სათაგვეთის ექო და ჯერონიმო
სათაგვეთის ექო და ჯერონიმო
სათაგვეთის ექო და ჯერონიმო
21 აგვისტო, 2015 წ.
უცნაური ამბავია, ამბავი არა, გადაწყვეტილება უფრო, ლიტერატურის კრიტიკის საშუალებას მისცემ თავს და პირველი პოსტი არც მეტი არც ნაკლები ჯერონიმოს რომ უნდა მიუძღვნა, მაგრამ იცით, რას გეტყვით?! ყველა წიგნში არის რაღაც, რაც უნდა დაიჭირო, რაც უნდა გაიგო, ამიტომაც მგონია, რომ მკითხველობა ცალკე პროფესიაა და ჩვენ, მკითხველებს, ერთმანეთის უნდა გვესმოდეს. მე იმ თაობის ბავშვი ვარ, ძალიან მაგარ წიგნებს რომ კითხულობდნენ, მაგრამ საშინელი შეფუთვით, ძირითადად მათ უკანა ყდაზე გადაქლექილი წარწერები იყო ხოლმე : 90 კაპიკი ან რამე მსგავსი. მახსოვს, პეპი რომ წავიკითხე, წიგნი ისეთი დაშლილი იყო, ლამის ხელში შემომაბარდა, შემდეგ კარლსონის წაკითხვაზე უარი ვთქვი, სანამ ძველი, მაგრამ კარგ მდგომარეობაში მყოფი წიგნი არ მომიტანეს, ჩემთვის ფორმა ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო.

„ცვალებადია დრო და ამინდი“, ჰოდა, ხელში როგორ ჩამივარდა არ ვიცი, მაგრამ ჯერონიმო სტილტონის სერიის კითხვას მოვრჩი რამდენიმე წუთის წინ. ზოგადად კომიქსები საბავშვო წიგნების ყველაზე კარგი ფორმა მგონია და მომკალით, თუ გინდათ. თუმცა, ფაქტია, არ გვაქვს ჩვენ ჯერ ეს კომიქსების კულტურა.

ამ სერიას მთლად კომიქსსაც ვერ უწოდებ, თუმცა ბევრი ნახატია და მარტივი ტექსტები.

ჯერონიმო სტილტონი სათაგვეთში დაიბადა და ისეთი „კურიკულუმ ვიტაე“ აქვს თაგვებზე წარმოდგენაც შეიძლება შეგიცვალოთ.

ალბათ, გაინტერესებთ, რა მოხელე ”ნაჩალნიკია” ეს ჩვენი თაგვი, ჰოდა, გეტყვით,ჯერონიმო სათაგვეთში ყველაზე ცნობილი გამომცემლობის რედაქტორია და კიდევ მრავალი წიგნის ავტორი. თაგვი რომ გაჯობებს და მწერალი გახდება შენზე ადრე, ეჰ.

ოთხივე კომიქსზე ვერ გიამბობთ, მაგრამ ყველაზე მეტად რომელიც მომეწონა, იმაზე იმდენს რომ ვილაპარაკებ, მთხოვთ, გაჩერდიო, გპირდებით.

ამ წიგნს “ყველისფერი ფურგუნი“ ჰქვია და ჯერონიმოსა და მის ოჯახზეა. ტეა სტილტონს, ჯერონიმოს დას, სხვა ”კომიქსებიდან” უკვე ვიცნობთ, მაგრამ აი, ბაბუა, მსუქანი, ბუზღუნა, ჯიუტი თაგვი და მისი მომვლელი, რომელიც უგემრიელეს ლაზანიას აკეთებს, ახალი პერსონაჟები არიან.

დასაწყისში ჩანს, რომ ბაბუას ტეა უფრო უყვარს, ვიდრე ჯერონიმო, მაგრამ არც დაიჯეროთ, განა სადმე გინახავთ ისეთი ბაბუა, შვილიშვილი რომ არ უყვარდეს? ადამიან ბაბუებზე გეკითხებით, თაგვები მეც არ მინახავს, არც მოყვარულები და არც მოძულეები.

ბაბუა, ჯერონიმო, ტეა და ბაბუის მომვლელი სამოგზაუროდ მიდიან და თან ტრანსპორტად  ფურგუნს ირჩევენ, თან ისეთ ფურგუნს,  ბავშვობაში კი არა, 80 წლის რომ ვიქნები, მაშინაც რომ ვიოცნებებ, სამზარეულო, სასტუმრო ოთახი, კაბინეტი და მისთანანი.

ბაბუა ჯიუტია და კომპასს არ აღიარებს, ამიტომაც იკარგებიან, ჰოდა, მერე იწყება საბრალო ჯერონიმოს ვაება და წვალება. ჯერ გზა მოძებნეო, გააგდებენ და ლაზანიასაც კი არ შეუნახავენ, მერე საწვავი მოიტანეო და ყინვაში „ნაშვილები“ ბავშვივით საშოვარზე უშვებენ, ამჯერად აჭმევენ 4 ყველის პიცას, მაგრამ რად გინდა.

მე, როგორც გურმანს, ყველაზე მეტად ჭამა-სმის ამბები დამამახსოვრდა.

ყველა ბუზღუნა მოხუცის უკან ძალიან საყვარელი ადამიანი იმალება, ჰოდა, ჯერონიმოს ბაბუაც ამხელს წიგნის ბოლო გვერდებისკენ რომ ძალიან უყვარს თავისი შვილიშვილი.

სხვათა შორის, ბაბუა სტილსონი კარგ ბიზნეს-ლიტერატურას რომ შეშურდება ისეთ ფრაზებს ისვრის, ჰა, ერთი : „ წარმატების საიდუმლო იმაშია, რომ ერთ ჯერზე ერთი რამ აკეთო, მაგრამ ხარისხიანად!“

კიდევ ერთგან ასეთ რამეს ამბობს: „ შვილო, დაიმახსოვრე, მოგზაურობა იმისთვის კი არ არის მოგონილი, რომ დანიშნულების ადგილამდე მიხვიდე, არამედ იმისთვის, რომ თავი ორ სხვადასხვა ადგილასა და ვითარებაში წარმოიდგინო, ცხოვრება ერთი დიდი მოგზაურობაა. მნიშვნელობა არა აქვს, უკან რამდენ პრობლემას მოიტოვებ, მხოლოდ იმაზე იფიქრე, რაც წინ გელოდება. რაც უნდა დიდი დაბრკოლების გადალახვა დაგჭირდეს, იმედი არასდროს დაკარგო და არასოდეს შეგეშინდეს, ეს არის, შვილო, ცხოვრების აზრი: ყოველთვის წინ იყურე, რადგან შენ წინ ყოველთვის იქნება გზა, რომელიც მხოლოდ შენი გასავლელია.“

ჰოდა, არ შემიძლია მე ამდენი, „ მე მგრძნობიარე თაგვი ვარ“ კი არა და, ადამიანი.

წიგნები ადამიანებივით არიან, მათი ორ კატეგორიად: კარგებად და ცუდებად, დაყოფა არ შეიძლება.
ელფოსტაბეჭდვა