ოდ თომასი - ჩემი უცნაური მეგობარი
ოდ თომასი - ჩემი უცნაური მეგობარი
ოდ თომასი - ჩემი უცნაური მეგობარი
16 სექტემბერი, 2015 წ.
ჩემი ახალი მეგობარი მინდა გაგაცნოთ; 20 წლის ამერიკელი ბიჭი, ოდ თომასი (ოდი სახელია, თომასი - გვარი. „odd“ ინგლისურად „უცნაურს” ნიშნავს), რომელიც კალიფორნიაში, პატარა ქალაქ პიკო-მუნდოში ცხოვრობს, და სწრაფი კვების რესტორანში მზარეულად მუშაობს. გარეგნულად თანატოლებისგან არაფრით გამოირჩევა: მუდამ ჯინსები, მაისური და სპორტული ფეხსაცმელი აცვია. მაშ, რითია უცნაური? - მკითხავთ, ცხადია. ერთი თვისება აქვს - მიცვალებულთა სულებს ხედავს და მათთან ურთიერთობაში შედის. ასეთი ნიჭის ფლობა თუ მოგინდებოდათ? პირადად მე, ნამდვილად არა, რადგან ჩემი ახალი მეგობრისგან ვიცი, რომ ამ თავისი იშვიათი უნარის გამო მუდმივად ფათერაკებსა და თავგადასავლებში ეხვევა. კი მაგრამ, - შეიძლება მითხრათ, - სულები ხომ იმქვეყნად მიდიან, ჯოჯოხეთში ან სამოთხეში, და ვის ხედავს შენი მეგობარი? საქმე ისაა, რომ თურმე უამრავი სული ამქვეყნადაა ჩარჩენილი (მათ შორის, ცნობილ ადამიანთა სულები, მაგ. ელვის პრესლის ანდა პრეზიდენტ ჯონსონის), ამა თუ იმ მიზეზით, და სწორედ ასეთი სულები სთხოვენ ხოლმე თომასს დახმარებას - თვითონ ხომ არაფრის გაკეთება აღარ შეუძლიათ... სთხოვენ სამართლიანობის აღდგენას, შურისძიებას, ადამიანების დაცვას და ა.შ. ჩემი მეგობარიც ეხმარება შეჭირვებულ სულებს, როგორც შეუძლია და რითიც შეუძლია... ოდ თომასს ჰყავს შეყვარებული, სთორმი ლიველინი, არაჩვეულებრივი, საოცრად მომხიბლავი და ჭკვიანი ქალიშვილი, დაქორწინებას აპირებენ, მაგრამ ამ დროს პატარა ქალაქ პიკო-მუნდოს საშინელი საფრთხე დაემუქრება, სატანისტ-მანიაკების ჯგუფი მასობრივ ხოცვა-ჟლეტას გეგმავს და მხოლოდ ოდ თომასს შეუძლია ქალაქის გადარჩენა... რასაც ახლა გიყვებით, ამერიკელი მწერლის, დინ კუნცის რომანშია აღწერილი. სიამოვნებით გავაგრძელებდი სიუჟეტის გადმოცემას, მაგრამ არ მინდა „დაგასპოილეროთ“ (მეც მომხრე ვარ მხოლოდ ქართულად ვილაკარაკოთ, მაგრამ ამ ცნების ქართული შესატყვისი ჯერ ვერ გამოვიგონე, ამიტომ ნუ დამძრახავთ). სიამოვნებით კი იმიტომ გავაგრძელებდი, რომ საოცარი წიგნია - „გემრიელი“... არა „უგემრიელესი“ საკითხავია!.. ერთდროულად შემაშინებელი და ადამიანური, თბილი, ღრმა, სახალისო,იუმორით აღსავსე... ოდ თომასი იმდენად ცოცხალი გმირია, იმდენად გჯერა მისი, რეალურ ადამიანად აღიქვამ (მიუხედავად მისი უნიკალური ნიჭისა და სიტუაციის ფანტასტიკურობისა), ამიტომ არავითარი გაზვიადებაა არაა, როდესაც ვაცხადებ - ჩემი მეგობარია. მართლა მეგობარია - აი, სასწაული, რომელსაც ნამდვილი ლიტერატურა ახდენს, გამოგონილი პერსონაჟი ცოცხალი ადამინივით მახლობელი ხდება! დინ კუნცი ჩვენთან ნაკლებადაა ცნობილი, არადა, ამერიკაში პოპულარობითა და თავის გამოცემათა ტირაჟებით სტივენ კინგს რეალურ კონკურენციას უწევს. მე თუ მკითახვთ, კინგზე უფრო მაგარიც კია, რადგან უფრო ადამიანურია, უფრო ღრმა და თანაც, სახალისო.... ეს საოცარი წიგნი მალე გამოვა გაყიდვაში - დიდი მადლობა „პალიტრა L“-ს რომ გამოსცა და რომ მათარგმნინა. მე და ჩემი უფროსი ბიჭი ილიკო ოდ თომასის ნამდვილი მეგობრები გავხდით. იმედია, ოდ თომასზე დანარჩენ წიგნებსაც ვთარგმნით - დინ კუნცს რომანების მთელი ციკლი აქვს ამ უცნაურ ბიჭზე..

ირაკლი ლომოური
"უცნარი თომასთან" დამეგობრება "პალიტრა L-ის" მკითხველს უკვე შეუძლია.
ელფოსტაბეჭდვა