მეორე ტური (2020)
მე მქვია სალაი
სალომე კალანდია 74
ბიოგრაფია

მე ვარ სალომე, 23 წლის. დავიბადე და გავიზარდე ჩხოროწყუში. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ვისწავლე თუ როგორი უნდა იყო იმისთვის, რომ ცხოვრებაში თავი „გაიტანო“, პლიუს ცოტაოდენი ფინანსებიც. ერთი პერიოდი ასევე ვსწავლობდი ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტში, გერმანიაში.


ლიტერატურას ძალიან დიდი ადგილი ეჭირა ბავშვობიდანვე ჩემს ცხოვრებაში. (ამ მიმართულების წარმომადგენლებს უფრო მეტ პატივს ვცემ, ვიდრე უშუალოდ ჩემი პროფესიის წარმომადგენლებს). რაც შეეხება წერას - ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, იმედით რომ ნაწარმოებებს, რომლებსაც ვქმნი, ერთ დღესაც, აუცილებლად ეყოლებათ ერთგული მკითხველი!


პერიოდულად ვმონაწილეობ სხვადასხვა ლიტერატურულ კონკურსებში, როგორიცაა „წერო“ და „ფოლიო“. წლების წინ ვიყავი აგრეთვე „გახდი ბესტსელერის ავტორის“ ერთერთი მონაწილე. მაშინ მიღებულმა დიდმა გამოცდილებამ გადამაწყვეტინა, კიდევ ერთხელ ვცადო ბედი აღნიშნულ კონკურსში, სადაც თითოეულ მონაწილეს გვაქვს საშუალება მკითხველის გული მოვიგოთ! ამაზე მნიშვნელოვანი ხომ მწერლისთვის არაფერია...

სინოპსისი


21-ე საუკუნე სავსეა იმედგაცრუებებით. დაბალი თვითშეფასება, არასაკმარისი შემოსავალი, უარყოფითი დამოკიდებულება და წარმოდგენები საზოგადოების მხრიდან, არასტაბილური ურთიერთობები ოჯახში - ეს არის ის მცირედი ჩამონათვალი, რომელიც ტვირთად აწევს და წურბელასავით სისხლს წოვს იმას, ვინც ცდილობს არ ჰგავდეს ყველას, იყოს თავისი თავის ფერი, მაგრამ უჭირს, რადგან ყველასგან ზურგშექცეული ვერავის ხედავს, ვისაც შეუძლია დაეყრდნოს წაქცევის შემთხვევაში.


სალაი და ევა ორი სხვადასხვა ეპოქის შვილები არიან. სალაი დამწყები მწერალია, თავგზააბნეული ახალგაზრდა, რომელმაც თავისი ადგილი ვერა და ვერ იპოვა ცხოვრებაში. ევა კი გამოცდილი ქალია, საინტერესო წარსულით, რომელიც სავსეა ომით, გადასახლებებით, ცოდვებით და რაც მთავარია დიდი სიყვარულით. მათი მოულოდნელი შეხვედრა, სალაის საშუალებას აძლევს მოდუნდეს და უფრო მეტად დაფიქრდეს თავის როლზე, ევა კი მისი სახით „თანამზრახველს“ პოულობს უკანასკნელი სურვილის ასრულებაში - კიდევ ერთხელ იმოგზაუროს წარსულში, იმ ადგილებში, რომლებთანაც სამუდამოდაა მიჯაჭვული.


მოგზაურობა მათ შანსს აძლევს, გადააფასონ ღირებულებები და ცხოვრებას იმ კუთხიდან შეხედონ, საიდანაც ყველაფერი უფრო ლამაზი და კარგი ჩანს!


 

74
FB კომენტარები
გააკეთეთ კომენტარი