ეს რა ყოფილა?!
ეს რა ყოფილა?!
ეს რა ყოფილა?!
09 სექტემბერი, 2015 წ.


ეს რა ყოფილა,
ეს რა ჯაფა და წვალება ყოფილა,
გაგიჟებულს ყველგან ათეულის წიგნები მელანდება,
მძინავს, მესიზმრება თითქოს ციხესიმაგრეში ვარ და გარეთ ხალხი შეკრებილა, სხვადასხვა წიგნების დასახელებებს გაიძახიან, უცხო სიტყვათა ლექსიკონი დაბეჭდეეეეეთ,
ეპისტოლეები დაბეჭდეეეთ,
ასტროლოგიაზე წიგნი დაბეჭდეეეთ,
ვიღვიძებ, Facebook Page-ზე მილიონ-ტრილიონი სიახლე მხვდება,
ეს დაბეჭდეთ, ის დაბეჭდეთ,
ფორუმზე შევდივარ იქაც ამბავია,
ფილმია ერთი, „რა სურთ ქალებს“, ასე ჰქვია მგონი, ეგრეა ჩემი საქმე, „რა სურს მკითხველს“, ზოგს რა უნდა, ზოგს - რა.
არის ხალხი, რომლებიც უცნობი და უცნაურსახელიანი ავტორების უფრო უცნაურ წიგნებს ითხოვენ სამაგიდოდ.
მაგრამ ხუმრობა იქეთ იყოს და, უკვე შეიძლება „სამაგიდო წიგნების უნივერსალური ათეულის“ მეათე წიგნის ათეულზე საუბარი. (რა ჩავხლართე?! )
უცხო სიტყვათა ლექსიკონი - წიგნის ძველ გამოცემებს ახლა მხოლოდ ბუკინისტებთან თუ მიაგნებთ, თან ენაში იმდენი ახალი, უცხო სიტყვა და ზოგადად ცნება შემოვიდა და დამკვიდრდა, ნამდვილად ეჭვქვეშ მის საჭიროებას ვერავინ დააყენებს.
პატრიარქის ეპისტოლეებზე რა უნდა ვთქვა?! ჩვენს  არეულ-დარეულ საუკუნეში, როცა ყოფითი პრობლემებიდან ყურადღების სხვა რამეზე გადატანა, სულზე ზრუნვა თუ სხვა რაიმე მსგავსი მსაზღვრელ-საზღვრული ნაკლებად გამოდის, რწმენის გაღრმავება, ცხოვრების სწავლა არც თუ ისე ცუდი რამეა.
ასტროლოგიის მიმართ პირადად მე ცოტა სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, თუმცა რამდენიმე წელია რაღაცები დამილაგდა და დიდი სიამოვნებით მექნებოდა წიგნი ასტროლოგიაზე. ჰოდა კიდევ, ასტროლოგიური ნიშნები სვეტიცხოვლის ფრესკებზეა გამოსახული და რელიგიის მიერ მის აღიარებას ნიშნავს, ალბათ.
იმდენი ვარიანტი გამოიკვეთა, თან მართლა საჭირო და აუცილებელი წიგნების, რომ არ ვიცი, 100-ეულიც შეიძლება არ იყოს საკმარისი. ხანდახან ვფიქრობ, კიდევ კარგი  რომ ხალხმა უნდა შეარჩიოს, თორემ მეხუმრები, ასეთი გადაწყვეტილების მიღებას?!
ეს რა ყოფილა,
ეს რა ჯაფა და წვალება ყოფილა.

ელფოსტაბეჭდვა