ჩაინა კონტრასტებიდან
ჩაინა კონტრასტებიდან
ჩაინა კონტრასტებიდან
02 მაისი, 2019 წ.

  1. 1. რატომ და საიდან?

ყოველი საათი სავსეა მოულოდნელობებით, ყოველი დღე ერთი დიდი, შორეული აღმოსავლური თავგადასავლის ნაწილია, ასე კი მივიწევ საით, ღმერთმა უწყის...

რთულია ფობიებით გაწამებული ახალგაზრდის ცხოვრება რომელსაც სიცოცხლის დაუოკებელი სიყვარული ჰკლავს. როგორია? ასე ორი რამ ერთად - „შიშები“ და „სიცოცხლის სიყვარული“, იქნებ ერთი და იგივე მონეტის ორი სხვადასხვა მხარეები არიან? ჩემი განწყობა ხან ისეთი მოწამლული და სასოწარკვეთილია, ხანდახან კი ისეთი ველური ჟინით აღტკინებული, ვულკანივით ცეცხლისმფრქვეველი. ყველაფერი ალბათ ბავშვობიდან მოდის, ყველაფერი აღზრდისას ჩაისახა, დედისა და მამისაგან, როგორც ორი ურთიერთსაპირისპირო მატერია – ცა და მიწა. ჩემი მშობლები ერთმანეთთან რადიკალურად დაპირისპირებულ ორ ბუნებას წარმოადგენდნენ, ამიტომაც, ხან მამაჩემის აფექტური და ფობიებით სავსე საათებით ვიტანჯები და მიდრეკილი ვარ თვითგვემისკენ, ხანაც მასავით ყველაფერი ფეხებზე მკიდია და შევხარი ჩიტების ჭიკჭიკს, ხანაც დედაჩემივით უმიზეზო მოწყენა, წარსულში დაბუდებული იმედგაცრუება მიწურავს ცხოვრების იმედს და ხანაც მასავით ავცქუმტდები, ლამაზად ვიღიმი და მიხარია მზიან ამინდში სეირნობა.

მე ახლა ამ ყველაფერს შორეულ ჩინეთში ვწერ, ჰეილონგიანგის პროვინციის ერთ მიყრუებულ, სამყაროს მოწყვეტილ ქალაქ იაგდაქში. ეს პროვინცია ცნობილია, როგორც ისტორიული მანჯურია. ამ რეგიონისთვის საუკუნეების განმავლობაში იბრძოდნენ ჩინელები და რუსები, ჩინელები და იაპონელები, იაპონელები და რუსები და ა.შ. იმპერიები იმპერიებს ენაცვლებოდნენ, საბოლოოდ კი აი შედეგიც – ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჰეილონგიანგის პროვინცია, მკაცრად დაქვემდებარებულ ჩინეთის კომუნისტურ პარტიას. პროვინცია ჩრდილოეთითაა, ჩემი ქალაქი – იაგდაქი კი ამ პროვინციის უკიდურეს ჩრდილოეთში, რუსეთის საზღვართან, ციმბირთან ახლოს. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ პირველი ქართველი ვარ ვინც კი ამ ქალაქში ოდესმე მოხვედრილა, პროფესიით გეოგრაფს, მუდამ მქონდა მიდრეკილება კოლუმბიზმისაკენ. თანამედროვე ტექნოლოგიების და მეფინგის[1] ფონზე კოლუმბიზმს მინიმალურად, მაგრამ მაინც ვახერხებ.

ახლა 7 აპრილია, დილაადრიანად მზე ამოვიდა და ცდილობს შეამსუბუქოს ჩრდილოური სიცივე, ღამით –7 გრადუსი იყო, დღისით კი 3 გრადუსს მივაღწიეთ, ნელ–ნელა თბება. წარმოვიდგენ, ახლა თბილისში როგორი ამინდია, მზე, გაზაფხულის სურნელი, ახალგამოღვიძებული ხეების სუნი, ცეცქენების[2], ყვავილების სურნელი ტრიალებს ქუჩებში, თან ერთვის ჩიტების ჭიკჭიკი, შაშვებისა და მერცხლების ჟრიამული, თბილისის უბნებში ახლა ისეთი სიცოცხლე ჩქეფს, ისეთი ხმაურია, და გოგოებიც რომ უკვე ხალვათად იცვამენ? ბავშვები ეზოებში ფეხბურთს თამაშობენ, ისმის ყვირილი და ალიაქოთი, მთელი სილამაზის კორიანტელია, სამხრეთული ალმურია ახლა ჩემს ქალაქში. იაგდაქში კი ჩიტები ჯერ არ მოფრენილან, არც ხეებს გამოუღიათ კვირტები, აქ ჯერ კიდევ მოჩანს ყინვისგან დამძიმებული სახურავები, თოვლი ძირითადად დადნა, მაგრამ სადღაც მიყრუებულ ადგილებში სადაც მზეს ჯერ ვერ მიუღწევია თოვლი გადაქცეულა ჭუჭყად და ტალახად, მოქალაქეები ამ ადგილებს არ ეკარებიან. გაზაფხულის დადგომას მხოლოდ მზით ვცნობ, მაგრამ არა სულიერი არ განიცდის ჯერ ამ ცვლილებას. ეს მზეც ისეთი მორიდებულია, მკრთალი, ჩვენებური თბილისური მზის სითავხედე მენატრება, მწვავე და ეფექტური.

და საიდან მოვხვდი ჩინეთში? რა მოხდა? რატომ ვარ მე აქ? „პაბეგში“[3] ვარ? თუ ფათერაკების მაძიებელი მორიგი ლუზერი[4] ვარ? ან საიდან დაიწყო ჩემი მოგზაურობა ჩინეთში? პირდაპირ საქართველოდან წამოვედი? ორივე კითხვის პასუხი ძალიან საინტერესოა, მზად ხარ მკითხველო? მაშ, დავიწყოთ.

თბილისში მეხუთე წელი იყო რაც საჯარო სამსახურში ვმუშაობდი, ყოველ დღე ერთი და იგივე მეორდებოდა შაბათ–კვირამდე, უქმეები კი როგორც წესი მეცოტავებოდა. ჯერ კიდევ ახალგაზრდამ, ჯერ ისევ სიცოცხლით სავსემ ჩემი ჯეელობის 5 წელი საოფისე ცხოვრებას შევწირე. რომ გადავხედავ ამ პერიოდს ისეთი სიცარიელის შეგრძნება მაქვს, თითქოს არაფერი არ ხდებოდა, თითქოს რობოტი ვიყავი და უაზრო დოკუმენტებში და კომპიუტერის ჩხაკუნში გაიარეს წლებმა. მე სარგებელი დიდი ვერაფერი ვნახე, აი, სახელმწიფომ და სამსახურმა კი დახვეწა მთელი რიგი სტრუქტურები, ჩემი და ჩემნაირი ახალგაზრდების წყალობით. თითქოს, მე ვეწირებოდი და სახელმწიფოს სახელით ვიღაც ღორებმა დაიკიდეს მედლები და გაიბღინძნენ უცხოელი სტუმრების წინაშე. მე და ჩემი კოლეგები კი ისევ ფარდის მიღმა აღმოვჩნდით, აი როგორც ორუელის გენიალურ „ცხოველების ფერმაშია“, ღორებმა თავისას მიაღწიეს პატიოსანი ცხოველების ხარჯზე. გენიალური ნაწარმოებია, დიდება „ცხოველების ფერმას“, ასე კარგად რომ აღწერა საუკუნის წინ ჩვენი საოფისე ცხოვრება.

გასული დეკემბრის მიწურულს ხმები გავრცელდა ხელფასს მოგვიმატებენო. ჩემი ხელფასი მიხვდებით ალბათ რა საცოდაობა იყო, მაშინ როცა საკუთარი ცხოვრების აწყობა გინდა, ოჯახის შექმნა გინდა, სახლის ყიდვა გინდა, უამრავი რამაა დამოუკიდებლად ცხოვრების დასაწყებად რომ გჭირდება, აღარ გინდა მუდამ მშობლებთან ერთად, მუდამ მათთან ერთად ცხოვრება, მათთამ ერთად შეყვარებულის ყოლა, მათთან ერთად ცოლის მოყვანა, მათთან ერთად შვილის გაჩენა, მათთან ერთად ცოლ–ქმრული ჩხუბი, ხომ გესმით არა? მთელი ეს გაჭირვებული “ოჯახი ოჯახში”. ჰოდა, იმას ვამბობდი რომ 5 წლის თავზე ხელფასს მოგვიმატებენო და მე არ იცით რამდენით მომიმატეს? 10 ლარით, აქ შეგიძლიათ ხმამაღლა დამცინოთ, ან გადაბჟირდით და თითი გამოიშვირეთ ეკრანისკენ, „ვაჰაჰაა, შე, საწყალო!“, დამცინეთ, დიახ, 10 ლარით მომიმატეს. ამაზე მეტი უბედურება რა უნდა მომხდარიყო, ამაზე მეტი იმედგაცრუება რა უნდა მქონოდა, სამსახურს რომელსაც თავს ვწირავდი, რომელსაც ვერთგულობდი, მან კი ჯერ იყო ერთ წელს სამედიცინო დაზღვევა გამიუქმა, მეორე წელს ზაფხულის პრემია გააუქმა და ახლა ხელფასების მომატებისას ასე საშვილიშვილოდ დამცინა. ავდექი და გადავწყვიტე სამსახური უცხოეთში მომეძებნა. ერთ–ერთ საიტზე ინგლისურის მასწავლებლების ვაკანსიებს წავაწყდი: ჩინეთი განიცდიდა ინგლისური ენის მასწავლებლების ნაკლებობას და სულაც არ ითხოვდა ჰაი კლასის მასწებს[5], ხელფასი კი საკმაოდ მიმზიდველი ჩანდა, თვეში 3 000 დოლარი, მხოლო ერთ თვეში! და სამუშაო გრაფიკი? სამუშაო გრაფიკი მხოლოდ 25 საათი? ო, ღემრთო ჩემო, წარმოგიდგენიათ? საჯარო სამსახურში კვირაში 48 საათს ვმუშაობდი და თვეში ხელფასი 250 დოლარი მქონდა, აი, ჩინეთში თუ წავიდოდი 25 საათიან მუშაობაში 3 000 გადამიხდიდნენ, ასე გადავწყვიტე სამშობლოს დატოვება და ფულის საშოვნელად ჩინეთისკენ გამოვწიე.

აუცილებლად უნდა გავიხსენო ის პროცედურა თუ როგორი რთული იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის – ანუ კომუნისტური ქვეყნის ვიზის აღება. სამი, თუ ოთხი მისვლა დამჭირდა ბარნოვზე, ჩინეთის საკონსულოში, იანვრის ცივ განთიადებზე, სადაც სულ ერთი, მაღალი, კბილჩამომტვრეული, მომღიმარი დაცვის ბიჭი მხვდებოდა და გზის დალოცვით მიშვებდა კონსულთან. საბუთები კი, იცოცხლეთ, შესაგროვებელი იყო: ნასამართლეობა, სამედიცინო შემოწმება, შიდსი, სიფილისი, ჰეპატიტები. უნდა გენახეთ ის კვირა როცა ანალიზებს ვიტარებდი, სანამ გავიგებდი რაიმე ფარული ხომ არ მჭირდა, რაიმე ფარული დაავადება ხომ არ გადაეღობებოდა ჩემს ჩინურ მიზანს. მაგრამ მე სრულიად ჯანმრთელი ვიყავი, მოულოდნელად სრულიად ჯანმრთელი, არადა ისეთი განცდა მქონდა ყველა დაავადება იმ ერთ კვირაში დამემართა.

სამსახურში არაფერს არ ვამბობდი, დიადი ჩინური გეგმა რომ არ გამოსულიყო ოფისს ტყუილად ხომ არ მივატოვებდი, აი მაშინ კი, როცა უკვე ხელში ვიზა მეჭირა და ჩინეთის ბილეთებიც ვიყიდე, გადავწყვიტე ოფისი ისე გამეცურებინა როგორც ის ამდენი ხნის განმავლობაში მაბანძებდა. ყველა ავანწიურისტი ვინც კი სულში მყავდა, იქნებოდა ფელიქს კრული[6] თუ ოქტავ პარანგო[7], გაერთიანდნენ და ისეთი გეგმა შეადგინეს ოფისის დასაგოიმებლად რომ უკეთესს ვერც ვინატრებდი.

აი აქ კი უკვე იწყება ამბავი იმისა, თუ საიდან დაიწყო ჩემი აღმოსავლური მოგზაურობა. რატომ დავადექი ჩინეთის გზას გავიგეთ, მარტივი ანგარიშის გამო, ფულის შოვნის გამო, ხოლო საიდან დაიწყო ეს მოგზაურობა უკვე სხვა თემაა. ჩემი შორეული აღმოსავლური მოგზაურობა პარიზით დაიწყო.

ღიმილი.

დიახ, როცა უკვე ჩინეთის ბილეთები მქონდა ნაყიდი და გაფრენამდე 3 კვირა იყო დარჩენილი, ოფისში ისევ არ ვთქვი რომ სამსახურიდან მივდიოდი, ანაზღაურებადი შვებულება ავიღე და ჩემი შეგროვებული ფულით პარიზისკენ გავწიე. ეს ჩემი იდეური, ჩემი ცხოვრების სიმბოლური აქტი იყო. ჩემი სხეული მუდამ ყვებოდა ჩემს შინაგან მოწოდებებს, და აი მე ჩინეთამდე 1 კვირით ადრე პარიზის ქუჩებში დავიარებოდი, მარტოდ მარტო დავდიოდი და არაფერი არ მადარდებდა, არც მომავალი, არც წარსული, მხოლოდ ის მომენტი, იმ მომენტებით ტკბობა იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი.

ყველაზე უცნაური პარიზში წასვლისას ის იყო რომ მე ვალენტინობა დღეს გავფრინდი პარიზისკენ. გეცოდინებათ გამოცდილ მოგზაურებს, არის ქალაქები სადაც მარტოც ძალიან კარგად ხართ, არც არავინ გჭირდებათ, თითქოს, ამ დროს თავად ქალაქი კისრულობს თქვენს პარტნიორობას, ქალაქთან ერთად სეირნობ, ქალაქთან ერთად წრუპავ წითელ ღვინოს, ქალაქთან ერთად ადიხარ მთაზე და გადმოჰყურებ მიდამოს, ქალაქთან ერთად ადიხარ სასტუმროს კიბეებზე, მოუფათურებ ხელს კედლებს და ქალაქთან ერთად იძინებ გემრიელი ძილით. ბავშვობიდან მუდამ თან მსდევდა პარიზის სიყვარული, ჯერ კიდევ ბაბუა ჰიუგოს რომანებიდან შემოვიდა ჩემში და დასახლდა. ხშირად თბილისში მტკვრის სანაპიროზე სეირნობისას მომლანდებია რომ წინ სენის სანაპიროები იყო, მომჩვენებია, რომ ეიფელი მთაწმინდის ანძა იყო, აგერ რუსთაველი კი შამპს ელიზე, მონმარტრი-სოლოლაკი, ბელვილი-ვერა და ა.შ. მუდამ თბილისსა და პარიზს შორის გაჭედილი მწერალი ვიყავი. პარიზი ჩემი გამოსავალი და ალტერნატივა იყო, განსაკუთრებით მაშინ როცა რიგით შეყვარებულთან ჩხუბი მომივიდოდა, ან თუნდაც სატრფო მიმატოვებდა, მე თავს იმით ვინუგეშებდი, რომ წინ პარიზი იყო, ამ გოგოზე და ყოფილ შეყვარებულზე უფრო ტკბილი და დაუვიწყარი რამ – ფრანგული ენა, პარიზში აუსრულებელი ცხოვრება.

საფრანგეთის დედაქალაქში გატარებული ის ერთი კვირა ჩემთის იყო ენერგიებით ავსება, ერთგვარი დამუხტვა, რომ მე მომავალი ერთი წელი ევროპულ ცხოვრებას მოვწყდებოდი, ჩემს მშობლიურ ღერძს, ყველაფერ ევროპულს – „თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა“ კი ჩემში უნდა ყოფილიყო როგორც მარადი სამოქალაქო ლოზუნგი. პარიზის დღეებიდან მახსენდება, ღამით ინვალიდეს მუზეუმთან ხეტიალი, ილუზიები, რომ ცნობილ ადამიანებს ვხვდებოდი. ვეწვიე რომენ გარის სახლს, სადაც მან თავი მოიკლა, ვიყავი პერ ლაშესეზეც და ჯიმ მორისონის საფლავზე ვიმღერე „come on baby light my fire“. ჩემი მარტოსული, მხიარული და ბედნიერი მოგზაურობა თვალის დახამხამებაში გაიპარა, მთელი დღეების განმავლობაში ვეტრფოდი და ვესიყვარულებოდი ხეებს, ადამიანებს, მეტროს სადგურებს, ქვაფენილს, კიბეებს, იმდენი ვიარე პარიზში ღამით ფეხების ტკივილი მტანჯავდა, პირველად ვიგრძენი რომ მქონდა ფეხები და რომ მასაც უნდა გავფრთხილებოდი. ჩემს ფეხებს კი სად აღარ დავყავდი, სად არ მატარა და წინ კიდევ ვინ იცის რამდენს მატარებდა.

და აი, დადგა ჩინეთისკენ წამოსვლის დღეც. სამსახურში წინა დღით მივედი, მოპროტესტო სუნი დაჰკრავდა ყველაფერს რასაც მე ვაკეთებდი. ყველა მიმიხვდა, რომ სამსახურს ვტოვებდი, იმასაც მიხვდნენ რომ 2 კვირიანი შვებულების ფული შემრჩა, წლის დასაწყისში დავისვენე და ხელფასიც ავიღე. მივდიოდი მათგან, უმადურებისაგან და ბრმებისგან, ვტოვებდი მათ, იმ 10 ლარისთვის, ვტოვებდი მათ უსამართლო მოპყრობისთვის, ვტოვებდი მათ დაიგნორებისა და იმედგაცრუებისთვის. და რა, განა მე პირველი ვიყავი? განა, ქართველი ახალგაზრდების უმეტესობა ასე არ გაექცა ჩვენი ქვეყნის ბიზნეს და სახელმწიფო ღორულ სისტემებს? საღორეში დიდხანს ვერ ძლებენ ლამაზი, თავისუფლების მოყვარული ბედაურები... რაც არ უნდა ბანალურად და არალიტერატურულად ჟღერდეს – ეს ასეა.

 

  1. 2. სამშობლოდან შორს

თბილისის აეროპორტიდან რომ ავფრინდით არანაირი შეგრძნება არ მქონია, თუნდაც სინანული რომ ვტოვებდი ვინმეს, ან რამეს. არა, მთელი გონებით და მთელი სხეულით სიახლის მოლოდინში ვიყავი, რა იქნებოდა იქ, რა აღმოჩნდებოდა შორეული აღმოსავლეთი, ჩინეთი და ჩინელები.

5 საათიანი ფრენა გართულდა, ტურბულენტურ ზონაში თვითმფრინავი რამოდენიმეჯერ მოხვდა. თებერვლის ცივი ზამთარი იდგა და ზეციდან ქვევით ტიან შანის თეთრ და გაუდაბურებულ მთებს დავცქეროდი. დამღლელი და ნერვიული ფრენის შემდეგ როგორც იქნა გამოჩნდა პირველი ჩინური ქალაქი. პირველივე ამბავმაც არ დააყოვნა, რამაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ წინ უამრავი გაუგონარი და უცნაური რამ მელოდა, სხვა სამყარო, სხვა სისტემა, გაგონილი და მხოლოდ ფილმებში ნანახი.

ურუმჩი პირველი ქალაქი იყო ჩინეთში სადაც ფეხი დავდგი. ეს აღმოსავლურ ჩინური ქალაქი ერთგვარი დიდი ჰაბია[8], დასავლეთიდან მომავალი თვითმფრინავები ურუმჩიში ჩერდებიან, ავზს ავსებენ და ჩინეთის სხვა ქალაქებისკენ მიფრინავენ, ერთგვარი ჩინური ფრანკფურტია. ურუმჩიში რომ ჩავედით აეროპორტიდან არ გავსულვარ, რადგან ტრანზიტული მგზავრი ვიყავი, მაგრამ რატომღაც ჩემი გვარი გამოაცხადეს. დაბალი პოლიციელები მოვიდნენ, გახუნებული მწვანე ფორმები ეცვათ და დამტვრეული ინგლისურით მითხრეს რომ მათ გავყოლოდი. სხვა რა დამრჩენოდა, ბარგების გადმოსატვირთ ადგილას გავყევი. ჩემი დიდი ჩანთები გადმომაღებინეს და ისევ კონტროლზე გამატარეს, იარაღიანი უკვე ყავისფერ ფორმაში ჩაცმული ჯარისკაცები გადმოდგნენ და ხელით მიმითითეს, ამოალაგე ჩანთაო. გონება დავძაბე, რა აღმოაჩინეს, ან რა არ მოეწონათ ამ ჩემისებს? ვითომ ღვინო? თუ კონიაკი? კი მაგრამ სასმელის წამოღების უფლება მქონდა, რატომ მაწვალებდნენ, თან ასეთი დაღლილი ვიყავი და წინ კიდევ დიდი გზა მელოდა, მედგნენ თავზე ჯალათებივით და მალაგებინებდნენ. აი, მეც გავხსენი ჩემი ჩანთა და ყველა შორიდან მიყურებს, აინტერესებთ რა აღმოაჩინეს მესაზღვრეებმა, იყვნენ ყაზახები, რუსები და შუა აზიის სხვა ქვეყნის მოქალაქეები. მე კი ჩემს ტრუსიკებს, ჩემს ზედებს მათ თვალწინ ვატრიალებ, წითელი ღვინოც აბრიალდა მათ წინაშე, არა, მესაზღვრეები მაინც არ არიან კმაყოფილნი და მიმითითებენ პატარა ყუთზე, სადაც ჩემი პატარა ჯიბის დანა მედო. ო, ღმერთო ჩემო, სად არ მიმგზავრია, სად არ მიტარებია ეს ჩემი პატარა ჯიბის დანა, ესტონეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, არავის არაფერი უთქვამს, თან ისე მიყვარდა, რაღაც უაზრო იმედად დავატარებდი.

კანონმორჩილი მოქალაქე ვარ, მაგრამ ეს ჯიბის დანა ჩემი 90–იანელობის შედეგი იყო, როცა უბანში დანის გარეშე არ გავდიოდით, როცა უაზრო და გაუგებარ ჩხუბებში მიხდებოდა მოხვედრა და ჩემი დანაც მუდამ იმედად ჩემს გვერდით იყო. რამდენი წელი გაძლო, როგორი მსუბუქი, უვნო და შეუმჩნეველი იყო, ახლა კი ამხელა მასკარადის მიზეზი გახდა. ჯარისკაცებმა ხელიდან გამომგლიჯეს, დამაყენეს იქვე და სურათები გადამიღეს, ჩემი პასპორტი გვერდით მიუდეს დანას და ისე გადაუღეს სურათები. იმხელა დონის კრიმინალი გამომიყვანეს ვერ წარმოიდგენდით. ხალხი შორიდან მიყურებდა, მე კი ჩემი 90–იანების დანაზე ხელებს ვასავსავებდი, ვბლუყუნებდი ეს ხომ მხოლოდ სუვენირია, საჩუქარია ჩინელი მეგობრებისთვისმეთქი, რა თქმა უნდა, არ დამიჯერეს. დანა ჩამომართვეს და გამაფრთხილეს ასეთები ჩინეთში არ დაგჭირდებაო. მივხვდი რომ კონტროლირებად სივრცეში შევედი, სადაც ყველაფერი იცოდა სახელმწიფომ, ყველაფერს კითხულობდა და ყველაფერში ერეოდა. მგზავრებს რომ შევერიე თავი ლამის ალ კაპონე მეგონა, ისინი ისეთი ცხვრებივით, მშვიდი და უპროტესტო მგზავრები ჩანდნენ, მათ არც ომი ენახათ, არც სამოქალაქო ამბოხი გადაეტანათ და არც იმპერიულ ქვეყნებს შესჭიდებოდნენ, ისინი დაიბადნენ და ბედნიერად ცხოვრობდნენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში.

ურუმჩის შემდეგ პეკინში ჩავფრინდით, თვითმფრინავმა დააგვიანა ამიტომაც ჩემი შემდეგი ფრენა პეკინიდან ჰარბინისაკენ გადადებული იყო, მეც დილის 12 საათამდე რა უნდა მეკეთებინა პეკინის აეროპორტში, ავტეხე ერთი ამბავი და ავიაკომპანიას კომპენსაცია მოვთხოვე, მოვითხოვდი მთელი ღამე აქ არ დავეტოვებინე და ადეკვატურად მომქცეოდნენ. ჩინეთში საერთოდ უნდა დაივიწყო რომ შესაძლოა ვინმე საუბრობდეს ინგლისურად, ისეთი აურაა, თითქოს, ყველა სიხარულით გეგებება და შენც გგონია ინგლისურად საუბარს გააბავ, მაგრამ არა, დაივიწყეთ, გინდაც ეს საერთაშორისო ფრენები იყოს, ჩინური ავიაკომპანიის თანამშრომლებმა არ იციან ინგლისური. ამას თან ერთვის ის რომ ამ არცოდნას იყენებენ და შეიძლება გააგებინო კიდეც რა გინდა და რატომ, მაგრამ ვითომდა ენის გაუგებრობის გამო იწელება მათი რეაგირება. მიხვდით ალბათ ხომ სიტუაციას, დაახლოებით 10ჯერ ავუხსენი სხვადასხვა წარმომადგენელს ერთი და იგივე, რომ ფრენა გადაიდო და რომ მათ სასტუმროში უნდა წავეყვანე. ფურცელზე დავუხატე და ხელებით ვანიშნებდი რა მოხდა და რა მინდოდა, არ მოვეშვი სანამ ჩემსას არ მივაღწიე და ჰოი, საოცრებავ, ორ საათიანი ლოდინის შემდეგ მარშუტკაში მომათავსეს და პეკინისკენ გავწიე. მე უფრო იმის მუღამი მქონდა ღამის პეკინი მენახა, მაგრამ არა, გავედით თუ არა გარეთ ისეთი სმოგი[9] დამხვდა სამ ნაბიჯში ადამიანს ვერ ვხედავდი, ცაზე ავიხედე და ყვითელი ბოლისმაგვარი ნისლით შემოსილიყო ცა. ო, ღმერთო ჩემო, აქ ან როგორ ცხოვრობენ ან როგორ აღწევდნენ საერთოდ რაიმე წარმატებას. პეკინი საოცრად უჟმური, მოწამლული და დაბინძურებული ქალაქი იყო. მაღალი დონის სასტუმროში მომათავსეს, სადაც ინტერნეტიც კარგი ჰქონდათ და სასტუმროს ნომერიც ისეთი იყო ჩინელ მაფიოზა ბიძიებს რომ აქვთ ხოლმე ფილმებში, დიდი საწოლი, დიდი ხის მაგიდა, ორი დიდი იასამნისფერი დივანი და ოქროსფრად მოვარაყებული აბაზანა. ამ სასტუმროში რომ შემომიყვანეს, კი გავიფიქრე, ამად კი ღირდა ფრენის გადადებამეთქი. გემრიელად გამოვიძინე და მეორე დღეს დამშვიდებულზე ვიჯექი თვითმფრინავში და ჰარბინისკენ მივემგზავრებოდი.

ჰარბინში შევხვდი ჩემი დამსაქმებელი კომპანიის ერთ–ერთ თანამშრომელს, დაბალ, „პატარა და მუშაო“, კეპკიან ჩინელ გოგონას – ლინდას, რომელსაც ხელში აბრა ეჭირა - „Nickolas“. ჰარბინი ჰეილონგიანგის პროვინციის, ისტორიული მანჯურიის დედაქალაქია, 10 მილიონი მოსახლეობით და უნდა ითქვას რომ მიუხედავად მისი სიდიდისა ქალაქში მაინც არ არიან უცხოელები, მხოლოდ მონღოლოიდური, ყვითელი რასის წარმომადგენლები დაიარებიან, ამიტომ პეკინში თუ ვერაფერი განსაკუთრებული, ჰარბინში უკვე ვიგრძენი რომ ყველას ყურადღებას ვიპყრობდი. ლინდა ჩემი სახელის აბრით რომ დამხვდა მაშინ ვიგრძენი გულივერი ვიყავი ლილიპუტების ქვეყანაში. ლინდას მივესალმე, ჩემს გარშემო სამიოდე მობილურ მომარჯვებული მოქალაქე დარბოდა, სურათებს მიღებდნენ. ასე დაიწყო ჩემი ჩრდილოური პოპულარობა, არანაირი ღვაწლით, მხოლოდ იმიტომ რომ ვიყავი თეთრკანიანი, მხოლოდ იმიტომ რომ ვიყავი ლამაზი რასის წარმომადგენელი (ისინი ასე თვლიდნენ).

ლინდამ ჰარბინის ჩრდილოეთ სადგურში წამიყვანა საიდანაც მატარებლით ჩრდილოეთის ქალაქ იაგდაქისკენ გავწიეთ. მგზვარობით დაღლილი და მოქანცული ვიყავი, მაგრამ თითქოს უცხო ადამიანების თვალები მახალისებდა, მათი გაოცებისა და აღფრთოვანების მზერები მავსებდნენ. მოხუცები დანაოჭებულ სახეს გაკვირვებით შეახტუნებდნენ მე რომ მხედავდნენ, ახალგაზრდები მაშინვე მობილურს მოიმარჯვებდნენ და ცდილობდნენ სურათი გადაეღოთ, ბავშვები კი უფროსებთან გარბოდნენ და ხელს ჩემსკენ იშვერდნენ. გულივერის მოგზაურობა იწყებოდა.

ჰარბინიდან იაგდაქისკენ მატარებლით მგზავრობა ჩუმი და ჰორიზონტალური იყო. მე ძირითადად ვიწექი, ლინდას გავცქეროდი ხოლმე რომელიც მობილურში რაღაც ჩინურ კომედიას უყურებდა, წიგნის აღებაც ვცადე, მაგრამ რამდენი კითხვა დავიწყე იმდენი ჩამეძინა. მატარებელში ძალიან ცხელოდა, გათბობის სისტემა იყო ისე გაკეთებული, რომ ხურდა ვაგონი, ამის მნიშვნელობას გვიან საღამოს მივხვდი, როცა მატარებელი იაგდაქში ჩამოდგა. გზა და გზა ვამჩნევდი ხეებს, როგორ იკლებდა მათი რაოდენობა, როგორ დაბლდებოდა მათი სიმაღლე, ბოლოს ყველა მათგანი თეთრად შეიღება, სულ ბოლოს კი უკვე სულ თეთრ ტყეშიც აღმოვჩნდით, აი აქ მივხვდი რომ დამერხა.

იაგდაქში ღამის 10–11 საათზე ჩამოვედით, ყინვა –25 გრადუსი, ეს პირველი შემთხვევა იყო როცა ასეთ სიცივეში მიწევდა ყოფნა თან თებერვლის თვეში. ჩვენთან თბილისში კვირტები ფეთქდებოდნენ, მე კი იაგდაქში –25 გრადუსიან სიცივეში აღმოვჩნდი. დაგუბებული უცხო ხმები, მგზავრების ჟივილ-ხივილი, ძველი მატარებლის ვაგონიდან გადმოვედი, ირგვლივ თოვლი, მბჟუტავი სინათლე, ასე აღმოვჩნდი დანიშნულების ადგილას, ციმბირის ჩინურ მხარეს, ქალაქ იაგდაქში.

თბილისი–პეკინი 9 სთ ფრენა, პეკინი–ჰარბინი 2 სთ ფრენა, ჰარბინი–იაგდაქი 10 სთ მატარებელი – საბოლოოდ ისე შორს წამოვედი საქართველოდან რომ მეგონა აღარაფერი მომხვდებოდა გულზე, აღარ მომწვდებოდა ის რაც საქართველოში ასე მამწუხრებდა და გულს მტკენდა. აქ ახალი პრობლემები და საზრუნავი მექნებოდა, მაგრამ რაც მთავარია არა ის რაც ქართული იყო, პირდაპირ გულში საცემი, ქართული ყოფა ჩემი ახალგაზრდობის და ჩემი ცხოვრების სატანჯველად წარმომედგინა.

  1. 3. პირველი დღეები

იაგდაქში პირველი დღეები ძალიან გამიჭირდა. ჯერ იყო და იმედგაცრუებული ვიყავი რადგან დამსაქმებელმა რომელმაც მომიწვია პირველი დაგოიმება ამაფარა სახეზე. გვიან ღამით გათიშული რომ ჩამოვედი რას მივაქცევდი ყურადღებას მაგრამ მეორე დილით რომ გავიღვიძე და ფანჯარაში გავიხედე იმ სასტუმროში არ ვიყავი რომელი სასტუმროს სურათებსაც მიგზავნიდნენ, რომლის მისამართიც მომწერეს. იაგდაქის ერთ რიგით სასტუმროში აღმოვჩნდი, რომელიც, რა თქმა უნდა, ცუდი სულაც არ იყო, მაგრამ ვიწრო და არაკომფორტული კი მაინც ეთქმოდა. ეს პირველი დაეჭვება იყო, ვაიდა, რამე შარში არ გავება, რამდენად კარგი კომპანია იყო დამსაქმებელი? სასტუმროში მომატყუეს, ტრეფიკინგის მსხვერპლი ხომ არ აღმოვჩნდებოდი, თან ასე შორს სულ განწირული ვიყავი,  გადამიხდიდნენ თუ არა იმ ხელფასს, რომელსაც დამპირდნენ? რომლის გამოც წამოვედი ასე შორს?

იაგდაქში ძალიან ციოდა, გარეთ მართლაც რომ საშინლად ყინავდა. პირველი დღეები ქუჩაში რომ გავიდოდი 5–10 წუთი მახველებდა, არ ვიცი ეს ფსიქოლოგიური მომენტი იყო თუ რეალურად ჩემს ფილტვებს აწუხებდათ ასეთი ტემპერატურა. ჩემდა გასაკვირად მარტის იმ პირველ დღეებში არცერთხელ არ გავციებულვარ, არც სურდო შემეყარა, პანიკურმა 5 წუთიანმა ხველებამ კი ერთ კვირაში გადაიარა, თითქოს ფილტვებმა იმუნიტეტი გამოიმუშავეს და უკვე თავისუფლად დავდიოდი –25 გრადუსიან სიცივეში.

თუ სიცივემ ვერაფერი დამაკლო, ჩემი დამონება და გატეხვა ჩინურმა საკვებმა შეძლო. კომპანიის მესვეურებმა რომლებზეც ცოტა მოგვიანებით დაწვრილებით მოგახსენებთ პირველ დღეებში საკუთარ თავზე აიღეს ჩემი გამასპინძლება და ხან რომელ რესტორანში მეპატიჟებოდნენ, ხან რომელში. ერთმანეთს ენაცვლებოდა კრევეტები, ხბოს და ცხვრის მწვადები, ბოსტნეულის სალათები და სუპები, ლობიოს ღვეზელები, დაბროწლილი მატლები და მოხარშული მოლუსკები, რა აღარ.  აღმოვაჩინე რომ შემწვარი კარტოფილი რომელიც გარეგნულად ისე გამოიყურებოდა როგორიც ჩვენი ტაფაზე შემწვარი კარტოფილი, დათაფლული და უცნაურად ტკბილი იყო, მერე ყველა სახის ლობიოს სალათს და წვნიანს მივადექი და ჰოი საოცრება, ისიც ტკბილი იყო, დათაფლულივით. მოკლედ, მალევე მივხვდი რომ ჩინელების ენის რეცეპტორები და გემოს შეგრძნებები მილიონჯერ განსხვავდებოდა ჩვენგან, ამიტომ რესტორნებში ჭამაზე უარი ვთქვი და თავად დავიწყე პროდუქტების ყიდვა და ჩვენებური, დამარილებული, მლაშე საჭმელების კეთება. რესტორნებში ჩინური კერძების დაგემოვნებას ერთი ავბედითი ღამე მოყვა. რომელიღაც საკვებმა მაწყინა და მთელი ღამე ვარწყევდი, ვერც ვხვდებოდი რისი ბრალი იყო, რომელი საჭმლის, განსაკუთრებით კრევეტების გემო მხვდებოდა გულზე, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ვადანაშაულებდი. ის ღამე თეთრად გავათენე, გამთენიისას კი მოულოდნელად თავზე სოფია და ლინდა დამადგნენ, ჰე, დროზე ადექი, ჩაიცვი, ჩაბარგდი, სახლი ვიპოვნეთ შენთვის და სასტუმრო უნდა დავცალოთო. წარმოიდგინეთ როგორ ვიყავი, უძინარი, გამოფიტული, პირველი დღეებია, აყრილ-დაყრილი ვარ ვიწრო სასტუმროს ნომერში, წინა ღამით ვარწყევდი და მოკლედ ძალით წამიღეს, გადამიყვანეს ჩემს სახლში. ისე ცუდად ვიყავი ვერც შევამჩნიე როგორი სახლი იყო, მხოლოდ მოგვიანებით გავაანალიზე, მართლაც მაგარი ბაითი შემირჩიეს, ორ ოთახიანი, დიდი სამზარეულოთი, ყველაფრით აღჭურვილი. მოკლედ, გადმოვედი მთელი ბარგი ბარხანით, სოფია და ლინდა ტრიალებენ ოთახებში რომ ისევ გული ამერია, ცუდად ყოფნა გაგრძელდა, გავყარე ქალები და ვუთხარი დღეს დამასვენეთ, გამანებეთ თავი-მეთქი. თვალი მოვავლე სახლს, ერთი პატარა საწოლი ავარჩიე, რომელზეც შანელის საბანი ეფარა, მივწექი და მივიძინე, მთელი დღე მეძინა, გადავრჩი... ძილში გამოვედი, შანელის საბანში ახლიდან დავიბადე.

საკვებზე საუბრისას არ შემიძლია არ აღვნიშნო რომ იაგდაქში არ მოიპოვებოდა პური. ო, როგორ ვითრგუნებოდი, მოვიარე მაღაზიები და არა, არსად არ იყო, პირველ ღამეებში ერთი ასეთი სიზმარიც ვნახე პური პიროვნება იყო და მელაპარაკებოდა. იმ სიზმრიდან არც თუ ისე დიდი ხნის მერე ერთ დღეს ასისტენტმა მითხრა რომ პური ერთ-ერთ მარკეტში აღმოეჩინა, რუსული პურიაო. გულმა სიხარულით დაიწყო ფრიალი, მაშინ გავიფიქრე, ამ რუსების იმპერიალიზმს და ყველგან მიდებ–მოდებას რაღაც სარგებელიც აქვსმეთქი, გავწიე მარკეტისკენ და ჰოი საოცრება! ის პური აღმოვაჩინე, 90–იანებში, აგურა, სერ პურს რომ ვეძახდით, ისეთი გემრიელი იყო. მას მერე სულ ამ რუსულ პურს ვყიდულობ, მაღაზიაში მუდამ ერთი პირდაფჩენილი და გაოცებული გამყიდველი მხვდება, ისე მევლება როგორც ბატონს დაჰფოფინებენ ხოლმე, ერთ დღეს ქალიშვილიც გამაცნო, თითქოს ცდილობს ჩემში აღმოაჩინოს უცნობი მდიდარი მოგზაური, რომელსაც ქალიშვილს სარფიანად მიათხოვებს.

იაგდაქი ჩინეთის კვალობაზე ისეთი პატარა ქალაქია, ერთი კინოთეატრი, ერთი დიდი მოლი, ერთი დიდი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, დანარჩენი კი ჩრდილოური, დახურულ აივნიანი სახლები, სკანდინავიური არქიტექტურა, არანაირი ცათამბჯენები. იაგდაქი კიდევ უფრო შემიყვარდა, როცა გავაანალიზე რომ ამ ქალაქს ჩინეთის სხვა ქალაქებისთვის დამახასიათებელი სმოგი და ფაბრიკა ქარხნების გამონაბოლქვი არ ტანჯავდა. ფაქტობრივად, კურორტზე ვარ, ქალაქის გარშემო პატარა ტყეებია გაშენებული, მოქალაქეები სუფთა ჰაერს ვსუნთქავთ, ჩვენი ფილტვები ილოცებიან „იაგდაქ“, „იაგდაქ“.

ჩემს დანახვაზე ყველა რეაგირებს, ზოგი სურათს იღებს, ზოგი ხელს მიქნევს, დანარჩენები კი ცდილობენ საკუთარი პრიმიტიული ინგლისურის ცოდნა გამოავლინონ. იაგდაქელების ინგლისურიც სამწუხაროდ ისეთივე ინგლისურია როგორიც სხვა ჩინელების „Hello, how r u? My name is blabla, nice to meet u“ -  აი ამ ფრაზებით, დაზეპირებული, რობოტ-დაშტამპული ტექსტებით მოდის ყველა და ეს ისეთი მომაბეზრებელია, გინდა ცოტა მოაზროვნე გამოიჭირო, ოდნავ სხვა რამეს კითხავ და უკვე ყველაფერი დასრულებულია, ხელს გიქნევენ და გარბიან, იბრინჯებიან და ცდილობენ გაგერიდონ. ამასწინათ ერთი ტაქსისტი შემხვდა, ისეთი ინგლისური გამიბა პირი დავაღე. კაცმა მკითხა „how long have u been in china“ –ო, მივხვდი, სხვანაირი ჩინელი იყო, მერე ისიც მოაყოლა ვიცი თქვენი ქვეყანა საბჭოთა კავშირში რომ იყოო, განათლებულ ტაქსისტს რომ დავემშვიდობე და მოვბრუნდი, მაშინ გავიფიქრე, ნეტავ საკონტაქტო გამომერთმია, რა საინტერესო იქნებოდა ასეთ კაცთან საუბარი, მერე კი გულში იმაზე ვხალისობდი, როგორც ჩანს მარტო საქართველოში არ გვყავს განათლებული და ორ დიპლომიანი ტაქსისტები, ეს ჩინელი ტაქსისტიც განათლებული იქნებოდა, რადგან ინგლისური ენის ასეთ დონეზე შესწავლა მას მხოლოდ მაღალი დონის უნივერსიტეტში შეეძლო.

მოქალაქეების საყოფაცხოვრებო დონეს რაც შეეხება საშუალოზე მაღალია. ყველა ჯიპით დაიარება, ყველა ასაკის წარმომადგენელს მომარჯვებული აქვს ბოლო დონის სმარტფონები, ერთი სიტყვით საკმაოდ შეძლებული ქალაქია. საქართველოს ქალაქებს რომ შევადარო იაგდაქი მოსახლეობის რაოდენობითა და სიდიდით ჰგავს რუსთავს, მაგრამ მოქალაქეების ყოფა რომ შეადარო იაგდაქელები ბევრად ჩახევდნენ რუსთაველებს, იაგდაქში ყველას გამართული და ბოლო წლის მოდელი მანქანა ჰყავს, ყველა ჰაი კლას გაჯეტებით[10] იწონებს თავს, სპორტით არიან დაკავებულნი, მოვლილი ძაღლებით დასეირნობენ პარკებში.

პირველ დღეებში ჩემი ყურადღება კიდევ ერთმა ფაქტმა მიიქცია – ბრენდებმა. აქ ყველაფერი კოპირებულია, ყველა ბრენდი, იქნება ევროპული, თუ ამერიკული გადმოღებულია და ჩინურ საწარმოში ჩინურ ყაიდაზეა დამზადებული. აქ ვნახე პატენტი: ლამბორჯინი და პორშე, შევროლე და მერსედესი, არა მარტო მანქანები, არამედ საქმე ეხება ჩაცმულობასაც, შანელი, არმანი, ივ სენ ლორენი. თუმცა ქალებს რომ ჰკითხო იცით სადაური ბრენდი გაცვიათ? გიპასუხებთ რომ აზრზე არაა, მთავარია ჩინური ნაწარმია, ეროვნული პროდუქციაა და დიზაინითაც მშვენივრად გამოიყურება.

აი ასეთ ქალაქში და ასეთ ქალაქელებთან აღმოვჩნდი შორეულ მანჯურიაში, ქართული გულივერის მოგზაურობას კი წინ დიდი გამოწვევები ელოდა.

 

  1. 4. კეისარს კეისრისა

 

დროა ჩემს დამსაქმებლებზე მოვყვე:

ლინდა – ჩემი ე.წ. ტრენერი, რომელიც დამხვდა ქალაქ ჰარბინში და წამომიყვანა იაგდაქში, მასზე იყო დამოკიდებული როგორ ჩამაბარებდა კომპანიის ფილიალის უფროსს – სოფიას. ვინ იყო სოფია? სოფია კი ერთი ჩვეულებრივი, 50 წელს მიღწეული ქალი იყო რომელიც განაბა ქალის შთაბეჭდილებას ტოვებდა, ტანითაც დიდი იყო და დუნდრუცა, სახეც დამრგვალებული ჰქონდა, ფლობდა გერმანულ რესტორანს და სულ ჯიპით დაიარებოდა. სოფია განათლებით დიდად ვერ დაიკვეხნიდა, პროფესიით სკოლის პედაგოგი იყო, ჰყავდა პოლიციაში რიგით ადმინისტრაციულ საკითხებზე მომუშავე ქმარი და ქალიშვილი რომელიც შენჟენში ასწავლიდა ჩინურ ენას. სოფია არასდროს ყოფილა გერმანიაში, ეს გერმანული რესტორანი კი მთლიანად მისი მეგობრის დამსახურება იყო, რომელიც გერმანიაში ცხოვრობდა და პერიოდულად უგზავნიდა სოფიას ევროპულ პროდუქციას და გერმანულ დეკორაციებს. შედიხართ სოფიას რესტორანში და ხედავთ ბერლინის პარლამენტის დიდ სურათს, ჭერზე გერმანიის დროშაა დაკიდებული, კედლებზე გერმანული ლუდების ბრენდების ნიმუშებია, მენიუ ჩინურია, მენიუში სტეიკები და შნიცელები ხატია, ეუბნები მიმტანს შნიცელი მინდაო და ვერ ხვდება შნიცელი რა არის, კრომბახერი მინდაო ეუბნები ან ბავარიული, ესეც არ ესმის, სამწუხაროდ, ყველაფერს ჩინური სახელი აქვს. ევროპული და ლათინური სიტყვები აქ არ ჭრის, უნივერსიტეტს, კომპიუტერს და პასპორტსაც კი სხვა საკუთარი სახელი აქვს ჩინურ ენაში. სოფია მოკლედ მამაშას უფრო ჰგავს ვიდრე რაიმე კომპანიის შეფს. ნელ–ნელა ვერკვეოდი ამათ ხათაბალებში და ვხვდებოდი რომ აქ საქმე კომპანიას კი არ ეხებოდა, არამედ ადამიანთა გარკვეული ჯგუფის პირად შეთანხმებებს და კერძო საქმიანობას.

ლინდა იქამდე უნდა დარჩენილიყო იაგდაქში ვიდრე ყველაფერს არ მომიგვარებდა, რადგან სოფია ინგლისურად ვერ საუბრობდა. ლინდასა და სოფიას გარდა იყო კიდევ ერთი გოგო, პროვინციალკა, სახელად სანი. სანი ჩემი ასისტენტია გაკვეთილებზე, ეს 30 წლის გოგონა არაფრის აზრზე არაა რაც სამყაროში ხდება, მაგრამ კარგი ის აქვს რომ იაგდაქთან ახლოს მდებარე სოფლიდანაა და მიზნად არ გაინტერესებთ რა დაუსახავს? კომუნისტური პარტიის წევრობა და ადგილობრივ ბიუროში საჯარო საბუთებზე მუშაობა.

მოკლედ ასე, გვყავს მოქმედი პირები: განათლებული ტიპი ლინდა, რომელიც მალე წავიდა, სოფია – განაბა ბიზნეს ვუმენი, რომელსაც ბიზნეს ვუმენობისა არაფერი ცხია და პროვინციალკა სანი – დაბნეული ასისტენტი დიადი მიზნებით. ეს სამი ადამიანი წარმოადგენდა იმ კომპანიის სახეს რომელმაც დამიქირავა. ჩემი მთავარი კონტრაქტორი პიროვნება კი რომელსაც შევუთანხმდი პირობებზე და რომელიც არასდროს მინახავს – ბატონი დონი – ქალაქ დალიანში იჯდა და იქიდან განაგებდა ყველაფერს. ამ ადამიანების შეცნობის შემდეგ შინაგანი ეჭვი ამოქმედდა, ვაითუ სწორ ადგილას წამოვედი? შევძლებდი იმ საოცარი ხელფასის აღებას თავისი საოცარი პირობებით?

ლინდა და სოფია პირველივე კვირას დამატარებდნენ სახელმწიფო უწყებებში რომ ჩემი 3 თვიანი ჩინეთის ვიზა გადაექციათ სამუშაო უფლების მოწმობად (Work permit ID) და საცხოვრისის უფლების მოწმობად (Residence permit ID). პირველი ადგილი სადაც წავედით იყო ბიურო, სადაც ჩემი სამუშაო აიდი უნდა გაეცათ. ეს იყო, უთუოდ საბჭოეთის პერიოდში, მაო ძედუნის დროს აგებული შენობა, ასე მეგონა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ შენობაში შევდიოდი, რომლის წინ შარშანდელი მოდელის ჯიპები იყო ჩალაგებული, ეტყობოდა ამ ადგილას იაგდაქის მაღალი დონის ჩინოვნიკები მუშაობდნენ. ლინდამ და სოფიამ ერთ მაღალ ქალთან შემიყვანეს, რომელმაც ჩემს დანახვაზე სახე დაღრიცა, ყბა ჩამოუვარდა, ქალაქში ხომ ერთადერთი უცხოელი ვიყავი, ჰომ, ეს არ მითქვამს? სულ დამავიწყდა, ალბათ ამ ამბებში, იაგდაქში ერთადერთი უცხოელი გახლდით, აქ უცხოელები არ ცხოვრობდნენ, შეიძლება მოხვედრილან მაგრამ წელიწადში ერთი–ორი, მუდმივი მაცხოვრებელი კი იაგდაქს არ ჰყავდა, მე ვიქნებოდი პირველი ვინც აქ იცხოვრებდა, იმედს ვიტოვებ რომ იყო წლები როცა აქ ვინმე უცხოელი ცხოვრობდა და იმედი მაქვს მთლად პირველი უცხელი არ აღმოვჩნდები ვინც კი ოდესმე იაგდაქში საცხოვრებლად და სამუშაოდ ჩამოვიდა.

ამიტომ ამ ქალისთვის უცხო იყო თუ რა პროცედურები უნდა ჩაეტარებინა რომ ჩემთვის სამუშაო აიდი დაემზადებინა, გადარეკეს უამრავ ადგილას, დარეკეს ჰარბინში, ჰეილონგიანგის პროვინციის დედაქალაქში და კითხეს ყველაფერი. ამ საუბრებში ყველაზე საინტერესო ის იყო რომ საუბარი მიდიოდა ვრცელი „ააა“–ებით. ეს „ააა“ები იყო გაოცებისა და დათანხმებისა. მე კი ვიჯექი კომუნისტურ დიდ სავარძელში, რომლის სახელურები ყავისფერი მერქნისგან იყო დამზადებული და ვუსმენდი სამი ქალის ჩინურ საუბარს, არაფერი გამეგეგბოდა, მაგრამ ისინი საუბრობდნენ ჩემზე, ხანდახან ხელს გამოიშვერდნენ, ლინდას არ ჰქონდა იმდენი შეგნება ჩემთვის რამე აეხსნა, თუმცა არც მადარდებდა, ბოლოს და ბოლოს ჩემს საქმეს არკვევდნენ, მე კი რა ვქნა რით გავირთო თავი და ამ დროს მათი „ააა“ მომხვდა ყურში, დავაკვირდი და ისეთი „ააა“ იყო პორნოებში ქალები რომ კნავიან სხვადასხვა ტემბრში, კიდევ უფრო დავძაბე გონება და ჰო, სამივე ქალი ორგაზმის „ააა“ებს გამოხატავდა, არ ჩერდებოდნენ, საუბარი გრძელდებოდა და გრძელდებოდა, ყოველი წინადადების დასასრულს კი მოსაუბრის მხრიდან სექსუალური და ვნებიანი „ააა“ მოყვებოდა, ისე ჩავიძირე გონების ამ კაიფში ვერც შევამჩნიე ლინდა როგორ მომიახლოვდა და რაღაც მკითხა, აი ეს მომენტი იყო პიკი, მე თითქმის წარმოდგენით აღმოსავლურ ორგეაში ვიყავი და ჩემდაუნებურად მამაკაცური „ააა“-ც ჩავრთე, ამოვიგმინე და ლინდას შევხედე, ლინდა დაიბნა, თვალები დააპაჭუნა და კითხვა გამიმეორა, მეც მალევე გამოვერთე პორნო ფიქრებიდან და ლინდას ადეკვატური პასუხი გავეცი. ეს ისეთი სასაცილო მომენტი იყო არ შემეძლო არ დამმახსოვრებოდა, სამი ქალის უცნაური „ააა“-ებით გაბმული საუბარი. ამ ოთახში 2 საათიანი ყურყუტის შედეგი ის იყო რომ 3 დღეში სამუშაო აიდი დამიმზადეს, ამ სამუშაო აიდის საფუძველზე კი ჩემი საცხოვრისის უფლება უნდა გაცემულიყო, ამჯერად პოლიციის ბიუროს მიერ.

დღეები დღეებს მისდევდნენ, ამასობაში ჩემი ცხრილიც შეადგინეს და ერთი მშვენიერი ბაღი მიწილადეს, სადაც კვირაში 5 დღე 2–3 საათით მექნებოდა გაკვეთილები. KY –ს ეძახდნენ ბაღს და გაშიფვრაც არავის მოსვლია თავში აზრად. KY ფეშენებელური ბაღი იყო, სადაც რამოდენიმე კლასი ჰქონდათ, დაწყებული 3 წლის ბავშვებიდან დასრულებული 6–7 წლის ბავშვებით. ბაღს ჰქონდა საკუთარი საკალათბურთო სტადიონი, მაგიდის ჩოგბურთის ოთახი, საბანაო და საძინებელი ოთახები ბავშვებისთვის, ძალიან დიდი და ლამაზი სამზარეულო. მასწავლებლებს სპეც ფორმები ეცვათ, მე კი მომთხოვეს სპეც ფეხსაცმელი მომეტანა, რომელსაც მხოლოდ ამ ბაღში ჩავიცვავდი და შესაბამისად ჩემი კარადაც გამომიყვეს. ასე რომ ჩემი გასაღებების ასხმაზე სახლის გასაღების მერე მეორე გასაღებიც გაჩნდა, ამან შემაგულიანა. გასაღებების აცმაზე ორი გასაღები უკვე იმას ნიშნავს რომ სამიც იქნება, გულში ვოცნებობდი შემდეგი გასაღები ან მანქანის უნდა ყოფილიყო, ან თუნდაც საყვარლის სახლის, რომელსაც რომელიმე ჩინელი მდიდარი ქალი გადმომცემდა და იქ კვირაობით აზიური სექსით დავკავდებოდით. ხო, ხედავთ სადამდე მიდის მწერლის ფანტაზიები მარტოობის ჟამს, მაშინ როცა ცხოვრება პირად ურთიერთობებში უინტერესოდ გექცევა, თავად უნდა შესთავაზო საკუთარ სხეულს აღმგზნებები.

ბაღში მასწავლებლად რომ დავიწყე მუშაობა ისეთი ლამაზი დღეები დადგა რომ მეტიც არ შეიძლება, მზემ გამოანათა, ტემპერატურამაც მოიმატა და დათბა. ჩემს დანახვაზე ბავშვებს გონება ეკეტებოდათ, პირველივე დანახვაზე თითოეულს ჩავუვარდი გულში, ვგონებ იმ ღამით ვესიზმრებოდი კიდეც, ჩემმა ნახვამ მათზე დიდი გავლენა მოახდინა, მე სიახლე ვიყავი მათ ცხოვრებაში. თავდაპირველად პატარებს ერიდებოდათ ჩემი, ეუცნაურებოდათ ჩემი წვერები და როცა დამინახეს არ იცოდნენ რა გამოეხატათ, ამიტომ მასწავლებლებმა შეაგულიანეს „შეხედეთ, როგორი სიმპატიური და ლამაზი ბიჭია ნიკოლას ლაო ში–ო“ ამან იმოქმედა მათზე, ამასობაში ერთი გამოემართა და ჩამეხუტა, ეს რომ დაინახეს სხვებმაც იგივეს კეთება დაიწყეს. მასწავლებლებმაც და ასისტენტმა სანიმაც ჩათვალა რომ ეს დადებითად აისახებოდა მათ განწყობაზე და მოუწოდებდნენ მოდით ლაო ში ნიკოლასს ჩავეხუტოთო, ჰოდა, მოემართებოდნენ პატარები, შლიდნენ თავის პატარა ობობის ხელა თათუნებს და მეხუტებოდნენ, ენერგიების და თბილი აურების სხივები მეღვრებოდა, ისეთი სიყვარულით და ბავშვურობით, უცოდველობითა და უცოდინრობით იყვნენ სავსე. ერთი ბაჯბაჯა რომ ღიმილით მორბის შენსკენ, მეორე კი მოდის და შენს წინ დგება, ვერ გადაუწყვეტია გაშალოს თუ არა ის მაჯლაჯუნა ხელები, მესამე რომ ფეხს ითრევს და თან უკან იხედება, მერე ხელს ვტაცებ და გულში ვიხუტებ. იმ დღეებში ბაღიდან რომ ვბრუნდებოდი ისეთი შეგრძნება მქონდა რომ ამ პატარა ჩინელუკების სახით მომავალი მსოფლიოს ნახევარ მოსახლეობას გულში ვიხუტებდი.

ცხოვრებაში ყველაფერს რაღაც წონის და ამ ნათელ და სიხარულით სავსე შეგრძნებებს ერთი მძიმე და საეჭვო ფაქტი მოჰყვა. გახსოვთ ალბათ, სამუშაო აიდი ადვილად ავიღე, ახლა კი საცხოვრებელი მოწმობის აღების ჯერი იყო. ერთ დღესაც გავემართეთ პოლიციის განყოფილებაში. შემოსასვლელში ერთი ახალგაზრდა ბიჭი დაგვიხვდა, თეთრ პოლიციელის პერანგში იყო გამოწყობილი, სოფია და ლინდა რაღაცებს უხსნიდნენ, მერე კი პასუხად თავის ქნევები მიიღეს და უკან გამოვბუნძულდით. მივხვდი რომ აქ რაღაც ვერ იყო, ამ ბიჭს მგონი არ მოვეწონე. ლინდა ორ დღეში წავიდა იაგდაქიდან რადგან ყველაფერი მოგვარებული იყო, მე უკვე საკუთარი ორ ოთახიანი მშვენიერი მოწყობილი სახლი მქონდა, ჰაი კლას ბაღშიც ვასწავლიდი, სოფიასაც ვებარე და ასისტენტი სანიც ყოველ დაძახებაზე ჩემთან ჩნდებოდა თუ რამე დამჭირდებოდა, ერთადერთი საკითხი საცხოვრისის მოწმობის მოპოვება იყო, რაზეც ლინდამ მითხრა არაფერია, ჩემი წასვლის მერე სანი და სოფია დაგეხმარებიანო. მართლაც ლინდა შაბათს წავიდა იაგდაქიდან, ორშაბათს დილით კი მე, სანიმ და სოფიამ ისევ იმ პოლიციის ბიუროში გავწიეთ. ისევ ის ბიჭი დაგვიხვდა, არც შემომხედა, მაიგნორებდა, ისაუბრეს ჩინურად და მოულოდნელად მომიტრიალდა ეს ახალგაზრდა პოლიციელი, მისტერ ნიკოლას წამობრძანდითო, დერეფნისკენ მიმითითა, სანი და სოფია უკან გამომყვნენ, შევედით მართკუთხედ ოთახში, რომლის სათავეშიც გრძელ მაგიდაზე ვიღაც ჩინოვნიკა ასაკოვანი ჩინელი კაცი წამომჯდარიყო, დაბღვერილი და გამომცდელი თვალებით მაკვირდებოდა, მე დიდ რბილ სავარძელზე მიმითითეს და დაიწყო დაკითხვა:

–        „მისტერ ნიკოლას თქვენ ბაღებში ასწავლით?“ მეკითება ახალგაზრდა პოლიციელი დამტვრეული ინგლისურით, ასაკოვანი ჩინოვნიკა თვალებს ბჟუტავს პასუხის მოლოდინში, მე კი ბრიყვულად და სრულიად გულწრფელად ვპასუხობ, თან ღიმილით:

–        „დიახ ბაღში ვასწავლი ინგლისურს.“ ის იყო და ის წამი ახალგაზრდა პოლიციელმა ხელები ერთმანეთს შემოჰკრა და ჩინოვნიკს გახედა ხომ გეუბნებოდითო. მე დაეჭვებული სახე მივიღე, რა ხდებოდა ვერ გავერკვიე, ამასობაში კი ახალგაზრდა პოლიციელმა გადმოალაგა:

–        „ბატონო, ნიკოლას, თქვენ ბავშვებს პირისპირ ასწავლით ინგლისურს?“

–        „დიახ, დიახ, რატომ მეკითხებით?“

–        „ბატონო ნიკოლას, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კანონის მიხედვით თქვენ არ გაქვთ უფლება ასწავლოთ ბაღებში. თქვენ არ ხართ არც ამერიკელი და არც ინგლისელი. ინგლისური ენის სწავლება მხოლოდ ამ ქვეყნის წარმომადგენლებს შეუძლიათ და გინდაც რომ არა ეს, თქვენს კომპანიას რომელმაც მოგიწვიათ ჩინეთში სამუშაოდ სხვა სახელწოდება ჰქვია და მას არაფერი ესაქმება ბაღთან. თქვენ არ შეგიძლიათ ორ კომპანიაში ერთდროულად იმუშავოთ.“ დავიბენი, გადავწყვიტე გავრკვეულიყავი, ახლა მე შევუტიე:

–        „კი მაგრამ, კომპანიამ რომელმაც მომიწვია არის შუამავალი კომპანია რომელსაც მასწავლებლები ჩამოჰყავს უცხოეთიდან და ასაქმებს ბაღებში, მე არაფერს ცუდს არ ვშვრები, გესმით? თქვენს ჩინელ ბავშვებს ინგლისური უნდა ვასწავლო, ეს არაა ცუდი!“

–        „კი, არაა ცუდი ბატონო ნიკოლას, მაგრამ მისმენთ? თქვენ არ გაქვთ მუშაობის უფლება ორ ადგილას, კომპანიამ რომელმაც მოგიწვიათ იქ უნდა იმუშაოთ, დაეტიეთ იმ ოფისში (ოფისად კი სოფია თავის რესტორანს თვლიდა) და ბაღებს აღარ გაეკაროთ. და თუ ბაღში გიპოვნეს პოლიციელებმა იცოდეთ რომ პრობლემები შეგექმნებათ და დეპორტაციას გაგიკეთებთ, შემდეგ 3–4 წელი ჩინეთში ჩამოსვლის უფლებაც კი არ გექნებათ.“

 

ხომ წარმოგიდგენიათ რა სახით გამოვედი ოთახიდან. ჩემი ჩინური გეგმა რომელიც ჯერ კიდეც ცივ ზამთრის დღეებში დაიწყო როცა ვიზისთვის საბუთებს ვაგროვებდი, შემდეგ საკონსულოსთან ვიდექი და სიცივეს ვიტანდი, მერე ამხელა მოგზაურობა და ამდენი ფრენა იმიტომ ავიტანე რომ საბოლოოდ ეს შედეგი მიმეღო? ვიღაც გაპიწკინებული, დაპროგრამებული ჩინელი პოლიციელი მემუქრებოდა დეპორტაციით, მაშინ როცა მე უკვე ვმუშაობდი ბაღებში, მაშინ როცა ჩემი ოცნება ფულის შოვნაზე დაწყებული იყო და მე მთელი ჩემი ქვეყნისთვის, ჩემი ყოფილი სამსახურისთვის უნდა დამემტკიცებინა რომ მეტი უნარი მქონდა და რომ მეტს ვიმსახურებდი. ეს ყველაფერი, მთელი ეს დიადი ჩინური გეგმა საფრთხის წინაშე იდგა, სახეწაშლილი და იმედგაცრუებული გამოვედი ბიუროდან, უკან კი ყურებჩამოყრილი სანი მომსდევდა, სოფია კი არსად არ ჩანდა, შემდეგ გამოვიდა გაბრაზებული სახით და თავისი ჯიპით რესტორანში წაგვიყვანა, არაფერს არ ამბობდა, ინგლისური არ იცოდა, სანის უნდა ეთარგმნა რასაც კი მეტყოდა. მივედით რესოტრანში და სოფიამ როგორც იქნა ამოღერღა:

–              „ნიკოლას, არაფრის შეგეშინდეს, ეგ პრობლემა მე მომანდე, შენ არაფერზე ინერვიულო, არც არავინ შეგამოწმებს და ვერც ვერავინ გაბედავს შენს დეპორტაციას.“ დამამშვიდა, მაგრამ რა დამამშვიდებდა. ცხადი იყო, ეს განაბი ქალი რაღაცას მაქინაციობდა, რა ძალა ექნებოდა მას სოციალისტური ქვეყნის მამებთან. მეორე დღეს დავრწმუნდი რომ სოფიას ძალა სათანადოდ არ მქონდა შეფასებული. მეორე დღეს ამჯერად მარტო მე და სანი წავედით ბიუროში, იგივე საბუთებით, იგივე ახალგაზრდა პოლიციელი დაგვიხვდა და ამჯერად შემეგება, ხელი გამომიწოდა და მომესალმა, თითქოს, გუშინ თითის ქნევით არც ელაპარაკოს, თითქოს დეპორტაციითაც არ დამმუქრებოდეს, გამიღიმა და მეუბნება:

–              „კახი კალაძე, თქვენი პრემიერ მინისტრი შარშან იყო ჩინეთში აბრეშუმის გზასთან დაკავშირებით.“ ხომ წარმოგიდგენიათ ჩემი გაოცება ამას რომ გეტყვის ტიპი რომელმაც წუხადნელი ღამე გაგათენებინა, და დამტვრეული ინგლისურით აგრძელებს:

–              „მე ფეხბურთი მიყვარს, მილანის ფანი ვარ, ვუყურებდი ხოლმე თამაშებს როცა კახი თამაშობდა.“ გაოცებული სახით ვეუბნები რომ კალაძე აღარაა მინისტრი და რომ ახლა ის თბილისის მერია, ახალგაზრდა პოლიციელი კი განაგრძობს:

–              „იცი, ხანდახან ჩვენ ფეხბურთს ვთამაშობთ ხოლმე და თუ შემოგვიერთდები კარგი იქნება.“ ჩემი ნომერი ჩავაწერინე, ასე სპორტულ საუბარ–საუბარში ჩაიბარა კიდეც საცხოვრებელი მოწმობის საბუთები და მითხრა 3–4 დღეში იქნება შენი რეზიდენსიო. ბიუროდან სრულიად სხვა სახით გამოვედი, პირს ვერ ვაჩერებდი, ასისტენტ სანის ვეუბნებოდი:

-               „oh, Sunny, holy shit, omg, u look what happened?“[11]

იმ დღეს ცოტა გულზე მომეშვა, ჩავთვალე რომ სახელმწიფო უწყება არ აპირებდა ჩემს მიმართ რადიკალური ყოფილიყო რომ ამ დროს დალიანიდან ბატონმა დონმა მომწერა:

–              „ბატონო, ნიკოლას, როგორ ბრძანდებით, იმედია, ყველაფერი კარგად მიდის, უბრალოდ მინდოდა მეთქვა თქვენს საცხოვრისთან დაკავშირებით, როგორც გავიგე თქვენში ადგილობრივმა წარმომადგენელმა დიდი ფული გადაიხადა, რათა ბიუროს დაეხუჭა თვალი და პრობელემები არ შეექმნა თქვენთვის.“ რას გულისხმობთმეთქი რომ ჩავეკითხე, თქვენში ერთჯერადად 3 000 დოლარი გადაიხადესო. აი ეს მესმის, ახალგაზრდა პოლიციელმა და დაბღვერილმა ჩინოვნიკმა ქრთამი აიღეს ჩემი განაბა სოფიასგან რომ მე აქ საცხოვრისის უფლება მომეპოვებინა. როგორ გინდათ ეს გაიგოთ, შემდეგ გადახარშოთ და მერე შეეგუოთ. ქართველი რომ არ ვყოფილიყავი ალბათ ავტეხდი პანიკებს, მაგრამ ჩემთვის ყველაფერი გასაგები იყო, თანახმა ვიყავი და სიამაყის შეგრძნებაც კი მქონდა რომ ჩემში ვიღაც თანხას ითხოვდა, ვიღაც სრულიად უცხო კი იხდიდა. მერე იმაზეც დავფიქრდი რამდენს გადაიხდიდა სამშობლო ჩემში, იქ ყველას ვეკიდე და ყველა ხელს მკრავდა. მაშ ასე, კორუფციის აბლაბუდაშიც გავები და სულაც არ მადარდებდა, მთავარი იყო ფული მეშოვნა, მთავარი იყო წარმატებისთვის მიმეღწია ჩემი მარტოობის, ჩემი შორსმყოფობის ხარჯზე. ამ ფაქტმა ბუნებრივად კიდევ უფრო შემირყია ნდობა კომპანიის მიმართ. მათ თუ სასტუმროზე ასე მომატყუეს, კორუფციის თემაშიც გამხვიეს კიდევ უფრო მეტი არ გაებედათ და ჩემს ხელფასზეც არ მომხდარიყო რაიმე სახის უსიამოვნება.

 

  1. 5. ვინ ვარ მე

 

ყველა დაბრკოლების მიუხედავად რეზიდენსის მოწმობაც ავიღე და ყველა ლეგალური პროცედურა დავამთავრე, ახლა ყველა საჭირო დოკუმენტით სრულიად არალეგალური გზებით მოპოვებული ლეგალური საბუთებით ვაგრძელებ ცხოვრებას მანჯურიაში.

ჩინურ სახელმწიფო კორუფციასთან შეჭიდება არც თუ ისე სასიამოვნო აღმოჩნდა, მაგრამ ცხოვრებას ისევ მიხალისებდა ბაღში ბავშვების დანახვა, რომლებიც ყოველ გაკვეთილზე ერთმანეთზე უფრო საყვარელ მომენტებს მჩუქნიდნენ და კიდევ უფრო მსიამოვნებდა ქუჩაში გასეირნება, მითუმეტეს რომ ამინდები ნელ–ნელა გამოდიოდა და ხალხიც ისევ ისე სიყვარულით მხვდებოდა, ჩემი პოპულიზმი ზენიტს განიცდიდა, თუმცა უმიზეზო პოპულიზმი და სულ უფრო მეძალებოდა სურვილი დამეწყო ჩინურის სწავლა, მერე კი ჩემი ნოველები და ლექსები ჩინურად მეთარგმნა, ჩინელები რომ დააფასებდნენ ჩემს შემოქმედებას, პეკინის მთავარ ბიბლიოთეკაში ჩემი წიგნების პრეზენტაცია რომ მოეწყობოდა და ათასობით ადამიანი ნიკოლასის წიგნებს რომ წაიკითხავდა მერე დარჩებოდათ პირი ღია ქართულ ლიტერატურულ წრეებს. მეფიქრებოდა იმაზეც, თუ როდის ვიტყოდი უარს პაპარაცებზე, როდის მომბეზრდებოდა ეს პოპულარობა და დავიწყებდი ამერიკელი კინო ვარსკვლავებივით წუწუნს, რომ პირად სივრცეს მირღვევენ და უბრალოდ თავისუფლად შეუძლებელია გარეთ გასვლა.

კინო ვარსკვლავობაზე გამახსენდა, ერთ–ერთ საღამოს ერთ მასწავლებელთან ერთად, ახალგაზრდა, მომხიბვლელ ქენდისთან ერთად კინოში წავედი. ქენდიც ისევე როგორც სხვა დანარჩენნი ამტვრევდა ინგლისურს, თუმცა ქერად იღებავდა თმას და ეს პლიუსი იყო ამ ყვითელმთმიან ჩინელუკასთან საუბარი გამება. კინოთეატრში რომ ავედით და დერეფანში ვიცდიდით, ყველა ჩვენ გვაცქერდებოდა, გაბედული ბავშვები მოვიდნენ მშობლებთან ერთად და სურათები გადაიღეს. მორიგი ამერიკული ჰიროუ ექშენი[12] გადიოდა – „შავი პანტერა“. მარველმა თითქოს ამ ფილმით გადაწყვიტა შავკანიანი და განსაკუთრებით აფრიკელი ბავშვებისთვისაც გამოენახა სუპერ ჰიროუ. ფილმი რომ დასრულდა და გარეთ გამოვედით რას ვხედავ, ხალხს დერეფანი გაუკეთებია და ტაშს მიკრავენ, ასე მეგონა საკუთარი ფილმის პრემიერიდან გამოვედი, ისინი ტაშს მიკრავდნენ უბრალოდ, უმიზეზოდ, რომ მე აქ ვიყავი, რომ მე ვარსებობდი და მათ ვეწვიე, ამაზე უცნაური რა უნდა ყოფილიყო, კენდიმ ამიხსნა რომ ამაში გასაკვირი არაფერი არ იყო. თავი პატარა უფლისწული მეგონა, კინოთეატრიდან გამოვდიოდი და თითქოს მიწიდან რამოდენიმე სანტიმეტრითაც კი ავიწიე ისე მოვფრინავდი.

ჩემი ჩინელების სახელებზეც მინდოდა თქმა, რომ ყველა ეს სახელი: სოფია, ლინდა, სანი, დონი, ქენდი – შერქმეული ლათინური სახელებია და არაფერი კავშირი არ აქვს რეალურ პირებთან, მათი სახელი პასპორტში ჩინურად სულ სხვანაირად ჟღერს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისთვის ისინი სულ სხვა პიროვნებები არიან, სახელები სოფია, ლინდა, სანი კი მხოლოდ სოციალური ქსელებისთვის და თითოოროლა უცხოელისთვის სპონტანურად შექმნილი სახელებია.

ვინ ვარ მე მათთვის? მე თუ ნიკოლასი ვარ და ევროპელობას ვჩემულობ, ქართველობას და საქართველოს გავიძახი გარემო მაინც სხვა რამეზე მეტყველებს. ქუჩაში სამმა ადამიანმა მომაძახა „ჰელოუ ამერიქან“, ხომ არ გავუტეხავდი? ან როგორ უნდა დამეწყო ახსნა რომელი ჯორჯია, 90%-ს არც გაუგია საქართველოს შესახებ. ჩემს ბავშობაში, ანუ 90–იანებში კი მქონდა შეგრძნება რომ ამერიკელად ვიზრდებოდი, რადგან იმ პერიოდში ჩვენთან შემოსული კინო, ჩვენს ტელეარხებზე ამერიკული მუსიკა, ამერიკული ტელე შოუების ანალოგი გადაცემები, ყველაფერი ეს მიქმნიდა რაღაც შეგრძნებას რომ ჩვენ ამერიკელებად ვიზრდებოდით, მაგრამ მთლად ასე ამერიკაში ყოფნის გარეშე თუ გავხდებოდი ამერიკელი ამას ვერ წარმოვიდგენდი. აი ასე, ამერიკის კონტინენტზე  ფეხიც კი არ დამიდგავს მაგრამ იაგდაქისთვის მე ამერიკელი ვარ. შეიძლება ამის საბაბსაც ვაძლევ, რადგან თმა მოვიზარდე, წვერებიც მომეზარდა, მაღალი ვარ და ყავისფერი ჩექმებით მივიჯგიმები ქუჩებში, ლამისაა დეზები ავაკრაჭუნო და თოფი ამოვიღო ქამრიდან. ჩემს თავს მეც შევამჩნიე ამერიკული ვესტერნ სიარული, არ ვიცი ეს იმის ბრალია რომ მათ რამოდენიმეჯერ ამერიქან დამიძახეს და მეც გამიჯდა ამერიკელობა თუ აქამდეც ასე დავდიოდი და არასდროს შემიმჩნევია.

თუმცა კომპანიის თანამშრომლებმა სოფიამ, ლინდამ, სანიმ და ა.შ. ბაღის მასწავლებლებმა გარკვევით იციან რომ მე საქართველოდან ვარ. „გულუჯია“ - ჩინურად ასე სასაცილოდ ჟღერს ჩვენი ქვეყანა, მაგრამ კარგად იციან რომ მე ევროპელი ვარ. უნდა ნახოთ როგორ ვჩემულობ ევროპელობას, საფრანგეთის, ინგლისისა და გერმანიის მერე საქართველოს რომ ვასახელებ და ვცდილობ ასე გავაგებინო სადაა საქართველო და რაა ევროპა. ჩემს ევროპელობას მაშინაც ვამტკიცებ როცა ტაქსში ვჯდები და ღვედს ვიკრავ, ჩაინაში მძღოლებს ღვედების ადგილას ჩარჭობილი აქვთ რაღაც რკინის ჭანჭიკები რადგან არავინ არ იკეთებს ღვედს, მე კი ვჩემულობ რომ ეს აუცილებელია და მაგალითად მომყავს რომ ჩვენთან ევროპაში! საქართველოში! ეს კულტურაა. კიდევ უფრო სასაცილოა როცა მწვანეზე გადავდივარ და ზებრაზე მანქანებს არ ვუთმობ, არადა აქ ისეთი შეშლილი მძღოლები არიან, ისე ცუდად ატარებენ და არ დაგიდევენ ფეხით მოსიარულეს, აქ მანქანებს აქვთ უპირატესობა, დაკანონებული უპირატესობაც კი, მანქანა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ადამიანები.

ბაღებში ჩემს ასისტენტ სანისთან ერთად დავდივარ. ბაღებში მუდამ ტაქსით მივდივართ ტაქსისტებიც სულ მკითხულობენ საიდან ვარ, და გულუჯიას მეტი რომ არაფერი იციან ხოლმე, სანის ვეუბნები რომ აუხსნან სტალინი იყო ქართველი და რომ საქართველოში დაიბადა საბჭოთა კავშირის ბელადი. სტალინი კი ყველამ იცის, რადგან სტალინი მაო ძედუნის „ძმაკაცი“ იყო და მაო ძედუნი ხომ ამათი მამამთავარია, ჩინური კომუნისტური სახელმწიფოს ფუძემდებელია. იუანის ყველა კუპიურაზე მაო ძედუნია გამოსახული. ტაქსისტები სტალინის გაგონებაზე იბრინჯებიან, უხარიათ, მოწონების ჟესტს მანიშნებენ ხოლმე. სანისთვის დამჭირდა იმის ახსნა რომ სტალინი საქართველოში დაიბადა მაგრამ მერე მოსკოვში წავიდა და იქ გახდა მსოფლიოს ერთ–ერთი წამყვანი, საბჭოთა კავშირის ლიდერი, და უდიდესი პოლიტიკური ფიგურა მსოფლიოს ისტორიაში.

ამ ამბის მოყოლა დამეზარებოდა კიდეც რომ არა ერთი ამბავი. სოფიას რესოტრანში ვისხედით მე და სანი და ბაღებზე ვსაუბრობდით რომ რესტორანში ბარმენმა მუსიკები ჩართო, ყურს სასიამოვნო ჟღერადობა მოხვდა, ნარნარა, ტკბილი გოგონას ხმამ ტანში ჟრუანტელი დამიარა, გარკვევით გავარჩიე „I see you arriving at the station, but it’s only my imagination“ და ხელები გავასავსავე, თვალები სიხარულით ამევსო, ამ მიყრუებულ მანჯურიაში ახლა მხოლოდ მე და ის, მე და განუმეორებელი, ქეთი მელუა ვიყავით ქართველები. აქაც კი, სამყაროს დასალიერში, სამყაროს მივიწყებულ ჩინურ ქალაქში ქართული ხმა ჟღერდა, და დავიწყე სანისთვის იმის მოყოლა რა მაგარი მუსიკოსია ქეთი მელუა, ვუთხარი რომ მის კონცერტზეც ვარ ნამყოფი ბათუმში, და რომ დავასრულე ქეთი მელუაზე ამბის მოყოლა ინგლისში მოღვაწეობსთქო, ჩემმა ასისტენტმა წარბები მოღრუბლა და მკითხა: „ვერ გავიგე სტალინი მოსკოვში, ქეთი ლონდონში, ყველა ქართველი საქართველოს გარეთ ხდება ცნობილი და წარმატებული?“ ჰმ, გავუღიმე ამ დებილ გოგოს ჭკვიანურ მიგნებას. მერე კი გზაში ვფიქრობდი, მაინც რა ფენომენი იყო ეს, პატარა ქვეყნის შვილების სენი თუ  კომპლექსი? მეც ასეთ გზას ხომ არ დავადგებოდი? სტალინი, ქეთი მელუა და ნიკოლასი.

და მაინც ვინ ვიყავი მე იაგდაქელებისთვის? გულივერი? ლამაზი უფლისწული? თუ თეთრი სტუმარი? თუ უბრალოდ უცხოელი? იქნებ სულაც ჩვეულებრივი იაგდაქელი ვიყავი, რადგან ერთ დილას როცა ბაღისკენ მივიწევდი, ჩემი სადარბაზოდან გარეთ გავედი და გზას დავადექი, შეგრძნება მქონდა რომ მე ამ ქალაქელი ვიყავი, რადგან აქ ვიძინებდი და აქ ვიღვიძებდი უკვე ორი თვე იყო, საჭმელსაც მოვუხერხე რაღაც, წყალსაც, ჰაერსაც შევეგუე, ენასაც ვიმტვრევ უკვე და რაც მთავარია ხვალაც აქ გავიღვიძებდი და ზეგაც, კიდევ არ ვიცი როდემდე დავრჩებოდი ამ შორეულ ქალაქში, ვინ ვიყავი მე? ერთი ჩვეულებრივი იაგდაქელი, უცხოელი რომელიც თავს უცხოდ აღარ გრძნობდა.

 

 

  1. 6. ვინც რისკავს...

აღდგომები ახლოვდებოდა და მეც ჩემი ქრისტიანული გრძნობები მომეძალა, ამ მიყრუებულში იქნებ ვინმე ქრისტიანი მაინც მეპოვნა და მასთან ერთად აღმენიშნა ჩვენი დღესასწაული. ამიტომ ბევრი გაკითხვა–გამოკითხვის შემდეგ ასისტენტმა სანიმ დამაკვალიანა და მითხრა რომ იყო ერთი ქრისტიანული ტაძარი, 2008 წელს აშენებული, მაგრამ ჩემმა კონსულტანტმა ნამდვილად არ იცოდა ფუნქციონირებდა თუ არა. ერთ მზიან კვირა დილასაც, საქართველოში რომ ბზობა იყო, გავწიე მისამართისკენ, ჩემი სახლიდან ნახევარი საათის სავალ გზაზე. ჩემი გეოგრაფიული უნარებით ადვილად მივაგენი და მართლაც ჩემს წინ დიდი ეკლესია წამოიმართა, გოთური არქიტექტურის, უფრო ამერიკული ქრისტიანობის სურნელი დაჰკრავდა, პურიტანული, დიდი ჯვარი კარის შესასვლელთან ქვეშ კი ეწერა 2008 წელი. გამახსენდა აგვისტოს ომი, ანუ ჩვენ რომ იმ ორომტრიალში ვიყავით იაგდაქში ეს ტაძარი შენდებოდა, ხომ ხედავთ სამყაროში როგორ ყველაფერი ერთმანეთზეა გადაბმული. ალბათ ამბობდა ვიღაც ჩინელი მუშა 2008 წელს, ვის რა ჯანდაბად გამოადგება ეს ტაძარიო, 10 წლის მერე კი იმ ქართველს გამოადგა რომელიც 2008 წლის აგვისტოს ცხელ ღამეებში შიშით იძინებდა, ვაითუ რუსების ჩამოგდებულ ბომბს შეეწირებოდა ის და მისი კორპუსი. ომის სტრესი დიდი სტრესია და დიდხანს გსდევს, სტრესია უფრო ის რასაც ელი და არა ის რისი მონაწილეც ხარ, რადგან მონაწილეობის შემთხვევაში შემოქმედიც ხარ პროცესის, გარკვეული წესებით თამაში გიწევს, მაგრამ როცა მოლოდინში ხარ და წესებიც გაურკვეველია სწორედ ეს სტრესი გაყენებს ყველაზე დიდ დარტყმას და ტოვებს შენში ენითაუწერელ და უმიზეზო შიშებს. მოკლედ მივაგენი ტაძარს უფლისას, რაც მთავარია ჯვარი იყო გამოსახული და ქრისტეს სახლს წარმოადგენდა სხვა რამ არც მადარდებდა. შევედი ეკლესიაში და ახალგაზრდები თავის დაკვრით, თვალიერებით შემეგებნენ. აი, მაშინ კი თავი ნამდვილად მოციქულთაგან ერთ–ერთად წარმოვიდგინე, წარმოვიდგინე რომ საერთოდ შეიძლებოდა ქრისტეც ვყოფილიყავი, ტაძარში შესვლისას რომ ეგებება ხალხი, სიხარულით და ღიმილით რომ ხვდება „და შევიდა იგი ტაძარსა შინა“ ვიყავი იმ წუთებში. დამტვრეული ინგლისურით მიხსნიდნენ ეკლესიის შესახებ, მაჩვენეს ჩინური ბიბლია, ამიხსნეს რომ ახლა უკვე დასრულებული იყო დილის წირვა და ყოველ კვირა დილით 8ზე აქ იკრიბებოდნენ. მე სიამაყით ჩემი ჯვარი ამოვაცურე გულიდან და ყველას გაოცების „ვაუ“ აღმოხდა. ბოლოს კი ორღანი შევნიშნე, მისკენ გავწიე, მრევლი კუდში დამყვებოდა, თავდახრილი 10იოდე ჩინელუკა მომყვებოდნენ ყველაფერზე. ორღანს მივუჯექი და რა უნდა მექნა? რა უნდა დამეკრა? მე ხომ კათოლიკური მესები არასდროს მისწავლია, შოსტაკოვიჩის ვალსი არაადეკვატური იქნებოდა ამ გარემოსთვის, ამიტომ ისევ ბახი, ბახი მოვარდა ჩემს გონებაში. საბედნიეროდ, ბახის მენუეტი გავიხსენე, მარჯვენა პედალსაც დავადგი ფეხი და ნოტები კიდევ უფრო რომ გაღჟერდნენ ნამდვილ კათოლიკური მესას დაემსგავსა ყოველივე, ნამდვილი ქრისტიანი მისიონერი ვიყავი. ჩემს გარშემო კი ხელებგასავსავებული ჩინელი მრევლი იდგა, ახალმოქცეულები, სასწაულების მოლოდინში, რწმენის გამყარების მოლოდინით, მობილურებით ხელში და პირდაღებულები, „ვაუ ვაუს“ გაიძახოდნენ, მე მათი სასწაული ვიყავი. ეკლესიიდან სულ ხელების ქნევით გამომაცილეს და მომიწოდებდნენ მომავალ კვირასაც მივსულიყავი მათთან, მომავალ კვირასაც გამეხარაებინა ისინი ჩემი მისვლით, აი ასეთი იყო ჩემი სტუმრობა ქრისტიანულ კათოლიკურ ტაძარში. შინ რომ დავბრუნდი საღამოს მაგიდას ვეჯექი და ფლომასტერებით წითლად ვღებავდი კვერცხებს, საქართველოს დროშიანი კვერცხი ყველაზე შესამჩნევ ადგილას დავდე. ჩვენი წითელი ღვინოც გავხსენი, პასკის ჩინური ჩანაცვლება კი ჩინური ქიშმიშიანი ფუნთუშა იყო. გემრიელად გეახელით ჩინურ სააღდგომო სუფრას. ჩემში ქრისტე კვლავ იბადებოდა, კვლავ ენთო მისი ცეცხლი და ეს სიამაყით მავსებდა, ის არასდროს არსად არ მტოვებდი, სამყაროს დასალიერშიც კი ჩემთან იყო.

ნელ–ნელა ახლოვდებოდა დღე როცა ჩემი პირველი ხელფასი უნდა ამეღო, ამ დღეს გადაწყდებოდა და გაირკვეოდა იყო ეს ნორმალური კომპანია რომელიც ხელს შემიწყობდა წარმატებაში, ფულის შოვნასა და განვითარებაში? თუ მორიგი დაგოიმება მელოდა ცხოვრებაში? და სამშობლოს მერე ახლა ჩინეთი ჩამარტყავდა წიხლს? ვაის გავეყარე ვუის შევეყარე დამემართებოდა? თან ამ კომპანიამ ხომ უკვე უამრავ უცნაურ და არაპროფესიონალურ ხათაბალას გადამყარა, მახსენდებოდა კორუფციის შემთხვევა, სასტუმროს მოტყუება და ა.შ. ხელფასამდე ერთი კვირა იყო დარჩენილი რომ საქართველოდან ერთი უცნაური ამბავი მოვიდა. იმ სამსახურის უფროსი სადაც მე ვმუშაობდი, სახალხო დაცინვისა და გაკიცხვის საგანი გამხდარიყო. სწორედ ის უფროსი რომელიც 5 წლის განმავლობაში არაფრად არ მაგდებდა, ამცირებდა და ადაბლებდა ჩემს ახალგაზრდულ ნიჭს, რომელიც მუდამ ჩემი დაკნინებით იყო დაკავებული, აი ის უფროსი, სწორედ აი ის უფროსი ამხილეს თანამშრომელ ქალზე უცენზურო სიტყვების მოხსენიებაში, ისე გააქილიკეს, ისე გაიგდეს სოციალურ ქსელებში ეს კაცი რომ ღიმილის მეტი არაფერი დამრჩენოდა. უწიეს ცოდვებმამეთქი ვფიქრობდი ჩემთვის და ვალაიქებდი ფეისბუქზე მის მიმართ წამოსულ ტალახს. ეს ტალახი ისეთი სასიამოვნო იყო, თუ ღორები საღორეში ღორობას განაგრძობდნენ მადლობა ღმერთს ხანდახან სააღდგომოდ მაინც ჩაიხედავადა ხოლმე იქ სამართლის ეშმა და ვინმეს მაინც მოეკითხებოდა პასუხი.

დღე დღეს მისდევდა, სახლი, სოფიას რესტორანი, ბაღები, საღამოს სეირნობა და ისევ სახლი. ერთ ჩვეულებრივ დღეს მე და სანი სოფიას რესტორანში ვისხედით რომ მეორე ასისტენტი მომიყვანეს, იქნებ სანის არ ეცალოს ხოლმე მარტო ხომ არ იქნები ბაღებშიო. მეორე ასისტენტმა სანივით არ იცოდა ინგლისური, ამიტომ უნდა დავხმარებოდი ინგსლიურის გაძლიერებაში რაღაც მარტივი სახელმძღვანელოთი. ახალ ასისტენტს ელისი ერქვა, მსუქანი გოგო იყო, ინტერესიანი და ნიჭიერი ახალგაზრდა ჩანდა. პირველივე გაკვეთილში ისე მოხდა რომ ბეთჰოვენზე ჩამოვარდა საუბარი, ნახსენები იყო ფაქტი, რომ ბეთჰოვენი ბონში დაიბადა მაგრამ ვენაში წავიდა სასწავლებლად და ვენაში მიაღწია წარმატებასო. ელისი ყურადღებით მისმენდა, ამიტომ ზუსტად იმ წამს დამარტყა თავში, რატომაც არა, გადმოვულაგებ ამ უცხო გოგოს და ვიამაყებ იმით სად არ ვყოფილვარმეთქი. ჩემი ფეისბუქის დამალული ალბომები გავხსენი და ბონის სურათები ამოვყარე, 7–8 წლის წინანდელი ფოტოები სადაც ბეთჰოვენის სახლ–მუზეუმში ვიწონებ თავს 20–21 წლის ნიკოლასი გოგონასთან ერთად, თან ვუხსნი ელისს, აი ამ სახლში დაიბადა ბეთჰოვენი, აქ ვიყავი და აი აქაც მეთქი. შემდეგ კი 3–4 წლის წინანდელი ვენის ფოტოები ავაფარე სახეზე, ამკჯერად სხვა გოგოსთან ერთად ვდგავარ ვენის ოპერის წინ და თავს ვიწონებ ახალგაზრდა ნიკოლასი. იმ დღეს რესტორნიდან შინ რომ ვბრუნდებოდი, ვფიქრობდი მართლაც სად აღარ მიხეტიალია ევროპის ქვეყნებში, სად აღარ ვყოფილვარ, პირენეიდან დაწყებული ბალტიით დასრულებული, იმ ღამეს ოცნებით დამეძინა, ახლა აზიის დრო იყო, ახლა აზიის ჯერი დადგა, ჩემი ხელფასი უნდა შემეგროვებინა და მემოგზაურა, ყველგან, მალაიზიაში და ტაილანდში, ინდონეზიასა და იაპონიაში, კამბოჯასა და ჩრ. კორეაშიც კი. ყველაფერი უნდა მენახა სანამ ახალგაზრდა მეთქმოდა, სანამ გულში ინტერესის დაუოკებელი ეშმა სახლობდა, იყო კი ის ეშმა? თუ ეს ყველგანმყოფობის ღვთიური გრძნობა იყო – „და შექმნა იგი ხატად თვისა“ განა ღმერთმა თავის მსგავსად არ შეგვქმნა? განა მისი სურვილი არ იყო ყველგან ყოფილიყო? ყველა მატერიკზე, ყველა კუთხე–კუნჭულში ერთდროულად განვრცობილი დროსა და სივრცეში?

KY – ში ერთ–ერთ დიდ შესვენებაზე ელისთან ერთად მაგიდის ჩოგბურთს ვთამაშობდი რომ ორი ჩინელი ბიჭი შემოგვიერთდნენ, ერთ–ერთმა ჩემთან თამაში ისურვა. მეტად დაძაბული გამოდგა ბიჭების შერკინება. მეტოქე, სახელად იო 4:2 დავამარცხე გადამწყვეტ ბრძოლაში. თამაშის შემდეგ კი ერთმანეთს გავესაუბრეთ და აღმოვაჩინე რომ ის ბაღში კუნგ ფუს ასწავლიდა, ამან მეტად მომხიბლა, და ვკითხე შემეძლო თუ არა მეც მესწავლა და სად? იომ მეგობრულად მიმიღო და მომდევნო დღეებში დამითქვა შევხედრის ადგილი სადაც ის გამაცნობდა მის მასწავლებელ ბატონ ვეის და დამწყებთა ჯგუფში ჩამსვავდნენ. მართლაც, დათქმულ დღეს იაგდაქის მთავარ მოედანზე ველოდი იოს და აი ისიც, გადმოხტა ბიჭი შენობის კარიდან ხელის ქნევით, იოც დამტრვეული ინგლისურით ლაპარაკობდა ამიტომ ძირითადად მობილურის აპლიკაციას იყენებდა ჩემთან სასაუბროდ, ურთიერთობა აშკარად გამოდიოდა. შემიძღვა სავარჯიშო დარბაზში და აქ დამხვდა 20იოდე ახალგაზრდა, ჩემხელები და ერთი ორი 35–40 წლის ქალიც, ასე რომ ჩემთვის ცხადი იყო სრულიად დამწყებ ჯგუფში აღმოვჩნდი, ჩემსავით მოყვარულებში. დავიწყეთ ვარჯიში და ისე მესიამოვნა, სხეული გავარჯიშდა, ბატონი ვეი ილეთებს გვიხსნიდა მე კი ბატიფეხურით, მოუქნელი ტანით ვცდილობდი იგივეს გამეორებას, იო გვერდით მედგა და ყველაფერს მითარგმნიდა, ჩემი თანაგუნდელები გაფაციცებიოთ მაკვირდებოდნენ და ყოველ სწორ მოძრაობასა თუ გაკეთებულ ილეთზე ტაშს უკრავდნენ. მე უკვე მრცხვენოდა, იდგნენ ჩემხელა გოგოები და ბიჭები, ზოგი ჩემზე უფრო უფროსი და ჩემს ბადეში ხტუნაობას ტაშს უკრავდნენ, ო, ღმერთო, როგორი სასიამოვნო იყო და თან როგორი უსიამოვნო. იომ შეამჩნია ჩემი დაბნეულობა და თავის მობილით რაღაც მითხრა, დავაცქერდი და მობილის ეკრანზე დიდებული რამ ეწერა: „ნუ გაგიკვირდება, ჩვენ  გვიხარია რომ პატივს სცემ ჩვენს კულტურას, ინტერესი გამოხატე კუნგ ფუს, ჩვენი საბრძოლო ხელოვნების მიმართ და სწორედ ამიტომ გიკრავთ ტაშს“. ამაზე მეტი სტუმართმოყვარეობა ალბათ არც არასდროს მინახავს. ბედნიერი სახით დავასრულეთ ვარჯიში, მერე კი ბატონმა ვეიმ და იომ ძვირადღირებულ რესტორანში წამიყვანეს, ჩემთვის რომ ესიამოვნებინათ ქერათმიანი თოჯინით დაგვირგვინებული ტორტი მომართვეს. რა უნდა მეთქვა, რა უნდა მექნა? სტუმარი ვიყავი სტუმართმოყვარე ქვეყნიდან? სოფია რომ დამატარებდა რესტორნებში უფრო კომპანიის სიაფანდები მეგონა, მაგრამ მივხვდი რომ ის განაბა ქალიც ჩინურ სტუმართმოყვარეობის გამოხატვას ცდილობდა. იმ ღამით დავწექი საწოლში, გავეხვიე ჩემს შანელის საბანში და ვუყურებდი ცაზე მთვარეს რომელიც მოცურავდა, ვფიქრობდი რომ ეს მთვარე ახლა თბილისშიც ამოდიოდა, მთვარის გარშემო ვარსკვლავები კი მხიარულად ბრჭყვიალებდნენ, მინდოდა ერთ–ერთი მათგანი ვყოფილიყავი და თბილისისთვის დამეხედა, კმაყოფილი და ბედნიერი ვიყავი კუნგ ფუს გაკვეთილით, მინდოდა ჩემი თბილისისთვის მომეყოლა ეს ყველაფერი, გამეზიარებინა და ჩავხუტებოდი, ასეთ ფიქრებში ტკბილად ჩამეძინა.

და აი დადგა ის დღეც როცა ხელფასი უნდა ჩარიცხულიყო, გამერკვია, დამსაქმებელი კომპანია ხომ არაფერს მატყუებდა? როგორც მეუბნებოდა და როგორც კონტრაქტში ეწერა ისე გადამიხდიდნენ თუ რამეს დამაკლებდნენ? სრული ერთი თვე არ იყო რაც მემუშავა ამიტომ იმ დღეებისას ვითვლიდი და ვანგარიშობდი ხელფასი რამდენი უნდა ჩამრიცხოდა. მახსენდებოდა ის იმედგაცრუებებიც, კორუფცია, დეპორტაციის დაშინება, უცნაური არაარსებული სოფიას რესტორანი– კომპანია, და ველოდი რა იქნებოდა.  იმ დღეს დილიდან უმიზეზო ტკივილებმა გამაწამეს, ხელფასი ალბათ შუადღისით ჩაირიცხებოდა, მე კი დილის რვა საათზე ფეხები მტკიოდა, ისე მეკვეთებოდა გარეთ გასვლა არ მინდოდა, ვხვდებოდი რომ ეს ფსიქოლოგიური იყო, რადგან მორიგი იმედგაცრუების შემთხვევაში მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი რომ აქედანაც გავიქცეოდი, არაფერს დავინდობდი. შანსი არ იყო აქ დავრჩენილიყავი სასაცილო და არაადეკვატურ ხელფასზე. ფეხი გადავადგი როგორც იქნა, რადგან ბაღში ვიყავი წასასვლელი და ბავშვებთან რომ შევედი მუცლის ტკივილმა ისე ამიჩქარა გული ლამის გული ამერია, თავი შევიკავე, ფანჯარა გამოვაღე, არ ვიცოდი რა მჭირდა, რეალურად არაფერი არ მჭირდა, მაგრამ შინაგან შიშს და მოსალოდნელ სასოწარკვეთას ვიყავი აყოლილი. დიდ შესვენებაზე გავიარე ბანკში და არაფერი არ იყო ჩარიცხული, თანადათან უფრო მემატებოდა აშლილობის სინდრომები, იმასაც განვიხილავდი რომ ჩემებისთვის ფული უნდა მეთხოვნა თუ აქედან გაქცევა მომიხდებოდა. ბაღში მივბრუნდი და ცხვირიდან სისხლი წამომივიდა, ასისტენტმა სანიმ შეამჩნია და დამამშვიდა, ცუდი დღეაო, ხომ ხედავ მზე არ არის, მოღრუბლულია, ცოტა ქარია და ამ დროს ჩვენც წნევები გვემართება ხოლმეო. მერე მივხვდი რომ ეს შეიძლება მართლაც წნევების ბრალი ყოფილიყო, გაზაფხული მოდიოდა იაგდაქში, ფეხების ტკივილიც, გულის ფრიალიც, ცხვირიდან სისხლის წამოსვლაც ყველაფერი წნევასთან იყო კავშირში. აი, დამთავრდა ბაღის საათები, ჩამობნელებულ იაგდაქში ბაღიდან ბანკისკენ დავადექი გზას. იმ გზაზე ყველაფერმა ხელმეორედ ჩაიარა: ვიზისთვის მზადება, ვიზის აღება, დედის და მეგობრების მიტოვება, სამსახურისთვის გამიზნული სამაგიერო, აქ ჩამოსვლა და გულისრევები, ბაღებში მუშაობა და გაწეული სამუშაო, კორუფციის მახეში – ეს ყველაფერი მარტო გადავიტანე, ეს ყველაფერი წარსულში იყო შედეგად კი რა იქნებოდა? ბანკომატში ბარათი შევაცურე, იაგდაქში მწუხრი დგებოდა, ბანკომატმა ინგლისურად დაიწყო საუბარი, inquiry –ს დავაჭირე და რას ვხედავ...

არ მახსოვს შინ როგორ მოვედი, სიხარულით ცას ვეწიე, რასაც ვითვლიდი იმაზე მეტი ხელფასი ჩარიცხეს, ბატონი დონის მაილი დამხვდა კომპიუტერში, წახალისების მიზნით გიმატებთ 1000 იუანსო, რადგან ყველა ძალიან კმაყოფილია თქვენი მუშაობითო. ბარათზე კაპიკი არ დავტოვე, სულ გამოვიტანე, მოვედი შინ და 100 იუანის კუპიურები ოთახში მიმოვფანტე, სიხარულით გული მიცემდა, ეს სულ ჩემი იყო, ცხოვრებაში ამხელა თანხა არასდროს არ ამიღია ერთი თვის მუშაობით, დოლარში ვითვლიდი და 3 000 დოლარზე მეტი გამოდიოდა, საქართველოში მუშაობის ერთი წლის ხელფასი ერთ თვეში ავიღე, შევძელი, ყველაფერი გამოვიდა, ჩემს მიზანს მივაღწიე. დავუმტკიცე ჩემს თავს რომ მამაჩემივით ლუზერი არ ვიქნებოდი, რომ გაჭირვებით არ გავაწამებდი ჩემს შვილებს, რომ საშუალო საცხოვრებელი პირობებისთვის მზად ვიყავი, დავუმტკიცებდი ჩემს ქვეყანას რომ ბევრად მეტის ღირსი ვიყავი. ვიჯექი გახარებული 100 იუანების კუპიურების წინ, ვწერდი დედას და უცბად, არც კი ვიცი, საიდან, როგორ, ტირილი ამიტყდა, ცრემლები მომდიოდა, სიხარულისგან, ტკივილისგან, სიშორისგან, ვტიროდი რომ მივაღწიე, ვტიროდი რომ გამოვიდა, ვტიროდი რომ ჩემს წინ ფულის დასტები ეყარა, მაგრამ მათი მნიშვნელობა ახლა იმაზე მეტი იყო ვიდრე მათი ფასი სავალუტო ბირჟაზე, ეს ფული ჩემი შამპანური იყო, ეს ფული ჩემი სამაგიერო იყო, ეს ფული ჩემი თვითშეფასების ამაღლება იყო, ვტიროდი, თვალებიდან ცრემლები ღაპაღუპით მომდიოდა, ვღნაოდი, ვიძახდი ღმერთოს, ვეძახდი დედას, დეე, მენატრები, დეე ხედავ? შენმა ნიკოლასმა ყველაფერი შეძლო, ვტიროდი, ჩემო ქვეყანა სად ხარ? თბილისო ხედავ? ვღნაოდი მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინას, და ჩემს ცრემლებიან თვალებში ფანჯარაზე რაღაც ირეკლებოდა, ეს არც სასწაული იყო და არც ცით მოვლენილი გამოსახულებანი

იმ პირველ დღეს როცა ამ სახლში გადმოვედი, როცა გული მერეოდა და მთელი დღე–ღამე მეძინა, იმ ღამით 5 წუთით წამოვყავი თავი და ჩემს დაორთქლილ ფანჯარაზე  თითებით სახლი დავხატე, „საქართველო“ დავაწერე, გვერდით ქართულად „დედა“ მივაწერე, „ჩემი და“ მივაწერე, „მეგობრები“ და „თბილისი“, და ეს დაორთქლილზე წაწერილი ისე დამავიწყდა აღარც შემიმჩნევია, ახლა კი ერთი თვის თავზე, როცა ხელფასი ავიღე და როცა უკვე კარგად ვიყავი, ვტიროდი, ჩემს წინ ფული ეყარა, ცრემლებს შორის კი მოჩანდა დაორთქლილ ფანჯარაზე წაწერილი: სახლი, დედა, და, მეგობრები და საქართველო...

 



[1] Mapping – სხვადასხვა თემატიკის რუკების შექმნა

[2] ცეცქენები – ხეებს რომ დასცვივდება ჭია–მატლის მსგავსი წამონაზარდები ფოთლების ამოსვლამდე

[3] პაბეგში ყოფნა – კალკი რუსულიდან, რაც ქვეყნიდან გაქცევას ნიშნავს

[4] ლუზერი – looser, უიღბლო

[5] high class - ჰაი კლასის – მაღალი დონის – ინგლისურიდან

[6] თომას მანის რომანის „ავანტიურისტ ფელიქს კრულის აღსარება“ მთავარი პერსონაჟი ფელიქს კრული

[7] ფრედერიკ ბეგბედერის „99 ფრანკის“ მთავარი გმირი ოქტავ პარანგო

[8] ჰაბი – ცენტრი, ბარბარიზმი ინგლისურიდან

[9] სმოგი – ჰაერის დაბინძურებისგან გამოწვეული ნისლი

[10] ჰაი კლას გაჯეტი - უმაღლესი ხარისხის, ბოლო დონის, ბოლო მარკის მობილური და სხვა ტექნოლოგიური მოწყობილობები

[11] „ხედავ, სანი, ჯანდაბა, ხედავ რა მოხდა?“

[12] ჰიროუ ექშენი – მოქმედებითი კინო რომელიც დაფუძნებულია მთავარი პერსონაჟის საგმირო ამბებზე, მაგ, სუპერ მენი, სპაიდერ მენი, ბეტ მენი და ა.შ.

ელფოსტაბეჭდვა