15 - წლიანი ლიტერატურული თავგადასავალი

ბლოგი

06 მაისი, 2020 წ.

ბოლო პერიოდის ტოპ 5 ქართველი ავტორი

ბოლო პერიოდის ტოპ 5 ქართველი ავტორი

06 მაისი, 2020 წ.

წიგნში საკუთარი თავის ან ირგვლივმყოფების ამოცნობა; იმ რეალობის შეულამაზებლად დანახვა, რაც ჩვენ ირგვლივ ვითარდება, კითხვას კიდევ უფრო საინტერესოსა და სასარგებლოს ხდის.  ამ ფაქტს კი, უფრო ამძაფრებს ის ისტორიები, რაც, შესაძლოა, ჩვენ გვერდით ხდება, მაგრამ ამაზე არაფერი ვიცით.

ყოველივე ამას ქართველი თანამედროვე ავტორების შემოქმედებაში აღმოვაჩენთ-ხოლმე და კიდევ ერთხელ, ამჯერად, შეიძლება სულ სხვანაირად და სიღრმისეულად ვუფიქრდებით ჩვენს თანამედროვე რეალობაში მიმდინარე მოვლენებს.

სიახლოვის განცდა ავტორთან და „ახლობელი“ სიუჟეტები - ალბათ სწორედ ეს განაპირობებს ქართველ მკითხველში მათ ასეთ პოპულარობას.

გთავაზობთ ბოლო პერიოდის ტოპ 5 ქართველი ავტორის წიგნებს:

იაგო თვალაბეიშვილი - „გარდასულები“

ლიტერატურული კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2018-ისა“ და პრემია „ლიტერას“ გამარჯვებული, რომანით „ტრანსმუტაცია“.

„გარდასულები“ ახალგაზრდა ავტორის რიგით მეორე წიგნია. ამ კრებულში შესული მოთხრობები ბედისწერის მიერ ერთმანეთში უცნაურად გადაჯაჭვულ სრულიად დაუჯერებელ ამბებს გვიყვება; აღწერილია ადამიანების გაუსაძლისი ყოფა და ექსტრემალური გარემოს ზეგავლენით გაშიშვლებული, ყველაზე ბნელი, საზარელი მხარე მათი არსებობისა...

„ქვესკნელური თხზულებები“ - ასე აფასებს ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე ამ  წიგნს და აღნიშნავს, რომ ავტორი ყოველგავრი შელამაზების გარეშე გვესაუბრება ჩვენს რეალობაზე.

წიგნი გაფორმებულია ავტორისავე შექმნილი ილუსტრაციებით, გარეყდაზე დატანილია მისივე ნახატი.

ნიკოლოზ ტოტოღაშვილი - „შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა“

„გახდი ბესტსელერის ავტორი 2018-ის“ გამარჯვებული და 2019 წლის ბესტსელერი ნომინაციაში „ქართველი ავტორი“.

„როგორ ვიცხოვროთ - ჩვენთვის, სხვისთვის თუ სხვის დასანახად? ნიკოლოზ ტოტოღაშვილის პირველი ეპიკური ცდა - შეკითხვების რომანი, სადაც პერსონაჟები პასუხებს არ ეძებენ, რადგან ისინი გრძნობენ, განიცდიან, ცხოვრობენ", - ლიტერატორი ივანე ამირხანაშვილი.

„ადამიანის სული ვარსკვლავებით მოჭედილი ცაა, რომელსაც სათითაოდ სწყდება იმედები და ნდობის პატარა ნაგლეჯები, მაგრამ ამ „ვარსკვლავებს“ ვერასოდეს ჩაუთქვამ სურვილის, ისინი სწყდებიან და ყოველთვის თან მიაქვთ, სურვილები, ოცნებები...“

თათული ღვინიანიძე - „აღიარება ხელისგულზე“

„გახდი ბესტსელერის ავტორი 2017-ის“ გამარჯვებული.

წიგნმა გამოცემიდან ძალიან მალე დაიპყრო ქართველი მკითხველი.  რომანის მთავარი გმირი ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტია, რომელსაც ბევრი თანატოლის მსგავსად, კომპლექსები და შიშები არ ასვენებს. ის გამუდმებით საკუთარ თავთან და გარესამყაროსთან იბრძვის.

„აღიარება ხელისგულზე“ არის რომანი ადამიანურ სისუსტეებზე, შეცდომებზე, სინანულზე, მომავლის იმედზე, ბედნიერებისთვის ბრძოლაზე, ცხოვრების არსის შეცნობაზე, საკუთარი თავისა და „შენი ადამიანის“ ძიებაზე...


ელის დოჯსონი - „ამ მთისა და იმ ბარისა“

„გახდი ბესტსელერის ავტორი 2017-ის“ გამარჯვებული.

„ამ მთისა და იმ ბარისა“ ელისის რიგით მესამე რომანია.

სიყვარულში იმედგაცრუებული ახალგაზრდა ქალი დიდ ტკივილსა და დიდი ქალაქის აურზაურს მთაში გაურბის, სადაც უჩვეულო სიწყნარეს, სილამაზეს და მიტოვებული სოფლის ლანდებს აფარებს თავს. სწორედ აქ, მითებისა და ლეგენდების საუფლოში, მისტიკისა და რეალობის, წარსულისა და აწმყოს მიჯნაზე, აღათოს ამბებში პოულობს შვებას, საკუთარ თავს და დიდ სიყვარულს...

წიგნში ავტორი ხევსურულ დიალექტს იყენებს, ტექსტი გამართა და დაამუშავა ლიტერატორმა ამირან არაბულმა.

ელის დოჯსონის „რაფლეზია“, რომლითაც იგი კონკურსში „გახდი ბესტსელერის ავტორი“, ჟიურის რჩეული გახდა, ინდოეთში გაიყიდა.

შორენა ხუხუა - „შემოვალ ეტლით“

„გახდი ბესტსელერის ავტორი 2017-ის“ გამარჯვებული და ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ ლაურეატი.

ლაკონიური აბზაცები, აჩქარებულრიტმიანი, ზუსტი თხრობა, უჩვეულოდ მძაფრი ამბის საპირისპიროდ – ირონიული სტილი, სიმსუბუქითა და სისხარტით შეზავებული დრამატიზმი. მკითხველს უსაგნო სენტიმენტალიზმი კი არ ეძალება, მთავარი გმირის განსაცდელი კი არ თრგუნავს, პირიქით, გულშემატკივრობს ენერგიულ და მშფოთვარე ბორგვას, შემართებასა და ვნებებს ქალისა, რომელიც „შემოდის ეტლით”, თუმცა არა - ზღაპრულით. უფრო ზუსტად, მკითხველი უგულშემატკივრებს გმირს, რომლის ყოველი ნაბიჯი არის შეუპოვარი ბრძოლა სიცოცხლისთვის, სიყვარულისა და ბედნიერებისთვის და რომელიც, მიუხედავად დაბრკოლებებისა, ცდილობს სრულად შეიგრძნოს ცხოვრება...

რომანი ითარგმნა გერმანულად და იყიდება ავსტრიაში.