რას გრძნობს ადამიანი, რომელიც ვერაფერს გრძნობს
 რას გრძნობს ადამიანი, რომელიც ვერაფერს გრძნობს
რას გრძნობს ადამიანი, რომელიც ვერაფერს გრძნობს
28 სექტემბერი, 2015 წ.
ბოლო დროს წიგნების კითხვის სურვილი უფრო ხშირად მაქვს, ვიდრე ამისთვის დასათმობი დრო. ავიღებ, ოც-ოცდაათ გვერდს წავიკითხავ, დავდებ და მერე აღარ ვუბრუნდები. ზოგჯერ ამ ყველაფრის მიზეზი არასაკმარისი დაინტერესებაა, ზოგჯერ, ზემოთ ნახსენები, დროის არქონა, ზოგჯერ კი, თავად  წიგნის არქონა. სასაცილოა, ქვეყანაში გამოცემული წიგნების რაოდენობა ჩინელების რაოდენობის პირდაპირპროპორციულად იზრდება და მე საკითხავი არ მაქვს.. ერთი სიტყვით, ერთგვარი „სეზონის გახსნაა“ და ნება მომეცით, წარმოგიდგინოთ ენდრიუ მილერის „ტკივილის წყურვილი“ და ჩემი ახალი მეგობარი - ჯეიმზ დაიერი.
„აი, საჩემო წიგნი“ - გავიფიქრე, როცა სათაურს დავხედე. ჩემი მელანქოლიური ბუნებიდან გამომდინარე, ძირითადად ისეთ ლიტერატურას ვეტანები, რომელიც ადამიანის, როგორც პიროვნების კვლევისკენ არის მიმართული და ფურცლებზე ჩვენი რომელიმე გამოგონილი თანამოძმის განცდებია აღწერილი. პატივი მაქვს, გაუწყოთ, რომ ჯეიმზ დაიერს ნამდვილად შეუძლია გაჩვენოთ, რას გრძნობს ადამიანი, რომელიც ვერაფერს გრძნობს. ეს არის ისტორია ერთი ექიმის ცხოვრებაზე, სადაც არ არსებობს განცდები, არ არსებობს გრძნობები, არ არსებობს სიხარული, რწმენა, ბედნიერება და ტკივილი. ჯეიმზისთვის ეს ყველაფერი ისეთივე უცხოა, როგორი უცხოც თავად ჯეიმზია ჩვენთვის. „ტკივილის წყურვილი“ ერთგვარი შებრუნებული რეალობის ისეთი ასახვაა, სადაც ნათლად ჩანს თუ რა არსებები შეიძლება, ვიყოთ ტკივილის გარეშე. ის დაიბადა სრულიად უგრძნობი და საკუთარი ცხოვრების დიდი ნაწილიც ასე უგრძნობმა იცხოვრა. ტკივილის არქონის გამო ჯეიმზისთვის უცხოა თანაგრძნობა და მისი პიროვნება ისეთი პრაგმატიზმით და ამბიციურობითაა სავსე, რომელიც ზიზღსაც კი იწვევს. ვწუხვარ, მაგრამ თქვენ არ მოგეწონებათ მისტერ დაიერი და მეტიც, შეიძლება, შიშიც კი გაგიჩნდეთ. შიში იმისა, რომ ოდესმე სადმე არ გადაეყაროთ მის მსგავს პიროვნებას ანდაც თავად არ იქცეთ ასეთად.  
თქმა არ უნდა, რომ ტკივილისგან „თავისუფალი“ მისტერ დაიერის განცდები წიგნში აღწერილი არ არის. ვფიქრობ, ეს ენდრიუ მილერის გენიალური მიგნებაა. ანდაც, როგორ უნდა აღწერო იმ ადამიანის შინაგანი სამყარო, რომელიც არაფერს განიცდის?! არა, ამ ყველაფერს თავად უნდა მიხვდეთ! აი, ერთი წამით წარმოიგინეთ, რომ ვერაფერს გრძნობთ. წარმოიდგინეთ? - არა, ამას ვერ შეძლებდით, რადგან უგრძნობ ადამიანს წარმოდგენის უნარიც არ გააჩნია.  არც ეცადოთ, რამის გაგებას, უბრალოდ მიყევით მილერის დინამიკური თხრობის ტექნიკას. მიუხედავად იმისა, რომ წიგნში დიალოგები ცოტაა და ძირითადად ისტორიაა მოყოლილი, სიმშრალის შეგრძნება მაინც არ დაგრჩებათ... ან შეიძლება, დაგრჩეთ კიდეც, მაგრამ ამას თავად ამბის უცნაურობა და საინტერესოობა გადაფარავს. თქვენ დაინტერესდებით დაიერით, რომელიც ღალატის ნაყოფია, უგულშემატკივრებთ მას, როდესაც ბავშვი იქნება, შეგებრალებათ, როდესაც წამოიზრდება, შეიზიზღებთ, როდესაც კარიერულ წარმატებას მიაღწევს, გაბრაზდებით, როდესაც მის უგრძნობ პიროვნებას საბოლოოდ გაიცნობთ და ველური სიხარული დაგეუფლებათ, როდესაც ის პირველად იგრძნობს ტკივილს.
ჯეიმზის ცხოვრება არსებითად ორ მონაკვეთად იყოფა - მერიმდე და მერისთან შეხვედრის შემდეგ. სწორედ მერია ის გრძნეული ქალი, რომელიც მასში ტკივილის უნარს „ააქტიურებს“ და ყველაზე საინტერესოც აქედან იწყება. აქედან იწყებს ჯეიმზი სამყაროს რეალურ შეცნობას, აქედან უყვარდება ქალი პირველად, აქედან ახსენდება, თუ რამდენი სიავე აქვს ცხოვრებაში გადატანილი და შეიძლება ითქვას, რომ სწორედ აქედან გადაიქცევა ის ადამიანად. ადამიანად, რომელსაც თავს უამრავი უბედურება ატყდება - ფსიქიატრიული საავადმყოფოდან დაწყებული, გაღატაკებითა და სულიერი დაუძლურებით დამთავრებული. ის ყველაფერს ერთბაშად გამოცდის, რასაც, მართალია, ვერ უძლებს, მაგრამ თამამად შეუძლია თქვას, რომ „ეს ამად ღირდა!“
ცხოვრება არაფერია ტკივილის გარეშე - ეს ერთგვარი პათოსია „ტკივილის წყურვილის“ და ტკივილია ის, რის გამოც საგნებს, მოვლენებსა თუ ადამიანებს მნიშვნელობა ენიჭება ჩვენს ცხოვრებაში. სრული არაფრობიდან - აუტანელ ტკივილამდე - სწორედ ესაა ისტორია იმ ადამიანისა, რომელიც ვერაფერს გრძნობს.

ზაზა ნიკოლოზიშვილი

ელფოსტაბეჭდვა