ცურავენ სირინოზები შავ ზღვაში?
ცურავენ სირინოზები შავ ზღვაში?
ცურავენ სირინოზები შავ ზღვაში?
09 მაისი, 2020 წ.

ნაწილი პირველი

დაუპატიჟებელი სტუმარი

ორმოცდახუთმა წელმა ისე ჩაიარა მარტოს მატარებლით არასდროს მიმგზავრია. ნეტავ, ამის გარდა  არაფერი მქონდეს სანანებელი.

თბილისიდან ბათუმისაკენ მიმავალი ლიანდაგს ათი წუთის დაგვიანებით დაადგა. მზე თვალს მიეფარა. რამდენიმე წუთში უკუნიც ჩამოწვება. ძილი ამ ღამით მაინც არ მიწერია - იქნებ, მთვარემ მაინც გამოანათოს. სინათლე მიუძღვნას სიჩუმედ ჩამოწოლილ დაისს. ეგებ, ეს ღამეც ყველა სხვა დანარჩენს არ ჰგავდეს. ძალიან მინდა ყველაფრის გახსენება შემეძლოს,

სანამ აურზაური არ ჩაწყნარდება მცდელობას აზრი არ აქვს. კიდევ კარგი, ჭკუას მოვუხმე  - „კუპე“  მოვითხოვე. მე ცნობილი კაცი ვარ, ტელევიზორშიც ხშირად ვჩანვარ- ეს კი .როგორც მოგეხსენებათ, პატივისცემის უეჭველი მიზეზია. შესაბამისად,  მსგავს თხოვნებზე უარს. არავინ მეუბნება. ალბათ, ფიქრობდნენ საქმიანი ვიზიტი აქვს და სიწყნარე სჭირდებაო.

მავანს უთქვამს ადამიანი სიმართლეს ტყუილზე მეტად უფრთხისო. მაგრამ რა შეიცვლებოდა ვინმეს სიმართლე რომ სცოდნოდა? ნაბიჯი წინაა გადადგმული, უკან დახევა - დაგვიანებული.

მგზავრობის პირველი ოცი წუთი არც ისე სახარბიელოდ გავატარე. ერთი ბავშვის ტირილს მეორე ანაცვლებდა. როგორი აუტანელია! არადა იყო დრო, როდესაც ბავშვის ტირილი ეჟვანის ხმად ჩამესმოდა. ტელეფონს ვწვდი. ლენას ნომერი ავკრიფე. ვცადე გამახსენებინა ხშირად ტიროდა თუ არა ლენა პატარაობისას. მე ვერ გავიხსენე, ლენამაც არ მიპასუხა. მეორედ ვცადე - მან კი გამითიშა.

რაღას გავაწყობდი, ტელეფონი გადავდე. ლენა ჭკვიანია - იცის როგორ დამსაჯოს. საკითხავია ვიმსახურებ თუ არა ამ სასჯელს. ალბათ, ვიმსახურებ. საკუთარი შვილი თუ გიმეტებს  რაღაცას აუცილებლად არასწორად აკეთებ.

სიჩუმის ჩამოწოლასთან ერთად, ჩემი სხეულის ყოველი კუთხე-კუნჭულიც მგზნებარე მღელვარებამ შეავსო. ნეტავ, რას ვუპასუხებდი, ვინმეს ჩემი მოგზაურობის მიზეზის გაგება რომ განეზრახა? ალბათ,  მშობლიურ ქალაქში დარჩენილი ახლობლების მონახულებას მოვიმიზეზებდი. რამდენიმე ამბავსაც მოვუყვებოდი ჩემი ბავშვობის შესახებ. - ასე ეჭვსაც ვერავინ შეიტანდა ჩემს სიმართლეში.

მე რომ ტყუილი არ მიყვარს? ხანდახან მაინც საჭიროა. აბა, როგორ გინდა აუხსნა ვინმეს, რომ თბილისიდან ბათუმში გვიან ღამით წასვლა მკვლელობის ჩასადენად გადავწყვიტე?

ესეც ასე - თურმე ყველაფრის მიზეზიც მცოდნია. ძალიან ბევრი წელი დამჭირდა, რომ ამ სურვილში საკუთარ თავს გამოვტყდომოდი. წამით მომეშვა,  შემდეგ კი გულიანი სიცილი, უფრო სწორედ, ხარხარი ამიტყდა. მე უნდა მოვკლა ადამიანი. რამდენჯერაც ეს წინადადება გავიმეორე, იმდენჯერ გამიჭირდა სიცილის შეკავება.

ღმერთო ჩემო, რამდენიმე წლის წინ ვინმეს, რომ ეწინასწარმეტყველა ჩემი ცხოვრება, უეჭველად ჭკუიდან შევიშლებოდი.

კარგი არაა, როდესაც ცხოვრება  მოწყენის საშუალებას არ გაძლევს?

კეთილი, რადგანაც მიზანი დასახულია ჯობს ყველაფერი ავწონ-დავწონო.

მაშ ასე :

პირველ რიგში ბათუმში ჩასვლის შემდეგ მისი ადგილსამყოფელი უნდა დავადგინო. არა, მეტი უნდა მეფიქრა! იქნებ საერთოდაც აღარ ცხოვრობს ბათუმში?  ან  როგორ  უნდა ვიცნო? მისი სახე ამდენი წლის შემდეგ შეიცვლებოდა. მის სახელსა და გვარს რა დამავიწყებს, მაგრამ მაინც ხომ არსებობს ალბათობა იმისა რომ შევცდე?

წყეულიმც იყოს! ასეთი დაუგეგმავი ნაბიჯი ცხოვრებაში არასდროს გადამიდგამს.

იქნებ, მინდა ბათუმს დავუბრუნდე და იქ არ დამხვდეს?  მაშინ თავს ვალდებულებას აღარ ვიგრძნობდი. საერთოდ ვინ დამაკისრა ეს წყეული ვალდებულება? პასუხი ისეთი აშკარაა - ვინ დამაკისრებდა საკუთარი თავის გარდა?

კეთილი, ვთქვათ  ვიპოვე - რით ან როგორ ვაპირებ მის მოკვლას? დანით გავუსწორდე და შემდეგ დაველოდო სისხლით როდის დაიცლება? კარგი ბატონო, მაგრამ ეს ხომ მე არ მგავს? რაიმე სწრაფი და შედარებით უმტკივნეულო უნდა მოვიფიქრო. არადა, ძალიანაც მინდა მისი განწირული კივილის მოსმენა. მინდა უყუროს, როგორ ცურავს სისხლში. სიკვდილი ინატროს, რათა ტკივილი მოინელოს - მან ეს ყველაფერი დაიმსახურა, მაგრამ ეს მე სიამოვნებას სულაც არ მომანიჭებს. ალბათ, მეც მასთან ერთად მოვკვდები. ხომ ცხოვრობს ჩემში კიდევ რაღაც, რომელიც მახსენებს თუ ვინ ვიყავი ან ვინ მინდოდა ვყოფილიყავი?

რაიმეს დაგეგმვა ახლა აზრსმოკლებულია. მე ხომ არ ვიცი რა ვითარებაში მოგვიწევს ერთმანეთთან შეხვედრა, თუმცა მეეჭვება რაიმეს მოფიქრება გამიჭირდეს. თურმე მკვლელების დაცვასაც რაღაც სარგებელი ჰქონია! რა თქმა უნდა, ფინანსური მოგების გარდა.

გვრჩება მთავარი კითხვა, რომლის საკუთარი თავისთვის დასმასაც  ვერიდები - რას ვიზამ შემდეგ? წარმოდგენა არ მაქვს. მგონი, გარემოება  თვითონ გასცემს პასუხს ამ უკანასკნელს.

მშვენიერია. ბრავო, ელია! ყველაფერი დაგეგმილია. უფრო სწორად, არაფერია დაგეგმილი.

კეთილი, ვინაიდან და რადგანაც, ვერაფერი დამიგეგმავს თვალებს დავხუჭავ, გონებას დავძაბავ და ყველაფერს გავიხსენებ. რამდენი წელია გასული? თითქმის ოცდაათი. რა სამწუხაროა, რომ ამდენი წლის გნმავლობაში არავინ შემხვედრია, ვისაც ჩემს ამბავს ვუამბობდი. ისღა დამრჩენია დარდი საკუთარ თავს გავანდო. ახლა, ტყუილს მნიშვნელობა აღარ აქვს. დრო მოვიდა გულწრფელი ვიყო.

„პირველად, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში“ - ამატებს ჩემს თავში მივიწყებული უცხო ხმა, რომელიც .შემიძლია დავიფიცო, დამცინის.

***

ხშირად, მიცდია გამეხსენებინა, თუ რომელი იყო ჩემი პირველი მოგონება.

დეკემბრის შუა რიცხვებში დავიბადე. ორსულობის მეშვიდე თვეს. არავინ ელოდა ჩემს გადარჩენას, თუმცა ხომ ამბობენ რაც გიწერია არ აგცდებაო. დედა მშობიარობის შემდეგ შეუძლოდ იყო, ჩემთვის სახელის დარქმევა მამას დაევალა. მისი თქმით, როგორც კი დამინახა, გადაწყვეტილება მაშინვე მიიღო - ელია დამარქვეს. ელია ბოლქვაძე.  კი, გვარს დიდად არ უხდება და სიმართლე გითხრათ, თავიდან საერთოდაც არ მომწონდა ჩემი სახელი; შემდეგ- შევეჩვიე.

„როგორც სხვა დანარჩენს“ - ნეტავ, გამარკვია საიდან მოდის ეს ხმა.

მამაჩემი რამდენჯერმე ყმაწვილობისას გამომიტყდა, რომ ჩემი დაბადების შემდეგ უძილობა ჭამდა. რატომღაც ფიქრობდა, რომ ამ დიდ გამართლებას აუცილებლად უბედურება უნდა მოჰყოლოდა, ამიტომაც იჩენდა ჩემს მიმართ ყოველთვის ზედმეტ მზრუნველობას. მართალიც იყო, თუმცა ამავდროულად ცდებოდა - მე არ ვიყავი ის, ვინც ავბედითობას მსხვერპლად აერჩია.

ორი წლის ვიქნებოდი, როდესაც დედის დაავადების შესახებ შეიტყვეს. რა თქმა  უნდა, ეს ყველაფერი მხოლოდ გადმოცემით ვიცი, მაგრამ შემიძლია დავიფიცო, რომ სწორედ ამ დროით თარიღდება  ჩემი პირველი მოგონება :

სიმსივნეს მის სხეულში უკვე იმდენად ღრმად  გაედგა ფესვები, რომ მკურნალობას აზრი აღარ ჰქონდა, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ მკურნალობის დაწყებას დედა არც მოისურვებდა. მე ხომ მისი ნაწილი ვარ. შეგიძლიათ თქვათ, რომ თავს ვიმშვიდებ ანდა უბრალოდ სენტიმენტალური ვარ - როგორც გენებოთ! ეს არაფერს შეცვლის.

...იქნებ, დედას ეკუთვნის ხმა, რომელიც გონების მიყრუებული კუთხიდან მესმის? ღმერთო! რას იფიქრებდა ახლა რომ დავენახე? დედი, თუ მიყურებ მაპატიე, არ გამკიცხო, გამიგე.

იმის მიუხედავად, რომ არავის სჯერა შემდეგს დღემდე ნათლად ვხედავ :

უშველებელი ოთახი. ჩახუთულობა. ბრდღვიალა ჭაღი. ხმაურიანი ფუსფუსი. მარჯვენა კედელთან ერთადგილიანი საწოლი; ზედ კი ძალამიცლილი, თეთრშიმოსილი დედა. სად იყო მამაჩემი ვერ ვიხსენებ, თუმცა ის ზუსტად ვიცი, რომ საწოლისაკენ წასვლა აზრადაც არ მომსვლია. ხალხი გადი-გამოდიოდა. სახე არავის ჰქონდა, ყველას თეთრი ემოსა. სახეწაშლილი ანგელოზები გინახავთ? აი, რაღაც მსგავს გარემოცვაში ვიყავი.  ბოლო, რაც დავინახე იყო სისხლი, რომელიც დედაჩემს ცხვირიდან სდიოდა. ალბათ, საჭირო აღარც არის, მაგრამ მაინც ვიტყვი - დედა ამ დღეს გარდაიცვალა.

ამის შემდეგ თითქოს სივრცე შავ ლაქას შეეჭამა - ვერაფერს ვიგონებ რამდენიმე გაცრეცილი სურათის გარდა, რომლებიც წამიერად ჩნდებიან, მაგრამ გარჩევას ვერ ვასწრებ. არც დედის ხმა მახსოვს, არც მისი სურნელი, საერთოდ არაფერი ვიცი მის შესახებ იმ გრძელი ამბების გარდა, რომლებსაც მამა ძილის წინ მიამბობდა.

ვიგონებ როგორ გადავედით ახალ სახლში. შედარებით პატარაში, თუმცა ზღვასთან ახლოს. ვასილის აზრით, დანაშაული იყო გეცხოვრა ბათუმში ისე, რომ ფანჯრიდან ზღვა ვერ დაგენახა. ბრძენი იყო მამაჩემი.

შემიძლია ახლაც  დაზუსტებით აღვწერო სამზარეულოს მაგიდაზე მდგარი ლურჯი, მაღალყელიანი ლარნაკი. ყოველ დღე მომქონდა სახლში მინდვრის ყვავილები. დედას ხომ ისინი ძალიან უყვარდა. ვაღებდი ფანჯარას და ვაკვირდებოდი, როგორ ეთამაშებოდა ზღვის ტალღებისაგან მომავალი ბრიზი მათ ფოთლებს.

ერთი საიდუმლო მქონდა, რომელიც არავისთვის გამიმხელია.

„თითქმის არავისთვის“ - შემისწორა.

-ხო, რა მნიშვნელობა აქვს! - ჩემდაუნებურად ხმამაღლა ვუპასუხე. გარშემო მიმოვიხედე - არავინ იყო ან ვინ უნდა ყოფილიყო? მგონი ზედმეტად დაძაბული ხარ, ელია.

ჰო,  ჩემს საიდუმლოს დავუბრუნდეთ - სირინოზების არსებობის მჯეროდა. ე, რა სულელი ვიყავი! ხანდახან, იმასაც ვფიქრობდი, რომ დედაც სირინოზად იქცა და  წყალს გაჰყვა. შორს, ამოუცნობისკენ. ღრმად, შავ ზღვაში. იქ, სადაც მთვარე ჩადის და საიდანაც მზე ცაში ადის. ფარჯარაში ვიყურები - ამაღამ, ყველაფერი სქელ ღრუბლებშია დამალული. ნეტავ სად არიან მზე და მთვარე?

სწორედ ჩემმა საიდუმლომ მიბიძგა მნიშვნელოვანი მიზანი დამესახა - სირინოზები უნდა მეპოვნა! ცურვის სწავლა დავიწყე. ყველასგან მალულად, ჩემით. ბაღში არ მივლია. ვასილი საღამომდე სამსახურში იყო. შესაბამისად დრო თავზე საყრელად მქონდა.

ვასილის ჩემი მარტო დატოვება არ აშინებდა. მაშინაც კი, როდესაც ძალიან პატარა ვიყავი. ალბათ, მენდობოდა ან სჯეროდა, რომ ასაკთან შედარებით საზრიანი ვიყავი.

კვლავ ტელეფონს შევხედე. ამჯერად შეტყობინება გავაგზავნე. „სად ხარ ლენა? მიპასუხე!“

ყოველ დილით ვვარჯიშობდი. მინდოდა ,რაც შეიძლებოდა, შორს გამეცურა.  მოუთმენლობას არ ვაძლევდი უფლებას შევეცდინე. ვასილის ხომ ბევრი მეზღვაური მეგობარი ჰყავდა - მათაც არ ელეოდათ საშინელი ამბები ღრმა წყლების შესახებ.

მაინც მაგარი ოინბაზია ვნება! რამდენიმე კვირაში მოცდით დავიღალე. გადავწყვიტე, რომ მზად ვიყავი და აი, დადგა ნანატრი წამიც -  ჩვეულზე ღრმად შევცურე. არ ვიცი შიშის დამსახურება იყო თუ მღელვარების, მაგრამ გული ისეთი სისწრაფით მიცემდა, მეგონა, რომ სადაც იყო დავიხჩობოდი. ტივტივამდე შეუსვენებლად გავცურე, შემდეგ მაგრად მოვეჭიდე. სუნთქვის მოთქმა ვცადე. რა სასაცილო ვიქნებოდი ტივტივას ჩახუტებული. როდესაც ამოსუნთქვებს შორის ინტერვალი შემცირდა, ხელი გავუშვი, შეძლებისდაგვარად ღრმად ჩავისუნთქე  და სილურჯეში თავით გადავეშვი. იმ დროს ერთადერთი სურვილი მქონდა - წყალში უკეთ დამენახა. რა მოხდებოდა ჩემს გვერდით სირინოზს რომ გაეცურა მე კი ვერ შემენიშნა? ასეთი სისულელეებით მქონდა თავი დატვირთული და რაღა გასაკავირია, რომ ზედმეტად ღრმად ჩავყვინთე. კიდევ კარგი, რამდენიმე კვირიან ვარჯიშს შედეგი გამოეღო, თორემ თევზის საკვებად გადავიქცეოდი, რაც არც ისე ურიგო იქნებოდა, იმის გათვალისწინებით, რომ თავიდან არა ერთ სადარდებელს ავიცილებდი.

არ ვიცი, როგორ, მაგრამ ამოყვინთვა შევძელი. ტივტივას მაგრად მოვეჭიდე, მაგრამ ნაპირამდე გასასვლელად ძალა აღარ შემრჩენოდა. ყვირილი დავიწყე. უკვე თვალებში მიბნელდებოდა, როდესაც დავინახე რამდენიმე სილუეტი ჩემკენ როგორ მოცურავდა.

თვალები რომ გავახილე ნაპირზე ვიყავი. ყველა გარს მეხვეოდა. მამა ვერ დავინახე. მაშველებს ვთხოვე მისთვის არაფერი ეთქვათ. ნამდვილად დასაფასებელია - ეს პირობა შეასრულეს.

ასე ჩაიარა სირინოზების პოვნის პირველმა მცდელობამ. ამ დღიდან ორი რამ დამრჩა სამუდამოდ სამახსოვროდ - ნაიარევი ხელზე, რომელიც ღმერთმა უწყის საიდან გაჩნდა და... არ ვიცი ხედვა დავუძახო? არა, ალბათ, უფრო სიზმარი.

სად ხარ წყეულო ხმავ, როდესაც შესაფერის სიტყვებს ვერ ვპოულობ?!

კეთილი, აღარ დაგეკითხები! სიზმარი ვუწოდოთ.

მაშ ასე სიზმარი ასეთი იყო :

ფსკერისაკენ თავით ვეშვებოდი. სისველეს ვეღარ ვგრძნობდი, აღარც უჰაერობა  მაწუხებდა, პირიქით, ჩვეულზე ღრმად ვსუნთქავდი. მარილი თვალებს მიწვავდა, თუმცა არ ვნებდებოდი. ვცდილობდი რაიმე დამენახა და მეც დავინახე ლურჯ-მწვანე ნათება, რომელიც ქვევით მიხმობდა. არ მეშინოდა. რთულია იმის გადმოცემა, თუ რას ვგრძნობდი, თუმცა ის იმდენად სასიამოვნო იყო, რომ მის გასახანგრძლივებლად უარს ყველაფერზე დაუფიქრებლად ვიტყოდი.

თავიდან თავს უეჭველად  მახეში გაბმულს შევადარებდი, არამცდაარამც, ტალღა მეხუტებოდა, მთელ სხეულზე მელამუნებოდა. ალბათ, დედის ალერსის გემო რომ მცოდნოდა, სწორედ მას მივამსგავსებდი. მე მისი ნაწილი ვიყავი. არაფერზე ვფიქრობდი. ზღვა ჩემში იღვრებოდა და ,პირიქით, მე ვიღვრებოდი მასში.

„თვალები დახუჭე“ - ვიღაც ჩურჩულებდა, მეც დავემორჩილე. ვცადე საკუთარი თავი წარმომედგინა. სილურჯეში გახვეული, ხუთი წლის ბიჭი

ახლა ძალიან თამამი მეჩვენება ეს სიტყვები, მაგრამ ჯანდაბას ჩემი ხომ არავის ესმის - ძალიან ბედნიერი ვიყავი!

ხელი წინ წავწიე. მინდოდა ნათება თითებს შორის მომემწყვდია, როდესაც ტკივილი ვიგრძები. თვალები უმალ დავჭყიტე, თუმცა მუქი ფარფლისა და ზღვისფერს შთანთქმული საკუთარი სისხლის მეტი ვერაფერი გავარჩიე.

არ შემშინებია.

რა თქმა უნდა, ეს სიზმარიც არავისთვის მომიყოლია.

რამდენიმე წამი ვჩერდები - ხმა ჩუმადაა. ესე იგი, მართლა არავისათვის.

***

საათს დავხედე. ჯერ თხუთმეტი წუთი გასულიყო, მე კი თითქოს ცხოვრების რამდენიმე წელი თავიდან გავიარე. ნეტავ სად ვართ? რა მნიშვნელობა აქვს. ბათუმი ჯერ კიდევ შორსაა. იმაზე უფრო გრძელი გზა მელის, ვიდრე წარმომედგინა.

ალბათ, ღამის წყვდიადი, რომ არა ფანჯრის ცქერისას დამეძინებოდა. მიყვარს ხეები ტალღებად რომ გარდაიქმნებიან და უკან რჩებიან. მწვანის მრავალი ნაირსხვაობა ერთმანეთს ერევა და ყველა ხმა სადღაც იკარგება. მხოლოდ ჩვენ ორნი ვრჩებით. ერთმანეთის პირსპირ - მე და მწვანე.

ის ის იყო თვალი დამეხუჭა, რომ ტელეფონის ხმამ შემაფხიზლა. ისე ავნერვიულდი, რომ ხელიდან გამივარდა. კი, ლენა იყო. ის ხომ დიდ ხანს ვერ მიბრაზდება. შეტყობინება გამოუგზავნია - არ ინერვიულო, დედასთან ვარ. წარმომიდგენია, რამდენი ხანი იფიქრებდა რა მოეწერა ან საერთოდ მოეწერა თუ არა. ო, ამაში ნამდვილად მე მგავს. ყოველ სიტყვასა და მოქმედებას წონის. დავმშვიდდი, თუმცა პასუხის გაცემა საჭიროდ აღარ ჩამითვლია.

ცხოვრებაში ყველაფერს ვერ დაგეგმავ.  კარგი იქნებოდა ეს  ლენასთვის ერთხელ მაინც მეთქვა.

არა რა, ყველას უყვარს საკუთარი მშობელი!  მაგრამ მე ჯერ კიდევ ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება გიყვარდეს ის, ვინც მე ჩემი თავისაგან შევქმენი. უფრო სწორად, ის ვინ ჩემგან ცხოვრებამ შექმნა.

ნეტავ, როგორია ახლა ჩემი სახლი? მისი გაყიდვა აზრად არასდროს მომსვლია, თუმცა მამის გარდაცვალების შემდეგ იქ არც ერთხელ ვყოფილვარ. ის სავსე იქნება მრავალი სიჩუმედ გარდაქმნილი ბგერით და ხავსად ქცეული სინანულით. ჩასვლისას ჯერ მის მოსანახულებლად გავივლი, თუმცა ამჯერად ვერც სიცილ-კისკისის ხმებს გავიგონებ და არც მამაჩემის ნაქები ლობიანის სურნელი შემომეგებება. ეჰ, სტუმრები ვასილის ძალიან უყვარდა. საკუთარი მეგობრებიც. ალბათ, მათ მისცეს ძალა დედის დანაკარგი გადაეტანა.

ერთხელ ყმაწვილობისას მიხმო. თვალი ამარიდა. ასე ჩვეოდა მაშინ, როდესაც საყვედური უნდა ეთქვა ან რაიმე ესწავლებინა. ახლაც, როდესაც მამას ვიხსენებ, სწორედ ეს დღე მახსენდება - ხშირი, შავი, ჭაღარანარევი თმა, უსწორმასწოროდ გაზრდილი წვერი. როგორი დაბერებულიც არ უნდა ყოფილიყო მამაჩემი, მისი თვალები არასდროს იცვლებოდნენ. ეს სხივი ბოლომდე მიჰყვა.

მენატრები მამი.

გრძელი მონოლოგი დაიწყო. იმის შესახებ თუ, რამდენად მნიშვნელოვან იყო მეგობრობა.   ის ნერვიულობდა, რომ რადგან ბაღში არ დავდიოდი, მეგობრების შეძენაც გამიჭირდებოდა. არც მის ახლობლებს ჰყავდათ ჩემი ასაკის შვილები. ყურადღებით ვუსმენდი, თუმცა ეს ყველაფერი მე არ მანაღვლებდა. ჩემთვის ხომ მხოლოდ ერთი რამ იყო მნიშვნელოვანი - სირინოზების პოვნა.

...როგორ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სწორედ მათი ძებნისას შევიძინე ჩემი პირველი მეგობარიც :

დღედღეზე, სკოლაში უნდა წავსულიყავი. ბოლო მცდელობის შემდეგ ღრმად აღარ გამიცურავს- ვარჯიშს დავუბრუნდი. მეტ ყურადღებას სუნთქვას ვუთმობდი. დაღლილი ნაპირს გამოვედი, როდესაც ჩემზე დაბალი ქერა ბიჭმა დამიძახა :

შემაქო - კარგად ცურავო. მეც შევიფერე და ჩემი ვარჯიშის განრიგი გავანდე. იმითაც დავიკვეხნე, რომ ცურვა ჩემით ვისწავლე, თუმცა ბათუმში ეს არავის უკვირდა. აი, მას კი წყლის ეშინოდა. ეს უფრო იშვიათია.

რა თქმა უნდა, მისთვის არც მაშინ მომიყოლია ჩემი მიზნების შესახებ და  ეს არც მრავალი წლის შემდეგ გამიკეთებია. შეიძლება არც დაიჯერა, როდესაც ვუპასუხე, რომ განძს ვეძებდი, თუმცა,  ძალიან ბევრი წლის წინ ლევანთან შემთხვევით შეხვედრისას, ის გამომიტყდა, რომ ჩემი წყლისადმი სიყვარული ვერაფრით აეხსნა. მეც გამოვუტყდი, თუ რა ვერ ვაპატიე, მაგრამ ეს სულ სხვა ამბავია.

პირობა ჩამომართვა, რომ თუ ოქროს მივაგნებდი მას გავუნაწილებდი, ის კი ყურადღებას მომაქცევდა, რომ მევარჯიშა. ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით. რასაკვირველია, რომ  დავთანხმდი - ეს ხომ მხოლოდ ტყუილი იყო და სიმართლე ითქვას მარტოს სანაპიროზე ბოდიალი და ყვინთვა არც ისეთი სახალისო საქმიანობაა.

...საბოლოო ჯამში, ვერც განძს მივაგენი და ვერც სირინოზებს, სამაგიეროდ ვიპოვე მეგობარი, რომელიც ბათუმიდან წამოსვლისას  სხვა გამოუსადეგარ ნივთებთან ერთად დავტოვე.

ვისი ბრალია? არც ვიცი. არც ხმამ იცის.

***

ჩემი და ლევანის დამეგობრების ამბავმა მამა ძალიან გაახალისა. რა თქმა უნდა, არც მისი მშობლების მოძებნა გაუჭირდა და ალბათ, ისიც თავიდანვე გადაწყვიტა, რომ ერთ სკოლაში, ერთ კლასში უნდა ვყოფილიყავით. არა იმიტომ, რომ ჩემს სკოლაში გაშვებაზე ღელავდა. მე ფიცხი არ ვიყავი და შეიძლება ითქვას, რომ უცხოებთან საერთო ენასაც მარტივად ვპოულობდი.

ხანდახან ვფიქრობდი, რომ მამას მარტოობამ ღრმა დაღი დაასვა და მეც იგივეს არ მისურვებდა. მაგრამ განა მამაჩემის მსგავს ძლიერ ადამიანს მარტოობა მოტეხდა? არც ახლა მესმის  და არც მაშინ მესმოდა მისი მღელვარების მიზეზი. ეს კი ნამდვილად ჩემი ბრალია -  ბევრჯერ ვცადე ამ კითხვის დასმა, მაგრამ არ მინდოდა ჩემთვის თვალი აერიდებინა და კლვავ გრძელზე გრძელ მონოლოგს მოჰყოლოდა.

სკოლაში წასვლა არ მიხაროდა. ეს კი იმის გამო იყო, რომ ჩემმა ფილოლოგმა ბებიამ წინა დღეს ღრმად ჩამინერგა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო განათლება და რამხელა მოვალეობა მეკისრა. ეს სიტყვები არაფრად ჩამიგდია, თუმცა სადღაც მაინც შიში დამებადა.

სკოლა სახლიდან არც ისე შორს იყო. შენობა კოპწია, დერეფნები მოწესრიგებულნი, საკლასო ოთახი პატარა, მაგრამ ნათელი - აი, ამ ყველაფრის გახსენებისას მთავარს მივუახლოვდი და ვიგრძენი, როგორ ამეწვა კანი.

სიტყვებისათვის თავის მოყრა მიჭირს. ღმერთო ჩემო, ნუთუ, კვლავ არ ვარ მზად, რომ ამ ამბებს თვალი გავუსწორო?

მოკლე შესავალს გავაკეთებ. მე ხომ ძალიან მიყვარს შესავლები.

„გრძელი შესავლები“- ისევ მისწორებს და მე უკვე აღარ მაინტერესებს ვის ეკუთვნის ან საიდან მოდის ეს ხმა, რადგან შევეგუე, რომ ის ერთადერთია, ვისაც ჩემი მოსმენა და გაგება ძალუმს, ასე რომ ამ ამბავსაც სწორედ რომ  ვუამბობ.

ვერ ვიტყვი რომ გაჭირვებაში გავიზარდე. არც გათამამებული ვიყავი, მაგრამ არც არაფერი მაკლდა. ასეთი დროება იყო - ოჯახის რჩენა თუ შეგეძლო მადლობელი უნდა ყოფილიყავი. მახსოვს ერთხელ  მეშვიდე კლასში ბავშვთა სახლში წაგვიყვანეს. ჩვენს დამრიგებელს, ქალბატონ თამარს ჩვენში ფილანთროპიის სურვილის ჩანერგვა სურდა. ძველი ტანსაცმელი შევაგროვეთ,  მე ბევრი ვერაფერი ვიპოვე -  მხოლოდ რამდენიმე პერანგი და ორი წყვილი ფეხსაცმელი. სამაგიეროდ, ფული ავაგროვეთ და ბევრი სათამაშო ვიყიდეთ. ძალიან სასიამოვნო საღამო გავატარეთ ობლებთან. ღმერთო, რა საშინელი სიტყვაა! თუმცა იმ დღის შემდეგ, დღემდე რამდენჯერაც ჩემს თავს ვეკითხები არსებობს თუ არა რაიმე წმინდა, მახსენდება მათი ღიმილიანი სახე, რომელმაც მაშინ ძალიან დამასევდიანა.

იმ დღეს ჩემს თავს  ორი რამ შევფიცე : პირველი - თუკი, შესაძლებლობა მექნებოდა აუცილებლად ბევრ გაჭირვებულს დავეხმარებოდი და მეორე - ჩემს შვილს ექნებოდა ყველაფერი, რასაც მოისურვებდა. მხოლოდ მეორე შევასრულე, მაგრამ ლენას სახეზე მათი მსგავსი ღიმილი არასდროს მინახავს. ყველანაირ შემთხვევაში, ჩემთვის გაღიმებულს არასდროს შემოუხედავს.

სკოლის შესახებ ბევრი არაფერი დამამახსოვრდა. მხოლოდ უმნიშვნელო მოვლენები, რომლებსაც დღევანდელობასთან საერთო არაფერი აქვთ. კარგი მოსწავლე ვიყავი. ზომიერად ცელქი. არა, ახლა ამის დრო არ არის - მოუთმენლობა მჭამს ან ვინ მისმენს საკუთარი თავის გარდა? მგონი გაუცნობიერებლად მინდა, რომ ეს ამბავი უფრო პოეტურად ჟღერდეს.

...ამ ამბავს ისევე არ ეღირსება მსმენელი, როგორ მე გამგები.

ის, რაც გადამხდა, არც არასდროს დამვიწყებია. მაშ, რატომ ვიტანჯავ თავს ამ ტკივილის გახსენებით? შეიძლება მჯერა, რომ ყველა დეტალის გახსენებით რაიმე დასკვნის გაკეთებას შევძლებ.  მე ხომ ძალიან ადრე მწამდა, რომ ჭეშმარიტება წვრილმანებში იმალებოდა. თუმცა სხვა მიზეზიც უნდა არსებობდეს - რამდენიმე საათის წინ, როდესაც ბათუმში წასვლა გადავწყვიტე, ვერაფერი ვიგრძენი და შემეშინდა. პირველად, საკუთარმა სიცივემ შემაშინა. სარკეში ჩავიხედე. ის ნაკვთები დავინახე, რომლებსაც ამდენი წლის განმავლობაში ვქმნიდი. მე ხომ მინდოდა ჩემი გამოხედვა ბასრი ყოფილიყო. ასეც არის, მაგრამ მაშინ უნდა დაისვას ერთი კითხვა - თუ საბოლოოდ გავხდი ის, ვინც მინდოდა ვყოფილიყავი, რატომ ვიხსენებ ამ ამბავს, იმ იმედით, რომ ყველა გრძნობის სახელი გამახსენდება და ვიგრძნობ , რომ კვლავ ცოცხალი ვარ?

მე ამბავს მოვყვები, დასკვნების კეთება კი ხმავ, შენთვის მომინდია.

***

კლასში ოცდაათამდე ბავშვი ვიყავით. მე და ლევანი პირველი კლასიდან ერთ მერხთან ვისხედით და ასე მივედით მეთერთმეტე წლამდე. იმ წელს სიმაღლეში გამასწრო და ყოველი ხუმრობა თუ წამოძახილი უკან ორმაგი მონდომებით დამიბრუნა. სასჯელს ღირსეულად ვიტანდი. აი, მე კი ცოტა წონაში მოვიმატე.  შედარებით, იშვიათად ვცურავდი. რაც უფრო ვიზრდებოდი, მით უფრო ვივიწყებდი სირინოზებს და აღარც ლევანს ახსოვდა განძის შესახებ ჩვენი ძმური ფიცი, რომელმაც ერთმანეთი გვაპოვნინა. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვფიქრობდი.

გარდატეხის ასაკი ჩემთვის მნიშვნელოვანი ცვლილებების მომტანი არ აღმოჩენილა. არც ჩემი ყოფაქცევა შეცვლილა და არც გარეგნობა.  ნაკვთები გამიუხეშდა და ღინღლიც გამიხშირდა. ეს ისედაც მოსალოდნელი იყო, მაგრამ  ბევრი უსვამდა ხაზს ჩემს გაუჟმურებას, რაშიც, რასაკვირველია, არავის ვეთანხმებოდი.

ახალი სასწავლო წლის დასაწყისი ადათისამებრ სკოლის დირექტორმა და ქალბატონმა თამარმა მოგვილოცეს. ეს არავის გაუკვირდა, მაგრამ ყველას ყურადღება ახალი მოსწავლის წარდგენამ მიიპყრო. ის შემდეგნაირად დაახასიათეს - მორიდებული, მოწესრიგებული, ბეჯითი, თუმცა გულჩათხრობილი. სკოლის შეცვლის მიზეზი არ უთქვამთ და არც ის, რაზეც ბევრი ჭორი დადიოდა. საქმე ისაა, რომ ელენე საკმაოდ ცნობილი  მამის შვილი გახლდათ. მაშინ ზუსტად არ მესმოდა თუ რა გავლენა ჰქონდათ პარლამენტარებს, მაგრამ აშკარად პარლამენტარის შვილის ჩვენს კლასში გადმოსვლა მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. თანაც, ის ხომ გვარად აბაშიძე იყო! როგორ შეიძლებოდა ეს  გამოგრჩენოდა.

მალე კლასში ელენემაც შემოაბიჯა. პირველი თვალში წითელი ფეხსაცმელი მომხვდა. საკმაოდ მაღალი იყო და , ჩვენი კლასის გოგონებთან შედარებით, უფროსის შეხედულება ჰქონდა. წვრილი წელი, სავსე მკერდი. - ეს ყველა ბიჭმა შევნიშნეთ. რამდენიმემ ხმამაღლა ისიც გაიხუმრა, რომ ძლივს ლამაზი კლასელი გვეღირსა. შავი ქვედაბოლო,  თეთრი ზედა. სერიოზული იერი დაჰკრავდა. მის მოკლედ შეჭრილ წაბლისფერ თმაზე სულ ის ფოთლები მახსენდებოდნენ პირველნი რომ გვაუწყებდნენ შემოდგომის დადგომას. შემოდგომისფერი - საბოლოოდ ეს სიტყვა შევარჩიე მის აღსაწერად, თუმცა ეს ელენესთვის არასდროს მითქვამს.

ახლაც, ამდენი წლის შემდეგ, შემიძლია საათები დავლიო მისი გამოხედვისა და თვალების აღწერაში. ისინი ისეთი ღრმანი იყვნენ! მათი ცქერის ენა მხოლოდ რამდენიმე თვეში ავითვისე. ფერს კი, რაც შეეხება მისი მსგავსი სადღაც მინახავს, უბრალოდ ვერ ვიხსენებ. კიდებიდან წამოსული მუქი ცისფერი შემთხვევით დაღვრილ ლაქას უფრო წააგავდა. საბოლოოდ ყველანი შევთანხმდით, რომ ელენეს ლურჯი თვალები ჰქონდა. მართალია, მე ნათლად ვხედავდი გუგას მოხვეულ მწვანე ნათებას, მაგრამ წინააღმდეგონა თანაკლასელებისთვის არ გამიწევია.

ელენა მართლაც გულჩათხრობილი აღმოჩნდა. საკმაოდ საზრიანი. არ ხუმრობდა, არავის უღიმოდა, სახლში მუდამ მარტო ბრუნდებოდა. იქნებ მარტოობა უყვარდა ან ძველი სკოლისა და მეგობრების დატოვება უჭირდა? - ყველას საკუთარი მოსაზრება გვქონდა, თუმცა საბოლოოდ მისმა დამოკიდებულებამ შედეგიც გამოიღო - ელენეს თავდაჭერილობამ და გაქვავებულმა გამომეტყველებამ სულ რაღაც ერთ კვირაში მისი პირვანდელი დახასიათება სრულიად შეცვალა.

სკოლაში ახალი მოსწავლის განხილვა არავისათვისაა უცხო, თუმცა ელენეს შემთხვევა იმით იყო განსაკუთრებული, რომ ბავშვებს არა მარტო მშობლები არამედ მასწავლებლებიც კი აქეზებდნენ. ჰოდა, ასე მიეკერა ელენეს ნელ-ნელა გატუტუცებული, გაუზრდელი ბავშვის იარლიყი და ეს ყველაფერი გახდა საწყისი მრავალი ოინისა.

ჰო, კინაღამ დამავიწყდა - ქალბატონი თამარი ერთადერთი იყო, რომელსაც ზედმეტი სიტყვა არასდროს დასცდენია. მისი თავშეკავებული ქცევა სამაგალითო უნდა ყოფილიყო, თუმცა ბევრმა  დამრიგებლის დამოკიდებულება ელენეს მამის სტატუსს მიაწერა. ერთი სიტყვით, ყველას საკუთარი სიმართლე ჰქონდა - ჩვენ კი, მოზარდებს, არ ვიცოდით ვისთვის დაგვეჯერებინა.

ქიშპობა აშკარა მაშინ გახდა, როდესაც სექტემბრის მიწურულს ჩვენმა კლასელმა, ლალი ჩხაიძემ, ყველას გასაგონად გამოაცხადა თავისი დაბადების დღის  შესახებ და საგანაგებოდ გამზადებული მოსაწვევები ყველას დაურიგა ელენეს გარდა. შემიძლია დავიფიცო, რომ წინა დღით მთელი საღამო სიტყვას ამზადებდა. ისიც არ გამიკვირდება, რომ დაბადების დღის გადახდა მხოლოდ იმიტომ გადაეწყვიტა, რომ ელენეს თავი არასასურველად ეგრძნო. მაგრამ მის წარმოსახვას მთავარი აკლდა - დასასრული. მან არ იცოდა თუ როგორ მიიღებდა ამ ყველაფერს ელენე. რა მოხდა? ვერაფერს გახდა!  ელენეს ერთი გამყინავი მზერა საკმარისი აღმოჩნდა, რომ ლალის გუნება შეცვლილიყო. სახე ისე აელეწა, ზარი რომ არ დარეკილიყო,  აყალ-მაყალი არ აგვცდებოდა.

მე ამ ყველაფრის თაობაზე მყარი მოსაზრება გამაჩნდა. ახალი კლასელის საწინააღმდეგო არაფერი მქონდა. პირიქით, იყო მის ქცევაში რაღაც, რაც ძალიან მიზიდავდა.

ეს ყველაფერი ასე კიდევ რამდენიმე კვირა გაგრძელდა, თუმცა მალე აღარავის ახსოვდა ვინ იყო ელენე ან როგორი იყო. ეს მას მოსწონდა. ის ერთდროულად იყო ყველასათვის შესამჩნევიც და უხილავიც.

ოქტომბრის შუა რიცხვებში ლევანი ავად გახდა. ხანდახან, ბედის მჯერა ან შეიძლება მინდა დავიჯერო. ცოტა ხანს, რომ დავივიწყოთ რაციონალიზმი და ყველაფერს სხვა კუთხით შევხედოთ, ლევანი გაციებას რომ არ შეებოჭა, უწყვილოდ არ დავრჩებოდი და არც ელენესთენ ერთად დამავალებდნენ ჯგუფური დავალების შესრულებს. რის შესახებ იყო? რაღაც უჯრედებთან დაკავშირებული. რა მნიშვნელობა აქვს? აზრი ისაა, რომ ბედმა თავისი წვლილი შეიტანა და , რა თქმა უნდა, ლევანის უმცროსმა ძმამ ,ზუკამ, რომელმაც მას გაციება გადასდო.

...ან ნეტავ რა როგორ იქნებოდა მასწავლებელს სხვასთან რომ დავეწყვილებინე? ალბათ, ელენეს ვერასდროს დავუმეგობრდებოდი.

„და ვერასდოს შეიყვარებდი.“ - შესაძლებლობა არ გაუშვა ხმამ.

დავალების ჩასაბარებლად ერთი კვირა გვქონდა, თუმცა მერჩივნა მალე მომეშორებინა, ამიტომ გამბედაობა მოვიკრიფე და გაკვეთილის დასრულებისას მეწყვილეს მივუახლოვდი :

-როგორც ჩანს სხვა გზა აღარ დაგვრჩენია ერთად უნდა ვიმუშაოთ - განწყობის შესაქმნელად ხუმრობა ვცადე.

-ელია, ჩემთან ერთად ჯგუფში ყოფნა თუ არ გინდა, მასწავლებელს დაველაპარაკოთ და დავალება ცალ-ცალკე შევასრულოთ.

-ე! ეგ არ მიგულისმია. უბრალოდ მინდოდა მეკითხა...

ახლაც მახსოვს როგორც უხერხულად ვიგრძენი თავი, როდესაც ენა დამება. თვალი ავარიდე. მზერა ქვევით მივმართე. მის მარჯვენა ფეხზე სისხლჩაქცევები შევნიჩნე. უხერხულობა დაბნეულობაში გადამეზარდა. თითქოს გულმა მიგრძნო, რომ ეს ჩვეულებრივი დაზიანება არ იყო. პირი რამდენჯერმე ავამოძრავე. კითხვის დასმა მეწადა, მაგრამ თავი შევიკავე - არ მინდოდა გიჟად ჩავეთვალე.

სიჩუმე გაიწელა :

-გისმენ! - გაკრივებული მიყურებდა.

-მინდოდა მეკითხა მომზადება ხვალვე ხომ არ დაგვეწყო?  იცი, მირჩევნია რაც შეიძლება მალე დავასრულოთ - სხაპასხუპით, დაზეპირებული გაკვეთილივით, მივაყარე. ღმერთო ჩემო! ისე ვნერვიულობდი, თითქოს თანაკლასელთან კი არ ვსაუბრობდი, არამედ დამკვირვებელს ახსნა-განმარტებას ვაბარებდი.

-კი ბატონო, დაგეგმილი მაინც არაფერი მაქვს.

ჩემმა ქცევამ დადებითი შედეგი გამოიღო და  მეც პირველად მომეცა  მისი ღიმილის ნახვის ბედნიერება. ო, რა მშვენიერი იყო!

შედარებით ხალისიანად განვაგრძე :

-მამაჩემი სახლში გვიან ბრუნდება. შეგვიძლია ჩემთან შევხვდეთ.

-საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.

-გაკვეთილების შემდეგ ერთად წავიდეთ.

-ხვალამდე, ელია.

სახლში დაბრუნებულს სავარძელზე ჩამეძინა. ძილის წინ ნანახზე ვფიქრობდი. რაღაც რიგზე ვერ უნდა ყოფილიყო.

უკვე შვიდი იყო დაწყებული, როდესაც კარის ხმამ გამაღვიძა. ვასილი არასდროს იღლებოდა ჩემთვის ძილისგუდას ძახილით და იმის გამეორებით, რომ ეს თვისება დედასგან მერგო მემკვიდრეობით.

საღამოს პირველად ვახსენე  ელენე. მის შესახებ ვუამბე და ისიც მივაყოლე, რომ ხვალ ჩვენი სტუმარი იქნებოდა. არც ის დამიმალავს, თუ რას ლაპარაკობდნენ მასზე. ძირითადად მე ვსაუბრობდი. მამამ მხოლოდ ის მითხრა, რომ ხვალ წასვლამდე სტუმრისათვის ლობიანს მოამზადებდა. არ შევეწინააღმდეგე. ყველა ასე მოიქცეოდა ვისაც, ვასილის ლობიანი ერთხელ მაინც გაესინჯა.

ხუთშაბათს სულ რაღაც სამი გაკვეთილი გვქონდა. ჩემს მეწყვილეს  დერეფანში შევხვდი და ჩემი სახლისაკენ წინ გავუძეხი. ავუხსენი, რომ ახლოს ვცხოვრობდი ამიტომ, ფეხით მისვლა მერჩივნა, მაგრამ შეგვეძლო ტრანსპორტს დავლოდებოდით. მან კი მიპასუხა, რომ სეირნობა უყვარდა.

გზაში ერთმანეთისთვის ბევრი არაფერი გვითქვამს. მთელი გზა მისი ზურგის ცქერაში გავატარე. სწრაფი ნაბიჯით სიარული ჩვეოდა. მხოლოდ მაშინ ჩერდებოდა და მელოდა, როდესაც აღარ იცოდა რომელი მიმართულება აერჩია. აშკარად, უკმაყოფილო იყო ჩემით, ამიტომ მეც ვცდილობდი მის რიტმს დავწეოდი. ბოლოს მაინც მომაძახა, რომ ზოზინა ვიყავი.

მისი დამღლელი სიარულის მანერის წყალობით სახლამდე სულ რაღაც ათ წუთში მივედით. კარი უხმაუროდ გავაღე. სახლი ცარიელი იყო.

-ლამაზი ადგილია.

-მიხარია, რომ მოგწონს.

-აქ მხოლოდ შენ და მამა ცხოვრობთ?

-კი, დედამ დიდი ხნის წინ დაგვტოვა. მარჯვენა ხელის მოძრაობით ჩვენი სურათისაკენ მივუთითე - ორი წლის ვიყავი. - ჩუმად დავამატე.

-ვწუხვარ. - მისი სიტყვები გულწრფელნი იყვნენ. ეს ჩვენი მეგობრობის დასაწყისი იყო. მე ასე ჩავთვალე.

-მადლობა. შეგვიძლია სამზარეულოში ვიმეცადინოთ. ო, შენ წარმოდგენაც არ გაქვს, როგორ გაგიმართლა -მამაჩემის ნაქები ლობიანი უნდა გაგასინჯო.

-აი, თურმე რატომ დგას ასეთი გემრიელი სუნი.

-მოგშივდა?

-კი.

-მაშინ ჯერ მივირთვათ. ხომ იცი მშიერ კუჭზე ტვინი არ მუშაობს.

ხმამაღლა გაეცინა :

-ელია, რაღაც უნდა გთხოვო.

-მითხარი.

-ამ გაცვეთილი აფორიზმების გამოყენებას მოეშვი. გოგოებზე ასე შთაბეჭდილებას ვერ მოახდენ.

უნდა ვაღიარო - ცოტა მეწყინა! მე  ყოველ სიტყვას ვწონოდი, რომ რაც შეიძლება თავაზიანი და სასიამოვნო მოსაუბრე გამოვჩენილიყავი მან კი დამცინა. მისი გულის მოგება არც ისე მარტივი  აღმოჩნდა! აქაც ვასილი მომეშველა. მამას ჩვეულზე მეტად უწვალია. სტუმართან ნამდვილად არ შევრცხვი. დავნაყრდი. ელენეც კმაყოფილი ჩანდა. :

-ძალიან გემირიელია! მამას   მადლობა გადაეცი.

-აუცილებლად. იცი ერთხელ ვასილიმ რა მითხრა? - შევყოვნდი - გეტყვი, მაგრამ იცოდე,  ეს სულაც არ არის დრომოჭმული აფორიზმი!

-კარგი, ამჯერად ჩუმად მოგისმენ. მხოლოდ ლობიანის ხათრით.

-რაც უფრო მეტად გიყვარს ის ადამიანი, რომლისთვისაც საჭმელს ამზადებ, მით უფრო გემრიელი გამოგდის.

ორივეს გაგვეღიმა. ერთმანეთს გავუღიმეთ.

-ესე იგი, ძალიან ჰყვარებიხარ მამას.

-კი, მე და ვასილის განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს.

ამ რეპლიკის შემდეგ დავიწყე მამას გადახდენილი ამბების მოყოლა. როგორი აღტაცებული ვიყავი! ხან სად იყინებოდა ჩემი მზერა, ხან სად. ჯერ ჯარის ამბები ამოვწურე. მოსაყოლი ბევრი იყო - მამამ ჯარში ერთ წელზე მეტი დაჰყო, შემდეგ მის თევზაობაში მიღწეულ წარმატებებზე ვიხალისეთ  და ბოლოს , რა თქმა უნდა, ვასილის , ერთი შეხედვით, ერთფეროვანი, პირადი ცხოვრების ჯერი დადგა.

ბოლოს როდესაც თხრობას მოვრჩი და ელენეს შევხედე გაკვირვებისაგან სახტად დავრჩი. პასუხად ღიმილს ველოდი,  მისი ლოყა კი ცრემს დაესველა. ვერაფერს მივხვდი - მას გამომეტყველება არ შეცვლია. ისევ ისე მიყურებდა, როგორც რამდენიმე წუთის წინ. არც ერთი კუნთი არ შერხეოდა.

...რამ აატირა? - ამ კითხვაზე პასუხი მალევე შევიტყვე და დანაშაულის შეგრძნებამ შემაწუხა. ეს არ იყო უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც ატირებული ელენე ვნახე, თუმცა ის ერთადერთი იყო, როდესაც მისი ცრემლების მიზეზი სიხარული იყო.

***

ელენეს აცრემლიანებული სახის გახსენებამ ჩემს გონებას დასმული ბეჭედი გაარღვია. წარმოდგენაც არ მქონდა, რომ ეს სურათები სადღაც იმალებოდნენ. ყველა სხვადასხვა მიმართულებით გავარდა. მოგონებები წამით გაკრთდნენ. ეს დღეები შორს მატარებლის ლიანდაგს უკან, დარჩნენ. მიუვალ, მაგრამ დაცულ ადგილას.

...ამდენი წელი შევალიე, მათგან თავის დაღწევას - ახლა, კი უკან ვბრუნდები. მაინც რა უცნაური არსებაა ადამიანი.

ალბათ, მართალია და არსებობენ შეხვედრები, რომლებიც წინასწარ არიან განსაზღვრულნი. ამ გაცვეთილ აზრს ძალიან გვიან დავუფიქრდი. საინტერესო კითხვაც დამებადა - ნეტავ, შეიძლება ვიღაცისთვის ის იყო, ვისაც აუცილებლად უნდა შეხვედროდა, მაგრამ შენთვის იყოს ის არასწორი არჩევანი? აი, მაგალითად განვიხილოთ ჩემი და ელენეს შეხვედრა.  კი, ამპარტავანი გამოვრჩნდები, მაგრამ სიმართლეს ვერსად გაექცევი - მე დღემდე ვთვლი, რომ სწორედ მე ვიყავი ის, ვინც ელენეს ცხოვრებაში აუცილებლად უნდა გამოჩენილიყო. აი, მისი წვლილი კი ჩემსაში უკვე სადავოა. ალბათ, მის გარეშე უკეთესად ვიქნებოდი, უფრო სწორედ, უკეთესი ვიქნებოდი.

ამბავს დავუბრუნდეთ - რამდენჯერაც სამზარეულოში მომხდარის  შეხსენება ვცადე, სიტყვა იმდენჯერ ბანზე ამიგდო. არ მიკვირდა. ვის უყვარს საკუთარ ცრემლებზე საუბარი? ზედმეტი ჩაძიება გაანაწყენებდა, ამიტომ გავჩუმდი. მრავალჯერ გავჩუმდი, ვჩუმდებოდი მაშინ, როდესაც არანაირ შემთხვევაში არ უნდა გავჩუმებულიყავი. ალბათ, ამიტომაც მოხდა ყველაფერი ასე.

მე იმ დღეს სამზარეულოში მიზანი დავისახე, როგორც მაშინ ბავშვობაში, როდესაც გადავწყვიტე, სირინოზები  მეპოვნა სადღაც შავ ზღვაში. სინამდვილეში, ამ ორს ერთმანეთთან ძალიან ბევრი აქვთ საერთო - თუმცა ამას უთქმელად თავადაც მიხვდებოდით.

ალბათ, აღარ არის საჭირო იმის ხაზგასმა, რომ ელენემ გადმოსვლის დღიდან მიმიზიდა.  არა მარტო მე ყველა ბიჭი მიიზიდა, თუმცა ჩემს შემთხვევაში ამ მიზიდულობის მიზეზი მხოლოდ ჩამოყალიბებული, ქალური ფორმები არ ყოფილა და იმ წამის შემდეგ, როდესაც მისი ცრემლები ვინახე დაუცხრომელი სურვილი გამიჩნდა დამეცვა. რის ფასადაც არ უნდა დამჯდომოდა ეს.

ამის დამტკიცებისა თუ განხორციელების შესაძლებლობა მალევე მომეცა. ელენე უკვე შეჩვეული იყო, რომ მასწავლებელს შეიძლებოდა შუა გაკვეთილისას მისთვის ცინიკურად მიემართა. არ მახსოვს ზუსტად იმ დღეს რა უთხრა. „მამაშენი შვილს სამეცადინოდ არ სცალია!“- მგონი რაღაც ამდაგვარი. იმასაც ყველა შეჩვეული იყო, რომ მსგავს წამოძახილებს ექოდ უხერხული სიჩუმე ან ჩურჩული მოსდევდა, მაგრამ ეს ადათი მე დავარღვიე, როდესაც წამოვხტი და ლამის მთელ ძალით ვიღრიალე, რომ ამგვარი მიმართვა უსამართლობა იყო. ყველამ გაკვირვებულმა შემომხედა, თუმცა მე არავის მზერა მანაღვლებდა. განრისებული განვაგრძობდი ღრიალს. ნეტა გამახსენა რა ვიბორდიალე! იმ წამს მზად ვიყავი ყველასათვის კისერი გადამეგრიხა, ამ გოგოს გულისათვის, რომელსაც წესიერად არც კი ვიცნობდი.

ეს თუ არა, აბა სხვა რა არის სიყვარული?

ჩემს რომანტიკულ გამოხტომას სასჯელი არ ასცდენია. გაკვეთილების შემდეგ ერთი საათით დამტოვეს და ახსნა-განმარტებითი წერილი დამაწერინეს. ბრაზი მერეოდა, მაგრამ ვცდილობდი გრძნობებს აღარ ავყოლოდი. როდესაც სასჯელის დათქმული დრო ამოიწურა, გარეთ გასულს ელენე დამხვდა. სწორედ იმ წამს გავაცნობიერე, რომ ეს ყველაფერი ამად ღირდა. მართალია, ჩემთვის მადლობა არ გადაუხდია და ,პირიქით, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში დამცინოდა, თუმცა მისი მზერა და ღიმილი სრულიად საპირისპიროზე მეტყველებდა. ელენემ იმ წამს გააცნობიერა, რომ მარტო არ იყო, მე კი გავაცნობიერე, რომ პირველად შემიყვარდა.

არა! ეს გრძნობები ერთი სხეულისათვის  რთული სატარებელია. ბევრია. ზედმეტია!

თავს სუსტად ვგრძნობ. ცოტა ძალა რომ დავატანო ალბათ, ცრემლებად  დავიღვრები. არ ჯობდა ჩემი ნიღაბი ბოლომდე მეტარებინა? საკუთარი თავისათვის კვლავ შემომეძახა, რომ ძალიან ძლიერი არის? ყოველთვის ასე ვიქცეოდი. როდესაც რაიმე მიჭირდა, საკუთარ ანარეკლს ვაშტერდებოდი. უმწეო ბიჭის ნაკვთებიც იკარგებოდნენ სასტიკ მზერაში, რომელიც ჩემს გარშემო ყველაფერს ყინავდა.

ახლა, დამსხვრეული ვარ.

როგორ ძლიერ ვიკავებდი თავს, რომ ეს ყველაფერი არ მეთქვა! რატომ? კითხვაც არ უნდა, მიზეზი ხომ ასეთი ნათელია - იმიტომ, რომ არ მინდოდა თავი არარობად მეგრძნო და ამის სანაცვლოდ ვარჩიე საერთოდ აღარაფერი შემეგრძნო.

ტელეფონს ვწვდი. შეტყობინების წერა დავიწყე :

„ლენა,ძალიან მიყვარხარ.“

როგორ შეიძლება დაიჯერო, რომ ეს სიტყვები საკუთარი შვილისთვის ხმამაღლა არასდროს მითქვამს? რატომ ავიკვიატე რომ, რაც უფრო მეტი ადამიანი გიყვარს, მით უფრო სუსტი ხარ ან როდის შემიჩნდა აზრი, რომ ძალაუფლება არის ერთადერთი, რაც ამ წყეულ ცხოვრებაში მჭირდება?

„თავს გაუფრთხილდი მამი“

სამაგიეროდ, იცოცხლე - ჭკუა-დარიგება  არასდროს დამიშურია, ლენას კი ეზიზღება, როდესაც ვინმე ჭკუას არიგებს. რა გასაკვირია? ის ხომ ჩემი შვილია. ე, ლენა იმაზე მეტად მგავხარ, ვიდრე წარმოგიდგენია. არ ვიცი რამდენად გაგიმართლა, თუმცა ნუ შეშინდები - ჩემზე ბევრად უკეთესი იქნები.  ეს არც ისეთი რთულია.

„შეეცადე მაპატიო“

რა თქმა უნდა, გადაწყვეტილი მაქვს, უბრალოდ ვერ ვაღიარებ -  როდესაც ყველაფერი ჩაივლის უკან აღარასოდეს დავბრუნდები. ვეღარც ჩემს შვილს ვნახავ.

მის ბოლო ამოსუნთქვასთან ერთად, ჩემი სხეული ზიზღისგან დაიცლება, თუმცა ეს სიმსუბუქე მხოლოდ რამოდენიმე წამი გაგრძელდება, რადგან მას უმალ უფრო ძლიერი ,სინდისის ქეჯნა, ჩაანაცვლებს.

მაშ რა გამოდის? რომ მხოლოდ რამდენიმე წამის გამო ვწირავ ყველაფერს?

„არასდროს დამივიწყო, ვიცი ვერ გამიგებ, მაგრამ“.

აღარ დამიმთავრებია.  შეტყობინება წავშალე.

-ნუ სულელობ! - ჩემს თავს ხმამაღლა მივმართე. მოძრავი მატარებლის ფანჯარაში საკუთარი ანარეკლის გარჩევა ვცადე. გამიჭირდა, თუმცა მაინც მოვახერხე :

-მე ძლიერი ვარ!

სუსტი ვიყავი მაშინ, როდესაც მეშინოდა, როდესაც სხვების ბედი მანაღვლებდა, როდესაც სხვისთვის ვიბრძოდი და მუდამ თან მსდევდა შეგრძნება, რომ სანაცვლოდ ჩემს შესანარჩუნებლად არავინ იბრძოლებდა.

მე უკვე გადავწყვიტე, როგორი მინდოდა ვყოფილიყავი. რა მნიშვნელობა აქვს რამ მაიძულა ასეთი გადაწყვეტილება მიმეღო?

„მართლაც შეცვლილხარ“- სიტყვას მაწყვეტინებს ხმა და ამჯერად ვგრძნობ როგორი დასევდიანებულია.

იმედი გავუცრუე.

***

სად გავრჩერდი? ხო, იმ დღეს, როდესაც სკოლიდან გამოსულმა ელენე დავინახე მივხვდი, რომ შემიყვარდა. - ეს აზრი წლების შემდეგ რამდენჯერმე გადავამოწმე.

ზოგადად, ასე ხდება - რაც უფრო ასაკში შედიხარ, მით უფრო ცდილობ ყველაფრის რაციონალურ ჭრილში გადასინჯვას.

დღევანდელი გადმოსახედიდან, მე ვთვლი, რომ მაშინ საერთოდ  არ მქონდა წარმოდგენა, თუ რა იყო სიყვარული, მაგრამ ჩემი აზრის უარსაყოფად არსებობს ერთი დაუწერელი კანონი - სიყვარულს ვერ ახსნი.

რატომ არ შემიძლია უბრალოდ  ვთქვა, რომ ელენე იმ დღეს შემიყვარდა? იქნებ ყველაფერს იმიტომ ვართულებ, რომ მინდა საკუთარი თავი ჩემი გრძნობების სიცრუეში დავარწმუნო?

მეეჭვება, მაგრამ თუ კი ასეა ჩემს არსებობას მართლაც არანაირი სარგებელი აღარა ჰქონია, რადგან ის  ყველაზე წმინდა და ნამდვილი იყო, რაც კი ოდესმე განმეცადა.

ალბათ, ვეღარავის გავაკვირვებ, მაგრამ არც ელენესთვის მითქვამს, რომ მიყვარდა. ჩვენს შორის ჩამოწოლილი ეს შეგრძნება იმდენად ბუნებრივი იყო, რომ მისი სიტყვებით გადმოცემის არანაირი საჭიროება არ არსებობდა.თან, როგორ ამბობენ? სიყვარულსა მალვა უნდაო, არა?

ორ რაღაცაში  დარწმუნებული დღემდე ვარ - ელენეს ძალიან ვუყვარდი იმის მიუხედავად, რომ ამის  შესახებ სიტყვა არასდროს დასცდენია და მანაც იმ დღეს იგრძნო ჩვენს შორის კავშირი იმის მიუხედავად, რომ ამას მუდამ უარჰყოფდა.

ნეტავ, სიყვარულს მართლაც მხოლოდ ერთხელ განიცდი? ჩემს შემთხვევაში ეს ასე მოხდა, რადგან ჩემი და ჩემი ყოფილი მეუღლის, ნიტას, შეუღლება სიყვარულის შედეგი სულაც არ ყოფილა. უფრო სექსის და იმის, რომ ჩვენი შეხვედრა ნიტას ოვულაციის პერიოდს დაემთხვა. რა გაეწყობოდა? მე პასუხისმგებლობა ავიღე. რამდენიმე თვეში, მაისს, ერთ უბრალო, არაფრისმქმელ დღეს ვიქორწინეთ.  ყველაფერმა ისე ჩაიარა, რომ ეჭვიც არავის შეუტანია არც ნიტას ორსულობასა და არც ჩვენს უსიყვარულობაში. ჯვარიც დავიწერეთ და საკურთხეველთან ღვთის წინაშე ფიციც ურცხვად დავდე. ეს არც პირველი ფუჭად დადებული ფიცი იყო და არც უკანასკნელი.

ალბათ, ისიც უნდა ვთქვა, რომ ბათუმის დატოვების შემდეგ ჩემი და ღმერთის ურთიერთობა საგრძნობლად შეიცვალა. ის არასდროს დამივიწყებია, ალბათ, უფრო განაწყენებული ვიყავი, ამიტომ სულაც არ მიგრძვნია სინდისის ქეჯნა, როდესაც მოძღვრის წინ ნიტას მარადიული სიყვარული შევფიცე. თითქოს ვიღაცას სამაგიერო გადავუხადე ან რაღაც დავამტკიცე. ისე იყო თუ ასე, საკუთარი საქციელით უკმაყოფილო ნამდვილად არ ვყოფილვარ.

„კი, რაღაც დაამტკიცე!  საკუთარი ხელმოცარულობა!“

ხმის წამოძახილს კომპლიმენტად მივიღებ. არ ვუპასუხებ, თუმცა უნდა ვაღიარო - სარკაზში მოიკოჭლებს.

მოკლედ, ალბათ, საინტერესოა რამდენს ხანს გაგრძელდა ჩვენი მარადიული სიყვარული. ან რა გასაკვირია, რომ ჩვენი ქორწინება თავიდანვე განწირული იყო? ჩვენ ხომ მაისს  დავიწერეთ ჯვარი, რაც უძველესი ადათის თანახმად ყოვლად დაუშვებელია!   მიდი და მერე არ გჯეროდეს ცრუწმენების!

სადღაც სამი წელი - შემდეგ უკვე აღარც ნიტას შეეძლო ჩემთან ცხოვრება და აღარც მე შემეძლო მეყურებინა ქალისთვის, რომელიც ყოველდღე მახსენებდა, თუ რამდენად უბედური ვიყავი.

„რაც ,რა თქმა უნდა, ნიტას ბრალი იყო ! აბა, როგორ შეიძლება, რაიმეში შენც ყოფილიყავი დამნაშავე!“

გაჩუმდი და მისმინე!  წყეულო, აზრებს მიფანტავ!

ჰოდა, იმ წელს პირველად მომიწია მოსამართლის წინაშე მხარის სტატუსით წარდგენა. თავიდან ვუპასუხეთ საინფორმაციო კითხვებს, თუმცა, როდესაც გვკითხა - რამ გადაგვაწყვეტინა განქორწინება, ორივე დავდუმდით.

იმას ხომ არ ვეტყოდით, რომ ხანდახან ერთდროულად რამდენიმე ნიღბის ტარება არც ისე ადვილია ან რომ ორივე ამ უფერულ თანაცხოვრებას პატარა ლენას გამო ვიტანდით?

ხო, ჩვენი შეუღლების ავბედითი დღიდან რამდენიმე თვეში, დეკემბრის მიწურულს ქვეყანას პატარა გოგონა მოევლინა. ნიტას ვთხოვე სახელის დარქმევა ჩემთვის მოენდო. მას იმდენად გაუკვირდა ჩემი მხრიდან გამოჩენილი ინიციატივა, რომ დაუფიქრებლად დამთანხმდა. ჩემი პატარა გოგონასთვის „ლენას“ დარქმევა გადავწყვიტე. სახელი, რომელიც არც არაფერს მახსენებდა და არც არავის უკავშირდებოდა. ის მხოლოდ მისი იქნებოდა და მისი გაგონებისას არაფერი მომაგონდებოდა ჩემი შვილის გარდა.

ე, ის ისეთი საყვარელი იყო! მამიკოს სიხარული!

ჩვენი პირველი შეხვედრისას გამიელვა აზრმა, რომ იქნებ ყველაფერი ჯერ არ იყო დაკარგული და ჩემს ქალიშვილს შეეძლო ეხსნა ჩემი სული ან უკეთესობისაკენ წარემართა ჩემი ცხოვრება?

მაპატიე, საყვარელო დაბადებიდან ზედმეტად მძიმე ტვირთი დაგაკისრე.

მსგასება ჩემსა და მის ნაკვთებს შორის ერთი შეხედვითაც აშკარა იყო. როდესაც ლენა გულში ჩავიხუტე და ნიტას გავხედე კინაღამ წონასწორობა დავკარგე. ცრემლები წამომივიდა. საწოლის კიდეს მოვეჭიდე. პირველად ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ავტირდი. ღაწვებზე სისველის შეგრძნება მეუცხოვა და შემიძლია დავიფიცო, რომ წამით, საკუთარი შეშინებული სახე დავინახე. ჩემს თვალებს ფერი დაეკარგათ. არაფერი იყო დარჩენილი ცარიელი, უფერული გუგისა და მცირე შავი წერტილის გარდა.

ექიმებს არაფერი უკითხავთ. მათ ჩემი საქციელი ახალგაზრდა მამის ემოციებს მიაწერეს. როგორ ცდებოდნენ! მე არ ვტიროდი სიხარულისგან. არც ნერვიულობისგან. ვტიროდი, რადგან გავაცნობიერე, რომ სრულყოფილად ბედნიერი ვიქნებოდი ლენა, რომ ჩემი და ელენეს შვილი ყოფილიყო.

ნეტავ, ყველაფერი სხვანაირად რომ წარმართულიყო, დღეს ვინ ვიქნებოდით? არასდროს მიმიცია საკუთარი თავისთვის უფლება, ამ კითხვაზე პასუხი წარმოედგინა. მოდი, დავუშვებ გამონაკლისს - ალბათ, ერთი ბედნიერი ოჯახი. აი, მათი მსგავსი ყოველ კედელზე ლამაზ, ფერად-ფერად  ჩარჩოში ჩასმულ სურათებს რომ კიდებენ. ვიცხოვრებდით ბათუმში, ჩემს ძველს სახლში. ლენაც გაიხედავდა სამზარეულოს ფანჯარაში და მისი მზერა ჩაიძირებოდა ტალღებში. ელენე მაგიდასთან ვასილის შთაგონებით მომზადებულ ლობიანს მოგვიტანდა, შემოგვხედავდა, გაგვიღიმებდა და „რაც მამა, ის შვილი“ ან „ვაშლი, ვაშლის ხისგან არც ისე შორს ეცემა“ ან რაღაც ამდაგვარს დამცინავი ტონით წამოგვაძახებდა. მას ხომ მხოლოდ ასე შეეძლო სიყვარულის გამოხატვა.

„წარმოსახვას ნუ ეთამაშები!“

ჰო, რა თქმა უნდა, მადლობა რომ შემახენე! ეს მხოლოდ წარმოსახვაა და მოდი სანამ ვინმე გამამტყუნებს სიცრუის სიყვარულისათვის, უცებ შევაჯამოთ, თუ როგორია ჩემი რეალობა :

დღეს მე ორმოცდახუთი წლის ვარ. ვზივარ მატარებელში და მივდივარ ბათუმში, ჩემს მშობლიურ ქალაქში. არა ბატონო, იმიტომ კი არა, რომ მშობლების ხსოვნას პატივი მივაგო, ძველი მეგობრები მოვინახულო ანდა მტვერში ჩაძირულ სახლს ხელი შევავლო; კაცი უნდა მოვკლა, რომ ვალი მოვიხადო.

ახლა ოჯახს, რაც შეეხება. დღეს, არა თუ ბედნიერი, არამედ საერთოდ არ მყავს ოჯახი. ჩემს „საყვარელ“ მეუღლესთან წესიერად იმის შემდეგ არ მისაუბრია, რაც სასამართლო დარბაზიდან გამოსულმა ნაბიჭვარი დამიძახა და ლამის იყო სახეში შემაფურთხა.

ვინ გაამტყუნებს? როგორ დღეში უნდა ყოფილიყო დედა, რომელმაც ერთადერთ ქალიშვილზე მეურვეობა დაკარგა?

ო, არა! არავინ იფიქროს, რომ პროცესი ჩემს სასიკეთოთ წარმართვა ჩემი ადვოკატური ქარიზმისა ან ნაცნობების წყალობა იყო. თუმცა სწორედ ესაა სიმართლე - ყველა საჭირო ხერხს მივმართე, რომ ლენა მხოლოდ ჩემი ყოფილიყო.

ახლა ლენა დედასთანაა. ალბათ, უყვება ჩვენი უკანასკნელი კამათის შესახებ. ისე რაღაც მხრივ კარგიცაა, რომ ცალ-ცალკე ვცხოვრობთ. როდესაც ჩემზე ბრაზდება წასასვლელი ყოველთვის აქვს. მე უფრო მშობლის მოვალეობები მაქვს შეთავსებული, დიქტატორი მშობლის, ნიტას კი მეგობრის.

მათთვის ურთიერთობა არასდროს დამიშლია. რა უფლება მქონდა? მე არასდროს მცოდნია რა იყო დედის ალერსი და ნამდვილად არ მინდა ამ ბედნიერებას ჩემი შვილიც მოკლებული იყოს. მაშ რატომ წავართვი ნიტას მეურვეობა? არ ვიცი. ეგებ, მინდოდა რაიმე ხერხით დამემტკიცებინა საკუთარი თავისთვის, რომ ლენა მხოლოდ ჩემი იყო?

ჰა, ხმა აბა რას იტყვი?!

დაბოლოს, სად არის ახლა ელენე? ელენე აბაშიძე ჩვენი გაცნობიდან სადღაც ათ თვეში გარდაიცვალა. ოფიციალურად, უბედური შემთხვევის მსხვერპლი, სინამდვილეში საზარელი მკვლელობის.

ის ჩემს წარმოსახვაში არასდროს ქცეულა სირინოზად. უფრო მის საფლავს დაყრილ მძიმედ მიწად, რომელმაც სამუდამოდ დამარხა ყოველი ტკივილი, რომელიც მის სხეულს სისხლჩაქცევების სახით ეკიდებოდა და ყოველი შველის თხოვნა, რომელიც მას მრავალ სხვა უთქმელთან ერთად ახრჩობდა.

სახარბიელო ნამდვილად არ არის ჩემი რეალობა, მაგრამ მე წარმოსახვით არ ვცოხვრობ. ამის უნარიც დიდი ხნის დავკარგე.

მაშ, სად არის გამოსავალი? გამოსავალი დასასრულშია. ბათუმშიც სწორედ,ამიტომ ვბრუნდები, რომ დავასრულო ელიასა და ელენეს ამბავი.

სანამ ხმა მკითხავს, დავასწრებ და კითხვას მე დავუსვამ - თუკი, ეს ამბავი არის ადამიანებზე, რომლებიც აღარ არსებობენ, მაშ რეალური იქნება დაასასრული?

პასუხი არ იცი? ჰოდა, სამუდამოდ დადუმდი!

***

იმედენად ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა მაქვს, იმდენად აუტანელია ჩემს გარშემო ეს ნისლად ჩამოწოწლილი გაურკვევლობა, რომ სუნთქვა მიძნელდება. თითქოს, ფილტვები წყლით მქონდეს სავსე. როგორ შევძელი ამდენი წლის განმავლობაში მასთან ერთად ცხოვრება? მან ხომ ყველა და ყველაფერი ჩაყლაპა, ყოველი გზა თუ ბილიკი წაშალა. გულ-მკერდი ჩახშობილია. მუჭს ვირტყამ; არაფერი იცვლება. საიდან მოვიდა ეს ჯანღი? იქნებ ციდან უზარმაზარი ღრუბელი ჩამოწვა ან  ,პირიქით, ცაში კოცონის კვამლი ავარდა? ყოველ შემთხვევაში, ვერაფერს ვხედავ და ერთს ვიმეორებ მუდამ, დაუსრულებლად :

-ნეტავ ნისლში უკეთესაც ვხედავდე.

„არადა, ყველაფერი ადგილზეა, არაფერი შეცვლილა. ეჰ, ელია - რატომ არასდროს დაგიშვია, რომ  ნისლს არავინ დაუმალავს ან ჩაუყლაპავს შენს გარდა?“

არ დაუყოვნებია ხმას. უნდა ვაღიარო - ამის მოსმენამ მატკინა, მაგრამ გინდ ასე იყოს რა განსხვავებაა? თუ მე აღარ ვჩანვარ გარე სამაყორისთვის განა ეს იმას არ ნიშნავს, რომ აღარც ის ჩანს ჩემთვის? შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება! გენიალური არგუმენტია ჩემი მსჯელობის განსამტკიცებლად.

ეს ყველაფერი იქით იყოს და ხმავ, ნუთუ, თანამიგრძნობ? აქამდე როგორ ვერ მივხვდი, რომ  ჩემგან დაჩაგრულ ადამიანს ხატავ, რომ არა დამნაშავე, არამედ მსხვერპლი გამომიყვანო? ალბათ, შენც არ მოგწონს ჩემს მსგავსად გასაცოდავებული ადამიანები და ამიტომაც გიჭირს ცინიზმისა თუ ირონიის შეკავება. ესეც შენი თავდაცვის ინსტინქტია.

ზედმეტად კეთილშობილური მიზნებით დასახლებულხარ ჩემს გონებაში, მაგრამ მოდი ერთ საიდუმლოს გაგიმხელ  - როდესაც ადამიანი სისხლს გემოს უსინჯავს, ყველაფერი მთავრდება - ის მკვლელია. უნდა დაისაჯოს! სხვა დანარჩენს არავისთვის აღარ აქვს მნიშვნელობა.

ამიტომ ზედმეტად ნუღარ დაიხარჯები და გაგრძელებას უსმინე.

შეგიძლია მოდუნდე - ამბის ,ალბათ, ერთადერთ სახალისო ნაწილს მივუახლოვდი. ქალბატონებო და ბატონებო წარმოგიდგენთ შეყვარებულ „მუტრუკ“ ელიას.

არც აპლოდისმენტები მესმის, არც ოვაციები. ე, რა გაეწყობა გაწყვეტილიდან განვაგრძობ:

იმ დღეს ელენემ გადაწყვიტა სახლამდე მივეცილებინე, ამით, ალბათ, უბრალოდ მადლიერების გამოხატვა სცადა. მე კი ეს ჟესტი სხვანაირად აღვიქვი. ბიჭი რომ გოგოს სახლამდე აცილებს, ხომ რაღაცას ნიშნავს, არა?

კლასში მომხდარზე არაფერი გვითქვამს, არც რაიმე განსაკუთრებულზე გვისაუბრია. გზის უმეტესი ნაწილი ჩუმად გავიარეთ. დაბნეული ვიყავი. რაღაც განსხვავებულს ვგრძნობდი. უნდა ვაღიარო, ველოდი მადლობას როდის გადამიხდიდა, თუმცა იმ დროს უკვე ასე თუ ისე ვიცნობდი, ამიტომ მისი სიჩუმე არ მწყენია. იმ დღეს პირველად აღმოვაჩინე, რომ თურმე სიჩუმესაც მოსმენა სჭირდება.

სახლის კარს რომ მივუახლოვდით, მადლობა გადავუხადე და სანამ რაიმეს მიპასუხებდა დაუფიქრებლად გადავეხვიე. ზუსტად ერთი წამი აღმოჩნდა საკმარისი, რომ აღტაცება შიშს ჩაენაცვლებინა. წარმოდგენაც არ მქონდა ჩემს საქციელს როგორ აღიქვამდა. წამის მეასედში  უამრავმა ურთიერთსაპირისპირო სურათმა გამიელვა, მაგრამ ყველაფერი საკუთარ ადგილს დაუბრუნდა, როდესაც,  ჩემდაგასკვირად, ზურგზე მისი საპასუხო შეხება ვიგრძენი. ის არ იყო უხერხული, არც ცივი. შიში გაქრა - საოცარ ნათებაში ჩავიძირეთ.

დიდი ხნის განამვლობაში ვერ ვხვდებოდი, თუ რა ერქვა ზუსტად  შეგრძნებას, რომელიც იმ დღეს კარის ზღურბლთან ვიგრძენი. ვერც გავაცნობიერე მანამ, სანამ არ დავკარგე - ეს იყო სიმშვიდე. საოცარი სიმშვიდე.

თუმცა მშვიდი ნამდვილად არ მეთქმოდა სახლში შესვლის შემდეგ. დაველოდე, რომ ელენე წასულიყო, შემდეგ კი ზღვას გავხედე და რაც ძალი და ღონე მქონდა, ვიღრიალე. პასუხად მანანა დეიდას „შვილო, რაიმე ხომ არ გიჭირს“ და გურამი ძიას „შე მამაძაღლო ყურებს დაგაჭრი“ მივიღე.

შემრცხვა. გადავწყვიტე სიხარულის გამოხატვა ჩუმად გამეგრძელებინა. დავიწყე ბოლთის ცემა. გაუჩერებლად ვცქმუტავდი. ვერ ვიაზრებდი, თუ რა დამატყდა თავს. უფრო სწორად იმას, თუ როგორ უნდა შევგებებოდი - მტერი იყო თუ მოყვარე? ვინც არ უნდა ყოფილიყო ჩემი აღელვება ნამდვილად შეძლო.

ახალი თავსატეხი გავიჩინე - ელენე უნდა გამეოცებინა! თავიდან წერილის დაწერა ვიფიქრე, თუმცა ხელწერით მიცნობდა, შემდეგ საჩუქრები, მაგრამ რით შემეძლო მე, ელია ბოლქვაძეს, ელენე აბაშიძის მსგავსი გოგოს  გაოცება. ბევრი ვიფიქრე, თუ ცოტა ვიფიქრე, ის ის იყო გადაწყვეტილების მიღების წამს მივუახლოვდი, რომ კარი გაიღო და ვასილი დავინახე.

ერთი ძალიან დიდი ცვლილება განვიცადე ამ წლების განმავლობაში. ნაწილობრივ ეს ჩემი პროფესიული არჩევნის წყალობაცაა - ძალიან კარგი მატყუარა გავხდი, მაგრამ, ვაი რომ, მაშინ ამით ვერ დავიკვნეხდი.

ნეტავ გენახათ, რა დღეში ჩავვარდი, ვასილიმ რომ მკითხა აწითლებული ხარ, რამე ხომ არ გიჭირსო. ჯერ ხომ უამრავი სისულელე მოვბოდე, საბოლოოდ კი ენა დამება და შეშინებულმა მამაჩემმა ოღონდ შენ არაფერი მოგივიდეს საერთოდ აღარაფერს გკითხავო.

არ ვიცი იმ ღამით საათი გაჩერდა თუ თვითონ დრო. გაშეშებული ვიწექი. საკუთარმა თავმა გამაკვირვა -  უძილობა რომ არ მჩვეოდა ამას ისედაც მიხვდებოდით. ხან ერთ მხარეს გადავწვებოდი, ხან მეორეს. ბოლოს დავიღალე. ბედსშეგუებული ზურგზე დავწექი და ჭერს შევხედე. ასე, ჭერის ყურებაში გაილია ღამე. არ მახსოვს ზუსტად რაზე ვფიქრობდი.  მხოლოდ მაშინ წამოვდექი, როდესაც ფანჯრიდან, პირველმა სხივმა შემოანათა. საათს დავხედე. შვიდი სრულდებოდა. ზღვას მზერა გავუსწორე, რა ლამაზი ყოფილა! მზის ჩასვლა ბევრჯერ მინახავს, მაგრამ ამოსვლა არასდროს. სინათლე  ზღვის ტალღებში იფანტებოდა. თითქოს ზღვა გაშლილი მინდორი ყოფილიყო, რომელსაც ათასი გაფანტული ციცინათელა ანათებდა. მზე  ამ ციცინათელების ბუდედ წარმოვიდგინე. ის სინათლეს უხვად გასცემდა. ნეტავ, სანაცვლოდ რას იღებდა? აი, ეს უკვე აღარ ვიცი.

მარილიანი ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე. მკლავებზე სხივის შეხება ვიგრძენი. ჩავიძირე.

ასე საკუთარ რომანტიკაში ჩაძირულს, დრო საერთოდაც გადამავიწყდა. ვასილიმ რომ ოთახის კარზე დამიკაკუნა, უკვე რვის ნახევარი იყო. არადა, შემეძლო დამეფიცა, რომ ერთი წუთიც არ იყო გასული.

სადღაც ათ წუთში უკვე მზად ვიყავი. მგონი ჩემს ცხოვრებაში პირველი შემთხვევა იყო, როდესაც საათის მოძრაობას ამხელა ყურადღებით ვუმზერდი, ამიტომ შემიძლია ამაყმა ვთქვა, რომ ყოველ ფაქტს ზუსტად გადმოვცემ.

საუზმეზე უარი ვთქვი. ხო, ღამით იმისთვისაც გამოვნახე დრო, რომ წონაში დაკლება გადამეწყვიტა. ვასილიმ ჩემი გადაწყვეტილება შეიცხადა. შემდეგ გაეცინა და მუცელზე ხელი წამომარტყა. ეს ზედა მაინც გამოიცვალეო მომაძახა, თუმცა კარიდან ისეთი აღელვებული გავედი, უკან ვერანაირი ძალა ვეღარ დამაბრუნებდა.

სკოლის გზას დავადექი. შენობას ბატონი ზაზა დაახლოებით რვა საათზე აღებდა. აუცილებლად პირველი უნდა ვყოფილიყავი! ქუჩის შესახვევში პატარა მაღაზია მეგულებოდა. გამყიდველს ვთხოვე ლამაზი თაიგულის  შერჩევაში დამხმარებოდა. ცნობისმოყვარე მოხუცის კითხვებს თავი ოსტატურად ავარიდე. ეს, რა თქმა უნდა, ჩემი აზრით, თუმცა მოხუცი მიმიხვდა  ჩანაფიქრს და პირველი წითელი ვარდები შემომთავაზა. თავი გავაქნიე - ვარდი მას  მერე მეზიზღებოდა, რაც მორთული დედის საფლავი პირველად ვნახე. დარწმუნებული ვიყავი, რომ ისინი არც დედას უყვარდა. მინდვრის ყვავილებიც ვიუარე. ისინი მხოლოდ ერთი ქალისათვის  მემეტებოდა. საბოლოოდ საკმაოდ ლამაზი და სადა თაიგული შევარჩიეთ.

-დარმუნებული ვარ მოეწონება - დამამშვიდა, მაგრამ გაჩუმდა, როგორც კი შეამჩნია, რომ ლოყებზე ჟღალი შემერია.

სალაროს მივუახლოვდით და უცებ თავში დამარტყა, რომ ამ სისწრაფეში საფულე სახლში დამრჩენია.

ღმერთო, ჩემო რა სულელი ბავშვი ვიყავი.  ახლაც კი მრცხვენია, მაგრამ თან გაუჩერებლად ვიღიმი. დღეს ყველა დახვეწილ კაცად მიცნობს. ბევრი არც კი დაიჯერებს, რომ ოდესღაც შეიძლება მეც ბავშვი ვიყავი, ნერვიულობისგან ენა მებმოდა, საფულე მრჩებოდა ან გაწითლებული ათას ბოდიშს ვიხდიდი.

სახლში გაბრუნების დრო აღარ იყო - მთელი გეგმა წყალში მეყრებოდა. სხვა გზა აღარ მქონდა დარჩენილი. საკუთარ სიამაყეს გადავაბიჯე. კარგი, ვაღიარებ, უფრო სიმორცხვეს. გამყიდველს ავუხსენი, რომ საფულე სახლში დარმჩა და საფასურს საღამოს მივუტანდი. მოხუცმა გამიღიმა და თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია.

-მიდი გაიქეცი. შენ ისეთი ციმციმა თვალები გაქვს. ტყუილს არ მეტყვი - ესღა მითხრა.

განა ვინმე დაიჯერებს, რომ ეს ყველაფერი მე გადამხდა? მეეჭვება. მათ  სხვანაირი გამიცნეს. არავის არასდროს უკითხავს  რამდენი გავიღე ან  დავკარგე, რომ აქამდე მოვსულიყავი. არა, განა რამე - პასუხს მაინც არ გავცემდი. უბრალოდ გამახარებდა იმის შეგრძნება, რომ ვიღაცას კვლავ აინტერესებდა სინამდვილეში ვინ ვიყავი.

მგონი, მართლა ვბერდები.

„ე, ასე თუ განაგრძობ უმუშევარს დამტოვებ. ჩემს სათქმელს ამბობ!“

-ხომ ხედავ, მალევე ვითვისებ.

კლავ ხმამაღლა ვუპასუხე განაწყენებულს და „კუპეში“ შალის პლედივით, ჩამოწოლილ სიცარიელეს მივაშტერდი.

დაე, ვისაც უნდა გიჟად ჩამთვალოს!

თვალებზე ხელები ავიფარე. ათამდე დავთვალე. ვცადე ხმის პატრონი წარმომედგინა. იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. ყველა მისი ნათქვამი გავიხსენე, ყოველი შეგრძნება და გონებაში მის ნაკვთები ერთმანეთს დავუკავშირე.

მხოლოდ მას შემდეგ  გავახილე თვალები, რაც დავრწმუნდი, რომ მარტო აღარ ვიყავი და ჩემი იდუმალი მეგზურის  დანახვას შევძლებდი.

ვერ ვიტყვი, რომ გაკვირვებული დავრჩი. ალბათ, არც არავის გაუკვირდებოდა :

საკუთარ თავი დავინახე. თითქოს სარკეში ჩამეხედა. მაგრამ, არა. ჩვენ ერთმანეთისგან რაღაც ძალიან განგვასხვავედა. როდესაც მისი ნათქვამი პირველად გავიგონე, ვიგრძენი, რომ ის ჩემი ახლობელი იყო, მაგრამ ამავდროულად უცხო.

ვუყურებდი და ორ ურთიერთსაპირისპირო აზრს შორის ვიხლართებოდი - „ეს მე ვარ“, „არა, ეს ბიჭი მე არ მგავს“

თვალი ავარიდე :

-ტყუილად არ მოკალათდე. აქ ვერ დარჩები. უნდა წახვიდე.

-რატომ?

-არ შემიძლია გიყურო.

-და რატომ?

-გულს მირევ!

-კითხვა გაგიმეორო?

-ნუ გამითამამდები. შენ უბრალო წარმოსახვა ხარ.

-აკი, გაგაფრთხილე წარმოსახვასთან თამაში საშიშია-მეთქი.

..და ის, იყო ვიფიქრე, რომ საბოლოოდ ჭკუიდან შევიშლებოდი, წამოვხტებოდი, ღრიალს დავიწყებდი და ვერაფერი გამაჩერებდა მანამ, სანამ დასახმარებლად მატარებლის თანამშრომლები არ შემოვარდებოდნენ, ღრმად ჩავისუნთქე და შეძლებისდაგვარად გაწონასწორებულად ვუპასუხე :

-გთხოვ, ახლა არა.

მან საპასუხოდ მხრები აიჩეჩა. გულითადად გამიღიმა - ისე, როგორც ოდესღაც მე ვიმიღოდი. სევდა მოერია. მის თვალებში საკუთარ ანარეკლიც დავინახე. ის არ იბრძოდა არსებობისთვის- თავი დამიხარა და ჩემს განაჩენს უსიტყვოდ დაემორჩილა. მაცოფებდა და ეს ძალიან კარგად იცოდა, თუმცა ეს მგონი სულაც არ ახარებდა.

დანაღვლიანებული ჯერ გამჭვირვალე გახდა, შემდეგ კი გაქრა.

განვდევნე, მაგრამ  თავი გამარჯვებულად არ მიგრძვნია.

კვლავ სიცარიელის პირისპირ აღმოვჩნდი.

თვალებს ვისრეს. წელი მტკივა.

ჩამძინებია.

 

ელფოსტაბეჭდვა