წვიმის ქალაქი
წვიმის ქალაქი
წვიმის ქალაქი
07 მაისი, 2019 წ.

ნაწილი პირველი

 

უმჯობესია წაიკითხოთ მოღრუბლულ, წვიმიან ამინდში

 

ერთ ჩვეულებრივ დღეს, ერთ ჩვეულებრივ სტატიას ვწერდი, სპორტზე. ოთხკუთხა, მზით განათებულ და კლავიატურის წკაპუნით გაყრუებულ ოთახში ყველა ვeნტილატორი ჩართული იყო, მაგრამ მაინც  ცხელოდა. პირველი საათი გახდა და შესვენების მაუწყებელი ზარიც გაისმა. გარეთ გასვლას აზრი არ ჰქონდა, იქ უარესი ხვატი და ხმაური იყო, ამიტომ ოთახში დავრჩი და ცოტა ხნით ინტერნეტში შევიჭყიტე, ბოლო დროს ხელოვნებით ვიყავი გატაცებული და ძველ რომაულ ქანდაკებებს ვათვალიერებდი. მაინტერესებდა რა ტექნიკით გამოსდიოდათ სკულტპორებს მსგავსი მსუბუქი და ჰაეროვანი ქანდაკებები. მცირეხნიანი ძიების შემდეგ ჩემთვის სრულიად უცნობ და თავზარდამცემ რაღაცას გადავაწყდი. ქანდაკებები, უზადოდ გამოყვანილი ხელებითა და ტანით, თითებით, რომლებზეც კანის ფაქტურაც კი იყო ზუსტად გამეორებული. ვიჯექი და მონუსხული ვუყურებდი. ვიცოდი, რომ ზოგი ქანდაკება მიღიმოდა, თითქოს ეს ესაა უნდა დამელაპარაკოსო, ზოგიც მოწყენილი იყო, რამდენიმე კი საერთოდ სხვა მხარეს იყურებოდა და იცინოდა. მე ამას ვგრძნობდი და მკაფიოდ ვხვდებოდი, მიუხედავად იმისა, რომ მათგან არც ერთს სახე არ ჰქონდა. დიახ, ყველა უსახო იყო, მაგრამ თან დაჰქონდათ რაღაც მაგიური ენერგია და ემოციები, იმდენად ძლიერი და გამოხატული, რომ თითოეული მათგანის დახასიათება შეგეძლო. უცებ მივხვდი, რომ მეშინოდა, ოფლმა დამასხა და კანკალი დავიწყე. ხელები გამეთოშა, ავდექი და აკანკალებული თითებით ოთახის ბოლოს მდგარი ყავის მადუღარა ძლივს ჩავრთე. სანამ ვიდექი და წყლის ადუღებას ველოდებოდი, შიში ინტერესში გადამეზარდა და ყველაფრის უკეთ დალაგება ვცადე. ამ პროცესში თავში გენიალური იდეა მომივიდა და იმდენად აღვფრთოვანდი რომ მოთუხთუხე ყავა სულ გადამავიწყდა. ღრმად ჩავისუნთქე, ნაკვთები დავალაგე და პირდაპირ უფროსთან შევედი. კარზე დავაკაკუნე, პასუხის მიღების შემდეგ კი ვეცადე, რომ ხელის კანკალი გამეჩერებინა, ალბათ წარმატებით გამომივიდა იმიტომ, რომ არაფერი უთქვამს. დიდხანს ველაპარაკე და ვუჩიჩინე, რომ კარგი სტატია გამოვიდოდა და იმ სკულპტორთან ინტერვიუს ჩასაწერად უნდა გავეშვი. ეს საინტერესო მასალა კი ერთი-ორად გაზრდიდა გაყიდვებს. ბოლოს როგორც იქნა, დავითანხმე და სამზადისს შევუდექი. შევაგროვე ინფორმაცია, დავადგინე ქალაქისა და სასტუმროს კოოდრინატები, ვიანგარიშე ხარჯები და დილით უკვე ამ ქალაქში ვიყავი კალმითა და რვეულით შეიარაღებული. ინტერნეტში ძრომიალისას უამრავ უცნაურ ცნობას წავაწყდი, ამბობდნენ, რომ ამ ქალაქში სულ წვიმდა, დღე-ღამისა და სეზონის მიუხედავად, აქა-იქ კი მკაფიოდ ისმოდა ბავშვის ტირილის ხმა. ზოგი ამბობდა, რომ ეს არდაბადებული ბავშვის ძველი წყევლა იყო, ზოგი კი ამას უბრალოდ შემთხვევითობას, მოლოდინის ეფექტსა და აკუსტიკას აწერდა. გარდა ამისა, ვერსად მივაგენი სკულპტორის ინიციალებს, მაგრამ მისი სინატიფე რატომღაც მაფიქრებინებდა, რომ  ქალი უნდა ყოფილიყო.

ღამის მატარებელს წავყევი, გზაში ჩამძინებია და დილით კონდუქტორმა გამაღვიძა. ამინდი საგრძნობლად შეცვლილიყო. მოღრუბლული, ბნელი ციდან წვეთები ერთ დიდ, უწყვეტ ნაკადად მოდიოდა, გარშემო კი ყველაფერი ნაცრისფერის გავდა, მხოლოდ მატარებლის საფეხურები ანათებდა წითლად. ასეთი ამინდი ცოტა მეუცნაურა, კიდევ კარგი საწვიმარი წამოვიღე-მეთქი გავიფიქრე და მატარებლიდან  ჩამოვედი. ხელში ამობეჭდილი სტატიები მქონდა ჩაბღუჯული, ნაწილიც ჩანთაში მეწყო. სიგრილე მესმიანოვნა, საერთოდ ძილი და მგზავრობა მომიხდა და მშვიდად ვიყავი, რაღაც დიდი და საინტერესო თავგადასავლის მოლოდინში. ლეგენდებისა და წყვევლის დიდად არასდროს მჯეროდა, თან სკოლაშიც ვისწავლე, რომ ყველაზე ნოტიო ადგილი ჩერაპუნჯა იყო და არა ეს ქალაქი. ჰოდა, მეც პირველი უზუსტობით გამხნევებულმა ღრმად ჩავისუნთქე და იმ იმედით, რომ მალე მზე გამოანათებდა, ნაცრისფერი შენობებისკენ მიმავალ სველ ასფალტს გავუყევი. ასე ნახევარი საათის შემდეგ ვიგრძენი, რომ ცოტა შემცივდა, წინ გავიხედე და  მომეჩვენა, რომ ამ დროის განმავლობაში ქალაქს სულ რამდენიმე მეტრით დავუახლოვდი. გამიკვირდა, უფრო შორი ყოფილა ვიდრე მეგონა-მეთქი გავიფიქრე და სწორედ ამ დროს საიდანღაც ტაქსიც გამოჩნდა. ხელი დავუქნიე, მანაც მკვეთრად მოუხვია, შეანელა, რათა გზიდან წყალი არ შემსხმოდა და ზუსტად ჩემს წინ გააჩერა. შუშა ჩასიწია, მეც თავი შევყავი და სახეზე დაცემული სითბო ვიგრძენი, გამათბობელი ჩართული ჰქონდა. ერთბაშად მოვარდნილმა ცხელმა ჰაერმა თვალები  დამწვა და ინსტინქტურად დავხუჭე, ცოტა ხნის შემდეგ კი ისევ მოვედი გონზე და დავინახე, რომ შიგნით მომღიმარი მძღოლი იჯდა. გამარჯობა, ქალაქამდე მიმიყვან?-ვკითხე. ჩემი სამუშაოც ეგ არაა? -კითხვითვე მომიგო და კარის სახსნელს გამოკრა ხელი. მეც გამეღიმა და ჩავჯექი. ტაქსისტმაც მრიცხველი ჩართო, ფანრები აანთო და მანქანა ნელა დაძრა. აქ პირველად ხარ? როგორც ჩანს, ფეხით ბევრი გივლია, კარგად დალორთხებულხარ-ისე მკითხა, რომ ჩემთვის არც შემოუხედავს. საჭეს იყო ჩაფრენილი და გზას უყურებდა, წვიმაც სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა და შუშის საწმენდები საქმეს ვეღარ აუდიოდნენ, ამიტომ მძღოლმაც სიჩქარეს უკლო და ახლა უკვე მანქანა ძლივსღა მიღოღავდა. მე საწვიმარი უკვე გახდილი მქონდა, ფეხები კი-გამათბობელს მიბჯენილი. სითბომ მომადუნა და ძილი მომინდა, მაგრამ ეს წვიმა უკვე მზარავდა, თან აშკარად ვხედავდი, რომ გადაღებას არ აპირებდა. უცნაური გრძნობა დამეუფლა, აი, იმ პირვანდელი შიშის მსგავსი. ვუყურებდი სველ შენობებს და ვხედავდი როგორ ერწყმოდნენ ისინი  მთლიან პეიზაჟს, მუქ ნაცრისფერ ცას და მასზე მუქ, ალაპლაპებულ ასფალტს, რომელსაც გარშემო ტალახიანი ველები ეკრა. ვუსმენდი წვიმის წვეთების რაკარუკს მანქანის სახურავზე და იმასაც, როგორ მშვიდად მიაპობდა ოთხი ბორბალი ჩვენ ქვევით არსებული წყლის მასას. უკვე მეც მჯეროდა, რომ ეს წვიმა არასდროს გადაიღებდა, პიჯაკის ღილიც შევიხსენი და ვიგრძენი-მარტო ვიყავი. ამ სრულ, ერთიან სისტემაში, რომელიც მოჯადოებულ წრეს გავდა, მხოლოდ მე ვიყავი ზედმეტი დეტალი, საიდუმლოების ამოსახსნელად ჩამოსული მომაბეზრებელი მწერი. ამ ფიქრებში ვიყავი გართული, როცა მძღოლის ხმა გავიგონე, ლამის ყვიროდა-აქ პირველად ხართო? შევკრთი, ფიქრებიდან უცბად გამოვერკვიე და შეშინებული, ჯერ კიდევ სუსტი და ხრინწიანი ხმით ვუთხარი : კი-მეთქი. ასეთი ხმის გაგონება ჩემი თავისგან მეც გამიკვირდა, ამიტომ მძიმედ ჩავახველე, შემდეგ კი სავარძელში შევიშმუშნე, კომფორტულად მოვკალათდი და კიდევ ერთხელ უკვე კარგად დაყენებული ხმით გავუმეორე-დიახ, რატომ მეკითხებით? უკვე მესამედ გკითხე, ალბათ ფიქრებში იყავი გართული-ინფანტილური ხმით მითხრა და გზას გახედა, შემდეგ კი თვალები ეშმაკურად აუციმციმდა-არაფერი ისე, არც ისე ბევრი ტურისტი მინახავს აქ მოსული, მგონი ჩემი პირველი კლიენტი ხართ საერთოდ ამ გზაზეო. აბა მაშინ საერთოდ რატომ მოდიოდით?-ვკითხე, ეს კაცი უკვე მაღიზიანებდა. სახლიდან ვბრუნდებოდი ქალაქში, მე გარეუბანში ვცხოვრობ და უცებ გზაზე დაგინახეთ-მიპასუხა, ისე რომ არც შემოუხედავს. გასაგებია-მოკლედ ვუპასუხე, უცებ კი თავში იდეამ გამიელვა და საუბარი გავაგრძელე-იცით აქ ქანდაკებების გამო ჩამოვედი, შემთხვევით გადავაწყდი ინტერნეტში. იქნებ დამეხმაროთ, რომელიმე მუზეუმში დგას თუ სადმე სახელსნოშია გამოფენილი? მსგავსი არაფერი მსმენია-პირქუშად ჩაილაპარაკა მძღოლმა-ისე მეც სულ რამდენიმე წელია რაც აქ გადმოვედი. რაღაც უცნაური ისტორიები და ლეგენდები კი დადის, მაგრამ ქანდაკებებზე არა, უფრო ბავშვის ტირილზე და წვიმასა და სიცივეზე. სიმართლე გითხრათ მეგონა, რომ ამ ამბების გასაგებად ჩამოხვედით, ნუ, ჩვენი ქალაქი ისეთი ცნობილი არაა, როგორც ბერმუდის სამკუთხედი, მაგრამ ზოგჯერ მაინც არის ხოლმე რაღაც სტატიები ზოგიერთ ჟურნალში. ისე, ეს წვიმა მართლაც უცნაურია, თან სულ წვიმს დღეც და ღამეც, ზოგჯერ სუსტდება, მაგრამ რაც თავი მახსოვს არასდროს გადაუღია. არადა, სიახლოვეს არც ოკეანეა და არც მაღალი მთები რომ ნალექები დააგროვოს-ეს თქვა და მანქანაც გააჩერა, მიმოვიხედე და უკვე ქალაქში ვიყავით შესულები. ცოტა ხნით ხელები საჭეზე დაალაგა და პირდაპირ სახეში შემომხედა-მე პირადად ტირილის ხმა არასდროს გამიგია, მაგრამ ზოგიერთს ესმის, უმეტესად ბავშვებს. ამბობენ ღამღამობით უკეთ ისმის იმისი ხმა, რომელიც სიმშვიდის ჟამს წვიმის წვეთებს მოჰყვება, მიწაზე ეხეთქება და ათას ხმოვანებად იშლებაო, ისეთი ხმა აქვს თითქოს მთელმა სამყარომ მიატოვა, მარტოა და საშინლად სცივა ან სტიკვაო, მაგრამ ბედს უკვე შეგუებულა და მის ხმაში არა შველის ძახილი, არამედ მხოლოდ სინანული და დაღლილობა იგრძნობაო. კაცს თვალები გიჟივით, თეთრად უელავდა. დავიძაბე, ჩემდა უნებურად მუშტი შევკარი ჯიბეში და თავდაცვისთვის მოვემზადე. მძღოლი კი უცებ მკვეთრად შეტრიალდა, ხელი უღონოდ ჩაიქნია და საჭეს მსუბუქად, მაგრამ აშკარად შეგნებულად მიარტყა, შემდეგ კი, სულ რამდენიმე წამში, გადმოვიდა მანქანიდან, კარი გამიღო და ღიმილით მითხრა-კეთილი იყოს თქვენი მობრძანება წვიმის ქალაქში. შემდეგ კი ტუჩები ჩემ ყურთან ახლოს მოწია და ჩამჩურჩულა-ფრთხილად იყავით, გადმოცემის თანახმად, აქ ზოგჯერ უცნაური რაღაცები ხდება. ჩემდა უნებურად უკან დავიხიე. მალევე გავიაზრე, რაც მითხრა და პასუხის დაბრუნება გადავწყვიტე, მაგრამ უცებ მივხვდი რომ უკვე ფიზიკურადაც მარტო ვიყავი და ტაქსი სადღაც შორს მიდიოდა, სველ გზაზე მოსიარულე მანქანისთვის დამახასიათებელი ხმით. ჯიბეები შევიმოწმე, ყველაფერი ადგილზე მქონდა, მერე კი ხელზე დავიხედე და მივხვდი, რომ რვეული მთლიანად სველი იყო, შენახვას აზრი არ ჰქონდა, მეც დამასველებდა შიგნიდან. ამიტომ ნაგვის ურნაში მოვისროლე, როგორც მახსოვდა, ჩანთაში კიდევ უნდა მქონოდა რამდენიმე ცალი. მარცხენა ხელი სწავიმარში შევყავი და მოვიბუზე, ახლა ეს სახლები უფრო დიდები ჩანდნენ ვიდრე შორიდან. ავტობუსის სტენდზე ქალაქის რუკა იყო მიხატული, პატარა ქალაქი იყო, სულ რამდენიმე ქუჩითა და ერთი დიდი ბიბლიოთეკით. სასტუმროსთან მალევე მივედი, გასაღები ავიღე და ჩემ ნომერში შევედი. ვიფიქრე ცოტას დავისვენებ, თან ბარგსაც დავტოვებ და ძებნას მერე შევუდგები-მეთქი. ყავა და საუზმე შევუკვეთე, მთლიანად გათოშილი ვიყავი. პატარა ოთახი იყო, ნესტიანი, ერთი ძველი, მაგრამ კარგად შენახული ლოგინი იდგა, მაგიდა და ორი სკამი. კუთხეში კი მთლიანად დაობებულ ღუმელში ცეცხლი ბჟუტავდა. შეშა იქვე იყო მიწყობილი, ხელები ავიკაპიწე და რამდენიმე ნაფოტი შევყარე, სკამიც ახლოს მივიჩოჩე და სითბოს მივეფიცხე.  კარის ჩხაკუნის ხმაც გაისმა და გოგონამ ყავა და ომლეტი შემოიტანა. ისე მშიოდა  სტატია სულ დამავიწყდა და იმის მაგივრად, რომ ქალაქზე რაიმე მეკითხა მხოლოდ მადლობა მოვუხადე და ჭამას შევუდექი. ყავის ჭიქამ ცოტა ხელები დამწვა, მაგრამ მესიამოვნა, გამეღიმა და ფრთხილად მოვწრუპე. ჯერ მუცელი გამითბა, შემდეგ კი სიმხურვალე მთელ ორგანიზმს მოედო. გარედან წვიმის ხმა შემოდიოდა, ოთახში კი ცეცხლი უკვე ძლიერად გიზგიზებდა. მომეწონა სიმყუდროვე, ბავშვობა გამახსენა. ალბათ პენსიაზე გასვლის შემდეგ სოფელში გადავალ-მეთქი ვიფიქრე და სწორად ამ დროს საათმა დაიწრიპინა, უკვე შუადღის ოთხი საათი გამხდარიყო. დრო გამეპარა, არადა სულ ორი ღამე მქონდა გამოყოფილი სტატიის დასაწერად, თუ ვერ მოვასწრებდი, ალბათ, სამსახურსაც დავემშვიდობებოდი. დასაკარგი დრო აღარ იყო, ღუმელში სქელი ჯირკი შევაგდე, კარიც მტკიცედ დავკეტე  ნაპერწკლები გარეთ რომ  არ გამოსულიყო, პალტო ნაჩქარევად ჩავიცვი და გარეთ გავვარდი. კარი იმაზე ძლიერად გაჯახუნდა, ვიდრე ველოდი, პორტიემაც რაღაც მომაძახა, ალბათ რაიმე შენიშვნის მსგავსი, მაგრამ ვერ გავიგე და არც გავჩერებულვარ, არ მქონდა ახსნის დრო და არც ტემპის დაკარგვა მინდოდა. ერთი კი იყო სასტუმროდან გასვლისას უკაცრავად-მეთქი დავიძახე. ბედის ირონიით გარე კარიც გაჯახუნდა და გარეთ სირბილით გასული ვიღაც კაცს შევეჯახე. მან მკაცრად გამომხედა და გზა გააგრძელა. გავჩერდი, მიმოვიხედე და შევამჩნიე, სველი ხალხის მასით ვიყავი გარშემორტყმული. პატარა ქალაქისა და ცუდი ამინდის კვალობაზე უჩვეულოდ ბევრი ადამიანი ირეოდა ქუჩაში. ეს ჩემი შანსი იყო, თავიდან ვიფიქრე, რომ გამვლელებს ვკითხავდი, მაგრამ ყურადღება არავინ მომაქცია,, ყველა თავის  საქმეზე  გარბოდა, ამიტომ ვინმე უსაქმოდ მდგარი ადამიანის ძებნა დავიწყე. შუქნიშანთან ერთი საშუალო ხნის მამაკაცი შევნიშნე და პირდაპირ მასთან მივედი. ეტიკეტი ქუდის მოხდას ითვალისწინებდა მაგრამ ასეთ წვიმაში ეგ ვერ გავრისკე, ისედაც უკვე საშინლად მციოდა და მორიდებულად მივესალმე-გამარჯობა. კაცმა შემომხედა, ქოლგის ქვეშ იყო შეფარებული, მკაცრად, ცოტა ეჭვისთვალით ამათვალიერა და მხოლოდ ამის შემდეგ დამიბრუნა პასუხი. ხმა ისეთივე ჰქონდა, როგორიც გარეგნობა. გამარჯობა, მოკლედ მომიგო მანაც და ჩემი თვალიერება გააგრძელა, ქოლგა არც შემოუთავაზებია, არადა იმხელა იყო ორივე შევეტეოდით. იცით, მე ჟურნალისტი  ვარ და სკულპტორს ვეძებ. ინტერნეტში გადავაწყდი  სურათებს და ამ ქალაქში უნდა ცხოვრობდეს-დავიწყე ფრთხილი, მორიდებული ხმით. კაცმა რატომღაც ქოლგა დახურა და პირდაპირ თვალებში შემომხედა, რამდენიმე წამში უკვე მთლიანად სველი  იყო, შემდეგ კიდევ დიდხანს მიყურა, ბოლოს კი მითხრა-კი, გამიგია ერთი ქალი, მგონი აქაური უნდა იყოს, ადგილობრივ გაზეთში ეწერა, მაგრამ მე ხელოვნება დიდად არ მაინტერესებს, ამიტომაც მაგ სტატიას გადავახტი. გამიხარდა, სულ არაფერს ეს ინფორმაცია ბევრად ჯობდა-და სად შეიძლება მაგ გაზეთის ყიდვა?-ვკითხე გახარებულმა, უკვე აღარც ხმა მიკანკალებდა. გუშინწინდელი ნომერია, ახლა ალბათ  უკვე აღარსად იქნება-მშვიდად, ნელა მიპასუხა და სივრცეში გაიხედა. თან ქოლგას რიტმულად აკაკუნებდა სველ ტროტუარზე. წვიმა ძლიერდებოდა. სახტად დავრჩი, მაგრამ  მალევე სხვა  გეგმა  შევიმუშავე. ჩემდა გასაოცრად, სიცივის  მიუხედავად, ტვინი მანქანასავით სწრაფად და ზუსტად მიმუშავებდა. თქვენ, თქვენ რომ მათხოვოთ? ან მომყიდოთ-გაუბედავად ვუთხარი. კაცმა ქოლგის კაკუნი შეწყვიტა, ისევ შემომხედა, მომიახლოვდა, შემდეგ ქოლგა გაშალა და მითხრა-სიამოვნებით, მაგრამ მე არაფერი მაქვს, თითქმის ყველაფერს ნაგავში ვყრი. დაიარეთ მაღაზიები, იქნებ გაგიმართლოთ და სადმე იყოს შემორჩენილი. მაპატიეთ, ახლა უნდა წავიდე, სამსახურში მაგვიანდება და გზაზე გადავიდა. მე კიდევ დიდხანს ვიბორიალე, ყველა გამვლელს ერთსა და იმავეს ვეკითხებოდი ქანდაკებებზე. გადავდიოდი ასე გზიდან გზაზე, ქუჩიდან ქუჩაზე  და  ჩემი კითხვებით  ხალხის ერთიან  ნაკადს ვშლიდი. ყველა გაოცებული მიყურებდა, ზოგი მტრულად, ზოგი შიშნარევად, ზოგიც ხმას საერთოდ არც მცემდა. კიდევ ორმა ადამიანმა მითხრა  გაზეთზე და მერე მალევე გამეცალნენ, ვერ მივხვდი ეჩქარებოდათ თუ ჩემი ეშინოდათ. ფაქტია, სხვებმა არაფერი იცოდნენ ან უბრალოდ მიმალავდნენ. ბოლოს მეც დავეჭვდი, რამე ხომ არ შემეშალა, ან იქნებ ის ქანდაკებები საერთოდ არ არსებობენ და ყველაფერი კომპიუტერული გრაფიკითაა შექმნილი ხალხის მოსაზიდად-მეთქი. ამასობაში მოსაღამოვდა და ხალხიც შეთხელდა, მეც სულ სველი ვიყავი და საშინლად მციოდა. ჯერჯერობით ერთადერთი ხელჩასაჭიდი გაზეთი მქონდა, რომელიც აუცილებლად უნდა მეპოვა. დავიარე ჯიხურები და მაღაზიები, ზოგიერთი მათგანი უკვე დაკეტილი აღმოჩნდა, სხვაგან კი მითხრეს  წინა დღის ნაწარმს ისევ უკან აბარებდნენ, რათა ტყუილად ადგილი არ დაეკავებინა ან ღუმლის ასანთებად იყენებდნენ, მოკლედ არავინ ინახავდა ორი ან სამი დღის გაზეთებს. უკვე საღამოს ცხრა საათი იყო, როცა უკანასკნელი ჯიხურის გამყიდველმა უკვე ნაცნობი ფრაზა მითხრა და მაღაზია დახურა. ნერვულმა  კანკალმა ამიტანა, ისე ვიყავი გაბრაზებული მზად ვიყავი ეს ქალი მეცემა, მერე კიდევ მთელი ჯიხური გადამეწვა და ეს ქალაქიც ზედ მიმეყოლებინა. კბილებში გამოვცარი მადლობა და უკან გავბრუნდი, გზად კი რკინის ღობის ჩამოშლის ხმა დამეწია. წვიმა გადაღებას არ აპირებდა, პირიქით უფრო და უფრო ძლიერდებოდა და მეც უკვე სულ სველი ვიყავი. მოსასხამიც მთლიანად წყლით  გაიჟღინთა  და სიცივე  უკვე ძვლებში ატანდა. ზევით ავიხედე და დავინახე ერთი-ორჯერ წამიერად როგორ გაიელვა. გარშემო მიმოვიხედე, მთელი ქუჩა ცარიელი იყო, ვიყავით მხოლოდ წვიმა, სიცივე და მე. თავადაც არ ვიცი რატომ, მაგრამ რამდენიმე წამში ხელები გავშალე, ქუდი მოვიხსენი და სახე წვიმას შევუშვირე. ნაცრისფერი ციდან ჩამოსული წვეთები სახეზე ხმაურით მეცემოდნენ, მათი ნაწილი კისერში ჩამოდიოდა, ნაწილი კი თმას მისველებდა. ისტერიული სიცილი ამიტყდა, დიდი ხნის შემდეგ პირველად დამეუფლა თავისუფლებისა განცდა, აგრესიაც თითქოს სადღაც გამქრალიყო, არა მხოლოდ აგრესია, არამედ ყველაფერი, მთელი დარჩენილი სამყარო. და უცებ გონება გენიალურმა იდეამ გამინათა-ნაგვის ურნები უნდა გამეჩხრიკა. მთავარ ქუჩით დავიწყე, სამი ურნა იდგა მიჯრით. ხელები დავიკაპიწე, მაგრამ გამახსენდა, რომ მაინც მთლიანად სველი ვიყავი. გამეცინა ძველ ჩვევებზე, ზოგჯერ გაუაზრებლად რომ ვიმეორებთ და ბუნკერში ხელები ჩავყავი. წყალი უკვე მოსასხამს შიგნით შემოვიდა და უფრო მეტად გამითოშა ხელები, შემდეგ კი მთელი ტანი. როცა ხელებით ვერაფერს მივაგენი მთელი სხეულით დავიძაბე, ტემპერატურის რეგულაცია ვცადე, მოვემზადე და წელამდე ურნაში ჩავეყუდე. არაფერი იყო, გარდა საკვებია ნარჩენებისა, ძველი პარკსებისა და სხვადასხვა პლასტმასის თუ რკინის ხელსაწყოსი. არც  მთავარი ქუჩის სხვა ბუნკერებში იყო რაიმე საინტერესო, ვიცი რომ ამაზრზენად ჟღერს მაგრამ საჭმლის ნარჩენებისა და პაკეტების დანახვამ მომაშია.  დილიდან არაფერი მეჭამა და ამის გაცნობიერებისას კინაღამ გული წამივიდა სისუსტისგან. მაგრამ დაწყებული საქმე უნდა დამემთავრებინა, ამიტომ ჩხრეკა განვაგრძე. პატარა ქუჩის ერთ-ერთ ურნაში ქაღალდის ნაგლეჯს წავაწყდი და ჩავებღაუჭე, ამოთრევა ვცადე მაგრამ როგორც ჩანს მეტისმეტად მომივიდა ჩაყუდება და ბუნკერი კინაღამ მთლიანად ამოვატრიალე. საბოლოოდ წონასწორობის შენარჩუნება მოვახერხე, ოღონდ ეს უფრო ინსტინქტურად გამომივიდა, ვიდრე შეგნებული ქცევით და როგორღაც ასფალტზე ჩამოვბობღდი. ფეხსაცმელშიც წყალი შემივიდა და ქუდიც სადღაც დამეკარგა. ალბათ, რა საცოდავი სანახავი ვიყავი, ამ წვიმაში ურნაში ჩაყუდებული, სულ გალუმპული, გაყინული, მშიერი და უქუდო, გაგლესილი, სველი თმით. კიდევ ერთხელ ვცადე ამოღება და ცოტა წვალების შემდეგ გამომივიდა. ხელში გაზეთი მეჭირა. არ ვიცი რომელი რიცხვის, არც ის ვიცი, ის იყო თუ არა რომელიც მჭირდებოდა, მაგრამ, რაც მთავარია, ამ იდიოტური დღის ბოლოს რაღაც მაინც შევძელი. ამ გაზეთით თავი მსოფლიოს მბრძანებელი მეგონა, ვუყურებდი და ბედნიერების განცდა დამეუფლა, ისევ დამიბრუნდა იმედი და ენერგია, თითქოს იმდენად აღარც მციოდა. თავიდან მეჭირა და ზევიდან დავყურებდი, უცებ სადღაც მეხის გავარდნის ხმა გაისმა, მოულოდნობისგან შევხტი და ერთბაშად გამოვფხიზლდი.  წვიმა ისედაც გაცრეცილ წარწერებს უფრო შლიდა, ამიტომ გაზეთი ამოვიიღლიავე და სასტუმროსკენ გავიქეცი. გზაში ეიფორიამაც სრულიად გადამიარა და ისევ კანკალმა ამიტანა, ოღონდ, ამჯერად სიცივის გამო. კარი დაკეტილი  დამხვდა, გათოშილი თითი ძლივს გავშალე და მთელი ძალით დავაჭირე ზარს. ცოტა ხნის შემდეგ შიგნიდან ფეხის ხმა მოისმა და პორტიემაც ნამძინარევი სახით კარი გამიღო. აჰა, დაბრუნდით?-ბგერები მთქანრებას ამოაყოლა, თან ტუჩები გააწკლაპუნა  კი-ცივად ვუპასუხე და ვეცადე კანკალი დამემალა. რატომ? არ ვიცი, მაგრამ  გაზეთიც  პალტოში შევინახე რათა არ დაენახა. სახურავზე წვეთებს გაუდიოდა რაკა-რუკი. პორტიემ შემომხედა, შემდეგ თავი გარეთ გაყო, მაგარი წვიმააო ჩაილაპარაკა და გვერდით გადგა კარში რომ შემოვტეულიყავი. სამწუხაროდ აბაზანა არ გვაქვს მაგრამ შემიძლია მშრალი ხალათი და პირსახოცი შემოგთავაზოთ-მითხრა მან, უკვე გამოფხიზლებული ხმით და უკან გამომყვა. დიდი მადლობა და რაიმე საჭმელიც თუ გექნებათ-ვუპასუხე მეც, შემდეგ ჩემ უკან დატოვებულ სველ კვალს დავხედე და უხერხულად გამეღიმა. არა უშავს, დილას დამლაგებელი ყველაფერს მიხედავს-მშვიდად მიპასუხა და ხალათი და პირსახოცი გამომიწოდა. მზარეულს ახლა სძინავს, ამიტომ მხოლოდ მშრალი საკვებით გაგიმასპინძლდებით-დაამატა და  ქაღალდის პარკში  ჩალაგებული ყველი, ცოტაოდენი ძეხვი და პური გამატანა ზევით. არ ვიცი რატომ, მაგრამ ეს კაცი მაღიზიანებდა, თავის მოვალეობას პირწმინდად და უშეცდომოდ ასრულებდა, მაგრამ მაინც არ მომწონდა. მონას გავდა, დახვეწილ რობოტს, რომელსაც არაფერი აინტერესებდა ფულის შოვნის, შემდეგ იმ ფულით საჭმლის ყიდვის და მაძღრად დაძინების გარდა. ხომ შეიძლებოდა ეკითხა- აქ რატომ ჩამოხვედით ან ასე ღამე ამ წვიმაში გარეთ რას აკეთებდითო, ან რა გიდევთ პალტოს ჯიბეშიო, რა თქმა უნდა, არაფერს ვეტყოდი და ალბათ ვეჩხუბებოდი კიდეც ზედმეტი ცნობისმოყვარეობის გამო, მაგრამ მაინც, ხომ შეეძლო, რომ ასეთი გულგრილი არ ყოფილიყო ჩემსა და ცხოვრების მიმართ. მადლობა მოვუხადე, პარკი, პირსახოცი და ხალათი მტკიცედ ჩავბღუჯე ხელში და სირბილით ზედა სართულს მივაშურე. არაფერსო, როცა მომაძახა უკვე ჩემი ნომრის კართან ვიყავი. ქვევიდან ჩხაკუნის ხმა შემომესმა, ალბათ, თავის ოთახში შევიდა და ისევ დაიძინა-მეთქი ვიფიქრე და ცოტა ხნით გავშეშდი. ისე იქნებ ტყუილად ვკიცხავდი ამ ადამიანს, რატომ უნდა დაინტერესებულიყო იმით თუ საიდან ჩამოვედი ან რა ჯანდაბას ვაკეთებდი მთელი საღამო აქ. ბოლოს და ბოლოს ერთი ჩვეულებრივი სტუმარი, კლიენტი ვიყავი მისთვის და მეტი არაფერი. იქნებ საერთოდ  აინტერესებდა კიდეც ჩემი ამბები, მაგრამ მსგავს რამეზე საუბარს და კითხვებს არაეთიკურად თვლიდა. მოკლედ, უამრავი მიზეზის მოფიქრება შეიძლებოდა და უცებ თავი დამნაშავედ ვიგრძენი, არ უნდა გავბრაზებულიყავი. ღრმად ჩავისუნთქე, ზედმეტი ემოციურობა და ეს ფიქრები მძიმე და დამღლელ დღეს დავაბრალე და გასაღები საკეტში გადავატრიალე. როგორც კი შევედი, მაშინვე დავჯექი და სახელდახელო სენდვიჩების კეთება დავიწყე, მაგრამ სველი ქსოვილის შეხების გამო ტანში ჟრუანტელმა დამიარა, ძალიან შემცივდა და ადგომა მომიწია. გავიხადე, როგორც შემეძლო გავშრი და ხალათი მოვიცვი. გვერდით გავიხედე და ღუმელში რამდენიმე ნაპერწკალიღა ბჟუტავდა. მოვიბუზე, საშინლად ციოდა და თან ნესტის ძლიერი, შემხუთავი სუნი იდგა. ცეცხლი ავანთე, მაგიდა ახლოს მივწიე, გაზეთი დიდი სიფაქიზით ამოვიღე. გამიმართლა, ჩემდა გასაოცრად მყარი ყდა აღმოაჩნდა, რომელიც ასე თუ ისე შენახულიყო. გულის ფანცქალით გავხედე გამოცემის თარიღს, ზუსტად გუშინწინდელი ნომერი შემრჩა ხელში. ჯერ გამეღიმა, მერე გამეცინა და გიჟივით დავიწყე ხარხარი, სკამიდან წამოვხტი და რამდენიმე ხანი ოთახს გარშემო წრეებს ვურტყავდი, ხან ხტუნვით, ხანაც სირბილით. ბედნიერი ვიყავი, რეალურად ბედნიერი. შემდეგ, ცოტა რომ დავმშვიდდი, ისევ გაზეთს დავუბრუნდი და დაწებებული, სველი ფურცლების განცალკევება დავიწყე. წარწერების უმეტესობა წვიმას წაეშალა ან გაედღაბნა, თუმცა რაღაცების გარჩევა მაინც შეიძლებოდა. გაფაციცებით ვეძებდი სტატიას ან სურათებს მაინც, უკეთ დასანახად სკამი წინ გადავხარე, ცეცხლისკენ. ფურცვლისას ერთ-ერთ გვერდზე ქანდაკებები დავლანდე და გული კიდევ ერთხელ შემეკუმშა. თან ცალი ხელით სენდვიჩი პირთან მივიტანე და მექანიკურად მოვკბიჩე. ასოები ალაგ-ალაგ არ ჩანდა, მაგრამ ტექსტის აღდგენა მაინც შეიძლებოდა. სტატია გვაუწყებდა, რომ ვიღაც რ. დ., რომელიც ამ ქალაქში დაიბადა გახდა სკულპტორთა გაერთიანების წევრი და რომ ქალაქის ხელმძღვანელობა მას ულოცავდა ამ წარმატებას. სულ ქვევით კი მისი რამდენიმე ქანდაკება იყო წარმოდგენილი. დიდ, უხეშ ქვებზე სულ რამდენიმე ფორმა იყო ამოტვიფრული, მასიური ტანითა და ძალიან ბუნდოვანი კიდურებით, თავები კი საერთოდ არ ჰქონდათ. არა, ეს არაფრით ჰგავდა იმას, რასაც ვეძებდი, სრულიად განსხვავებული, ბევრად დაბალი და ამაზრზენიც კი იყო. ლუკმა პირში გამიშეშდა და ისევ ცახცახმა ამიტანა. აკანკალებული ხელით გაზეთი ცეცხლში შევაგდე, თან გამეღიმა, ან რას ველოდი, იდიოტურ დღეს იდიოტური დასასრული მოჰყვა. წყლით გაჟღენთილ ფურცლებს ჯერ ბოლი აუვიდათ, შემდეგ კი აბრიალდნენ და მალევე ჩაიწვნენ. ავდექი, მარცხენა ხელი მაგიდას მაგრად დავარტყი და სკამიც ფეხით უკან გადავაგდე. იმედგაცრუებული ვიყავი, უფრო სწორად უიმედო, ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს მთელი დღის დაღლილობა ერთბაშად შემომაწვა და ერთბაშად ძალიან მოვხუცდი. ახლა, ალბათ, სამსახურიდანაც გამომიშვებდნენ, ვერც გაამტყუნებდი, თავად ავირჩიე სტატია და თავადაც ჩავაფლავე. ფანჯარაში წვიმის ხმა ატანდა, წვეთები ისევ რიტმულად და უწყვეტად ეცემოდა რაფაზე. წარმოდგენა არ მაქვს რატომ მაგრამ ფანჯარა ფართოდ გამოვაღე, წამში ისევ ძვლებში დამიარა სიცივემ და სახეზე წყლის შხეფები შემესხა. მივხვდი, რომ ისევ გარეთ მინდოდა, წვიმაში. ღრმად ჩავისუნთქე წვიმის სურნელი, შემდეგ ქვევით, ფანჯარასთან მაინც ნოხი და პირსაცოხი დავაფინე, ლოგინი კი ღუმელისკენ გავწიე რათა არ დასველებულიყო და ხალათითვე დავწექი. წვიმის ხმა ახლა უკვე უფრო მამშვიდებდა, ზევიდან საბანი მეხურა და ცოტა ჯერ კიდევ მციოდა, მაგრამ ფანჯრის დახურვას მაინც არ ვაპირებდი, გაუცნობიერებლად რაღაცას ვუსმენდი სულგანაბული, დაძაბული. ნელ-ნელა ვხვდებოდი, რომ საძილეთი მიხმობდა. ერთი წამით გამოვფხიზლდი და გამეცინა, მივხვდი, რომ წვიმის გაბმულ რაკა-რუკში ტირილის ფრაგმენტებს ვეძებდი. როგორც ჩანს, ამ მითის უკვე მეც მჯეროდა, მჯეროდა ქალაქის, სადაც მუდმივად წვიმს და აქა-იქ ბავშვის ტირილის ხმა ისმის. უკვე აღარც გამოდარებას ველოდი. ამ აღიარებამ თითქოს ტვირთი მომხსნა მხრებიდან, გამოვუტყდი ჩემ თავს და აღარ ვეწინააღმდეგებოდი შინაგანი აზრების დინებას, მეც ამ მოჯადოებული ქალაქის ნაწილი გავხდი. ვგრძნობდი, როგორ მიბრუნდებოდა ძებნის ძველი ჟინი და ენერგია, იმასაც ვაცნობიერებდი, რომ ერთია რწმენა და მეორეა მისი დამტკიცება. მე უტყუარი საბუთი მჭირდებოდა, ეს ქანდაკებები აუცილებლად უნდა მეპოვნა.

დილით დაღლილმა გავიღვიძე და ვერ მივხვდი, სად ვიყავი, ალბათ, წინა დღის ცვალებადი ემოციების ბრალი იყო. ხელით სველი  საბანი გადავწიე  და ავდექი, ცივმა იატაკმა ცოტა  გამომაფხიზლა, არ მახსოვდა როდის  ან როგორ ჩამეძიბა. კისერი მტკიოდა და ტანში მამტვრევდა, ალბათ, ღამე გავცივდი. წინ გავიხედე, დავინახე, რომ ოთახში წყალი თქრიალით შემოდიოდა, ძირს დადებული ნოხი მთლიანად წყლით  იყო გაჟღენთილი. ნელა, ბარბაცით წავედი და ფანჯარა დავხურე, ზომბივით ვმოძრაობდი, გაუაზრებლად. ისიც კი არ გამივლია აზრად რომ წყალი შეიძლება ქვედა სართულზე ჩასულიყო. ტანსაცმელი ხელით შევამოწმე ყველაფერი სველი იყო, აბაზანაში შევედი ცოტა წყალი შევისხი და გამოვფხიზლდი, ტანსაცმელიც ნიჟარაში გადავწურე. გამოსაცვლელი არაფერი მქონდა, შესაბამისად, სველი სამოსის ჩაცმა მომიწევდა. ქსოვილთან შეხებისას ტანში ჟრუანტელმა დამიარა, სიცივემ კი  ძვებამდე  მიაღწია. სიცივემ გამომაფხიზლა, გარეთ უნდა გავსულიყავი და ყველაფერი გამერკვია. კარის გაღებისას მივხვდი, რომ კანი მიეჩვია სიცივეს, ასეთ სწრაფ ადაპტაციაზე გამეღიმა, სენდვიჩის დარჩენილი ნაწილიც დავამთავრე და გარეთ გავედი. სასტუმროს გასასვლელი ცარიელი იყო, პორტიეს ალბათ ჯერ კიდევ ეძინა. გამიხარდა, ზედმეტ კითხვებსა და მოჩვენებით თავაზიანობას თავიდან ავირიდებდი. გარეთ ისევ წვიმდა, გეზი კარისკენ ავიღე, არ ვიცი რატომ, მაგრამ მინდოდა, რომ სასტუმროდან რაც შეიძლება შორს ვყოფილიყავი. ორ წუთში ისევ ნესტიანი ტანსაცმელი უფრო  მეტად გაიჟღინთა და მთლიან სველი ვიყავი. ძვლები ისევ ამტკივდა და კანკალმა ამიტანა. ქოლგაც ვერსად ვნახე, რომ მეყიდა, რამაც უფრო გამაოცა და გამაღიზიანა. ამასობაში თავიც ამტკივდა, ყავა და ტოსტი შევუკვეთე.  მშიოდა, მაგრამ სასტუმროში არ მინდოდა ჭამა, გარეთ კი ისევ წვიმდა. ამჯერად ზევით არ ამიხედავს და სირბილით გავუყევი ტროტუარს. ისედაც სველი ტანსაცმელი უარესად დამისველდა, დამახველა და გავიფიქრე, როგორც ჩანს, ფილტვების ანთებაც ავიკიდე-მეთქი. ცენტრალური ქუჩაზე გადავრბოდი, როცა ტაქსმა გიჟივით ჩამიარა და მოზრდილი გუბიდან წყალი შემასხა.  შევიგინე და კაფის ნახევრად ღია კარში შევვარდი. პალტო სახელდახელოდ დამაგრებულ საკიდზე ჩამოვკიდე, შარვალი დავიფერთხე და პირველივე ცარიელ მაგიდას მივუჯექი. თავად კაფე შიგნიდან იმაზე დიდი და ნათელი აღმოჩნდა, ვიდრე გარედან მეგონა. საკმაოდ გემოვნებით იყო მოწყობილი, ნათურებს ბნელი არეები ენაცვლებოდა და ეს განათება ხისა და რკინის ავეჯთან სრულ ჰარმონიას ქმნიდა. მაგიდები კვადრატულად იყვნენ განაწილებულნი, ფანჯრებთან ორი, ხოლო ცენტრში ოთხ-ოთხი სკამით, მოშორებით კი მომცრო ბარი ჩანდა.  შემდეგ ჩემი ყურადღება, დავაკვირდი, კედლებზე ამოტვიფრულმა ჩუქურთმებმა და რიკულებმა მიიქცია, რომლებიც ორგანულად უერთდებოდა ხის კარს. ფანჯარას ქარის ძლიერი ნაკადი მოასკდა და ზრიალი გაისმა, ფიქრებიდან დროულად ვერ გამოვერკვიე და ზანტად გავიხედე გარეთ. წვეთებმა თვალები ამიჭრელა და სივრცეს უაზროდ მივაშტერდი, ისე თითქოს სიზმარში ვიყავი და ეს ყველაფერი სადღაც შორს, უსასრულოდ ნელა ხდებოდა. და უცბად ძარღვებში სისხლი გამეყინა, გავირინდე და სმენად ვიქეცი. დაძაბულობისგან კუნთები ამტკივდა, ჩემდა გასაოცრად დამცხა და თავი გამიხურდა, ცოტაც და მეგონა, რომ თვალებიც გადმომცვივდებოდა. კიდევ ერთმა ტალღამ მოაღწია შუშამდე და კიდევ ერთხელ, ამჯერად უკვე აშკარად გავიგონე შორიდან მომავალი ტირილის ხმა. მოჯადოებულივით გავხედე სივრცეს. არ ვიცი რამდენ ხანს ველოდე, მაგრამ ხმა აღარ გაისმა, გარეთ წვიმა და წყალსადენი ღარიდან გამოსული წყლის ნაკადი ხმაურობდა. ტირილი ისევე უცებ შეწყდა როგორც გაჩნდა, ვიფიქრე იქნებ  მომეჩვენა-მეთქი, მაგრამ როგორმე უნდა  გადამემოწმებინა. ბევრი ფიქრის შემდეგ სკოლაში ნასწავლი ფიზიკის კანონები გავიხსენე და ჩავთვალე, რომ სპეციფიკური ბგერები შეიძლებოდა შუშას დაებლოკა, ან უბრალოდ არეკლილიყო, ამიტომ ფანჯარასთან უფრო ახლოს  მივიწიე და ის-ის იყო ფანჯარა უნდა გამომეღო, რომ მიმტანის ცივმა ხმამ გამომაფხიზლა-რამეს შეუკვეთავთ? მიმტანი საშუალო ტანის, პუტკუნა გოგონა აღმოჩნდა, რომელსაც უკმაყოფილოდ დაღლილი და მომლოდინე სახე ჰქონდა, აშკარად ეზიზღებოდა თავისი სამსახური და, ალბათ, ერთი სული ჰქონდა როდის წავიდოდა სახლში. ეს თანამშრომელი იმდენად აცდენილი იყო კაფის სრულ ჰარმონიას, რომ უცებ დავმუნჯდი და გაოცებული მივაშტერდი. ჰეი, რამეს დალევთ თუ ასე უნდა მიყუროთ?-გამიმეორა კითხვა უფრო გაღიზიანებული ხმით და უბის წიგნაკი მოიმარჯვა შეკვეთის მისაღებად. უცნაურია, ზუსტად ჩემნაირი ბლოკნოტი ჰქონდა და მისმა დანახვამ გამომაფხიზლა, გამახსენდა, სად ვიყავი და რატომ. წუთიერი რელაქსაციის შემდეგ ჩემი ტვინი მთელი დატვირთვით მუშაობდა, ისიც გამახსენდა რომ საჭმელად ჩამოვედი აქ და მენიუს ენერგიულად დავტაცე ხელი. მიმტანის სახეს შევხედე და სასიამოვნო გაოცება დავინახე, სახეც სრულიად შეცვალა თითქოს ამ პატარა ემოციამ უფრო ლამაზი და ახალგაზრდა მეჩვენა. უნებურად მეც გამეღიმა, როგორც ჩანს, ჩემი მზერა დაიჭირა, მორცხვად გაიღიმა და თავი ჩაღუნა. მივხვდი- სავარაუდოდ აქტიური ბიჭები მოსწონდა და ჩემმა მკვეთრმა ცვლილებამაც ამიტომ იმოქმედა ასე. მესმიანოვნა და ცოტა წავიმსახიობე, უფრო შევიშმუშნე სკამზე და მენიუს მოჩვენებითი ყურადღებით ჩავაცქერდი. საბოლოოდ, ყავა შევუკვეთე კრუასანთან ერთად და სალათი. ეს გოგონა გამომადგება, მთელი ეს დრო კაფეში იყო და, შესაბამისად, შესაძლოა ტირილის ხმა  მასაც გაეგონა, თან აქაური იყო და რაიმე სახის ინფორმაციას მაინც მომაწვდიდა. საუბრის აწყობის გეგმებს ვალაგებდი, როცა  ყავის მკვეთრი და კრუასანის ტკბილი  სუნი  ვიგრძენი  და  დავინახე, რომ მიმტანი ლანგრით ხელში მოახლოვდებოდა. ღიმილიანი სახე ისევ მოეშორებინა და უემოციოდ იყურებოდა გარეთ, ახლა უკვე ნამდვილად ამ ქალაქის მკვიდრს გავდა ისევ. უფრო თბილ მზერას ველოდი და დავიბენი. ხალხთან საუბარი ისეც მიჭირდა, მითუმეტეს ახალგაცნობილ მიმტანთან, რომელიც აშკარად ანტიპათიით იყო ჩემ მიმართ  განწყობილი და თან ასეთ უცხო გარემოში. ქალმა აკურატულად გადმოალაგა თეფშები მაგიდაზე, შემდეგ კი შემაქცია და ბარისკენ დაიძრა. სუნთქვა შემეკრა, რამე უნდა მეთქვა თორემ ისე წავიდოდა უკან საერთოდ არც მოიხედავდა. ვიგრძენი, ისევ სიცივე მიტანდა, მუცელი ამტკივდა და მუხლებიც მიკანკალებდა. დამშვიდება ვცადე, ხელი ფეხზე დავირტყი, ღრმად ჩავისუნთქე და ამოვილუღლუღე-თქვენ, თქვენ დიდი ხანია რაც აქ მუშაობთ? იმაზე ხმამაღლა და მკვეთრად გამომივიდა, ვიდრე ველოდი. გოგონა შეჩერდა, გამიხარდა, ჩემივე ხმის მჭექარებამ სითამამე და თავდაჯერებულობა შემმატა და მეორე სკამზე გადავინაცვლე, რომელიც მასთან უფრო ახლოს იყო. კი, საკმაოდ-მითხრა მოტრიალების შემდეგ. ადგილიდან არ დაძრულა, ალბათ, ჩემგან კიდევ ელოდა საუბრის გაგრძელებას. სახელით მერჩივნა მიმართვა, ამიტომ  მის მკერდზე მიკრული ბეჯს დავაკვირდი. ნახევრად ჩაბნელებულ შენობაში ვერაფერი გავარკვიე, თუმცა, როგორც ჩანს, ჩემი მზერა მეტისმეტად აშკარა იყო და ქალმა ჩაიცინა, იცით მე გათხოვილი ვარ-მიპასუხა და ისევ შეტრიალება დააპირა. აღარსად იყო მისი სიმორცხვე და ბავშვურობა, ასეთმა უეცარმა მეტამორფოზამ გამაოცა და იმანაც თუ როგორ იყო ჩვენი აზრები ერთმანეთს აცდენილი. არა, არა, მაგიტომ არ გიყურებდით, უბრალოდ სახელის გაგება მინდოდა-ვუთხარი მე სხაპასხუპით, ოღონდ უკვე სრულიად მშვიდად, იმდენად მშვიდად, რომ ჩემი ხმა და განწყობა მეც კი მეუცხოვა და გავაგრძელე-იცით მე ჟურნალისტი ვარ და აქ მოქანდაკის მოსაძებნად ჩამოვედი. მერე გამახსენდა, რომ იმ კაცსაც ზუსტად იგივე ფრაზა ვუთხარი და გამეცინა, რა ბანალური ჟურნალისტი ვარ-მეთქი. მაგრამ სიცილი მალევე შევიკავე და სერიოზული ტონით განვაგრძე. ინტერნეტში ძრომიალისას გადავაწყდი და იქვე ლეგენდაც ეწერა… იმაზე რომ ამ ქალაქში ზოგჯერ ბავშვის ტირილის ხმა ისმის, ჰო?-მობეზრებული ხმით გააგრძელა გოგონამ. გავჩუმდი, მაგრამ პირი ღია დამრჩა. მან ისევ გაიღიმა და მომიგო-იცით მაგ ისტორიას ბავშვობაში მიყვებოდნენ ხოლმე, ძილის წინ. ჰოდა, მეც მჯეროდა, დავდიოდი და ვაყურადებდი, დღეც და ღამეც. დამთენებია კიდეც ლოდინში და ხშირად მეზობლის  ტირილშიც ამრევია  ხმა, ზოგჯერ საკუთარშიც. მთელი ბავშვობა ამ ნაცრისფერ ცას და უფრო მეტად ნაცრისფერ ადამიანებს  ვუყურებდი, რომელთაც არაფერი გააჩნდათ და მაინც  ამ არაფერს ებღაუჭებოდნენ. მე ვუსმენდი მათ, გადაუღებელი წვიმის ხმასთან ერთად და მეშინოდა. მეშინოდა და მძულდა ეს ქალაქი, მეშინოდა ტირილის, წვიმის, იმისიც რომ ოდესმე მათნაირი გავხდებოდი და ასეც მოხდა, საბოლოოდ ამ ქალაქმა მეც დამიმორჩილა და ერთ უბრალო ჭანჭიკად მაქცია. მაგრამ მე ახლაც, ყოველ საღამოს, ძილის წინ, გაფაციცებით ვუსმენ ხოლმე წვიმას, იმის იმედით, რომ ოდესმე წვეთების დაცემის ხმა სხვის ტირილს გამოიყოლებს თან, ჩემსას კი პირიქით საერთოდ სხვაგან, შორს წაიღებს. მხოლოდ ესღა დამრჩა ბავშვობიდან, ეს ოცნება, ეს სულელური რწმენა რომელიც აბსურდულობის მიუხედავად  ჩემს  ახლანდელ  ცხოვრებაზე  ბევრად რეალური და სავსეა. მინდა, რომ ერთხელ მაინც გავიგონო, მინდა, რომ სიმართლე იყოს ის, რისიც ბავშვობაში მჯეროდა და ზოგჯერ იმდენად მაშინებდა ხოლმე, რომ თავზე საბანწამოხურული ვიძინებდი. ამ დროს ყელში ბურთი გაეჩხირა და ხმაც დაეხშო, ხველება აუვარდა მაგრამ, ჩემდა გასაოცრად, ცრემლები არ წამოსვლია. მოულოდნელად წაბარბაცდა და ჩემ მაგიდას დაეყრდნო. ხელის შეშველება ვცადე, მაგრამ უკან დაიხია, ბურთიც გადაყლაპა და სახის ნაკვთების დაყენებაც შეძლო. სულ უფრო და უფრო მაოცებდა ამ ქალის გარდასახვის უნარი. იყოს, არაა საჭირო-ჩაილაპარაკა მოგუდული მაგრამ ბევრად მშვიდი ხმით, შემდეგ ამოისუნთქა, თმაზე ხელი გადაისვა და მითხრა-ისე კლიენტებთან ამდენი ხანი საუბარი გვეკრძალება და ყავაც, ალბათ, უკვე გაგიცივდათ. იმედია, ამის გამო ჩვენ ცუდ რეკომენდაციას არ გაგვიწევთ სხვებთან. მაპატიეთ, რომ ავღელდი, უბრალოდ აქაურს არ გავხართ და ამიტომ მივეცი ჩემ თავს უფლება ამ ყველაფრის თქმის. ვიცი, რომ გახვალთ და აღარასდროს გიხილავთ, რაც საუბარს მიმარტივებს, რადგან მომავალში არ შემთხვევა ჩემი საქციელის, არც თქვენ წინაშე თავის მართლება მომიწევს და არც თქვენგან მომავალი უხერხული ან გაოცებული მზერის ატანა. ეს ბოლო წინადადება ცოტა გრძელი მოუვიდა და სანამ გავიაზრე მიმტანი გოგონა უკვე მიდიოდა. გამოფხიზლებულმა გარშემო მიმოვიხედე და პირველ რიგში პირი დავხურე, როგორც ჩანს, ფიქრის დროს ქვედა ყბა ჩამომვარდნოდა. ისევ მიმტანს გავხედე, საოცრად გრაციოზული სიარულის მანერა ჰქონდა. მექანიკურად მოვკბიჩე კრუასანი, გაოცებისგან არც კითხვები მებადებოდა და ვერც ხმას ვიღებდი. ვიჯექი, ცივ ყავას ვსვამდი და სრულიად უმოქმედო ვიყავი, გათიშული და დემორალიზებული. ვიცოდი რომ უნდა ავმდგარიყავი, უკან გავყოლოდი და საუბარი გამეგრძელებინა, მაგრამ არ შემეძლო.  წამიერად ისიც კი ვიფიქრე რომ არ შემიყვარდა-მეთქი, მაგრამ ეგ ფიქრიც მალევე დამავიწყდა, უფრო სწორად სხვა უამრავ, დაულაგებელ ფიქრს შეერია და ამ ქაოსში შთაინთქა. გარეთ საშინლად წვიმდა და რკინის რაფასაც რაკა-რუკი გაუდიოდა. ხმამ და წვეთების მოძრაობამ ცოტა გამომაფხიზლა. ბნელი, პირქუში ციდან წყალი თქრიალით მოდიოდა, აქამდე მსგავსი არასდროს არაფერი მენახა და ფანჯარას გაოცებული შევყურებდი. უჩვეულოდ ბევრი ღრუბელი მზის სხივებს თითქმის არ ატარებდა და ქალაქი წყვდიადს მოეცვა, არადა კედელზე ჩამოკიდებული  საათის მიხედვით ჯერ მხოლოდ ოთხი იყო. ჩემი მაჯის საათიც იგივე დღეს აჩვენებდა. წასვლის დრო იყო, კაფეს გავხედე და გოგონა უკვე აღარსად ჩანდა, სიბნელემ თითქოს მოჩვენებასავით შთანთქა  ისიც და მთლიანი კაფეც. ჭერზე ჩამოკიდებული შუქები ნორმალურად ვერ ანათებდნენ ამხელა შენობას და ახლა უკვე რომანტიული განწყობის ნაცვლად საშინელი შიში დამეუფლა. მიმოვიხედე და კაფე უფრო პატარა მომეჩვენა და უფრო ჩახუთული, თითქოს ერთ სივრცეში ძალიან ბევრი რამე იყო მოქცეული და კედლიდან გამომავალი ჩუქურთმებიც ნელ-ნელა გარს გეხვეოდნენ, გგუდავდნენ და ჩუმად თავისთვის უცნობ ენაზე ჩურჩულებდნენ. მყუდროება კარის გაბმულმა ჭრიალმაც გაფანტა, ეს ხმა სულ მეტად ემსგავსებოდა ავისმომასწავებელ ღრენას. შიში იმდენად ძლიერი და აშკარა იყო, რომ ოფლმა დამასხა და სუნთქვაც გამიხშირდა, მუცელში კი უცნაური სიცარიელე და ტკივილი ვიგრძენი. მორჩა, უნდა გავქცეულიყავი. ავდექი, ხელები გავიმშრალე, და სწრაფი ნაბიჯით კარისკენ წავედი, უკნიდან გოგონას ხმა დამეწია-და ანგარიში? ამდენ ფაცი-ფუცში საფასურის გადახდა სულ დამვიწყებოდა. ჯიბეები მოვიჩხიკე და უცებ გამახსენდა, რომ ქეში დამისველდა და სახლში დავტოვე. ბარათით უნდა გადამეხადა, მეტი გზა არ იყო, მაგრამ აპარატი კაფეს ბოლოში იდგა, დახლთან, იქამდე ნამდვილად ვერ მივაღწევდი-ამ კაფეში ვერ შევბრუნდებოდი, ამიტომ ნაბიჯს უფრო ავუჩქარე და ბოლოს სირბილზე გადავედი. ცხოვრებაში პირველად ქურდივით ვიქცეოდი და მწარედ ჩამეცინა, თან შემრცხვა, მაგრამ ახლა სხვა გამოსავალი არ მქონდა, ვერაფრით ვჯობნიდი ჩემში არსებულ შიშსა და გაქცევის სურვილს. სერ, პოლიციას გამოვიძახებთ-მომესმა ისევ ნაცნობი ხმა, მივხვდი რომ მიმტანი უკან მომდევდა. უცებ კი კარი გაიღო და კაფეში ტაქსის ნაცნობი მძღოლი შემოვიდა. გვერდის ავლა ვცადე მაგრამ  ბოლომდე ვერ მოვახსრხე და მხარი მაინც გავკარი. გვერდულად გავხედე და წამით მის თვალებს გავუსწორდი. მშვიდად მიყურებდა, არც გაოცებულით ან დაჟინებით, მაგრამ აშკარად ინტერესით. შეიძლება საერთოდ ვერც მიცნო, რამდენი კლიენტი ყავდა დღეში ჩემნაირი, მაგრამ თავი მაინც უხერხულად ვიგრძენი და სწრაფად გავეცალე. უკვე გარეთ გავდიოდი როცა უკნიდან მშვიდი ხმა გაისმა-არ ინერვიულოთ, მის ანგარიშს მე დავფარავ. წამით გავჩერდი, წესით მადლობა უნდა მომეხადა მაგრამ უფრო მეტად ზიზღი ვიგრძენი, ამიტომ არც შევბრუნებულვარ და გზა გავაგრძელე, თან აზრების დალაგებას ვცდილობდი. თავი საყელოში ჩავრგე და ტროტუარს ნელი ნაბიჯით გავუყევი. სიარულმა დამამშვიდა,  გონებაც ცოტა დამეწმინდა და ფაქტების შეჯამება დავიწყე. სტატიისთვის ისევ არაფერი მქონდა, მაგრამ აქ აშკარად რაღაც ძალიან საინტერესო ხდებოდა. სულ სველი ვიყავი, უკვე გაჟღენთილი ტანისამოსიდან წყალი მაინც წურწურით გამომდიოდა და კანიც დაბუჟებული მქონდა, როცა ჩემდა უნებურად ბიბლიოთეკის შენობას მივადექი. ფეხებმა ზუსტად საჭირო ადგილას მიმიყვანა და ნათ მუშაობას ახლა გონებაც უნდა აყოლოდა. ძალიან მციოდა, სველ მეტალის კარს მივაწექი და ხელი უფრო მეტად გამეყინა, თითის ბალიშებმა კი ფეთქვა დაიწყო. ბიბლიოთეკაში შევედი, უზარმაზარ, ცარიელ დარბაზში უჩვეულოდ თბილოდა. შემოსასვლელში ბიბლიოთეკარი თვლემდა, გასაღვიძებლად შემეცოდა, ამიტომ რიგის ნომერი თავად ავიღე და მომცრო მაგიდასთან დავჯექი. იქაურობა კარგად მოვათავლიერე და აღმოჩნდა, რომ თავად ბიბლიოთეკა რამოდენიმე სექციად იყო დაყოფილი, ზოგიერთ კედელზე კი საგორავებელი კიბე იყო აყუდებული. ზანტად ავდექი, მცირეხნიანი ძებნის შემდეგ ფენტეზისა და ძველი ლეგენდების კრებულს მივაგენი, ფრთხილად ჩამოვიღე და ისევ მაგიდასთან დავბრუნდი. წიგნი საკმაოდ შელახული იყო, სიძველის გარდა სინესტესაც აქა-იქ ამოეჭამა უკვე გაყვითლებული ფურცლები. უცებ წვეთების ხმა შემომესმა და ჭერს ავხედე. იმაზე შორს იყო ვიდრე ველოდი, მაგრამ მაინც აშკარად აჩნდა ლაქები, როგორც ჩანს წვიმა ამ ადგილის ხშირი სტუმარი იყო და ახლაც რომელიმე კედელს ასველებდნენ. მალევე თუვბრუ დამეხვა და სულიც შემეხუთა, ალბათ წნევის გამო და თავიც სასწრაფოდ ხელებში ჩავრგე. თვალები დავხუჭე და ამ ყველაფრის ფონზე თავი მეტისმეტად პატარა არსებად ვიგრძენი, მოვიბუზე. ან ამ შენობებს ჰქონდათ უცნაური სიმეტრია და შიგნიდან ბევრად მოზრდილები იყვნენ ან მე მქონდა სივრცის ძალიან  ცუდი აღქმა. ცოტა ხნის შემდეგ თავი ავწიე და წიგნის კითხვას შევუდექი, აქ თუ ვერაფერს ვიპოვნიდი საჭიროს სხვა წიგნებსაც მოვავლებდი თვალს, წესით ამხელა ბიბლიოთეკაში რომელიმე მაინც უნდა გამომდგომოდა. სქელტანიანი წიგნი იყო, ლამაზი და ჩამთრევი ილუსტრაციებით. თავიდან ზღაპარივით იწყებოდა, შემდეგ კი ყველაფერი უფრო ბნელი და რთული, კომპლექსური ხდებოდა. ერთმანეთში ირეოდა ჯოჯოხეთი, ჩონჩხები და ღვთისაგან თუ ეშმაკისგან მოვლენილი განსაცდელები და ტკივილი. დეტალურად იყო აღწერილი ღამის კოშმარები და რიტუალები, ბნელი ძალები და მათი გამოყენება. სხვადასხვა ისტორიები სულის  გამოძახებებზე და ტყეში  მცხოვრებ მონსტრებზე, მაგრამ არც ერთი სიტყვა არ ეწერა ქანდაკებებზე ან ბავშვზე, წვიმაც მხოლოდ გაკვრით იყო  მხოლოდ ნახსენები. მოსალოდნელიც იყო, ანუ სხვა წიგნში უნდა მოეძებნა ინფორმაციები. სკამიდან წამოვიწიე, მაგრამ ასადგომად ძალა არ მეყო და ისევ დავჯექი. გულთან ტკივილი ვიგრძენი და ფეხიც გამიშეშდა, ალბათ, სიცივისგან. სხეულმა, ამ ერთი შეხედვით დაუღალავმა მექანიზმმა,  პირველად  მიმტყუვნა,  თან  ყველაზე  შეუფერებელ დროს. ალბათ, უძილობის და არასწორი კვების ბრალი იყო, მაგრამ რაღა მაინცდამაინც ახლა, როცა როგორც იქნა რამის გარკვევის შანსი მქონდა. ტკივილმა კიდევ ერთხელ დამიარა და ხანმოკლე სპაზმი მომცა. თავი მაგიდაზე დაწყობილ ხელებს დავაყრდენი  და ხის ზედაპირს დავაცქერდი. მწარედ გამეცინა და იმედგაცრუებამ მომიცვა. ვიჯექი ასე გაშეშებული და მცირე მოძრაობასაც კი ვერიდებოდი, მეშინოდა. ისიც კი გავიფიქრე იქნებ კაფეში ტირილი მომეჩვენა და ამ შოკმა დანარჩენი მოვლენების დამახინჯებაც გამოიწვია-მეთქი. ამ ფიქრებში ვიყავი გართული როცა ქუთუთოები დამიმძიმდა, როგორც ჩანს სითბომ დამრია ხელი და მომადუნა. ვიცოდი რომ არ უნდა დამეძინა, არც დრო იყო შესაფერისი და არც ადგილი, მაგრამ წინააღმდეგობის გაწევის ძალა არ მქონდა და თვალები დავხუჭე.

როცა ცნობიერება ისევ დამიბრუნდა ბიბლიოთეკაში წვიმდა, გვერდით ნაცნობი მიმტანი გოგონა მედგა და მელაპარაკებოდა. იცით, მე დედა მიყვებოდა ხოლმე ისტორიებს ქალზე, რომელსაც შვილი დაეღუპა და ამის შემდეგ ქანდაკებების კეთება დაიწყო. თავიდან ყველა ქანდაკებას ჰქონდა სახე, ნაკვთებიც ისეთივე სიზუსტით იყო გამოყვნილი როგორც სხეულის სხვა ნაწილები. ქმნილებების დასრულების შემდეგ მათ სახეს საკუთარი სისხლით ღებავდა, წებოვანი მასის გახმობისთანავე კი ხელში საჭრეთელს იღებდა და ნაკვთებს აგლუვებდა, აგლუვებდა მანამ, სანამ სახე მთლიანად არ წაიშლებოდა. არ ვიცი ეს მაშინ რატომ არ გითხარით, ალბათ ზედმეტად სულელური მეჩვენა და იმიტომ, ან უბრალოდ გადამავიწყდა-შემდეგ შემომხედა და გააგრძელა-გამომყევით, აშკარად გცივათ აქ კი ვერ გათბებით, კაფეში ცხელ ყავას მოგიდუღებთ. ტანსაცმელზე რომ დავიხედე მართლაც  სულ სველი ვიყავი და უსიტყვოდ დავემორჩილე, გასასვლელისკენ დავიძარით. ჩემდა გასაოცრად მსუბუქად ავდექი, ალბათ ძილმა მიშველა და ტკივილი დამიამა. კართან შუახნის ქალი და ბავშვი იდგა და საუბრობდნენ. დედა, ვინ ტირის?-ეკითხებოდა ბავშვი. არავინ საყვარელო, ალბათ მოგეჩვენა-უთხრა ქალმა და შვილი ბიბლიოთეკის სიღრმისკენ წაიყვანა. ვხედავდი ყოველი ნაბიჯის გადადგმას როგორ უჩინარდებოდნენ სიბნელეში და საერთო მძიმე განაწილებას ერწყმოდნენ. მუდამ ასეა, ბავშვებს უფრო ხშირად ესმით ხოლმე ხმა. მანამდე, სანამ გაფაციცებული ყურადღება არ მოუდუნდებათ და მათი გონების უმეტეს ნაწილს კრეატიულობისა და ინტერესის ნაცვლად ყოველდღიური მოვალეობები და რუტინა არ შეცვლის-გაისმა კაცის ძალიან ნაცნობი ხმა. გაჩერება მინდოდა და უკან მიხედვა, მაინტერესებდა დედა-შვილის ამბავიც და იმ მამაკაცის  დანახვაც, მაგრამ რატომღაც ფეხები წინ მექაჩებოდბენ. წამოდი საყვარელო, წამოდი, აი ასე-ალერსიანი ხმით მეუბნებოდა მიმტანი და მეც მოჯადოებულივით მივყვებოდი უკან, მალევე კარსაც მივადექით. აქედან უკვე ვეღარ მოგეხმარები-მითხა მან და კარი გამიღო. სახეში საშინელი სიმხურვალის ტალღა დამეჯახა, სახე დამწვა და წამაბარბაცა. მზის ძლიერი სხივების გამო თვალები მოჭუტე და თავი ძირს დავხარე. ქვიშა დავინახე და გავოცდი, შორიდან კი ტალღების ხმა შემომესმა. ზღვაზე ვიყავი? მაგრამ რანაირად…. თავი უნდა ამეწია და გამერკვია რა ხდებოდა. თვალები ხელით მოვიჩრდილე და მიმოვიხედე. ჩემ წინ უდაბნო იყო, დიდი, უსიცოცხლო და ყვითელი, აღარც მიმტანი ჩანდა სადმე და აღარც კარი. საშინლად დამცხა და ისეთი გრძნობა დამეუფლა თითქოს შიგნიდან მხარშავდნენ. ტანსაცმელზე დავიხედე და გამეცინა, წყლით გაჟღენთილ მანტოს ორთქლი ასდიოდა. სასწრაფოდ  გავიხადე, შემდეგ პიჯაკი მივაყოლე და პერანგიც, რომელიც თავზე მჭიდროდ შემოვიხვიე მზისგან დასაცავად. დაბნეული ვიყავი  მაგრამ უნდა მემოქმედა, პირველ რიგში წყალი უნდა მეშოვნა. ცოტა ხანში მზემ უფრო დააჭირა და ვიგრძენი რომ ბეჭები  მეწვოდა, ქარი ქვიშის მარცვლებს მაყრიდა თვალებში, ქვევიდან კი გავარვარებული მიწა ადნობდა ფეხსაცმელებს. მივდიოდი და ყვითელი ფერის გარდა ვერაფერს ვხედავდი. მზე, ცა, უდაბნო ყველაფერი ყვითლად  იყო შეღებილი, მაგრამ ზღვის სასიამოვნო შხუილი მესმოდა და ამ ხმას მივყვებოდი. მანტო და მოსაცმელი გზაშივე დავყარე, უკვე  აღარაფერში გამომადგებოდა. არ მახსოვს რამდენი ხანი ვიარე, მაგრამ უკვე თვალთ მიბნელდებოდა და ხელებიც დამიბუჟდა, მხრებზე და კისერზე კი ალბათ უკვე მესამე ხარისხის დამწვრობა მქონდა მიღებული. ზოგჯერ ქვიშაშიც ვეფლობოდი და ასასლელად მიწის ნაგლეჯებს ხელებს ვაყრდობდი. თითები და ხელისგულები მეწვოდა მაგრამ მეტი გზა არ იყო, რომელიმე გორის უკან აუცილებლად უნდა ყოფილიყო წყალი, სანატრელი ზღვა, ოკეანე ან ნაკადული მაინც და იქამდე უნდა მიმეღწია. თავიდან ქვიშის მთებს ვითვლიდი, მაგრამ შემდეგ ამერია და უკვე უბრალოდ გზასა და ხმას მიყვებოდი. ბოლოს შევატყვე, რომ ტალღების ჰარმონიულ ექოს ადამიანთა ხმაც შეემატა. იმედი მომეცა, ანუ მარტო არ ვიყავი, ვიღაც კიდევ იყო აქ ჩემ გარდა და იქნებ იმას მაინც გავერკვიე ვითარებაში. უცებ მივხვდი რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, ანუ მას მერე რაც უკან დასაბრუნებელი კარი ვეღარ ვიპოვე, არც კი მიფიქრია რა ხდებოდა ჩემ თავს, უბრალოდ გადარჩენის გზებს ვეძებდი. უკანასკნელ გორაზეც ძლივძლივობით ავბობღდი და უცებ ნოტიო, გრილი სიო ვიგრძენი, ეს არაფრით გავდა უდაბნოს ქარს. წინ გავიხედე და მთელ ჰორიზონტზე გადაჭიმული წყალი დავინახე. მზე ზუსტად ცის შუაში იდგა და მისი ანარეკლით ზღვა ორ ნაწილად იყოფოდა.  არა, ზღვა არა, ეს ოკეანე იყო, რატომღაც მყარად ვიყავი ამაში დარწმუნებული. გამეცინა ჩემივე გულუბრყვილობაზე, მე ჰომ აქამდე ოკეანე არასდროს მენახა და ვერასდროს გავარჩევდი მას ჩვეულებრივი ზღვისგან, მაგრამ ახლა ვინმეს რომ თოფის ლულა მოებჯინა ჩემ შუბლზე, მაინც ვიტყოდი რომ ჩემ წინ უზარმაზარი, დაუსრულებელი ოკეანე იყო გადაშლილი. ან ფიქრებში ვიყავი როცა გორაკიდან ქვევით დაშვება და პლაჟის დათვალიერება გადავწყვიტე. ფეხების ამოძრავება ვცადე მაგრამ სველ ქვიშაში უკვე კოჭებამდე ვიყავი ჩაფლული, დავიხარე და ფეხებს ხელებით ახლა დავეჯაჯგურე. მარჯვენა მარტივად ამოვიღე, მარცხენა კი ვერაფრით დავძარი, ბოლოს ფეხსაცმლის გარშემო ორმოს თხრა დავიწყე. არაფერი გამომივიდა, ამ შეფერხებამ ძალიან გამაღიზიანა და ბოლოს ფეხი ძლიერად ამოვკარი ქვიშას. ტალახის ნაწილი ჰაერში ავარდა და თავზე დამეყარა, შემდეგი ნაკადის თავიდან აცილება  ვცადე და წავბარბაცდი, დიდი მოქნილობით არც აქამდე გამოვირჩეოდი, ამიტომაც ზურგზე დავეცი და ქვევით გავსრიალდი. ეს ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა რომ ჩემ თავზე გაბრაზებაც კი ვერ მოვასწარი, თავიც რაღაც მყარს დავარტყი და გონება დავკარგე. როცა სისველემ გამომაღვიძა და თვალები გავახილე მივხვდი რომ პირქვე ვიწექი, წყალი კი თავზე გადამდიოდა. თავი ნელა გავაქნიე და წამოვიწიე, მსუბუქი თავბრუსხვევის დასრულების  შემდეგ მუშტები შევკარი  და ტანი ხელებს დავაყრდენი. შემოვტრიალდი, ამჯერად ტალღები უკვე არა სახეზე, არამედ ფეხებზე მეცემოდნენ. თავი ჯერ კიდევ მიფეთქავდა და საფეთქლები მიხურდა, წინ გადავიწიე, ხელიდან ქვიშა ჩამოვიბანე და ცივი თითები შებლზე მოვისვი. ხელს სიგრძეზე წვრილი, წითელი ზოლი დაუყვა და მივხვდი რომ შუბლი მქონდა გატეხილი. ადამიანების ხმა მარცხნიდან მოდიოდა, როგორმე გზა უნდა განმეგრძო. ნელა წამოვდექი, პერანგი წყალში გადავწურე და ჭრილობა შევიკარი, შუბლი ცოტა ამეწვა, მაგრამ ტკივილს დიდად ვერ ვგრძნობდი. ფეხსაცმელებიც გავიხადე, სველი მიწის შეხება მესიამოვნა და პლაჟს გავუყევი. იმდენად აღარ მეხუთებოდა სული, ოკეანის სიახლოვემ აშკარად მიშველა და ტალღების ხმამაც დამამშვიდა, ცოტა ხნის შემდეგ კი ადამიანთა ჯგუფს მივადექი. დიდ, მრავალშრიან წრედ შეკრული ხალხი შუაში მოალერსე წყვილს სხვადასხვა შეძახილით ამხნევებდა. ქალი ზევიდან იყო და გიჟივით მოძრაობდა, ნახევარ სახეს სველი, მძიმე თმა უფარავდა და ამ ყველაფრის მიუხედავად მაინც არანორმალურად ლამაზი და მსუბუქი იყო. მამაკაცის დანახვაც მინდოდა, ამიტომ უფრო ახლოს მივიწიე და შემთხვევით ვიღაცას მხარი გავკარი. არც შერხეულა და ყურება გააგრძელა, გამიკვირდა. მეორეს უკვე ძალით დავეჯახე, შეგნებულად, შემდეგ მესამეს, მეოთხეს და რეაქცია არავის ჰქონდა, თითქოს მოჩვენება ვიყავი და მათში ისე ვმოძრაობდი რომ ვერც მამჩნევდნენ და ვერც ვერაფერს გრძნობდნენ. ბოლოს ვიღაცას დავუდექი წინ მთელი ტანით და თავი არც კი გაუნძრევია, დაჟინებით განაგრძნო წინ ყურება, ანუ არ ვჩანდი. არ ვიცოდი რატომ, მაგრამ არც მაინტერესებდა, მთავარი ის იყო, რომ ამ ამბის ჩემს სასიკეთოდ გამოყენების მშვენიერი იდეა მომივიდა. წყვილს მივუახლოვდი და კაცს პირდაპირ სახეში შევხედე. აშკარად ვერ დამინახა და თავის საქმიანობა განაგრძო. მისი უხეში ნაკვთები, ღრმად ჩამჯდარი ცისფერ თვალები, სველი პირი, რუჯი და ოფლი საშინლად უხდებოდა პლაჟსა და მზეს, მაგრამ მაინც რაღაცნაირ ამაზრზენ, გულისამრევ გრძნობას იწვევდა ჩემში. თითქოს მეტისმეტად მიწიერი და ბინძური იყო ამ ქალისთვის. მზერა მამაკაციდან ქალზე გადავიტანე და უცებ რაღაც შეიცვალა. ცაზე მსუბუქი ღრუბლების ფენა გამკვრივდა და ბოლოს მზე ლამის მთლიანად დაფარა, მშვიდი, ლურჯი ტალღებიც განაცრისფრდნენ და უფრო და უფრო ძლიერად ეხეთქებოდნენ ნაპირს. ჰაერი კი ნესტით გაიჟღინთა და წინწკვლა დაიწყო. ხალხმა საუბარს ნელ-ნელა უკლო, მცირე დროის გასვლის შემდეგ კი მხოლოდ ბობოქარი ოკეანისა და ქვიშის მიერ შეწოვილი წვეთების ხმა ისმოდა. კაცმა ქალი უხეშად მოიშორა და სივრცეს გახედა. ისევ გამოიქცა-მკაცრი, მოგუდული ხმით დაარღვია ირგვლივ გამეფებული დაძაბული სიჩუმე და ადგა. ეკალმა დამაყარა, აქამდე არასდროს მიფიქრია რომ ამხელა ღვარძლი და მობეზრება შეიძლებოდა ჩატეულიყო ერთ წინადადებაში. უცებ წყლიდან სილუეტი ამოიზარდა, ჩვენკენ დაიძრა და ხელები ცისკენ ენერგიულად აღაპყრო. ამასობაში შესამჩნევად დაბნელდა და უცებ საშინელი ქარიც ამოვარდა. ავკანკალდი, პერანგის ამარა ვიდექი, მციოდა და შიშისგან ძარღვებში სისხლიც გამეყინა. გავშეშდი, გაქცევა მინდოდა, მაგრამ ფეხებით ქვიშას ვიყავი მიკრული, მძიმედ ვსუნთქავდი და გულსაც ბაგა-ბუგი გაუდიოდა. პირველი შოკის ჩავლის შემდეგ, მზერა ნელ-ნელა სხეულიდან წყალზე გადავიტანე და დავინახე როგორ ჰარმონიულად მოძრაობდნენ ტალღები მის გარშემო, შემდეგ თავს ძალა დავატანე და ფეხი უკან გადავდგი, წყალი თან გამომყვა. ფიგურა კიდევ რამდენიმე ნაბიჯით მომიახლოვდა და პირდაპირ თვალებში შემომხედა. თავიდან ვეცადე რომ თვალი ამერიდებინა, მაგრამ მალევე მივხვდი რომ უკან დასახევი გზა აღარ მქონდა, მაინც ვერსად გავიქცეოდი, ჩემ უკან უდაბნო იყო, ჩემ წინ ოკეანე და მისი მმართველი. ვხვდებოდი, რომ დავიღალე გარდაუვალის მოლოდინში, ამიტომ წამიერად გრძნობები გამიქრა  და ბედს შევეგუე, უფრო სწორად თავადაც დიდი სიხარულით შევეგებე მას და სილუეტს თვალი თამამად გავუსწორე. გავოცდი, ჩემ წინ პატარა ბიჭი იდგა, დიდი, ინტერესით სავსე და გამოუცდელი თვალებით მაკვირდებოდა და მიღიმოდა, ის ერთადერთი იყო ვინც მხედავდა. გაუცნობიერებლად მეც გავუღიმე და უცებ დავშვიდდი, დიდი ხანია ასეთი ბუნდოვანი და გულწრფელი რამ არ მიგრძვნია. წამიერი ეჭვი ან ბოროტებაც კი აღარ იყო ჩემში, ვიდექი, ვუყურებდი ამ ბავშვს და თითქოს უკან მქონდა მოტოვებული დანარჩენი სამყაროს მთელი სიბინძურე. უცებ ფიგურამ ჩაიკისკისა და წყალში ლაღად გადაეშვა, მთელი სიამოვნებითა და ეგოიზმით სავსე სიმსუბუქით. საშინლად მომინდა ცურვა, პერანგი გავიხადე, ფილტვები ჰაერით შევივსე და ის-ის იყო უკან უნდა მივყოლოდი როცა საშინელი გრუხუნი გაისმა და ჰაერის ძლიერმა ტალღამ უკან გადმომაგო. ჩემ წინ ჩემთვის უკვე კარგად ცნობილი მამაკაცი გარბოდა. უხეშად შევარდა ზღვაში და სიღრმისკენ გაცურა, სადღაც შორს კი გრუხუნი გაისმა და ცა წამიერად ელვამ გაანათა, შემდეგ კი ისიც წყნარად ჩაეშვა ზღვაში. ისევ კაცს გავხედე, იგი ბიჭს ნელ-ნელა ეწეოდა, მისი ქოშინი არემარეს ავსებდა და გამოჟონილი ოფლის წვეთები ზღვაშიც კი ემჩნეოდა. თავად ფიგურა ჯერჯერობით შორს მიცურავდა, აშკარად ვერაფერს ამჩნევდა და ტალღებთან თამაშით ტკბებოდა, სალტოებს აკეთებდა, ხან ყვინთავდა ხან კი ქაფიან წყალს ზევიდან ექცეოდა. მინდოდა დამეყვირა და როგორმე გამეფრხთილებინა, შენ უკანაა, გაიქეცი-მეთქი მაგრამ ყელიდან სიტყვების ნაცვლად ხრიალი ამომივიდა. ორივე შორდებოდა ჰორიზონტს მაგრამ ჩემდა გასაოცრად ყველა მოვლენას არანორმალური სიზუსტით ვხედავდი. აი, ის-ის იყო მამაკაცმა სქელი თითები გაშალა და ხელიც კისერში უნდა წაევლო, რომ პატარა ბიჭუნა უცებ მოტრიალდა და მსუბუქი, სწრაფი მოძრაობით დაუსხლტა ბორკილებს და კაცს თავზე გადაევლო, დელფინივით. უკვე აღტაცების შეძახილი უნდა ამომეშვა, მაგრამ მამაკაცმა ხელის წაკიდება მოასწრო წვივში, ზედ კოჭთან და ღონივრად ქვევით დაქაჩა. ფიგურამ მოწყევტით დაეშვა ძირს და ტალღებთან შეჯახების მჭახე ხმა გაისმა, შემდეგ კი მუშტის დარტმის, რომელიც ნაწილობრივ ოკეანემაც შთანთქა და ბიჭუნა ჯერ ფსკერისკენ დაეშვა, ბოლოს კი ნელა და უსუსურად ამოტივტივდა წყლის ზედაპირზე. შემეშინდა, ვიფიქრე, რომ მოკვდა მაგრამ მოულოდნელად  ბავშვმა თვალები გაახილა და მამაკაცს შეხედა. ისეთი გაოცებული მზერა ჰქონდა, რომ აშკარად ვერაფერი გაეგო რა მოხდა, ცოტა ხანში მზერა ჩვენზე გადმოიტანა, ხელი ოდნავ აწია, ალბათ საშველად გვიხმო, მაგრამ მალევე ისევ უღონოდ დაუშვა ძირს და ტირილი დაიწყო. აქამდე არასდროს მომესმინა ხმა, რომელიც ამდენ ტკივილს დაიტევდა თავის თავში, არც უსამართლოდ დასჯილი ადამიანის ასეთი გაოცებული სახე მენახა სადმე და არც თავისუფლებისა და ნაპირზე გამოღწევის სურვილით ანთებული, მაგრამ, ამავდროულად, შესაძლებლობაწართმეული ბავშვის უიმედო თვალები. ტირილის ბგერებმა არემარე გააყრუა, მოიღრუბლა და კოკისპირული წვიმა წამოვიდა. ცოტა ხნის შემდეგ, როცა ყველაფერი მიჩუმდა, კაცმა ბავშვი უხეშად გადაიდო მხარზე და ნაპირზე გამოიყვანა. თვალი გავაყოლე ამდენი ემოციით გადაღლილ ბიჭს, რომელიც გაშეშებული, ჯერ კიდევ გაოცებული მზერითა და ოდნავ გაღებული პირით ჩასჩერებოდა დედამიწას, მისი ღონეგამოცლილი ხელები კი ჩამოკიდებული თოკებივით კონწიალობდნენ ჰაერში. დამბურძგლა, ჩამოვჯექი და სახე ხელებში ჩავმალე. მციოდა, მაგრამ არსად არ მინდოდა წასვლა, არც თვალებს ვახელდი და ვგრძნობდი როგორ ჩამომდიოდა ცხვირზე წვიმას შერეული ცრემლი. ჩემი თავი მძულდა, ყველაფერიც ჩემ გარშემო, ჩემივე უმოქმედობაზე და უსუსურობაზე გაბრაზებულს კი ყელში ბურთი მეჩხირებოდა და საშინლად მრცხვენოდა. ირგვლივ ყველაფერი მიჩუმდა, ადამიანებიც ალბათ უკვე მთლიანად გაიკრიფნენ, მე კი ვიჯექი და წვიმას ვუსმენდი, ვიცოდი რომ თუ თვალებს გავახელდი, ნაცნობი ნაცრისფერი ოკეანე და გაუდაბურებული პლაჟი გადამეშლებოდა თვალწინ. უცებ მიწა შეირყა და ძლიერი ბიძგი ვიგრძენი, ცოტა ხნის შემდეგ კი-კიდევ ერთი. ვიფიქრე მიწისძვრაა-მეთქი, თვითგადარჩენის ინსტინქტმა მაინც მძლია და თვალები ზანტად გავახილე. უცებ შეცბუნებული შევხტი და უკან დავიწიე, ჩემ წინ ბიბლიოთეკის დარაჯი იდგა. უკმაყოფილოდ დამყურებდა თავზე, მეგობარო უკვე ცხრა საათია და ბილეთებით, თან ეს ბიბლიოთეკაა და არა გამოსაძინებელი ან დასასვენებელი არე-დაღლილი, გაღიზიანებული ხმით მითხრა და ჩემს წიგნი ხელში უხალისოდ აიღო. ცოტა ხანს ფურცლავდა, შემდეგ ჰაერში შეათამაშა, ყდაზე დაწერილ კოდს ყურადღებით დააკვირდა და ერთ-ერთი თაროსკენ მშვიდი, მსუბუქი ნაბიჯებით დაიძრა. მე ჯერ კიდევ გაოცებული ვიყურებოდი გარშემო და სანამ გამოფხიზლებას ვცდილობდი დარაჯმა დაბრუნება მოასწრო-მისმინე, ხომ გითხარი რომ ვიკეტებით, როგორმე უნდა ადგე და წახვიდე, თუ ამ წიგნის წაკითხვა გინდა ხვალ დაბრუნდი, დილის ათი საათიდან უწყვეტ რეჟიმში ვმუშაობთ-აქ მცირე პაუზა აიღო და გააგრძელა-გარეთ ძალიან წვიმს, მე კი დაგიტოვებდი აქ, თუ წასასვლელი არსად გაქვს, მაგრამ უფლება არ მაქვს, თუ გიპოვნეს სამსახურიდან გამაგდებენ-ერთნაირი, უემოციო და დაბალი ხმით მელაპარაკებოდა და ეს მონოტონურობა უფრო მეტად მაძინებდა. უნდა ავმდგარიყავი, მეტი გზა არ მქონდა. ჯერ ხელი გამოძრავე, თითები მოვკუმე და გავშალე, შემდეგ კი თავს ძალა დავატანე და სკამიდანაც ავდექი. როგორც ჩანს ერთ ფეხს მეტი ძალა დააწვა, ვიდრე მეორეს, ამიტომ ცოტა წავბარბაცდი და კარისკენ დავიძარი. არაფერი მითქვამს, თითქმის ვერც ვაზროვნებდი, ზუსტად ვერ ვაცნობიერებდი იმას სად ვიყავი ან რა დამესიზმრა, მაგრამ ვიცოდი რომ აქედან აუცილებლად უნდა წავსულიყავი და ისიც, რომ კარი მარჯვენა ბოლოში იყო. ნახვამდის სერ-შორიდან მომავალი ხმა ექოსავით გაისმა და სახეზე სისველე ვიგრძენი. გარეთ საშინლად წვიმდა, ერთბაშად დავსველდი, სიცივემაც ტანში დამიარა და ნელ-ნელა გამოვფხიზლდი. თავიდან ვიფიქრე სასტუმროსკენ გავიქცევი-მეთქი და ჩემი ფიქრი ავასრულე კიდეც, მაგრამ შემდეგ ნაბიჯს თანდათანობით ვუკელი და ცენტრალურ ქუჩაზე გავჩერდი, უკვე მთლიანად გამოფხიზლებული, მაგრამ გაოფლილი და საშინლად სველი. მიმოვიხედე, უცებ ვერ გავერკვიე საით უნდა წავსულიყავი, შემდეგ კი იქვე, ტროტუარზე ჩამოვჯექი და ფიქრი დავიწყე. პერანგი ტანზე მქონდა მოტმასნილი და ყოველი მოძრაობა უფრო და უფრო მასველებდა, მაგრამ მაინც არსად ვჩქარობდი წასვლას, პირიქით, სიგრილე მსიამოვნებდა და ვიჯექი ასე წვიმის ქვეშ, საბოლოოდ პალტოც გავიხსენი და წვეთები უკვე პირდაპირ კისერში ჩამდიოდნენ, კანზე კი თითოეული მათგანის გავლას სასიამოვნო ჟრუანტელი ახლდა თან. სიზმარმა მთლიანად მომიცვა, ვიხსენებდი ყველა კადრსა და ხმას, ვცდილობდი სახეებიც აღმედგინა და მაქსიმალურად რეალური სურათი შემექმნა. ვიცოდი  რომ ეს არც სტატიისთვის გამომადგებოდა არც რაიმე სახის პირდაპირი მტკიცებულება იყო, მაგრამ ახლა ჩემ აზრებთან ბრძოლის ენერგია არ მქონდა და თან უკვე ათის ნახევარი სრულდებოდა, შესაბამისად ახალს უკვე ვეღარაფერს მივაგნებდი. თავი მისკდებოდა, ახლა ორ პარალელურ სამყაროს შორის უხილავი ძაფების გავლებას ვცდილობდი  და აშკარა შოკი მქონდა, ყველაფერი მეტისმეტად სწრაფად ამოტრიალდა ჩემში და უკვე აღარ ვიცოდი რომელი მათგანი იყო უფრო აბსურდული, ის რაც ვნახე თუ ის რასაც ახლა ვუყურებდი. არ ვიცი სიცივემ იმოქმედა თუ ნერვიულობამ, მაგრამ უცებ ავკანკალი და დამახველა, გულის არეში ისევ ვიგრძენი ტკივილი და მივხვდი, რომ აქ ჩემთვის კიდევ დიდხანს გაჩერება აღარ შეიძლებოდა. ტანი ძლივს ავითრიე და უკვე საშინლად დაღლილი სასტუმროსკენ დავიძარი. გზაში ისევ იმედგაცრუებამ მომიცვა, დროის გასვლამ კი თავდაპირველი ემოციები დათრგუნა და ისევ საქმეზე დავიწყე ფიქრი. ხვალ უკვე უკან ვბრუნდებოდი მე კიდევ არაფერი მეჭირა ხელში, რამდენიმე ბგერისა და სიზმრის გარდა, რომელიც არც კი ვიყავი დარწმუნებული რომ რეალური იყო. იმაზეც გავბრაზდი რომ ამ ორი დღის განმავლობაში ქოლგის ყიდვა ვერ მოვიფიქრე და თავი ისევ ძველ პალტოს შევაფარე. სასტუმროში უკვე სულ მთლად მივედი და კარი მივიჯახუნე. ცუდი დღე გქონდათ სერ?-კიბეებზე დამეწია პორტიეს ხმა და გამაშეშა. ისედაც საშინლად გაღიზიანებული და დაღლილი უფრო მეტად გამაცოფა, მზად ვიყავი მივსულიყავი და დამეხრჩო, ან სულაც დანა გამეყარა მუცელში და ჩემმა ტვინმა ამ სურვილების საოცრად ცხადი რეპრეზენტაცია შემომთავაზა. გონებაში დარბოდა სხვადასხვაგვარი იარაღი და სცენა და ყოველი მათგანის განხილვა საშინელი კმაყოფილების სურვილს მიჩენდა. ჯიბეებიც კი მოვისინჯე რაიმე იარაღი რომ მენახა, მაგრამ სამწუხაროდ არაფერი აღმომაჩნდა და შემდეგ ჩემ ხელებს დავხედე-ნეტავ მეყოფოდა ძალა მის დასახრჩობად? ეს ყველაფერი წამებში მოხდა, შემდეგ კი მივხვდი, რომ მიტრიალებისა და მისი დანახვის შემთხვევაში არანაირი გარანტია არ მქონდა, რომ თავის დამორჩილებას შევძლებდი და ამ აზრმა შიშით ძარღვებში სისხლი გამიყინა. ხელი ამიკანკალდა და ეს რომ არ შემემჩნია მოაჯირს ძლიერად ჩავებღაუჭე, ვიგრძენი როგორ თანდათან იკლებდა ფრჩხილებში სისხლის ნაკადი, შემდეგ კი თავს ძალა დავატანე და ზევით სიარული განვაგრძე. ოთახში შესვლისთანავე შუქი ავანთე და დავინახე რომ ჩემი ჩრდილი ჩემივე სხეულზე მაღალი იყო, გამეცინა, ტანსაცმელი გავიხადე და ლოგინზე დავწექი. ამჯერად ფანჯარა არ გამიღია, მაინც რა ხელმოცარული ჟურნალისტი ვიყავი და არა მხოლოდ ჟურნალისტი, ზოგადად ადამიანი, აგერ უკვე ჩემი ბოღმის გამო მალე, ალბათ,  ხალხის ხოცვასაც დავიწყებდი. აქამდე ჩემს ცუდ სტატიებს სამსახურის ფორმატს ვაბრალებდი, მაგრამ ამჯერად თემა თავად ავირჩიე, ყველაფერი ჩემით დავგეგმე და ვითავე და მაინც არაფერი გამომივიდა, მაინც ყველაფერი ჩავაფლავე, ბოლო დღის შანსი კი ძილსა და იდიოტური სიზმრის ყურებაში გავატარე. არადა როგორი რეალური, როგორი შთამბეჭდავი იყო ის ყველაფერი რაც ვიხილე, წამოვჯექი და ვიფიქრე უბის წიგნაკში ჩავიწერ-მეთქი, მაგრამ შემდეგ მივხვდი რომ ყველაფერი ისეც მეტისმეტად ცხადად მახსოვდა რომ ოდესმე დამვიწყებოდა. თან გულწრფელად რომ ვთქვა, არ ვიყავი დარწმუნებული რომ ამ ყველაფრის სრულად გადმოცემას შევძლებდი და სიტყვები არ დააკნინებდა ნანახს, რომლის გახსენებაზეც ისევ სული მეხუთებოდა სიცხისაგან და სიცივისგან ისე ვკანკალებდი, თითქოს ჩემი ცნობიერება და ორგანიზმი ისევ ჰარმონიულად დამოგზაურობდა უდაბნოს მწველ მზესა და ღრუბლიან, ნოტიო ნაპირებს შორის. შემდეგ დედაჩემი გამახსენდა და მასთან გატარებული საღამოები. გამახსენდა მისი მოქნილი, ნაზი თითები და მათი საოცარი ტრანსფორმაცია. არა მხოლოდ მათი, ზოგადად პროცესის. ადრე თურმე წვიმისა და ჭექა-ქუხილის მეშინოდა, ამიტომ დედა ზოგჯერ მთელი ღამეები მეჯდა ლოგინთან და ზღაპრებს მიკითხავდა ან უბრალოდ თავზე ხელს მისვამდა, რათა დავემშვიდებინე და ჩამძინებოდა. დრო გადიოდა, მე ვიზრდებოდი ის კი ბერდებოდა და ხელებიც უფრო ნაოჭიანი, კანი კი თხელი უხდებოდა. ბოლოს საერთოდაც გლუვ, ათასჯერ გაპრიალებულ ქაღალდს დაემსგავსა, ოღონდ საოცრად თბილს, რომლებზეც ყოველი ძარღვი მფეთქავ ბურცობს ქმნიდა. ნელ-ნელა ეს კანიც ძვლების შორის ჩაიზნიქა და ლურჯი სისხლძარღვებით დაისერა.  როცა ეს მოხდა უკვე მათთან შეხებისაც მეშინოდა, ასე მეგონა რომ ერთი არასწორი მოძრაობა და მის სიფრიფანა ჯავშანს გავგლეჯდი და მყიფე ჩონჩხსაც ნამსხვრევებად ვუქცევდი. უცნაურია, უცებ მივხვდი რომ ეს ხელები უფრო ზუსტად მახსოვდა ვიდრე მისი სახე. ბოლო წლებში კოშმარები აწუხებდა და ჭექა-ქუხილზე უკვე თავად ვარდებოდა პანიკაში. მაოცებდა ხოლმე მის გამხდარ ხელებში დაბუდებული ძალა, რომლითაც თითებს მარწუხებივით მიჭერდა მანამ, სანამ გრუხუნის ხმა ბოლომდე არ გადაივლიდა. ამის გამო ზოგჯერ სისხლჩაქცევითაც მივსულვარ უნივერსიტეტში, შემდეგ კი უკვე სამსახურში. ძილის წინ, ახლა უკვე, მე ვკოცნიდი ხოლმე შუბლზე და ხელზე ვეფერებოდი.  ჩაძინებამდე კი თავისკენ მიმიზიდავდა ხოლმე და ჩურჩულით მუდამ ერთსა და იმავე ფრაზას მიმეორებდა-იმდენად გულუბრყვილო არ გაიზარდო რომ სიზმრებისა და ზღაპრების აღარ გჯეროდესო. შემდეგ ხელს მიშვებდა და ლოგინზე ალაგებდა, ზურგზე წვებოდა, ტუჩებს აცმაცუნებდა და ჭერს აკვირდებოდა, თითქოს იქ რაღაც არსება ყოფილიყო დაბუდებული და მე კი არა, მას უყვებოდა სიზმარში გადახდენილ სხვადასხვა ამბავს. შემდეგ თვალები ეხუჭებოდა, სახეც უმშვიდდებოდა, ტუჩები კი სულ უფრო და უფრო ნელა მოძრაობდნენ და დედაც იძინებდა. მე ცოტა ხანს კიდევ ვრჩებოდი მასთან, შემდეგ კი ჩუმად გავდიოდი ჩემს ოთახში. სიზმრები, სიზმრები აქამდე ვერასდროს ვხვდებოდი რას გულისხმობდა ხოლმე დედაჩემი როცა მათზე მელაპარაკებოდა. ვერ შევამჩნიე როდის ან როგორ გადამეზარდა სიცილი ტირილში, მაგრამ საფეთქლებთან თბილი სისველე ვიგრძენი და თვალები დავხუჭე. უცნაური ის იყო რომ არ ვიცოდი რაზე ვტიროდი ან იქამდე რა მაცინებდა, ძალიან ბევრი ემოცია აირია ჩემში და უკვე ვეღარც ვარჩევდი მათგან მთავარსა და მეორეხარისხოვანს, მეტისმეტად ვიყავი გადაღლილი და ტვინიც უკვე უარს ამბობდა ამდენი ინფორმაციის გადამუშავებაზე. ვიწექი და ვტიროდი, გარეთ ისევ წვიმდა და წვეთები რიტმულად ახმაურებდნენ ასფალტსა და რაფას, მე კი, მე კი ისევ არაფერზე ვფიქრობდი და ჩემ თვალწინ მაინც ჯიუტად დარბოდა სხვადასხვა კადრი ჩემი წარსულიდან და თან იმდენად სწრაფად, რომ მათ გააზრებას ვერ ვასწრებდი. ბოლოს დავნებდი და საშუალება მივეცი ჩემ ტვინს ყველაფერი გამოეტანა წინა პლანზე რასაც საჭიროდ ჩათვლიდა. გავაცნობიერე რომ მოვლენებმა წარსულიდან უკვე აწმყოში გადმოინაცვლეს, მე კი ზევიდან ვუყურებდი ჩემ თავსა და მთელ ოთახს. იქნებ დედაჩემიც ამიტომ იყურებოდა ხოლმე მუდამ ჭერისკენ როცა იძინებდა, ისევ გამეღიმა და ფანჯარაში გავიხედე. ერთ-ერთ წვეთს თვალი გავაყოლე, დავინახე როგორ შეეჯახა ასფალტს და ათას ნაწილად როგორ დაიმსხვა მასში არეკლილი ჩემი სახე, საბოლოოდ კი ეს ნაწილაკებიც უსიცოცხლო გუბემ შთანთქა. ნელ-ნელა თვალები ამიჭრელდა, ხმები კიუფრო ბუნდოვანი გახდა და ყველაფრისგან დაცლილმა სასიამოვნო სიმშვიდე ვიგრძენი-წვიმის ქალაქში ჩემი უკანასკნელი ღამე მთავრდებოდა.

დილით სისველემ გამომაღვიძა, როგორც ჩანს, ღრმად მეძინა იმიტომ, რომ გამოღვიძებისას თავიდან ადგილი ვერ ვიცანი. წკაპ და კიდევ ერთი წვეთი დამეცა შუბლზე. თავი გავაქნიე და სასწრაფოდ წამოვდექი, თან შემცივდა და საბანში გახვეული საწოლის კიდესთან მივჩოჩდი. თანდათანობით ცნობიერებაც დამიბრუნდა და წინა ღამის მოვლენების თანმიმდევრულად დალაგება დავიწყე. ფიქრი საშინლად ძლიერმა თავის ტკივილმა გამაწყვეტინა, რომელმაც მთელი სახე დამიმანჭა და ისევ ლოგინზე გადავწექი ზურგით. თვალები დავხუჭე მაგრამ აღარ მეძინებოდა, გადაღლილი ვიყავი და საშინლად მშიოდა, ალბათ გავცივდი კიდეც. შემდეგ მიმღებში  ვუთხარი რომ წყალი ჩამომდიოდა, თან საუზმეც შევუკვეთე, პასუხს არც დაველოდებივარ ისე დავკიდე ყურმილი, თავად კი აბაზანისკენ წავლასლასდი. დაახლოებით ნახევარ საათში უკვე შედარებით მოზრდილ და თბილ ოთახში ვიჯექი, ომლეტს შევექცეოდი და პორტიეს გაცვეთილ ბოდიშებს ვუსმენდი. მისი მონოტონური ხმისა და კარგად დამუშავებული ტექსტებიდან გამომდინარე აშკარა იყო მისი ნიჰილიზმი, მაგრამ თავისი საქმის შესრულებას მაინც პირნათლად ცდილობდა და ესეც დასაფასებელი იყო. გავიფიქრე, ნეტავ ოდნავ მაინც თუ ნერვიულობს მომხდარზე, თუ ყველაფერი ფეხებზე კიდია-მეთქი, შემდეგ დავასკვენი რომ საერთოდ არ ვაინტერესებდი, მადლობა მოვუხადე და ჩემივე სიმშვიდით გაოცებული ოთახიდან გამოვედი. შევატყვე, რომ უკვე მეც მათნაირი ვხდებოდი, თითქოს რაღაც ვირუსი იყო გავრცელებული ქალაქში და ანტიდოტისთვის ჯერჯერობით ვერც მე მიმეგნო. ოთახიდან გასვლისას კარში ჩემი ანარეკლი დავინახე და დილანდელი სურათი დამიდგა თვალწინ. სარკიდან საშინლად დაბერებული ადამიანი მიყურებდა, ჩაშავავებული, უძინარი თვალებითა და ჩაცვენილი ლოყებით. ახლა უკვე ნებისმიერ დამატებით საქმეს მოვკიდებდი ხელს, ყველაფერს გავაკეთებდი რასაც დამავალებდნენ, დაღლილობამ და ფსიქოლოგიურმა წნეხმა საბოლოოდ გამტეხა, მხოლოდ და მხოლოდ მოტორული უნარებიღა მიმუშავებდა გამართულად. გარეთ გასული ხალხის მოძრავ მასას შევუერთდი, გარეთ ისევ წვიმდა, მაგრამ უკვე არც მციოდა და აღარც წვეთების ხმა მესმოდა, ალბათ ამ ყველაფერს შევეჩიე და სწორედ ამ დროს ვიგრძენი, ერთბაშად რამდენიმე ათეული წელიწადი როგორ მომემატა. საბოლოოდ მთავარ ქუჩაზე მდგარ ჯიხურთან მივედი და უკან დასაბრუნებელი ბილეთი ვიყიდე. ჩემი რეისი საღამოს იყო, დრო როგორმე უნდა გამეყვანა და მცირეხნიანი ფიქრის შემდეგ ბიბლიოთეკისკენ დავიძარი. ვიცოდი, ახალს უკვე აღარაფერს გავარკვევდი, მაგრამ მინდოდა რომ სულ ოდნავი ღირსება მაინც შემენარჩუნებინა საკუთარი თავისთვის და მეთქვა რომ დრო მაინც ბოლომდე გამოვიყენე, თან სხვა საქმე მაინც არ მქონდა, სასტუმროში კიდევ აღარ მინდოდა მიბრუნება. გამეცინა და გზას გავუყევი, უკვე საოცრად ჰარმონიულად ვმოძრაობდი ადამიანებს შორის და აღარ მახასიათებდა ის მოუქნელობა, რომლის გამოც პირველ დღეებში რამდენიმე ადამიანი გადავთელე. ბიბლიოთეკა დაკეტილი დამხვდა, კარზე დიდი ასოებით იყო აბრა გამოკრული-,,ძლიერი წვიმის გამო მთავარი დარბაზი დაიტბორა, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები’’ ისევ გამეცინა და უკან გამოვბრუნდი, თავიდან ვიფიქრე კაფეში წავალ-მეთქი, მაგრამ ბოლო ინციდენტი გამახსენდა, ამიტომ ეს იდეა მალევე უკუვაგდე და გზას უმიზნოდ გავუყევი. რომელიღაც გაჩერებას შევეფარე და საათს დავხედე, რომ ჯერ მხოლოდ ოცდაათი წუთი იყო გასული. თავბრუსხვევა ვიგრძენი და სანამ დავეცემოდი იქვე, სველ სკამზე ჩამოჯდომა მოვასწარი. ჩემ პირდაპირ სტენდი დავლანდე, სადაც ქალაქის გეგმა იყო დახაზული. თავი რამდენჯერმე გავაქნიე და რუქისკენ დავიძარი, იქნებ აფთიაქი მეპოვაა, შემდეგ კი სხვა კაფე ან რაიმე მყუდრო ადგილი, სადაც ცოტა ხანს დასვენებასა და ძალების აღდგენას შევძლებდი. ნაცრისფერი ქუჩა გადავკვეთე თუ არა თვალთ დამიბნელდა და განათების ბოძს ჩავებღაუჭე. თავი ჩავხარე და ღრმად ვსუნთქავდი, ვცდილობდი სხეულზე კონტროლი ისევ დამებრუნებინა და ამაში სახეზე ჩამოსული წყალიც მეხმარებოდა. უცბად კი უკნიდან ნაცნობი ხმა მომესმა-რამეს ეძებთ? ჩემდა გასაოცრად მომენტალურად შემოვტრიალდი და ხელში კარგად ნაცნობი ტაქსის მძღოლი შემრჩა. გავშტერდი, რატომღაც ეს კაცი საშინლად მეცნობოდა, ოღონდ სრულიად სხვა სიტუაციიდან.  მოულოდნელი შიშისაგან ავკანკალდი, მზერაც წამიერად ისევ დამებინდა და წავბარბაცდი, მაგრამ უკან დახევა მოვასწარი და ზურგით კედელს დავეჯახე. სწრაფად ვფიქრობდი და თავში ისევ სხვადასხვა სახე მერეოდა. არ ვიყავი დარწმუნებული ჩემ მეხსიერებაში, ამიტომ კიდევ ერთხელ უნდა გადამემომწებინა. ვიცოდი რომ ამის დროც მქონდა, რადგან რაღამც თავად მომძებნა უკვე აღარსად წავიდოდა. ყველაფერი ავწონ-დავწონე და ცოტა ხნის შემდეგ, როცა თავი უკვე სამშვიდობოს ვიგულე, თვალები გავახილე და მძღოლს კიდევ ერთხელ დაჟინებით დავაკვირდი. არა, ამჯერად უკვე ყველანაირი ეჭვი გამიქარწყლდა, ჩემ წინ ის მამაკაცი იდგა, რომელიც სიზმარში ვნახე. გამაჟრჟოლა და მისკენ ბრმად დავიძარი. მთელი სხეული მიხურდა, გაუაზრებლად მუშტი შევკარი და პირდაპირ შეტევაზე გადავედი. მან ჩემი ხელი მოხდენილად აიცდინა, შემდეგ კი თავად ჩამაფრინდა მხარში, ფეხიც გამომდო და მოგრეხილი ხელით მანქანის საბარგულზე დამანარცხა. რამდენიმე წამში უკვე ზურგზე ვიწექი და აქეთ ვიცილებეი ჩემკენ მომავალ მუშტს, რომელიც ჯერ ჰაერში დაეკიდა, შემდეგ კი უეცრად ტრაექტორია იცვალა და მთელი ძალით მანქანის კორპუსს დაეჯახა. ორივე ქანდაკებებივით ვიყავით გაშეშებულები, საოცარ სიჩუმეს კი მხოლოდ წვეთების რაკინი და ღრმა სუნთქვა არღვევდა.  მძღოლმა ხელი მშვიდად აიღო, ჯერ ფრთხილად მოისინჯა, შემდეგ კი ენერგიულად დააქნია და ჩემ გვერდით გადაწვა, თავიც სველ მეტალზე დადო და ერთიანად გალუმპლიმა გულიანად გაიცინა. კარგი მისმინე, შენი დახმარება მინდა, ჩაჯექი მანქანაში-მითხრა და კარი ხელის მარტივი მოძრაობით გამიღო. უაზროდ დავემორჩილე, თავად კი მანქანას მეორე მხრიდან მოუარა, აუჩქარებლად დაჯდა, შემდეგ ღვედი გადაიკრა და დაამატა-ისე იმაზე ყოჩაღი ყოფილხარ ვიდრე ვფიქრიბდი. პასუხის გაცემის ენერგია არ მქონდა, ამიტომ თავი უბრალოდ სკამს მივადე და თვალები დავხუჭე. არ მეგონა ასე კარგად თუ დაიმახსოვრებდი ჩემ სახეს-სხვათაშორის გააგრძელა და თან პირსახოცი მომაწოდა. აშკარა იყო, ჩემი ჩართვაც უნდოდა ამ უაზრო საუბარში. პირსახოცი ზანტად გამოვართვი და თმის გამშრალება დავიწყე. შემდეგ გვერდულად გავხადე და დაბალი ხმით, ყრუდ ჩავილაპარაკე დაძარი და შემდეგ ვილაპარაკოთ-მეთქი. როგორც ინებებთო, ღიმილით მიპასუხა და გაზის პედალს ფეხი ენერგიულად დააჭირა. მინსაწმენდები აქტიურად ამოძარვდნენ და რადიოდანაც უცნაური მუსიკის ხმა გაისმა, მცირეხნიანი დუმილის შემდეგ კი მეც პირსახოცი უკან გადავდე და პირდაპირ ვკითხე-შეგიძლია ამიხსნა აქ რა ჯანდაბა ხდება? მივალთ და გაიგებ-მშვიდად მიპასუხა ტაქსისტმა, ამჯერად უკვე აღარ იცინოდა, გზას გაყურებდა და ეტყობოდა რომ მთელი არსებით ამაზე იყო გადართული. და სად მივდივართ?-გავუმეორე კითხვა, მივხვდი, რომ ეს კაცი უკვე საშინლად მაღიზიანებდა. ალბათ ეს ხმაზეც შემეტყო, რადგან მტრლად შემომხედა და ტუჩებში გამოცრა მოკლე ფრაზა-მივალთ და დაინახავ. დამბურძგლა, ზუსტად ისეთი ღვარძლიანი ხმა ჰქონდა როგორც მაშინ, სიზმარში. შემდეგ კი თავი ნელა შეატრიალა და ისევ გზას ჩააშტერდა, უკვე აღმართზე ავდიოდით. ისევ სიჩუმე ჩამივარდა, მანქანაშიც ტემპერატურამ ზრდა დაიწყო და მინები დაიორთქლა. რატომღაც ჩემი სახლის ფანჯრები გამახსენდა, ზამთარში ისინიც ასე იორთქლებოდნენ ხოლმე როცა ოთახში მარტო ვიჯექი და მშობლებს ველოდებოდი. უცნაური გრძნობა დამეუფლა, სუნთქვაშეკრულმა შუშასთან ნელა მივიტანე თითი და წრე მოვხაზე. უეცარი შვება ვიგრძენი და გუგები სიამოვნებისგან გამიფართოვდა. კიდევ ერთხელ ნელა დავუსვი მინას ხელი და მისი სიცივე მესიამოვნა. ხატვა გავაგრძელე, ამჯერად უფრო თამადად და აქტიურად, ვხატავდი წრეებს, გულებსა და ოთკუთხედებს, ადამიანებს, სახლებსა და ეზოებს, რომლებსაც ციდან მომავალი წყლის ძლიერი ნაკადის გამო დიდი ხანი არსებობა არ ეწერათ. ყოველ ჯერზე წვიმა ფიგურებს უკვალოდ შლიდა და მეც ორმაგი შემართებით ვხატავდი მათ, უფრო ხარისხიანად, უფრო ღრმად. ტაქსისტის მომღიმარ მზერას წამიერად მოვკარი თვალი და მალევე მისი ხმაც გაისმა-იცი, მომწონხარ, სხვებივით წრეზე არ ტრიალებ და იმიტომ. მოდი, კიდევ ერთ საიდუმლოს გეტყვი-აქ პირველი არ ხარ, შენამდეც ჩამოსულან ჟურნალისტები, მაგრამ არც ერთი არ წასულა ისე შორს, როგორც შენ. ამიტომაც ვთვლი რომ ჯილდოს იმსახურებ და აი ისიც, შეეგებე. ეს თქვა და მანქანა მკვეთრად დაამუხრუჭა. თავის დამახასიათებელი მოძრაობით მოვედითო მანიშნა და ღვედი მოიხსნა. შეთანხმებულებივით ორივენი ერთდროულად გადავედით მანქანიდან, წინა ფარებთან გავჩერდით, წელით თავად მანქანის ძარას მივეყრდენით და სივრცეს გავხედეთ. მომცრო ბორცვზე წვრილად ცრიდა და ძვლებში საშინელი სუსხი ატანდა, სქელი ნისლის გამო კი გარშემო თითქმის არაფერი ჩანდა. კაცმა ჰაერში ფილტვებიდან შხუილით ამოუშვა და მანქანისკენ შეტრიალდა. მოიცა, რას აკეთებ? -გაოცებლმა ვკითხე მე. რას და მივდივარ, ეს უკვე შენი გზაა, თავად აირჩიე და ამიტომ მარტომვე უნდა დაასრულო. ისე, თუ უდაბნოდან გამოაღწიე და აზროვნება შეგრჩა, როგორმე ამასაც შეძლებ-მშვიდად მიპასუხა მან, შემდეგ კი კიდევ ერთხელ, ამჯერად უკვე დაძაბული სახით გახედა სივრცეს და მანქანის კარი დახურა. ტაქსი უკუსვლით დაიძრა და წინა ფარების შუქიც მალევე ნისლმა შთანთქა. უკვე სულ სველი ვიყავი, როცა ცივმა ქარმა სახე და ხელები უარესად მომიყინა და მთელი ტანით ავცახცახდი. ჩემ თავზე ისევ გავბრაზდი, ახლა უკვე დამშვიდებული თვალით რომ გავხედე სიტუაციას, მივხვდი რომ სულელურად მოვიქეცი, როცა ისედაც დასუსტებულმა სრულიად უაზროდ გავიწიე საჩხუბრად და შემდეგ კი ამ ჯურღმულში წამოვყევი. რა გარანტია მქონდა რომ გზას გავაგნებდი უკან და აქ არ ჩავკვდებოდი ან რაიმე ცხოველი არ შემჭამდა. მცირე ხნის ფიქრის შემდეგ ჩამოვყალიბდი, რომ ასე უსაქმოდ დგომას ჯობდა მევლო, გავთბებოდი და რაიმეს პოვნის შანსი მაინც მექნებოდა. ნელ-ნელა ნისლსაც თვალი შევაჩვიე და ის-ის იყო მოძრაობა უნდა დამეწყო, როცა სასოწარკვეთილი ტირილის ხმამ მთელი სივრცე გააყრუა და გავშეშდი. კანზე თმა ამებურძგლა, მთელი სხეული ზამბარასავით დამეჭიმა და ვიგრძენი შიშისაგან როგორ დამცხა. უკვე ნაცნობ, ჟღერად და დაწმენდილ ხმას აქ აღარც ფანჯრის მინა ახშობდა და არც მანქანებისა და ხალხის ხმაური ამახინჯებდა და ახლა, სრულ სიჩუმეში თითოეული ბგერისა და ტონალობის გარჩევა შეიძლებოდა, რომლებიც, წვეთების რაკა-რუკთან ერთად, საოცრად ჰარმონიულად ავსებდნენ მთლიან სივრცეს.  მგონი უკვე ვხვდებოდი რატომაც მომიყვანა აქ მძღოლმა, სმენა დავიძაბე და ხმას წავყევი. ჯერ ნელი ნაბიჯებით, შემდეგ კი ფეხს ავუჩქარე და ბოლოს სირბილზე გადავედი. მივრბოდი და თან უცნაური ბედნიერების შეგრძნება მქონდა, ჩემში თითქოს რაღაცამ ენერგიამ ამოხეთქა, რომელიც უსასრულოდ მიმაქანებდა წინ, იმისკენ რასაც ამდენი ხანია ვეძებდი. მთელი შარვალი ტალახში მქონდა, ძლიერი ნისლის გამო კი გზა ალაგ-ალაგ არ ჩანდა და ხის ტოტებს ხელებით ვიგერიებდი. უკვე დაღმართი იწყებოდა, მე კი მკლავები ერთიანად მქონდა დაკაწრული, ფეხები კი-სველი, მაგრამ ახლა ვერ გავჩერდებოდი, ტირილის ხმა კი ჩემ ჯინაზე ხან ძლიერებოდა ხანაც სუსტდებოდა. რაღაცას ფეხი წამოვკარი, შემდეგ კი ტოტს შევეჯახე და დავეცი. სველ, ბალახიან მიწაზე ერთი ბრუნი გავაკეთე, შემდეგ კი ქვევით ჩავსრიალდი, ინსტინქტურად ხელები სახეზე ავიფარე და ასეთ პოზაში მყოფმა კარგა ხანს ვიგორავე, ბოლოს კი რაღაც ვაკე ადგილას გავჩერდი. ზურგზე გადმოვტრიალდი, ზევით ავხედე და ხშირად დავიწყე სუნთქვა. პირველ რიგში თავის არე მოვისინჯე, საბედნიეროდ უვნებელი ვიყავი და ჩემ თავს ცოტა ხანს წოლის უფლება მივეცი, თან ახლაღა მივხვდი როგორ ძალიან ვიყავი დაღლილი. სანამ ავდგებოდი, მუხლებზე დავდექი და ხელით გარშემო მიწის სინჯვას შევუდექი, რათა შემდეგი წამობრძიკება ამეცილებინა თავიდან, უცებ კი რაღაც უცნაურს გადავაწყდი. რკინის სახელურს გავდა, აი ისეთს მიწისქვეშა, ღრმა სარდაფებს რომ აქვთ ხოლმე. გულმა გამალებით დამიწყო ცემა, შუბლის არეში კი სიმხურვალე ვიგრძენი, კუთხეების მოსუფთავება დავიწყე და ნელ-ნელა მიწის ზედაპირზე ამოსული მასიური რკინის კარი გამოჩნდა. ხელები სახელდახელოდ დავიორთლე, შემდეგ კი როგორც შემეძლო გავიმშრალე და გაყინულ მეტალს მთელი ძალით დავეჯაჯგურე. საბედნიეროდ, მესამე ცდაზე რკინის სუსტი ღრჭიალი გავიგონე და კარიც ნელ-ნელა გაიღო, მაგრამ, ამასობაში სისველემ უფრო მეტად გამთოშა და თითების დამორჩილებას ვეღარ ვახერხებდი. მუჭი გაჭირვებით გავშალე და ისეთი ტკივილი ვიგრძენი, რომ ცოტაც და ალბათ ფალანგები დამძვრებოდა, მაგრამ ცოტა ხანში მათი მოხრა ისევ შევძელი. ქვევით ჩავიხედე და დავინახე რომ სარდაფში გრძელი, ვერტიკალური კიბე ჩადიოდა. ღრმად ამოვისუნთქე, კარი ღია დავტოვე და ქვევით ფრთხილად დავეშვი. სინესტისგან მეტალი ზოგგან ამოჭმული იყო, ჟანგმა ხელები უარესად დამიკაწრა. ძველი, უკვე გაცვეთილი საფეხურებიც საშინლად სრიალებდა, ამიტომ კიბეს მთელი სხეულით ვეჭიდებოდი და ვცდილობდი, რომ ყოველი ნაბიჯი წინასწარ გამეთვალა. თავს ვერაფრით ვიმორჩილებდი, სიცივისა და დაძაბულობისგან ისევ თრთოლვამ ამიტანა და ალბათ, ამის გამო, შუა გზაზე ფეხი მაინც დამიცდა. თავის შემაგრება ბოლო წამს მაინც მოვასწარი, მაგრამ მარჯვენა ხელით უხერხულად  შევეჯახე კედელს და საშინელი წვა ვიგრძენი. დაწოლა მარცხენა მხარეს გადავიტანე და გაჭირვებით გზა გავაგრძელე. სხვა გამოსავალი არც მქონდა, ახლა მაქსიმალურად სწრაფად უნდა მემოქმედა, რადგან ვიაზრებდი რომ რაც მეტ დროს ვატარებდი ჰაერში, მით უფრო იზრდებოდა ჩემივე დაზიანების რისკი. კიბე ბოლომდე არ ჩადიოდა, ამიტომ ქვევით ჩახტომა მომიწია. ფეხებზე რბილად დავეცი და მაშინვე გარემოს თვალიერებას შევუდექი. პირველი რაც ვიგრძენი დამპალი ხისა და შმორის ძლიერი სუნი იყო, ამიტომ ცხვირი ინსტინქტურად პალტოს საყელოთი დავიფარე. სიბნელეს თვალი ცოტა შევაჩვიე და დავინახე რომ ჩემ წინ გრძელი დერეფანი მიდიოდა, რომელსაც შუაში ჩაყოლებული სქელი ხის მორები ამაგრებდა. აქ უარესი სინესტე იყო ვიდრე გარეთ, წამით ისიც კი მომეჩვენა რომ წყალს, რომელსაც ბოძები ხარბად იწოვდნენ, ზემოდან კი არა, პირიქით, ქვემოდან ჟონავდა. ვიცოდი, რომ არაფერი მქონდა თან მაგრამ ჯიბეები მაინც მოვიჩხრიკე, იმ იმედით რომ რამე ფანრის მსგავსს აღმოვაჩენდი. შემდეგ ჩემივე თავზე გამეღიმა და დერეფნის ბოლოსკენ დავიძარი. სხეული ისევ დაჭიმული მქონდა, გრძნობები კი-გამახვილებული, ყველა მხარიდან თავდასხმას ველოდი და უმცირესი ფაჩუნიც კი მესმოდა. მოკლედ, იმ ცხოველს ვგავდი მახეში რომ გააბეს და ყველა მხარეს გიჟივით იყურება რათა დარტყმა მოიგერიოს. საბოლოოდ, როცა კიდევ ერთ კარს მივადექი, დაძაბულობისგან უკვე ყურები და სახე მიხურდა, ვიფიქრე რომ ცოტაც და მთლიანად ავფეთქდებოდი. წარმოვიდგინე როგორ ასახავდა ჩემი თავიდან შადრევანივით სისხლი. ჯერ პირიდან გადმოინთხეოდა ბლანტი ნაკადი, შემდეგ თვალები წითლად დამეღარებოდა და ცრემლებად წამოსული სისხლი ალბათ გუგებსაც ირისიანად გამოიყოლებდა გარეთ, ბოლოს კი  ყურების გავლით ტვინშიც ააღწევდა და მთელი სკალპი დიდი წნევით გაფრინდებოდა ჰაერში. ამ აზრმა ცოტა გამამხრიარულა და აკანკალებული ხელით საკეტი ქვევით ჩამოვწიე. კარი ძალდაუტანებლად გაიღო და მეც მაშინვე გარე კედელს ავეკარი. სუნთქვა გამიხშირდა, ცივმა ოფლმა დამასხა და მივხვდი, ჩემ სითამამესთან ერთად, სიმამაცეც უკვე კარგა ხნის წინ გამქრალიყო სადღაც და ახლა მზად ვიყავი ნებისმიერი საშიშროების შემთხვევაში წივილ-კივილით გავქცეულიყავი უკან. კედლის სიცივე მესიამოვნა და ცოტა გამოფხიზლდი, გავოცდი როგორ შეეძლო სხეულებრივ შეგრძნებებს ასე ემოქმედა ჩემზე, მაგრამ ჯიუტი ფაქტი იყო, რომ ცოტა ხანში თავდაჯერება ისეც დავიბრუნე და ოთახში შევიხედე.  ჩემ წინ ქანდაკებებით სავსე დიდი, უჩვეულოდ თბილი დარბაზი იყო. გავიაზრე, რომ მივაგენი იმას, რასაც ამდენი ხანი ვეძებდი, მაგრამ საკუთარმა რეაქციამ გამაოცა: რატომღაც არც ბედნიერი ვიყავი და არც გახარებული. პირიქით, სიცარიელისა და მობეზრების გრძნობა მქონდა, წამიერად თითქოს ზიზღიც ვიგრძენი და სევდიანად გამეღიმა, შემდეგ კი ერთ-ერთი დარბაზის სიღრმისკენ ბორძიკით დავიძარი და მაშინღა შევნიშნე რომ თითოეულ ქანკადაკებასთან სანთელი ენთო და ალბათ სწორედ ესვე ათბობდა და ხუთავდა ჰაერს ასე ძალიან. ერთ-ერთ სკულპტურასთან მივედი, სანთელი ავიღე და ვეცადე რომ ალის შუქზე უკეთ შემეთვალიერებინა. მართლაც უზადო ნამუშევარი იყო. მკვრივი ფიგურა, კუნთები და სხეულის ნაკეცები, კიდურები და მათი ძარღვებიც კი ისე იყო ამოყვანილი, თითქოს ეს-ესაა და ფეთქვას დაიწყებსო. ბოლოს სახემდე ავაღწიე და უმეტყველო, გლუვ ქვას იმ ადგილას ჩავაშტერდი, სადაც წესით თვალები უნდა ყოფილიყო. წამით მომეჩვენა რომ ქანდაკებამ ავისმომასწავლებლად გამიღიმა და ოდნავ შეირხა, მაგრამ ვიფიქრე სინათლის განაწილებისა და დაღლილობის გამო მომეჩვენა-მეთქი და გზა განვაგრძე. დარბაზის ბოლოში კიბეები დავლანდე, რომელიც ზევით, რიკულებიან აივანზე ადიოდა. მოულოდნელად უკანა მხრიდან ჭრიალი გავიგე და შეშინებულმა სასწრაფოდ მოვიხედე. უკან ყველაფერი ისე იდგა როგორც იქამდე, ამიტომ ცოტათი დავმშვიდდი და სხვა სკულპტურების თვალიერებას შევუდექი. დავდიოდი ქანდაკებებს შორის, ვაკვირდებოდი მათ წაშლილ სახეებს და რაღაც საოცარ, გიჟურ აღტყინებასა თუ აღფრთოვანებას ვგრძნობდი. ვატყობდი, რომ ჩემ ცარიელ გონებას ნელ-ნელა მათი არსება იპყრობდა. თითქოს რაღაც უხილავი სადენებით მოდიოდნენ ჩემამდე და მეც ღრუბელივით ვიწოვდი მათში ჩაბუდებულ გრძნობებს. ისევ ავკანკალდი, ერთბაშად მეტისმეტად ბევრი ინფორმაცია იტუმბებოდა ჩემ თავში და რაც უფრო მეტ ემოციას ვიღებდი, მით უფრო თავზარდამცემი ხდებოდა ეს ყველაფერი. არ ვიცი რამდენ ხანს ვიბორიალე, მაგრამ ბოლოს მეგონა რომ უკვე ვგიჟდებოდი, ქანდაკებებში აშკარად ჩავიკარგე და მათ შორის განსხვავებასაც ვეღარ ვარჩევდი.ცოტა ხნის შემდეგ კიკონტროლი სრულიად დავკარგე და რაღაც ძალას დავნებდი, რომელიც მარიონეტივით დამაქროლებდა აქეთ-იქით, ბოლოს კი ძლიერად მიბიძგა და ერთ-ერთი სკულპტურის წინ ჩავიკეცე. ეს ქანდაკება სხვებისგან გამოირჩეოდა: შავი, გაცრეცილი ზეწარი ჰქონდა გადაფარებული და საბალი, სქელი სანთლის მაგივრად მოხდენილი, მაგრამ უკვე ჩამქრალი კელაპტარი ბოლავდა. სიმძიმისა და მოსალოდნელი საფრთხის შეგრძნებამ თმა ამიჯაგრა, მაგრამ უკვე უკან დასახევი გზა აღარ მქონდა. ჩემდაგასაოცრად შევნიშნე, რომ ამდენი სირბილის მიუხედავად, ჩემ ხელში ჯერ კიდევ კიაფობდა სანთლის ალი და მეც ასე, მუხლებზე დაჩოქილმა, აკანკალებული ხელით ძირს დადებულ კელაპტარს ცეცხლი გადავუკიდე. საბოლოოდ, როცა არე-მარე შედარებით განათდა ღრმად ჩავისუნთქე და ბურცობისკენ დავიძარი. მახსოვს, გზაში ღმერთსაც შევთხოვე დახმარება, შემდეგ კი ამის გააზრებისას ჩემივე თავზე გამეცინა და ქანდაკებას ერთბაშად გადავხადე გახუნებული ზეწარი. უცებ გულისშემძვრელი ტირილი გაისმა და ძლიერმა ხმამ მთელი დარბაზი გააყრუა. მეც ინსტინქტურად უკან ისე დავიხიე, რომ ქანდაკებისთვის შეხედვა ვეღარ მოვასწარი და ზურგით რაღაც ცივს დავეჯახე. ერთბაშად შევტრიალდი და დავინახე, რომ ჩემ უკან ქანდაკება იდგა. მომეჩვენა თითქოს სახეზე, ტუჩებთან, ნაკვთები გამოზრდოდა და ისევ მიღიმოდა. ახლა უკვე აღარ ვიყავი დარწმუნებული ამ ფაქტის შეუძლებლობაში და ცივმა ოფლმა დამასხა. ხელით შეხება ვერ გავბედე და უკუსვლით ნელ-ნელა კიბისკენ დავიძარი. ცოტა ხანში ნაცნობი ჭრიალის ხმა გავიგონე და დავინახე რომ ქანდაკებამ ჩემკენ დაიწყო მოძრაობა. ჯერ თავი ტკაცანით გადააბრუნა და ამომხედა, შემდეგ კი ხელები გაშალა და ნელა წამოვიდა. მხრებში მოხრილი მოძრაობდა და ყოველი ნაბიჯის გადმოდგმისას მისი მხრებიდან მტვრის ნაწილაკები ცვიოდა, მხოლოდ სახე ჰქონდა ზევით, ჩემკენ მომართული და განზე გართხმული ფეხებით ძლივს ახერხებდა სიარულს. სუნთქვა შემეკრა, სანთელი ხელიდან გამივარდა და ძირს დაცემისას ჩაქრა. რამდენიმე წამით მომეჩვენა რომ საკუთარ სხეული დავტოვე და ამ ყველაფერს სადღაც ზევიდან, გარეშე სივრციდან ვაკვირდებოდი. ვხედავდი როგორ გავრბოდი კიბისკენ რათა თავი გადამერჩინა, ისიც დავინახე როგორ დავეჯახე ერთ-ერთ სილუეტს და დავეცი, მან კი მოძრაობა ისე გააგრძელა თითქოს ვერც შემამჩნია. რამდენიმე ქვის ფეხმა კინაღამ გადამიარა და მეც, უკვე ჩემ სხეულში დაბრუნებული, გაოცების ნაცვლად, შეშინებული წამოვხტი და საფეხურებს მივაშურე. გზაში, მიღებული სტრესისგან ფეხები ერთმანეთში ამებლანდა და ისევ დავეცი, მაგრამ ამჯერად გაჩერების ნაცვლად უკვე ოთხით გავაგრძელე ფორთვა და კიბემდე ასე მივაღწიე. აღარც სიამაყე მქონდა შერჩენილი და არც ინტერესი, მხოლოდ გადარჩენაზე ვფიქრობდი. საბოლოოდ, როგორც იქნა, აივანზე ავედი და წინ, მოაჯირზე გადავეკიდე. ჩემ ქვევით საოცარი სანახაობა გადაშლილიყო: წვიმის წვეთებითა და ბავშვის ტირილით გაჟღენთილ დარბაზში ყველა ქანდაკება ღრჭიალით, მაგრამ სტაბილურად, საკუთარი რითმით მოძრაობდა ცენტრისკენ და თავიანთ წილ სანთელს კელაპრტის გვერდით დგავდა. მათი სინქრონული მოძრაობა მკაცრად განსაზღვრულ წრეს კრავდა იატაკზე, რომელიც ნელ-ნელა ვიწროვდებოდა. შუაში კი ის სკულპტურა იდგა, რომელსაც ცოტა ხნის წინ ზეწარი თავად გადავხედე, თუმცა შოკის გამო მისი დათვალიერება აზრადაც კი არ მომსვლია. ქანდაკებას შევხედე და დავმუნჯდი, ინსტინქტურად მოაჯირს მთელი ძალით ჩავჭიდე ხელები და წამით სუნთქვა შემეკრა. მხოლოდ მას ჰქონდა სახე, გაოცებული და ამავდროულად არაფრისმთქმელი ბავშვის სახე. დაუსრულებელი წარბებიდან დიდი, მეტყველი თვალები იმზირებოდნენ, ცხვირის მონახაზი კი ოდნავ ღია პირს უერთდებოდა. და ის ტიროდა, თვალების ფართო უპეებიდან უწყვეტად წამოსული ცრემლების ნაკადი სახეზე ათას ნაწილად იშლებოდა და თავიანთ გზაზე ღარებს ტოვებდა. მაგრამ ეს არ იყო ყველაზე გასაოცარი რამ-ქანდაკების ქვეშ მინის პატარა ქილა იდგა, რომელშიც ყვითელი სითხე ესხა და მასში მოთავსებული უთავო ემბრიონის კისერი პირდაპირ ბავშვის ქვის ქანდაკების თავს ებმოდა. უცებ ჩემამდე დარბაზში ისევ გაისმა გამაყრუებელი ტკივილი და მეც საშინელი სიმხურვალე ვიგრძენი მუცელში, შემდეგ კი ტკივილისგან რომ არ დავემულიყავი მოაჯირს ჩავეჭიდე.  ჯერ კიდევ გონზე მოსვლას ვცდილობდი როცა გვერდიდან ლამაზი, მაგრამ მაინც ცარიელი ხმა შემომესმა-ლამაზია არა? ჩემ გვერდით ჯერ კიდევ ახალგაზრდა, გამხდარი ქალი იდგა. ვერც კი შევამჩნიე როდის ან როგორ მოვიდა, მაგრამ ის აქ იყო და ტალღოვანი, მხრებამდე ჩამოშლილი შავი თმა უბზინავდა. ბავშვივით ნაზი და რბილი ხელები მოაჯირზე მსუბუქად დაალაგა და სანამ რამის კითხვას მოვიფიქრებდი, უკვე შეცვლილი ტონით მითხრა-დაითვალე.  ეს უფრო ბრძანებას გავდა ვიდრე შემოთავაზებას ან რჩევას, მაგრამ უყოყმანოდ დავემორჩილე და გავოცდი: ქანდაკებების რაოდენობა ჩემ სიზმარში ნანახ, პლაჟზე მყოფ ადამიანებზე ერთით ნაკლები იყო. ანუ-დაბნეულად დავიწყე მე. ქალმა გაიღიმა და ისევ ნაზი ხმით მითხრა-კი, სწორად მიხვდი, ახლა კი წადი. მე კიდევ ვერაფერს ვხვდებოდი, უფრო მეტად ვიყავი არეული ვიდრე აქამდე, ამიტომ სასოწარკვეთილმა ყვირილი დავიწყე-კი მაგრამ, რას მივხვდი, რას? ამიხსენით საერთოდ რა ჯანდაბა ხდება აქ. სანამ დროა წადი-გამიმეორა ქალმა მუდარით სავსე ხმით და ამჯერად ახლა უკვე დაღლილი, სევდიანი თვალები შემომანათა. მინდოდა  რომ მომეკლა, მაგრამ უძლური ვიყავი, ამიტომ აივნის ბოლოსკენ დავიხიე და ზურგით კედელზე ჩავცურდი. თავი ფეხებში ჩავრგე, მივხვდი რომ აქ რაღაც საშინელება მოხდა და ვიგრძენი როგორ ჩამომივიდა ლოყებზე ცრემლი. უსუსურობის საშინელი განცდა დამეუფლა, უკვე ვდგებოდი და წასვლას ვაპირებდი როცა დარბაზში იქუხა და წვიმა წამოვიდა, ტირილი კი ერთბაშად შეწყდა. ქვევით ჩავიხედე და დავინახე, რომ ქანდაკებები აღარ მოძრაობდნენ, უკვე ყველას დაეკავებინა თავ-თავისი ნიშა და ყველა სანთელიც კელაპრტის წინ, ქვევით ელაგა. სიჩუმეს მხოლოდ რაღაც უცნაური ბუყბუყი არღვევდა. ქილას გავხედე და დავინახე, რომ ემბრიონი კედლებს ეხეთქებოდა და ამოსვლას ცდილობდა, ქვის ტუჩები კი ძლივს გასარჩევად მოძრაობდნენ. ქანდაკებებმა კი თავები ნელ-ნელა ჩვენკენ მომართეს, თავს დავდებდი რომ ყველა მათგანი საზარლად მიღიმოდა. შიშისაგან ისევ ავცახცახდი და მთლიანად სველმა ქალს გავხედე. იგი მხრებში გაშლილი იდგა, თმა უკან გადაეგდო, თავი კი ცისკენ აეწია და მოაჯირზე ჩაფრენილი რაღაც გაუგებარ სიტყვებს ბუტბუტებდა. ამასობაში კი აივნის ბოლოდან ფაჩუნის სუსტმა ხმებმა ჩემამდეც მოაღწია. გავიხედე და დეფორმირებული, ქაოსურად მოძრავი კიდურები შევამჩნიე, რომლებიც ჩემკენ ცდილობდნენ წამოსვლას, მაგრამ დარღვეული კოორდინაციის გამო სწორხაზოვნად მოძრაობა უჭირდათ. ოფლმა უფრო მეტად დამასხა და გაქცევის ნაცვლად ადგილზე გავიყინე, სხეული უკვე აღარ მემორჩილებოდა. ვიდექი და ვუყურებდი როგორ მიახლოვდებოდნენ სხეულის ცალკეული ნაწილები და როგორ ირყეოდა მთლიანი დარბაზი, კედლებიდან კი უკვე ბათქაში იწყებდა ცვენას. როგორც გაგონილი მქონდა  ასეთ დროს მთელ ცხოვრებას უნდა ჩაევლო ჩემ თვალწინ, მე კი სამწუხაროდ არაფერი მახსენდებოდა, უბრალოდ  გაშეშებული ვიდექი და ჯინაზე ვცდილობდი ჩემ პარალიზებულ გონებაში ერთი ლამაზი მოგონება მაინც მომენახა. ნელ-ნელა ყველაფერი ბუნდოვანი და გაწელილი ხდებოდა და უკვე თვალებს ვხუჭავდი  როცა ქალის ძლიერმა ხმამ გამომაფხიზლა-გაიქეცი! მის ხმაში ახლა უკვე დაღლილობა და შიშიც გამოსჭვიოდა, შევხედე და თითქოს ერთბაშად დაბერებული, აცახცახებული, ნახევრად მოხრილი ტანით კედელზე იყო მიყრდნობილი, თმა კი წინ ჩამოეშალა და პირდაპირ თვალებში მიყურებდა. მარტივად გავიაზრე, რომ ახლა სწორედ მას ეჭირა მთელი შენობა. საოცარი სანახავი იყო: გამხდარი, სუსტი ხელები დაძარღვოდა, სახე გაწითლებოდა, მეტისმეტად პატარა იყო ამხელა სივრცისთვის და მაინც, მაინც მთელი ძალით ცდილობდა ყველაფრის დაბალანსებას და რაღაც სასწაულით გამოსდიოდა კიდეც. ჩემი შიში გაუაზრებლად პატივისცემამ და სიმშვიდემ შეცვალა, თუმცა მხოლოდ რამდენიმე წამით, მანამ სანამ ფეხზე ერთ-ერთი კიდურის შეხებას ვიგრძნობდი. სიცივემ ფეხიდან მუცლისკენ დაიწყო მოძრაობა და გულისრევის შეგრძნება გამიჩნდა, მეორე ფეხი კი ინსტინქტურად მოვამზადე დასარტყმელად. არც გაბედო შეხება, თორემ ვერ გადამირჩები-კბილებში გამოსცრა ქალმა და შემომხედა. მუქარით აღსავსე სახეზე დაცინავი ღიმილი დასთამაშებდა, გაწეწილი თმებიდან კი შეშლილ თვალებს აცეცებდა აქეთ-იქით. ასეთი საზარელი რამ პირველ ვნახე და ჰაერში აწეული ფეხი ჯერ გავაშეშე, შემდეგ კი ნელ-ნელა ძირს დავდგი. ვიგრძენი რომ რაღაც ისევ ცდილობდა ჩემ ფეხზე ამოცოცებას და ნერწყვი ხმაურით გადავყლაპე. გაიქეცი-კიდევ ერთხელ გაიმეორა ქალმა, ახლა უკვე ჩუმი და ჩახლეჩილი ხმით. ვიგრძენი, როგორი გამძვინვარებითა და თავდადებით იცავდა თავის შვილს და რაღაც სასწაულით ჩემში შიში საღმა აზრმა დათრგუნა: კიდურები ფრთხილად, ხელით მოვიშორე და ნელა დავიწიე უკან. ქალმა მზერა იატაკისკენ გადაიტანა და თვალები სიყვარულით აევსო. შემდეგ მიუხლოვდა და მშვიდი, მომღიმარი სახით ძირს დავარდნილ, დეზორიენტირებულ ხელს მიეფერა, რომელიც მაშინვე დაწყნარდა და თითები მტკიცედ შემოხვია მაჯაზე. დედამ კიდევ ერთხელ გაიღიმა და ბავშვის მტევნის უკანა მხარე ლოყაზე მიიდო. ულამაზესი სანახავი იყო წვიმაში მდგარი, დაუღალავი და მუდამ სადარაჯოზე მყოფი ქალბატონი, რომელმაც უდიდესი მოწიწებით შეაგროვა დანაწევრებული კიდურები და კიბეზე ნელა დაიძრა. ისე ამიარა გვერდი  თითქოს არც შევუმჩნევივარ და გაცავნობიერე, რომ ჩემი წასვლის დრო მოსულიყო. ბარბაცით დავიძარი, ბოლო საფეხურის ჩავლისას ბოლოჯერ გავიხედე უკან და დავინახე როგორ ეფერებოდა და ეთამაშებოდა აკანკალებული ქალი ყვითელ სითხეში მოცურავე ემბრიონს. მათ მხოლოდ მინის თხელი ბარიერი ყოფდა ერთმანეთისგან, გარშემო კი გაშეშებულ, უკვე სისველით ჩამუქებულ ქანდაკებებს აწვიმდათ. პატარა ბუშტუკებად დაგროვილი წვეთები კი მათი გლუვი სხეულებიდან უკვე ძირს მისრიალებდნენ და იატაკზე არსებულ გუბეებში ხმაურით ეშვებოდნენ. ქალმა წამით შემომხედა, გაღიმებული, ცრემლიანი თვალები შემომანათა და უხმოდ, ხელის დამახასიათებელი მოძრაობით წადიო, მანიშნა, შემდეგ კი ისევ ქილას შემოეხვია. ფეხი მიწაზე დავდგი თუ არა მაშინვე საშინელმა პანიკამ ამიტანა და სირბილი დავიწყე, გიჟივით მივრბოდი და უკან არ ვიხედებოდი. მეშინოდა, მეგონა, რომ ქანდაკებები მომდევდნენ ან ისევ მაცოცდებოდნენ კიდურები სხეულზე. მალე დერეფანიც დამთავრდა და ზევით ასასვლელი კიბე გამოჩნდა, შემდეგ კი სარდაფის სახურავი და საბოლოოდ ჩემ ზევით არსებულმა ღრუბლიანმა ცამ თვალები მომჭრა. ამოვედი, კარი საგულდაგულოდ დავკეტე და ცოტა ხნით იქვე ჩამოვჯექი, ცალი ყური მაინც სარდაფისკენ მქონდა და გული გამალებით მიცემდა. წვიმა აშკარად არ აპირებდა გადაღებას, მაგრამ ამჯერად ნესტი და სიცივე ჩემ წისქვილზე ასხამდა წყალს და მაფხიზლებდა. ჩემ წინ არსებული სივრცემაც ნელ-ნელა დამამშვიდა და მივხვდი რომ ყველაზე რთული უკვე უკან მოვიტოვე და ასე ერთიანად სველი, შედარებით მშვიდი ნაბიჯითა და ბარბაცით გავუყევი ტალახიან, გაშლილ მინდორს. ამის შემდეგ ყველაფერი ბუნდოვანი გახდა-არ მახსოვს როგორ გადავჭერი მინდორი, როგორ გადავიარე დაბურული ტყე ან რანაირად ავირჩიე მაინდამაინც ქალაქისკენ მიმავალი პატარა, ნისლში ჩაფლული საცალფეხო ბილიკი. ერთადერთი, რაც ცხადად მახსოვს ეს ტირილის ხმაა, რომელიც მთელი გზა უკან მომყვებოდა და არც მაშინ მიმატოვა, როცა ხალხით სავსე და მანქანების ხმით დამძიმებულ ქალაქში შევედი. გარშემო ვიყურებოდი, სახეები ერთმანეთში მერეოდნენ და მინდოდა რომ ამ ადამიანებს დავხმარებოდი, მეჩვენებინა მათთვის სწორი გზა და ისიც, თუ რამდენი რამე იმალებოდა იმ სამყაროს უკან, რომელსაც ასე სასოწარკვეთილად ებღაუჭებოდნენ. მაგრამ ამავდროულად ვიგრძენი როგორ ძლიერ მძულდნენ ისინი, სწორედ თავიანთი უმეცრების გამო, იმის გამო რომ ცხოვრებას დანებდნენ და უკვე აღარაფერი აინტერსებდათ, გარდა მზის ამოსვლისა და განრიგისამებრ კიდევ ერთი ცარიელი დღის გადაგორებისა. მაღაზიაში შევედი და სასმელი ვიყიდე, ახლაღა გავაცნობიერე, რომ ორი დღე არაფერი დამილევია და გამეცინა. ლუდის შხეფებს წვიმის წვეთები შეერია და სასიამოვნო სიგრილემ ხელიდან ჯერ კისერში გადაინაცვლა, შემდეგ კი მუცლისკენ დაიძრა. კიდევ ერთხელ გამეცინა და მთავარ ქუჩაზე დადგმულ რუკას ყურადღებით დავაცქერდი.  რკინიგზის სადგური მალევე ვიპოვე და მისკენ დავიძარი, ცარიელი ქილა კი ნაცნობ ურნაში მოვისროლე. მეტალი რაკუნით ჩაეშვა სანაგვეში, მე კი საშინელი სევდა და სიმძიმე ვიგრძენი, არადა წესით ბედნიერი უნდა ვყოფილიყავი, მე ჰომ იმას მივაგენი რასაც მთელი ეს დრო ვეძებდი. სადგურისკენ მივდიოდი და ვფიქრობდი, ბოლო დღეებმა როგორ გამომაცალა ენერგია, არადა ისიც გამახსენდა როგორი შემართებითა და ენთუზიაზმით მოვდიოდი ამ ქალაქში, რომელმაც სამ სრულ დღეში მოახერხა ჩემი განადგურება. მატარებელში ასვლამდე საპირფარეშოში შევედი და სარკეში ჩავიხედე-საშინლად გადაღლილი სახე მქონდა, ჩამუქებული ნაოჭებითა და ჩაცვენილი თვალებით. კანიც აქა-იქ გამლურჯებოდა, მაგრამ ყველაზე თავზარდამცემი მაინც ჩემივე ცარიელი გამოხედვა იყო, რომელიც აშკარად მაჩვენებდა, რომ რაღაც ისეთი დავკარგე, რასაც უკან ვეღარასდროს დავიბრუნებდი. ზუსტად თავადაც არ ვიცოდი ეს რა იყო, მაგრამ არც ანალიზის თავი მქონდა, ამიტომ უბრალოდ კუთვნილი ადგილი დავიკავე, ჯიბიდან მთლიანად დასველებული უბის წიგნაკი ამოვიღე და წერას შევუდექი. ვწერდი ყველაფერს რაც თავს გადამხდა, ვცდილობდი მაქსიმალურად რეალისტურად და დეტალურად აღმეწერა გარემო და გრძნობები, ასევე ის ადამიანები ვისთანაც ურთიერთობა მომიწია. ამასობაში მატარებელიც აგუგუნდა და ბოლოჯერ გავხედე წვიმიან ქუჩას. მშვდიდად წვიმდა და ცა ისევ ნაცრისფერი იყო, მოსაცდელში კი ჩემდა გასაოცრად ტაქსის მძღოლი დავლანდე. მომღიმარი სახით ეულად იდგა და მეგობრულად, მონდომებით მიქნევდა ხელს დასამშვიდობებლად. ამის შემხედვარეს მეც სევდიანად გამეღიმა, თითქოს რაღაც აუხსნელი სიახლოვე ჩამომიყალიბდა ამ ადგილთან და წამით ისიც კი ვინანე, წასვლის წინ კაფეში შევლა რომ დამავიწყდა და მიმტანთან კიდევ ერთხელ საუბრის შანსი გავუშვი ხელიდან. უცებ ძლიერი ღრჭიალის ხმა გავიგე და შევხტი, ფეთიანივით მიმოვიხედე და ცივმა ოფლმა დამასხა. შემდეგ კი მივხვდი რომ უბრალოდ მატარებელი დაიძრა და დავმშვიდდი, გამეცინა, დაძაბულობისგან გაშეშებული თითები მოვადუნე და ფანჯარაში გავიხედე. ვიწრო, ყავისფერი ვაგონი მძიმედ ირწეოდა და მეც ძილმა დამრია ხელი. მახსოვს, ჯერ მზერა გამიშტერდა უცნაურად, დამძიმებული ქუთუთოებიდან კი დავინახე, რომ ქალაქი ნელ-ნელა უარესად განაცრისფრდა, სახლებიც უფრო ფერმკრთალი და უფრომო გახდა, საბოლოოდ კი ყველაფერი ნისლის სქელმა ღრუბელმა შთანთქა.

საშინელმა სიცხემ გამომაღვიძა, ერთიანად გაოფლილი ვიყავი და მზე პირდაპირ მაჭერდა. სკამზე შევიშმუშნე, გაცხელებული ლაქის მკვეთრი სუნი ვიგრძენი და წამოვიწიე. სინათლის გამო მოჭუტული თვალებით ხელებში ჩაბღუჯული უბის წიგნაკი დავლანდე, შემდეგ კი მაგიდაზე დადგმული ჩაი. თავიდან ვერ მივხვდი რა ხდებოდა, მაგრამ რამდენიმე წამში ტვინმა ყველაფერი სწორად დაალაგა. გავიმართე, გავიზმორე და ფილტვებში მშრალი, ცხელი ჰაერი ჩავუშვი. გადაჩვეულს ხველება ამივარდა, რამაც ერთიანად გამამხიარულა, ისიც კი გავიფიქრე რამდენი ხანია მზის დანახვა ასე არ გამხარებია-მეთქი და  თავი ფანჯარას მივადე. წვიმა უკვე ნახევრადუდაბნოს ლანდშაფტს შეეცვალა, სადღაც შორს კი მეგაპოლისის მაღალი შენობები იკვეთებოდა. დავიხარე და ცოტა ჩაი მოვსვი, მერე კი ჩემივე ნაწერს გადავხედე და გამეღიმა-ნაკლებად სარწმუნო იყო რომ ასეთ გაურკვეველ სტატიას დამიბეჭდავდნენ, მითუმეტეს თავადაც მიჭირდა მისი რეალურობის დაჯერება. უბის წიგნაკი მაგიდაზე მოვსროლე, სკამზე გადავწექი და მომავალ სამსახურზე დავიწყე ფიქრი. ორი აზრი არ იყო, რედაქციიდან უნდა წამოვსულიყავი, ისეც ძალიან გადაღლილი ვიყავი უაზრო განცხადებების წერითა და ჩემი იდიოტი უფროსით, რომელმაც გაზეთი დიდ კომერციულ მანქანად აქცია. ბოლო წლებში ისეც სულ ხუთი საავტორო სტატია დამიბეჭდეს, რომელთა წაკითხვის შემდეგ ლამის თავად ამერია გული, სამაგიეროდ ის ნომრები სრული ანშლაგით გაიყიდა. ალბათ, სწორედ მათ გამო არ მაგდებდნენ სამსახურიდან და ჩემგან კიდევ ელოდნენ რამდენიმე გამონათებას, სანამ სხვა ადამიანებივით სანაგვეზე მომისვრიდნენ. უცნაურია, მაგრამ სამსახურის დაკარგვის არ მეშინოდა, როგორმე გამოვნახავდი რამეს, აქამდეც რქებით გავიტანე ცხოვრების უდიდესი ნაწილი, მაგრამ არც ბედზე მიწუწუნია ბევრი და არც იმედგაცრუებებზე. რეალურად საკმაოდ რთულად ასატან ადამიანად ჩამოვყალიბდი, რომელსაც მუდამ აჯაჯულად ეცვა, თავში კი მუდმივ ქაოსს დაესადგურებინა და მთელი ცხოვრება რაღაცას დაუღალავად ეძებდა, რაიმე საინტერესოს. მუდამ ვცდილობდი, რომ ჩემი სიმართლე დამემტკიცებინა და სიჯიუტის გამო ბევრი ადამიანიც გადავიმტერე, მაგრამ საბოლოოდ ეს შეუპოვრობა ამართლებდა და აგდებულ დამოკიდებულებას ნელ-ნელა ჩემდამი ინტერესი, შემდგომ კი პატივისცემა ცვლიდა. ძალიან მინდოდა მეთქვა ან ჩემი თავისთვისაც დამეჯერებინა, რომ არ მაინტერესებდა საზოგადოების დამოკიდებულება ჩემი პერსონისადმი, მაგრამ რეალურად ასე არასდროს ყოფილა. მთელი ბავშვობა მამაჩემს ვუყურებდი, რომელიც პატიოსნებისა და მორჩილების განსახიერება იყო, ჩუმი და სტაბილური საშუალო ფენის წარმომადგენელი, იდეალური მუშახელი და ოჯახის მოსიყვარულე მამაკაცი, რომელსაც უფხობის გამო ყველამ ზევიდან გადაუარა და ალბათ ამის გამო ყოველთვის პატივისცემისა და დიდებისთვის ვიბრძოდი, რათა უფლება მქონოდა პირველ რიგში თავად ჩამეთვალა საკუთარი თავი ადამიანად, შემდეგ კი სხვებისგანაც დამემსახურებინა ეს და ერთგვარი სტატუსი დამემკვირდებინა საზოგადოებაში. მინდოდა, რომ ცხოვრების ყოველი წამი მაქსიმალურად გამომეყენებინა და უკვალოდ არ გამქრალიყო ჩემი არსებობის კვალი,  დამემტკიცებინა, რომ ჩემი დაბადება არც შეცდომა იყო, არც უბრალოდ სიყვარულის ნაყოფი ან ჩვენში ასე მტკიცედ გამჯდარი, ჩვენივე მსგავსის წარმოშობის ინსტინქტის რაიმე სახის გამოვლინება. ჰოდა, ვიჯექი ასე, მთელი ტანით მზეს ვეფიცხებოდი და ჩემ წინ გადაშლილ, სრულიად ახალ და საინტერესო ცხოვრების ვარიანტებს განვიხილავდი. იქნებ სადმე კაფეში დამეწყო მუშაობა, თავისუფლად დროს კი მემოგზაურა, ან რომელიმე კომპანიის ბუღალტერი გავმხდარიყავი, ბავშვობაში ჰომ ძალიან მიყვარდა რიცხვები და მათემატიკა, შეიძლება მუსიკალური განათლებაც გამომეყენებინა და კლავიშებზე დაკვრა მეცადა რომელიმე ადგილობრივ ბარში. უცებ იმაზე დავფიქრდი, მუდმივი ხელმომჭირნეობის მიუხედავად, რამდენი რამის მოცემა შეძლეს ჩემმა მშობლებმა და ისევ გამეღიმა. მოკლედ, თავადაც ინტერესით ვკვდებოდი როგორ წარიმართებოდა ჩემი ცხოვრება მშობლიურ ქალაქში დაბრუნების შემდეგ და ვგრძნობდი, რომ ისევ ენერგიითა და ჟინით ვივსებოდი.  სკამზე წამოვიმართე და უკვე გაციებული ჩაი ერთ ყლუპად დავლიე, გამხიარულებულს საშინლად მაინტერესებდა, რა რეაქცია ექნებოდა ჩემს უფროსს, როცა სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილებას გავუმხელდი, შემდეგ კი მთელ ფურცლებს იატაკზე მიმოვფანტავდი და ამაყად გავიდოდი ოფისიდან. სულმოუთქმელად ველოდი ამ მომენტს, რომლისგანაც სულ რამდენიმე ათეული კილომეტრით ვიყავი დაშორებული. შევკრთი და უკან მივიხედე, ცაზე ღრბულის ნასახი არ იყო, წვიმის ქალაქი კი აღარსად ჩანდა. როგორც ჩანს დასვენებამ თავისი ქნა, სკამზე ავწრიალდი და ისევ შემომიტია ცნობისმოყვარეობამ, მე ჰომ მხოლოდ აისბერგის მხოლოდ ზედაპირის დანახვა მოვასწარი და იმაზე მეტი რამ დამრჩა გასარკვევი ვიდრე ჩასვლისას ვვარაუდობდი. დარჩენილი საიდუმლოება კი უფრო მეტად მიღვივებდა ინტერესს და გაუჩერებლად მიღრღნიდა ტვინს. თავიდან ვორჭოფობდი, მაგრამ ამჟამად უკვე ღრმად ვიყავი დარწმუნებული, რომ ოდესმე უკან დავბრუნდებოდი და ყველაფრის მიზეზს ჩავწვდებოდი. მაგრამ ჯერ არა, ჯერ ჩემ სახლამდე მისასვლელი თბილი და მზიანი გზა მელოდა.

 

 

 

ელფოსტაბეჭდვა