სიკვდილი და ”შვილი”
სიკვდილი და ”შვილი”
სიკვდილი და ”შვილი”
24 აგვისტო, 2015 წ.
მე თუ მკითხავთ, სასაცილო რამეა სიკვდილი, ცოტაც - საკრალური, თავისი ცერემონიებით, თავისი ხელოვნურობით, წარმოიდგინეთ,რა უნდა იყოს იმაზე ბუნებრივი, ვიდრე სიკვდილი, ახლა კი გაიხსენეთ ბოლოს დაკრძალვაზე რომ იყავით, როგორი ტრაგიკული რამ იყო და როგორი  სასაცილო, სიკვდილი დასასრულია, თუმცა არა - საერთო ყოფის, სიკვდილი გარდაცვლილის დასასრულია, შეიძლება ვიღაცის დასასრული გაგიდასასრულდეს?
სხვათა სიკვდილი გვცვლის, გვშლის თუ მიწასთან გვასწორებს, ადამიანები მაინც ცხოველებიცით გამძლეები გავმხდარვართ. ვკარგავთ შვილებს, მშობლებს, შეყვარებულებს. ვმარხავთ ყველას, ჩვენ კი მაინც სიცოცხლეს ვეპოტინებით, იმიტომ რომ ესაა, ჩვენი არსებობა, ბრძოლა იმისათვის, რასაც შეიძლება, სულაც არ ჰქონდეს აზრი.
რამდენიმე დღის წინ თრობას მივეძალე, თან კარგ ქართულ თრობას, სადღეგრძელოებით, განსხვავებულებითა და ამბებით.
ჰოდა, ანონიმ ალკოჰოლიკთა აღსარებები იქით იყოს და, მომიწია სადღეგრძელოს რიგმა, თან მშობლებზე უნდა მესაუბრე, მეც დავიწყე, რომ დედაჩემი სუპერგმირია და მამაჩემი - უფრო დიდი სუპერგმირი, რომ ძალიან მიყვარს ისინი და რომ იმის წარმოდგენას, როდის ადგებიან და წავლენ ჩემი ცხოვრებიდან, მირჩევნია, მე უფრო ადრე მოვკვდე, ”მოვკვდე”, რა ცუდი სიტყვაა, არა?!
იქ ისეთი მსჯელობა-კამათი გაიმართა, ვერ აღვწერ, გავჩუმდი, მერე გამახსენდა, დედაჩემმა ერთხელ ჩემი პოსტი წაიკითხა, რომელიც იწყებოდა ასე: „ზოგჯერ წარმოვიდგენ საკუთარი სიკვდილის სცენას“ და იქ იყო მთელი ფილოსოფია, როგორ უნდა ჩაიძიროს ჩემი დამძიმებული სხეული, როგორ უნდა დასკდნენ ჩემი ფილტვები ზღვაში.
იმ დღეს დედამ უჩვეულოდ გვიან დამირეკა, რა გიჭირსო, რა ხდებაო, ასე რამ დაგასევდიანაო, ეს ფიქრები რატომ გიტრიალებსო, ტიროდა,
ადამიანებს ის გვიყვარს, რაშიც შრომას ვდებთ, რისთვისაც ტიტანურად ვიღწვით. ამას დამატებული გენეტიკა და ვიღებთ იმას, რასაც ვიღებთ, ვიღებთ დედასა და მამას, რომლებიც ჩვენს სახლში მისვლამდე ვერ იძინებენ, რომლებიც მისაღებში გველოდებიან, რომ მშივრებმა არ დავიძინოთ, რომელთაც პატარები ვგონივართ, მაშინაც კი, როცა კარგად ხანია, გავიზარდეთ.
ჩემი შაბათ-კვირის წიგნად მიშელ როსტენის „შვილი“ ავირჩიე, მე არ მიყვარს სიმარტივე, მაგრამ ის მიმზიდველია, ვაღიარებ, წიგნს მარტივად ჰქვია „შვილი“, მაგრამ ამ სიტყვას იმდენი რამის დატევა შეუძლია, ჩემი მისადაგებული ეპითეტი უადგილოა, ალბათ.
ჰო, წიგნის ყდა ჩემთვის არის გენიალურობა, ასეთყდიანი წიგნები უფრო მიზიდავს და ადამიანებიც შეუმჩნეველნი, მშვიდნი, ისეთები რომ არ ყვირიან, აქაო და, ყურადღება მოგვაქციეთო. გადავშალე და გრძნობების მთელი კორიანტელი იქ დამხვდა. იქ დამხვდა გარდაცვლილის განცდები, იქ დამხვდა ცოცხლის განცდები, ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ არც ერთი მათგანი არ მეუცხოვა,
მაშ, ასე, ვყოფილვარ მკვდარი, ვყოფილვარ ცოცხალი,
ლიონი კი მკვდარია.
ლიონი მოკვდა.
სიცოცხლე კი დუღს და გადმოდუღს,
ზოგიერთი ადამიანი ეგოისტურად ადგება და მოკვდება ხოლმე. ასე უბრალოდ, დაუმშვიდობებლად და მერე შენ მათზე მოგონებებით ცხოვრება გიწევს, მერე მამამისს მომაკვდავისთვის გადაღებული ფოტოების შეყვარება უხდება, მერე მისი მშობლები საკუთარ მარილიან ცრემლებში იხრჩობიან, ცხოვრება კი მიდის და არავის გამო არ შეჩერდება, უკანაც არ მოიხედავს, არ გამარილისსვეტდება, არავის მოუცდის, ცხოვრება ყველას გვაიძულებს თავის ფეხულში ჩაბმას.
ჩვენ ვსწავლობთ საკუთარი დაღარული, დასევდიანებული სულებით ცხოვრებას, მერე ვეგუებით და ასე ვაგრძელებთ, რადგან ესაა ჩვენი დანიშნულება, გავუძლოთ ტკივილებს, მოვკვდეთ, აღვსდგეთ, რომ კიდევ იგივე განმეორდეს.
ეს ის წიგნია, ბევრ რამეზე რომ დაგაფიქრებთ,
ეს ის წიგნია, სიკვდილის შიშს რომ მოგიხსნით,
და საკუთარი ცრემლების გემოც შეიძლება შეგახსენოთ,
მაგრამ ცრემლები კარგია,
ცრემლები კათარზისია.

ელფოსტაბეჭდვა