რა მოხდა ერლსკოტში?
რა მოხდა ერლსკოტში?
რა მოხდა ერლსკოტში?
06 მაისი, 2019 წ.

 

 

ეძღვნება ლუკას, რომელიც მისმენს .

 

1.

ექვსი წუთი იყო დარჩენილი მაღვიძარას დარეკვამდე, თვალი რომ გავახილე. საბნიდან ხელი გამოვწიე და საათის თავზე გავაჩერე. რომ დარეკავდა, ხელი მზად მექნებოდა გასათიშად და წამში გავთიშავდი, თორემ ისეთი ხმით ატეხდა რაკარუკს, ყველას გავაღვიძებდი, მაგრამ მაინც გადავიფიქრე და ხელი უკან წავიღე. ექვსი წუთი მებევრა ხელის ერთ ადგილას გასაშეშებლად. ახალი გეგმა მოვიფიქრე . ბოლო წუთზე გამოვყოფდი ისევ ხელს. მანამდე კი საათს თვალს არ მოვაშორებდი. ძილის შებრუნება ისედაც გამოვრიცხე . ექვსი წუთი ჩასაძინებლადაც არ მეყოფოდა .

საათი ისე იდო ტუმბოზე, მხოლოდ მარცხენა მხარეს ვხედავდი, ექვსიდან თორმეტამდე ნაწილს, მეორე მხარეს სიბნელე ფარავდა. თვალი ისრებს გავაყოლე. ორი შავი ისარი ჰქონდა და ერთი წითელი. წითელი წამებს ითვლიდა და გაუჩერებლად წიკწიკებდა. მეც გულში ვითვლიდი, მაგრამ როგორც კი ბნელ მხარეში გაუჩინარდა, თვლა ამერია. „გვირაბიდან“ სამი წამით ადრე გამოვიდა, ვიდრე გადავთვალე, შვიდიანთან ოდნავ შეანელა სვლა, მერე თითქოს ღრმად ჩაისუნთქა, წვერი ძლიერად აიქნია და ორ ნიშნულს გადაახტა. მერე ისევ მშვიდად აუყვა გზას თორმეტისკენ. გამეღიმა. პირველად შევამჩნიე მისი ასეთი მოძრაობა.

საათი სხვენში ვიპოვნე, როცა ძველ ნივთებს ვაგროვებდი და ერთ დიდ ყუთში ვდებდი. მტვრის სქელი ფენა ედო. კაბის კუთხით გადავწმინდე მინა და ისეთი ლამაზი ციფერბლატები დავინახე, მაშინვე გადავდე გვერდით, ვერ გავიმეტე გადასაგდებად . მეორე დღესვე წავიღე მექანიკოსთან. მასაც მოეწონა საათი. „დიდი ხანია, ასეთი არ შემხვედრია“,  წარა-მარა იმეორებდა ჩურჩულით და ფრთხილად წმენდდა მტვრისგან ბამბიანი ჩხირით. ისრები ზუსტ დროზე მომართა, ორი პატარა გასაღები მოარგო უკნიდან პატარა ნასვრეტებში, გადაატრიალა და აწიკწიკდა. სახლში ნელა მომქონდა, გზაში გაფაციცებით ვაკვირდებოდი ყველაფერს, ფეხი არაფერზე წამომეკრა, რომ არ დამვარდნოდა, ერთი სული მქონდა ტუმბოზე დამედო და უკვე ჩემს ოთახში გაეგრძელებინა წიკწიკი .

ოთახი სხვენში მაქვს. რაც ჩემი ძმა დაიბადა, სხვენში მოვიწყვე ოთახი. ისეთი დიდი არაა, როგორიც მეორე სართულის საძინებლებია, მაგრამ სამაგიეროდ ჩემი ძმის გაუთავებელი ტირილი არ მაწუხებს. დაბადების დღიდან ტიროდა როი, შიოდა, ეძინებოდა, ჩასვრილი იყო თუ არაფერი აწუხებდა, მაინც ტიროდა. თავიდანვე ჭირვეული ბავშვი გამოდგა. ერთ დღეს, როცა ვახშმობისას ჩემს მშობლებს ერთი სული ჰქონდათ მალე ეჭამათ საჭმელი, რადგან არ იცოდნენ, როი როდის გაიღვიძებდა, როდის ატეხდა ტირილს და თითქმის დაუღეჭავად ყლაპავდნენ ლუკმებს,  ჩემი საჭმლის თეფში პირდაუკარებლად გავწიე მაგიდის ცენტრისკენ და ხმამაღლა ვთქვი :

- აწი სხვენში დავიძინებ! - ჭამა არ შეუწყვეტიათ, ისე გახედეს დედაჩემმა და მამაჩემმა ერთმანეთს. მერე უცებვე მიპასუხეს :

- კარგი!

მაშინვე წამოვფრინდი ადგილიდან. სირბილით ავიარე კიბეები. მესამე სართულზე რომ ავედი, სულს ძლივს ვითქვამდი. სხვენის კარის სახელურს მანამ ჩამოვწევდი და გავაღებდი, თვალები მჭიდროდ დავხუჭე და წარმოვიდგინე, სხვა სამყაროს შესასვლელ კართან ვიდექი და თავგადასვლებს კარი მაშორებდა. ღრმად ჩავისუნთქე. სახელური ჩამოვწიე. კარი ჭრიალით გაიღო და თვალი რომ გავახილე აბლაბუდებით და ერთმანეთზე დალაგებული მტვრიანი ნივთებით სავსე ოთახი დამხვდა. საიდან უნდა დამეწყო დალაგება არ ვიცოდი. პირველ რიგში საწოლი გავათავისუფლე. ფანჯარა გავაღე,  სუფთა ჰაერი რომ შემოსულიყო და აბლაბუდები ჩამოვწმინდე. წარა-მარა მაცემინებდა. თვალები ამიცრემლიანდა, მაგრამ ისე მინდოდა იმავე ღამეს დამეძინა ახალ ოთახში, წუთითაც კი არ ვჩერდებოდი. ორი დღის შემდეგ ჩემი საკუთარი პატარა და მყუდრო ოთახი მქონდა სხვენში. კარზე აბრა დავკიდე წარწერით „ დააკაკუნეთ“.

ოთახში შემოსვლა პირველ რიგში ჩვენს კატა ტომს აეკრძალა. ჩასუქებულ და განებივრებულ უქნარას. პატარა, გაძღვალტყავებული, სველი, ალაგ-ალაგ ბეწვგაცვენილი იყო ბებია როზეტამ რომ მოიყვანა ერთ წვიმიან საღამოს. ჩავათბეთ, რძე დავალევინეთ, მოვეფერეთ, ბებიამ კალთაში ჩაისვა და მის მერე ყველაზე საყვარელი ადგილი გახდა. როგორც კი ბებიას დამჯდარს დაინახავს, მის კალთაში იკალათებს. სახელი „ტომი და ჯერის“ ტომის გამო დაარქვა ბებია როზეტამ, თაგვებს თვალს არ მოაშორებსო, მაგრამ ჩვენი ტომი თაგვების თვალთვალის ნაცვლად ბებიას სერიალებს არ აშორებს თვალს. სხედან ხოლმე ერთად უყურებენ საპნის ოპერებს, თაგვები კი მხიარულად დანავარდობენ საკუჭნაოში. ჩემს ოთახშიც გაირბენენ ხოლმე ნუგბარით პირგამოტენილები. ერთს უკვე ვცნობ, კარადის ფეხის უკან რომ ჩერდება, იქიდან მიყურებს ხოლმე უტუფრად. სულ ნაცრისფერია და კუდის ბოლო წვერი აქვს შავი.

უცებ ხმაური მომესმა. რაღაც დაეცა იატაკზე და ჩემი საწოლის ქვეშ შეგორდა. დავიზაფრე. საბანში ჩავიმალე და ცალი თვალით დავიწყე ყურება. ფარდები გადაიწია და ფანჯრიდან შავმა აჩრდილმა დაიწყო გადმობობღება ოთახში.  ჯერ თავი შემოყო, მერე ცალი ფეხი გადმოდგა. ხელების ფათური დავიწყე საბანში, ეგებ რამე ვიპოვნო თავის დასაცავად-მეთქი, ვფიქრობდი. ბალიშის მეტი ვერაფერი ვნახე. უცებ საათმაც დარეკა. წავავლე ხელი და აჩრდილისკენ ვისროლე. მგონი თავში მოვარტყი. ჩრდილმა მოულოდნელობისგან და ტკივილისგან დაიღრიალა და ჩაიკეცა. კიდევ მინდოდა რამე მესროლა. საწოლიდან წინ გადმოვიხარე, ქოშებს დავუწყე ძებნა, მაგრამ ახლა მე გავიშხლართე იატაკზე. ისე მეტკინა ფეხი დაცემისას, ადგილიდან ვერ ვინძრეოდი. აჩრდილი წამოიწია და ჩემსკენ წამოვიდა. მაშინ კი მართლა შემეშინდა და თვალებზე ხელი ავიფარე. არ ვიცოდი, რას დამიშავებდა, მაწამებდა თუ დიდ პირს გააღებდა, ერთბაშად გადამსანსლავდა და ფანჯრიდან ისევე მოულოდნელად გაუჩინარდებოდა, როგორც გამოჩნდა? მერე გამოძიება დაიწყებოდა, პოლიციელები ქუჩას გადაკეტავდნენ ყვითელი ლენტებით, სახლში ხელთათმანებით და ფოტოაპარატებით ივლიდნენ, ყველა საეჭვო დეტალს ყურადღებას მიაქცევდნენ, თითის ანაბეჭდებს აიღებდნენ, დაკითხავდნენ ოჯახის წევრებს, მეგობრებს, გამოიკითხავდნენ, ვინმე ხომ არ მტრობადა? თვითმკვლელობაზე ან სახლიდან გაქცევაზე ხომ არ ვწერდი რომელიმე სოციალურ ქსელში? ვინმესთან შანტაჟის შემცველი მიმოწერა ხომ არ მქონდა? მერე ვინმე გატაცებას და გამოსასყიდს ახსენებდა და ტელეფონის ზარს დაელოდებოდა. ერთბაშად  გადასანსვლის იდეა აღარ მომეწონა. მასე ხელისჩასაჭიდი არაფერი ექნებოდათ გამოსაძიებლად, მაგრამ წამებისაც მეშინოდა. ნეტა , უცხოპლანეტელებმა გაიტაცესო, ვინმე თუ იტყოდა?

- გაგიჟდი გოგო? - ნაცნობმა ხმამ გამომარკვია ფიქრებიდან.

- რუფ, შენ ხარ?- აჩრდილს გავხედე, უკვე ნაცნობ სილუეტსაც ვარჩევდი. - მე კი არა შენ გაგიჟდი, რა გინდა აქ? აჩრდილი მეგონე.

- კენჭი ვისროლე, ნიშანი მოგეცი , შენ კიდევ თავი გამიტეხე.

- ვინ ისვრის კენჭებს სახლში შეპარვამდე? კარიდან ვერ შემოხვედი? - არ ვცხრებოდი.

- ფილმში მასე იყო, ის გოგო ყველაფერს მიხვდა, შენ კიდევ არაფერი გაგეგება ნიშნის მიცემაზე და ხომ არ გავიწყდება რომელი საათია? კარიდან როგორ შემოვიდოდი?- არც რუფი ცხრებოდა. თან თავზე ხელს იკიდებდა და იმანჭებოდა. ეტყობოდა, ძლიერად რომ მოხვდა საათი.

- მერე რა გინდოდა ამ დილაუთენია რომ მობობღავდი ფანჯარაში, ვერ დაიცადე?

- თრის! თრის, ვის ელაპარაკები მანდ? - ბებია როზეტას ხმა გაისმა ქვევიდან. ხმაურზე გაეღვიძა.

- არავის, ჩემთვის ვლაპარაკობ ხმამაღლა - ვუპასუხე, მაგრამ ჯერ საწოლის ჭრიალის ხმა რომ გაისმა და მერე კიბის საფეხურების ჭრაჭუნიც, აშკარა იყო, ჩემს პასუხს არ დაუჯერა და თავად მოდიოდა გადასამოწმებლად.

- რუფ, დროზე დაიმალე! - წავუსისინე რუფს. რუფიც დაფაცურდა. ხოხვით მივიდა საწოლამდე, მაგრამ ვერ შეეტია. ისეთი სასაცილო სანახავი იყო, ტუჩზე ვიკბინე, რომ არ გამცინებოდა. - აქეთ რუფ! - კარადისკენ გავიშვირე თითი. რუფის კარადაში დამალვა და ბებია როზეტას ოთახში შემოსვლა ერთი იყო. კარის ზღურღბლზე გადმოდგა ცალი ფეხი, ხელით კარის სახელურს ჩაებღაუჭა. ძლივს სუნთქავდა, მაგრამ მაინც არ დავიწყებოდა , რისთვის ამოვიდა. თვალების ბრიალით ათვალიერებდა ოთახს.

ბებია როზეტას კატა ტომიც შემოჰყვა ოთახში. უფრო სწორად, შემოგორდა და ბებიას ფეხებთან ფშვინვით გაგორდა. თათები წინ დაილაგა და ლოკვა დაიწყო.

-ხომ ხედავ, არავინ არაა, მე ვლაპარაკობდი, აი ასე. - ხმა დავიბოხე - თი, ადექი, დაგაგვიანდება! თი, დღეს ეს ჩაიცვი!  თი...

ბებია მაინც ოთახის თვალიერებას განაგრძობდა. საწოლის ქვეშ შესახედად ფეხი გადადგა, მაგრამ ტომი ვერ დაინახა და თათზე ფეხი დააბიჯა. ტომმა დაიჩხავლა, გადახტომა სცადა, მაგრამ კუდმა არ გაუშვა. ბებიას ფეხი ედგა ჯერ ისევ კუდზე. ამაზე უფრო გაიფხორა ტომი. ბებიამ ერთი შეჰკივლა მოულოდნელობისგან, მერე კატას სწვდა კისერში და ხელში აიყვანა. ძლივს დააწყნარა ტომი. ბებიამ ისე შემომხედა, თითქოს მანიშნა, ბედი შენი დღეს გადამირჩი, მაგრამ მაინც არ დავტოვებ ამ ამბავს გამოუძიებელსო და ოთახიდან გავიდა მკერდზე კატამიხუტებული. კიბეზე რომ ჩადიოდა, მესმოდა, როგორ ეფერებოდა და აწყნარებდა შეშინებულ კატას.

- გამოვიდე? - კარადაში ჩაიჩურჩულა რუფმა. კი-მეთქი, თავი დავუქნიე, მაგრამ მაშინვე მივხვდი, ჩემი თავის ქნევას ვერ დაინახავდა და კარი გავუღე. რუფმა ჯერ თავი გამოყო, ოთახი მოათვალიერა. რომ მიხვდა, ოთახში მართლა არავინ იყო ჩემს გარდა, ხელები აქეთ-იქიდან ჩასჭიდა კარადას და მძიმედ წამოდგა, მაგრამ საკიდს გამოედო და რომ უნდა გასწორებულიყო, საკიდმა მაისურში მოქაჩა და რუფიც ისევ კარადაში ჩაიმალა. საბედნიეროდ ტანსაცმელებში რბილად ჩავარდა. კიდევ რომ ხმაური გაეგო ბებია როზეტას ჩემი ოთახიდან, მაშინ მართლა ვეღარ გადავურჩებოდი. რუფი საწყალი თვალებით იყურებოდა კარადიდან. მაისურის საყელოდან საკიდი მოვხსენი. ხელი გავუწოდე და წამოდგომაში დავეხმარე.

რუფი ჩემი მეგობარია. საუკეთესო მეგობარი. ყოველთვის ყველაფერი იცის. სულ წიგნებში იქექება , სულ რაღაცას ინიშნავს. ერთხელ მუზეუმში გიდად მუშაობაც კი შესთავაზეს. ერთ დღეს ჯიბიდან ბილეთები ამოიღო, ჩემს წინ დაალაგა და ტაში შემოჰკრა. ჩემი საყვარელი მომღერლების კონცერტის ბილეთები რომ არ იქნებოდა, მაგას მაშინვე მივხვდი. ჩემი და რუფის მუსიკალური გემოვნება ცასა და დედამიწასავით განსხვავდებოდა ერთმანეთისგან , ის კლასიკურ მუსიკას უსმენდა, მე - ჰიპ-ჰოპს. ხან რუფს დავყვებოდი სიმფონიური ორკესტრების კონცერტებზე და სკამზე მეძინებოდა ხოლმე მოწყენილობისგან, ხან თვითონ იდგა სცენასთან რობოტივით ჩემს გვერდით და ერთი სული ჰქონდა, როგორც თვითონ ეძახდა, ჯაგა-ჯუგები დასრულებულიყო. მუზეუმის ბილეთები ვიყიდე და უნდა გამომყვე, უძველესი ხელნაწერები ჩამოიტანეს და სხვა შესაძლებლობა როდის მოგვეცემა, ვინ იცისო. - ხო, აღარ გვექნება, მეც ხომ მაგ ხელნაწერების ნახვაზე ვოცნებობდი ყოველთვის?! - მკვახედ ვუპასუხე, მაგრამ რუფმა სულ არ შეიმჩნია ჩემი პასუხი. ტანსაცმლის შერჩევაც კი დაიწყო ჩემთვის. ბოლოს დამითანხმა. იმ პირობით, რომ შემდეგზე მე წამომყვებოდა სადაც ვეტყოდი. ორი დღის შემდეგ მინის ყუთებში ჩასმული ხბოს ტყავის პერგამენტებიან დარბაზში ერთად შევაბიჯეთ მე და რუფმა. მე მისი შერჩეული კოპლებიანი სარაფანი მეცვა. რუფისგან განსხვავებით, ვფიქრობდი რომ საშინლად არ მიხდებოდა სარაფანი. მისთვის კი ჩემი სარაფანი შეუდარებელი იყო, ისევე როგორც პერგამენტებზე აქა-იქ სიძველისგან შეჭმული აბდა-უბდა ნაწერები. გიდი ძალიან გამხდარი და უშველებელსათვალიანი კაცი იყო. ყოველი ორი წინადადების დასრულების შემდეგ მცირეოდენ პაუზას აკეთებდა და იღიმოდა. რუფი თვალებმოჭუტული უსმენდა, მერე უცებ წამოიყვირა: - არა, რას ამბობთ, ეგ ხომ მცდარია! - და რომ დაიწყო ხელნაწერების ისტორიის მოყოლა, კარგა ხანს არ გაჩუმებულა. პირდაღებული ვუსმენდი. რამდენიმე კაცი, მე რომ პროფესორებად ჩავთვალე, რუფს დაეთანხმა, კი, ჩვენც მასეთ ინფორმაციას ვფლობთო. გიდმა მუზეუმის დირექტორს დაუძახა, ასეთი შეურაცხყოფილი ჯერ არასოდეს ვყოფილვარო. დირექტორმა გიდი და რუფი კაბინეტში იხმო. რამდენიმე წუთის შემდეგ კი ჯერ გიდმა დატოვა ჩქარი ნაბიჯით და ბურდღუნით მუზეუმი, მერე კი მუზეუმის დირექტორი და რუფი გამოვიდნენ ერთად. დირექტორმა რუფს ხელი ჩამოართვა და მუზეუმში უფასოდ შეშვების პირობაც აღუთქვა. როგორც მერე რუფმა მომიყვა, გიდის ადგილიც კი შეუთავაზებია დირექტორს, მას კი უარი მოუცლელობის გამო უთქვამს. სულელი რუფი.

ფარდები გადავწიე. მზე უკვე ამოსულიყო მოკრიალებულ ცაზე და ზაფხულის ცხელ სხივებს გვიგზავნიდა. გზა მშრალი იყო, წუხანდელი წვიმის კვალი ამოეშრო მზის სხივებს, მაგრამ სველი მიწის სუნი ჯერ ისევ იგრძნობოდა ჰაერში. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ზაფხული მიყვარს. სხვა დროს, განსაკუთრებით კი ზამთარში კვირობით დგას ხოლმე გუბეები და თუ რეზინის ჩექმები არ მაცვია, სკოლაში მისასვლელად შემოვლითი გზებით მიწევს სიარული. არადა ეს გზა ყველაზე მოკლეა სკოლამდე.  ვერ იქნა და ვერ გააკეთეს გზა.

- მთელი ღამე ვერ დავიძინე. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს რაღაც უნდა მოხდეს.- გვერდით მომიდგა რუფი. რამდენჯერმე დააკაკუნა ფანჯრის რაფაზე. ეტყობოდა, რომ ნერვიულობდა.

- რა უნდა მოხდეს? ყველაფერი რიგზეა, ყველა საჭირო ნივთი ჩამოვწერეთ და ჩავალაგეთ. ტანსაცმელებიც ჩავალაგეთ, ზაფხულისიც და რამდენიმე ხელი თბილებიც. რომ ჩავალთ, სკოლის ავტობუსი დაგხვდება და ის მიგვიყვანს. მარტო ხომ არ ვიქნებით? თუ რამე მოხდება,  სახლში დავრეკავთ. მამაჩემმა ყველას ნომრები ჩამომიწერა, სად უნდა დავრეკოთ. წესები ხომ გახსოვს? ბანაკს არ უნდა მოვშორდეთ თუ გზა არ ვიცით. კონფლიქტური სიტუაციები არ შევქმნათ და დავისვენოთ. აუჰ, ერთი სული მაქვს ტყეში წაგვიყვანონ და კოცონთან ღამე გავატაროთ. სიმღერებიც კი ჩამოვწერე, რა უნდა ვიმღერო. ვარსკვლავებით მოჭედილი ცა რომ იქნება, ტყიდან ბუები რომ დაიკივლებენ, მდინარის ჩქრიალის ხმა რომ მოაღწევს სადღაც შორიდან. ან ახლოდან. მე ახლოს მირჩევნია მდინარე რომ იყოს. შენ?- არაფერი მიპასუხა. ისევ თავდახრილი იდგა ფანჯარასთან, თითებს ნერვიულად ათამაშებდა. უცებ ფანჯრიდან გადაძვრა. ბოლომდე არც იყო ჩასული, რომ ისკუპა. მეგონა რამე დაიშავა, მაგრამ უცებ წამოდგა ფეხზე, საღამოს გნახავ სადგურშიო, მომაძახა და გაიქცა. ასეთი ანერვიულებული არასდროს მენახა .

საათი იატაკიდან ავიღე. მეგონა გაფუჭებული იქნებოდა, მაგრამ საბედნიეროდ მუშაობდა.   საწოლის გვერდით ტუმბოზე დავაბრუნე თავის ადგილას.  საწოლზე დავჯექი. ლეპტოპი ჩავრთე და წერილები შევამოწმე . ერლსკოტის საზაფხულო სკოლიდან იყო ყველაზე მეტი შეტყობინება, უამრავი სურათით და ადგილების მოკლე-მოკლე აღწერებით, ყველა წერილის ბოლოს წინა წლებში იქ მყოფი ბავშვების შთაბეჭდილებები ეწერა. ყველა კმაყოფილი იყო და ყველას ისევ სურდა იქ მოხვედრა. რუფზე დავიწყე ფიქრი. ჯერ რამდენი ხანი ველოდით პასუხს, რომ იქ მოვხვედრილიყავით. რუფის თქმით, ერლსკოტის საზაფხულო სკოლაში მოხვედრა დიდი პრესტიჟი იყო ჩვენთვის, ჩვენი სკოლისთვის, ქალაქისთვის და ჩვეულებრივ ბავშვს ამის შანსი იშვიათად აქვს, იქ მხოლოდ წარჩინებულებს იწვევდნენ. ჩემთვის ასეთი პათოსი სასაცილო იყო,  რადგან სულაც არ მინდოდა იმ ლამაზ ადგილას კიდევ წიგნებში მეკირკიტა, გართობა და დასვენება უფრო მხიბლავდა. მერე სიხარულით დავაწყვეთ გეგმები, რუფმა რუკაც კი შეადგინა, სად რა უნდა გვენახა . ყველა წვრილმანი გამოიკვლია, ტყეში რომელი სოკო მოდიოდა იქიდან დაწყებული, ნიავი საიდან იქროლებდა იმით დამთავრებული და ახლა ისეთი უადგილო მეჩვენებოდა მისი ეს შიშები, ზედმეტ სიხარულს მივაწერე. სხვა ახსნა ვერ ვუპოვნე. ლეპტოპი დავხურე და აბაზანისკენ გავწიე, მაგრამ როგორც ყოველთვის დაკეტილი დამხვდა. როიმ თუ ვინმეს შეასწრო, მისი იქიდან გამოყვანა ძნელია, თან კბილის პასტების, ჯაგრისების, ტუალეტის ქაღალდების, საპნების გადარჩენის იმედიც დაკარგული გვაქვს ხოლმე.

დღემ მალე გავიდა. ბებია როზეტამ დილიდანვე დაიწყო რჩევა-დარიგებები:

- ეს დალიე, თუ ყელი გეტკინება! - დიდი ბოთლით წამალი მომოტანა თავისი წამლების ყუთიდან.

- ეს წაისვი , კოღოები თუ შეგაწუხებენ! - რკინის ბრტყელი პატარა და მწვანე ყუთი დამიდო საწოლზე რამდენიმე წუთის შემდეგ, როცა სამზარეულოში საქმეს მორჩა.

- როგორც კი ჩახვალ , მაშინვე მოგვწერე. ყოველ საღამოს მოგვწერე, გაგვაგებინე როგორ იქნები. თუ ვინმე გაგაბრაზებს, ეგეც მოგვწერე და მამაშენი მაშინვე ჩამოვა. გაიგე? - დედაჩემმაც შემოყო თავი ოთახში, მაგრამ პასუხს აღარც დალოდებია, როი ატირდა და მასთან გაიქცა.

- ჩავიტან ჩემოდანს, თუ უკვე ჩაალაგე ყველაფერი- მამაჩემის ხმაც გაისმა ქვევიდან. მგონი ყველა ღელავდა ჩემს გარდა. მე ღიღინით დავდიოდი ოთახში და საერთოდ არ ვღელავდი. რუფიც კი გადამავიწყდა.

ხუთ საათზე ყველა პირველ სართულზე ვიყავით. ჩემი წასვლის დრო იყო. ყველას სათითაოდ ვაკოცე ლოყაზე. ბებიას ცრემლები მორეოდა. ერთი საკმაოდ მოზრდილი ჩემოდანი და ერთიც ზურგჩანთა გამოვიდა ჩემი ბარგი. კი გავაფრთხილე დედაჩემი და ბებია როზეტა, გაცილება არ მინდა, ვიცი ტირილს დაიწყებთ, თითქოს დიდი ხნით გტოვებთ-მეთქი, მაგრამ როგორც კი მანქანაში მამაჩემის გვერდით მოვკალათდი, ღვედი შევიკარი და მანქანის სარკეში სახლის კარს გავხედე, დედა, ბებია და როი კართან იდგნენ და ხელს მიქნევდნენ. პირველი შემთხვევა იყო, როი რომ არ ტიროდა. დედაჩემის კაბას ამოფარებული იდგა და ხელაწეული მხოლოდ თითებს ხრიდა დამშვიდობების ნიშნად. ლამაზი ბავშვი ყოფილა, როცა არ ტირის. ტომი არსად ჩანდა. ეტყობა ბებიას ადგილზე იყო დივანზე წამოკოტრიალებული და თვლემდა.

- ხომ არაფერი დაგრჩა? მანამ დროა, ნახე და მივბრუნდეთ- გზაჯვარედინთან შუქნიშანზე რომ წითელი შუქი აინთო და გავჩერდით , მაშინ მკითხა მამაჩემმა. გონებაში ყველაფერი გავიხსენე, რა რის შემდეგ ჩავაწყვე და დარწმუნებული ვიყავი, რომ არაფერი მქონდა დარჩენილი.

- მგონი არაფერი. რაც სიაში გვეწერა, ყველაფერი ზუსტად ჩავალაგე - თან დამაჯერებლად დავუქნიე თავი. მამაჩემმაც დაძრა მანქანა და გზა გავაგრძელეთ.

მხოლოდ ერთ ადგილას იყო საცობი. სადგურთან ახლოს. ავარია მომხდარიყო. ტრამვაის მძღოლს დამუხრუჭება დაეგვიანებინა და სატვირთო მანქანას შესჯახებია. ოდნავ ჰქონდა შეღუნული სატვირთოს გვერდითა მხარე. ტრამვაის მძღოლი ბოდიშს უხდიდა და გაკეთებას ჰპირდებოდა. საბედნიეროდ მალევე განიმუხტა სიტუაცია პოლიციის დახმარებით და საცობში ყოფნა ხუთ წუთზე მეტ ხანს არ მოგვიწია.

სადგურში აუარება ხალხი ირეოდა. ურიკებზე დალაგებული ჩანთებით დადიოდნენ და ტაბლოებზე აკვირდებოდნენ მატარებელების განრიგს. ჩვენი მატარებელი მესამე ბაქანზე იდგა. დიდი ნათურების შუქზე ლაპლაპებდა ვაგონები. რუფს მოვკარი თვალი და დავუძახე:

-         რუფ, აქეთ რუფ! - თან ხელებს ვუქნევდი , რომ დავენახე.

მანაც შემამჩნია და ხელების ქნევას მოჰყვა. მერე მოკიდა თავის გორგილაჭებიან მცირე ზომის ჩემოდანს სახელურში ხელი და სწრაფი ნაბიჯით წამოვიდა ჩვენსკენ. გზაში ვიღაც კაცს შეეჯახა. იმ კაცს ხელში ჭიქა ეჭირა, შეჯახებისას ხელი აიქნია და წყალი ტანზე გადაესხა.

- წინ არ უნდა იყურო? - გაბრაზებულმა დაუყვირა კაცმა. - საერთოდ აღარაფერზე ფიქრობთ ახალგაზრდები, რა თაობა მოდიხართ? უფროსის პატივისცემა თქვენ არ იცით.

- ბიძია ჯონ, რა ხდება? - წითური გოგო ამოუდგა გვერდით კაცს, თან საათზე იხედებოდა. ეტყობოდა ეჩქარებოდათ მათაც. მერე ბიძას მიუტრიალდა და უთხრა: - არაუშავს, მატარებელში რომ ჩავსხდებით, გამოიცვალე. ახლა ვიჩქაროთ, თორემ საცაა გავა მატარებელი. არ მინდა დაგვაგვიანდეს მაშინდელივით...- ამ უკანასკნელმა სიტყვებმა ჯადოსნურად იმოქმედეს კაცზე. რუფს წარბშეკრულმა გახედა. აღარაფერი უთქვამს. მოკიდა თავის ურიკას ხელი და სწრაფი ნაბიჯით იქით წავიდა, საითაც წითური გოგო მიდიოდა.

რუფმა შვებით ამოისუნთქა. ახლა ჩვენ უნდა გვეჩქარა, რომ არ დაგვეგვიანებინა. მესამე ბაქანისკენ გაიქეცით. გამცილებელი ვაგონის კართან იდგა და მგზავრების საბუთებს ამოწმებდა. თან ხმამაღლა გაიძახოდა, ზედმეტმა პირებმა ვაგონი დროზე დაცალეთო. რიგში ჩვენს წინ და-ძმა იდგა, ორივე მსუქანი და იმაზე ჩხუბობდნენ, ბანქოს წამოღება რომელს დაავიწყდა. ერთმანეთს აბრალებდნენ, შენი ბრალია, არა, შენიო. უფროსი ძმა შემოტრიალდა, ისიც მათსავით მსუქანი და ორივეს თავში წამოუთაქა, ნუ ყვირიხართო.

- მეთოთხმეტე და მეთხუთმეტე ადგილები, დიდი ზომის ჩანთები საბარგულის მხარეს, პატარები თან წაიღეთ, არაფერი დაყაროთ, არ იჩხუბოთ, მშვიდობიან მგზავრობას გისურვებთ! - გაზეპირებული ტექსტი სხაპასხუპით ჩაარაკრაკა გამცილებელმა, ბილეთებს გვერდი მოახია, მოხეული ნაწილი თვითონ დაიჭირა ხელში სხვა უკვე ბილეთების მონახევებთან ერთად, მეორე მხარე ბილეთების უკან გამოვიწოდა და გვერდზე გადგა, რომ ვაგონში შევსულიყავით. ჯერ მე შევხტი. მერე რუფი. ჩემი და რუფის ჩემოდნები მამაჩემმა შემოიტანა ვაგონში და სანამ ჩვენ ჩვენი ადგილის ძებნას შევუდექით, ჩემოდნები საბარგო ნაწილში შეინახა.

- ჭკვიანად იყავით. ერლსკოტში რომ ჩახვალთ, დედაშენს მისწერე, თორემ ხომ იცი, როგორც ნერვიულობს?- მერე რუფს მიუტრიალდა: -რუფ, შენ გაბარებ თის და მიხედე! - ხელი გაუწოდა შეთანხმების და გამომშვიდობების ჟესტად.

- გპირდებით, დავიცავ ყველა საფრთხისგან! - ომახიანად უპასუხა რუფმა, თან მე გადმომხედა ნიშნისმოგებით, ხომ ხედავ, შენი თავი აწი უკვე მე მაბარია და არ გამაბრაზოო. ენა გამოვუყავი, ისე რომ მამაჩემს არ დაენახა.

- მომენატრები, მა! - წამოვდექი და მამაჩემს ჩავეხუტე. შუბლზე მაკოცა. მატარებელმა ერთხელ დაიკივლა. დრო იყო მარტო დავეტოვებინეთ. გამცილებელი უკვე ვაგონში შემოსულიყო და გასასვლელისკენ მიუთითებდა, ვინც არ მოდიხართ, გადით უკვეო. მეორე დაკივლებაზე მატარებელმა დაიქშინა. დავიძარით. ნელ-ნელა ვშორდებოდით ბაქანს. მამაჩემს თვალი ვეღარ მოვკარი, საით წავიდა და გული დამწყდა, ფანჯრიდანაც მინდოდა ხელი დამექნია. ვგრძნობდი, ჩემს გულს ბაგა-ბუგი გაუდიოდა. ჩემი ხელები ხელებში მოიქცია რუფმა და ხმადაბლა მითხრა:

- წინ დიდი თავგადასვლები გველის, თრის!

 

2.

მატარებელი რწევით მიდიოდა ლიანდაგებზე.

ყურსასმენები გავიკეთე და სიმღერების მოსმენა დავიწყე. რუფმა პატარა სანათი აანთო თავთან, წიგნი ამოიღო ჩანთიდან, სანიშნეთი გადაშალა, მოხერხებულად მოკალათდა და კითხვა დაიწყო.

-რას კითხულობ? - ცალი ყურსასმენი მოვიხსენი , რომ პასუხი გამეგო, რუფმა კი მხოლოდ წიგნი აწია და ყდა დამანახა , - „ ძველი რომის უცნობი ისტორია“- ხმამაღლა ჩავილაპარაკე - საინტერესოა? -არც ამ კითხვაზე ,მიპასუხა, მხოლოდ თავი დამიქნია. ეტყობა მართლა საინტერესოა, გავიფიქრე და ისევ სიმღერების მოსმენა გავაგრძელე.

რუფი და წიგნი განუყრელნი იყვნენ. დღე არ გავიდოდა, რამე რომ არ წაეკითხა. ზოგჯერ ორ , ხანდახან სამ წიგნს პარალელურად კითხულობდა, ამბობდა, განწყობის მიხედვით ვკითხულობო. დილას თუ ერთი წიგნი ეჭირა, საღამოს მეორე. ახლაც არ გამკვირვებია, უწიგნოდ რომ ვერ გაჩერდა. ნახევარი საათიც არ იყო გასული, რაც მატარებელი დაიძრა და რუფი უკვე თავ-ფეხიანად წიგნში იყო შემძვრალი.

მოულოდნელად ჩვენი კუპეს კარი სათვალიანმა და ულვაშიანმა კაცმა გააღო. თვალი მოგვავლო. რაღაცის თქმა დააპირა, მერე რაღაც ჩაილუღლუღა და კარის დახურვა რომ დააპირა, სახელურზე შავ ბურთებიანი სამაჯური გამოედო და კინაღამ ხელი მოიყოლა.

- დაგეხმარებით! - რუფი ადგილიდან წამოდგა. წიგნი ძირს დაუვარდა და ამოტრიალებული დაეცა დაბლა.

- ჰოოო.. - ისევ ჩაილუღლუღასავით.

- ცოტა აქეთ მოსწიეთ ხელი - რუფმა ხელზე მოკიდა ხელი.

- აააჰ ! - კიდევ ჩაილუღლუღა სათვალიანმა, ხელი გაიქნია, რუფის ხელი რომ მოეშორებინა, მაგრამ სამაჯურმა მოქაჩა და ისევ ქვევით დაუშვა.

- მასე გაწყდება! - არც რუფი ეშვებოდა. ცდილობდა ხელი გაეწევინებინა გვერდით, რომ სამაჯური თავისუფლად მოსძრობოდა სახელურს.  უცნობი კი მხოლოდ უცნაურ ბგერებს გამოსცემდა და გაქცევას ლამობდა.

- რა ხდება? - გამცილებელმა უცნობის უკნიდან დაიძახა.

სათვალიანი ისევ უცნაურ ბგერებს გამოსცემდა.

- თქვენ გეკითხებით, რა ხდება აქ? - ახლა კუპეში სცადა თავის შემოყოფა გამცილებელმა. ზუსტად ამ დროს რუფმა სამაჯური გამოაძრო კარის სახელურიდან. სათვალიანმა ვერ მოზომა, უცებ რომ გაუთავისუფლდა ხელი და პირდაპირ სახეში მოარტყა გამცილებელს. გამცილებელმა დაიყვირა და ჩაიკეცა. ამით ისარგებლა სათვალიანმა და ვაგონის მეორე გასასვლელისკენ გაიქცა. გამცილებელმა რაცია ამოიღო : -  მეორე ვაგონში თავდასხმაა, ვიმეორებ, მეორე ვაგონში თავდასხმაა, მგონი ცხვირი გამიტეხა მაგ ... - უწმაწური სიტყვისგან თავი შეიკავა. მერე ჩვენ მოგვიტრიალდა:

- რა უნდოდა? წაიღო რამე? ძარცვა იყო?

- არაფერი წაუღია. შემოიხედა. შეგვათვალიერა და გასვლისას სამაჯური წამოსდო სახელურს. - მხრების აჩეჩვით ვუპასუხე.

- მეტი არაფერი?

- საერთოდ არაფერი. დახმარება გვინდოდა და გადაირია.- რუფიც ჩაერთო დიალოგში.

- რამდენი გიჟია ქვეყანაზე. ცხვირი კინაღამ გამიტეხა. - გამცილებელი ხელს წარა-მარა იდებდა ცხვირზე და ამოწმებდა, სისხლი ხომ არ წამომივიდაო.

- თან უაზროდ ლუღლუღებდა, მგონი მუნჯი იყო - დავასკვენი.

- მგონი მართლა მუნჯი იყო - რუფიც დამეთანხმა .

- არ ვიცი, არ ვიცი, გაგიჟდა ქვეყანა არ ვიცი... - ხელები გაასავსავა გამცილებელმა და კუპედან გავიდა. კარი რუფმა დაკეტა. რომ მოტრიალდა და თავისი სავარძლისკენ წავიდა დასაჯდომად, ფეხი დაბლა დავარდნილ წიგნს დააბიჯა. შეხტა. ეს როდისღა ჩამოვარდაო, ჩაილაპარაკა. წიგნი აიღო და იმ გვერდის მოძებნა დაიწყო, სადაც გაჩერდა, მაგრამ გული ვეღარ დაუდო კითხვას და გვერდით გადადო. მერე მე მომიტრიალდა:

- რა უცნაური კაცი იყო არა?!

- ჰო. მგონი გიჟი იყო. ნეტა ჩვენს კუპეში რა უნდოდა? - მეც გული ამიცრუვდა სიმღერების მოსმენაზე .

- ალბათ, უბილეთოდ შემოიპარა და თავისუფალ ადგილს ეძებდა.

- ხო და დაიჭირონ მალე. მაგრად კი შემეშინდა, შენ არ შეგეშინდა ?

- შიშით არ შემშინებია, მაგრამ რაღაც არ მომეწონა ამ კაცში და ვერ გავიგე რა - ტუჩი ამოაბრუნა რუფმა და ფიქრებში წავიდა.

კუთხეში მივიყუჟე. ფეხები სავარძელზე დავალაგე და მუხლებზე ხელები შემოვიხვიე. იმ კაცის სახეს ვიხსენებდი. ისეთი არაბუნებრივად პრიალა ულვაშები ჰქონდა, თითქოს მიწებებული ჰქონდა. შავი სათვალეც იმხელა ეკეთა, თითქმის ნახევარ სახეს უფარავდა. თავზე კეპი ეხურა. ჩაცმულობით ღარიბს არ ჰგავდა. საკმაოდ ძვირადღირებული შავი პერანგი ეცვა, შავი ჟლეტით და შავი ვილვეტის შარვლით, ფეხსაცმელიც ისეთი გაპრიალებული ეცვა. არა, ასეთ ჩაცმულს წესით ბილეთის ფულიც უნდა ჰქონოდა, თუმცა ალბათ მართლა გიჟი იყო და ტანსაცმელიც სხვას მოჰპარა. რანაირი სამაჯური ეკეთა, ჩონჩხის თავის გამოსახულებიანი შავი ბურთები. საზარელი სანახავი იყო ჩონჩხის თავები, ფიქრებში ვმსჯელობდი.

შემდეგ სადგურში ორი გოგო შემოგვემატა კუპეში. ტყუპები. ორივე ქერა და ცისფერთვალება. ვარდისფერი ჩანთებით აავსეს გარშემო ყველაფერი. ერთი ჩანთის, რომელიც ყველაზე დიდი იყო იქ დალაგებულ ჩანთებს შორის და რომელსაც გარშემო ბრჭყვიალა ბუმბულები ჰქონდა, სავარძლების თავზე თაროზე დადება უნდოდათ. ორივემ ერთდროულად მოკიდა ხელი, მაგრამ ვერაფრით შემოდეს ზევით. რუფი წამოდგა და ხელის ერთი მოძრაობით შემოდო თაროზე. გოგოებმა კისკისი დაიწყეს.

- მე ლორა ვარ.

- მე მორა - ორივემ ხელი რუფს გაუწვდინა. რუფმა სათითაოდ ჩამოართვა ხელი. გოგოებმა ისევ კისკისი დაიწყეს.

- მე რუფი ვარ, ეს კი თრისია- ჩემზე ანიშნა. მე ხელის მტევანი გავშალე და თითები ავამოძრავე მისალმების ნიშნად.

- ჩვენ ერლსკოტის საზაფხულო სკოლაში მივდივართ - თითქმის ერთდროულად თქვეს და ისევ კისკისი დაიწყეს. ყოველი წინადადების მერე კისკისებდნენ. ზუსტად ისე, როგორც ბარბის თოჯინები რეკლამებში. ესენიც იმ ბარბებს ჰგავდნენ. ორივე ისეთი ლამაზი იყო, მაგრამ კისკისი საერთოდ არ უხდებოდათ, ქარაფშუტებად აჩენდა. ან იყვნენ კიდეც.

- ჩვენც ერლსკოტში მივდივართ - ისე ვუპასუხე, არც კი გამიღიმია, თუმცა არც ბარბებს სწყენიათ. მეტიც, არც კი მიყურებდნენ, რუფს აკვირდებოდა ორივე თავიდან ფეხებამდე.

- ისაა? - პირველმა ბარბმა ჰკითხა მეორეს. ვერ დავიმახსოვრე, რომელი მორა იყო და რომელი ლორა.

- მგონი ისაა - თვალსაც კი არ ახამხამებდნენ, ისე უყურებდნენ რუფს.

- არ მჯერა - ისევ პირველმა თქვა.

- შევადაროთ ! - უცებ ჯიბიდან სმარტფონები ამოიღეს, ეკრანი ააწკაპუნეს, მერე ჯერ რუფს გახედეს, მერე ეკრანს, მერე ისევ რუფს, ისევ ეკრანს.

- ისაა!.. არ მჯერა, მართლა ისაა ... - ორივე ერთი და იგივეს იმეორებდა და თან კისკისებდა .

- ვინ? - გაოცებული იყურებოდა რუფი.

- ისაა!...ისაა!.. ისაა!.. - ფეხზე წამოდგნენ ბარბები და ისე აკისკისდნენ. - არ გვჯერა !!! ისაა!...

ასე ისაა, ისაას ძახილით იხტუნავეს და იკისკისეს, მანამ მატარებელი მოსახვევში არ შევიდა და დები ინერციით სავარძელზე არ დავარდნენ. რუფი ხან მათ უყურებდა გაოგნებული, ხან მე. გიჟებიღა გვაკლდნენ, თითქოს ის კაცი არ გვეყო, გავიფიქრე და რუფს თითის საფეთქელთან მიტანით ვანიშნე, ვერ არიან რაღაც დალაგებულები-მეთქი.

- ყოვლისმცოდნე რუფუს ფლავერმენი! ვინ იფიქრებდა ?! - უკვე განაბულმა წარმოთქვა ერთ-ერთმა.

- აჰ, ჩემს ჩანაწერებს გულისხმობ? დიდი არაფერი, ისე უბრალოდ ვწერ ხოლმე - რუფს ღაწვები აუწითლდა და დაიმორცხვა.

- როგორ თუ დიდი არაფერი? ისე საინტერესოდ ჰყვები ყველაფერს, ისე გასაგებად, ისე ამომწურავად... რამდენ გოგოს უნდა შენი გაცნობა და ჩვენ როგორ მოულოდნელად გაგვიმართლა, ვინ იფიქრებდა?! - მეორეც არანაკლებ აჟუჟუნებდა თვალებს.

- მართლა? არ ვიცოდი... - რამდენიმე წამის წინ რომ დაიმორცხვა რუფმა, ამის გაგონებაზე ღრმად შეისუნთქა ჰაერი და მკერდი გამოწია. გრძნობდა ყურადღების ცენტრში ყოფნას და მგონი მოსწონდა კიდეც.

მერე ლორამ და მორამ რიგრიგობით დაიწყეს მოყოლა, რომელმა როდის ნახა პირველად რუფუს ფლავერმენი ინტერნეტში, რომელი ჩანაწერი მოეწონათ ყველაზე ძალიან, როგორ გაბრაზდნენ, როცა რუფს მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ და როგორი ამაყები იყვნენ რუფმა ღირსეულად რომ დაიცვა თავი მათგან. განაწყენებულებიც რომ იყვნენ რუფზე, არც მაგის თქმა დავიწყებიათ, თურმე რუფს სწერდნენ და ის არ პასუხობდა. მერე აღარ მომისმენია დანარჩენი ამბები, წყურვილი მოვიმიზეზე და გარეთ გამოვედი, თუმცა ისე იყვნენ ლაპარაკში გართულები, ალბათ ვერც შეამჩნიეს ჩემი არყოფნა.

ღია პატარა ფანჯრიდან სასიამოვნო გრილი ნიავი შემოდიოდა. ფეხი ვაგონის მთელ სიგრძეზე გაყოლებულ გამათბობელზე შემოვდგი, ნიკაპი ფანჯრის ჩარჩოზე დავდე და თვალები დავხუჭე. მესიამოვნა სახეზე ცივი ნიავი. რუფუს ფლავერმენი! გამეღიმა  გახსენებაზე. ჩვენი ქუჩის სახელი რომ არ დაერქვა, სხვა უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა? გულში მეც ტყუპებივით ავკისკისდი. მაშინვე გუნება გამიფუჭდა და დაბლა ჩამოვედი. დერეფანში ჩემს გარდა არავინ იყო. სხვა კუპეებიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა, ალბათ კარი ახშობდა ხმებს. არ მესიამოვნა ეს სიჩუმე და ვაგონის მეორე ბოლოსკენ წავედი. კართან ცოტა მანძილი მქონდა დარჩენილი, თითქოს ფეხის ხმა მომესმა ზურგს უკან. არ გამიხედავს. ავუჩქარე ნაბიჯებს და მთელი ძალით გამოვაღე მეორე ვაგონში გადასასვლელი კარი, თითქოს ვინმე მომსდევდა, გული ამოვარდნას მქონდა.

მეორე ვაგონის კარი რომ შევაღე, ხალხმრავლობა დამხვდა. სასადილო ვაგონში აღმოვჩნდი. კარის მიხურვისთანავე ცხვირში ისეთმა მადისაღმძვრელმა სუნმა შემიღიტინა, სულ გადამავიწყდა, რომ მოვრბოდი. სამაგიეროდ გამახსენა, რომ დილას მერე ლუკმა არ ჩამსვლოდა მუცელში. ვიტრინისკენ წავედი.

ლანგარი ავიღე და რიგში ჩავდექი. ჩემს წინ მოხუცი ქალი ათვალიერებდა ვიტრინას და  კითხვას კითხვაზე უსვამდა ლამაზ ფორმაში გამოწყობილ გამყიდველს.

- ამ სალათის შემადგენლობა როგორია?

- ხორცი ორთქლზე შემწვარია თუ ცხიმში?

- ნატურალურ წვენებს სად წურავთ?

- ქიშმიშები რომელ ნამცხვარში უფრო მეტია?

- ფუნთუშა ახალია?

გამყიდველი ცდილობდა ღიმილით ეპასუხა, მაგრამ უკვე ეტყობოდა, რომ შეაღონებული იყო კითხვებით:

- რომელს ინებებთ?

- ჩემთვის არ მინდა, ჩემ ქმარს აინტერესებდა.

- თვითონ მოვა ასარჩევად?

- თვითონ ვერ მოვა !  - მკვახედ უპასუხა მოხუცმა ქალმა.

- თქვენ წაუღებთ? - ვერ გაიგო გამყიდველმა, ყიდულობდა თუ არა რამეს ქალი.

- იქ, აღარ დასჭირდება. - მაინც ვიტრინაში იყურებოდა ქალი და თავს მაღლა არ სწევდა.

- სად იქ? - დაბნევა დაეტყო გამყიდველს. თან არ უნდოდა, უხეშად ეთქვა რამე მოხუცისთვის, თან უნდოდა დროზე გაესტუმრებინა კლიენტი, თორემ ჩემს უკან რიგში მდგომები უკვე თვალებს აბრიალებდნენ.

- ექვსი თვის წინ გარდაიცვალა ჩემი მეუღლე. მოულოდნელად. დაიძინა და აღარ გაიღვიძა. ისე წავიდა, შვილიშვილები ვერ ნახა. ერთად დავგეგმეთ წამოსვლა და წინა დღეს რომ დაიძინა... ეჰ... გზაში ხომ უნდა გვეჭამა?! არ იყო ნამყოფი არასდროს სასადილო ვაგონში. მაშინ იმდენი რამ მკითხა. ახლა ვერც ვიხსენებ - ხმა გაებზარა ბოლო სიტყვებზე. გამყიდველს ცრემლები ჩამოუგორდა თვალის კუთხიდან. ალბათ გამოვიდოდა თავისი ადგილიდან და გულშიც კი ჩაიხუტებდა მოხუცს, რიგში მყოფებს ერთი ამბავი რომ არ აეტეხათ, ნუ ჩამოგეძინათ მანდო. საბედნიეროდ, მოხუც ქალს კაცი ამოუდგა გვერდით, - დედა, ხომ გთხოვე, უჩემოდ არ წამოხვიდე - ჩასჩურჩულა და ხელმკლავით გაიყვანა რიგიდან.

ჩემ საყვარელ სალათს მოვკარი თვალი, ქათმის ხორცი ბრინჯით და ბროწეულით,  კარტოფილი ფრის დიდი პორცია და ვაშლის ჯემიანი ნამცხვარი ავიღე. ლანგარზე დავალაგე და იქაურობა მოვათვალიერე , თავისუფალი ადგილი სად იყო, რომ დამენახა. მარტო ჭამა ვარჩიე, სულ ბოლოში წავედი და ისე დავჯექი, რომ ყველასკენ ზურგით ვმჯდარიყავი. სამარილე ცარიელი დამხვდა, ცოტა არ იყოს გავბრაზდი. უგემური მეჩვენა სალათი და გვერდით გადავდგი, სამაგიეროდ ფრი იყო გემრიელი და უცებ შევსანსლე. ნამცხვარი რომ ჩავკბიჩე, მივხვდი , მეტს ვეღარ შევჭამდი. მოკბეჩილი ლუკმის ზლაზვნით ღეჭვა დავიწყე.

რუფი გამახსენდა. იქნებ მასაც შიოდა და დებს ვერ დააღწია თავი?! თავის თავს დააბრალოს. როგორო? ფლავერმენი, თან შეუდარებელი და განუმეორებელი. ნეტა, დილას რას გულისხმობდა რუფი, რატომ ღელავდა? რომ მივალ, ვკითხავ, მაგრამ არა, ლორასთან და მორასთან ერთად არაფერს ვკითხავ, ვფიქრობდი და ჩანგლით ნამცხვრის ზედაპირზე ჯემს ერთ ადგილას ვაგროვებდი.

მერე სახლზე დავიწყე ფიქრი. ალბათ ახლა მამაჩემი გაზეთს კითხულობდა. უცნაური კითხვა იცოდა, გაზეთების და ჟურნალების კითხვას ბოლო ფურცლებიდან იწყებდა, ყვითელ პრესას გამოტოვებდა და კროსვორდების შევსების შემდეგ პირდაპირ პოლიტიკის გვერდებზე გადადიოდა. პოლიტიკაზე ძირითადად სამზარეულოში კითხულობდა ხოლმე ცხელ ყავასთან და დედაჩემის გამომცხვარ ორცხობილასთან ერთად. თუ ძალიან დაძაბულ პოლიტიკურ ამბებს კითხულობდა, თავს ხშირ-ხშირად გაიქნევდა ხოლმე, ეს როგორ შეიძლებაო. პოლიტიკაზე საუბარი არც სახლის გარეთ აკლდა. მამაჩემს ანტიკვარული ნივთების მაღაზია ჰქონდა ქალაქის ტურისტულ უბანში და სხვა მაღაზიის გამყიდველებთან ერთად დილიდან საღამომდე მუშტარის გამოჩენის მოლოდინში სხვა რა საქმე ჰქონდა თუ არა ქვეყნის საჭირბოროტო ამბებზე ლაპარაკი?! და რაზე ლაპარაკობენ კაცები უქმად ყოფნისას, თუ არა პოლიტიკაზე?!

დედაჩემი ალბათ როის აძინებდა, ყველაზე მტირალა ბავშვს დედამიწის ზურგზე. ნათესავები ამშვიდებდნენ ხოლმე დედას, მალე გაიზრდება და გადაეჩვევა ტირილს, ხომ გახსოვს შენი ბიძაშვილი ალფრედიც როგორი მტირალა იყო, გენეტიკაში გვაქვსო, მაგრამ როის ტირილის გადაჩვევის ნიშან-წყალი ჯერ არ შეინიშნებოდა. ბებია როზეტა რომ არ ჰყოლოდა დედას დამხმარედ, არ ვიცი, როგორ შეძლებდა როის მოვლას მარტო.

ბებია როზეტა კი ალბათ ახლა ტელევიზორის წინ იჯდა დივანის მარჯვენა კუთხეში გარშემო ბალიშებდაწყობილი, კალთაში ტომი ეჯდა და სერიალს უყურებდა, თან ტომს ზურგზე ხელს უსვამდა. ტომიც იკრუტუნებდა სიამოვნებისგან. თაგვებიც არხეინად ირბენდნენ.

უცებ საშინელი ტკივილი ვიგრძენი ზურგზე. თითქოს ვიღაცა დაჟინებული მზერით ცდილობდა ჩემი ზურგის გახვრეტას. ცივმა ოფლმა დამასხა. ტანში უსიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა. ის იყო წამოვიწიე , რომ უნდა შევტრიალებულიყავი, რომ რუფი დაჯდა ჩემს წინ.

- მოგისწარი - სიცილით მითხრა და ლანგარი მაგიდაზე დადო.

- არ გეცალა და უშენოდ დავიწყე - გულში ძალიან მიხაროდა, რომ მომისწრო. მერე ისიც გავიფიქრე, იქნებ უბრალოდ მოშივდა და ჩემთან ერთად ჭამა არ გაუფიქრია-მეთქი და ლამის ავტირდი. ძლივს შევიკავე თავი.

- რას მოიღუშე? - ლორით პირგამოტენილმა მკითხა რუფმა. არაფერი მიპასუხია. ისევ თვითონ გააგრძელა, ლუკმა რომ გადაყლაპა - იცი , რა კარგი გოგონები არიან? აი, ნახავ, შენც მოგეწონებიან და დამეგობრდებით. ლორას ის მომღერალი მოსწონს, შენ რომ მოგწონს. რა ჰქვია იმ ქალს?

- ჯენი. - მოკლედ ვუპასუხე .

- საიდუმლოც გამანდეს. იცი, რითი განსხვავდებიან ერთმანეთისგან?

- არა, არ ვიცი.

- ხალით.

- ხალით?

- ხო , ხალით. მორას სამი ხალი აქვს მარჯვენა ყურთან. ლორას - ერთი. წარმოიდგინე, თურმე მშობლებსაც კი უჭირდათ მათი გარჩევა და ხალებით დაიმახსოვრეს. რა სასაცილოა, არა?! - გულიანად ეცინებოდა ამ ამბავზე.

- კი , ძალიან სასაცილოა - ძალით გავიღიმე, ისიც რამდენიმე წამით და ისევ სახე მომეღუშა.

- რა მოხდა? რა გჭირს? ყველაფერი რიგზეა? - აფორიაქება დაეტყო რუფს.

მინდოდა მომეყოლა , იმ უცნაურ შეგრძნებაზე, რომ მეგონა, ვიღაც მიყურებდა, მაგრამ რამდენჯერაც პირი დავაღე, იმდენჯერ ვერაფერი ვთქვი.

- ძალიან დავიღალე დღეს, რუფ. მეძინება . - ბოლოს ეს მოვიფიქრე.

ბოლომდე აღარ შეჭამა რუფმა, მეც დავიღალეო, მოიმიზეზა. ლანგრები ვიტრინის კუთხეში დავალაგეთ. კართან რომ მივედით, ერთხელ კიდევ შევათვალიერე იქაურობა. არავინ მიყურებდა, მაგრამ ის საშინელი ჟრუანტელი მაინც მივლიდა თავიდან ფეხებამდე. დაღლილობას მივაწერე და სასადილო ვაგონის კარი დავკეტე .

მანამ ჩვენს კუპემდე მივედით, ვაგონის დერეფანში გამცილებელი შეგვხვდა. ცხვირი გასიებოდა. ალბათ ძალიან მოხვდა სათვალიანი მუნჯის ხელი. ფრთხილად ავუქციეთ გვერდი მე და რუფმა გამცილებელს. როგორც კი გაგვცდა, მოტრიალდა და დაგვიძახა :

- ერლსკოტში მიდიხართ ხო?

- კი - თავი დავუქნიეთ.

- ის ტყუპებიც ხო?

- კი, ისინიც.

- კარგი, კარგი - შეტრიალდა და წავიდა. თან ბილეთებს ამოწმებდა.

კუპეში რომ შევედით , დებს ეძინათ. ერთ-ერთს დავაკვირდი მარჯვენა ყურთან. ერთი ხალი ჰქონდა. ესე იგი შენ ლორა ხარ, ის კი მორა, გავიფიქრე და ჩემს სავარძელში დავჯექი. თავი რბილ მისაყუდებელზე მივადე თუ არა, თვალები თავისით დამეხუჭა. მატარებლის რწევამ ხელად მიმაძინა.

ერლსკოტამდე ჯერ კიდევ შორი იყო.

 

3.

გრუხუნის ხმამ გამაღვიძა. თვალი რომ გავახილე, ფანჯრისკენ გავაპარე თვალი. ღვარად ჩამოდიოდა წვიმის წვეთები მინაზე. მინის მიღმა კი საერთოდ არაფერი ჩანდა. ლორა და მორა თავიანთ ჩანთებში იქექებოდნენ . რომ დაინახეს, გამეღვიძა , ორივემ ხელი დამიქნია და დილა მშვიდობისა მისურვა. მერე ისე ძალიან ხმადაბლა გააგრძელეს საუბარი. სიტყვები ვერ გავარჩიე. რუფთან ენას არ აჩერებენ და კისკისებენ, მე რა დავუშავე-მეთქი, ვფიქრობდი, მაგრამ მეტზე ფიქრის თავი არ მქონდა. კეფა მტკიოდა საშინლად. ისე საშინლად, რომ თავს თავისუფლად ვერ ვატრიალებდი. ცუდად მედო ალბათ ძილის დროს თავი. რბილი და კომფორტული იყო სავარძელი, მაგრამ ძილისთვის მოუხერხებელი.

- რუფი სადაა? - ხმაჩახრინწულმა ვიკითხე . მხრები აიჩეჩეს, არ ვიცითო. მერე ერთმა დამ დაამატა:

- ახლახანს გავიდა. - მის ყურს ვერ ვხედავდი და ვერ გავიგე რომელმა მიპასუხა.

- კოკისპირულად წვიმს - მხრების კანკალით შემოვიდა რუფი კუპეში. - იმედია ერლსკოტში არ წვიმს ასე. ერთი საათის გზაც აღარ გვაქვს დარჩენილი. უკვე დროა მზადება დავიწყოთ. პირველ რიგში თბილი ტანსაცმელი გაამზადეთ , საწვიმარი თუ გაქვთ, უკეთესი. თორემ ერთიანად გავილუმპებით.

დები აღარ კისკისებდნენ, მაგრამ რუფის დანახვამ ხასიათზე მოიყვანა.

ნელ-ნელა მთელი ვაგონი ახმაურდა. როგორც აღმოჩნდა, მარტო ჩვენ ოთხნი არ მივდიოდით საზაფხულო სკოლაში მატარებლით. გასასვლელისკენ უკვე თავი მოეყარათ გოგო-ბიჭებს. ერთი მაღალი და გამხდარი ბიჭი დერეფანში მოდიოდა და ვინც გზაზე გადაეყრებოდა, რამეს უშვებოდა. სათვალიან ბიჭს რომ ჩაუარა და რამდენიმე ნაბიჯით გასცდა, ისევ უკან მოტრიალდა და ბიჭს უთხრა :

-შენ ჰეი, ფეხსაცმელი ცალ-ცალი გაცვია.

ბიჭმა ფეხებზე დაიხედა და მანამ მიხვდა რომ მოტყუვდა, თავზე წკიპურტი მოხვდა. მუშტი მოუღერა, ეს როგორ მომატყუეო, მაგრამ მაღალი ბიჭის ზურგსუკან ორი ბიჭი გამოჩნდა.  სამივეს თმაზე ჟელე ესვა და გაფშეკილ თმას ფანჯრიდან შემოსული ქარი ზღარბის ეკლებივით უყენებდა ყალყზე. სამივე ხმაურიანად ღეჭავდა საღეჭ რეზინს და გაბერილ ბურთებს ტყლაშუნით ხეთქავდა.

- რატომ შევყოვნდით ალბერტ? - უკან მდგომმა წინ წამოწია თავი და ისე იკითხა.

- მნიშვნელოვანი არაფერი მორდო. ცალ-ცალი ფეხსაცმელი დავინახე ამ ბიჭის ფეხებზე და დავაკვირდი.

- არ მაცვია ცალ-ცალი და შეგიძლია გაიარო.- შეუბღვირა სათვალიანმა ბიჭმა.

- რიკო შენ რას ფიქრობ? ცალ-ცალი აცვია თუ ერთნაირი? - ალბერტმა მის უკან მდგომ მეორე ბიჭს უთხრა, ისე რომ უკან არ მიუხედავს. რიკო სათვალიანი ბიჭის ფეხებთან ჩაიკუზა და მის ფეხსაცმელებს დააკვირდა დაჟინებით. მერე ხელები გაასავსავა :

- ცალ-ცალია! რომ დახედავ, მაშინვე მიხვდები. ერთი სხვანაირია, მეორე -  სხვანაირი. მართალი ხარ ალბერტ, როგორც ყოველთვის.

- აი ხომ ხედავ? - სათვალიან ბიჭს მიუტრიალდა ალბერტი - რიკომაც დაინახა რომ ცალ-ცალია.

რუფი თვალს არ აშორებდა ბიჭებს და სიბრაზისგან მუშტს კრავდა. კიდევ კარგი გამცილებელმა გამოიარა და დააშოშმინდნენ, თორემ ალბათ რუფი ვერ მოითმენდა და ალბერტს მოკუმულ მუშტს ყბაში უთავაზებდა. სათვალიანი ბიჭი გამცილებელს გაჰყვა უკან, თან უკან - უკან იხედებოდა, ალბერტი, მორდო და რიკო ხომ არ მიჰყვებოდნენ. ისინი კი იდგნენ და იცინოდნენ , კიდევ ვნახავთ შენს ცალ-ცალ ფეხსაცმელს და მერე ვეღარ დაგვისხლტებიო.

-როგორ ვერ ვიტან ალბერტს და იმ ორს! - ტყუპისცალმა ზიზღნარევი ხმით ჩაილაპარაკა.

- ვერც მე. აუტანლები და უზრდელები არიან. - მეორე ტყუპისცალი დაეთანხმა. მასაც ზიზღნარევი ხმა ჰქონდა. - შარშან ისეთი ამბები დაატრიალეს მან და მისმა დამქაშებმა, მეგონა წელს არ იქნებოდნენ.

- რა ამბები? - დავინტერესდი.

- ღამით თავიანთი საძინებლებიდან იპარებოდნენ, სკოლის შენობაში ყველა ოთახში დაძრწოდნენ, არც ბავშვებს ასვენებდნენ და არც  მასწავლებლებს. სკოლის ავტობუსიც კი მოიპარეს, მაგრამ თურმე ტარება არცერთმა იცოდა.  წრეები არტყეს სკოლის ეზოს, ბოლოს ვეღარ დაიმორჩილეს საჭე და შადრევანს შეეჯახნენ. კიდევ კარგი ჩქარა არ ატარებდნენ ავტობუსს და მსუბუქად დაშავდნენ. რიკოს მამამ ყველაფერი გააკეთა, ეს ამბავი რომ არ გახმაურებულიყო. ამბობენ ყოველ დღე ჩამოდიოდა ერლსკოტში და თხოვდა მასწავლებლებს ბავშვებისთვის ეპატიებინათ. დაზიანებული შადრევნის აღსადგენად უცხოეთიდან ჩამოიყვანა სპეციალისტები და იმაზე უკეთესად გაუკეთებია, ვიდრე მანამდე ყოფილა. რიკომ პირობა დადო, აწი აღარ მოვიქცევი ცუდად, მასწავლებლებს არ გავაბრაზებო. ალბერტმა და მორდომაც დადეს ეგ პირობა, მაგრამ როგორც ჩანს დაავიწყდათ. წელსაც გველის ბევრი სანახაობა, ვატყობ. - სამ ხალიანმა მიპასუხა. უკვე ვიცოდი, მორა იყო. - ოღონდ არავისთან თქვათ. მამაჩვენს დავპირდით, რომ არავის ვეტყოდით და ხომ ვხდებით?...

- არავის ვეტყვით. ხო ეგრეა რუფ? - რუფმაც თავი დაიქნია თანხმობის ნიშნად. ხელი  ჩამოვართვით ერთმანეთს ოთხივემ. დებმა გადაიკისკისეს. ჩვენც ვიცინოდით. გუშინდელისგან განსხვავებით უკვე მომწონდნენ ტყუპები და მათი კისკისიც აღარ მაღიზიანებდა. უკვე თანამზრახველები ვიყავით.

ერლსკოტში რომ ჩავედით , წვიმა ახალი გადაღებული იყო და გაჩახჩახებული მზე დაგვნათოდა მოკრიალებული ციდან. მატარებელმა სამჯერ ზედიზედ დაიკივლა და ქშენით გაჩერდა სადგურში. სადგურს წითელი აგურისგან აშენებული ძველი შენობა წარმოადგენდა . სადგურის დასაწყისში პატარა ოთახიდან ნარინჯისფერ ფორმიანი კაცი გამოვიდა დროშით ხელში და იქამდე აფრიალა დროშა, მანამ მატარებელი საბოლოოდ არ გააჩერა მემანქანემ. თვითონ ბოლო ვაგონის უკან ლიანდაგებში ჩახტა და მატარებელს ქვევიდან დაუწყო ყურება, თან ვიღაცას ანიშნებდა ხელით, აქეთ მოდიო. პატარა ოთახიდან კიდევ ერთი ნარინჯისფერ ფორმიანი გამოვიდა და ისიც ლიანდაგებში ჩახტა, იქეთ გაიხედა , საითაც ანიშნებდნენ, მერე დაიხარა და სულ გაუჩინარდა ვაგონის ქვეშ. რამდენიმე ვაგონის იქეთ გამოყო თავი და პირველს ანიშნა, ყველაფერი რიგზეო. მერე ორივე ფერადი ქვებით მოკირწყლულ ფილაქანზე ამოვიდნენ და ბოლო ვაგონის გამცილებელთან ლაპარაკი გააბეს.

ჩვენს ვაგონთან სამი შუახნის კაცი დაგხვდა. ჩანთების და ჩემოდნების დაბლა ჩატანაში გვეხმარებოდნენ. სათითაოდ დაგვთვალეს. ერთ-ერთი ჩვენს ვინაობას სიაში ინიშნავდა. სამ ჯგუფად გაგვყვეს. ბარგი ურიკებზე დაალაგეს და გასასვლელისკენ გაგვიძღვნენ. სადგურის წინ სამი ავტობუსი იდგა. სამივეს ერლსკოტის საზაფხულო სკოლის პოსტერები ჰქონდა მიკრული, ერთ მხარეს ბავშვები ეხატა, იცინოდნენ და ხელს იქნევდნენ , მეორე მხარეს სკოლის შენობა იყო გამოსახული. ავტობუსებს უკანა მხარეს კი სკოლის ემბლემიანი დროშა ეხატა -  გატოტილ რქებიანი ირემი.

ავტობუსები დაიძრნენ თუ არა ბავშვებმა ყიჟინი დავიწყეთ, სიხარულის ნიშნად. მორამ, შემომხედეთ , მე როგორ შემიძლიაო და პირში ორივე ხელის საჩვენებელი და შუა თითები ჩაიდო. ისე მაგრად გამოუვიდა დასტვენა, თვითონაც უკვირდა, ასეთ მაღალ ხმაზე ჯერ არ დამისტვენიაო. ლორამ როგორც ჩანს მორასავით სტვენა არ იცოდა და მხოლოდ კისკისით გამოხატავდა სიხარულს.

მე ფანჯრის მხარეს ვიჯექი რუფის გვერდით ლორას და მორას წინ და სკოლის ბუკლეტებს ვათვალიერებდი, რომლებიც სავარძლის საზურგის უკანა მხარეს მიკერებულ პატარა ჩანთაში იდო. საკლასო ოთახების, ბიბლიოთეკის, სასადილოს, სპორტული დარბაზის და სკვერის სურათებით იყო აჭრელებული პირველი სამი გვერდი. შემდეგ ერლსკოტის საზაფხულო სკოლის დაარსებაზე ეწერა მნიშვნელოვანი ამბები და ჯილდოები. შემდეგ მასწავლებლების სურათები იყო ჩამწკრივებული, გვერდზე თითოეულ ფოტოს სახელი და გვარი ეწერა და ის საგანი, რომელსაც მასწავლებლი ასწავლიდა. საზაფხულო სკოლის მიზანი იყო გართობაში და თამაშში გვესწავლა ყველაფერი. რამდენიმე მასწავლებლის სურათი არ ეხატა, მხოლოდ მინიშნებული იყო, რომ ისინი სპეციალური მოწვევით იყვნენ. ბოლოსკენ წინა წლებში სკოლაში მოხვედრილი ბავშვების შეფასებები ეწერა.

სოფი 15 წლის : „ არასდროს მომწონდა სკოლაში სწავლა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ერლსკოტის საზაფხულო სკოლაში მოვხვდი, ჩემი დამოკიდებულება სკოლის მიმართ რადიკალურად შეიცვალა. ერლსკოტში გავიცანი ბევრი კარგი ბავშვი. აქ შევიძინე ბევრი კარგი მეგობარი. ზაფხულის ერთმა თვემ ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. ახლა უკვე ძალიან მომწონს სკოლაში სიარული და იმ გამოცდილებას სიამოვნებით ვუზიარებ ჩემს კლასელებს, რომელიც ერლსკოტის სკოლაში მოკლე დროში დამიგროვდა. შენც ისწავლე ერლსკოტში!“.

სტივი 16 წლის : „ ერლსკოტის საზაფხულო სკოლაში მოხვედრამდე მიჭირდა თანატოლებთან ურთიერთობა, ვიყავი გულჩათხრობილი და სულ მარტო ყოფნა მინდოდა. სკოლაში მოხვედრის შემდეგ საუკეთესო მასწავლებლებთან და ბავშვებთან ურთიერთობამ გამხადა გულღია და მხიარული. უკვე თითქმის ყველა სასკოლო სპექტაკლში ვმონაწილეობ და ეს ყველაფერი ერლსკოტის საზაფხულო სკოლაში გატარებული ერთი თვის წყალობით. მე გირჩევთ ერლსკოტს“.

კიდევ რამდენიმე ასეთი შეფასება იყო. ბოლო გვერდზე საკონტაქტო ნომრები, ელექტრონული ფოსტის მისამართი და სხვა წვრილმანები ეწერა.

ბუკლეტი ისევ თავის ადგილას დავაბრუნე და ფანჯარაში დავიწყე ყურება. გზა კლდეს მიუყვებოდა. ისეთი ვიწრო იყო გზა, საპირისპირო მხრიდან მომავალი მანქანების გვერდის ავლა საშიში იყო. მოსახვევში გზის პირიდან ქვები ცვიოდა ქვევით. ქვევით კი ამღვრეული მდინარე მიიკლაკნებოდა. დიდ ქვებზე ეხეთქებოდა და ღმუოდა. თვალები დავხუჭე და ღრმად ჩავისუნთქე. კიდევ კარგი, სახლში არ იცოდნენ მარშრუტის შეცვლის შესახებ, თორემ ყოველ ხუთ წუთში დარეკავდნენ რიგრიგობით, ვიდრე დანიშნულების ადგილამდე არ მივიდოდით. გახსენებაზე ტელეფონი ამოიღე. გამიკვირდა, აქამდე რომ არავინ დამირეკა და აღმოჩნდა, რომ ტელეფონი არ იჭერდა.

- თქვენი ტელეფონებიც არ იჭერს? - საუბარი შევაწყვეტინე რუფს და ტყუპებს.

- ოჰ, არა. არ იჭერს. არ მოგიკრავს ყური სადგურში რომ ლაპარაკობდნენ, წვიმას როგორ დაუზიანებია ახლომდებარე ანძები? ერთი კვირა მაინც დასჭირდებაო შეკეთებას  სავარაუდოდ - ლორამ მიპასუხა. თვალი მოვკარი მის ხალს და დამახსოვრებული მქონდა, რომელ მხარეს რომელი და იჯდა.

- სახლში როგორ უნდა შევატყობინოთ?

- ფოსტით. ცოტა ხნით ძველ ხერხებს უნდა დავუბრუნდეთ სხვა გზა არაა. იმედია მთლად ბატის ფრთით არ მოგვიწევს წერა და მტრედით გაგზავნა - მორა ჩაერთო საუბარში კისკისით.

მე ისევ ფანჯარაში დავიწყე ყურება. მდინარე აღარ ჩანდა, აღარც ღმუილის ხმა ისმოდა, მაგრამ გზის პირიდან ისევ შემზარავად ცვიოდა ქვები ქვევით. უკნიდან მსუბუქი მანქანა წამოეწია ჩვენს ავტობუსს. გასწრებას ცდილობდა, მაგრამ რამდენჯერაც გვერდით გადმოიწია, იმდენჯერ უკან დაბრუნდა. გზა მართლა ვერ დაიტევდა ორივეს. თუმცა დასიგნალებას არ წყვეტდა. მძღოლი ცოფებს ჰყრიდა, ხომ ხედავს რომ გზა ვიწროა, სად მოძვრება, არ გადაიჩეხოს ხევშიო. ჩვენც დავიძაბეთ.

- სად მოდიხარ ? გინდა თავ-ყბა გაგიერთიანო ? - ალბერტი ავტობუსის უკანა ფანჯრიდან უქნევდა მუშტებს.

- გააჩერეთ ავტობუსი, ამას ნახეთ რა ვუქნა ! - რიკო ავტობუსის ბოლოდან ხან თავში გამოიქცეოდა და მძღოლს ეუბნებოდა, გამიჩერეო, ხან ისევ უკან ბრუნდებოდა და ალბერტთან ერთად მუშტებს უჩვენებდა მანქანის მძღოლს.

დაღმართზე გზა ცოტა გაფართოვდა. მანქანის მძღოლმა დრო იხელთა და გვერდიდან გასწრებას შეეცადა. მალე ისევ ვიწროვდებოდა გზა. ყველა ღონე უნდა ეხმარა, რომ გაესწრო, თორემ ვიწრო გზა როგორც კი დაიწყებოდა, ხევში გადავარდებოდა.

- ალქაჯი ზის საჭესთან -შიშნარევი ხმით ჩაილაპარაკა მძღოლმა და საჭეს მაგრად ჩაებღაუჭა.

- ამას ვერ ვუყურებ - ტირილით თქვა წინ ერთმა გოგომ და სავარძლებს შორის ჩაიმალა.

მანქანა ჩემს ფანჯარას რომ გაუსწორდა, მინას ავეკარი. მინდოდა დამენახა, ვინ იჯდა საჭესთან. მხოლოდ მარჯვენა ხელი მოუჩანდა, როცა სიჩქარეში რთავდა გადამრთველს.

- ვაიმე! - შევკივლე.

ჩემს შეკივლებაზე რუფის და დების ექვსი თვალი დამაცხრა.

- რა მოგივიდა? კარგად ხარ?

- ის დავინახე . - შიშისგან მეტი ვეღარაფერი ვთქვი.

ამასობაში მანქანამ გადაგვასწრო და წინ მოწყვეტით გაქანდა. წამში ჩამოგვიტოვა უკან. სწორ გზაზე რომ გავედით, წინ აღარსად ჩანდა. მიწამ ჩაყლაპა თუ ცამ, ვერ გავიგეთ. არც გადამკვეთი გზა შეგხვედრია , რომ გვეფიქრა, სადმე ხომ არ შეუხვია.

- რა დაინახე, იტყვი? - რუფი არანაკლებ შეშინებული მიყურებდა.

- ის... ხელზე..

- რა ? ხელზე რა ჰქონდა? - ტყუბებიც ერთდროულად მისვამდნენ კითხვას.

- სამაჯური.

- რა სამაჯური?

- მატარებელში მუნჯს  რომ ეკეთა, ზუსტად ის სამაჯური. კარის სახელურზე რომ წამოეგო. - როგორც იქნა ამოვღერღე.

- ხომ არ გეშლება? ნამდვილად ის იყო ? - დაეჭვებულმა მკითხა რუფმა.

- რა სამაჯურზე ლაპარაკობთ? - გამახსენდა რომ ლორამ და მორამ არაფერი იცოდნენ ამ ამბის შესახებ.

- მანამ თქვენ ამოხვიდოდით მატარებელში, ერთი კაცი შემოვიდა ჩვენს კუპეში. არაფერი უთქვამს, გასვლისას სამაჯური წამოედო კარის სახელურზე და დახმარება რომ შევთავაზე, უცნაურად მოქცევა დაიწყო. გამცილებელსაც კი მოარტყა ხელი. - რუფმა დებს მოკლედ მოუყვა , მერე ისევ მე მომიტრიალდა - იქნებ უბრალოდ ჰგავდა? აქედან როგორ დაინახე როგორი სამაჯური ეკეთა?

- შეიძლება მართლა სხვა სამაჯური იყო და მივამსგავსე... - მეც აღარ მჯეროდა, მართლა დავინახე თუ არა. ერთი სული მქონდა სკოლაში მივსულიყავით, თორემ მგზავრობა უკვე ცუდად მხდიდა.

კიდევ ერთი მოსახვევი გაიარეთ და ჩვენს წინ უზარმაზარი ჭიშკარი გამოჩნდა. ყველამ შვებით ამოვისუნთქეთ. ჭიშკარი ჭრიალით გაიღო. გრძელი ქვაფენილი შედიოდა ეზოში. ქვაფენილის ორივე მხარეს ყვავილებიანი ბუჩქები დაერგოთ. უცნაური ფორმის იასამნისფერი ყვავილები საოცარ სურნელს აფრქვევდნენ. ასეთი ყვავილები არასდროს მენახა მანამდე. რუფიც გაოცებული უყურებდა. როგორც ჩანდა, მასაც არ ენახა.

ოთხი მაღალი კოშკი ჰქონდა სკოლის შენობას. ოთხივე კოშკის თავზე უზარმაზარი ირმის თავის გამოსახულებიანი დროშები ფრიალებდნენ, ზუსტად ისეთი, ავტობუსებს რომ ეხატათ უკანა მხრიდან. მთელ ეზოში ლამპიონები ენთო. გაჩახჩახებული იყო სკოლის შენობაც.

შესასვლელ დიდ კართან მოიყარეს თავი ბავშვებმა. ერთ რიგად დავეწყვეთ. კარის შიგნიდან ჯერ ყვავილების გირლიანდები გამოიტანეს , მერე მასწავლებლები გამოვიდნენ, ისინიც ერთ რიგად დადგნენ ჩვენ პირდაპირ. ბოლოს მაღალი კაცი გამოვიდა კარიდან, ორ რიგს შორის ჩადგა და ხმამაღლა დაიძახა:

- კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ერლსკოტის საზაფხულო სკოლაში.

მასწავლებლებმა მეტის თქმა არ აცადეს, მქუხარე ტაში დაუკრეს. ხელი აწია მაღალმა კაცმა, ტაშიც უმალ შეწყდა.

- გისურვებთ დაუვიწყარი დღეები გაგეტარებინოთ. ახლა კი დარბაზში გადავინაცვლოთ და მოვილხინოთ - მაღალმა კაცმა თავი დაგვიკრა და შენობაში შევიდა.

- ეს ვინ არის? - ჩუმად შევეკითხე რუფს.

- არც მე ვიცი თრის. მგონი წელს ახალი მმართველი ჰყავს ერლსკოტს.

ორმა ბიჭმა ყელზე ყვავილების გირლიანდები ჩამოგვკიდა და ისინიც შენობაში შევიდნენ. მასწავლებლებმა გვანიშნეს, შევიდეთო და ასე რიგზე დაწყობილები გავემართეთ დარბაზისკენ.

თავგადასვლების სუნი დატრიალდა ჰაერში.

 

 

 

 

 

ელფოსტაბეჭდვა