მწვანე, თორმეტფურცლიანი რვეული
მწვანე, თორმეტფურცლიანი რვეული
მწვანე, თორმეტფურცლიანი რვეული
06 მაისი, 2019 წ.

 

 

ორი  კვირის  წინ  დაწყებული  წიგნის  კითხვა  განვაგრძე, ორ მოხუც მეგობარზე, რომლებსაც არავინ ჰყავდათ ქვეყანაზე ერთმანეთის გარდა.

ერთი  დიდი, ტრაგიკული ისტორია  იყო ორი ადამიანის და ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ რჩებიან ადამიანები, ყველათი და ყველაფრით მოცულები, საბოლოოდ მარტო.

ტუჩები მიბუჟდებოდა, თვალები დამიმძიმდა, თავს უცნაურად ვგრძნობდი , თითქოს მე აქ ვიყავი, ჩემს ოთახში, ჩემს საწოლში,  ჩემი სხეული კი სხვაგან.

უძილობას დავაბრალე და კითხვა განვაგრძე, რომ ბოლო თავიც დამესრულებინა.

მერე ვიგრძენი, გონებას ვკარგავდი, მაგრამ ხმა არ ამომიღია, რომ მამასთვის  დამეძახა.

თითქოს, ის უფრო მაწყობდა,  ჩუმად ჩაევლო ჩემს ცხოვრებას და ჩუმადვე დასრულებულიყო.

მაგრამ არა, ღმერთო, ალბათ, არც ისეთი მოწყალე ხარ,  ჩემისთანა გოგო ასე მარტივად,  გონების დაკარგვით ასრულებდეს ცხოვრებას .

მე ჯერ, ალბათ, ბევრმა ფიქრმა უნდა გამაგიჟოს, მერე შეცდომების გაანალიზებამ, მერე აღიარებამ, მერე იმ ადამიანებზე ფიქრმა, ვისაც ოდესმე ვაწყენინე, დავუნგრიე და საკუთარიც ზედ მივაყოლე.

მერე მომავლის შიშმა უნდა მომსპოს.

არ დამავიწყდეს, რომ საკუთარი თავით  მუდამ უკმაყოფილომ , ვერასოდეს ვერ ვიპოვო ვერც გზა და ვერც გამოსავალი.

აი, ამ ყოველივეს რომ გადავიტან , ალბათ მოვიპოვებ  უფლებას მოვკვდე, მივიცვალო, მაგრამ ვფიქრობ, არც აქ მიწერია დიდი რომანტიკა.    ~

თითქოს ვეგუები.

ხან მგონია,  ამ უაზრო ფიქრებით მე თვითონ ვიწვევ ჩემს ბედსა და მომავალს , მაგრამ უცნაურია რომ არ მინდა უკუვაგდო და ველი დასასრულს.

ყველა ეს ფიქრი, ალბათ, დეპრესიის შედეგია. დეპრესიის, რომელიც რამდენიმე თვეა თან სდევს ჩემს ცხოვრებას და  საკუთარი ჩაბნელებული ოთახისა და ამ ოთახში უწესრიგოდ დაყრილი წიგნების გარდა,  ყველაფრის შემჩნევის უნარს მართმევს.

 

...

 

არ ვიცი, რამდენ ხანს ვიყავი უგონოდ. თვალები კლინიკაში გავახილე, როგორც ფილმებშია, რომ წევხარ, ახელ თვალს და ჰოპ,  ირგვლივ სრული სიჩუმე და სითეთრე.

ვიწექი და ჭერს შევყურებდი.

გვერდით, საწოლზე  გოგო იწვა, გადახსნილი ვენებით. ასაკით ჩემზე ბევრად პატარა  იქნებოდა .

საერთო,  ალბათ, მხოლოდ ის გვქონდა რომ მეც და მასაც საშინელი სიცარიელის შეგრძნება გვაწუხებდა, განსხვავება კი ის იყო, რომ მე ზრდასრულ ასაკში ვიყავი, ის — გარდატეხის და ვერც ერთს ვერ გვეპოვა საკუთარი თავი.

არ მახსოვს, როგორ გავიარე გარდატეხის ასაკი  . ალბათ, რომელიღაც ეტაპზე, სიკვდილზეც ვიფიქრებდი,  ამ ასაკში ხომ მდგომარეობის რომანტიზება ხდება . სინამდვილეში კი, სიკვდილში არაფერია რომანტიკული. ის უფრო მოვარდნილ ქარბორბალას ჰგავს, გარშემო ყველაფერს ჰაერში რომ ატრიალებს და ანადგურებს.  სიკვდილი დრამაა და მასში ლამაზი არაფერია, რითიც გინდა და როგორც გინდა  კვდებოდე , ან ვისთან ერთადაც გინდა.  ფინალი მაინც ის ფიცრებია, რომელშიც გალურჯებული წევხარ და შენს სილამაზესაც, ღიმილსაც და მომავლის იმედსაც მიწა შთანთქავს და მერე, რჩება მხოლოდ მოგონება რომ ოდესღაც არსებობდი და რწმენა რომ სადღაც ახლაც არსებობ.

მაგრამ სად?

პატარა ასაკში, ყველაზე მეტად,  მშობელი გჭირდება, ერთი ან მეორე, ან ორივე ერთად, რომ შენმა ბავშვურმა ფიქრებმა და ბნელმა აზრებმა არ მოიცვას შენი სული და სისულელე არ ჩაგადენინოს.

არ ვიცი, რა შეიძლება გინდოდეს პატარა გოგოს, რომელიც  ჟანგიან დანას უმოწყალოდ ისვამ მაჯებზე  და სიკვდილს ელოდები. არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ  არ ვისურვებდი ამ გოგოობას  და ალბათ, არც თვითონ სურდა, ახლა, საკუთარი თავი ყოფილიყო და ამ პალატაში წოლილიყო ღონემიხდილი და ფერდაკარგული, მაგრამ, ხანდახან, ისეც ხდება, რომ  შენი სულიერი ტკივილის გასაყუჩებლად, სხეულს აყენებ ჭრილობებს და ეს თითქოს გამშვიდებს.

მინდოდა, ვინმესთვის დამეძახა, მაგრამ ენა მქონდა დაბუჟებული და თან ისეთი დაღლილი ვიყავი, შევეშვი. როცა იქნებოდა, შემოვიდოდნენ. დიდად არც ის მაღელვებდა რატომ ვიწექი აქ, ამ კლინიკაში, არც ის, რამდენ ხანში გამიშვებდნენ და არც ის, აქ ვინ მომიყვანა.  მხოლოდ მამაზე ვღელავდი. სხვა არავისზე და არაფერზე.

კარზე მოაკაკუნეს.

რას ელოდებიან, შემოპატიჟებას? - გავიფიქრე  უკმაყოფილომ.

უკმაყოფილო ვიყავი ყველაფრით,  ლიმონისფერი კედლებით, არც ისე კომფორტული საწოლით, თხელი საბნით, დეკემბრის თვეში, ირგვლივ გათავხედებული სიჩუმით, აქა-იქ ექიმების გადაძახილითა და შეწუხებული პაციენტების თავშეუკავებელი წამოკვნესებით, საავადმყოფოს  აუტანელ  სუნზე აღარაფერს ვამბობ.

 

- გამარჯობა! -ახალგაზრდა ბიჭი ღიმილით შემოვიდა პალატაში.

- გამარჯობა! - ძლივს დავატრიალე გაბუჟებული ენა.

- როგორ ხართ?

- ენა მაქვს გაბუჟებული, მეტ კითხვას ვეღარ ვუპასუხებ.

- ძალიან თავაზიანი ხართ! -  გაეცინა და საწოლთან ჩამოჯდა.

- თქვენ გქვიათ ნუკი.

- დიახ.

- როგორ ხართ?

- ენა მაქვს გაბუჟებული.

- ეგ უკვე გავიგეთ. - ისევ გაეცინა.

- 22 წლის ვარ.

- ეგ საინტერესო  ინფორმაციაა.

- რა გაინტერესებთ?

- აქ როგორ მოხვდით?

- ეგ თქვენგან უნდა გავიგო, არა?!

ექიმი სახეზე მომაჩერდა, მეც მივაჩერდი.

მერე გაეღიმა.

მე  შორს გავიხედე.

თვითონ კარისკენ მიტრიალდა.

უკვე მიდის?-  გავიფიქრე გაოცებულმა.

- უკვე მივდივარ - გაეღიმა და ზურგი მაქცია, - რამე თუ დაგჭირდება , ექთანს დაუძახე, შემოვა, მას უკეთესი ხასიათი აქვსო და ბოლოს

- 22 წლის ნუკი - ჩაიბუტბუტა ღიმილით და ოთახიდან გავიდა

გაოგნებული ვფიქრობდი, ასეთი რა ჩავიდინე რომ წნევის გაზომვის ღირსიც რომ არ გამხადა. იმაზე ზედმეტია საუბარი, დამატებით რაიმე სახის ყურადღება გამოეჩინა, ნორმალურად მოვეკითხე, ერთი აბი დამამშვიდებელი მოეგდო ან ენის ქვეშ ვალიდოლი ამოედო.

ცოტა ხანში ექთანი შემოვიდა, გულისხმიერი სახით.

რაღაც აბი მომცა და დალიეო, მთხოვა.

სიტყვით მთხოვდა, დალიეო და გამოხედვით მეუბნებოდა,  შენთვისვე აჯობებს დალიოო.

დავლიე...

 

...

 

-მამაჩემი არ მოსულა? - ვიკითხე ახალგამოღვიძებულმა

-დავუძახებ -  მითხრა ექთანმა და პალატიდან გავიდა.

ცოტა ხანში მამა და ის სიმპათიური ექიმი ერთად შემოვიდნენ. არ მითქვამს ხომ სიმპათიური რომ იყო და საოცარი ხმა ჰქონდა?! გაბრაზებული ვიყავი, ვერ გეტყოდი აქამდე, რადგან როცა გოგოები ვბრაზობთ, სამყარო კაცებს ჩვენკენ მომავალ ყველა კარს უკეტავს. ექიმმა  ოდნავ  დამცინავი მზერა შემავლო და როგორ ხარო, მომიკითხა, ახალი  მეზობელივით.

-არამიშავს , მადლობა...

-ძალიან კარგი! დაისვენეთ?

-მართლა გაინტერესებთ თუ ექიმის მოვალეობას ასრულებთ?

-ნუკი! - შეეცადა უხერხული სიტzუაციის განმუხტვას მამა.

-მაა, როგორ ხარ?

-კარგად , რადგან ყველაფერი კარგადაა, კარგად ვარ მეც.

-რა გითხრა ექიმმა? -  ისე ვკითხე თითქოს მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით ოთახში. მამამ  ისევ უხერხულობა იგრძნო,  ექიმს გაეღიმა და გადაწყვიტა  მის  მაგივრად ეპასუხა.

-სანერვიულო არაფერია, გადაღლის  ფონზე დაგემართა.

-რამ დამღალა?!

ისევ გაეცინა და განაგრძო.

-გადაღლის და ძლიერი ემოციის ფონზე.

-ძლიერ ემოციაში ალბათ დედაჩემის სიკვდილს გულისხმობთ.

ოდნავადაც არ გამოჰყავდა ჩემს თავხედობას  მოთმინებიდან, თუმცა, ამ ბოლო ფრაზამ დაადუმა და აღარაფერი უთქვამს.

-ნუკი! - შემომიბღვირა მამამ.

-მოდი ჩაგეხუტო, მაა!

მამა მოვიდა და თავისი თბილი, ძლიერი ხელებით მომეხვია.

-კარგი, მე დაგტოვებთ ბატონო  ლუკა - ღიმილით ჩამოართვა ხელი  მამას და მერე მე მომიბრუნდა.

-ჩვენ ისევ შევხვდებით!

ხმა არ გამიცია. მამას პატარა ბავშვივით ჩავაფრინდი ხელისგულზე. ალბათ ზუსტად  ასე ვიქცეოდი   ბავშვობაში, როცა ზოოპარკში ლომს დავინახავდი. ვიდექი აღფრთოვანებული გალიასთან და თან  შიშით ხელებზე ვებღაუჭებოდი. მამა კი სამჯერ მომიჭერდა ხელს ხელისგულზე იმის ნიშნად, რომ ჩემთან იყო და ჩემთან იქნებოდა მუდამ.

ექიმმა დაგვტოვა,  მამა ჩემს საწოლზე ჩამოჯდა    და  თმაზე მოფერება დამიწყო.

-რა მოხდა?

-არ ვიცი, წიგნის კითხვის დროს  ცუდად გავხდი.

-რამეს მიმალავ?

-არაფერს, რა თქმა უნდა, და გთხოვ, არ გვინდა ამაზე საუბარი. ყველაზე მძიმე გადავიტანეთ უკვე,  ამაზე მძიმე დღეები აღარ იქნება.

-ერთმანეთზე უნდა ვიფიქროთ.

-ნუ გეშინია, ჩემო ტკბილო მამიკო, - გავუღიმე მამას და ისევ ჩავეხუტე.

-დაიძინე. მამა შენთან არის  და მუდამ   შენთან იქნებაო, - მითხრა დედამიწაზე ყველაზე მშვიდი და თბილი ხმით და დავმშვიდდი. მასზე ჩახუტებულს ჩამეძინა და როცა გამომეღვიძა, ის იქ აღარ იყო.

თვალები რომ გავახილე და  ოთახი  მოვათვალიერე,  რა თქმა უნდა, ისევ პალატაში ვიწექი, ისევ თეთრი იყო ეს პალატა და ისევ ისე მინდოდა აქედან გაქცევა, როგორც რამოდენიმე საათის წინ.

უბრალოდ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება ის იყო, რომ ახლა უკვე მარტო ვიყავი და ის ვენებგადახსნილი გოგო  ჰორიზონტზე  აღარ ჩანდა.

მიზეზი არ ვიცი...

არც მაინტერესებდა! ბოლო დროს სიმარტოვეს მიჩვეული ვიმედოვნებდი რომ გაწერეს.

როცა  საპირფარეშოში გასასვლელად წამოვდექი  აღმოვაჩინე რომ მხოლოდ მაისური და საცვალი მეცვა.  საერთოდ, საპირფარეშო არ იყო სხვა უბანში, არამედ იქვე, პალატაში მქონდა,  მაგრამ მე ცოტა მორიდებულმა და ცოტაც კომპლექსიანმა გოგომ   ვერ გადავწყვიტე ასე  საცვლის ამარა წამოხტომა და  და  საპირფარეშოში შევარდნა, მერე კი გამოვარდნა  და ელვის სისწრაფით  საწოლში შეხტომა  ან ექთნისთვის დაძახება  და ჩემი ტანსაცმლის მოკითხვა.

თან ვფიქრობდი, ვინმე რომ შემოვიდეს? წინ რომ კორპუსი დგას იქიდან რომ  დამინახონ? გარშემო ხომ მხოლოდ კორპუსებია, მაგრამ როგორ უნდა დამინახონ, შუაღამეა.

აი, აქ თითქოს მივიღე გადაწყვეტილება, მაგრამ,  უცებ გამახსენდა, რამდენი მანიაკი კაცი ეწევა შუაღამისას სიგარეტს... რამდენს უძილობა აწუხებს, რამდენს ნევროზი...

არაა, არ გამოვა.

არა და მე ხომ ვიცოდი მერფის კანონის შესახებაც, რომელიც ღაღადებს რომ თუკი შესაძლებელია რაიმე ცუდი მოხდეს, მაშინ ის აუცილებლად მოხდება. ჰოდა, რომელი იქნებოდა  უარესი, პალატაში რომ ამ დროს ექიმი შემოსულიყო თუ კორპუსიდან დავენახე ვინმეს და სტვენა დაეწყო?!

მაგრამ ფისიც რომ მინდა?! ამდენი გადასხმა გამიკეთეს, როგორ გინდა ადეკვატური იყო?!

გამოსავალს ვეძებდი ექთნის შემოსაყვანად. ის ჯადოსნური ღილაკი მჭირდებოდა ბავშვები სახლობანას თამაშის დროს რომ ვრეკავდით ეზოში , ტუნ-ტუუნ და კარს გიღებდნენ.

ბოლოს ავყვირდი:

-ექთანოო!

-რა აყვირებს? - მომესმა ვიღაცის უკმაყოფილო ხმა გვერდითა პალატიდან.

-გიჟების მეტი რა არის?! - პასუხობს მეორე.

-რატომ არ შემიძლია ახლა ამათ ჩემი მომზადებული სადილი ვაჭამო. ამაზე უკეთ ჯავრს

ვერაფრით ვიყრიდი. ვინ ეკითხებათ ვიყვირებ თუ ვიცეკვებ. ისევ ვაპირებ დაყვირებას, ჩემი გაჭირვება მაქვს - ვბუტბუტებ ჩემთვის და ამ დროს, ექთნის ნაცვლად,  ექიმი შემოდის პალატაში.

-მშვიდობაა?

-ტანსაცმელი მინდა. - შევღაღადე მარტოდ დარჩენილმა. მამა წასული იყო და ცოტა მომერიდა,

ძალიან დიდი გული აღარ მქონდა.

-მოგიტან.

-საიდან?

-ვიყიდი.

-იყიდით? - დავიბენი.

-ჰო, რა მოხდა, გავიქცევი და გიყიდი.

-არა,  არა არ შეწუხდეთ ასე, რას ამბობთ!

-მაშინ ჩემსას მოგცემთ - ხალათს იხდის, ალბათ მაისურსაც გაიხდის თუ არ გავაჩერებ.

-არა, ხუმრობთ ალბათ.

იცინის. მორჩა! გამახსენდა რომ ყველაფრის მჯერა, რასაც მეუბნებიან და ცოტა იდიოტი ვარ. ვწევარ უკმაყოფილო სახით, ჭერს ვუყურებ  და ველოდები როდის დაკუმავს პირს. როგორც იქნა დასერიოზულდა, ჩაახველა და მეუბნება:

-გავალ, ვიკითხავ.  აქ არ უნდა იდოს შენი ტანსაცმელი?

-უნდა იდოს, ალბათ, რა ვიცი.

-მაგრამ ტანსაცმელი არ გეცვა რომ მოგიყვანეს.

-რაა?

-მართლა!

-როგორ, ვიწექი ცუდად რომ გავხდი.

-არ ვიცი, შიშველს გძინავს ალბათ. - იჩეჩავს მხრებს. ცუდად იქცევა! - ვფიქრობ გულში და ვუღრენ.

-მერე, მამამ არ მომიტანა?

-სადმე დადეს ალბათ დალაგების დროს.

-ცუდად ვარ.

-გავარკვევ.

-რას?

-რატომ ხარ ცუდად.

-საპირფარეშოში მინდა!

-მაშინ გავარკვევ, სად არის შენი ტანსაცმელი.

-სანამ გაარკვევთ, ჩავიფსამ! - წამომცდა და  ძალიან   შემრცხვა.

-ძალიან საყვარელი ხარ - გამიღიმა ისევ და ოთახიდან გავიდა. ერთ წუთში  შემოაღო კარი,

დამაკვირდა და გავიდა. კიდევ ერთ წუთში ისევ შემოვიდა, ხელში ორი მაისური ეჭირა. ერთი, ოთხი ზომით დიდი და  ლურჯი, მეორეც იმავე ზომის, მდოგვისფერი. ამაყად  მომაწოდა და რომელი გინდაო, მკითხა.

-ვისია?

-ერთი ჩემი, ეს ლურჯი. მეორე — პაციენტის, გუშინ გარდაიცვალა და ეს დარჩენიათ აქ, რომელიც გინდა აიღე.

-ექიმო! - გაოგნებული ვუყურებ.

-ფერი რატომ დაკარგე?

-მიცვალებულის ტანსაცმელს მთავაზობთ?

-რა მოხდა, სული შეგისახლდება?

-არ მინდა.

-კარგი, ეს აიღე, - მაწვდის ლურჯს - ჩემია, სუფთაა და თუ გინდა გაჩუქებ.

რანაირია ეს ბიჭი? ვერ  ვიგებ როდის არის მართალი, როდის მეხუმრება ან რატო მეხუმრება ან ყველას თუ ასე ექცევა, როგორც მე. რა უნდა? დილით ზედ არ მიყურებდა, ახლა ბავშვობის მეგობარივით გაიხსნა. მივხვდი! შევუყვარდი ალბათ...

-ნუკი... აქ ვარ - გაშლილ ხელისგულს მიფრიალებს თვალებთან.

-გავითიშე უცებ - მოვდივარ აზრზე და მაისურს ვართმევ.

-კარგი, დანარჩენს ხვალ  მოგიგვარებ, იპოვიან  შენს ნივთებს.

ეს თავდაჯერებულად და მზრუნველი ტონით ნათქვამი  „ხვალ  მოგიგვარებ“  ძალიან მამაკაცურად ჟღერდა და  რაღაცნაირი დაფარული სიმპათია და ნდობა გამიჩნდა მის მიმართ და ამ დროს  აგრძელებს:

-ხო,  მართლა,  ხვალ  სანამ წახვალ, ამ მაისურს გაავლე და ჩემს ოთახში დამიტოვე.

-აჰაა, აუცილებლად!  -  დავიჯერე ისევ  გულუბრყვილოდ, თან მეწყინა და  მაშინვე ვინანე სამი

წამის წინ მოწოლილი ფიქრები მის ჰუმანურობაზე. მაისურის გარეცხვა მომინდომა...

-ვაახ, როგორი ღვთიური იუმორით ხარ დაჯილდოებული! - თავი გაიქნია ღიმილით და გავიდა.

 

...

 

გოგონასთან დაკავშირებით  ცრუ იმედებს ვამყარებდი, რომ გაწერდნენ და პალატაში მარტო დავრჩებოდი, მაგრამ მაგას ვინ ჩივის, ღამის სამ  საათზე  მესამე  პაციენტი შემოიყვანეს, 60  წლის  ქალი, რომელმაც არა მარტო  ჩვენი პალატა, არამედ მთელი მეორე სართული გადადგა ლამის. მთელ ხმაზე ყვიროდა, იკლაკნებოდა ტკივილისგან, ბრაზისგან, ცოფისგან. ექთანი გოგოები  ლამის სცემა, ახლოს არ მომეკაროთო. მის თანმხლებ ორ ახალგაზრდას  მკვლელი თვალებით უმზერდა და  სახლში დაბრუნებითა და აპოკალიფსის მოწყობით ემუქრებოდა.  შვილი და სიძე აღმოჩნდნენ. საცოდავად ატუზულიყვნენ კედელთან და დედა დამშვიდდიო ლუღლუღებდნენ. ცოტა გამეცინებოდა კიდეც უხასიათო გოგო რომ არ ვყოფილიყავი.  ყოველ შემთხვევაში, ლიზა და თაკო აუცილებლად იხალისებდნენ სიძეზე, რომელიც სიდედრს „დედათი“ მიმართავდა.

ისე, მე არ მეცინება. მე მეამაზრზენება მსგავსი სისულელეები.

ააწიოკა მთელი კლინიკა. საათზე მეტი დრო გავიდა, სანამ დააწყნარეს და რომ დამშვიდდა, შვილს უთხრა: წადი ახლა სახლში და მიხედე ყველაფერს სანამ მე დავბრუნდები, თუ არა, მე თქვენ გიჩვენებთ სეირსო. კიო, იმანაც, ოღონდ შენ იყავი მშვიდად და ახლავე წავალო. მოკიდა ხელი თავის ქმარს და გაიძურწნენ ოთახიდან.

აჰაა, ჩვენი დროც დადგა. გადმოგვხედა ახლა ამ ქალმა და  ჯერ იმ პატარა გოგოს ეკითხება,  გულგრილად, აქ რატომ ხარო?

დაიბნა გოგონა, თვალები გადაატრიალა, სად მაქვს ახლა ამისი თავიო.

-შენ გეკითხები, გოგო!

-ცუდად ვარ, ქალბატონო!

-რატომ მაინც?

-რაში გაინტერესებთ?

-გეკითხები და გამეცი პასუხი! - გაიმკაცრა ხმა.

-აქ კარგად ყოფნისთვის არავინ არის - უპასუხა მშვიდად.

-რანაირი ახალგაზრდები ხართ, უზრდელი, თავხედი... გეკითხები ადამიანურად, რატომ

წევხარ მეთქი და ზრდილობა არ გასწავლეს შენ ოჯახში?

-რას ეძახით ადამიანურ საუბარს ან რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის რატომ ვწევარ აქ?

-რო გეკითხები, გამეცი პასუხი, შენხელა შვილიშვილი მყავს და ასე რო მიპასუხოს

კითხვაზე, არც კი მინდა ვიფიქრო რა მოუვა.

-სცემთ?

-რას ვიზამ აბა?! ვცემ კი არა, მეტსაც ვუზამ თავხედი თუ იქნება!

-თქვენ გგონიათ ბავშვს ცემით რამეს გააგებინებთ და უკეთესს აღზრდით?

ყოჩაღ გოგონა, პოზიციები არ დათმო! - ვფიქრობ გულში. ჯერ ჩემთვის ვარ, ჩემამდეც მოვა. ასეთები მანამ არ ჩუმდებიან, სანამ ბოლომდე არ დააგლეჯენ ყველას და ყველაფერს  ნერვებს, გამოწოვენ ენერგიას და მერე მშვიდდებიან. ვფიქრობ თან, რა კოშმარი ხდება ამაღამ ჩემს თავს, კლინიკაში ვწევარ და სრულიად უინტერესო  დიალოგის გამო მიწევს ღამის თენება.

-რა ლექციებს მიტარებ შვილო შენ?! - წამოუხტა პატარა გოგოს

-ქალბატონო ძალიან გთხოვთ, შემეშვით!

ვაი შენს პატრონს, შენსასო, ჩაილაპარაკა და  მე მომიტრიალდა. გოგონას თვალები აეცრემლა და აღარ გაუგრძელებია. მე გადამეკეტა ამ ბავშვის ცრემლებზე და მოვემზადე.

-ბატონო?

-რა ბატონო, შენ რისთვის ხარ აქ-მეთქი, რა გკითხე გაუგებრად?

-ვაიმე, სად არის თქვენი ექიმი ამდენ ხანს?  - ჩავიჩურჩულე ჩემთვის და პასუხი არ გავეცი.

-გოგო!  შენ გეკითხები!

-ქალბატონო თქვენი სახელი?

-გულო.

-ქალბატონო გულო, არ ვიცი საიდან მოხვედით და რა დაგმართნიათ, მაგრამ აქ თქვენი ნერვები ნამდვილად არავის არ გვაქვს. მე მაგალითად. რამდენიმე თვის წინ გარდამეცვალა დედა, ეს  გოგონა კი პირადი პრობლემების გამო მოხვდა კლინიკაში. არ ვიცი რითაა გამოწვეული  თქვენი ფსიქიკური თუ ნერვული აშლილობა , მაგრამ 16 წლის  დეპრესიაში მყოფ გოგონას რომ აატირებთ, ნამდვილად არ არის საპატიო მიზეზი და ნამდვილად ვერაფრით ვერ ავხსნი. ამიტომ, უმჯობესი იქნება დამშვიდდეთ, თუ ვერ  მშვიდდებით, მოვითხოვთ სხვა პალატაში გადაგიყვანონ, სადაც მარტო იქნებით  ან  თქვენზე არაადეკვატურს მოგიწვენენ გვერდით და ჩვენ მშვიდად დაძინების საშუალება მოგვეცემა, რადგან ძილი ძალიან მნიშვნელოვანია..

-ოჰ!

-რა ოჰ?

-გამომივიდა აქ  ტანჯული საწყალი  გოგო,  რო გეკითხება უფროსი რაღაცას, უნდა

უპასუხო, ავადმყოფი ხომ არ ხარ შენ?

-ვაიმე, არ არის ნორმალური! - ვეჩურჩულები „ვენებგადახსნილს“.

-ვაიმეე, არაა..  - ეცინება მასაც.

-გოგო! ავადმყოფი ხომ არ ხარ, გეკითხები რაღაცას და გამეცი მეთქი პასუხი

-აბა, რა ვარ ქალბატონო, რა მინდა აქ ავადმყოფი თუ არ ვარ - უკვე ხმამაღლა მეცინება.

-რა გაცინებთ, რა არის სასაცილო, რა?!

-აუუ.. - სულს ვეღარ ვითქვამთ.

-გეკითხები, აქ რატომ წევხარ და რომ გეკითხები გამეცი პასუხი!

-ვერ ვშარდავ,  ქალბატონო!

-რატომ?

-მე რა ვიცი რატომ???

-ამხელა გოგო ხარ, ამხელა, ეგ როგორ არ იცი? ექიმს არ ჰკითხე? რა გაცინებს, რა არის

სასაცილო, შენ რა გაცინებს, თქვენ ხო არ გაგიჟდით , რა არის სასაცილო?

-ვაიმე, ღმერთო, ეს რა განსაცდელი მოგვივლინე ამაღამ! - ვიცინოდით ორივე ხმამაღლა.

კარგია რომ ვერ დგებოდა, ძალიან კარგი, თორემ ვერც მე და ვერც ეს პატარა, გალეული  გოგო ვერ გადავურჩებოდით   ამ  განრისხებულ,  მოზვინულ ქალს.

როგორც იქნა გაჩუმდა და ჩვენც დავწყნარდით.  ექიმმაც ინება შემობრძანება და ახლა უკვე მისი ჯერი დადგა.  არაამქვეყნიური მოთმინებით ისმინა, როგორი ნაძირლები იყვნენ ახალგაზრდა ექიმები, როგორ ფეხებზე ეკიდათ პაციენტები. ექიმს კი  ეღიმებოდა და მშვიდად  უხსნიდა რომ მისი მრისხანება ხვალ  უკვალოდ გაქრებოდა და ისევ ყველა ეყვარებოდა, და ბოლოს სთხოვა,ხვალამდე ამ გოგოებს ნურაფერს დაუშავებ, ორივე ჩაბარებულიაო.

საოცრად   მშვიდი, დაბალი ხმით ესაუბრებოდა ამ ქალს და უცებ მოიპოვა მისი ნდობა, დაუყვავა, მოალბო. რბილი  და სწორად შერჩეული სიტყვები ხომ დედამიწაზე ყველაზე მნიშვნელოვანია  და შედეგიც უცებვე დადგა. საწოლთან ეჯდა ჩაძინებამდე, შემდეგ   კი ადგა და ჩვენ გადმოგვხედა, რამე ხომ არ გჭირდებათო.

-როგორი საყვარელი ხართ, როგორ უცებ დაამშვიდეთ, რა უთხარით ასეთი? - აღარ გაჩუმდა

„პატარა გოგო“.

-ძილის წამალი დავალევინე, თათული. - უპასუხა   და ოთახიდან გავიდა.

აჰა, თათული რქმევია, გავიფიქრე და ზურგი  ვაქციე, პროტესტის ნიშნად.  გაუცნობიერებელი პროტესტის მიზეზი ის იყო,  რომ ექიმმა მისი სახელი იცოდა...

 

...

 

აღმოჩნდა რომ კიდევ ერთი ღამის გატარება მომიწევდა კლინიკაში.  სახლში მეჩქარებოდა, მამა მარტო იყო.  მარტო  არავინ დატოვებდა, მაგრამ  მაინც.

მარტო-სული ყოველთვის მარტოა, სადაც არ უნდა იყოს და ვინც არ უნდა ებაასებოდეს.

მამას მე ვჭირდებოდი.

ან დედა სჭირდებოდა.

მარტოობა სულისო - ეს არის ყველაზე მძიმე მოვლენა ადამიანთა მოდგმაში და მათი ისტორიებიც იმის მიხედვით არის მძიმე და ნაკლებად მძიმე, ვინ რამდენად მარტოდ გრძნობს თავს. როგორი რთულია, შუახნის ასაკში ხელიდან გამოგეცალოს ისეთი ბედნიერება, როგორიც დედა იყო მისთვის. როგორი რთულია მისთვის ახლა ცხოვრების გაგრძელება, როცა პატარა ბავშვივით უვლიდა და უფრთხილდებოდა მას ლუბიკო. როცა თავიანთი  ცხოვრების  ნახევარზე მეტი ჰქონდათ ერთად გატარებული.

მენატრები მაა და რა საინტერესოა, რომ ახლაც, როცა დედა აღარ მყავს და კლინიკაში ვწევარ, შენ ისევ ყველაზე მეტად მენატრები დედამიწაზე.

 

...

 

-დილა მშვიდობის!  - შემოგვაკითხა ექიმმა.

-დილა მშვიდობის!

-ქალბატონო  გულო,  როგორ ხართ დღეს? - გაუღიმა არანორმალურს.

-მადლობა შვილო , ბევრად უკეთ.

-აჰა, შვილი გახდა დღეს. -  ჩავიბურტყუნე.

-დღესაც მე ვიქნები  მორიგე და მოგიწევთ ამიტანოთ. - გვითხრა დაღლილი ღიმილით.

-სიამოვნებით! - გაუღიმა თათულიმაც.

მე არაფერი მითქვამს,  ჩვეული პროცედურები გავიარეთ და დაგვტოვა. დღის განმავლობაში წესიერად აღარც მინახავს.   პალატაში გარედან შემოსული ხმებით თუ ვიმსჯელებთ,  პაციენტთა რიცხვი მრავლად უნდა ყოფილიყო. ის გადარეული, მყვირალა ქალი იწვა თავისთვის, საცოდავად. საშინელ განწყობაზე დავდექი. ისევე მინდოდა ახლა მარტო ყოფნა და ტირილი, როგორც მაღაზიაში შესულ პატარა ბავშვს ყველაზე დიდი და ბრჭყვიალა კანფეტი.

თათულიმ შემატყო განწყობა და ნაღვლიანი ხმით მეკითხება:

-როგორ დაიღლებოდა ხო?

-ვინ?

-საბა ექიმი.

აი,  ვინ  ეკითხება? რა მისი საქმეა? - ვფიქრობ ჩემთვის.

-ძალიან საყვარელია.

-ჰო, არაუშავს.

-ნომერი რომ გამოვართვა?

-რა ვიცი , გამოართვი თუ გინდა, მაგრამ იქნებ ცოლი ჰყავს?

-ცოლი?

-ჰო.

-არ მგონია.

-მე კი მგონია, რო მისნაირ კაცს აქამდე ვინმე წამოაცმევდა თითზე ბეჭედს - ჩავუკარი თვალი.

-მაინც არ მგონია.

-რა წყაროზე დაყრდნობით არ  გგონია?

-ვგრძნობ... ცოლი რომ  ჰყავდეს, ხომ არ გაგვიღიმებდა ისე როგორც გვიღიმის?!

აი, პატარა, 17 წლის გოგოს ლოგიკა ... შეუყვარდება ახლა ეს ბიჭი,  წავა მერე და მეორედაც გადაიხსნის ვენებს. იტყვის, მეგონა ვუყვარდი, მიღიმოდაო ... რანაირები არიან?!  ასეთი ვიყავი მე  ამ  ასაკში?!

-თათული...

-ბატონო!

-ხანდახან ცოლიანი კაცებიც იღიმიან.

-ჰო, რავიცი... - ძალიან დასწყდა გული, მაგრამ  სადღაც არსებობდა  იმედი, რომ ცოლი არ

ჰყავდა და თუ ცოლი ჰყავდა...

-ღმერთმა დაგვიფაროს  ცოლიან კაცებთან  ურთიერთობა, თათული - ვუთხარი უზომოდ

თავდაჯერებულმა.

-ღმერთმა.,! - აღაპყრო თვალები მაღლა .

 

...

 

იმ ღამეს  არანორმალურ პაციენტს ისევ შემოტევა ჰქონდა. რა ვიცი რანაირად ხდება რომ სამი სხვადასხვა ტიპის ავადმყოფი ერთ პალატაში აღმოვჩნდით და ახლა მგონი ჯოჯოხეთის ცეცხლში ვიწვოდი უკვე და პალატა მეგონა. მთელი ღამე არ დამაძინა. ჯერ კატებს ეჩხუბებოდა სიზმარში, მერე  ძმის ცოლს დაურეკა, ქვაბი არ დამიწვაო. მოგვიანებით არც ბიძაშვილი დაივიწყა და მისი ოჯახი აბზრიალა ბრუნვებში.

თითქმის თენდებოდა კარი რომ  შემოაღო ექიმმა  და აქ გავჩერდები ცოტა ხნითო.

კარგი_მეთქი, გავუღიმე.

საწოლთან   ჩამოჯდა, ძალიან დაღლილი  თვალებით შემომხედა   და გამიღიმა.

-კარგის  ტრ..   მომ...ეს  დღეს  იმდენი იყვნენ.

გამეცინა.

-ამას მალე ჩაეძინა?

-ჩაეძინა? ახლახანს ესაუბრა ბიძაშვილს და მის ცოლს, აცადეთ ცოტა ხანს, კიდევ დარეკავს

ვინმესთან.

-წამლის ბრალია, - გაეცინა ექიმს - ზემოქმედების ქვეშაა.

გავჩუმდით და  დაველოდეთ როდის განაგრძობდა  სიზმარში  ბოდვას. რა თქმა უნდა,  დიდხანს  ლოდინი არ მოგვიწია და  აყვირდა.

-დამაძინეთ, დამაძინეთ თქვე არაადამიანებო!

-ახლა დაგვერხა! - ვუთხარი  ჩურჩულითა და სიცილით ექიმს.

-დაიძინეთ და დამაძინეთ! - გადმოგვძახა სრულიად გამოფხიზლებულმა  პაციენტმა.

უკმაყოფილო ხმით. საბამ ახლავე მოვალო და ოთახიდან გავიდა. რამდენიმე წამში პალატაში დაბრუნდა, ხელში მწვანე თორმეტფურცლიანი რვეული ეკავა.

-ამის მეტი ვერაფერი ვიპოვე, ამაში ვწეროთ. - მითხრა ჩურჩულით და საწოლთან

ჩამოჯდა.

 

...

 

-ძროხები რომ დაფრინავდნენ გიფიქრია? - მეკითხება თაკო.

-არა, მაგრამ მფრინავი ძროხა რომ დავინახო, პირველს იმას  ვიფიქრებ, არ ჩამოვარდეს და არდამეცეს-მეთქი - გავწექი საწოლზე და ფეხები კედელთან ავწიე რო დამესვენა.

-ხოდა მეც მანდ ვარ. რომ ჩამოვარდეს და დაგეცეს, ჩათვალე ვსიო, ამიტომ ძროხებისთვის ფრენის უფლება უნდა აიკრძალოს!

-ძროხები ფრენის უფლებით სარგებლობენ თაკო?

-უნდა აიკრძალოს-მეთქი და სარგებლობენ თუ არა, არ ვიცი, ჩვენს ქვეყანაში არა.

-აუ, როგორ გაკლია!

-აღარ ვიცი რა ვაკეთო, ნუკი!

-ზუკა?

-რა ზუკა?

-არაფერი, ვიფიქრე...

-ნუ ფიქრობ.

-კაი - დავადუმე ჩემი გონება.

-კაი ძაან ... აუ აივანზე ვიდექი წეღან, ვეწეოდი, ქარმა ნაპერწკლები შემომაფრქვია და პერანგიც დავწვი, მკერდიც, თითიც და ფეხიც.

-მოწევაზე ნებართვა აიღე უფროსი ძმებისგან თუ ისევ პირში იქრობ მდუღარე სიგარეტს?

-გგონია, სასაცილოა? საწოლში გაურკვეველ ვითარებაში მაინც არ მიმდის გული.

-იმედი მაქვს, ჩემი პერანგი არ გეცვა ამ დროს!

-ნუ გადაგაქ თემა!

-ფეხი რა ვითარებაში დაიწვი?

-ნუ გადაგაქ თემა!

-აუცილებლად უნდა მივაწოდოთ ეს ინფორმაცია ზუკას.

-რა?

მოდუნდა , მორჩა, ერთხელაც თუ ვუხსენებ, ნაპოვნია სასაუბრო თემა, ვეღარ გაუძლებს.

-მკერდი რომ დაგეწვა?!

-რა ვუთხრა, მკერდი დამეწვა-მეთქი?

-რეგვენო !

-აღარ მიხსენო ზუკა, დამთავრებულია. სადმე რომ შემხვდეს, ზურგს ვაქცევ და გამარჯობასაც არ ვეტყვი.

-ან ისე მოიქეცი, როგორც მაშინ, კლუბში რომ შეხვდი შემთხვევით და ვითომ რო თაკო კი არა, ქართველიც არ იყავი.

-ჰო, მშვენიერი სახალისო თემა გამოვიდა მთელი წლის სამყოფად

-ნამდვილად სახალისო იყო მისი გაოგნებული სახის ყურება, გაოცებული და გულუბრყვილო ხმით  და დამტვრეული ქართულით რომ ეუბნებოდი, მე არა თაკო, მე სე რე ნა...

-აუუ და მერე თვითონ რო შოკირებული შებრუნდა და უკან-უკან იყურებოდა ისე გაგვეცალა, რა მოვწიე ასეთიო.

-ძაან კაი იყო.

-მორჩები კაკანს?

-კი,  სხვის უიღბლობაზე სიცილი არ არის კაი საქციელი, მამა სულ მაგას მეუბნება. - დავსერიოზულდი. - თაკო!

-ჰოუ!

-დღეს რომ სააბაზანო გაჩვენე, ხომ გახსოვს?

-მერე?

-აი, მაგ სააბაზანოში თუ გინდა პირსახოცის საკიდი ვიყო.

-მე დუშგელზეც თანახმა ვარ, ხმას არ ამოვიღებდი.

-დიდი ამბიციები გვაქვს, წინ წავალთ.

-მამაშენი როგორ არის?

-არა უშავს, თავის მანიაკ დასთან  წავიდა, სოფელში.

-მაპატიე, ვერ ვიტან მაგ ქალს.

-მიპატიებია, ვერც მე ვიტან.

-იმედი მაქვს, არ გეშინია მარტო ყოფნის.

-არა, მაგრამ გამოსულიყავი ამაღამ.

-ხვალ გამოვალ, დღეს ნაწყენი ვარ და მეშინია ღამე არ ჩამაკვდე ხელებში, რო გამახსენდება

რაღაცები. ხვალ გამოვალ, მარტო დასატოვებელი არ ხარ შენ!

-მორჩა, წავედი, მომბეზრდა შენთან ლაპარაკი. პაკაა

-როგორ ვერ გიტან ხანდახან! - მომაძახა ტელეფონში და გათიშა.

 

გამოწერიდან მეჩვიდმეტე დღე ...

 

 

-ღმერთო, გეხვეწები. ოღონდ დღესაც ისევ იმ ექიმთან და მის უტიფარ დამქაშ ექთანთან  ნუ მოვხვდები და რასაც გინდა შეგისრულებ!

-ძაან  სჭირდება ღმერთს  შენი დაპირებები რაა! - წამკრა ხელი თორნიკემ.

-მეტკინა, მეტკინა, ხომ არ დაგავიწყდა რა მჭირს!

-უეჭველი შერყევა გაქვს და ვაიმეეე თუ თავი არ გაგიჩეჩქვო მე ვიყო არაადამიანი!

-ყოჩააღ, კორექტულობა მომწონს და არაადამიანი ისედაც ხარ, ვირრო! - გამწარებულმა გამოვცერი კბილებში- შენ რომ წესიერად დაგემაგრებინა ის ქოთნები , მე ახლა აქ არ ვეგდებოდი.

-შენ რომ შუაღამისას არ მოგენდომებინა თავის გახალისება , არ  მოგივიდოდა ის რაც მოგივიდა!

-ვაიმეე, ლამისაა თავი გამისკდეს  ისე მტკივა და კიდევ იმაზე მეკამათები დამნაშავე ხარ თუარა?

-ორ წუთში მიგიღებთ ექიმი, მანამდე კი პალატაში წამობრძანდით. - გამიღიმა ექთანმა და წინ

გაგვიძღვა.

-ვერ გადავრჩები დღეს, მამაჩემს  არაფერი უთხრა რო დარეკავს, მე  მივწერე ვიძინებ-მეთქი.

-და რატო უნდა დარეკოს, როდის დაურეკავს ჩემთან? - გაეცინა თოკოს.

-ყოველი შემთხვევისთვის გაფრთხილებ და მომწყდი ახლა თავიდან!

-და რომ დარეკოს და კაქტუსზე იკითხოს?

-ბიჭოო!

-რა იყო?

-რატომ უნდა იკითხოს კაქტუსზე?

-ხო მოვა ხვალ სახლში და ის დამტვრეული ქოთანი   რომ დახვდება, რა ვუთხრა, ნუკის

დაეცა თავში და კაქტუსის ეკლები სულ თავში ჰქონდა, ძლივს გავაცალე-მეთქი?

-აუ, გაეთრიე რაა, დახმარების ნაცვლად  ნერვებს მიშლი!

-ბუინობ.

-ბოდიში, მალე შემოვა ექიმი? - ლოდინისა და თავის ტკივილისგან

გამწარებული ექთანს მივუბრუნდი.

-დიახ, მძიმე პაციენტი გვყავს და მასთან არის.

-მეც მძიმე ვარ.

-არა, ის ბევრად მძიმეა, მერწმუნეთ! - გამიღიმა სევდიანად.

-რა სჭირს ამისთანა? - ეს უადგილო  ირონია ვერ მოვიშორე.

-კვდება. - მიპასუხა გოგონამ ნაღვლიანად  და პალატიდან გავიდა.

მე საწოლზე მივწექი, ჩამთვლიმა. მოგვიანებით, როცა გამომეღვიძა,  უკვე ჩემს საწოლთან

იჯდა ნაცნობი ექიმი, თავჩაქინდრული და დაძაბული ორივე ხელით თავს იზელდა. უცნაური გრძნობა დამეუფლა, სითბოთი სავსე, თითქოს ვიცნობდი დიდი ხნის წინაც. თითქოს ახლა ჩემთან მოსულიყო,  ჩამომჯდომოდა საწოლთან  დაღლილი,  განერვიულებული, განადგურებული და ჩემთან ეძებდა მშვიდობას. ჩემში ეძებდა გასაქცევ ადგილებს. უცნაური იყო, უცნაური და ძალიან  უჩვეულო.

-ჰეი, გაიღვიძე? - მითხრა ღიმილით.

-გამარჯობა.

-გამარჯობა.

მერე სიჩუმე იყო და ერთმანეთს ვუღიმოდით, მოკუმული ტუჩებითა და დაღლილი სახეებით.

-გიღიმი ახლა მე, უბრალოდ დაღლილი ვარ, ძალიან და ვერ ხედავ ალბათ. - მითხრა და გაეღიმა

-მეც გიღიმი. - ვუთხარი და მეც გამეღიმა.

-მაპატიე, მძიმე პაციენტი მყავს, დროულად ვერ შემოვედი და ჩაგძინებია.

-ვიცი, მითხრა ექთანმა.

-როგორ ხარ?

-გული  მერევა, ცოტა.

-გაგსინჯავ.

-შეგრძნება მაქვს გულისრევის  და  თავბრუ მეხვევა.

-კარგი, მოდი დავიწყოთ , ვერაფრით ვერ ვხსნი, რა შეიძლება დაგმართნოდა. - წამოდგა და ჯერ

ერთი თვალის გუგა ჩამომიწია, მერე მეორესი.

-კაქტუსის ქოთანი დამეცა თავში.

-ჰო, მივხვდი მაგას. - ამომაცალა კიდევ ერთი ეკალი თმიდან და ქვემოდან ზევით

ვგრძნობდი როგორ ფხუკუნებდა  ჩემზე.

- ძალიან საინტერესოა, კაქტუსის ეკალი არასოდეს ამომიცლია პაციენტის თმიდან, რა აღარ,

მაგრამ კაქტუსი...

-ექიმო!

-საბა დამიძახე.

-ექიმო საბა, ჩემზე ფსიქო-ემოციური  ზეწოლის მოხდენას,  ალბათ  აჯობებს,  წამალი

დამალევინოთ.

-რომელი წამალი იცით, ძვირფასო პაციენტო, რომელიც ტვინის შერყევას შველის? -

მიპასუხა და დაკვირვება განაგრძო.  მაგრამ ეს დაკვირვება ჩემს გაკვირვებაში გადაიზარდა ნელ-ნელა, იმდენ ხანს მომაჩერდა სახეზე და ისე მათვალიერა, ბოლოს უხერხულად შევიშმუშნე , ჩავახველე  და მოვიდა აზრზე.

-კარგი, ახლა შესაბამის გამოკვლევებს ჩაგიტარებ და შემდეგ  გადასხმას დაგიდგამ, პირველ რიგში ეს გჭირდება და დანარჩენს შევხედავთ.

 

...

 

 

დილის შვიდ საათზე  ჩოჩქოლი ატყდა კლინიკაში,  ჩვენს სართულზე.  ნაცნობი ხმა მომესმა და ვინატრე, თაკო არ ყოფილიყო.

-უნდა შემიშვათ რაა, მაგას ისეთი საშინელი დაავადება აქვს , ზუსტად 7 საათზე თუ ეს წამალი

არ მიიღო, საშინლად გამოაყრის მთელს სხეულზე, მერე ყელში დააყრის, რაც სასუნთქი გზების ჩაკეტვას გამოიწვევს და დამთავრებულია. ამ თქვენი კანონების გამო ამთავრებთ ამ  ასაკში გოგოს   სიცოცხლეს?  ნამუსი ხო გაქვთ, კარგით რა, რანაირი კანონები გ...

-ვაიმე, გოგონა,  ნუ დამღალეთ, მეშვიდე პალატაა - გაგიჟდა ბოლოს დაცვა და ფარხმალდაყრილმა და გაუბედურებულმა პალატის ნომერიც კი უთხრა.

-მადლობა, გეთაყვა, აი თქვენთვისაც მოვიტანე ხორცის ღვეზელი, ვიფიქრე,

მშიერი იქნებოდით.

-რას ამბობთ, რატომ შეწუხდით! - ძალიან ესიამოვნა უსაფრთხოების

თანამშრომელს.

-რა შეწუხებაა, რას ამბობთ? პირიქით, მიხაროდა. მიირთვით, მიირთვით... აი ასე... ძალიან

მიხარია ხოლმე როცა ჩემს მომზადებულ საჭმელს მიირთმევენ. ამას სახლში არავინ აკეთებს, დედა იმასაც კი ამბობს, საჭმელს რომ აკეთებ ჟრიალი მეწყებაო, ჩემი ძმები კი ყოველთვის ნაჭამები მოდიან როცა მე სახლში ვარ, მაგრამ აი ასე, გარეთ ყველას მოსწონს. მოგეწონათ? ეს ღვეზელი ქონიანი ხორცისგან გავაკეთე და ალბათ ცოტა გაიგლისება კიდეც პირში, მაგრამ გემრიელი უნდა იყოს.  რატომ მიყურებთ ასეთი გაოგნებული თვალებით, თქვენ ფიქრობთ რომ მე ბევრს ვლაპარაკობ?

-თაკოო, შემოაღწიეეე! - ვიღრიალე პალატიდან.

პალატაში შემოსვლისთანავე მეცა და სახე დამიკოცნა, თან ენას არ აჩუმებდა. დედაკაცივით ოხრავდა,  ეს როგორ დამემართა, სახლში მარტო როგორ დავტოვე შენისთანა ავადმყოფიო. ცოტაც და დაცვას ვეტყოდი გაიყვანე-მეთქი. მიხვდა, უკან გაბრუნება მოუწევდა  თუ არ გაჩუმდებოდა, თან ის დაცვის ბიჭი თუ ვერ გადარჩებოდა დღეს,  თაკოს დამზადებული ხორცის ღვეზელის გამო,  ისედაც მოუწევდა კლინიკის დატოვება ადრე და მალე. საწოლთან ჩამოჯდა და შეკითხვები მომაყარა.

პასუხი არც ერთზე არ გავეცი. რომელზე მეპასუხა? რა ერქვა დაცვის ბიჭს? როდის შემოიყვანდნენ ახალ პაციენტს? როდის შეღებეს  ოთახის კედლები, რომ ჯერ კიდევ საღებავის სუნი იდგა თუ რამ გამოიწვია ტვინის შერყევა, უშუალოდ  ქოთანმა თუ კაქტუსის  ეკალმა?

აი, ამ ბოლო შეკითხვამ უკვე გამომიყვანა მდგომარეობიდან და შევუღრინე.

-თაკო,  არაადამიანო!  როგორ წარმოგიდგენია, კაქტუსის ეკალი რო შემესო თავში როგორ

გამოიწვევდა ტვინის შერყევას, როცა მანამდე 8 კილოიანი ქოთანი დამეცა თავზე?

-რას ჩხუბობ მერე, ვერ ამიხსნი? - გაიოცა საწყალი სახით.

-ვაახ!

-სხვათა შორის, ხორცის ღვეზელი შენც მოგიტანე.

-უი, არ მინდა, გენაცვალოს ნუკი, რას ლაპარაკობ!

-რა არ გინდა, გუშინ მთელი საღამო ამას ვაკეთებდი.

-არა, არა, დიეტაზე ხარო დღეს, ექიმმა.

-ვის გაუგია?

-ოო, გეუბნები ახლა ...

ცოტა ეწყინა თითქოს, მაგრამ აღარაფერი უთქვამს. მერე მე ვიფიქრე, რამეზე გადავატანინებ ყურადღებას-მეთქი. მართლა რანაირი ვარ, იწვალა, გაამზადა და რანაირად მოვექეცი.

-სხვათა შორის, თაკო...

-ჰო, - გამოფხიზლდა უცებ, წამში გადაავიწყდა ნაწყენი რომ იყო.

-თურმე,   სიკვდილის შემდეგ პეპლები მტვრად იქცევიან

-რა სევდიანია... სად ეწერა, სად წაიკითხე? - მომიწვა გვერდით.

-სად წავიკითხე, შემოფრინდა და ჩუსტი რომ ჩავარტყი, მტვრად იქცა.

-უიმეე, ისე ნაღვლიანად დაიწყე, ვიფიქრე რაღაც ისტორია იყო.

-კი, ისტორია იყო, ერთი ღამის პეპლის, რომელიც სანამ სახეზე მომაფრინდებოდა, მანამ

მტვრად გადავაქციე და ყველა პეპელა ლამაზი სულაც არაა.

-კიდევ მომიყევი რამე ისტორია

-ეს ისტორია იყო?

-რაც იყო.

-არავის ქვეყანაზე, დედამიწის ზურგზე ისე არ შეუძლია ჩემი წყობილებიდან გამოყვანა,

როგორც შენ, თორნიკეს, კოკას და დათას.

-ვინ დარჩა?

-ლიზა კარგია!

-ახლა ავდგები და წავალ და იწექი მერე აქ მარტოდმარტო, მშიერი, უპატრონო და მოვიდეს

ლიზა და მოგხედოს და ვაფშე, ლიზას საბუთებში ლია ჰქვია და დაბადების წელიც ერთი წლით ნაკლები უწერია , როგორც ჩვენს ბებიებსა და ბაბუებს ეწერათ ხოლმე.

-ბოღმა!  - გამეცინა თაკოზე.

-ჰოდა ვარ !

-გულღრძო!

-ჰო!

-ზუკა?

-რა ზუკა, რა შუაშია ზუკა, ზუკა რა იყო ახლა...

-გაჩუმდი რაა! - ჩავიხუტე სიცილით.

ყველაზე მეტი და ყველაზე ძვირფასი, რაც ცხოვრებამ მომცა და გამოიმეტა ჩემთვის, ჩემი მეგობრები იყვნენ. მინაბული იწვა ახლა ჩემს საწოლში, ჩემს გვერდით, ოდნავ დალურჯებულ ხელებზე მეფერებოდა და ვიცოდი, არსად  ყოფნა არ უნდოდა ჩემთან ყოფნის გარდა და თვით მისთვის დიდებულ ზუკასაც რომ დაერეკა, ფეხს არ მოიცვლიდა აქედან.

პალატაში დაცვა შემოვიდა, ლუკმა ძლივს გადაყლაპა და მნახველი გყავთო ამოილუღლუღა.

-ნუთუ შენს ღვეზელს ჭამდა? - ჩავიბურტყუნე უფრო ჩემთვის.

-ვინ გგონივარ? - გამკრა მუჯლუგუნი თაკომ და გაეცინა. ოთახში თორნიკე შემოვარდა, ჩვეული ქარიზმით, გოგოებო როგორ ხართ, რაღაცა , რაღაცა,  ვა თაკო შენც აქ ხარ? შენ აქ რა პონტში, ბლაბლაბლა, კაი გოგო გეხუმრები და ბოლოს, აუ მაგრა მშია. ვა ვაა, რა კაია, მე მაქ საჭმელი, აგერ ნუკის მოვუტანე - უხარია თაკოს.

-ჰოო? კაია? რა არის?

-ხორციანი  ღვეზელი - აწვდის ხელში, თორნიკე ეჭვით უყურებს და მე მეკითხება, შენ რატო

არ ჭამეო.

-აა, ნაჭამი იყო ეს უკვე, გვერდითა პალატიდან შემოუწოდებიათ რაღაცა - უღიმის და ისეთი

თვალებით მიყურებს, გავბედო და რამე ვთქვა.

-ჰო, კი კი - ვეთანხმები სასწრაფოდ  დაქალს.

-აჰ, კაი, გარეთ შევჭამ მაშინ - დგება თოკო, გვიღიმის, ვაი  ღიმილით და კარისკენ მიდის

-და გარეთ რატო? - არ უშვებს.

-ნამცეცები არ დავყარო აქ გოგო, ხო იცი რაა... - მიიძურწება ოთახიდან.

-ნაგავო! - ყვირილით მისდევს თაკო - უნდა გადააგდო ხო? ჩემი მოტყუება გინდა, ვითომ შეჭამ

ხო? რატომ? მთელი ბავშვობა ვჭამდი შენი და ბებიაშენის ამოტყლარწულ ჩურჩხელებს, მაგრამ ერთხელ მაინც შემიმჩნევია რომ საზიზღრობა იყო? ეს დაცვის ბიჭი რითია შენზე ნაკლები რო შეჭამა, თან გემრიელად, თან როგორ გემრიელად!

-ღმერთო, დამასვენე! - თვალებს ვხუჭავ და ვცდილობ გავქრე, კედელი აღვმართო საკუთარ

თავსა და ყველა  დანარჩენს შორის, მაგრამ თაკოს წიწკვინი და  უსაფრთხოების ახალგაზრდა საწყალი თანამშრომლის ხმა ჩემამდეც აღწევს. თორნიკეს უხსნის რომ ღვეზელი ნამდვილად გემრიელია და რომ ჰქონოდა, კიდევ სიამოვნებით გეახლებოდათ.

-აგერ, ჩემსას მოგცემთ! - მაშინვე სთავაზობს თორნიკე.

-კიდევ გვაქვს, ბევრი! - უხარია თაკოს და  პალატაში შემორბის.

-გავუტან, შენ მაინც არ მოგეწონა.

-მოძალადე ტოო - ისმის თორნიკეს ბუტბუტი.

 

 

...

 

 

ტვინის შერყევა  მსუბუქი იყო, მაგრამ ექიმმა მაინც გადაწყვიტა, სამი დღე დავეტოვებინე დაკვირვების ქვეშ და შემდეგ გავეწერე. შემდეგმა ორმა დღემ  საშინელ მოწყენილობაში გაიარა, მესამე დღეს კი მისი მორიგეობა  იყო და მეც რაღაცნაირად  გავხალისდი. მხოლოდ ჩემთვის შესამჩნევი სიხარულით ველოდებოდი როდის  გამოჩნდებოდა  დილით პალატაში, როდის მომიშლიდა  ნერვებს თავისი  დინჯი მოძრაობებით მე, სრულიად მოუსვენარს და სულსწრაფს.

გვიან, როცა პაციენტებთან შემოვლა დაასრულა,  ჩემთან შემოვიდა, სკამი დაიდგა ჩემს საწოლთან და ჩამოჯდა.

ძალიან დაღლილი და ძალიან ნაღვლიანი ჯერ კედელს მისჩერებოდა, მერე მე შემომხედა, გამიღიმა.

-რა გჭირს, ექიმო? - ვკითხე მე.

-არაფერი.

-დაიღალეთ?

-ძალიან.

-რით?

-  სულ, სულ ყველაფრით. - მითხრა ღიმილით.

-მაინც რით?

-დაისვენე! - წამოდგა, გასვლას აპირებდა, მაგრამ ვერ გავუშვი. არ კი არა,  ვერ გავუშვი. ხელი

მოვკიდე გაუბედავად,  არ წახვიდე- თქო რაა  და გაჩერდა. თავი ჰქონდა ჩახრილი, ისე გამალებით ფიქრობდა რაღაცაზე, რომ არც კი მიყურებდა. ხმას არ იღებდა, სიტყვას არ ამბობდა, მაგრამ  ხელი მეკიდა მის ხელზე და საკმარისი იყო. ჩემთვის ესეც საკმარისი იყო, მის უჩვეულო სიჩუმეში რაღაცის საპოვნელად. ჩამოჯდა ისევ, ღიმილით შემომხედა და ლოყაზე მომეფერა, როგორც პატარა ბავშვს. ვუღიმი მეც.

-ნუკი!

-გისმენ, ექიმო.

-რა ხდება?

-სად?

-აქ,  ამ პალატაში, რა ხდება? - მიმოიხედა ირგვლივ.

-არ ვიცი. - ვპასუხობ ჩურჩულით.

-ვის ვკითხოთ?

-არც  ეგ  ვიცი.

-ამას? - ხელს მადებს გულზე.

-ჰო, ალბათ ამას.

-და ამასაც? - ეხლა ჩემს ხელს იღებს და გულთან მიაქვს.

-არ ვიცი.

-ხვალ სახლში წახვალ და ყველაფერი დალაგდება, აქაც და იქაც.

-იმედი მაქვს.

-დალაგდება.  - არც ისე თავდაჯერებულია.

-და თუ არ დალაგდა?

-თუ არ დალაგდა, მოვკვდებით. - მითხრა ღიმილით.

-სიკვდილი არ მინდა.

-არც მე.

-და რა გაცინებთ მერე ან რატომ უნდა მოვკვდეთ?

-ხუმრობა იყო, მაპატიე და დაიძინე კაი? ძალიან მეძინება. - გვერდითა საწოლზე წამოწვა, ბალიში გაისწორა და მიესვენა.

-აქ იძინებთ?

-შეგჭამ?

-არა,  მაგრამ რა ვიცი... - შევიშმუშნე.

-ნუ გეშინია, არაფერს დაგიშავებ - მაქცია ზურგი და ჩაეძინა... ალბათ.

-შუქი მაინც ჩაგექროთ.  - წავიბურტყუნე და ავიზლაზნე.

გამომრთველთან რომ  მივედი და დენი გამოვრთე, ელვის სისწრაფით გავიქეცი საწოლისკენ, რადგან ბავშვობიდან გამოყოლილი რწმენით მწამდა, რომ საწოლის ქვეშ რაღაც არსებები ცხოვრობდნენ, რომლებიც სიბნელეში ხელს გამოყოფდნენ და ფეხებში წამავლებდნენ. ფეხებში წავლების შემდეგ უკვე აღარ ვიცი მოვლენები როგორ ვითარდებოდა, რადგან ამ დროისათვის მე  უკვე შიშისაგან  გულწასული ვეგდე იატაკზე.

-გადარჩი? - მკითხა ნახევრად  მძინარემ  და გაეცინა.

-მამას ვეტყვი! - ვუთხარი გაბუსხულმა და კედლისკენ გადავბრუნდი.

 

 

...

 

 

შუაღამე იყო, მისმა ჩურჩულმა რომ  გამაღვიძა.

-ნუკი, გღვიძავს? - ოდნავ  მარხევდა რომ გამოვეფხიზლებინე.

-რა ხდება? - გავახილე თვალები და ყველაზე სასიამოვნო ალბათ რაც  შეიძლებოდა

დამენახა,  მისი ღიმილი იყო და გამეცინა ჩემსავე შეგრძნებებზე.

-რა ლამაზი ხარ!

-რა ხდება ექიმო, რატომ არ გინდათ რო დავიძინო? - გამეღიმა მეც.

-ვიცეკვოთ, მოდი!

-რა ვქნათ? - წამოვჯექი საწოლზე.

-ვიცეკვოთ! - ფრთხილად მომკიდა ხელი რომ საწოლიდან გადმოვეყვანე. ხელისგულით

შუბლზე შევეხე, თითქოს სიცხეს ვუსინჯავდი, მაგრამ მოფერება იყო ეს. იმ დროისთვის  გაუცნობიერებელი, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ გაცნობიერებული  მოფერება. მას თბილი შუბლი და რბილი კანი ჰქონდა. თითებით რომ შევეხე, ავირიე უცებ, თითქოს ჩემს სხეულში და გონებაში ამინდი შეიცვალა, გრიგალი ამოვარდა და ყველაფერი ერთმანეთზე არახუნა,  თმები ამიწეწა, თვალებში საიდანღაც მოვარდნილი ქვიშა შემაყარა და ბუნდოვანი გახადა ყველაფერი. შევხედე წამით და მზერა მოვარიდე. მშვიდად იდგა და მიცდიდა. ჩემს ემოციებს უცდიდა.

-ექიმო, კარგად ხართ?

-საოცრად! - გადმომიყვანა საწოლიდან და მუსიკა ჩართო დაბალ ხმაზე.

-ტვინის შერყევა არ მაქვს მე?

-არაფერი  საგანგაშო. - არც მომაქცია ყურადღება.

-აბა, აქ რატომ ვარ ამაღამ? - გამეცინა და საწოლიდან გადმოვედი.

მამაჩემის ნაცრისფერი მაისური მეცვა. როგორც ჩანს, ყოველთვის  კომფორტულად ვგრძნობდი თავს მამაკაცის მაისურებში  და ეს იმ ღამეს არ დაწყებულა, როცა  კლინიკაში პირველად მოხვედრის დროს თავისი ლურჯი მაისური მათხოვა.

ჩემი თმა გრძელი და ქაოსურად დაყრილი მხრებზე.

სახე უძილო.

თვალები  დაღლილი.

ლოყები ოდნავ წითელი, ვგრძნობდი სიცხე მქონდა.

სხეული მოდუნებული.

და ყველგან  პეპლები... ბედნიერების პეპლები, ფერადები, მოუსვენრები, სულსა და  თავში  დაუკითხავად რომ გიფრინდებიან.

წელზე  მომხვია ხელები, იქ სადაც ხერხემალი თითქმის დამთავრებულია.

თბილი. ძლიერი ხელები.

მშვიდად ცეკვავდა ჩემთან ერთად

თითქოს არ იყო ეს კლინიკა.

თითქოს არ ჰყავდა არავინ ჩემ გარდა.

თითქოს არ აღელვებდა არაფერი.

ამაყი იყო და თავდაჯერებული, თითქოს სწორედ პაციენტთან ცეკვა იყო ჰიპოკრატეს ფიცის მთავარი დანიშნულება, რომელსაც პირნათლად  ასრულებდა.

ღმერთო, ნეტავ მცოდნოდა რა იყო ეს.

იქნებ გავქცეოდი...

კლინიკის ერთ-ერთ პალატაში ვცეკვავდით მე და ექიმი.

მას ჩემს თმებში სახე ჩაერგო.

ჩემს გულს ხედავდა და  იმ წუთიდან  აღარავისთვის მეთმობოდა.

დიდხანს ვიცეკვეთ, სანამ თავბრუ არ დამეხვა. რა იყო თავბრუსხვევის მიზეზი? - ეს შესაძლოა მეცნიერებისთვისაც საინტერესო საკითხი ყოფილიყო. რატომ ეხვეოდა ახალგაზრდა გოგოს თავბრუ,რა იყო ეს, სიყვარული თუ თავის ტვინის მსუბუქი დაზიანება?

ჩემი თმების ყნოსვას რომ მორჩა, ჩემი სახის ნაკვთების თვალიერებას, ჩემს თვალებში უნამუსოდ და ურცხვად ყურებას,  ვთხოვე დავწვები-მეთქი. და უეცრად მოხდა საოცრება. გაახსენდა ექიმი რომ იყო, ისიც პაციენტი რომ ვიყავი, სხვათა შორის, ისიც კი გაახსენდა „უმნიშვნელო“ ტრავმებით რომ მივედი კლინიკაში  და დამრთო ნება დამესვენა, ჰო, ჰო, აუცილებლადო და საწოლამდე მიმიყვანა, დამაწვინა, მერე სახეზე  რბილი ხელისგული ფრთხილად ჩამომისვა  და ღიმილით გავიდა ოთახიდან.

შეგრძნება მქონდა,  თითქოს ყველაფერი, რაც გამაჩნდა შიგნით, ჩემს არსებაში,  ამოიღო და წამართვა და აღარასოდეს დამიბრუნებდა.

თითქოს ოთახიდან გაიტანა, წაიღო და თავისთან  შეინახა.

აღარ ვიცოდი, როგორ გამეთენებინა ეს ღამე. გაოგნებული ვიწექი და ვფიქრობდი.

ვიდექი წრეში და გარს მეხვია უამრავი აზრი და ამ  აზრებიდან აზრი ვერ გამომქონდა

ყურებში მეჩურჩულებოდნენ.

კედლებზე მიკაკუნებდნენ.

ფანჯრიდან   შემომძახოდნენ.

გამაგიჟეს ... გამაგიჟეს იმ  ღამეს ფიქრებმა, აზრებმა, პეპლებმა.

მერე ჩანთა ავიღე, ძებნა დავიწყე რაღაცის,  ვეძებდი, დრო გამყავდა დილამდე.

მზის პირველ სხივამდე.

პირველი გამოღვიძებული  პაციენტის ამოკვნესამდე.

ექთნის პირველ ვიზიტამდე და ჩემს სახლში  დაბრუნებამდე რომ ამ რაღაცას სადმე გავქცეოდი.

ვეძებე და რვეული ვიპოვე.

ორად გადაკეცილი, დაკუჭული, მწვანე თორმეტფურცლიანი რვეული, რომელშიც  სისულელეები ვწერეთ ერთმანეთს, ჩვენი საუბრით აუტანელი პაციენტი რომ არ გაგვეღვიძებინა.

ჩანთაში ნაპოვნი ტუჩის ფანქრით ჯერ  გულებს ვხატავდი ჩვენი დიალოგის გარშემო, მერე გავბრაზდი  საკუთარ თავზე, რა დროს გულების ხატვაა-მეთქი, დავტუქსე  ვიღაცა ჩემს  შიგნით და ბოლოს თავისი ქნა ემოციამ:

აი იქ, შენს მკლავზე, შენ გვერდით, შენი სუნთქვიდან გამოსულ ჰაერთან, შენს გულთან ახლოს, შენი სახის ქვეშ, შენი მხრების ქვეშ, შენი საბნის ქვეშ, მშვიდად  მინდა რომ გვეძინოს ერთად.

დავწერე.

წავიკითხე.

გავიაზრე.

შემეშინდა.

და გადავშალე.

რომ არავის არასოდეს აღარ  ენახა...

 

ელფოსტაბეჭდვა