ყვავილები სახლთან ახლოს
ყვავილები სახლთან ახლოს
ყვავილები სახლთან ახლოს
07 მაისი, 2019 წ.

 

წამზომმა ისევ გააცოცხლა საათის ისრები. სასწრაფოდ წამოხტა ლოგინიდან, ეს პირველი შემთხვევა იყო როცა ჯერ გაიღვიძა და თვალები შემდეგ გაახილა. უნდა ეჩქარა, ექიმთან აგვიანდებოდა... აკი არასდროს უყვარდა მარტო სიარული, ძალიანაც რომ მოენდომებინა საკუთარ თავთან თითქოსდა ვერც კი ახერხებდა მარტო დარჩენას.  ახლა კი მარტო მიიკვლევდა გზას უცნობ, თეთრკედლებიან შენობაში,  სადაც ყველაფერი ერთმანეთს ჰგავდა, ერთიანად ბზინავდა სისუფთავისაგან მაგრამ მაინც ყველაფერს დაძველებული ჰალვის სუნი ასდიოდა. ჰალვა ძალიან უყვარდა ბავშვობაში და მას შემდეგ რაც ერთხელ მოიწამლა ყველაფერ ცუდს მასთან აიგივებდა ქვეცნობიერში. ახლაც ისეთივე შეგრძნება დაეუფლა როგორც მაშინ, როცა შეშინებული ბებია ერთადერთ შვილიშვილს ხელშიატატებულს მიარბენინებდა სოფლის ახლოს მდებარე საავადმყოფოში, სადაც ერთნაირი წარმატებით მკურნალობდა ასაკიანი ექიმი  ტვინის შერყევასაც და ფილტვების ანთებასაც. ეჰ ნეტავ მაშინ, გაუელვა გონებაში ... მაინც რა დრო იყო როცა წამალი წამლობდა და ექიმი ექიმობდა  და უცებ სიცილი აუვარდა... მერე შერცხვა, შერცხვა იმისი არა რომ უცნობები სიბრალულით შესცქეროდნენ, არა ისინი საერთოდ არ შეუმჩნევია, შერცხვა რომ ასაკიანი ქალის ფიქრებში გამოიჭირა საკუთარი თავი.

გვარით გამოიძახეს. როგორც მაშინ პირველად რომ მიუჯდა სკოლის მერხს ბაფთადაკაპიწებული. მაშინ მისი ერთადერთი გულშემატკივარი ბებია იყო, მაგრამ ახლა? ეჰ, როგორ მოუნდა ბებოს გაზაფხულის მწვანილებით მოჩითულ კალთაში თავის ჩარგვა და ატირება მაგრამ ახლა ხომ დიდია და თან ისე პატარა. წელგამართული წამოდგა, თითქოს ფორტეპიანოზე დასაკრავად ემზადებოდა - ბებია ხომ მუდამ მოძღვრავდა, ჯერ ჯდომა უნდა ისწავლო ინსტრუმენტთან ხალხმა რომ ყურადღებით მოგისმინოსო. შემართება სისხლის ასაღებ სავარძლამდე ეყო და უცებ მოწყვეტით ჩაეშვა გაფითრებული. მაინც რატომ აეკვიატა აზრი რომ რაღაც სჭირდა? ნემსის ჩხვლეტამ გამოაფხიზლა, უსიამოვნოდ შეაჟრჟოლა ტანში, ახლაღა შეამჩნია რომ წითელთმიან  ექიმს სამი სინჯარა სისხლით გაელიცლიცებინა. ნეტავი ამას, არ მობეზრდა წითელი ფერის ყურება თმებიც რომ წითლად შეუღებავს, - ჩვეული იუმორით გაიფიქრა და სკამიდან წამოხტა. საკუთარი ნანემსარი ბამბით ჰქონდა ჩაბღუჯული.  ყურადღება არც კი მიუქცევია დადევნებული სიტყვებისათვის - წარამეტებებს გისურვებთო. დერეფანში გამოსვლისას კვლავ იცინოდა, ეცინებოდა ექთნის სურვილებზე, აბა რა წარმატებები უნდა ესურვებინათ ადამიანისათვის რომელსაც რაღაც სჭირდა და ნეტავი რა იყო ეს რაღაც? ხალხის სახეზე სიბრალულის შეგრძნება გამქრალიყო, გაყინული თევზის თვალებით შეჰყურებდნენ ახალგაზრდას, ახლა აღარ ებრალებოდათ მისი სიცილი, ალბათ კარგი ანალიზის პასუხები რომ ჰქონდა იმიტომ, ეს მათ ეგონათ კარგი, თორემ ნეტავი რა იქნებოდა სინამდვილეში. მაინც რატომ ბრაზდება ადამიანი სხვისი სიხარულისას თუნდაც საერთოდ არ იყოს ეს სიხარული მის უსიხარულობასთან თანაკვეთაში? ისევ გაახსენადა ბავშვობისეული - “შური არის მწუხარება სხვისა კეთილსა ზედა, მე კი არ ვამბობ ამას სულხან-საბა ამბობს, რომ გაიზრდები საკუთარ თავზე ღმერთმა არ გამოგაცდევინოს ბებია, მაგრამ არც უმაგისობა იქნება“.

ტაატით მიუყვებოდა სანაპიროს. უხეში მოაჯირი ჯიუტად უშლიდა მდინარის სიცელქესთან მიახლოებას.  ამჯერად არსად ეჩქარებოდა, მხოლოდ დრო ჰქონდა მოზომილი. დრო ექიმთან შეხვედრამდე. მზისფერი ამინდი კიდევ უფრო ათბობდა ლამაზი წყვილების ხელისგულებს, ბავშვების ჟრიამული რატომღაც ხელს უშლიდა ფიქრში. რამდენი ხანია ბავშვობა აღარ გახსენებია. დღეს კი თითქოს დიდ ბავშვად გადაქცეულიყო. უცებ სისუსტე იგრძნო, წამით მდინარისაკენ გაიხედა, მის ზედაპირზე აბრჭყვიალებული ცისარტყელა რომ დაინახა მიხვდა თავბრუ ეხვეოდა და რომ არ ჩამუხლულიყო ხის სკამზე ჩამოჯდა. შუბლით ცივ საზურგეს მიეყრდნო და თვალები დახუჭა. არ უნდოდა ცუდზე ეფიქრა.

მეეზოვის ცოცხი საათის ისრებზე ზანტად მოძრაობდა. ტერფზე უხეშმა შეხებამ მონუსხულივით წამოაგდო. ამ ახალგაზრდა გოგოს არ გრცხვენია დილაუთენია რომ დაგილევია და ქუჩაში გძინავს? ზორბა აღნაგობის  ზიზღნარევი სახე თავზე დაჰყურებდა და ცოცხს მოუსვენრად ათამაშებდა ხელიდან ხელში. უცებ ვერ მიხვდა სად იყო, რა უნდოდა დილაუთენია ქუჩაში, ან ეს უცნობი რატომ უყვიროდა. მეხსიერებაში უკუღმა დატრიალებულმა კადრებმა მიახვედრა რომ მთელი საღამო და ღამე სკამზე მძინარეს გაეტარებინა. დროს მის დაუკითხავად გაერბინა. აქამდე გამოუცდელმა შეგრძნებამ დაუარა  ტანში - სციოდა, სწყუროდა, შიოდა, ეშინოდა... წარსულის ხმა მოძღვრის ქადაგებისას მოსმენილ სიტყვებს ჩასჩურჩულებდა ყურში -  ყოველთა გულის დამბადებელის მიერ განკითხვის დღისადმი თქმულ სიტყვებს: მშიერი ვიყავი და არ მაჭამე, სნეული ვიყავი და არ მომიარე, მწყურვალი ვიყავი და წყალი არ მასვი....  ვერ დააკავშირა ნარინჯისფერი სილუეტი რელიგიურ კანონებთან და უსიტყვოდ გაშორდა იქაურობას. მიდიოდა ოდნავ მოხრილი, შეჭმუხნული წარბებით და ახალბედა მზე ვერ ათბობდა მის ხელისგულებს.

თქვენ პირველად ბრძანდებით ექიმთან ვიზიტზე?  სათვალეებს ზემოდან ჩაეკითხა წარბებაწეული ჟღალთმიანი ქალბატონი და უხმოდ მიანიშნა კაბინეტისაკენ. სისხლის აღების პროცედურა გაახსენდა წითელი თმის დანახვაზე. კვლავ წაუხდა ნირი. თავს როგორ გრძნობთ? ექიმის აქცენტი გამოსჭვიოდა საშუალო სიმაღლის თეთრი ხალათიდან. რა კარგი ექიმია, უსახური, მიხვდა რომ გამოკვეთილნაკვთებიანი ხალხი აღიზიანებდა და თავის თავზე გაეცინა.

თქვენი მდგომარეობა არც ისე დამაკმაყოფილებელია. ტუჩებსქვემოდან გაწელა სიტყვები „თეთრმა ხალათმა“ და მისმა მტევნებმა თითებით სასწრაფოდ მოძებნეს ერთმანეთი. გადაწყვიტა ექიმის სახელი არ ჩარჩენილიყო მის მეხსიერებაში და ამიტომაც „თეთრი ხალათი“ შეარქვა. ნიშანი დამაკმაყოფილებელი პირველად და უკანასკნელად მეშვიდე კლასში მიიღო პარალელეპიპედში ბევრი პარალელური ხაზი რომ ვერ გაავლო იმიტომ. თურმე რამდენი პარალელი და პარალელეპიპედია დედამიწაზე, ამ ექიმმა კი მაინც სწორი ხაზი გაახსენა -  ორ წერტილს შორის რომ გაჭირვებით ავლებდა, ჰო, აი ამ სიტყვას ეძებდა ზუსტად -   მონაკვეთი, რთული მონაკვეთია ახლა მის ცხოვრებაში და მაინც რატომაა ეს უსახური ექიმი ასე სწორხაზოვანი?

რას გულისხმობთ. კითხვის დასმის გარეშე დაეკითხა „თეთრ ხალათს“ და მიხვდა რომ მისი ლოყები მიმღების ექთნის თმებისფრად შეიფაკლა. აღმოჩნდა რომ ციფრები არ მოსწონდათ მის ანალიზებში.

ბოლო დროს სულ ასეა - საზოგადოების უმეტესი ნაწილი მუდმივად უკმაყოფილოა რაღაცით. მგონი ექიმებმაც ასეთი ტენდენცია დაამკვიდრეს - მუდმივად არ მოსწონდეთ რაღაც, არ მოსწონდეთ აღარც პაციენტები. მიხვდა რომ სადღაც ქვეცნობიერს მიღმა გადარჩენის ინსტიქტი ტრიბუნასთან მოკალათდა და თვითშეფასების ამაღლების ტრენინგის ჩატარებისათვის მოემზადა. „თეთრმა ხალათმა“ ერთმანეთზე ჩახუტებული ფურცლები მრავალმიშვნელოვნად გაუწოდა, თითქოს ასე მარტივი იყო მისთვის მსხვილ გრაფაში ძლივს ჩატეული ციფრების გაგება. მათემატიკასთან მეგობრობა თორმეტი  წლის ასაკში შეწყვიტა, მას შემდეგ რაც მიხვდა რომ ასტრალური ციფრები დედამიწაზე მისთვის არასდროს დაეშვებოდნენ და ამიტომაც არარსებულს არაფერს იმახსოვრებდა. ახლა კი ეს გიგანტები სპეციალურად მისთვის მიწაზე ჩამოფრენილიყვნენ და ერთმანეთზე მიჯრით მიწყობილები ფურცლიდან ამოხტომას ლამობდნენ.  როცა პირველად „საბრალონი“ წაიკითხა გადაწყვიტა რომ არასდროს არც ერთი მისი ნაწარმოები უარყოფითი მუხტის სათაურით არ დაესაჩუქრებინა. და აი ამ „თეთრმა ხალათმა“  მისი აწმყო  ერთი საშინელი სამედიცინო ტერმინით დაასათაურა - „გადაუდებელი“. გადაწყვიტა კითხვა-პასუხის რეჟიმი სასწრაფოდ დაესრულებინა და საკუთარი თავის ბატონ-პატრონი ისევ თავად ყოფილიყო. კარგით, გასაგებია. მშრალად მიუგდო სიტყვები სივრცეს და წამოდგა.  თქვენ სასწრაფო მკურნალობა გჭირდებათ! ქვასავით უტეხი გამომეტყველება გაუხდა „თეთრ ხალათს“. მიხვდა რომ როლები არასდროს გაიცვლებოდა და „თეთრი ხალათი“ ვერასდროს გახდებოდა მისი პაციენტი.

შემდეგ იყო მის თვალებზე ფართოდ გაღებული თეთრი სარკმელი და სარკმლიდან მომზირალი ჭრელი იასამანი, მტკაველისგაწვდენაზე მდგარი ძვალწვრილა საკიდი და მასზე ნაძვისხის სათამაშოსავით ჩამოკონწიალებული ვერცხლისფერ ქაღალდში შეფუთული მისი „მშველელი“. წამალი არასდროს უყვარდა და არც არასდროს აძალებდა ბებია. როცა ახველებდა მისი საუკეთესო ნუგბარი სოდაში ათქვეფილი შინდის მურაბის სქელი წვენი იყო. ამიტომაც გადაწყვიტა წამლისთვის „მშველელი“ დაერქმია. ჰოდა შინდის მურაბაზე გაახსენდა, როდის შეძლებდა ეს „მშველელი“ თეთრი ბურთულების გადასანსვლას რომ ისევ წითელი ფერი დაბრუნებოდა მის ძარღვებს. ეჰ რა დრო დადგა, წითელფერიანებს დასცინოდა და აჰა სანატრელი გაუხდა სიღაჟღაჟე.

... ბედის მიწურულმა გამაცნო სევდა... ჩვეულ სიდინჯით ჩამჭიდა ხელი... გულს ჩრდილი რკალად შემოეფინა... და ამასაც კი მალულად მყვედრის...

ისევ გაიხსენა ბავშვობისეული წერის მანერა, ლექსებს მრავალწერტილებით წერდა, ერთმანეთის მიყოლებით, მოთხრობასავით. სულ ამას უშლიდა კლასის დამრიგებელი, მაგრამ მაინც ჩვეული სიდარბაისლით იტანდა მის სიჯიუტეს. ანცი ხარ ანცი, მოფერებით გადაუსვამდა თავზე ხელს და მისი ლექსების კუპლეტებად გადაწერას იწყებდა. თვითონაც არ იცოდა მაშინ მრავალწერტილები რატომ მოსწონდა, რატომ აღიქმებოდა მოთხრობასავით დაწერილი ლექსები მისთვის გამორჩეულად. ერთია გამზრდელს არასდროს დაუშლია განსხვავებულად წერა, პირიქით თითოეულ მის შემოქმედებას ისე უფრთხილდებოდა როგორც  პირველს, დილაუთენია გაღვიძებისას რომ შეთხზა და ბებიამ სასწრაფოდ რომ მიაწერა მთვარისფერ ქვეშაგებს, შემდეგ კი ძველ ოქროულობასთან ერთად კარადის სიღრმეში გადამალა. ახლა კი ერთი წერტილთაგანი მონიტორზე ყვითლად აციმციმებულიყო, რაც იმას ნიშნავდა რომ „მშველელის“ ბოლო წვეთები ინაცვლებდა მის ძარღვებში. როგორც იქნა რამდენიმესაათიანი ურთიერთშეცნობის პროცესი დასრულდა, ეს რამდენიმე საათი მას მთელ თვედ მოეჩვენა. ეგონა რომ ერთი თვე გამოაკლდა დარჩენილ წლებს ან თუნდაც თვეებს.

ტრადიცია ჰქონდა ასეთი. ყოველ ახალ წელს საკუთარი ხელით გადაწერილ-მოხატულ კალენდარს ჰკიდებდა ბებიის სასთუმალთან. თუმცა რატომ მარტო ბებიის, ჩვიდმეტი წელი ეძინა მის გვერდით, ერთ საწოლში. ბებია სიხარულს ვერ მალავდა შვილიშვილის თითებით შექმნილ ნამუშევარზე და აქებდა და აქებდა პატარა გოგოს. ახლაღა მიხვდა მისი თითოეული კალენდარი ყოველ ახალ წელს ისე იპარავდა დროს ბებოს დარჩენილი სიცოცხლიდან როგორც თავად პატარა გოგო ვითომ გადამალულ კამფეტებს და ლეღვის ჩირს ძველი სკივრიდან.

თავში სიცარიელემ და სიმძიმემ ერთბაშად დაისადგურა. ეგონა რომ წამოდგომა ძალიან გაუჭირდებოდა. თავს ძალა დაატანა და ფანჯარაში მომღიმარი ჭრელი იასამანი არც ისე მაღალი აღმოჩნდა. მგონი „მშველელს“ უკვე დამეგობრებოდა.

სახლში დაბრუნებულმა მისაღებში მდგარ ხმელ-ხმელა სარკეს თვალი აარიდა. როცა ქალაქად საბოლოოდ გადმოსახლდა ბავშვობის რელიქვიად წამოღებულს განსაკუთრებული ადგილი მიუჩინა. პირველი შემფასებელი მისთვის ბებია და სარკე იყო მუდამ. ახლაც მოეჩვენა რომ სარკეს კი არა, ბებიას უმალავდა ავადმყოფობას. მაგიდის კიდესთან ჩამოჯდა და სადღაც გულის და გონების საზღვარზე მუხრუჭის გარეშე ამუშავებულმა შიგაწვის ძრავამ ჯიუტად ჩაბღუჯა მძინარე კალამი.

...სარკემ თვალებში ვეღარ შემომხედა... კუთხეში ჩაიძირა - ჩუმად მოიწყინა... იმდენად დაღლილი და ღონემიხდილი ვარ... ჩემს ორეულად ყოფნა კვლავ ვერ მოიფიქრა....

ბებია თვალს არასდროს აარიდებდა. მან კი ახლა, პირველად აარიდა.

დილამდე ეძინა. სხეულისაგან განსხვავებით კარგ ხასიათზე გაიღვიძა. გადაწყვიტა იშვიათი პროფესიის ადამიანი მოეძებნა - ფსიქოლოგი, სახელად „არაყალბი“. მას ხომ ასე დასჩემდა ბოლო დროს, შერქმეული სახელებით ურთიერთობდა.

გარეთ წვიამიან-მზიანი ამინდი იდგა. როგორ უყვარდა ასეთ ამინდში გარეთ ხეტიალი, ატალახებული ბალახის სუნი. ახლა კი „თეთრმა ხალათმა“ მკაცრად გააფრთხილა წვიმა აღარ ყოფილიყო მისი მეგობარი.

...სამყარომ წერტილი იშვილა და დედამიწა გამოზარდა... გრძნობამ გულის წვერი განგმირა და სიყვარული მიმოფანტა... მზის სხივმა ცისნამს ცოლობა შესთხოვა... იმ ერთს ეს ერთი სიცოცხლით ემონა... ადამმა ევას ემოცია შეაგება... ცხოვრებამ სიცოცხლეს ჯვარცმა მიაგება...

შორს ეკლესიის ზარები რეკდა. ჭრელ იასამანს მისი სარკმელი საავადმყოფოს ფანჯრისათვის მიემსგავსებინა. ქუჩის კუთხეში დადუმებული ტაძარი იდგა - შიგნით ჯვარცმით. ზარების რეკვა, იასამანი და ჯვარცმა ახლა ერთ სიბრტყეზე ლივლივებდნენ.

შერცხვა წვიმის რომ შეეშინდა. სწრაფად ჩაირბინა კიბეები. აღარ ახსოვდა არც „ თეთრი ხალათი“, არც „მშველელი“, არც ბევრი ნანემსარი. ქოლგა ამაყად მიდიოდა და შორს ისმოდა მისი ნაფეხურების ხმა.

ტაძარში მხოლოდ ერთი, ღონიერი სანთელი ენთო მაცხოვრის ხატთან. სიფრიფანა ქალი თავდახრილი ლოცულობა. საიდანღაც ეცნო. არა ქალს არ იცნობდა, მისი ცხოვრების შესახებ სმენოდა.

...ბედის ირონიის გამოჭრილ თარგზე... ერთხელ ერთმა ქალმა კაბა შეიკერა... საკურთხეველთან ჯვარი დაიწერა... და  მთელი ცხოვრება პირ-ჯვარი იწერა...

-         ვაი მას, ვინც ის ჯვარს აცვა.

გაიფიქრა და მორიდებით გაიხედა... ეგონა ხმამაღლა ფიქრობდა... ქალი კი ისევ იქ იდგა.... ცოტათი უფრო მოხრილი მოეჩვენა წელში... ნეტავ მან თუ იცოდა მასზე?!

ქუჩაში გამოსულმა შორს ხალხმრავლობა შენიშნა. ცნობილი არქიტექტორის ქმნილებას საზეიმოდ ხსნიდნენ ქვეყნის საპატიო მოღვაწენი. ინტერესმა სძლია, წინ წაიწია. მასაც იცნობდნენ მავანნი. სიტყვებით საუბარი გუშინდლიდან გადაიყვარა. არ უნდოდა ნაცნობებს შეემჩნიათ და სათვალეებიანი ქუდი მჭიდროდ ჩამოიფხატა შუბლზე.  თვალწინ ულამაზესი ქალის ქანდაკება აღმართულიყო, შავი სათვალის ფსკერი ვერ ფარავდა მის უზადო მშვენიერებას. კბილებამდე წითელსაცხწასმული ქალები უხვად აფრქვევდნენ აღფრთოვანებულ ჟესტიკულაციებს.

შავი ფერის სათვალემ ნაკლი მაინც გამოუძებნა, ქანდაკების თმებს სიგრძე აკლდა. მასაც ხომ მოუწევდა თმის მოკვეცა. ოღონდ მერე... ან იქნებ არც...

...ცივი ემოციის ტაშზე თავდახრილი... რუხი მოგონების იდგა ქანდაკება... ნაცრისფერ ფერთა გამა ირგვლივ ბოლთას სცემდა... და სიცოცხლის ხალისს გასაქანს არ აძლევდა... სწუხდა ქანდაკება, მუშტში მომწყვდეული... მუშტი კი ოსტატს ვაჟკაცურ იერს სძენდა... სწუხდა ქანდაკება იდგა თავდახრილი... და გულში დიდ დარდს მალულად იტევდა... თუმც ეს რუხი ფერი... თუმც არ გულის ფეთქვა... რუხ არსებათაგან რაღაც განარჩევდა... იდგა თავდახრილი ამაყი ქანდაკება... და ირგვლივ სიკეთის ელფერს ასხივებდა...

ცამ შავი ღრუბლებით დაიჩრდილა პირისახე. ცუდი ფიქრებით დასაჩუქრებული გამობრუნდა მოკვეცილთმიანმიანისგან. კიდევ კარგი კალამი სახლში დარჩენოდა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ამ ფრაზებს რაღა დაავიწყებდა, ჭიანჭველებივით რომ შესეოდნენ მისი ტვინის ხვეულებს ... როგორ მინდა რომ დრომ მიმატოვოს... წამებმა წუთები გამოტოვოს... ავანსად აღებულ სიცოცხლეს ბოლოს... ბოლო მოვუღო და პატრონს დავუბრუნო...  როგორ მინდა რომ დრომ მიმატოვოს ...

-         იმეორებდა გონებაში.

სანაპირო ისევ ისე დახვდა როგორც მაშინ როცა ნარინჯისფერმა სილუეტმა შეარცხვინა. აი სკამიც და მოაჯირიც. მხოლოდ მზე იყო ცრემლნარევი და აღარ ათბობდა არავის ხელისგულს.

მხარზე მძიმე ხელის შეხება იგრძნო. არ შემკრთალა, თითქოს ელოდა. მის უკან მისი ბავშვობა იდგა, მისი სისხლი და ხორცი, ერთად გაზრდილი ბავშვობა, ახლა თალხ ანაფორასა და შავ წვერში ჩაფლული.

მამაო პირველად დაუძახა, აქამდე ვერ ეგუებოდა, რომ მის ბავშვობას სახელი შეუცვალეს.

ბევრი ისაუბრეს. უფრო სწორედ მამაო საუბრობდა და ის უსმენდა. და შავი ანაფორა თეთრ ხალათზე და ნაცრისფერზე უფრო თეთრი მოეჩვენა. მან ყველაფერი იცოდა. მგონი მომავალიც... ფერებს ერთმანეთი გაეცვალათ, მხოლოდ ცისარტყელა დარჩენილიყო შვიდფერი.

გათენდა. ისევ შეაღო თეთრი პალატის კარი. იცოდა რომ ახლადდამეგობრებული „მშველელი“ ელოდა. თითქოს აღარ ჰგავდა ცივ აკლდამას იქაურობა, ოთახიც უფრო დიდი და ნათელი ჩანდა. ფანჯარასთან გამხდარი სილუეტი დალანდა, ცალ ხელში გადაშლილი წიგნით, მეორე კი მასაც „მშველელისთვის“ ჰქონდა გაწვდილი. უცნობს ყურებზე ბოლომდე ჩამოჩაჩული ქუდი ეხურა და სათვალის შემხვრეულმინებს მიღმა ვერ ამოიცნობდი მართლა წიგნს კითხულობდა თუ არა. „ოდეს ყოფილ არს აქამომდე თუმცა დედათა და მამათა ერთად ეჭამა პური ?!“ - გაუელვა გონებაში და გაბრაზდა,რომ უცნობ მამაკაცს მასავით ნაძვისხის სათამაშოს მსგავსი ვერცხლისფერ ქაღალდში გამოპრანჭული „მშველელი“ ჰყავდა. უცნობი მამაკაცი სათვალის ქვემოდან მიესალმა, ალბათ ისეთი გატაცებით კითხულობდა რომ ბურუსს ვერ ამჩნევდა ან ერთი სული ჰქონდა როდის დაემშვიდობებოდა „მშველელს“. მის ერთსიტყვიან მისალმებაში ბევრი რამ იყო ჩატეული - დაღლა, იმედი, თავდაჯერება. იქნებ ჰაგიოგრაფიასაც კითხულობდა.

მონიტორზე აციმციმებულმა ყვითელმა წერტილმა მამაკაცს აიძულა წიგნი დაეხურა. მოეჩვენა რომ ექთნები უცნობის მიმართ დიდ მზრუნველობას იჩენდნენ და თითქოს განსაკუთრებულად უფრთხილდებოდნენ მის ნანემსრებს. ალბათ გამორჩეული პიროვნებაა, ვინმე დიდგვაროვანთაგანი, გაუელვა გონებაში. არ უნდოდა ფიქრებით ცუდ მოგონებებს კვლავ ზიარებოდა ამიტომ გადაწყვიტა მხოლოდ კარგზე ეფიქრა. უცნობის შეთვალიერება ვერ მოასწრო და არც უცდია. არ სურდა  ადამიანებს სხვისგან გამოთხოვილი თმით გაცნობოდა.

მამაკაცი ფეხზე წამოდგა, თავისდაკვრით დაემშვიდობა და სიკეთის დღე უსურვა. სითბოს და სიმამაცეს ერთიანად ასხივებდა მისი სხეულის თითოეული ნაკვთი. რამდენიმე წამში ოთახი კიდევ უფრო დიდი და ცარიელი მოეჩვენა.

ფანჯარას ფეხაკრეფით მიუახლოვდა, თითქოს შეეშინდა მისდაუნებურად უცნობის დანატოვარი მყუდროება არ დაერღვია, სკამზე ჩამოჯდა და მზიან ამინდს გაუღიმა. პირველად შეაჩნია რომ ჭრელი იასამნის გვერდით პატარა ბროწეულის ხე იდგა. სათუთი, ვარდისფერი ყვავილები  მიმოფანტულიყო მის გარშემო  და თითქოს ყველას  აფრთხილებდა ხესთან ახლოს მიკარება არავის გაებედა.

ბროწეულის ხემ პირველი კოცნა გაახსენა წვიმაში. თითები თავისით დასწვდა ექთნის მიტოვებულ კალამს და ფურცელზე ლამაზი ასოების გამოყვანა დაიწყო:

... შენ ისე მარტო ხარ და ისე ეული ... ვით წვიმის მიწურულს ნაზი ბროწეული ... სხვასთან რომ გიხილო რას ფიქრობ რას ვიტყვი? ... ვიტყვი რომ მარტო ხარ და ჩემად მიგითვლი ... ლექსს დაწერ? - არც მაშინ ვიწამებ - გიწამებ ... იმღერებ? - არც მაშინ ავიშლი იარებს ... დახატავ ? - ჩემს გულში ისევ ღრმად ჩაგხატავ ... სჯობს იყო მარტო და მაინც ნუ დამკარგავ ... მოვა გაზაფხული - მე იებს მოვქარგავ ... შენ ისევ დამიცდი სამყაროს ბოლოსთან ... მე კი დაგივიწყებ - არ გჯერა ? რას ფიქრობ ?! რამეს რომ ფიქრობდე არც მაშინ არ ითხოვ ... ვიცი!

ვერ მიხვდა ახლა ამ ოთახში რატომ შემოიქროლა ბავშვობისეულმა გრძნობამ. მერე ბებიას ამაგი გაახსენდა გრძნობამორეულ გოგოს წუთით რომ არ მოშორებია გვერდიდან. ახლა კი მარტო იყო, ცხოვრებამ ახალ ორბიტაზე მოისროლა დაუკითხავად. ჰქონდა კი შეწინააღმდეგებას აზრი? უცებ ძალიან შეეშინდა, სიმარტოვის შეეშინდა, ქვეყნიერებას რომ შეატოვა ბედმა იმისი. “არაყალბი” ადამიანის პოვნა არც ისე ადვილი იყო მისთვის. თავად ბევრს სჭირდებოდა, მასაც როგორც შეეძლო ყველას უმართავდა ხელს, იცოდა რომ ბევრი ამიტომ უცინოდა, ბევრიც იმიტომ, მაგრამ ერთგულების დასათვლელად ერთი ხელის თითებიც კი ბევრი ეჩვენებოდა უკვე. არასდროს მოსწონდა როცა გულდამძიმებული ადამიანები მეგობრების კუთვნილი დროით უხვად ისაჩუქრებდნენ ხოლმე საკუთარ თავებს. ბოლოსდაბოლოს ფსიქოლოგიაც ხომ პროფესიაა და ხომ შეიძლება იპოვოს ის უჩინარი „არაყალბი“ რომელიც მას კი არ დაელაპარაკება, არამედ მის ავადმყოფობას, მას კი არ შეიცოდებს არამედ მის დაავადებას დასცინებს რომ სიბერის ჟამს ვერ მოეძებნა კარგი მოსასვენებელი და მალე მოუწევდა სხვისი კუთვნილი სხეულის დატოვება. მერამდენე კვირა იყო რომ ამ თეთრ ოთახს სტუმრობდა. თითქოს მიეჩვია კიდეც „მშველელთან“ ერთად ცხოვრებას. „თეთრი ხალათი“ ხან კმაყოფილი იყო, ხან ისევ უსახური, მაგრამ მის თვალებში იმედი არც ერთხელ არ დაუნახავს. ერთი ეგაა მოხუცი ცოლ-ქმარი ბოლო ორი კვირაა აღარ ჩანდენ. კაცი ასაკთან შედარებით ბრგე და დაკუნთული იყო, ქალი ბამბისფერთმიანი, ჭორფლისფერი სახის კანით. სიბერემდე შემორჩენოდათ უშვილობის წუხილი, ალბათ ამიტომაც იყო მუდამ მშობლიური მზრუნველობით რომ კითხულობდნენ მის ამბავს. შიშით მოიკითხა ქალის ამბავი, მეუღლეს ხელჩაკიდებული რომ დაჰყვებოდა. მოულოდნელი რამ ამცნეს. მისი ჯან-ღონით სავსე თანამეცხედრე რამდენიმე დღის წინ უეცრად გარდაცვლილიყო. ალბათ თეთრხალათიანის თვალებში მანაც ვერ ამოიკითხა იმედი და მომაკვდავი სიყვარულის ყურებას მისი საბოლოოდ მიტოვება გადაწყვიტა.

... ჭორფლისფერ პეპელას მეორე ნახევარი ... მზის სიშორეთში წუხელ გაუფრინდა ... დაღონდა პეპელა, დადნა დაიფერფლა ... მაგრამ შავი კაბა ვერსად შეიკერა ... პეპლები ხომ შავ ფერს ვერც კი აღიქვამენ ... ისინი სამყაროს ლაღ ფერებად რთავენ ... ერთხელ რომ ყველა პეპლად გადავიქცეთ ... ალბათ დამთავრდება სამყაროს სიდუხჭირეც ... სიხარულისაგან შემთვრალ დედამიწას ... წააბარბაცებს და სწორ ხაზზე გაივლის ... ერთად შეიკვრება ცა და დედამიწა ... ცამ მიწას - მიწამ კი ცას უყო პირი ... ადამის ცოდვაც ჩამოირეცხება ... ტანჯვა დასრულდება უსასრულობიდან ... ამით გაცოცხლდება ცა და დედამიწა ... და სიცოცხლის ფეთქვა მარადისობიდან ...

გულდაწყვეტილი წამოვიდა... მიეჩვია დარდთან ერთად ცხოვრებას. თითქოს პირველად შეამჩნია ახლადამოწვერილი თმა თავზე. აი, ისეთი თავის ტოლ, მაგრამ  ბევრად დაბალ, მეზობლის  ბუთხუზა ბიჭს რომ ჰქონდა ხშირად, ეს რომ მოფერებით პატარა ზღარბუნას ეძახდა, ის კი ყოველ ჯერზე თავს რომ ხრიდა და წითლდებოდა.

... კვლავ მიმატოვეს მარტოობის შიშის ზარებთან ... ამ ქარტეხილსაც გადავივლი ისევე ეულ ... ბიჭურთმიანი ქალი ელის თევზს ოქროსას ორგულ ნაპირთან ... სხვისფერ სამოსში ისევ კუშტად იმზირება ლამაზისეულ ... და ეს ვარამიც საკუთარ ჩრდილს შეფარებული ... ეძებს სულიერს რომ ეს მძიმე ტვირთი აჰკიდოს ... და სხვა განა ვინ ? თუ არა ეს ოსტატი მუნჯი ... რომ მის კალამმა ეს ცრემლები ლექსად აკინძოს ...

თავის თავს დაჰპირდა რომ უნდა დაესრულებინა მრავალწერტილები ფურცელზე და საავადმყოფოში მოჩვენებასავით გამოჩრილ „მშველელის“ წვეთების დამთვლელ მონიტორზე. საბოლოო წერტილი უნდა ეჩუქებინა „თეთრი ხალათისათვის“.

ხმელ-ხმელა სარკე მის ბიჭურ ვარცხნილობას ვერ ეგუებოდა, ამიტომაც აღარ ანთებდა შუქს მისაღებში. ამ საღამოს კი გადაწყვიტა ორეულისათვის თვალი გაესწორებინა, სარკეს ჯიქურ შეხედა. არ მოჩვენებია, ბებიას სილუეტი დალანდა ზედაპირზე. არც შეშინებია, თვალები დახუჭა და შუბლით მიეყრდნო. სკამის საზურგისაგან განსხვავებით ძალიან თბილი და რბილი მოეჩვენა ვერცხლნარევი მინა. მე შენ „არაყალბი“ გაგზარდე - მოესმა წამიერად და მიხვდა რომ ის უჩინმაჩინი რომელსაც ამდენი ხანი ეძებდა, აქ იყო მასთან, მის გონებაში, მის გულში, მასთან ერთად უწვდიდა სახელოაკაპიწებულ ხელს „მშველელს“.

მატარებელი გულგახეთქილი შემოასკდა ნაცნობ მოსახვევს. ყველაზე მაღალი ნაძვებით შეფენილი ფერდობიც ამოიწვერა და ისევ ისე აუჩქარდა გული როგორც ბავშვობაში სჩვეოდა ხოლმე. გამოუცდელს ეს გრძნობა ვერაფერს ეტყვის. ასეთი თვითშეზრდილი ემოციები მხოლოდ ბავშვობიდან იღებს დასაბამს, როცა უფრო ახლოს ხარ მიწასთან, როცა უფრო ახლოდან ათვალიერებ ნაირფერ კენჭებს, საშიშ ჭიანჭველებს, თითოეული ბალახის ღეროს და ყვავილების გამოცნობა ფერებით კი არა მათი ფესვურებით შეგიძლია. მერე იზრდები, მაგრამ უფრო მიწიერი არსება ხდები, გგონია რომ რაღაც შემოქმედებითი ჩაიდინე, ვიღაც ჩამოიტოვე, ვიღაცამ ვერ გაჯობა და ბოლოს ისე ენარცხები მიწაზე რომ სჯობს ბავშვობა არც გაიხსენო, იმდენად მწარეა აწმყოს შედარება წარსულთან.

ჭიშკარს ხავსი მოსდებოდა, კარების ღრიჩოში ველური ვარდი გამოზრდილიყო. ადვილად გააღო,  თითქოს დიდი ხანია ელოდა. ზურგზე წამოკიდებული საგულდაგულოდ ამ სტუმრობისათვის შეძენილი ჩანთა შეისწორა და ხმელა ტოტი მოატეხა ველური ვაზის დაკორძილ სხეულს. რუდუნებით გადაფერთხა მტვერი და ზურგჩანთაში გადამალა, თითქოსდა ეს პაწაწუნა ხის ნაფოტი მისი ემოციის პირველი მერცხალი ყოფილიყო. სათითაოდ ჩამოუარა ბებოს ხელით დარგულ ხეებს. ებოდიშებოდა მიტოვებისათვის და მადლობას უხდიდა მათ ერთგულებას. სიმწიფეში შესული ტყემალი ახალბედა პატარძალს ჰგავდა. არასდროს ასე ტკბილად არ უგემია მისი მჟავე ნაყოფი.

... მე არ შევიმჩნევ სიბერის შორ გზას... და არც ვისურვებ დავიმეგობრო ... მაგრამ დავითვლი იმ ცრემლებს ჩუმად ... რომ განვლილ დღეებს აღარ მოვუხმო ... აღარ ვიქნები დარდის რჩეული ... და არც მიმწუხრის მონა გავხდები ... მე დავადგები გზას ტყემლის ტყეში ... და თეთრ ყვავილში დავიმალები ... იმ ტყეში სადაც არ დაზამთრდება ... და თოვლის ფერსაც ყვავილი შეცვლის ... მოვა თოვლი და მასზე ჩემს კვალსაც ... ვეღარ შეამჩნევ ყვავილის თქეშში ...

აი, ეზომტკაველი ფეხშიშველამ შემოირბინა. ალაგ-ალაგ ჩამოტეხილი ღობის კიდეები შენიშნა, ბებია ტყიდან წამოღებული ფიჩხით რომ ამთლიანებდა ხოლმე. ეკალ-ბარდები გადასწია, ზედმეტად ფერმკრთალი მოეჩვენა საკუთარი მკლავები შავად დამკრახული მაყვლოვანის ფონზე. თლილი თითებით მუჭებში იმწყვდევდა გიშრისფერ ნაყოფს და ჩქარ-ჩქარა იყრიდა პირში. გრძნობდა სასიამოვნო სიტკბოება როგორ ჟონავდა ძარღვებში და მგონი „მშველელზე“ მეტადაც ათრობდა მის გათავხედებულ თეთრ ბურთულებს. ეულად ჩამოკონწიალებული ხის ტოტი შეამჩნია მეჩხერ ღობეზე. იქნება და ბებოს ხელმონაკიდები იყოსო გაუელვა გონებაში და უფრო მეტი რუდუნებით შეინახა ვიდრე მისი წინამორბედი.

ხის კიბეები ისევ სამეულად შერჩენოდა მისაღებ ოთახს. მის გამხდარ ბავშვობას შეჩვეულნი ახლა მძიმე ჭრიალით ესალმებოდნენ. კიბის ქვეშ რამდენიმე წითელქუდა სოკო შენიშნა - ბავშვობისას ფურცელ-ფურცელ დაქუცმაცებას რომ ვერ გადაურჩებოდნენ ისეთი, ახლა კი  მათაც მოწიწებით დაუკრა თავი. საკეტში გასაღების მორგებას შეეცადა თუ არა სხვენზე ასასვლელიდან იასამანივით ჭრელმა ფისომ ისკუპა. ეს ის ერთადერთი იყო ვინს მაჯა სახლთან მოახლოებაზე უფრო მეტად აუჩქარა. მეტიჩარა არსება ალბათ მისი ბავშვობის ჭრელი კატის მეცხრე თაობის წარმომადგენელი ბრძანდებოდა. თავად კატას ხომ ისედაც ცხრა სიცოცხლე აქვს. უცებ გაახსენდა და გაუხარდა ბებია ბავშვობაში მოფერებით ფისოს რომ ეძახდა. იქნებ მასაც ცხრა სიცოცხლე ჰქონდა? ვინ იცის ...

მისაღები ოთახის კარი თითქოსდა უცნობივით შეხვდა. არასდიდებით არ უშვებდა სახლში. ბოლოს მაინც აჯობა. ოთახი უფრო პატარა მოეჩვენა ვიდრე ყმაწვილქალობისას. მხოლოდ დრო გაჩერებულიყო და მას ელოდა უცვლელად. არ უნდოდა რამეს შეხებოდა და დანატოვარი ნივთებისათვის მყუდროება დაერღვია. ფანჯარასთან მაგიდა ისევ ისე მჭიდროდ იყო მიდგმული როგორც ადრე როცა მზის სხივებს დამშვიდობებული მთვარესთან ჯდებოდა შუქის სასესხებლად, დილით დაწყებული წიგნის კითხვის დასრულება რომ მოესწრო ძილისპირულამდე.

ყოველი კუთხიდან ბავშვობა უმზერდა, ზოგი უღიმოდა, ზოგი თვალს არიდებდა, ზოგიც უბრაზდებოდა მივიწყების გამო და წყენას გამოხატავდა. ბოლოს ყველამ ერთად პირი შეკრა და სიყვარულით ისე ჩაიკრა გულში რომ სუნთქვა შეეკრა, გრძნობდა რომ თეთრი ბურთულებიც ვეღარ სუნთქავდნენ და უფრო და უფრო იკრავდა  ბავშვობის დანატოვარ თითოეულ ნივთს გულში. ერთი სული ჰქონდა „მშველელის“ მაგივრად მის მოგონებებს მიემწყვდიათ ძარღვებს მიღმა თავნება უჯრედები და ერთიანად მოეშთოთ.

თეთრმა ბურთულებმა მაინც შეახსენეს „თეთრი ხალათი“. აკი მკაცრად გააფრთხილა არც ერთ „მშველელზე“ არ ეთქვა უარი და დრო არ გამოეტოვებინა. მაგრამ უსახურმა ექიმმა ხომ არ იცოდა რომ დრომ თუ თავად არ გამოგტოვა, შენ ძალიანაც რომ მოინდომო ვერ გამოტოვებ ... დრო შეიძლება დაგელოდოს, ესეც მხოლოდ მაშინ თუ ძალიან მოიწადინებ და მთელ ძალისხმევას ჩადებ ამ სურვილში, არა სურვილში არა უფრო ჟინში, ჯინში. დრო მას აქ, ამ სახლში ელოდა, სადაც ყველაფერი სიხარულით, ბედნიერებით და იმედით იყო გაჟღენთილი.

ნივთებს ფეხაკრეფით ჩამოუარა, ისე ფრთხილად ეალერსებოდა გეგონება უფრთხილდება მტვრის ნაწილაკებქვეშ შემონახული ბებიის ნათითურები არ წაშალოსო.

კედელთან ახლოს ტახტი იდგა. ბებოს ბოლო ადგილსაყუდელი საიდანაც მიეახლა კიდევაც იმქვეყნიურობას. მოწიწებით მიუხლოვდა, უეცრად დილაადრიანი მოფერების სუნი შეიგრძნო, ახლდამოწველილ რძის სუნს რომ ჰგავდა ისეთი.  ტახტის თავსახური ბავშვობაში ძალიან მძიმე რომ ეჩვენებოდა, ახლა თითქოს დაპატარავებულიყო და გაუკვირდა კიდეც როგორ ფარავდა ძველ სკივრს, ბებია ვითომდა კამფეტების დასამალად რომ იყენებდა.

ტკბილეულის მაგივრად რამდენიმე წერილი და შავ-თეთრი სურათი შერჩა ხელთ. ერთ-ერთი გაყვითლებულკიდეებიანი ფოტოდან მისი მშობლები უცქერდნენ. მათ უერთმანეთობაზე ლეგენდები დადიოდა. მამას უზომოდ ჰყვარებოდა დედა და აკი გაჰყოლოდა კიდეც მას თან, როცა დედა მისი ამქვეყნად მოვლინებისას ბედის განგებით მზის სიშორეთში გამგზავრებულიყო.

მათი უერთმანეთობა სიყმაწვილის დროიდან ახსოვდათ ირგვლივმყოფთ, მერე იყო სიჭაბუკე და ხანგრძლივი მოლოდინი სიყრმის შვილის დაბადებისა, მაგრამ სიყრმისა აღარ ითქმოდა უკვე, ორივეს თამამად უკრთოდა თმაში ჭაღარა.

და როცა ის დაიბადა დედა აღარ იყო და მამისგანაც მხოლოდ დედისათვის ბოლოჯერ მიძღვნილი ლექსი შერჩენოდა შავ-თეთრი სურათების მეხსიერებას.

თურმე მისეული წერის მანერა სულ არ ყოფილა მისი. მამაც მასავით წერდა, მრავალწერტილებით, მძიმედ, სივრცის არსებობას რომ არად დაგიდევდათ ისე.

... წამწამის ნაჟურ ცრემლს შეგადარე - იმ დღეს ავდარში ... ვარდის შეფაკლულ ღაწვს მიემსგავსე - როცა დაქალდი ... ერთხელ როს წამმა მარადიულმა ჩაგჭიდა ხელი ... თოვლზე მძინარე მზის სხივს ჰგავდა ჭაღარა შენი ... მარტოდ და მარტომ გავიარე ნაპირი უტყვი ... ციცქნა შხეფებმა შეისვენეს დაღარულ წვერზე ... ისე დიდი ვარ - ისე მძიმე, ისე პირქუში ... ცას შევეცოდე და ბავშვით ჩამიკრა გულში ...

დედაზე მეტად მამა შეებრალა. მამამ ვერ აჯობა მრავალწერტილებს.

უერთმანეთობამ „ის“ გაახსენა. ბებია „ბატონისეულად“ მოიხსენიებდა. დიდგვაროვნების შვილი იყო და აბა ბებიას ნაშვილები მასთან სიახლოვეზე ოცნებასაც როგორ გაბედავდა. ბროწეულის ხის ქვეშ კოცნაც სიზმრიდან ახსოვდა, რამოდენიმეჯერ მალულად გაუღიმა ვაჟს, ისიც ზურგსუკან. „ყოველი კაცი ცრუ არს, წუთისოფელი ცრუ არს“, გაახსენდა მამაოს დარიგება. „სახარება“ გულდასმით არასდროს წაეკითხა, ამიტომ მისად მიუთვალა ეს სიტყვები მამაოს და გულში კვლავ ყოვლისმცოდნედ მონათლა. თუმცა სიყვარული რაღაც ზეკანონებს ემორჩილება და მაინც კანონზომიერია რომელიმე ერთ კონკრეტულ თანაკვეთაში. ალბათ ამ თანაკვეთამ გადააწყვეტინა „ბატონისეულს“ თავისივე  წრის საქალბატონესათვის მშობლების მიერ საგულდაგულოდ შერჩეული და არც ისე დიდი გემოვნებით გამორჩეული ბეჭდის მორგება ერთგულების თითზე.

იმ დღეს პირველად დალია. დიდი ძებნის შემდეგ ძლივს მიაგნო ბებიამ მარანში მძინარეს. წითელი ღვინით დაწინწკლული ფურცლის ნაგლეჯი და კალამი გულში ჩაეხუტებინა და სახემოღუშული სწრაფად სუნთქავდა.

... როგორ მაბრაზებს ეგ ბეჭედი  - ნიშნობის თითზე ... რომ სადღეგრძელოს შენსას ვერ ვსვამ მარტო - ეულად ... რომ სიყვარული ვერ გამომაქვს სამზიანოზე ... და საკუთარ თავს ვმალავ სულის საზიაროზე ...

ბებიას რამდენიმე წვეთი ცრემლი წერტილებად შეემატა მრავალჯერ დაწინწკლულ ფურცელს. ამჯერად გამზრდელმა ხელში ვეღარ აიტატა... დაქალებულიყო.

ღამით სიცხეს ვერ ზომავდა მოხუცის ტუჩები გავარვარებულ შუბლზე. ბორგავდა, ბოდავდა, ალმური ასდიოდა. ძმარში შეზავებულმა მადლიანმა ხელებმა როგორც იქნა სასიკეთოდ მოახედა. დარცხვენილი იყურებოდა საბანქვემოდან. ბებიას ერთ გაღიმებაში მთელი მისი ბავშვობა ჩატეულიყო. მე შენ „არაყალბი“ ადამიანი გაგზარდე უთხრა ცრემლმორეულმა  და გულის ფიცრამდე ჩაიკრა.

იმ სარეცელზე გაეღვიძა სადაც მაშინ სიყვარული გამოიგლოვა. ეგონა რომ არასდროს არავის შეიყვარებდა. ჭირხლი დასდებოდა დაძველებულ ანჯამებს. ის კი თითქოსდა ვერც კი გრძნობდა დილის სუსხს. აზვირთებული ენერგიით ავსებულიყო და ერთი სული ჰქონდა როდის ჩაიკარგებოდა ტყის სიღრმეში. ხარბად ისუნთქავდა დათრთვილულ ჰაერს და  სანამ მზე ამოიწვერა ქოჩორა ხეებს შეაფარა კიდევაც თავი.

ჯერ კიდევ პატარა იყო როცა სკოლაში დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებმა სხვადასხვა მხატვრების ნამუშევრების რეპროდუქციების გამოფენა მოაწყვეს. მონემ წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა მის ქვეცნობიერზე. მთელი ერთი საუკუნით მასზე ბუმბერაზი მხატვარი საკუთარ ასაკთან დაამეგობრა და მას შემდეგ მოჰქონდა და მოჰქონდა ულამაზესი ყვავილები და ნაირფერად ირთვებოდა მისი კოპწია ეზოც.  ყველამ იცოდა მისი გატაცება და თუკი ვინმე სადმე უცხო წარმოშობისა და სილამაზის ყვავილს წააწყდებოდა აუცილებლად მასთან მოარბენინებდა. შემდეგ იყო მონეს თანამედროვენი რენუარი, სეზანი, მატისი მაგრამ მონეს ფერები ყველასაგან გამორჩეული და გამაოგნებლად მომნუსხველი იყო მისთვის. ის ხომ არასდროს ურევდა ერთმანეთში სხვადასხვა საღებავს და მათ რიგრიგობით იყენებდა ყოველთვის, მაგრამ ვერც ეს თავისებურება უძებნიდა გასაღებს მისი გენიალურობის საიდუმლოებას. სიზმრად ბევრჯერ უმოგზაურია ჟივერიაში, საოცარი ფერებით გაჯერებულ წალკოტში რომელიც მონეს საკუთარი ხელებით ჭაობიანი ადგილისაგან გამოეძერწა. ამ ბაღში მოხვედრა მხოლოდ სპეციალური გვირაბით იყო შესაძლებელი და ოცი წლის მანძილზე მხატვარი სწორედ ამ წალკოტის ყვავილების ინსპირირებით ქმნიდა თავის განუმეორებელ შედევრებს. დილაადრიან, მზეზე ადრე დგებოდა, მიდიოდა ამ საოცარ ადგილას და ხატავდა სხვადასხვა ამინდისა და წელიწადის დროების პეიზაჟებს. ჰოდა ესეც დღენიადაგ, მუხლჩაუხრელად ცდილობდა მისთვის მიებაძა და მგონი  გამოსდიოდა კიდეც ცოტათი. აგერ ის კუთხეც სახლის გვერდით თავისი პატარა ფარდული რომ შეაკოწიწა კერვისას მორჩენილი ფარდაგის ნაკუწებით, დამრეც სახურავზე „ყვავილები სახლთან ახლოს“ დააწერა და წინ სხვადასხვა ზომისა და ფერის ჭრელფურცელა ყვავილები გამოფინა ქოთნებით. ოცნებაში ხშირად წარმოიდგენდა ხოლმე როგორ იცხოვრებდა ისიც მისი ხელით გაშენებულ კეკლუც გარემოში საკუთარ ოჯახთან ერთად და როგორ ჩაეზიარებოდა მისი შემოქმედება ბუნების სილამაზეს.  ახლა კი გულდაწყვეტით შესცქეროდა  ველური მცენარეებით გაერთფეროვნებულ მტკაველა ეზო-კარს. პირდაღებული კუთხეც შეჩვეულიყო ულამაზყვავილობას, უხეშფოთლება მცენარეებს დაეფარათ იქაურობა მაგრამ ეს სიმწვანე ახლა მონეს ყველა ნახატზე ძვირფასი იყო მისთვის.

საოცარია გამოფხიზლების სამზადისში მყოფი ბუნების გაზმორების მომსწრეობა. მზის ამოსვლისას კიდევ უფრო ბევრ სხვადასხვაფერ მწვანეს რომ აღმოაჩენ. სიყვარულით შესცქეროდა ცასაწვდენილ ხეებს. გამხმარ პაწაწუნა ტოტებს ფრთხილად აცლიდა და რომელიც განსაკუთრებულად ლამაზი მოეჩვენებოდა სათუთად ინახავდა ზურგჩანთაში. განუზომელ ბედნიერებას გრძნობდა, ჩანთა კი ივსებოდა და მძიმდებოდა. საგზლის წამოღება არც უფიქრია. მუჭა-მუჭა იყრიდა პირში ტყის კენკრას. გრძნობდა მჟავე წვენის როგორ ეშინოდათ სისხლში მოჭარბებულ თეთრ უჯრედებს. იმედით უტკრციალებდა გული. ქუდმოხდილ თავზე არც ისე უშნო აღარ ეჩვენებოდა ახლადამოწვერილი თმა. ახლაღა შეამჩნია რომ შავწერტილება წითელ ჭიამაიას მხრიდან ლოყაზე გადაენაცვლებინა, მოუსვენრად ფუსფუსებდა და სულაც არ ჩქარობდა მისგან გაფრენას. კიდევ რამოდენიმე ლამაზ იეროგლიფებად გამოყვანილ ტოტს მოუყარა თავი. ჩანთაში რომ ვეღარ ჩაატია ქურდულად მიიკრა გულზე. თითქოსდა ეშინოდა ვინმეს არ წაერთმია.

მოდიოდა უხმოდ, მძიმე და მსუბუქი ნაბიჯებით და მთელი ქვეყნიერების სუნთქვა მის ემოციაში იყო ჩატეული.

ეს ღამეც და ქალაქს უნდა დაბრუნებოდა. სასთუმალყოფილს ნაზად გადააფარა სიძველისაგან გაცრეცილი აბრეშუმი. მერე მთვარის შუქს მიუცუცქდა როგორც ბავშვობისას სჩვეოდა.  დღისით ბებია იყო მისი მესაიდუმლე, ღამით მთვარე.  ბევრჯერ უწერია და შემდეგ საცეცხლურისათვის გაუწირია ფურცლები. ახლაც წერამ აიტანა.

... ეს ლექსი შენთვის დამიწერია ... ვწუხვარ რომ სხვისთვის ვერ გავიმეტე ... შენზე მომზირალს დღე დამიღამდა ... და გაფიქრებაც მზარავს ისევე ... სევდამ თვალებში შემომაფერფლა ... გულმა გაყოფას ვეღარ გაუძლო ... მე ვინატრებდი დარდებს გროშიანს? ... აბა სხვას როგორ მივეალერსო ... ყინულმა ხიდი მოხატა თეთრად ... ბინდი ჩამოწვა იის ჭალაში ... იმ წამსვე რად არ მითხარი არა! ... არ დავიჭერდი შენს ფიქრს ღალატში ...

ამასობაში რული მორეოდა, ფიქრები დაუკითხავად მიიკვლევდნენ გზას სიზმრებისაკენ.

უცნაურ ბურუსში აღმოჩნდა. ლურჯი ზღვის ნაპირას პატარა ტანის ბროწეულის ხე იდგა და წითლად ბრდღვიალებდა შუა ზამთარში. ნაპირზე ფერგალეული, თვალისჩინწართმეული მამაკაცი დაბალ მოლბერტთან უხერხულად ჩაცუცქულიყო და ხელის ცეცებით ხატავდა მზისფერ ნაკვალევს ქვიშის სანაპიროზე. ალბათ ის უჩინარი მისი მუზა იყო, რომელსაც ვერ ეწეოდა, შლიდა ნაფეხურებს, თავიდან ხატავდა, შლიდა, ხატავდა და ასე დაუსრულებლად. უეცრად უცნობი თვალსაწიერიდან გაქრა და მოლბერტი მასთან ხელისგაწვდენამდე ახლოს აღმოჩნდა. და ჰოი საოცრებავ, ნახატიდან ზღვაში გახვეული, სისხლივით წითელი მზე უღიმოდა უცნაურად.

გაეღვიძა.

... ლიბრგადაკრული თვალების ღიმი ... ჩარჩოგამოცლილ სურათს გადმოსცდა ... თვალდახუჭული სარკმლიდან მზირალს ... მზე ჩაეხუტა - ცრემლი წამოსცდა ... მუზას ფიქრიდან ვერ გადმოხატავ ... მუზას თითებით ვერ შეეხები ... ის თუ განივთდა მაშინ დადნება ... პოეტდაკარგულ სიტყვის ფერებიც ... არ შეეცადო დახუჭულ თვალებს ... ფართოდ გახელა ისევ მოსთხოვო ... ესაა მისი ბედის სამარე ... დაე ბოლომდე მას უერთგულოს ...

ბევრს წერდა, აქვეყნებდა, მონაწილეობდა დისკუსიებში სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან. ექიმებს გაურბოდა მხოლოდ, ალბათ, დედა რომ ვერ გადაარჩინეს თავის დროზე იმიტომ, ან იქნებ ქვეცნობიერმა იცოდა რომ ისედაც მოუწევდა მტკივნეული შეხება თეთრ ხალათთან. ხშირად ახსენდებოდა მამაოს დამოძღვრა - სასუფეველში ტკივილიანი ღიმილის სახეები ხვდებიანო მხოლოდ. გონება ბევრჯერ ცდილობდა როგორმე სხვადასხვა მხრიდან ამოეკითხა ნათქვამი მაგრამ ბოლომდე ვერა და ვერ ჩაწვდა, ვერ გაიაზრა, ვერ დაეთანხმა როგორ შეეძლო ტკივილს ადამიანისათვის ღიმილი ესწავლებინა. თუმცა შინაგანი „მე“ ეთანხმებოდა რომ ყველა „მეს“ თავისი გოლგოთა ჰქონდა გამოზომილი და ეს „მეც“ გაუაზრებლად, ინერციით ებღაუჭებოდა ნათელი მწვერვალისაკენ მიმავალ ციცაბო ბილიკს.

სოფლის განაპირას მდგარი ტაძრიდან მომავალი დედო ზარის ხმამ ფიქრი შეაწყვეტინა. ეს ის დედო ზარი იყო მოსწავლეებს სასტიკად რომ უკრძალავდა მის სიახლოვეს გავლასაც კი  სკოლის დირექტორი, ალბათ, ესეც გოლგოთა იყო იმ თაობისთვის, თავისებური გოლგოთა, რომელსაც განსულიერება ერქვა.

ამასობაში ორი კვირეული შემოსცლოდა მის იქმყოფობას, ორი კვირეული არ ენახა „თეთრი ხალათი“.  წარმოიდგინა როგორი ბრაზმორეული გახდებოდა მისი ისედაც უსახური სახე ურჩი პაციენტის დანახვისას. ერთი პირობა შეებრალა კიდეც. კარგად ენიშნა „თეთრ ხალათს“ მისი თანაგრძნობა რომ დასჭირდა.

და ისევ დაორთქლილი ჰაერი. ქალაქისეული გზა ხომ ბევრად ხანმოკლეა ვიდრე პირუკუ. ამჯერად „თეთრი ხალათი“ უცნაურად კეთილი მოეჩვენა შეხვედრისას. თითქოს ტუჩებიც აღარ ჰქონდა ისე გაწელილი. მისი მოულოდნელი გადასხვაფერება ვერც ერთ განზომილებაში ვერ ჩაატია,  არც არავის დაეკითხა რა.

კვლავ სისხლის ასაღები სავარძელი და წითელთმიანი ექთანი. კვლავ სამმა სინჯარამ მოიპარა სისხლი ნაჩხვლეტიდან. შინაგანმა ხმამ უკარნახა რომ ახლა მისი ჯერი იყო. მისი გამარჯვების ჯერი.

გამოძახების მოლოდინში გადაწყვიტა მიჩვეულ თეთრ ოთახში მოეცადა. უკვე მისიანი იყო იქაური სივრცე.

ნახევრადღია მეზობელი ოთახიდან თეთრხალათიან ამქართა ხმადაბალი საუბარი ისმოდა, ჯერ ვერ გააცნობიერა რატომ იყო ამდენი თეთროსანი ერთად შეკრებილი. ლაპარაკობდნენ მისთვის გაუგებარი ლათინური ტერმინებით, გამოთქვამდნენ საკუთარ აზრს და „თეთრი ხალათის“ რაღაც წარმატებაზე საუბრობდნენ.  გადაწყვიტა გონება დაეძაბა და ექთნების ნაუბარიდან მაინც დაეშოშმინებინა საკუთარი ცნობისმოყვარეობა.

აღმოჩნდა რომ მისდაუნებურად „თეთრი ხალათის“ განაჩენს - „გადაუდებელი“ - მნიშვნელოვანი სამედიცინო კვლევის თანამონაწილედ ექცია იგი და ის რასაც ამდენი ხანი „მშველელად“ მოიხსენიებდა ახლადშექმნილი, საცდელი მოლეკულა ყოფილა სისხლის თეთრი ბურთულების მოსაკვდინებლად. შეიტყო რომ ამ „მშველელმა“ ბამბისფერთმიანს სიცოცხლე აჩუქა მაგრამ მისი ცალი თირკმელი შეიწირა, შემღვრეულსათვალიანისათვის  კი თვალის ჩინი წაერთმია სიცოცხლის სანაცვლოდ.

შიგნით რაღაც ჩასწყდა, მოეწურა, იგრძნო რომ გულის პარკუჭებმა ისეთი არანორმალური ფორმა მიიღეს როგორიც არც ერთ მხატვარს არ დაუხატავს არასდროს. მას არავინ დაეკითხა - სურდა თუ არა ხეიბარი სიცოცხლის მონობა.

ფანჯრის რაფასთან კუთხეში ჩამალული წიგნი შეამჩნია. შემღვრეულმინიანს დაეტოვებინა. ამჯერად ჰაგიოგრაფიას ვერ მიამსგავსა.

პირველად მის ცხოვრებაში, ბავშვობიდან და აქამომდე, მართლა პირველად შეეხო წიგნს ხელის კანკალით.

ოდითგან ასე სჩვეოდა. წიგნის დათვალიერებას ბოლო ფურცლიდან იწყებდა. თვალს ერთი ხელის მოსმით გადაავლებდა და მერე ხარბად დაწაფებული ერთი ამოსუნთქვით კითხულობდა.  ახლა პირველად უღალატა ჩვეულებას. პროლოგის და ეპილოგის ნაცვლად ლამაზნაწერით გაფორმებული ლექსის სტრიქონებით სავსე სიფრიფანა ფურცლები ხელით  ჩაეკერებინათ.

გვერდი პირველი ... მაგივრად პროლოგისა

მე ორმოცდაათს გადავაბიჯე,

შენ ისევ ისე შემორჩი ორმოცს,

იმ შენს ლაღ ბავშვურ ჩაცინებაში,

სულ გაგიცვლიდი მზისქვეშეთ ოქროს.

დრომ დროზე სწრაფად გადამიფრინა,

ერთგული გავხდი ლექსისფერ დარდის,

ამ დარდმა ერთხანს გული გატკინა,

ახლა კი გახდა ჩემი სტუმარი.

დრომ ძველმანიდან კადრი ამოჭრა,

ჭრელი ფოთლებით შეღება ფარდა,

მე კვლავ იქ ვზივარ - კიბის ნაპირთან

და ისევ ისე იჩქარის მაჯა.

 

გვერდი ბოლო ... მაგივრად ეპილოგისა

და კითხვა რატომ? - სეტყვასავით დამესხა თავზე;

რატომ ადრე არ მოვწანი ვარდის კალათა...

რატომ ადრე არ ვემთხვიე შენს ნაფეხურებს ...

და ასე რატომ ჩავეჭიდე ძველ საფეხურებს ...

სააქაოსკენ შენმა სულმა გამომაბრუნა!

არ მკითხო იქით ასე რატომ მივიჩქაროდი ...

იას სურნელი დაუბრუნე, ვარდს დედოფლობა

და უბედობამ მე მიბოძა დღეს უშენობა.

ეს კითხვა რატომ ? - ისევ სერავს გულის ჰორიზონტს,

ჰორიზონტს სადაც სუნთქვა მზის სხივს მკლავებს შემოჰხვევს.

შენს გარეშე ვერ იარსებებს გული სნეული,

რომ შენს ლალ-ბაგეს ერთხელაც არ დაჰკონებოდეს.

წიგნი იყო სათაურით „მოთხრობა ერთისთვის“.

არაფრისმთქმელ ინიციალებში „თავადისეული“ ამოიცნო.

ყდიდან კი სიზმრადნანახი, ზღვაში გახვეული, სისხლივით წითელი მზე უღიმოდა უცნაურად.

უეცრად თეთრი ამქარი ერთიანად შემოიჭრა მის ოთახში, „თეთრი ხალათი“ ყველაზე წინ მოიჩქაროდა ხელებისქნევით და ისევ ლათინურ ტერმინოლოგიანარევი შეძახილით, გაცისკროვნებული სახით ერთსადაიმავეს იმეორებდა. ორივე ხელით თეთრი ფურცლების დასტა ჩაებღუჯა და ხან ერთმანეთზე აწებებდა და ხანაც ჰაერში აფრიალებდა. შენ დაამარცხე, შენ გაიმარჯვე, ჩვენ ყველამ გავიმარჯვეთ, ჩვენ გავიმარჯვეთ ჩემო მებრძოლო და დაუღალავო იმეორებდა და მისი აქამდე არაფრისმეტყველი სახის ნაკვთები ნელ-ნელა იძენდნენ გამომსახველობას, თვალებში მამობრივი მზრუნველობის სხივები უკრთოდა, ორივე ხელში მოემწყვდია სასწაულით გამოჯანმრთელებული თლილი თითები და  არ ჩქარობდა  დიდრონი მტევნების ტყვეობიდან მათ გათავისუფლებას.

წამის მეასედში მოასწრო გააზრება რომ ძალა ერთიანად გამოსცლოდა. თითოეული უჯრედი უკრთოდა სიხარულისგან, სიმწუხრისგან, დაღლილობისგან. ასეთი მრავალწახნაგოვანი ემოცია პირველად სწვეოდა ცხოვრებაში. ეს გადარჩა, ისიც გადარჩა ოღონდ ნახევრად.

და მაინც ... სიხარულის გრძნობამ სხვა ყველაფერი გადაფარა. მრავალწერტილების მონოტონურობას დასასრული მიახლებოდა.

კვლავ თავის თავთან ამჯობინა მარტო დარჩენა. არ უნდოდა მის ერთიანად ბედნიერ და სევდიან ემოციას გამზიარებელი ჰყოლოდა. მხოლოდ მამაოს ნახვას ისურვებდა, ისიც იმიტომ რომ ეთქვა რომ იქ, სადღაც ზევით, უზენაესისათვის ჩვენი ცხოვრება ერთი ჩვეულებრივი, დროში უკუღმა ადვილად დასაბრუნებელი კადრია. წიგნში სათუთად ჩაკერებული ფურცლები კი მისი მესაიდუმლენი გამხდარიყვნენ და თამამად უბიძგებდნენ ცუდი მოგონებების კადრების მეხსიერებიდან ამოჭრისაკენ.

 

ტაატით აღარ მიუყვებოდა სანაპიროს, სამხედრო ნაბიჯებით მიდიოდა და ეგონა რომ მთელი ქუჩა მიჰქონდა თან. ვეღარც უხეში მოაჯირი უშლიდა ჯიუტად მდინარის სიცელქესთან მიახლოებას.  ამჯერად ძალიან ეჩქარებოდა, მხოლოდ დრო აღარ ჰქონდა გამოზომილი. მზისფერი ამინდი კიდევ უფრო და უფრო ათბობდა თლილი თითების ხელისგულებს, პატარების ჟრიამული სიცოცხლის წყურვილს უძლიერებდა. ბავშვობა აღარ გახსენებია, უკვე ბოლომდე დიდი გამხდარიყო.  ენერგია ზავავივით ბობოქრობდა მის სხეულში. მდინარე კი აღარ იყო ისეთი ცელქი როგორც უწინ და მშვიდად ეფერებოდა მის ზედაპირზე მოსეირნე უზარმაზარ ცისარტყელას.

 

მიხვდა რომ საბოლოოდ გაიმარჯვა.

 

ზურგჩანთიდან სათითაოდ ამოალაგა ორნამენტებად ქცეული ბავშვობადამახსოვრებული ხის ტოტები და ერთმანეთზე სიფრთხილით დაალაგა, დიდი ძალისხმევის გარეშე ააგო ხაზებჩაკიდებული პარალელეპიპედი. ახლა ვეღარავინ დაუწუნებდა არასწორად გავლებულ მონაკვეთებს.

 

სკამზე ირიბად ჩამოჯდა და შუბლით ცივ საზურგეს მიეყრდნო. თვალებს დაუკითხავად მიაშტერდა ჰორიზონტი. ორნამენტები, მზე და გუმბათი ოქროსფერი ჯვრით ერთ სიბრტყეზე ლივლივებდნენ. ხომ არაფერი გჭირდებათ? თბილი ხმით დაეკითხა ვიღაც. არავის ელოდა. ზურგსუკან ნარინჯისფერი სილუეტი იდგა და დარცხვენილი უღიმოდა.

 

სუფთა ფურცელი და კალამი სჭირდებოდა მხოლოდ. ოღონდ ისეთი სიფრიფანა, წიგნში რომ იყო თავბოლოსართად ხელით ჩაკერებული.

 

წვიმამ შუაღამეს ნამუსი წაართვა.

მთვარემ გარჟრაჟს თითები დაუკოცნა.

მზის სხივმა ცისნამი ცოლად დღეს შეირთო

ბედის ბორბალი ბლის ტოტს გამოშორდა.

სიკვდილმა სიცილი კბილებში გამოსცრა.

სუსტ მხრებზე წისქვილის ქვა ვეღარ დაბრუნდა.

სანთელ-საკმეველმა ბევრი იწვალა და

ბოლოს და ბოლოს სიმართლის გზა იპოვნა.

 

ორნამენტებს ოქროსფერი სხივები ჩაეხუტებინათ და მზესთან ახტომას ლამობდნენ. დაუკითხავად ამოიწვერილიყო ცეცხლის ენები თვითმარქვია ჭიაკოკონადან.

 

წამით გაოცებულმა სიჩუმემ დაისადგურა  და მერე ერთბაშად იხუვლა ბავშვების ჟივილ-ხივილმა.

 

და  მზე იყო წითელზე წითელი.

გოგოს კესანე ერქვა.

 

 

 

ბეჭდვა