15 - წლიანი ლიტერატურული თავგადასავალი

ბლოგი

06 მაისი, 2020 წ.

10 კლასიკური ნაწარმოები, რომელიც ლიტერატურის ყველა მოყვარულმა უნდა წაიკითხოს

10 კლასიკური ნაწარმოები, რომელიც ლიტერატურის ყველა მოყვარულმა უნდა წაიკითხოს

06 მაისი, 2020 წ.

„იკი­თხე კლა­სი­კა“ გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი სე­რი­აა, რო­მელ­ზე მუ­შა­ო­ბაც 2018 წელს და­ი­წყო. სე­რი­ა­ში თავს იყ­რის წიგ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც უკვე შე­იყ­ვა­რა მკი­თხველ­თა არა­ერ­თმა თა­ო­ბამ; წიგ­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც გა­უძ­ლო დროს, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის, სტი­ლი­სა და გე­მოვ­ნე­ბის ცვლი­ლე­ბებს და დარ­ჩა მუ­დამ თა­ნა­მედ­რო­ვედ; წიგ­ნე­ბი, რო­მელ­თა კი­თხვა ბედ­ნი­ე­რე­ბა, დრო­ი­სა და სივ­რცის უსა­ზღვრო­ე­ბის შეგ­რძნე­ბა და სი­ახ­ლის უწყვე­ტი გან­ცდაა.

გთავაზობთ 10 კლასიკურ ნაწარმოებს, რომელიც ლიტერატურის ყველა მოყვარულმა  უნდა წაიკითხოს:

რეი ბრედბერი - „ბაბუაწვერას ღვინო“

„ბაბუაწვერას ღვინო“ ეს სიტყვები ენაზე ზაფხულის გემოს ტოვებდა, თავად ღვინო კი შეყოვნებული და მოხუფული ზაფხული გახლდათ.1928 წლის ზაფხული დაგლას სპოლდინგისთვის სიცოცხლის მშვენიერებისა და წარმომავლობის შეცნობის ხანად იქცა. პატარა ქალაქის ცხოვრება, მისი კეთილი თუ უცნაური ბინადრები საინტერესო წარსულით ბიჭისათვის ბავშვური განცდებისა და ემოციების წყაროა, რომელიც, შესაძლოა, დიდობაში აღარ განმეორდეს. დაგლასმა უკვე იცის, რომ სიცოცხლე მარადიული არ არის, რომ ერთ მშვენიერ დღესაც ბაბუა ვეღარ დააყენებს ბაბუაწვერას ღვინოს.

სტენდალი - „წითელი და შავი“

ერთი მხრივ, დიდებისა და აღიარების სურვილით შეპყრობილი და, მეორე მხრივ, რომანტიკული ჟულიენ სორელი თავდაუზოგავად მიისწრაფვის სოციალური აღმავლობისაკენ. უნიჭიერესი, საოცარი ნებისყოფითა და შორსმჭვრეტელობით დაჯილდოებული, ის ამ გზაზე წარმატებას წარმატებაზე აღწევს, თუმცა თანდათან ეფლობა ჭაობში. ჭაობს კი ეშაფოტი სჯობს, თავის დახრას - თავის მოკვეთა. რომანში მთელი სისრულითაა წარმოდგენილი რესტავრაციის პერიოდი საფრანგეთის არისტოკრატია, ბურჟუაზია, საუსლიერო პირები. აღწერილია კათოლიკური ეკლესიის ფარისეველ მსახურთა საქმიანობა.

ჯეკ ლონდონი - „მარტინ იდენი“

ღარიბი მეზღვაური მარტინ იდენი წარმატებასა და მაღალ სოციალურ მდგომარეობაზე ოცნებობს და ცდილობს, ეს ოცნება რეალობად აქციოს. მოტივაციაც დიდი აქვს - უყვარს მდიდარი და გავლენიანი ოჯახის შვილი. გოგონას გულისა და ხელის მოსაპოვებლად კი სიმდიდრე და საზოგადოების პატივისცემა სჭირდება. დიდი მცდელობის შემდეგ, მარტინ იდენთან წარმატება მოდის - ის დიდებას მოიპოვებს, თუმცა... სად გადის ზღვარი ინდივიდუალიზმის შენარჩუნებასა და წარმატებას შორის? რამდენის დათმობა და გაღება შეუძლია ადამიანს მიზნის მისაღწევად?

მერი შელი - „ფრანკენშტაინი“

ვიქტორ ფრანკენშტაინი მომავალი მეცნიერია და უმაღლესი დონის ადამიანის შექმნა განუზრახავს - მეცნიერების საფუძველი ხომ რაღაც მნიშვნელოვანისა და არაჩვეულებრივის შექმნის სურვილია! მრავალი ექსპერიმენტის შედეგად, საბოლოოდ ფრანკენშტაინის ქმნილება ხორცს ისხამს - ის ცოცხლდება! მაგრამ არის ეს ქმნილება სწორედ ის, რასაც მეცნიერი ელოდა? ეს არის წიგნი შემქნელისა და ქმნილების დაპირისპირების, ადამიანის შესაძლებლობების უსაზღვროების, პასუხისმგებლობის, სიყვარულის, შიშისა და ძრწოლის შესახებ...

ოსკარ უაილდი - „დორიან გრეის პორტრეტი“

თუ ხართ ახალგაზრდა და ლამაზი, საყოველთაო აღფრთოვანება თავბრუს ნუ დაგახვევთ და, როცა ცნობილი მხატვარი თქვენს პორტრეტს შექმნის, ნახატით ტკბობისას ნუ ინატრებთ მარადიულ ახალგაზრდობას. საბედისწერო სურვილმა - მხოლოდ მისი პორტრეტი დაბერებულიყო და არა თვითონ - შთანთქა ახალგაზრდა დორიან გრეი და მთელი მისი სიცოცხლე. ღირს თუ არა ან რამდენად ძვირი ღირს წარმავალის გამარადიულება, ,,დორიან გრეის პორტრეტიდან"  შეიტყობთ.

ლევ ტოლსტოი - „აღდგომა“

ლევ ტოლსტოის ყველაზე გვიანდელი სქელტანიანი ნაწარმოები, რომელმაც გამოსვლისთანავე მიიპყრო მთელი მსოფლიოს ყურადღება და მსოფლიო ბესტსელერი გახდა.

ნაფიცი მსაჯული დიმიტრი ნეხლიუდოვი, საკუთარი მოვალეობის შესასრულებლად სასამართლო დარბაზში ყოფნისას, უეცრად შორეული წარსულიდან გამოცხადებულ სახეს მოჰკრავს თვალს... ეს ხომ კატიუშა მასლოვაა, მისი მამიდების ყმა გოგონა, რომელიც ზაფხულში სოფლად ჩასულმა ახალგაზრდა თავადმა შეაცდინა!..
კატიუშა მასლოვას უამრავი განსაცდელი გადახდენია, ბოლოს საროსკიპოშიც ამოუყვია თავი, ახლა კი, ჭირვარამგამოვლილს, ერთ-ერთი კლიენტის გაძარცვა-მკვლელობას ედავებიან.
დიმიტრი სინდისის ქენჯნას განიცდის. რადაც უნდა დაუჯდეს, კატიუშას ხვედრი უნდა შეუმსუბუქოს!.. მაგრამ, უსამართლო სასჯელისგან დახსნის ყველა მცდელობის მიუხედავად, კატიუშა მასლოვას წინ ციმბირისკენ მიმავალი გრძელი გზა ელის.

მაინ რიდი - „უთავო მხედარი“

ორისი ტეხასში სახელგანთქმული ცხენოსანი და მეჯინიბე, ველური ფაშატების საუკეთესო გამხედნავია, ლუიზა - მდიდარი პლანტატორის, ვუდლი პოინდექსტერის მშვენიერი ქალიშვილი, კასიუსი კი ღვარძლიანი და მშიშარა სამხედროა, ყოფილი კავალერისტი კაპიტანი.ველაფერი იმ საღამოს იწყება, როცა პოინდექსტერები დიდ წვეულებას მართავენ,რათა ღირსეულად წარდგნენ მაღალი საზოგადოების წინაშე...

ფიოდორ დოსტოევსკი - „მოთამაშე“

,,მოთამაშე" აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა ფსიქოლოგიური პორტრეტია,თანაც სრულყოფილი პორტრეტი. რომანს ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებადაც მიიჩნევენ,რადგან დოსტოევსკის თამაშისადმი თუ თუმაშზე დამოკიდებულება საყოველთაოდ იყო ცნობილი - მწერალმა ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი ბანქოში წააგო.

 

ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი - „ნაზია ღამე“

ფრენსის სკოტ და ზელდა ფიცჯერალდების სიყვარული შეშლილად აღიქვა იმდროინდელმა ბომონდმა. სწორედაც შეშლილი სიყვარულის, ღალატის, ანგარებისა და არაორდნიალური ცხოვრების სტილი დაედო საფუძვლად ამერიკელი მწერლის სკანდალურ ამ რომანს. მოქმედება ვითარდება გასული საუკუნის ოციან წლებში.ეს ის პერიოდია, როცა ამერიკა ჯაზის ეპოქას მოუცავს; როცა ამერიკელ ახალგაზრდათა ერთი ნაწილი ევროპაში ეძებს შვებას. ახალი, თავბრუდამხვევი ურთიერთობების ძიებაში კი მთავარს  ადამიანურ ღირებულებებს ივიწყებენ.

შტეფან ცვაიგი - „მარია სტიუარტი“

ეს დრამა საფრანგეთისა და შოტლანდიის დედოფლის, ინგლისის სამეფო კარის უიღბლო მემკვიდრის, მარია სტიუარტის, ეშაფოტზე აყვანიდან სამ-ნახევარი საუკუნის შემდეგ დაიწერა! შტეფან ცვაიგის ,,მარია სტიუარტი" ჩვეულებრივი რომანის ჩარჩოებში ვერ ეტევა. ეს არის ისტორიული სინამდვილისა და სისასტიკის გამომზეურება მთელი თავისი ტყუილ-მართლით, ჭორითა და სინამდვილით, ხალხის მეხსიერებაში მინავლებული თუ დალუქულ ზარდახშებში საგულდაგულოდ ჩამალული სასიყვარულო და პოლიტიკური ინტრიგებით სავსე წერილებით, სონეტებით...