქნება. ხო იცი, აქ არა ტოვებენ ხოლმე, სულ მიაქთ.

პუჭურამ მაგიდის უჯრა მაინც ამოქექა, მერე კარადა გახსნა.

-წამო, წამო, ეგეთი ახვრები კარგს აქ რას შეინახამენ - უთხრა კბილჩატეხილმა, ნახევრად ბნელ ოთახაში, თვალები დას ახის კანი, ერთნაირად ნაცრისფრად უპრიალებდა.

ქუჩაში გავიდნენ და კარი ფრთხილად გაიხურეს.

ფილხაზ ბაღაზაშვილი კი ზურგით მაგიდის ფეხს მიყრდნობილი, საკუთარი ატელიეს ახლად დაგვილ იატაკზე ცოცხალივით იჯდა, ხოლო მის გაშტერებულ, გაოცებულ თვალებში და დაღვრილ სისხლის გუბეში, გარედან შემოსული, საღამოს მკრთალი შუქი, ერთნაირად ირეკლებოდა.

23.

დილით კარზე ბრახუნმა გამოაღვიძა, გუშინდელი სმის შემდეგ თავი უსკდებოდა, საწოლზე ძლივს წამოჯდა, ფეხები ფოსტლებში წაყო,  წამოდგა და ხალათი მოიცვა.

კარზე ისევ გასმა ბრახუნი.

-მოვდივარ, მოვდივარ! - კოტე მაგიდასთან მივიდა, წყლით  სავსე გრაფინი აიღო, ხარბად მოიყუდა და ნახევრამდე ჩაცალა, გრაფინი დადგა, მაგიდას ორივე ხელით დაეყრდნო და ხმამაღლა ამოისუნთქა, შუბლი უცბათ ცივი ოფლით დაეცვარა, ცოტა ხანს გაუნძრევლად იყო, აჩქარებული გულისცემა ოდნავ დაიწყნარა და კიდევ ერთხელ გასძახა: - მოვდივარ.

კარებში კედია იდგა.

-მე ხომ ყველა კითხვაზე გიპასუხეთ? - კოტე  მისმა დანახვამ  გააღიზიანა და ამის დაფარვა არც უცდია.

-არ შემიპატიჟებ, - ჰკითხა პაუზის შემდეგ კედიამ - ასე ვილაპარაკოთ?

-მობრძანდით - კოტემ კედია გამოატარა, მერე გარეთ გაიხედა, შეამოწმა მარტო იყო თუ არა და კარი დახურა.

- აქ დაბრძანდით ბატონო პოლკოვნიკო - კოტემ კედია მისაღებ ოთახში შეიყვანა - ახლავე ჩავიცვამ და გამოვალ.

კედია არ დამჯდარა, ოთახის თვალიერება დაიწყო.

-ახალ სახლში როდის გადადიხართ?  - ხმამაღლა გასძახა კედიამ.

-მალე, თვის ბოლოს ვაპირებ - კოტე ოთახში შემოვიდა, თეთრი ფერის პერანგი ეცვა - ჩაის ან ყავას ხომ არ მიირთმევთ, სწორედ ახლა ვაპირებდი საუზმობას.

-ყავას სიამოვნებით დავლევ -კედია მრგვალ მაგიდასთან დაჯდა, ერთი ღერი პაპიროსი ამოიღო და პორტსიგარი მაგიდაზე დააგდო - ხომ შეიძლება?

-მოწიეთ - კოტე სამზარეულოში გავიდა და ცოტა ხანში ვერცხლის უზარმაზარ სინზე დალაგებული ჭიქით ჩაი, ფინჯანი ყავა, საშაქრე და ერთი ცალი ლიმონი გამოიტანა - მე ჩაის დავლევ, ნაბახუსევზე ყავას არ გეახლებით, უჰ, წუხელ ცოტა მეტი მომივიდა.

კოტემ ლიმონს რამდენიმე თხელი ნაჭერი ჩამოაჭრა და ჭიქაში ჩაიგდო.

-ბატონო კოტე, თქვენი ახალი სახლი... - კედიამ ლაპარაკი შეწყვიტა და  თვალით რაღაცას დაუწყო ძებნა.

-ფანჯარაზე დევს თქვენს უკან - უთხრა კოტემ და ჩაი მოსვა - თუ არ შეწუხდებით, თვითონ აიღეთ.

კედია ფანჯარას მიუახლოვდა და რაფიდან მძიმე, მარმარილოს საფერფლე აიღო. 

-თქვენი ახალი სახლისნაირი შენობა, სულ რამდენიმეა ქალაქში - განაგრძო კედიამ,  თავის ადგილზე დაბრუნდა,  მაგიდას მიუჯდა და წინ საფერფლე დაიდგა - მე მხედველობაში მაქვს შენობის სილამაზე და ღირებულება.

-ვიცი, იმიტომაც პროექტი ჩერნოვს დავუკვეთე - კოტემ კედიას შეხედა და გაუღიმა - დიახ, ჩერნოვს და არა ბაღაღოაშვილს.

-ხო, მაგრამ ის სახლები, მდიდარ ვაჭრებს ეკუთვნით.

-მაგით რა გინდათ სთქვათ? - კოტემ ჩაი სულ გამოსცალა, წამოდგა და ხაზგასმულად თავაზიანად მიმართა - თქვენის ნებართვით კიდევ დავისხამ, თქვენ ხომ არ გნებავთ ყავის დამატება?

- არა, მე ჯერ მაქვს.

-როგორც გენებოთ - კოტე ჩაის დასახმელად სამზარეულოში შევიდა.

- როგორც ვიცი, სასტუმროსაც აშენებთ - ხმამაღლა გასძახა კედიამ.

- სასტუმროსაც ვაშენებ - კოტე სამზარეულოდან დაბრუნდა, მაგიდაზე სავსე ჩაის ჭიქა დადგა და ირონიულად ჰკითხა - რა, ჩემი მშენებლობა, კანონის დარღვევაა თუ იმპერიის ინტერესებს ეწინააღმდეგება?

- არც ერთი და არც მეორე, მე ის მინდა ვთქვა, რომ ასეთ შენობებს, საკმაოდ დიდი თანხა სჭირდება.

-ა, ახლა მიგიხვდით, ჩემი მატერიალური ხარჯები გაღელვებთ - კოტე უცბათ გამხიარულდა და ცხელი ჩაი, ხაზგასმით ხმაურით მოხვრიპა.

- თქვენ წარმოიდგინეთ, არა.

- არა? - კოტე წამოდგა, ოთახში გაიარ გამოიარა, მერე გაჩერდა, ნიკაპი მოიფხანა და კედიას დაკვირვებით შეხედა - ბატონო პოლკოვნიკო, ახლა არ მითხრათ, რომ ჩემი ფულის წარმოშობა გაღელვებთ

!-არა, არც ეგ მაღელვებს - კედიამ თავი ასწია, კვამლი ჭერისკენ გაუშვა, თვალი ააყოლა და როდესაც სულ გაიფანტა, წყნარად უთხრა: - მაგრამ მაეჭვებს.

-ააა, აი თურმე რა ყოფილა თქვენი, ასეთი ადრიანი ვიზიტის მიზეზი - კოტე კომოდთან მივიდა, ზედა უჯრა გამოაღო, ნაცრისფერი საქაღალდე ამოიღო და კედიას წინ დაუდო - აი, გადახედეთ, მანდ ყველაფერი წერია.

-თქვენც ხომ იცით, რომ აქ დაწერილი არცერთი სიტყვის არ მჯერა -კედიამ საბუთებს არც დახედა, ისე გასწია გვერდზე.

- თქვენდა სამწუხაროდ ბატონო პოლკოვნიკო, მე სულ არ მაღელვებს გჯერათ თუ არა, ჩემზე უკეთ იცით, რომ მხოლოდ თქვენს ეჭვს, საქმეს ვერ დაურთავთ - კოტემ საბუთები აიღო, ისევ უჯრაში შეინახა, შემობრუნდა და კედიას ძალიან თავაზიანად გაუღიმა - და ისე გირჩევთ, ამის შემდეგ, მძარცველები ისე ეძებოთ, რომ მე და ჩემი მეგობრები არ შეგვაწუხოთ.

-მაგას ვერ შეგპირდებით - კედიას  შეეტყო, რომ ძალიან გაბრაზდა, მაგრამ თავი შეიკავა და წყნარად უთხრა - მაინც მომიწევს თქვენი შეწუხება, ოღონდ იქ მობრძანებით, პოლიციაში.

-არა მგონია, პოლიციაში არაფერი მესაქმება, ახლა კი ბატონო პოლკოვნიკო, დიდი ბოდიშის მოხდით გთხოვთ დამტოვოთ, მანდილოსანს ველოდები და... -კოტემ ხელები გაშალა - უნდა მოვემზადო.

კედიამ პაპიროსი საფერფლეზე ჩაუქრობლად დააგდო და წამოდგა.

-არა, არა, ნუ ჩქარობთ, რამდენიმე წუთი შეგიძლიათ დარჩეთ, - კოტემ ისევ გაუღიმა - ჯერ ყავა ბოლომდე  არ დაგილევიათ.

-გმადლობთ - კედია კარებში შეჩერდა - ნიჟარაძე...

-გისმენთ.

კედიამ თითქოს რაღაცის თქმა დააპირა, მერე გადაიფირა, ოთახიდან გავიდა და კარი ღია დატოვა.

კოტემ, კარები მიხურა, ნერვიულად რაღაც ჩაიბურტყუნა, მაგიდასთან მოვიდა, კედიას დატოვებულ აბოლებულ პაპიროსს დახედა, ჭიქიდან ჩაი დაასხა და ჩააქრო.

24.

თვალთვალის ფურცელი

ფილერ ფილიმონ ეძგვერაძის დაკვირვების შემდეგ, ვინმე როსტომზე

საღამოს შვიდ საათზე გამოვიდა იპოდრომის სასტუმროს შენობიდან და ქუჩას ფეხით გაუყვა,  ვაგზლის ქუჩაზე მარჯვნივ გაუხვია და თამბაქოს მაღაზიაში შევიდა, იყიდა შერეშევსკის ფაბრიკის ერთი კოლოფი პაპიროსი და ასანთი, ქუჩაში გამოვიდა, მოუკიდა და ეტლში ჩაჯდა. გაიარა სადოვაია, გაუხვია არტილერიის ქუჩაზე, გავიდა მალაკნებზე, იქიდან მარცხნივ გაუხვია ნახალოვკაში და მაგისტრალის ქუჩაზე გავიდა, ცეხავოის ქუჩამდე მივიდა,  ეტლიდან ჩამოხტა, მეეტლეს ანგარიში გაუსწორა და მაგისტრალური ქუჩისა და ცეხავოის გადაკვეთაზე, ისაკ ბზარაშვილის დუქანში ჩავიდა.

დუქანში ბევრი ხალხი არ იყო, რამდენიმე მაგიდა იყო დაკავებული. როსტომს მედუქნე ისაკ ბზარაშვილი მიესალმა და ცალკე კაბინეტში შეიპატიჟა,  მე სადილი დავუკვეთე და ისეთ მაგიდასთან დავჯექი, საიდანაც კარქათ მოჩანდა კაბინეტის კარები და საშუალება მქონდა დამენახა ყველა, ვინც შევიდოდა ან გამოვიდოდა. დაახლოებით საათნახევარის შემდეგ მედუდუკეები მოითხოვეს, მედუდუკეების შესვლის შემდეგ კაბინეტის კარები ღია დატოვეს საიდანაც სუფრის ნაწილს ვხედავდი,  თვითონ როსტომი არ ჩანდა, მაგრამ ჩანდა ჩემთვის კარგად ნაცნობი ორი პიროვნება, ერთი იყო მარქარიანცი მეტსახელად პოლკოვნიკი  და მისი ამხანაგი ასატურ ავეტისიანცი, მეტსახელად პუჭურა, რომლებიც ტფილისის დაშნაკწიუცუნის პარტიის წევრებად არიან ცნობილი, ორივე ნასამართლევია წინანდლის მემამულეთა ამხანაგობის მოლარე მუდრეცოვზე თავდასხმისთვის. როგორც ჩანს ციხიდან უკვე გამოსულან.

მე ქუჩაში გამოვედი და იქ ველოდებოდი, დუქნიდან გვიან გამოვიდნენ საკმაოდ ნასვამები, ცოტა ხანს ერთმანეთს ემშვიდობებოდნენ, ბოლოს როსტომი მარტო ჩაჯდა  ფაეტონში და სასტუმროში დაბრუნდა, სადაც დილამდე დარჩა. გზაში არსად არ გადაუხვევია და არც სადმე გაჩერებულა.

19 სექტემბერი, 1903 წ.

ფ. ეძგვერაძე

 

თვალთვალის ფურცელი

ფილერ იოსიფ პეჩკინის დაკვირვების შემდეგ მარქარიანცზე, მეტსახელად პოლკოვნიკი და ასატურ ავეტისიანცზე, მეტსახელად პუჭურა.

თერთმეტს აკლდა ზუსტად ოცი წუთი, როცა მარქარიანცმა და ავეტისიანცმა ისაკ ბზარაშვილის დუქანთან ეტლი გააჩერეს და მალაკნების ქუჩისკენ წავიდნენ, გაიარეს ცერკოვსკაია, კირიჩნზე საცხობთან გაჩერდნენ, იყიდეს პური და ვერის ხიდზე გადავიდნენ, იქ ეტლიდან გადმოვიდნენ და კარუსელის დაღმართს ფეხით ჩაუყვნენ, კვერნაძის ხეტყის სახერხი ქარხნის ეზოში შევიდნენ, ქარხნის ეზოს მარჯვენა კუთხეში დგას ფიცრული შენობა, სადაც ცხოვრობენ ქარხნის მუშები, მარქარიანცი და ავეტისიანცი ამ შენობაში დარჩნენ ღამის გასათევად. ჩემს მიერ მოპოვებული ცნობებით, მარქარიანცი და ავეტისიანცი უკვე მესამე კვირაა იქ ცხოვრობენ.

19 სექტემბერი, 1903 წ.

ი. პეჩკინი

 

კედიამ ფურცლები მაგიდაზე დააწყო და ზარი დარეკა. ოთახში თანაშემწე შემოვიდა.

- მურმან, ის ძარცვა თუ გახსოვს შენ, წინანდალში მოლარეს რომ დაესხნენ?

-როგორ არ მახსოვს ბატონო პოლკოვნიკო - გაეღიმა მურმანს - იმ მოლარის შეშინებულ თვალებს რა დამავიწყებს,  გვარიც კი მახსოვს, მუდრეცოვი იყო.

-დიახ, დიახ, სწორედ მუდრეცოვი, ეგ საქმე არქივიდან გამოითხოვე და მომიტანე.

-მესმის ბატონო!

მურმანი დაახლოებით ერთი საათის შემდეგ დაბრუნდა და ხელში ლურჯი ფერის, მუყაოს საქაღალდე ეჭირა,  რომელსაც ზემოდან შავად ეწერა:  ,,საქმე"

- ერთი  ჩაიც შემომიტანე - უთხრა კედიამ და საქაღალდეს ზონარი შეხსნა.

როგორც ყოველთვის, მურმანმა ვერცხლის სადგამში ჩადგმული ჭიქით ჩაი და პატარა ლამბაქით, დაჭრილი ლიმონი შემოიტანა.

საქაღალდეში, პირველივე გვერდზე მიმაგრებული იყო, რომელიღაც ფოტოსტუდიაში გადაღებული, მარქარიანცის სურათი, შემდეგ გვერდზე კი უკვე პოლიციაში გადაღებული ფოტო იყო, ანფასი და პროფილი. კედიამ საქმე ყურადღებით წაიკითხა, არცერთი დეტალი არ გამოუტოვებია, შემდეგ ავეტისიანცის საქმეც საფუძვლიანად შეისწავლა. მათ გარდა საქაღალდეში  კიდევ ორი მძარცველის პირადი საქმეც იყო, თუმცა ისინი არ აინტერესებდა და  ამიტომ ისე გადახედა ზერელედ.  ვერც შეამჩნია როგორ გავიდა სამი საათი, მოსაღამოვდა, ოთახში ჩამობნელდა, კედიამ თავი ასწია, მაგიდის ნათურა აანთო და თვალები მოისრისა.

,,ბაღაზაშვილი ნამდვილად ამათი მოკლული იქნება “- გაიფიქრა და გაიზმორა.

კარზე დააკაკუნეს.

-შემოდი მურმან - დაიძახა კედიამ.

-ბატონო პოლკოვნიკო, პეჩკინის ანგარიშია - უთხრა მურმანმა კედიას და ფურცელი გადასცა - ამ წამს მოიტანა.

-კარგი, დაგიძახებ -კედიამ ფურცელი გამოართვა.

 

ფილერ იოსიფ პეჩკინის დაკვირვების შემდეგ ასატურ ავეტისიანცზე,

მეტსახელად - პუჭურა

დილის ათ საათზე ავეტისიანცი გამოვიდა კვერნაძის სახერხი ქარხნის ტერიტორიიდან, კარუსელის აღმართი აიარა, ალექსანდრეს ბაღამდე იარა და იქ ტრამვაიში ავიდა  (მიხეილის ხაზზე) რკინიგზის სადგურამდე  ჩამოვიდა, არტილერისტების  ქუჩამდე ფეხით გაიარა და მატიკიანცის საკანცელარიო ნივთების საწყობის ეზოში შევიდა. იქ შეხვდა სათვალიან მამაკაცს, რომელსაც მუშის უხეში, ბრეზენტის, ნაცრისფერი წინსაფარი ეკეთა. ხუთი წუთის საუბრის შემდეგ, ავეტისიანცმა ჯიბიდან კონვერტი ამოიღო და გადასცა, სათვალიანმა კონვერტიდან ნახევრად ამოაცურა ფოტოსურათები, უკან ჩააბრუნა და წინსაფრის ჯიბეში ჩაიდო, ამის შემდეგ ავეტისიანცმა ფულის საკმაოდ სქელი შეკვრა გადასცა, სათვალიანმა ფული გამოართვა და სწრაფად დამალა წინსაფრის ქვეშ. ამის შემდეგ ავეტისიანცი ვაგზლისკენ წავიდა, მომავალ ტრამვაის შეახტა და ისევ ალექსანდრეს ბაღთან ჩამოვიდა.  გზა ფეხით გააგრძელა, მარკინის მაღაზიაში ხორცი და ღვინო შეიძინა, ვერის დაღმართზე საცხობში პური იყიდა და კარუსელის ქუჩაზე, სახერხ ქარხანაში შევიდა, სადაც ამჟამადაც იმყოფება.

20 სექტემბერი, 1903წ.

ი. პეჩკინი

დროს დაკარგვა აღარ შეიძლება, სათვალეებიანი კაცი, ყალბი საბუთებისა და ფულის დამზადებისათვის  არაერთხელ ნასამართლევი, მოსე ბაკაშვილია. თუ ავეტისიანცმა სურათები და ფული გადასცა, ესე იგი, ყალბი პასპორტების დამზადება შეუკვეთა, თუ სასწრაფოდ არ დააპატიმრეს, ქალაქს დატოვებენ.

კედიამ ზარი დარეკა.

- რას მიბრძანებთ? - მურმანი კარებში გაიჭიმა

- სასწრაფოდ სამხედრო პროკურორის სახელზე მიმართვა მომიმზადე - კედიამ ფურცელი აიღო, სამელნეს თავი მოხადა, კალამი ჩააწო და წერა დაიწყო, თან მურმანს ელაპარაკებოდა - კვერნაძის სახერხ ქარხანაში, სპეცოპერაციის ჩატარებაზე ნებართვა და მოქალაქე ფილხაზ ბაღაზაშვილის მკვლეობაში ეჭვმიტანილი ორი პიროვნების დაკავების სანქცია მჭირდება დღესვე, აი მათი გვარები, გამთენიის ოთხ საათზე სახერხ ქარხანას მოულოდნელად ალყა უნდა შემოვარტყათ და მარქარიანცი და ავეტისიანცი ცოცხლად ავიყვანოთ.

-მესმის - მურმანმა ფურცელი გამოართვა და სწრაფად გავიდა.

დაყოვნება არ შეიძლება, კედია დარწმუნებული იყო, რომ გუშინ ბზარაშვილის დუქანში ქეიფისას, როსტომმა ეგრეთწოდებულ პოლკოვნიკსა და პუჭურას, ბაღაზაშვილის მკვლელობისთვის შეპირებული თანხა გადასცა

კედიამ ყურმილი აიღო.

-სამდივნოს შემაერთეთ.

-შტაბს-კაპიტანი ორჟევსკია აპარატთან  - გაისმა ყურმილში პროკურორის თანაშემწის ხმა.

- საღამო მშვიდობისა ივან სტეპანოვიჩ, კედია ვარ.

-მოგესალმებით ბატონო პოლკოვნიკო, რით შემიძლია გემსახუროთ?

-ვიცი, რომ გვიან გაწუხებთ, მაგრამ გადადება არ შეიძლება, საქმე მეტად

სერიოზულია.

-ბრძანეთ ბატონო პოლკოვნიკო.

-პროკურორის თანხმობა მჭირდება.

-ვწუხვარ პოლკოვნიკო, ხვალისთვის მოგვიწევს გადადება, გენერალი ეს წუთია გავიდა.

-ივან სტეპანოვიჩ - კედიას ხმაზე გაღიზიანება შეეტყო -ხვალ უკვე გვიანი იქნება.

-რა ვქნა პოლკოვნიკო - პროკურორის თანაშემწემ პაუზა გააკეთა - თუ ასე თვლით, შეგიძლიათ თქვენ თვითონ მიმართოთ, თუ მიუსწრებთ რა თქმა უნდა, ჯერ ეზოში არ იქნება ჩასული.

-გმადლობთ - კედიამ ყურმილი დადო, ფანჯარასთან მივიდა და ეზოში გადაიხედა, პროკურორის ავტომობილი ეზოში შემოვიდა და შენობის კართან გაჩერდა. კედიამ საკიდიდან ქუდი ჩამოხსნა, ოთახიდან გიჟივით გავარდა, კიბეები ჩაირბინა და ეზოში  იმ დროს გავიდა, როდესაც მძღოლმა გენერალს  მანქანის კარი გაუღო.

-თქვენო ბრწყინვალებავ! - შესძახა კედიამ.

პროკურორმა თავი მოაბრუნა და კედიას გაოცებულმა შეხედა.

-ნება მიბოძეთ მოგმართოთ! - აქოშინებულმა კედიამ  ხელი ქუდთან

მიიტანა.

-გისმენთ პოლკოვნიკო - გენერალი ავტომობილში ჩაჯდომას არ ჩქარობდა.

კედიამ მოკლედ მოახსენა საქმის ვითარება და დაყოვნებისთვის ბოდიში მოუხადა.

-ნუ მებოდიშებით პოლკოვნიკო - პროკურორმა გაიღიმა - მომწონს თქვენი შემართება - მერე იქვე მდგომ ადიუტანტს მიუბრუნდა - ფიოდორ, შეასრულეთ ყველაფერი რასაც პოლკოვნიკი მოითხოვს.

-მესმის თქვენო ბრწყინვალებავ - მხედრულად გაიჭიმა ადიუტანტი -მობრძანდით თქვენო კეთილშობილებავ - მიმართა კედიას და შესასვლელისკენ გაუძღვა.

იმავე დღეს მოსე ბაკაშვილიც აიყვანეს, რომელმაც აღიარა, რომ ავეტისიანცმა მართლაც დაუკვეთა პასპორტების დამზადება, რა თქმა უნდა შეცვლილი გვარებით.

25.

გამთენიისას, როდესაც ვარსკვლავები ჩაქრნენ და ცას ოდნავ ცისფერი შეერია, ხოლო მტკვრის ზედაპირი თეთრმა ნისლმა დაფარა, ჟანდარმების ოთხმა  შეიარაღებულმა რაზმმა, კვერნაძის სახერხ ქარხანას, ალყა შემოარტყა, რამდენიმე ჯარისკაცი კარუსელის ქუჩის ჩასავლელთან ჩასაფრდა, ერთი ნაწილი ვერის დაღმართზე განლაგდა, საიდანაც ქარხნის ეზო ხელის გულივით მოჩანდა და სადაც ღობეში პატარა კარი იყო დატანებული, დანარჩენები სანაპიროს მხრიდან შემოერტყნენ, ეს ყველაფერი ისე ჩუმად გააკეთეს, მაწანწალა ძაღლებსაც კი არ დაუყეფიათ.

ოპერაციას ახალგაზრდა ოფიცერი, ანტონ თევზაძე ხელმძღვანელობდა, ანტონი შვიდ პოლიციელთან ერთად  ჭიშკარს მიუახლოვდა. ჭიშკარი, ხის ჩარჩოზე გადაკრული მავთულის ბადის იყო და შიგნით ეზო კარგად მოჩანდა. ეზოში არავინ იყო, დილის ოთხსა და ხუთ საათს შორის პერიოდი ის დროა, როდესაც ადამიანს ყველაზე ღრმა ძილით სძინავს.

ჭიშკარს შიგნიდან დიდი ურდული ჰქონდა გაყრილი და ზედ ბოქლომი ეკიდა. რადგან ფიცრების მოპარვა არც ისე ადვილი იყო, ქარხანას დიდი დაცვა არ ჰყავდა, მხოლოდ ერთი ღამის დარაჯი იცავდა, უფრო სწორად პატარა, გაურანდავი ფიცრებით შეკრულ ჯიხურში, მხერხავების მიერ სახელდახელოდ გაკეთებულ მაგარ ტახტზე დაფენილ, ძველ შინელზე ტკბილად ეძინა, თოფიც იქვე ჰქონდა მიყუდებული, რომელშიც მართალია ტყვიაც იდო, მაგრამ არავინ იცოდა, გაისროდა თუ არა.

ერთ-ერთი პოლიციელი  ღობეზე გადაძვრა, ჯიხურში შევიდა და დარაჯი ძლივს გააღვიძა.

-ჰაჰ! - საწოლზე წამოჯდა დაბნეული დარაჯი, რომელმაც თავიდან ვერც  გაიხსენა სად იყო და სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილ პოლიციელს გაკვირვებულმა შეხედა, მერე აზრზე რომ მოვიდა თოფისაკენ წაიღო ხელი, მაგრამ პოლიციელმა არ დააცადა, მკლავში ხელი ჩაავლო და წამოაყენა.

- ჩუმად, პოლიციელი ვარ, შენი სახელი?

-ბაგრატა, მე  ყარაული ვარ, რა გინდა?-ჰოდა ბაგრატა ძია, წამოდი კლიტე გახსენი.

-კლიტე, რატო უნა გავსხნა, კლიტე? - ბაგრატამ დაფენილი შინელის ჯიბეში გასაღები მაინც მოძებნა და პოლიციელს  უხალისოდ გაჰყვა.

ეზოში გამოსულმა, ჭიშკართან შეიარაღებული ჯარისკაცები რომ დაინახა, ნაბიჯს აუჩქარა, კლიტე გახსნა. კარი ხელით ასწია, მიწაზე რომ არ გახახუნებულიყო და ფართოდ გამოაღო.

-უცხო ვინ არის ქარხანაში? - ჩურჩულით ჰკითხა ანტონმა დარაჯს.

-ეგ მე რა ვიცი, აქ ზოგი ძველი მუშაა, ზოგიც ახალი - მხრები აიჩეჩა დარაჯმა - ყველას კი არ ვიცნობ.

-ისეთი არავინ არის, ვინც აქ არ მუშაობს?

-კი, როგორ არა, ორი კაცია ეგეთი - დარაჯმა ხელი გაიშვირა ეზოს სიღრმეში ხის ნაგებობისკენ - იქა სძინამთ ხოლმე, რა ვიცი ეხლაც თუ იქ იქნებიან, ვნახო?

-ჩვენ თვითონ ვნახავთ, შენ შედი ჯიხურში და ჩუმათ იჯექი.

-შევალ, მა რა ჭირს ვიზამ - ბაგრატამ რატომღაც თავი დახარა და ისე გაიქცა ჯიხურისკენ, თითქოს ტყვიებს იცილებდა.

ანტონმა ნაგანი ამოიღო, ფეხზე შეაყენა და პოლიციელებს ხელით ანიშნა მომყევითო.

შენობას ფეხაკრეფით მიუახლოვდენენ, კარის აქეთ-იქით განლაგდნენ, მარჯვნივ ნაგანმომარჯვებული ანტონი დადგა, მარცხნივ შაშხანიანი პოლიციელი, დანარჩენები კედელს აეკვრნენ. ანტონმა პოლიციელებს ნიშანი მისცა, კარს ფეხი ძლიერად დაარტყა და შეამტვრია.

პირველად სიბნელეში ცეცხლის ალი დაინახა, მერე სროლის ხმაც გაიგო და  კარებშივე ჩაიკეცა.

შენობის პატარა ფანჯრის მინა ჩაიმსხვრა და იქიდანაც სროლა ატყდა, ორი ჯარისკაცი დაეცა, დანარჩენები გაიფანტნენ და ეზოში დალაგებულ ხის მორებს ამოეფარნენ.

ეტყობა, ბანდიტებს მაინც გაღვიძებიათ  და ჟანდარმების მოსაგერიებლად მომზადებულიყვნენ.

-მარქარიანცი! -დაიძახა ვახმისტრმა, რომელიც მოკლული თევზაძის შემდეგ, ჩინით ყველაზე მაღალი იყო და ოპერაციის ხელმძღვანელობა თავის თავზე აიღო - დააგდე იარაღი და გამოდი!

შენობიდან ჩამი-ჩუმი არ ისმოდა.

-მარქარიანცი! - ისევ დაიძახა ვახმისტრმა - ქარხანა ალყაშემოტრყმულია, წინააღმდეგობას აზრი არა აქვს, დააგდე იარაღი და დაგვნებდი!

რამდენიმე წუთის შემდეგ, ღია კარში ავეტისიანცს ამოფარებული მარქარიანცი გამოჩნდა,  მარცხენა ხელით ავეტისიანცს იხუტებდა,  მარჯვენაში  ნაგანი ეჭირა.

-გამატარეთ, თორე მოვკლავ! - მთელი ხმით ღრიალებდა - მოვკლავ!

-მომკლავს! - ხაოდა ავეტისიანციც - არ ისროლოთ, მომკლავს!

-მარქარიანცი, ნუ სულელობ! - დაიძახა ისევ ვახმისტრმა - დააგდე იარაღი და დაგვნებდი!

-მოვკლავ მეთქი! - დაიღრიალა მარქარიანცმა, რამდენიმე ნაბიჯი გადმოადგემვინა ვითომ მძევლად აყვანილს და ჭიშკრისკენ უკუსვლით წაიყვანა.

-არ ისროლოთ! - ბრძანა ვახმისტრმა და საფარიდან უიარაღოდ გამოვიდა - მომისმინე მარქარიანცო, ხომ ხედავ უიარაღოდ ვარ, ჩაგვბარდი და სიცოცხლეს შეგინარჩუნებთ.

-ახლოს არ მოხვიდე! - მარქარიანცი ნაგანს ხან ვახმისტრს უმიზნებდა, ხან ავეტისიანცს საფეთქელზე აბჯენდა - მოვკლავ ფეხი არ გადმოდგა!

-დამშვიდდი, ადგილზე ვდგავარ - ვახმისტრი ხელებაწეული შეჩერდა.

ავეტისიანცს ამოფარებული მარქარიანცი ნელნელა უკან იხევდა, უცებ ქუსლი პატარა ქვას წამოჰკრა, წაიბორძიკა და წონასწორობის შესანარჩუნებლად იარაღიანი ხელი ზევით აიქნია.

-არ ისროლოთ! - დაიყვირა ვახმისტრმა, მაგრამ უკვე გვიანი იყო.

ვიღაცამ ზემოდან, კარუსელის ქუჩის დასაწყისიდან მაინც გაისროლა. შეშინებულმა მარქარიანცმაც სროლით უპასუხა, რასაც ყველა მხრიდან ბათქა-ბუთქი მოჰყვა, ვითომ მძევალმა ავეტისიანცმაც, უცებ ჯიბიდან რევოლვერი დააძრო და სროლა ატეხა.

-შეაჩერეთ სროლა, შეაჩერეთ სროლა! - ყვიროდა ვახმისტრი, რომელიც გვერდზე გადახტა და დახერხილი ფიცრების უკან ჩაიმალა,              მაგრამ მისი ხმა აღარავის ესმოდა.

სროლა მხოლოდ მაშინ შეწყდა, როდესაც შუა ეზოში, ორივე ყაჩაღი დაცხრილული, სულმთლად სიხხლლიანი ეგდო.

ვახმისტრი დახოცილებთან მივიდა, ხელში ნაგანი მაინც ეჭირა, ფრთხილად წაჰკრა ფეხი ორივეს და ნაგანი ბუდეში ჩაიდო.

ეზოში, ყველა მხრიდან ნელ-ნელა შემოვიდნენ ჯარისკაცები, ხის შენობიდანაც გამოვიდნენ შეშინებული მხერხავები, ყველაზე ბოლოს ბაგრატა ყარაული გამოვიდა თავის ჯიხურიდან.

-დროგი მოიყვანეთ და გვამები მიხეილის საავადმყოფოში გადაიტანეთ - ბრძანა ვახმისტრმა, წელზე ქამარი გაისწორა და ჭიშკარში ჩქარი ნაბიჯით გავიდა.

26.

ერთ დღეს, კოტეს სახლში სამი ჟანდარმი, პოლიციის უბნის უფროსი და როტმისტრი ესტუმრა.

-კონსტანტინე ნიჟარაძე აქ ცხოვრობს? - იკითხა უბნის უფროსმა.

-დიახ - უპასუხა კოტემ - მე გახლავართ, რით შემიძლია გემსახუროთ ბატონებო?

უბნის უფროსი ოდნავ გვერდზე გაიწია და როტმისტრს შეხედა.

-ბინა უნდა გავჩხრიკოთ - უთხრა როტმისტრმა, საქაღალდიდან ფურცელი ამოიღო და კოტეს სახესთან აუფრიალა - აი ჩხრეკის ორდერი.

-ვწუხვარ ბატონო როტმისტრო, მაგრამ თქვენი ღონისძიება ცოტა ხნით უნდა გადავდოთ -კოტემ ორდერს, ზედაც არ შეხედა.

-ბატონო ნიჟარაძე - როტმისტრმა გაღიზიანების დაფარვა სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა - ჩხრეკის გადადება შეუძლებელია, გთხოვთ მოვალეობის შესრულების საშუალება მომცეთ.

-სახლში ვერ შეგიშვებთ, ბატონო როტმისტრო - ძალიან ნელა წარმოთქვა კოტემ.

-წინააღმდეგობის გაწევას არ გირჩევთ - როტმისტრმა ჟანდარმებს გადახედა და ნაგანის ბუდის სახურავი გახსნა - ჩვენ ბრძანებას ვასრულებთ!

-შეასრულეთ, მე ხელს არ შეგიშლით - უთხრა ძალიან თავაზიანად კოტემ, გარეთ გამოვიდა და ვითომ შემთხვევით, კარი გამოიჯახუნა. ერთი ჟანდარმი კარს მივარდა, მაგრამ ვერ მოასწრო, კარის ინგლისურმა საკეტმა უკვე დაიტკაცუნა.

-შევამტვრიოთ ბატონო როტმისტრო?

-მოითმინეთ! - შეუბღვირა კოტემ აქტიურ ჟანდარმს და მერე როტმისტრს მიუბრუნდა - როტმისტრო, თუ შეიძლება ერთ წუთს აქეთ მობრძანდით - ხელკავი გამოსდო და გვერდზე გაიყვანა ისე, რომ ჯარისკაცებს და პოლიციის უბნის უფროსს მისი სიტყვები არ გაეგოთ - გთხოვთ ჩემ მდგომარეობაში შეხვიდეთ როტმისტრო, სახლში ქალბატონი მყავს.

-ძალიან ვწუხვარ, მაგრამ არ შემიძლია - როტმისტრი თითქოს ოდნავ შეყოყმანდ- ბრძანება უნდა შევასრულო

კოტე ერთ წამს დაფიქრდა.

-კარგით ბატონო როტმისტრო, შეასრულეთ ოღონდ ცოტა მაინც მადროვეთ, ეჭვი რომ არაფერში შეგეპაროთ, სახლში არ შევალ.

როტმისტრმა ჯიბიდან საათი ამოიღო, სახურავი ახადა, დახედა, ტკაცანით დაახურა და უკან ჩაიდო.

-მხოლოდ ხუთი წუთი შემიძლია მოგცეთ.

-ხუთი წუთი სრულიად საკმარისია -კოტემ ჟანდარმები და როტმისტრი კარებთან დატოვა, თვითონ კიბე ჩაირბინა, ქუჩის მეორე მხარეს  გადავიდა და ფოსტის შენობაში შევიდა.

- ფოსტმაისტერი ადგილზეა? - ჰკითხა იქვე დახლის უკან მჯდომ მუშაკს, რომელიც კონვერტებზე შტამპს ურტყამდა და პასუხს არც დალოდებია, ისე შევიდა უკანა ოთახში.

-დიახ, ადგილზე გახლავთ, ბატონო კოტე - მაინც მიაძახა მუშაკმა.

-გიგო გამარჯობა - მიესალმა  ფოსტმაისტერს, მაგიდაზე ფულის კუპიურა დაუგდო  და პირდაპირ ტელეფონთან მივიდა - სასწრაფოდ დასარეკი მაქვს.

- დარეკეთ  ბატონო კოტე - ფოსტმაისტერმა კუპიურას შეხედა და წამოდგა - ეს სულაც არ იყო საჭირო, ბატონი კოტე. მე დაგტოვებთ.

ფოსმაისტერმა ფული, მაგიდის უჯრაში ჩააგდო და ოთახიდან გავიდა. კარის დიდი მინიდან ხედავდა, როგორ ჩამოხსნა კედელზე დაკიდულ ტელეფონს ყურმილი კოტემ, სახელური დაატრიალა, რამდენიმე სიტყვა თქვა და უკან გამოვიდა.

-უკვე დაამთავრეთ ბატონო კოტე, - ფოსტმაისტერი კოტეს ქუჩამდე გამოყვა -ასე მალე?

-ჰო გიგო, დიდი მადლობა - კოტემ ქუჩას გახედა და გიგოს ჰკითხა: რომელი საათია გიგო?

-ოთხი ხდება ბატონო კოტე - გიგომ საათი შეინახა - დახმარება ხომ არ გნებავთ?

-არა გიგო დიდი მადლობა.

-კარგით ბატონო კოტე - გიგო ფოსტის შენობაში შევიდა.

კოტემ თავის ფანჯრებს ახედა, სახლში დაბრუნებას არ ჩქარობდა.

რამდენიმე წუთში, მოსახვევში სამი შეიარაღებული მხედარი გამოჩნდა. მათ დანახვაზე კოტემ შვებით ამოისუნთქა.

მხედრები ცხენებიდან ჩამოხტნენ, კოტეს სადარბაზოში შევიდნენ და მალე,  კოტესთან მისულ, დაუპატიჟებელ სტუმრებთან ერთად გამოვიდნენ, კოტე ქუჩის მეორე მხრიდან უყურებდა, როგორ დაემშვიდობნენ მხედრები როტმისტრს, ცხენებს მოახტნენ და გაქუსლეს.

ჟანდარმები ფეხით გაუყვნენ ქუჩას, როტმისტრი და პოლიციის უბნის უფროსი კი ეტლში ჩასხდნენ.

-უკვე მიბრძანდებით ბატონებო? - ქუჩა გადმოჭრა კოტემ, ეტლს მიუახლოვდა და ღიმილით იკითხა.

-ჯერჯერობით კი, ბრძანება შეცვალეს - ისე  ჩაილაპარაკა როტმისტრმა კოტესთვის არც შეუხედავს და მეეტლეს ხელით ანიშნა წადიო.

 

27.

მეტეხის ციხე

რკინის კიბეები ჩაიარეს და ორი სართულით დაბლა, ბნელ დერეფანში შესასვლეთან აღმოჩნდნენ. რადგან კიბეები შენობის შუა ნაწილში იყო, გარედან სინათლე არ შემოდიოდა, საფეხურებს, კედელზე მიმაგრებული, აბლაბუდებიანი  რკინის ცხაურით დაცული მბჟუტავი ნათურები ანათებდა,  ზურაბ კედია, მხოლოდ ჰაერის სინოტივეზე და სოკოს სუნზე მიხვდა, რომ უკვე ციხის სარდაფში იმყოფებოდნენ.

კიბის ბოლოს, დერეფანში შესასვლელი, რკინის გისოსებიანი კარით იყო  გამოყოფილი.  გისოსებს მიღმა გრძელი, ასეთივე მბჟუტავი ნათურებით განათებული დერეფანი მოჩანდა, რომლის ორივე მხარეს, საკნების რკინის კარებები იყო ჩაყოლებული.

გამცილებელმა კაზაკმა, გასაღებების დიდი ასხმულა ააჩხრიალა, კარები გააღო და კედია წინ გაატარა, მერე თვითონაც შევიდა და კარი ისევ ჩაკეტა. სანამ გრიგორი კორსუნსკის საკნამდე მივიდოდნენ, კიდევ ორი გისოსის კარი გაიარეს, ასე იყო მეტეხის ციხის დერეფნები, ყოველი ორმოცი ნაბიჯის შემდეგ რკინის ცხაურით გადატიხრული.

დერეფნის კედლების ზედა ნაწილზე, ოდესღაც გაურკვეველი მომწვანო ფერის საღებავი სინესტისგან დაბერილ-დაბუშტულიყო და თეთრი, ბათქაშიდან გამოჟონილი მარილებით აჭრელებულიყო. კედლების  ქვედა ნაწილი კი, დაახლოებით ადამიანის მხრების სიმაღლეზე,  ჭადრაკულად, ორფერი, მოყვითალო და შავი, სქელი ჭუჭყით დაფარული კერამიკული ფილებით იყო მოპირკეთებული და რაღაცით, შუა საუკუნეების ციხესიმაგრის სარდაფის კედლებს ჩამოჰგავდა. იატაკზე დიდი ბაზალტის ქვები იყო დაგებული.

გამცილებელი კაზაკი, ერთ-ერთი საკნის კართან შეჩერდა, სათვალთვალო ხვრელზე თუნუქის სარქველი გვერდზე გადასწია, შეიხედა, მერე გასაღები გადაატრიალა, მსხვილი ურდული ჯახანით გასწია, რასაც არასასიამოვნო ექო ახლდა და კარი გამოაღო.

ნახევრად ბნელ საკანში ორი ცალი, ფეხებით იატაკში ჩაცემენტებული რკინის საწოლი იდგა, ერთზე რაღაც ლოგინის მსგავსი ეფინა, მეორე ცარიელი იყო, ზამბარების ნაცვლად რკინის სარტყელები ჰქონდა გაჭიმული. საწოლებს შორის კედელზე, რკინის მაგიდა იყო მიმაგრებული და მის წინ, ერთი სიძველისგან განაცრისფერებული ხის ტაბურეტი იდგა.

მაგიდაზე, დაჭეჭყილი, ალაგ-ალაგ ჟანგმოკიდებული რკინის კათხა და ჯამი იდო, ხოლო ჯამში, საჭმლის ნარჩენში, ალუმინის ტარდაგრეხილი კოვზი იყო ჩარჭობილი.

საკნის კუთხეში ,,ტუალეტი" და იქვე დაჭეჭყილი ვედრო იდგა, ალბათ  წყლით.

როდესაც კედია საკანში შევიდა, კაპიტანი გრიგორი კორსუნსკი საწოლზე იჯდა, მუნდირი ეცვა, თუმცა უქამროდ და სამხრეების გარეშე

კაზაკი კარებთან დადგა და შაშხანის კონდახი იატაკზე დააბჯინა.

-გარეთ დამელოდე - უბრძანა კედიამ კაზაკს.

-კი მაგრამ, თქვენო კეთილშობილებავ ... - დაიწყო კაზაკმა.

-გარეთ დამელოდე და დაგიძახებ

კაზაკი გავიდა და საკნის კარი მოხურა.

კედიამ ტაბურეტი აიღო და გრიგორის პირდაპირ ჩამოჯდა.

-მე სათქმელი აღარაფერი მაქვს - თქვა  გრიგორიმ და იატაკს ჩააშტერდა.

საგრძნობლად გამხდარიყო, წვერი წამოზრდოდა, თვალები ჩაცვენოდა, გახსნილი მუნდირიდან ოდესღაც თეთრი, ახლა კი, ჭუჭყისგან განაცრისფერებული ზედა საცვლის საყელო მოუჩანდა, ძველი იერიდან, მხოლოდ ოქროსფრად მოელვარე ღილებიღა შერჩენოდა.

-თქვენ ჯერ ყველაფერი არ გითქვამთ, ბატომო კორსუნსკი - კედიამ პაპიროსი ამოიღო და პორტსიგარი მაგიდაზე დააგდო. არ გამოჰპარვია როგორ ხარბად შეხედა გრიგორიმ პაპიროსს - მოწიე - გადაუგდო, თვითონ ახალი აიღო და მოუკიდა - ჯობია ყველაფერი აღიაროთ.

-რა უნდა ვაღიარო? - გრიგორიმ ერთი ნაფაზით, პაპიროსი ნახევრამდე ჩაიყვანა. თავი დახარა და შუბლზე ხელი მიიდო, თამბაქოს გადაჩვეულმა და დასუსტებულმა ორგანიზმმა, ნიკოტინს ვერ გაუძლო და  თვაბრუ დაეხვა.

-უნდა აღიაროთ, როგორ დაათვრეთ და დააძინეთ რაზმის წევრები, როგორ გახსენით თქვენი გასაღებით ყუთი, ამოიღეთ ფული - კედიამ თვალით საფერფლეს დაუწყო ძებნა, მერე გაეცინა და პაპიროსი პირდაპირ იატაკზე დააფერფლა - როგორ ჩააწყვეთ ფულის მაგივრად ქვები და ათასი ნაგავი და როგორ დაბეჭდეთ შაურიანით სურგუჩი, მერე ვითომ არაფერი, წახვედით და მშვიდად დაიძინეთ. თქვენ, ბატონო კაპიტანო, გარიგებაში იმყოფებით დამნაშავეების ჯგუფთან!

-ტყუილია! - გრიგორი ფეხზე წამოხტა - ოფიცრის პატიოსან სიტყვას ვიძლევი, არავისთან არა ვარ, არანაირ გარიგებაში!  - საკანში ნერვიულად გაიარ-გამოიარა და შორ კუთხეში გაჩერდა - თქვენ არ იფიქროთ, რომ მე რამის მეშინია, ეს ღირსების საკითხია!

-კარგით - კედიამ პიჯაკის შიდა ჯიბიდან ორი ფოტოსურათი ამოიღო და მაგიდაზე დადო - მაშინ მითხარით, ამათ თუ იცნობთ?

გრიგორიმ ფოტოებს შორიდან შეხედა, მერე მაგიდას მიუახლოვდა, ხელში აიღო, დახედა, ძალიან ნელა დაჯდა ისე, რომ სურათებისთვის თვალი არ მოუცილებია.

-ესენი ვინ არიან? - იკითხა როგორღაც გაოცებულმა.

-ჰმ, არ იცით არა?

-ვინ არიან?

-ვეღარ სცნობთ? იმ დღეს ერთად კი ქეიფობდით, ხვთისოს დუქანში. -კედია კორსუნსკის მიაშტერდა -  ზურაბ ჯანდიერი და ვინმე ეკატერინე.

გრიგორის თითქოს გონება გაუნათდა, რაღაც ღმუილის მსგავსი აღმოხდა,  აქამდე ამას როგორ ვერ მიხვდა, ალბათ იმათ მოპარეს ფული, დიახ, დიახ იმათ მოპარეს, დაალევინეს, დაათვრეს და გასაღები ამოაცალეს, ნამდვილად ასე იქნებოდა....  გონებაში ყველაფერი აღიდგინა, როგორ გადავიდა მათ მაგიდასთან, მერე ვიღაცამ იჩხუბა, მერე ისევ სვამდნენ, მერე იმ ქალთან ერთად ნომერში შევიდა და ამის შემდეგ აღარაფერი ახსოვს.  კიდევ ერთხელ დახედა სურათებს.

- ჯანდიერი - ჩაიჩურჩულა თავისთვის, სურათები მაგიდაზე დაყარა და ხმამაღლა, მტკიცედ წარმოთქვა - არ ვიცნობ.

-არ იცნობთ?

-არა.

- თქვენ იმ საღამოს ხვთისოს დუქანში სწორედ მათთან ერთად იმყოფებოდით!

- არა, ერთად არ ვყოფილვართ - გრიგორიმ პორტსიგარი აიღო - შეიძლება?

-შეიძლება.

გრიგორიმ პაპიროსი ამოიღო.

-ისინი იქ კი იყვნენ, მაგრამ მე არ ვიცნობდი, პირველად ვნახე, თავის მაგიდასთან მიმიპატიჟეს - მოუკიდა და კვამლი ხარბად ჩაისუნთქა - სულ ეს იყო.

კედია უხმოდ უყურებდა, რამაც გრიგორი სულ გააგიჟა.

- მართლა სულ ეს იყო!

- მედუქნე ხვთისო სხვა რამეს ამბობს - კედიამ ფოტოები აიღო და ჯიბეში შეინახა.

- მედუქნემ რა უნდა თქვას? - გრიგორიმ ხმამაღლა დაიყვირა და წამოხტა - რა უნდა თქვას, ჰო დავლიეთ, დავლიეთ, მერე ის ქალი ოთახში ავიყვანე და მეტი აღარაფერი მახსოვს, მართლა არ მახსოვს!

გრიგორის ყვირილზე კაზაკი შემოვარდა, კედიამ ხელით ანიშნა, ყველაფერი წესრიგშია, გადიო.

-თუ რამეა, აქ ვდგავარ კართან, თქვენო კეთილშობილებავ - უთხრა კაზაკმა კედიას, გრიგორის შეუბღვირა და საკნიდან გავიდა.

-მომისმინეთ კაპიტანო - კედია ფეხზე წამოდგა, პორტსიგარი აიღო, გახსნა და პაპიროსები მთლიანად მაგიდაზე დაყარა - მე ახლა წავალ, თქვენ კარგად იფიქრეთ, თქვენს ინტერესებში შედის ყველაფერი გაიხსენოთ,  ღვთის წყალობით, აქ  ფიქრისთვის დრო  ბევრი გაქვთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფულის დაკარგვაზე პასუხს თქვენ აგებთ.

-ასე თუ ისე, ფულის დაკარგვაზე მაინც მე ვაგებ პასუხს, პოლკოვნიკო, ჩემ ბედს უკვე ვეღარაფერი შეცვლის, დამთავრდა მთელი ჩემი ცხოვრება და სამხედრო კარიერა.

-კი, მაგრამ თუ აღიარებთ, სასჯელი სხვა იქნება.

-მაპატიეთ - გრიგორი ფეხზე წამოდგა - მაპატიეთ პოლკოვნიკო, სასჯელს ახლა ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს, მაპატიეთ, ნერვები აღარ მივარგა, მეტს ვეღარაფერს გეტყვით.

-კარგი, როგორც გენებოთ - კედია კარებთან მივიდა და დააბრახუნა. საკნის კარი გაიღო, კაზაკი შემოვიდა,  კედია წინ  გაატარა, მერე გრიგორის ისევ შეუბღვირა და თვითონაც გავიდა.

გაისმა რკინის ურდულის არასასიამოვნო ხმა და საკნის კარი ჩაიკეტა.

გრიგორი, ძალა გამოცლილი  დაეშვა საწოლზე, ყურებში ისევ ესმოდა ურდულის ჯახუნის ექო.

არაფერსაც არ იტყვის, ყველაფერი რომ თქვას, ისინი დაიჭირონ და თუნდაც მთელი ფული დააბრუნებინონ, მას ამ შეცდომას მაინც არ აპატიებენ, მისთვის ყველაფერი დასრულებულია, ტრიბუნალი და კატორღა მაინც არ ასცდება, ჯობია ახლა გაჩუმდეს,  ჯობია, ის ჯანდიერია თუ ვიღაც ოხერი, ვერ დაიჭირონ, ასე ურჩევნია, მერე როცა გამოვა თვითონ მოძებნის და იმ ფულს სულ ცხვირიდან ამოადენს, ამას როგორ შეარჩენს!

კედიას მიერ დატოვებულ  პაპიროსებს და ასანთს შეხედა, ერთი ცალი აიღო, საწოლზე წამოწვა და თვალები დახუჭა.

ციხის ბნელი და ნესტიანი საკნის შემდეგ,  ქუჩაში გამოსულ ზურაბ კედიას,  ზაფხულის მზიანი დღე ძალიან ესიამოვნა, იქვე ალაყაფთან ჟანდარმერიის ეტლი ელოდებოდა.

 

28.

ამიერკავკასიის ჟანდარმერიის საიდუმლო

პოლიციის შეფის კაბინეტი

ბარონი ტაუბე სავარძელში ოდნავ გვერდულად  გადაწოლილიყო, ასე  ფანჯრიდან შემოსული  სინათლე,  ფურცელს კარგად ეცემოდა და პატაკის ტექსტი უკეთ მოჩანდა.             როსლიაკოვი მაგიდის წინ გაჭიმული იდგა, როგორც ყოველთვის მარჯვენა ხელში, ტყავგადაკრული მუქი ფერის საქაღალდე ეჭირა, ხოლო მარცხენით, გალიფე შარვლის წითელ კანტს აწვალებდა.

 

სრ.საიდუმლოდ

პირადად

ჟანდარმერიის საიდუმლო კორპუსის პოლკოვნიკ, ზურაბ კედიას

მოკლე პატაკი, ამიერკავკასიის ჟანდარმერიის

საიდუმლო კანცელარიის შეფთან.

ძიებაში მყოფ კაპიტან, გრიგორი პეტრეს ძე კორსუნსკის საქმეზე

4 ოქტომბერი, 1903 წელი, ტფილისი

თქვენო ბრწყინვალებავ, მოგახსენებთ, რომ ჩემს მიერ წარმოებაში არსებული საქმის  გამოძიება,  ჩიხში შევიდა, ვინაიდან ეჭვმიტანილი კონსტანტინე ნიჟარაძე, სარგებლობს მთავარმართებლის კანცელარიის მფარველობით.

როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, კონსტანტინე დაუახლოვდა  ინჟინერ პავლე სტეფანეს ძე ჩერნოვის ქალიშვილს, ტატიანას და სულ მალე იქორწინებს,  ეჭვმიტანილი ფაქტობრივად უკვე  გახდა მთავარმართებელთან დაახლოებული ოჯახის წევრი, (მოგახსენებთ, რომ ინჟინერ ჩერნოვის მეუღლე გახლავთ მთავარმართებლის მეუღლის, მარია ფიოდოროვნა ორლოვ-დენისოვას დის, ნატალია ფიოდოროვნას  ქალიშვილი) რის გამოც ძიების წარმოებაში წინააღმდეგობებს ვაწყდები და არ მეძლევა სამხილების მოპოვების საშუალება. კონსტანტინე ნიჟარაძე თავს ხელშეუხებლად თვლის და იქცევა უკიდურესად ცინიკურად.

ბარონმა ტაუბემ კითხვა შეწყვიტა და  პატაკი მაგიდაზე დააგდო.

-რას იტყვით, როსლიაკოვ?

-ყველა სიტყვაში ვეთანხმები, თქვენო ბრწყინვალებავ.

-რომ ეთანხმებით გასაგებია, მეც ვეთანმხმები მაგრამ... - ტაუბე წამოდგა და ოთახში გაიარ-გამოიარა - კედია საქმეს უნდა ჩამოვაცილოთ.

-თქვენო ბრწყინვალებავ - როსლიაკოვმა უხერხულად ჩაახველა - ეს საქმის შეწყვეტის ტოლფასი იქნება.

-ვიცი - ტაუბემ პაუზა გააკეთა, დაფიქრებულმა კიდევ ერთხელ აიღო პატაკი და თვალი გადაავლო - ვიცი, მაგრამ სხვა გზა არა გვაქვს, კედია უკან არ დაიხევს, ძალიან პრინციპულია და თან... და თან მართალიც არის, - პატაკი როსლიაკოვს გაუწოდა - სერგეი ვლადიმიროვიჩ, ეს საქმე თქვენ უნდა მოაგვაროთ, არ ვიცი რამე მოიფიქრეთ, სულაც დავაწინაუროთ ან სადმე სხვაგან გადაივიყვანოთ, მაგალიათად რომელიმე მაზრის პოლიციის შეფის თანამდებობაზე, ანდა არ ვიცი, ჰკითხეთ სულაც,  თვითონ რა სურს...

- მისი ხასიათი რომ ვიცი, ყველაფერზე უარს იტყვის.

-იტყვის და თქვას - უცებ დაიყვირა ტაუბემ - იტყვის და გადავაგზავნი ახალციხეში, ზაქათალში, ან სულაც განჯაში!

-მესმის თქვენო ბრწყინვალებავ! - როსლიაკოვმა ქუსლები ერთმანეთს მიარტყა.

-ბოლოს და ბოლოს, ის კაპიტანი ხომ არის დაპატიმრებული, რა გვარია?

- კორსუნსკი.

-ჰო, კორსუნსკი - ჰოდა ბოლოს და ბოლოს, დახურეთ საქმე, ზის ეგ კორსუნსკი და იჯდეს!

-თქვენო ბრწყინვალებავ - დაიწყო როსლიაკოვმა მორიდებულად - კორსუნსკი ყველა შემთქხვევაში დაისჯება და დაისჯება მკაცრად, მაგრამ...

-რა მაგრამ, თქვენთვის მნიშვნელობა აქვს, ვინ იჯდება ციხეში, კორსუნსკი თუ ნიჟარაძე?

-ჩემთვის ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ, დაკარგულ ფულს ვეღარ მივაგნებთ.

-მაგაზე თქვენ ნუ დარდობთ როტმისტრო, მთავარმართებლის განაწყენება არანაირ ფულად არ მიღირს.

-მესმის თქვენო ბრწყინვალებავ.

-კარგად დაფიქრდით, სერგეი ვლადიმიროვიჩ - ტაუბე სავარძელს დაუბრუნდა და თითქოს ოდნავ დაწყნარდა - ისევ კედიას ჩამოშორება გვერჩივნოს, ჩვენს ჩამოშორებას, გუშინ სასახლეში, ირანის დელეგაციის მიღების შემდეგ, თვითონ გენერალ-ადიუტანტმა მკითხა მისი ამბავი, ყურებს არ ვუჯერებდი.... ინჟინერი ჩერნოვი პეტერბურგიდან სწორედ მისი მეუღლის, მარია ფიოდოროვნას რეკომენდაციით გადმოუყვანიათ. აი ასეა საქმე, მთავარმართებელი პირადად დაინტერსდა და ეს კიდე მიწერს აქ, საჩივრის პატაკებს!  წადი ახლა და მიხედე,  არ გადადო.

-მესმის თქვენო ბრწყინვალებავ! - როსლიაკოვი ადგილზე შემობრუნდა და ოთახიდან გავიდა.

ტაუბე წამოდგა, კედელთან მდგარი წითელი ხის კარადა გამოაღო, კონიაკით სავსე ბროლის გრაფინი გადმოიღო, მერე უცებ გადაიფიქრა, კონიაკი დადგა და ახლა არყის გრაფინი აიღო,  პატარა ჭიქა გააპილპილა, მარცხენა ხელით ულვაშები გადაიწია, რაღაც სადღეგრძელოს მსგავსი ჩაიჩურჩულა და გადაჰკრა.

29.

კოტემ ანიკოს ეზო და სახლი ვაჭარ დოვლათბეგოვისგან შეიძინა, საბუთები გააფორმეს, იქვე მიხაილოვის გამზირზე რაჭველების დუქანში საქმის დასრულებაც აღნიშნეს და ახლა ოდნავ შეზარხოშებული, ეტლში იჯდა და შორიდან უყურებდა, სუდებნი პრისტავები როგორ აძევებდნენ სახლიდან, ანიკოს.

ანიკო ტიროდა, უფრო ხმამაღლა ტიროდნენ მისი პატარა შვილები. რაჟდენ კუნდუროვი და  სოგრატ ფუსოევიჩი იქვე, საქმიანი სახით იდგნენ და ჩაფრების მოქმედებას აკონტროლებდნენ. ჩაფრებს კი უხეშად გამოჰქონდათ ნივთები და პირდაპირ ტროტუარზე ყრიდნენ. სასოწარკვეთილი და დაბნეული ანიკო ხან სახლში შევარდებოდა, ხან ქუჩაში პირდაპირ ტროტუარზე დაყრილ ნივთებთან მიირბენდა, ხელში იღებდა, მერე ისევ იქვე დებდა, ახლა სხვას იღებდა და ისევ დებდა, ისევ სახლში შერბოდა და ჩაფრების ხელიდან ნივთების გამორთმევას ცდილობდა, ისინი კი უხეშად იშორებდნენ.

სოგრატამ რაჟდენს რაღაც გადაულაპარაკა და კოტეს ეტლს მიუახლოვდა.

-აი ბატონო კოტე, აქ ხელი უნდა მოგვიწეროთ - სოგრატამ საქაღალდე და კალამი  კოტეს მიაწოდა,  ჯიბიდან ოქროსფერი ლითონის სამელნე ამოიღო, სახურავი მოახრახნა და ჩასაწობად მიუმარჯვა.  კოტემ საბუთებს თვალი გადაავლო და კალამი სამელნეში ჩააწო. ამ დროს მათთან ატირებული ანიკო მივარდა.

-ბატონო კოტე, რამდენიმე დღე მადროვეთ, გემუდარებით, ჩემი შვილები მაინც შეიბრალეთ, სულ რამდენიმე დღე და ჩემ დასთან გადავალ.

-მოქალაქე, ნუ აწუხებთ - სოგრატა, ანიკოს წინ გადაუდგა და კოტესთან არ მიუშვა - ეს სახლი უკვე დიდი ხანია თქვენ აღარ გეკუთვნით, ისედაც კარგა ხანს გაცადეს.

ანიკო ტირილს და ხვეწნას განაგრძობდა, კუნდუროვმა იდაყვში ხელი ჩაავლო, ძალით გაათრია და ხელის კვრით, სახლიდან გამოტანილ ნივთების გროვაზე მიაგდო.

კოტემ საბუთებს ხელი მოაწერა, ერთი პირი დაიტოვა, მეორე სოგრატას გადასცა, მერე ჯიბიდან საფულე ამოიღო.

-სოგრატ, აჰა ეს ფული, დროგი მოიყვანეთ და ამ ქალს ნივთები წააღებინეთ, აქ იმდენია, ერთი თვე საცხოვრებლადაც ეყოფა.

-თქვენ არ ინერვიულოთ ბატონო - სოგრატამ ფული გამოართვა და ჯიბეში სწრაფად ჩაიდო, რაჟდენს რომ არ დაენახა - ყველაფერს მოვაგვარებთ.

-წავედით! - გასძახა კოტემ მეეტლეს და უკვე დაძრული ეტლიდან ანიკოს სახლს ცალი თვალით გახედა.

30

შემოდგომისთვის შეუფერებლად აჭერდა მზე და სულმთლად გაოფლილი ანიკო ნელა, სვენებ-სვენებით  მიუყვებოდა, ერთმანეთზე აჩონჩხლილ სახლებს შორის,  რიყის ქვით მოკირწყლულ აღმართს. ხელში ფეხებშეკრული შავი დედალი თავდაყირა ეჭირა. შიგა და შიგ ქათამი აკრიახდებოდა და გათავისუფლებას ამაოდ ცდილობდა.

ლუთერანულ სასაფლაოს გვერდი აუარა და ნადიროვის დასახლებაში, ვიწრო ქუჩაზე გავიდა.

აქედან აღარ იცოდა საით უნდა წასულიყო, რამდენიმე სახლის ზევით,  ხის ქვეშ გრძელ სკამზე ორი მოხუცი კაცი იჯდა და ნარდს აგორებდა. ანიკოს დანახვაზე თამაში შეწყვიტეს და ცნობისმოყვარეობით  დაუწყეს ყურება.

-გამარჯობა, ხომ ვერ მეტყვით მკითხავი ბინაზიკა სადა სცხოვრობს? - ჰკითხა ანიკომ და თვასაფრის ბოლოთი, ტუჩების გარშემო ოფლი მოიწმინდა.

-გაგიმარჯოს შვილო, რატომაც არ გეტყვით, გეტყვით - უპასუხა ერთ-ერთმა მოხუცმა - მოდი, ჩამოჯექი ცოტა დაისვენე, თორე წინ კიდე დიდი აღმართი გაქ ასავლელი.

-ჰო ძია, ძალიან დავიღალე - ანიკო გრძელ, სკამად გაკეთებულ ფიცარზე ჩამოჯდა და აგურის კედელს ზურგით მიეყრდნო - წყალს ხომ ვერ დამალევინებთ ძია?

-როგორ არა შვილო, დაგალევინებთ, მაშ! - მოხუცმა ნარდი მუხლებიდან ჩამოიღო, წამოდგა და ეზოს კარებში დაიძახა - ზაირა, ზაირა, ერთი ცივი წყალი გამაიტანე!

მალე ეზოდან თორმეტ-ცამეტი წლის გოგო გამოვიდა ხელში დოქი და ალუმინის კათხა ეჭირა.

- აჰა პაპა - ზაირამ კათხა შეავსო და მოხუცს გაუწოდა.

- მე არა, შვილო, აი მგზავრს მიართვი.

- დიდი მადლობა გენაცვალე - ანიკომ წყალი დალია და აღმართს შეწუხებული სახით გახედა - უჰ, როგორ დავიღალე, თან დღეს ძალიან ცხელა.

- მაშ შვილო, ამ ხნის კაცი ვარ და ესეთი ცხელი შემოდგომა არ მახსომს - თქვა მეორე მოხუცმა.

-ჰო, ეგრეა - დაუდასტურა პირველმა.

-ისე როგორი ქალია, მართლა ყველაფერს ამბობს თუ ტყუილათ მივდივარ? - ანიკომ მოლოდინით შეხედა ორივე მოხუცს.

-უი არა შვილო, რა ტყუილათ, შეგხედავს თუ არა, ეგრეთვე ყველაფერს გეტყვის - მოხუცმა ნარდი გვერდით მოიდო - გეტყობა ძალიან გაჭირვებული ხარ.

- გაჭირვებულზე უარესათა ვარ ძია - ანიკოს თვალები აუცრემლიანდა - ორი შვილით, უსახლ-კაროთ დამტოვეს.

-უი, ვინა შვილო?

-ჩემ  ქმარს, ერთი ვაჭრის ვალები ჰქონია სიცოცხლეში, აბა მე რა ვიცოდი, იმ ვაჭარს კი ჩვენი სახლი გაუყიდნია - ანიკოს ხმა ჩაუწყდა და ძლივს ამოილუღლუღა - ჰოდა ორი დღის წინ პრისტავები მოვიდნენ და სახლიდან ჩემი შვილებიანათ, ქუჩაში გამომაგდეს.

-მაშ ეხლა სადა სცხოვრობ? - შეწუხდა მოხუცი.

- ჩემ დას შევეკედლე კუკიის უბანში, მაგრამ იმასაც უჭირს, ბევრნი არიან თითონაც...

-სადა გქონდა სახლი, შვილო? -  ჰკითხა მეორე მოხუცმა.

-ეჰ, ისეთი კარგი ეზო მქონდა ელისაბედის ქუჩაზე, სახლი კი შესაკეთებელი იყო, შიგნითაც ისე წვიმდა როგორც გარეთ,  მაგრამ თავშესაფარი ხო მქონდა, ჩემი საწყალი ქმარი კრიშის შეცვლას აპირებდა, არ დასცალდა...-ანიკომ ისევ ტირილი დაიწყო - ბასეინი უნდა გააკეთონო შენ ეზოშიო...

-ვინაო?

-აი ვინც იყიდა, ჩვენ გვერდზე ახალი სახლი ააშენეს და ეხლა ბასეინიც გვინდაო - ანიკომ თვალები მოიწმინდა და წამოდგა - წავალ ეხლა, იქნება ბინაზიკამ რამე მაინც მიშველოს...  

-გიშველის შვილო, გიშველის მაშ, ბინაზიკა ძალიან მაგარია.

- აი ამ აღმართს რო აივლი - მეორე მოხუცი ზურგისკენ შეტრიალდა და ხელი ზევით გაიშვირა - მარცხნივ გაუხვევ, ერთ ამხელა ქუჩას კიდე აივლი და აგურის ორ ეტაჟიან სახლს დაინახამ, კაი ძვირფასი სახლია.

-ჰო, ადვილათ მიაგნებ - დაამატა პირველმა მოხუცმა - შორიდანვე მიხვდები რომელია,  ხალხი იქნება ბევრი, იქა სულ მუდამ ხალხია.

- აბა კარქათ იყავით - ანიკომ ქათამი აიღო და ნელი ნაბიჯით აუყვა აღმართს.

-ღმერთმა მშვიდობა მოგცეს, შვილო - დაემშვიდობა ნოხუცი, მერე ზაირას მიუბრუნდა და ხმადაბლა უთხრა - ხო ყველაფერი კარგად დაიხსომე?

-დავიხსომე პაპა.

-ჰოდა აბა ეხლა შენ იცი, გაიქე ბინაზიკასთან - მოხუცმა ნარდი აიღო და წამოდგა - წამო ბიჭო, ცოტა რამე შავჭამოთ.

მოხუცები ეზოში შევიდნენ, ზაირა კი მოპირდაპირე მხარეს მესერზე გადაძვრა, მეზობლის ეზო გადაჭრა და მოკლე გზით ბინაზიკას სახლისკენ გაიქცა.

31.

ქუჩის ბოლოს, აგურის ორსართულიან სახლთან მართლაც იდგა რამდენიმე ადამიანი და თავის რიგს ელოდებოდა, ანიკომ რიგი დაიკავა, იქვე ქვაზე ჩამოჯდა და ქათამიც გვერდზე მოიდო.

ბინაზიკა მთელ ტფილისში სახელგანთქმული მკითხავი იყო, ყველაფერს აკეთებდა, მარჩიელობით დაწყებული, ჯადოთი დამთავრებული, ვინ და საიდან აღარ მოდიოდა მასთან, სულ უბრალო ადამიანიდან დაწყებული, მდიდარი ვაჭრებითა და სახელმწიფო ჩინოვნიკებით დამთავრებული, თუმცა რიგში მხოლოდ უბრალო ხალხი იდგა, მდიდრები შესაბამისი საფასურის გადახდით ან ურიგოდ მიდიოდნენ, ან სულაც ეტლს აგზავნიდნენ და ბინაზიკა თავისთან მიჰყავდათ.

ანიკოს, ერთადერთ ხსნად, ბინაზიკაღა მიაჩნდა, იქნებ დაეხმაროს, იქნებ ის მაინც უთხრას როდის გამოუსწორდება ცხოვრება, როდის ექნება საკუთარი თავშესაფარი, ეხლა დასთან ერთად სარდაფშია თავისი შვილებით შეხიზნული, სანამ აცივდება კიდევ არა უშავს, ზამთარში კი რა ეშველება არ იცის.

ასეთ ფიქრებში ჩაეძინა დაღლილს და ვერ დაინახა, ბინაზიკას ეზოდან როგორ გამოვიდა ზაირა, ერთ შავგვრემან  შუახნის ქალთან ერთად.  ზაირამ ქალს ანიკო დაანახა და თვითონ სირბილით ქუჩაზე ქვევით დაეშვა.

უკვე მოსაღამოვებული იყო, როცა აგურის კედელში დატანებული პატარა კარი გაიღო, ის შავგვრემანი შუახნის ქალი გამოვიდა, ანიკოსთან მივიდა, სახე ახლოს მიუტანა და გააღვიძა. ანიკომ თვალი გაახილა და შეცბა.

ქალი ძალიან შავი, უშნო და ულვაშებიანი იყო, მარჯვენა თვალის ზედა, გაწითლებულ ქუთუთოზე, ჩირქისთავიანი ჯიბლიბო ჰქონდა და ამის გამო, თვალი ნახევრად დაეხუჭა.  თავზე ჭრელი შარფი ჰქონდა ჩალმასავით შემოხვეული და ბამბაზიის ძალიან ჭუჭყიანი, ყვავილებიანი ხალათი ეცვა.

-ადექი, წამო - უთხრა ანიკოს და წელში გაიმართა.

ანიკო წამოდგა, მიიხედ-მოიხედა, მარტო თვითონღა იყო დარჩენილი, უკვე ყველა წასულიყო, ქათამი აიღო და ქალს გაჰყვა.

გალავანში დატანებული პატარა კარი გაიარეს და ეზოში შევიდნენ.

ქალმა ქათამი გამოართვა, გადაატრიალ-გადმოატრიალა, ხელში აწონა, ბუმბულზე შეუბერა, ფეხები შეუხსნა, ეზოს სიღრმეში გაკეთებული საქათმის კარი გააღო და შიგნით შეაგდო.  საქათმიდან ქათმების კრიახი მოისმა.

-სულ ეს არი? - ჰკითხა ქალმა და საღი თვალით შეუბღვირა.

-არა, ცოტა ფულიც მაქვს - დამფრთხალმა ანიკომ კაბა აიწია და წინდის ყელიდან ცხვირსახოცში გამოკრული ფული ამოიღო, ქალს გაუწოდა და შეშინებულმა შეხედა - აი ეს რაის რაც მოვაგროვე, მეტი არა მაქ.

-კარგი წამო - ქალმა ფული უკმაყოფილო სახით გამოართვა, რამდენიმე საფეხური ჩაიარა და ანიკოს სარდაფის კარი გაუღო -შედი!

პირველი, რაც იგრძნო დაბალჭერიან, ნახევრად ბნელ ოთახში შესვლისას, ეს მძიმე ჰაერი, ადამიანის სხეულისა და რაღაც, მისთვის უცნობი სანელებლების სუნი იყო.

ჯერ ვერაფერი დაინახა, მერე სიბნელეს თანდათან  თვალი შეაჩვია.

ირგვლივ უამრავი სკამი და კარადა იდგა, კედლებზე ხატები, საეჭვო გემოვნების სურათები  და გამხმარი ყვავილები ეკიდა, ხოლო ოთახის ცენტრი მრგვალ  მაგიდას ეკავა, რომელსაც ჭრელი გადასაფარებლი ეფარა და ზედ ვერცხლისფერი, გამურული შანდალი იდგა.

-დაჯექი! - გაისმა ქალის ხრინწიანი ხმა და ანიკომ ახლაღა შეამჩნია, ოთახის სიღრმეში, სახით კედლისკენ, სადაც დიდი ხატი ეკიდა, ხატის წინ მდგომი, შავებში ჩაცმული, თმაგაშლილი ბინაზიკა - სკამი აიღე და მაგიდასთან დაჯექი - უთხრა ბინაზიკამ ისე, რომ არც მოუხედავს.

ანიკო მაგიდასთან გაჩერდა, დაჯდომა ვერ გაბედა.

-ანიკო, შენი სახელია ანიკო - ბინაზიკა ისევ ზურგით იდგა და ანიკოსკენ არ იყურებოდა.

-დიახ, ანიკო მქვია.

-დაჯექი მეთქი - ბინაზიკა ისევ ზურგით იდგა, თავი დაბლა ჰქონდა დახრილი, თითქოს იატაკს უყურებსო.

,,ჩემი სახელი საიდან იცის?" - გაიფიქრა ანიკომ, სკამი ძალიან ფრთხილად გამოსწია და ჩამოჯდა, ცდილობდა დაენახა რას აკეთებდა ბინაზიკა.

-ანიკო ... ვიცი რატომაც მოსულხარ, ანიკო... - ბინაზიკა ისევ ზურგით იდგა მუხლებზე, შემობრუნებას არც აპირებდა. მერე მარჯვენა ხელი ნელა ასწია, შუბლზე მიიდო, ცოტა ხანს ასე დარჩა და ოდნავი წამღერებით დაიწყო: - ვხედავ შენს სახლს... ეზოს... შენს შვილებს.... ორი შვილი გყავს...- უცებ თავი ასწია და შეჰყვირა - ქუჩაში გაგდებენ!

ანიკო შეკრთა და რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ბინაზიკამ მარჯვენა ხელი სწრაფად ასწია.

-ჩუმათ! არ შემაწყვეტინო! - ხელი ისევ შუბლზე მიიდო და წამღერებით განაგრძო - ქმარს ვერ ვხედავ... ქმარს ვერ ვხედავ... შვილებს ვხედავ... ორნი არიან, ტირიან... შენ გხედავ... ქმარს ვერა.. საფლავს ვხედავ... - მერე უცბად ჩამოუშვა ხელი - ქვრივი ხარ.

-ჰო, ქვრივი ვარ - წამოიწრუკუნა ანიკომ - ქვრივი ვარ, შენ გენაცვალე.

ბინაზიკა ფეხზე წამოდგა,  ხატის წინ სამი ცალი სანთელი აანთო და შემობრუნდა, ხელში  წყლით სავსე პატარა ჯამი ეჭირა, რომელიც ანიკოს პირდაპირ დადგა მაგიდაზე და თვითონაც დაჯდა.

ანიკომ მხოლოდ ახლა დაინახა მისი სახე. შავგვრემანი იყო, შავი გაშლილი სქელი თმით, თვალები კი მონაცრისფრო-მოცისფრო ჰქონდა.  ყელზე მსხვილი ოქროს ჯაჭვი ეკიდა, უფრო სწორად კი არ ეკიდა, დიდ ძუძუებზე ეფინა.

-სახლი წაგართვეს - ასანთს გაჰკრა და გამურულ შანდალში ჩამაგრებულ ნახევრად ჩამწვარ კელაპტარს მოუკიდა,  წყლიანი ჯამი სანთელთან ახლოს მისწია და ანიკომ წყლის ზედაპირზე მოტივტივე, მოყვითალო ფერის ცხიმის ლაქები დაინახა.

-- ორი პატარა შვილით ქუჩაში ხარ დარჩენილი, - ბინაზიკა ჯამში იყურებოდა და ისე ლაპარაკობდა, თითქოს წყალში დაწერილს კითხულობსო -ეხლა დასთან ხარ შეხიზნული...  მაგრამ შენ დასაც უჭირს... ვიღაც კაცს ვხედავ.... ლამაზი  კაცია... მდიდარი კაცია... ძალიან ბევრი ფული აქვს ამ კაცს ... ახალ სახლში ცხოვრობს... ლამაზ სახლში ... - უცბად ანიკოს თვალებში შეხედა - გყავს ასეთი მეზობელი?

-კი, მყავს - ანიკოს გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა - კოტე ნიჟარაძე.

-მაგ კაცს შენი ეზო უნდა, ბასეინის გასაკეთებლად უნდა... ფანტანიანი ბასეინის...

-ჰო, მართალია - ანიკოს ცრემლები ღაპაღუპით წამოუვიდა - მიშველე რა ვქნა ბინაზიკ, შენს იქით გზა აღარა მაქ!

-ნუ გეშინია, დაწყნარდი, ღმერთი მოწყალეა - ბინაზიკამ წყალში სანთელი ჩააღვენთა, ზედაპირზე რგოლები გაიშალა - სახლი აღარ დაგიბრუნდება... მაგრამ იქ თვითონაც ვერ გაიხარებს...  იქ ვერავინ გაიხარებს... იმ სახლში მაინც ვერ იცხოვრებს... .მალე თვითონ ჩავარდება შენ დღეში...... ის სახლი დაწყევლილი იქნება... ყველა შავ დღეში ჩავარდებ ვინც იმ სახლში იცხოვრებს...

წამოდგა კარადიდან სამი ცალი პატარა, ჭუჭყიანი  ბოთლი გამოიღო, შიგ სხვა და სხვა ფერის სითხე ესხა, საცობები მოაძრო და ჯამის ირგვლივ დაალაგა, ბოთლებიდან მოტკბო, უსიამოვნო სუნი ამოვარდა.

კომოდის უჯრიდან ჭრელი, მძივებისგან მოქსოვილი თავსაბურავი  ამოიღო, რომელსაც ჩამოგრძელებულ ბოლოებზე პატარა ზანზალაკები ეკიდა, თავზე დაიდო, მაჯებზე ასეთივე ზანზალაკებიანი სამაჯურები გაიკეთა და წყლიანი  ჯამის გარშემო ხელების ქნევას და ბურტყუნს მოჰყვა, თან წყალში ბოთლებიდან სითხეს აწვეთებდა.

თავიდან ნელა დაიწყო, მერე თანდათან ჟღარუნს მოუმატა და ბოლოს სულმთალად გაგიჟებული, დაღლილი და თვალდახუჭული უცბად დაეცა სკამზე.

ბინაზიკას შუბლზე, პატარა ნაკაწრიდან სისხლის წვეთმა გამოჟონა.

ამ სანახაობამ ანიკო სულმთლად შეაშინა და დათრგუნა.

რამდენიმე წუთის შემდეგ, ბინაზიკამ თვალი გაახილა, ქუდი და სამაჯურები მოიხსნა, კარადიდან ცარიელი ბოთლი და ძაბრი გამოიღო, ჯამიდან წყალი ბოთლში ჩაასხა და საცობი დაახურა.

-ეს წაიღე, პარასკევ ღამეს, შუაღამის შემდეგ ჯერ იმ შენი მეზობლის ჭიშკართან მოასხურე, მერე სახლს გარედან ყველა კუთხეზე მიასხი, ესე სამჯერ უნდა გააკეთო, პარასკევობით, ღამის თორმეტი საათის შემდეგ.  დასხმის დროს სამჯერ უნდა წარმოთქვა სიტყვა: ,,გაწყალდეს, გაწყალდეს, გაწყალდეს",  ბოთლი რო დაიცლება, საცობი კარგად დაუცე და მტკვარში გადააგდე, უყურე რომ წყალმა აუცილებლად წაიღოს, თორემ წყევლა შენ მოგიბრუნდება - ბინაზიკამ სანთელი ჩააქრო და წამოდგა - ყველაფერი გაიგე?

-გავიგე, შენი ჭირიმე.

-გამომართვი - ბინაზიკამ ბოთლი გაუწოდა.

-უკვე წავიდე? - ანიკომ ბოთლს შიშით შეხედა, ეს ბინაზიკას არ გამოჰპარვია.

-აიღე ნუ გეშინია და ზუსტად ისე გააკეთე როგორც გითხარი - მერე ანიკოს თვალებში შეხედა და ავად ჩაისისინა: - თუ არა და შენ მოგეწევა...

-გავაკეთებ, ყველაფერს ისე გავაკეთებ როგორც მითხარი - ანიკომ ბოთლი გულზე მიიხუტა და ოთახიდან შეშინებული გავიდა.

გარეთ ჩამავალი მზე ანათებდა. სუფთა ჰაერი ესიამოვნა, დაღმართს დაუყვა და ნელ-ნელა დაწყნარდა.

ამაღამვე გააკეთებს იმას, რაც ბინაზიკამ  უთხრა, მაგ სახლში ვერავინ ვერ უნდა გაიხაროს, სამართალი ესეა, ვინც ანიკოს სახლში იცხოვრებს, ანიკოზე უარეს დღეში უნდა ჩავარდეს.

32.

სერგეი ვლადიმიროვიჩ როსლიაკოვმა, კაბინეტი დაკეტა და ეზოში ჩამოვიდა. ეზოში ორი ავტომობილი და რამდენიმე ეტლი იყო გაჩერებული, მეეტლეები იქვე მზეზე ისხდნენ და თავთავიანთ უფროსებს ელოდებოდნენ. როსლიაკოვის დანახვაზე ერთი წამოდგა, კოფოზე ახტა, ეტლი დაძრა, ეზოს წრე დაარტყა და როსლიაკოვის წინ გააჩერა.  სერგეი ვლადიმიროვიჩმა საქაღალდე ეტლის რბილ, წითელი პლუშით გადაკრულ სკამზე დააგდო და ასვლა დააპირა.

-სერგეი ვლადიმიროვიჩ! - მოესმა ამ დროს კედიას ხმა.

-ოჰ, თქვენ  ხართ ბატონო ზურაბ? - როსლიაკოვმა საფეხურიდან ფეხი ისევ ქვაფენილზე ჩამოდგა.

- ბატონო როტმისტრო, სალაპარაკო მაქვს.

- გისმენთ.

- ასე  მოკლედ ვერ გეტყვით, სამუშაო დღე დასრულდა,  გთავაზობთ, აქვე ამბაკო ფუტკარაძის დუქანს ვესტუმროთ - კედიამ იცოდა როსლიაკოვის სუსტი წერტილი, ქეიფი და დალევა ძალიან უყვარდა, ფუტკარაძის დუქანში კი ყველაზე გემრიელ კერძებს ამზადებდნენ - თქვენი  არ ვიცი და მე კარგა გვარიანად მომშივდა.

-ოჰ, ბატონო ზურაბ - როსლიაკოვს ულვაშებში ჩაეღიმა - თქვენთან ქეიფს რა ჯობია, მთელი დღეა პირში ლუკმა არ ჩამიდია, ერთი წუთი მოცლა არა მქონია, სიამოვნებით წამოვალ, ოღონდ ერთი პირობით!

-ბრძანეთ, როტმისტრო - კედია ოდნავ გაეღიმა.

- წამოვალ, ოღონდ ამჯერად მე ვიხდი.

-მაწყენინებთ ბატონო როტმისტრო, ჩემი წინადადებაა და მე უნდა დაგპატიჟოთ.

-კარგი - უცბად დაჰყვა როსლიაკოვი ეტლში ჩაჯდა და კედიაც მიიპატიჟა - უარს არ გეტყვით, ოღონდ სხვა დროს მე დაგპატიჟებთ.

ეტლმა ალაყაფის კარი გაიარა, ერევანსკის მოედანს წრე დაარტყა და ქვევით  დაეშვა, მარცხნივ გრაფის ქუჩაზე გუხვია და ფუტკარაძის დუქანთან გაჩერდა.

ფუტკარაძის დუქანი, ყოველთვის სავსე იყო, რადგან ასე გემრიელად კერძებს ბევრგან ვერ ამზადებდნენ და არც ფასები იყო მაინცდამაინც მაღალი.

კედიამ და როსლიაკოვმა  კიბე ჩაიარეს და თავისუფალი მაგიდის ძებნაში დარბაზს თვალი გადაავლეს.  დარბაზი სავსე იყო მოქეიფეებით და გემრიელი სუნით. ხალხის ყაყანს, კუთხეში ხუთკაციანი მედუდუკეთა დასტის მიერ დაკრული მუსიკა ფარავდა.  მუსიკოსებს წინ დაბალი მაგიდა ედგათ, რომელზეც ღვინო, ყველი, პური, მწვანილი და მჟავე ელაგა.

დახლში მდგომმა ღიპიანმა მებუფეტემ, ოფიცრების დანახვაზე სამზარეულოს ფანჯარაში თავი შეყო და ვიღაცას  რაღაც ანიშნა, იმავე წამს სტუმრებთან  შესახვედრად, თვითონ ამბაკო ფუტკარაძე გამოვარდა.

-აქეთ მობრძანდით ბატონებო - ყურებამდე გაღიმებული ამბაკო, წელში მოხრილი, გვერდულად გაუძღვა და თამბაქოსფერი ხავერდის ფარდებით გამოყოფილ მაგიდასთან მიიპატიჟა - ხომ იცით, თქვენისთანა ძვირფასი სტუმრებისთვის, განსაკუთრებული მომსახურება გვაქვს.

კედიამ და როსლიაკოვმა, ქუდები იქვე მიმაგრებულ საკიდზე დაკიდეს და მაგიდას მიუსხდნენ.

-აბა ამბაკო, ახლა შენ იცი, როგორ გვასიამოვნებ - უთხრა კედიამ - ძალიან მშივრები ვართ.

-ახლავე ყველაფერი იქნება, ბატონებო, ყველაფერი!

აამბაკო გაუჩინარდა და სულ მალე, მაგიდა ნაირ-ნაირი საჭმელებით აივსო

-ვიცი რაც უნდა მითხრათ, ზურაბ ვალერიანოვიჩ - უთხრა მეორე ჭიქის შემდეგ როსლიაკოვმა - ვიცი, მაგრამ ის არ ვიცი, მე რა უნდა გიპასუხოთ.

-სერგეი ვლადიმიროვიჩ - დაიწყო კედიამ - ყველაფერი კარგად მესმის, მესმის  რა მდგომარეობაშიც ხართ, მაგრამ უნდა გითხრათ, დარწმუნებული ვარ კოტე ნიჟარაძეა ამ ოპერაციის თავი და თავი.

-შესაძლებელია, შესაძლებელი... აქამდე არ უნდა გაგეწელათ საქმე პოლკოვნიკო, როგორმე დროზე უნდა მოგეპოვებინათ სამხილები...

-სხვაგვარად არ გამოვიდა სერგეი ვლადიმიროვიჩ, ძალიან კარგად დაუგეგმავთ ოპერაცია, ყველა წვრილმანი გათვლილი ჰქონიათ, თქვენ წარმოიდგინეთ, ასე დიდხანს საქმეზე, არასდროს მიმუშავია - კედიამ პაუზა გააკეთა - მაინც არ მეყო დრო, ცოტა კიდევ უნდა მაცადოთ,  სამხილები სულ მალე მექნება.

-მე როგორ უნდა გაცადოთ ბატონო ზურაბ, თქვენ კარგად მოგეხსენებათ  მე არაფერი შემიძლია, ეს ჩემს ძალებს და უფლებებს აღემატება, ვერაფერს ვერ გავაკეთებ - ამოიოხრა როსლიაკოვმა - კარგად იცით ჩემი თქვენდამი დამოკიდებულება და ალბათ ხვდებით, მთელი სულით და გულით თქვენს მხარეზე ვარ, მაგრამ რა ვქნა, ბარონს არაფრის გაგონება არ უნდა, იმ ნიჟარაძეს ძალიან ძლიერი მფარველები ჰყოლია.

-ეგ კარგად ვიცი.

-ჰოდა ისიც ხომ იცით, რომ ამ შემთხვევვაში არაფერი გამოგივათ?

-ეგ რომ ვიცი, სწორედ ამიტომ მინდა თქვენი დახმარება.

-ხომ გითხარით, ამ საქმით, პირდაპირ ბარონი ტაუბეა დაინტერესებული - უთხრა როსლიაკოვმა - პირადად მთავარ მართებელს უთქვამს მისთვის.

-ვიცი - კედიამ მწყრის ჩახოხბილი მიაწოდა - გადაიღეთ სანამ გაცივდება.

-გმადლობთ,  მიყვარს ამბაკოს მომზადებული ჩახოხბილი, - როსლიაკოვმა რამდენიმე კოვზი გადაიღო და თეფში უკან მიაწოდა - მაინც საიდან აქვს ამ ნიჟარაძეს ასეთი კავშირები?

-ახლავე მოგახსენებთ - კედიამ თვითონაც გადაიღო და ჭიქები შეავსო -  ნიჟარაძე, ჩერნოვის ქალიშვილს ირთავს ცოლად, მალე ქორწილიც ექნებათ.

- მაშ ინჟინერ ჩერნოვის ქალიშვილს ირთავს - როსლიაკოვი ჩაფიქრდა - ჩერნოვს დიდი გავლენა აქვს. მისი მეუღლე და მთავარმართებლის ცოლი, დები არიან. ახლა კი ვხვდები რატომაც არის მთავარმართებელი დაინტერესებული - როსლიაკოვმა კედიას ისე შეხედა, თითქოს პირველად დაინახა -აი თურმე, რატომ მოითხოვა ბარონმა ტაუბემ, თქვენი საქმისგან ჩამოშორება.

- მეტსაც გეტყვით, საყურადღებოა, რომ ნიჟარაძეს არ უყვარს ტატიანა. ტატიანა ჩერნოვის ქალიშვილის ჰქვია.

-არ უყვარს? - გაუკვირდა როსლიაკოვს - რატომ გგონიათ, რომ არ უყვარს, როგორც მახსოვს, ჩერნოვს ძალიან ლამაზი ქალიშვილი ჰყავს.

-კი, სწორად გახსოვთ, ქალიშვილი მართლაც ლამაზია, მაგრამ - კედიამ მწყრის ფრთა გაკვნიტა - ნიჟარაძეს ჰყავს საყვარელი ქალი თუ საცოლე, მაგრამ უცბად ჩერნოვის ქალიშვილის შერთვა გადაწყვიტა.

- და გასაგებია რატომაც - უთხრა როსლიკოვმა.

-ჰოდა თქვენი დახმარება მინდა, აუცილებლად უნდა მივიყვანო საქმე ბოლომდე - კედიას ხმაში სიბრაზე შეეტყო.

-კარგი ერთი ზურაბ ვლადიმიროვიჩ - ჩაიცინა როსლიაკოვმა და ჭიქა აიღო - რა თქვენი სადარდებელია ხაზინის ქონება, ღვთის წყალობით სასმელ- საჭმელი არ გვაკლია, ვსვათ და ვჭამოთ, ხაზინაზე კი ხაზინამ იდარდოს, მოდი ჩვენს მეგობრობას გაუმარჯოს!

-გაუმარჯოს!

ჭიქები მიაჭახუნეს და შესვეს, როსლიაკოვი კარგ ხასიათზე იყო, კედიას კი ბოღმა ახრჩობდა.

-ხაზინაზე სულ არ ვდარდობ, საქმე ჩემ თავმოყვარეობას ეხება - კედიამ ჭიქები შეავსო - არ ვაპატიებ თავხედობას, ღირსების საკითხია.

-კარგი და მე როგორ უნდა დაგეხმაროთ, მე რა შემიძლია?

-ჩემთვის დახმარება, ხელის არ შეშლა იქნება - კედიამ როსლიაკოვს თვალებში შეხედა - ზოგჯერ თუ თვალს დახუჭავთ ხოლმე ჩემ მოქმედებებზე, ძალიან დამავალებთ.

-სულ ეს არის?

-დიახ.

-ჰმ - როსლიაკოვმა ბოლოკი ჩაახრამუნა - კარგით, ოღონდ ძალიან ნუ შეტოპავთ, თორემ იძულებული გავხდები ზომები მივიღო.

-არხეინად იყავით სერგეი ვლადიმიროვიჩ - კედიას თითქოს დაძაბულობა მოეხსნა - თქვენ მე კარგად მიცნობთ.

-კარგით პოლკოვნიკო, შევთანხმდით.

-ხანდახან შეიძლება ექსპერტის დახმარება დამჭირდეს - შეაპარა კედიამ და თან ჭიქები შეავსო - ან ჩვენი კრიმინალური ბაზით სარგებლობა.

-ღვთის გულისათვის, ზურაბ ვლადიმიროვიჩ, მაგაზე თქვენ უარს ვინ გეტყვით.

-უარს არა, მაგრამ არ მინდა ვინმემ გაიგოს, რომ ამ საქმეს თავს არ ვანებებ.

-კარგით, მაგაშიც დაგეხმარებით.

ამ დროს ფარდა გადაიწია და ამბაკომ შამფურებით მწვადი შემოიტანა.

-მწვადიც მოსულააა! - ხმამაღლა დაიძახა ამბაკომ და შამფურები პირდაპირ პურებზე დაალაგა - გემრიელად მიიირთვით - თავი დაუკრა და წავიდა.

ამბაკოს შემოსვლისას და გასვლისას გადაწეული ფარდიდან დარბაზი გამოჩნდა და კედიას ყურადღება რაღაცამ მიიპყრო. წამოდგა, ფარდა ოდნავ გადასწია და დარბაზში გაიხედა.

ერთ-ერთ მაგიდასთან სამი მამაკაცი ქეიფობდა, ზურგით მჯდომს ნაცრისფერი, ზოლებიანი კოსტიუმი ეცვა. კედიამ მაშინვე იცნო ქსოვილი, რომელიც ფილხაზ ბაღაზაშვილმა აჩვენა.

-ერთი წუთით დაგტოვებთ სერგეი ვლადიმიროვიჩ, მაპატიეთ - კედია წამოდგა და დახლთან მივიდა.

-ტელეფონი თუ გაქვთ - ჰქკითხა მებუფეტეს, რომელსაც თეთრი წინსაფარი ეკეთა და თავზე კახური ქუდი ეხურა.

-თქვენთვის ყველაფერი გვაქვს ბატონო ზურაბ, შიგნით შემობრძანდით - მებუფეტემ გვერდით კარები გააღო - რაისა, ტელეფონი აჩვენე ბატონ პოლკოვნიკს.

კედია შიგნით შევიდა, რაისამ გრძელი დერეფანი გაატარა და კედელზე დაკიდულ ტელეფონთან მიიყვანა.

-სამი, ოცდაჩვიდმეტი - ჩასძახა კედიამ ყურმილში - ... კედია ვარ... ფილიმონი მომინახეთ, სასწრაფოდ მოვიდეს ფუტკარაძის დუქანში ... ჰო, გრაფის ქუჩაზე ... შიგნით არ შემოვიდეს გარეთ დამელოდოს ... მეორეც წამოიყვანოს ვინმე...  კარგი.

-დიდი ბოდიში - უთხრა როსლიაკოვს დაბრუნებულმა, მაგიდას მიუჯდა,  ჭიქები შეავსო და ამბაკოს გასძახა - ამბაკო ერთი აქეთ მოგვხედე!

 

33.

ზურაბ კედიას კაბინეტი

ფილიმონ ეძგვერაძე, გარეგნულად მეოცე საუკუნის დასაწყისის მუნჯური ფილმების კომიკოს მსახიობს წააგავდა, ჩაცმულობაც ისეთი ჰქონდა, თეთრი, ქათქათა პერანგის პატარა საყელოზე, შავი ფერის წინწკლებიანი ბაფთა ეკეთა,   ვიწრო შავი პიჯაკი, ზოლიანი ჟილეტი, ვიწრო, ოდნავ კოჭს აცილებული შარვალი, რამდენჯერმე ,,დაპაჩინკბული" და საგულდაგულოდ გაპრიალებული შტიბლეტები ეცვა, ჟილეტის ჯიბიდან კი საათის მოოქროვილი ძეწკვი მოუჩანდა. ფილიმონს, ოქროს საათის შერსაძენად ფული, არასდროს ჰყოფნიდა.

სანამ კედია მის პატაკს კითხულობდა, სავარძელში ფეხიფეხზე გადადებული იჯდა და ოქროს ვარაყიანი ფინჯანით ჩაის ზუსტად ისე მიიერთმევდა, როგორც  ამას რომელიმე კომიკოსი გააკეთებდა.

-კარგი - კედიამ პატაკი მაგიდაზე დადო - ამას მერე გავეცნობი, ახლა მირჩევნია თვითონ მომიყვე.

-უჰ, ვგიჟდები თქვენ ჩაიზე ბატონო ზურაბ - ფილიმონმა ფინჯანი ლამბაქზე დადო - სად შოულობთ ნეტავ, ასეთი ჩაი გურიელთან გეახელით ამ შვიდი წლის წინ - პიჯაკის ჯიბიდან გატკიცინებული ცხვირსახოცი ამოიღო და აწკეპილ ულვაშზე სათუთად მიიდო.

კედიას შეუმჩნევლად ჩაეღიმა და ზარი დარეკა.

-გისმენთ! - კარი გაიღო და ადიუტანტმა შემოიხედა.

-მურმან, ბატონმა ჭკუასელმა რომ ჩაი მოგვართვა, კიდე დარჩა?

-დიახ, ბატონო ზურაბ.

-ჰოდა ბატონ ფილიმონს გაატანეთ.

-მესმის ბატონო - ადიუტანტმა კარი მოხურა.

-ოჰ, როგორ გეკადრებათ ბატონო ზურაბ! - წამოხტა ფილიმონი - არავითარ შემთხვევაში! ხომ იცით ჩემი ხასიათი, არ წავიღებ!

-წაიღე ფილომონ, წაიღე - გაეცინა კედიას - კარგი ჩაია.

-როგორ ბატონო ზურაბ, მართლა თვითონ მიხეილმა მოგართვათ?

-ჰო ეძგვერაძე, რატომ გიკვირს? - გაუკვირდა კედიას.

-არა ბატონო ზურაბ, სულ არ მიკვირს, თქვენთან უკეთესიც დამილევია -  ეძგვერაძემ ფინჯანი ლამბაქზე ძალიან ფრთხილად დადო, თითქოს გაწკარუნებით, კედიას აწყენინებდა - უბრალოდ წაღება, ძალიან მერიდება,  მირჩევნია აქ დავლიო ხოლმე.

-კარგი, კარგი თუ კაცი ხარ, მოეშვი პრანჭიობას ფილიმონ - კედიამ უკვე ხმამაღლა გაიცინა - დაჯექი თავისუფლად და მომიყევი გუშინდელი ამბავი, ჩვენი წასვლის შემდეგ, ფუტკარაძის დუქანში რა მოხდა.

-დიდი მადლობა ბატონო ზურაბ, დიდი მადლობა, მაგ ჩაის გამოვიზოგავ და განსაკუთრებულ დღეებში დავლევ ხოლმე - ფილიმონი სკამზე ოდნავ უკან მიიწია და არტისტულად დაიწყო: - როგორც უკვე მოგახსენეთ,  მე და სამსონი, იქვე ახლო მაგიდასთან დავსხედით და ყური მივუგდეთ, მაგრამ საინტერესო არაფერი უთქვამთ, ისე ღლაბუცობდნენ, როგორც ყველა მთვრალი, ერთადერთი, რამაც  ჩემი ყურადღება მიიპყრო, ზოლიან პიჯაკიანის, როგორც შემდეგ დავადგინე და უკვე მოგახსენეთ მისი ვინაობა, როსტომ ხუციშვილის დამოკიდებულებამ, თავისი მაგიდის წევრებთან, უფროსივით იქცეოდა და ყველა პატივისცემით და მორჩილებით ელაპარაკებოდა.

-როგორ ფიქრობ, რა იყო ამ პატივისცემის მიზეზი, ფული?

-არა ბატონო ზურაბ, ფულით იმათ ვერ გააკვირვებ, შიში ბატონო ზურაბ, შიში! - ფილიმონმა სერიოზული გამომეტყველება მიიღო - ხომ იცით ადამიანების ამოცნობა არ მიჭირს, ძალიან საშიში კაცი ჩანს ხუციშვილი, ის ორი ტიპი, მის მაგიდასთან რომ იჯდა, ვიცი ვინც არიან, ერთი ნაძალადეველი ნიკალაა, მეტსახელად თათარ-ნიკალა და მეორე გოგია ავლაბრელი, დამნაშავეთა წრეებში, ორივე დიდი ავტორიტეტით სარგებლობს, კაცის შემჭმელებს ეძახიან მთელ ქალაქში, მაგრამ ამ როსტომთან პატარა ბიჭებივით იყვნენ, მიუხედავად იმისა, ფიზიკურად ორივე ძალიან ძლიერია.

- ჩვენს ბაზაში თუ არიან, მათზე დოსიე გვაქვს?

-არიან აბა რა, ორივეს საპატიო ადგილი უკავია,  ეგ ყველაფერი დაწვრილებით მოგახსენეთ პატაკში, აი როსტომი კი აქამდე არ ვიცოდი.  ჰოდა ეს ორი, იმ როსტომს შიშით უყურებდა, ქეიფის ბოლოს ფეხზე ადგომით შესვეს მისი სადღეგრძელო, წასვლისას ჯერ ნიკალა გავიდა, ეტლი გააჩერა და მხოლოდ ამის მერე დაუძახეს და გააცილეს.

-საინტერესოა.

-სამსონი იმ ორთან, თათარ-ნიკალასთან და გოგია ავლაბრელთან დავტოვე, მე მეორე ეტლს შევახტი და როსტომს გავყევი, დიდუბეში იპოდრომის საცხოვრებელ სასტუმროში მივიდა, იცით ალბათ ორსართულიანი სახლია, ორ სადარბაზოიანი, იპოდრომის უკან, მარცხენა მხარეს?

-კი ვიცი, მერე, განაგრძე.

-იმ სასტუმროს უფროსმა მითხრა, აბელ ბიბიაშვილმა, უკვე ერთი წელია აქ ცხოვრობსო, რას აკეთებს არ იცის, შუადღემდე სძინავსო, მერე სადღაც მიდის და გვიან ბრუნდებაო, ხშირად ნასვამიო.

-ვისთან მეგობრობს, სტუმრებს თუ იღებსო?

-ხანდახან ქალი აკითხავსო, სულ ეს არის და ეს.

-შენ საპასპორტო მაგიდას მიაკითხე და ცნობები მოიპოვე მაგ როსტომზე.

-უკვე მივაკითხე ბატონო, - ეძგვერაძემ ხმას ისე დაუწია, თითქოს კედიას გარდა სხვაც იყო ოთხაში -  არანაირი ცნობები არ აქვთ.

-საინტერესოა, ესე იგი ეს მისი ნამდვილი სახელი არ არის.

-დიახ ბატონო ზურაბ, ნამდვილად ასეა - მერე დაამატა - ჰო, რაც აბელმა მითხრა, ფული აქვს ძალიან ბევრიო, ძალიან გულუხვად ხარჯავსო, ხელგაშლილად ცხოვრობსო.

-სულ ასე იყო, სულ ასე ხარჯავდაო?

-მეც მაშინვე ეგ ვკითხე, არაო, ადრე ამდენი არ ჰქონდაო ბატონო ზურაბ - ფილიმონმა ეშმაკური გამომეტყველბა მიიღო და ხმას ისევ დაუწია - ეს სასტუმრო არ არის მაინცდამაინც ძვირფასი, ფულიანები იქ არ ცხოვრობენ, ხუციშვილს თავიდანვე რომ ჰქონოდა ამდენი ფული, მაგ სასტუმროში არ დასახლდებოდა. აი დავიცადოთ, ჩემი აზრით გადავა სადმე სხვაგან.

-ვნახოთ, ვნახოთ - კედია ცოტა ხანს ჩაფიქრდა -  კარგი ფილიმონ, წადი, თავისუფალი ხარ, მაგ როსტომს თვალი არ მოაცილო.

-არა ბატონო ზურაბ, როგორ მოვაცილებ, ახლა სამსონი დავტოვე იქ - ფილიმონი წამოდგა და ადგილზე გაჩერდა.

-რა იყო, ფილიმონ - ჰკითხა კედიამ - კიდევ გაქვს რამე?

-არა, ბატონო ზურაბ - ფილიმონი შეყოყმანდა - უფრო სწორად სათხოვარი მაქვს, პატარა... გუშინდელ დანახარჯს თუ ამინაზღაურებენ... რესტორანს ვგულისხმობ... ბევრი კი არ არის, მაგრამ....

-კი, კი ჩადი ხაზინადართან, ქაღალდი ხომ წამოიღე?

-წამოვიღე დიახ - ფილიმონმა ჯიბიდან პატარა მოყავისფრო ჩეკის ფურცელი ამოიღო, - აი როგორც წესია ამბაკოს ხელმოწერაც აქვს და გრძელი ბეჭედიც.

-ჰო, მიდი და ეხლავე გამოგიწერენ.

-აბა კარგად ბრძანდებოდეთ ბატონო ზურაბ, ჩაისთვის უღრმეს მადლობას მოგახსენებთ - ფილიმონი კომიკოსის ნაბიჯით მივიდა კართან, რაღაცნაირად მოხდენილად გააღო და უცბად გაქრა.

34.

-ლიზა, შენთვისაც უნდა ვიყიდოთ სახლი - კოტე ბალიშზე ზევით აიწია და ლიზას ხელი მოხვია.

გუშინ ახალსახლობა იზეიმეს, სტუმრები ყავდათ დაპატიჟებული, ლიზა დიასახლისივით იქცეოდა და ღამე დარჩა კიდეც.

- ორი სახლი რად  გვინდა? - ჰკითხა ლიზამ და გულმა ცუდი უგრძნო.

- როგორ თუ რად - კოტეს შეეტყო რომ ლაპარაკი ეძნელებოდა, ამის დასაფარად საწოლზე წამოჯდა და პაპიროსს მოუკიდა - ერთში შენ იცხოვრებ და მეორეში მე.

-აბა ერთად სადღა ვიცხოვრებთ?

-ერთად ცხოვრება ჯერ ადრეა ლიზა, ეს უნდა გაიგო, ჯერ ჩვენ საქმიანი პარტნიორობა უფრო გვჭირდება.

-საქმიან პარტნიორობას ამას ეძახი? - ლიზამ საბანი გადაიხადა და ლამაზი შიშველი სხეული გამოაჩინა.

- კარგი რა ლიზიკო, ძალიან კარგად გესმის, რასაც გეუბნები.

-არა კოტე, არ მესმის - ლიზას ხმაში ავი ბგერები გაერია - და შენ, უნდა ამიხსნა რას ნიშნავს, ერთმანეთთან მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა, შენთვის რა არის საქმიანი ურთიერთობა.

-რას და იმას, რომ  ჩვენთვის ოჯახის შექმნა ჯერ არ შეიძლება! - კოტემ ცოტა ხმა შეარბილა - არ გამოვა ლიზიკო, ყველაფერს გავაფუჭებთ.

-არ მესმის, რას გავაფუჭებთ?

-ჩვენ ურთიერთობას, სიყვარულს, ოჯახური ურთიერთობა სულ სხვაა, ლიზიკო და სიყვარული სულ სხვა.

-ყოჩაღ - ლიზა წამოდგა, მხოლოდ ფეხსაცმელი Dჩაიცვა და აბაზანისკენ გაემართა - კარგად გცოდნია სიყვარული რა არის.

კოტემ ღრმად ამოისუნთქა, ყველაზე მთავარი და ძნელად სათქმელი უკვე თქვა.

-საიდაბადზე ერთი ლამაზი სახლი უკვე შევათვალიერე კიდეც, - კოტე ცოტა გათამამდა და ხმამაღლა გასძახა, რომ შხაპის ხმა გადაეფარა - მაჭავარიანს უკვე მოველაპარაკე, ნოტარიუსს, ორ დღეში შენ სახელზე, მეპატრონის საბუთები მზად იქნება. არა თუ არ მოგეწონება, სხვა ვნახოთ.

წყლის ხმა შეწყდა.  ლიზა აბაზანიდან გამოვიდა, მკერდზე  დიდი პირსახოცი შემოეხვია, თმა ისევ სველი ჰქონდა და წყლის წვეთები შიშველ მხრებზე ეცემოდა, ლიზას თმა მოკლედ ჰქონდა შეჭრილი.

-კარგი კოტე - ლიზამ კოტეს პირიდან პაპიროსი გამოაცალა, ერთხელ მოქაჩა და უკან ჩაუდო - კარგი, მაშინ ფულიც თანაბრად გავიყოთ.

-რომელი ფული?

-ჩვენი საქმიანი პარტნიორობით ნაშოვნი ფული კოტე, ჩვენ ხომ საქმიანი ურთიერთობა გვაქვს, პარტნიორები კი ფულს თანაბრად იყოფენ.

-შენ შენ წილს მიიღებ ლიზა, ამაზე როგორ ლაპარაკობ?

- ჩემი წილი ნახევარია კოტე, არ დაგავიწყდეს!

- მე გადავწყვეტ რამდენია - კოტეს სიბრაზე შეეტყო - ნუ გეშინია, კმაყოფილი დარჩები.

- შენ რატომ გადაწყვეტ, ჩვენ ხომ თანაბარუფლებიანი პარტნიორები ვართ კოტე, თუ შენ თვლი, რომ ამ ურთიერთობაში კაცის წილი უფრო მეტია ვიდრე ქალის? - ლიზამ პირსახოცი მოიხსნა და ჩაცმა დაიწყო. კოტე თვალს უხმოდ ადევნებდა, ლიზა ძალიან ლამაზი იყო - ჩემი წილი, ნახევარია, კოტე, ეს კარგად დაიმახსოვრე და ამაზე ლაპარაკი აღარ უნდა დამჭირდეს.

კოტე წამოდგა, ჩაიცვა, სასტუმრო ოთახში გავიდა, მაგიდაზე ნასუფრალს მიუახლოვდა, ღვინიან ბოთლს ხელი მოჰკიდა და პირდაპირ მოიყუდა.

ამასობაში ლიზამ ჩაცმა დაამთავრა, ჩანთიდან პატარა სარკე ამოიღო, პომადა წაისვა, კოტეს მიუახლოვდა, შუბლზე აკოცა და ზედ, ტუჩების ლამაზი ანაბეჭდი დაუტოვა, თმა ისევ სველი ჰქონდა.

-როგორ ცუდად გიცვნივარ, ბატონო ნიჟარაძე... თუ ჯანდიერო! - რაღაცნაირად, მხოლოდ ტუჩებით გაიღიმა, კოტეს შუბლზე, სკუთარი ტუჩების ანაბეჭდს შეხედა და სახლიდან გავიდა.

კოტე ასე დარჩა, ღვინო კიდევ ერთხელ მოიყუდა, მერე პირმოკუმულმა დაიღმუვლა და მიხურულ კარს ბოთლი ესროლა, მაგრამ ააცილა, ბოთლი კარის გვერდზე კედელს მოხვდა და ახლად გაკრულ, იტალიიდან საგანგებოდ გამოწერილ შპალერს, წითელი ღვინო, სისხლივით ჩამოეღვარა.

კიბეზე ჩამავალ ლიზას, ბოთლის მტვრევის ხმა არ გაუგონია.

35.

კავკასიაში, რევოლუციური მოძრაობის უკიდურესად გააქტიურების გამო, რაც გამოიხატებოდა ტეროროსტულ აქტებში და ხელისუფლების წარმომადგებნლებზე თავდასხმებში, რაც თითქმის ყოველთვის მსხვერპლით მთავრდებოდა, ტფილისის გენერალ-გუბერნატორმა, ტფილისის ციხეებიდან პატიმრების ციმბირში კატორღულ სამუშაოებზე გადაგზავნის ,,უკაზი” გამოსცა.

გაზაფხულზე კი, რადგან საფოსტო კარეტის გაძარცვაში დამნაშავეები ვერ დააკავეს და დაკარგული ფულის დაბრუნება ვერ მოხერხდა,  ამ საქმის მთავარ დამნაშავეს, კაპიტან გრიგორი პეტროვიჩ კორსუნსკის, კავკასიის სამხედრო ოლქის ტრიბუნალმა, 28 წლით პატიმრობა და საკატორღო სამუშაოები მიუსაჯა.

ციმბირში გაგზავნამდე, გრიგორი საერთო საკანში გადაიყვანეს, ერთი წელი მას ისევ მეტეხის ციხეში მოუწევდა სასჯელის მოხდა.

საერთო საკანში, ყოფილ ოფიცერს, ავაზაკებთან და მკვლელებთან ურთიერთობა უჭირდა და ამიტომ, დაუახლოვდა რამდენიმე რევოლუციონერს, ეგრეთწოდებულ ,,პოლიტიკურებს”. რევოლუციონერები იმპერიისთვის ყველაზე საშინელი ბრალდებით ისხდნენ, სახელმწიფოსა და იმპერატორის საწინააღმდეგოდ  ჩადენილი უკანონო ქმედებებისთვის.  რადგან მათ სხვა მრწამსი ჰქონდათ,  კრიმინალებისგან ხელშეუხებლობით სარგებლობდნენ და გრიგორიმ მათთან დაკავშირებით,  თავის გადარჩენა შეძლო.

ერთ დილას, საკნის კარები გაიღო და დახვეული ლეიბით ხელში, მაღალი, გამხდარი,  შავგვრემანი, შავ თმა-წვერიანი მამაკაცი შემოვიდა. საკანი მოათვალიერა და პირდაპირ გრიგორისკენ წამოვიდა, არა იმიტომ, რომ იცნობდა, არა, უბრალოდ მარტო იქ  იყო თავისუფალი ადგილი.

ახალი ტუსაღი ირანელი იყო თუ თურქი, გრიგორიმ ბოლომდე ვერ გაიგო, მაგრამ ძალიან დაუმეგობრდა.

ჯემილ ხაფიზ ბეი, ასე ერქვა მას და მის საბრალდებო დასკვნაში ეწერა: ,,ბრალად ედება, რუსეთის იმპერიის საწინააღმდეგოდ, სულთან გამიდ მეორის სასარგებლოდ ჯაშუშობა”,  როგორც მასზე ამბობდნენ - ,,გამიდ მეორესთან შპიონად მუშაობდაო”. იმასაც ამბობდნენ თითქოს ხაფიზი, კავკასიის მუსულმანების გაერთიანებას და მათი საშუალებით, კავკასიაში საერთო მუსულმანურ აჯანყებას ამზადებდა, არავინ იცოდა ეს სიმართლე იყო თუ არა და არც აინტერესებდათ, პატიმრებს ეს დიდად არ აღელვებდათ.

თვითონ ძალიან წყნარად იყო, ჯაშუშობაზე ხმას არ იღებდა, არც გრიგორი ეკითხებოდა რამეს და რაღაცნაირ შვებასაც კი გრძნობდა, როცა ჯემილ ხაფიზის მშვიდ, მწვანე თვალებს უყურებდა.

კანის მუქი ფერის ფონზე,  მწვანე თვალები, აუხსნელად უცნაურ შთაბეჭდილებას ახდენდა და ვინც ერთხელ მაინც შეხვედრია,  ყველა უკიდურესი პატივისცემით იმსჭვალებოდა მის მიმართ. ერთნაირად კარგად იცოდა სპარსული, თურქული და ქართული. რუსულად და სომხურად არასწორად, მაგრამ გასაგებად ლაპარაკობდა. მიუხედავად სიგამხდრისა, ჯემილ ხაფიზ ბეი, დიდი ფიზიკური ძალის მქონე ადამიანი იყო.

სამი თვე ისე გავიდა, მასთან არავინ მოსულა, არავის მოუკითხია, არც ახლობელს და არც ვინმეს ხელისუფლებიდან, გრიგორის ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს ჯემილ ხაფიზი ყველამ დაივიწყა, ადამიანბმაც და იმ ალაჰმაც, რომლის სახელითაც თითქოს აჯანყებას ამზადებდა.

მეტეხის ციხის ფანჯრებში კი მტკვრის გაღმა ნაპირიდან ქუჩის ხმაური შემოდიოდა და ჯემილ ხაფიზს, კაცს რომელსაც საკუთარი დაპატიმრების ჩათვლით, არაფერი აღელვებდა და არაფერი აინტერესებდა ქვეყანაზე,  მხოლოდ გარედან შემოსული ხმაურის დროს ეტყობოდა სახეზე ოდნავი დაძაბულობა, ყურადღება გაფაციციებული იჯდა და უსმენდა ყველაფერს, რაც ციხის ვიწრო, მაღალ სარკმელში აღწევდა.

განსაკუთრებული ყურადღება და სიამოვნება ეტყობოდა, როცა ტივზე მოქეიფეებისგან სპარსულ ენაზე გრძელი, გაწელილი სიმღერა მოისმოდა, ასეთ დროს ყველაფერი ავიწყდებოდა,  იჯდა ხის ნარზე ფეხმორთხმით, კრიალოსანს მარცვლავდა და მომღერლის გულის მომწყვლელ ხმას ჩუმად ტუჩების მოძრაობას აყოლებდა. საყურადღებო იყო, რომ საკანში თურქი ტუსაღიც იყო, ირანელიც და ერთი შუა აზიელიც, მაგრამ სიმღერების ენა და შინაარსი, მხოლოდ ჯემილ ხაფიზს ესმოდა.

-რა ენაზე მღერის? - ჰკითხა ერთხელ გრიგორიმ.

ჯემილმა არ უპასუხა, ხელის აწევით ანიშნა, გაჩუმდი, ნუ მიშლი მომასმენინეო და მხოლოდ სიმღერის დასრულების შემდეგ მიუბრუნდა და გაუღიმა.

-რა მეკითხებოდი?

-ისეთს არაფერს, მაინტერესებდა, რა ენაზე მღეროდა.

-სპარსულად.

-ისმაილიც ხომ სპარსია, რატომ იმას არ ესმის?

-ისმაილი თანამედროვე ენით ლაპარაკობს - უთხრა ხაფიზმა - ეს კი ძველი სპარსულია, ახლა ეს ირანშიც კი ძალიან ცოტას ესმის. ცალკეულ სიტყვებს ისმაილიც გაიგებს, თუმცა მთლიანობაში აზრს ვერ მიუხვდება.

-შენ საიდან იცი?

-ეს ჩემი პროფესიაა - რაღაცნაირად დასევდიანდა უცბად სულთან გამიდ მეორის ,,შპიონი” - ჯერ თეირანში ვსწავლობდი ენათმეცნიერებას, შემდეგ კი ევროპაში. ტფილისშიც უძველესი სპარსული ხელნაწერების მოსაძიებლად ჩამოვედი.

-როგორ - გაუკვირდა გრიგორის -აბა ტყუილად ზიხარ?

-არა, ტყუილად არა ვზივარ - თქვა და მოულოდნელად ხმამაღლა გადაიხარხარა, მერე სახე ახლოს მიუტანა და გრიგორიმ მის თვალებში სხვანაირად ანთებული სიმწვანე დაინახა, ახლა ჯემილ ხაფიზი, სულ სხვა ადამიანი იყო - დაიმახსოვრე გრიგორი, ტყულად არავის იჭერენ, ტყუილად არც შენ ზიხარ, თუმცა ფული შენ არ მოგიპარავს - დაიჩურჩულა და ძალიან სერიოზული გამომეტყველება მიიღო - მარტო მეცნიერი არა, შპიონიც ვარ.

მის ჩურჩულზე გრიგორის ტანში გააჟრჟოლა.

-ყურადღებით მომისმინე - დაიწყო ჯემილმა - მე მალე აქედან გავალ და მერე ვნახოთ, იქნებ შენ გაყვანაზეც ვიზრუნო.

-როგორ გახვალ?

-ძალიან ადვილად, გამიყვანენ.

- როდის?

- როდის და ხვალ - ჯემილმა საკანი მოათვალიერა და ისევ ჩურჩულით განაგრძო - შენ რა გგონია, მართლა სიმღერები მიყვარს?

-აბა რატომ უსმენ?

-ეს სიმღერა არ არის, შეტყობინებაა, ამით ინფორმაციას მაწვდიან. ჩემი გათავისუფლებით თურქეთის გენერალური კონსულია დაინტერესებული, სწორედ ახლა მაცნობეს, რომ ტფილისში ჩამოვიდა, ხვალ დილით ათ საათზე სასამართლოში წამიყვანენ და უკან აღარ დამაბრუნებენ, თურქეთის გენერალური კონსულის თავდებით, სტამბოლში გადამაგზავნიან.

-მე რატომ მეუბნები ამას, არ გეშინია? - ჰკითხა გრიგორიმ, რომელსაც ეტყობოდა, რომ ჯემილის სიტყვების ბოლომდე არ სჯეროდა.

-არ მეშინია, ჯერ ერთი, შენ მართალი და სანდო კაცი ხარ და  მეორეც, ახლა მაინც ვერავინ ვეღარაფერს შეცვლის - ცოტა ხანს თვალებში უყურა და განაგრძო - ხომ გითხარი, შენ იმ ფულის გატაცებაშიც არა ხარ გარეული.

-რა იცი?

-ადამიანების ცნობა ვიცი, დაელოდე, ჩემგან შეტყობინებას მიიღებ - მერე უცბად წამოდგა - ეხლა უნდა დავიძინო, ხვალ მძიმე დღე მექნება.

ჯემილ ხაფიზმა ეს თქვა, საწოლზე გადაწვა და ერთ წამში მშვიდი ძილით დაიძინა.

მეორე დილას, ზუსტად ათ საათზე, საკნის კარი გაიღო,  ზედამხედველი შემოვიდა და ხმამაღლა დაიძახა:

-ჯემილ ხაფიზ ბეი,  გამოდი - მერე თითქოს საკნის სხვა ბინადრების გასაგონად დაამატა: - სასამართლოზე უნდა გამოცხადდე.

ჯემილი აუჩქარებლად წამოდგა, ქუდი აიღო და კარებისკენ წავიდა, გასვლისას უკან მოიხედა და მის მწვანე თვალებში ღიმილი, მხოლოდ გრიგორიმ შეამჩნია.

ჯემილ ხაფიზის გაყვანის შემდეგ, გრიგორის სევდა მოემატა, ახლა მხოლოდ სამი რევოლუციონერიღა დარჩა, ვისთანაც შეეძლო ლაპარაკი, დანარჩენები ბნელი და გაუნათლებელი ხალხი იყო და ყოფილ ოფიცერს, უჭირდა მათთან საერთო ენის გამონახვა.

რევოლუციონერებთან კი ძირითადად პოლიტიკაზე ჰქონდა საუბარი, რომელიც საბოლოოდ მძაფრ კამათში გადადიოდა, ერთხელ კინაღამ ხელიც დაარტყეს ერთმანეთს, ცოტა ხანში გრიგორი დარწმუნდა, რომ ამ სამი კაციდან  ორს, ესენი ტფილისის რკინიგზის სასწავლებლის სტუდენტები იყვნენ, პირადი გამორჩენა და კეთილდღეობა ამოძრავებდათ და არა პროლეტარების გაჭირვება, ხოლო მესამე, ზაქრო  კუკუნაშვილი, მართლა  პროლეტარი, ტაიროვის საპნისა და სანთლების ფაბრიკაში მუშად მუშაობდა,  ჩვეულებრივი, გაბრიყვებული მოქალაქე იყო, რომელმაც ტფილისში ჩამოსულ, ქუთაისის ვიცე-გუბერნატორის ეტლს, თვითნაკეთი ბომბი ესროლა. შეშინებულმა კუკუნაშვილმა წესიერად ვერც დაუმიზნა და აფეთქებამ მხოლოდ გადაატრიალა ეტლი, ვიცე- გუბერნატორს ერთი ნაკაწრიც არ ჰქონდა.  კუკუნაშვილი ადგილზევე დაიჭირეს, ისე იყო დაბნეული, გაქცევა არც კი უცდია და ახლა ელოდებოდა, როდის გაუყენებდნენ ციმბირის გზას. საწყალი კუკუნაშვილი, კახეთიდან ერთი წლის ჩამოსული იყო ქალაქში ფულის საშოვნელად. გრიგორისთან საუბრისას, ზაქრო ვერაფრით ხსნიდა, რატომ ესროლა ბომბი ადამიანს, რომელსაც არც იცნობდა და მისთვის არც რამე დაუშავებია და, რომელსაც სახლში ცოლ-შვილი ელოდებოდა.

გრიგორის არ მოსწონდა რევოლუციონერები და არც მათი საქმის და იდეებისა სწამდა რამე, მაგრამ იცოდა, რომ მას მხოლოდ რევოლუცია და ხელისუფლების შეცვლა თუ იხსნიდა კატორღისგან. ამიტომ იმ სტუდენტებს  დაჰყვა და მათ იატაკვეშა მოძრაობაში გაწევრიანდა.

-ჩვენ გვჭირდება თქვენნაირი გამოცდილი და პროფესიოანლი კადრები - ხშირად ეუბნებოდა გრძელ, გაზეპილ თმიანი, მუდმივი სტუდენტი სევერიან ბახტაძე - აი ნახავთ, სულ მალე დავამხობთ თვითმპყრობელობას და ხალხი თავისუფლად ამოისუნთქავს, ჩვენს მაგივრად, ამ სისხლის მწოველ წურბელებს, ამოვალპობთ ციხეებში! მთავარმართებელსაც ჩავაყუდებთ!

-მთავარმართებელსაც? - ეჭვით ეკითხებოდა კორსუნსკი.

-დიახ, მთავარმართებელსაც და ტფილისის გენერალ-გუბერნატორსაც.

-რა ვიცი, რა ვიცი... - ჩაილაპარაკებდა კორსუნსკი - იმპერატორისთვის სამხედრო ფიცი მაქვს მიცემული, ოფიცრისთვის კი ეს წმიდათაწმიდაა - ამბობდა გრიგორი.

-ჰაჰაჰააა - იცინოდა ბახტაძე - სწორედ შენისთანების სიბრიყვეზე დგას მისი ხელისუფლება.

-თქვენ რომ ასე იცავთ იმპერატორს - ეუბნებოდა მეორე სტუდენტი, მაკარ ბობოვსკი - ვინ ჩაგაგდოთ ამ დღეში,  ვინ დაგიჭირათ? - და მერე თვითონვე პასუხობდა - იმ იმპერატორმა, რომელსაც ერთგულება შეჰფიცეთ. დროა თვალი გაახილოთ პეტროვიჩ, დროა!

პეტროვიჩმა თვალი გაახილა, უკვე დიდი ხანია გაახილა, ოღონდ აქედან გააღწიოს და მერე თვითონ იცის, რას იზამს, იმპერატორი რა შუაშია,  კოტე ნიჟარაძეს სულს ამოხდის და  პასუხს აგებინებს, მისი ცხოვრების ასე დანგრევისთვის.  მთავარია აქედან გააღწიოს, სულ ერთია რა საშუალებით.

ბებუთოვის ქუჩაზე, ინჟინერ ჩერნოვის სახლში გამართული წვეულება  დამთავრდა და სუფრიდან აშლილი სტუმრები, ახლა სამეჯლისო დარბაზში ჩაის და ტკბილეულს მიირთმევდნენ.  დარბაზის კუთხეში  პიტოევის საზოგადოების  ორკესტრი უკრავდა და ახალგაზრდები  ცეკვავდნენ.

დღეს ჩერნოვის  ქალიშვილს, ტატიანას და თავად კონსტანტინე ნიჟარაძეს, წმინდა ნიკოლოზის ტაძარში,  ტფილისის ეგზარხოსმა,  მიტროპოლიტმა ფლავიანმა, პირადად დასწერა ჯვარი. ტაძრიდან ყველანი ჩერნოვის სახლში წამოვიდნენ, ახლობლების წრეში გადაწყვიტეს დღევანდელი მოვლენის აღნიშვნა, დიდი ქორწილი კი ორი კვირის შემდეგ დაგეგმეს.

გარეთ ქუჩაში, მოპირდაპირე მხარეს, პასკევიჩის ქუჩის კუთხეში, განათების ბოძიდან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით, სიბნელეში, კედელს მიყრდნობილი იდგა, ფილერი  ფილიმონ ეძგვერაძე, ჩერნოვის სახლის ბროლის ჭაღებით გაჩახჩახებულ ფანჯრებს თვალს ადევნებდა და თან ქაღალდშემოხვეულ, ხორციან ღვეზელს შეექცეოდა.  ფილიმონი ჯვრის წერაზე არ ყოფილა, ჯვრის წერას ფილერი ლიპგარდ ლეიბა, მეტსახელად პაჭუა ადევნებდა თვალს.

შუადღის შემდეგ, ფილიმონი ბებუთოვის ქუჩაზე დასეირნობდა, აუყვებოდა ზევით, გაუხვევდა პასკევიჩის ქუჩაზე,  წავიდოდა მარჯვნივ და სერგიევსკის ქუჩიდან ისევ ბებუთოვზე გამოდიოდა.  ასე გააკეთა რამდენიმე წრე და ახლა როცა დაღამდა, შენობის კუთხესთან ბნელი ადგილი მონახა და იქიდან, ჩერნოვის სახლის ფანჯრებს თვალს არ აცილებდა, ჩერნოვის სახლში კი ტფილისის მაღალი საზოგადოება სრული შემადგენლობით იყო წარმოდგენილი, თვითონ მთავარმართებელმა, გრიგორ სერგეევიჩ გოლიცინმაც კი ინება მობრძანება მთელი თავისი ოჯახით, თუმცა, მხოლოდ ჯვრის წერას დაესწრო ბოლომდე, წვეულება კი სხვებზე ადრე დატოვა. მისი მეუღლე, პატარძლის დეიდა, მარია ფიოდოდრვნა, ახლაც იქ იყო და ჯერჯერობით სახლში წასვლაზე არც ფიქრობდა, აღელვებული, სიხარულისგან და კარგი ღვინისგან სახეალეწილი, სიყვარულით უყურებდა თავის აღზრდილი დისშვილის ბედნიერებას.

ეძგვერაძემ ღვეზელის ჭამა დაამთავრა, ქონიანი ქაღალდი დაჭმუჭნა და სანიაღვრისკენ მოისროლა, ქაღალდი რკინის ცხაურში ვერ გაეტია და იქვე გაგორდა.

ქუჩაზე ეტლი გამოჩნდა. ეძგვერაძე ბოძს ამოეფარა, ეტლში მჯდომები ვერ დაინახა, რადგან ჩარდახი გადმოხურული ჰქონდა და ბნელოდა.  ეტლმა ქუჩა ჩამოიარა, ჩერნოვის სახლს ჩასცდა, სვლა შეანელა და გაჩერდა. ეტლიდან მამაკაცი ჩამოხტა და ჩერნოვის სადარბაზო შესასვლელთან კარისკაცს მომცრო კონვერტი გადასცა, კარისკაცს რაღაც უთხრა, ეტლისკენ ხელი გაიშვირა და უკან წამოვიდა, ეძგვერაძე კედელს აეკრო და გაისუსა.

მამაკაცი ეტლს მიუახლოვდა.

-გადავეცი - უთხრა ეტლში ვიღაცას და ქუჩას ფეხით დაუყვა.

37.

მეეზოვე კამილ რაშოევს, უცბად გამოეღვიძა და გაახსენდა, რომ  დღეს დილით პოლიციის მესამე უბანში ყველა მეეზოვე შეკრიბეს და უბნის ოკოლოტოჩნიკმა ეფრემოვმა, სიტყვით მიმართა და საიდუმლოდ გააფრთხილა, რომ სხვა და სხვა რევოლუციური პარტიის წარმომადგენლები ებრძვიან ჩვენს  სახელმწიფოს და იმპერატორს და ბობმებს აფეთქებენ ჩვენი ქალაქის ქუჩებში. ყველა მეეზოვე მოვალეა იფხიზლოს და არა მარტო დღისით, ღამითაც არ მოხუჭოს თვალი და საეჭვო პირის დანახვაზე სასწრაფოდ აცნობოს ,,გარადავოის".  იმპერატორის სამსახური ყველას დაუფასდება და ის მეეზოვე, რომელიც თავს გამოიჩენს, პრემიის სახით, თვიურ  ჯამაგირზე, თხუთმეტი მანეთის დანამატს მიიღებს.

რაშოევმა ჯიხური დაკეტა, ეზოში მდგარ ხის პატარა ტუალეტში მოისაქმა, ქუჩაში გამოვიდა, ჭიშკართან გაჩერდა და გაიხედ-გამოიხედა.  უკვე დაღამებული იყო და ქუჩას ადგილ-ადგილ, მბჟუტავი ელექტრონათურები ანათებდა.

ქვემოდან რამდენიმე ცარიელმა ურემმა ამოიარა, კოჯრელი გლეხები იყვნენ, შეშა გაყიდეს და ახლა სახლში ბრუნდებოდნენ.  რაშოევმა თვალი გააყოლა და დაინახა ერთი ურემი, ისევ დატვირთული იყო.

-ჰეი - დაუძახა მეურმეს - პაჩომ დრავა?

-ხუთი მანეთი, ძია.

-რა ხუთი მანეთი, დავაი სამი მოგცე, შამაიტანე.

-არა, რა სამი, ორსაჟენნახევარი მაინც იქნება.

-ვააა, ეხლა უკვე ღამდება, შენ რა, უკან უნა აიტანო კოჯორში? აჰა სამი მანეთი მეთქი, სამი მანეთი კაი ფულია. ხო ხედამ, ვერ გაგიყიდნია.

-არა ძია, სამათ ვერ მოგცემ.

-მიეცი ნასყიდ - მოაძახა წინა ურმის პატრონმა - უკან ატანას გერჩივნოს.

-რა ვიცი აბა - ნასყიდამ ქუდი მოიხადა და კეფა მოიფხანა.

-მიე, კაცო! -ახლა სხვა გლეხებმა დაუძახეს - დროზე მიე, ძალიან არ დავაგვიანოთ.

-ჰო, ჯანი გავარდეს, მაიტა ფული - დათანხმდა ნასყიდა.

აჰა, ალალი იყოს - ჯიბიდან სამი მანეთი ამოიღო და ნასყიდას მიაწოდა, მერე ეზოში შეუძღვა - აი, აქ დაყაროს.

გლეხებმა შეშის შეზიდვა დაიწყეს. კამილი ჯიბეებში ხელებჩაწყობილი იდგა და ,,ხაზეინივით" უყურებდა.

უცებ მისი ყურადღება, ცარიელ ქუჩაზე მომავალმა, ევროპულად ჩაცმულმა მამაკაცმა მიიპყრო, მამაკაცი ლერმონტოვის ქუჩის მხრიდან  მოდიოდა,  ურმებს აუარა,  ბებუთოვის ქუჩაზე გავიდა, მიიხედ-მოიხედა და მარჯვნივ წავიდა.

კამილ რაშოევი თავის უბანში ყველას სახით სცნობდა, ეს კაცი კი პირველად დაინახა.

მალე ურემი სულ დაიცალა, გლეხებმა შეშა ეზოში მიალაგეს, რაშოევს დაემშვიდობნენ და გზა განაგრძეს. კამილმა თვალი გააყოლა, მერე შეშას კმაყოფილმა გახედა, მართალია ახლა შეშა არ სჭირდებოდა, მაგრამ იაფად იყიდა და თანაც პირდაპირ კარებზე მოუტანეს.

ქვემოდან ისევ ის მამაკაცი გამოჩნდა, ამან რაშოევი დააეჭვა.

,,ვა, ამან ეხლა არ გაიარა?” - გაიფიქრა, სასწრაფოდ ეზოში შევიდა და რკინის რიკულებიანი მესერიდან, ჩუმად გააყოლა თვალი.

მამაკაცმა ისევ მარჯვნივ გაუხვია.

რაშოევი ეზოდან გამოვიდა, ქუჩის კუთხემდე მიირბინა და მიმავალს გახედა.

მამაკაცმა რტიშევის ქუჩაზე შეუხვია და ისევ ლერმონტოვის ქუჩისკენ წავიდა.

კამილ რაშოევი შორიახლოს გაჰყვა.

მამაკაცი ლერმონტოვის ქუჩაზე გავიდა, მარჯვნივ გაუხვია და იქ დაბრუნდა, საიდანაც მოვიდა.

რაშოევს გული აუფანცქალდა, ეს ფაიზაღი ტერორიზტი იქნება, აბა მა რა კრუგებს ურტყამს, აკალატჩიკმა არა თქვა, ტერორიზტები ბომბები აფეთქებენო?

მამაკაცმა გზა განაგრძო, სერგიევსკის და განოვსკის ქუჩასაც გასცდა და ახლა ველიამინოვზე აუხვია.

რაშოევმა ფეხს აუჩქარა.

მამაკაცი ველიამინოვზე საცხობთან შეჩერდა. რაშოევი ხეს ამოეფარა. მამაკაცმა ღვეზელი იყიდა და გზა ჭამით განაგრძო. ბებუთოვის ქუჩაზე მარცხნივ გაუხვია და ჩერნოვის სახლის მოპირდაპირე მხარეს გაჩერდა.

კამილ რაშოევმა ცოტა ხანს უთვალთვალა და როცა დარწმუნდა, რომ უცნობი წასვლას აღარ აპირებდა, უკან მიბრუნდა და რაც შეეძლო ჩქარა გაიქცა, ქალაქის სათათბიროს გასცდა და ერევანსკის მოედანზე, ნაცნობ პოლიციელთან, ალმაზ ემინოვთან  მიირბინა.

-ალმაზჯან, წამო ჩქარა, იმპერატორის მტერი დავიჭირე - მიაძახა აქოშინებულმა.

-შენ რა, ისევ დათვერი? - შეუღრინა ემინოვმა.

-არა, ალმაზჯან, რა დათვერი, წამო ჩქარა, იქ არი.

-წადი თავი დამანებე, შენთვის არა მცალია!

-ვაა, კარქი რა ალმაზჯან, წამო ჩქარა, რამე არ ააფეთქოს!

-იცოდე, ტყუილა თუ წამიყვანე, გაროზგვა არ აგცდება!

-რა ტყუილა, ჩქარა წამო რა, თორე წავა!

ემინოვმა მეორე პოლიციელსაც მოუხმო და რაშოევს გაჰყვნენ.

-ხო იცი, პირველი მე დავინახე - ქაქანებდა გზაში რაშოევი - ალმაზჯან ხო იცი, ჩემი უბნის აკალატჩიკს უნდა უთხრა, რო რაშოევი კამილა, იმპერატორის ტერორიზტი დაიჭირა.

-კარგი, ნუ ყბედობ, ჯერ ვნახოთ ვინ არი.

-ვააა, ვინ არი, ვინ არი, ტერორიზტია ალმაზჯან, აი დავინახე თუ არა, მაშინვე, მეთქი კამილ, ის კასი ტერორიზტი არის!

-რას აკეთებს? - ჰკითხა ალმაზ ემინოვმა.

-რას აკეთებს, - რაშოევმა ალმაზ ემინოვს ისე შეხედა, თითქოს ეუბნება, აბა ეგ რა სისულელეს მეკითხებიო  - რას აკეთებს,  იქა დგა და პერაჟკი ჭამს!

-რაო?- გაჩერდა ემინოვი - პერაჟკის ჭამაზე დავიჭირო კაცი?

-ვააა, ალმაზჯან ვერ უნდა მიხდე, ჯერ პერაჟკი ჭამს, მერე ბომბი ისროლებს, აბა მშიერი როგორ ისროლებს ბომბი?

-ოხ კამილ, მოგკლავ რა, იცოდე შენ ჩაგაგდებ ციხეში - უთხრა გაბრაზებულმა ემინოვმა და  ფეხს აუჩქარა.

ორი წუთის შემდეგ კი, ბებუთოვის ქუჩას სირბილით გაუყვნენ.

38.

ფილიმონმა, ჩერნოვის სახლის ქვემოთ გაჩერებულ ეტლს, შორიახლოს ჩაუარა და შიგ მჯდომისკენ თვალი მალულად გააპარა.

ეტლში ქალი იჯდა, მაგრამ გადმოხურული ჩარდახის ჩრდილქვეშ, სახე ვერ გაარჩია.

ქუჩა გადაჭრა და რაც შეიძლებოდა ახლოს, სიბნელეში გაინაბა.

მალე ჩერნოვის სახლიდან, კოტე ნიჟარაძე გამოვიდა და ეტლს მიუახლოვდა.

-აქ რატომ მოხვედი, რა დროს მოსვლა იყო, გაგიჟდი? - კოტეს ხმაზე გაბრაზება ეტყობოდა.

-კოტე, რომ არ მენახე, გული გამისკდებოდა - მოისმა ეტლიდან ლიზა ავალიანის ხმა.

-ახლავე წადი აქედან, Aარვინ დაგინახოს და ამ დღეებში დამელოდე, მე თვითონ მოვალ - კოტემ უკან გაბრუნება დააპირა.

-კოტე! -დაუძახა ლიზამ და ეტლიდან ჩამოხტა - მოიცადე.

-წადი-მეთქი, ხვალ დამელოდე და გნახავ, - კოტემ, ჩერნოვის სახლის გაჩახჩახებული ფანჯრებისკენ, შეშინებულმა გაიხედა.

-კოტე, მაკოცე!

კოტე ლიზას ჩქარი ნაბიჯით მიუახლოვდა, ხელი ჩაავლო, ეტლის უკან უხეშად გაიყვანა და ვნებიანად აკოცა. ქუჩაში ფეხის ხმა გაისმა.

-ჩქარა, წადი - კოტემ ლიზა ეტლში ძალით ჩასვა და თვითონ სახლისკენ წავიდა.

ფილიმონი სამალავიდან გამოვიდა და სხვა ეტლის ძებნა დაიწყო, რომ ლიზას ასდევნებოდა.

უცებ მის წინ ემინოვის ზორბა ფიგურა ამოიზარდა.

- თქვენი საბუთები! - უთხრა ემინოვმა მბრძანებლური ტონით.

ფილიმონმა გაქცევა დააპირა და შემობრუნდა, მაგრამ მის წინ კიდევ ერთი პოლიციელი და კამილ რაშოევი იდგა.

ფილიმონმა გაურკვევლად ჩაიფრუტუნა, შემობრუნდა, პიჯაკის შიგნითა ჯიბიდან პასპორტი ამოიღო და ალმაზ ემინოვს გაუწოდა.

39.

ფილერი ფილიმონ ეძგვერაძე ტფილისის პოლიციის მესამე განყოფილებაში,  რკინის გალიაში იჯდა და ძალიან ნერვიულობდა.  არაფერმა არ გაჭრა, არც ხვეწნამ და არც საიდუმლო პოლიციის ხსენებამ.

-ერთხელ მაინც დამარეკინეთ! - ფილიმონი წამოდგა და რკინის ცხაურს მოადგა.

სქელმა მორიგე პოლიციელმა გულგრილად შეხედა, მერე მაგიდაზე გაზეთი გაშალა, უჯრიდან ქაღალდში გახვეული პური, ყველი და მწვანე ხახვი ამოიღო და გაზეთზე დაალაგა.

-ჩემი დაკავებით თქვენ, საიდუმლო ოპერაცია ჩაშალეთ!

მორიგემ ისევ შეხედა, ხახვი დაახვია და დიდი ულვაშით დამშვენებულ პირში ჩაიტენა.

-თქვენ ამაზე პასუხს გაგებინებთ!

-დამაცდი ჭამას თუ პადვალში ჩაგაგდო? - ჰკითხა მორიგემ აუღელვებლად და  ყველიც მიაყოლა.

-ერთი დამარეკინეთ,  ჩემ შეფს დაველაპარაკები - ხვეწნაზე გადავიდა ფილიმონი.

-ვა, შენი შეფი ვინ არი?

-საიდუმლო პოლიციის უფროსი, პოლკოვნიკია.

-საიდუმლო პოლიციის უფროსიო, პოლკოვნიკიო - მორიგემ გვერდულად გაიცინა, კბილებზე ხახვის ნარჩენები ჰქონდა მიკრული - მისი საიმპერატორო უდიდებულესობის, კავკასიის მთავარმართებლის კანცელარიის უფროსთან არ გინდა დაგარეკინო?

-აი დამარეკინე და ნახავ თუ არა.

-კარგი, დარეკე, მოდი!  - მორიგე უცბად გაბრაზებული წამოდგა, კლიტე გახსნა და კარებში ისე ჩადგა, რომ ფილიმონი მის ღიპსა და ჩარჩოს შორის ძლივს გამოეტია - დარეკე და, თუ მატყუებ...

-არ გატყუებთ - ეძგვერაძემ ტელეფონთან მიირბინა, ყურმილი აიღო და ჩასძახა: - სამი, ოცდასამი.

ტელეფონზე პასუხის მომლოდინე ფილიმონს, მორიგე ახლოს დაუდგა, ღიპი თითქმის მიაბჯინა და მიაშტერდა.

-ვა, ცოტა იქით გაიწიეთ, თუ შეიძლება! - ფილიმონმა ყურმილი ყურზე  მაგრად მიიჭირა და თვალების ცეცება დაიწყო. ზარზე არავინ პასუხობდა.

-ჰა, რაო საიდუმლო პოლიციის შეფმა?  - ხახვის ოხშივარი მიასუნთქა მორიგემ.

- არ პასუხობს - დაიბნა ეძგვერაძე.

-არ პასუხობს არა?

- რატომღაც ჯერ არ პასუხობს - ახლა გაღიმება სცადა ფილიმონმა.

- რატომღაც არ პასუხობს არა, რატომღაც ჯერ არ პასუხობს არა? - მორიგემ ყურმილი გამოართვა, ტელეფონზე ჩამოკიდა, მერე ქეჩოში ხელი ჩაავლო და გალიაში ისეთი ძალით შეაგდო, რომ ფილიმონმა თავი ვეღარ შეიკავა და კედელს დაეჯახა - ვინ უნდა გიპასუხოს შე სომხური ბაზრის მასხარა! ე მანდ ეგდე და დილამდე შენი ხმა აღარ გავიგონო!

მორიგემ კლიტე ჩაკეტა, მაგიდას მიუბრუნდა და ჭამა ძალიან წყნარად და მადიანად გააგრძელა.

ფილიმონმა პიჯაკის საყელო აიწია და ბედს შეგუებული, გრძელ, ფიცრის სკამზე, ნაცემი ძაღლივით მოიკუნტა.

40.

კოტე რამდენიმე დღეა როსტომის ნახვას ცდილობდა, როგორღაც ხმა მიაწვდინა და ჯვრისწერიდან მესამე დღეს, ბარათი მიიღო, როსტომი საღამოს ცხრა საათის შემდეგ, კარპეზას საბილიარდოში  შეხვედრას  უნიშნავდა.

კოტეს არ უნდოდა იქ მისვლა, მისი დღევანდელი სოციალური მდგომარეობის კაცს იქ შესვლა აღარ ეკადრებოდა, მაგრამ ძველი ,,პადელნიკის” წყენინებას მოერიდა და შეხვედრაზე წავიდა.

ქოსა კარპეზას საბილიარდო მთელ კავკასიაში იცოდნენ, წელიწადისა და დღე-ღამის ნებისმიერ დროს სავსე იყო გაურკვეველი ეროვნების, საქმიანობისა და ყოფაქცევის ხალხით. კარპეზა გადასახადებს პატიოსნად იხდიდა, ამას გარდა ყოველ პარასკევ საღამოს, პოლიციის უბანში თეთრი კონვერტით  ფულიც ჩაჰქონდა და მუშაობდა თავისთვის წყნარად ქოსა კარპეზა და მის საბილიარდოში შესვლა, ყველასთვის უსაფრთხო იყო.

კოტემ გრაფის ქუჩიდან პატარა ჩიხში შეუხვია და ღრმა კიბით ქვევით  ჩავიდა.  სარდაფში ნახევრად ბნელოდა და ჰაერი თამბაქოს კვამლით იყო გაბუღული.  მხოლოდ ბილიარდის მაგიდების თავზე და დახლთან ენთო ნათურები.

კოტესთვის ყურადღება არავის მიუქცევია, რადგან რამდენიმე ოფიცერი სანაძლეოზე თამაშობდა, დანარჩენები კი ინტერესით ადვნებდნენ თვალს.

-კარპეზ - დაუძახა კოტემ.

მაყურებლებს ერთი დაბალი, მსუქანი ქალის აღნაგობის ქოსა კაცი  გამოეყო და კოტესკენ გაბადრული სახით წამოვიდა.

-ვაჰ, ვინც მოვიდა გაუმარჯოს, როგორა ბრძანდები, კოტეს  ვენაცვალე?!

-სად არის - კოტემ კარპეზას სიხარულს ყურადღება არ მიაქცია - მოსულია?

-მოსულია, მაშ როგორ, შიგნით გელოდება.

კარპეზა გაიქცა და კარები გააღო. კოტე უკანა ოთახში შევიდა.

როსტომი წამოდგა და შეეგება, მთვრალი იყო, კოტეს ეს არ ესიამოვნა.

-ვაააა,  როგორა ხარ კოტე, - როსტომმა ძალიან შინაურულად გაუწოდა ხელი - გავიგე ცოლი მოგიყვანია, მოგილოცო?

-ჰო, მოვიყვანე - ცივად უპასუხა კოტემ და ხელი არ ჩამოართვა, ისე დაურტყა.

-ესე იგი, ხალხს ფაიზაღი ულაპარაკია - როსტომს ღიმილი სახეზე შეაცივდა, შეეტყო, რომ კოტეს მისალმება არ მოეწონა.

-რა ულაპარაკია ხალხს? - კოტე დაიძაბა.

-რაო და კოტე ნიჟარაძე იმპერატორს დაუმოყვრდაო - დაცინვით თქვა როსტომმა და ხმამაღლა დაასლოკინა.

კოტემ არაფერი უპასუხა.

-ჰა, როგორია იმპერატორის სიძეობა, კაი ქონება მოაყოლეს?

-შენ ზედმეტებში ნუ გადადიხარ.

-ჰა, რა იყო, ხო არ გეწყინა? - როსტომმა ცალყბად გაიღიმა.

- მე სალაყბოდ არ მოვსულვარ  - კოტე მაგიდას მიუჯდა - დაჯექი, ბევრი დრო არა მაქვს.

-კარგი, არც ჩვენა ვართ მოცლილები - როსტომი დაიბოღმა მაგრამ უხმოდ დაჯდა, კოტესგან ასეთ შეხვედრას არ მოელოდა - აბა მაშ თქვი, რა გინდოდა, რატომ მეძებდი?

-ქალაქიდან უნდა წახვიდე.

-ვინ უნდა წავიდეს, მე უნდა წავიდე?

-ჰო, შენ უნდა წახვიდე.

-მაიცა, ეგ საქმე ერთათ გავაკეთეთ და ბოლომდე ერთათ ვიქნებით!

-საქმე უკვე დამთავრებულია და ეხლა შენ შენთვის, მე ჩემთვის - კოტემ თვალებში შეხედა - რა,  რამე ვალი ხო არ დამრჩა შენი?

-არა, რა ვალი, როსტომის ვალი არავის შერჩენია - ჩაიცინა როსტომმა - ხო იცი, არც მე შევირჩენ და არც სხვას შევარჩენ.

-როსტომ ნუ გწყინს, ახლა ასეა საჭირო დამიჯერე - კოტემ პაუზა გააკეთა, დააცადა როსტომს, რომ დაშოშმინებულიყო - ქალაქიდან უნდა წახვიდე მეთქი.

-სად უნდა წავიდე?- როსტომი უფრო აიმრიზა.

-არ ვიცი სადმე, ცოტა ხნით უნდა დაიმალო, გინდა ირანში გადადი, გინდა ოსმალეთში და გინდა რუსეთში წადი - კოტემაც ვეღარ მოითმინა და თანდათან ხმას აუწია - დაგიჭერენ.

-როსტომ ხუციშვილი არავის არ ემალება - რაღაცნაირად ბოღმით წარმოთქვა - დამიჭერენ და დამიჭირონ, არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი, შენ რისი გეშინია, ხო იცი, სიტყვა არ დამცდება.

-არა, მე სულ არ მეშინია, შენ დაგიჭერენ, მე ხმას ვერავინ გამცემს, ეხლა არა თქვი, იმპერატორს დაუმოყვრდაო.

-ფეხებზე მკიდია, სადაც წვრილია იქ გაწყდეს!

-როსტომ, ახლა ამის დრო არ არის - კოტემ პაუზა გააკეთა - კედია ხო იცი?

-კედია ვინ არ იცის.

-ჰოდა კედია იძიებს ამ საქმეს.

-ცოტა რო გადავუგდოთ?

-ვის, კედიას? – ჩაიცინა კოტემ.

-ჰო კედიას, იმას რა ჭამა არ უნდა?

-მე მეგონა მართლა იცნობდი, კედია არ იყიდება.

-ყველა იყიდება ჩემო კოტე, ყველა - როსტომმა გაშლილი ხელის გულები მაგიდაზე დააწყო, წინ გადაიხარა, კისერი გველივით წაიგრძელა და ჩურჩულით უთხრა: - ხო ხედავ, შენც გაიყიდე.

კოტეს მთელი ნებისყოფის დაძაბვა დასჭირდა, თავი რომ შეეკავებინა.

-როსტომ,  მე ჩემი მხრიდან ეს საქმე დროებით შევაჩერე, კედია ჩამოვაშორებინე ძიებას, მხოლოდ დროებით, დღეს ეს შემიძლია, ხვალ კაცმა არ იცის რა მოხდება და ვინ ვისი მოყვარე იქნება - პაუზა გააკეთა და დაამატა: - და ვინ გაიყიდება და ვინ არა.

-მე ვიცი ჩემი საქმისა.

-როგორც გინდა,  მე მეტს აღარ გაგიმეორებ - კოტე წამოდგა - მაინც გირჩევ, დროზე წახვიდე აქედან, თუ ფული გეცოტავა დაგიმატებ, ეს არის ჩემი ბოლო სიტყვა.

-ფულს დამიმატებ? - როსტომი სკამის საზურგეზე თავხედურად გადაწვა - შენ უნდა დამიმატო მე ფული?

-ჰო, რამდენი გინდა?

-შენ უნდა მომცე ფული მე, როსტომ ხუციშვილს?

-მე ჩემი გითხარი, ახლა შენ იცი.

-ძალიან ბევრს ხო არ იღებ შენ თავზე, იუზგარ? - როსტომმა კოტეს მოჭუტული თვალებით შეხედა - როსტომ ხუციშვილს არც აქამდე უცხოვრია შენი სიტყვით და არც ეხლა აპირებს გაიგე,  ფეხებზე მკიდია ვის დაუმოყვრდი, ვისი სიძე ხარ, ვისი კაბის ქვეშ და ვის ნიფხავში იმალები!

კოტეს სახე აელეწა, მაგიდას ხელებით დაეყრდნო, ერთ წამში ზედ გადაევლო, როსტომს მკერდში ორივე ფეხით დაეჯახა, სკამიანად გადააყირავა და ზემოდან  მოექცა.

-გაიმეორე რა თქვი, გაიმეორე მეთქი! - მთელი ხმით უყვიროდა და აჯანჯღარებდა - მოგკლავ, აქვე გაგათავებ შე არაკაცო!

კარი გაიღო და კარპეზამ შემოყო თავი, მისი ზურგიდან  სხვებიც იყურებოდნენ.

-რა ამბავია, როსტომს ვენაცვალე? - დაიძახა კარპეზამ.

-დახურე კარები! - დაიღრიალა კოტემ და კარპეზა ერთ წამში გაქრა.

ამ ნჯღრევაში, მთვრალ როსტომს გული აერია, კოტემ ხელი ზიზღით  გაუშვა და წამოდგა, როსტომი იატაკზე ეგდო, იგრიხებოდა და აღებინებდა.

კოტე საბილიარდო დარბაზში გამოვიდა, კარპეზამაც და სხვებმაც, ვითომ არაფერი მომხდარიყოს, თვალი მოარიდეს, კოტემ იქვე მაგიდიდან ხელსახოცი აიღო, ხელიდან ნარწყევი გაიწმინდა, კიბე აიარა, ქუჩაში გავიდა, ფაეტონი გააჩერა და წავიდა.

საიდანღაც ფილიმონ ეძგვერაძე გამოძვრა და ეტლის ძებნა დაიწყო, რომ კოტეს დასდევნებოდა, ამ დროს საბილიარდოდან ხმაური და გინება მოისმა, კიბეები როსტომმა ამოირბინა, მკერდი სულმთლად ნაღებინებელით ჰქონდა ჩამოწუწული, ხელში ნაგანი ეჭირდა და იგინებოდა, უკან კარპეზა და ერთი მოხატულ-მოპრანჭული ქალი მოსდევდა.

კარპეზა და ქალი როსტომის დაწყნარებას ცდილობდნენ მაგრამ არაფერი გამოსდიოდათ, როსტომმა ფილიმონი დაინახა, მიეჭრა და ყვირილი დაუწყო.

-საით წავიდა?

-ვინ ბატონო? - გამოიშტერა თავი ეძგვერაძემ.

-აქედან რო გამოვიდა ეხლა, საით წავიდა მეთქი! - მთელი ხმით ღრიალებდა როსტომი და ნაგანს უაზროდ იქნევდა.

-ააა, ეტლი გააჩერა და წავიდა, ჩემო  ბატონო.

-ჰოდა, საით წავიდა მეთქი - ამ დროს მოახლოებული ფაეტონი დაინახა, წინ გადაუდგა, შიგ მჯდომი ხნიერი ცოლ-ქმარი დაბლა გადმოყარა, ფილიმონს საყელოში ხელი ჩაავლო და ეტლში ძალით ჩასვა - წამოდი და ის ეტლი დამანახე საით წავიდა.

-მე რა ვიცი ბატონო - გააპროტესტა ფილიმონმა მაგრამ მიხვდა, რომ წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა და ბედს შეეგუა - ზევით წავიდა, ბატონო.

ფაეტონი აღმართს აუყვა, ბევრი ეძებეს მაგრამ ის ეტლი ვეღარ იპოვეს, ამასობაში როსტომს სიბრაზემ ცოტა გადაურა, ჰაერზე ღვინო უფრო მოეკიდა და ფილიმონს ამღვრეული თვალებით შეხედა.

-შეგაშინე არა?

-არა ბატონო, როგორ გეკადრებათ! - სწრაფად უპასუხა ფილიმონმა - ჩემი შეშინება ადვილი არ არის.

-კაი კაცი ჩანხარ შენ, ხო იცი - ნაგანი ქამარში გაირჭო და ხელი გაუწოდა - როსტომ ხუციშვილი.

-ფილიმონ ეძგვერძე ბატონო -  ფილომონმა მარჯვენა ხელი ჩამოართვა, მარცხენათი  ქუდი ოდნავ წამოიხადა.

როსტომს ეს ესიამოვნა.

-ფილომონ, ეხლა მე და შენ კარგა ხოშიანად უნდა ვიქეიფოთ - და მეეტლეს შესძახა - ჰეი, აბა წავედით ნიკალაევსკიზე!

-არ შემიძლია ბატონო, დიდი მადლობელი გახლავართ - ფილიმონმა ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოიღო, შეუმჩნევლად, როსტომის ნარწყევით დასვრილი ხელი გაიწმინდა და დაყნოსა, უსიამოვნო მჟავე სუნი ასდიოდა.

-ფილიმონ, ხმა არ გამაგონო, დამკარგავ იცოდე! - წამოიძახა როსტომმა და ზურგზე მთელი ძალით დაუტყაპუნა.

შუაღამეს კარგად გადაცილებული იყო,  როცა ხელგადახვეულებმა, ახლად დამეგობრებულებმა, მკვლელმა და ყაჩაღმა, როსტომ ხუციშვილმა და სამძებრო პოლიციის საიდუმლო აგენტმა, ფილომონ ეძგვერაძემ, რესტორან ,,ვენეციის” კიბე ბარბაცით ჩამოიარეს.

-ჩემო როსტომ - გაუთავებლად იმეორებდა გალეშილი ფილიმონი და როსტომის ნაგანს აქეთ-იქით იქნევდა  - დღეის შემდეგ ვინც შენ გაწყეინებს, ჩემი ხელით მოვკლავ, წამოდი ეხლავე წავიდეთ და ვიპოვოთ,  შუბლი უნდა გავუხვრიტო!

-არა, ჩემო ფილიმონ, შენ არა!

-როსტომ! შენი ხმა არ გავიგონო! - ფილიმონმა მარცხენა ხელის საჩვენებელი თითი ზევით აღაპყრო და ცრემლნარევი ხმით უთხრა: - დამკარგავ, იცოდე!

-კარგი, ოღონდ დღეს არა ჩემო ძმაო, დღეს ქეიფის გუნებაზედ ვარ! - როსტომმა ფილიმონი ლოყებში ჩაბღუჯა და მაგრად აკოცა, მერე ხელი გადახვია და ამით გადარჩა წაქცევას - იმას ხვალ გავუხვრიტოთ შუბლი!

-ოღონდ იცოდე, მე უნდა გავუხვრიტო! - გაუმეორა ფილიმონმა.

 

-კარგი, შენ გაუხვრიტე - უთხრა როსტომმა და მომავალ ეტლს ხელი დაუქნია -  ჰეი, იზვოზჩიკ! ჩემო ფილიმონ, ეხლა ჩემთან უნდა წავიდეთ და შამპანიური გადავივლოთ!

- წავიდეთ და გადავივლოთ! - უთხრა ფილიმონმა.

მერე წვალებითა და  ერთმანეთის ვითომ დახმარებით, ძლივს აფოფხდნენ ფაეტონში.

41.

-ფილიმონ, ფილიმონ გაიღვიძე - ჩაესმა ძილში საიდულმლო აგენტს, თვალები წვალებით გაახილა, ირგვლივ ყველაფერი ტრიალებდა, ვიღაც თავზე დასდგომოდა და ანჯღრევდა.

-გაიღვიძე ფილიმონ, აბელი ვარ!

ფილიმონმა დაბინდული თვალებით და გონებით ძლივს აღიქვა იპოდრომის სასტუმროს უფროსის, აბელ ბიბიაშვილის სახე.

-სადა ვარ?

-აქა ხარ, ჩემ სასტუმროში ფილიმონ, აჰა დალიე ცოტას გიშველის - აბელმა დიდი ჭიქით კონიაკი მიაწოდა.

-უჰ, არ შემიძლია - დაიჯღანა ფილიმონი და თავი გვერდზე გასწია.

-დალიე მეთქი, დალიე, გამოგაკეთებს - აბელმა ჭიქა ძალით მიაჩეჩა, ფილიმონმა მოიყუდა და ოდნავ  მოსვა - ბოლომდე - ხელი მიაშველა აბელმა და ჭიქა მთლიანად გამოაცლევინა.

ფილიმონს ერთი გააკანკალა და სხეულში სითბო ჩაეღვარა, მერე წუხანდელი ღამე გაახსენდა და აბელს შეშინებულმა შეხედა.

-ვაი, აქ იმან მომიყვანა?

-იმან მოგიყვანა და სანამ გაუღვიძია და გაუგია ვინცა ხარ, ჯობია აქედან გაიპარო, წუხელ ისეთი მთვრალი იყო, დღეს აღარაფერი ეხსომება.

ფილიმონმა წამოხტომა სცადა, მაგრამ თავბრუ დაეხვა და წვალებით წამოდგა.

-მართალი ხარ, ჩემო აბელ - სასწრაფოდ ჩაიცვა, ტუალეტში შესვლაც ძალიან უნდოდა, მაგრამ დროის დაკარგვის შეეშინდა - წავედი და აბა შენ იცი, არაფერი წამოგცდეს ჩემზე, არ მიცნობ, არ გიცნობ.

-სამარე ვარ, ხო იცი, ფილიმონ!

აბელმა ფილიმონი კიბეზე ჩამოაცილა და დაემშვიდობა. ქუჩაში გასულმა ფილიმონმა უკან მოიხედა.

-აბელ, შენი იმედი მაქვს - ხმადაბლა უთხრა ფილიმონმა.

-სამარე ვარ მეთქი ფილიმონ, სამარე - თავი უკან გადასწია და ორივე ხელისგული დაანახა აბელმა.

ფილიმონმა სახლამდე ძლივს მიასწრო, შარდის ბუშტი რომ არ გახეთქოდა, პირდაპირ ტუალეტში შევარდა, მერე გამოვიდა, მაგიდასთან დაჯდა, ფურცელი აიღო და აკანკალებული ხელით კალამი სამელნეში ჩააწო. ,,თვალ-თვალის ფურცელი”  ჰქონდა დასაწერი, მაგრამ ერთი ასოც ვერ გამოიყვანა, კალამი სამელნეში ჩადო და პირდაპირ მაგიდაზე ჩამოეძინა.

42.

როსტომს მთელი დღე ეძინა, უკვე საღამოვდებოდა როცა გამოეღვიძა, მაგრამ ისევ მთვრალივით იყო, წუხანდელი ღამიდან მხოლოდ კოტესთან ჩხუბი ახსოვდა, დანარჩენი ბუნდოვნად ჩარჩა გონებაში, ვიღაცასთან ერთად ქეიფი რომ დაიწყო ახსოვდა, როგორ დაამთავრა - არა.

გაუხდელად იწვა, ადგომა არც უცდია, აკანკალებული ხელით პიჯაკის ჯიბიდან პაპიროსის კოლოფი ამოიღო, ერთ ცალს მოუკიდა, კოლოფი კი პირდაპირ იატაკზე დააგდო.

ნიკოტინმა კიდე უფრო დაახვია თავბრუ, მაგრამ მაინც ბოლომდე  ხარბად მოწია და საწოლზე ნელა წამოჯდა. ტანსაცმელი გაიხადა, პირდაპირ იატაკზე დაყარა და სააბაზანოში შევიდა, ცხელი წყალი არც ჩაურთია, პირდაპირ ცივი გადაივლო, კარადიდან სუფთა ტანსაცმელი გამოიღო და ჩაიცვა.

ქვევით, ფოიეში  ჩასულს, აბელ ბიბიაშვილი შეეგება.

-როგორ დაისვენეთ როსტომ ბატონო? - მლიქვნელურად აედევნა აბელი.

-აბელ, რომელ საათზე მოვედი?

-თენდებოდა უკვე როცა მობრძანდით, როსტომ ბატონო.

-მარტო ვიყავი?

-მეგობარი გახლდათ, ბატონო.

-რომელი მეგობარი?

-გაფრთხილება მინდოდა თქვენი როსტომ ბატონო, იმიტომ გელოდებით აქ - ხმას დაუწია აბელმა.

-რაო, გაფრთხილებაო?

-დიახ როსტომ ბატონო - აბელმა იდაყვზე ფრთხილად მოჰკიდა ხელი - აქეთ მობრძანდით თუ შეიძლება, ჩემ კაბინეტში.

აბელი როსტომს პატარა ოთახში შეუძღვა.

-არც ვიცი როგორ გითხრათ ბატონო როსტომ - აბელმა ყოყმანი დაიწყო - რა ვიცი, მეგობარია თქვენი და...

-ნუ იპრანჭები და თქვი, რისი თქმაც გინდა, რა მეგობარი, არც მახსოვს ვინ იყო.

- ფილიმონი იყო ეძგვერაძე.

-ფილიმონ ეძგვერაძე? - როსტომს ამ სახელმა არაფერი უთხრა - ვინ ოხერია?

-გეტყობოდათ, რომ არ იცნობდით ბატონო, კი გამიკვირდა ერთად რომ დაგინახეთ და მეგობარიაო, რომ იძახოდით.

-ვინ არის მეთქი?

-ძალიან ცუდი კაცია ბატონო როსტომ, არ მიწყინოთ.

-რა ფეხებს მომჭამს, ვინც უნდა იყოს.

-პოლიციის აგენტია, როსტომ ბატონო, ფილერი!

-რა თქვი? - როსტომს უცებ გაუარა ბახუსმა - პოლიციელი, არ გეშლება?

-არა როსტომ ბატონო, პოლიციელი არა, აგენტია, ფილერია - აბელმა პირჯვარი გადაიწერა - არ მეშლება, შვილებს გეფიცებით!

- სად ცხოვრობს?

- ეგ არ ვიცი როსტომ ბატონო.

-მაშ ფილერია - როსტომს თვალი გაუშტერდა, მერე თითქოს გამოერკვა - კარგი, ამაზე კრინტი არ დაგცდეს.

-სამარე ვარ, როსტომ ბატონო! - ბიბიაშვილმა თვალები დააჭყიტა და ორივე ხელი ტუჩებზე მიიდო.

როსტომს აღარაფერი უთქვამს, გარეთ გავიდა და ქუჩას ფეხით გაუყვა. მაშ პოლიციის აგენტთან ერთად უქეიფია, ეს რომ გახმაურდეს, მის ავტორიტეტს დიდი ჩრდილი მიადგება.

დიდუბის ბაღებს ჩაუარა, შერემეტიევის ქუჩაზე, აღაპიშვილის სადალაქოში პირი გაიპარსა, სახეზე მისხურებულმა ოდეკოლონმა კანი აუწვა და თითქოს ოდნავ გამოაფხიზლა კიდეც, უყვარდა როსტომს ნაბახუსევზე პირის გაპარსვა. გარეთ გამოვიდა და იქვე ფაეტონი გააჩერა.

43.

სამი საათი, კედელზე ერთ წერტილს უაზროდ მიშტერებული იჯდა,  ვერც შეამჩნია როგორ ჩამობნელდა, მერე რაღაცამ შეაწუხა, ჯერ ვერ მიხვდა რა იყო, ბოლოს გამოერკვა, კარზე აკაკუნებდნენ. წამოდგა და სანამ კარს გააღებდა სინათლე აანთო, კედლის საათის ისრები, საღამოს ცხრის ნახევარს უჩვენებდა.

არც უკითხავს ვინ იყო, კარი ისე გააღო, მისთვის ახლა ყველაფერი სულერთი გახდა.

კარებში როსტომ ხუციშვილი იდგა.

ლიზა უაზროდ უყურებდა.

-შეიძლება შემოვიდე?

ლიზამ არ უპასუხა, ოთახისკენ შეტრიალდა და წავიდა. როსტომმა კარი დახურა და უკან გაჰყა.

-რატომ მოხვედი? - ლიზა ფანჯრის რაფას მიეყრდნო.

-რა შეხვედრაა, სკამი მაინც შემომთავაზე.

-რა შეხვედრას ელოდი - ლიზა მაგიდასთან მივიდა, ხის კოლოფს ახადა, პაპიროსი ამოიღო, მოუკიდა, ბოლი გამოუშვა და ისევ ფანჯრის რაფას მიეყრდნო - მე შენთვის არ დამიძახია.

-კოტემ ცოლი რომ მოიყვანა, ალბათ იცი - როსტომმა სკამი ფეხით გამოწია და დაჯდა.

-ვიცი.

ერთ წუთს უხმოდ უყურებდნენ ერთმანეთს.

-ქორწილიც ჰქონდა.

-მაგის სათქმელად მოხვედი?

-ასე ნუ მელაპარაკები ლიზა, შენგან არ ვიმსახურებ.

-რატომ მოხვედი მეთქი?

-ჩვენ ორივე მოტყუებული ვართ.

-ვინ ჩვენ, - ჰკითხა ლიზამ - მე და შენ?

-ჰო, მე და შენ. რა, არა?

-დავუშვათ ვართ, მერე?

-რა მერე, ვაპატიოთ და შევარჩინოთ?

-რას მთავაზობ?

-ფული რამდენი იყო?

-მისმინე როსტომ, შენ მიიღე რასაც კოტე დაგპირდ

-იქ დიდი ფული იყო!

-იქ რა იყო, ეგ შენ არ გეხება, შენ რასაც შეგპირდა, იმაზე მეტი ხომ მოგცა?

-ლიზა გაიგე, იქ ძალიან დიდი ფული იყო, მე რომ თავიდან მცოდნოდა, ათჯერ მეტს მოვთხოვდი.

-ახლა ამაზე ლაპარაკი არასწორია როსტომ, ეს ძალიან კარაგად იცი.

-არც ის იყო სწორი, ნამდვილი თანხა რომ დაგვიმალა!

-არაფერი დაუმალავს, შენთვის არც უნდა ეთქვა, შენთან რა მოილაპარაკებაც ჰქონდა, ის შეასრულა!

-გასაგებია, შენ ის ისევ გიყვარს.

-არ მიყვარს! - ლიზამ პაპიროსის ნამწვი გაღიზიანებულმა ჩააქრო, მაგიდას ჩქარი ნაბიჯით მიუახლოვდა, ახალი აიღო და მოუკიდა - ახლა წადი როსტომ.

-გგონია დაგიბრუნდება? - როსტომმა ხმამაღლა გაიცინა - ძალიან ცდები!

-მე არაფერი მგონია, წადი მეთქი!

-ვერ გამიგია რით მოგხიბლა ასე - როსტომმა ოთახს თვალი მოავლო - დასალევი გექნება რამე, თავი მისკდება.

-შენ რა, აქ დასალევად მოხვედი?

-დასალევადაც... - როსტომი წამოდგა, ბუფეტის კარი დაუკითხავად გამოაღო, ბროლის პატარა გრაფინი,  და ასეთივე ჭიქა გამოიღო.

-დაანებე მაგას თავი!

-ეს რა არის, კონიაკი?- როსტომმა ლიზას ყური არ დაუგდო,  გრაფინს სახურავი მოხადა და დაყნოსა - უჰ, კარგია, მოდი ცოტა დავლიოთ და კოტეც დავივიწყოთ.

-მე კოტე უკვე დავიწყებული მყავს.

-ჰო, გეტყობა, - როსტომმა ჭიქები შეავსო - მაგრამ მაინც დავლიოთ.

-როსტომ წადი-მეთქი, უკვე გვიანია და მეძინება, უნდა დავწვე.

-მერე, მარტო უნდა დაწვე? - როსტომმა კონიაკი არაყივით გადაჰკრა და ისევ შეავსო.

-ახლავე გაეთრიე აქედან! - ამოისისინა ლიზამ.

- ლიზიკო, მისმინე, იმას უკვე ცოლი ყავს...

- წაეთრიე მეთქი!

როსტომმა მეორე ჭიქაც გამოსცალა და ნელი ნაბიჯით ლიზასკენ გაემართა

-წადი მეთქი! - ლიზამ უკან დახევა დაიწყო

-და რომ არ წავიდე, რას იზამ, კოტეს ეტყვი?

-ახლოს არ მოხვიდე!

-რატომ, კოტეზე ნაკლები ვარ? - როსტომი ახლოს მივიდა და უცბად ხელები მოხვია - იქნებ სხვაც გაგესინჯა?

-გამიშვი! - ლიზამ გაიბრძოლა, როსტომმა კოცნა დაუპირა, პირიდან  წუხანდელი ნალოთავები სუნი ამოსდიოდა, ლიზა სახეს არიდებდა, როსტომი სულ გადაირია, ლიზა მიხვდა, რომ ვერ მოერეოდა და ახალ გაპარსულ, ოდეკოლონით გაჟღენთილ ლოყაზე, ანთებული სიგარეტი მიაჭირა.

როსტომმა დაიყვირა, ლიზას გაუშვა ხელი და ლოყაზე იტაცა, ლიზამ დრო იხელთა, წამში კომოდთან მივარდა და უჯრიდან პატარა ბრაუნინგი ამოიღო.

როსტომი გაცოფებული შემობრუნდა და ლიზასკენ წავიდა, ბრაუნინგისთვის ყურადღებაც არ მიუქცევია.

-არ მომეკარო!

-რა, მესვრი?

-გესვრი!

-მესროლე! - დაიყვირა და წინ წავიდა.

ლიზამ ისროლა, როსტომის უკან კედელს, ბათქაში ასცვივდა. როსტომი ადგილზე გაშეშდა.

ლიზას ბრაუნინგი ხელში მტკიცედ ეჭირა.

-ლიზა!

-წაეთრიე აქედან! - წყნარად თქვა ლიზამ და იარაღი პირდაპირ მუცელში დაუმიზნა - ხომ იცი, არ აგაცდენ!

როსტომმა თავი გადააქნია და ჩაიცინა, ლოყიდან ხელი ჩამოიღო, ტუჩის მარცხენა მხარეს, სიგარეტისგან ყავისფრად, ღრმა ამომწვარი ეტყობოდა. კარებისკენ წავიდა, გზაში რაღაც მუქარის მსგავსი ჩაიბურტყნა, სკამს ფეხი გაჰკრა, გადააბრაუნა და გავიდა!

ლიზამ იარაღი დაუშვა, აკანკალებული ხელი შუბლზე გადაისვა, კართან მივიდა და ჩაკეტა.

44.

-კარგი ფილიმონ, კარგი -კედიამ ბევრი იცინა ფილიმონისა და როსტომის ღამის თავგადასავალზე - ძალიან კი გამართე.

-დიახ, ბატონო ზურაბ, არ ვიცი რა ბედი მაქვს, რა! ჯერ იყო და ის მეეზოვე გადამეკიდა, რაშოევი, - კედიას სიცილმა ცოტა გაათამამა ფილიმონი - სანამ არ დააჭერინა ცემი თავი არ მომეშვა, ძალიან ფხიზელი მეეზოვე გამოდგა, უბანში ჭიანჭველასაც კი ვერ გაუვლია იმის ნებართვის გარეშე. ეხლაა და ამ როსტომმა მაინც და მაინც ჩემთან მოინდომა დალევა.

-ეხლა დროებით თავი დაანებე როსტომს, შენგან მისი თვალთვალი აღარ გამოვა, შენთვის სხვა დავალება მაქვს.

-დიახ ბატონო ზურაბ, მეც ეს მინდოდა მეთხოვა.

-რაც მოყევი,  დაწვრილებით  დამიწერე და ლიპგარდს უთხარი, რომ ხუციშვილის თვალთვალი გადაიბაროს.

 

45.

ტატიანა ძალიან ბედნიერი იყო, მალე დაფეხმძიმდა, მუცელი ოდნავ უკვე დაეტყო და მოუხდა კიდეც.  კოტე მთელ დღეს საკუთარ სავაჭრო სახლში, ან კავკასიის სააქციონერო ბირჟაზე  ატარებდა, სახლში გვიან ბრუნდებოდა.  დილაობით სახლიდან გასულს, ტატიანა მოუთმენლად ელოდებოდა და მერე, გვიან დაბრუნებლს, მთელი დღის ამბებს, სხაპასხუპით უყვებოდა.  კოტე უხმოდ უსმენდა, უღიმოდა, შიგა და შიგ სიტყვასაც ჩაურთავდა, მაგრამ სულ ლიზაზე ფიქრობდა.

ხშირად თეატრში ან ახლობლებთან  დადიოდნენ წვეულებებზე, პარასკევობით კი ტრადიციულად, თვითონ იღებდნენ სტუმრებს.

კოტეს ყველაფერი ჰქონდა სიყვარულის გარდა,  ლიზას გარეშე ძალიან გაუჭირდა, აქამდე ვერც გრძნობდა როგორ ჰყვარებია.

ასე გაგრძელდა, სანამ ერთხელ შემთხვევით, ფოსტასთან  ლიზას არ შეეფეთა.

ორივეს ენა ჩაუვარდა, თვალებგაფართოებული უყურებდნენ ერთმანეთს, პირველი ლიზა გამოერკვა და გზა განაგრძო. კოტემ თვალი გააყოლა და მერე უკან  აედევნა.  ასე სდია სახლამდე,  მიახლოება და ხმის გაცემა ვერ გაუბედა. ლიზას უკან არც მოუხედავს, თუმცა დარწმუნებული იოყო, რომ კოტე მისდევდა.  ასე მივიდა სადარბაზომდე და შევიდა.

კოტე სადარბაზოსთან დასჯილი, სკოლიდან გამოგდებული ბავშვივით იდგა, მისთვის აღარაფერი არ არსებობდა, არც მზით განათებული ქუჩა, არც მოსიარულე ხალხი, ვეღარაფერს ამჩნდევდა, აღარაფერი ესმოდა, თითქოს დროც გარეჩრდა და ხალხიც, მომავალი ტრამვაიც შეჩერდა და მზის სხივებზე დაეკიდა.

უცებ მეტალის დაცემის წკრიალა ხმამ გამოარკვია, დაბლა დაიხედა, მის ფეხებთან ლიზას ბინის გასაღები ეგდო. ქუჩა ისევ ახმაურდა, ხალხი ისევ ამოძრავდა, ტრამვაიმ ხრიგინით ჩაიარა.

კოტემ გასაღები აიღო და ზევით აიხედა, აივანზე ლიზას კაბას მოჰკრა თვალი.

კოტე სადარბაზოში შევარდა და კიბე ერთ წამში აირბინა.

მერე დიდხანს იდგნენ იდგნენ ჩახვეულები და ხმას არ იღებდნენ.

ამ დღის შემდეგ, კოტე და ლიზა სისტემეტურად ხვდებოდნენ ერთმანეთს.

ლიზას თითქოს მოუბრუნდა გული, ფიქრობდა, რომ კოტეს ისევ ის უყვარდა.  ძირითადად დღისით ხვდებოდნენ, ცალ-ცალკე მიდიდოდნენ ჯერ ნაქირავებ ბინაში და ისევ ცალ-ცალკე გამოდიოდნენ იქიდან.

ლიზა ამაზე ძალიან ბრაზდებოდა, გულის სიღრმეში მაინც სჯეროდა, რომ კოტე ადრე თუ გვიან ტატიანას მიატოვებდა და ისევ მას დაუბრუნდებოდა.

-რა გინდა - ეუბნებოდა ხოლმე კოტე ლიზას, რომელსაც თავი მის მკლავზე ედო და თან თმებზე ეფერებოდა - ჩვენ ხომ მაინც ერთად ვართ და გვიყვარს ერთმანეთი, აბა მითხარი რა გაკლია?

-დავიღალე ასე მალული შეხვედრებით, მეც მინდა საზოგადოებაში გამოჩენა საყვარელ ადმიანთან ერთად, მეც მინდა მქონდეს ოჯახი, მყავდეს შვილები, და რაც მთავარია, არ მჭირდება გაყოფილი კაცი!

-გაყოფილი კაცი რაღაა, ლიზიკო - ეცინებოდა  კოტეს - როგორი ლაპარაკი იცი.

-ძალიან კარგადაც იცი, რაც არის.

კოტემაც კარგად იცოდა, ასე დიდხანს გაგრძელება რომ აღარ შეიძლებოდა, მაგრამ ის არ იცოდა, რა გაეკეთებინა.

ნელ-ნელა მათი ურთიერთობა სხვებისთვისაც გახდა ცნობილი, მოგეხსენებათ ასეთი რამ არ იმალება, ჯერ სახლის მეეზოვემ გაიგო, რომ კოტე, რომელიც მეჩვიდმეტე ბინაში დადის ხოლმე, თურმე დაოჯახებული ყოფილა  და თანაც ცოლად, თვით მთავარმართებლის ცოლის დისშვილი ჰყოლია!

მეეზოვემ ეს ამბავი თავის ცოლს უთხრა, ცოლმა მეზობელ ქალს, მეზობელმა ქალმა თავის ბიძაშვილს, რომელიც ქალაქის გუბერნატორის კანცელარიის ბუფეტში  ჭურჭლის მრეცხავად მუშაობდა და კოტე ნიჟარაძეს იქ  ხედავდა, იმან მზარეულებს უთხრა და ბოლოს ტატიანა ჩერნოვას გარდა ყველამ გაიგო ეს ამბავი.

საქმე იქამდე მივიდა, რომ კოტე სიმამრმა დაიბარა და მკაცრად გააფრთხილა.

ამის შემდეგ კოტემ ჯერ შეამცირა ლიზასთან შეხვერები, მერე საერთოდ აღარ მიდიოდა იმ სახლში, საბოლოოდ კი ქირის გადახდაც შეწყვიტა და ამით ლიზასთან შეხვედრების ერთადერთი ადგილიც მოისპო.

ლიზა კოტეს ნახვას ვეღარ ახერხებდა, შემთხვევითაც ვერსად ხვდებოდა და  ამან სულ მთლად გადარია, ყოველ დღე გამოდიოდა სახლიდან და უაზროდ დახეტიალობდა, იმის იმედით, რომ კოტეს სადმე გადაეყრებოდა, მაგრამ ამაოდ.

46.

ლიპგარდის  ,,თვალ-თვალის” ფურცელია, ბატონო პოლკოვნიკო -მურმანმა კედიას რამდენიმე ფურცელი შემოუტანა კაბინეტში.

-უკვე გვიანია, შენ  წადი მურმან - უთხრა კედიამ თანაშემწეს და თვალთვალის ფურცლები გამოართვა - ოღონდ ჯერ ჩაი გამიკეთე.

კედიამ იცოდა, რომ მურმანს ავადმყოფი დედა ყავდა სახლში.

-არა ბატონო ზურაბ, ვიქნები.

-წადი, წადი - კედია უკვე ინტერესით კითხულობდა ლიპგარდის პატაკს.

მურმანმა ჩაი შემოუტანა და წავიდა.

კედიამ თვალთვალის ანგარიში ბოლომდე ჩაიკითხა, ფურცლები კოტეს საქმეში ჩადო და სეიფში ჩაკეტა. უკვე გაციებული ჩაის Eჭიქა აიღო, ფანჯარასთან მივიდა, ფარდა გადასწია და ნარჩენი რაფაზე მდგარ ყვავილს ქოთანში ჩაუსხა, ამ დროს კარზე კაკუნი გაისმა.

-მობრძანდით! - დაიძახა და თავი კარისკენ მიაბრუნა.

კარი ნელა გაიღო და ლიზა ავალიანი შემოვიდა.

კედია გაშეშებული დარჩა, მარჯვენა ხელით ჩაის ჭიქა, ხოლო მარცხენათი, გადაწეული ფარდა ეჭირა.

ლიზამ კარები დახურა და ზურგით მიეყრდნო.

ცოტა ხანს ასე იდგნენ, მერე კედიამ ფარდას ხელი გაუშვა, ჭიქა იქვე რაფაზე დატოვა და რადგან ოთახში უკვე ბნელოდა, სინათლე აანთო.

ლიზას თმები აწეული და კეფაზე შეკრული ჰქონდა, შავი, გრძელსახელოებიანი, ტანზე მომდგარი კაბა ძალიან უხდებოდა, წელზე შავი ზამშის ქამარი ეკეთა  და ასეთივე ზამშის დახურული, საშუალო სიმაღლის ქუსლიანი, ფეხსაცმელი ეცვა.  არანაირი სამკაული,  მხოლოდ  ძლივს შესამჩენვად  უბრწყინავდა პაწაწინა საყურეები.

ძალიან ლამაზი იყო.

-გაგიკვირდათ? - ხმადაბლა და ყოველგვარი ემოციის გარეშე თქვა ლიზამ, ისევ ისე იდგა კარს ზურგით, ოდნავ გვერდულად მიყრდნობილი  და პატარა რიდიკიული ორივე ხელით ეჭირა.

ძალიან ლამაზი იყო.

-გამოგიტყდებით  ძალიან, თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს, დაბრძანდით.

ლიზა ჩამოჯდა და რიდიკიული მაგიდაზე დადო, მერე ისევ აიღო და მუხლებზე დაიდო.

კედია თავის ადგილზე დაჯდა, ლიზას მოულოდნელმა სტუმრობამ და უფრო კი მისმა სილამაზემ დააბნია. მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე მხოლოდ მკვლელებთან, ავაზაკებთან, ქურდბაცაცებთან, ბოზებთან და ათასნაირ ნაძირალასთან ჰქონია საქმე,  მათთან ურთიერთობა კარგად შეეძლო, ახლა კი აღარ იცოდა  როგორ მოქცეულიყო. ლიზას ეს არ გამოჰპარვია, სწორედ ამის იმედი ჰქონდა, როცა კედიასთან მოდიოდა.

-გისმენთ - უთხრა ზურაბმა და გაიფიქრა: ,,ნეტა მალე არ წავიდეს”.

-არც ვიცი რა უნდა გითხრათ - ლიზამ თავი ასწია, პრიალა და ძალიან შავი, თითქოს მთლიანად მხოლოდ გუგააო, ისეთი თვალები ჰქონდა, ლამაზი და ცოტა საშიშიც.

ზურაბს მოეჩვენა, რომ ლიზას თვალები, ორი უძირო მორევი იყო და რაღაც ძალა ამ ბნელი სიღრმისკენ მიათრევდა, წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა მაგრამ არაფერი გამოსდიოდა, ირგვლივ მძიმე სიჩუმე ჩამოწვა, ოთახში ჰაერი გასქელდა და წებოვანი გახდა, მერე თვალების სიშავე სულ უფრო გაიზარდა და მთელი ოთახი ამ მორევში შთაინთქა.

კედია ნახევრად მძინარესავით გახდა, უსმენდა ლიზას, მაგრამ რას ელაპარაკებოდა არაფერი ესმოდა, როდესაც აზრზე მოვიდა, ნახა, რომ რესტორნის განცალკევებულ კუპეში იყო ლიზასთან  ერთად.

-ბატონო ზურაბ, ასე მგონია ძალიან დიდი ხანია გიცნობთ - ლიზას თვალები აღარც შავი იყო და აღარც საშიში, როგორც ცოტა ხნის წინ მოეჩვენა კედიას, ლიზას თურმე მოოქროსფრო, თაფლისფერი თვალები ჰქონია, ძალიან ლამაზი და თბილი.

-თქვენ წარმოიდგინეთ მეც ზუსტად ასე ვფიქრობ. - კედიას გაუარა დაბნეულობამ და ლიზას გვერდით თავს უკვე კარგად გრძნობდა.

-ძალიან გთხოვთ არასწორად არ გამიგოთ.

-რაზე ბრძანებთ?

-ასე რომ მოვედი თქვენთან - ლიზა თავდახრილი ლაპარაკობდა, ხელით ვერცხლის ჩანგალს აწვალებდა - უაზრო, სულელ ქალად არ ჩამთვალოთ,  უცბად თავი მარტოდ და დაუცველად ვიგრძენი, რატომღაც ვიცოდი, რომ თქვენი იმედი უნდა მქონოდა - მერე მოულოდნელად თავი ასწია და ფართოდ გახელეილი, წყლიანი თვალებით შეხედა  - შევცდი?

-არა, არ შემცდარხართ, მე ყოველთვის თქვენს გვერდით მიგულეთ - უთხრა და გაუკვირდა, აქამდე რომ  ვერ ამჩნევდა მის სილამაზეს და მხოლოდ როგორც ეჭვმიტანილს ისე უყურებდა.

-კუპეში ოფიციანტი შემოვიდა, შამპანიური გახსნა, ჭიქები შეავსო და გავიდა.

-გისმენთ, ბატონო ზურაბ! - ლიზამ ბოკალი აიღო.

-დღევანდელ საღამოს გაუმარჯოს ქალბატონო - ლიზას ბოკალს თავისი ძალიან ფრთხილად შეახო, გაისმა ბროლის სასიამოვნო წკარუნი და ამ ხმამ ზურაბზე  ისევ მომაჯადოებლად იმოქმედა, რამდენიმე წამს მხოლოდ ეს ხმა ესმოდა და მხოლოდ ლიზას ხედავდა - დიდი ხანია ასეთი ლამაზი საღამო არ მქონია.

-კიდევ ბევრი ვისურვოთ ასეთი ლამაზი საღამოები, Yთქვენ არც კი იცით როგორ გადამარჩინეთ, დაე ეს საღამო, ჩვენი დიდი მეგობრობის დასაწყისი ყოფილიყოს - ლიზამ ჭიქა ძალიან მოხდენილად, მაგრამ ბოლომდე გამოსცალა და ამით ზურაბს წინააღმდეგობის გაწევის საბოლოო ძალაც გამოაცალა.

 

 

ელფოსტაბეჭდვა