ოდისევსის სინდრომი
ოდისევსის სინდრომი
ოდისევსის სინდრომი
07 მაისი, 2019 წ.

კატერინა

ხუთი საათია, დილის ხუთი საათია, თითქოს თავში ზარები რეკდეს ისე მესმის ეს ხმა და ვდგები. და განა სულ ასე არ ხდება, რაც მახსენდება ამ ბოლოს. მეღვიძება ჩაქუჩნაცემივით, მერე ნელ-ნელა ფეხებს ვდგამ გაყინულ იატაკზე, (გაყინულზე იმიტომ, რომ ღამით გათბობას ვრთავ, ვინიცობაა და ორ-სამ ლარს ვზოგავთ.) და იმავე წამს, როგორც ჩემი დროის კომპიუტერულ თამაშში იყო, მარიო როცა მაღლა ხტებოდა, თვალისდახამხამებაში სოკო თავზე ეცემოდა, ასეთი სისწრაფით ჩემს თავს მეორე მე ესხმის და თავდასხმა საუკეთესო თავდაცვააო, აწ უკვე მერამდენედ, ამ გაცვეთილ  ილეთს იყენებს ჩემსავე წინააღმდეგ. ხანდახან, როცა მარტო ვარ, ან ისეთ ხალხში სადაც არავინ შეიმჩნევს, ამოვიღებ ხოლმე ამ ჩემს სათუთად გადანახულ სიგარეტის ღერს და გავაბოლებ, მაშინ აი, მარტო მაშინ ვფიქრობ ყველაფერზე და არაფერზე, და აი, მაშინ ვხედავ ერთზე მეტი რომ ვარ ამ ერთისთვისაც არასაკმარის, გამხდარ სხეულში. აბა, ორი ასეთი განსხვავებული ხასიათი და ერთი სხეული? ნუთუ ეგაა სასწაული, იყო კეთილიც და ბოროტიც, შეგეძლოს შეყვარებაც და სიძულვილიც და მაინც ერთი იყო. არ ვიცი, მაგრამ „მეორე მე“ სულ უფრო აქტიურდება და ხან რა აზრს მაწოდებს, ხან რას. ზოგჯერ ეჭვიანია, აი, ისეთი, საერთო ფეისბუკის გაკეთებას რომ ითხოვს, ზოგჯერ მიჯდება თავისთვის კუთხეში და არ მაწუხებს, მარტო ვხედავ, როგორ მოკალათებულა გონების შორეულ კუნჭულში და იცდის, თავის წილ ცხოვრებას უცდის ალბათ.

-         რამ გაგაღვიძა ამ დილაადრიან? - ეს ერთადერთი კითხვაა, რომელსაც ჩემი

საწოლის მეგობარი მისვამს აგერ უკვე მეშვიდე წელია. და ჩემი პასუხიც ისევ ისე ჟღერს, როგორც აქამდე.

-         არ მეძინება რაღაც, მშია, ეტყობა.

ვდგები, და ისევ უაზროდ ვიწყებ ბოდიალს, სანდროს დავხედავ, სძინავს, ანუ დრო მაქვს და მეტი რა მინდა, როგორც ერთი ჩემი დაქალი ამბობს ხოლმე - ფიქრებს ავუშლი აფრებს. წერით დავწერდი, მაგრამ კარგა ხანია, ანუ მას შემდეგ რაც გავთხოვდი, კალამს დავემშვიდობე, ჯერ იყო და ჩემს დედამთილს აწუხებდა კალმის კაკუნი და არეული ფურცლები მაგიდაზე, მერე კიდევ, სანდრო გაჩნდა და თავისთავად დრო აღარ დარჩა წერისთვის.

გაზაფხულის პირველი დღეებია, და უკვე ეპარება სითბო ეზოებს, მაგრამ ძნელია რამე გაარჩიო ჩემი სახლის გადმოსახედიდან, უკვე მერამდენე კორპუსს მიშენებენ თვალწინ, ყოველ ჯერზე თითქოს მჯერა, რომ ამჯერად, მაინც მოვა ვიღაც, და შეაჩერებს. ასე არ ხდება.

თუმცა, რა ამის პასუხი იყო, ისევ დილაა და აგერ ისევ შემომიტია ჩემმა მეორე მემ, თავისი ბუნაგიდან. ამ ორი დღის წინათ, როცა ბავშვის ჭირვეულობამ და „უფროსობის“ დაუმსახურებელმა კრიტიკამ შემაწუხა, ჩემს ერთადერთ გასართობს მივაშურე. ქეთი ახლოს ცხოვრობს, დიდი დიღმის მეოთხე მიკროში, ისიც ჩაბეტონებულ ერთოთახიანს აფარებს თავს, მაგრამ ერთი განსხვავებით, დღემდე სჯერა, რომ ხვალინდელი დღე აუცილებლად უკეთეს ცხოვრებას მოუტანს. ამიტომ ღირს ხანდახან შესეირნება.

ვზივართ ასე, ერთოთახიანში კუსტარულად გამოყოფილ სამზარეულოში, და ვისმენ ქეთის მეზობლის ბიძაშვილის ამბავს. თან ვფიქრობ, ღირს თუ არა გულახდილად საუბარი, ჩემს საუკეთესო მეგობართან, რომელიც აღარც კი ვიცი რატომაა საუკეთესო ან მეგობარი. ერთ დროს კი გვქონდა საერთო ინტერესები, მაგრამ დღეს ვუყურებდი და ამ წითელსპორტულებიანი ქალის უკან ვერაფრით დავინახე ის ცოდნამოწყურებული გოგო, რომელსაც ოდესღაც დიდი გეგმები და კარიერული საფეხურები ელანდებოდა ყველგან.

იქნებ მეც ასე ვარ? ჩემთვის გავიფიქრე და მესამე თვალით დავუწყე საკუთარ თავს ყურება. რაღაცით ქეთის წავაგავდი მეც, როცა უნივერსიტეტში ვაბარებდი, მჯეროდა, რომ კარგი ისტორიკოსი ყველას დასჭირდებოდა, თან მე არც სწავლა მეზარებოდა და მით უფრო კითხვა-ძრომიალი ძველ დოკუმენტებში. მაგრამ, როგორც ამბობენ, სულ სხვა გზა გადამეშალა. და ახლა ვზივარ, დიდი დიღმის მეოთხე მიკრორაიონში, მეშვიდე სართულის ერთოთახიან ბინაში და ვატრიალებ ჭიქას, მომავლის დანახვის იმედით. ვუთხრა თუ არა, ვფიქრობ, მაგრამ ქეთის მეტი არც არავინ მყავს, ვისაც გავუმხელ ჩემი მეორე მესგან მოწოდებულ აზრს - უნდა გავშორდე.

ჩემი სიყვარულის ისტორია თუ იწყება არც ვიცი რომელიმე კონკრეტულ დროს. 90-იანები იყო, რომ ყმაწვილქალობაში შევაბიჯე და თავმომწონედ ქუჩაში სიარულს მთხოვდა ორგანიზმი, მაგრამ სულ ტყუილად. ჩემს წინ ჩამოშლილ ქვეყანაში თავმომწონედ მარტო მხედრიონი დადიოდა და ისიც არა იარაღის გარეშე. თუ თავი ადგილზე გქონდა და დასაკარგად არ გემეტებოდა, რაც ნაკლებად გაყოფდი თავს თბილისის ქუჩებში, მით უფრო მეტი შანსი იყო დღის ბოლომდე ცოცხალს მიგეტანა. მითუმეტეს, თუ ახალგაზრდა და შესახედი გოგო იყავი, ერთი შემოხედვა თეთრი 07-დან და შენი ბედი გადაწყვეტილი იყო, დღის ბოლოს რომელიმე შავი ტყავის „კურტკიანი“ ბიჭის ცოლი გერქმეოდა და გადაბმულ ხის მაგიდაზე, დიდ „ზალაში“, სუფრაც გაიშლებოდა ცუდად შესრულებული მრავალჟამიერის ფონზე.

ჩემი ისტორიაც ასეთია მეთქი ვერ ვიტყოდი, მე რომ გავიცანი ზურა, ჯერ კიდევ 20 წლის ვიყავი, არც ის იყო ბევრად დიდი. ვერ ვიტყვი, დავინახე და იქ დაიწყო ახალი ცხოვრება, ან კიდევ ისე მოხდა,  როგორც არგენტინულ სერიალებში აჩვენებდნენ: ქუჩაში შეჯახებებით, ფურცლების აფრიალებით და თვალის თვალში გაყრით. ყველაფერი ჩვეულებრივზე ჩვეულებრივად იყო.

მემგონი, ახლა რომ ვფიქრდები, ჩვენი ცხოვრება ხშირად იმაზე რუტინულია, ვიდრე თავად ჩვენ წარმოგვიდგენია, ჩვენ სულ ვაგებთ ფერად კოშკებს, ვხატავთ ოცნებებს, მაგრამ სინამდვილეში ეს ზღაპრული მომენტები თავისთავად არასდროს დგება, უბრალოდ ჩვენ თვითონ ვანიჭებთ რომელიმე ამორჩეულ მონაკვეთს ზღაპრულობას, ვაჯერებთ ჩვენსავე გონებას, რომ რაღაც სასწაულის მომსწრენი გავხდით. და გაფუჭებული ფირივით ვატრიალებთ ამ ჩაბეჭდილ ფიქრს გონებაში. ეს არის და ეს, ბედნიერი წუთის ფილოსოფია, მაგრამ რამდენადაც ხშირად შევქმნით ასეთ ბედნიერ წუთს, ჩვენთვისვე უკეთესია. ეტყობა ასეა ადამიანის გონება მოწყობილი.

იმას ვამბობდი, რომ ზურასთან ყველაფერი მარტივად დაიწყო. იმ დროს გაპარვა ძალიან მოდაში იყო. ხუთი თვის თავზე ჩვენი შეხვედრებიდან ორივენი მივხვდით, რომ მოგვეწყინა ვერის ბაღში ჯდომა, მოხვეული გაზეთის „კულოკიდან“ მზესუმზირის ფრცქვნა და ჩვენი არშემდგარი სახელმწიფოს მომავალზე მსჯელობა, მით უმეტეს, რომ ჩემი თანამოსაუბრე დიდ ინტერესს არ იჩენდა პოლიტიკისადმი. დიდად არც რამე სხვა გასართობი იყო იმხანად თბილისში, რომ გვეცადა. ბნელი წლები, როგორც მერე 90-იანებს იხსენებდნენ, ბნელი 90-იანები იდგა და ჯერ კიდევ დეტალებში იგრძნობოდა. არ ვიცი, რამ გადამაწყვეტინა, ასე უცებ გავყოლოდი ნახევრად უცნობ კაცს და შემეცვალა ჩემი ცხოვრება. ალბათ, ეს ის ერთ წუთია, რომელიც შემდეგ მთლიანად გიცვლის ცხოვრებას, ეს ის ერთი წუთია, რომლის დროსაც ან ახერხებ და ფიქრობ ჯანსაღად, ან კიდევ, გაბრუებული ხარ სხვადასხვა საფიქრალით, იმ სიტყვებით შენი მისამართით რომ კამარა შეუკრავთ და აღარ გაძლევენ სუნთქვის საშუალებას. თან ისიც უნდა ითქვას, დრო იყო ასეთი, ყველას აზრზე ცალ-ცალკე უნდა გეფიქრა, როგორც ბებიაჩემი ამბობდა „არ იყო ლამაზი „წლობით“ სეირნობა პარკებში და დამშვიდობებები სახლის ზღურბლთან“. გეუბნებოდნენ და შენც გჯეროდა ყველასი ცალ-ცალკე და ერთად.

როცა 20 წლის ხარ და თან არშემდგარ ქვეყანაში ცხოვრობ, სადაც ქუჩაში ტყვია არ გიკვირს და სახლში უპურობა, ერთადერთი გასართობი სიყვარულის ისტორიაა, თუ არსებობს ხომ კარგი. თუ არ არის ისეთი, როგორიც გინდა, - გადააკეთებ და, თუ საერთოდ არ არსებობს - შეთხზავ კიდევაც. ასე გაჩნდა ისტორიები თბილისურ სიყვარულებზე, ზოგი ნაღდი და ზოგიც ვინ იცის... მეც ასე შევკარი დეტალები, დავიჭირე დაუჭერელი ქცევები და დავიჯერე, რომ სწორედ ამას ველოდებოდი. ალბათ ეს იყო იმ ერთ წუთში ჩატეული, რამაც გაპარვა გადამაწყვეტინა. ამის შემდეგ ყველაფერი ძალიან მარტივად მოხდა, ისე როგორც დარღვეული პერანგი, ჩემს წინ დაიშალა ძველი ცხოვრება, მაგრამ ახლის იმავე სისწრაფით მოქსოვა ადვილი არ აღმოჩნდა. იყო ნათელი დღეებიც ალბათ ამ შვიდ წელში, მაგრამ უფრო მეტი სიბნელე და სიცარიელე. ყველაზე მეტად საუბარი მენატრებოდა, ნამდვილი, ღრმა და ცხოვრებაზე დამაფიქრებელი. ის კი არ ჩანდა..

-         ეკა, არ მისმენ? - უცებ დამაბრუნა ქეთის ხმამ აწმყოში, ვიჯექი ყალბი მადონას

სერვიზის ჭიქით ხელში და ფიქრისგან უკვე ათასჯერ მოჭმუჭნული კოწახურის კანფეტის ქაღალდს მერამდენედ ვკეცავდი.

ვუთხრა თუ არ ვუთხრა? ეს იყო ჩემი ერთადერთი საფიქრალი. ქეთის ვენდობოდი, არავისთან იტყოდა. მაგრამ ეს საკმარისია მეგობრობისთვის? ის კი არ მინდოდა, დამეჯერებინა, რომ არ გამთქვამდა, მინდოდა დამესვა და გულწრფელად მომეყოლა, ჯერ კიდევ მაშინ, 6 თვის ორსულს მარტოს როგორ მომიწია ახალი ოთახის გარემონტება საკუთარი ხელებით, როგორ ვცდილობდი ძველი მდგმურების კვალის წაშლას. თვითონ კი ეცალა, უბრალოდ ძმაკაცს, როგორც თვითონ ამბობდა, „ვერ უტეხავდა“ და ასე იდგა დილიდან საღამომდე სკოლის წინ და არარსებულ „ბირჟის“ ინსტიტუტს საფუძველს უმაგრებდა. ეს არის ერთი ისტორია და ასეთი იყო ათასი.

ხანდახან ისე შემძულდებოდა, თავისი რაღაცნაირი უთქმელი ხასიათით, რომ უნდა გამომეცნო, რა გაუხარდებოდა და რა ეწყინებოდა. თვითონ თქმაც არ შეეძლო პირდაპირ და ვაჟკაცურად, ამიტომ,  ხან ვის მიგზავნიდა და ხან ვის, გვიან მივხვდი, ყველანი ამის დარიგებულები რომ იყვნენ. ამ ბოლო წლებში კი დასჩემდა, უაზროდ სმა უბნის ძმაკაცებთან, მერე ასე გალეწილი ყველა კიბეს მეზობლების მოკითხვით რომ ამოივლის, ჩემი ჯერიც დგება. ასეთ მომენტში ორივე დანაშაულია, თუ რამეს იტყვი - შეუძლია იმაზე აგიშარდეს, არ იტყვი და ესე იგი, არ უსმენ და ესეც საკმარისი მიზეზია. ჩემს დედამთილს ამ დროს მარტო ერთი სიტყვა აწერია შუბლზე „მოითმინე“. თითქოს ეს ღვთის განჩინება იყოს, რომლის იქითაც არაფერი მოჩანს, და რაც არ უნდა ეცადო, ამ ორმოდან ვერ ამოხვალ. მაგრამ, როგორც ვამბობდი, ჩემი მეორე მე, გააქტიურდა, ხან რას იგონებს და ხან რას, ვერც ვიშორებ და ვერც ბოლომდე ვეთანხმები. ხანდახან ჩემს თავს მაგონებს, წლების წინათ რომ ვიყავი ისეთს, იმ ძველი ოცნებებით სავსეს. იქნებ და მართლაც ისევ ისაა, აღსდგა ფენიქსივით და ახლა სხვა გზით უნდა ჩემი წაყვანა? არ ვიცი, მაგრამ ჯერ ბურუსია და ბურუსის მიღმა არც თუ ნათელი მომავალი.

ისევ ჩავფიქრდი და ქეთიმ აღარ გამომაფხიზლა, აზრზე რომ მოვედი, უკვე საუთოო მაგიდასთან იდგა და რაღაცას საგულდაგულოდ კეცავდა. შევხედე და გავიფიქრე, ვერასდროს წარმოვიდგენდი ამ კატის ტოლა სახლში საუთოო მაგიდა თუ დაეტეოდა- მეთქი, მაგრამ მაგას ხომ არ ვიტყოდი და ისევ გაჩუმება ვარჩიე...

მაინც სხვას ვის უნდა ვუთხრა ეს ამბავი, ჩემები ვერ გაიგებდნენ, ზუსტად ვიცოდი, „ხალხი რას იტყვის“ ჯერ ისევ ძლიერად დადიოდა თბილისის ქუჩებში და დასუსტებულ დედებს თუ ქალებს სიცოცხლეს უმძიმებდა. თან, კაცმა რომ თქვას არც ჩემებს ულხინდათ. მამაჩემი ჯერ კიდევ 92-ში დაეცა ჩვენი ღობის ძირას, სოხუმში, იმ იმედით რომ ჩვენ გადავურჩებოდით მოწეულ უბედურებას. მაშინ სკოლის მოსწავლე ვიყავი, შავი, მართკუთხა ჩანთები იყო მოდაში. წინა მხარეს, მარჯვენა კუთხეში გამომშვიდობების წინ ცარცით მიმიწერა: „სანამ ცოცხალი ხარ, თავისუფლებისთვის იბრძოლეო“. მერე ის ჩანთა თვალსა და ხელს შუა გაქრა, იმ წუთში მომენტით დაზაფრულებს არ გაგვხსენებია და დღემდე ასე მოვედით. მარტო მოგონება და მამისეული ანდერძი სამუდამოდ აღიბეჭდა ჩემს გონებაში. სხვა თუ არაფერი, ის კი ნამდვილად ვიცოდი, მამაჩემი ცოცხალი რომ ყოფილიყო, ჩემს თავისუფლებას ბოლომდე დაიცავდა.

სოხუმის შემდეგაც არ იყო ადვილი, თითქოს რაღაც დრო გავიდა, დავმშვიდდით, გავიაზრეთ რაც მოხდა. მაგრამ სინამდვილეში, ყველაფერი უფრო რთულადაა, ვიდრე ერთი შეხედვით ცისფერი ეკრანებიდან ჩანს, როცა აჩვენებენ კადრებს უსახლკარო თუ უმუშევარი დევნილების შესახებ. სანამ თავად არ გამოსცდი იმ ტკივილს, ვერც გრძნობ და ვერც ვინმეს ავალდებულებ, გინდა თუ არა იგივე გოლგოთა შენც გამოიარეო. ამიტომ, ხან ამრეზით, ხან კიდევ მოწყენილობის შეძახილით ცვლიან პროგრამას ათასობით ოჯახებში, და მშვიდად აგრძელებენ თავიანთ საქმეს, იქამდე სანამ საკუთარ კარს არ მიადგება იგივე გასაჭირი. რაც გინდა ის დაარქვით და მგონი რომ საერო პრობლემაა, ჭირში გამაგრება და ლხინში მოძულება. ბოლოს ყველა მეზობელს სწყინდება შენი გლოვის გაზიარება და როგორც სხვა ყველა დანარჩენ ცხოვრებისეულ გამოცდასთან, აქაც მარტო რჩები სრულიად, მიკერებული საზოგადო იარლიყით. ასეა თუ ისე, წარსულს არ ვედევნები, არც ილუზიურ ისტორიას ვქმნი და არც ფაქტებს ვცვლი. ჩემი გადმოსახედიდან ვაგრძელებ ოცნებას.

დავუშვათ, გავბედე და წამოვედი, წასავლელი არსად მაქვს და მემგონი  იმ ზღაპრის გმირს ვგავარ, ერთი ქილით მთელი ცხოვრება რომ აიწყო და სანამ ზღაპარი დასრულდა, ის ერბოც დაკარგა. არ არის ადვილი, მაგრამ უნდა მეცადა უკეთესის იმედით.

ეს გავიფიქრე და ნაცნობი ხმაური მომესმა ჩემი ერთოთახიანის მეორე ბოლოდან. როგორც ყველა დედამ, მეც უკვე ზეპირად ვიცოდი როგორ იღვიძებდა ჩემი შვილი. ფიქრის საათი დამთავრებული იყო, იქნებ ახალი იდეა მეორე მეს მოეწოდებინა თუ ახლა არა, უახლოეს მომავალში მაინც.

ზურა

როგორც კი ავდგები ეგრევე დავურეკავ მერაბას, მაგან კაი ამბები იცის და თან, თავის ცოლის დაბადების დღეა, ერთ სუფრას კი ვაკისრებინებთ ბიჭები. ხო, ეგრე უნდა ვქნა, თორემ ამათ თუ ვუყურე, ამომხდება სული.

რაღაცნაირი ქალია ეს ეკა, ამდენი წელია და ვერ დავუმუღამე, რა უნდა. ჯერ არ გათენებულა და ძილს გაგიფრთხობს, დაიწყებს დილიდან ბორიალს ოთახში. (საბორიალო ადგილი მაინც იყოს?!) ან გეგონება ამანაც სუფრა უნდა გამიწყოს. რაც თავი მახსოვს ან ფიქრობს, ან წიგნებში იქექება ან კიდევ, დროს ეძებს რომ თავის ქეთისთან გაიქცეს. ახლა რომ ვუფიქრდები, სულ სხვა იყო თავიდან და სულ სხვა შემრჩა ხელში. ვფიქრობდი, უმამოდ გაზრდილი გოგოა, კარგი ცხოვრება ამას არ უნახავს და უკმაყოფილო რითი უნდა იყოს მეთქი, სახლი არ მაქვს და არ ვმუშაობ, მარა განა მარტო მე ვარ? გაიხედოს ერთი, ან იმ თავის დაქალების ქმრებს შეხედოს, მე მაინც წამალზე არ ვზივარ. თან კიდევ, დღეს რო არ ვმუშაობ ჩემი ბრალია რო? ამისთანა ქვეყანაში რომ ვცხოვრობთ ე, მანდაა ძაღლის თავი დამარხული. არა, იმ დღეს, გეგეშამ, ჩემი სკოლის ძმაკაცმა, კი მითხრა სამსახურის პონტიაო, სადღაც ძველ თბილისში, მაღაზიაშიო. მარა, მართლა ახლა გამყიდველი ხო არ ვიქნები ამხელა კაცი? ეგრე რა გამჭირვებია. გააგებინებ რამეს რო?

 

ქეთი

ამ ოჯახში ხო ვერ ისწავლეს ტელევიზორის დაბალ ხმაზე მოსმენა და ფეხაკრეფით სიარული, როცა ბავშვებს სძინავთ - ზუსტად ამ განწყობაზე ვიყავი ეკამ რომ დამირეკა, მიდი ბავშვებს ჩააცვი და  ცოტა გავიაროთო. ლაპარაკი არ მქონდა დამთავრებული, ორივემ ერთად თვალები რომ გაახილეს, გეგონება მე კი არა, პირდაპირ ამათ დაურეკა ეკამ. ჭურჭელიც გასარეცხი დავტოვე, ბარემ საღამოს დაველოდები და წყალსაც ზედმეტად არ დავხარჯავ მეთქი, გავიფიქრე, ჩავაცვი ორივეს და რადგან, როგორც ყოველთვის, ლიფტი არ მუშაობდა, ფეხით ნელ-ნელა ჩამოვუყევით კიბეს.

ნეტა ახლა რა სადარდებელი გასჩენია ამ ჩემს დაქალს- მეთქი, ვფიქრობდი. ზოგადად, სულ ასე იცოდა, რაღაცაზე ჩაფიქრება, ისეთი რომ ბოლომდე თუ არ გავიდოდა, ვერ მოისვენებდა. ჯერ კიდევ სოხუმში, მეექვსე კლასში რომ ვიყავით, ამოიჩემა, მემგონი ნაშვილები ვარო და დაიწყო სახლში ძველისძველი რვეულების ქექვა. მერე აღარ უთქვამს, რა და როგორ, მაგრამ ერთ ორშაბათს, სახედამშვიდებული მოვიდა, პირზე ღიმილით, ეგრევე მივხვდი ის იპოვა, რასაც ეძებდა. მერე, არც თვითონ უთქვამს და მეც ხო აღარ ჩავეკითხე, ზოგადად, ასე იცოდა, დეტალებს არ მოგიყვებოდა. იცოდა რა, ახლაც ასეა. მე რომ დავიწყებ ზოგჯერ უთქმელსაც ვამბობ, იქით ჩემს მულს და რძალსაც გადავწვდები ხოლმე, მაგრამ მაგან არა, იმიტომ კი არა რომ ყველაფერი რიგზე აქვს. ზურასნაირ ქმართან ყველაფერი რიგზე როგორ ექნება?! ან გეგონება არ ვიცოდე, კვირაობით მარტო როგორ დაათრევს კარტოფილით სავსე ტომრებს წინ და უკან, და ის ბედოვლათი არც კი ფიქრობს მიხმარებას. მე კი ვიცი, მაგრამ თვითონ ერთს არ იტყვის საყვედურად.

არადა, რომ დაფიქრდე, ჯობია იქვე თქვა და დაამთავრო, ვიდრე აგროვო ძაფის გორგალივით, მანამ სანამ სუნთქვა არ გაგიძნელდება. ახლაც, მგონია რომ ახალი რაღაც ჩაიფიქრა,  და ჯერ ფიქრის ბოლოში არ გასულა. ჩემთანაც როა, უცებ გაშტერდება, ჩაფიქრდება და გეგონება მეორე სამყაროშია გადასულიო, ისე გიყურებს. არ ვიცი, არ  ვიცი, კარგის ფიქრში კი არ უნდა იყოს და...

 

კატერინა

90-იანები აღარაა, გარეთაც თავისუფლად დადიხარ და აქა-იქ რომელიმე შენობაც მოგჭრის თვალს. იმ დღეს უნივერსიტეტი მომენატრა და რაღაცნაირად მომინდა შესვლა. ხოდა შევიარე. გარეთ ხომ თეთრია და სპეტაკი, შედიხარ შიგნით და გეგონება ძველ საავადმყოფოში ამოყავი თავი, ძველი ექიმებით, დავირუსებულ პალატაში დააბიჯებ. არ მესიამოვნა და ისევ ეზოდან ყურება ვამჯობინე. რამდენია ალბათ ჩემნაირი, ფასადით ტკბება და შიგნით რაც არის, იმას თვალს არიდებს. იქნებ არასწორია, მაგრამ ამ წუთში ყველაზე ნაკლებად მე შემეძლო რამის გაკეთება. თან სახლშიც მიგვიანდებოდა.

უკვე უბნის შემოჟამულ მარკეტს რომ გამოვცდი, გამახსენდა ქეთი არ მენახა აგერ მესამე კვირა იყო, ავირბინე, გადავურეკე, მზიანი დღეა და ბავშობა გავიხსენოთ-მეთქი. ეს კი მიყვარდა ქეთისი, უარს არაფერზე გეტყოდა, ოღონდ შენ გეთქვა აქ და აქ მოდიო და წამებში შენთან გაჩნდებოდა. მერე ლაპარაკიც არ გჭირდება, სულ გაუთავებლად შეუძლია ახალი და ახალი თემის გამონახვა. ერთი სიტყვით, კარგი მოსაუბრე იყო ეს ჩემი ქეთი.

ჰოდა, ზუსტადაც რომ ჩემს მეორე მესაც გამოუძებნა საქმე, თითქმის ჩემს ფიქრებში უნდა გადავსულიყავი, რომ მეორე მემ შემაჯანჯღარა შიგნიდან და ჩემდა უნებურად, ქეთის ლაპარაკში სამად სამი წინადადება გამომარჩევინა: „გოგო, ჩვენი დაქალი რომ იყო ნონა, ხომ გახსოვს? შემცირებაში მოყოლილა, ეტყობა ოჯახშიც არ აქვს დალაგებული საქმე. თურმე, საბერძნეთში მიდის სამუშაოდ“. თითქოს ცა გაიხსნა ან მიწა გაიპო და თვალწინ ახალი ცხოვრება გადამიშალა. აი, რას ვეძებდი. აი, რა იყო ის, რისი მოფიქრებაც აქამდე ვერ შევძელი. უნდა წავიდე, მეც უნდა წავიდე, მარტო ასე თუ დავაღწევ თავს სიღარიბეს და მოძალადე ქმარს. მერე სანდროც ამოისუნთქებს, სულ ფერად-ფერადი ტანსაცმელი ეცმევა, მეც აღარ მომიწევს აუტანელი ტყუილების მოფიქრება, თოვლის ბაბუის საჩუქრების დაგვიანების ან სულაც არმოტანის გამო. აქამდე როგორ ვერ მოვიფიქრე?

 

ქეთი

ნასკვი გავხსენი, ისე როგორც ერთ დროს ალექსანდრე მაკედონელმა, გორდიასის მახვილით. ყოველ შემთხვევაში სკოლაში ასე გვასწავლიდნენ და ჩვენც გვჯეროდა. მაგრამ მგონი რომ ისტორია უფრო ღრმა არის, ვიდრე მერვე კლასის წიგნში დაწერილი, საინტერესოდ მოთხრობილი ამბავი. როგორც ცხოვრება, ისტორიაც შერჩევითია და არავინ იცის, რომელ მონაკვეთს ამოარჩევს და სადიდებელს ან საწყევარს გაუხდის შემდეგ თაობებს.

აი, თუნდაც ეს გორდიასის მახვილი და ალექსანდრე, ერთ დღეს რომელიღაც ისტორიკოსმა, რომელსაც საწერი გამოელია, გადაწყვიტა, რომ დაეწერა დიდებული ამბავი იმპერატორზე, აღმოსავლეთის და დასავლეთის მბრძანებელზე, თან ეტყობა მითების მოყვარულიც იყო ეს ჩვენი მწერალი. მშვენიერი ისტორია კი გამოუვიდა, ვერაფერს იტყვი. ის იყო და ის, აგერ 21-ე საუკუნის პირველ წლებშიც ვიმეორებთ ამ ამბავს და ვაქებთ დამპყრობელს.

უნდა ითქვას, რომ ჩემი ნასკვი არც ისეთი დიდი და ძნელად გასახსნელი იყო, როგორც მაკედონელის, ამიტომ საქართველოს ისტორიაც ვერ შემოინახავდა, მაქსიმუმ, ჩემი დღიურის ფურცლები, (რომელიც ბუნებაში არ არსებობს, რადგან არ ვწერ) და მინიმუმ ჩემი გონება, სადამდეც გასწვდებოდა ძალა. ასე იყო თუ ისე, ეკას საქმე გავხსენი. გავხსენი კი არა, კარგად რომ დავფიქრდი მგონი რომ მე თვითონ ვუბიძგე კიდევაც.

დამეთანხმებით, ხანდახან ხარ ასე შენთვის, ფიქრობ მიწერო თუ არ მიწერო, ნახო თუ არ ნახო, დაურეკო თუ არ დაურეკო, იყიდო თუ არ იყიდო, და ამ დროს, სულ სხვა ჟანრში და სხვა აზრით, ვიღაცა მოყვება ამბავს და თითქოს გაგრძნობინებს რომ ზოგჯერ დარეკვა, მიწერა, ნახვა თუ ყიდვა სჯობს, საპირისპირო ქცევას. ჰოდა, შენც სრულიად გულდამშვიდებული შენთვის ასკვნი, მე რომ აზრი მეკითხა, დამეთანხმებოდა ასე და ასე გააკეთეო და შენც უფრო მეტი გამბედაობით იმეორებ გონების კუნჭულში, ქვეცნობიერში, ამ მომენტამდე, ასჯერ მაინც გადაწყვეტილ საქმეს.

ეკასაც ასე დაემართა, ჯერ იყო და ნონა ვახსენე, მერე საბერძნეთი და ნონას გეგმები, ერთ ადგილას ვეღარ გავაჩერე ისეთი აღტაცებით მომაყოლა მესამედ ეს ამბავი. თან გაგიჟებულივით იმეორებდა, დაქალები ვართ, ასე არ  შეიძლება, ნონა უნდა ვნახოთო. რამ გააგიჟა ასე? მაგრამ ეგ მე რამეს გამომაპარებს? აგერ ნახე თუ თვითონაც არ მოუნდეს საბერძნეთი და კაი ცხოვრება. არა, მაინც რა არის ეს ქვეცნობიერი?!

 

მანანა

ეს ცხოვრებაა? ჩემს თავს წავასწარი, დღეს უკვე მესამედ გავიმეორე ეს ფრაზა. ცხოვრება ის იყო, მე რომელშიც გავიზარდე, თორემ დღეს, დღეს წახდა ყველაფერი. ოცი წლის რომ გავხდი, მაშინ ცხონებული მამაჩემი რაიკომის მდივანი იყო, ჯერ ისევ სოფელში ვცხოვრობდით, დიდი ეზო გვქონდა, შემოხვიდოდი თუ არა, ჩარიგებული ბლის ხეების რიგში უნდა გამოგევლო. ივნისში ერთ რამედ ღირდა ბლის კუნწულების ქვეშ გამოვლა. ისე ჩამოჰკიდებოდნენ ხის ტოტებს, გეგონება ვარსკვლავები არიან, ფერი უცვლიათ და დასატკბობად ახლოს ჩამოფრენილანო. ასე შორიდან ტკბობაც მოგიკლავდა წყურვილს. რომ შემოვიდოდა, ხომ მთელი უბნის ბავშვები იმ ხეებზე ვათენებდით. მეგობრობა და მეზობლობა მაშინ იყო თუ იყო. თორემ, ახლა?!

ჰო და, იმას ვყვებოდი, ჩემი დაბადების დღე იყო, სოფლის რჩეული ხალხი მოგვივიდა, დედაჩემი ტრიალებდა, იქით ფურნე ენთო, ჩვენებურ, მესხურ ფოდოლებს აცხობდა. თან ცალი ხელით დიდი კაკლის ქვეშ, სუფრას აწყობდა და თან ჩემ უმცროს და-ძმებს უყურებდა ცალი თვალით. აი, იმას უნდა ეთქვა ქალი ვარ და საქმე ვიციო. აბა, ახლა ერთი წამით ჩემი რძლისკენ გამოიხედეთ, ჯერ შეხედავ და ფერი არ ადევს სახეზე, ისეთ ფორმაშია, სულ რომ გული მიგდიოდეს, მოგერიდება უთხრა ესა და ეს გააკეთეო. მერე კიდევ, არიგებ, ლაპარაკობ და ბოლოს მაინც იმას აკეთებს რაც თვითონ უნდა. ჩვენ დროს ეგრე არ იყო, ოჯახში ყველას თავისი სიტყვა ეთქმოდა, და კი გვქონდა კარგი სახელიც და კარგი ცხოვრებაც. ნეტა იმ დროს... ახალგაზრდა ვიყავი...

კარგია ახალგაზრდობა, უმძიმეს ტვირთსაც ბუმბულად გიქცევს, იქნებ ზუსტად ეგ არის ახალგაზრდობა - ყველა შეგრძნების პირველ საფეხურზევე აღქმა, სიღრმეს მორგებული ფიქრებისგან თავის დაძვრენის დიდოსტატია ახალგაზრდობა, იმედების კამარას კრავს ყოველ დილით ცაზე, და წინ გიხსნის უძირო ჰორიზონტებს. ერთი დაგრჩენია, სანამ დრო გაქვს, სანამ წამი წამობს, დაიჭირო ახალგაზრდობა.

 

ნონა

ორი რამე მძულს ამ ქვეყნად: დილით ადრე გაღვიძება და მოულოდნელი სტუმარი სახლში. კვირა დღე იყო, დავალაგე სახლი, გავამზადე სადილი აქეთ-იქეთ და უცებ, თავზე ეს ჩემი ძველი დაქალები არ დამადგნენ? აი, ისეთი დაქალები, ერთი მერხი და საერთო პირველი სიყვარულის ისტორია რომ მაკავშირებს. რაღას ვიზამდი, გავიღიმე ჯოკონდას ღიმილით და ფართოდ გამოვაღე საერთო საცხოვრებლის კარები. ქეთი გასუქებული მომეჩვენა, მომეჩვენა რა, იყო.

შემოვიდნენ თუ არა უხერხულობის ის სიჩუმე ჩამოვარდა დიდი ხნის უნახავ ნაცნობებსა და მეგობრებს რომ სჩვევიათ. საერთოდ, ასე ხდება, გგონია იცნობ ადამიანს, თითქოს ყველანაირად იცი, მაგრამ მერე დრო შემოდის, დრო, რომელიც ადამიანზე აშკარად უფრო ძლიერია, თავის ხელებში ათამაშებს, სანამ დაღლილი, თვითონვე არ ნებდება. დრო, გაიყენებს თავის გზაზე ორიოდე ან თუნდაც ოთხიოდე წელს, მერე უცებ, შეხედავ ისევ ის ადამიანია, თითქოს ისევ ისეთივე წამი მაგრამ, აღარ ეწყობა აღარც ლაპარაკი და აღარც სიცილი. ნაძალადევ ნაცნობობას ჰგავს დროის გვირგვინით შემკობილი მეგობრობა. მაგრამ, ისიცაა, თვითონ მეგობრობაა ეტყობა სუსტი, დროს რომ ვერ უძლებს, ნაზი იასავით, გაზაფხულის ოდნავ სუსხიან დღეზეც რომ იჭმუჭნება და ფერს ჰკარგავს. საერთოდ, კი არის ეს მეგობრობა? თუ გარდასულ დღეთა შემორჩენილი ზმანებაა? ვინ იცის.. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, ერთი თუ დაიძლია ეს დროითი გაუცხოება, მერე, მერე ყველაფერი თავის კალაპოტში დგება. ისე როგორც სკოლის მერხზე სხდომისას.

ხომ არაფერი მაგრამ, ჩემივე თავის მე გამიკვირდა, რამდენი ხანი გავიდა მას აქეთ რაც ასე ჩავუღრმავდი რომელიმე საკითხს? ძალიან, ძალიან დიდი ხანი. არადა, რა კარგ თემებს ვწერდი ქართულში, ლუბა მასწავლებელი დაფის წინ გამომიყვანდა, და ხმამაღლა მთელი კლასის წინაშე მაკითხებდა ჩემს თემებს. როგორი ამაყი ვიყავი ამ დროს, მეგონა, ჩემს წინ თბილისის ნახევრადდანგრეული, 164-ე სკოლის ურემონტო ოთახი კი არა, ლონდონის Globe Theatre გადაშლილიყო, თავისი ამპარტავანი მაყურებლებით სავსე.

ერთ ამბავს მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე და მთელი დღე ისე გავიდა, შუადღისკენ დილანდენი უგუნებობა სულ გადამეყარა. ვუყურებდი ეკას და ვიცოდი რაღაც აწუხებდა, მაგრამ თქმას ვერ ბედავდა, თუ ქეთისთან ერთად არ უნდოდა ამაზე ლაპარაკი, ვერ გამერკვია. თითქოს აქ იჯდა, ჩვენთან, იცინოდა და შიგადაშიგ თუ საჭირო იყო „ალადიკებსაც“ აბრუნებდა ტაფაზე, მაგრამ თვალებში სხვა ცეცხლი ენთო, ზოგი ალბათ იმედს დაარქმევდა, ზოგი შვებას, არ ვიცი რა იყო, მაგრამ ძალიან კი დაემშვენებინა. ისე წავიდნენ, მოსვლის მიზეზი ვერ გავიგე, მაგრამ ჩვენში ამის კითხვა უზრდელობად ითვლებოდა და მეც აღარ ჩავეძიე. ერთს კი მივხვდი, ყოველდღიურ რუტინას ისე გამოვეფიტე ამდენი ხნის განმავლობაში, რომ მარტო დღეს, მარტო დღეს შევძელი, შემეცნო საკუთარ თავში ის ნონა, რომელსაც ოდესღაც ვიცნობდი.

 

კატერინა

უცნაური სიზმარი ვნახე გუშინ. ჯერ იყო და მთელი საღამო სიმღერის ხმა გამოდიოდა მეზობელი ბინიდან. მიკაკუნებისაც მომერიდა, არადა ღამის სამი საათი გახდა და ისევ აგრძელებდნენ ქეიფს. ზურას არც ეგ და არც სხვა მსგავსი ხმა არ აწუხებდა თუ საქმე ძილს ეხებოდა. გეგონება მთელი დღე მუშაობაში გაატარაო, ისეთი დაღლილი სახით დაწვებოდა და წაიფარებდა საბანს, დილამდე (ანუ სადღაც 11-მდე) სულ რომ ქვეყანა დაქცეულიყო რა გააღვიძებდა. ამიტომ, არც ეს ქეიფის ამბავი გაუგია და არც სანდროს ნერვიული ტირილი, კბილებს რომ ვაბრალებდი, ბოლოს, როგორც იქნა ბავშვმაც ჩაიძინა და მეც დავწექი, ისევ შორეულ ოცნებაზე ფიქრით.

კაშკაშა სინათლის ქვეშ იჯდა ბებიაჩემი, ბავშვობის მისაბაძი მაგალითი, კარგი მასწავლებელი და სამაგალითო დედა, ხელში გლობუსს ატრიალებდა და საათობით აშტერდებოდა ხან ერთ და ხან მეორე ქვეყანას. ახლოს რომ მივედი, მერე დავინახე, გზისგასაყარზე იჯდა. ხან ერთ მხარეს ატრიალებდა თავს, ხან მეორე მხარეს. სახის ნაკვთებიც უცბად ეცვლებოდა, ჯერ  უაზროდ ბედნიერი სახე ჰქონდა, მერე კი რაღაცნაირი სევდა გადაჰკრავდა. მეორე ხელში კაცის პატარა ფიგურა ეჭირა. ბებო, ეს ვინ არის, ან აქ რას აკეთებ მეთქი - ვკითხე.

„ჭკვიანი ბავშვი ზის და ფიქრობს, - ზუსტად ისე დაიწყო საუბარი, როგორც გაკვეთილს ხსნიდა ჯერ კიდევ მერვე კლასში როცა ვიყავი, - ფიქრობს, საიდან ეცნობა ამ კაცის სახე, სხვამ შეიძლება არა, მაგრამ შენ უნდა იცოდე,  და უნდა ცნობდე. ეს ღმერთებისგან დავიწყებული ოდისევსია, შენი საყვარელი ისტორიის გმირი, აღარ იცის რა გზას დაადგეს, მარჯვნივ თუ მარცხნივ, ზემოთ თუ ქვემოთ. ხედავ როგორი დაბნეულია? დღეს არა, მაგრამ ოდესღაც დადგება ის დღე და მშობლიურ ითაკაზე თავისი ფეხით დაბრუნდება ოდისევსი. მარტო ეს დაიმახსოვრე!“

ამის მერე, თითქოს ნავში მჯდომი იყო, უხმოდ და უფერულად გამშორდა. მეც ვეღარაფრის თქმა მოვასწარი, და გამომეღვიძა. უკვე დილა იყო. როგორც ძველ წიგნებში გვირჩევდნენ, აზრმა გამკრა, წყალს ხომ არ მოვუყვე მეთქი, მაგრამ მერე მე თვითონვე გამეცინა ჩემს ნაფიქრალზე. ბებია სულ ორჯერ მყავდა სიზმარში ნანახი, როგორც ცხოვრებაში, სიზმარშიც პირდაპირ არასდროს გეტყოდა სათქმელს. პირველად სანამ მე და ზურა გავიპარებოდით მაშინ ვნახე, მერხთან იჯდა, ხელები სულ ცარცში ჰქონდა ამოსვრილი, თან რვეულში წერდა და თან ჩემს გასაგონად იმეორებდა:

-         MgO-ს თუ H2O-ს დავამატებთ, ვერასდროს, ვერანაირი ხერხით, ოქროს ვერ

მივიღებთ. ასეა ზოგიერთი ადამიანიც, თუ თავად არ არის ოქრო, „რეაქციაში ჩაბმა“ ვერაფერს უშველის.

მაშინ ვერაფერი გავიგე, ახლა ზუსტად ვხვდები რომელ ოქროზე მესაუბრებოდა.

მეორედ, მაშინ ვნახე სიზმრად, როცა პირველად მივდიოდი სკოლაში, ისტორიის მასწავლებლის ამპლუაში. მარტო ერთი წუთი მახსოვს: დგას დაფასთან, ისევ ცარცში ამოსვრილი ხელებით, ისევ შუბლზე სათვალით და დამდგარი, მტკიცე ხმით ამბობს: „განათლებული ადამიანი თავისუფალია, უნდა გქონდეს, რომ გასცე. საქმე აკეთე არა ანგარებით, არამედ სიყვარულით. მაშინ ხარ ბედნიერი, როცა იმას აკეთებ, რაც გიყვარს!“. ეს სიტყვები ბევრ წიგნზე მეტი იყო, ბევრ ცოცხალზე უფრო ცოცხალი და იმ წუთში, ჩემი სულიერი მდგომარეობის ზუსტი გამზიარებელი.

ასეთი გამოცდილების გამო კიდევ უფრო მენიშნა ახლანდელი სიზმარი, მაგრამ დასკვნა ვერა და ვერ გამოვიტანე.

 

გიორგი

 

თბილისში გაზრდილი ბიჭი ვარო რომ ამბობენ, ჩემზეა ეგ ნათქვამი. დედაჩემი წერეთლის გამზირზე დაიბადა-გაიზარდა, მამაჩემი აფხაზია, მაგრამ თვალით არ მინახავს. ერთადერთი ძველისძველი ჩანთა და სამი-ოთხი ფოტო თუ ამტკიცებს მის არსებობას.  მე და ჩემი ძმა კიდევ დიღმელები ვართ. ახლა იკითხავთ ეგ როგორო? როგორ და აი, იმ ბნელ 90-იანებს მოჰკითხეთ. ჯერ დედაჩემის ბინა გავყიდეთ, მევალეებმა რომ ლამის კარი შემოგვიმტრიეს, მერე  ბაბუის მივაყოლეთ. ბავშვი ვიყავი, თორემ მაგას შევარჩენდი?

ჰოდა, ყოველ დილით, როცა ჩავუვლი ნათესებივით ჩალაგებულ კორპუსებს, ზოგს მწვანეს, ზოგს წითელს, ოღონდ ნაღდ წითელს კი არა, აი, ისეთს, რომ ეტყობა ერთ დროს წითელი იყო და ახლა წითელი და 20 წლის წინ შეღებილი საღებავი ერთად რომაა, ერთსა და იმავე დროს ზუსტად იმავე ადგილას მხვდება ის. ის იმიტომ, რომ სახელი არ ვიცი.

ბიჭო, ვინ არ მინახავს, მე უნდა ვთქვა, მაგრამ ამ გოგოს რომ ვუყურებ რაღაც ისეთი მემართება რა. არც ლამაზია, არც უშნო. თვალები აქვს დიდი, თაფლისფერი, ხან მწვანე. განიერი „ჰუდებით“ დადის. ვერც შეამჩნევ, თუ არ დააკვირდი. თუ მაინც თვალი გაგექცა და იმ მომწვანო-მოთაფლისფრო ფერებში ჩახედე, დაიკარგები. გეგონება, რაღაცამ შეაშინა და ასე ჩუმად იმიტომ დადისო, გეგონება, დაეკარგა დროში ოცნებები და ახლა ნელ-ნელა უკანა გზაზე იგროვებსო. რამდენი რამე ვიფიქრე, კაი ხანია გოგოზე ამდენი ერთად არ მიფიქრია. მოგეწონება-მოეწონები და მერე ხართ ერთად. აქამდე ეს იყო ჩემი Love story. უფრო სწორად, ყველაფერზე მეტად ამაზე ფიქრი მეზარება, მერე ყვავილებზე სირბილი და დაბადების დღეებისთვის სიტყვების მოგონება. ხოდა, მეზარება და ამიტომ არც ყოფილა რა, სხვანაირად ვცხოვრობ, ერთი სიტყვით.

ორშაბათია რა, და ისევ ისე ჩემს პონტში ვდგავარ, გურეშას ვუმტკიცებ, ნახე თუ უკრაინამაც ჩვენ არ მოგვბაძოს რევოლუციაში მეთქი და იქით მასების ფსიქოლოგიაზე ვუყვები მეტი ეფექტისთვის, აქეთ უკრაინელი ხალხის ისტორიაზე ვამბობ ერთ-ორ სიტყვას რაც ამომიკითხავს, სად, აღარ მახსოვს. ჰოდა, მოდის ის გოგო, თან ბავშვი მოყვება. მოდის და გეგონება ამ მიწაზე არ დადის, რაღაცნაირად სევდა და სიმძიმე ერთად მოაქვს რა. ისევ ის განიერი, მომწვანო „ჰუდი“ აცვია და ფეხზე თეთრი, ნახმარი, მაგრამ კარგად მოვლილი კეტები. ვის არ გამოუვლია ჩვენ წინ, და ჯერ არ ყოფილა ქალს ან ამაყად, ან კეკლუცად ან კიდევ ამრეზით არ შემოეხედოს. ეს კიდევ მოდის, ჩვენ ვუყურებთ, თვითონ უბრალოა, ჩვენ ვუყურებთ, ეს არც მზერას გრძნობს, არც მოშტერებას. ოღონდ, თავს კი არ იტყუებს, თითქოს ვერ გრძნობს, ზოგმა რო იცის, არა, სახეზე აწერია, რომ ვერ გვხედავს. გაიარეს ერთი სამი ნაბიჯი და ბავშვი წაიქცა ზედ ჩემს ფეხებთან, ინერციით უცებ წამოვაყენე  და მანდ უკვე მესამედ ჩავხედე იმ მოთაფლისფრო სიმწვანეში. მადლობაო და წავიდა. მე კიდევ დავრჩი ემოციადაცლილი. ბიჭო, რამდენ გოგოს არ ჩამოუვლია ჩვენს წინ, და ამაზე რა მემართება ვითომ?

 

ზურა

კიდე კაი იმდღეს ადრე გამეღვიძა, თორემ რა გაუძლებდა გეგეშას ტრაბახს, ასეთი რამე ცხოვრებაში ერთხელ ხდება, ბიჭო. დილაა რა ასე, ორი ან სამი იქნება, ჰოდა, მე გეგეშა, და იმის ორი ძმაკაცი ვზივართ სკოლის წინ, დრო გაგვყავს რა. ერთიც გავიხედე, მოდის ქალიი, აი იმან უნდა თქვას, ქალი ვარო, ძმაო. ეგეთი მე ცხოვრებაში არაფერი მინახავს. სავსე მკერდი, გვერდები და ყველაფერი თავის ადგილზე რა. ის ფილმი როა იტალიური, მეძავ ქალზე, ეგეთი მოდის ერთი ერთში. ვზივართ და ვუყურებთ, ზედაც არ შემოგვხედა ისე გაიარა. არა, მითხარი ახლა ესეც ქალია და ჩემი ცოლიც? ზოგს რა ბედი აქვს მაინც. ერთი კვირა გვეყო სალაპარაკოდ.

 

ნონა

სადღაც წამიკითხავს ადამიანმა ყველაფერი წინასწარ იცის რაც ელის ცხოვრებაში, უბრალოდ დაბადებამდე საგულდაგულოდ გაუსუფთავეს მეხსიერებაო. აი ისე, დაახლოებით როგორც ჩვენ ვშლით ძველ რაღაც-რაღაცეებს კომპიუტერის გაყიდვა როცა გვინდა. ჰოდა, ეს იმიტომ გამახსენდა, რომ როგორც კი პირველი ნაბიჯი შემოდგეს იმდღეს ჩემთან ეკამ და ქეთიმ, მაშინვე მივხვდი, რაღაცის თხოვნა უნდოდათ. მერე, ეკას ის უცნაური გამოხედვა ჩამრჩა გულში. ეგრე აგიხდათ ყველაფერიო, ბებიაჩემმა რომ იცოდა თქმა, ის სიტუაციაა. სახლში ვარ, თან წასასვლელად ვამზადებ რაღაცეებს, ჯერ კი ადრეა მაგრამ მიყვარს ეს თადარიგის დაჭერა და რა ვქნა. მოკლედ, სახლში ვარ და რეკავს ტელეფონი, მივწვდი როგორღაც შნურს და ვუპასუხე, ეკა იყო, არ გამკვირვებია. შორიდან დაიწყო, ხან რას მიედო, ხან რას, ვერ გავიგე რას მელაპარაკებოდა, თან ხმაც დაგუდულად ისმოდა, გეგონება ვიღაცას უმალავს და ისე გელაპარაკებაო:

-         ნონა, არ ვიცი სწორად თუ გამიგებ, მაგრამ ახლა შენ ხარ ჩემი მომავალი

ცხოვრების გასაღები და მეც უნდა ვცადო.

-         ეკა, ხო მშვიდობაა, რა აფორიზმებით მელაპარაკები?

-         კი, კი მშვიდობაა, თუ მშვიდობა ჰქვია ამას.

-         მაშინ მითხარი, რაღას მიფრთხილდები - რაღაცნაირად მოუთმენლობისგან ვეღარ

შევიკავე თავი და ცოტა უხეშად კი გამომივიდა. მერე თითქოს ღრმად ჩაისუნთქა-ამოისუნთქა და ისე მიპასუხა.

-         ნონა, ვიცი, რომ საბერძნეთში გადაგიწყვეტია წასვლა, და მეც უნდა წამოგყვე, სხვა

გამოსავალი არ მაქვს.

მერე ისევ, ღრმა ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის ხმა გავიგე. მერე შორიდან მომესმა ვიღაცამ როგორ დაიძახა გოგო, რა დაგემართა, მოდი, რომ გეძახიო და ხმა გაწყდა. აღარ გადამირეკავს, თუ დავრეკავდი, უნდა მცოდნოდა ჩემი პასუხი, უარს მოფიქრება და შელამაზება სჭირდებოდა რომ არ სწყენოდა და თანხმობას კიდევ უფრო მეტი დაფიქრება, რაში წამადგებოდა ეს სევდიანი ეკა იმ ახალ ცხოვრებაში, ან წამადგებოდა თუ არა საერთოდ, ეგ იყო საკითხავი. თითქოს, რაღაც ბედზე გაწყდა ხაზი რა. არა, ეტყობა რაღაც სიმართლე არის, ხომ ამბობენ ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველიაო.

 

 

ქეთი

წინასააღდგომო არეულობა დაიწყო ქალაქში. ისეთი არა, ფილმებში რომ გინახავთ, ბაზრობები ლამაზად მოწყობილი, ხის ფერად-ფერადი დახლებით, დიდი ბაჭიებისფორმიანი ადამიანები, ხელში წითელი კვერცხებით. სააღდგომო გალობები აქა-იქ ისმის, მაღაზიების თაროებზე ყველანაირ ნივთს სააღდგომო კურდღელი ან სააღდგომო კვერცხი დამატებია და სულ სხვანაირი დეკორაცია დგას თქვენს წინაშე. ასეთი და ამისთანა არაფერი. სამად სამი ტრადიცია მყარად დგას და ფეხს არ იცვლის წინასააღდგომო დღეებში: წმინდა ცეცხლის გადმოსვლის ყურება შაბათს, აღდგომის ღამეს ტაძარში ყოფნა, და სასაფლაოზე ქეიფი. ეს უკანასკნელი დიდ ალიაქოთს და აზრთა დაპირისპირებას იწვევს ყველა ოჯახში. ჰოდა, ასეც ყოფილა, სხედან ასე სამი გარდაცვლილი წინაპრის საფლავის წინ, სვამენ მათი უკვდავების სადღეგრძელოს და უცებ, რომელიღაც მეზობელი საფლავის მოქეიფე არასწორად დაადგამს ფეხს საფლავს, ან კიდევ ჩუმად შეუკურთხავს მეზობელს ატალახებული მიწის გამო, და ატყდება ერთი ამბავი. ლამისაა დასაფლავებულები წამოდგნენ და გააშველონ ჩხუბისთავები.

არა, მაინც შორიდან რა უცნაურად ჩანს ალბათ, მოდიან ქალები კრემიანი ნამცხვრებით სავსე სინებით, კაცები დიდი ჩანთებით, საიდანაც ჭურჭლის წკარუნის ხმა ისმის. სხდებიან სახელდახელოდ გაკეთებულ ხის სკამებზე, ამოაწყობენ, გაშლიან და იწყება ქართული სუფრის ტრადიციები, თავისი სადღეგრძელოს რიგითობით და უფროს-უმცროსობით. მე რომ ფრანგი ან ბრიტანელი ვყოფილიყავი რას ვიფიქრებდი? გავიგებდი ამ „ტრადიციის“ აზრს თუ კიდევ ერთ უკულტურო ხალხის სიაში ჩავწერდი?

-         ჩაალაგე რაღაცეები, გოჩამ დამირეკა, ადგილი მაქვს და თუ გინდა გამოგვყევითო.

მითხრა ჩემმა ქმარმა და შემომატოვა ჩალაგების ბედნიერი პროცესი მარტო მე.

-         ერთხელ რომ მოკრძალებული სუფრით და წრფელი გულით წავიდეთ, დაშავდება

ვითომ რამე? გავიფიქრე და დავაპირე კიდევაც თქმა, რომ რაღაც შინაგანმა ძალამ გამაჩერა, „გარისკვად არ ღირს ქეთი, მარტო შენი ლაპარაკი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო და რაც მალე დაიწყებ მით უფრო მალე დაამთავრებ მზადებასო“. ჰო, შეიძლება ასეც არის, მაგრამ ყველა ერთად და ცალ-ცალკე, თავს იმ ერთადერთ მერცხლად რომ თვლის, მაგის გამოა გაზაფხულის მოსვლა ბევრ საქმეში რომ გადაგვედო და გადაგვედო.

განსაკუთრებით მშვიდი ხდებოდა ქალაქი სააღდგომო მზადების დროს. თითქმის არავინ რჩება ქუჩებში, ჩაჟანგებულ მარკეტებში, შენაცრისფრებულ ტაძრებში. ორი საათის წინათ აზუზუნებული ქალაქი ფუტკრებისგან დაცლილ სკას ემსგავსება.  ნამდვილი ”საფრთხე“ სულ სხვაგანაა, მცხეთის მისასვლელთან, ქართული რიგები დგას, გინებაც ისმის და საყვირების ჭყლოპინიც. ამ დროს ნამდვილად არავის ახსოვს, რა მიზნით მიდის ქალაქიდან, რას დღესასწაულობს სული. ისე, კარგად რომ დავფიქრდი, მივხვდი რომ საქართველოს ნახევარზე მეტი თბილისში ცხოვრობდა, უკეთესი ყოფის იმედით.

ისიც გამახსენდა, ამ ორი დღის წინათ, ბავშვებს დაძინების წინ ჰერაკლეს თორმეტი გმირობის ამბავს ვუყვებოდი. მე თვითონაც ბუნდოვნად მახსოვდა, და ბავშვებმა ხომ აღტაცებისგან აღარ იცოდნენ რა ექნათ. მივედით იმ გმირობაზე, ჰერაკლემ პოსეიდონისა და მიწის ღმერთის გეას შვილი ანთეოსი რომ დაამარცხა. ანთეოსი მარტო მაშინ იყო ძლიერი როცა მიწას, თავის დედას, ეხებოდა. ჰერაკლემ ჭკუა იხმარა, მოსწყვიტა მიწას ანთეოსი, აიტაცა ჰაერში და ისე დაახრჩო. როგორ გავდა ეს ყველაფერი ქართველი კაცის მდგომარეობას? როგორც კი მოსწყდა სოფელს, თავის მიწა-წყალს, მაშინვე ყოფიერების მორჩილად იქცა. ახლაც, სანამ თავის დედას, გეას არ დაუბრუნდებოდა, სანამ დაცლილ სოფლებში „მრავალჟამიერი“ არ ამღერდებოდა, მეეჭვებოდა უკეთესი მომავლის იმედი გვქონოდა.

ამ ღრმა და ჩემთვის ფილოსოფიურ ფიქრებში ვიყავი, კარზე რომ დააკაკუნეს. რა თქმა უნდა, ნიკოს არ გაუგია არც კაკუნი და არც ჩემი შეშინებულ-გახარებული დაქალის სახე, კარებში რომ შემომრჩა. ეკა იყო, გარეთ წვიმდა და ერთიანად გაწუწულიყო, და ისე გამოიყურებოდა, გეგონება ნიუტონია და აგერ ორი წუთია მიზიდულობის კანონი აღმოაჩინაო.

-         ხომ მშვიდობაა, გოგო, რანაირი სახე გაქვს?

-         მართლა ასე ცუდად გამოვიყურები? უკვე მესამე ხარ, ვინც ამას მეუბნება, ქუჩაშიც

კი გამაჩერეს, ხომ  არაფერი გიჭირს,სახლამდე მიგაცილებთო. - ეს თქვა და დაუწყო საკუთარ გამოსახულებას ყურება ჩემს ნახევრად ჩაბნელებულ სარკეში. მერე რომ მოეწყინა, ან დაასკვნა, რომ საგანგაშო არაფერი იყო, ლოგინზე წამოწვა, თვალები ოდნავ დახუჭა, თან ისე რომ ჩემი სახის გამომეტყველება როცა საჭირო გახდებოდა, დაენახა და დაბალი, მაგრამ მტკიცე ხმით მითხრა:

-         ქეთი, გქონია ისეთი მომენტი, როდესაც ზუსტად იცი, რომ ისე არ ცხოვრობ ,

როგორც უნდა ცხოვრობდე, თითქოს ვიღაც ამოუცნობ „მეს“ ემორჩილები და გადის ასე ჯერ თვეები და მერე წლები. იმდღეს ჩემს ძველ ბლოკნოტებს ვათვალიერებდი და ჩვენი კურსელი რომ იყო, ერთადერთი პოლონელი მთელს უნივერსიტეტში, გახსოვს? იმის ჩანაწერი ვნახე:

„So do it, decide.

Is this the life you want to live?

Is this the person you want to love?

Is this the best you can be?

Can you be stronger?

Kinder?

More compassionate?

Decide.

Breathe in.

Breathe out.

And decide!”

-         ჰოდა, გადავწყვიტე: ქმარს უნდა გავშორდე და საბერძნეთში წავიდე სამუშაოდ.

საერთოდ არ მახსოვდა არც ეს ჩანაწერი და არც ის პოლონელი გოგო, მაგრამ ახლა რაც შემეძლო,დავძაბე მეხსიერება და ორ-სამ სტუდენტობის დროინდელ კადრში გაირბინა ქერა გოგოს მოლანდებამ, სულ რომ პოეზიაზე იყო შეყვარებული და საქართველოშიც რომანტიკულობის განცდამ ჩამოიყვანა. მერე ისევ ეკას შევხედე, ეს სახე ზუსტად იმ ფიქრის დასასრულს აღწერდა რომელიც ლექსში იყო.

-         ბევრი იფიქრე სანამ ამას გადაწყვეტდი? - ოდნავი ირონიით ვუთხარი და წარბები

მრავალმნიშვნელოვნად ავქაჩე მაღლა.

-         კი, ქეთი. შენ ხო იცი ჩემი ხასიათი, იქამდე ვფიქრობ რამეზე, სანამ საბოლოო

გადაწყვეტილებამდე არ მივალ. შენ ერთადერთი ხარ, ვისაც ეს ვუთხარი და მარტო შენი იმედი მაქვს. - ეს თქვა და კიდევ უფრო გადაწვა ჩემს საწოლზე, თან თვალები საბოლოოდ დახუჭა, მომეჩვენა კიდევაც, რომ თვალზე მომდგარი ცრემლის დამალვას ცდილობდა ამ გზით.

იმ წუთში იმდენად შემეცოდა ეკა, მთელი თავისი ცხოვრებით - უიმედო მომავლი და გამოუსადეგარი ქმარი - რომ ვერაფრის თქმა ვერ მოვახერხე. მივედი და ზუსტად ისე როგორც სკოლაში, მორიგი უმიზეზო კამათის შემდეგ გვჩვეოდა, ძლიერად ჩავეხუტე.

-         ემიგრანტობა იმაზე რთულია, ვიდრე ყვებიან. შენ ამაყი ხარ ძალიან, შეძლებ კი

გაუძლო? შეძლებ იყო სხვისი მოსამსახურეც და თან თავს საჭიროდ გრძნობდე? იცხოვრო ყველა ახლობელისგან შორს და ცხოვრებას შეარჩევინო შენთვის მეგობრები? ემიგრანტობა იმაზე მეტია, ვიდრე თვის ბოლოს ევროების თვლა და თვის დასაწყისში ამანათების გზავნა შვილების სახელზე. არ ვიცი, კატერინა, ზოგჯერ, მგონია რომ ჩვენ თვითონ ვირთულებთ ჩვენს ცხოვრებას, გვეწყინება ეს ერთი და იგივე, რუტინული ყოველდღიურობა და ახალი გვინდა, თუნდაც დამანგრეველი, მაგრამ მაინც ახალი. სხვანაირად, ძიების გარეშე ერქმეოდა კი ადამიანს ადამიანი? ეს სურვილი - იპოვოს უკეთესი, ნახოს უნახავი და ებრძოლოს ბედისწერას აქცევს ადამიანს ადამიანად. შენ იმაზე ძლიერი ხარ, ვიდრე წარმოგიდგენია, გარეგნულად აზვირთებული ოკეანის ტალღებში მოფარფატე ნავს გავხარ, ნიჩბის ტარს დაყრდნობილი რომ გაჰყურებს ჰორიზონტს უკეთესის იმედით. მაგრამ შინაგანად, შენი სიმტკიცე მეტალს შეშურდება. ამიტომ, ვერც გადაგარწმუნებ და არც ვეცდები. იქნებ ასე ჯობდეს ყველასთვის?

-         აღდგომები რომ გადაივლის, ჩაწყნარდება ყველაფერი, მერე დაველაპარაკები

ჩემებს. თან სანდროც მეცოდება, ვის ხელში ვტოვებ... აქაც შენი იმედი მაქვს ქეთი. ხანდახან მაინც უნდა მიმიხედო, რამე არ მოაკლდეს, ისეთ წრეში არ მოხვდეს ან რავიცი, რა აღარ ხდება? შენ გგონია ადვილია, შვილის დატოვებაზე ფიქრი? სანახევროდ დაკარგვას უდრის ასეთ დროს შვილის მიტოვება. მერე, როცა უკვე ისევ ერთად ვიცხოვრებთ, ხელმეორედ უნდა შეგიყვაროს საკუთარმა შვილმა, იმიტომ რომ დროთა განმავლობაში მისთვის მარტო შორეული, დამფინანასებელი ხდები. მაგრამ სხვა რა არჩევანი მაქვს? არავითარი!.. არ შემიძლია ჩემი შვილის მომავალი გავწირო სამუდამო დამცირებისთვის, უნდა ისწავლოს, უნდა შეიქმნას თავისი ხელით ცხოვრება და მე ის ქალი ვარ, ვინც ამაში დაეხმარება. განა დიდი ხნით წავალ? ერთი-ორი წელი, და მერე ისევ ერთად ვიქნებით.

არ ვიცი, გულწრფელად სჯეროდა ეკას რომ ერთი-ორი წელი დარჩებოდა ნამდვილად ერთ-ორ წელად და ათ-თერთმეტად არ იქცეოდა? ვინც მენახა, და რაც გამეგო წასულს უკან დაბრუნება სულ შორეულ მომავლად მიაჩნდა, და დებდნენ და დებდნენ სამომავლოდ სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობას.

კიდევ ბევრი ვილაპარაკეთ, ჯერ სოხუმი და ჩვენი სკოლა გავიხსენეთ. ერთი ორი ოინიც მასწავლებლებს რომ ჩვენი წყალობით შეემთხვათ და ამაზეც გულიანად ვიცინეთ, მერე სტუდენტობაზე და თსუ-ის პირველი კორპუსის წინ გატარებულ საღამოებზე მოვყევით. სხვა გასართობი რომ არ გვქონდა და „ამის პატრონმა რა ქნას“ ან კიდევ „სიმართლე და მოქმედებას“ ვთამაშობდით.

-         ბავშვი ტირის, - კიდევ ერთხელ შემახსენა ნიკომ. ეკასაც მოერიდა გაჩერება და

წავიდა. თვალი გავაყოლე როგორ ჩაირბინა კიბეზე, მერე აივნიდანაც, გადავხედე მის გამხდარ ლანდს.

გაზაფხული იყო, სავსემთვარეობა და კიდევ უამრავი ამოუცნობი ფიქრი, სარეცხივით გადაფენილი ჩემი გონების თოკზე.

 

მანანა

ჩვეულებრივი დღე იყო, ცოტა მივალაგე სახლი, საღამოსთვის კარტოფილიც გავთალე და სამი ხდებოდა, ლეილას გავუვლი მეთქი გავიფიქრე. გაზაფხულის საღამო იყო, სეირნობას მოგანატრებდა. მე და ლეილას კიდევ რუსთაველზე სეირნობა, ნაყინის ბურთულებით ხელში (მართალია, ისეთი ვერ იყო ჩვენს სტუდენტობაში რომ ვჭამდით, მაგრამ...) ერთ რამედ გვიღირდა.

-         გახსოვს, ლეილა რა გოგოები ვიყავით? დედაჩემს სულ მოსკოვიდან ჩამოჰქონდა

ნაირ-ნაირი ნაჭრები, მერე კუნკულაძესთან რომ კაბას შევიკერავდი, ნახევარი უნივერსიტეტი და თბილისი ჩემზე ლაპარაკობდა.

-         მაგას რა დამავიწყებს, მეც ეგრე არ ვიყავი? იმდღეს, გადმოვიღე ძველი ალბომები,

და სულ ცხარე ცრემლებით ვიტირე, მანანა. ერთიანად გამახსენდა ყველაფერი, ჩვენი სტუდენტობა, შეშაბერიძე, რამდენს გვაცინებდა ხოლმე უნივერსიტეტის ეზოში, მერე აფხაზეთში დაიღუპა, საწყალი. მერე, კიდევ ის კაფე როგორ არ გემახსოვრება „ფრანცია“ - იქ რომ ეკლერები იყო, ისეთი არც მანამდე და არც მის მერე არსად გამისინჯავს.

-         ეგ კი არა ლეილა, ის ამბავი უნდა გაგახსენო მათემატიკის გამოცდაზე რომ

შემემთხვა. შენ ხომ იცი მე რა ბეჯითი და მოწადინებული სტუდენტი ვიყავი. სახლისა და უნივერსიტეტის გარდა სხვაგან არც სიარული მიყვარდა, საქმეს და წასაკითხს კიდევ რა დალევდა. ჰოდა ვიჯექი ასე დილიდან საღამომდე, ხან ბიბლიოთეკაში, ხან კიდევ პირველი კორპუსის ეზოში და თავი მენდელეევის კაბინეტში მეგონა.

ერთხელ შემომიჩნდა ეს ჩემი სახლის ამხანაგი ნუცა, კახელი გოგო იყო, დიდი შავი თვალები ჰქონდა, ცოტა ცუღლუტიც იყო სწავლაში. გამოცდების წინ, მეტყოდა, მანანა შენ მარტო წაიკითხე და მე დავიმახსოვრებო. ჰოდა, იჯდა ეს პატარა წრუწუნა გოგო და მისმენდა ყურადღებით, მერე ასე თუ ისე, აბარებდა გამოცდებს, ხუთებს ვერა, მაგრამ სამებს და ოთხებს კი ღებულობდა.

ერთხელ საგამოცდო სესიებში ვართ ჩაბმული, უმაღლესი მათემატიკის გამოცდა მაქვს, და შემომიჩნდა - კარგი, მანანა, სტუდენტები ვართ, გამოიყენე ახალგაზრდობის წლები, ის გელაშვილი 80 წლის მაინც იქნება, ყურშიც არ ესმის და თვალშიც ვერ იხედება, ყველამ უნდა გადაწეროს და რაღა შენ ვერ გადაიწერ ამ ერთხელო. მოკლედ, იმდენი მელაპარაკა, დავიჯერე. იმ საღამოს კინოშიც დავპატიჟე, მერე რუსთაველზეც ვისეირნეთ და მეორე დღეს 9 საათზე გამოვცხადდით გამოცდაზე.

ვზივართ ასე დიდი, ხის  მერხებიან, კუთხეში სამეელნებიით გაფორმებულ აუდიტორიაში. ივლისია, ფანჯრები ღია გვაქვს და, ოთახში მაინც არ იძვრის ჰაერი. გავიხედები და ვხედავ, როგორ საგულდაგულოდ იწერს ნოდარი წინასწარ მომზადებული „შპარგალკიდან“ ჩუმად, თორმეტ ფურცლიან მწვანე რვეულში. მარჯვნივ მოვბრუნდები და ელისოსაც საეჭვოდ ჩაურგავს თავი, თითქოს ფიქრობსო, ისეთი სახე მიუღია. ცოდნით არაფერი ვიცი და სხვა რა გზა მაქვს, უნდა გადავშალო წიგნი. ერთხელ ვცადე, ორჯერ, ყველა ხომ იწერს, მაგრამ რა დროსაც მე გადავშლი მეორე გვერდზე წიგნს, იმწამსვე, გეგონება ბომბის აფეთქების ხმა გაიგესო, მთელი ჯგუფი მე შემომყურებს და თან მანიშნებენ რაღაცეებს. რამდენჯერმე განმეორდა, და მაინც ვერაფრით ვერ შევძელი ისე გადამეშალა წიგნი, ჩქამიც არ გაეგონა რომელიმეს, ისე ვნერვიულობ, ოფლად ვიღვრები და თან ნუცაზე მეშლება ნერვები, ეს რა გამიკეთა, ამ დღეში როგორ ჩამაგდო მეთქი. ცალკე ჩემს თავზე ვბრაზობ, აბა, მანანა, სხვას რას უყურებ, ხომ იცი რაც ხარ და დამჯდარიყავი გესწავლა მეთქი.

ვარ ასეთ განსაცდელში, ნერვიულად ვშლი ფურცლებს და თან რაღაცასაც ვახერხებ რომ დავწერო. ის იყო მესამე დავალებაზე ვაპირებდი გადასვლას, ვერც გავიგე როგორ წამომადგა თავზე პროფესორი, მანანა რას აკეთებო? რა დამავიწყებს ან იმ ქალის სახელს, ან იმ ხმას და ან იმ აუდიტორიას. პირველად იყო, რომ შენიშვნა მომცეს და თან როგორი შენიშვნა, რას ვეტყოდი , დავხარე თავი და ველოდები, რას იტყვის. რომ არავინ ელოდა ისე არ გაბრაზდა?! მარტო მე კი არა, ყველას ჩაუტოვა ის გამოცდა, გადაბარებაზე მობრძანდითო.

ჩემი თავი არ მეყოფოდა, გამოსულს რომ შემომეხვია მთელი ჯგუფი და საყვედურებით ამავსეს, თუ გადაწერა არ იცოდი ვინ გეხვეწებოდაო. ის იყო და ის, იმის მერე აღარც გადაწერა მიცდია, და აღარც ამხანაგებისთვის დამიჯერებია. ახლა რომ ვიხსენებ, მეცინება, მაგრამ იმ დღეს ტირილის მეტი არაფერი მინდოდა. თან, კარგად კი მოვემზადე მაგრამ მაინც ოთხიანი გამომყვა და იმ სემესტრში სტიპენდიასაც დავემშვიდობე. ჩემებს ამას ხომ ვერ ვეტყოდი, გადაირეოდა მამაჩემი, ყველგან ჩემი წარმატებული სტუდენტობის ამბავს ყვებოდა და ამ სიხარულს ხომ არ წავართმევდი? ამიტომ, დაეტყო ჩემს საფულეს, ეს დანაკლისი. ოღონდ ჩემებს არ ეგრძნოთ და არ გაეგოთ რომ უსტიპენდიოდ დავრჩი, ყველაფერზე თანახმა ვიყავი, ამობრუნებული პალტოთიც კი დავდიოდი. ასე იყო, ჩემო ლეილა, მაშინ სწავლასაც სხვა ფასი ჰქონდა და უსწავლელობასაც.

ლეილა მთელი ამ ხნის განმავლობაში იცინოდა, გამომხედავდა, თავს სიამოვნებისგან გადააქნევდა და მარტო ლეილამ რომ იცოდა, იმ სიცილით გადაიკისკისებდა. მთელს ჩემს ახალგაზრდობას იტევდა მისი სიცილი.

-         მანანა, ვინ ვინ და  ვერ წარმოვიდგენდი გამოცდაზე შენ თუ იწერდი  - ისევ

გააგრძელა ლეილამ სიცილი.

არადა, ჩემო ლეილა, რამდენი რამეა, რასაც ერთმანეთზე ვერ წარმოვიდგენთ, არც გაგვიფიქრებია და იქნებ სხვის ნაცვლად თავიც გადაგვიდია, ეგ მაგას არ იზამდაო. სიმართლე კი ისაა, არავინ იცის, ვინ როდის რას გააკეთებს, უფრო ღრმა არის ადამიანი, ვიდრე გარედან ჩანს. არ შეგვიძლია სხვაზე ვილაპარაკოთ და ვიყოთ დარწმუნებულნი, სხვაზე კი არა, მე თუ მკითხავ, საკუთარ თავზეც არ უნდა ვიყოთ ღრმად დარწმუნებული.

აი, წარმოიდგინეთ, რამდენი ყოფილა მომენტამდე რომ თავს დებს, სამშობლოზე იფიცება და ხოტბას ასხამს როცა კი საჭიროა. ჰოპ, და უცებ გამოჩნდება მომენტი, გმირობაა საჭირო, ვიღაც იხრჩობა და წყალში უნდა გადახტე, ან მიწას გართმევენ მშობლიურს და ქუდზე კაცია საჭირო, ან  უფრო მარტივი, ინგლისში ცხოვრობ და შვილებს ქართული უნდა ასწავლო. ვინ იცის რამდენია ასეთი, მაგრამ არავინ იცის კონკრეტულ მომენტში ვინ გაიძრობს მაისურს და გადახტება ყინულიან წყალში, ან ვინ დაიჭერს დაუჭერელ იარაღს იდეის გამო. ასეთია გმირობა, ხშირად უცაბედი და გაუაზრებელი. კარგად უნდა იცნობდე შენს თავს, რომ მიხვდე, სად რისი გამკეთებელი ხარ. და კიდევ, არის ერთი სუსტი მომენტი,  მე სუსტ რგოლს ვუწოდებ ხოლმე, თუ გადაგწონა შიშმა მეორე მხარეს, ფეხს ვერ გადაადგამ. ამ ფიქრების ფონზე, ლეილა, წარმოგიდგენია, რამდენი შეუძლია გამბედავ ადამიანს? რა ისტორიები არ გადახდენიათ მარტო ჩვენებს თავს, და მსოფლიო ხომ დიდია, როგორც ერთი ქართველი მწერალი ამბობს „დედამიწას ხომ სიყვარული ატრიალებს“. მე კიდევ ზუსტად ამას დავამატებდი, რომ სადაც სიყვარულია, იქ მოულოდნელიც მოსალოდნელია.

ამ სიტყვების მერე ორივე რაღაცნაირად ჩავფიქრდით, არ ვიცი რაზე ფიქრობდა ლეილა, მაგრამ მე ერთბაშად მთელი ჩემი ცხოვრება გადამეშალა წინ, მინდოდა გამეგო რას არ ველოდებოდი ჩემი თავისგან და რა გამიკვირდებოდა. ან საერთოდ ვიცნობდი კი საკუთარ მეს? რისი მკადრებელი იყო? რას გააკეთებდა უცებ არჩევანის წინაშე რომ დამდგარიყო? ბოლოს მაინც იმ ფიქრისკენ გადავიხარე, რომ შეცნობა უფრო პროცესია, ვიდრე ერთი მოქმედება და ალბათ, მაგაშია ცხოვრების ხიბლიც, - საკუთარი თავის ძიების პროცესში.

-         მანანა, ამაზე გამახსენდა ზუსტად, შენ ის ისტორია თუ გახსოვს მე და ჩემს ქმარს

რომ გადაგვხდა ჯერ კიდევ შეყვარებულები რომ ვიყავით მაშინ? მოკლედ, შენ ხო იცი, სტუდენტობის პერიოდში შევხვდით მე და სოსო ერთმანეთს. რას არ აკეთებდა, რომ თავი შეეყვარებინა, ხან აქედან მირბენდა და ხან იქიდან. ჰოდა, ერთ დღეს, ივნისი იყო თუ ივლისის თვე აღარ მახსოვს, ცხელოდა, ჩემი ჩითის კაბით ჩამოვფრიალდი, გინდა თუ არა შემომიჩნდა კარგი დღეა და გავისეირნოთ, ლაღიძის წყალზე დაგპატიჟებ, ცოტას გაგრილდები და საღამოც გავაო.

მოსული არ იყო, მეორე მხრიდან მახარა სურპრიზი მაქვსო და უცებ, „რომაულ არდადეგებზე“ დასასწრები ბილეთები ამოიღო ჯიბიდან. წარმოვიდგინე, რამდენს იწვალებდა, იმდღეს ხომ პრემიერა იყო და მთელი ელიტური საზოგადოება იქ იქნებოდა. როგორც დაგეგმილი გვქონდა, ვისეირნეთ რუსთაველზე, და საუბარში ვართ გართულები, რომ ხაზი გაუსვა ჩემი კაბის სიგრძეს, მოკლეაო. რას მეუბნები მეთქი? გულზე მომხვდა შენიშვნა და თან ვისგან? ამ სამი დღის ნაცნობისგან. ეგრე გინდა მეთქი გავიფიქრე, და თავზე გადავახიე ის ბილეთები და გამოვიქეცი, მეცინება ახლაც რომ მახსენდება სოსოს სახე. მერე კი შემეცოდა მაგრამ რაღა დროსი იყო. მაინც გავჯიუტდი, მივდივარ და მომყვება, მიხდის ბოდიშებს, სიტყვებს არ იშურებს, მე მაინც არ მილბება გული. ბოლოს, როგორც იქნა, შემომირიგა, ფილმის გაცდენაც არ გვინდა.

ჰოდა, წავიდა ეს ჩემი სოსო და პირდაპირ კინოს დირექტორს არ მიადგა კაბინეტში? ასეთი და ასეთი ამბავი დამემართა და უნდა მიშველოთო. არ ვიცი კიდევ რა ილაპარაკა, მაგრამ საღამოს უკვე კინოთეატრში ვისხედით და მესმოდა, პირველივე კადრზე, რომელიც რატომღაც გაწყდა როგორ ეძახდა მთელი დარბაზი კინომექანიკოსს „საპოჟნიკი ხარ თუ მეხაშე“ რამე გვიშველეო.

-         ისტორია მე მაქვსო შენ უნდა თქვა, ჩემო ლეილა. სულ სხვა დრო იყო, გეუბნები,

სულ სხვა. ჩემს შვილებს რომ ვუყურებ, მაგათ მოღუშულ სახეებს გული მეკუმშება, მაგრამ არც მაგათი ბრალია, დრო არის ისეთი.

 

კატერინა

როცა რაღაცაზე ფიქრობ, მთელი გონებით ჩართულიხარ, სულ რომ არაფერი გააკეთო მთელი დღე, იღლები. ატრიალებ ერთსა და იმავე აზრებს გონებაში, შენ გგონია რომ ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავ, ზოგი შეიძლება ფურცელს და კალამსაც იხმართ და უარყოფით თუ დადებით მხარეებსაც წერთ. თუ ასე მოვიქცევი...მაშინ, ეს მოხდება, თუ ისე მოიქცევი, მაშინ ეს. დაახლოებით, უნარების გამოცდაზე მჯდომ აბიტურიენტს ვგავართ, რომელიც დაკვირვებით კითხულობს ამოცანის ტექსტს: „თუ ანა ორი სკამით წინ გადაჯდება, მაშინ შოთა ბოლოს წინა სკამზე აღმოჩნდება, სად ზის ანა, თუ ერეკლე ბოლოდან მესამე სკამზე ზის?“ დაახლოებით ასეთი შინაარსის დავალება მედო თვალწინ და მინდოდა თუ არა, უნდა ამომეხსნა. თან არის ერთი სანუკვარი მომენტი, არა გადაწყვეტილების შედეგის ბედნიერება, არამედ, თავად გადაწყვეტილების ბედნიერება.

ყველაზე მეტად ლოდინი გღლის ადამიანს, და თუ ვინმე გამოჩნდება ისეთი, რომ ამ ლოდინს დაგისრულებს, თუნდაც ეს ვიღაც საკუთარი მე იყოს, ერთ წუთში უბედნიერეს ადამიანად იქცევი. ადამიანად, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, და გადავიდა მეორე ეტაპზე - განხორციელების ეტაპზე. ზუსტად ასეთი მდგომარეობა მქონდა, რაღაცნაირად სიხარულშეპარული. სანდროც კარგ ხასიათზე იყო და როგორც, ჩემი ისტორიის მასწავლებელი გვასწავლიდა, ვცდილობდი ყველა წუთი დამემახსოვრებინა, ჩემი შვილის ქცევების ყველა დეტალი, რომ როცა კი დრო მოვიდოდა დაუფიქრებლად გამხსენებოდა და გონების თვალით აღმედგინა.

ზურაც იმდღეს უცნაურად კარგ ხასიათზე იყო, სანდროსაც ეთამაშა, მერე ჩვენც ცოტა ვილაპარაკეთ, ის ამბავი გაიხსენა სტუდენტობისას პირველად რომ დამინახა, და გაცნობა გადაწყვიტა. დააპირა კიდევაც ჩემსკენ წამოსულიყო, რომ უცებ ფეხი ფუნაში ჩადგა, და ცალკე ძმაკაცებმა დააყარეს სიცილი, ცალკე თვითონ შერცხვა. ამიტომ, კიდევ რამდენიმე კვირით გადაიდო ჩვენი გაცნობის წუთი.

ზურა იცინოდა და მეც ვიცინოდი. ერთი წამით დავიჯერე, რომ ბედნიერი ოჯახი მქონდა. მაგრამ იმდენად მცირე იყო ბედნიერების წამები, რომ გადაწყვეტილების შეცვლას არ ვაპირებდი. ზედმეტად ბევრი პატიება დაგროვდებოდა და მხოლოდ სულელებს სჩვევიათ, მეთერთმეტედ მოღალატესთან მიბრუნება.

ჩვენ ხომ ასე და, მანანაც უჩვეულოდ კარგ ხასიათზე მოვიდა. ღიღინებდა კიდევაც ძველებულ სიმღერას.

- თბილად ჩაიცვი, დედა, არ გაცივდე. - მე მომმართა, და თითქმის გავიხედე, ჩემს უკან ხომ არ დგას ვინმე და ნამდვილად ხომ მე მომმართავს ასე ტკბილად მეთქი. არავინ იდგა და მე ვიყავი ამ სიტყვების ერთადერთი ადრესატიც. მანანაც ძველი ამბების ხასიათზე იყო, რამდენჯერმე მოსმენილი კურიოზები გაიხსენა და ოთხივემ ვიცინეთ, ისე თითქოს პირველად გვესმოდა ეს ამბავი და ეს ისტორია.

ხანდახან რა უცნაური იყო ცხოვრება, ღამის პირველ საათზე, აივანზე რომ გავედი ვარსკვლავების დასათვალიერებლად, დიდი, სავსე მთვარე დავინახე მარტო. მერე ყველა სიმართლე თუ ტყუილი გამახსენდა, რაც სავსემთვარეობაზე წამეკითხა. მაგრამ რაღაცეები არ ემთხვეოდა, სავსემთვარეობა ყოველთვის უფრო უბედურ შემთხვევებთან, ჩხუბთან, და არეულ დამოკიდებულებასთან ასოცირდებოდა. მაგრამ დღეს ყველაფერი პირიქით იყო, თითქოს ვიღაცამ დედამიწას ბრუნვის მიმართულება შეუცვალა და ამან კი თავისთავად, ჩემი ოჯახის წევრების ხასიათზე იმოქმედა.

ან იქნებ აღდგომის სასწაულის ძალა იყო? წითელი პარასკევი იყო, და აღდგომის ღამე დგებოდა. ერთი კარგი ტრადიცია კი გვქონდა ოჯახში, აუცილებლად ტაძარში ვხვდებოდით აღდგომის თორმეტს. იერუსალიმიდან ჩამოტანილ ცეცხლს ვეგებებოდით როგორც ნამდვილი ქრისტიანები.

ერთადერთი ოცნება მქონდა, მინდოდა ის აღდგომა გათენებულიყო, როცა მშობლიურ სოხუმში გავიღვიძებდი, დილაუთენია ჩემი ეზოს ტიტებს და ნარცისებს შევაგროვებდი, მერე ხელს ჩავკიდებდი სანდროს და ერთად მივიდოდით იქ, სადაც სანდროს ბაბუას და მამაჩემს ვნახავდით. ავტიკტიკდებოდი თორმეტი-ცამეტი წლის გოგოსავით და კიდევ ერთხელ დავიჯერებდი, რომ ოცნებები ხდება. ისეთი შორი იყო ეს ოცნება, მარტო ოცნებას თუ ვუწოდებდით.

 

ზურა

ისეთ ასაკში ვარ, ბიჭო, ამ დროს იწყებს კაცი ცხოვრებას. ჰოდა, ეგრე მგონია რა, რაც გინდა და სულს უხარია ის უნდა აკეთო. სულ ოცდაათი წლის ხო არ ვიქნები? თან ეს ქვეყანაც მარტო თავისზე ფიქრობს და რაღა მე უნდა ავაშენო აუშენებელი რო? იმდღეს, მე და ეკა მერაბასთან ავდიოდით სახლში და გზაში ერთი კანფეტის ქაღალდი  გადავაგდე.

-         ზურა, რა ვერაფერი ვერ ისწავლე, ყველგან ერთნაირი უუნარო როგორ უნდა იყო?

ან რამე ისწავლე, ან, განვითარდი. მარტო მერაბას ყურება გგონია წინ წაგიყვანს? რა გელაპარაკო, აგერ მეხუთე წელია ერთად ვცხოვრობთ და რა ნივთი სად უნდა დატოვო, და ნაგავი სად არის ის ვერ გასწავლე. სახლის გარეთ მაინც მოიქეცი ისე, რომ არ შემარცხვინო.

-         გოგო, რა ყველაფერზე ვარდები? გეგონება  თხუთმეტწლიანი კონიაკი დამექციოს,

ან კიდევ, ვინმე შემომკვდომოდეს. ან ის ერთი ჩემი ქაღალდის ნაფცქვენი  გახდის ქალაქს ბინძურს, რაც აქამდე არ ყოფილა?

-         ჰო, მარტო კონიაკი და არაყი რომ გგონია ცხოვრება მაგას გეუბნები.

-         ქალაქს ხო ყავს თავისი დასუფთავება, ნეტა შენ რატო გეწვის გული? დაალაგებენ

და ეგ იქნება.

-         სხვისი შრომა არაფრად მიგაჩნია, რა გელაპარაკო.

ამის მერე, კიდევ ბუტბუტებდა რაღაცეებს, მაგრამ აღარ მიმიქცევია ყურადღება.

ყველაფრის თქმა შეეძლო, რაც პირზე მოადგებოდა. იბუტბუტებდა და ბოლოს გაჩუმდებოდა, მეხუთე წელი იყო ბოლოს და ბოლოს, მივეჩვიე ვისთან მქონდა საქმე. ხასიათს წავიხდენდი ამის გამო ახლა რა?

 

ნონა

ეკას ამბავიღა მაკლდა რა საფიქრალად. იმდენი ვიფიქრე, ამდენი გათხოვებაზე რომ მეფიქრა, უკეთესად ვიქნებოდი დღეს. როგორც იქნა ფულიც ვიშოვე, ბევრი კი მაწვალა და მახვეწნინა ციალამ, მაგრამ მაგას რა ედარდება, ჩემთან ეგ ფული არ დაეკარგება, ერთი ორი წელი ვიმუშავებ და დავუბრუნებ ვალს.

-         მერე, იმ ეკას აქვს ფული? წამოსვლა რომ მოსდომებია. - როგორც იქნა ჩაერთო

ჩემი ნაქმარევიც საფიქრალში. ხო, მე ნაქმრევს ვუწოდებდი უკვე, თვითონ არ უნდოდა დაჯერება თორემ. სხვა რა გზა ჰქონდა, დაიჯერებდა დროსთან და მანძილთან ერთად.

-         მაგის ფულიც მე მადარდე რა - რაც შეიძლება უხეშად მივუბრუნე პასუხი და

ზურგშექცეულმა გავაგრძელე კვერცხის თქვეფა.

-         შენი სადარდებელია ზუსტადაც, რომ ჩახვალთ და ერთი ზედმეტი კაპიკი არ

ექნება, ისე ხო არ დატოვებ, შენი რომ ვიცი.

-         ჩემი რომ იცოდე, მაგას არ იტყოდი. ჯერ თავი და მერე სხვა. მაგ პრინციპით

ვცხოვრობ ამ წუთიდან. იქ რისთვის მივდივარ გავიწყდება შენ, მემგონი.

-         ჰო, კარგი ერთი, ნონა, შემეშვი თუ ქალი ხარ, როგორც გინდა ისე ქენი. მერე მე არ

დამაბრალო.

-         შენ რაც დაგაბრალე, ისიც გეყოფა.

ასე იყო თუ ისე, ერთი კარგი აზრი კი მომაწოდა ნაქმარევმა. წავიყვანდი ამ ეკას, სიკეთედ მაინც ჩამეთვლებოდა.

 

კატერინა

ზურა ხო არ მიყვარდა და იმის ძმაკაცები კიდევ ცალკე თემა იყო. უცნაური ბიჭი იყო ეს მერაბი, ხანდახან ისეთ ხუმრობას იტყოდა, საით გაგეხედა აღარ იცოდი. მარტო ჩუმი ღიმილი და თავის ტკივილი თუ გიხსნიდა ამ უხერხული სიტუაციისგან.

სახლში რომ შევედით, იჯდა ეს მერაბი ტელევიზორის პულტით ხელში, თან სიგარეტს აბოლებდა და ისედაც ჩაჟამულ ოთახს უფრო ბუნდოვანს ხდიდა.

-         ვაა, ვა რა ხალხი. ეკა შენ კი არ გიყვარს ჩვენს სიტუაციაში ყოფნა, მარა არა ვართ

ცუდი ხალხი, შენს დაქალებს ვერ შევადარებ მაგრამ, მაინც. - თქვა და თან გაიცინა რაღაცნიარად, ირონიულად და ხელი ჩამოართვა ზურას.

-         შენ რა ენამწარეობა შეგყვარებია, არ მახსოვხარ ასეთი - უხერხული ღიმილის

ნაცვლად ვუპასუხე და თავი რომ დამეძვრინა უცებ შევვარდი სამზარეულოში.

-         იმდღეს, ეკა, მოვდივარ ბაზრიდან, ორი პარკით ხელში, - დაიწყო ლელამ,

თავისებური ლაპარაკი და უკვე პირველივე სიტყვიდან წამიხდინა ხასიათი. - და უცებ შენი დაქალი არ დავინახე, ქეთი ხო? ვიღაცის მანქანაში ჯდებოდა. არა, კი არაფერი, მაგრამ არ არის მაინც ლამაზი, ეს გათხოვილი ქალი...  - აქ უკვე ვეღარ მოვითმინე და შევაწყვეტინე.

-         ლელა, მოდი დაწყნარდი რა, ვიღას უკვირს დღეს სხვის მანქანაში ჩაჯდომა. აბა,

ისაა კარგი, დატვირთული პარკებით უმანქანოდ რომ დადიხარ სადგურიდან ლილომდე? თან მეორეც, ქეთი თბილისში არ არის, უკვე მესამე დღეა და ძალიან გთხოვ რა, ნუ გაუვრცელებ ამ ფეხმოკლე ტყუილებს.

არ მქონდა დამთავრებული, კივილით რომ შემოვარდა პატარა ლუკა, დედა, ჩემს ოთახში პატარა თაგვი დავინახე და მიშველეო. ამან კი ააწრიალა მთელი საძმაკაცო, დაიწყეს ვარაუდები, სახლში თაგვი ცუდის ნიშანია, ეგ არის ყველა დაავადების გადამტანი, მაგან თუ გიკბინა ჩათვალე სამუდამოდ დასახიჩრდებიო და კიდევ ათასი სისულელე.

გუგამ, ძმაკაცებს შორის ყველაზე პატარამ,  ბავშვობას გავიხსენებ, რა დრო იყო თაგვებზე რომ ვნადირობდით მთელი უბანიო და ჯოხის ბოლოზე წამოცმული ბადით შეუტია „მტერს“. არადა, ის თაგვი ერთი საწყალი, დაჩაგრული ვინმე უნდა ყოფილიყო. ტანზე რომ შეხედავდი, მოხრილი, სიარულისგან დაღლილი სხეული შეგრჩებოდა. თავისი გასჭირვებოდა და სიცოცხლის ბოლო წუთები ვიღაცეების გასართობად რომ ქცეულიყო კიდევ უფრო მეტად ანაღვლიანებდა თითქოს.

ზურა ყველგან რომ წყნარი იყო და სასმელის გარეშე ლაპარაკიც ეზარებოდა, უცებ წამოხტა:

-         გვეყოფა რა ამ საწყალი ვირთხის თუ ვირთაგვის დევნა. მოკვდება დღეს თუ არა,

ხვალ. ერთი მაგის ადგილზე წარმოიდგინეთ რომელიმემ თავი, ამდენი გიგანტური არსება რომ უყურებს შენს სიკვდილს, როგორია? ვინმეს რომ გაუგო, უნდა სცადო და ერთი წამით მაინც მის ადგილას წამოიდგინო თავი, ის განიცადო რასაც განიცდის და მერე, მარტო ამის მერე იქნები შენს თავთან მართალი, შენს ქმედებასთანაც. თქვენ კიდევ დამდგარხართ ასე მოსეირეები და უყურებთ როგორ იღუპება კიდევ ერთი სიცოცხლე. მარტო თაგვებზე ვითომ? თაგვებზე და იქნებ ადამიანებზეც?

არ ვიცი იმ საზოგადოებაში ვინ რა გაიგო ამ მონოლოგისგან, მაგრამ ყველა მიხვდა რომ დამშვიდების დრო იყო,ეს  უნდა დასრულებულიყო.

ყველასგან მოველოდი, სულ უაზროდ მოხუმარე ზურასგან, მოძველბიჭო გუგასგან ან ჭორიკანა ლელასგან, მაგრამ ზურას თუ ამდენის ფიქრი შეეძლო რომელიმე საკითხზე რა დამაჯერებდა, ჩემი ყურით რომ არ მომესმინა, მონაყოლს არ ვირწმუნებდი.  ერთი კი ვერ გავიგე, რამ გაანერვიულა, რამ ააფორიაქა ასე. იქნებ და ბავშვობის კომპლექსები იყო, ღრმად ფესვგადგმული ორგანიზმში. ან იქნებ, ის მომენტი იყო, როცა საკუთარ თავზე მეტად სხვისი გვტკივა და გაადამიანურების უმაღლეს სტადიას ვაღწევთ?

მომენტის შერჩევა, ყველაზე დიდი ინტუიციის ნიშანია, მე თუ მკითხავთ. სწორად შერჩეულ მომენტს შეუძლია აგარიდოს ომი, გაპოვნინოს სიყვარული და ძნელად სათქმელი ამბავი ადვილად გადაატანინოს მომაკვდავს. ჩემი მდგომარეობა არც ერთს არ გავდა, მაგრამ გამბედაობა სჭირდებოდა, მე კიდევ მშიშრობას მიჩვეულს, არ მემეტებოდა საკუთარი თავი იმ გაურკვევლობისთვის ჩემივე თავს რომ ვუმზადებდი. აი, იმ მომენტში ზურამ, ჩემთვის ძალიან მოულოდნელად, საკუთარი გრძნობები რომ გამოავლინა იმ საწყალი თაგვის მიმართ, დამარწმუნა, დღეს დგებოდა ის მომენტი, დღეს უნდა მეთქვა ჩემი გადაწყვეტილების შესახებ.

-         ამ წელს თუ არა, მეორე წელს უეჭველი დავიწყოთ ის საქმე, უცებ გავერკვევით,

დამიჯერე რა, სასტუმრო ყველაზე კარგი ვარიანტია. ფულიც გვექნება, ჩვენც დავისვენებთ, და გოგოებიც იტრიალებენ. - უცებ დაალაგა საძმაკაცოში სიტუაცია გუგამ, დაგვასაქმა, დაგვაკვალიანა და მოწოდებული სამას გრამიანიც გადაკრა.

-         ხოო, რა. ისეთებმა გააკეთეს ფული, ბიჭო, გარეთ რომ გავდივარ მე მიტყდება რა

ყველას მაგივრად. რამე უნდა გავაკეთოთ, თორე უბანშიც წამოყეს თავი აქა-იქ ლაწირაკებმა და არ მინდა რა ტყუილად ხელის გასვრა. - ეს უკვე მერაბი იყო, თავისი გაბუქებული ლაპარაკით, თან ხელი მარჯვენა ჯიბისკენ მიჰქონდა და თითქოს წარმოსახვით იმ იარაღს ეხებოდა, რომლის იმედიც ჰქონდა, 90-იანებს გადარჩენოდა, და დღემდე უბანში სიდიადეს უნარჩუნებდა.

-         დიდი ბოდიში, მაგრამ ამ დიალოგს უკვე მეხუთე წელია ვისმენ და ცოტა აღარ

მჯერა, - ვთქვი მე, კუთხეში მიგდებულ ჩემი ტყავის ჩანთას დავწვდი და გასავლელისკენ გავიწიე. ზურაც არ გაჩერდა და გამომყვა.

გამოსული არ ვიყავი, გავიგონე, როგორ თქვა ლელამ „ამათ რა ჭირთ დღესო“. არასდროს მაინტერესებდა ლელას აზრი და მით უმეტეს ახლა, წინ იმდენად დაძაბული საღამო მელოდა, წინასწარ მაკანკალებდა.

ნახევარი გზა ფეხით გამოვიარეთ ისე, რომ არც ერთს ხმა არ ამოგვიღია. მგონი პირველი დღე იყო, სულ სხვანაირად რომ დავინახეთ ერთმანეთი, მე ემოციებით შეწუხებული ზურა და იმან გაბრაზების გამო ჩემი პირდაპირობა, თან სად? ქმრის ძმაკაცების გარემოში.

მომენტი სწორად შევაფასე, თითქმის ყველაფერს ვაკონტროლებდი ჩემი აჩქარებული გულისცემის გარდა, სახლამდე კიდევ იყო მანძილი, თქმასაც მოვასწრებდით და განხილვასაც.

-         ზურა, ახლა ამის დრო არ არის, ან რა დროს ეგაა, მაგის თქმის გარეშე, ცოტა ხანი

მომისმინე. ისე ჩუმად იყავი, უბრალოდ მომისმინე რასაც გეუბნები, მერე დაახლოებით ხუთი წუთი არაფერი მითხრა. ამ ერთხელ, რაღაც მაინც დამიჯერე.

-         ორსულად ხარ? - არ მქონდა ლაპარაკი დამთავრებული შემომაგება ზურამ თავისი

ვერსია.

-         არა, არაა, სულ სხვა ამბავია და ძალიან გთხოვ, არ გინდა აქ გამოცნობანას თამაში.

თუ მომისმენ, ყველაფერს დეტალურად მოგიყვები, ოღონდ ბოლომდე მოისმინე, არ გამაწყვეტინო.

თვალებში ვუყურებდი და თვალის კონტაქტით ვცდილობდი შემეჩერებინა ცნობისმოყვარეობის ტალღა ნელ-ნელა რომ გროვდებოდა შაბიამნისფერ სიშავეში. თავით მანიშნა, კარგიო, და ხელები გაშალა, ისე თითქოს, როდის იყო და რამეს გაწყვეტინებდიო.

ამ წუთში, როდესაც წარმოვიდგინე როგორ ვიწყებდი სულ სხვა ცხოვრებას, ვტოვებდი ჩემს იმედს უცხო ადამიანების ხელში, გული მომეკუმშა ტკივილისგან, თვალებშიც ცრემლი გამიმრავლდა და ცოტაღა მაკლდა ქვითინის დაწყებამდე. ისევ მეორე მეს რომ არ ემარჯვა და უცებ წამის სისწრაფით არ ამოეყარა ფაქტები ჩემი ცხოვრებიდან: მთვრალი ზურა, ყოველ დილით ხვეწნა სამსახურის დაწყებაზე, თვის ბოლოს ბაღის გადასახადისთვის მეასედ აღებული ვალი, უბნის მაღაზია და ვენერა დეიდასთან ჩამოწერილი ნისიების უშველებელი რვეული, საღამოები უსიტყვო სულიერ მარტოობაში და მარტო იმედი, რომელსაც აღარც ერქვა იმედი.

-         ზურა, შენც იცი, ყველაზე უკეთ იცი, როგორ გვიჭირს ჩვენ ერთად. სანდროც,

აღარ არის პატარა და ბევრი რამე სჭირდება, თან დღევანდელ დროში, ამის ტოლები ინგლისურზე და ცეკვაზე დადიან, ჩვენ ბაღშიც ძლივს დაგვყავს, ბევრი რამე სჭირდება და ჩვენ ვერაფერს ვუკეთებთ. ან კიდევ, სულ ჩემი დეიდაშვილის შვილის ტანსაცმელებით ხომ ვერ ვაცხოვრებთ?! შენ ფიქრობ, ალბათ, და ვერაფერი მოიფიქრე, შენი ძმაკაცების გაკეთებული ბიზნესის იმედად კიდე ჩემი მტერი იყოს. არ მჯერა მე მაგ ზღაპრების.

-         ვერ გავიგე, რისი თქმა გინდა.

-         მოკლედ, იმდღეს მე და ქეთი ნონასთან ვიყავით, ჩემი ბავშვობის მეგობარი რომაა,

ხუჭუჭთმიანი, ცოტა პუტკუნა, უნდა გახსოვდეს. თუ არ გახსოვს, არ აქვს მნიშნველობა რა, ეგ მიდის საბერძნეთში სამუშაოდ, წინასწარ მომზადებული აქვს ყველაფერი, იქ ჩასულს სამსახურსაც დაახვედრებენ და გზაზეც დააყენებენ. ჰოდა, ვიფიქრე, რომ ახლა ყველაზე მეტად ეგ გვჭირდება ჩვენ. ხო იცი, რა რთულია ასეთ გზაზე მარტო ქალის წასვლა? ისიც ხო იცი, მე სანდრო როგორ მიყვარს და როგორ გამიჭირდება ყოველ დილას მის მაგივრად სხვა ბავშვების ფერება? მაგრამ ისევ სანდროს მომავლისთვის მინდა, უნდა  დამიჯერო ამ ერთხელ.

ამის მერე ყველაფერი აირია ჩემს გონებაში, ამ წუთიდან მეორე სამყაროში გადავედი თითქოს და წამის უსწრაფესად განვითარდა მოვლენები. ზურას რამდენიმე კვირა დასჭირდა, სანამ გაიაზრებდა რა და როგორ იყო. ცალკე დედაჩემის და ჩემი ძმის გადმობირებას ვცდილობდი. ვარწმუნებდი იმაში, რაშიც მე თვითონ არ ვიყავი დარწმუნებული: რომ იქ უკეთესი პირობები იყო, რომ კარგი ხელფასი მექნებოდა, რომ ორ თუ არა სამ წელში აუცილებლად უკან დავბრუნდებოდი, იქამდე შეიძლებოდა თვითონ ესენი წამეყვანა იქ... და არ ვიცი კიდევ, სად არ მიდიოდა ჩემი ფანტაზიის უნარი.

-         გაგიჟებულხარ! - მესმოდა ყველა მხრიდან.

იქნებ ასეც იყო? იქნებ მართლა გავგიჟდი და ვერ ვაცნობიერებდი რა შეიძლება

მოჰყოლოდა ჩემს გადაწყვეტილებას? თან ერთი ყველაზე მნიშნველოვანი დეტალი გამომრჩა, ვერც ზურას და მერე ვერც ჩემებს, ვერაფრით ვერ ვუთხარი რომ გაშორებას ვაპირებდი. ამის ძალა აღარ მქონდა. მერე უნდა მომესმინა საათობით ლექცია, და მერე წასვლაზე ფიქრიც უნდა დამევიწყებინა. ერთადერთი ქეთი იყო, რომელმაც ზუსტად იცოდა ,რასაც ვფიქრობდი, მის თვალებში ვკითხულობდი მეგობრის დაკარგვის შიშს და თითქოს უხმო ძახილს, შემეცვალა გადაწყვეტილება.

ყველაზე მეტად სანდროს მდგომარეობას განვიცდიდი. ყოველ დილით ისევ ისე ადრიანად მეღვიძებოდა, და ვუყურებდი როგორ მშვიდად ეძინა ჩემს შვილს. იქნებ არ ღირდა გარისკვად, იქნებ შვილს ვკარგავდი და ვერ ვხვდებოდი? ეს იძულებითი გაქცევა იყო და არა ჩემი სურვილით გამოწვეული. ახლა ამას ვერ გავაგებინებდი სანდროს, ძალიან პატარა იყო. აი, სამი წლის მერე, როცა საბოლოოდ დავბრუნდები, ისევ გაიხსენებს დედას, ხელახლა შეიყვარებს და საუკეთესო მეგობარიც გახდება. ასე ვანუგეშებდი საკუთარ თავს, რადგან სხვა არავინ მყავდა, ოდნავ მაინც ჩემზე მაფიქრებელი. თითქოს, ყველას გული ეგოისტობით ამოექოლა და მხოლოდ ჩემი წასვლის მერე, საკუთარ მდგომარეობაზე ფიქრი ადარდებდათ.

ის ოთხი კვირა როგორ გავიდა, ვერ გავიგე, არც ის მახსოვს, როგორ გავყიდე მამაჩემის ნაჩუქარი, ამ წვალებას გადარჩენილი ოქროს საათი. მერე, როგორ ვალაგებდი ბარგს, და როგორ ვცდილობდი რაც შეიძლება გრძელი წერილი დამეტოვებინა სანდროსთვის. მალე კითხვას დაიწყებდა, და რამე მაინც ხომ უნდა ჰქონოდა დედისგან.

ჯერ არც კი ვფიქრობდი იმ შორეულ გზაზე, რომელიც მელოდა, თურქეთში გადასვლა, მერე თურქეთიდან გემით ბულგარეთში და აქედან კიდევ საბერძნეთში. უნდა დავმალულიყავი, გაქცეულის ანაფორით მევლო და მარტო საკუთარი თავის გადარჩენაზე მეფიქრა. შევძლებდი კი ამდენს? ავუშენებდი უკეთეს ცხოვრებას ჩემს შვილს? იქნებ გაზრდილიყო და ეთქვა, - დედა, მე შენ აქ უფრო მჭირდებოდი, თუნდაც სიღარიბეშიო.

ასეთ ფიქრებში ვიყავი, როცა ორსართულიან ავტობუსში შევაბიჯეთ მე და ნონამ, ზურა მაცილებდა ორი დიდი ჩანთით. ხელში სანდრო ეჭირა და გეგონება პირველად დამინახაო, მიყურებდა დაკვირვებით, ყველა სახის ნაკვთს მიმოწმებდა, თითქოს იმახსოვრებდა.

-         კარგი, ეკა, რადგან ასე გინდა, რა გითხრა. წადი. იქნებ, მერე, ჩვენც ჩამოვიდეთ. –

მითხრა ზურამ და ოდნავ გაიღიმა.

-         ჰო, იქნებ თქვენც ჩამოხვიდეთ. - გავიმეორე მეც, და გულში კიდევ ერთხელ გამკრა

ზურასთვის სიმართლის თქმის სურვილმა. სინამდვილეში ხომ ვიპარებოდი, გავრბოდი საკუთარი ცხოვრებიდან, თანაც უთქმელად.

მეტის მოთმენა აღარ შემეძლო, აღარ შემეძლო მეყურებინა საკუთარი თავისთვის, სხვას თუ არ ვეცოდებოდი, მე ხომ მაინც უნდა შემებრალებინა საკუთარი გრძნობები. სანდროს ჩავეხუტე, მისი სურნელი სიკვდილის ბოლომდე გამყვება. პატარა თითებში პიტნის კანფეტი ჩაეხუტებინა და ისე უჭერდა , როგორც ბავშვებს სჩვევიათ.

-         დიიდაა, - დამიძახა და ჩემკენ გამოიწია.

-         ვერ მოვითმინე და ჩავიხუტე კიდევ რამდენჯერმე.

არა, მეტი აღარ შემეძლო, ცოტაც და ჩამოვაღებინებდი უკან ჩემს ბარგს და ისევ ჩემს

ერთოთახიანს მივაშურებდი. სწორ მომენტში, ზუსტად იმ წამს დამიძახა ნონამ, როგორც სჩვეოდა, ცოტა უხეშად გადაწყვიტა, შეეწყვიტა  განშორების ეს სენტიმენტალური მომენტი, ადგილისკენ მიმითითა, დაჯექი, გავდივართო და მეც უხმოდ დავემორჩილე, სკოლის მოსწავლესავით.

ახლა უკვე ფანჯრის მინებიდან ვხედავდი ორ ლანდს, რომელიც სადამდეც თვალსაწიერი გამყვა, ხელს მიქნევდა და მამზადებდა ჯერაც უცნობი მომავლისაკენ.

სამშობლოს ვტოვებდი, არ იყო ადვილი.

შვილს ვუტოვებდი ამ სამშობლოს და თან მიმქონდა უსაშველო სევდა. ნეტა ამად თუ ღირდა?

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ელფოსტაბეჭდვა