15 - წლიანი ლიტერატურული თავგადასავალი

ბლოგი

11 ნოემბერი, 2020 წ.

წიგნები, რომელთა მიხედვითაც Netflix-ის ეკრანიზაციები შეიქმნა

წიგნები, რომელთა მიხედვითაც Netflix-ის ეკრანიზაციები შეიქმნა

11 ნოემბერი, 2020 წ.

ყველა, ვისაც ფილმებისა და სერიალების ყურება უყვარს, Netflix-ზე გიჟდება, რადგან სწორედ ეს, მსოფლიოში ცნობილი მედიაპროვაიდერი, ქმნის ჩვენთვის საყვარელ მცირე- თუ მრავალსერიიან ფილმებს, რომელთა გამოც ღამეებს ვათენებთ ხოლმე.

Netflix კიდევ ბევრი მიზეზის გამო გვიყვარს. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ ჩვენი საყვარელი წიგნების თანამედროვე და განსხვავებულ ეკრანიზაციებს გვთავაზობს. მეორე მიზეზი ისაა, რომ არასოდეს უვლის გვერდს ბესტსელერებს და როგორც კი ესა თუ ის წიგნი პოპულარობას მოიპოვებს, Netflix-ს უკვე მზად აქვს მისი ეკრანიზაცია. ამ სტატიაში 4 წიგნს შემოგთავაზებთ, რომელთა მიხედვითაც  Netflix-ის ეკრანიზაციები შეიქმნა.


ჯეინ ოსტინის „ამპარტავნობა და ამოჩემება“

ალბათ შეუძლებელია მოიძებნოს ადამიანი, ვისაც ოსტინი უყვარს და 2005 წელს Netflix-ის გადაღებული ფილმი არ აქვს ნანახი. კირა ნაითლისა და მეთიუ მაკფადიენის უკვდავი წყვილი უკვე 15 წელია მაყურებელს აღაფრთოვანებს.

ცნობილი ინგლისელი მწერალი ქალის ყველაზე პოპულარული რომანი ამ სათაურით გამომცემლობა "პალიტრა L-მა" გამოსცა. თუკი წიგნი გაქვთ წაკითხული ან ფილმი ნანახი, სათაურს უთუოდ გაამართლებთ. როგორც ლევან ბერძენიშვილი ამბობს: „მთარგმნელმა შეძლო და ამ ფორმაში, ნაწილობრივ მაინც, ასახა ავტორის მისწრაფება ალიტერაციისაკენ, რომელიც ასეთი მკაფიოა დედნის სათაურში Pride and Prejudice – „ამპარტავნობა და ამოჩემება“ ამ მხრივაც გაუმჯობესებული ვერსიაა და ეს არ არის პატარა ამბავი. რაც მთავარია, ამსათაურიან წიგნს რომ აიღებ, უკვე იცი, რაზეა ის..."


ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი - „დიდი გეტსბი“

ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის ეს რომანი-ფეიერვერკი Netflix-მა გამორჩეულად გააცოცხლა; იმდენად გამორჩეულად, რომ ვისაც წიგნი არ ჰქონდა წაკითხული, მისი წაკითხვის სურვილი გაუჩინა. ფილმმა 2 ოსკარი მოიპოვა, ლეონარდო დიკაბრიოს უბადლო შესრულებამ კი მილიონობით ადამიანი მიაჯაჭვა ეკრანს.

და მაინც, ვინ არის გეტსბი? - მილიონერი, რომელიც წლების განმავლობაში ეძებს დაკარგულ საყვარელ ქალს და სჯერა მისი ერთგულებისა. იპოვის კიდეც, მაგრამ იგი ამ დროს უკვე სხვისი მეუღლეა... სასიყვარულო სამკუთხედის ეს ისტორია იმდენად საინტერესოდ არის გადმოცემული, რომ აუცილებლად უნდა წაიკითხოთ.

წიგნი გამომცემლობა "პალიტრა L-მა" გამოსა სერიაში "იკითხე კლასიკა".


მერი-ენ შეფერი - „გერნზის ლიტერატურისა და კარტოფილის ნათალის ღვეზლის მოყვარულთა საზოგადოება“

თუ გიყვართ ბრიტანული ფილმები ბრიტანელი მსახიობებით და რაც მთავარია, შეუდარებელი ბრიტანული აქცენტით, ეს ფილმი ნანახი უნდა გქონდეთ. ფილმი ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით არის გადაღებული, რომელიც „პალიტრა L-მა“ „წლის ბესტსელერის“ სერიაში გამოსცა.

ომის შემდგომი ლონდონი. ახალგაზრდა მწერალი ჯულიეტი ახალი წიგნისთვის სიუჟეტს ეძებს და მის პოვნაში მისი უდიდებულესობა შემთხვევა დაეხმარება - წერილს მიიღებს კუნძულ გერნზის მეღორისგან, რომელიც სთხოვს მიასწავლოს ლონდონში წიგნის მაღაზია, სადაც საყვარელი მწერლის წიგნებს შეიძენდა. კუნძული გერმანელებს ჰქონდათ ოკუპირებული, მოსახლეობას თავშეყრას უკრძალავდნენ. მტრის თვალის ასახვევად რამდენიმე კუნძულელმა კითხვის სიყვარული მოიმიზეზა, ასე შეიქმნა „გერნზის ლიტერატურისა და კარტოფილის ნათალის ღვეზლის მოყვარულთა საზოგადოება.“


ჯენი ჰანი - „ყველა ბიჭს, რომლებიც მყვარებია“

თინეიჯერული ფილმების გადაღება ყველაზე უკეთ ვის გამოსდის, თუ არა Netflix-ს?! „ყველა ბიჭს, რომლებიც მყვარებია“ კიდევ ერთი, ბესტსელერის მიხედვით გადაღებული ფილმია, რომლის ორივე ნაწილმა უკვე დაიპყრო თინეიჯერების (და არამხოლოდ) გული.

16 წლის ლარა-ჯინი გულისნადებს მხოლოდ წერილებს ანდობს და მათ საქუდე კოლოფში ინახავს. სულ 5 წერილია - ყველა იმ ბიჭისთვის, რომლებიც ოდესმე ჰყვარებია. ერთხელაც ხუთივე წერილი ადრესატებთან მოხვდება და გოგონა სიცრუის კორიანტელში გაეხვევა. სანამ ლარა-ჯინი გაერკვევა, ეს როგორ მოხდა, იმაშიც დარწმუნდება, რომ ცხოვრება ტკბილ-მწარე მოულოდნელობებით არის სავსე: სადაც სიყვარულია, იქ ვერაგობაც შეიძლება იყოს ჩასაფრებული; შეიძლება გგონია, აი,სწორედ ეს ბიჭი მიყვარსო, მაგრამ თურმე ნამდვილი სიყვარული შენ ახლოს, გვერდით ყოფილა, უბრალოდ, დანახვა გჭირდებოდა...

წიგნი გამოიცა სერიაში "ლიბერთინსი".

ოთხივე ფილმი და წიგნი იმ კატეგორიიდან არის, ცხოვრებაში ერთხელ მაინც რომ უნდა ნახო და, რაც მთავარია, უნდა წაიკითხო. თუკი ჯერ არცერთი არ გაქვთ ნანახი, გირჩევთ, წიგნით დაიწყოთ. ამის შემდეგ ეკრანიზაციებს უფრო კარგად შეაფასებთ.