ჩემი თვალით დანახული ცხოვრება
ჩემი თვალით დანახული ცხოვრება
ჩემი თვალით დანახული ცხოვრება
09 მაისი, 2020 წ.

თქვენი აზრით ვინ უფრო იტანჯება?

ის, ვინც უღალატა თუ ის ვისაც უღალატეს?!.

 

 

მოქუფრული საღამო იყო, თითქოს ბუნება ადამიანების დაშვებულ შეცდომებს, მათ ტკივილებს და დარდს გლოვობსო. თითქოს მხარდაჭერას უცხადებს სევდისაგან დამძიმებულ ადამიანებს. ლამპიონებიც კი ალაგ-ალაგ, ოდნავ მბჟუტავ სინათლეს ასხივებს, თითქოს ცდილობს გამოსხივებული სინათლის მიუხედავად შეუმჩნეველი დარჩეს, იმ ადამიანების მსგავსად, რომლებიც ყოველთვის ჩრდილ ქვეშ ყოფნას ამჯობინებენ.

სიცარიელე....

წვიმის წვეთებისგან კიდევ უფრო დამძიმებული გარემო....

გუბურები - რომლებიც ცრემლით სავსეს უფრო მოგაგონებდათ. სწორედ ასე, მძიმედ, უცნაურად.

ქარის ზუზუნი - ოხვრა, მომკივანი ბრბოს მსგავსი ამოძახილები

მოწყენილად, ეულად მყოფი ქუჩები.

ისევ ლამპიონები, წვიმის წვეთები, ცრემლიანი გუბურები, ქარის კივილი, სიცარიელე,

უ- არაფრობა, უ- ამინდობა....

უმიზნო ნაბიჯები, უმიზნო გზის გაგრძელება

ქუჩაში მიდის, უცნაურად მოხრილი და ძალზედ მისუსტებული, მიუყვება ჩაბნელებულ ქუჩას და თავადაც არ იცის სად მიდის, გზას უნათებს მთვარის ოდნავი ელვარება და ალაგ-ალაგ ფანჯრებიდან გამომავალი მბჟუტავი სინათლე. მიუყვება გზას, მაგრამ სად, სად მიდის? იქნებ დაკარგული მეს საპოვნელად? იქნებ დაეძებს ასე უგზო-უკვლოდ ქუჩებში, იქნებ წააწყდეს კიდეც და მოიპოვოს დაკარგული სულიერი წონასწორობა, შინაგანი ჰარმონია. ღმერთო, ეს რა სიტყვებმა გაუელვა გონებაში? თითქოს მისი არსებობა და მნიშვნელობაც კი დაავიწყდა. მაგრამ არ ჩერდება, ალბათ ჯერ ისევ აქვს სხეულის რომელიღაც ნაწილში პატარა, ღრმად ჩაფლული იმედის ნაპერწკალი, რომელიც აიძულებს და უბიძგებს გზის გაგრძელებისკენ, მოქმედებისკენ, მაგრამ ვაი რომ ეს მოქმედებაც უმიზნო, ძალა გამოცლილი, უშინაარსო და აზრ დაკარგულია. უცებ ახსენდება ბანალური ფრაზა, ადამიანი ხომ არასდროს უნდა დანებდეს და ისევ გზას აგრძელებს, იქნებ სწორედ იმედს ეძებს ქუჩაში. მაგრამ ზუსტად ისიც კი აღარ იცის როგორია იმედი, როგორ იცნოს? უკვე თითქოს მისი შინაარსიც დაავიწყდა, მაინც არ ნებდება. ან დანებება რა არის? რას არ დანებდეს? იმას რომ უიმედო, ძალა გამოცლილი და სულიერად დაცლილია თუ რას? იქნებ ფიქრი შეწყვიტოს და ისე გაუყვეს გზას, მაგრამ ესეც რომ არ გამოდის?

ფიქრებსაც რომ ვერ უყრის თავს. როგორ მოიქცეს, თავადაც არ იცის, მაინც მიუყვება გზას. იქნებ ვინმე ღვთისნიერი შეხვდეს რომ მასში არეული მთელი სამყარო დაალაგოს,იქნებ შეუმსბუქოს მაინც თავის თავზე არეული წარმოდგენები, მაგრამ სად არის ღვთისნიერი ადამიანი?! როდის ნახა ბოლოს ასეთი პიროვნება? მგონი რომ ისინიც დინოზვრებთან ერთად გადაშენდნენ. ისევ უმიზნო გზის გაგრძელება, გზის ბოლოს მიტოვებული ეკლესია.

იქნებ სწორედ აქ არის გამოსავალი, უფალთან, საკუთარ თავთან საუბარი, გულის გადაშლა, თითოეული ტკივილის აღიარება, იქნებ სწორედ აქ უნდა მოსულიყო, ზუსტად უფლის სახლს ეძებდა. იქნებ შიგნით შევიდეს, ასეც იქცევა, აწყდება თითქმის ნანგრევებად ქცეულ ტაძარს, ობ მოკიდებულ დამტვერილ კედლებსა და ალაგ-ალაგ შემორჩენილ ხატებს, ახსენდება დროის წარმავალობა, ამქვეყნიური ამაოება და უფალთან საუბრის ნაცვლად უფრო მეტად ირევა. აღმოაჩინა რომ, იმედთან ერთად რწმენაც გაქრობია, და ახლა რა უნდა ქნას?! მთელ ღამეს გარეთ მინდორზე ატარებს, იქვე ახლოს, ვერც ტირის, ბოლომდე ვერც ერთი ფიქრი და აზრი ვერ მიდის, ვერ ახერხებს, რადგან გონებაში სხვადასხვა აზრი განუწყვეტლივ ერთმანეთს ეცილებიან.

პერიოდულად ჭექა-ქუხილის ხმა მაინც აზანზარებდა და აღვიძებდა შინაგან ტკივილებს. გამაგრდი არ დანებდე- ვიბრირებდა მსგავსად მისი ხმა...

...შევდივარ ქოხში. შიშის შეგრძნება სრულიად დაკარგული მაქვს. ლამპარს ვეძებ, ვპოულობ, სიამოვნებით ვეშვები იატაკზე და ვტირი, ვბღავი ბოლო ხმაზე, შიგნით დამალული თითოეული წყენა და დარდი ამომაქვს, სიბრაზე საკუთარ თავზე, სამყაროზე და ჩემს ირგვლივ ყელაზე. მინდა ხმის იოგების ჩაწყვეტამდე ვიყვირო და მგონი გამომდის კიდეც, რა ბედნიერებაა ზოგჯერ მარტო ყოფნა, როცა შეგიძლია იკივლო ყველაფერი დალეწო და ამაში მაინც არავინ შეგიშლის ხელს. ზოგჯერ ადამიანებზე მეტად უსულო, უსიცოცხლო საგნები გვესაუბრებიან და გვანუგეშებენ.

აზრზე მოსვლას ვიწყებ....

ყურადღებას იქცევს ქოხის სიძველე, ნაწერები, პატარა ბუხარი, ძველი საწერი მანქანა, დაჟანგული, დაცრეცილი ფურცლები....

ადამიანის სხვა ამოუცნობ ტკივილს ვაწყდები

ისევ ახალი შემოტევები...

ალბათ ეს ქოხი ბევრად მეტი საშინელების მომსწრეა...

სრული გაჩანაგება, გაქრობა. უ-ვერაფრობა...

ქოხი - ისეთივე ცარიელი, ისეთივე არაფრის მთქმელი, ისეთივე უ-სიცოცხლო...

არ არსებობა არაფრისა.

ეს მძიმე სურათი კი ამ მომენტისთვის ისეთივე შვების მომგვრელია როგორც არასდროს, რადგან ბუნება ისე თანაგიგრძნობს როგორც არავინ ან ვერავინ, იმაზე უკეთ თანაგიგრძნობს ვიდრე ადამიანი. რაც შინაგან სულიერ მდგომარეობას ცოტათი გიბალანსებს.

სიმშვიდე... წონასწორობა... შვება...

ქოხი... ისეთივე ჩუმად მეტყველიი...

არც კი იცის რა დროს, რომელ მომენტში იძალა მისმა უძლურებამ და ჩაეძინა. დილით ჩიტის ჭიკჭიკი აღვიძებს, რომელიც ხელის მტევანზე დაჯდომია, ალბათ უსულო საგნად აღიქვა, თუმცა თვითონაც კი ასე ფიქრობს საკუთარ თავზე, უცებ ჩიტის შურს. ნატრობს რომ ისიც ჩიტი იყოს, ან ახლა შეძლოს გადაქცევა, ჰგონია რომ უცებ გალაღდება, თავისუფლებას შეიგრძნობს და ყველაფერი უცებ გადაივლის, ყველაფერს აზრი მიეცემა, თუმცა არ შეუძლია. ცოტა ხანს კვლავ სამყაროს მიღმა ფიქრებშია გაჭრილი. ბოლოს ისევ ფეხზე დგება და იგივე გზას მოუყვება უკან, იმავე ნაბიჯებით, იმავე შეგრძნებებით, რომელიც გუშინ განვლო. არც კი იცის სად წავიდეს, ბოლოს კი ისევ მისი სახლის გზას დაადგება და მიდის თავისსავე მყუდრო, პატარა, კომფორტულ სახლში, ადგილზე, რომელსაც ყველაზე მეტად ესმის მისი.

 

 

 

*******

ჩვეულებრივი მელანქოლიკი ვარ, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ბედნიერებას არაფერი ჰგვრის. მხოლოდ ბედნიერი შეგრძნებების წამიერ გამონათებებს შევიგრძნობ. მოსვენებას ვერ ვპოულობ, მალე მბეზრდება თითოეული გარემო, საცხოვრებელი ადგილი და ყველაფერი ჩემს ირგვლივ. როცა ერთ ადგილზე ვარ ვფიქრობ, რომ აქ არ უნდა ვიყო და სხვაგანაა ჩემი კომფორტის ზონა, მაგრამ როდესაც იმ„სხვაადგილზე“აღმოვჩნდები ვხვდები რომ არც ეს ყოფილა ჩემთვის სასურველი რამ. მელანქოლია ერთ-ერთი განუკურნებელ დაავადებად მექცა. ვიფიქრებ, რომ უმიზეზო სევდიანობას თავი დავაღწიე შევძელი და სხვა ადამიანად ვიქეცი, უცებ კი ისევ იგივე მდგომარეობაში აღმოვჩნდები. დავიღალე საკუთარი თავის გამუდმებული ძებნით... დავიღალე საკუთარი თავის ფორმირებითა და მისი მუდმივი ძიებით...

 

 

********

 

 

რა იზიდავთ ადამიანებს?!

თუ არა, იდუმალებითა და ბურუსით მოცული საგნები...

 

ჩემს მეზობლად მწერალი ქალი ცხოვრობდა. ო, ღმერთო ვერ აღგიწერთ როგორი შეყვარებული ვიყავი ამ ქალზე. ალბათ, ბავშვობაში მაინც, ყველას გვყავს ჩვენი კუმირი, მისაბაძი ადამიანი, რომელიც განსაკუთრებით მოგვწონს, ვბაძავთ და გვინდა რომ მასავით კარგი ვიყოთ. ჰო, სწორედ ასეთი იყო ეს ქალი ჩემთვის. განსაკუთრებული მოწიწება გამაჩნდა მის მიმართ და ეს იყო ერთადერთი ადამიანი, რომლის ცხოვრებაც ძალიან დიდ ინტერესს მგვრიდა. ალბათ, იმიტომ, რომ სრულიად ბურუსით იყო მოსილი მისი ცხოვრება, გარშემომყოფებისაგან ყოველთვის შორს ეჭირა თავი, მხოლოდ ღიმილიანი მისალმებით შემოიფარგლებოდა. მე კი მხოლოდ ის ვიცოდი, რომ მარტო ცხოვრობდა და მწერალი იყო. გაგიკვირდებათ რატომ უნდა ყოფილიყო ისეთი პიროვნება ჩემი კუმირი, რომლის შესახებაც ძალზე მწირი ინფორმაცია მქონდა, მაგრამ ადამიანი ხომ სწორედ მაშინ გვიზიდავს, როდესაც სხვებისგან განსხვავებული, საინტერესო და ძნელად ამოსაცნობია. ამასთანავე ძალზე მხიბლავდა მისი მანერები, გემოვნებიანი ჩაცმის სტილი, რომელიც მის თავდაჯერებულობას აშკარად ამტკიცებდა, მოკრძალებული და სასიამოვნო ღიმილი, მუდამ კარგ განწყობაზე მყოფი და ამავდროულად ამოუცნობი, შორს მჭვრეტელი მზერა. მაშინაც და ახლაც არაფერი მიმაჩნია იმაზე მშვენიერ თვისებად, როგორიც საკუთარი თავის კარგად ფლობა და წარმოჩენაა. ძალზე რთულია იცოდე სწორად როგორ წარმოაჩინო საკუთარი თავი. ოსტატურად ფლობდე მანერებს, დადიოდე ამაყად, მაგრამ ტოვებდე თავმდაბალი ადამიანის შთაბეჭდილებას. დადიოდე მუდამ მომღიმარი სახით, ალბათ უდიდესი შინაგანი სიძლიერე სჭრდება ამ ყოველივეს. აი, ამ ორ გენიალურ თვისებას დღესაც კი აღმაფრენაში მოვყავარ.  შესაძლოა იმიტომ, რომ ძალიან შორს ვარ ჰაეროვანი და ლამაზი მიმოხრისაგან ჩემი ტლანქი სხეულით. ჰო, სწორედ ასეთი გენიალური თვისებებით იყო შემკული ჩემი ინტერესის ობიექტი. ალბათ ოცდაათ ან ოცდათხუთმეტ წლამდე იქნებოდა, მე კი სულ რაღაც თვრამეტი წლის ვიყავი. დიდი სხვაობა იყო ჩვენს შორის და მასთან დაახლოებასა და საერთო ენის გამონახვაზე არც კი მიფიქრია. შემჩნეული მქონდა, რომ მას თითქმის არავინ სტუმრობდა, გადასახადების ამკრებსა და მაცნეს თუ არ ჩავთვლით. მეგობრებიც არ ჰყავს-მეთქი, ყოველთვის გაკვირვებული ვფიქრობდი. ჰო მართლა, ამ საინტერესო ქალის სახელი მარგარიტა იყო და ვფიქრობდი სახელიც კი როგორი მორგებული აქვს მთელ მის პიროვნებას-მეთქი. დიახ, სწორედ ასეთი იყო ჩემთვის მისაბაძი პიროვნება, რომლის ნიადაგზეც ვახდენდი საკუთარი თავის ფორმირებას. და იცით რა არის ცხოვრებაში ყველაზე საინტერესო? - ის რომ რისკენაც მიილტვი, რისი ინტერესიც გაქვს და რაც გსურს ის საბოლოოდ თავად მოდის შენამდე. არ აქვს მნიშვნელობა ეს ადამიანია, თუ ნებისმიერი სხვა რამ.

კარგად მახსოვს ის საღამო, მთელი დღე უკმაყოფილო ვიყავი, რადგან უამინდობამ ჩემი გეგმები ერთიანად ჩამიშალა. სახლში ვიჯექი და ფილმის ყურებით ვირთობდი თავს, როდესაც კარებზე პატარა გოგონამ დამიკაკუნა და წერილი მომაწოდა. ტექნოლოგიამ სრულიად დამავიწყა მსგავსი წერილების არსებობა, ინტერესით დავხედე -გულაჩქარებულმა გავხსენი და აკანკალებული ხმით წავიკითხე

 

„ - დიდი პატივისცემითა და თხოვნით, გთხოვთ დღეს დამაფასოთ და მესტუმროთ. უდიდესი პატივი იქნება ეს ჩემთვის „

მარგარიტა

 

გაოცება ვერ დავმალე, რადგან ის ქალი, რომელიც ჩემთვის ესოდენ ძვირფასი იყო, უდიდესი მოწიწებით მასთან მისვლას მთხოვდა. რა თქმა უნდა, მაშინვე მოვემზადე და საოცარი ინტერესით აღვსილი სწრაფი ნაბიჯით გავეშურე მისი სადარბაზოსკენ, მაგრამ სრულიად სხვა სურათს წავაწყდი. ქალი, რომელიც ყოველთვის იდეალურ ფორმაში გამოიყურებოდა, მუდამ მომღიმარი და თავდაჭერილი ახსოვდა ჩემს გონებას, ახლა ძალაგამოცლილი, მისუსტებული და ფერმკრთალი იყო. ვეცადე ჩემი გაკვირვება არ აღმბეჭდვოდა სახეზე, თუმცა რამდენად გამომივიდა ვერ გეტყვით.

- მადლობა რომ მესტუმრე, ჩამოჯექი გთხოვ. მისუსტებული ხმით მომმართა მან

- თქვენნაირ ადამიანს ყოველთვის სიამოვნებით ვეახლები, ღიმილით მივუგე მე

- ვიცი რომ გაგიკვირდებოდა ჩემგან ასეთი უცაბედი წერილი, მაგრამ ვისთანაც კი ლაპარაკი შემეძლო და ჩემი უკანასკნელი სურვილის თხოვნა ასეთ ადამიანად მხოლოდ შენ მეგულებოდი.

თითქოს გრძნობდა ჩემს გაოცებულ სახეს და შეკითხვების მთელ კორიანტელს, რომელიც თავში მიტრიალებდა და თვითონ ამომწურავად დაიწყო ყველაფრის მბობა.

- მე, ალბათ სულ რაღაც რამდენიმე დღე დამრჩა, რამდენი არ ვიცი, შეიძლება ორი, სამი ან ცოტა მეტიც, მაგრამ ის ვიცი, რომ ძალიან ცოტა დამრჩა და მინდა მოვასწრო! ირგვლივ არავინ მყავს ისეთი ახლო ვისთანაც საუბარს ვისურვებდი, მართალია, არც ჩვენ გვაკავშირებს მეგობრობა, მაგრამ ადამიანი ყოველთვის გრძნობს მეორე ადამიანისგან კეთილგანწყობას, ამიტომაც გამახსენდი შენ. სიმართლე გითხრა მძულს ეს ადგილი, რადგან ათასი რამ მესმოდა ჩემზე, ათასი ჭორი, ბინძური ტყუილები და აზრები. მათი გახსენების შემდეგ მიხარია კიდეც, რომ სულ მალე აქაურობას დავტოვებ. ამ ადგილზე, ვისგანაც ყოველთვის გულთბილ და გულწრფელ გამოხედვას ვაწყდებოდი შენ იყავი. შენ მაშინ ბავშვი იყავი, შეიძლება ბევრი რამ არც გსმენია და ვერც ამჩნევდი. ბოლო ხუთი წელია რაც, სამწერლობო ასპარეზი დავტოვე, აქ გადმოსვლის შემდეგ აღარ დამიწერია, აღარც ძველი ნაწერები გამომიქვეყნებია, მხოლოდ იმ წიგნებით შემოვიფარგლე, რომლებიც მანამდე დავბეჭდე. ახლა, კი როდესაც ამ ქვეყნიდან მივდივარ მინდა ჩემი შემოქმედების ბოლო ნაწილი გამოვცე, ალბათ ხვდები, რომ მე ამის ძალა აღარ შემწევს და სწორედ შენ მინდა გააკეთო ეს. მიიტანო რედაქციაში და გამოსცე ჩემი ნაწარმოები, როდესაც გკითხავენ თუ შენ რატომ, უბრალოდ უთხარი რომ კარგი მეგობრობა გვაკავშირებდა და სიკვდილის წინა დღეებში გთხოვე ამის გაკეთება. ჰონორარი კი მინდა რომ შენ აიღო ჩემს მაგივრად და როგორც მოგესურვება ისე გამოიყენო.

დავიბენი ათასი კითხვა მიტრიალებდა თავში და ვერც ერთის კითხვას კი ვერ ვახერხებდი. წიგნის მოტანა უნდოდა, თუმცა ადგომა ვერ შეძლო, ბოლოს ისევ მე მომაძებნინა. წიგნის საინტერესო სათაურმა მაშინვე მიიპყრო ჩემი ყურადღება: - " ჩემი თვალით დანახული ცხოვრება"

- მშვენიერია მივუგე მე. თქვენი რეალური ცხოვრებაა აღბეჭდილი?

-დიახ, უმრავლესობა ჩემია, მოგონილი თითქმის არაფერი. დიდხანს ვფიქრობდი ღირდა თუ არა გამოცემა, მაგრამ საბოლოოდ გადავწყიტე, რომ გამოვცე. არ მინდა იმის წარმოდგენა თუ როგორ გაუჩნდება ობი თანდათან და ბოლოს უშედეგოდ დაიცრიცება. იქნებ ერთ ადამიანს მაინც მოხვდეს გულზე ნუგეშად ჩემი ისტორია, იქნებ ვიღაცის აზრი უკეთესობისკენ შეიცვლოს, ვიღაცას კი იმედი ჩავუსახო. სწორედ ამ რამდენიმე „იქნების“ გამო გადავწყვიტე წიგნის გამოცემა. თან მაშინ უფრო მარტივი იქნება, როცა მე აღარ ვიქნები ამ ქვეყნად. ასე კითხვების კორიანტელსაც ავიცილებ თავიდან და ჩემი ტკბილ-მწარე წარსულის გახსენებაც არ მომიწევს. უბრალოდ ჩემი მთელი შინაგანი გრძნობები, დამოკიდებულებები და მნიშვნელოვანი წამები მაქვს აღბეჭდილი. ოღონდ შემპირდი, როდესაც კითხვებს მოგაყრიან სიუჟეტის შესახებ და გკითხავენნამდვილად ჩემი რეალური სამყაროა აღწერილი თუ არა შენ უთხარი, რომ არაფერი არ იცი ამის შესახებ. ძალიან დამავალებ. სიკვდილის წინ ერთ უკეთილშობილეს საქმეს ჩაიდენ. - გამიღიმა მან.  ერთი რამ ნამდვილად ვიცი, ადამიანები არასოდეს გპატიობენ ბედნიერებას, წარმატებას, სილამაზეს და ყოველივე იმას რისგანაც თვითონ შორს არიან, გახსოვდეს! არა მხოლოდ ადამიანები, მგონი, რომ ცხოვრებაც არ გპატიობს ბედნიერებას. - სევდიანი გამომეტყველებით დაამატა ცოტახნის დუმილის შემდეგ.

- მინდოდა მეტი ინფორმაცია მომეპოვებინა და კითხვები დამესვა, მაგრამ საშინელი ხველა დაეწყო. იმის კითხვაც კი დამავიწყდა თუ რა იყო მისი დაავადების მიზეზი. მივხვდი რომ ლაპარაკი აღარ შეეძლო, ვუთხარი ხვალ შემოგივლით - მეთქი, წიგნს ხელი მოვკიდე და კარებისკენ წავედი. მან კი სევდანარევი ღიმილით შემომხედა, რომელიც ყველაზე დიდი მადლობა იყო ჩემს ცხოვრებაში თუ კი ვინმეს უთქვამს.

ათას რამეზე ჩაფიქრებული გავუყევი გზას, წიგნი ისე ძლიერ მქონდა ჩაბღაუჭებული თითქოს მეშინოდა ვინმეს არ გამოეგლიჯა ხელიდან. სწრაფი ნაბიჯით მივუყვებოდი ქუჩებს, წიგნის წაკითხვის ძლიერი სურვილით. თანაც ცხოვრების უცნაურ კანონზომიერებაზე ვფიქრობდი, თუ როგორ მიმიყვანა მან ჩემს საოცნებო პიროვნებასთან.

სახლში მისვლისთანავე სავარძელში კომფორტულად მოვკალათდი და კითხვა დავიწყე. ჩემი ძლიერი ინტერესი თანდათან უფრო და უფრო გაძლიერდა. ახლა კი სრულად მოგითხრობთ, რაც იმ წიგნში ეწერა.

 

 

 

 

 

„ჩემი თვალით დანახული ცხოვრება“

მაღიზიანებს - სამყარო

ვგრძნობ - რომ სულიერი დაუკმაყოფილებლობის სინდრომი მაქვს

მეშინია - ფიქრების

ვიცი -  რომ გზააბნეულობა ცხოვრების ხვედრია

არ ვიცი - ადამიანები რატომ წამლავენ ერთმანეთს

ვერ ვეგუები - უსამართლობას

ვერ ვპატიობ- იმედგაცრუებას

ვმეგობრობ - ფურცლებთან

მეცინება - პარადოქსულ რაღაცებზე

ვეძებ - ხშირად საკუთარ თავს

ვჩხუბობ - წვრილმანებზე

ვკარგავ - უამრავ დროს სამყაროსეულ სიღრმეებზე ფიქრებში

მახსოვს - მომენტები რომლებმაც შემცვალეს

ვავადმყოფობ - უსაზღვრო სიყვარულით

მწამს - რომ სიყვარული აძლევს ყველაფერს აზრს

მიკვირს - თვალთმაქცი ადამიანების

მიხარია - როცა დილით მის სუნთქვას ვგრძნობ

ვდარდობ - ტყუილად დაკარგულ დროზე

ვეწევი - დაუღალავად

მწყინს - მარტივად

ვღალატობ -  საკუთარ თავს

ვკამათობ - ყველაფერზე

ვკითხულობ - ადამიანებს

ვერიდები - ყალბ ადამიანებს

მიყვარს - თავდავიწყებით

ვოცნებობ - ყველაფრის მარტივად აღქმა ვისწავლო

ვფიქრობ - რომ ფიქრებს ჭკუიდან გადაყვანა შეუძლია

ვნანობ - ემოციების უმართაობას

მენატრება - ყოველთვის

ვაგროვებ - გამოცდილებებს

ვებრძვი - საკუთარ თავს

მსიამოვნებს - როცა ვწერ!...

 

ძნელია თავი მოუყარო ყველაფერს, დაწმინდო აზრები, გული და გონება ერთმანეთს შეუთანხმო და დაიწყო ყველაფრის აღბეჭდვა, მაგრამ მე მაინც შევეცდები "ჩემი თვალით დანახული ცხოვრება" აღვწერო და გადმოვცე ჩემი სამყაროსეული აღქმა. თქვენ კი ბევრს ნუ იფიქრებთ ცხოვრებაზე, რადგან ის ერთ დიდ, გზაგაუკვალავ ლაბირინთს ჰგავს და შესაძლოა ფიქრებში იმდენად ჩაგკარგოთ, რომ თავის დაღწევა ვეღარასდროს შეძლოთ. მე სულიერად აფორიაქებული ადამიანი ვარ, დღეგამოშვებით დეპრესიული შემოტევები და სევდიანი ამოძახილები მაქვს. კიდევ უფრო დღეგამოშვებით გამოუსწორებელი სკეპტიკოსი ვარ, კვირის მიწურულს კი სულიერ ტრავმებსა და ძლიერ სულის კივილს ვგრძნობ. ზოგჯერ ამ ყველაფერს ემატება ჩასისხლიანებული, ცარიელი და მანეკენივით უმიზნო თვალების გამოხედვა. მე სწორედ ის ადამიანი ვარ, როგორი ადამიანიც არ უნდა იყო! მე ის ადამიანი ვარ, რომელსაც მგონი თავად მოსწონს იყოს სკეპტიკოსი, დეპრესიულო პიროვნება, რატომღაც ასე უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს. მარტო, ფიქრებში ჩაძირული, სადღაც ჩემთვის ფსკერზე ვეშვები და ვიწყებ წერას, ვესაუბრები ფურცლებს და უბრალოდ ვიცლები. ეს ჩემი ბუნებრივი მდგომარეობაა, რომელსაც ვერსად ვერ გავექცევი.

ალბათ, სწორედ ჩემი სკეპტიკური ხასიათის ბრალი იყო ჩემივე უცნაური და თითქოსდა ახირებული დამოკიდებულება ცხოვრებისადმი. ყველაფერი მოულოდნელად დაიწყო, მოულოდნელი გარდასახვა საკუთარ თავში, მოულოდნელი ფიქრი საკუთარ ვინაობაზე, ცხოვრებასა და მთელ კაცობრიობაზე. არაფრის თქმა შემიძლია იმის გარდა, რომ ცხოვრების და სამყაროს არსზე გამუდმებული ფიქრი დამღუპველი და გამაწამებელია. გონებაში ათასი აზრი ტრიალებს ერთად, რომელიც ძალიან ქაოსური ხდება და ვეღარ ახერხებ ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს აჰყვე, იფიქრო ისე როგორც შენი თანატოლები და ადამიანების უმრავლესობა ცხოვრობს მთელი ცხოვრების განმავლობაში. იწყება პიროვნების გაორება, რომელიც ნამდვილი ტანჯვა ხდება, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც უმეტეს დროს საკუთარ თავთან კონფლიქტში ატარებ. ერთ დღეს სხვა ადამიანად ყოფნა, მეორე დღეს სხვა. ერთდროულად მინდოდა ყველაფერი, გართობა, მეგობრები, მომწონდა ფლირტი, თაყვანისმცემლები, კომპლიმენტები, ყურადღების ცენტრში ყოფნა, თავგადასავლები. მეორე მხრივ კი ძლიან მიზიდავდა მარტოობა. ფიქრი ათას რამეზე, წერა, მშვიდი სიმღერა, ფილმები, წიგნები. ამ ყველაფერს სხვა, ახალ სამყაროში გადავყავდი. დამეთანხმებით საკმაოდ რთულია ამ ყოველივეს ერთად თავსმოყრა და ჰარმონიულად შერწყმა.

სწორედ ახლა, ამ მარტოობის ჟამს წერის სურვილი იმდენად ღრმად შემოიჭრა ჩემში, რომ სული ამიკივლა, ააყოლა გრძნობები, ოდესღაც მიღებული თითოეული განცდა და თითებმაც თავისთვის ჩემგან დაუკითხავად დაიწყეს ყველაფრის აღბეჭდვა. ცხოვრების ყოველდღიურობასა და მოსაწყენ რეალობაზე ჩაფიქრებულმა რა აღარ გაიხსენა - ტკბილი ბავშვობიდან დაწყებული სიყმაწვილემდე მიღებული ათასი განცდა, იმედგაცრუება და გულის ტკივილი, რომელიც თითქოს სიმღერებისა და სიგარეტის ერთი ღერით ცოტათი დააცხრო. საკუთარ თავთან გამუდმებული ბრძოლა ყველაზე მძიმე, რთული და დამღლელი ბრძოლაა!

არვიცი, ალბათ ყველა ადამიანს აქვს ისეთი მომენტი, როდესაც უჩნდება კითხვა თუ რა არის ცხოვრება? რას უნდა რომ მიაღწიოს, რა არის მისი მთავარი მიზანი, რა არის მისთვის ბედნიერება და სხვა უამრავი კითხვა, რომელიც მოსვენებას გვაკარგვინებს. საშინელებაა, როდესაც ადამიანი ისე ტოვებს გარესამყაროს, რომ ერთხელაც არ გასჩენია სურვილი დაფიქრებულიყო ცხოვრების არსზე, საკუთარ ვინაობაზე, საზოგადოებაზე და საერთოდ ისეთ ცხოვრებაზე როგორიც მას სურს რომ ჰქონდეს.

პირადად მე, თექვსმეტი წლის ვიყავი, როდესაც პირველად დავიწყე ცხოვრებაზე ფიქრი. ვფიქრობდი ძალიან ბევრს მის არსზე, ვცდილობდი შემეცნო ის. თუმცა უკვე ვიცი, რომ მას ვერასდროს შეიცნობ, ის იმდენად ღრმა, რთული და ამოუცნობია. ცხოვრების  მნიშვნელობაზე იმდენს ვფიქრობდი, რომ საბოლოოდ ავირიე. დავკარგე საკუთარი თავი, აღარ ვიცოდი ვინ ვიყავი, რა მინდოდა, ჩემი ხასიათებიც კი აღარ ვიცოდი. სულიერი გაორებით ვიტანჯებოდი. ყოველდღიურად ერთმანეთს ენაცვლებოდა შეშლილი სკეპტიკოსისა და ერთდღიანი ოპტიმისტის წარმოდგენები.

ყოველდღე დავდივარ ქუჩებში, უამრავ ადამიანს შორის, გამუდმებით ვაკვირდები მათ სრულ სხვადასხვაობას. დამცინავი გამომეტყველება, გაყინული არაფრისმთქმელი სახეები, უემოციო, ღილების მსგავსი თვალები, ალბათ ასეთი ტიპის ადამიანები სრულიად დაცლილნი არიან ყოველგვარი ემოციისგან, თითქოს ცხოვრება მობეზრდათ და ავტომატურად მიყვებიან მის რიტმს, ახალგაზრდა მკვდრები, ცხოვრებისაგან დაღლილი სახეები და იშვიათად ადამიანის სულიდან წამოსული გულწრფელი ღიმილი და ბედნიერი გამომეტყველება, ჩვენს სამწუხარო რეალობაში.

დამაინც, რამდენად რთულია შეძლო უამრავი უსამართლობის გვერდით მშვიდად ცხოვრება, თვალი დახუჭო ტყუილზე, არასამართლიანობაზე და მშვიდად უყურო უამრავი ცხოვრებისეული ღირებულებების გადაფასებას, რომლის გვერდითაც ათასობით ადამიანი სრულიად ჰარმონიულად და ლაღად ცხოვრობს. სამი არჩევანი გვაქვს: - ან უნდა ითამაშო და გამუდმებით მოირგო ნიღბები, ან იბრძოლო ყოველი უსამართლობის წინააღმდეგ, რომელსაც გამუდმებით აწყდები და შედეგამდე მისვლის მინიმალური შანსი არსებობს და მესამე - განმარტოვდე.

მსგავს ფიქრებში ვიყავი გართული, როდესაც კარზე ხმა გაისმა. საღამო ხანი იყო, სიმართლე გითხრათ არ მესიამოვნა, რადგან ღრმა ფიქრებიდან გამომათრია, მაგრამ როდესაც კარებში მდგომი ნიტა დავინახე უსიამოვნება მაშინვე გამიქრა.

- არ გელოდი, შემოდი.

- ჰო ვიცი, ადამიანები ცხოვრებაში ხშირად არ ველით რაიმეს, მაგრამ ის მაინც ხდება.

- ჩვენგან დაუკითხავად, დავამატე მე და ყავის მომზადება დავიწყე, როცა ნიტამ სასოწარკვეთილი გამომეტყველებითა და ცბიერი ღიმილით დალევა შემომთავაზა, მოდი ცოტა ხნით სამყაროს გამოვეთიშოთ, დავლიოთ ისე, რომ ჩვენი თავიც და მთელი სამყაროც ფეხებზე დავიკიდოთ, ცოტა ხნით მაინც - მითხრა მან. და, რა თქმა უნდა, მეც დავთანხმდი, განა შეიძლება ერთადერთ დაქალს ასეთ დროს უარი უთხრა, რომელიც თავისი სურვილის ექსტაზში იმყოფება?!

მოკლედ, დალევა დავიწყეთ და ორივე გრძნობების მორევში შევიჭერით. ნიტა, ის ხომ ისეთი მგრძნობიარეა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშაა. უეცრად ისტერიული სიცილი ატეხა, მომიბრუნდა და მითხრა: იცი ერთადერთი რაც ცხოვრებაში მეხმარება სიცილია. მე ეს ძალიან მშველის.

- შენ რას მიიჩნევ ისეთად, რაც გეხმარება აიტანო ცხოვრების ყოველდღიურობა?

მეე? უცებ ჩავფიქრდი. მე, მე არ ვიცი რა მეხმარება, ამაზე არასდროს დავფიქრებულვარ.

- და რატომ?

არვიცი, ჩემთვის ყველაფერი იმდენად რთულია, იმდენად რთულია არსებული სამყარო, რომ ვფიქრობ სიცილი ვერ მიშველის, არამედ რაღაც უფრო სხვა.

- და მაინც რა? - ჩამაცივდა ნიტა

ალბათ, სიყვარული, ნამდვილი სიყვარული.უბრალოდ ისეთი ადამიანური სითბო, რომელიც მართლაც წრფელი იქნება, სრულიად უანგარო. აი ისეთი, როგორებიც პატარა ბავშვები არიან თავიანთი წრფელი გულითა და განცდებით. ჰო, სწორედ ასეთი.

- სიყვარული?!  გადაიხარხარა ნიტამ. ცოტა ხნის შემდეგ კი ატირებული ხმით დაიწყო: რომელი სიყვარული, სად, სად არის სიყვარული? რას გულისხმობ მითხარი, განმიმარტე - ნატანჯი გამომეტყველებით შემომყურებდა ის. იცი ასე რატომ ვარ? იცი ლოთი, ზნედაცემული ქალივით რატომ ვიქცევი? სწორედ მყრალი სიყვარულის გამო. მეგონა ცხოვრებამ ერთხელ მაინც მაჩუქა ბედნიერება, უეცრად გამოჩნდა ადამიანი ჩემს ცხოვრებაში, რომელმაც თვით ცხოვრება მასწავლა. ყველაფერი სხვაგვარად დამანახა, უბრალოდ მიმახვედრა, რომ ბედნიერება ყოველთვის ჩვენს გვერდითაა, მთავარია შევიგრძნოთ ის. ვირწმუნე სამყარო, დავიჯერე რომ ამ ქვეყნად რაღაც არსებობს სიწმინდის მსგავსი, სანამ ისევ მწარე რეალობას არ შევეჯახე.

- რა, რა მოხდა? გაოგნებულმა ვკითხე მე.

- დღეს გავიგე რომ მას აღარ ვუყვარდი, ანუ გამოდის რომ არც არასდროს ვყვარებივარ და მთელი ამ ხნის განმავლობაში ეს ყველაფერი ერთი დიდი ტყუილი იყო. როდესაც ეს გავიგე არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, რა მეთქვა, ყვირილი მინდოდა, მინდოდა ბოლო ხმაზე მეყვირა, ყელში უზარმაზარი ბურთი გამეჩხირა, ვგრძნობდი, რომ სადაც იყო ცრემლები გადმომსკდებოდა, მაგრამ საბედნიეროდ შინაგანი თავმოყვარეობა არასდროს გვტოვებს, როგორღაც შევძელი და არ მივეცი ჩემს თავს უფლება ატირებულ მდგომარეობაში ვენახე ისეთ ადამიანს, რომელიც თურმე სიძულვილის ღირსიც კი არ არის ჩემგან.

- მე ძალიან დავიბენი, რთულია როდესაც შენს საყვარელ ადამიანს ასეთ მდგომარეობაში უყურებ და არ შეგიძლია დაეხმარო. ბოლოს კი თითქოს სანუგეშოდ ვუთხარი:

ნიტა, ცხოვრება ამით არ მთავრდება, მისით არ დაწყებულა და არც მისით დამთავრდება. ეცადე ყველაფერს კარგი კუთხით შეხედო. ხომ იცი ცხოვრება რთულია, ბევრჯერ გვატკენს გულს, ხშირად გამოჩნდებიან ბოროტი, ორგული ადამიანები, სხვის გრძნობებზე მოთამაშე არამზადები, მაგრამ ჩვენ ისინი თითოეული გვჭირდება, სწორედ ისინი გვაძლიერებენ, გვასწავლიან, გვზრდიან, თუნდაც რაღაც ეტაპზე ცხოვრებას გვილამაზებენ. განა თავად არ თქვი, რომ ბევრი რამ გასწავლა და ბედნიერება შეგაგრძნობინა? ასე რომ სწორედ ის დაიტოვე მისგან, რაც შენ გჭირდება დანარჩენი კი გონებაშივე გააქრე. ეს შენს ერთ-ერთ თავგადასავლად მიიჩნიე. შემდეგში უფრო ფრთხილი, უფრო დაკვირვებული იქნები, მეტად შეიცნობ ადამიანებს.

- რომელი შემდეგი?  ყვირილით ამომძახა მან. შემდეგი აღარ არსებობს მაშინ, როცა ვინმე ან რამე ძალიან გტკენს, იქ შემდეგი აღარ არსებობს, იქ კვდება მომავლის განცდა. ლუსი - ოდესმე გიგრძვნია იმედგაცრუება? იცი მაინც რას ვგრძნობ, იცი როგორ ვიტანჯები?

- გაივლის, გაივლის ყველაფერი. ჩავჩურჩულე მე.

- ღმერთო, ცხოვრებაში ბევრი რამის მეშინოდა. ყველაზე მეტად კი იმედგაცრუების, რადგან ყოველთვის იმედებზე ვაგებთ ოცნებებს, გეგმებს და საერთოდ ყველაფერს. თავს საშინლად ვგრძნობ, მინდა ისე ვიტირო, რომ დავიცალო, გავთავისუფლდე ყველაფრისგან, მაგრამ ამასაც ვერ ვახერხებ. გრძნობ როგორ ისრისები, რაღაც იდუმალის ქვეშ, სუნთქვა გიძნელდება, თითქოსდა კვდები. სხეულში ქვეწარმავლები დაძრწიან, რომლებიც მოსვენებას არა და არ გაძლევენ. ყველაფრის სურვილი ერთიანად ქრება, ცარიელდები, ყოველგვარ შეგრძნებას კარგავ, რობოტივით, ავტომატურად ცხოვრების რიტმი გაიძულებს იმოძრაო და უბრალოდ იცოცხლო. თავს ცარიელი ბანკასავით ვგრძნობ, რომელიც ელოდება როდის შეივსებს თავის დანაკლისს. საშინელი დამცირება, გულის ტკივილი და სიძულვილიც კი ვიგრძენი რამდენიმე წამით ყველაფრის მიმართ. უსაგნო საგანს ემსგავსები. დავკარგე თავდაჯერებულობა, ადგილს ვერ ვპოულობ, ფიქრებსაც კი ვეღარ ვუყრი თავს, არვიცი, ალბათ საბოლოოდ შევიშლები ლუსი.

- მოდი ჩვენს შეშლილ ცხოვრებას გაუმარჯოს - წამოვიძახე მე და ვისკი ჩამოვასხი. ნიტა თანდათან უფრო დამშვიდდა და წყნარად წამოიწყო საუბარი.

- ლუსი, იცი რა მაცოფებს ყველაზე მეტად? როგორ შეუძლიათ ადამიანებს ერთ დღეს სიყვარულს გეფიცებოდნენ, გეუბნებოდნენ რომ შენს გარეშე ვერ იარსებებენ, რომ შენს გარეშე მის ცხოვრებას აზრი არ ექნება და ამ ყველაფრის შემდეგ მეორე დღეს, თუნდაც ერთი კვირის ან ერთი წლის შემდეგ მშვიდად ადგეს და უმიზეზოდ დაგშორდეს. ვერ ვეგუები ადამიანის ასეთ არაადამიანურ ბუნებას. ყველაზე მეტად ეს მაცოფებს. ყველანაირ ადამიანურ რწმენას, ნდობას ერთიანად ანადგურებს. გულიც კი მერევა, როცა მახსენდება მისი თითოეული სიტყვა და შემდეგ უმიზეზო, უბრალო დაშორება, თითქოს არც არაფერი გვაკავშირებდა.

- ორივე ძალიან აფორიაქებულნი ვიყავით, ამიტომ შევთავაზე ქუჩაში გავსულიყავით, გული გადაგვეყოლებინა, თანაც მოწევა საშინლად მომინდა, არადა თითქმის ორი თვე ხდებოდა რას სიგარეტს აღარ მივკარებივარ, მაგრამ ცხოვრებაში ხშირად გვემართება ისე, რომ რაღაც ძლიან გვინდება და არც კი ვცდილობთ ჩვენს თავს შევეწინააღმდეგოთ, თუმცა მე არც არასდროს ვცდილობ ჩემს თავთან შეწინააღმდეგებას, თუ კი რაიმეთი შემიძლია საკუთარი თავი ვასიამოვნო. ვფიქრობ ჩვენს ხანმოკლე ცხოვრებაში უარი არ უნდა ვთქვათ იმ მინიმალურ რაღაცებზე რაც სიამოვნებას გვანიჭებს. მოკლედ მე და ნიტა ქუჩაში გავედით, უკვე სამი საათი ხდებოდა, ირგვლივ არავინ იყო, ეს კი უფრო მეტად მოგვწონდა. ნიტას ყოველთვის აღიზიანებდა ხალხმრავლობა, გადატენილი ქუჩები და ის ქაოსი, რომელიც ქუჩებში შეიგრძნობოდა. სეირნობისას უეცრად უკნიდან ხმა შემოგვესმა. იქვე რამდენიმე ბიჭი ლუდს სვამდა. ერთ-ერთი მათგანი მოგვიახლოვდა და მათთან ერთად დალევა შემოგვთავაზა, მაგრამ ნიტამ დაუფიქრებლად მიაძახა - წადი შენი. ამაზე ორივეს სიცილი აგვივარდა, გზა განვაგრძეთ. მათ კი ალბათ გიჟები ვეგონეთ, თუმცა რა გასაკვირია.

სადაც იყო გათენდებოდა, ბინდი თანდათან იფანტებოდა, მაშინ მივხვდით, რომ სახლში წასვლის დრო იყო. ორივენი ჩემთან წავედით, სასწრაფოდ საწოლში გავეშურეთ და მაშინვე უგონოდ ჩაგვეძინა.

 

 

******

 

დილით თორმეტი საათი იქნებოდა როცა გავიღვიძეთ, თავი ისე მტკიოდა მეგონა სადაც იყო აფეთქდებოდა.

- ჩვენი ლექციები ისევ გადაიდო - გაურკვეველი სახით თქვა ნიტამ.

- როგორც ყოველთვის - სიცილით გავხედე მე.

ყავას ვამზადებდი, როდესაც ნიტამ მკითხა - შენი აზრით ადამიანები იცვლებიან?

- რა თქმა უნდა, მივუგე მე. ვინ თქვა რომ ადამიანები არ იცვლებიან? სწორედაც რომ იცვლებიან. ჩვენ თითოეული მათგანი ვიცვლებით, ოღონდ არა ერთბაშად. ვიცვლებით ნელ-ნელა, დროთა განმავლობაში და ეს ბუნებრივიცაა. არ მესმის როცა ამბობენ, რომ ადამიანები არ იცვლებიან. ადამიანები რომ არ შეიცვალონ მაშინ სამყაროც ერთ ადგილზე მყარად უნდა იდგეს და ირგვლივ სრული უმოძრაობა სუფევდეს. ჩვენ ვიცვლებით ჩვენი ცხოვრების განმავლობაში და მე ეს უბრალო კანონზომიერად მიმაჩნია და იცი რატომ? იმიტომ, რომ თვითონ ცხოვრება გვცვლის, ის გვაყალიბებს ჩვენი გამოცდილებებიდან გამომდინარე. მაშინ, როცა გამუდმებით განვიცდით ფსიქოლოგიურ რყევებსა და ზეწოლას მომწამვლელი რეალობისგან, ბინძური სულის მქონე ადამიანებისაგან პირდაპირ, უხეშ თუ ლმობიერ ზემოქმედებას. რეალურად ყველა ადამიანი ფაქიზი არსებაა. ყველანი ერთნაირი გრძნობებითა და ემოციებით ვევლინებით გარესამყაროს, მაგრამ საბოლოოდ ყველა ვიცვლებით. ზოგს გვაბოროტებს, ზოგს სიძულვის გვასწავლის და პირიქით. განა ყველა ადამიანს არ აქვს სიყვარულის, სიძულვილის, ერთგულების, მტრობის, მეგობრობისა და სხვა მრავალი ადამიანური შეგრძნება?! მაგრამ ის თითოეულში სხვაგვარად ვითარდება. თითქოს რომელიმე ადამიანში სიყვარულის დოზაა მოჭარბებული, ვიღაცაში კი სიძულვილი ჭარბობს თურმე. ნეტავ რატომ? იმიტომ რომ ის ისე არსებულმა სიტუაციამ აღზარდა, შეცვალა და ჩამოაყალიბა.

- ანუ შენ თვლი რომ რთულ სიტუაციებს ადამიანის ცუდ პიროვნებად გარდაქმნა შეუძლია?

- ამ საკითხზე ცალსახა პასუხს ვერ გაგცემ, თუმცა ფაქტი ერთია, რომ ყველაფერი გვცვლის ადამიანებს. ცუდი, კარგი და ნებისმიერი ცხოვრებისეული გამოწვევა. პიროვნულად გვზრდის და გვაძლიერებს. ხოლო როგორი კუთხით შეიცვლება ადამიანი ეს მის სულიერ სიძლიერეზეა დამოკიდებული. მხოლოდ ძლიერ და კარგად რეალიზებულ ადამიანებს შეუძლიათ არ მისცენ არც ერთ რთულ წინაღობასა და გამოწვევას თავიანთი პიროვნული ღირებულებების გადაფასების უფლება.

- ჰო, გეთანხმები. იცი როგორ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს ზოგჯერ სასიამოვნოა კიდეც გარკვეული პრობლემები და წინაღობები. ცხოვრების არსი ხომ იმაში მდგომარეობს,რომ ღირსეულად გავუსწორდეთ ყველა მის გამოწვევას, ტკივილს, მარცხს, იმედგაცრუებასა და ნებისმიერ ფსიქოლოგიურ ზეწოლას. ჩვენ ხომ ყველაზე უკეთ მათ ხარჯზე ვსწავლობთ, ვიზრდებით პიროვნულად, აღმოვაჩენთ ბევრ მანამ ჩვენთვის უცნობ ცხოვრებისეულ ასპექტებს.

ლუსი იცი მინდა, რომ ტკბობა ვისწავლო, ცხოვრებით ტკბობა. მაშინაც კი უნდა ვტკბებოდე, როცა რაღაც მაწუხებს, როცა პრობლემები თავზე მაყრია, მინდა მაშინაც კარგად ვგრძნობდე თავს. ვფიქრობდე იმაზე რომ ეს დროებითია და რომ ეს ჩემს ერთ-ერთ გამოცდილებად იქცევა სამომავლოდ. სასიამოვნო პროცესად მინდა ვაქციო სწავლა, შრომა და ნებისმიერი ჩემი მოქმედება. პროცესები ჩვეულებრივად ვითარდება ჩვენს ყოველდღიურ, რუტინულ ცხოვრებაში, მაგრამ ჩვენზეა დამოკიდებული რამდენად სასიამოვნოდ გარდავქმნით მას.

- ოჰო, ასეთი ნიტა ბევრად მომწონს. კარგია, კარგად ფიქრობ.

- ხო, მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ ვფიქრობ - გაიღიმა მან.

შეიძლება თეორიულად ძალიან ბევრი რამ ვიცოდეთ, მაგრამ მისი პრაქტიკაში გამოყენება ძალზე რთულია და მხოლოდ ერთეულებს თუ შეუძლიათ ის!

 

 

*********

 

ჰო, სულ დამავიწყდა - მე ლუსი წიკლაური ვარ. ოცდასამი წლის. ვერასოდეს ვიფიქრებდი თუ კალამს ხელში ავიღებდი და წერას დავიწყებდი, მაგრამ ეს თავისთავად ხდება, როცა გინდა გამოხატო შენი განცდები, ამას კი ადამიანებთან ვერაფრით ახერხებ მაშინერთადერთი გამოსავალი წერა ხდება. ფურცლები - რომლებიც დეტალურად მოგისმენენ და სიტყვებს არ შეგაწყვეტინებენ, არ დაგცინებენ და არც გაგამხელენ. სწორედ ამიტომ დავიწყე წერა, გამომეხატა ჩემი განცდები, რათა არ შევშლილიყავი და ცოტათი მაინც მეგრძნო შვება.  ასეც ხდებოდა, როდესაც წერას ვიწყებდი სამყაროს ვეთიშებოდი. მხოლოდ შენ, უამრავი აზრი, მშვიდი სიმღერა, ღრმა შთაგონება, თითქოს სივრცეში იჭრები თითები კი არ ჩერდებიან, განუწყვეტლივ წერენ რაღაცებს - სხეულში დაგროვილი დარდს, ფიქრებს, უთქმელ სიტყვებსა და ათას რამეს, რომლებმაც სხეულში და გონებაში ვერ ჰპოვეს ადგილი. თითქოს თავისთვის ხდება ყველაფერი, ერთგვარი ნარკოტიკი იყო ჩემთვის წერა, რომელიც სულს მიწმენდდა და ყველაფერს თავის ადგილზე ალაგებდა. სხვა, არაამქვეყნიურ სამყაროშო გადავდიოდი, მოკლედ მომწონდა ეს შეგრძნებები და მეც გამუდმებით ვწერდი.

რეალურად ადამიანები წერას იწყებენ მაშინ, როცა არავინ ჰყავთ გვერდით ისეთი ვისაც გულს გადაუშლის ან შესაძლოა ჰყავს, მაგრამ ეს უკანასკნელი მაინც ვერასოდეს გაიგებს შენს სათქმელს, მაინც ზედაპირულად აღიქვამს ყველაფერს ამიტომ ჩუმდები. განა ისეთ ადამიანებთან საუბარს ვინც ვერაფერს გაიგებს, ან სათანადოდ არ აღიქვამს შენს ნათქვამს არ ჯობია სამუდამოდ დადუმდე?! - აქედან გამომდინარე მე ყოველთვის დუმილს ვამჯობინებდი. ალბათ ამიტომ ვარ ყველაზე გულღიად ფურცლებთან.

დაკვირვებიხართ ადამიანის უცნაურ ბუნებას? არა ერთხელ მიფიქრია მის თავისებურებებზე, თუ რაოდენ საინტერესო და უცნაური არსებაა ის. ადამიანური ურთიერთდამოკიდებულებები, თავისებურებები საოცარია მთელი თავისი შინაარსით. თუ სისულელე თქვი ყველა უმალ იჯერებს რომ ეს შენ თქვი, ხოლო თუ რაიმე სიბრძნე ეს უთუოდ ვიღაცის ნათქვამი სიტყვების გამეორებად მიაჩნიათ. საშინელებაა ასეთ რეალობაში არსებობა. ჩვენ, ადამიანები ერთმანეთში თავად ვკლავთ საუბრის სურვილს. დასანანია, როდესაც მათ არ სჯერა შენი ნათქვამის ორიგინალურობის. ან სულაც ვერ სწვდება შენი სათქმელის აზრს და კიდევ უამრავი სხვა მიზეზი შესაძლოა არსებობდეს, მაგრამ მას უკვე შენთვის მნიშვნელობა აღარ აქვს.

 

ჩემი ოჯახური ისტორია ცოტათი მოკლე და უინტერესაო, ოჯახის კონცეფცია უცხოც კი არის ჩემთვის და რაც დრო გადის სამწუხაროდ კიდევ უფრო და უფრო უცხოვდება. მართალია მთელი მონდომებით ვცდილობ შევეწინააღმდეგო დროის სვლას და მეხსიერება ხელშეუხებლად დავტოვო, თუმცა ძალზე რთულია, როდესაც ტკბილი მოგონებები მხოლოდ შვიდ წლამდე ახსოვს გონებას. ყოველი დღე, თვე და წელი თითქოს მონდომებით ცდილობს რომ ის მწირი მეხსიერებაც წამიშალოს და საბოლოო დავიწყებას მისცეს, მე კი არ მინდა ჩემი ცხოვრების ერთადერთი ტკბილი ფრაგმენტი ქარს გავატანო, ამიტომაც ძალიან ხშირად ვფიქრობ დედაზე, მამაზე, იმაზე თუ როგორ ზრუნავენ ჩემზე. შავ-თეთრი ფირივით მახსოვს მომღიმარი დედა, მამას თამაშობები, მათთან ერთად სეირნობა. ახლა კი მხოლოდ ოცნებებში წარმოვიდგენ როგორი ურთიერთობა მექნებოდა მშობლებთან. ხშირად ვხატავ მათ, რადგან არ მინდა მათი ნაკვთები და გამომეტყველება დამავიწყდეს. მოკლედ მთელი მონდომებით ვეწინააღმდეგები დროის სვლას. ალბათ უკვე მიხვდით რომ მშობლები არ მყავს, ერთ საზარელ დღეს ისინი ავტოავარიას შეეწირნენ. ამის შემდეგ კი ბებიას ტკბილი კალთა მახსოვს, რომელიც თვრამეტი წლის ასაკამდე თავდაუზოგავად ზრუნავდა ჩემზე. ყველფერი რაც ვიცი მხოლოდ მისი დამსახურებაა, მისი დაუღალავი მზრუნველობისა.

ამის შემდეგ ბედმა ისევ ძლიერი ტკივილი მაგემა და საყვარელ ბებოსთან გამომშვიდობებაც მომიწია. ახლა რომ მკითხოთ არც კი ვიცი როგორ გავუძელი ყველაფერს, ალბათ ამ ყოველივემ განაპირობა ჩემი უცნაური ხასიათის ჩამოყალიბება. ბებიას გარდაცვალების შემდეგ ჩემმა ნათესავმა გამოთქვა სურვილი, რომ მასთან მეცხოვრა და ის იზრუნებდა ჩემზე. მიუხედავად მისი დიდი პატივისცემისა სასტიკი უარი განვაცხადე, რადგან უკვე მზად ვიყავი მარტო ცხოვრებისთვის და იმისთვის, რომ სრულიად დამოუკიდებლად მეზრუნა ჩემს თავზე. უამრავი განსაცდელი ადამიანს მებრძოლ პიროვნებად გაყალიბებს, სწორედ ასეთად ვიქეცი მე. ვაღიარებ ცოტა სარკაზმიც შეერია ჩემს ხასიათს, რაც არც იმდენად მომწონდა, მაგრამ ალბათ ზედმეტად თბილ და გულღია ადამიანად ჩამოყალიბება უფრო გასაკვირი იქნებოდა.

საბოლოოდ ორი მეგობარი შემომრჩა ნიტა და მარტოობა.

ვერც კი წარმოიდგენთ ადამიანი რამდენად სწრაფად ერგება ყველა მდგომარეობას. მარტოობამ ისევე სწრაფად იცის შეჩვევა, როგორც მშიერმა ძაღლმა მოკედლება, თუ ყოველ ჯერზე მას პურის ნამცეცს მაინც გადაუგდებ. მეგობრების აურაცხელი გარემოცვიდან უცებ შეგიძლია გადაერთო მეგობრების გარეშე ცხოვრებაზე. ადრე თუ აუცილებლად გჭირდებოდა და გქონდა სურვილი, რომ სხვისთვის გაგეზიარებინა შენი გრძნობები, გეკითხა რჩევა, გეთხოვა დახმარება ახლა უკვე ხვდები რომ ეს აღარ გჭირდება. იმდენად სწავლობ და ეჩვევი მარტოობას, რომ უკვე ის დროც აღარ გენატრება. სწავლობ კომფორტის აღქმას მარტოობაში, მალე შენთვის ნორმალურ მდგომარეობად იქცევა კაფეებსა და ბარებში მარტოდმარტო ხეტიალი. ფინჯანი ყავის დალევა, გარემოს თვალიერება, ადამიანების სხვადასხვაობაზე დაკვირვება, საკუთარ თავთან გონებაში ლაპარაკი.

ადამიანი ყველაზე დიდი ცხოველია დაჯილდოვებული საოცარი ადაპტაციის უნარით, რომელიც ადრე თუ გვიან ყველანაირ მდგომარეობას ეჩვევა და ყველანაირ მდგომარეობას მოუძების მისთვის სასარგებლო მხარეს.

რაც შეეხება ნიტას, ის შეიძლება ითქვას ჩემი ერთადერთი და განუყრელი მეგობარია. ერთმანეთი სრულიად შემთხვევით გავიცანით, ათი წლის წინ, სასკოლო ბანაკში. აბსურდულია, მაგრამ თავიდან ერთმანეთი საერთოდ არ მოგვეწონა, რაც აშკარად იგრძნობოდა, თუმცა ერთ დღესაც იმდენად მოულოდნელად დავვახლოვდით, რომ დღემდე ასე გრძელდება, ამიტომაც გირჩევთ მხოლოდ პირვანდელ შთაბეჭდილებას ყოველთვის არ დაეყრდნოთ.

 

*******

მაშინ, როცა სინქრონული და სიმეტრიული მოძრაობიდან სამყაროში ყველაფერი ქაოტურად დაიწყებს მოძრაობას და როდესაც ეს არეულობა დალაგებას დააპირებს, მიუხედავად მთელი შენი ძალ-ღონის აქამდე არსებულ სიმეტრიასთან შედარებით ყველაფერი სრულიად ასიმეტრიულად და ქაოტურად დალაგდება, სწორედ მაშინ უნდა მიხვდე რომ შენ გაიზარდე! მაშინ, როდესაც ბევრ რამეზე შეიცვლი აზრს, მაშინ როდესაც შენთვის ბევრი რამ გაუფერკმრთალდება, ბევრი რამ ფერს შეიცვლის, ბევრ ობმოკიდებულ საკითხს სრულიად ახლებურად დაინახავ, მაშინ როდესაც საკუთარ თავს დასცინებ, მაშინ როდესაც საკუთარ თავს გააკრიტიკებ და მაშინ როდესაც მას ზემოდან გადახედავ, მაშინ როდესაც მასზე გაბრაზდები, ბევრ რჩევას და დარიგებას მისცემ სწორედ მაშინ უნდა მიხვდე, რომ შენ გაიზარდე! საინტერესო ფაქტია, რომ ადამიანები ყოველდღიურად ვიზრდებით პიროვნულად, მაგრამ რატომღაც მას მალევე ვერ ვამჩნევთ, მოულოდნელად ერთბაშად აღმოვაჩენთ ხოლმეცვლილებებს საკუთარ თავში და სადღაც შორიდან, გაუცხოვებულნი გავყურებთ ჩვენს უკვე "ყოფილ" მეს, რომლისადმი ხშირად ბრაზი და ბოღმა გვახრჩობს ადრე დაშვებული შეცდომების, ზედმეტი თავმდაბლობის, გულჩვილობისა თუ სიბრაზის გამო. ჰო, საინტერესო რამაა ადამიანი. ზოგი კი ისევ შენატრის თავის საკუთარ მეს და ნანობს რომ შეიცვალა, რადგან შეიძინა ბევრი კარგი პიროვნული და არსებობისათვის საჭირო უნარ-ჩვევა, მაგრამ დაკარგა არა ერთი ღირებული რამ. ზოგი კიდევ პირიქით, უხარია რომ გამოეყო თავის კომპლექსურ და რაღაცნაირად ვერ შემდგარ ძველ პიროვნებას. ასეა, ჩვენ გამუდმებით ვკარგავთ ნივთებს, პიროვნებებს, შეგრძნებებს და სამწუხაროდ საკუთარ თავსაც კი.

 

******

ლექციებიდან გამოვდიოდი, როდესაც უცებ ნიტა დავინახე. სულ რაღაც სამი დღე იყო რაც არ მენახა და თურმე როგორ მომნატრებია. იქვე მდგომ კაფეში შევედით. ბევრი ვისაუბრეთ ჩვენს კურსელებსა და საუნივერსიტეტო ამბებზე.

- მინდა მალე დამთავრდეს ეს წელი, აღარ მინდა ვუყურო ჩვენს გვერდით არსებულ უპოტენციო არსებებს, რომლებიც ქულის მაძიებელ ჭიებს გვანან.

სიცილი ამივარდა. განსაკუთრებით ვერ ვიტანდით სტუდენტებს, რომლებიც რეალურად დაწესებული ზღვარის ქულის მოსაპოვებლად სწავლობდნენ და არა გააზრებულად, საკუთარი თავის განსავითარებლად და რეალური ცოდნის მისაღებად. არასდროს არ მქონდა მაღალი ქულის პრეტენზია, მხოლოდ მაინტერესებდა ჩემი მიღებული ცოდნა. ვერანაირი ლექტორი და სასწავლო სისტემა ვერ განსაზღვრავს შენი ცოდნის დონეს, ჩვენზე უკეთ არავინ იცის ჩვენი მიღებული ცოდნა, განათლება და შესაძლებლობები. ამიტომაც ყოველთვის სკეპტიკური დამოკიდებულება მქონდა მის მიმართ და მიმაჩნდა, რომ ერთადერთი ნამდვილი განათლება თვითგანათლებით მიიღწეოდა.

- ლუსი იცი რაღაც სიახლე მაქვს, რომელიც არ მითქვამს შენთვის, რადგან ვიცი მოსვენებას აღარ მომცემ, მაგრამ მაინც უნდა გითხრა. დღეს დამირეკეს და მითხრეს, რომ გაცვლით პროგრამაში გავიმარჯვე და გერმანიაში მიშვებენ სწავლის გასაგრძელებლად.

- ნიტა რა მაგარია, ეს როგორ არ მითხარი, ყოველთვის ვიცოდი, რომ ყოჩაღი იყავი.

- ჰო, მაგრამ არვიცი წავალ თუ არა. სურვილი აღარ მაქვს, საერთოდ არაფრის და მათ შორის აღარც ამის. არ ვარ სიახლეებისთვის და ენერგიული მუშაობისთვის მზად. თურმე ოცნებებიც იცრიცება ლუსი.

- კარგი რა, ამას როგორ ამბობ. აღარ მინდა ჩემი გამუდმებული საუბრით დაგღალო, მაგრამ სულელი იქნები თუ ამ შანს არ გამოიყენებ. ახალი წლის მოახლოება ახალ შანსს გთავაზობს  და ნუ იტყვი უარს, ისევ უნდა მოიკრიბო ძალა საკუთარ თავში და გაძლიერდე.

- ლუსი იცი რა ხშირად ვგრძნობ დაღლილობას? მაგრამ ეს ჩვეულებრივი ფიზიკური დაღლილობა არ არის. ეს არის სულიერი დაღლილობა, როცა ირგვლივ აღარაფერი გახარებს, წამიერად ყველაფერი გბეზრდება და გინდა რომ ყველასგან და ყველაფრისგან გაქრე. წახვიდე შენთვის, ჰპოვო სიმშვიდე და სიწყნარე, რომელიც ძალიან რთულია. - და კიდევ, მივხვდი, რომ ცხოვრებაში ყველაფერი კარგი მაშინ ხდება, როცა ჩვენთვის სულ ერთია.

- ნიტა ახლა სრული დეპრესია და უიმედობის განცდა გაქვს, ამიტომაც აღიქვამ ყველაფერს ასე კატასტროფულად. გთხოვ ეცადე საკუთარ თავს დაუბრუნდე.

-  იცი ყველა ახალი გამოწვევა ახალ აღმოჩენებში გეხმარება. ისეთ რაღაცებზე იწყებ ფიქრს, რაზეც ადრე არც კი დაფიქრებულხარ და ყურადღება საერთოდ არ გაგიმახვილებია. ერთმა იმედგაცრუებამ შეიძლება იმდენი რამ გასწავლოს, რაც შესაძლოა მთელი ცხოვრება ვერ გესწავლა. მგონია, რომ ახლა როგორც ვარ ვიმსახურებ. ცხოვრებაში ყველა ადამიანი აგებს პასუხს თავის თითოეულ საქციელზე. სწორედ ამ სიტუაციაში მახსენდება თუ რამდენ ადამიანს ვატკინე გული, რამდენი ადამიანის გრძნობები ვუარყავი, როცა ამას საერთოდაც არ მოელოდნენ, ახლა კი ვიმსახურებ ასეთ მდგომარეობაში ყოფნას. ყველა ჩვენ-ჩვენი, საკუთარი მიზეზების გამო, საერთო ჯამში კი, ყველანი ერთად ვამძიმებთ სამყაროს. აღსარება - თუნდაც საკუთარ თავთან ძალზე რთულია, დიდი ძალისხმევაა საჭირო, რომ შენს თავს ესაუბრო შენივე უაზრო ქცევებზე, შეცდომებზე, ამორალურ ფიქრებსა და საერთოდ ყველაფერზე.

- გეთანხმები ამ ყოველივეში, რთულია და ერთეულები ახერხებენ ამას - რომელიც საუკეთესო გზაა სრულყოფილებასთან მიახლოებისა. შენ კი კრიტიკული აზროვნება თვითგანადგურებაში არ უნდა აგერიოს! გიყურებ და ამაყი ვარ შენით, წარმომიდგენია რაოდენ ცოტაა ისეთი ადამიანების რიცხვი, რომლებსაც ასე თამამად შეუძლიათ საკუთარ შეცდომებსა და სირთულეებზე საუბარი. ეს ყველაფერი თვალნათლივ მეტყველებს შენს სიძლიერეზე, ასე რომ მოიკრიბე ისევ ძალა და იფიქრე ჩემს სიტყვებზე.

- კარგი ლუსი გპირდები რომ ვიფიქრებ. ახლა კი უნდა გავიქცე, დედამ მთხოვა საღამო მასთან ერთად გავატარო, მისი მეგობრები იკრიბებიან და უნდა რომ მეც შევუერთდე.

ნიტა წავიდა, მე კი კარგახანს შემოვრჩი ფიქრებში გართული. ის მართალი იყო, ჩვენ ადამიანებს ყოველთვის გამოგვრჩება მნიშვნელოვანი რამ მხედველობიდან, შესაძლოა ის ჭეშმარიტება, რომელიც შეგვიძლია დღეს აღმოვაჩინოთ სამი, ოთხი ან ხუთი წლის შემდეგ დავინახოთ, ან სულაც ვერასდროს. ალბათ ესეც გარემო-პირობებზეა დამოკიდებული.

 

 

 

********

რამდენიმე დღეში ახალი წელი თენდება. დღე, რომელსაც უამრავი ადამიანი იმედებითა და რწმენით აღსავსე ელოდება. დღე, რომელსაც დიდი, პატარა, მოხუცებულნი, ღმერთისაგან მივიწყებული ადამიანებიც სიხარულით ელოდებიან. მე კი ჩემდაუნებურად სევდამ დამრია ხელი. მოვიწყინე და თან რატომ არ ვიცი. საშინელებაა უმიზეზოდ მოწყენა, როცა ირგვლივ არაფერი გაძლევს ამის მიზეზს. ბავშვობიდან მიყვარდა ახალი წელი, მჯეროდა სასწაულების, ყოველთვის სიხარულითა და ჟრიამულით ველოდებოდი, საათს შემყურე ვემზადებოდი სურვილის ჩასაფიქრებლად, რატომღაც ჩემს წარმოსახვაში ის ზუსტად თორმეტ საათზე უნდა ჩამეფიქრებინა, თორემ არ ახდებოდა. გამოგიტყდებით და დღესაც მჯერა, რომ არსებობს რაღაც იდუმალი და ადამიანი, რომელსაც მთელი გულით სურს რაღაც, მთელი მისი არსებით, მთელი შეგრძნებით იფიქრებს სურვილს და სჯერა მისი ახდენის ძალის ის აუცილებლად განხორციელდება.

ალბათ, საახალწლოდ თუ რამეს ვინატრებდი ეს იქნებოდა - საკუთარი თავის პოვნა. მინდა ვიპოვო საკუთარი თავი, საკუთარი ვინაობა და არასოდეს დავკარგო ის. უბრალოდ მე მჯერა რწმენის სიძლიერის და მისი განხორციელების.

 

 

**********

 

ვზივარ და ვფიქრობ. ცარიელი, სრულიად ინდიფერენტული ყველაფრის მიმართ და იცით რა მაშინებს? ის რომ შემიძლია საათობით ვიჯდეუმოქმედოდ, თან ყველაფერზე მაგრამ ცლკე აღებული ვერაფერზე ვფიქრობდე, შემიძლია ასე ქაოსური აზრებით, ქაოსურ მდგომარეობაში მყოფ ოთახში გავატარო მთელი დღე, დღეები ან იქნებ კვირეებიც კი. პერიოდულად სკეპტიციზმი, აპათია და ქაოსი იმდენად იჭრება ჩემში, რომ საერთოდ ვფიქრობ რატომ ვარსებობ?! რას ვაკეთებ ან რა მინდა?! ყოველთვის ვცდილობდი საკუთარი თავის შეცვლას. პატარაობიდანვე იმდენად თბილი, გულჩვილი, უბოროტო ვიყავი და ეს ყველაფერი არამყარობასა და უაზრო მიმნდობლობაში იმდენად მქონდა გადასული, რომ მხოლოდ საკუთარი თავის შეცვლას ვცდილობდი. მინდოდა იმ გოგონადან, რომელიც ერთ უბრალო სიტყვაზე ცრემლებს ვეღარ იკავებდა მიმეღო ძლიერი პიროვნება, რომელისთვისაც ცრემლი და ასეთი ემოციური ფონი უცხო იქნებოდა. ამისათვის ყოველ დღე ვმუშაობდი, ვლაპარაკობდი საათობით სარკეში, ველაპარაკებოდი, ვარიგებდი და რჩევებს ვაძლევდი საკუთარ თავს. ერთ დღესაც საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ სამი თვის განმავლობაში საერთოდ აღარ ვიტირებდი. ჰო, ვიცი, ბავშვურია და საკმაოდ სასაცილოც, გეთანხმები. შემდეგ კი უკიდურესობაში აღმოვჩნდი, მივიღე უცნაური, მაგრამ ძლიერი პიროვნება, რომელიც ემოციებს საერთოდ ვეღარ გამოხატავდა. და რამდენიმე თვის შემდეგ, როდესაც მართლა გულწრფელად მინდოდა ემოციები გამომეხატა, მეტირა ისე რომ დავცლილიყავი ვეღარ შევძელი. ცრემლი აღარ გადმომდიოდა თვალებიდან. მის შემდეგ მხოლოდ ერთხელ შევძელი ტირილი - მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩემი ერთადერთი სიყვარული დავკარგე. თხუთმეტი წლის შემდეგ ეს იყო ჩემი პირველი და ბოლო ტირილი. აი ასეთები ვართ ადამიანები, ასე გვემართება თითქმის ყოველთვის და ყველაფერზე. ვერასდროს ვგებულობთ როგორ ვიცხოვროთ სწორად. ყოველთვის გვიჭირს იმ შუალედის ნახვა, რომელიც ბევრი რამის განმსაზღვრელია. სწორედ ასე დამემართა მეც, ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში ჩავვარდი. გაუკრკვევლობა, ქაოსი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, უბრალოდ ჩვენ უნდა შევძლოთ შუალედის პოვნა ყველაფერში და ასეთი ქაოსების გვერდით სწორად ვიცხოვროთ. ყველაზე ცუდი კი მაინც გულგრილობაა, როცა აღარაფერზე გიტოკდება ძარღვი, აღარაფერი განაღვლებს, გაშინებს ან გახარებს. გამოდის, რომ აზრი დაკარგა შენმა ცხოვრებამ და მისგან სრულიად აღარაფერს ელი. თითქოს ამოწურე ყველაფერი და მხოლოდ იმას ელოდები როდის წაგიყვანს უფალი, მაგრამ ამის მოლოდინიც კი სულ ერთია შენთვის. ანუ ცოცხლად კვდები. რთულია მივხვდე რა და როგორ სჯობს. მართალია, ლაღად გავიძახით "ოქროს შუალედს", მაგრამ განა მისი პოვნა და შენარჩუნება მარტივია? თეორიულად შეგვიძლია ვისაუბროთ, მაგრამ ფაქტის წინაშე აღმოჩენილნი სისუსტეს ვავლენთ, თითქოსდა გვავიწყდება ჩვენთვის თეორიულად ნაცნობი ფრაზები და სიბრძნეები. იქნებ სწორედ ესაა ოქროს შუალედი, რომ ნებისმიერ სიტუაციაში ოქროს შუალედის არსებობა გახსოვდეს? შესაძლოა სწორედ ეს არის.

 

*******

 

აი, სწორედ ის პერიოდი მქონდა საკუთარ თავს რომ ჰკარგავ, რაღაც კონკრეტული მიზეზით ან სრულიად უმიზეზოდ, რომ აღარ იცი ვინ ხარ, რა გინდა, შენს სიძლიერეში, შესაძლებლობებსა და საერთოდ არსებობაში ეჭვი რომ გეპარება. იმის ფიქრით, რომ არ გინდა ირგვლივ მყოფებმა ეს შეამჩნიონ, ასევე საკუთარი თავის პოვნის ღრმა სურვილითა და უბრალოდ სამყაროს გამოთიშვისა და სულიერი სიმშვიდის საპოვნელად გადავწვიტე სადმე მშვიდ ადგილზე წავსულიყავი. სადაც ბუნება, პატარა მყუდრო სახლი, ახლო-მახლო მორაკრაკე მდინარედა სიმშვიდე იქნებოდა. სადაც უთუოდ შევიგრძნობ ბუნების სიდიადეს, ფიქრისთვის დრო ძალიან ბევრი მექნებოდა, არც ინტერნეტთან წვდომა, ირგვლივ არც არავინ. მხოლოდ წიგნები, ტკბილი მელოდიები და ჩემი განუყრელი უსაყვარლესი კომპიუტერი, სადაც გამუდმებით ვინიშნავდი ჩემს აზრებს. სწორედ ამ გადაწყვეტილებით ინტერნეტში მსგავსი ადგილის ძებნას შევუდექი, ვერ გადამეწყვიტა სად წავსულიყავი. ბოლოს კი არჩევანი რაჭაზე შევაჩერე. ეს სწორედ ის ადგილი იყო რაც მე მჭირდებოდა. იმ საღამოსვე ჩავალაგე ჩემოდანი, ავიღე ჩემი ფოტოაპარატი, თბილი პლედები, ყველა ის ნივთი რაც იქ ყოფნის დროს დამჭირდებოდა. დილით ადრიანად გავუდექი გზას ჩემი მანქანით.

საშინელი წვიმა იყო, ქუჩები ისეთი ცარიელი, რომ ადამიანთა არსებობაში ეჭვი შეგეპარებოდა. ცოტაოდენი მანძილის გავლის შემდეგ ახალგაზრდა, ცოტა საშიში შეხედულების მქონე პირმა ხელი დამიქნია, დავფიქრდი, მინდოდა გამეჩერებინა თან ასეთ საშინელ ამინდში, მაგრამ შემეშინდა და თავი მივანებე.

ისევ გზა განვარგძე, მოგვიანებით კი ქუჩაში ათი თორმეტი წლის ბავშვები დავინახე წვიმა რომ უხაროდათ, ფეხების ჭყაპაჭყუპით მიდიოდნენ, სპეციალურად ხტებოდნენ გუბურებში და ერთმანეთს ასველებდნენ. ღიმილი მომგვარა ამ ყველაფერმა, გამახსენდა უმანკო და ბედნიერი ბავშვობა, როცა ირგვლივ ყველაფერი გსიამოვნებს და უბრალოდ ყველაფერს სასიამოვნოდ აღიქვამ. ჯერ კიდევ ბედნიერი ღიმილი დამთამაშებდა სახეზე, როდესაც საზარელი ავარიის ხედი გადაიშალა ჩემ თვალ წინ. და ვაი რომ სიბრალულის, შიშისა და სინანულის გრძნობა უფრო გამიძლიერდა და ბრაზმა ამიტანა საკუთარი თავის წინაშე, როდესაც იმ ადამიანის გვამი დავინახე ვისაც მე მანქანა არ გავუჩერე ჩემივე შიშის გამო. ის კაცი კი ვისაც მისთვის მანქანა გაეჩერებინაკარგად იყო, მხოლო ეს ახალგაზრდა დაღუპულიყო. ღრმა სინანული ვიგრძენი საკუთარი თავისადმი. ვფიქრობდი, ხომ შემეძლო მე გამეჩერებინა მანქანა და გადარჩენილიყო, მაშინ ხომ არაფერი მოუვიდოდა-მეთქი. ამის გაფიქრებაზე სინდისის ქენჯნა უფრო და უფრო მაწუხებდა. იქნებ და ბედისწერა იყო? ვითომ ბედისწერის ბრალია? არვიცი ბედისწერა იმიტომ გამახსენდა, რომ საკუთარი თავი ცოტათი მაინც მენუგეშებინა, თუ იმიტომ რომ მართლაც არსებობს ის, რომელსაც ვერ გავექცევით და მაინც ის მოხდება რაც უნდა მომხდარიყო. თუ ბედისწერა არ იყო რატომ არაფერი მოუვიდა მძღოლს და გარდაიცვალა მხოლოდ ეს ახალგაზრდა, მაშინ როდესაც ავარიიდან გამომდინარე მძღოლის სიცოცხლეც არანაკლებ საფრთხეში იყო?! მაგრამ მე რომ გამეჩრებინა მაშინ ხომ არაფერი მოხდებოდა, ნუთუ მაინც გახდებოდა სიკვდილის წერა ჩემგან წასვლის შემდეგ?! არვიცი, ათას ფიქრებში ვიყავი ჩაფლული, ერთს მეორე ენაცვლებოდა მეორეს მესამე და ასე დაუსრულებლივ. რაც უფრო მეტს ვფიქრობდი მით უფრო მაწუხებდა სინანულის გრძნობა. შემდეგ კი საკუთარ თავზე გაბრაზება დავიწყე საერთოდაც რას წამოვედი და მსგავსი აზრები, როგორც გვახასიათებს ადამიანებს.

სიმღერები ჩავრთე, სიგარეტს მოვუკიდე და ჩემი აზრების ტრანსფორმირება ვცადე. შედარებით გამოვკეთდი, აქ ნიტას ნათქვამი გამახსენდა, "სიმღერა გვაჯანსაღებს." სწორედ ასეა. ერთი საათის გზა მქონდა დარჩენილი, როდესაც მარტომდგომმა ახალგაზრდა ბიჭმა, ალბათ ოცდაშვიდი-ოცდაექვსი წლისამ, თან წაყვანა მთხოვა. წინა მაგალითიდან სინდისმოქენჯნილმა დაუფიქრებლად გავუჩერე მანქანა. წინ დამიჯდა, ცოტა ეს სითავხედე არ მომეწონა და შიშიც კი ჩამისახა გულში, მაგრამ ვეცადე არ შემემჩნია. ალბათ იგრძნო ჩემი დაძაბულობა და საუბარი წამოიწყო.

- გამიკვირდა რომ გამიჩერეთ არ მოველოდი, უბრალოდ მაინც ვცადე. ღიმილშერეული სახით მითხრა მან.

- და რატომ გაგიკვირდათ?

- იმიტომ რომ, ადამიანები იმდენად უნდობლად არიან განწყობილნი ერთმანეთის მიმართ, თან მარტო მყოფმა... და უცებ გაჩუმდა.

- ჰო, ალბათ არც გაგიჩერებდით, უბრალოდ ცოტა ხნის წინ ისეთი მაგალითი მქონდა, რომ საკუთარ თავს უფლებას ვეღარ მივცემ გზაში შემხვედრს მანქანის გაჩერებაზე უარი ვუთხრა, თუ მართლა ურჩხული არ იქნება ის.

- როგორი პირდაპირი ხართ. და მაინც რა მოხდა გზაში ასეთი?

- თქვენ კი როგორი ცნობისმოყვარე. თუ წინააღმდეგი არ ხართ არ მინდა ამაზე საუბარი. ისე, მე კი თქვენმა სითამამემ გამაკვირვა

- მაპატიეთ თუ თავი უხერხულად გაგრძნობით.

- არაუშავს.

- ო, როგორ მიყვარს ეს სიმღერა. carla bruni " you belong to me"

- კარგი გემოვნება გქონია ნიშნის მოგებით ვუთხარი მე.

- ჰო, შენც აშკარად. შეიძლება მოვწიო?

- კი, რა თქმა უნდა.

- ჰო მართლა აქეთ სად მიდიხართ?

- რაჭაში მივდივარ. ცოტახნით განტვირთვა მჭირდება.

- ძალიან კარგი, მეც რაჭაში მივდივარ. და კონკრეტულად სად? - ჩამეძია ის.

- რა მნიშვნელობა აქვს. უხეშადმოვუჭერი, რადგან განმარტოებისთვის წამოსულს არ მინდოდა დრო ვინმესთან ერთად გამეტარებინა. სიჩუმე ჩამოვარდა კარგა ხანს, რომელსაც  ძალიან ვერ ვიტან. სიჩუმე ყოველთვის უხერხულობას გაგრძნობინებს, ახლად გაცნობილ ადამიანთან, მისი დარღვევა ვცადე სრულიად გაუაზრებლად ვკითხე

- თქვენც ძალიან გიყვართ ფიქრი? რადგან მისი თვალები იმდენად უსასრულოდ იყვნენ სხვა განზომილებაში გადასული.

- ა, ჰო, კი ძალიან. უცებ გამოერკვა - ალბათ თქვენც ხომ?

- ძალზე დაბნეულად მიპასუხა მან. - დიახ, მეც

- ფიქრი ადამიანების ერთ-ერთი პრობლემაა, რადგან ძალიან ცოტას ფიქრობენ ისინი.

- ამის შემდეგ ვისაუბრეთ წიგნებზე, ფილმებზე, ზოგად თემებზე და უკვე დანიშნულების ადგილსაც მივადექით

- გულწრფელი მადლობა რომ წამომიყვანე. იშვიათია კეთილი ადამიანები დღეს. მითხრა მან. ჰო, მართლა მთელი გზაა რაღაცებზე ვსაუბრობთ და სახელი არც მიკითხავს.

- ლიზა, ვიცრუე მე და რატომ არც კი ვიცი.

- სასიამოვნოა ლიზა, მე ჯეიკობი. კარგი იქნებოდა კიდევ თუ შევხვდებოდით ერთმანეთს იქნებ მითხრა სად აპირებ დაბინავებას, ან საკონტაქტო ნომერი?

- არა, რა საჭიროა. საინტერესო მოსაუბრე იყავი. გავუღიმე და გზის გასაგრძელებლად მოვემზადე.

 

 

 

*****

იდიოტო, ასე რატომ მოიქეცი, რას გაიპრანჭე და გაინაზე, რომ გეთქვა რა?! ან სახელის მოტყუება რა უბედურებაა?! გონება სულ დაკარგე?! რაში დაგჭირდა?! რამ გაგაუხეშა?! ამჯერად ამის გამო ვეჩხუბებოდი საკუთარ თავს და ძალიან ვუბრაზდებოდი ჩემივე საქციელის გამო. კარგი თუ საჭიროა კიდევ გადავეყრებით სადმე ერთმანეთს, დავიმშვიდე თავი და ჩემს კოტეჯსაც მივადექი ამასობაში.

ზღაპრული ადგილი იყო, საოცნებო ხედით. შემოდგომის მოყვითალო ფოთლებით მიმოფენილი არემარე, თითქოს მწვანე ფერი დაუღალავად ებრძვის ყვითელს და არ უნდა თავისი სილამაზის დათმობაო, ეს ყოველივე კიჰქმნიდა საოცრად გარდამავალ და ულამაზეს ხედს. უსასრულოდ მაღლად აწვდილი ხეები, მათი ფერთა ბრძოლა, რომელსაც ემატებოდა მდინარის რაკრაკის ხმა. ყველაფერი ისეთი საოცარი იყო. ღმერთო რამ უნდა მოგკლას კაცი ასეთ მშვენიერ ადგილას, გავიფიქრე მე და კოტეჯში შევედი. ზუსტად ის არის რაც მე მჭირდება. ფანჯრიდან საოცარი ხედი იშლებოდა, რასაც ემატებოდა გარედან შემომავალი ჯადოსნური ხმები, მდინარის რაკრაკის, ხეების შრიალისა და ჩიტების ჭიკჭიკის გასაოცარი ნაზავი.ჩავრთე ბეთჰოვენის კომპოზიცია "silence", ყავა გავიმზადე ჩემთვის საყვარელ უზარმაზარ ჭიქაში და საწერად მოვემზადე. ვინ იცის რამდენჯერ მიოცნებია ასეთ გარემოში ყოფნაზე, სადაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი აზრების მაქსიმალურ კონცენტრირებას შევძლებდი. ვფიქრობდი უფრო ნათელი და საინტერესო აზრების მობილიზებაში დამეხმარებოდა ეს ყველაფერი. ახლა, სწორედ ამ იმედით, როცა ზუსტად იმ მდგომარეობაში ვიყავი როგორზეც არაერთხელ მიოცნებია ჩემდა გასაკვირად ვერაფერს ვწერდი. გონება მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობდა იმ ბიჭზე, რომელიც გზაში დამემგზავრა. მაგრამ ამას კარგა ხანს არ ვუმხელდი საკუთარ თავსაც კი. ერთ საათიანი მცდელობის შემდეგ, როდესაც საერთოდ არაფრის წერა არ გამომივიდა და ყოველი მეორე ფიქრი მასზე იჭრებოდა გონებაში გამოვუტყდი საკუთარ თავს, რომ მან მომხიბლა, იმეზეც გამოვუტყდი, რომ გამოუსწორებელი შეცდომა დავუშვი და ასე არ უნდა მოვქცეულიყავი. მაგრამ ვეღარაფერს გავხდებოდი, თავს მხოლოდ იმით ვინუგეშებდი, რომ თუ ჩვენი ერთად ყოფნა რამედ ღირდა აუცილებლად შევხვდებოდი ჩემი აქ ყოფნის დღეებში. ყურადღების სხვა რამეზე გადასატანად ფოტოაპარატს ხელი მოვკიდე და ტყეში სასეირნოდ გავედი. ვუღებდი ხოჭოებს, უცნაური ფორმის ხეებს, ლამაზ ყვავილებსა და ათას წვრილმან დეტალს, რომელიც სასიამოვნოდ იპყრობდა ჩემს ყურადღებას. იქვე კარვებით მყოფი ახალგაზრდები დავინახე, კოცონს ამზადებდნენ დასანთებად. გიტარა, სასმელები და მთელი ჟრიამულობა ჰქონდათ. საოცარი გარემო და სიტუაცია იყო შექმნილი. დამიძახეს და მეც დაუფიქრებლად მათთან მივედი.

- რა კარგი საღამო გაქვთ!

- შეგიძლია შემოგვიერთდე, გულწრფელი გრძნობით შემომთავაზა ახალგაზრდა გოგონამ

- ცოტახნის შემდეგკოცონს ყველანი ირგვლივ შემოვუსხედით.

- დღეს ყველა ვსვამთ და არ შემეწინააღმდეგოთ კატეგორიულად თქვა ერთ-ერთმა ბიჭმა და ჭიქას ხელი მოჰკიდა. მოდი ასე დავიწყებ - ბუნებას გაუმარჯოს, სადაც ადამიანები ხშირად ვაფარებთ თავს, ბუნებას რომელიც ხშირად გვეძახის, ხშირად ბევრს გვაგრძნობინებს და გვესაუბრება, მოდი ამ სიდიადეს გაუმარჯოს და შესვა მან.

- ყველამ დალია, ყველამ თავისებურად გამოხატა სათქმელი. ჯერი ჩემზე მიდგადამეც  დავიწყე:

-  ისევე როგორც თქვენ, მეც ძალიან მიყვარს ბუნება და ძალზე უცნაური დამოკიდებულებაც კი გამაჩნია მასთან. გაგიკვირდებათ და ხეებს ჩემს წარმოსახვაში ხშირად ვაიგივებ ადამიანებთან. ხეების სხვადასხვაობა, მათი განსხვავებულობა სწორედ საზოგადოებაში მცხოვრებ განსხვავებულ ინდივიდებს მაგონებს. ყოველთვის მიზიდავს ხეების ცქერა, მათი უცნაური განლაგებაც კი თვალში მხვდება. მინდორში შორს, ცალად მდგარი ხეები, ეულ, მარტოსულ ადამიანებთან ასოცირდება ჩემთვის, რომელთაც მანუგეშებელიც კი არ ჰყავთ და სამყაროსაგან სრულიად მარტო, მივიწყებულნი იმყოფებიან. მაღლა ასული, მყარად მდგარი ხეები კი ამაყ, ძლიერ პიროვნებებს მაგონებენ, რომელთაც მტკიცე ხასიათი, მტკიცე აზრი გააჩნიათ ნებისმიერ საკითხზე და ზუსტად იციან რას მოელიან ცხოვრებისგან. ტანში მოხრილი ხეეები კი სულის ტკივილებისაგან, სულიერი ტრამვებისაგან დაუძლურებულ ადამიანს მომაგონებს,რომელსაც ძალა აღარ შესწევს, რომ გაიმართოს და ისე განაგრძოს ცხოვრება. ქარის დროს მძრწოლი ხეები კი მერყევი ადამიანის ტიპური სახეები ჩემთვის, რომლებიც ქარის ზემოქმედების დროს სხვადასხვა მხარეს ირხევიან ასეა მერყევი პიროვნებაც. ადამიანის ზემოქმედების ქვეშ ექცევა და საითაც და რასაც ის უბიძგებს იმას მოქმედებს. თქვენ კი გისურვებთ ძლიერ პიროვნებად გეცხოვროთ, ისე როგორც ჩემს წარმოსახვაში მაღლად ასული, მყარად მდგარი ხეებია და დიდხანს გვეცქიროს ასეთი მშვენიერი ბუნებისთვის. სიტყვები დავამთავრე თუ არა ტაშის გრგვინვა გაისმა, გაოცებული სახეები შემომნათებდა მე.

- სერიოზული ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელე ახლახანს ჩვენს მიმართ. ხუმრობით მითხრა ერთ-ერთმა.

- ამის შემდეგ სხვა მრავალი სადღეგრძელო წარმოითქვა, გიტარაც ამღერდა და ბინდმაც ჩამოწოლა დაიწყო. უკვე კარგად შემთვრალი ვიყავი, ჩემი წასვლის დროა თორემ უფრო გამიჭირდება გზის გაკვლევა - ვთქვი მე. ბევრი ხვეწნა-მუდარის მიუხედავად მაინც წამოვედი და თან ვფიქრობდი, რატომ არ მშორდებოდა ჯეიკობზე ფიქრები. - სულელო იმიტომ რომ ზუსტად ისეთივე ღიმილი ჰქონდა, რომელიც შენთვის მომხიბვლელია. გამოვუტყდი ისევ საკუთარ თავს. და კიდევ ის გამოხედვა რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანია. რაღაც სხვანაირი, ცოტა უცნაური, საინტერესო არაფრის მთქმელი და თან მრავლის მეტყველი. საუბარიც როგორი კარგი ჰქონდა. ხმაც, რაღაც თბილი, ძლიერ ხმაში სიფაქიზე იგრძნობოდა, ცოტა სითბოს სუნიც ტრიალებდა. ო, ღმერთო როგორ მინდა ფიქრი შევწყვიტო. ნათურა ავანთე და დასაძინებლად გავემზადე, მაგრამ არ დამეძინა. კიდევ დიდხანს ვესაუბრებოდი და ვუბრაზდებოდი საკუთარ თავს, ამას ალკოჰოლისგან გამოწვეული ოთახის ტრიალიც ემატებოდა, შუაღამისას კი როგორც იქნა ჩამეძინა.

 

*********

ჩიტების ჭიკჭიკის ხმაში გაღვიძებას არაფერი სჯობს, გავიფიქრე და საათს დავხედე. თორმეტი ხდებოდა. ავდექი, მოვემზადე, ყავის ჭიქითა და ჩემი მოწყობილობებით გარეთ გავედი. ვტკბებოდი ხედით და ვფიქრობდი, რომ ამ სამყაროში არის რაღაც იდუმალი, რის გამოც ცხოვრება ნამდვილად ღირს. ცოტახნის შემდეგ გზას ფეხით გავუდექი, მინდოდა ახლომახლო ადგილობრივი მცხოვრები მენახა, რათა მეკითხა ღირსშესანიშნავი და ლამაზი ადგილების შესახებ. ბევრი სიარულის შემდეგ, საკმაოდ მოშორებით, მარტოდ, ეულად მდგომი სახლი შევნიშნე. დიდხანს ვიძახე, მაგრამ არავინ გამაგონა, ის ის იყო უნდა გამოვბრუნებულიყავი, როდესაც კარი გაიღო და ლასლასით მოხუცი ქალი გამოვიდა.

- გამარჯობა, ღიმილით შევეგებე მე.

- გამარჯობა საყვარელო, თბილი ღიმილი შემომაგება მოხუცებულმა. შემობრძანდი, რით შემიძლია დაგეხმარო.

- მეც შევედი, თანაც ვიფიქრე მოხუცია და უფრო კარგად ეცოდინება აქაური ტერიტორია-მეთქი. მიჩქმალული ადგილები, რომლებიც მე განსაკუთრებით მიზიდავს. ამასთანავე, რომ არ დაგიმალოთ ჩემი ინტერესის დაკმაყოფილებაც მინდოდა, გამეგო ნუთუ მარტოდ ცხოვრობდა ეს მოხუცი ბებო ასეთ მიუწვდომელ ადგილას.

- ჩაი თუ წითელი ღვინო? რომელს ინებებთ. ყავის მოყვარული არ ვარ და არასდროს მაქვს, ბოდიშს გიხდი.

- წითელი ღვინო იყოს. მივუგე მე.

ჩემი ყურადღება მიიპყრო წიგნების დიდმა თარომ, სადაც უამრავი წიგნი იყო მოთავსებული. უყურადღებოდ ვერ დარჩებოდა ვერც გემოვნებიანად მოწყობილი ოთახი, ტელევიზორის წინ მდგარი ჟურნალის მაგიდა, სადაც ალბათ ყველაზე დიდ დროს ატარებდა. ყველაფერი იმდენად კოხტად, სუფთად და გემოვნებიანად იყო მოთავსებული რომ გამიკვირდა, ვიფიქრე უთუოდ ვინმე სხვა ცხოვრობს მასთან ერთად-მეთქი.

- ამ ფიქრებში ვიყავი, როდესაც წითელი ღვინით სავსე ჭიქები მოიტანა და მითხრა შენთან ერთად მეც დავლევ, დღეს უკვე მეორე ჭიქაა და ჩემთვის აღარ შეიძლება, მაგრამ გამონაკლისს დავუშვებ. ისე კი ყოველდღე ვსვამ ერთ ჭიქას, ძალიან სასარგებლოა. აბა გისმენ რამ მოგიყვანა აქ? ალბათ ტურისტი ხარ ხომ?

- დიახ, დიახ მივუგე მე.

- სრულიად მარტო ჩამოხვედით?

- დიახ, სიმართლე გითხრათ განსატვირთად ჩამოვედი, საკუთარი თავისა და სულიერი სიმშვიდის საპოვნელად. ფიქრების კონცენტრირებისთვის, მაგრამ რაც აქ ჩამოვედი მგონი მთლად ავირიე. - ბოლო ფრაზა ჩემთვის ჩავილაპარაკე.

- კარგი ახალგაზრდა ჩანხარ, საინტერესო, მაგრამ ეგ ყველაფერი შენთვის ძალიან ადრე ხომ არ არის ჩემო კარგო?! რომელი ახალგაზრდა მოდის სრულიად მარტო ასეთ ადგილზე?   სჯობს შეწყვიტო ბევრი ფიქრი, შენს თანატოლებში გაერიო და ის აკეთო რაც ყველაზე მეტად მოგწონს, შენთვის უსიამოვნო საგნებს კი გვერდი აუქციე.

- ყველაზე რთული ჩემთვის სწორედ ეგა არის. იცით, ძალიან მომწონს მარტო ყოფნა, ფიქრი, ბუნებაზე თვალის დევნება. ძალიან მეწვრილმანე ვარ, წვრილმანებს მივსდევ, ადამიანის ქცევასა და თითოეულ სიტყვას ძალზე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. შემიძლია ადამიანზე გავბრაზდე სხვებისთვის სრულიად უმნიშვნელო, ერთი შეხედვით სასაცილო დეტალზე, მაგრამ ჩემთვის ფრიად მნიშვნელოვანია დეტალები. ვფიქრობ, სწორედ დეტალები ამჟღავნებს ადამიანის რეალურ სახეს, მასში ეპარება ის, რასაც მალავს. სწორედ ისინი გასცემენ და აშიშვლებენ ადამიანის რეალურ სახეს. არ გეგონოთ ეს ყველაფერი ვინმეს გამოჭერის მიზნითაა, არა ჩემდაუნებურად ვამახვილებ ყურადღებას დეტალებსა და წვრილმანებზე და სწორედ ამის გამოა რომ ნაკლებად ვკონტაქტობ ადამიანებთან.

- მესმის შენი, რთულია. დაახლოებით შენსავით ვიყავი მეც და უკვე მრავალი წელია მარტო ვცხოვრობ.

- მართლა? გაოცება ვერ დავმალე მე. და რამდენი წლის ხართ?

- ოთხმოცდახუთი წლის. ბევრი დრო აღარ დამრჩენია, ღიმილით თქვა მან.

- რას ამბობთ. თქვენ კიდევ დიდხანს იცოცხლებთ, ბანალური ფრაზა მოვიშველიე

- არა შვილო, უკვე აღარც შემიძლია, სიარულიც მიჭირს, დამლაპარაკებელიც კი არავინ მყავს. შეიძლება ადამიანმა შეძლოს მარტო ცხოვრება, მაგრამ იცოდე რომ სიბერეში განსაკუთრებით სჭირდება გვერდით მყოფი, მოსაუბრე, იმედი, სიცოცხლის მიმცემი, მე კი არავინ მყავს, იშვიათად თუ გამოივლის ვინმე, ცოტა მოშორებით ახალგაზრდა ბიჭი ცხოვრობს, ძალიან კეთილია. ის ყველაზე დიდ მზრუნველობას იჩენს ჩემდამი. ხშირად მნახულობს და მეხმარება. ძნელია სიბერე, ცხოვრების ტკივილების და დარდების სახეა ის.

-  სწორედ ასე წარმომედგინა ალბათ საკუთარი თავი სიბერეში. გრძნობა აშლილი სასმელს შეუჩერებლივ ვსვამდი და ვერც კი მივხვდი როგორ დავიწყე საუბარი, გულის გადაშლა, ისე როგორც არასდროს და არავისთან. ადამიანები უფრო თამამები ვხდებით ისეთ ადამიანებთან საუბრისას, რომელთანაც არანაირი საერთო ნაცნობი არ გაკავშირებს და შიში არ გაქვს შენი გრძნობების გამხელისა.

- იცით ვგრძნობ რომ მეშინია, ყოველდღე ვგრძნობ გაურკვეველ შიშებს საკუთარი თავიდან გამოწვეულს, მაგრამ დანამდვილებით დღემდე არვიცი რისი მეშინია. არვიცი რა არ მაძლევს მოსვენებას. შესაძლოა ეს საყვარელი ადამიანის დაკარგვის შიშია, ან სულაც შიში უარაფრო, უმიზნო ცხოვრებისა, შიში იმისა რომ ისე წახვიდე ამ ქვეყნიდან ვერ მოასწრო ცოტაოდენი აზრი მაინც მიეცეს შენს ცხოვრებას, ცოტახნით მაინც დატოვო კვალი რაიმე სახით, რომ საერთოდ არსებობდი. ან სულაც საზოგადოებისგან გამოწვეული შიში, თავიანთი ბოროტი ზრახვებით, ხვალინდელი დღის გათენების შიში, შიში იმედგაცრუების, ღალატის, ტყუილის, ბოროტი მზერის და კიდევ უამრავი შეიძლება იყოს ის. მე კივერ ვხვდები რა მგვრის ასე დეპრესიულ შიშს, რომელიც უკვე მოსვენებას მაკარგვინებს. იქნებ ყველა ეს შიში და ეს შეგრძნებები ჩემშია გაერთიანებული, ან იქნებ ერთი რომელიმე მეტადაა, მაგრამ ქვეცნობიერს ამის წარმოდგენაც კი არ უნდა, წარმოდგენაც კი ისე უკლავს გულს და იმდენად იფერფლება სხეულში ყველაფერი, რომ სულს მიწამლავს. ალბათ ქვეცნობიერიც კი არ აძლევს კონკრეტულ შიშს აღმოჩენის უფლებას, რაც შეუძლია ნიღბავს მას და მე, საკუთარ თავსაც კი არ მიმხელს. ვერაფრით ვხვდები რა იწვევს ჩემში ესოდენ დიდ შიშს, მოსვენება რომ დამაკარგვინა და თითქოსდა ყოველ წამს ცუდი ამბის მოლოდინში ვარ. ამის შემდეგ კიდევ უფრო მეშინია. - ღრმად მჯერა "აზრების მოზიდვის თეორიის" და შედეგად უკვე ჩემივე ეს უარყოფითი ფიქრები მაშინებს, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი უფრო მეტად იზრდება და ისადგურებს ჩემში. მთელ ჩემს სხეულს ედება ისე ღრმად, რომ კიდევ უფრო მჭამს.

პარადოქსია მესმის, ისიც მესმის რომ მხოლოდ ზიანის მომტანია მსგავსი ფიქრები, მაგრამ როგორ მოვიქცე რომ ვერაფრით ვუმკლავდები მას? ვაანალიზებ, რომ არ უნდა ვიფიქრო, დარწმუნებული ვარ ეს ჩემკენ უფრო მეტ უარყოფითს მოიზიდავს და ზუსტად მე თვითონ ჩემივე ფიქრებით ვუწყობ ხელს ჩემი რომელიმე შიშის განხორციელებას. - მგონი უკვე აღმოვაჩინე რაც მაშინებს, ერთ-ერთი ფიქრია, ჰო სწორედ ჩემივე ფიქრები მაშინებს! ჯანდაბა, ტყუილად ნამდვილად არ ვიძახი, რომ საკუთარი თავის მართვაზე ძნელი არაფერი არ არის ამ წყეულ სამყაროში. თითოეული შიში ცალკე აღებული სასაცილოა, ცოტა სამარცხვინოც. საკუთარი თავის დამცირებაც კი არის თუ სრულიად მიუღებელი და შეურაცხმყოფელი წარმოდგენები გაქვს. როგორიცაა საყვარელი ადამიანის დაკარგვის შიში, ღალატის, სიკვდილის, შიში ტყუილების, დაცინვის საუკეთესი მეგობრის მხრიდან და სხვა ნებისმიერი, სწორედ რომ ამორალური და სამარცხვინო შიშებია. საერთოდაც, თუ მსგავს რამეს აზრადაც კი უშვებ, რომ მან შეიძლება დაგცინოს, მოგატყუოს, გიღალატოს, რომ ის ოდესმე შეძლებს და დაგტოვებს, მარტივად დაგთმობს და წავა, მიზეზსაც კი მნიშვნელობა არ აქვს, თუ ყოველ დღე მსგავს შიშებს ატარებ ჯანდაბას მისი თავიც, წყეული შიშიც, საერთოდაც სიტყვა "საყვარელი ადამიანიც" კი არ უნდა იყოს გამოყენებული ასეთი პიროვნების მიმართ. მსგავს შიშებში ცხოვრებას სჯობს საერთოდ ერთხელ დათმო, გადაიტანო და მთელი ცხოვრება ისეთ უღირს ადამიანთან არ გაატარო რომელზეც ფიქრობ, რომ შეიძლება ოდესმე სხვას მოეფეროს ისე როგორც ახლა შენ, სხვის კანს შეეხოს, სხვისი სურნელი შეიგრძნოს ისე როგორც შენი, თუნდაც ერთჯერადად, ამას ხომ მნიშვნელობა არ აქვს. ოღონდაც არ მისცე უფლება საკუთარ თავს მსგავსი რაღაცების გეშინოდეს და ყოველდღე შენს თავს ამხნევებდე, რომ ეს არასდროს მოხდება, რომ მხოლოდ შენი წარმოსახვის ნაყოფია. ეს ცხოვრებას გაგინადგურებს. და მაშინაც კი თუ ეს შიშები ნამდვილად უმიზეზოდ შენი გონებიდან წამოსული ფანტაზიის ნაყოფია, შენს გონებაში უბრალოდ აგორებული შიშები, არც ამ შემთვევაში ხარ უკეთესი არჩევანის წინაშე. ალბათ ეს დაბალი თვითშეფასებიდან გამოწვეული ფიქრებია ან სულაც ფიქრები ფანატიკური სიყვარულისა.

- გისმენ და გაოგნებული ვარ, როგორ შეიძლება შენს ასაკში ერთდროულად ამდენი რამ ხდებოდეს შენს გონებაში. ალბათ ვერაფერში შეგეწინააღმდეგები მხოლოდ შესწორებას შევიტან, ვინმეზე ან რამეზე ფანატიკოსი გახდე უბრალოდ არ შეიძლება. საკუთარ თავს ამის უფლება არასდროს მისცე. ან ისე იცხოვრე, რომ იქეთ გახდნენ შენი ფანატიკოსნი ან არადა არავინ განადიდო იმდენად, რომ მისი წასვლის შემთხვევაში შენთვის ცხოვრება დასრულდეს და სიკვდილს ნატრობდე. ყოველთვის უნდა დაიტოვო ცხოვრებაში შენთვის რაღაც უფრო მარტივი, გამოსავალი გზა, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერი პრობლემის გადაწყვეტას შეძლებ. ჭკვიანი გოგო ჩანხარ და დარწმუნებული ვარ ამასაც გაითვალისწინებ.

-  რეალისტი და ცივი გონებით მოაზროვნე ადამიანისთვის, რომ ყველაფერი უფრო მარტივია ეგ უკვე დიდი ხანია ვიცი. არც არასდროს მიფიქრია ვინმეს გაღმერთება და გაფანატიკოსება, მაგრამ ვგონებ ეს თავისთავად ხდება, როდესაც სიღრმეში შედიხარ, უფრო და უფრო გიყვარდება, უფრო და უფრო უახლოვდები ერთი საათით დაძინებაც კი აღარ გინდა მისი მკლავების გარეშე, აი სწორედ მაშინ ხვდები რომ მას მიეჯაჭვე, შესაძლოა ხვდები იმასაც, რომ ასე არ უნდა დაგმართნოდა, მაგრამ გვიანია.

- საყვარელო, მე რეალისტი გავხდი. ერთ დროს მეც შენსავით აღვიქვამდი ყველაფერს, მაგრამ როდესაც ეგ მდგომარეობა განვიცადე უკვე გვიანი იყო. შევცდი და გავაღმერთე, საკუთარ თავზე მეტად შევიყვარე, საკუთარ ინტერესებზე წინ დავაყენე, საკუთარი აღარაფერი დავიტოვე. სწორედ გვიან მივხდი, რომ ძალიან შევტოპე. ადამიანზე მიჯაჭვულობა დროთა განმავლობაში დამღუპველიც კი ხდება. არ უნდა მისცე საკუთარ თავს უფლება გახდე ვინმეზე იმდენად დამოკიდებული, რომ სუნთქვაც კი გაგიჭირდეს მის გარეშე. შენი პიროვნულობა, სიძლერე, დამოუკიდებლობა ყოველთვის უნდა დაანახო მას. შენი პრიორიტეტი, ქარიზმა, იდუმალება ცალკე უნდა მოათავსო შენთვის და თანდათან, ეტაპობრივად გამოაჩინო ხოლმე. ადამიანი უნდა შეიყვარო მთელი არსებით, მაგრამ თუ ზედმეტად შეიყვარებ მას უნდა იცოდე, რომ ურთიერთობაში ერთ-ერთი და პირველი შეცდომა უკვე დაშვებული გაქვს. არ გააღმერთო არავინ, არავის მიანიჭო საკუთარ თავზე დიდი ღირებულება და მნიშვნელობა, არ იცხოვრო სხვისი ცხოვრებით, არ იარო მისი ნაბიჭებით, არ მოექცე მის ჩრდილ ქვეშ, თორემ იცოდე, რომ ასეთი ურთიერთობა უკვე დასასრულისკენაა მიდრეკილი. ადამიანს ზედმეტი ყურადღება და სითბოც კი ბეზრდება. ზედმეტი არაფერი ვარგა, ბანალური ფრაზაა, მაგრამ ჭეშმარიტი. ჰო სწორედ ასეა, ბეზრდება ზედმეტი მზრუნველობა, ყურადღება და ყველაფერი ის რასაც მისთვის ცდილობ. მისთვის შენი ღირებულებები, შესაძლებლობები უმნიშვნელო ხდება, ვეღარ ხედავს, იჩრდილება შენი არსებობა და იწყება ურთიერთობის გამოფიტვა. შენი პიროვნულობა ყოველთვის უნდა შეინარჩუნო. განაგრძე ისე როგორც მანამ, დაკავდი ისევ იმით რაც მანამ სიამოვნებას განიჭებდა, არ თქვა შენს ინტერესებზე უარი. დარჩი ის ვინც ხარ და გახსოვდეს - რამდენადაც თავისუფლებას აძლევ ადამიანს, იმდენად გიახლოვდება ის.

ვცდილობდი თვალსაჩინო მაინც არ გამეხადა ჩემი მისდამი დამოკიდებულება, მაგრამ ვერ შევძელი, ვერ ვმალავდიასეთ მიჯაჭვულობას, მისი ჰაერით ვსუნთქავდი და დღეს... დღეს უკვე მხედავ....

დიდი პაუზის შემდეგ გავხედე, თავი ჩახრილი ჰქონდა, მაგრამ თვალებიდან ვერ შეკავებული ცრემლები თითქოსდა ჩუმჩუმად მაინც დაუდიოდნენ სახეზე. სიამაყე, ჩემთვის გავიფიქრე. ჰო სწორედ სიამაყეა ის, რომელიც ჩვენი სისუსტის გამოჩენის საშუალებას არ გვაძლევს.

- ჩემო კარგო, თავი ასწია მან, ღმერთო მეც ძლივს შევიკავე ცრემლები, როდესაც მის ასეთ ჩამქრალ, მაგრამ ამასთანავე საოცრად მეტყველ თვალებს წავაწყდი. არასოდეს ამომიკითხავს ამხელა სევდა, მწუხარება, ტკივილი, დარდი ყველა ის გულისმომკვლელი გრძნობები, რომლებიც მაშინ ამოვიკითხე ამ მოხუცი ქალის თვალებში. ლუსი, განაგრძო მან - იმუშავე საკუთარ თავზე. იმუშავე მხოლოდ იმისთვის, რომ შემდეგ გული არ გეტკინოს, ეს სამომავლოდ ინვესტიციის ჩადებას გავს. ცხოვრება იმდენად დამცინავი და ცვალებადია არასოდეს არ იცი რა მოხდება, შესაძლოა სწორედ ისეთმა ადამიანმა მიგატოვოს ერთ მშვენიერ დღეს, რომელსაც ვერასდროს წარმოიდგენდი. შენ კი ძლიერი უნდა იყო ასეთი მომენტისათვის. ფრთხილი, ძლიერი, იმდენად ძლიერი, რომ უბრალოდ არ მოკვდე და არსებობა განაგრძო. არ შეიცვალო, ძლიერი პიროვნება გახდი და ეცადე არ დაანახო, რომ ასე აღმერთებ, თორემ ეგ ხშირად წყენთ ადამიანებს. მიხარია იცი, ამდენი წლის შემდეგ გული გამითბა იმის გააზრებაზე, რომ ამ ყინულივით გაციებულ დედამიწაზე ისევ არსებობს გულწრფელი, ძლიერი და ღირსეული სიყვარულის გამონათებები. უბრალოდ მეშინია, მეშინია შენი ხასიათის ისეთმა ღირსებებმა, როგორიცაა: უსაზღვრო სიყვარული, მზრუნველობა, საკუთარის უკანა პლანზე გადაწევა არ დაგღუპოს. ალტრუისტული სიყვარული ხანგრძლივი ვერ იქნება, დამიჯერე. ქვეყნად ალბათ არავის ვურჩევ იგივეს რაც მე განვიცადე. შემიძლია ხმამაღლა ვთქვა რომ სამი წელი მე ცოცხალი, მაგრამ თან მკვდარი ვიყავი, უბრალოდ ვსუნთქავდი. ჩემს ურთიერთობასთან ერთად შეწყდა ჩემი კარიერა, ჩემს მიერ წამოწყებული უამრავი გეგმა, სიცოცხლის ხალისი ყველაფერი ერთდროულად ჩაიფერფლა. ამის შემდეგ უბრალოდ ვარსებობდი. არც რიცხვი, თვე, არაფერი აღარ ვიცოდი, რადგან ჩემთვის ამას მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, წელიწადის დროს ამინდის ცვლილების მიხედვით ვხვდებოდი. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მალე გაირბინა სამმა,ხუთმა, შემდეგ შვიდმა წელმა და ასე გაილია წლები. ალბათ ვერც კი ვგებულობდი დროის გასვლას, რადგან ყველა დღე ერთმანეთს გავდა. ზუსტად ერთნაირი იყო თითქოს ერთ ადგილზე ვიდექი და დრო უბრალოდ ჩქარი ტემპით მიდიოდა, როდესაც აზრზე მოსვლა დავიწყე არაფერი მახსოვდა. ის პერიოდი ერთი დიდი ბურუსით მოცული არის ჩემთვის, უბრალოდ მახსოვს რომ ღამე შინაგანი ტკივილები ხშირად მაღვიძებდა, უჰაერობის შეგრძნებასაც არა ერთხელ გავუღვიძებივარ.სიმართლე გითხრა დღეს ძალიან ვნანობ, რა შევცვალე ამდენი გლოვით და საკუთარ თავში ჩაკეტვით?! სრულიად ვერაფერი, შედეგად მივიღე მხოლოდ დანგრეული მომავალი, ჩაფერფლილი კარიერა, დაფლეთილი ოცნებები და ჩამკვდარი ადამიანის ტიპური სახე. აი რა დავმართე ჩემ თავს. ღმერთო რომ იცოდე როგორ ვნანობ... შემეძლო დავბრუნებოდი აქტიურ ცხოვრებას და ჩემი მიზნებისთვის მემუშავა, თუმცა მაშინ იმდენად იყო მთელი ჩემი სამყარო ჩამკვდარი რომ ამის ძალა არ შემწევდა, სურვილიც კი არ მქონდა, არამედ ერთ აზრსაც კი არ გაუვლია გონებაში რომ ისევ ჩავრთულიყავი აქტიურ და პოზიტიურ ცხოვრებს. ჩვენ, ადამიანები, ასაკში უფრო მეტს ვფიქრობთ ჩვენს განვლილ ცხოვრებაზე, შეცდომებზე, მიღწევებზე, წარმატებაზე, დაკარგულ დროსა და კიდევ უამრავ დეტალზე, მაშინ როცა უკვე ძალიან გვიანია რამის შეცვლა.

ჩაფიქრდა... მოდი აღარ გავაგრძელებ და მიძინებულ სევდას მეტად აღარ გავაღვივებ, მაპატიე. უბრალოდ ჩემი რჩევები გაითვალისწინე.

აუცილებლად გავითვალისწინებ - მივუგე მას. ისე კი ნამდვილად ვერ ვეტყოდი, რომ ჯერ სიყვარული სულაც არ გამომიცდია, უბრალოდ ასე წარმომედგინა, თუ ვინმეს შევიყვარებდი შევიყვარებდი უსაზღვროდ, ან არც არავის.

ადამიანები ბევრ შეცდომებს ვუშვებთ მძიმე ღრმა დეპრესიის დროს. მაშინ როცა გინდა დაივიწყო საკუთარი თავი, საკუთარი ვინაობა. სწორედ მაშინ იქცევი ისე, როგორც შენი მე არასოდეს მოიქცეოდა, მოქმედებ ისე როგორც შენ არ შეგეფერება, რათა დაივიწყო შენი თავი და გადახვიდე ახალ სამყაროსა და რეალობაში. მაინც განაგრძო მან საუბარი, ვინ იცის რამდენი ხნის ისტორიას მიყვებოდა და რამდენი ხანია აღარც კი უსაუბრია მსგავს თემებზე, ამიტომ საუბრის სურვილ აღძრულმა თხრობა განაგრძო. თუმცა დროის შემდეგ, (როდესაც შენ გაიაზრებ მას) არ აქვს მნიშვნელობა რა დრო იქნება გასული - დღეები, კვირები, თვეები თუ წლები, შეცდომის გააზრებისთანავე იწყება სინანულის ღრმა შეგრძნება. საკუთარი თავი მას არასდროს გაპატიებს და ყოველ დღე თუ არა პერიოდულად ყოველთვის შეგახსენებს. შემდეგ თითოეული გაუაზრებელი ქცევა ყელში გიჭერს და გგუდავს, მოსვენების საშუალებას არ გაძლევს, ცოცხლად გჭამს შინაგანად. თითოეული ის ქმედება, რომელიც საკუთარი ვინაობიდან გაქცევის მცდელობა იყო, შენი პიროვნებისთვის შეუფერებელი თითოეული ზედმეტად გადადგმული ნაბიჯი - სწორედ ეს გაკარგვინებს მოსვენებას, მას შემდეგ, როცა ყველაფერი დალაგდება და თავის ადგილს დაუბრუნდება... ასე რომ არ ღირს არც ერთ შემთხვევაში საკუთარი ვინაობიდან გაქცევა, რადგან ყოველ მსგავს მცდელობას კიდევ უფრო მტანჯველი შედეგისკენ მივყავართ.

მხოლოდ ძლიერ ადამიანებს შეუძლიათ ყოველთვის და ყველა სიტუაციაში სწორად წარმართონ საკუთარი ქმედება. სინანული? - სინანული ყველაზე ძლიერი რამ არის, რასაც ადამიანი შეუძლია თვითგანადგურებამდე მიიყვანოს. როდესაც ვერ ახერხებ გაექცე ფიქრებსა და აზრებს. ის თავისთვის იჭრება გონებაში და გღრღნის. ხშირად ისე მოულოდნელად იჭრება, რომ ყველაფერს და მთელ დღეს გვიშხამებს.

- როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება თავი დავაღწიოთ მას და მოვიპოვოთ სულიერი სიმშვიდე?

- იქნებ იმით რომ არ ვცადოთ მისგან გაქცევა. თვალი გავუსწოროთ,გავიაზროთ ავწონ-დავწონოთ და ვაღიაროთ რომ შევცდით, რომ ნამდვილად გვძულს ჩვენი თავი იმ მომენტში.

- მაგრამ განა ეს თვითაღიარება საკმარისი აღმოჩნდება? ნუთუ მეტად აღარ შეგვახსენებს თავს და შევძლებთ მისგან თავის დაღწევას? ნუთუ მოგვეშვება ის ლოდი, რომელიც ესოდენ გვამძიმებს და მოულოდნელად მძიმე ფიქრებისკენ მიგვაქანებს?! მაგრამ იქნებ კარგიც კი არის ეს ყოველივე, რადგან მეორედ სწორედ ეს დღე გაგვახსენდეს, და არ მოგვცეს მსგავსი ან ნებისმიერი შეცდომის დაშვების უფლება. გახდება დღე და მაგალითი იმისა, რომ არც ერთ სიტუაციაში არ უნდა სცადო საკუთარი მე-დან გადაბიჯება. და ამ პერიოდიდან ეს დღე ხდება შენი ცხოვრების საზომი.

- ოხ, ეს რიტორიკული, პასუხგაუცემელი შეკითხვები. ჰო, იქნებ კარგიც კი არის მსგავსი შეცდომები, რათა შემდეგ მეტად გაზომო ბევრი რამ. მეტად დააფასო და განსაზღვრო ქცევის სიზუსტე, მისი მნიშვნელობა და ღირებულება. ნეტავ არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთი დღე, ერთი მომენტი, უმიზნო შემთხვევა, თუნდაც ერთი წამი ან გონებაში მისდაუნებურად გაელვებული ერთი აზრი მაინც არ აქვს შავი ლაქასავით, რომელზე ფიქრიც ტანჯვად ქცევია? არვიცი. მაგრამ ასეთი ადამიანების ორ კატეგორიად დაიყოფა ალბათ. ერთნი - რომელთაც სულაც არ აღელვებთ დაშვებული შეცდომები, ამორალური აზრები და მეორე -  რომლებიც იმდენად არიან დაჯილდოვებულნი პიროვნული ღირსებით, რომ არასოდეს დაუშვიათ ისეთი შეცდომა, რომელიც პერიოდულად ყელში წაუჭერს და სუნთქვის საშუალებას არ მისცემს. - მე როგორ ვფიქრობ?

მე თუ მკითხავ შეცდომები აუცილებელია, მაგრამ მასზე აუცილებელი ჩვენი შეცდომებისთვის თვალის გასწორებაა.

- და შეცდომებიდან გაქცევა? ისევ განვაგრძობდი შეკითხვებს

სისულელეა, სასაცილოც კი. განა ვინმეს შეუძლია საკუთარი თავისგან გაქცევა?

- საუკეთესო გამოსავალი?

თვითაღიარება, მონანიება, შეცდომის გაანალიზება.

- და შვების მომტანია?

ძლიერი სინანულის დროს შვების გრძნობა რთულია, თუმცა შემსუბუქება შესაძლებელი.

- ცხოვრების გაგრძელება?

ცხოვრების გაგრძელება ყოველთვის ღირს, სინანული და დაშვებული შეცდომები მისი ბუნებრივი მდომარეობაა.

- ანუ სინანული საჭირო და აუცილებელი რამაა?

აუცილებელი არ არის მხოლოდ მაშინ, როცა ის საჭიროებას არ წარმოადგენს.  ბედნიერია ადამიანი, რომელსაც არაფერი აქვს მოსანანიებელი ამ ქვეყნად, თუმცა ვფიქრობ ასეთი ერთეულები არიან.  ხოლო აუცილებელია ცოდვილთათვის, რათა თავიანთი ცოდვები შეახსენოს და დაეხმაროს მათ მონანიებაში.

- ანუ სინანული ორმხრივი რამ არის?

ცხოვრებაში ყველაფერი ორმხრივი რამაა. კონკრეტული პიროვნებებისთვის კი ცალმხრივი. სინანულის გრძნობა საჭირო და აუცილებელია ცოდვილთათვის, ხოლო ეს გრძნობა უცხო და თუნდაც არასაჭიროა სწორი გზით მცხოვრები ადამიანისთვის.

- შეგიძლია სინანულის დადებითი მხარე მითხრა?

რა თქმა უნდა, შენი ცხოვრების შავი ლაქა სამომავლოდ იქცევა შენი ცხოვრების საზომად, და როდესაც რაიმე მსგავსი შეცდომის დაშვებას დააპირებ სწორედ მაშინ გაგახსენებს თავს და მაშინ უკვე მიხვდები როგორ უნდა მოიქცე სწორად.

- და სინანული როდის არის ნამდვილი?

სწორედ მაშინ როცა შინაგანად აშკარად რაღაც გაწუხებს, გინდა გამოასწორო და ამას ვერაფრითახერხებ. ამისთვის კი იმედიანად ელოდები მომავალს, რადგან მომავალში მაინც შეძლო მსგავსი შეცდომის აღმოფხვრა.

ადამიანი სანამ სინანულს განიცდის მას კიდევ აქვს შერჩენილი ღირსება, ან ღირსების ნაპერწკალი მაინც.

 

ელფოსტაბეჭდვა