image
გრიგოლ რობაქიძე
წლები: 28 ოქტომბერი 1882 - 19 ნოემბერი 1962
აღწერა:
დაიბადა სვირში, იმერეთი, მაშინდელ ქუთაისის გუბერნიაში. ქუთაისის გიმნაზიის დასრულების შემდეგ ჯერ ტარტუს უნივერსიტეტში (ესტონეთი) სწავლობდა, შემდეგ კი ფილოსოფიის დოქტორის ხარისხით დაასრულა ლაიფციგის უნივერსიტეტი (გერმანია).

გერმანიიდან 1908 წელს დაბრუნდა და მალე ქართველ სიმბოლისტთა ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი გახდა. 1915 წელს იგი გახდა „ცისფერყანწელების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი. ამ ლიტერატურულმა დაჯგუფებამ, რომელშიც გაერთიანდნენ იმ დროისთვის პროგრესული სიმბოლისტი მწერლები და პოეტები, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართული სიტყვა-კაზმული მწერლობის შემდგომ განვითარებაში. 1917 წელს რობაქიძის აქტიური მონაწილეობით დაარსდა საქართველოს მწერალთა კავშირი.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის წლებში (1918—1921) რობაქიძე აქტიურად მონაწილეობდა დამოუკიდებელი საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და ლიტერატურულ ცხოვრებაში. მაგალითად, 1919 წელს იგი იყო პარიზის სამშვიდობო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად წარგზავნილი საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრი. იმავე წელს მისი უშუალო მონაწილეობით დაფუძნდა ქართული ლეგაცია სტამბოლში.

ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის შემდეგ (1921 წლის თებერვალ-მარტი) გრიგოლ რობაქიძე აქტიურად ჩაება საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, რისთვისაც მუდმივად განიცდიდა დევნას ბოლშევიკურ-კომუნისტური იდეოლოგიის წარმომადგენელთა მხრიდან. 1926 წელს მის რომანს „გველის პერანგი“ ქართული საზოგადოება გულგრილად შეხვდა, გერმანიაში კი ძალიან მოიწონეს და ავტორი შეაქეს. რობაქიძემ, რომელიც ფიქრობდა, რომ სამშობლოში მის ნიჭს არ აფასებდნენ, გადაწყვიტა გერმანიაში წასულიყო. პასპორტი სერგო ორჯონიკიძის დახმარებით მიიღო.
Email
ავტორის წიგნები