ჩემი მსუქანი მე
ჩემი მსუქანი მე
ჩემი მსუქანი მე
09 მაისი, 2020 წ.

შესავალი


მე ვარ გამხდარი!
ეს არის ფრაზა, რომლის დამსახურებულად წარმოთქმის უფლებისთვისაც, მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრებაა ვიბრძვი.

უფრო სწორი კი იქნება, თუ ვიტყვი:
მე....
მინდა ვიყო გამხდარი!!!

თუმცა სულაც არ ვარ.
როდესაც მიზეზის მოძებნა გინდა, ის ყოველთვის მოიძებნება!!!

ჰო... და....
მეც მყავს ჩემი მიზეზი.

ის თვლის, რომ მე, უნდა ვიყო მსუქანი და ამისთვის ყველაფერს აკეთებს.
ჩემს ჭარბ წონასთან ბრძოლის უკლებლივ ყველა წამოწყებას სასტიკად ეწინააღმდეგება.

ვარჯიშია და თვლის, რომ სრულიად ზედმეტი დატვირთვაა, რადგან ძალიან ვიღლები და რა ძალა მადგას.
ფეხით სიარულია და მიაჩნია, რომ დროის ფუჭი კარგვაა.
საყვარელ საკვებზე უარის თქმაც, უდიდეს სისულელედ მიაჩნია. მისი აზრით, ერთხელ ვცხოვრობთ და ვერაფრით ხვდება, ამაზე უარი რატომ უნდა ვთქვა.
რაც მთავარია თვლის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი გემრიელი და საყვარელი საკვებით სავსე კუჭთან ერთად, კომფორტულ გარემოში სხეულის კარგად დასვენებაა.

სხვა თემებზეც არ მაკლებს თავის შეხედულებებს, თუმცა მათ ახლა არ შევეხები.

მოკლედ...
მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრებაა ვცდილობ, რომ მივაღწიო ჩემს მიზანს და ვიყო გამხდარი, ის კი ყველაფერს პირიქით აკეთებს და ამას ჩემგან განსხვავებით ახერხებს კიდეც.
ახლაც სწორედ მისი დამსახურებით ვარ მსუქანი.

აი გუშინაც...
კიდევ ერთხელ და სათვალავიც კი არეული მაქვს უკვე მერამდენედ, გადავწყვიტე დავჯდე დიეტაზე.

მან კი...
ერთი დღეც არ დამაცადა. პირველივე მოშიებაზე დაიწყო წუწუნი.

_არგი რააა...
რა დროს დიეტაა...
ახლა ჭამე რაც გინდა და თუ ძალიან გინდა ხვალიდან ისევ დაჯექი, მაგ შენს საყვარელ დიეტაზე.

თუ მოვერიე და იმ მომენტში, მაინც დიეტისთვის შესაფერისი კერძი შევჭამე, სხვა მხრიდან მიტევს.
_ხომ მაინც შენი გაიტანე და უგემური საჭმელი შეჭამე. ახლა ამე გემრიელი დესერტი მაინც დააყოლე...
სულ ცოტა შოკოლადი, ან ერთი ცალი პეჩენია....
მხოლოდ ერთი ცალი.....
ერთი ცალი არაფერს გიზამს!!!
გეხვეწები რაააა.......

და სანამ თავისას არ გაიტანს, არ მოგეშვება...
იმდენს იწუწუნებს, ისე შეგაწუხებს, პატარა ბავშვივით არაფრის გაკეთებას დაგაცდის, რომ ბოლოს ოღონდ გაჩუმდეს და შეჭამ, იმ ერთ ცალ პეჩენიას!

და ეს შეცდომა თუ დაუშვი, ხომ არ გგონიათ თავს დაგანებებს. პირიქით, სწორედ აქ იწყება მომდევნო ეტაპი.
ახლა რადგან თავისი, ერთხელ უკვე გაიტანა, კმაყოფილია და აღტაცებით ამბობს:
_ხომ გემრიელია...
კიდევ შეჭამე რააა.....

ხვეწნის ტონებსაც არ ერიდება:
_დიეტა მაინც დაარღვიე და ბარემ ერთი ცალიც დააყოლე რააააა...

ამ ერთხელაც რომ დანებდები, აჟიტირებული ბავშვივით კიდევ გააგრძელებს:
_კარგი რა...
ბარემ დარღვეული გაქვს და შოკოლადიც რაააააა....
ხვალიდან ისევ დიეტაზე ხარ და კარგა ხანს მაინც ვეღარ შეჭამ და ბარემ დღეს დარღვეულზე, ერთი ნატეხიც შეჭამე!!!

და რა თქმა უნდა, ისევ თავისას გაიტანს.

სანამ შოკოლადს ბოლომდე შევჭამ, ისიც ჩუმდება და მეც. ახლა ორივეს შოკოლადით გვაქვს პირი გამოტენილი და ამ რამდენიმე წამს, ორივენი ბედნიერები ვართ.
როგორც კი დამთავრდება ეს ნეტარების წუთები, დაიწყება კიდევ ერთი, ამჯერად ყველაზე უსიამოვნო ეტაპი.

ისევ ჯუჯღუნებს და ისევ არ გასვენებს.
მიზანს ხომ მიაღწია და ახლა რაღა უნდა!?

არაფერიც!!!!!
ამჯერად საყვედურიანი ტონით მე მადანაშაულებს!!!!!

_აუ რა სუსტი ხარ რაააა.....
ხომ თქვი არ დავარღვევო.

თავი თუ გავიმართლე და იქით დავადანაშაულე, ახლა ტონს უწევს და კიდევ უფრო მეტად გადმოდის შეტევაზე.
_მე რას მიყურებ და მისმენ!
ომინდა და ვთქვი!
კაცმა რომ გკითხოს მაგარი ხარ!!!!
მერე რა, რომ მე გითხარი!
რას მიჯერებდი?!
მხრებზე შენი თავი არ გაბია?
ნუ შეჭამდი და მორჩა!!!......

მცირე ხნიანი პაუზის შემდეგ გულნატკენი განაგრძობს:
_ახლა ისევ გასუქდები......
ჯინსში ისედაც ძლივს ეტევი და ასე თუ გააგრძელე, მალე ვეღარც კი შეიკრავ!!!

და ასე....

აგრძელებს....

მთელი საღამო არ გაჩუმდება.
იმდენს იჯუჯღუნებს, იმდენს იწუწუნებს, ისე შეგაწუხებს, რომ.....
ოღონდ გაჩუმდეს და თანახმა ხარ ყველაზე წმინდა რაც გაგაჩნია, ის დაიფიცო, უმტკიცესი პირობა მისცე, რომ „აი, მორჩა!!! გპირდები რაც არ უნდა მოხდეს ხვალიდან მართლა დავიწყებ დიეტას!!!!“
და ამ იმედით წახვალ დასაძინებლად.
მაგრამ გგონიათ იქ შემეშვება?
ჩაძინებისასაც სულ ჩამძახის:
_ისევ დაარღვიე!
ატომ დაარღვიე!?
ახლა ისევ მოიმატე!!!
ამდენი შრომა ისევ წყალში ჩაყარე...
აი, ხვალიდან აღარ გაბედო!!!!
არ გაბედო....
არ......

* * *
გათენდება იმედით სავსე დილა.
ავდგები.
ის ვითომ არც არსებობს.
მივხედავ ჩემს რუტინულ საქმეებს და და როგორც კი შიმშილი თავს შემახსენებს და დიეტური საუზმის მზადებას დავიწყებ, ვითომ არც გამქრალა, ისიც ისევ დაიწყებს თავისას.
ისევ უკმაყოფილო ტონით:
_წაიღე რა შენი დიეტებით ტვინი!!!
არ გამაგიჟო, ახლა ეს უნდა ჭამო?
აი ეს??????

ჩემი მდუმარე თანხმობის შემდეგ სასოწარკვეთილი ხმით მპასუხობს:
_აუ არა რაააა....
ეს ყველაზე მეტად არ მინდა!!!!!

ცოტა ხანს ორივენი მდუმარედ ვდგავართ მაცივრის წინ და ვფიქრობთ, რაზე შევთანხმდეთ.
ის კი:
_მე აი ის მინდა!!!
და მსუქან თითს, მისი საყვარელი კარაქიანი პურისკენ იშვერს. თან სიამოვნების მოლოდინით უკვე ბედნიერი, კმაყოფილი ტონით ამატებს:
_ტკბილ ჩაისთან ერთად!!

მიხვდით ხომ?

ისევ იგივეს მიკეთებს.
ისევ არ უნდა, რომ მიზანს მივაღწიო.
ისევ უნდა, რომ დიეტა დავარღვიო.

არა!!! ის კი არ უნდა რომ მსუქანი ვიყო. ერთად-ერთი მისი მიზანი გემრიელად და შეუზღუდავად ჭამა და კარგად დასვენებაა.
მეტი არაფერიც არ უნდა!!!
მე კი ეს ყველაფერი მასუქებს.

მიხვდით ვინცაა?
იცანით ხომ???

დარწმუნებული ვარ, მას ყველა ჭარბწონიანი იცნობს. ვინც ვერ იცანით, მოსალოცად გქონიათ საქმე. გულწრფელად გილოცავთ და ნამდვილად ვერ ვიტყვი რომ „სიამოვნებით“, მაგრამ აუცილებლად გაგაცნობთ:

ეს ჯიური, თავნება, თავხედი, თავისნათქვამა, მსუნაგი და საშინლად ზარმაცი არსება ჩემი მეა.
ჩემი მსუქანი მე!!! ჩემი არაცნობიერი! რომელიც როცა უნდა მაშინ ამოიღებს ხმას და ჩემი ნების საწინააღმდეგოდ სისულეებს მაკეთებინებს და ისე მმართავს, როგორც მოესურვება.

რა არ ვქენი...
საიდან არ მოვუარე...
ხან ვეჩხუბე. ხან ვეფერე...
ხან ავუჯანყდი. ხანაც მის ნებაზე ვიცხოვრე....

აგერ მთელი წიგნიც კი მივუძღვენი, მაგრამ რა....

მაინც ისე მმართავს, როგორც მოესურვება.
თან ყველაზე ცუდი ისაა, რომ ვერ ვიგებ სად ვმთავრდები მე და სად იწყება ის.
რომ მგონია, რომ მე ვარ, თურმე ისაა. და პირიქით...

მან თუ ისურვა, აკრძალულ ხილს დღეს თუ არა ხვალ, აუცილებლად ორმაგს შევჭამ.
მან თუ არ ისურვა, მე რაც არ უნდა მოვინდომო, ჩემი ყველა მცდელობა ფუჭია!

ჰო..და...
ბოლო ერთი წელია მასთან დამეგობრებას ვცდილობ.
ვცდილობ გავაგებინო, რომ მინდა ვიყო გამხდარი, თავს მსუბუქად ვგრძნობდე, ყველაფერი მიხდებოდეს და ჩემი თავი ბოლომდე მიყვარდეს. ამისთვის კი, არ მეზარება და ყველაფერს ვაკეთებ!
გეფიცებით, ძალიან ვცდილობ!
მაგრამ მისი ნების გარეშე, ამის მიღწევა შეუძლებელია.

ეს წიგნიც სწორედ იმას ემსახურება, რომ მან, ჩემმა არაცნობიერმა გაიგოს.
გაიგოს რომ მე და მას ერთი სხეული გვაქვს და როგორმე უნდა შევთანხმდეთ, ჩვენი საერთო სხეული გამხდარი უნდა იყოს თუ მსუქანი.

ჯერ ვერ მოვახერხეთ...

ყველაფერი კი...

1) ასე დაიწყო...
დედასგან გადმოცემით ვიცი რომ პატარაობაში, ჩვეულებრივი აღაგობის, არაფრით გამორჩეული ბავშვი ვიყავი. სადღაც 4-5 წლის ასაკში თირკმელებზე რაღაც პრობლემა შემქმნია. ზუსტ დიაგნოზს რა მნიშვნელობა აქვს. მთავარი ის შედეგია რაც ამ დიაგნოზმა გამოიწვია. ძალიან ცუდად ვყოფილვარ. ბევრი უმკურნალიათ. მათ შორის იმ პერიოდისათვის უპოპულარესი - პრედნიზოლონით. ავადმყოფობის პერიოდში თურმე ძალიან, ძალიან გავხდი. წონის მკვეთრი დეფიტიცი სახეზე ყოფილა. ერთმა ღვთისნიერმა ექიმმა, ერთ-ერთ უკრაინულ კურორტზე ურჩია ჩემს მშობლებს, ჩემი ზაფხულში წაყვანა. მათაც უკან არ დაუხევიათ და ასე აღმოვჩნდით ტრუსკავეცში "თირკმელების გასარეცხად". :D

ამ ფრაზაზე ახლაც მეცინება. მაგრამ ეს ერთ-ერთია, იმ პერიოდის ხმების, ფერისა და ფორმების, ასევე სუნების და არომატების მოგონებათა შორის და ძალიან მიყვარს.
აქვე პატარა ჩანართსაც გავაკეთებ: ერთ ოჯახურ საღამოს ამ ამბავს, დედაჩემი ჩემს მცირეწლოვან შვილს უყვებოდა, მანაც ბავშვური გულუბრყვილობით "გარეცხვა" პირდაპირი მნიშვნელობით გაიგო, მომიტრიალდა და მკითხა, ფხვნილიან წყალს თბილისში ვერ დაგალევინებდნენ, იმ სიშორეზე რას მიჰყავდითო.....

მოკლედ ბევრი რომ აღარ გავაგრძელო წამიყვანეს სამკურნალოდ და იმავე ზაფხულს ჩემი მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალა.  ჭამაც დამიწყია, მადაც მომმატებია და ნორმალურ ადამიანსაც დავმსგავსებივარ. სწორედ იმ შემოდგომაზე დაიწყო ზუსტად ის ამბები, რასაც ახლაც გამწარებული, ხმალ-ამოღებული ვებრძვი.
თავიდან რომ ვიმატებდი, ოჯახის წევრებს თურმე ძალიან უხაროდათ.
მე კიდევ ვიმატებდი.
და კიდევ...
და კიდევ.....
და კიდევ........

ეს კი უკვე აღარ მოსწონდათ.
მაგრამ რა.....
მშიოდა და ვჭამდი. ბავშვობაში ჭამაზე წახალისებულს, მოზარდობაშიც შემომრჩა ეს ჩვევა.
მახსოვს დედას მოკრძალებული რჩევები კარაქი და პური ნაკლებად მეჭამა.
ხომ გაგიგიათ, აკრძალული ხილი ტკბილიაო. ჰოდა, კარაქი და პური მაშინ კი არა, ახლაც უზომოდ მიყვარს. ოღონდ ეგ არის, რომ ვაკონტროლებ და შეგნებულად არ ვჭამ. ჰოდა სწორედ ეს „შეგნებულად არ ვჭამ“ არის უმეტეს წილად დამღუპველი. „არ ვჭამ“, „არ ვჭამ“ და უცებ „ჩემი მსუქანი მე“ რომ მოინდომებს, ძალიანაც კარგად ვჭამ და თანაც უზომოდ.

თემას გადავუხვიე.
მოკლედ კარაქიან პურს ძირითადად არ ვჭამ და მაინც ვსუქდები და  „მას“ რომ უნდა ისე რომ ვჭამდე 10-12  ზედმეტი კგ. კი არა, 100-120 კგ მექნებოდა ზედმეტი.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო ჭარბი წონა 16 წლის ასაკში გავაცნობიერე და ჩემი ბრძოლა მასთან ამ ასაკშივე დაიწყო.


2. „ბედნიერი“ ბავშვობა

ბავშვობაში ჩემი ჭარბი წონა, ჩემი ოჯახის წევრებისგან განსხვავებით, პირადად მე სულაც არ მადარდებდა. გული სულ სხვა რამეებზე მწყდებოდა ხოლმე.
მაგ. სხვა ბავშვებივით სწრაფად ვერ დავრბოდი და ამის გამო ხშირად ვიჩაგრებოდი კიდეც.
ეზოში ბავშვები ფეხბურთს რომ ვთამაშობდით, მე სულ მეკარე ვიყავი ხოლმე.
რატომღაც....
უფროსები ხანდახან პატარებს მაღაზიაში რომ გაგვგზავნიდნენ, მე ეზოში ვრჩებოდი ხოლმე. იმიტომ რომ ასე უფრო სწრაფად მოვათავებდით დავალებულ საქმეს და ჩვენს თამაშს მალე დავუბრუნდებოდით. ახლაც გულდაწყვეტით მახსენდება უფროსის ფრაზაზე „ერთი ფეხი იქ, ერთი ფეხი აქ“  ჩემი მეგობრის პასუხი:_“ხათო, შენ სწრაფად ვერ დარბიხარ და აქ დარჩი!!!“

სკოლაში, ფიზკულტურის გაკვეთილებზე ე.წ. ნორმატივების შესრულება ჩემთვის სრულიად შეუძლებელი იყო და მასწავლებლისა და თანაკლასელების წინაშე შერცხვენას, სიკვდილი მერჩივნა და ამის გამო უმეტესწილად  და გასახდელში ვრჩებოდი, შესაბამისად გაკვეთილს ვაცდენდი ხოლმე. ჟურნალშიც სულ არ-ები მეწერა და ამაზე სულ ჩხუბი იყო სახლში.

მთელი ბავშვობა ველოსიპედზე ვვოცნებობდი. მაგრამ ეს ოცნება დღესაც აუსრულებელი დამრჩა. არგუმენტი - მე რომელი ველოსიპედი გამიძლებდა.

კიდევ ბევრ რამეს მოვიგონებდი. მაგრამ მთავარი სხვა რამეა. ეს ყველაფერი არ მომწონდა, მაგრამ ამ ყველაფრის მიზეზი სრულიად არ მაინტერესებდა.

ამასობაში ჩემი ოჯახის წევრები დროს არ კარგავდნენ და წონის კლების მიზნით ხან  ცეკვაზე დამატარებდნენ, ხანაც ჩოგბურთზე.
ჩოგბურთის ტრენერზე ახლაც გაბრაზებული ვარ. თამაშის ნაცვლად, რომელიც დღესაც არ ვიცი, კორტების გარშემო სირბილს და მიწაზე დაყრილი მთელი კოლოფი ასანთის ღერების აკრეფვას უმოწყალოდ რომ მაიძულებდა.
ვერაფრით ვაპატიებ იძულებითი სირბილის დროს ფერდქვეშ საშინელი ტკივილისას მოკრუნჩხულს, მეგობრების თანდასწრებით მთელი ხმით რომ მიყვირა:_ნუ აფერისტობ ირბინეო.
ვერც იმას დავივიწყებ, ცეკვის მასწავლებელი სულ მაქებდა საოცარი ხელები გაქვსო და საქმე საქმეზე რომ მიდგა კონცერტზე სულ ბოლო რიგში დამაყენა. მე ტანკივით გოგო რა გამოსაჩენი ვიყავი. მერე რა რომ „ლამაზი ხელები“ მქონდა.

სიმართლე გითხრათ არ მახსოვს ამ პერიოდში ვხდებოდი, ვსუქდებოდი თუ რას ვშვებოდი.  თუმცა მახსოვს გადამწყვეტი მომენტი. ის რამაც ძალიან იმოქმედა ჩემზე და სწორედ იქიდან მოყოლებული, ომი მაქვს გამოცხადებული ჭარბი წონისთვის.


3.
"გამოფხიზლება"
ერთ მშვენიერ დღეს მე და ჩემი განუყრელი მეგობრები შინ ვბრუნდებოდით და დიდუბის მეტროსთან არსებულ გვირაბში თეთრი, დაჟანგებულზე თეთრსაღებავგადასმული, სიძველისგან და ჭუჭყისგან განაცრისფერებული სამედიცინო სასწორი დავინახეთ. მაშინ ისეთ ასაკში ვიყავით, ყველაზე და ყველაფერზე რომ ხალისობ და სიცილის მიზეზს ეძებ. ჰოდა, გადავწყვიტეთ გართობის მიზნით ავწონილიყავით.
სიმაღლეს არასდროს ვუჩიოდი მაგრამ ჩემს მეგობრებში ყველაზე ტანმორჩილი მაინც მე გახლდით. აქედან გამომდინარე წონასთან მიმართებაშიც სულ სხვა მოლოდინი მქონდა. :D
დავიწყეთ აწონვა.
დადგა ერთ-ერთი ჩვენთაგანი ამ სასწორზე. ამწონავმა ქალმა უცბად, ხელის ერთი მოძრაობით გადაანაცვლა კგ-ების გირი და გაათანასწორა სასწორის ისრები, რომელმაც დაახლოებით 55 კგ აჩვენა. კმაყოფილმა ჩემმა მეგობარმა დიდსულოვნად და ამაყად დაუთმო ადგილი მეორე მეგობარს. ამწონავმა ქალმა ხელის ისევ ერთი მარტივი მოძრაობით მოანაცვლა მხოლოდ გრამების (!!!!!!!) მაჩვენებელი სასწორის გირი და სულ მალე სასწორის ისრები ისევ  55-თან გათანაბრდა. გრამებში იყო განსხვავება. ისიც ამაყად ჩამოვიდა სასწორიდან. ბოლოს ჩემი რიგიც დადგა. ცოტათი შემცბარი კი ვიყავი მაგრამ ჩემი სიდებილემდე ოპტიმიზმის იმედად დავდექი სასწორზე.
ამ ქალმა რამდენჯერმე გადააადგილა, ჯერ ათეული კგ-ების და მერე ერთეული კგ-ების გირები. რამდენჯერაც მოანაცვლა, იმდენჯერ გულმა რეჩხი მიყო.
ბოლოს როგორ იქნა გათანაბრდა და 86 კგ-ზე გაჩერდა. ჩემი მეგობრების ისტერიული სიცილის ფონზე მივხვდი ზუსტად, რას ნიშნავს ფრაზა, ცივი წყალი გადამასხეს. საშნელება იყო.
იმის მერე ვერ ვიტან აწონვას. მით უმეტეს სამედიცინო სასწორზე. ელექტროსგან განსხვავებით იმას მაინც ვერ დააბრალებ, რომ არასწორ ადგილას დგას და იტყუება.

ამ აწონვის შემდეგ სახტად დარჩენილს სადღა მეცალა სამაიმუნოდ და გასართობად. ისეთი სტრესი მივიღე.
ისე დავითრგუნე....
მოკლედ, იმ დღესვე მტკიცედ გადავწყვიტე დაკლება.

უბრალო დამთხვევა იყო თუ ბედისწერა არ ვიცი, მაგრამ იმ საღამოს საბჭოთა ტელევიზიის კინკილა ორი-სამი არხიდან ერთ-ერთზე - ე.წ."მოსკოვზე", იმ დროისათვის ცნობილ მომღერალს მოვკარი თვალი. ის ყოველთვის ჭარბწონიანობით გამოირჩეოდა და ამჯერად ტანწერწეტა, საზოგადოებას ამაყად უზიარებდა თავისი წონის კლების ამბავს. დავცქვიტე ყურები, სასწრაფოდ მოვიმარჯვე პასტა და ფურცელი.  დეტალურად ჩავიწერე მისი დიეტა და მეორე დღიდანვე შევუდექი მის დაცვას. რაღა თქმა უნდა ჩემთან ერთად ჩემი ოჯახიც დიდი ენთუზიაზმით ჩაერთო ჩემი წონის კლების პირველივე ეპიზოდში. ბევრი რომ არ გავაგრძელო ამ დიეტით სამიოდე თვეში ზუსტად 30 კგ დავიკელი. უბედნიერესი ვიყავი. საკუთარი თავიც მომწონდა და ის სამარცხვინო ეპიზოდიც დაბალანსდა. გოგოები რომ ვიწონებოდით მეტ ნაკლებად ყველა თანაბარ კატოგორიაში გავდიოდით და ამან ჩემი თვითშეფასება საგრძნობლად აამაღლა.
თუმცა სულ დიეტაზე ხომ ვერ ვიჯდებოდი და ნორმალურ კვების რეჟიმზე გადასვლამ ისევ მატება გამოიწვია. ანუ დაკლებული წონის შენარჩუნება მაშინაც ბევრად რთული აღმოჩნდა, ვიდრე თვითონ დაკლება.

რას არ ვაკეთებდი:
ხან 6-ის მერე არ ვჭამდი. ხან მარტო 12 სთ დან 6-მდე ვჭამდი, ხან პურს არ ვჭამდი, ხან ტკბილეულზე ვამბობდი უარს. ხან დილაობით  დავრბოდი. ხან სახლში ვვარჯიშობდი. ცურვაზეც დავდიოდი.

მაგრამ მაინც....
3-5 კგ-ს მოვიმატებდი, დავიკლებდი.
ისევ მოვიმატებდი, ისევ დავიკლებდი.

ამასობაში აირია კიდეც ქვეყანა და ბნელ 90-ან წლებში დიეტა და ჭარბი წონა კი არა შიმშილისა და სიცივისგან თავი როგორ გადაგვერჩინა, ეგ იყო მთავარი ჩვენი საზრუნავი. ჩემი თაობის ყველა ადამიანს გვახსოვს ეს უმძიმესი პერიოდი.  ამ მტკივნეულ თემას აღარ განვავრცობ. თუმცა მიუხედავად ყველაფრისა ჩემი წონა მაინც ჯიუტად მერყეობდა. ეს მერყეობის პერიოდი ჩემთვის იმით დამთავრდა რომ 25 წლის ასაკში ოჯახის შექმისას ზუსტად 64 კგ ვიყავი.

ორსულობების და მშობიარობის დროს მოგეხსენებათ ქალებისთვის წონის მატება ჩვეულებრივი ფიზიოლოგიური ამბავია. აი ჩემთან კი სრულიად არაჩვეულებრივად ვითარდებოდა ეს ყველაფერი.


4) ... და ის დაბრუნდა 2:1

ოჯახის შექმნისას 64 კგ ვიყავი-მეთქი.  1.68 მეტრი სიმაღლის პირობაზე თითქოს სულაც არ არის ცუდი. მითუმეტეს როდესაც ითვლება რომ ძვალმსხვილი ხარ.
თუმცა, ის იყო და ის...
მას შემდეგ 64 კგ ჩემს ცხოვრებაში აღარასდროს ვყოფილვარ. ამ წონაზე ახლაც კი აღარც ვოცნებობ.
პირველ ორსულობაზე 10 კგ მოვიმატე. თუმცა სამშობიაროდან გამოსვლისას 70 კგ ვიყავი. ვითომ ხომ არაფერი, სულ 5-6 კგ მქონდა ზედმეტი, მაგრამ ერთი კგ-ც ვეღარაფრით დავიკელი.

ჯერ იყო და ბავშვის ბუნებრივი კვებისას რა დროს დიეტააო.
მერე კიდევ, პირველი შვილის პატრონს რა მედიეტებოდა. ჩვილს დავტრიალებდი დღე და ღამე. რას ვჭამდი და რას ვსვამდი, არც კი მაინტერესებდა. მალევე მეორე ორსულობამაც არ დააყოვნა და ახლა უკვე 15 კგ ავკრიფე. გასაოცარი ის იყო, რომ სამშობიაროში შესვლისას 85 კგ-იანმა მელოგინემ გავაჩინე ბავშვი, რომელიც იწონიდა 4 კგ-ს და სამშობიაროდან გამოსვლისას ისევ ზუსტად 85 კგ-ს ვიწონიდი. ექიმები, გაოცებულები, აქეთ მეკითხებოდნენ რა მოხდაო. მე რა ვიცოდი, რა მოხდა? საკვებს ნამდვილად ვერ დავაბრალებდი. მელოგინე ქალს, ისეთი რა უნდა მეჭამა სამშობიაროში გატარებულ 3-4 დღეში, რომ 4-5 კგ მომემატებინა. ამ ფაქტის ახსნა შემდეგ ენდოკრინოლოგმა კი შეძლო, მაგრამ აქ სულ სხვა რამეა მთავარი.

ამ  85 კგ-ით იწყება ჩემი ტანჯვის მეორე სერია.  
ბავშვი სანამ ბუნებრივ კვებაზე მყავდა, რაღა თქმა უნდა, არანაირ დიეტაზე საუბარიც კი არ ყოფილა. თუმცა წონის გამო რომ ვწუხდი, ახლობლები და ოჯახის წევრები მამშვიდებდნენ, მაგ დროს ყველა იმატებს და მერე თავისთავად ხდებიანო.
ამ დროს „ხდებიან“ კი არა….
ბავშვს, ბუნებრივ კვებაზე თავი რომ დავანებებინე და გონს რომ მოვედი, უკვე 90 კგ ვიყავი.

მივადექი ისევ მრავალნაცად მომღერლის დიეტას, რომელიც მისივე წესით 2 კვირიანი შუალედით უნდა გაგეკეთებინა. ამ დიეტით კვირაში ისევ 3-4 კგ-ს კი ვიკლებდი, მაგრამ 2 კვირიანი შესვენებების დროს, გასამმაგებული მადით, დაკლებულ წონას ხომ ავანაზღაურებდი და კიდევ 1-2 კგ-ს დავამატებდი ხოლმე.....

შუალედებში, ხელის ჩაქნევის ეპიზოდებიც იყო. „რაც იქნება, იქნება“-მეთქი.

ჰო....და ასე...
დიეტა-დიეტა…
სვენებ-სვენებით...
ნელ-ნელა ვიმატებდი.

რაღა თქმა უნდა მომატებული წონა ჩემს განწყობაზე და ხასიათზე მოქმედებდა. დეპრესიულიც გავხდი. აღარ მომწონდა საკუთარი თავი, სულ ცუდ ხასიათზე ვიყავი, არ მქონდა არაფრის ხალისი, ძილი ყველაფერს მერჩივნა, მაგრამ, ორი მცირეწლოვანი შვილის დედას ვინ დამაძინებდა. ეს გაუთავებელი დაღლილობა და უძილობა, კიდევ უფრო აღრმავებდა შიმშილის გრძნობას. შიმშილთან ერთად დაუოკებელი ტკბილის მოთხოვნილებაც გაჩნდა.

იმ პერიოდში, როცა მცირეწლოვანი შვილების გარდა არავისთვის და არაფრისთვის გცალია, ტკბილეული ხომ დასვენების, სტრესის მოხსნის და სიამოვნების ერთადერთი წყაროა.
ჰო...და...
მოვექეცი რაღაც ჯადოსნურ წრეში. ტკბილის მიღება მსიამოვნებდა, რადგან ხასიათზე დადებითად მოქმედებდა. თუმცა, მეორე მხრივ მასუქებდა.
მომატებული წონა კი ისევ ცუდ ხასიათზე მაყენებდა და შვებას ისევ საკვებში ვპოულობდი.
და ასე...
წრეზე....
გაუთავებლად.....

დამოუკიდებლად ამ წრის გარღვევას უკვე ვეღარ ვახერხებდი. წონა კი სულ ზევით და ზევით გარბოდა. ამ მდგომარეობას ძალიან განვიცდიდი და ამის შემხედვარე ჩემმა დედამთილმა ზემოთხსენებულ ენდოკრინოლოგთან მისვლა მირჩია.
მივედი კიდეც.
ზუსტად მახსოვს ექიმის კაბინეტში, იმ ავადსახსენებელ სამედიცინო სასწორზე რომ შევდექი, სიმწრისგან თვალებზე ხელები ავიფარე!
სასწორზე სამნიშნა ციფრი იყო!!!
სამ-ნიშნა!!!!!
უკვე 100 კგ ვიყავი....

4) ფრე - 2:2
აწონვისას სასწორზე დანახული 100 კგ-ის გამო, უკვე სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი ენდოკრინოლოგის კაბინეტში ვიჯექი და უკანასკნელი იმედი სწორედ ეს ექიმი იყო.
გულის სიღრმეში კი მაინც ეჭვი მრღრნდა, ეს პატარა, ახალგაზრდა, თეთრ ხალათში გამოწკეპილი, გამოპრანჭული, თითის სიგრძე გოგო რას მიშველიდა?!
მაგრამ უკან დასახევი გზა აღარ მქონდა და ვიჯექი. განაჩენივით ველოდი მის დასკვნას.
ჩემდა გასაოცრად ამ ექიმმა ყველაფერი ყურადღებით გამომკითხა, ჩემი ანალიზების პასუხებს დიდხანს უკირკიტა, ძალიან ბევრი მელაპარაკა. იმ დროისთვის ჩემთვის  უცნობი უამრავი ტერმინი იხმარა. თან კალმით ანალიზებში რაღაცეებს მაჩვენებდა და მიხსნიდა. იმ საუბრიდან ერთადერთი ის მახსოვს, რომ მითხრა, არასწორი კვებისა და არანორმალური დღის რეჟიმის გამო ნახშირწყლოვანი ცვლა მაქვს დარღვეული და ვაშლი რომ ვაშლია, იმასაც კი ცხიმად გარდაქმნის ჩემი ორგანიზმი და შავი დღისთვის ინახავს. ცოტა არ იყოს გამიკვირდა. მთელი ცხოვრება მესმოდა რომ ხილი და ბოსტნეული არ ასუქებს. იმათ მიღებასაც თუ როდესმე შემიზღუდავდნენ, თანაც ექიმები, ამას ვერასოდეს წარმოვიდგენდი.
მერე, დიდი ხნის ფიქრის და დაკვირვების შემდეგ მივხვდი, რომ სწორედ ბალახისჭამელები არიან უზომოდ მსუქნები და დიდები. სპილოდან დაწყებული, ბეჰემოთით, მარტორქით და თუნდაც ძროხით გაგრძელებული და ერთობ სიმპათიური ღორით დამთავრებული.

არასოდეს თქვათ რომ მწვანილი არ ასუქებს. ვეგეტერიანელებო და ვეგანებო მომიტევეთ!!!! მაგრამ, გახდომა ვისაც გინდათ, ხორცი ჭამეთ! ხორცი!!!!

ძალიანაც რომ მოინდომოთ, ბუნებრივ არეალში მცხოვრებ ერთ ჭარბწონიან ხორცისმჭამელ ცხოველსაც კი ვერ დამისახელებთ... მეც ჩამოთვლით თავს არ შეგაწყენთ. ჩემთვის ყველაზე საყვარელი კატისებრებიც რომ ვახსენო, ეგეც სრულიად საკმარისი იქნება.

თანაც, ეს საოცარი არსებები როგორები არიან!!!!!
ულამაზესები, გრაციოზულები, მკვრივები, მოქნილები, ზომიერად დაკუნთულები.  სწორედ ისეთი სხეულები აქვთ, როგორზეც დიდი ხანია ვოცნებობ.
ამ ყველაფრის სიყვარული მაიძულებს სახლში ვიყოლიო კატა. ოღონდ ღმერთი აქაც დამცინის. ჩემი კატა ჩემსავით ჭარბწონიანია!!!

ისევ თემას გადავუხვიე, მაგრამ არაუშავს.
ახლა მაინც ხომ ხვდებით როგორია ჩემთვის ლამაზი სხეულის ეტალონი.


ბევრი რომ არ გავაგრძელო ამ ექიმმა საოცარი პროფესიონალიზმი გამოავლინა და მისი, პერსონალურად ჩემთვის შედგენილი დიეტებით და მედიკამენტოზური მკურნალობით 6-7 თვეში 27 კგ დავიკელი და 73 კგ-ზე ჩამოვედი.

მართალია მისი შედგენილი მენიუ საშინლად უგემური იყო. ყველაფერი უშაქროდ და უმარილოდ უნდა მეჭამა. ხილიც საკმაოდ შეზღუდული იყო. მაგრამ მაშინ საოცარი მოტივაცია მქონდა და ამას დიდ ყურადღებას არც ვაქცევდი.
თუმცა, ჩაშუშული კომბოსტო, რომელიც ყველაზე ხშირად მქონდა მენიუში, შემზიზღდა.
ამ დიეტის დასრულების შემდეგ, კარგა ხანს ვეღარც ვჭამდი. არადა, დღეს უკვე, მეც ვთვლი რომ ჩაშუშული კომბოსტო წონის კლებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო კერძია.
მოკლედ, მკურნალობას ასეთი ეფექტი რომ ჰქონდა  ექიმსაც და პაციენტსაც ძალიან გვახარებდა.
თუმცა 73 კგ-ზე ჩამოსული, იმ მიზეზით რომ უკვე კარგად ვარ და თავადაც შევძლებ მკურნალობის გაგრძელებას, შევწყვიტე ექიმთან ვიზიტები.
რომ არ დაგიმალოთ, ამას ეკონომიური საფუძველიც ედო. თითო ვიზიტი, თავისი ანალიზებით, მაშინ მინიმუმ 120 ლარი მიჯდებოდა. 2 კვირაში ერთხელ კი ამ თანხის მობილიზება ცოტა არ იყოს მიჭირდა კიდეც.
მოკლედ ჩავთვალე რომ "მარტო ცურვისთვის" მზად ვარ და გავცურე.....


2011
წლის ზაფხული
წონა 73 კგ

ექიმის ნასწავლ განტვირთვის დღეების სისტემას, თავიდან, ოსტატურად ვიყენებდი. მერე ცოტა უფრო მეტად გავთამამდი და სწრაფად კლების მიზნით კვირაში ერთხელ საკუთარ თავს განტვირთვის დღის ნაცვლად, შიმშილობა დავუნიშნე. ამ პერიოდში ფიზიკურად დიდი დატვირთვები მქონდა. ორივე ბავშვი სკოლაში და სხვადასხვა წრეებზე ფეხით დამყავდა. დილას რომ გავიდოდი სახლიდან, გვიან საღამოს ვბრუნდებოდი და მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ ერთი ლიტრ ნაბეღლავზე და ერთ ფინჯან ყავაზე ვიყავი. რაც ამდენი ფიზიკური და ემოციური დატვირთვისას, დამეთანხმებით, არ მეყოფოდა. მიუხედავად იმისა რომ ამ დღეებში ძალიან მიჭირდა, მაინც პრინციპულობას ვიჩენდი და  საკუთარი თავისთვის დანიშნულ შიმშილობის დღეს არ ვარღვევდი. ამან მალევე სხვა, მენტალური ტიპის პრობლემები გამოიწვია. შიმშილობის დღის შემდეგ, მომდევნო დილას, 36 საათის ფიზიკურად და "სულიერად" ნაშიმშილარი, საუზმეზე იმაზე მეტს ვჭამდი, წინა დღეს მთელი დღის განმავლობაში რომ შეიძლებოდა მეჭამა. შედეგმაც არ დააყოვნა და მალევე მომატება დავიწყე.  ერთხელ მახსოვს,  ნაშიმშილარს დამესიზმრა, რომ საჭმელს ვჭამდი. სიზმარში კი ვიყავი, მაგრამ რეალურად ისე მძლავრად ვიქნებდი ყბებს, რომ საკუთარი ყბების ქნევის ხმამ მე თვითონვე გამომაღვიძა. საშინელი შეგრძნება იყო.

მოკლედ....
შიმშილობებეს მიუხედავად წონა ისევ ზევით და ზევით გარბოდა და შეშინებული ისევ ჩემს ექიმს მივადექი.

იმან კი, იმ "ახალგაზრდა, თეთრ ხალათში გამოწკეპილმა, გამოპრანჭულმა, თითის სიგრძე გოგომ", ამხელა ქალი ბავშვივით დამტუქსა და დაუვიწყარი გაკვეთილი ჩამიტარა.


5. ისევ წაგება - 3:2

იმ "ახალგაზრდა, თეთრ ხალათში გამოწკეპილმა, გამოპრანჭულმა, თითის სიგრძე გოგომ“ რადგან სამედიცინო ტერმინოლოგიით ვერ გამაგებინა, ახლა ბავშვისთვისაც კი გასაგები ენით მითხრა რომ:
შიმშილობა ასუქებს!
ორგანიზმი შიმშილობის დროს თვითგადარჩენის მექანიზმს რთავს. ამ დროს ორგანიზმი მაქსიმალურად ზოგავს ენერგიას და ამიტომაც ვარ სუსტად და მალე ვიღლები.
ყველაფერს რასაც ხანგრძლივი შიმშილის შემდეგ მივირთმევ, მათ შორის ყველაზე დაბალკალორიულ კიტრსაც კი ორგანიზმი ცხიმად გარდაქმნის, და შავი დღისთვის (ანუ შიმშილობისთვის) ინახავს.
ეს რომ არ მოხდეს კვებებს შორის შუალედი 4-5 საათზე მეტი არ უნდა იყოს!

კიდევ მითხრა რომ ეს "შიმშილობის ექსპერიმენტი", სასტიკი შეცდომა იყო. მით უმეტეს ჩემთვის, რომელიც სულ რაღაც ერთი წლის წინ ნივთიერებათა ცვლის დარღვევაზე ვმკურნალობდი და ახლა უკვე დიაბეტი-ტიპი ორის რეალური კანდიდატი გახლდით.
დავიწყეთ ისევ მკურნალობა.
ისევ ყველაფერი თავიდან: ისევ ანალიზები, ისევ წამლები, ისევ დიეტა.
მაგრამ ამჯერად ძალიან გამიჭირდა. ახლა უკვე, მისი მენიუს უკლებლივ ყველა კერძს საშინელი გემო ჰქონდა. იმის გამო რომ უგემური იყო, სათანადო ოდენობით ვერც ვჭამდი და მთელი დღე ისევ ნახევრად მშიერი დავდიოდი. სულ დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მქონდა. გემრიელად დანაყრება მენატრებოდა.
მენატრებოდა ყველაფერი ადამიანური - გემრიელი, მარილიანი, ტკბილი, ცხიმიანი.
ამას კიდევ სისტემატური ფინანსური დანახარჯი ემატებოდა. თან უკვე საკითხავი იყო რამდენად გამართლებული იყო ეს ხარჯი, რადგან კლება ძალიან ნელა, ფაქტობრივად აღარ მიმდინარეობდა...

ჰო...და...
მორალურად ამ ყველაფერს ვეღარ გავუძელი და გავტყდი.
ჩემდა სასირცხვილოდ, ეს ჩვენი ექიმი, მას მერე თვალით აღარ მინახავს.
ცოტა ხანს მის დანიშნულ წამლებს კიდევ ვსვამდი, მაგრამ მალე, მათი მიღებაც შევწყვიტე.

ჩემს ტკივილთან ერთად ჯანმრთელობის მდგომარეობაც დავივიწყე და დავიწყე იმის კეთება, რაც ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მეტად მაკლდა.
ჭამა!
ჭამა დავიწყე!!
უკონტროლოდ ჭამა დავიწყე!!!

ჭამდი ყველაფერს!
ყოველგვარი აკრძალვის გარეშე!
ვჭამდი იმდენს რამდენიც მინდოდა და როცა მინდოდა!
ჩემდა სასირცხვილოდ, ხანდახან მაშინაც კი ვჭამდი, როცა სრულიად არ მშიოდა.

ვჭამდი როცა დაღლილი ვიყავი.
ვჭამდი როცა მაბრაზებდნენ.
ვჭამდი როცა მწყინდა.
ვჭამდი როცა რამეზე ვნერვიულობდი.
ვჭამდი როცა რამის მეშინოდა.
ყველა უარყოფით ემოციას და პრობლემას ჭამით ვახშობდი!!!
გამგელებული ხანდახან იმდენს ვჭამდი, მერე სუნთქვაც კი მიჭირდა!!!
ამას ემატებოდა დანაშაულის შეგრძნება, რომ "ისევ ვიღორე"!!! რაც კიდევ უფრო მეტად ამძაფრებდა ჩემს მდგომარეობას.

ვხედავდი და ვგრძნობდი როგორ ვიმატებდი. მაგრამ სასწორს არ ვეკარებოდი. სირაქლემას პოზიცია საკმაოდ კომფორტული აღმოჩნდა ამ დროს. მალე სასწორი საერთოდ გავაქრე სახლიდან. თითქოს, ის იყო ყველაფერში დამნაშავე.

მრცხვენოდა და სარკეში თვალს ვერ ვუსწორებდი საკუთარ თავს. მაგრამ არაფრის შეცვლას ვაპირებდი.
ისევ სულ დაღლილი და ცუდ ხასიათზე ვიყავი.
ეს განწყობა გადამქონდა ოჯახის წევრებზე და სახლშიც სულ დაძაბული ვითარება იყო.
ჩემს ნერვიულობას აგრესიით გამოვხატავდი.
ბავშვებს ყველაფერზე უმიზეზოდ ვეჩხუბებოდი.
ახლა ამას ყველაზე მეტად ვნანობ და მათ პატიებას ვთხოვ...

საზოგადოებასთან ურთიერთობის ყველანაირი სურვილიც გაქრა. დიდი ზომის სარკეში და ვიტრინებშიც კი, საკუთარი სხეულის ანარეკლს თვალს ვარიდებდი, რადგან არ მინდოდა დამენახა ჩემი ბეჰემოტივით სხეული.

მოკლედ დავიწყე დამალვა. როგორც საკუთარი თავისგან, ასევე საზოგადოებისგან. არსად გავდიოდი საერთოდ.

იმ შემთხვევებისთვის, თუ აუცილებლობის გამო მაინც მომიწევდა სადმე წასვლა, ვყიდულობდი მხოლოდ შავ, უზარმაზარ, ტომარასავით ტანსაცმელებს.
აბა, როგორმე ხომ უნდა დამემალა ჩემი სისუსტეების, უნებისყოფობის და მსუნაგობის შედეგი.

 


თუმცა ბედნიერი ვიყავი იმით, რომ რასაც მინდოდა ვჭამდი. მაგრამ, ამავე დროს ძალიან უბედურადაც ვგძნობდი თავს, იმიტომ რომ უზომოდ მსუქანი და ესე იგი მახინჯიც ვიყავი. :(
მრცხვენოდა საზოგადოებრივ ადგილებში ჭამა. მეგონა რომ ამ დროს ყველა მე მიყურებდა პირში და მკიცხავდა.
მანამდეც და მერეც არაერთხელ მსმენია, ჭარბწონიანების მისამართით გამოთქმული ფრაზები.
_უიმეეე რამსისქეა.....
_
ამხელაა და კიდევ ჭამს....
_
ამ საცოდავს სარკე არ აქვს სახლში?
_
ან დედა არ ჰყავს ან და, ან ქმარი? ვინმემ უთხრას რომ დროა გახდეს....
_
ნადა მენშე ჟრაწ....
_
ფუუუუფ... საქონელი....
და ა.შ.
მეტს აღარ ჩამოვთვლი.

მე პირადად ასეთ ფაქტს თუ შევესწარი, სასტიკი პროტესტის გრძნობა მიჩნდება ხოლმე. მზად ვარ ამ ადამიანს დავუთმო ჩემი ძვირფასი დრო და ავუხსნა რომ  ასე არაა.....
თუმცა იმასაც ვხვდები, რომ აზრი არ აქვს. რადგან, ვინც მსუქანი არ ყოფილა ის ვერასოდეს გაიგებს, ეს რა უბედურებაა.
ვერასოდეს გაიგებს რა ტკივილი დგას თითოეული ჭარბწონიანი ადამიანის უკან.
ვერასოდეს გაიგებს რატომ ვერ ხდებიან ადამიანები.
ვერასდროს მიხვდება, რომ ჭარბი წონა ტვირთია!!! მძიმედ სატარებელი, პირველ რიგში მორალური ტვირთი.

ისევ გადავუხვიე....
მოკლედ იმ პერიოდში სრულ კონფლიქტში ვიყავი საკუთარ თავთან. მის პატივისცემაზე ხომ საუბარიც აღარ იყო. მეტსაც გეტყვით, ვერ ვიტანდი ასეთ ხათუნას...

ვერ ვპატიობდი, რომ ისევ გასუქდა.
სასტიკად ვკიცხავდი ყველა უაზრო გაძღომის ეპიზოდის შემდეგ.
დაუძლეველი სინანულის და უმწეობის გრძნობა უკვე მახრჩობდა.
მაგრამ შეცვლასაც ვერ ვახერხებდი.

ჰო...და...
სრულიად მოვეშვი.
სიცოცხლის ხალისთან ერთად, ბრძოლის სურვილი და უნარიც დავკარგე და ვცხოვრობდი ასე...

მდინარის კალაპოტს მიცემული.......

ახლა ვაცნობიერებ რომ ეს დეპრესია იყო.



6. დავნებდი....

ჭარბ წონას რომ ვეღარასდროს გავისტუმრებდი, შევეგუე და მივყევი დინებას.
წონა ისევ სისტემატურად მატულობდა. მართალია წლების მანძილზე სასწორს არ ვეკარებოდი, მაგრამ შემდეგ რომ გამოვთვალე წელიწადში საშუალოდ თურმე 4-5 კგ-ს ვიმატებდი.



ესთეტიკურ პრობლემას სულ მალე ჯანმრთელობის პრობლემებიც დაერთო:
ისევ დაუოკებელი და მუდმივი შიმშილის გრძნობა, რომელიც ენდოკრინოლოგიური პრობლემებით იყო გამოწვეული.
გაუთავებელი სისუსტე, დაღლილობა, უენერგიობა...
დღისით ძილიანობა და ღამით უძილობა....
ზაფხულში ერთობ უხერხული ოფლიანობა...
ტერფების, მუხლებისა და წელის გაუსაძლისი ტკივილი.....
ხელების ფეხების და სახის შეშუპება......
ძილის დროს ხვრინვა. რაც, რბილად რომ ვთქვათ, ქალისთვის განსაკუთრებით არასასიამოვნოა. მით უმეტეს უხერხულია, როცა ამ ხვრინვის მიზეზი რაიმე სხვა სერიოზული დაავადება კი არა, ჭარბი წონა და სიმსუქნეა.
აღმართზე ან კიბის თუნდაც რამდენიმე საფეხურზე ავლისასაც "გულის ამოვარდნა" და ქოშინი.
ჭარხალივით აწითლებული, არაჯანმრთელად აღაჟღაჟებული ლოყები.....
ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად მაღალი წნევები......
მგონი ჩამოთვლა საკმარისია.

ამ ყველაფერს შეძლებისდაგვარად ვუძლებდი. თუმცა, საკუთარ თავს შიგადაშიგ მაინც შემოვუძახებდი ხოლმე და ისევ წავიდიეტებდი.


მომღერლის დიეტა კიდევ რამდენჯერმე გავაკეთე. მაგრამ მას უკვე ვეღარ ვუძლებდი.
მერე უგულავას დიეტის ბუმი იყო და ეგეც გავაკეთე...
კიდევ სუხიშვილების დიეტა იყო...
იყო ასევე კოსმონავტების, კრემლის და 18 საათიანი დიეტა.......
ასევე წიწიბურას დიეტა..............
შავი ქლიავის დიეტა, რომელმაც კუჭნაწლავის ტრაქტის პრობლემებით "დამასაჩუქრა".
წიწიბურას და მაწვნის დიეტა....
შამპანიურის და ხაჭოს დიეტა....
შავი ღვინის და კვერცხის დიეტა. რომელიც ერთ-ერთ არასასიამოვნო მოგონებად მექცა. ეს დოეტა სამდღიანი იყო და შეიძლება ითქვას მთელი ეს პერიოდი მთვრალი დავდიოდი. სხვა ზიანთან ერთად რომელიც იმ სამ დღეში ოჯახს მივაყენე, ყველაზე მტკივნეული ის იყო რომ ჩემს მცირეწლოვან შვილს სათანადო ყურადღება ვერ მივაქციე, წაიქცა და თავი გაიტეხა. ახლაც შრამი აქვს. ყოველ მის დანახვაზე გული მტკივა. მის თავთან ერთად კინაღამ მეც გამიტყდა სახელი. გატეხილ თავიანი შვილიშვილის მოსანახულებლად მოსულ ჩემს დედამთილს ჩემმა მცირეწლოვანმა ბავშვებმა გულუბრყვილოდ უთხრეს, დედამ სმა დაიწყოო. არადა საერთოდ არ მიყვარს სასმელი.
ახლაც მახსოვს ჩემი დედამთილის ეჭვნარევი მზერა.

მოკლედ, სულ დიეტების ძიებაში ვიყავი და ერთი ჩემი მეგობრის გამოცდილებასაც ვენდე და მისი რჩევით ერთ-ერთი უცნობილესი დიეტოლოგ-ნუტრიციოლოგის დიეტაც  გამოვცადე. მისი, პირადად ჩემთვის შედგენილ მენიუზე დაფუძნებული დიეტა, ისეთივე უეფექტო გამოდგა, როგორც ყველა დანარჩენი. სხვა დიეტებისგან განსხვავებით ამაში ფულსაც ვიხდიდი და ვიმედოვნებდი, ამის გამო მაინც გავხდებოდი, მაგრამ ამაოდ.
არ დავუკარგავ ამ დიეტოლოგს და გეტყვით, ენდოკრინოლოგის მსგავსად, მანაც ერთი დაუვიწყარი რჩევა-საჩუქარი გამიკეთა. მასწავლა რომ ბოლო კვება უნდა იყოს დაძინემამდე ზუსტად 4 საათით ადრე. ამ დროს ღამით, ძილის დროსაც კი ხდები!!! თუ როდესმე ამ ფრაზას წაიკითხავს უთუოდ იცნობს თავის თავს და აქედან მადლობას ვეტყვი მასაც და ჩემს ენდოკრინოლოგსაც.

ამ თემას კიდევ აუცილებლად დავუბრუბდები.

მოკლედ რომ გითხრათ, რა დიეტაც კი იმ დროისთვის გაგონილი მქონდა, ყველაფერი ნაცადი მაქვს.
ამ დიეტობების დროს, ისევ ისე, როგორც ყველა დანარჩენი დიეტის დროს ვიკლებდი რამდენიმე კგ-ს და დამთავრებისთანავე, დამშეული ისევ აწყვეტით ჭამას ვიწყებდი და მალევე ანაზღაურებულ კილოგრამებს, კიდევ რამდენიმეს ვამატებდი.

და ასე...
ისევ გაუთავებლად.....

იმის მერე მტკიდეც მწამს, რომ:
ზოგადად დიეტები იწვევს გაძიერებულ მადას და ამიტომ ძალიან ასუქებს!!!!

დიეტების პარალელურად ან მათ შორის, შიგადაშიგ, ფიზიკური დატვირთვებითაც ვცდილობდი ჭარბ წონასთან "წაკინკლავებას..."

ვვარჯიშობდი კიდეც:
კუს ტბაზეც დილაუთენია ფეხით დავდიოდი.

ყინულზე ვსრიალებდი.
ჭარბწონიანი ადამიანისთვის ეს უკანასკნელი განსაკუთრებული გამოწვევაა. მით უმეტეს როცა არ იცი სრიალი.
მკითხეთ აბა, რა ღირს ჭარბწონიანისთვის ყინულზე თუნდაც ერთი წაქცევა??? წაქცევა იქით იყოს, სხეულზე არსებული ცხიმის საფარი კიდურების მოტეხილობებისგან როგორღაც კი დაგიცავს, მაგრამ სრიალა ყინულზე, ციგურებით, ჭარბწონიან ადამიანს წამოდგომა არ გინდა????
მაგრამ იმდენად მინდოდა წონის დაკლება და იმის იმედით რომ ყინულზე სრიალი ამაში დამეხმარებოდა, თავს ვიკლავდი და სიმწრით ვსრიალებდი. ჯერ წონასწორობას ძლივს ვიცავდი და  ძალიან ხშირად ვიქცეოდი. თუმცა მიზანი იმდენად დიადი იყო, რომ რამდენჯერაც წავიქცეოდი, იმდენჯერ დიდი გაჭირვებით, მაგრამ მაინც ვდგებოდი. ეპიზოდებად მახსოვს ყინულზე თამამად მოსრიალე ადამიანების მზერა, ზოგი დაცინვით და ზოგიც თანაგრძნობით რომ მიყურებდა. ბოლოს კი ვისწავლე ყინულზე სრიალი, მაგრამ ის, რასაც იმ დროს მივხვდი სრიალის სწავლაზე გაცილებით მნიშვნელოვანია.
წაქცევა ადამიანის ცხოვრების განუყრელი ნაწილია. მაგრამ ყველა წაქცეული ადამიანი ვერ დგება...
მთავარი ის კი არაა რომ წაიქეცი, მთავარი ისაა, მოახერხო წამოდგომა
და რანდენჯერაც წაიქცევი, იმდენჯერვე უნდა წამოდგე!!!

ეს მე ყინულზე სრიალზე ადრე ჭარბ წონასთან ბრძოლამ მასწავლა!!!

მოკლედ იმის მიუხედავად რომ ჩემი და წარბი წონის ბრძოლა ამ უკანასკნელის სრული უპირატესობით მიმდინარეობდა, უკან მაინც არ ვიხევდი.

 

ეს 2015 წელს გადაღებული სურათია.
აქ უკვე ზუსტად 110 კგ-ს ვიწონი.
უხარისხო ფოტოებისთვის ბოდიშს გიხდით. მათ გასაჯაროებას არასდროს ვაპირებდი და ამიტომ დიდად სურათების ხარისხს ყურადღებასაც არ ვაქცევდი. საყვარელი ადამიანების ხათრით მაქვს ეს ფოტოები შემორჩენილი, რადგან მათთან ერთადაა გადაღებული. ისინი რომ, ეს რა შესანახი სურათია.


7. განგაში!!!

კიდევ ერთი გადამწყვეტი ამბავი, რომელიც ჭარბ წონასთან ბრძოლის დამატებითი მოტივატორი გახდა, ერთი მშვენიერი ზაფხულის მიწურულს, მანგლისში მოხდა.
სადაც მე და ჩემს მეუღლეს ზაფხულობით ბავშვები დასასვენებლად დაგვყავდა.
სეზონის დამთავრებისას თბილისში წამოსასვლელად დაქირავებული მანქანის მძღოლმა, საოცრად კრეატიულად გადაჭრა ჩემი, ბეგემოტივით ქალის და ჩემი არანორმალურად დიდი ბარგის ტრანსპორტირების ამბავი. ბავშვებისა და ჩემი მეუღლის ერთად აღებულ წონა ახლოც ვერ მოვიდოდა ჩემი და ჩემი ბარგის წონასთან. ამ ჩვენმა "კრეატიულმა" მძღოლმა, მთელი ჩვენი ზაფხულის დასვენებისთვის განკუთვნილი უამრავი ბარგი, თავისი ჯამ-ჭურჭლით, ლოგინებით, ტანსაცმლით, ველოსიპედებით და სავარჯიშოდ წამოღებული ჰულა-ჰუპებითაც კი,  მანქანის ე.წ. ბაგაჟნიკზე, უმეტესწილად ცალ მხარეს, აახორხოლავა. სოლიდური რაოდენობის ბარგმა მანქანა ისე გადაიხარა, ცოტაც და გადაყირავდებოდა. ამის მოწმეები ცოტათი დაბნეულებიც კი ვუყურებდით, მაგრამ მძღოლი ისე დავდაჯერებულად მოქმედებდა, შეკამათება აზრადაც არავის მოგვსვლია.
ბოლოს, როგორც იქნა გაგვანდო თავისი "გენიალური იდეა" და ტვირთის დასაბალანსებლად მანქანის მეორე მხარეს დაჯდომა მე შემომთავაზა!!!!!
ამ ყველაფერს თვალს ადევნებდნენ: ჩემი დიასახლისი, მეზობლები და დამსვენებლები. მათ შორის იყვნენ ჩემი ძალიან ახლო მეგობრებიც, რომლებიც ბევრი ბარგის გამო ისედაც სულ მაშაყირებდნენ და იმ დღესაც, სეზონის ბოლო დღეს, გართობის და მხიარულების მიზეზს ხელიდან როგორ გაუშვებდნენ?!
ჰოდა...
ამ შემოთავაზების მერე ისეთ სიცილ-ხორხოცი ატყდა, იმ მომენტში მიწა გამსკდომოდა და შიგ ჩავეტანე, ყველაფერს მერჩივნა....
სიმწრისგან გავწითლდი და კინაღამ, ცრემლებიც გადმომცვივდა, მაგრამ რაღა უნდა მექნა, უკან დასახევი რა გზა მქონდა?!
ზრდილობისთვის სიმწრით გავიღიმე და მანქანაში ჩავჯექი.
ჩავჯექი, მაგრამ ვაი მაგ ჩაჯდომას....
მანქანა გასწორდა.
გასწორდა კი არა, უფრო მეტად ჩემსკენ გადმოიხარა.
გარშემომყოფები ამაზე კიდევ უფრო გამხეარულდნენ. მძღოლი ამაყი იყო თავისი პროფესიონალიზმით და კრეატიულობით. მე კი ვგრძნობდი რომ ქალი კი არა, მანგლისიდან თბილისში რთულად გადმოსატანი ტვირთი ვიყავი მხოლოდ და მხოლოდ!!!
ბოლოს, როგორც იქნა, ბავშვები ჩემსა და უთვალავ ბარგს შორის, როგორღაც ჩაეკუჭნენ. მეუღლე, როგორც ოჯახის უფროსს შეეფერებოდა წინ, მძღოლის გვერდით დაჯდა და დავიძარით. დავიძარით-მეთქი კი დავწერე მაგრამ, პირველივე მცდელობაზე ამას მანქანის დაძვრას ვერც დავარქმევდი. რამდენჯერმე დასჭირდა მანქანას დაქოქვა, რომ როგორღაც ადგილიდან დაძრულიყო. ბოლოს, როგორც იქნა მოახერხა და ბობღვა-ბობღვით, უფრო მეტად ჩემს მხარეს გადმოხრილი, როგორღაც ჩამოვედით თბილისში.

მთელი გზა ხმა არ ამომიღია.
ისევ ძალიან დათრგუნული ვიყავი....

ჩემს, პირდაპირი და ირიბი მნიშვნელობით, უმძიმეს მდგომარეობაზე ვფიქრობდი......

 

ეს ფოტო, იმ შემთხვევამდე, ზუსტად რამდენიმე დღით ადრეა გადაღებული. ფერისცვალების ულამაზეს დღესასწაულზე,
მანგლისის ეკლესიის ეზოში.

ჩემი სურათებიდან მას ყველაზე მეტად ვერ ვიტან. მაგრამ მაინც ვასაჯაროებ. იქნებ ეს მაინც დამეხმაროს იმ უარყოფითი ემოციებისგან გათავისუფლებაში, რაც ამ სურათში სიცილის მიუხედავად,  ჩემს მაშინდელ მდგომარეობას ნამდვილად ახლდა.


8. ჯადოსნური ჯოხის ძიებაში

მანგლისიდან თბილისში ტრანსპორტირების ამბავმა სამუდამო დაღი დამასვა.
კიდევ ერთხელ მტკიცედ გადავწყვიტე წონის დაკლება და დავიწყე ახალი გზების ძებნა.
ზუსტად ვიცოდი, რომ დიეტებით ამას ვერ მოვახერხებდი და უკვე ყველანაირ დიეტას გამოვრიცხავდი კიდეც. მაგრამ ვეძებდი რაიმე ჯადოსნურ ხერხს, რომ თან მეჭამა და ჭამა-სმით დამეკლო.
შემხვევით ხომ არაფერი ხდება ცხოვრებაში. ჰოდა, იმხანად ტელევიზიით ყველასათვის ცნობილი სიმსუქნესთან ბრძოლის საკონსულტაციო ცენტრის რეკლამები ხშირად გადიოდა. ცოტა კი მეძვირებოდა ის თანხა, რაც მათი მომსახურება ღირდა. მაგრამ სლოგანი "გახდი აკრძალვების გარეშე" და რეკლამაში მათი ერთ-ერთი კმაყოფილი კლიენტის ღიმილით  ნათქვამი ფრაზა "ვჭამ და ვხდები" გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩემს არჩევანში.
ბევრი რომ არ გავაგრძელო მეც მათიანი გავხდი.
წელიწადზე მეტ ხანს ვიარე კონსულტაციებზე.
მათი წონის კლების სისტემაში ყველაფერი მომწონდა და მაკმაყოფილებდა, ერთის გარდა. ყველაზე რთული და ჩემთვის ფაქტობრივად შეუძლებელი, კალორიების დათვლა აღმოჩნდა. თითქოს, მათემატიკა მშვენივრად მეხერხება, მაგრამ აი მაღაზიაში მობრუნებული ხურდების და კვებისას კალორიების თვლა მთელი ცხოვრებაა ვერა და ვერ ვისწავლე. ამიტომაც ვერ დავიკელი. სამაგიეროდ სხვა უამრავი რამ ვისწავლე. მათ შორის ისეთები, ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ მნიშვნელოვნად რომ შეცვალა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ცენტრი დამეხმარა საკუთარი თავი გამეცნო და მასთან ურთიერთობა მესწავლა.

მან საკუთარ თავთან შემარიგა!!!

სრულებით არ ვნანობ იქ გატარებულ დროს და გადახდილ თანხას.
მათი უზომოდ მადლიერი ვარ!!!

ამ ამბიდან ყველაზე მთავარი ისაა, რომ გავაცნობიერე:
მე საკვებდამოკიდებული ვარ!!!

ეს კი თურმე გაუთავებელმა დიეტებმა, საკუთარი თავის მიმართ ძალადობამ ანუ აკრძალვებმა გამოიწვია.

პრობლემას სახელი რომ დაერქვა, მასთან გამკლავებაც იოლი გახდა. მათი რჩევით, იქედან მოყოლებული, ვიკვებები ყოველ 3-5 საათში ერთხელ.
ეს შუალედი არ გაძლევს იმის საშუალებას რომ ძალიან მომშივდეს და გადაძღომის ეპიზოდები მას შემდეგ უკვე აღარ მაქვს. როცა ძალიან არ მშია, საკვების მცირე ულუფაც კი საკმარისია დასანაყრებლად. ამ შუალედებით კვება უკვე ჩვევად მექცა და დიეტაზე ვარ თუ არა, მას შეძლებისდაგვარად არ ვღალატობ!

ეს ჩვევა რომ არა, ბოლოს დაკლებული - 40 კილოგრამის შემდეგ,  სულ ცოტა  52 კგ უნდა მომემატებინა.

ბევრი რომ აღარ გავაგრელო ამ ჩვევის წყალობით მაშინ წონაში მატება შევწყვიტე.

ეს კი უკვე დიდი გამარჯვება იყო. მას შემდეგ 2 წლის განმავლობაში წონაში აღარ მომიმატია, თუმცა ვერც ვიკლებდი და ამას, მიუხედავად ყველაფრისა ვერ ვურიგდებოდი.

რადგან დიეტებს უკვე აღარ ვცნობდი, ახლა ვარჯიშზე გავაკეთე აქცენტი.
ცურვაზე ვერ ვივლიდი, რადგან საკუთარი სხეულის გამოჩენა მრცხვენოდა. ამის გამო წლები გადიოდა და მიზეზ-მიზეზ ზღვაზეც კი არ მივდიოდი დასასვენებლად.
ამ კომპლექსის დასაძლევად და სხეულის ფორმების ცოტათი გაუმჯობესების მიზნით, ჩემს ერთ კოლეგასთან და "თანამებრძოლთან" ერთად გადავწყვიტე იოგათი დავკავებულიყავი.
ჩემი იქ სიარული ნამდვილად ცალკე თემააა.
წარმოიდგინეთ ბეგემოტი, რომელიც ცდილობს კატასავით გაიზმოროს.
ვერ წარმოგიდგენიათ ხომ? ასეც იყო......

ასანების შესრულებისას ხან მუცელი მიშლიდა ხელს, ხან გვერდები, ხანაც მსუქანი კიდურები.
აქლემის კუზივით ბეჭებზე კისერთან მოგდებული ცხიმგროვა და "ფრიად პატივცემული" ღაბაბი და ლოყები კისრის მოძრაობასაც კი მიზღუდავდა.
თან ეს ყველაფერი დარბაზში ხდებოდა, სადაც მართლაც რომ კატებივით მოქნილი გოგო-ბიჭები ნაირ-ნაირ გასაოცარ ასანებში ვარჯიშობდნენ.
თანაც ჩემს ჯინაზე მთელი კედლის გაყოლებაზე უზარმაზარი სარკეც ეკიდა და ჩემი სურვილის არ ქონის მიუხედავად, ტანწერწეტა, მოქნილ სხეულებს შორის, ყოველწამს თვალში ვიღაც მოუქნელი, ისევ და ისევ შავებში ჩაცმული, მობეგემოტო არსება მხვდებოდა, რომელიც უმწეოდ რაღაცას ხლაფორთობდა. ამას კიდევ ის ემატებოდა, რომ მოვარჯიშეები შიგადაშიგ მალულად მიმზერდნენ. ნამდვილად ვერ ვიტყვი რომ ეს დამცინავი მზერა იყო. უფრო გაოცებას გავდა. ალბათ თვლიდნენ რომ ჩემი ადგილი მათ შორის არ იყო.
ეს ყველაფერი იქით იყოს და ვარჯიშის დროს იოგას რთული პოზების შესწავლას ვინ ჩიოდა, იმ მომენტში ყველაზე დიადი მიზანი წონასწორობის შენარჩუნება იყო. აბა ამხელა მასას იოგას თუნდაც უმარტივეს "ხის პოზაში", ერთ ფეხზე დადგომას რომ მოსთხოვ, დადგება? რა თქმა უნდა, ვერა.
ჰოდა მეც ვკარგავდი და ვკარგავდი წონასწორობას....
ჩემი ჭარბი წონასავით ხან აქეთ გადმოვარდებოდი, ხან იქით....
ბევრი რომ არ გავაგრძელო ამ იოგამაც ვერაფერი მოუხერხა ჩემს წონას. შეიძლება პირიქითაც ითქვას. სწორედ ჭარბი წონა იყო იმის მიზეზი, რომ იოგათი სრულებით ვერ ვისიამოვნე და მალევე თავიც დავანებე.

ისევ დავიწყე კლების მეთოდის ძებნა.
ბევრი ძიების შემდეგ ტრენაჟორი ამოვიჩემე. ჩავთვალე რომ ეს იქნებოდა ჩემი მხსნელი და ე. წ. ველო-თხილამური შევიძინე. მაგრამ ხომ გაგიგიათ უნახავმა რა ნახაო.
ყოველგვარი მომზადებისა და გახურების გარეშე გიჟივით ვვარჯიშობდი ამ ტრენაჟორზე და მანაც, სულ მალე მუხლების ტკივილით "დამასაჩუქრა".

„თუ კაცსა ცოდნა არა აქვს დასტანჯავს წუთისოფელიო“, ზუსტად ასე იყო ჩემი საქმე. მოკლედ მალევე მივხვდი რომ ტრენაჟორებით გატაცება პროფესიონალი ტრენერის გარეშე არ ღირს და შევეშვი.

დარბაზში სიარული კი აღარ მინდოდა. რადგან იოგას დარბაზში მიღებული ნეგატიური გამოცდილებას თავისას შვებოდა.

დრო კი ისევ და ისევ მსუქნობასა და მასთან ბრძოლის ხერხების ძებნაში გადიოდა.

ამასობაში კი...


ელფოსტაბეჭდვა