უნივერსალური ათეული
უნივერსალური ათეული
უნივერსალური ათეული
27 აგვისტო, 2015 წ.
ე.ი. შევდივარ  Facebook-ში და მხვდება მილიონი Notification-ი, კარაბადინი გვინდაო, პატრიარქის ეპისტოლეები გვინდაო, უცხო სიტყვათა ლექსიკონი გვინდაო, ეს გვინდაო, ის გვინდაო. ვჯდები ტრანსპორტში და ვიღაც გოგო დილაადრიანად ჩვენს გვერდს ”სქროლავს” თან ფოტოს კარგად აკვირდება, ყველა წიგნის სათაური რომ ამოიკითხოს. მოკლედ, ერთი ამბავია. მოვდივარ სამსახურში და მხვდება ბლანკებით სავსე ყუთი, საქართველო სამაგიდო წიგნს ირჩევს.
ზოგადად, ”პალიტრა L-ს” ეს აქტიურობა არ  და ვერ აკვირვებს, 50 და 49 წიგნის შემდეგ, რა გაგაოცებს კაცს, მაგრამ მხატვრული ლიტერატურა სხვაა, და წიგნის ყიდვის ოჯახური ტრადიცია აბსოლუტურად სხვა.ჩემს ბავშვობაში მაინცდამაინც არც წიგნები გამოდიოდა, მგონი, მაგრამ რომც გამოსულიყო, ფული არ იყო და აზრი? ეგრე ახლაც კი გამოდის ”Bentley” და ”Rolls-Royce" , მაგრამ, ჰეჰ.
მოკლედ, სახლში გვქონდა ერთი თარო, სადაც მხოლოდ სქელტანიანი და დიდი წიგნები ეწყო, ალბომები, ენციკლოპედიები, ლექსიკონები და მიუხედავად იმისა, რომ ბებოს, ბაბუს, დედიკოსა თუ მამიკოს წიგნები ეგროვებინათ და სხვა თაროებიც კარგად ”გაეძეძგათ” , ის  თარო იყო ყველაზე საპატივსაცემო და ყველაზე წმინდა. ვერ ვიტყვი, მიმზიდველი წიგნები იყო-მეთქი, მეტიც,  ”დიდ საბჭოთა ენციკლოპედიას” რომ ვუყურებდი, მეშინოდა კიდეც, შავი წიგნები, ყვითელი ფურცლებით არ უნდა იყოს კარგი რამე.
წიგნის ყიდვა არის კულტურა, ოჯახის მიერ სამაგიდო წიგნის შეძენაც კულტურაა,
ეს ისაა, რაც, ალბათ, შემდეგ ამ ოჯახის შვილებს წიგნებს აყვარებს.

დედა გაჭირვების ჟამსაც ავსებდა თავის ბიბლიოთეკას, ბუკინისტებშიც დადიოდა ,ბევრ ადგილას ისხდნენ ეს ბუკინისტები, რას არ იპოვიდი მათთან, რა გინდოდა, სულო და გულო, რომ არ ჰქონოდათ.  მე სახლში ვისწავლე, რომ ბუფეტის ფულის დახარჯვის ყველაზე კარგი გზა წიგნის ყიდვაა, მიუხედავად იმისა, რომ ის წიგნი შეიძლება უკვე გქონდეს საოჯახო ბიბლიოთეკაში, აი, ყიდვის პროცესი, მერე სახლში წაღება და გზადაგზა გადაფურცვლა, ამ ჯაჭვზე ვარ შეყვარებული.
არსებობს ცოდნა, რომლის გარეშეც გახვალ, ცხოვრობს ხალხი და მათ არ იციან ფიზიკა, ქიმია, არ იციან, რატომ ხდება რაღაც მოვლენები, მაგრამ ცხოვრობენ. და არსებობს პრაქტიკული ცოდნა, რომელიც უნდა ”იდოს” შენს ოჯახში,  მოკლედ, ჩვენი ცოდნის წყარო, ჩვენვე უნდა ავირჩიოთ,
ბევრი კი არის და კი ვიღლებით ხოლმე კითხვით, გადარჩევით, მაგრამ საქართველო ირჩევს თავის სამაგიდო წიგნს .
ჰოდა, მოგვწერეთ, კომენტარები დაგვიტოვეთ, ბლანკები შეავსეთ.
ელფოსტაბეჭდვა