15 - წლიანი ლიტერატურული თავგადასავალი

ბლოგი

06 მაისი, 2020 წ.

#იკითხექართული - ტოპ 5 წიგნი ახალი ქართული ლიტერატურიდან

#იკითხექართული - ტოპ 5 წიგნი ახალი ქართული ლიტერატურიდან

06 მაისი, 2020 წ.

ქართველ მკითხველს აქვს საშუალება, ფეხდაფეხ მიჰყვებოდეს ლიტერატურულ სიახლეებს მთელ მსოფლიოში და ეცნობოდეს მას ახალ-ახალი თარგმანებით. თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია, ქართული მწერლობა, რომელსაც  პროექტი  #იკითხექართული აერთიანებს.

სერიაში XX-XXI საუკუნის შემოქმედებაა გაერთიანებული და მკითხველს აძლევს შესაძლებლობას, ხელი მიუწვდებოდეს იმ სიმდიდრეზე, რომელსაც ახალი ქართული ლიტერატურა ჰქვია.

პროექტი ვიზუალური მხარითაც განსაკუთრებულია. სერიაში გაერთიანებული წიგნების დიზაინი მთლიანად აგებულია ხელოვნების სასახლის პროექტის - „ქართული ისტორიული ქსოვილის“ მასალებზე და თითეული წიგნი სწორედ ამ ქსოვილებიდან აღებული ორნამენტებითაა დამშვენებული.

რაც შეეხება ავტორებს, რომელთა ნაწარმოებებსაც სერია მოიცავს, გთავაზობთ ტოპ 5 წიგნს ახალი ქართული ლიტერატურიდან:

თამაზ ჭილაძე - „აჰა, მიიწურა ზამთარი“

თბილისში ნაადრევად მოსული თოვლი 30 წლის, მარტოხელა მამაკაცს ხუთი წლის წინ გაცნობილ უცნაურ გოგოს გაახსენებს. ეს გახსენება იმის აღიარებაც არის, რომ გულის სიღრმეში, მალულად, ის ისე ჰყვარებია, თვითონაც არ იცოდა. ამის შემდეგ რომანში ცოცხლდება ეპიზოდები ხუთწლიანი წარსულიდან, რომელიც მთლიანად ამ სიყვარულით არის სავსე.

მწერალს, პოეტსა და დრამატურგს, თამაზ ჭილაძეს მიღებული აქვს რუსთაველის სახელმწიფო და რამდენიმე სხვა პრემია. 1999 წელს კემბრიჯის საერთაშორისო ბიოგრაფიულმა ცენტრმა იგი 1999-2000 წლების „საერთაშორისო ადამიანის“ წოდების ნომინანტად დაასახელა. მწერლის ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე.

გურამ ფანჯიკიძე - „სპირალი“

მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რომანი თანამედროვე წერის სტილის გარდა, სიუჟეტითაც გამოირჩევა.

იმ დროისთვის, პირველი ქართული სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის რომანი დაძაბული სიუჟეტითა და დეტექტივის ელემენტებით, მალევე გახდა მკითხველისთვის საყვარელი ნაწარმოები.

1990 წელს „სპირალის“ მიხედვით, გამოვიდა ფილმიც, რომელმაც რეჟისორ გიული ჭოხონელიძეს დიდი წარმატება მოუტანა.

ჯემალ ქარჩხაძე - „ზებულონი“

ეს არის ქართველი პოსტმოდერნისტი მწერლის ისტრიული რომანი, რომელიც პირველად 1988 წელს გამოქვეყნდა. რომანში პერსონაჟების უმეტესობა გამოგონილია, ხშირია ფენტეზის ელემენტები. წიგნში, რომელიც დღემდე ინარჩუნებს პოპულარობას, ბედისა და მოვალეობის პრობლემატიკაა წარმოჩენილი.

დათო ტურაშვილი - გურჯი ხათუნი და სხვა მოთხრობები

დათო ტურაშვილი, პირველად, 1988 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ, მისი ყველა წიგნი ბესტსელერია. ის იმ ავტორებს შორისაა, ვისი შემოქმედების თითოეული წინადადება, აბზაცი თუ გვერდი იმდენად ღრმა შთაბეჭდილებას ახდენს მკითხველზე, რომ მისი დავიწყება შეუძლებელი ხდება.

„ვუძღვნი ჩემს გურჯი- ხათუნს და უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ქალებს - ყველაზე სევდიან ემიგრანტებს დედამიწაზე,“ - ამბობს მწერალი წიგნზე, რომელიც ემიგრაციის სევდასა და ჩვენს თანადროულ პრობლემებზე მოგვითხრობს.

მუხრან მაჭავარიანი - „პოეზია“

მუხრან მაჭავარიანმა სცენაზე დაასრულა სიცოცხლე და „წარმოთქმული უკანასკნელი ლექსიც“ სამშობლოს მიუძღვნა - მისი ბოლო სიტყვა „სამშობლო“ იყო.

მისი პოეტური კრებული კი ფასდაუდებელია თითიეული ქართველი მკითხველისათვის.