მეორე ტური (2020)
სიყვარულის სუსპენზია
ხატია თელიაშვილი 749

ბიოგრაფია


საკუთარ თავზე არ მიყვარს საუბარი, თუმცა ვეცდები მოკლედ მიმოვიხილო ჩემი ბიოგრაფიის ძირითადი საკითხები.




მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ ცხრამეტი წლის ვარ, ვფიქრობ, მაინც საკმაოდ მრავალფეროვანი სიუჟეტებით გაჟღენთილ წლებს ითვლის იგივე ცხრამეტი წელი. დავიბადე ქ. ვალეში (ახალციხესთან ახლოს), მესხების ოჯახში. უბედური შემთხვევის გამო, სამწუხაროდ, ადრეულ ასაკში დავკარგე დედა, ვიზრდებოდი ბებიასთან, მამასთან მამიდასთან და ჩემს უფროს დასთან. ასაკისდა პროპორციულად შემიყვანეს ქ. ვალის N1 საჯარო სკოლაში, რომელიც თორმეტი წლის შემდეგ დავამთავრე ოქროს მედალზე. გარდა სასკოლო ცხოვრებისა, აქტიურად ვიყავი ჩართული კლასგარეშე ღონისძიებებში, მაგალითად, ფრიადზე დავამთავრე მუსიკალური სკოლის ექვსწლედი, ვმღეროდი გუნდში, შევისწავლე ქართულ-ხალხურ საკრავებზე დაკვრა, უმეტესწილად, ფანდურზე, შვიდი წელი ვცეკვავდი ქართულ ნაციონალურ ცეკვებს და საგასტროლე მოგზაურობით მოვინახულე ევროპის რვა ქვეყანა და დიდი ბრიტანეთი. ასევე ვცეკვავდი ლათინო-ამერიკულ ცეკვებს, თუმცა ეს ჰობის დონეზე ან ცოტა უფრო ქვემოთ დარჩა.  გარდა ამისა, ვეწეოდი მოხალისეობრივ საქმიანობას არასამთავრობო ორგანიზაციების პატრონაჟით, არაერთი საკონფერენციო თემის კონკურსის მონაწილე და საპრიზო ადგილის მფლობელმა ბავშვობიდანვე შევიყვარე წერა. ზოგადად, ხელოვნება ჩემში იმდენად შემოიხიზნა, რომ შეუძლებელი იყო მისი ამოსუნთქვა. ვწერდი პირადი ესთეტიკისთვის, ჩემთვის წერა ყველაზე უფრო სასიამოვნო ექსპრესიის გზაა. ამ მიზნით, ჩავერთე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ორგანიზებით გამართულ არაერთ პროზაულ/პოეზიურ კონკურსში, სადაც მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწიე. სკოლის დამთავრების შემდეგ ჯერი უნივერსიტეტზე მიდგა. ყველას ეგონა, რომ ჰუმანიტარული კუთხით წავიდოდი ჩემი მისწრაფებებიდან გამომდინარე, ეროვნულ გამოცდებზე აღებულმა ქართული ენისა და ლიტერატურის ქულამ (76) მეც დამაფიქრა ზემოხსენებულზე, თუმცა ბედის სასწორი სხვა მხარეს გადაიხარა. 2018 წელს ას პროცენტიანი დაფინანსებით ჩავირიცხე სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმია-ბიოქიმიის ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე. არაჩვეულებრივი სტუდენტური ცხოვრების, მაღალი აკადემიური მოსწრებისა და კარგი გარემოს მიუხედავად, ბედმა მაინც იქით გადამტყორცნა, საითკენაც ალბათ თავიდანვე უნდა ამეღო გეზი. მივხვდი, რომ ქიმია ვერ შევიყვარე, ან ქიმიამ ვერ შემიყვარა და შემოდგომის სემესტრის დახურვისთანავე მობილობით გადავედი ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში, ჰუმანიტარული მეცნიერებების ფაკულტეტზე. ახლა ბევრად უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს, კარგია, როცა გსიამოვნებს იმის კეთება, რაც შენს მომავალ პროფესიად უნდა ფორმირდეს მომავალში. ცხრამეტი წლის ექსკურსს კიდევ მრავალი წელი დაეშენება და ვიქნები ასმაგად ბედნიერი თუ ხალხი გაიცნობს იმას, რაც ჩემი სულის ამოძახილია.





  • ჩემი ჩანახატი გამოქვეყნდა სტუდენტურ კრებულში ‘’დებიუტი’’
    რამდენიმე ლექსი დაბეჭდილია ახალციხის მერიის მიერ გამოცემულ კრებულში, სახელწოდებით- ‘’ნორჩი პოეტები’’.


  • სინოპსისი


შეიძლება  გაზაფხულმა და ზამთარმა ერთად იარსებოს? არის კი შესაძლებელი ეს ორი უკანასკნელი ერთდროულად დადგეს წელიწადნაკვნეტ დროებაში? რომანი ‘’სიყვარულის სუსპენზია’’ სწორედ ზემოხსენებული მოტორით სუნთქავს, მასში გამოხორცებული ორი პერსონაჟი- ელი და ნიკო- გაზაფხულისა და ზამთრის პროტოტიპში შეხავსებულან და ცდილობენ, თავიანთი ბუნებით როგორმე ერთად დაიდონ ბინა. რომანში თითოეული დეტალი ნელ-ნელა ფარდას ხდის უცნაურ საიდუმლოს.  ‘’სიყვარულის სუსპენზიაში’’ ნიკოსა და ელის გარდა სუნთქავენ,არსებობენ,ცოცხლობენ... მათი მეგობრები, რომელთა პერსევერაციები (მოგონებები) წინასწარ გვამზადებენ მოსალოდნელი სიუჟეტებისთვის და ამასთანავე ხსნიან წარსულში დახატულ ბუნდობან სურათებს . ნაწარმოების დასასრულისკენ ნიკოსა და ელის დღიურებიდან სომად და ვიტად იბადება ორი სამყარო.  ეს უკანასკნელნი არ გვანან ჩვენს წუთისოფლისეულ რუტინას, პირველ მათგანში ადამიანები ნაწილებად იბადებიან, მათ ექიმი კრავს, აწებებს,აწყობს. საბრალო სოს სხეულში კი ექიმ კაზაროვს გულის ჩაწებება ავიწყდება.რა მოხდება უგულო სოში? როგორ ეზიარება იგი სიყვარულის სასმისს მაშინ, როცა გრძნობის ნადედარი და ემოციის ნამამარი გული ექიმმა კაზაროვმა უმოწყალოდ გადაისროლა ? შეძლებს კი მა სიყვარულობანა ეთამაშოს გაქვავებულ სოს? .. ვიტაში კი სიტყვების დახლიდარები დგას, აქ სასიამოვნოდ სასმენ სიტყვებს ყიდულობენ. როგორია იცხოვრო სამყაროში, სადაც ყველა შენი სიტყვა დათვლილია? შეძლებდნენ კი თქვენი მაჯები,სუნთქვები, არსებობები ამგვარ სამყაროში ცხოვრებას? როგორ დაუკავშრდება ეს ორი უკანასკნელი ერთმანეთს? რატომ წერენ ნიკო და ელი მსგავს წერილებს? რა მოხდება? დაიდებს კი გაზაფხული და ზამთარი ერთად ბინას? გადაურჩებიან  ელი და ნიკო ეროსნაკვნეტი გრძნობით გაღვივებული ალით დაფერფვლას?


ყველა ზემოაღნიშნული უცნაურობის გასაცნაურებლად, უბრალოდ წაიკითხეთ ‘’სიყვარულის სუსპენზია’’, იპოვეთ საკუთარი თავები და არაფერი დაიმახსოვროთ.






















749
FB კომენტარები
გააკეთეთ კომენტარი