15 - წლიანი ლიტერატურული თავგადასავალი

ბლოგი

16 აპრილი, 2020 წ.

ქალები, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს

ქალები, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს

16 აპრილი, 2020 წ.
ყოველდღიურად ათასობით ქალი ამსხვრევს ათიათასობით სტერეოტიპს. იყო ქალი, არ ნიშნავს, რომ სუსტ სქესს წარმოადგენ. ეს იყო მცდარი წარმოდგენა, რომელიც უნდა შეცვლილიყო, რადგან მოცემულობა სულ სხვაა. ქალიც ისეთივე ძლიერია, როგორი ძლიერიცაა კაცი. ქალებმა, კაცების სამყაროში თავის დასამკვიდრებლად, ეკლიანი აღმართი აიარეს. აღმართზე ვარდებივით კრეფდნენ უფლებებს: განათლების, არჩევნებში ხმის მიცემის, ლიდერობის, შეჯიბრების, გამარჯვების...
ასე, მრავალ სფეროში საკუთარ სახელს, გვარსა და რაც იმ დროისთვის ყველაზე მიშვნელოვანი იყო - სქესს ნაეკლარივით კაწრავდნენ ისტორიის ფურცლებზე და აი, ახლა აქ ვართ: აღმართის
თავზე. იქ, საიდანაც ყველა ამბავი ხელისგულივით ჩანს და დროა, მათი ისტორიები წავიკითხოთ.

Palitra L Publishing • გამომცემლობა პალიტრა L-ს ფოტო.


ასეთი ქალი კი ძალიან ბევრია. მინიმუმ 101. დიახ, „101 ქალი, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს“ - ასე ჰქვია წიგნს, რომელიც 101 ისტორიას აერთიანებს და მკითხველს პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით ხელისგულზე უშლის.

გამოცემის ქართულ ვერსიაზე „პალიტრა L-მა“ იმუშავა. წიგნის გმირების ისტორიები მოკლე ბიოგრაფიებად, მარტივი ენითაა მოთხრობილი. შესაფერისი დასურათება კი მას ბევრად მიმზიდველს ხდის. ტექსტის ავტორები მეგობრებივით გვიყვებიან ისტორიებს და არაერთ მნიშვნელოვან ფაქტზე გვამახვილებინებენ ყურადღებას.
განსხვავებულია წიგნის გმირთა პროფესიები, ასაკი, მოღვაწეობის სფერო თუ ადგილი. ასე რომ, მკითხველს, პერსონაჟთა შორის საკუთარი თავის პოვნა არ გაუჭირდება. წიგნში ერთიანდებიან მეცნიერები, გამომგონებლები, მსახიობები, ათლეტები... ქრონოლოგიურად კი ისტორია კლეოპატრადან იწყება და ანჯელინა ჯოლიმდე გრძელდება.

მკითხველი არა მხოლოდ დოკუმენტურ მასალას ეცნობა, არამედ შერჩეული ისტორიები მისი მოტივაციის წყარო ხდება. ბევრისთვის ყველაზე ახლობლები თანამედროვე გმირები გახდებიან. მაგალითად, მალალა - გოგონა, რომელიც 2014 წელს ნობელის მშვიდობის პრემიით დაჯილდოვდა და გახდა ამ სტატუსის მქონე ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი. მან მთელ მსოფლიოს შეახსენა, რომ სქესს არ აქვს მნიშვნელობა, როცა საქმე განათლების მიღებას ეხება.
ემოციებს ვერც ჯესიკა უოტსონის გაცნობისას დამალავთ. სულ რაღაც ათი წლის წინ მან მსოფლიო 210 დღეში მოიარა. პარალელურად, წერდა ბლოგებს, რომლებიც ახლაც ხელმისაწვდომია. 


palitraL

მკითხველის ნაწილისთვის აღმოჩენა ყველასათვის ცნობილი ადამიანების ცხოვრებისეული დეტალები იქნება. აქ ავტორები მეგზურობას გვიწევენ შანელის გარდერობიდან შანელის სახლამდე, თან გვიყვებიან ნაკლებად ცნობილ ბევრ ისტორიას როგორც კლეოპატრაზე, ისე ანჯელინა ჯოლიზე. ერთი სიტყვით, გვაცნობენ უამრავ ფაქტს იმ ქალების შესახებ, რომლებმაც სამყარო უკეთესობისკენ შეცვალეს.
მოკლედ, ესაა წიგნი ქალების შესახებ, დაწერილი ყველა იმ ქალისთვის, გოგონასთვის, რომელთაც სურთ, რომ გორაკზე აღმოჩნდნენ, გაიცნონ წინა თაობები და ახალი აღმართისკენ, გაუკვალავ ბილიკებს დაადგნენ.

Palitra L Publishing • გამომცემლობა პალიტრა L-ს ფოტო.