15 - წლიანი ლიტერატურული თავგადასავალი

ბლოგი

02 ივნისი, 2021 წ.

„დამწყები“: როგორც გულისჭიდილი („ხუმარსწავლა“ მაქსიმალისტურობის სათავედ)

„დამწყები“: როგორც გულისჭიდილი („ხუმარსწავლა“ მაქსიმალისტურობის სათავედ)

02 ივნისი, 2021 წ.

საგულისხმოა და დამაფიქვრელი მიძღვნა შოთა იათაშვილის რომანისა „დამწყები“ (2020, „პალიტრა ელი“ – მწერალთა სახლის თანადგომით):

– „ხუმარსწავლას“ ავტორის, იოანე ბატონიშვილის სულს.

საგულისხმოა და დამაფიქვრელი რომანის ავტორისეული ჟანრობრივი თავისებურების განსაზღვრებაც:

მაქსიმალისტური.

ჟანრობრივი თავისებურების, რაც უპირველესად მაინც რომანის შინაგან სივრცეზე მიგვანიშნებს და მთავარი გმირის სულის გადახსნილობაზე, ყველაზე ღრმა და დაფარული შრეებიც რომ თვალნათლივ უნდა გაუცხადდეს მკითხველს, მისი მძაფრი შინაგანი ჭიდილი ბოლომდე ამოიზიდოს და დიდი სულიერი დრამა მთელი თავისი მრავალფეროვნებით გადაგვეშალოს თვალწინ.

დიდი სულიერი დრამა – ხელოვანის ბედი პოსტკოლონიურ რეალობაში.

ეს აღარ არის და არც შეიძლება იყოს ის განწირულება, რაც დაატყდებოდათ თავს კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენასა“ და ოთარ ჩხეიძის „ლანდების“ მთავარ გმირებს, ყოველმხრივ შეჭირვებულ, სულისამომხდელ ყოფაში რომ უნდა მისდიონ თავიანთ იდეალს, შეუბღალავსა და ამაღლებულს, და დრამატიზმით სავსე სინამდვილეს გამოგლიჯონ სულის ის უკვდავება, ჭეშმარიტი ხელოვნების ქმნილება მაინც რომ უნდა ეწიოს თავის გზასავალს და გაარღვიოს შემბოჭველი და დამთრგუნველი გარემომცველი სივრცე.

თუმც სხვა განწირულება დაუფლებია შოთა იათაშვილის გმირს:

მოუწყობელმა რეალობამ უნდა გახვიოს თავის საცეცებში ნიკოლოზი და გაუძნელოს თვითშემეცნების ის გზა, რომლის მიგნებამ და შემდგომ კი მხატვრული ძალმოსილებით ამეტყველებამ უნდა აპოვნინოს საკუთარი თავი, რათა დაუოკებელი სულიერი ძიებანი ბოლოსდაბოლოს გარდაისახოს იმ პოეტურ თუ ბელეტრისტულ ქმნილებებად, რისთვისაც მოწოდებულა.

თუმც მოწოდება სადღაც შეიძლება ჩაიკარგოს, თუკი მიმოწყდომა დაუსრულებელ მიმოწყდომად დარჩება, რისი საფრთხეც ხელშესახებია, და თხრობა სულაც ამ საფრთხეზეა აგებული – გადალახავს თუ ვერ გადალახავს გმირი ერთიერთმანეთზე მიწყობილ დაბრკოლებებს და თვითშემეცნება შეაცნობინებს თუ არა სამყაროს ისე, საითაც უბიძგებს იდუმალი მადლი, რაც არ ანებებს დაცხრომა-დაშოშმინებას, და ან გადაიყოლებს და ან ბოლოსდაბოლოს გამოახატვინებს თავს ისე, თავისი ცხოვრების წიგნს რომ შეაქმნევინებს.

დიდი მდუმარებაც გმირისა სწორედ ამას მიგვანიშნებს.

ნიკოლოზის ეს უცნაური, ერთი შეხედვით სრულიად აუხსნელი განდგომა ყოფითობისაგან სხვა არაფერია, თუ არა წინა საფეხური რაღაც განსაკუთრებულის შექმნისა.

მოკლე მინაწერში დავით ქართველიშვილი „დამწყების“ ჟანრობრივ თავისებურებას იმით განმარტავდა:

ეს არის ერთი ადამიანის მიერ სამყაროს მაქსიმალურად შემეცნების მცდელობაო.

და ცხადია ასეცაა.

მაგრამ მაქსიმალისტურობა რომანისა გმირის სულის გადახსნილობას უფრო უნდა გულისხმობდეს.

თუმც... განა ეს ერთიდაიგივე არ უნდა იყოს?

ჭეშმარიტი შემეცნებითი გზა მარტოდენ გონებას არასოდეს მინდობია და არც გამოუღია შესაფერისი ნაყოფი, თუ გულიც მონდომებით არ ჩარეულა, ანუ – ამ გზაზე შემდგარ ადამიანს რაიმე დარჩენია დაფარული თავის სულში, თუნდ „წვრილმანებიც“, და არ უცდია ამოეზიდა ისეთი შრეებიც, მანამდე თავს გულმოდგინედ რომ უმალავდა.

დაე სულიერად დედიშობილა წარდგეს იმ სამყაროს წინაშე, რომლის შეცნობასაც ეძიებს საკუთარი თავის შეცნობის გზით.

მინაწერში ის საშიშროებაც აღნიშნულა, რაც ამგვარ ძიებას შეიძლებოდა დამუქრებოდა:

მოსაწყენი, არაფრისმთქმელი ეგზისტენციური ბოდვა – ამ მკაცრ განსაზღვრებასაც არ მოერიდებოდა დავით ქართველიშვილი, რათა გაეთვალსაჩინოებინა მკითხველისათვის, რაოდენ რთული გზა აერჩია შოთა იათაშვილს თხრობისა, თითქოსდა – ან რაღა თითქოსდა! – უფსკრულის თავზე გადადიოდა თოკით, ფეხის ერთი გადაცდენაც საბედისწერო რომ შეიქნებოდა მისთვის.

მაგრამ როდესაც იმთავითვე ამ გზას დადგომიხარ:

ან ყველაფერი, ან არაფერი!

შენს გმირსაც ამ საშიშარ გზაზე გაუძღვები და მასთან ერთად ან დაიღუპები და ან ახალი სიმაღლით დააგვირგვინებ შენს პოეტურ თუ ბელეტრისტულ ძიებებს, არაერთი წარმატებით აღბეჭდილს, დიდ გამოცდილებას „დამწყებში“ რომ უნდა მოეყარა თავი, კიდევ სხვა განზომილებაში რომ გადაიყვანდა ავტორს, რომლის მთავარი გმირიც თან არის თვითონვე და თან არც არის, ყოველ შემთხვევაში არაერთი ავტობიოგრაფიული შტრიხი თუ ეპიზოდი გამიზნულად არის ჩართული ექსპრესიულ თხრობაში.

სხვა მხატვრულ ღირსებებთან ერთად:

იუმორნარევშიც.

საუკეთესო გზა რომ გამოდგებოდა თვითშემეცნების პროცესების მხატვრული გადმოცემისათვის.

მრავლისმეტყველია ის ეპიზოდი, ნიკოლოზი აბრეშუმის ჭიასა და მის ყოფაზე დაკვირვებას რომ გადაწყვეტს და გუგლის მეშვეობით შეეცდება ამ საფიქრალში გარკვევას, მაგრამ კვლავ ქიმიას უნდა შეეფეთოს მთელი თავისი სტრუქტურებითა და გაუგებარ ტერმინთა ჩამონათვალებით; ამიტომაც სასწრაფოდ უნდა შეეშვას ამ უიმედო წამოწყებას და... მის საპირისპიროდ უეცრად იაკობ გოგებაშვილის „ბუნების კარი“ წამოაგონდეს, შვილი რომ კითხულობდა ამ წიგნიდან მოთხრობებს მცენარეებზე, ცხოველებზე, ფრინველებსა და მწერებზე. ჯერ კიდევ მაშინ უნდა დაინტერესებულიყო, აეღო, ჩაეხედა და... ვეღარც უნდა მომწყდარიყო, ისე შთამბეჭდავად აღეწერა იაკობ გოგებაშვილს ეს ყველაფერი. და რომ გაახსენდება, იქ აბრეშუმის ჭიაზეც იყო არაჩვეულებრივი მოთხრობაო, „ბუნების კარი“ უნდა გადმოიღოს, საჭირო ტექსტს მიაკვლიოს და... მაშინდელი აღქმა კვლავაც დაუდასტურდეს.

და იაკობ გოგებაშვილი იუმორნარევი იშვიათი მხატვრულობით რომ ასახავდა აბრეშუმის ჭიის ცხოვრებას, ნიკოლოზი უნდა აღფრთოვანებულიყო და პირზე მომდგარი ღიმილით განმეორებით წაეკითხა ეს მოთხრობა.

ამ ეპიზოდში შეგნებულად თუ ქვეშეცნეულად არის გამჟღავნებული „დამწყების“ სტილისტიკის მთავარი კამერტონიც და თავისებურებაც.

და ძალდაუტანებლადაა მიკვლეული „ბუნების კარის“ ამგვარი თხრობის სათავე:

იოანე ბატონიშვილის „ხუმარსწავლა“.

ეს მხატვრულ ძეგლს მხოლოდ ვაჟა-ფშაველას თვითშემეცნებასა და მხატვრულ ძიებებზე კი არ მოეხდინა განსაკუთრებული ზეგავლენა – რასაც „გველის-მჭამელის“ შემოქმედი თვითონვე გვიცხადებდა – არამედ იაკობ გოგებაშვილის „ბუნების კარზეც“, იუმორის გარეშე მკითხველს მაინცდამაინც რომ ვერ გაიტაცებდა მცენარეთა, ცხოველთა, ფრინველთა თუ მწერთა თავისთავად არაჩვეულებრივი თავგადასავლები, და საერთოდაც სამყაროს შემეცნების პროცესში ძალუმად უნდა შემოჭრილიყო იუმორი, „ხუმარსწავლა“ რა მანერაზეც გაიშლებოდა, იონა ხელაშვილის ღრმააზროვან საუბრებს ზურაბა ღამბარაშვილის ღიმილი და სიცილი რომ ჩაეფინებოდა იმ აუცილებლობად, ამ გრანდიოზულ თხზულებას ცოცხალ საკითხავად რომ აქცევდა – ყველა მკითხველისთვის და არა მეცნიერთა მცირე წრისათვის.

დაე ყველა ადამიანს განეცადა სამყაროს შეცნობის მშვენიერებაც და თავიანთ თავშიც ჩაძირულიყვნენ.

შოთა იათაშვილი მადლობას რომ გადაუხდიდა ვენსპილსის მწერალთა და მთარგმნელთა საერთაშორისო სახლსა და არტ-ვილა „გარიყულას“ სამუშაო პირობების შექმნისათვის, ერთი გარემოც და მეორეც საკმაოდ რელიეფურად, მოხდენილი ფერებით ამეტყველებული შემოვიდოდა თხრობაში, „გარიყულას“ ის გამორჩეული მნიშვნელობაც რომ მიენიჭებოდა, მთავარი გმირის იქ ყოფნა დაუჯერებელი, ფანტასტიკური ეპიზოდითაც რომ უნდა აღბეჭდილიყო.

თუ... გასხივოსნება უფრო მოუხდება?

ყოველ შემთხვევაში გმირი ჰაერში უნდა აფრინდეს, და ეს გადაფრენა მხოლოდ ზმანება თუ თვითშთაგონება რომ არ არის, იმითაც უნდა გაცხადდეს, სხვამაც უნდა იხილოს გმირის ეს ფანტასტიკური მოგზაურობა და, ამ უჩვეულობით შეპყრობილმა, თავის მხრივაც მოინდომოს ფრენა, რასაც ერთ-ერთი სიუჟეტური ხაზი უნდა გაჰყვეს და პერსონაჟისათვის კი კინაღამ საბედისწეროდაც დასრულდეს, ნიკოლოზის შემოშველება რომ არა და გამოხსნა გოგონასი ამ სულიერი აღტკინებიდან.

მაინც რას ნიშნავს ამ ფანტასტიკური ეპიზოდის გაჩენა სხვა მხრივ რეალისტურ რომანში?

ახსნა უნდა ვეძებოთ ზღაპრის იმ სიუჟეტში, რომელიც ვითომ შემთხვევით, არადა ღრმა ჩანაფიქრით იელვებს და გვაგრძნობინებს, მთავარი გმირისათვის ზღაპარი მხოლოდ ზეპირსიტყვიერი ჟანრი რომ არ არის, არამედ მნიშვნელოვანია მისი ლიტერატურული ვერსიებიც, დღეს თუ ხვალ მისთვის სულაც მშობლიურად რომ იქცეს – საამისოდ კი აუცილებელი გახლდათ არამარტო საკუთარ თავზე განცდა ფანტასტიკისა თუ მაგიური რეალიზმისა, არამედ სხვა ადამიანის ჩაზიარებაც ამ გასაგნებულ ხილვა-ზმანებაში, იდუმალად რომ უნდა გამოჰყვეს ეს შეგრძნება თხრობას მუსიკალური აკორდივით, ყველაზე დიდი სიმართლის გასაცხადებლად რომ მიისწრაფის ყველა და ყველაფერი, ნიკოლოზის არსებაში ჩაგუბებული და ამოსამზევებლად მზადმყოფი.

„დამწყები“ უცნაური, დროიდან ამოვარდნილი და ამავდროულად ძალზე დროული რომანი რომ არის დავით ქართველიშვილის თვალთახედვით, ფორმის თვალსაზრისით კი საგანმანათლებლო რომანის საუკეთესო ტრადიციების გამგრძელებელი, ეს ფორმა უპირველესად მაინც „ხუმარსწავლას“ უნდა ეკარნახა, იოანე ბატონიშვილი ყოფილიყო მისი შთამაგონებელი, მერე უკვე საგანმანათლებლო რომანის გამოცდილების გათვალისწინებაც რომ არ გაუძნელდებოდა რომანის ავტორს – მისი მორგება ახალი დროისათვის.

ზოგად ფორმას გადმოიღებდა „ხუმარსწავლიდან“, ზოგად სტილისტიკასაც მასვე რომ დაუმადლებდა – იაკობ გოგებაშვილისა არ იყოს – ოღონდ „დამწყებში“ მთავარი გმირი თვითონვე შეითავსებდა იოანე ბატონიშვილის ორივე პერსონაჟს – იონა ხელაშვილიც თვითონ იქნებოდა და ზურაბა ღამბარაშვილიც, მათ დიალოგებს თავის სულიერ ჭიდილად გარდასახავდა და თავის თავგადასავალს კიდეც აქცევდა ჩვენი თანადროულობის სახიერ ნიშანსვეტად.

და ერთხელ კიდევ დაგვარწმუნებდა, რაოდენ ცხოველმყოფელი ქმნილებაა „ხუმარსწავლა“, როგორც კლასიკური ძეგლი, რაოდან სიცოცხლისუნარიანი, კვლავაც რომ შეუძლია მიგვაქციოს თავის გავლენაში და შთაგვაგონოს არაერთი საგულისხმო ჩანაფიქრი, მთლად „დამწყებივით“ თუ ვერ ავზიდავთ, საკმაოდ წაგვადგეს ჩვენი მხატვრულ-ესთეტიკური ძიებების გზაზე.

„ხუმარსწავლა“ – ეს გონიერებითა და სიბრძნით, ღრმა განცდებითა და სიხალისით აღსავსე წიგნი, თავისებურად ტრაგიკულადაც რომ წარმოგვიდგება, რაკიღა დიდი სახელმწიფოებრივი რეფორმების განსახორციელებლად მოწოდებული უფლისწული ამ ქმნილებასღა შეაფარებდა თავს.

კრწანისის ბრძოლაში დიდად გამოიჩენდა თავს, როგორც მებრძოლი და მეთაური.

და როგორც პოლიტიკური მოღვაწე, შეადგენდა და მამას – გიორგი მეთორმეტეს – წარუდგენდა „სჯულდებას“ – სახელმწიფო წყობილებაში თუ რა რეფორმებს უნდა მობმოდა თავი სასწრაფოდ და გადაუდებლად, რათა დახსნილიყო ქვეყანა განწირულებისაგან, მეფე რომ მოიწონებდა უფლისწულის პროგრამას, მაგრამ... გიორგი მეთორმეტის მოწამვლა დაღუპავდა ამ წამოწყებასაც და საქართველოსაც.

და იოანე ბატონიშვილიც გადასახლებაში რომ ამოჰყოფდა თავს, „ხუმარსწავლაღა“ შერჩებოდა სანაცვლოდ მის იმედისა დიდისა...

ამითღა მოითქვამდა სულს...

და მთავარი და უმთავრესი ისაა, შთამომავლობასაც სულს რომ მოათქმევინებდა, და პოსტმოდერნისტულ თუ სულაც პოსტპოსტმოდერნისტულ ეპოქასაც ძალდაუტანებლად გადმოწვდებოდა, „დამწყებს“ უშუალოდ რომ გაუკვალავდა გზას და უმფარველებდა, შოთა იათაშვილის მაქსიმალისტურ წყურვილს თავის მაქსიმალისტურ წყურვილს რომ შეაშველებდა და XXI საუკუნის მწერლის სულიერ ჭიდილს შესაფერის ბალავარსაც ჩაუყრიდა – ზედ aserigad შთამბეჭდავი ნაგებობის - „დამწყების“ - დასაშენებლად.

ავტორი: როსტომ ჩხეიძე