პერფექციონისტის ჩანაწერები
პერფექციონისტის ჩანაწერები
პერფექციონისტის ჩანაწერები
02 მაისი, 2019 წ.

დილიდან მოჟამულ ცას ჩემი „ყაყა“ ხასიათიც  დაერთო და მივხვდი, რომ არ დამელია, „საზოგადოებრივ წესრიგს“ საშინაო და საგარეო „ფრონტზე“ დიდ საფრთხეებს შევუქმნიდი , ანუ ისეთ „პალასაზე“  ვიყავი, აი მინიმუმ სარკეებიან ოთახში რომ გინდა შეპარვა ერთი მავნე და ვანტურული სურვილით-მისდგე ჩაქუჩით და   ლეწო და ლეწო ... „აი, შენ  ლიწა !“ - მახსენდება  ჩემი მეგობრის დისშვილის მაშოს ბავშვობისდროინდელი გამოთქმა სილის გაწვნაზე და სადღაც  გულის კუნჭულში მინათდება,  თითქოს მეღიმებასავით ...  არადა, სულ რაღაც წამების წინ სამყაროში არსებული ყველა სარკის დალეწვის ხასიათზე გახლდით ...

-რა ცოტა ყოფნის ადამიანს? ! ...ხასიათის ეს მიდი-მოდი ფერები ვეგეტონევროზის ტიპური სიმპტომებია ...

-„ რა არის ნევრვოზი?ნევროზი ხშირი სტრესული სიტუაციების, ხანგრძლივი მძიმე განცდებით განპირობებული მდგომარეობაა, რომელიც იწვევს ნერვული სისტემის დასუსტებას, შფოთვას და ვეგეტატიურ დარღვევებს-ოფლიანობა, გახშირებული გულისცემა, კუჭის და სხვა ორგანოების მუშაობის მოშლა“... - დედას უთენია ტელევიზორი ჩაურთავს და ოჯახის ექიმის მარი მალაზონიას რჩევების აკომპანიმენტით ატკიცინებს მთელი თვის დანაგროვებ ათასგზის  განარეცხ, ფერ  და ფორმადაკარგულ თეთრეულს ...

- რატო არ გძინავს? - ვბრაზობ მე ...

- და შენ რატომ არ იძინებ?

- რატომ? -  რამაზ ჩხიკვაძის აზდაკის მანერული ინტონაციით ჩვენს სარემონტო და ბზარებშეპარულ დერეფნის ჭერს ვუსვამ რიტორიკულ კითხვას  და პასუხიც იქვე მაქვს , - არ მეძინება! ...

- „ნევროზისთვის დამახასიათებელია სტრესების მიმართ მაღალი მგრძნობელობა... უმნიშვნელო სტრესულ მოვლენებზე ადამიანებ ხომ სასოწარკვეთილებით ან აგრესიით რეაგირებენემოციური ლაბილობა, წყენიანობა, სწრაფი დაღლა, მეხსიერებისა და აზროვნების უნარის დაქვეითება, გულისცემის გახშირება, გაფანტულობა, უძილობა ღამით და თვლემა დღისით, ოფლიანობა, არტერიული წნევის მერყეობა. . . - ისევ პირველ ჩვენებას აწვება ტელეგადაცემის მშვენება ოჯახის ექიმი , ისეთ „ვიდზეა“ ესოჯახაშენებული, , ისე სათნოდ და ელეგანტურად გიღიმის ეკრანიდან და ისე უციმციმებს ვარსკვლალები თვალებში, ნევროზს მაონდომებს  კაცს...

- ხედავ? ხშირ შარდვაზე და ფაღარათზე არაფერს ამბობს! არადა, მეორე დღეა ვერაფრით გავიჩერე ეს დიარეა... ნახე ჯერ მარტო როგორ ფიმ-ფამ-ფოდ ჟღერს -დიარეა! სადღაც რაღაცით სულ იმას მაგონებს : -„ენ -დე-აი!“

- შენ იმაიმუნე და უფრო არ დაგეძინება, - დედაჩემი დარწმუნებულია, რომ მე ქალები დამღუპავენ, უფრო სწორედ, უქალობა, ხოლო მეტი სიზუსტისათვის უცოლობა...

- „ნევროზის ძირითად მიზეზად ითვლება ხანგრძლივი ფსიქოემოციური და ფიზიკური გადაღლა, გადატვირთვა, უსიამოვნო განცდები, ქრონიკული სტრესიეს შეიძლება იყოს როგორც სამუშაო, რომელიც ადამიანს მთელ ძალას ართმევს, ასევე პირად ცხოვრებაში სირთულეები, კონფლიქტები, რომელთა გამო ადამიანი ძლიერ განცდებშია, თუ ამ ფაქტორთა შერწყმა ხდება, ნევროზი თითქმის გარანტირებულია

და რაკი მარი მალაზონიას სულაც არ ადარდებს ჩემი უცოლობა, და შესაბამისად, დედაჩემის გულისტკივილის მიზეზი, უსიმპათიურესი წამყვანი კათოლიკური ტაძრის რომელიღაც მადონნას მწყაზარი ღიმილით ნევროზის ძაღლის ჩამარხულ თავს სხვაგან დაეძებს :

- „ზოგჯერ ნევრზული სისტემის დასუსტება ხდება საქმის ბოლომდე მიუყვანლობის, რთული სიტუაციებიდან თავდაღწევის შეუძლებლობის გამო.ნევროზის აღმოცენებას ხელს უწყობს თავდაუზოგავი შრომა და საკუთარი თავისთვის დასვენების უფლების ჩამორთმევა“…

- ხედავთ ქალბატონო ანეტ, თუ რაშია ჩემი სულის კაეშნის ჭეშმარიტი მიზეზნი... -  მე გამარჯვებული იმპერატორის მედიდური იერით მოწყალედ ვუღიმი დედას, მერე ტელევიზორის პულტს ვიღებ და მისდაუკითხავად ტელეარხებზე ვმოგზაურობ...

- დააბრუნე , თორემ მაწყენინებ იცოდე!

აშკარად დამიბერდა დედა, ადრე ასეთი რაღაცეები არ სწყინდა ხოლმე...

- ბაზარი არაა, მაგაზე გაწყენინებ ამ დილაუთენია?!

- ნევროზის განვითარების დამატებით ფაქტორად ითვლება ორგანიზმის დაავადებით დასუსტება გამოფიტვაც, მაგალითად გრიპით…
ნერვოზით დაავადებულთათვის დამახასიათებელია შფოთვა, შიში, რასაც სხვადასხვაგვარი ფორმა აქვს, როგორიცაა ემოციური შფოთვა მუდმივი მწუხარე ფიქრები, რაიმე კონკრეტულ მოვლენაზე, ან შიშის მოლოდინი.

- დიახ, ქალბატონო ანეტ, შფოთვა არსებობს ორგვარი - შფოთვა ფიზიკური და შფოთვა მოტორული , პირველი ჩვეულებრივ ვლინდება კუნთების დაძაბვით, მოდუნების უუნარობით, მკერდის მიდამოში უსიამოვნო შეგრძნებებით , ხოლო მეორეს შიშის დაძლევის მიზნით მუდმივად ახლავს უნებლიე მოძრაობის აუცილებლობის განცდა, ფეხების და არა მხოლოდ ფეხების გამუდმებული ტოკვ, რომელიც შესაძლოა შეუმჩნევლად  დროთა ვითარებაში ცეკვით ილეთებში გადაიზარდოს ...

მე ვცეკვავ ოთახის შუაგულში და ვცდილობ, ვაიძულო  და დედაც ავიყოლიო...

- ღმერთო, როდის უნდა დაჭკვიანდე ?! - დედა უკმაყოფილოდ იქნევს თავს და ცდილობს უთოს ღილაკით დანამოს თეთრეული, რომელიც ისე გამხმარა, სრულებით არ ემორჩილება უთოდან ანადენ ორთქლს ...

- ჩვენი ფენტეზის შემცველი ტრაგი-ფარსულ-კომიკურ-გროტესკულ-დეტექტიურ-სერიალის  სადღაც მესამე სეზონამდე მაგის იმედი არა გქონდეს, არა!..- მე ვართმევ უთოს და პლასტამისი რეზერვუარში წყალს ვუსხამ - წყალი არ იდგა და როგორ დანამვდით , ქალბატონო ანეტ, და საერთოდაც თუ ამ საკითხზე მსჯელობით დამეხსნებით , რეზერვარში წყალსაც ჩაგისხამთ ხოლმე !...ვოტ ტაკ!

-„ ნევროზები იწვევენ შრომისუნარიანობის და გამძლეობის დაქვეითებას. გარდა ამისა ავადმყოფთა გაღიზიანებულობა-შეუწყნარებლობა ახლობლებთან კონფლიქტის მიზეზი ხდება, რაც სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს“, - ასკვნის მარი მალაზონია ახლა უკვე დამაფიქრებელი, მაგრამ მაინც  სანდომიანი ღიმილით და სანამ მისი დასკვნები აცხადდებოდეს, დედას თავს ვუკრავ გალანტური მოძრაობით და ვალსირებით საძინებლისაკენ მივსრიალებ, მაგრამ  სადღაც საძინებლის კარის მისადგომებთან  მეწევა ისევ მარი მალაზონიას ტკბილადმოუბნარი ხმა და „კანტროლკას“ მარჭობს შუბლში...

- ნევროზი აბსოლტურად მორჩენადი დაავადებაა. მისი მკურნალობა ექიმის დანიშნულებით უნდა წარიმართოს. წამყვან მეთოდად ფსიქოთერაპია ითვლება,ხოლო წამლებს დამხმარე როლი მიეკუთვნება.

- „მაგის წამალი ნარგიზაა! “- მახსენდება  ნაცნობი სიცილი და ვცდილობ, აღვიდგინო, ვის ხმის ტემბრს მაგონებს : ჯიმიკოა, ლევანჩო თუ კეშა ...

- კომპიუტერი დაგღუპავს შენ ! -დიაგნოზს მისვამს დედაჩემი ანეტა რევაზიშვილი- ტოროშელიძისა და დარწმუნებულია, რომ როგორც კი მისი სიცოცხლის მიზანი და გამართლება და ტოროშელიძეების გვარის გამგრძელებელი (ანუ მე !) ცოლს მოვიყვან , ყველაფერი თავის ადგილას დალაგდება და , შესაბამისად, „ივერიაც გაბრწყინდება!“...

ამ გამომცემლობამაც  ეხლა გამოაცხადა ეს კონკურსი ჩემდა ჭირად  რა  და რა დამაძინებს?! , - საკონკურსო ანონსი გვიან გამახსენდა , ვადებს შევხედე , ერთი კვირა რჩება ... აბა რომელი დასტაევსკი მე ვარ, სტენოგრამისტი დავიქირავო და სამ კვირაში რომანი  გამოვაცხო ... არადა, ეს გამაზვაც რომ არ მინდა ?! ამბავი მოფიქრებული მაქვს, სათქმელიც, ასე თუ ისე, არაუშავს, დამიგროვდა რაღაც, მარტო დროში ვიწვები ...ისე ზოგადად, მე ხომ მუდმივად „წყალში ვდგავარ-ცეცხლი მიკიდია !“

-ცხოვრება კი არა, მაგარი „ექშენია!“ - ამბობს ნიტა და დაუფარავად ისწორებს „შოვს“, როგორც მოიხსენიებს კოლგოტკის ნაკერს დედას ბავშვობის მეგობარი რიმზი დეიდა, გამორჩეული გემოვნების თმადავერცხლილი დარბაისელი ინტელიგენტი  ქალბატონი, რომელმაც კარგა ხანია 60-ს გადააბიჯა და მაინც უწინდელი სიკეკლუცის ბეჭედი აზის ...

- რა ბრძანეთ?! - ლევანჩო ლაზღანდარობის ხასიათზეა, რასაც ვერ ვიტყვი ნიტაზე, რომელმაც დღეს ისე იტირა, მთელი „ნავაროჩენნი“ მაკიაჟი გურჯაანის მზეზე მდნარი ნაყინივით  მწუხარე სახის პიეროს ნიღბის „მეიქ აფის“ წუწებად ექცა...

მწერლობას ნაღდად ვერ დავიბრალებ, უფრო ჩემს ჭიას ვახარებ , ასე ვთქვათ, საკუთარ თავს ლიტერატურულ განსაცდელებს ვუჩალიჩებ სხვადასხვა ჟანრში ... სოციალურ ქსელებს და სხვა ინტერნეტ- პორტალებს არ ვწყალობ ... ზოგი ტიპი მაინც მაგარია -წერს და პოსტავს , წერს და პოსტავს, „ფრენდებიც“ უკომენტარებენ ხან ზერელედ, ხან -საფუძვლიანად, ხან - ვალის მოხდის მიზნით, გულიანად ,  ქილიკით, „სმაილებით“ ან ბევრი გულებით, საჰაერო ბუშტებად რომ სკდებიან ვირტუალურ სარკმელში... მკითხველის კატეგორიას გააჩნია , ქება ყველას სიამოვნებს და სანადიროდ გამოსული  ნადირივით იტრუნება , სხვა  გამაღიზიანებელ რეპლიკებს ორჯერ მწარედ პასუხობს, მაგრად იბოღმება, ზოგი თავს იწონებს, კეკლუცობს, იფერებს, მოკლედ, რა! სადა მაქვს ამისი თავი?! - იმიტომ ხომ არ ვწერ , მერე საკუთარ  ნატანჯ-ნაცოდვილარს ნერვები ვაგლეჯინო?!

_ ტექსტები შვილებივითაა. შობ, წამოზრდი , დახვეწ და მერე თავისი ცხოვრებით მიდიან, შენ აღარ გეკუთვნიან, ძმაო, ეგრე არ არი? მე ჩემი მუღამები მაქვს- არის ერთი ადამიანი, ვის გემოვნებას ვენდობი, კიდე გულწრფელობასაც ... თუ მოწონს, გაქებს, თუ არა -დუმს ... ეს დუმილი კი ის დუმილია სწორედ, ოქროზე რომ ძვირად ფასობს ...-ამბობს  ქირონა  და მეც ვეთანხმები, რადგან მეც ეგრე ვარ ...

ისე დუმილი ათასგვარი არსებობს: დუმილი , ყოვლისმთქმელი და ყოვლისმომცველი, წყენის დუმილი, აღიარების დუმილი , პატიების დუმილი, ვერპატიების დუმილი, გაუგებრობის დუმილი, სინანულის დუმილი, კმაყოფლების დუმილი, ეჭვიანობის  დუმილი...ავისმომასწავებელი დუმილი... ჩეხოვის დუმილი...

- არა, ჩეხოვის პაუზაა... ტევადი და გამოცანის, ან გამოცანების, შემცველი ... მერე მოდის ვიღაც არტისტი და რეჟისორი და ტვინს ბურღავს ამ პაუზის ამოხსნაზე თუ  სათქმელებით დატვირთვაზე... თუმცა ეს თითქმის მუდამ ერთსა და იმავეს ნიშნავს ...- მასწავლის ბენჯამენა ... სარეჟისოროს  მესამე წელია  ამთავრებს და ვერ დაუმთავრებია და თავი უკვე მინიმუმ  ჯორჯო სტრელერი ჰგონია , ოღონდ ჯერ უცნობი ჯორჯო სტრელერი, პოპულარობამდელი , იმედისმომცემი და, ნიტას ტერმინოლოგიით,  ძალიან რაღაცნაირი ...  ბანალურია ეს ყველაფერი !...

- ერთი სიტყვით , მივიღე  საბედისწერო გადაწყვეტილებას - ჩავება „პალიტრა ელის“ ლიტერატურულ კონკურსში ...

- ვააა, საღოლ, ძმაო! - მაქებს ჯიმიკო, - ხო იცი, ჩვენი ყველას უნდა სჯობდეს!

-  რა მნიშვნელობა აქვს , გაიმარჯვებს  თუ არა - ნებისმიერი კონკურსი გემოვნების საქმეა და სხვა არაფერი ... კონკურსი ძველ საბერძნეთშიც იმართებოდა და ათეულობით წერას ატანილი ავტორი იღებდა  მონაწილეობას და მერე რა? - ფილოსოფოსობს ლევანჩო - ჰო-ჰო. ვიღაც დამაჯერებლად შემორჩა ისტორიას , ვიღაც სანახევროდ , ვიღაც სულაც სამუდამოდ დაიკარგა - არავინ იცნობს მათ სახელებს და მით უფრო ნაწერებს ... ხოლო ვინც ვიცით, ისინიც არავის ეხსომებოდა თავის დროზე არაბებს რომ არ აღმოეჩინათ და დაებრუნებინათ სამწერლო ოლიმპზე ...

- რა განათლებულები ვართ?! - ჯიმიკო კომპიუტერს ჯოკერს ეთმაშება და იასნია, კომპი უგებს... „- ოლიმპოს ჯანღი ეხვევა, დუმან ლაშარ და კოპალა!“...

ვაჟას მოტივებზე ჩანამღერს ექსპრომტად ღიღინებს ჯიმიკო და არ ნებდება ფორტუნას ...

უი, ოლიმპზე გამახსენდა ! - ოლიმპიადა ოთარის ასულმა უკვე მეოთხედ შემოგვიღო კარი და კითხვით აღსავსე მზერა მოგვაპყრო , რაც იმას ნიშნავს რომ ჩვენი სამუშაო დღე დასრულდა და სამაგიეროდ მისი დაიწყო- ოთახი ხომ უნდა დაალაგოს ... ოლიმპიადა ტიპიური დამლაგებელია , რომელიც ერთდროულად სამ  ორგანიზაციაში მუშაობს  , ხოლო  კვირაში ერთხელ დამატებით  კიდევ ერთ ოჯახში დადის და დუპლექსის ტიპის   სახლს ულაგებს... სახლი კი არა, კარგა გვარიანი შარია - შვიდი ოთახი, ორი სამზრეულო, ერთი მანსარდი, სამი სველი წერტილი და დამატებითი აივნის მომცრო უჯრედი  და როცა ვხვდები ან გაცრეცილ, კაფანდარა ქალს, ყოველ ჯერზე გაკვირვება მიპყრობს- სადა აქვს ამდენი ჯანი, რომ ათეულობით  კვადრატული მეტრის სიბინძურე ალაგოს და ამდენი უზრდელი და უკულტურო იდიოტის დაყრილი „პარაშა“ ასუფთავოს ...

-„ რო ცასვლა დაპიროტ,  კარი არ დაკეტოტ, მე აკვე, გვერდიტ ოტახებში  ვიკნები და დავალაგებ!“ - ოფიციალური დეპეშის მსგავს ტრადიციულად  ლაკონურ ტექსტს გვაწვდის ოლიმპიადა დამტვრეული ქართულით , ნახევრად რუს-ქართულა სადა და მოკრძალებული დამლაგებელი, რომელსაც დიდი გაშიფვრა არ სჭირდება -ისედაც ნათელია ყველაფერი - დაამთავრა რუსული სკოლა წარჩინებით, მერე პედაგოგიური ინსტიტუტის რუსული ფილოლოგიური წითელ ატესტატზე , მერე გათხოვდა და ქართველმა ქმარმა დასვა სახლში, გააჩენინა ბავშვები - გოგო და ბიჭი - გააზრდევინა, სამსახურში სამუშაოდ მისვლაზე მაინც არ დასთანხმდა , „რა იცი, მაინც სანახევროდ რუსია ეს შობელძაღლი და მაგათ ბოზობა ჯიშში აქვთ“... ამასობაში ეს გოგო-ბიჭი კი გაზარდა და გზაზე დააყენა, ახლა შვილიშვილები წამოიჩიტნენ, ახლა იმათ სდია მუსიკაზე და ცეკვაზე, ინგლისურზე და უნარებზე, იმათაც თავისი ცხოვრება აიწყეს  ... ჰოდა, ეხლა რო დაჩამიჩდა და დაუძლურდა, ეს ქართველი ქმარი,ისიც გვარიანად მობერებული და კიდევ უფრო გაზარმაცებული, კი  უკვე დაიყოლია სამსახურში  გასვლაზე, მაგრამ ამ ასაკში ვის  რაში დაკარგვია დამლაგებლობის გარდა?

- „აკ ნატურა დამცვარა, ხვალ ბატონ უჩას ვეტკვი და ოტარი ახალი გაკეტებს“ ...

-მადლობა! - ვპასუხობ კომპიუტერის მონიტორიდან თვალისმოუწყვეტლად, - ბიჭები გავიდნენ,  მე სამუშაო მაქვს და ალბათ გვიანობამდე დავრჩები , თქვენ თუ ხელს არ შეგიშლით, თქვენი საქმე ჩვეულებრივ გააკეთეთ, მე ყურადღებას ნუ მომაქცევთ ...

ვიცრუე-სამუშაო არა, იხვი! - რაღაც საჩქაროდ უნდა დავწერო, რო კონკურსზე გადავაგზავნო... სახლში, პონტია - წერას არავინ დამაცდის ... იქ დედაჩემს გაახსენდება , რომ დილისათვის პური და მაწონია ამოსატანი , ჩემი გულის ამბავი რო ვიცი, დიდხანს ვერ გავუძლებ მის თხოვნით აღსავსე უსიტყვო  მზერას და შინ მისული, ეგრევე ჩავირბენ მარკეტში, სადარბაზოსთან ზაურა და გარინჩა გამეჩითებიან ... იმათ ხო ასი წელი ვერ ავუხსნი, რატო არ მცალია ... რომ ავუხსნა , რაა რო?! გარინჩა , იგივე დიდი პაპის გარსევანის სეხნია, რომელიც ჯერ გარიკა იყო, მერე გარო , ბოლოს გარინჩად გადაიქცა -  ცოტა გავს კიდეც იმ დიდ გარინჩას, განსაკუთრებით ცალი ფეხის სიმოკლეობით და კიდე „ნასტირნობით“, სანამ თავისას არ ამოწურავს და ბოლომდე არ მიაიმასქნებს ტვინს, , თავს მაინც არ დამანებებს... ამასობაში დაღამდება ... მერე ფეხბურთს უნდა ჩავუჯდე... ტყუილად ხო არ ვამსხვერპლე ვალში აღებული 100 დოლარი „იუვეს“  ... მოკლედ, ბაზარი არ არის... თუ დავწერ , რამეს ისევ აქ დავწერ  : ცოტა - დღეს, ცოტა - ხვალ და ...

- „როგორ გეკადრებატ, პირიკიტ, მე არ შეგიშალოტ ხელი “... -ფიქრს მაწყვეტინებს ოლიმპიადა და მტვრის ტილოს გულმოდგინედ უსვამს ფანჯრის რაფას, რომელზეც მესამე კვირაა ყურებჩამოყრილი დრაცენა, სპატიფილუმი, ასპიდისტრა და ზამიოკულკასი(ფუ, მომტყდა ენა !)  ამაყად აშოლტილი ვეფხისტყავას ფონზე ღარიბი ბიძაშვილებივით მიიწევენ ფანჯრის მინებისაკენ, სადაც ოთახის ცივი განათების პანორამას  მტვრიანი და უსახური ნაცრისფერი ქუჩა მეტ სითბოსა და სიმყუდროვეს ჩუქნის ახლადშეძენილ მწვანე მეგობრებს ... დრაცენა, სპატიფილუმი, ასპიდისტრა, ზამიოკულკასი და ვეფხისტყავა ჩვენი ოფისის მცენარეებია, ჯერ კიდევ შარშან  ფლორისტების რჩევით რომ შეიძინა ჩვენმა ოფისმენეჯერმა სეგმენტამ ... სეგმენტას იმიტომ ვეძახით, რომ მაგრად ევასება მოდაში შემოსული  უცხო სიტყვები: -„ ჩვენი მენეჯმენტის სტრატეგიის პრიორიტეტული სეგმენტი მოიცავს ...“ აუუუ, რო ჩართავს , მარტო აბაზრე და აბაზრე :„ სატისფაქცია“, „სპიჩრაიტერი“, „პროდიუსინგი“ , „სპონსორინგი“ , „ფაბლისტი“, „ფანდრაიზინგი“, „ქონფლეიშენი“, ... „ო, მაი გად! “

-„ ოი , ბოგ ტი მოი! რა მტვერი ადევტ   ამ ბედკრულებს?! ხვალე „პშიკალკას“ მოვიტან, ფოტლებს გავურეცხავ, ცოტა-ცოტა  ცამალს, ცოტა  სასუკს, ტორე ცოდოებია საცკლები“...  ოხრავს ოლიმპიადა ოთარის ასული ...

...რა სასიამოვნო ქალია და რამ დაარქმევინათ ეს სახელი ?! – „სტრანნი ნაროდი“ იყო ეს ჩვენი წინა თაობა ...

ვიწყებ წერას...

„ გაზაფხულია, ნუშის ყვავილობა... ქარს ღია ფანჯრებიდან მოაქვს „რიო-რიტას“ საცეკვაო რიტმი, რომლის თვლაზეც მსუბუქად მიბიჯებს უცხო ახალგაზრდა ქალი, მოხდენილი, ხალისიანი, ახალი კაბით... კაბა აბრეშუმისაა, ცისფერ ფონზე კუნაპეტი შავი ორნამენტით გამოყვანილი...ძველმანების ბაზრობაზე, ქალაქის გარეუბანში ერთი ებრაელისაგან  შეიძინა იაფად... სულ ახალთახალი კაბაა, ალბათ ჰა-ჰა  ორჯერ თუ ეცმებოდა მის უწინდელ პატრონს...  ქარი ძალას იკრებს და აბრეშუმის უმსუბუქესი კაბა პარაშუტივით იშლება ... ქალიშვილი ცალი ხელით კაბის კალთას იჭერს, მეორეთი  აწეწილ თმის კულულებს და უხერხულ ღიმილიანი შედგება ქუჩის კუთხეში, სადაც ტრამვაი  უხვევს.. უნივერსიტეტამდე სულ სამი გაჩრებაა...სამი ნაცნობი გაჩერება- ლამის ზეპირად იცის თითოეული შენობა თუ მესერი, რომლებიც ტრამვაის გასაწმენდ , წვიმისგან დალაქავებულ სარკმლებში კრთება... და მაინც ამ დილით სულ სხვა განწყობა აქვს-ახალი კაბის განწყობა... გამვლელ-გამოვლელნი არათუ მზერას აყოლებენ, თვალს ვერ სწყვეტენ,  ურცხვად მიშტერებიან .“..

-„ესეწ ასე ... მე ცავედი“ ... ოლიმპიადას  დალაგება დაუსრულებია და ბოლო დეტალად მაგიდაზე ახლადავსებულ წყლიან  ბოთლს მიმარჯვებს, ოდესღაც ლევანჩოს საყვარელი მაცოცხლებელი „არსი-კოლა“ რომ ესხა  ...

-„ახალი ცხალია, მიირტვიტ!“ ...

მადლობის ნიშნად თავს ვუქნევ და უსიტყვოდ ვუღიმი ...ტექსტის ფაბულაზე ვფიქრობ ... ხომ შეიძლებოდა ნინა ბებიას  თავს გადახდენილი ეს ამბავი ოლიმპიადასაც გადახდენოდა ... „ვაი ნოთ?!“ -როგორც იტყოდა ჩვენი ოფისის  ახალი თანამშრომელი ჯეფი ...ჯეფი ასპირანტია ... სოციოლოგ-მარკეტოლოგი  თუ რაღაც მაგდაგვარი ... საკმაოდ სიმპათიური, მაღალი, ხორბლისფერი,   შვედური წარმოშობის ამერიკელი , ნაცრისფერ-მწვანე თვალებითა და მზეზე გახუნებული ღია ჩალისფერი თმით ,  მესამე წელია, რაც  საქართველოშია და უკვე   ყველა კუთხე-კუნჭული მოიარა, ყველა კუთხის ღვინით დამთვრალმა თითოჯერ მაინც არწყია ან მოშარდა ცა-ფირუხ-ხმელეთ-ზურმუხტოვანის ბუჩქნარში და  ქართულის იმდენი მარაგი კი დააგროვა, რომ ქათინაურები გულუხვი ღიმილით ჩამოურიგოს ჩვენს ტრაკქარიან „პრომოგოგონებს“... უნდა ნახოთ, რა დღეში არიან , რა დაზმანულები,  სტილისტ-კოსმეტოლოგ- სპასალონ- მოვლილნი, დარუჯულ-დამაკიაჟებულები  დარბიან სამსახურში, ოფისი კი არა, ყოველი დილა - ფეშენ-მოდელ-ლუქია... ის კი არადა, რაც ჯეფი გამოჩნდა ასპარეზზე, არცერთი აღარ აგვიანებს დილაობით, მამულის ერთგული ჯარისკაცებივით მწკრივდებიან კორიდორში  გასაფუილებლად და სამოსის , უფრო კი გარუჯული შიშველი სხეულის გამოსამზეურებლად და ნამდვილი ოლიმპიური შეჯიბრი აქვთ, ვინ მოასწრებს და დაიკავებს საპატიო ადგილს კართან ახლოს , რომ ჯეფის პირველი კომპლიმენტი  კობი ბრაიანის ნატყორცნი ბურთივით  კალათამდე მიუწვდომლად ჰაერშივე მოხსნას ...

-მოწევა კლავს და მავნებელია თქვენი შვილოსნობისათვის ! - ჩაუწუილებს ყოველდილით ლიონელ მესის პენალტივით ყურთან ლევანჩოს გველური სისინი , მაგრამ შენც არ მომიკვდე ...

აფუილებენ მენთოლიანებს და „უ“- მენთოლოებს, ერთს ელექტრო სიგარეტი უთრევია და ნესვის არომატი დგას მთელს ოფისში ...

-ვისაც ეტრფით ,ის არ ეწევა და ესენი  რას უქშიტინებენ, მე მოვკვდე თუ ვიცოდე, დასავლეთი ჯანსაღი ფილტვებით აპირებს საიქიოდ გარდასვენებას! -ეჭვიანობს ჯეფზე კუნთებდაბერილი ჯიმიკო. ჯიმიკო იგივე თენგოა, უბრალოდ, „ბოლივუდის“ რომელიღაც ვარსკვლავს ჩამოჰგავს შავტუხა ცხვირპირითა და ალაზნისპირა ჭალაში ცოხნით გართულ დაბინდულქლიავისფერ ვირუკას  თვალთა  ჭრილით. დაკვრაც ეხერხება გიტარაზე და ოფისმა , ისე რომ ბევრი არ უფიქრია , ერთხმად შეარქვა „ჯიმი, დერჟი გიტარუ!“ მერე ეს გრძელი „კლიჩკა“ ყველას დაეზარა წარმოსათქმელად და შერჩა მოკლე და ლაკონური „ჯიმიკო“, რომელიც უფრო საყვარლად და იოლად ჟღერს ... თენგოც ისე მიეჩვია ამ სახელს, რო გასკდე თენგოს ძახილით, ვერ მოახედებ, ჯიმიკოზე კი ეგრევე შეღერილი აქვს ნავარჯიშევი კისერი და სუ მზადაა „დიმპიტაურისათვის“... „დიმპიტაურს“ ოფის-ფართს ვეძახით, აი, შესვენებაზე რომ ყველა თითო ხუთლარიანს დავაგდებთ და „ობშიაკით“ დოვლათს მოვზიდავთ ოფისის მოირდაპირე ქუჩის მარკეტიდან, სადაც ნისიაც მოსულა ...  ნისიაზე გამახსენდა, მესამე თვეა  ვალი მაქვს  პროფილაქტიკაში და ვერადავერ გადავდე ეს ფული ამ დედააფეთქებული ხელფასიდან... ხელფასი დიდი არ მაქვს ქალაქური  საჭიროებების კვალობაზე , უფრო გამომუშავებაზე და კერძო შეკვეთებზე ვარ დამოკიდებული ... აი შარშან იყო საკაიფოდ, 2000 ლარამდე რო  გავარტყი,  „ჩაიც“ დამრჩა და ბოსმა წარმატებული პროექტისათვის ბონუსებიც ჩაგვახუტა ... მერე ორმა გავიყავით - ჩვენ ვიპახავეთ და ჩვენვე დაგვჩა ხეირად -მე და კეშას ... კეშა, იგივე გოგლიკო ყველაზე კაი ტიპია მთელს ოფისში-აი გულს რო ამოიღებს და დადებს , თან ისე რო არც დაფიქრდება. კეშას მშობლები ამ შარშანწინ წყალდიდობაზე მანქანიანად გზიდან გადავრდნენ სოფლიდან რო ბრუნდებოდნენ აღდგომას და ადგილზევე დაიღუპნენ. ეხლა სახლში მოხუცი ბებია, 16 წლის და სოფჩიკა და ძაღლი რინგო დარჩა მოსავლელად ... კეშა მაგარი მშრომელი და პატიოსანი კაცია , ნამდვილი,  სამეგობრო და სანდო...  ჰოდა, ვიღაც ნაბიჭვარმა თავგზა აურია ნაადრევად დაობლებულ კეშას დას- სოფჩიკას - მამენტ, 16  წლის გოგოს დაბოლებას რა უნდა? - ადგნენ და ერთ მზიან დღეს , სოფჩიკა რო სკოლაში წავიდა, მოიტაცა თუ რაღაც ამდაგვარი, მოკლედ, გვრიტები გზიდან გაიპარნენ.. გიჟს დაემსგავსა კეშა ...  მანქანით დავედევნეთ . ჯანოს გამოვართვი მაგდანას ლურჯა - „მიცუბიშის“ ჯიპი, მამამისის ახლათახალ ოპელში რო გადაუცვალა ვიღაც სართიჭალელმა ... გაქცეულები სამ საათში დავიჭირეთ ანანურთან რო სახინკლეა იქ , „სიძეს“ ყურთან გავუწკაპუნეთ,  დარცხვენილი და აჭარხლებული „პატარძალი“  ჯიპში ჩავაგდეთ  და უკან რო ვბრუნდებოდით, ეს ჩემი ცოდვით სავსე „მიცუბიში“  მართლა მაგდანას ლურჯასავით არ დაიფეხვა ? !-   წყალი  აგვიდუღა მცხეთასთან  ...  რა უნდა გვექნა? მთლად კინოფილმის სცენარს ხო არ გავყვებოდით და ხევში დავაგდებდით ჯანოს ქონება-ცხოვრებას -  ჩოჩიალ-ჩოჩიალით ძლივს  ჩამოვაღწიეთ პროფილაქტიკამდე ... ხელოსნები  ჰამქრულად   პურს ჭამდნენ... თითო დაგვალევინეს და ჯიგრულად მოგვხედეს... ჰოდა, მაგრად შევრცხვი რა ... ორ დღეში სამი თვე შესრულდება და ფული ვერ  მიმიტანია -მგონი ფიქრობენ, რომ გავითამაშეთ კეშას დის  ისტორია და მაგარი გადამგდებები აღმოვჩნდით... არა, რა, რაც არი-არი , დავწერ ეხლა ამ  ტექსტს  საკონკურსოდ, შევაგდებ „პალიტრა L-ის“ ამბავში და , მერე სერიოზულად უნდა ჩავუჯდე ამ ახალი „ივენთის“ შეკვეთას და ყველა დიდი თუ წვრილ-წვრილი ვალი გავისტუმრო ... თან როგორც მივხვდი  კლიენტთან პირველივე შეხვედრაზე, ტიპებს  „პოლნი ნავაროტკით“ უნდათ -  „ფრომოუშენით“, ვიდეორგოლით, პრეზენტაციით, დაჯილდოვების ცერემონიალით, ფურშეტით... „ივენთები“ ჩემი სტიქიაა... თან თუ კლიენტი აზრზე მოსული ტიპია , ხო მით უმეტეს...აი,  ჯიმიკოს „ლოხები“ ევასება, რადგან იოლად ბოლდებიან...როგორც წესი, ეგეთებს ფული  ჩეჩქად აქვთ, ფანტაზია -ნული და როგორც კი რამე ფსევდო-„კრუტოი“ იდეას შესთავაზებ, გოიმებივით ვარდებიან...

- „გოიმებივით რა , „იმენნა“  გოიმები არიან!“ - იკრიჭება ჯიმიკო ,-ეგეთები არ უნდა დაინდო!  ჩემები რამის აზრზე კი არა, ვაფშემც გენერლები არიან: ფულიც აქვთ, სახელიც, პროდუქციაც, ბაზარიც... მაგარი საშარო ამბავია, მაგრამ ზატო მაგრადაც იხდიან , ოღონდ შენც სამაგიერო  გულ-ღვიძლ-დაფლეთვას გთხოვენ ... მმმმმმმმმმმმმმ! ვეღარ გავცდი რა ამ პირველ ორ აბზაცს ... წერას ვაგრძელებ და ოლიმპიადას დატოვებულ წყალს ყელგამშრალზე მალამოდ ვარაკრაკებ...

... „ქალიშვილი ვერ უძლებს ტრამვაის მგზავრთა აბეზარ მზერას და დროზე ადრე ჩამოდის ვაგონიდან, ახლა ფეხით მიუყვება ქუჩას, თან მაღაზიის ვიტრინებში  საკუთარ ანარეკლს აკვირდება რომ გამოიცნოს გარშემომყოფთა დაჟინებული მზერის საიდუმლო ...ეგებ წეღან რომ ვილისმა გაიარა და ტალახიან გუბეს ჩაჰკრა მანქანის თვალი , მის კაბის კალთას მიაშხეფა...ან ...

- ნელიკოო! -ესმის ძახილი უკნიდან... ტრიალდება და მზიკო კალანდაძის გაცისკროვნებულ ღიმილს აწყდება... მზიკოსაც გამოუზაფხულებია... საშა პარტნოის შეკერილი ლურჯი-ელექტრიკი ტანზე მორგებული კაბა და კოხტა ლაკის  ფეხსაცმელები აცვია , დატალღული თმა „უკლადკით“ დაუტალღავს შუბლზე და ეკრანიდან გადმოსულ   მარიკა როკს ჩამოჰგავს  და ისე უხდება, როგორც  ამ გაზაფხულს გაყვავებული ნუში და ალუბალი... როგორც სჩანს, ტრამვაის სარკმლიდან   რომ შორიდან მოჰკრა თვალი და მზიკოს მიამსგავსა, მართლა მზიკო იყო... ფეხდაფეხ მოსდევდა და აკი დაეწია კიდეც ...მზიკოს ხელში ლურჯ-მოიისფრო ზამბახი უჭირავს  და თავადაც ყვავილს ემსგავსება -იერით, სურნელით, „გრძნობათა ბუნებით და ფერთა გამით“ , როგორც იტყოდა პროფესორი იოანე შარაშენიძე “...

წვიმა დაიწყო... ნეტა ოლიმპიადამ ფანჯრები თუ დაკეტა უჩას ოთახში-თქო  ის იყო გავიფიქრე და ტელეფონმაც დარეკა ...ნატაა...ბედი რო არ ექნება კაცს! ნატა მინდოდა ეხლა ამ ფორსმაჟორში?!  ეხლა ამას უხსენი, სად დავიკარგე!

-ჰო...  ჰო...ჰო...კი... კი...დიახ... მერე... არ მეცლა... პროექტებია რა !... რა მნიშვნელობა აქვს...ეხლაც არ მცალია...მაგრად ვარ გაჭედილი ... დაგირეკავ  თვითონ! ... დამნაშავე ვარ! ... არ მინდა სენტიმენტები!... რაზე ჩავიციკლე? ...წესიერად მელაპარაკე, დიდი გოგო ხარ უკვე! ... ვარ, მერე? ... არ ვაპირებ ახსნა-განმარტებას! ... არ მაინტერესებს... კუდიც მაქვს და ჩლიქებიც... მონასტერში ,  მონასტერში,  წადი  ოფელია! ...

დამიკიდა...

თუმცა პირველმა მე დავიკიდე...ეს ისე, „ვ ჟიზნი“, როგორც იტყოდა გარინჩა. ...დუმილი... არა,  პაუზა... აი ზუსტად ჩეხოვის ის კლასიკური პაუზა... მსუყე და დატვირთული ქვეტექსტებით... ამ პაუზით ზუსტად ის თოფი გავარდა , პირველივე აქტში რო კედელზე ეკიდა, უფრო სწორედ ჩვენვე რომ ჩამოვკიდეთ...

. . .

ნატა ჩვენს ოფისში გავიცანი, ჩვეულებრივ რუტინულ შეხვედრაზე ,  ერთ-ერთი  მორიგი „ივენთის“ შეკვეთაზე მოვიდა... ჯერ მარტომ დამირეკა, მერე ორნი მოვიდნენ -ის და ტატა... ხმა სასაიმოვნო ჰქონდა და ტელეფონზე საუბრისას, გავიფიქრე, რომ შეკვეთას თუ ვერ დავითრევდი, ქალს მაინც არ გავმაზავდი... მერე როცა მოვიდა ოფისში, ერთი ნახვით ცოტა გახუნდა სატელეფონო საუბრის მოლოდინები, მაგრამ დაღლილობასა და დეპრესიას დავაბრალე და თავი დავირწმუნე, რომ პირველად ჩემს არცთუ ძალიან სათავგადასავლო მაჩო-პრაქტიკაში გამეჩითა ცხოვრების ნაშა და ამ მიმართულებით მეტად უნდა „მედვიჟენია“ ... მართალია, თავიდან ტატა უფრო ლამაზი მეჩვენა, თუმცა ეს მხოლოდ პირველი და მაცდური შთაბეჭდილება აღმოჩნდა , თუ დააკვირდებოდა კაცი, ეგრე მიხვდებდა, რო ნატა უფრო კაი ტიპშა იყო-უფრო კლასიკური სილამაზის , აი მოდიდან რომ არადროს გადადის და გარეგნული ნიშნებითა და ხასიათის დეტალებით საყვარელი წიგნების ქალ პერსონაჟებს გაგონებს , ცოტ-ცოტა ყველას და თან არავის  ... ტატას კი მეტად მოვლილი და ზმანზე ორიენტირებული  საბედისწერო იმიჯის მქონე ავაზის პრეტენზია ჰქონდა ... ნატა-ტატა...ტატა-ნატა... ვითომ ერთ ასოშია სხვაობა? -ტატას თავიდანვე დიდი ინტერესი არც გამოუჩენია ჩემი პერსონის მიმართ და ნატა-ტატას დილემა ჩანასახშივე მოკვდა ... ნატას აშკარად ვევასე.. როცა „ივენთის“ შეკვეთის დეტალებზე ვსაუბრობდით, რამდენჯერმე თვალი თვალში გამიყარა და საკუთარი მზერა ჩემს თვალებში სამუდამოდ ჩატოვა  ანუ ქალური ენერგეტიკის უჩინარი ველის ელექტრომაგნეტიზმის იმ უხილავ ბადეში გამაბა, რასაც მეცნიერ-„ლავსთოროლოგები“ „ ქიმიას“ უწოდებენ და  ექსკლუზიური ფორმულაც კი გამოჰყავთ ... ნატამ , როგორც  არქაულ ამორძალთა და კოლხ მედეას ღირსეულმა მემკვიდრემ და მენდელეევის ტაბულის ჭეშმარიტმა მცოდნემ ამ ქიმიის მაცდურ ელემენტთა მთელი სისტემა  მოიხმო მიუხედავად ჯგუფისა და ვალენტობისა, და რაღაც ჯადო-თილისმით ისე მომნუსხა , ვიზიტის მთელი დარჩენილი დროის  განმავლობაში თვალი ვეღარ მოვწყვიტე, თუმცა  არც მე დავუხვდი ჯაბანი...ზედიზედ  რამდენიმე  სექსო-თერმო-დინამიკის ქვეტექსტით გაჯერებული ქათინაური ვტყორცნე და მივხვდი, რო რამე, -ბანალური ფრაზა „ამ საღამოს რას აკეთებ“ უპასუხოდ არ დამრჩებოდა ...ჩვენმა საქმიანმა  საუბარმა თითქმის საათზე მეტი გასტანა ... ტატა თავიდან მშვიდად, მე ვიტყოდი გულგრილადაც კი უსმენდა დაქალს, მაგრამ ბოლოსკენ რომ მივუახლოვდით კულმინაციას , ნელ-ნელა აწრიალდა , შერონ სტოუნის ფეხი ფეხზე გადადებული უდარდელი პოზა შეიცვალა და ახლა ნიკაპით მომუჭულ მარცხენას დაეყრდნო... აშკარად რაღაც აწუხებდა ... „პრომოგოგოები“  შუშის თეჯირის მეორე მხარეს კისკისებდნენ, რიგრიგობით მემანჭებოდნენ და  აწეული ცერით მანიშნებდნენ  ტატაზე-მაგარი შხვართია და ხელიდან არ გაუშვაო, სანამ ეს შხვართი არ წამოდგა , ერთ-ერთს არ მიუახლოვდა და საპირფარეშოს ადგილმდებარეობა არ ჰკითხა... რა ვიზამთ, საბედისწერო ავაზები და შხვართებიც ჩვეულებრივი მოკვდავნი არიან და შარდის ბუშტის ჭირვეულობა მათაც უქმნის დისკომფორტს, როგორც დეიდა რიმზი მარიგებს, საცოლის შერჩევისას უნდა მახსოვდეს, რომ „Красивые женщины также пукают, как уродины!“ ოღონდ რატომ ამბობს ამას დეიდა რიმზი რუსულად, დღემდე ამოუხსნელ ორუცნობიან განტოლებად რჩება ჩემთვის ...  ანუკამ სიცილი ვერ შეიკავა და ტატას რომ არ შეემჩნია, საჩვენებელი თითი იტაკა მარცხენა თვალში, ვითომ ტუშის ნამცეცი ჩაუვარდა , თან  ტუალეტისაკენ მიუძღვოდა, თან ეცინებოდა, თან ვითომ თვალის ამოსუფთავებას ცდილობდა... მოკლედ, დაიტანჯა... ნატა თვალს არ მაცილებდა და იღიმოდა... უკვე აღარც მალავდა, რომ მოვეწონე და მზად იყო ნებისმიერი შეთავზება მიეღო მისთვის თითქმის უცნობი ახალგაზრდა მომეტროსექსუალო იმიჯის მამაკაცისაგან, რომელსაც, კაცმა არ იცის, რა ზრახვები უფორიაქებდა სულსა და განსაკუთრებით სხეულის  წელსქვედა ნაწილებს, რომელთა ვნებათაღელვებს ბიძია ზიგმუნდმა ლიბიდო შეარქვა ...საინტერესო ჟღერადობის სიტყვაა ეს ლიბიდო... ერთი უნდა „დავსერჩო“-სადაური წარმოშობისაა... ლათინური ყოფილა... ქართულზე მაგრად მიდის... ლიბიდო-დაბიდო-დუბიდი-და!  შენ ლიბიდო თქვი და,  სანამ დავემშვიდობებოდით, სავიზიტო ბარათები გავცვალეთ და ფაქტობრივად, უსიტყვოდ მოვაწერეთ ხელი ურთიერთკაპიტულაციას - ნატა მიხვდა, რომ აუცილებლად დავურეკავდი ყოველგვარი საქმიანი ურთიერთობის გარეშეც და მეც მივხვდი, რომ ეს უცნობი ქალი ერთი სატელეფონო საუბრითა და ერთი ვიზიტით ისე შევაბი, ჩვენი გზები არათუ გადაიკვეთებოდა, ქრესტომათიულ ლიტერტურაშიც  შევიდოდა როგორც ქალისა და მამაკაცის ურთიერთობათა ფსიქოლოგიური ტესტის სავარაუდო პასუხთაგანი სახელმძღვანელოდან : „რა სურთ კაცებს“ ან   „ქალის შებმის რეცეპტთა 50  ელფერი“... ტატა დაბრუნდა შარდის ბუშტდაცლილი, უწინდებურად ავაზურად  თავისუფალი და ლაღი, ნატას რაღაც გადაულაპარაკა და შეიძლება ითქვას არც კი დამემშვიდობა, უბრალოდ მზერით მანიშნა, რომ ვიზიტისათვის მეტი დრო აღარ ჰქონდა და თეძოების უმნიშვნელოდ დაღლილი  და მსუბუქი რხევით ისე გადაჭრა დერეფანი, ჩვენი ოფისის სრულიად სამამრეთის სული და გული გაიყოლა და ოფისში მაკოს ელექროსიგარეტის ნესვის არომატი საყოველთაო ლიბიდოს სურნელმა ჩაანაცვლა... აბა რა გეგონათ? -მარტო ქალის სურნელია ბუნებაში ? „ადამიანის სუნი მცემს!“ -გამახსენდა ზღაპარი მზეთუნახავზე, მამაც რაინდსა და დევის დედაზე ..  „დედავ, რამან დაგაბერა?!“ -მხედავდეს ეხლა ანეტა?!    ნატაც დამემშვიდობა, ხელი რომ ჩამომართვა ,მომეჩვენა რომ წამით ხელი ჩემს ხელს ოდნავ ზედმეტად მოუჭირა, თითქოს ხელისგულის მხურვალება გაეზომოს... ან რა გაზომვა უნდოდა... ორივე ყური ისე მქონდა გაწითლებული და მიხურდა როგორც სიცხიანს... ხომ ამბობენ, ყურები რომ გიწითლდება და გიხურს, ესე იგი,  ვიღაც მაგრად გჭორავსო... არც უამისობა იყო... ჩვენი „პრომოგოგოები“ კი ტრაკქარიანები გვყვანან, მაგრამ ისეც არა, სხვისი ფლირტი შეუმჩნეველი დარჩეთ , ასე რომ ჭორის მანქანა უკვე დაქოქილიყო და საწვავს  უხვად აწვდიდა ჩემი ვნებების ინდიკატორს - ყურებს, რომლებიც მთელი ცხოვრება იმავდროულად ყველაზე  გამყიდველები  იყვნენ და აბსოლუტურად უსირცხვილოდ ამხელდნენ მათი პატრონის შინაგან სულიერ თუ ფიზიკურ მდგომარეობას, მით უფრო ექსტრემალურ სიტუაციებში ...

. . .

ჩემი და ნატას  ხანმოკლე მაგრამ უცნაური რომანი ოფისში დაიწყო და ელვის უსწრაფესად განვითარდა : დარეკვით, მეორე საღამოს დავურეკე, პირველივე  ჯერზე ხომ არ ვებრდღვნებოდი  ქაჯურად, აი ქალის უნახავებს რომ ემართებათ ან სიყვარულში  ხელმოცარულებს,  გამიჭირდა, მაგრამ თავი ხელში ავიყვანე და სტოიკური პედანტურობით  გავათრიე დროის 32 საათიანი მონაკვეთი. სანამ დავრეკავდი, მეტი სითამამისათვის ცეცხლოვანის ორმაგი დოზა მივიღე და  რიტმში ავკენკე  მარტივად დასამახსოვრებელი ტელეფონის ნომერი ... ეტყობა მშიერ კუჭზე მეტი მომივიდა  და სანამ ნატას სავიზიტო ბარათი მოვძებნე და ტელეფონის ნომერი ავკრიფე, ვიგრძენი როგორ ჩამეღვარა სითბო ჯერ კუჭში და მერე იქიდან სისხლძარღვებში გადაინაცვლა, მზის სხივებივით მოეფინა მთელს სხეულს და მსუბუქ უწონადობაში  შემიძღვა... კარგი იყო...სასმელმა მეტი თავდაჯერებულობა შემძინა, ან რა არის  საუხერხულო? ახალგაზრდა საკმაოდ სიმპათიური მამკაცური ხმის მქონე  საინტერესო მოინტელექტუალო ტიპი ურეკავს ახალგაზრდა საინტერესო ქალს, რომელიც მოსწონს და მეტი სიახ-„ლოვე“  სურს განიცადოს მასთან -განა ეს არანორმალურია? -რა ბანძი  სიტუაციაა?

-„კინოფილმის პერსონაჟი ხარ შეჩემა?“ -ჩამესმის  კეშას საყვარელი ფრაზა...

-  „ მე ვერ გეტყვი, რომ მიყვარხარ...რომ ფიქრი ხარ ჩემი,... მუდამ ჩვენთან რომ არ იყოს ...  მაგთი-ჯი-ეს-ემი!“ - ამღერდა აბონენტი  - მელოდიამ ისე დამაბნია , ერთბაშად  გამომნელდა ცეცხლოვანისაგან  მიღებული დოპინგი... მეკაიფება?!  ... ტელეფონი გავთიშე და ხელახლა ვცადე დაკავშირება...ადრესატმა ისევ სიმღერით მიპასუხა ...   „თქვენი ზარი ახლობელთან დასრულებულია! გმადლობთ, რომ სარგებლობთ ჩცვენი მომსახურებით!“  ალბათ უფრო გავბრაზდი საკუთარ თავზე , რომ გოიმივით ავვარდი და პირველივე შეხვედრაზე ქალის გადმოგდებულ ანკესს წამოვეგე, ან უბრალოდ შემეშინდა ,როცა წარმოვიდგინე , რომ ნატა ნახავადა შესულ ზარს და ასიანი გადაამოწმებდა ნომრის მფლობელის ვინაობას... მეც ვუპასუხებდი და მერე რა?  რა უნდა მეთქვა - მე გირეკავდი იმიტომ, რომ ეს ბოლო  32 საათი სუ შენზე ფიქრში გავატარე და ერთი სული მქონდა დამერეკა და ეს მეთქვა-თქო? მეთქვა-თქო- რა დურაკული „აბაროტია!“  თუმცა მე ვის გოიმობაზე და დურაკობაზე ვაჯაზებ, ამხელა ოყლაყს არიფივით მაჭამეს ... მეორეს მხრივ , ხომ შეიძლება უბრალოდ, საქმეზე დამერეკა : ერთი წუთით დავუშვი, რომ ნატას ნაცვლად სხვა ქალი მოვიდა და „ივენთი“ შემიკვეთა როგორც სხვა დროს და სხვა სიტუციაში  არაერთხელ მომხდარა... რა ?- არ დავრეკავდი და არ დავაზუსტებინებდი დეტალებს? -ამდენს ვიწვალებდი და ვიფიქრებდი?

-არავითარ შემთხვევში -სადა ბანაობ? -როგორც იტყოდა გარინჩა ... ხელმეორედ დავრეკე და სანამ ზარის გასვლას ველოდებოდი, სასმელით დაბინდული გონებით  სწრაფად დავალაგე აზრები ...დათო ევგენიძის სიმღერა ლამის ზეპირად დავიხსომე ...მესამე ზარზე მიპასუხა ნამძინარევი ხმით და მომეჩვენა, რომ უფრო თამაშობდა ახლადგამოღვიძებულს, რადგან ასე იოლია უპასუხო ყველაზე უადგილო, მოულოდნელ და უხერხულ კითხვას ...

-მირეკავდი?- ხმა კვლავ სასიამოვნოდ ჩამეღვარა და ისევ იმ პირველი საუბრით მოგვრილი ინტერესი დამიბრუნდა...

-გირეკავდი...რა სასიამოვნო ზუმერი აქვს შენს ტელეფონს...იმდენად სასიამოვნო, რომ აღარ ვიცი, რა მირჩევნია, სწრაფად მიპასუხო თუ დამიგვიანო პასუხი ...

- მადლობთ კომპლიმენტისათვის... მაგის სათქმელად მირეკავდი?

-არამხოლოდ...

-აბა რამე დაგვავიწყდა ივენთის დეტალებიდან?

-არა, არაფერი...

-აბა?

-მომენატრე!

-მართლა?

-არა, ძალიან მომენატრე!

-ეგ შებმის ახალი „სთაილია“?

- შენ როგორ ფიქრობ?

-ალბათ უფრო „ივენთმენეჯმენტის“  სტრატეგიის ნაწილია...

- არც უმაგისობაა!

- სიამოვნებით მოვისმენ ...

- ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობსო , ნათქვამია...

- ანუ...

- შევხვდეთ  და აგიხსნი...

- წერილობით მირჩევნია, მე მხედველობითი მეხსიერება მაქვს...

- მეც მაგას გთავაზობ...

- მაშინ სად და როდის...

- რვაზე გამოგივლი და მოვიფიქროთ რამე...

- და სად გამომივლი, რომ არ იცი ჩემი მისამართი ?!...

- მითხარი და მეცოდინება...

- იქნებ ქმარი მყავს... ან საყვარელი...ან საქმრო ...ეჭვიანი , ველური მავრი...ან სულაც   შავი  გაგების ძველი ბიჭი   მურტალო...

- ასე ერთფეროვნად და პრიმიტიულად რატომ?

- სხვა გზას არ მიტოვებ...

- რა გზას?

- თავიდან მოშორების...

- და გინდა, რო მომიშორო?

- შენ როგორ ფიქრობ?

- ასე რომ მეფიქრა, არც დავრეკავდი ...

- და ბევრი იფიქრე?

- მთელი 32 საათი, 15 წუთი და 56 წამი...არა, მოგატყუე, 7 წამით ნაკლები...

- საინტერესოა!...

- რა არის საინტერესო?

- ის, რომ გარანტირებული შეხვედრის შედეგის მოლოდინით რეკავდი ...

- შედეგის მოლოდინი თუ არ გაქვს , არც დაიწყებ ...

- ანუ შენ დაიწყე...

- უკვე მთელი 42 საათია... რატომ გაჩუმდი?

- ვფიქრობ...

- რას ფიქრობ?

- ღირს თუ არა  დაწყება...

- დაწყება ყოველთვის ღირს...

- ეგეც „ივენთ-მენეჯმენტის“ ნაწილია?

- არა, ეს ცხოვრებაა!

- აააა, ვფილოსოფოსობთ კიდეც?! „თუ არ გინდა რომ რამე დამთავრდეს, არც უნდა დაიწყო...“ როგორ მიყვარს ეს ფილმი სოფი მარსოთი ...

- ცოტა გავხარ სოფი მარსოს ...

- სხვებსაც უთქვამთ ...

- და შენც გიხრია?...

- ყოველ შემთხვევაში არ მწყინს...

- არც მე ...

- რა შენ?

- არ მწყინს რომ მე არ ვარ ამ ფაქტის პირველაღმომჩენი ...   რა გაცინებს?

- პირველად ვესაუბრები ბიჭს ამდენი ხნის განმავლობაში ტელეფონზე?

- გინდა დამაჯერო, რომ ტელეფონზე დიდხანს არ გისაუბრია ბიჭთან?

- არასოდეს...

- არც ბავშვობაში?

- არასოდეს.. მძულს ტელეფონზე დიდხანს საუბარი...

-  ანუ ლიმიტირებული სიტყვების მარაგი დიდიხანია ამოვწურე?

- ასე გამოდის ...

- და კარგი საქციელისათვის ბონუსებიც დავიმსახურე  ...

- დაახლოვებით...

- დიდი მადლობა!

- რისთვის?

- რა ვიცი, ყველაფრისთვის, რომ მისმენ...მპასუხობ... გულწრფელობისთვის... აუცილებელი  სიტყვების ლიმიტის გაზრდისათვის ...თვალებისათვის?

- თვალები რა შუაშია?

- მიყვარს ქალი, რომ ასე მიყურებს...

- როგორ?

- შენ რომ მიყურებდი ჩვენთან ოფისში ...

- როგორ გიყურებდი?

- ისე როგორც არასდროს არავის შემოუხედავს ...

- ცრუობ..

- არ ვცრუობ...

- ცრუობ და ორიგინალობ...

- ორიგინალობა ჩემი საქმიანობის აუცილებელი ატრიბუტია , ასე ვთქვათ, პროექტის შემადგენელი კომპონენტი...

- აააა, ესე იგი  მე პროექტის  კომპონენტი  ვარ?

-  გამოიცანი...

- არც შენ უნდა უჩიოდე  გულწრფელობის დეფიციტს.. და რა ჰქვია პროექტს ?

- ერთი ნახვით დაბმა...

- ეგ რაღაც ახალია...

- რა პონტში ...

- ერთი ნახვით სიყვარულის პონტში ...

- რო გითხრა, მართლა შემიყვარდი,  დამიჯერებ?

- არა ...

-აბა რას მერჩი ?

- არაფერს ...

- მაშინ შევხვდეთ...

- მერე...

- მოვიფიქრებთ რამეს ...

-ოკ, „რამე“, რვისთვის გამომიარე  და ..

- და...

- ვნახოთ...

„რამემ“ მთელი წელიწადი და ოთხი  თვე გაქაჩა ..  500-ზე მეტი  დღე არც ბევრია და არც ცოტა... ყოველ შემთხვევაში, საკმარისია იმაში გასარკვევად , ღირდა თუ არა დაწყება ...

თუმცა არ ვნანობ... ჩვენი ამბავი ადრე თუ გვიან დამთავრდებოდა და რაც მალე, მით უკეთესი  ორვესათვის ... ქალი ქალია... მით უფრო , როცა მთავრდება... რაც არ უნდა ახარებდეს, ან აწყობდეს დასასრული , მაინც სადღაც, გულის სიღრმეში, უტყდება, რომ  მრავალწერტილი წერტილმა ჩაანცვლა თანაც ყოველგვარი სინანულისა და სენტიმენტის გარეშე ... ქალს მუდამ სიამოვნებს ყურადღება და სითბო, თუნდაც „უიმედოდ უპასუხო ვარიანტების“  მხრიდან და რაც უფრო ჭკვიანია ქალი, მით უფრო მწვავედ და მტკივნეულად განიცდის თუნდაც სულ ყველაზე არასასურველი თაყვანისმცემელის დაკარგვას ... ნატა კი ნამდვილად ჭკვიანი ქალია ... ესე იოლად აიბარგო მისი ცხოვრებიდან ,  სადა ყოფილა?!...

„ზა ვსიო ნადო პლატიც!“ - თავისთვის ოხრავს ყოველ ჯერზე ოლიმპიადა,  ოთახს რომ ალაგებს  მშვიდი და მონოტონური ბუტბუტით...  და მე ვგრძნობ , როგორ ვიძაბები ნატას თითოეულ სატელეფონო ზარზე , მესიჯზე, საფოსტო გზავნილზე ... ორივემ ვიცით რომ ჩვენ შორის ქიმია დასრულდა და ჩვევად გარდაიქმნა... ჩვეულება კი მხოლოდ მაშინაა რჯულზე უმტკიცესი, როცა საქმე სიყვარულს არ ეხება...            სიყვარული , როგორც ასეთი, კლასიკური გაგებით არც ყოფილა ... ორ კვირაში ერთხელ კაფეში ან რესტორანში  სუშის და  კიევური კოტლეტის ან „ ოჯახურის“ ერთად მირთმევა და ზედ ყავისა და ტერამისუს დაყოლება  დესრტად  საქმეში არ ითვლება... ჩვენ უფრო ვზვერავდით ერთმანეთს , როგორც ორი მოწინააღმეგე ბანაკის საიდუმლო აგენტი , რომელმაც იცის, რომ  ტყვია დასწრებაზეა... ის ტყვია, ცხოვრების პირველ  აქტში კედელზე დაკიდებული თოფიდან რომ მეოთხეში აუცილებლად უნდა გავარდეს ... თავისთავად გავარდნილი ტყვია კი , როგორც წესი, უმისმართოა და რიკოშეტით უდანაშაულოს უკეთეს შემთხვევაში სერიოზულ ჭრილობას აყენებს, თუ არ კლავს საერთოდ...

. . .

...ჯეფი, ჯიმიკო და კეშა სალაშქროდ ემზადებიან... ჯეფის ატეხილი ბაზარია, თორე ჯიმიკოს ერთ კაი მამა-პაპურ ძილს „შაბათ-კვირებზე“ არაფერი ურჩვენია, კეშა კიდე უფრო ხათრიანია,ვიდრე თავგადასვლების მაძიებელი... მეც მთავაზობენ , მაწონებენ, მექაჩებიან , აქაოდა, მაგრად გავერთობითო... მე კიდე, ჯერ ერთი, დედაჩემს შევპირდი მამაჩემისა და ბიძაჩემების საფლავზე გასვლას წინასააღდგომო დასუფთავების აქციით და თან ნატაც მელოდება, როდის წავალთ „მთვრალ ალუბალზე“... ამ „მთვრალი ალუბალს“ აქებენ, მაგარი საღადაო პექტაკლი ყოფილა და თურმე ბილეთს ვერ იშოვი, თუ მთელი ორი თვით ადრე არ დაჯავშნე... ჰოდა, დაუჯავშნავს მთელი ორი თვით ადრე  ორი ბილეთი ნატას და ეხლა მრცხვენია, რომ გავაწბილო... ვიცი, არ შეიმჩნევს, მაგრამ არც მაპატიებს...

-კაროჩე, ვერ წამოვალ და უნდა ამ ჯერზე შემინდოთ და მაპატიოთ, „როგორც  ძმამ და მეგობარმა“!

-შენს ადგილას დავფიქრდებოდი -დრო 24 საათი! - ჩატში მიგდებს გზავნილს კეშა - ვერ წამოვალ, პონტია!-ვამბობ და ნატას ნომერს ვკრეფ...

„მე ვერ გეტყვი რომ მიყვარხარ...“-ისმის ნაცნობი ზუმერი და  მთელი თხუთმეტი წუთით ნატას სამყაროში ვიძირები  ... ნატა ხალისიანია, ენერგიულად პასუხობს ჩემს კითხვებს და უხარია, რომ შაბათს როგორც იქნა „მთვრალ ალუბალს“ ვნახავთ ანუ საღამოს ერთად ვიქნებით  ...მიყვარს ნატასთან საუბარი...რაღაცნაირი ენერგია და სინათლე მოაქვს... როგორც წესი, როცა ტელეფონზე ვსაუბრობთ, მუდამ სიცილით მეპასუხება, და როცა იცინის , მგონია რომ გამჭვირვალე მინის ჭურჭლიდან კამკამა წყალი მესხმება სახეზე, მხრებზე, გულ-მკერდზე და მეც იმ მინის ჭურჭელივით გამჭვირვალე ვხდები, ასეთსავე მჭვირვალ ეთერში წყლის წვეთებივით ვორთქლდები და ჰაერში ავდივარ, რომ სამუდამოდ შევერწყა მარადისობას...

-მაშ, მორიგ ჩართვამდე  ...-  ვერ მელევა ნატა...

-შაბათამდე -ვპასუხობ მოულოდნელი სიხისტით...

ნატა გრძნობს ,რომ ამოწურა ლიმიტირებული სიტყვების მარაგი და ახლა უკვე საბოლოოდ მემშვიდობება...

-არ მეთმობი, მაგრამ რას ვიზამთ ...მადლობა!

- რისთვის ?

- დროს რომ მჩუქნი...

- კაი ერთი, ხომ იცი რა დღეშიც ვარ!...

- ვიცი- ყველაზე ძვირფასი საჩუქარი, რაც შეგიძლია ვინმეს აჩუქო , დროა, შენ გასცემ იმას , რასაც ვერასოდეს ვერ დააბრუნებ...

-დროის დაბრუნება გინდა? თუ გინდა დაგიბრუნებ ?

-ეგ არ მითქვამს...

- მივხვდი...ვიხუმრე...  დროებით!

- დანარჩენს მოგწერ... მე ხომ კლავიატურის ლომი ვარ!

- უფრო ვირტუალის!

- წავედი... ჩემს სულთამხუთავებს მივხედო!...

ნატას სულთამხუთავები მედიკამენტების სადისტრიბუციო კომპანიების ჰოლდინგია... მეორე  წელია,  რაც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აიყვანეს გასაუბრებით და ამაყია, რადგან როგორც თავად მიამბო, ამ ვაკანსიაზე უკვე მეშვიდედ  გამოცხადეს კონკურსი, რადგან წინა  ექვსი თანამშრომლიდან ყველაზე მეტ ხანს ერთმა შუახნის ქალმა გაძლო და ისიც , სულ რაღაც  სამთვენახევარი  ...პირველი  და მეოთხე ორსული აღმოჩნდა და მოუწრეს თუ არა ხელი შრომით ხელშეკრულებას, ეგრევე დამსახურებული დეკრეტული შვებულებები გაიფორმეს , მეორემ, მოვიდა თუ არა,  „ჯიემ“-ს დაუწყო ფლირტი  და ტკბილად და „დობრად“ მოუყომარეს,   მესამე დატვირთულ სამუშაო გრაფიკს ვერ შეეგუა და თავად წავიდა, მეხუთე გათხოვდა და ქმარს გერმანიაში გაჰყვა საცხოვრებლად, მეექვსე...მოკლედ, რა!

- მეშვიდე და სამართალი ...-იცინის ნატა...- შვიდიანი  ჩემი კარმული ციფრია...

- შენ გიყვარს ხო ეზოთერიკა და ამბავი?

- უფრო ცნობისმოყვარე ვარ...

- და გჯერა?

- რა?

- რასაც ვარსკვლავები და ციური ძალები წინასწარმეტყველებენ?  აი, მაგალითად, სავსემთვარეობა როა და გეუბნებიან : დღეს მთვარე შედის ეტლის თანავასკვლავედში, დღე მშვიდად განვლეთ, ნუ დაიღლებით ფიზიკურად და ემოციურად... დღეს არ ვარგა ახალი საქმეების დაწყება... მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, პოზიტიურად განეწყვეთ და გულს ნუ ატკენთ საყვარელ ადამიანს... -ვცდილობ ხმის მონოტონური და მანერული ინტონაციით მიშა ცაგარელს დავემსგავსო...

ნატას ეს ართობს და ეცინება :

- შენ არ გჯერა?

- იცი რა, რამდენჯერმე ყურადღებით წავიკითხე ეს სხვადასხვა ჰოროსკოპი,  თანაც ყველა ზოდიაქოს დახასიათება და მივხვდი, რომ ადამინის ბუნება ცოტ-ცოტა ყველა თვისებას ითავსებს, ასე რომ ჩემში ცოტა ლომია, ცოტა ქალწული, ცოტა თევზები და ასე შემდეგ...

- ანუ არ ცნობ კარმას?

- კარმას კი არა, ზოგჯერ ისე ვარ,  საკუთარ თავსაც არ ვცნობ მგონია...

- მასე მეც არ ვიცი ხვალ რას გავაკეთებ , მაგრამ მჯერა, რომ რაც არ  უნდა მოხდეს, შემთხვევით მაინც არაფერი ხდება...

- ანუ...

- ანუ ის, რომ მე და შენი შეხვედრა იქ სადღაც დაიწერა...

- არის ამაში რაღაც სექსულაურად მისტიური...თუმცა მე უფრო პრაგმატულად ვხედავ ამბებს , ამიტომ ვერ გავიზიარებ შენს რომანტიზმს და მარტივად გეტყვი: პეპლის ეფექტი მუშაობს...

- რაღაც წამიკითხავს ამის შესახებ მაგრამ ახლა ვერ ვიხსენებ., თუმცა შენი მჯერა...

- ახლა ძალიანაც ნუ დამიჯერებ! - ხომ იცი, კაცებს გვიყვარს ჩაკირკიტება და კონკრეტიკა..პეპლის ეფექტის მასალას კი, როგორც მოვიცლი, გადმოგიგზავნი ...

- კაცების  ფსიქოტიპები და მათი ამბები კარგად  ვიცი და წამიკითხავს...

-და მიღებულ თეორიულ ცოდნას ნაყოფიერად ნერგავ პრაქტიკაში ...

-ოხ ,როგორ მაშაყირებ, მაგრამ გადავიტან როგორმე...

- შენთან არიან!- ლევანჩო ღია კარში დგას და ანგარიშს მაბარებს, რომ  საქმეზე უნდა გავიდეს გამომცემლობაში და მერე შეიძლება შესვენებაც გადააბას , საღამოს „ივენთზე“ უნდა გავარდეს ,და საერთოდ, დღეს მძიმე დღეა აქვს , რადგან ორშაბათია და „პახოდუ“ დილიდან შავმა კატამ გადაურბინა...მე თავს ვუქნევ და ნატას ვემშვიდობები...

ლევანჩო სლვური გარეგნობის კლიენტ  გოგოს ოთახში მოუძღვება და სკამს სთავაზობს... საშინელი, აუტანელი, აბეზარი  მექალთანეა , თუმცა ყველას გეი ჰგონია საკუთარი ექსტავაგანტური „პრიჩოსა“ და ჩაცმის სტილის გამო... ლევანჩო ამას გრძნობს და კიდევ უფრო მეტად უმძაფრდება მამრის მონადირული ინსტიქტი და რეფლექსები  და მთელს სამყაროს დუელში იწვევს , რათა დაუმტკიცოს, რომ ცალ მხარეს აპარსული საფეთქელი , უკან გადავრცხნილი ლილსფრად მელირებული თმა და კვასკვასა წითელი კოჭისთვაზე  წამოკუცული ჯინსი არ ნიშნავს მამაკაცური პოტენციის ნაკლებობას და საკუთარი სქესისადმი ინტერესს, ამიტომ ყოველი კაბის და გრძელი თმის დანახვაზე ტანსაცმლიდან ვარდება და უგზო-უკვლოდ ტორღიალა „ბაბნიკის“ შთაბეჭდილებას ტოვებს... ახლაც ეჩქარებოდა, თორემ დარჩებოდა და ახალ მოსლავო  კლიენტს შებმას დაუწყებდა... ნატას მიმართ კი რატომღაც თავიდანვე ინდიფერენტიზმი გამოამჟღავნა და დღემდე ვერ ვხვდები მიზეზს.. ალბათ  ეგრევე თუ  შემეტყო, რომ პირველივე შეხვედრაზე ავვარდი და ისიც დიდსულოვნად  არ ჩამიხტა სიტუაციაში...

ნატას „კანიოკი“  წერაა... პატარა შანსსაც არ უშვებს ხელიდან , რომ რამე, თუნდაც სულ პატარა და უმნიშვნელო  არ მისწეროს ვისმეს, ან როგორ არ ეზარება?!

- ნაწერი ავტორზე საუკეთესო ინფორმაციას იძლევა , - ამბობს ნატა და ბოლომდე ვერ ამომიხსნია, ვის გულისხმობს ამ ფრაზაში: ჩემნაირ „ლავსთორფრენდს“, საქმიან პარტნიორს თუ ერთსაც და მეორესაც. ამიტომაც ჩვენი მიმოწერა ძალიან სასაცილოდ გამოიყურება , ერთხელ სახალისოდ, ტექსტი ჩამოვტვირთე, მცირე დიზაიანი მივეცი ,  შრიფტი ფერებში გადავიყვანე და ისეთი საინტერესო კონფიგურაციის ნახატი გამოვიდა, ყველა აბსტრაქციონისტი მიმიქარავს !- ჩემი საპასუხო შორისდებულებით ერთმანეთისაგან გამოყოფილი ნატას მონოლოგების ვრცელი ველ-მინდვრები, გაჭენებული და გამოჭენებული...

- იცი რა, რომ დაწერ, მერე იმას ვერც უარყოფ და ვერც წაშლი ...ნაწერი რჩება ფურცელზე, მეხსიერებაში, სულში ... მიყვარს წერა...

- მე მუდამ მეზარება...უფრო სწორად მიჭირს ამ კლავიატურაზე სირბილი ...

- ჰოდა, შესანიშნავია, ჰარმონიულად ვავსებთ ერთმანეთს -შენ წერა გეზარება, მე ტელეფონზე საუბარი მძულს ...

- ვინ გითხრა , რომ ტელეფონზით ლაპარაკზე ვგიჟდები...აბა ეგ მეზარება ,თუ მეზარება ...

- მე რომ მესაუბრები ხოლმე ?

- ჯერ ერთი შენ სხვა ხარ და თანაც შენც საკმარისად ეკონომიურად გებაზრები...

-აუცილებელი სიტყვების ლიმიტის ფარგლებში არა? -პროექტივით -200 სავალდებულო სიტყვა-არც მეტი -არც -ნაკლები!

- პრაგმატიზმი ჩემი სულის მდგომარეობაა...

- ნამეტანი არაფერი ვარგა ...

-მაგაში გეთანხმები!

- ძლივს...

- ჰოდა, რაკი სრული სიამტკბილობა და გოზინაყის კეთება გვაქვს, ანუ გეთანხმები, ეხლა წავედი ჩემს „ ივენთებში“...თორემ ამაღამ ფეხბურთია და მანამდე ორი ფანდრაიზინგის დერეფანი  მაქვს შტურმით ასაღები ...

-მომავალ ჩართვამდე ...

ნატას უზარმაზარი ენერგია აქვს და ზღვა მოთმინება... მისთვის არ არსებობს ზღუდე , ბარიერი , სიტყვა „ვერ“ და „არ“ ამოღებული აქვს ლექსიკონიდან, მით უმეტეს, როცა  საქმე ჩემს სამყაროსთან პერსონალურ კონტაქტს ეხება...თან ამას არც მალავს, ღიად ირჩევს თამაშის წესებს და მე ეს თან  მსიამოვნებს , თან მძაბავს , რადგან , ვგრძნობ ეს იდილია დიდხანს ვერ გაქაჩავს... ცალ კარში პენლების მიღება, არც თუ ისე სასაიმოვნოა და სასარგებლო ...

ჯანოს 100 დოლარი ვესესხე და ისე რომ დიდად არც მიფიქრია ,ვგლიჯე და „იუვეზე“ დავდე...

-გაასხამენ, ბრატ!-გარინჩამ მგონი მართლა დაიჯერა გარინჩობა და ჯამლეტ ხუხაშვილის დაყენებული ტემბრალური ბარიტონით სიფათზე მაფარებს საკუთარ მომაკვდინებელ პროგნოზს...

-ნაგლია რა! -არბილებს განწყობის პანორამულ  სიმძიმეს ზაურა ...

-კიდე მე ვარ ნაგლი? - ქირქილებს გარინჩა - წინა კვირას მე ჩავიჯვი თუ მაგათ?

- რა ვქნა, ძმაო, მევასება ეს იტალიური „ფუტბოლი“ და შემეცი თუ გინდა!

- შენი საქმისა შენ იცი, ფაიზაღი გაასხამენ , მე მითქვამს !...

-ყველამ თავის „ადინ-იქსს“  მოუაროს !- სამშვიდობო  მანდილს აგდებს ზაურა და ბოლომდე დაცლილ ლუდის ქილას ურნაში  გამოცდილი კალათბურთელივით უმიზნებს,...

- გამომივიდა რა ესეც ჯორდანო...- არ უსვენებს გარინჩა და პირველ ჩვენებას აწვება...

-ჯორდანო  იყო ბრუნო და ეგ არი ჯორდანი, გაიგე ბიჭო?!- ზაურა ესვრის და ათიანში არტყამს : ლუდის ცარიელი ქილა  ხათქუნით აწყდება  პლასტმასის  ურნის ტურტლიან კედლებს და მართლაც ჯორდანის საჯარიმოსავით ვარდება რბილად და უმტკივნეულოდ , დაცემის ხმა აღარ გვესმის, რადგან ურნა სანახევროდ ნაგვის  პარკებითაა ავსებული და  მცლელს დილიდან ელის...

-გარინჩა უკმაყოფილოა... იქ ჯორდანის სახელი შეუსწორეს, აქ - „ბრასოკი“ ათიანში გაუჭედეს...

- კაროჩე, ეხლა მე წავალ, ცოტა თუ არ წავუპლაცკარტე, ღამე „ფუტბოლს“ ვერ ვნახავ ...წუხელაც  გამათენებინა იმ შობელძაღლმა... არა  რა, ეგეთი ქალი, ძმაო, კაცი დავბერდი და არ მინახავს?!

-   ეგეთი რა ნახე, გარო? ზაურამ იცის , რომ გარინჩას ყველაზე მეტად ეს ზედმეტი სახელი ეჯავრება და განგებ ნერვებზე თამაშობს, მაგრამ , კაკ ნი სტრანნა“ , გარინჩა არ ჭამს და თავისას ბურღავს ...

- რისი ანჯელინა, რა სტოუნი ტო, ქალი არი ლილა ლოლობრიჯიტა !...

-ვინ ლილა ლოლობრიჯიტა?! რა ლილა ლოლობრიჯიტა? შენ ვერა ხარ ხო იცი !- ქალი მოგწონს  და სახელი ვერ დაგიმახსოვრებია სწორად... -  ეხლა  უკვე ზაურა გამოდის წყობიდან...

-მაშ ვინ?

-ვინ და ბრიჯიტ ბარდო!

მეცინება და პურის ცელოფნით სადარბაზოში ლიფტს ვუცდი  და ნატაზე ვფიქრობ ...

„იუვემ“ კი მართლა გაასხა !...

. . .

დილიდან მაგრად წვიმს და ისეთი ამინდია, ძაღლს კი არა, ვირთხასაც არ გააგდებენ კარში ... „პაგოდა“- მურტალი, განწყობა -„ნისტიაკ“ ... , - თითქოს ყურში ჩამესმის გარინჩას ღიღინი  ფანოღურ მოტივებზე ...ნატა მესამე დღეა არ ჩანს ცუკერას ავტონომიურ სივრცეში, სატელეფონო ზარებს არ პასუხობს,  არც მესიჯებს...ეტყობა სერიოზულად ეწყინა რაღაც..

დღემ ოფისში უაზროდ ჩაირა, ვერც იდეა გავჩითე, კლიენტიც გავმაზე და საერთოდაც,

ძველი სიუჟეტი „დილეითზე“ გავუშვი და ახალი დავიწყე , დედლაინამდე ოთხი დღეა , მოვასწრებ რაღაცას ...

„... გუშინ მობილური ვიპოვე ... მართლა, დედას ვფიცავარ , ნამდვილად ვიპოვე, არ ვიტყუები , აი ესე, ნისტავო, ნისჩევო , მოვდიოდი   ჩემთვის ბესპონტა და ვხედავ, ტაქსების გაჩერებასთან რაღაც , აი, დერმატინის ლაპატნიკივით რაღაც შავი და გვერდებგადაქექილი გდია, მივიხედ-მოვიხედე, მეთქი - ღადაობაა, აი რო ატელევიზორებენ ხოლმე და მერე სიცილებს რო ადებენ... ქარიანი ამინდია და ქუჩაც ცარიელია... იასნია, ვიღაც ან გადმოვიდა ტაქსიდან, ან ჯდებოდა და მაშინ ჩამოუვარდა... ვიხრები  და  მცირე პაუზის შემდეგ ვიღებ, მაინც  ვფრთხილობ: ლაპატნიკი შეიძლება ფულიანი იყოს და ფული კიდე შარია რა... ისე კაი მწვანეები არ მაწყენდა , ხო იცი!... ვშლი ხელის კანკალით  და, ვცდილობ, მაქსიმალურად  გავიხანგრძლივო მოულოდნელობის სიამოვნება... ჰოპ, მობილურია დერმატინის ყდიანი... სულ ახალთახალი „სამსუნგ გალაქსია“ , კარგ მდგომარეობაში... მეცოდება პატრონი... ვინ იცის როგორ სჭირდება, როგორ დარდობს, როგორ ეძებს, სენსორს თითით ვეხები... ამის პატრონს საცა ამის საყიდელი ფული ჰქონდა , კოდის დაყენებაც ეცოდინება და კოდის მოხსნა კიდე საჩალიჩო თემაა ... თუმცა ჩვენში უფულოებს უფრო მაგარი მობილურები უჭირავთ , ვიდრე ... „დაიხსომეთ, არადროს იყიდოთ სესხით ბოლო მოდელის ტელეფონი, ეს ყველაზე მცდარი ნაბიჯი იქნება, რადგან ეს მუდმივად განახლებადი და განვითარებადი სფეროა, სადაც ვერადროს დაეწევი ყველაზე მაგარ პროდუქტს !...“ ჩამესმის ჩემი მეზობლის ნუკრის დამრიგებლური სენტენცია, ნუკრი მაგარი მოზგია და ზოგადად, კაი ტიპია, ტრენერია, რომელიღაც კერძო კომპანიას ფლობს და youtube-ზე  სუ მაგის საუბრებია ატვირთული მენეჯმენტსა და სხვა მაგდაგვარ ამბებზე ...  აი, ბებიაჩემ ელენეს კი ეს ყოველივე სულაც არ მოუსმენია , თუმცა კომპიუტერი, გაჭირვებით ,მაგრამ მაინც  ჯიუტად ისწავლა  და ნახევარი წლის განმავლობაში სისხლი გაუშრო და ტვინი გაუბურღა მეზობლის თინეიჯერ შვილიშვილს აიტის დიდოსტატ შაკოს , რომელსაც ყოველი მომდევნო მეცადინეობის შემდეგ კაკაოთი და ნაპოლეონის მოზრდილი ნაჭრით უმასპინძლდებოდა ...   რადგან მიაჩნია რომ სწავლა სიბერემდეა და სანამ ადამიანს პირში სული უდგას და ჯანი და გონი ერჩის , მოვალეა ფეხი აუწყოს სიახლეებს , რომ არ ჩამორჩეს ცხოვრებას და უბრალოდ არ გააცუცურაკონ ...და მაინც „ნუ იყიდი რაც საჭირო არ არის, საჭიროს გაგაყიდინებს!„ -უერთდება ნუკრის პათოსს  ელენე მიხეილის ასული, რომელსაც სუ კიდია  youtube-ც, ნუკრის მენეჯმენტიც და დედამიწაზე არსებული ყველა მობილურიც , დღემდე ერთგულად უყვარს ივ მონტანი და  ალექსეი ბატალოვი და ვერ ეგუება თანამედროვე ტრენდებს  ... სამაგიეროდ, ციფრული ტელევიზიის გადახვევის რეჟიმი მაგრად დაამუღამა, რომ საყვარელ სერიალს როცა უნდა მაშინ უყუროს... მე გენაცვალე ვალიდასავით ვერ დავყრი ოჯახის წვრებს ღვთის ანაბარა და სადილ-სარეცხის ხარჯზე ვერ ვუყურებ ტელევიზორს... რა სისულელეა... მე მაშინ უნდა ვუყურო, როცა მე მცალია და მსიამოვნებს , თორემ ისე რა ფასი აქვს , მითხარი, თუ გიყვარდე!“

... აუუუ, ამ მობილურს ჩემთვის დავიტოვებ და ჩემსას გამონაცვალს ბებიაჩემს ვაჩუქებ ... პირველი აზრი, რაც თავში მომივიდა, რაღაც ამდაგვარ სურვილს შეიცავდა და თან აქტიურად ებრძოდა ტვინის რომელიღაცა ხვეულში გამკრთალ სინდისის იმპულსს, რომელიც ეჭვის თვალს აპარებდა და ნაპოვნი ნივთის პატრონისათვის  უპირობო დაბრუნების მოტივაციას აღვივებდა მინავლებული ბუხარივით ...

ამასობაში ტელეფონი ეკრანზე უცნაური და მოულოდნელი კადრი ამონათდა - სიძველისაგან  გაყვითლებული ფოტოა, ზედ ინდიელთა ბელადის მკაცრი პროფილია მთელი თავისი ეთნოგრაფიული იმპოზანტურობით და ფრაზა - სულში ცისარტყელა ვერ იქნება, თუ თვალს ცრემლი არ შეხებია ... ვაააა! - რას-რას და აი ამას ნაღდად არ ველოდი...

დილა ჩვეულებრივი საორშაბათო დაიწყო ... დილით ლექციები, მერე სემინარი და ერთი შუალედური წერა, მერე ფრანგული და სანამ ნიკოლოზა სამსახურს დაასრულებს, პატარა ფანჯარა მაქვს , ასე საათნახევრიანი წყვეტა დღის მონოტონურ და უინტერესო , ფერებიდან დაცლილ პანორამაში...“

_ ე, მე უნდა გავიდე და კონდიციონერი არ დაგრჩეს , - ლევანჩო ნარინჯისფერ საწვიმარში ეხვევა და აჩქარებით ტოვებს ოფისს, თან ტელეფონზე ვიღაც აბეზარ კლიენტს ახსნა-განმარტებებით  ცდილობს სიტყვა მოუგოს, მაგრამ აშკარაა ამაოდ... გაბრაზებული მთელი ძალით იჯახუნებს კარს და კარიც ზრიალით იხურება და ატორტმანებს საღამოს ბინდში გარინდებულ ოფისს, რომლის სიჩუმეს ოლიმპიადას მტვერსასრუტის ღუღუნი არღვევს ...მაგრამ მე არც ლევანჩოს ფრაზა მესმის და არც დამლაგებლის მტვერსასრუტის ხმა ..

ვზივარ მოციმციმე მონიტორთან და ვცდილობ გავაგრძელო ახლად დაწყებული სიუჟეტი ... ყურსასმენებიდან ჯონ კოლტრეინის „ I wish I know“ იღვრება და ისედაც აწეწილსა და არეულს, კიდევ უფრო მეტად მიბნევს თავგზას ინტელექტუალურ ლაბირინთებში...

კარში ნატა დგას -თავიდან ფეხებამდე სველი და უმწეო ... ნამტირალევია ...

 

 

 

ელფოსტაბეჭდვა