15 - წლიანი ლიტერატურული თავგადასავალი

ბლოგი

07 მაისი, 2020 წ.

კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2020“ წესებში ცვლილებები შევიდა

კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2020“ წესებში ცვლილებები შევიდა

07 მაისი, 2020 წ.

კონკურსი „გახდი ბესტსელერის ავტორი“ უკვე მეოთხე წელია ტარდება და ამ ხნის განმავლობაში, საინტერესო ავტორებიც აღმოაჩინა, პროექტის ფარგლებში გამოცემული არაერთი წიგნი კი ნამდვილი ბესტსელერი გახდა. სწორედ პროექტ "გახდი ბესტსელერის ავტორის" დამსახურებით დამკვიდრდა ქართული წიგნის ბაზარზე ტენდენცია, რომ წიგნების ტოპ ათეულში ძირითად პოზიციებს ქართველი ავტორები ინარჩუნებენ, კერძოდ კი, სწორედ ამ კონკურსის გამარჯვებულები. რამდენიმე მათგანის წიგნი სხვადასხვა ენაზე ითარგმნა და უცხოეთში გაიყიდა, მოიპოვა არაერთი ლიტერატურული ჯილდო.

დღესდღეობით, ეს არის ერთადერთი კონკურსი საქართველოში, რომლის მიზანი ახალგაზრდა, ნიჭიერი მწერლების პოვნა და მათი მკითხველისთვის გაცნობაა.

„2019 წლის გამარჯვებულებთან დაკავშირებით პროექტის წესებით განსაზღვრული გეგმა - ტურნე საქართველოს ქალაქებში, შეხვედრა მკითხველებთან, პრეზენტაციები, თბილისის წიგნის ფესტივალის ფარგლებში, წიგნების წარდგენა და ა.შ. - დროებით გადაიდო, რადგან გავითვალისწინეთ სახელმწიფოს რეკომენდაციები, შექმნილი ვითარების გამო. ამიტომ, გარკვეული ცვლილებები შევიტანეთ 2020 წლის გეგმაშიც, რაც გულისხმობს კონკურსის გამარჯვებულთა რაოდენობის შემცირებასაც. 2020 წელს კონკურსი, ხუთის ნაცვლად, გამოავლენს სამ გამარჯვებულს, რომლებიც, 2019 წლის 5 გამარჯვებულთან  ერთად, ანუ ჯამში 8 (5+3) ავტორი გამართავენ მკითხველთან შეხვედრებს მთელი საქართველოს მასშტაბით“, - მარიამ აბდუშელიშვილი, გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.

გთავაზობთ კონკურსის პირობების აღწერას ზემოთ აღნიშნული ცვლილებების ჩათვლით:

I ტურში კონკურსზე განაცხადების მიღება დაიწყო 1-ლ აპრილს და დასრულდა 1-ლ მაისს.

კონკურსზე დაშვებული ნაწარმოებები აიტვირთება საიტზე (https://www.palitral.ge/konkursi)  და მკითხველს მათი გაცნობისა და ხმის მიცემის შესაძლებლობა მიეცემა 11 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით.

 

I ტურის შედეგად, გამოვლინდება მაქსიმუმ 20 კონკურსანტი -ათი მკითხველის რჩეული გახდება, ათს კი  კონკურსის ჟიური გამოავლენს.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ მკითხველისა და ჟიურის რჩევანი დაემთხვევა ერთმანეთს, მე-2 ტურში გადავა ოცზე ნაკლები ნაწარმოები.

 

მე-2 ტურში გადასული კონკურსანტები შესაბამის შეტყობინებას მიიღებენ გამომცემლობიდან. ამ კონკურსანტებმა, 12 ივნისისდან 20 ივნისამდე, კონკურსის ელ. ფოსტაზე - konkursi@palitra.ge უნდა გამოგზავნონ:


• I ტურში გამოგზავნილი ნაწარმოების გაგრძელება – 60-80 გვერდამდე, Word დოკუმენტი, შრიფტი − Sylfaen, ზომა − 11, ხაზებს შორის დაშორება სტანდარტული (Multiple)
ნაწარმოების დეტალური აღწერა (Word დოკუმენტი, 60-დან 150 სიტყვამდე).

 

მე-2 ტურში პირველ ტურში მიღებული ხმები  ანულირდება და კონკურსანტებისთვის ხმის მიცემა დაიწყება თავიდან, ხმის მიცემის პროცედურის დაცვით.

 

მე-2 ტურში ხმის მიცემა დაიწყება 25 ივნისს და დასრულდება 9 ივლისს, 10 ივლისს კი გამოცხადდება მაქსიმუმ 3 გამარჯვებული. მათგან 1 მკითხველის რჩეული იქნება, 1 − ჟიურის, 1 კი - ჟიურისა და მკითხველის ერთობლივი არჩევანი. ამ უკანასკნელს ჟიური აარჩევს მეორე ტურში გადასული 20 ნაწარმოებიდან.

 

როგორც წესი, გამარჯვებულების გამოვლენამდე, ლიტერატურული კონკურსის ჟიურის შემადგენლობა კონფიდენციალურია.

დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე: https://www.palitral.ge/konkursis-tsesebi-da-pirobebi.html?lang=ka-GE