უწინ და უწინ და უწინ
უწინ და უწინ და უწინ
უწინ და უწინ და უწინ
02 სექტემბერი, 2015 წ.
2-3 წელი იქნება უკვე, სანამ წიგნის კითხვას დავიწყებ, ჯერ კარგად ვაანალიზებ, მიღირს თუ არა დროის ”დახარჯვად”, რას მივიღებ მისგან და ა.შ.  შეიძლება ვთქვა რომ, იმაზე მეტს ვფიქრობ, ვიდრე ვკითხულობ.ბოლო პერიოდია, არაფერი წამიკითხავს აღიარებული კლასიკის გარდა, ეს ამბავი თავისთავად არ არის ცუდი, თუმცა თამასას ზრდის და მერე აღარაფერი მოგწონს. ლოგიკურია, დოსტოევსკის რომ წაიკითხავ, მერე დობორჯგინიძემ მთლად მთელი ნიჭი რომ გადმოგიშალოს, მაინც კლასიკას შეადარებ და არათანაბარ პირობებში იქნებიან შენი ავტორები. დიდი ხანი არ არის, რაც თინეიჯერობის ასაკს გავცდი, მაგრამ 15 წლისას პაულო კოელიომ რომ იმედი გამიცრუა, იმის მერე სიყვარული-მიყვარული წიგნებს აღარ მივკარებივარ.
მე და წიგნებს უცნაური დამოკიდებულება გვაქვს, ისინი მე ხელში მივარდებიან ხოლმე, მეც კიდევ თუ სხვა სერიოზული საქმე არ მაქვს, კედლებზე წარწერები შემიძლია ვიკითხო, წიგნზე აღარაა ლაპარაკი.
ასე ჩამივარდა ხელში Liberteens-ის გამოცემაც, საერთოდაც, კი მიხაროდა, წიგნებზე რიგები რომ იდგა ”ბიბლუს გალერეასთან”, მაგრამ სკეპტიკურად ვუყურებდი ამ ამბავს, ვამბობდი, კი, დგანან რიგში, კი, წიგნისთვის დგანან, მაგრამ წიგნს ხომ გააჩნია-მეთქი, მაშინ არ ვფიქრობდი, რომ ყველა ასაკს თავისი 
შესაფერისი ლიტერატურა აქვს, სასწაულია ასტრიდ ლინდგრენი, მაგრამ მთელი ცხოვრება ვერ იკითხავ,  თან ახლა მახსენდება ასაკისთვის შეუფერებელ წიგნს რომ კითხულობ, რა ცუდი რამეა,  საბოლოოდ წაკითხვის  
გადაწყვეტილებამდე მეზიზღებოდა ”დედოფალი მარგო”, ჯერ ერთი დიდი იყო, მერე მეორე, ვერ 
ვგებულობდი. და კიდევ ”ყოფის აუტანელი სიმსუბუქე” ჩემთვის მართლა აუტანელი იყო.
ჰოდა, რას მოვაყოლე ეს ამბები, ლუის ლოურენის ”გამღები” წავიკითხე-მეთქი გახარბებდით. მართალი  
გითხრათ, კითხვის დაწყებისას არაფერი განსაკუთრებულის მოლოდინი არ მქონია, ვიცოდი, რთული არაფერი იქნებოდა, მარტივი, მასებისთვის ადვილად გასაგები ამბები მხოლოდ.
”უწინ და უწინ და უწინ” მე ჯონათან ლივინგსტონზე ვკითხულობდი და რაღაც დეჟავუს მსგავსი ამბავი დამემართა, ამ ჯონასსა და იმ ჯონათანს შორის, ”უწინ და უწინ და უწინ” მე იგიზეც ვკითხულობდი და ვიცოდი იგი ის იყო, ვინც საკუთარი თემის სიბრმავეს ხედავდა, იგი ხედავდა, ე.ი. ბრმა არ იყო. იგი ის იყო, ვინც კვალს ტოვებდა.
”დიდი დაძინების ქარაფზე.
რატომ ადისო, არავინ კითხულობს.
ალბათ ჰგონიათ, რომ რაც არის, ის მუდამ იყო."

palitraL

(თავიდან იგისაც ასე ეგონა, მაგრამ ახლა, როცა მრავალი გაკვირვება უკვე ცოდნად ექცა, მიხვდა, რომ მუდამ არაფერი ყოფილა, ყველაფერი ოდესღაც გაჩნდა, და უხმოდ იკითხა თავის სხეულში: “რატომ ადის დამარცხებული ბელადი დიდი დაძინების ქარაფზე?”)”
ჯონასის თემსაც აქვს თავისებური დიდი დაძინების ქარაფი, უფრო სწორად კი, დიდი დაძინებით დაძინების შესატყვისი სიტყვები და ქმედებები და ეს გაშვებაა, თემიდან მას უშვებენ, ვინც უკვე დაბერდა ან ვინც ახალგაზრდაა, მაგრამ ვერ არის სათანადოდ განვითარებული.
არ ვიცი, რამდენად მართებულია იგის, ჯონათანისა და ჯონასის შედარება, მაგრამ ეს ის შეგრძნებაა, რომელიც ამ წიგნმა დამიტოვა, ეს ის დეჯავუა, წიგნის კითხვისას თავს რომ არ მანებებდა.
და მგონია, რომ იგიც ”გამღებია” და ჯონათან ლივინგსტონიც, გამღები ანუ ადამიანი ყველაფრის ”გამორჩეული”, სინამდვილეში კი, ობიექტური აღქმით.
”გამღები” უბრალოდ წიგნია, ავტორის ფანტაზიაა, მისი ნაფიქრია, რეალურად კიდევ, ჩვენ ყველანი გამღებები ვართ, ან მიმღებები, ჰო, მიმღები უფრო შეეფერება ამ სიტუაციას, ჩვენ ვიღებთ კარგ და ცუდ ენერგიებს. ჩვენ ვიღებთ სწორ და არამართებულ გადაწყვეტილებებს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, საკუთარი ცხვირისწატეხვა თავს დავაბრალოთ, ხანდახან მგონია, რომ სხვისთვის შენი პრობლემების დაბრალება ფუფუნებაა, არ გამოხვედი ის,ვინც გინდოდა, ადექი და დააბრალე დედას ან მამას ან ქვეყანას, ვისაც გინდა, ოღონდ არც კი გაიფიქრო, რომ შენ შეგეძლო, უფრო კარგად გაგენძრია ხელი. ახლა სხვა მისტიკაში გადავედი, მაგრამ იმ ჩემი საძულველი პაულო კოელიოს სიტყვები მახსენდება, რომ ადამიანებისთვის ბევრად უფრო კომფორტულია, იყვნენ უბედურები და ეს უბედურება იყოს სხვისი ბრალი.
ფრანგული განმანათლებლობის მთავარი ლოზუნგი იყო სიტყვები: sapere aude!,  რაც ქართულად ითარგმნება, როგორც ”გაბედე საკუთარი განსჯის გამოყენება” . მგონია, რომ ჯონასმა გაბედა საკუთარი თვალით შეეხედა სამყაროსთვის, თუმცა ჯონასი განსაკუთრებული იყო.
წავართვათ ადამიანებს არჩევანის თავისუფლება და ისინი ადამიანები არ იქნებიან. ადამიანი ხომ საკუთარი შეცდომების, დამარცხებების, გამარჯვებებისა თუ სწორად გადადგმული ნაბიჯების სიმრავლეა. ჩვენ ხომ სინათლეს ისე ვერ აღვიქვამთ, თუ სიბნელეც არ დავინახეთ.
უწინ და უწინ და უწინ ჯონასის თემს უბედურებებთან ერთად ბედნიერების შეგრძნების უნარიც წაართვეს. ადამიანობა ტკივილის შეგრძნებისა და ატანის შეჯიბრებაა, რომელშიც მონაწილეობას ყველა ვიღებთ, რადგან არჩევანი არ გვაქვს. და მაინც, მე რომ არჩევანი მქონოდა, უთოვლოდ, უსიყვარულოთ, უემოციოდ სიცოცხლეს ვამჯობინებდი დღევანდელ ცხოვრებას, ფიქრებით არეულს რომ შეიძლება სახლი დამავიწყდეს.
მე რომ ჯონასი ვყოფილიყავი სამუდამოდ ჯონასად დავრჩებოდი.
ჰოდა, კიდევ ერთი რამის თქმა მინდა, იყოს ჭეჭყვა-გლეჯა, იყოს რიგები, ოღონდაც იკითხონ, რადგან ყოველი ნორმალური ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი, ვიდრე იყავიო, გვისწავლია და თუ თაობა გაუმჯობესდება მთლიანად, მაგას რა სჯობს.

წიგნის პირველი თავი თქვენთვის !
ელფოსტაბეჭდვა